IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

•აფციაური- ქართულ-სომხური ურთიერთობები XVIII-XIX

სომხეთი – საქართველო

 

ქეთევან აფციაური

ქართულ-სომხური ურთიერთობები XVIII-XIX სს-ში

 

გეორგიევსკის ტრაქტატით რუსეთმა კავკასიაში ფეხი მძლავრად მოიკიდა. ამის შემდეგ ცარიზმი ცდილობდა ამ პლაცდარმის განმტკიცებას და გაფართოებას, რაც საქართელოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ხელყოფით ემუქრებოდა.

მოსე ჯანაშვილი (მ.ჯანაშვილი “ერეკლე მეფე” გაზ. “საქართველო” 1919 17 ოქტომბერი;) აღნიშნავდა, რომ “ … ერეკლეს ყველა მოლოდინი სინამდვილეში ჩაიშალა: მართლმადიდებლობა ურწმუნოებამდე დავარდა, თბილისი ათენად ვერ იქცა, ქართული სული კინაღამ განქარვების საზღვრამდე მივიდა, ქართული ტკბილი და სიყვარულის ენა შეიბღალა და სხვადასხვა უმსგავს ნართულებით სასხსენებელი შეიქმნა, ქართული კანონები და ფული მოისპო, საქართველო აღდგენის მაგიერ ეღირსა მის უკეთესი ნაწილებად გაყიდვის და მკვიდრ ქართველთა გადასახლებას და უცხოთა ჩამოსახლებას, ქართველი ხალხის თავისუფალ განვითარებას მიაყოლეს მისი გადაგვარების მანქანები”.

ცარიზმის სამეფო კარის მოხელეებს ძლიერი საქართველო კი არ უნდოდათ, არამედ სუსტი და დაბეჩავებული, რათა საბოლოოდ მიეერთებინათ რუსეთისათვის. რუსეთის ამ პოლიტიკამ ფაქტობრივად განაპირობა აღა-მაჰმად ხანის შემოსევა საქართველოში. ოფიციალური ცნობებით ქართლ-კახეთის მოსახლეობა 1783 წლიდან 1801 წლამდე განახევრდა. ქართველების ერთმა ნაწილმა საქართველო მიატოვა და სხვა, უცხო ქვეყნებში გადასახლდა. განსაკუთრებით დაიცალა თრიალეთი-ლორე წალკის მიდამოები და სხვა.

რუსეთის პოლიტიკა ყველა დაპყრობილი ხალხების გარუსებას ითვალისწინებდა, ამიტომ იგი საქართველოს დასუსტებასა და მოსპობას შეუდგა. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთმა ამიერკავკასიის ყველა ეთნიკური ერთეული საქართველოს დაუპირისპირა. რუსეთის ამ დიდმპყრობელური პოლიტიკის განხორციელების იარაღად იქცნენ სომხები, რომლებიც, თავის მხრივ, იმას შეეცადნენ, რომ რუსეთი დიდი სომხეთის აღსადგენად გამოეყენებინათ საქართველოს მიწა-წყლის მიტაცების ხარჯზე.

სომხები აღა-მაჰმად ხანის შემოსევის მოლოდინში და თვით შემოსევის დროს “აწარმოებდნენ ორჭოფა პოლიტიკას, ერთსა და იმავე დროს ღმერთსაც უნთებდნენ სანთელს და ეშმაკსაც, ე.ი. რუსებსაც უშლიდნენ ხელს ფიანდაზად და ეპატიჟებოდნენ საქართველოში საბატონოდ, აღა-მაჰმად ხანსაც უგზავნიდნენ ფულსა და ფაშქაშებს, მოუძღოდნენ წინ ქართლ-კახეთის დასაპყრობად”.

ქართული წყაროების მიხედვით აღა-მაჰმად ხანის თბილისში შემოსვლას სომეხმა მელიქებმა ხელი შეუწყვეს და ყველაზე თვალში საცემია ჯავად ხანის სახელი. სომხური წერილობითი ძეგლები დაუფარავად ამხელენ ამ საქმეში კარაბერდის მელიქ მეჭნურის მონაწილეობას.

ი. ჯავახიშვილი (ი. ჯავახიშვილი-საქართველოს საზღვრები – გვ-38) აღნიშნავს, რომ “სომეხმა კათალიკოსმა ლუკამ საქ-ოს ასაოხრებლად 1795 წელს მომავალ სპარსეთის შაჰს აღა-მაჰმად ხანს, ალბათ შიშით, “სამხედრო ხარჯების დასაფარავად 100 ათასი მანეთი მისცა”, ხოლო არტემ არარატელმა და სხვა სომხებმა გააპარეს თბილისში პატიმრად მყოფი სპარსეთის ელჩი და წასასვლელად გამზადებული აღა-მახმად ხანი უკან შემოაბრუნეს”. საყურადღებოა, რომ სპარსელები სომხებს არ ერჩოდნენ. ქართველთა 20-ზე მეტი ეკლესია დაანგრიეს. სომეხთა ეკლესიები კი უვნებელი გადარჩა. 1850 წელს მწიგნობარი დავით ამირეჯიბი და მსახიობი ელიაზარაშვილი (ელიზაროვი) მოგვითხრობდნენ: “1795 წ. ომის შემდეგ თბილისი დაცარიელდა. მტერმა დასწვა 3 ხიდი და მასთან მთელი ქალაქი, დააქცია და დასწვა ისეთი საყდრებიც კი, რომლებიც თლილი ქვით იყო აშენებული. ამ დროს, ქართველთა 20-ზე მეტი საყდარი დაუნგრევიათ. გადარჩა მხოლოდ მეტეხი, ჯვრის მამა, სიონი, ანჩისხატი და ქვაშეთი. სომეხთა საყდრები უვნებლად გადარჩა, მხოლოდ შიგ დამალულნი კი ამოწყვიტეს. ასე გაგრძელდა საათნახევარს. სიკვდილის შიშით ბევრი ქართველიც ამბობდა სომეხი ვარო. მტრის წასვლის შემდეგ ქართველთა ეკლესიები უპატრონოდ იყო. ხუცები არსად ჩანდნენ ყველა შიშით ქალაქს გასცლოდა.თბილისში დარჩენილთაგან ზოგნი ტყვედ წაიყვანეს და ზოგნიც ომში დაიხოცნენ.ქართველთაგან ვინც კი გადარჩა,სომხურ ეკლესიაში იწყო სიარული. დოსითვოს ფიცხელაურის გადმოცემით, ჩუგურეთში, კუკიაში,შავ სოფელში, ვერაზე და ავლაბარში ძალიან ბევრმა ქართველმა მიიღო სომეხთა რჯული.ყველა ქართველი იმას ამბობდა: ,,ოღონდ ქრისტიანები ვიყოთ და რჯული, რომელიც უნდა იყოსო.”

რაც შეეხება სოფლებს, აქაც თითქმის მთელმა სოფლებმა იწყეს რჯულის შეცვლა. ამ დროს მოექცნენ სომეხ-გრიგორიანელებად სოფელ თელეთის მცხოვრებლები. გაქართველება აღარ ხერხდებოდა, რადგან მათ მტრისათვის ფიცი ჰქონდათ მიცემული, რომ ჩვენ სომხები ვართო, თანაც მტრის უკან მობრუნების შიშიც ძლიერი იყო. ამ დროს არიან გასომხებული მაისურაძეები, ლაზარეშვილები, რამილიკულაშვილები და სხვ.

ერეკლე II–ის გარდაცვალების შემდეგ ცარიზმი დიდი მონდომებით ამზადებდა ქართლ-კახეთის სამეფოს თვითნებური მიერთებისათვის. რუსეთის დიპლომატია და დაზვერვა დასაყრდენ ძალას ეძებდა თავისი ანექსიური მიზნების განხორციელებისათვის. ერთ-ერთ ასეთ საიმედო ძალად ცარიზმს მიაჩნდა ქართლ-კახეთის სამეფოში სომხების ჩამოსახლება, სომეხ ვაჭარ-ხელოსანთა გაძლიერება. ამ შემთხვევაში ცარიზმისა და სომეხ შოვინისტთა ინტერესები ემთხვევა. ჩვენს ხელთ არსებული მასალა გვიჩვენებს, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან მიერთებასა და ბაგრატიონთა ტახტის გაუქმებაში დიდ დაინტერესებას იჩენდნენ პეტერბურგისა და საქ-ოს სომეხი დიდ ვაჭრები და სასულიერო წრეები. ისინი საქ-ოს მთავრობისადმი უნდობლად, ოპოზიციურად იყვნენ განწყობილი და მხარს უჭერდნენ ყოველ ძლიერ ხელისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფდა მათ უშიშროებას. ამ პერიოდში კი, ამიერკავკასიაში და პირველ რიგში საქ-ში ხელისუფლების განმტკიცებისათვის აუცილებელი ძალები ადგილობრივად არ მოიპოვებოდა. “იგი შეიძლებოდა მოსულიყო მხოლოდ გარედან,- მიუთითებს აკად. პეტრე გუგუშვილი, – (საქართველოსა და ამიერ კავკასიის ეკ. განვითარება XIX- XX სს. ტ I, თბ 1949 გვ.79)- და რამდენადაც ახლოვდებოდა ასეთი ძალა რუსეთის ცარიზმის სახით, სომეხი ვაჭრები ყოველმხრივ უნდა ცდილიყვნენ ამ პროცესის წაქეზებას და დაჩქარებას; ამდენადვე, მეტი თუ ნაკლები სითამამით, ეს ვაჭრები კისრულობდნენ ცარიზმისგან აქ ყოველგვარ დავალებას და ბოლოს იქცეოდნენ მის აშკარა აგენტებად”.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სომხეთის განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ მოიცვა სომეხი ხალხის ყველა წოდება, წამოაყენა ბევრი გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, რომელთა შორის უნდა დავასახელოთ მრეწველ-კომერსანტი ივანე (ოვანეს) ლაზარევი და კათალიკოსი იოსებ (ოსეპ) არღუთინსკი. XVIII საკ-ნის 80-იან წლებში რუსეთის ცარიზმმა სწორედ მათთან დაიწყო მოლაპარაკება სომხეთის განთავისუფლებისა და ამიერკავავკასიაში სომხური სახელმწიფოს აღდგენისათვის.

საქ-ოს სამეფოს დაცემის დაჩქარებაში პეტერგურგისა და მოსკოვის სომხური კოლონიის აქტიურ მონაწილეობას ადასტურებს მთავარმართებელ გენერალ კნორინგის, გენერალ ლაზარევისა და თბილისის სომეხ დიდვაჭართა “საიდუმლო ურთიერთობა” ეს ერთიანი მოქმედების ანტიქართული გეგმა ვრცელდებოდა პეტერბურგიდან მოსკოვამდე, აქედან მოზდოკამდე და შემდეგ თბილისამდე. საქ-ში რუსეთის ჯარების მთავარსარდალი გენერალი ლაზარევი 1801 წლის 20 იანვრის ერთ-ერთ – რესკრიპტში კნორინგს მოახსენებდა:”აქ ამ დღეებში მოზდოკიდან ჩამოსულმა სომხებმა ხმები დაჰყარეს, რომ თქვენი აღმატებულება მალე აქ ჩამობრძანდებით და ბატონიშვილ ვახტანგს წმინდა ანას ორდენს ჩამოუტანთ. სწორედ საკვირველია, რომ მე აქაურ სომხებისაგან თითქმის მუდამ რამდენიმე დღით უფრო ადრე ვტყობილობ, თუ რაგვარ ბრძანებას მივიღებ მე შემდეგ, ანუ რა სახის განკარგულება უნდა მომივიდესო”.

სომხების დაინტერესებას სამეფო ტახტიდან ბაგრატიონთა დინასტიის ჩამოცილების საქმეში ადასტურებს აგრეთვე ისტორიკოსი ალექ. ჯამბაკურ ორბელიანი. იგი მიუთითებს, რომ საქ-ოს წინააღმდეგ შეთქმულ სომხობას ორქივატერიის კაცები მოსდიოდათ და მოსდიოდათ საქ-ოს დამხობისათვის. მათ ორქივატერისაგან მოსდიოდათ დიდძალი ფული, ყოველ ქალაქსა და დიდ სოფელში თავიანთი აგენტები ჰყავდათ, გულწრფელ ქართველებს ურჩევდნენ მას, რაც მათ სურდათ”. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ სომეხი ერი საქ-ოს ტახტისადმი ერთგულების ტრადიციას ძველადვე იჩენდა. საქ-ში რუსეთის სამხედრო საოკუპაციო რეჟიმის დამყარების შემდეგ სომეხთა ერთი ნაწილი ძველებური გულწრფელობით და ლოიალობით იდგა სამეფოს სადარაჯოზე. რუსეთის დამკვიდრებით არავითარ შვებასა და ბედნიერებას არ მოელოდა. გენერალი ლაზარევი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების დასაჩქარებლად ყველაზე ვერაგულ და ბინძურ მეთოდებს იყენებდა. ზ. ჭიჭინაძის ცნობით მან მიოსყიდა ერეკლე II –ის შვილი ვახტანგ ბატონიშვილი. რუსებმა მას უბოძეს ორდენები და ჩინები, დაუნიშნეს მაღალი პენსია. ვახტანგს აქეზებდა ვინმე ბაბახაშვილი, რომელმაც შესძლო სამეფო ოჯახის წევრთა შორის შუღლი ჩამოეგდო. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების დაჩქარებისათვის ქართველთა მოძულე ლაზარევი ყოველდღე ახალ-ახალ ვერსიებს ქმნიდა, გზავნიდა შიკრიკებს. წერდა ბრძანებებს, აპატიმრებდა და სჯიდა ურჩებს, რათა რუსეთის ხელისუფლება განემტკიცებინა და საქ-ოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ყოველგვარი ნაშთი გაექრო. თბილისის წარჩინებულ სომეხთა ერთი ნაწილი კიდევ უფრო აგულიანებდა გენერალ ლაზარევს, სახელმწიფო საბჭოს საიდუმლო ინსტრუქციის შესაბამისად ბატონიშვილებს ლაზარევმა და საერთოდ სამეფო საგვარეულოს ყველა წარმომადგენელს ადგილ-მამულები ჩამოართვა. ყველაზე უფრო სასტიკად მარიამ დედოფალს მოექცნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსებმა საქართველოს უკანასკნელი წისქვილიც კი არ დაუტოვეს. მარიამს ჩამოართვეს თავისი სასახლე და სამკურნალო მმართველობას გადასცეს, ხოლო ის სასახლე, სადაც გადასახლებამდე იგი ცხოვრობდა ხაზინამ კერძო პირს მიჰყიდა. ამრიგად ჩვენს მიერ გაანალიზერბული მასალები გვიჩვენებს, რომ რუსეთის ცარიზმმა მოხერხებულად გამოიყენა რუსეთში სომხური კოლონიის მრეწველ-კომერსანტთა, საქ- ოს ფეოდალური საზოგადოების სომხური ნაწილი და სომეხი დიდვაჭრები ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების საქმეში. სომეხმა მრეწველ-კომერსანტმა ივან ლაზარევმა, გენერალმა ლაზარევმა, კათალიკოსებმა იოსებ არღუთინსკიმ, ლუკამ, დარჩია ბებუთაშვილმა და სხებმა უდიდესი სამსახური გაუწიეს რუსეთის ბატონობის დამყარებას საქ-ში. ცარიზმა სათანადოდ დააფასა ეს ერთგულება და შემდგომ წლებში ოსმალეთიდან გადმოსახლებული 100 ათასობით სომეხი საქ-ოს მიწა-წყალზე დაასახლა.

უნდა აღინიშნოს, რომ ერეკლე II სარწმუნოების საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით არ ექცეოდა. ქართველი მართმადიდებელი კათოლიკობას მიიღებდა თუ სომხურ გრიგორიანულ რჯულს მისთვის სულ ერთი იყო.სარწმუნოებისადმი ზერელე დამოკიდებულებას მოხერხებულად იყენებდნენ ტერტერები. მათ მხარს უმაგრებდა და აფინანსებდა ეჩმიაძინის სინოდი. იშვიათი როდი იყო, რომ ოსმელათსა და სპარსეთში გატაცებულ ქართველ ტყვეებს ყიდულობდნენ, საქ-ში ჩამოყავდათ და სომხურ გრიგრიანულ სარწმუნოებაზე აქცევდნენ. სომეხი ქართველ ქალს რომ შეირთავდა არამარტო შვილი ინათლებოდა სომხად, არამედ ცოლიც სომხდებოდა.

1804 წელს ერევნის სახანოდან თბილისში ჩამოსახლებულთა რიცხვი 2000 სულს უდრიდა. 1807-08 წწ. თბილისის გუბერნიასა და ავლაბარში ჩამოსახლდა სომეხთა 338 ოჯახი (1906 სული). მთავარმართებელ ტორმასოვის დროს – 1809-11 წლებში ბოლნისში ყარაბაღიდან ჩამოსახლდა სომხის 428 ოჯახი (2140 სული).

XIX ს. პირველ მესამედში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამიერკავკასია მიიერთა, კიდევ უფრო გამწვავდა ურთიერთობა რუსეთსა და ირან-თურქეთს შორის. ახლა რუსეთის მთავარი ამოცანა იყო სამხრეთის საზღვრების საიმედო ჩაკეტვა. მთავრობის ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლებოდა ირანისა და თურქეთის საზღვრებთან ყველაზე ერთგული ხალხის დაახლოებით, რომლებიც შეძლებდნენ არა მარტო სამხრეთის საზღვრების საიმედო დაცვას, არამედ სახელმწიფოს გაანთავისუფლებდნენ იმ კოლოსალური ხარჯებისგან, რომლებსაც იგი ახმარდა საზღვრების დამცველი ჯარის შესანახად.

1828 წ. თურქეთთან რუსეთის ჯარების წარმატებებმა მთავრობის წინაშე დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ კაზაკთა სამხედრო დაბების მოწყობა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა სამცხე-ჯავახეთში, მაგრამ 80 ათასი “მალორუსი კაზაკების” გადმოსახლება მთელ რიგ ეკონომიკურ და სხვა ხასიათის სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მეფის მთავრობამ ამ დიდ ღონისძიებაზე უარი თქვა. გადაწყდა თრიალეთსა და ჯავახეთში თურქეთიდან ქრისტიანი სომხები და ბერძნები ჩამოესახლებინათ.

ცარიზმის პოლიტიკური მიზანი იყო საქ-ში ეთნიკური სიჭრელის შექმნა. რუსეთისადმი ქართველი ხალხის ერთგულება მეფის მთავრობას რატომღაც არ სწამდა, ამიტომ იყო, რომ უარი უთხრა იმერეთში გახიზნულ მესხ მოსახლეობას განთავისუფლებულ ტერიტორიაზე დასახლებაზე.

რუსეთის იმპერიული პოლიტიკა სამცხე ჯავახეთში სომხების ჩამოსახლების დროს მიზნად ისახავდა არა იმდენად სომხების უშიშროების უზრუნველყოფას, რანდენადაც თვით საქ-ში ქართული მოსახლეობისადმი დაპირისპირებული არაქართული ეთნიკური ელემენტის შექმნას. “რუსეთის მთავრობისაგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობისთანავე, – წერდა ივ. ჯავახიშვილი 1925 წ. 2 ივლისის საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ მოხსენებაში “-რუსთ სახელმწიფოს წარმომადგენელნი ერთი მხრით, სომეხ მოხელეთა დაწინაურებით, მეორე მხრით, რუს ნასალდათართა დასახლებით, ქართველთა მოსახლეობის ინტერესების შელახვისა და მიწა-წყლის ეთნოგრაფიულად აჭრელებით ქართველთა მოულოდნელი პოლიტიკური მოძრაობისაგან უზრუნველყოფას ცდილობდნენ. სომხები მათ აპოლიტიკურ ხალხად ჰყავდათ მიჩნეული და ამასთანავე ერთგულად სთვლიდნენ. უკვე 1828 წლიდან მოყოლებული, როდესაც ქართველი მაჰმადიანებით დასახლებული სამცხე, ჯავახეთი, ერუშეთი და პალაკაციო რუსეთმა ოსმალეთს წაართვა და მცხოვრებნი ისეთ სულიერ განწყობილებაში ჩააგდო, რომ ქართველმა მაჰმადიანებმა თავიანთი მამა-პაპური სამოსახლეოთგან აყრა და ოსმალეთში გადასხლება ირჩიეს, გრაფმა პასკევიჩმა ქართველებს ლიხთიმერეთითგან იქ გადასახლების ნება არ მისცა და მათ მაგიერ ოსმალეთითგან გადმოსახლებულ სომეხთაგან 30 ათასი მცხოვრები ჩაასახლა. ამ ხელოვნური საშუალებით მესხეთში, სადაც 1828 წლამდე ქართველი მოსახლეობა 95%-ს აღემატებოდა, 1832 წელს უკვე, რუს მოხელეთა წყალობით უმრავლესობა სომხები იქცნენ”.

სომხური გრიგორიანული ეკლესიის მესვეურები ადრიდანვე ცდილობდნენ ქართველებისათვის სარწმუნოება შეეცვალათ. მათ სამცხე-ჯავახეთში ჩამოსახლებისთანავე ბევრგან, სადაც მათ ირგვლივ ქართველები ცხოვრობდნენ, სომხური ტიპიკონი დააკანონეს, გახსნეს სომხური სასულიერო სასწავლებლები, ხოლო შემდეგ ყოველმხრივ ცდილობდნენ ქართველებისთვის ეროვნება და სარწმუნოებრივი აღმსრულებლობა გაეიგივებინათ. გარკვეულ შემთხვევებში ამას წარმატებით აღწევდნენ კიდეც არა მარტო სამცხე-ჯავახეთში, არამედ საქ-ოს სხვა კუთხეებშიც. ამასთან, მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სომხების გადმოსახლება-გამრავლებასთან დაკავშირებით ცარიზმმა უარყო “იქაური ქართველ კათოლიკეთა ქართველობა და ისინი ქართულ ენაზე მოლაპარაკე სომხებად გამოაცხადა. 1886 წლის 27 თებერვლის დადგენილებით აიკრძალა ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაში მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვა და ძალდატანებით სომხურად შეცვალა. ამას დაემატა ისიც, რომ ყველა სკოლაში სწავლება რუსულ ენაზე შემოიღეს”. ამის შედეგად მოსახლეობის შემდეგ აღწერებში ბევრი ქართველი სომეხად ან რელიგიური კუთვნილების მიხედვით სხვა ეროვნებად ჩაწერეს.

 ვ. ჯაოშვილის გაანგარიშებით, თუ 1800 წელს საქ-ში 47 ათასი სომეხი ცხოვრობდა, 1832 წლისათვის მათმა რაოდენობამ 84 ათასს მიაღწია. ამავე პერიოდში კი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა 37 ათასიდან 65 ათასამდე გაიზარდა ანუ 75%-ით, მაშინ როდესაც საქართველოს სხვა კუთხეების მოსახლეობა დაახლოებით 10%-ით გადიდდა. ამავე წლეში საქართველოში ქართველების 9%, ხოლო სომხების ზრდამ 79% შეადგინა. მთელი XIX საუკუნის განმავლობაში საქართველოში სომხების სომხების რაოდენობა უფრო იზრდება, ვიდრე ქართველების.

ამრიგად, XIX საუკუნის I ნახ-ში და განსაკუთრებით 20-იანი წლების დამლევს თბილისში, ბორჩალოში, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებში მასობრივად სახდებოდნენ სომხები, რამაც არამარტო რადიკალურად შეცვალა ამ ადმინისტრაციულ ერთეულთა მოსახლეობის ეროვნული სტრუქტურა, არამედ გააორკეცა სომხების ხვედრითი წონა საქ-ოს მთელ მოსახლეობაში 1801 წლის 4.71%-დან – 9,88%-მდე 1839 წელს. თურქეთში სომხების წინააღმდეგ რეპრესიების გაძლიერების შედეგად საქ-ში მათი მიგრაცია გაიზარდა. როგორც უკვე აღინიშნა, 1897-1902 წწ. საქ-ში შემოვიდა დაახლოებით 55 ათასი სომეხი, თბილისში სომხების რაოდენობა გაიზარდა 46,7 ათასიდან 124,9 ათასამდე, რომელთაგან დაახლოებით 68 ათასი ახლად მოსული იყო.

80-იანი წლები სომხებისათვის საბედისწერო გამოდგა. რუსეთში ფინეთიდან კავკასიამდე გაისმოდა ლოზუნგი “რუსეთი რუსებისათვის!” სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა სომხების ათვალისწუნება და მათდამი პოლიტიკური უნდობლობა. 1885 წ. დაიხურა 500-მდე სომხური სკოლა, 30 ათასი მოსწავლე ქუჩაში დარჩა. ცარიზმის მოხელეებს გაახსენდათ, რომ ზოგიერთ სომხურ სკოლაში ეკიდა “დიდი სომხეთის” ისტორიული რუკები, ლოცვა-წირვა სომხურად მიმდინარეობდა. ღუსებმა დახურეს “კავკასიის სომხური საქველმოქმედო საზოგადოება” და სხვასაზოგადოებები, მათ შორის წიგნის გამოცემის საზოგადოება, სომხური ჟურნალ-გაზეთები. 1903 წლის 12 ივნისის განკარგულებით სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას ჩამოერთვა საეკლესიო ქონება. შეზღუდეს მისი თვითმართველობა. სახელმწიფო სამსახურში სომხებს არ ღებულობდნენ. შომხები პოლიტიკურად არასაიმედო ხალხად იყო მიჩნეული. ამის საპასუხოდ რუსეთსა და კავკასიაში შეიქმნა მთელი რიგი სომხური არალეგალური კომიტეტები, რომელთა ტერორისტულმა საქმიანობამ მძიმე ხასიათი მიიღო. ზოგიერთი რუსი მოხელე სომხური საკითხის გადაჭრას – მათი სეპარატიზმის ალაგმვას სომხების ციმბირში გადასახლებაში ხედავდა. 1905 წელს ცარიზმის მიერ ინსპირირებულ სომეხ-თათართა შეტაკების წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა ქართველობამ, ქართველმა ინტელიგენციამ. მეფის არმიის ახალგაზრდა ოფიცერმა ლავრენტი ბაბუნაშვილმა, 1905 წელს ბაქოში იმპერიის შავრაზმულ მოხელეთა მიერ ინსპირირებულ სომეხ-თათართა ჟლეტის დროს, თავისი გმირული თავდადებით დაღუპვას გადაარჩინა 170 სომეხი. ძვირად დაუჯდა 22 წლის ქართველ ოფიცერს ლ. ბაბუნაშვილს მეფის რეაქციასთან შერკინება. 1906 წლის 31 იანვარს იმ საგმირო საქმის ჩადენიდან 3 თვის შემდეგ, ტყვიით განგმირული ნახეს ყაზარმასთან ახლოს.

კავკასიის მთავარმართებლად გოლიცინის შემდეგ ი. ვორონცოვ-დაშკოვი დაინიშნა. სომხების წინააღმდეგ ბრძოლა თანდათან შესუსტდა და დიამეტრულად შეიცვალა სომხებისადმი რუს დიდმოხელეთა დამოკიდებულება. სომხურ ეკლესიას ჩამორთმეული მამულები და ქონება დაუბრუნეს. სომხებს დაუწყეს მფარველობა და მოფერება. ცარიზმმა ახლა ქართველები მიიჩნია იმპერიისათვის ყველაზე საშიშ ელემენტად. ქართული ენა, ქართული სკოლა, ეკლესია, ქართული საზოგადოებრიობა ათვალწუნებული იყო და განიცდიდა განსაკუთრებულ დევნას. ი. ვორონცოვ-დაშკოვმა გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით მფარველობის ქვეშ აიყვანა სომეხი ნაციონალისტები და სომხური ბურჟუაზია. რუსეთის მთავრობას სომეხთა მიერ პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე ამიერკავკასიის ფარგლებში ოცნების შესაძლებლობა ფიქრადაც კი არ მოსდიოდა, ამიტომ როგორც უკვე აღინიშნა, სომეხთა ჩამოსახლება საქართველოში საშიშროებად არ მიაჩნდა, რადგან სამაგიეროდ ქართველი მოსახლეობის ხვედრითი წონა მცირდებოდა და თანაც საქართველოში რუსეთის უერთგულეს ქვეშევრდომთა რიცხვი უმრავლდებოდათ. თუმცა როდესაც ამიერკავკასიაში ერობის შემოღებაზე მსჯელობა დაიწყეს, მაშინ უკვე ყველასათვის ნათელი გახდა, რომ პოლიტიკოსებს ოსმალეთიდან სომეხთა საქ-ში გადმოსახლება, როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა “მოხსენება საბჭოთა საქართველოს მთავრობას, 1925 წ. 2 ივლისს” სახალხო განათლება”- 1990წლის 11 ნოემბერი. “… მარტო ფიზიკურად გადარჩენის თვალსაზრისით არ აინტერესებდათ, არამედ გარკვეული პოლიტიკურ-ეროვნული გეგმის, გაბნეული სომხებისათვის ერთიანი მთლიანი ტერიტორიის შესაქმნელად იყო საახალშეო ადგილები არჩეული…”

სომხები სარგებლობდნენ რუს მოქალაქეთა ყველა უფლებით და უპირატესობით. სომხები ითვლებოდნენ საერთოდ რუსეთის და კერძოდ, კავკასიის ყველაზე საიმედო ელემენტად. ეს როლი სომხებს ეამაყებოდათ. ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს გრ. ჩალხუშიანის წიგნაკი “რუსეთში სომხური საკითხი და სომეხთა დარბევები”. გრ. ჩალხუშიანი აღნიშნავვს, რომ თითქოს სომხების კულტურული როლი რუსეთის იმპერიაში საერთოდ და განსაკუთრებით კავკასიაში მეტად მნიშვნელოვანი იყო. რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის შემდეგ კავკასია წარმოადგენდა იმპერიისთვის არასაიმედო და მტრულად განწყობილ მხარეს. “სომხები, როგორც ყოველთვის, – ნათქვამია გრ. ჩალხუშიანის წიკნაკში, – კავკასიაში წარმოადგენდნენ რუსეთის ინტერესების ერთგულ გამტარებლებს და ხელს უწყობდნენ რუსული მმართველობის დამყარება-განმტკიცებას… ყოველ ომში კავკასიაში რუსები პოულობდნენ სომხების მატერიალურ მხარდაჭერას. სომეხთა ამ “დამსახურების” შესახებ არაერთხელ აღინიშნა რუსეთის იმპერატორების რესკრიპტებში.

XIX-XX სს-ის მიჯნაზე ქართველ-სომეხთა ანტაგონიზმს ზოგიერთი ქართველი მკვლევარი და პუბლიცისტი სომხურ ბურჟუაზიასა და ქართველ მემამულეთა წინააღმდეგობით ხსნიდა და ხსნის. როგორც გერონტის ქიქოძემ 1916 წლის სტატიაში “ბრძოლა თუ შეთანხმება” მიუთითებს, ასეთი ახსნა ცალმხრივია. ეს ანტაგონიზმი ბევრად უფრო რთული და ძველიაო. პლ. იოსელიანი აღნიშნავს, რომ გიორგი XII თურმე ხშირად ამბობდა: “ადვილად გამცემი ქვეყნისა სომეხი ერთ გროშზე გაჰყიდის მეფესა და მეფობასა. აქა ან სხვათაცა ქვეყანაში არა აქვს-რა შესატკივარი გულისა, არც კოშკი მამა- პაპათა, არც ციხე, არც ხმალი წინაპართა, არც დროშა, არც მატური მეფეთა. დღესაც მოსაცდუნებლად სპარსთა და თურქთა, სადაც არიან გაბნეულნი მათნი რომელნივე, მარადის მოვისყიდით ჯაშუშად სომეხთა უნებურთა და თვით სპარსნი და თურქნი მოისყიდიან ჩემთა სომეხთა.” გ. ქიქოძე მიუთითებდა, რომ “დღეს სომხები ბევრ რამეს გვედავებიან, უწინარეს ყოვლისა ტერიტორიას, რომელიც თითქოს უპატრონოა. შემდეგ მცხოვრებთა ერთ ნაწილს, რომელსაც თითქოს სადაურობა დაჰკარგვიათ. რასაკვირველია, ეს დავა აიხსნება არა რაღაც ბოროტებით, არამედ სომეხი ერის მდგომარეობით. სომხობა იმ ხალხთა რიცხვში შედის, რომელნიც მოკლებულნი არიან მთლიან ტერიტორიას. ასეთი ხალხის მდგომარეობა კი, დიდ საფრთხეს წარმოადგენს მეზობლებისათვის. ტერიტორია ის ძალაა, რომელიც ეროვნებას და გარკვეულ სახეს აძლევს. იმ ძალის უქონლობა ერმა უსათუოდ როგორმე უნდა აანაზღაუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაგვარება და გაქრობა მოელის. ამით აისახება რომ სომხობა ასე ებღაუჭება რელიგიურ მომენტს, უკანასკნელი თითქოს ტერიტორიის ერთგვარ სანაზღაუროს წარმოადგენს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რელიგიის მნიშვნელობა თანდათან სუსტდება, ამიტომ საჭირო ხდება მისი შეკავშირება სხვა რომელიმე უფრო გავლენიან ძალასთან. ამას სომხობაც გრძნობს, მათი ეკლესია პოლიტიკური და ეკონომიკური ბრძოლის ორგანიზაციად ხდება.”

კათოლიკური ტიპიკონის საკითხებზე “ივერიაში” გამოქვეყნდა აკ. წერეთლის საინტერესო წერილი “მცირე რამ”, რომელშიც დასაბუთებულია ის ჭეშმარიტება, რომ “ქართველ გრიგორიანების სხვა ტომობას ვერც ისტორიული სიმართლე და ვერც საერთაშორისო კანონი ვერ იტყოდა.” წერილში დამაჯერებლად არის ნაჩვენები ქართველ გრიგორიანთა ისტორია. როდესაც ოსმალეთმა საქ-ოს დიდი ნაწილი ჩაიგდო ხელში და მთელ სამცხე-ჯავახეთს ძალით ათათრებდა, მაშინ მხოლოდ მართლმადიდებლობას სდევნიდნენ და არა გრიგორიანებსა და კათოლიკებს, რომელთაც ჰონთქრის კარზე მოსარჩლე ჰყავდათ. ამიტომ უპატრონოდ დარჩენილმა ქართველობამ ზოგმა კათოლიკობა მიიღო, ხოლო ზოგმა გრიგორიანობა და ამით გადაურჩნენ მაჰმადიანობას. “სომხებმა ისარგებლეს ამით, – განაგრძობს აკ. წერეთელი, – და სარწმუნოება საფუძვლად დაუდეს ეროვნებას, გამართეს სკოლები და ქართველობაზე ხელი ააღებინეს. ამგვარად ახალციხისა და ახალქალაქის მაზრის მცხოვრებლებს და მათთან ერთად თითქმის მთელ სამესხეთოსაც, ვინც კი არ გამაჰმადიანებულა, სომხობა დააკისრეს. არა მარტო იმათ, კათოლიკებსაც კი სული ამოხადეს: ქართველთა კათოლიკობა არ შეიძლებაო, გინდა თუ არა, სომეხთა კათოლიკობა იკისრეთ და გასომხდითო!… წირვა-ლოცვაც კი აუკრძალეს დედაენაზე.”

ქართველთა ერთი ნაწილის გრიგორიანულ სარწმუნოებაზე გადასვლა მართლაც განპირობებული იყო, ერთი მხრივ, მეზობელი თურქი დამპყრობლების ბატონობით და სამხრეთ საქართველოს ჩამოცილებით, ხოლო, მეორე მხრივ სპარსთა, ლეკთა და სხვა მტრების დაუსრულებელი შემოსევებით. ქართველების უპატრონოდ მიტოვებულ ციხე- კოშკებს და ეკლესია-მონასტრებს ყიზილბაშები, ბერძნები და სომხები ეპატრონებოდნენ. გადაგვარებისა და ფიზიკური განადგურებისაგან გადარჩენის მიზნით ქართველი მეფეები ხან ისლამს აღიარებდნენ, ხან კი, კათოლიკური ეკლესიის ქვეშევრდომობას. რუსეთის სამხედრო საოკუპაციო რეჟიმის დამყარების შემდეგ კი, როდესაც რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას ერთხანს მფარველობდნენ კიდეც.

ქართველთა გაგრიგორიანება – გასომხების ერთ-ერთი გზა იყო, აგრეთვე, ქართველ მეფეთა მიერ ეჩმიაძინისა და აპატის მონასტრებისათვის გლეხთა შეწირვა. ქართველ თავად-აზნაურთა რამდენიმე გვარის (თუმანიშვილი, ბებუთიშვილი, ბეგთაბეგიშვილი) ზოგიერთი შტო გრიგორიანული სარწმუნოების მიმდევარი იყო, რომლებსაც თავიანთი ქართველი ყმები მონოფიზიტურ სარწმუნოებაზე გადაჰყავდათ.

ქართველთა სომხურ-გრიგორიანულ სარწმუნოებაზე გადასვლა “გასომხება” მტკიცდება XIX საუკუნეში არაერთხელ ჩატარებული მოსახლეობის კამერული აღწერის მასალებით, აგრეთვე XVIII საუკუნის დემოგრაფიული ძეგლებით, ქართველი მკვლევარების – ზ. ჭიჭინაძის, ა. ხანანაშვილის, რ. თოფჩიშვილის, ალ. აბდალაძის და სხვათა შრომებით.

მაგრამ სომხობა მარტო ეკლესიაში როდი ეძებს დაკარგული ტერიტორიის სანაზღაუროს. ეკონომიკური ცხოვრების ასამოძრავებლად გაშლილი ასპარეზია საჭირო. სომხობა ობიექტური პირობების გამო, იძულებულია უცხო მიწა-წყალი ჩაიგდოს ხელში, სადაც კი ეს შესაძლებელია.

პირველი მსოფ. ომის დროს სომხურმა ბურჟუაზიამ მოხალისეთა რაზმების შექმნით, ომის სასარგებლოდ დიდი მატერიალური დახმარების გაღებით თავიდანვე მიიპყრო მაშინდელი მეფისნაცვლის ვორონცოვ-დაშკოვის ყურადღება და მისი დიდინდობა დაიმსახურა. სომხურმა ბურჟუაზიამ დაშნაკთა პარტიის უშუალო დახმარებით ომის დროს გაითამაშა “ურაპატრიოტიზმის” ყველაზე უფრო ველური ვაკხანალია. სომხური ბურჟუაზია და სომხური ნაციონალისტური პარტიები ვარაუდობდნენ, რომ ომში რუსეთის გამარჯვებით მიიღებდნენ თავისუფალ ეკონომიკურ რაიონს – სომხეთის ავტონომიას და გახდებოდნენ მდგომარეობის ბატონ-პატრონი.

რუსეთის მთავრობამ თურქეთში სამხედრო მოქმედების გასაადვილებლად სომხებს აჯანყება ურჩია. ამასთან რუსეთი სომხებს ოსმალეთის სომხეთის განთავისუფლებასა და რუსეთის მფარველობის ქვეშ დამოუკიდებლობას შეჰპირდა. სომხებმა რუსეთის რჩევა ყოველგვარი პოლიტიკური გააზრების გარეშე აღასრულეს, რასაც განრისხებულმა ოსმალებმა სომეხი ხალხის მასობრივი ხოცვა-ჟლეტით უპასუხეს. ოსმალეთიდან კავკასიაში სომეხ ჯარისკაცთა რაზმები და ლტოლვილთა დიდი ჯგუფები დაიძრა. რუსეთის ხელშეწყობითა და დახმარებით სომხებმა დაიკავეს ქართული ტერიტორიები – ახალქალაქის, ახალციხის, ბორჩალოს, თბილისის, გორისა და ქუთაისის მაზრებში.

სომხები სომხეთის აღდგენას ფიქრობდნენ საქართველოში. ამ მიზნით სომეხი ვაჭარ- კომერსანტები თბილისში იძენდნენ დიდ სამოსახლო ადგილებს, ხოლო თბილისის გარეუბნებში სხვადასხვა თაღლითობით ხელში იგდებდნენ ცარიელ ადგილებს და ასახლებდნენ სომეხ ლტოლვილებს.

ბუნებრივია, რომ ქართული პრესა სამართლიანად და ობიექტურად აშუქებდა ლტოლვილთა მდგომარეობას და მათი დიდი რაოდენობით მოზღვავება ქართული ინტერესების საზიანოდ მიაჩნდა. სომხურმა ბურჟუაზიულმა გაზეთმა “კავკასკოე სლოვო”-მ 1915 წლის 23 იანვრის სარედაქციო წერილში “გამოქცეულების საკითხი ფართოვდება და ბევრს აწუხებს” გულახდილად აღიარა სომეხთა პოლიტიკური მიზნები საქართველოში. გაზეთი აღნიშნავდა: “ამბობენ, რომ სპარსეთსა და ოსმალეთიდან გამოქცეულნი, უცხოელნი არიან, ასეა თუ არა? ფორმალურად კი, მაგრამ ასებითად არა …თავის გავლენის მცირე აზიაში რუსეთი ემყარებოდა ჯერ ქართველებს, შემდეგ სომხებს. ამიტომ არ შეიძლება მათ ისე ვუყუროთ, როგორც უცხოელებს. ისენი სულ ჩვენი მოკავშირენი არიანო”

ქართული ჟურნალი “კლდე” (რედაქტორი რ. გაბაშვილი) “კავკასკოე სლოვოს” ეკამათებოდა და წერდა, რომ სპარსეთიდან გამოქცეული სომხობა მთლიანად ღარიბ-ღატაკებისგან შედგებოდა და სომხების შეეძლებული ნაწილი ადგილიდან არ დაძრულაო.

XX საუკუნის 10-იან წლებში საქ-ში მცხოვრებ სომეხთა ანტიქართული იდეოლოგია და პრაქტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა. სომეხი შოვინისტები ებრძოდნენ ქართულ კულტურას, განათლებას, ამახინჯებდნენ საქართველოს ისტორიას. თავიანთ რუს კოლეგებთან ერთად ცდილობდნენ ქართული ენის დამცირებას და ამოძირკვას. ჟურნალმა “კლდემ” 1912 წლის მე-6 ნომერში გამოაქვეყნა კორესპონდენცია, რომელშიც მოთხრობილი იყო აჭარაში სახალხო სწავლა – განათლების მდგომარეობის შესახებ. სამოსწავლო სკოლის უმცროსი აგენტი ვინმე ტერ გასპარიანცი ქართული სკოლიდან ქართველ მასწავლებლებს ითხოვდა და მათ მაგიერ ქართველების მასწავლებლად ყარაბაღელ და ერევნელ სომხებს იწვევდა. იგი ქართველებთან საუბარს ყოველთვის იწყებდა შეკითხვით: “რომელი ეროვნებისა ხართ”-ო. ტერ გასპარიანცის თვითნებობა იმდენად ნათელი იყო, რომ კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის განკარგულებით იგი სამსახურიდან დაითხოვეს.

სომხური და ქართული ეროვნული ისტორიული ცხოვრების გაყალბებისა და გაბიაბურების ბრძოლაში ჩაებნენ ერიცოვები, ხუდაბაშოვები, ქიშმიშოვები, სუმბატიანცები და სხვა. მათი აზრით, ქრისტიანობის გავრცელება, ხუცური ანბნის გამოგონება, ბაგრატიონთა მეფობა და მათი ძლევამოსილება, ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება თურმე სულ სომხების წყალობებია, ხოლო თვით საქართველო დიდი სომხეთის ნაწილი.

ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა: ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, ვაჟა ფშაველამ, იაკობ გოგებაშვილმა და სხვებმა თავიანთ პუბლიკაციებში ამხილეს სომეხ ფალსიფიკატორთა ეს იდეოლოგიური დივერსია და მათი უღირსი საქციელი. ი. ჭავჭავაძემ 1899 წლის “ივერიის” 64-76 ნომრებში დაბეჭდა, ხოლო შემდეგ ქართულ და რუსულ ენებზე ცალკე ბროშურად გამოაქვეყნა საქართველოს ისტორიის დარგში საკმაოდ გახმაურებული ნაშრომი “ქვათა ღაღადი”, რომელიც მიმართული იყო ისტორიის გამყალბებელთა სამხილებლად, იმათ მიმართ, ვინც ფაქტობრივად ძირს უთხრიდა სომეხი და ქართველი ერების ისტორიულ ურთიერთობებს.

სომხები ფარულად თუ აშკარად ებრძოდნენ ქართულ ენას, რისი ნათელი მაგალითიცაა გორში აკ. წერეთლის ლექციის “ვეფხისტყაოსნის შესახებ” ჩაშლის მცდელობა. შოვინისტი სომხები საქ-ში კავკასიის მეფისნაცვლის ვორონცოვ-დაშკოვის მხარდაჭერით თავიანთ “ეროვნულ საქმეებს აგვარებდნენ”. 1913 წლის 13 ოქტომბერს თბილისში მათ დიდი ზეიმით აღნიშნეს სომხური ანბანის შემქმნელის მესპორ მაშტოცის 1500 წლის უიბილე და სომხური ბეჭდვითი სიტყვის 400 წლის დღესასწაული. სომეხი მეცნიერის აზრით, ქართული ენა სომხური ენის ძლიერ გავლენას განიცდის და მისგან ისესხა კულტურული ტერმინოლოგიის მთელი რიგი სიტყვები. ცნობილმა ფრანგმა მეცნიერმა მატ რასმა, რომელიც ქართულ ენას სწავლობდა სომხური ენის შემდეგ გამოთქვა აზრი, რომ სომხური ენა, ჯერ კიდევ ვანის წარწერების პერიოდში ქართული ენისაგან ძლიერ გავლენას განიცდიდა. სომხურმა ენამ ქართული ენისაგან არამარტო ისესხა მთელი რიგი სიტყვები, არამედ გრამატიკაც ქართულ ენას მიუსადაგა.

ამრიგად, ნაშრომში მოყვანილი მაგალითები თუ ფაქტები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს სომხების შოვინისტურ და არაკეთილმეზობლურ დამოკიდებულებაში, ხოლო რაც შეეხება XVIII-XIX სს-ში საქართველოში სომხური მოსახლეობის მომრავლებას, ბუნებრივი დემოგრაფიული პროცესი როდი იყო, არამედ იგი იმპერიის ხელისუფლების მიერ საქ-ში ოსმალეთიდან სომეხთა მასობრივი გადმოსახლების შედეგი იყო და ქართველი ერის ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა. გადმოსახლებულმა სომხობამ იმპერიის ხელისუფლების ხელშეწყობით საქართველოს ეკონომოკური სადავეები ხელში ჩაიგდო. მათ ფეხი მტკიცედ მოიკიდეს, სტუმრობა აღარ იკმარეს და საქართველოს დაპატრონება მოინდომეს. სომეხ დიდვაჭართა ეს მისწრაფება კარგად გამოიყენა ცარიზმმა, რომელიც ადგილობრივ სომხურ ბურჟუაზიას ხელს იმიტომ უმართავდა, რომ ქართველებისა და სომხების წაკიდებით პირველ რიგში ქართველთა წინააღმდეგობა საბოლოოდ გაეტეხა, ხოლო შემდეგ სომხებისათვის “მიეხედა.”

XIX საუკუნეში საქართველოში ოსმალეთიდან სომეხთა მასობრივი ორგანიზაციული გადმოსახლება, ხოლო შემდეგ უწყვეტი სტიქიური მიგრაცია განპირობებული იყო იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ძვრებით, რომელიც მოჰყვა მეფის რუსეთთან საქ-ოს მიერთებასა და ბატონყმობის გადავარდნას.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: