IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ემიგრანტები

 

 

***

 

ემიგრანტები არ მოდიან, ემიგრანტები მიდიან…

 

 22.10.2011
[ნინო ცხოიძე]

ორი დღეა სახელისუფლებო მედია ისტერიულად გვაწვდის ინფორმაციებს, თითქოს საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისით და მასთან ბრძოლის საპარლამენტო კურსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებს გამოწვეული არეულობის გამო ქართველი ემიგრანტები მასიურად ტოვებენ საბერძნებთს. ამის თაობაზე რამდენიმე ემიგრანტს დავუკავშირდით ათენსა და სალონიკში. ველამ გაიკვირვა ამის გამო და აღნიშნეს, რომ ემიგრანტებს ყოველდღიურად კავშირი აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ ასეთი მასიური დაბრუნების ფაქტები აქ ნამდვილად არ გაუგიათ.

მამუკა (ათენი): „რა სისულელეა?! საქართველოში მხოლოდ ახალი ემიგრანტები თუ დაბრუნდებიან, რომლებაც სამსახურები ვერ იშოვეს და ამ კრიზისის ფონზე უკვე პერსპექტივაც საეჭვო გაუხდათ. სამაგიეროდ, აღსდგა საქართველოში ამანათებისა და ფულის გზავნილები და ხალხი მიაწყდა გრაფიოებს. ამავე ოფისებში ქართულ-ბერძნული გაზეთიც ვრცელდება, რომელიც სულაც არ არის სახელისუფლებო განწყობის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ინტერნეტით მოპოვებულ საინტერესო მასალებს ბეჭდავენ. ამდენად, აქ ბევრმა ემიგრანტმა იცის, რეალურად რა ხდება საქართველოში და დაკლებული ხელფასების მოთმენას ამჯობინებს, ვიდრე უხელფასოდ საქართველოში დაბრუნებას.

ხათუნა (ათენი): “ტყუილია, თითქოს ათენიდან, ან სალონიკიდან საქართველოში მასიურად ჩადიოდნენ ემიგრანტები. პირიქით, უამრავი არალეგალი ჩამოდის დღემდე. ამას გარდა, საქართველოს ტელევიზიების მიერ სამი წლის წინ გავრცელებული ტყუილის გამოც ბევრჯერ გვისაყვედურეს ბერძნულმა ტელეარხებმა, რატომ ავრცელებენ ქართული ჟურნალსიტები ასეთ ტყულ ინფორმაციებს, თითქოს მსახიობ სერგიანოპულოსის მკველელი საქართველოში გადმოაფრინესო”.

რაც შეეხება ქართველი ემიგრანტების მიერ გამოხატულ სოლიდარობას, რაც საინფორმაციო გამოშვებებში 21 ოქტომბერს, ათენში მომიტინგეების დარბევის შესახებ გადმოცემულ სიუჟეტებში ითქვა, აღნიშნული იყო, რომ ქართველი ემიგრანტები დროშებით შეუერთდნენ მომიტინგეებს. სიუჟეტში სატელეფონო ჩართვაში, ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ღურჭუმელიძემ აღნიშნა, რომ კრიზისის გამო ბევრ ქართველს მართლაც უფრო ნაკლები თანხა ეძლევა, ვიდრე გასულ წლებში. ზოგიერთს ასევე იმედი აქვს, რომ ხელისუფლება თავისი ემიგრანტების დასაბრუნებლად ახალ გზებს სახავს. თუმცა, დიასპორების მინისტრის, პაპუნა დავითაიას მიერ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ქართველ ემიგრანტებს ახალ სტატუსს ანიჭებს და მათ სამშობლოში დასასაქმებლად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, კონკრეტიკას კვლავაც მოკლებული იყო და გაუგებარიც.

დოდო ჩიქოვანი (მწერალი-ემიგრანტი, ათენი): „ქალთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი ვარ და გიდასტურებთ, რომ ქართველები სოლიდარობას სხვა დროსაც ვუცხადებდით ბერძნებს, მაგრამ დღეს სინდაგმას მოედანზე ცნობილ ქართველს, ავთანდილ მიქაბერიძეს ჰყავდა გაყვანილი თავისი მოსწავლეები, მოცეკვავე ბავშვები და საბჭოს წევრები იქ არ ვყოფილვართ“.

ქალბატონმა დოდომ ჩვენთან საუბარში ისიც დაადასტურა, რომ ხელფასები, ბერძნების პენსიების შემცირებისა და გადასახადების ზრდის ფონზე მართლაც ნაკლებია, მაგრამ ამას საქართველოში ემიგრანტთა მასიური დაბრუნება არ გამოუწვევია. პირიქით, არალეგალების მოჭარბებაც შეინიშნება და შვებულებით სამშობლოში ჩასულების დროზე ადრე გამოქცევაც.

ლია (სალონიკი): „პირველად მესმის თქვენგან, რომ საქართველოში ემიგრანტები მასიურად ბრუნდებიან. ეს აბსურდია. „ქართველები აქ ბერძნების ოჯახებში დაცულები ვართ. თბილად გვექცევიან, გვაპურებენ და ხელფასს გვიხდიან. ამიტომ მათ მხარდაჭერას ყოველთვის გამოვხატავთ. აქციებზეც ბევრჯერ გავსულვართ. მაგრამ სალონიკში ახლა სიმშვიდეა. წასვლით, მხოლოდ უმუშევრები მიდიან, ალბათ, თორემ ხალხი უკვე 400-500-ევროიან სამსახურებზეც თანახმა არიან. აბა, საქართველოში რა გველოდება?“

ლელა (სალონიკი) ასევე არ ფლობს ინფორმაციას ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების მასიურ შემთხვევებზე. თავად სიტუაცია არ შეცვლია. ხოლო რაც შეეხება საქართველოში ჩამომსვლელებს, ლელას თქმით, ამგვარ კატეგორიას მხოლოდ ოჯახებით ჩამოსულები შეიძლება მიეკუთვნებოდნენ. რამდენადაც, მათ ხელფასების სიმცირის გამო გადასახადების და ქირის დაფარვის საშუალება არა აქვთ. „სიმართლე გითხრათ, გრაფიოები სავსეა დაუსაქმებელი ხალხით, ტევა არ არის თუმცა, საქართველოში ჩამოსვლას მაინც არავინ ფიქრობს. ვერ გაამტყუნებ. ხალხი გაჭირვებულია“ – ამბობს ლელა.

საბერძნეთში საქართველოს კონსულმა გიორგი არჩემაშვილმაც გაიკვირვა დღეს ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა „ქართველთა მასიური უკან დაბრუნების“ შესახებ და ასეთი ფაქტის არსებობა ვერ დაადასტურა. თუმცა, ეტყობოდა ამ ინფორმაციის ხელისუფლების მიერ სათავისოდ გამოყენების შესაძლებლობაც იგრძნო და არ უარყო, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საბერძნეთიდან ქართველთა სამშობლოში წასვლის ერთეული შემთხვევები მაინც შეინიშნება.

ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს, რომ საქართველოში ბევრად მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე საქართველოდან გადის. ეს სიტყვები სააკაშვილმა ორი დღის წინაც გაიმეორა. როგორც ჩანს, საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი, მანიფესტანტების მიერ ათენის ქუჩებში გაჩაღებული ხანძარი, ვიტრინების მტვრევა და ამას მოყოლილი დარბევის შემთხვევაც, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაკავებულია, სათავისოდ უნდა გამოიყენოს. კიდევ კარგი, რომ ქართველი ემიგრანტები ამ აქციაში არ მონაწილეობდნენ და არც დაშავებულთა შორის არიან, არც დაპატიმრებულებში, თორემ ვინ იზრუნებდა მათ სამშვიდობოზე გამოყვანისთვის?.. დაღუპვის შემთხვევაში ხომ ჩამოსვენების ხარჯებზე საუბარი ზედმეტია. ამ მტკივნეულ თემას ცალკე შევეხები.

საქართველოში არაერთხელ უთქვამთ, ბერძნების შეუპოვრობის შემშურდაო, აქციები მართლაც ხანგრძლივი და შეუპავარი დასჩემდათ, მაგრამ ფინანსთა მინისტრისეული მტკიცება, ქამრების შემოჭერით მეტ დახმარებას მივიღებთო, ჩვენ ცუდად გვაქვს დაცდილი. ახლა ბერძნების მაგალითზეც ვნახოთ. მაგალითები უამრავია, მთავარია სწორი გზა მოვნახოთ და პოზიცია ბოლომდე გავიტანოთ.

 

http://www.presage.tv/?m=society&AID=7545

 

***

 

დიდთოვლობამ ქართველი ემიგრანტები შეაფერხა… ელიან თუ არა ისინი ხსნას ივანიშვილისგან

 

15.11.2011
[ნინო ცხოიძე, ამსტერდამიდან]

ნოემბრის დასაწყისში დაწყებულმა დიდთოვლობამ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების შეშფოთება გამოიწვია. მათ არა მარტო შინ დარჩენილ ოჯახის წევრებზე მოუწიათ ფორიაქი, არამედ იმ ახლობლებზეც, რომლებიც ამ პერიოდში დროებით ჩამოვიდნენ საქართველოში. მათი ერთი ნაწილი სტამბულის აეროპორტში მაშინ გავიცანი, როცა ევროპისკენ მიმავალ თვითმფრინავებს ველოდებოდით.

ზოგი გერმანიის ქალაქებისკენ მიემგზავრებოდა, ზოგი – იტალიის. მე ერთადერთი ვიყავი ჰოლანდიის რეისზე. ყველაზე მეტნი კი იტალიაში ემიგრირებული ქალბატონები აღმოჩნდნენ, რომელთა დიდი ნაწილი საბუთების გასაკეთებლად იმყოფებოდა საქართველოში და რიკოთის მონაკვეთზე გაჩენილმა საცობმა დიდი პრობლემები შეუქმნა.

როგორც საუბრიდან გახდა ცნობილი, რამდენიმე მათგანი ქუთაისში, ზესტაფონში და იმერეთის სხვა რაიონში იმყოფებოდა, რადგან იტალიაში 3-4 წლიანი მუშაობის შემდეგ “პერმესოს” საშუალება გაუჩნდათ, რაც ლეგალურად მუშაობის და ცხოვრების უფლებას უკავშირდება. ამისათვის კი სასწრაფოდ გამოამგზავრეს სამშობლოში გარკვეული საბუთების გასაკეთებლად.

ყველა მათგანს იტალიაში დაბრუნების ვადა ეწურებოდა და თვითმფრინავის ბილეთი უკვე აღებული ჰქონდათ. რომ შეუტყვიათ, რიკოთზე მოძრაობა გაჩერებულიაო, საგონებელში ჩავარდნილან და სხვადასხვა ტრანსპორტის ძებნა უცდიათ. ყველა თავის ნაცნობ მძღოლს უკავშირდებოდა თურმე და მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან ნათესავები აფრთხილებდნენ, არ წამოხვიდეთ, თორემ რიკოთზე ჩარჩებითო, მათ მაინც გაურისკავთ.

“კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა, რომ დამირეკეს, აზრი არა აქვს წამოსვლასო. ფეხით რომ გადმოვსულიყავი რიკოთზე, მაინც უნდა წამოვსულიყავი. რამდენიმე დღეში ვადა მიმთავრდება და უსაბუთოდ რომ დავრჩე, კიდეც გადავირევი!”– ცხარობდა ქალბატონი ნათელა, რომელიც რომიდან იტალიის სამხრეთით მატარებლით უნდა გამგზავრებულიყო.

“მეც მაგ დღეში ჩავვარდი და მაშინვე ტაქსის მძღოლებთან ვარეკინე ქმარს. რომელიც გაბედავს და წამიყვანს, ის გამოიძახეთქო. ჩემს შვილებთან ყოფნას არაფერი მერჩივნა, მაგრამ ძლივს მეღირსა მათი ნახვა ამ საბუთის გაკეთების იმედით და ეს რომ ვერ მოვასწრო, მერე როდის მოვახერხებ ლეგალურად ჩამოსვლას, ვინ იცის!” – დარდობდა ზესტაფონელი ქალბატონი.

“მერე რისთვის გაგვაჩერეს იმდენ ხანს გორთან, მაინც ვერ გევიგეთ. იქ დიდი თოვლი არც იყო. ტელევიზორში რომ გამოჭიმულიყვნენ და ეთქვათ, არიქა, გზები გავწმინდეთ და ხალხს ვუშველეთო, ამიზა გვაწვალეს მგონი!”– ქოთქოთებდა იმერულ დიალექტშენარჩუნებული ქალბატონი ნათელა.

აბა როგორ ჩამოაღწიეთ?– ვიკითხე ბოლოს.

– გვირაბი გახსნეს, გენაცვალე. რას აკეთებენ ამდენ ხანს და, ამ ზამთარში თუ შეიძლება გვირაბის დაკეტვა, მითხრან ერთი! არაფერი ამგენმა არ იციან…

“ცოტაც მეითმინეთ და მალე გვეშველება ყველას. იქედან ეგებ სირბილითაც კი გამევიქცეთ!”– იმშვიდებდა თავს და სხვებსაც ამშვიდებდა საჩხერელი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც აშკარად საიმედოდ ეჩვენა მისი კუთხის კაცის პოლიტიკაში მოსვლა.

გამიკვირდა, რომ სხვა ქალბატონებმა ეს აზრი მაინცდამაინც არ აიტაცეს. თითქოს ვერც კი ხვდებოდნენ, მარი ასე იმედიანად რატომ საუბრობდა.

“მეტი არაა ჩემი მტერი, საქართველოში მალე არ გამოსწორდეს სიტუაცია. თვარა, ჩვენც მაგი არ გვინდა?”– ჩაილაპარაკა ბოლოს ქუთაისელმა.

როგორც შევნიშნე, საინფორმაციო საშუალებების მაინცდამაინც აქტიური მაყურებლები არ ჩანდნენ. რადგან ზესტაფონელმა, ჩემდა გასაკვირად, ივანიშვილის გვარი ვერ გაიხსენა. “ის კაცი რომ გამოჩნდა ახლა, ადრე რომ არავინი იცნობდა, იმისთვის წოურთმევიათ მოქალაქეობა და ჩვენ გაგვახარებენ მაგენი?”– დასძინა 50 წელს გადაცილებულმა ქალბატონმა.

“ჰოდა, ის კაცი რომ გამოასწორებს სიტუაციას, მეც მაგის იმედი მაქვს და მერე გვეშველება ჩვენც. თვარა, აბა ახლა რომ ამდენი ხალხი მარტო აგერ ერთ აეროპორტში შევიკრიბეთ ერთ რეისზე და ზოგი სად ვბრუნდებით, ზოგი – სად, აგია, ჩვენი ხელისუფლება რომ იზახის, მეტი ბრუნდება უკან, ვიდრე ემიგრაციაში მიდისო? ნეტა ჩვენ რომელ კატეგორიაში მიგვათვალეს?”– იკითხა საჩხერელმა ახალგაზრდა ქალმა და თითქოს ჩემს მიერ არერთგზის დასმულ კითხვას შეეხმიანა.

ცოტა ხანში საუბარში კაცები ჩაერთვნენ. “ჩვენ ამდენი წელია “პერეგონშიკებად” დავდივართ გერმანიაში. განათლება კი მაქვს და უმაღლესის დიპლომიც, მარა მანქანების გაყიდვა რომ არ დამეწყო, ცოლ-შვილს რითი შევინახავდი? იძულებაა აგი, ამდენი ქართველი რომ მიეხვეტება სამშობლოდან, თორემ ალბათ, არც თქვენ და არც ამ გოგოს (ჩემზე მიუთითა) უნდა უცხო ქვეყნებში ვირივით შრომა და წლების მანძილზე ოჯახთან განშორება? მე რაცხა ორი კვირა ვარ გერმანიაში და მერე რამდენიმე დღე გზაში ვწვალობ და მაინც დიდი არაფერი შემოსავალი მაქვს” – უკმაყოფილოდ ჩაარაკრაკა სათქმელი შესუქებულმა, წითურმა ახალგაზრდა კაცმა. მე არ ვთქვი, რომ სამუშაოდ კი არა, ემიგრანტებთან შესახვედრად მივდიოდი. რაკი არ მიცნობდნენ, მინდოდა სათქმელი თამამად ეთქვათ.

“იძულებაა აბა რა, თორემ ორი დიპლომი მრჩება ოხრად. არც ჩვენ გვიხარია მოხუცების მოსავლელად ამხელა გზაზე გადახვეწა, ჩვენი მოხუცები და შვილები ბედის ანაბარად რომ გვყავს მიტოვებულები!” – ჩამოართვა სიტყვა 60 წელს მიტანებულმა ქალბატონმა, რომელიც ბელგიაში ბრუნდებოდა. “რამდენი წელია აქეთ ვარ და წელიწადში ერთხელ ვერ ვახერხებ ჩამოსვლას. 5 წელი არც მენახა ოჯახი. ამდენ წვალებად მაინც ღირდეს ის თანხა, რასაც ჩვენ გამოვიმუშავებთ. მაგრამ საქართველოში შიმშილით დავიხოცებოდით ჩვენც და ჩვენი ოჯახის წევრებიც. ესაა იძულება, თორემ ევროპის დასათვალიერებლად ჩვენ არცერთი არ დავდივართ”.

მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ მეთქვა მათთვის, ვინ ვიყავი და რომ სწორედ წამოსვლის დღეს, ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, სახელდახელო საუბრისას, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ემიგრანტების შესახებაც ჩამოუგდო სიტყვა. უთხრა, რომ ისინი ხელმოწერებს აგროვებენ, საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად.

“ღმერთმა ქნას!.. ნეტაი კი გვეშველოს რამე… ეგებ მაგან მაინც შექმნას ჩვენი უკან დაბრუნების პირობები… რა ვიცი, რა ვიცი… ბევრი ისე დამკვიდრდა, ალბათ არც დაბრუნდებიან, მაგრამ ვინც დროებით ვართ გადახვეწილები, იმათ მაინც გვეშველოს!” – გაისმა აქეთ-იქიდან.

ჰოლანდიაში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრისას კი აშკარად შევიგრძენი სახელისუფლებო მედიის გავლენა. ყველა შეკითხვა ისეთი პოზიციიდან იყო დასმული, რა ეჭვებსაც და უარყოფით განწყობასაც ეს საინფორმაციოები უქმნიან აქაურ ქართველებს. როცა მათ შეკითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებდნენ, მრავალმნიშვნელოვანად გაიქნევდნენ თავს და იტყოდნენ “არ ვიცი, ვნახოთ.”

ასე დაიწყო ჩემი წინასაშობაო მივლინება ევროპაში, ემიგრანტებთან შესახვედრად.

http://www.presage.tv/?m=society&AID=8019

                              

One Response to “• ემიგრანტები”

  1. jaba melkadze said

    ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ ჩვენი პატრიარქი აქტიურად მოუწოდებს მათ დაბრუნებისაკენ… სად აბრუნებს? ერთი ემიგრანტი ხომ აქაურ ერთ ოჯახს ინახავს? ძალიან მხვდება გულზე, როცა გმირ ქართველ ემიგრაციას, რომელმაც სწორედ რომ თავისი გარჯითა და წამებით ნაშოვნი გზავნილებით გადაარჩინა სამშობლო და დღემდე არჩენს, ჩვენი ტვინგაყინული სამღვდელოება რაღაცნაირი აგდებით ახსენებს-აქაო და ქართულ მენტალიტეტს დაკარგავენ იქო!-არცა რცხვენიათ, ეროვნულ მენტალიტეტს მგონი აქ უფრო გვაკარგვინებს ლესბოსელ-სოდომიტი ნაცმოძრაობა და მერე მაგათ მეუფე კალისტრატე ფეხსაცმელებს ულოკავს და აღმაშენებლებს უწოდებს…ერო ჩემო, მთავარნი შენნი გაცდუნებენ შენ!..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: