IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ბიძინა ივანიშვილი

***

 

ბანკირი ივანიშვილის მეტეორივით შემოჭრა პოლიტიკაში

 

ოქტომბრის თვე, საქართველოში ძლიერი პოლიტიკური მიწისძვრით აღინიშნა, რამაც შეაჯანჯღარა და მნიშვნელოვნად შეარყია კიდეც სააკაშვილის რეჟიმი.

საფრანგეთში მცხოვრები მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის მეტეორივით შემოჭრამ პოლიტიკურ სივრცეში უდავოდ შვა ის რეალური ალეტრნატივა, რომლის არარსებობა კატასტროფულად ანელებდა ამომრჩეველთა აქტივობას. ამგვარი ვითარება კი შესაძლებლობას აძლევდა სააკაშვილის დიქტატორულ რეჟიმს უფრო მაღალპროცენტულად გაეყალბებინა არჩევნები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ხვეწნა–მუდარამ –“ოღონდ, მოდით არჩევნებზე და თუ გინდათ, ყველანიგადაგვხაზეთო”, ვერ დაძრა ხალხი. ვერც დანამუსებამ –“თქვენი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეთო”, ვერ იმუშავა, რადგან ხალხს რეალური ლიდერი სჭირდებოდა. და, როგორც იქნა იგი გამოჩნდა და გაჩნდა იმედი და შესაძლებლობაც საძულველი ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლისა.

მილიარდელი მეცენატის ივანიშვილის მიმართ ჩემი გაუნელებელი უკმაყოფილების საგანს წარმოადგენს მისი თბილისური საცხოვრებელი თუ საოფისე სახლები, რომელთანაც შეხლა–შეხედვა ყოველდღიურად მიწევს საერთო ადგილმდებარეობის გამო; ძველი თბილისის არქიტექტურაში უცხო სხეულივით ჩაკვეხებული ხსენებული მეპატრონის შუშისა და რკინის კონსტრუქციის მოდერნისტული ნაგებობები სრულ შეუსაბამობაშია უძველესი უბნის ლანდშაფტთან და შორიდან, ვერც ესთეტიკურ ტკბობას განგაცდევინებს. თუმცა, ინტერნეტით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ შენობების მთლიანი ფასადი და ინტერიერებიც საკმაოდ ლამაზია. უფრო მეტიც, როგორც თავად ივანიშვილმა თქვა, ქართველთაგან დაწუნებული მისი სახლები, მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე შენობების რიცხვშიც კია შეტანილი.

“რეფორმატორ–დემოკრატიის” პიარ–ტექნოლოგიების ხუხულაზე აგებული სააკაშვილ–მერაბიშვილის ხელისუფლება, ივანიშვილის ალტერნატივამ, არჩევნებამდე ჩამოშლის რეალური საფრთხის წინაშე დააყენა. რეტდასხმულებმა, ძლიერი კონკურენტის პარალიზების მიზნით, ჩვეულ უღირს ტრიუკებს მიმართეს (ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, “ქართულ–ბანკის” ინკასატორებზე თავდასხმა და ხუთ მილიონამდე დოლარის დაყადაღება, საინფორმაციო ბლოკადა თუ სხვ.).

ივანიშვილის კონკურენტუნარიანმა ფაქტორმა უკვე აიძულა ხელისუფლება ხალხის სასიკეთო ნაბიჯები გადაედგა. ამგვარი პირველი პოზიტიური სვლის გამოვლინება იყო სამთავრობო გუნდის ბათუმში სასწრაფოდ შეკრება, რომელზედაც სააკაშვილმა, ბიზნესმენები, 45–60 წლამდე ასაკის ადამიანების დასაქმების შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადებიდან გათავისუფლებით წაახალისა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოარულ მგზავრებს, “მეტრომანზე” 5 ლარი საჩუქრად დაურიცხა, რაც გარკვეული შეღავათია, განსაკუთრებით სტუდენტებისათვის, რომლებიც ასტრალურად გაზრდილი მგზავრობის ტარიფის გამო ხშირად ვერ ახერხებენ სასწავლებლებში სიარულს.

სააკაშვილი ასევე იძულებული გახდება ფორსირებულ რეჟიმში მნიშვნელოვნად შეამციროს უმუშევართა მაჩვენებელი, მნიშვნელოვნად გაზარდოს (არ არის გამორიცხული, უკვე შეპირებულ 100 დოლარამდე) პენსია და ამ ღონისძიების ფარგლებში, ორი წლით დასწიოს კიდეც განვითარებული ქვეყნების შესაბამისად აწეული საპენსიო ასაკიც, შექმნას ჯანდაცვის ეფექტური სადაზღვევო პაკეტი, შეამციროს გადასახადები და ფასები სამრეწველო და საკვებ პროდუქტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შვებისმომგვრელი სოციალური ფონის შექმნაში ორგანულად იდება წილი ივანიშვილის ფაქტორით, თავად ბატონ ბიძინასაც დიდი ძალისხმევა და ფინანსური რესურსებიც დასჭირდება (რის ნაკლებობას იგი ნამდვილად არ განიცდის) უმრავლესი ელექტორატის მისამხრობად. ამისათვის მან, პირველ რიგში, უნდა წარმოადგინოს ეროვნული პოლიტიკური პროგრამა და შექმნას ყველასათვის მეტ–ნაკლებად მისაღები საკუთარი პარტიული უმრავლესობა. მის მიერ უკვე გაცხადებული პოლიტიკური პარტნიორები და მრჩეველთა საბჭოც (მზარდი როადენობით), დაბეჯითებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ვერ შეუქმნის მას უპირობო სანდო გარემოს და ვერც არჩევნებში უპირატესი წარმატების გარანტად ექცევა. ამ ძალადთავსმოხვეული non grata პოლიტპარტნიორების (“რესპუბლიკელები”, ალასანია) საპირწონედ, ივანიშვილმა საკუთარი პარტიის ძირითადი უმრავლესობა აუცილებლად უნდა დააკომპლექტოს სანდო და გაუსვრელი პოლიტიკური ძალებით, რათა “რესპუბლიკელებისა” და ალასანიას საპარლამენტო ბალანსში (უკაცრავად, დის–ბალანსში) მისი საპარლამენტო უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნებში წარმოჩინდეს სანდო და სოლიდურ პოლიტიკურ ძალად, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის უცილობელი გამარჯვება. სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს თავად ბიძინა ივანიშვილიც.

ვიმეორებთ, არც “რესპუბლიკელები” და არც ალასანია, საქართველოს მოსახლეობაში რეალურად არ სარგებლობენ ისეთი მაღალი რეიტინგითა და ნდობით, რომ მათ, დემოკრატიულად ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, დამოუკიდებლად საჭირო ხმათა რაოდენობის მოპოვება შეძლონ. საპრეზიდენტო არჩევნებში, მითუმეტეს! მათი ხელისუფლებაში მოსაყვანად, ივანიშვილის მიერ ორთქმავლის ფუნქციის კისრება, აპრიორი იქცევა ივანიშვილისათვის ავანსად მიცემულ ხმად ალასანია – “რესპუბლიკელების” სასარგებლოდ, მაგრამ ლეგიტიმურს ვერ გახდის მათ პარლამენტარობას.

 

ხალხზე, ელექტორატზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა არადემოკრატიული აქტია და ეჭვის ქვეშ აყენებს, მეტიც, სპობს არჩევანის თავისუფლებას! ბატონი ივანიშვილის საკამათო არჩევანი, შესაძლებელია არ იყო მისი, როგორც ინდივიდუუმის გადაწყვეტილება; “რესპუბლიკელების” ხშირი და მრავალწლიანი ვოიაჟები ამერიკასა თუ დასავლეთში, ხოლო ალასანიას მოულოდნელი გადადგომა გაეროს ელჩობიდან და სააკაშვილის ოპოზიციონერად მოვლინება, ცხადია, პოსტსააკაშვილისეულ ხელისუფლებაში, მათი მოყვანის დიპლომატიური სამზადისი იყო.

ყველას ვთხოვთ, ზუსტად ჩასწვდნენ ჩვენს სენტენციებს და არ დაგვსახონ ივანიშვილის მოწინააღმდეგე მხარედ. ჩვენც გვჰქონდა სურვილი და მოლოდინიც ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის. სურვილი ჩვენი კი არამც და არამც არ იყო მოტივირებული მისი მატერიალური სიმდიდრით, არამედ, ამ სიმდიდრის შემქმნელი გონით. ეს გონი კი ქართველთა ინტელექტუალური საკუთრებაა, ღმერთმა იგი ჩვენს წიაღში შვა და მისი სრული გამოყენების შესაძლებლობაც მოგვცა თავად ამ გონის მეპატრონის თავდაჯერებულად გაცხადებული სურვილით: “მე მინდა მოვიდე და აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში!”

ჩვენ კი, ვინაიდან ვერ ვიქნებით უგუნური მტერი ჩვენი სამშობლოსი, გულს ვუღებთ ივანიშვილს. მაგრამ, იმისათვის, რომ ხელიც გავიღოთ, ანუ ხმაც მივცეთ არჩევნებში, მეტი დარწმუნება გვჭირდება მის პოლიტიკოსობაში – ეროვნულ–სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დამყარებულ მის პოლიტიკურ ხედვებში.

ბატონი ივანიშვილი აკრიტიკებს სააკაშვილის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და ამ კონტექსტში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკასაც იწუნებს, თუმცა რუსეთის დღევანდელმა პოლიტიკურმა ელიტამ ხმამაღლა აღიარა პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ რუსული აგრესიის მცდარობა საერთაშორისო რეალპოლიტიკის გათვალისწინებით.

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეროვნულმა ხელისუფლებამ, ერთწლიანი მმართველობის (პრეზიდენტად იგი მხოლოდ 7 თვე იყო), რუსეთიდან მართული პერმანენტული დესტაბილიზაციის, ფაქტიურად საომარ პირობებში უზრუნველყო ეპოქალური მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი აქტების მიღება და სოციალური საშეღავათო პოლიტიკის გატარება საქართველოს მოსახლეობისათვის, რაზედაც აქ დეტალურად არ შევჩერდები, რამეთუ 1990–93 წლების პერიოდი მიუკერძოებელ და კომპეტენტურ მკვლევარებს ჯერ კიდევ ელის, რაც უსათუოდ დაუსვამს წერტილს ზვიად გამსახურდიას ფიგურის სუბიექტურ და ინერციით მომდინარე კრიტიკას. მანამდე კი, ჩვენი გაზეთის მკითხველებს ვთხოვთ, გულისყურით წაიკითხონ აქვე გვ. 3–ზე და გვ.6–ზე გამოქვეყნებული სტატიები, რომელიც, აგრეთვე დაეხმარება მათ პრეზიდენტ გამსახურდიას მმართველობის ინფორმირებაში. გამსახურდიასი, რომელიც გახდა პიროვნული და ფიზიკური მსხვერპლი მის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბით წარმოებული საინფორმაციო ომისა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც გარეშე, ასევე საქართველოს შინაური მტრები – კოლაბორაციონალისტი ქართველები: ხაინდრავები, მაღრაძეები, ჭანტურია–სარიშვილები, არეშიძეები, ღოღობერიძეები, ბერძენიშვილები, წერეთლები, სააკაშვილები და სხვები, რომლებმაც მიზანმიმართულად გამოჭედეს, ერთის მხრივ “დიქტატორი”, მეორეს მხრივ “არაპოლიტიკოსი” გამსახურდიას (რომელიც 40 წელი ებრძოდა საბჭოთა იმპერიას) კლიშე (სტერეოტიპი) და ამ თვითნაკეთ საფრთხობელას დღემდე გვჩრიან პირში დასადუმებლად.

საინფორმაციო ომი, დღეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც არის აგორებული სააკაშვილის სამთავრობო ხროვის მიერ, მაგრამ ეს ომი ლოკალური ხასიათისაა და გათვლილია ამომრჩევლებზე.

ხელისუფლებას მონოპოლიზირებული აქვს რა ცენტრალური სატელევიზიო არხები და გავლენა აქვს თვით ე. წ. ოპოზიციურ ტელევიზიებზეც, დიდია ალბათობა, რომ მათ წარმატებით მოიგონ ეს საარსებოდ უმნიშვნელოვანესი ომი. ამგვარ ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის თვით ივანიშვილის სტერეოტიპად ქცეული საზოგადოებისგან გაუცხოების (თვითიზოლაციის) სინდრომი. გასაგებია, რომ ეს მდიდრების სენია, მაგრამ პოლიტიკაში შემოსულ ბანკირს, ამ სტერეოტიპის (შეძენილი სენის) სასწრაფო მსხვრევა მოუწევს; მან სრულიად უნდა უკუაგდოს მდიდრის კომპლექსი და ხალხის უშუალო ნაწილად (კუთვნილებად) უნდა იქცეს. საარჩევნო პერიოდში მან, აგრეთვე, უნდა მოახდინოს პერსონალური დაცვის სტრუქტურების ლიბერალიზაცია და ამით მაქსიმალურად შეარბილოს ბარიერი ხალხსა და მას, როგორც საარჩევნო სუბიექტს შორის.

დღეს უფრო საგრძნობლად მტკივნეული გახდა ბატონი ივანიშვილის კუთვნილი ტელევიზიის “მე–9” არხის თვითლიკვიდაციის თემა, რაც მეპატრონის გაცხადებული პოლიტიკური ამბიციის ფონზე, ნამდვილად არ წარმოჩინდება ბრძნულ, შორსმჭვრეტ გადაწყვეტილებად. “მე–9” არხის რეფორმირება და მისი, თუნდაც ისეთ ცოცხალ–მკვდარ ტელევიზიებად გარდაქმნა, როგორიცაა “მზე” და “საქართველო”, მისცემდა მას საშუალებას, ამ ლიცენზირებული ტელევიზიის დღეს უკვე მძლავრ პროპაგანდისტულ ბერკეტად ქცევას.

სააკაშვილმა, როგორც გამოწრთობილმა და გაქნილმა პოლიტიკოსმა, სწორედ ამგვარი პრევენციის მიზნით იარაღის ძალით დახურა მიჯრით მისთვის ძნელად სამართავი ტელევიზიები (“იბერია”, “202”, “მე–7” და “მე–9” არხი) და “ოპოზიციური” ტელევიზიების სახე–სიმბოლოდ დატოვა ისეთი უსახური ტელევიზიები, როგორიცაა “კავკასია” და “მაესტრო” ლოკალური სამაუწყებლო სივრცით.

ამგვარ კაზუს–ვითარებაში ორმაგი დატვირთვის ფუნქციით შესაძლებელია მეორე საინფორმაციო ბერკეტის – ბეჭდური მედიის – გაზეთების რესურსის ამოქმედება, რისთვისაც, ივანიშვილმა, არაფერი უნდა დაიშუროს, რათა ყველა დასახელების ოპოზიციური გაზეთი მივიდეს თითოეულ ამომრჩევლამდე და მოიცვას სრულიად საქართველო. გაზეთის უპირატესი შესაძლებლობა ხალხის სრული და აკადემიური ინფორმირებისა (რაც არ აიძულებს მათ მიეჯაჭვონ ეკრანს განწესებული დროით, არამედ თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია მისთვის სასურველ დროსა და გარემოებაში), ეფექტურად უნდა იქნეს გამოყენებული.

და ბოლოს, საარჩევნო კამპანიის მხოლოდ სწორი და გონივრული დაგეგმარება შეიძლება იქცეს მყარ გარანტად ბიძინა ივანიშვილის მაღალი პოლიტიკური წარმატებისა. 

 

ლეილა ცომაია

 გაზეთი “განმათავისუფლებელი”  N30

***

რატომ ისჯება „შავი ფულის“ გამოტანისთვის „ქართუ“ და არა „საქართველოს ბანკი“?!

08.11.2011
[ნინო ცხოიძე]

„ქართუ“ ბანკის ცეტრალურ ოფისსა და ფილიალებში ხალხის ნაკადი არ წყდება. გასულ კვირას ამ ბანკში ანაბრის გახსნის მსურველთა რაოდენობამ შვიდ ათასს მიაღწია. ძირითადად ასაკოვანი ადამიანები აქტიურობდნენ, რომლებმაც საკუთარ ანაბარზე პენსიიდან 1,5 ან 10 ლარს დადეს. თუმცა, ისეთებიც ვნახე, 100 დოლარი რომ შეიტანა. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ დიდი იმედი ჩაუსახა, ამ ფაქტს მსოფლიოში სოლიდარობის უპრეცედენტო შემთხვევად აღიქვამს. ასეთი მოსაზრებისაა თავად ბანკის გენერალური მენეჯერიც, ნოდარ ჯავახიშვილიც, რომელმაც ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ ეროვნული ფორუმი დატოვა.

მისი თქმით, გინესის რეკორდთან გვაქვს საქმე, როცა 4 დღეში ბანკში ანაბარს ხსნის 6 ათასზე მეტი ადამიანი. ეს არა მარტო ბანკისა და ბიძინა ივანიშვილისადმი გამოხატული მხარდაჭერაა, არამედ ქართული საზოგადოების ინერტულობის და ნიჰილიზმის სტერეოტიპის რღვევის დასაწყისი.

მასთან საუბარი, ბუნებრივია, იმ ინციდენტის შეფასებით დავიწყეთ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადების შემდგომ საქართველოს ბანკიდან თანხის გამოტანისას ჰქონდა ადგილი.

ხომ არ იყო ეს ხელისუფლების მხრიდან შიშის გამოვლინება?

- ეს არის პანიკაში ჩავარდნილი ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სხვას ვერაფერს დაარქმევ. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა ბანკების ისტორიაში, როცა სახელმწიფო სტრუქტურები და სამართალდამცავი ორგანიზაციები აყაჩაღებენ. ქართველები მიჩვეულები ვართ, რომ ხელისუფლებას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მიუხედავად ამისა, ქართველებიც კი გაოცებულები არიან. რაც მთავარია, ძალიან მარტივი, ზედაპირული შეფასებითაც ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ ეს არის მოწყობილი დანაშაულებრივი ოპერაცია.

რა მოხდა კონკრეტულად საქართველოს ბანკში და რატომ დააკავეს მხოლოდ თქვენი თანამშრომლები, თუ იმ ბანკში „შავი ფული“ მართლაც არსებობდა?

- სწორედ აქედან ჩანს, რომ ეს მათი მხრიდან პოლიტიკური მოტივით მირებული გადაწყვეტილებაა, თუმცა, ამბობენ, რომ მე ვახდენ ამ თემის პოლიტიზირებას. შევახსენებ მკითხველებს – ჩვენ რომ გაგვიჩნდა ნაღდი უცხოური ვალუტის საჭიროება, მითუმეტეს გვქონდა ინფორმაცია, რომ კლიენტებზე ხდება ზეწოლა და სერიოზულ მენააბრეებს, კლიენტებს გადაჰქონდათ ანგარიშები და ანაბრები სხვა ბანკებში, გადავწყვიტეთ მომზადებული დავხვედროდით ამ პროცესებს. ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი და მერე კიდეც დადასტურდა, რომ ეროვნული ბანკი შექმნიდა ყველანაირ სიტუაციას, რათა ჩვენ დაგვერღვია რომელიმე ნორმატივი, ან კლიენტისთვის უარი გვეთქვა კანონიერ მომსახურებაზე და ამ დროს დაეყენებინათ დროებითი ადმინისტრაციის საკითხი. ვინაიდან „საქართველოს ბანკს“ ყოველთვის აქვს ჭარბი ვალუტა. არ არის მომგებიანი ნაღდი ფულის გაჩერება, ამიტომ მივმართეთ მას და სიხარულით დაგვთანხმდნენ.

გავაგზავნეთ ჯგუფი და დაიწყო საბუთების გამზადება. მაგრამ მოულოდნელად მოვიდა ბრძანება, რომ შეჩერდეს ნაღდი ფულის გაცემა. ჩვენ გავიკვირვეთ, მაგრამ ჯგუფს ვუთხარით დაბრუნებულიყო ბანკში. საბუთების გამოსატანად რომ მივიდნენ, უთხრეს, რომ გაძლევთო. გარკვეული დროის შემდეგ ისევ უარი უთხრეს. წამოსვლა რომ დააპირებს, ისევ დააბრუნეს უკან.

ანუ, რამდენჯერმე შეცვალეს პოზიცია?

- ძალიან მარტივი შეფასებაა: პირველად – გააჩერეს იმიტომ, რომ არ იცოდნენ რა ექნათ და მოილაპარაკეს რაღაცაზე. მეორედ – გააჩერეს პროცესის დროში გაწელვის მიზნით, სანამ სპეცრაზმი მოემზადებოდა, რომ მაშინ დაეჭირათ ფული ჩვენი რომ გახდებოდა. სწორედ იმ დროს მოხდა თავდასხმა, როცა შენობიდან ბოლომდე არ იყო გამოტანილი ფული. ძალიან სამწუხაროა ამის აღიარება, მაგრამ ყველაფერი მოხდა ეროვნული ბანკის, „საქართველოს ბანკის“ და სამართალდამცავების (ნუ დავარქმევთ დანაშაულებრივს) ამორალური ქმედების გამო. სასაცილოა, როცა ამას ეძლევა კვალიფიკაცია, რომ ეს იყო “შავი ფული”, მითუმეტეს, როცა ნაღდ ფულზეა ლაპარაკი. ფულის სტატუსი მისი ფერით კი არა, წარმომავლობით ფასდება. ჩვენ მოგვქონდა მწვანე დოლარები. თუ ეს “შავი” იყო, მან აგვირჩია, ჩვენ ხომ არ გვითხოვია, მაინცდამაინც ეს მოგვეციო?! მათ საცავში ბევრი აქვთ ასეთი ფული. „საქართველოს ბანკზე“ ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომ იქ ნაკლები ეჭვი გვაქვსო. რატომ აქვთ ნაკლები ეჭვი? მე რომ სოსისი მოგყიდო და მოგწამლოს, რომელი ვართ დამნაშავე?

თუ ეჭვი გაუჩნდათ, რომ „საქართველოს ბანკში“ მართლაც არის შავი ფული, ჯერ ეს უნდა დაეზუსტებინათ, ხოლო თუ დამტკიცდებოდა, რომ ჩვენ დანაშაულებრივად ვიყავით შეკრული და ვიცოდით, რომ შავი იყო… მაგრამ შავს რატომ წამოვიღებდით?! საერთოდ, სისულელეა ამაზე რომ ვსჯელობთ. მაგრამ ეს არის პოლიტიკური აქტი და ბანკებს შორი განსხვავება ის არის, რომ „ქართუ“-ს დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. ეს არის პოლიტიკური აქტი და ჩვენ გვაკრიტიკებენ თემის პოლიტიზირებაში.

გადარიცხვებში რომ ყოფილიყო ეჭვი, კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ვინ გააკეთა ეს გადარიცხვები? ნიუ-იორკის „ტრანს კომპანიმ“ ჩვენი ანგარიშიდან გადარიცხა „სითი ბანკის“ ანგარიშზე „საქართველოს ბანკში“. თუ შავი ფული მუშაობს ეს ორი ბანკია პასუხისმგებელი.

ამაზე არ არის ეჭვები?

- არა, როგორ გეკადრებათ? ვის გაუბედავენ ამის თქმას? ევროში გადარიცხვები განხორციელდა „კომერცბანკის“ მიერ. მიმართონ მათაც. მისი წარმომადგენელი იყო ჩემთან და ვკითხე, რატომ მათ არავინ მოსთხოვა პასუხი, თუ ჩვენ შავი ფულით ვაწარმოებდით ოპერაციებს-მეთქი. მან მხრები აიჩეჩა და მწარედ გაიღიმა. მაგრამ ეს ხომ მათი პრესტიჟის საქმეცაა. ფული წაიღეს და 18 ოქტომბრის მერე ხმას არავინ არ იღებს. ეს არის ოპერაცია… არც კი ვიცი, როგორ დავარქვა.

„შავი ფული“!..

- ჰო, ეს არის ყაჩაღური თავდასხმა ბანკზე, აქედან გამომდინარე პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე. ამას გარდა, როგორც იცით, დაძალებით მსხვილ ორგანიზაციებს, რომლებშიც წილში თვითონ ხელისუფლება იყო, თუ მართავდა, გადაატანინეს 45 მილიონი. მაგრამ გატანები შეჩერდა. რამდენიმე დღეში მიხვდნენ, რომ ფინანსურად ჩვენ ვერ დაგვაზარალებდნენ, დამფუძნებელმა ორ კვირაში 20 მილიონი გადმორიცხა. საჭიროება რომ ყოფილიყო, უფრო მეტს გადმორიცხავდა.

ანუ, დამფუძნებელში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ…

- რა თქმა უნდა. ჩვენ სხვა დამფუძნებელი არ გვყავს.

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე ძალიან ბევრმა პარალელები გაავლო ბადრი პატარკაციშვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლებზე. გადმორიცხვებთან დაკავშირებით არ არის მოსალოდნელი რაიმე პროვოკაცია?

- გადმორიცხვებზე ვერაინაირი პრობლემები ვერ იქნება. მაშინ ისინი უნდა დაუპირისპირდნენ მსოფლიო საბანკო სისტემას.

არ ელოდით იმას, რაც „საქართველოს ბანკში“ მოხდა, თუ რატომ თავიდანვე არ მიმართეთ გადმორიცხვების ოპერაციას?

- ჩვენ მაინც მოვითხოვდით ამას და, ბოლოს და ბოლოს, ეროვნული ბანკიდან წამოვიღებდით ამ თანხას. უარს თუ გვეტყოდნენ, სასამართლოში წავიდოდით. არაერთგზის ვთხოვეთ ეროვნულ ბანკს, მინიმუმ, გააკეთოს განცხადება, რომ ეს არ არის “შავი ფული” და მოუწოდოს სამართალდამცავებს, აღადგინონ სამართლიანობა.

ქადაგიძის პოზიციამ ბევრი პოლიტიკოსი აღაშფოთა და მას „იდიოტიც“ უწოდეს. თქვენ როგორ შეაფასებდით მის საქციელს?

- მე ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ეროვნული ბანკისთვის ეს არის რბილად რომ ვთქვათ, უპრეცენდენტოდ სასირცხვილო ქმედება. თუმცა, უარყოფითი შეფასების საფუძველი გაცილებით შორს მიდის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქადაგიძის მოფიქრებული არ არის და ქვეყანაში ეროვნული ბანკი რომ ამ დონეზე მართვადია, ის ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს წევრად არ უნდა ითვლებოდეს, ეროვული ბანკის, როგორც ბანკთაბანკის, უშუალო მოვალეობაა საბანკო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა, ის კი საკუთარ შვილებს დაერია.

ინტერვიუს მეორე ნაწილში ნოდარ ჯავახიშვილი ასევე ბევრ საინტერესო დეტალზე საუბრობს, მათ შორის – როგორია საერთაშორისო საბანკო ორგანიზაციების პოზიცია და დიპლომატიური კორპუსის გამოხმაურება, რა შანსები აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და რა ახალი კანონი შედის ორშაბათიდან ძალაში, რომელიც ასევე ბანკების შევიწროვებას გამოიწვევს. თუმცა, „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტს სხვა ბანკების სიჩუმე აფიქრებინებს, რომ ეს სანქციებიც მხოლოდ „ქართუ“ ბანკის წინააღმდეგ არის მიმართული.

http://www.presage.tv/?m=society&AID=7923

***

 

ხელისუფლება „ქართუს“ ახალი მეანაბრეებით დაინტერესდა

 

10.11.2011
[ნინო ცხოიძე]
ინტერვიუ ნოდარ ჯავახიშვილთან (მეორე ნაწილი)

ბატონო ნოდარ, შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ არიან ის კლიენტები, რომლებაც დიდი თანხა გაიტანეს “ქართუ”-დან?

- ინფორმაცია კონფიდენციალურია და ამდენად, გვარებს არ დავასახელებ. მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ “ვისოლმა”(საწვავის ქსელი) და “პსპ”-მ (ფარმაცევტული ფირმა) ერთდროულად გადაიტანეს ანგარიშები. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ინკასაციამ ბრუნვა შეგვიმცირა, სულ 4 ათასით შეგვიმცირა გადასახადი. ანუ, მნიშვნელოვან ზარალზე გავდივართ. სესხები კი ერიცხებათ ჩვენთან.

არის იმის საშიშროება, რომ სესხები არ გადაიხადონ? რამდენადაც ვიცი, ასეთი ხმები გავრცელდა, რომ ხელისუფლება მათ ვალის განახევრებას ჰპირდება, თუ თქვენ დაგაზარალებენ.

- არის ეს საშიშროება და მართლაც კარგა ხანს დადიოდა ჭორები ამის შესახებ. ფაქტი სახეზეა – გასული კვირის ბოლოს, პარლამენტში დაჩქარებული წესით, ერთ დღეში სამი მოსმენით მიიღეს კანონი, რომლითაც სააღმსრულებლო კანონში ცვლილება განხორციელდება. ამით, ფაქტობრივად, დადასტურდა ეს ჭორები.

უფრო კონკრეტულად გვითხარით, რას გულისხმობს ეს ცვლილებები?

- ჯერ კანონი არ მინახავს, მაგრამ როგორც ვიცი, კანონპროექტი უცვლელად არის მიღებული. თუკი ბანკები მოინდომებენ, რამდენიმე კვირაში შეიძლება მათი გაკოტრება. ვთქვათ, მე მაქვს მიცემული რომელიმე ორგანიზაციისთვის 2 მილიონი დოლარი. მას კი აქვს 3 მილიონი დოლარის გირაო ჩადებული. შეამოწმებენ მას და აღმოაჩენენ, რომ ამ დროს ორგანიზაციას ბიუჯეტის დავალიანება ჰქონდა. დაარიცხავენ პროცენტებს და, ვთქვათ, 500 000 დააწერეს ბიუჯეტის სასარგებლოდ. ეს 500 000 ინკასო მოხვდება ყველაზე წინ, ურიგოდ, ხოლო ფინანსთა სამინისტროს ეძლევა უფლება, ჩემი გირაო მისი პირობის დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს. რეალურად მოხდება ის, რომ გირაოში ჩადებული 3 მილიონის ქონებას ხელისუფლება გაყიდის 500 000-ად, თავის ვალს დაიბრუნებს, ჩემს 2 მილიონ დოლარს კი დატოვებს აბსოლუტურად უპერსპექტივოს და უზრუნველყოფის გარეშე. ანუ, ბანკი ამ 2 მილიონს ვერასოდეს ვერ დაიბრუნებს, მაგრამ ეს ნაკლები უბედურებაა. კიდევ ორი მილიონი მე უნდა დავარეზერვო ამ სესხის ქვეშ. ანუ, 4 მილიონი უნდა დავკარგო. ის კლიენტი კი არაფერს კარგავს. იმ 2 მილიონის ნაცვლად 500 ათასს გადაიხდის, ოღონდ სხვა ფირმით და თავის 3 მილიონის ქონებას დაიბრუნებს ამ 500 ათასად.

სწორედ ამას ეუბნებოდნენ ჩვენს მსხვილ კლიენტებს არ გადაიხადოთ ეს სესხები, ჩვენ აქ ვართო. ეს პროცესები დაიწყება ამ კვირიდან.

მაგრამ სხვა ბანკებზე არ გავრცელდება ეს კანონი? რატომ არ გამოიწვია ამ განხილვამ ხმაური?

- რასაკვირველია, არ გავრცელდება და გვაქვს ეს ინფორმაციაც. არც ერთმა სხვა ბანკმა რომ ხმა არ ამოიღო, ხელისუფლების წარმომადგენლები დადიან და ბანკებს აფრთხილებენ, რომ მათ არ შეეხებათ. ჩვენ კი მხოლოდ პარასკევს გავიგეთ, როცა კანონი საჩქაროდ მიიღეს.

მთლად ასე აშკარად ვერ გააკეთებენ ამას. ამიტომ ჩვენი კლიენტებიდან საჭიროს ამოარჩევენ. ვთქვათ, კლიენტს აქვს ჩვენთან აღებული 4 მილიონი და „საქართველოს ბანკში“ – 1 მილიონი. ამ ორგანიზაციას შეისწავლიან. სანქცია განხორციელდება ორივე ბანკზე, რომ არ გახდეს ნათელი, მარტო “ქართუ”-ს რომ ებრძვიან. ჩვენ იმ 4 მილიონს დავკარგავთ. კლიენტმა შეიძლება 1 მილიონი იმ ბანკში დაკარგოს, მაგრამ აქ მოიგებს. „საქართველოს ბანკიც“ კმაყოფილი იქნება. თითო შემთხვევა მოხდება ყველა ბანკში, ხოლო ჩვენთან იქნება ყველა ეს შემთხვევა პარალელურად. ამდენად, დავზარალდებით მხოლოდ ჩვენ. მაგრამ ხელისუფლება კი იტყვის, რომ ყველა ბანკზე ვრცელდება ეს კანონი და ამით “ქართუს” არ ებრძვიან. ჩვენ კლიენტს ვამოწმებთ, ბანკი რაში გვაინტერესებსო – იტყვიან.

სერიოზულ თანხებში პოლიტიკური ანგარიშსწორება ასეულ მილიონებს გასცდება. თვითონ, კლიენტების მეშვეობით (კლიეტები კი, ძირითადად, სახელისუფლებო ბიზნესის წარმომადგენლები არიან, თუმცა – ფარულად) დიდძალ ფულს იშოვნიან.

როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ამ აჟიოტაჟის გამო “ქართუდან“ ისეთმა მეანაბრეებმაც გაიტანეს თანხები, რომლებსაც ხელფასებზე მეტ თანხას ბიძინა ივანიშვილისგან დახმარების სახით იღებდნენ. რა ხდება ამ თვალსაზრისით?

- ამდენი დარღვევის მიუხედავად, მე მათ კონფედენციალურობას ვიცავ და არც ვკითხულობ, ვის აქვს ჩვენთან ანგარიშები. მაგრამ იმის თქმის უფლება კი მაქვს, რომ გითხრათ – შინაგან საქმეთა სამინისტროს 500-მა თანამშრომელმა გადაიტანა თავისი ანგარიშები სხვა ბანკში. თუ ვასახელებ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს, ან საჯარო ბიბლიოთეკას, რატომ არ უნდა ვთქვა შსს? მაგრამ მათ, ვინც ხელფასის გარდა იღებდნენ დახმარებასაც, გადაიტანეს ის ანგარიშები, რომელზეც სახელმწიფოსგან ხელფასები ერიცხებოდათ. მაგრამ ბარათებზე ბიძინა ივანიშვილის დახმარება, შემწეობა, თუ საჩუქარი, კვლავ რჩებათ.

ამ დროს კი, ანაბრებს ხსნიან ის ადამიანები, რომლებსაც არასდროს მიუღიათ ივანიშვილის დახმარება. რამდენად მორალური საქციელია ეს იმათი მხრიდან?

­- ამას მე ვერ შევაფასებ, ეს თქვენთვის და საზოგადოებისთვის მიგვინდვია. მაგრამ რაც შეეხება ახალი ანაბრების გახსნის საკითხს, ეს კი ნამდვილად მსოფლიოს საბანკო ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა. ოთხ დღეში 6 400 ადამიანმა გახსნა ანაბარი ისეთ პატარა ბანკში, როგორიც ჩვენია. ქალაქში სულ 5 ფილიალია და ყველგან რიგები გაჩნდა. თანხაში ეს არის 620 ათასი, რომელიც არც ერთ ბანკს არ ააყვავებს. მაგრამ ჩვენ რეალურად მივდივართ სახალხო ბანკისკენ. ბანკების ამ ცუდმა პოზიციამ, მარტო საქართველოს ბანკს არ ვგულისხობ, ხალხი დააფიქრა. არც ერთ ბანკს ჩვენი მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებაა. შესაძლოა უმრავლესობას აქვს პროტესტი, მაგრამ მობილურზეც არავის დაურეკავს.

დაფიქსირდება მათი ზარი და ალბათ ამიტომ…

- გასაგებია, და უმეტესად ბანკებს ახალგაზრდა თაობა მართავს, მაგრამ ნუთუ ნოდარ ჯავახიშვილს არ იცნობენ?

- მე ორი საათის განმავლობაში ვიყავი ბანკში და ვნახე ანაბრის გახსნის მსურველების როგორი დიდი ნაკადი იყო. მეც იგივე სურვილი გამიჩნდა, მაგრამ 6 საათამდე რიგი არ მომიწია და ბანკი დაიკეტა.

-იგივე გაგრძელდება. დაგრჩათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მათ რაიმეს ვპირდებით?

- ნამდვილად არა, ძირითადად, პენსიონერები ჭარბობდნენ, რომლებიც თავისი პენსიიდან მიზერულ თანხას დებდნენ ანაბარზე. ბევრი ნაცნობიც ვნახე. რატომ მეკითხებით?

- გაავრცელეს ხმები, თითქოს ამ ხალხს გაორმაგებას დავპირდით. რაც აბსურდია. ადამიანი 1-2, ან 5 ლარს რომ შეიტანს ბანკში, იმისთვის გაორმაგების ინტერესი რომ არ არსებობს, ხომ გასაგებია? მაგრამ, რასაკვირველია, უდიდესი მორალური მხარდაჭერაა ბატონი ბიძინას მოძრაობისთვის. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ქართველებში იწყებს გამოვღვიძებას ღირსების გრძნობა, მაპატიოს ჩემმა ერმა…

სამოქალაქო პასუხისმგებლობა?

- თანადგომის გრძობა და სამოქალაქეო პასუხისმგებლობაც, გეთანხმებით. კარგი იქნება, ჩვენ თუ მართლაც მთლიანად აღვადგენთ ქართველ ერში ამ განცდას, რომ უკანონოდ დასჯილ და შეუარცხყოფილ, ან ფინანსურად შეჭირვებულ ადამიანსაც ერთად დავუდგეთ გვერდით. გული მტკიოდა, როცა ქუჩაში მოკლული ბიჭების, თუ შავოსანი დედების აქციებზე ცოტა ხალხი მოდიოდა. ერთხელ სახლში მოვედი და ცოლს ვუსაყვედურე, რატომ შაოსანი დედბის აქციაზე არ ხარ, ჩვენ რომ შვილები ცოცხალი გვყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვების სატკივარი არ უნდა გვაწუხებდეს-მეთქი. თურმე, მას პირიქით ეგონა – რომ გავაკრიტიკებდი, ქუჩებში რას დაწანწალებთქო. ამის შემდეგ მე და მარინა ერთმანეთს აქციებზე ხშირად ვხვდებოდით. ის, თავის დაქალებთან ერთად, რომლებიც ასევე ბებიები არიან უკვე, ყველა აქციას ესწრებოდა.

ეს თუ დაიწყო, ეს არ არის მარტო ერთი ბანკის, ან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა და სოლიდარობა, თუმცა ეს მოძრაობაც იმისთვის იქმნება, რომ ქართველ ხალხში აღდგეს ქართული სული და ღირსება, ამ ბაზაზე იქმნება ეკონომიკური აღმავლობაც და სახელმწიფოებრივი წინსვლაც. ამდენად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

ჩვენ რომ მართლაც ეროვნული ხელისუფლება გვყავდეს, ქართველ ხალხსა და სახელმწიფოზე მზრუნველი, ამ ფაქტით ბედნიერებიც უნდა იყვნენ. ამ დროს რა ხდება? ეროვნულმა ბანკმა პირველსავე დღეს მოითხოა იმ ხალხის მონაცემების (გვარი, სახელი, პირადობის ნომერი, ანგარიშის ნომერი და შემოტანილი თანხის რაოდენობა) გადაცემა, რომლებმაც ამ დღეებში ჩვენთნ ანგარიშები გახსნეს. რაში აინტერესებთ და რაში ჭირდებათ? ღირსების ორდენებით თუ უნდა დააჯილდოვონ ისინი – ძალიან კარგი. მაგრამ ორგანოს, რომელიც არ დაინტერესებულა იმ ხალხის გარკვევით, ვინ და რატომ გადაიტანა ანგარიშები სხვა ბანკებში, ყველაზე მეტად ბანკების მდგრადობის უზრუნველყოფა უნდა აინტერესებდეს, ეს არის მისი სისხლხორცეული ამოცანა. სამაგიეროდ, ინტერესდება ბანკის მხადამჭერების ვინაობით. ამის შემდეგ სინდისი აძლევს იმის უფლებას, რომ თქვას, ჯავახიშვილი ამ თემის პოლიტიზირებას ახდენსო.

მიეცით ეს მონაცემები?

- ეროვნულ ბანკს აქვს ამის უფლება და მივეცით. მაგრამ რისთვის ჭირდება?

სხვა დროს მოუთხოვიათ?

- არა, ბატონო! ამაშია საქმე. მე რომ ჩავდივარ დღეში ორჯერ ბანკში ქვედა სართულზე, ხალხს მადლობას ვუხდი და ვუბოდიშებ კიდეც, რომ ანაბრის გასახსნელად საათობით რიგში უწევთ დგომა. ასე რომ მოსულიყო ქადაგიძე და საბანკო სისტემის მხარდაჭერისთვის მადლობა ეთქვა ამ ხალხისთვის, გასაგები იქნებოდა. თავად ეს აქტი ხომ არის დაშინების მცდელობა? ქუჩაში რომ გაგაჩერონ და საბუთები გკითხონ, უკვე გიჩნდება შიში, რა დავაშავეო. თუნცად ფეხის ზომა გკითხონ და იცოდე, რომ ფეხსაცმლის ყიდვას არ აპირებენ, ან არც გინდა მათი ნაყიდი ფეხსაცმელი, ესეც ხომ გიქმნის დისკონფორტს?

“ვითიბი” ბანკში, რომელიც რუსული ბანკის დაფუძნებულია, ანგარიშის გასახსნელად მკითხეს, რამდენი გაქვთ ხელფასი და პოლიტიკურად აქტიური თუ ხართო. მე არ მსურდა ამ კითხვაზე პასუხი, რადგან აქტიურობის შემთხვევაში ჩემი მონაცემები უნდა გადაგზავნილიყო ცენტრალურ ოფისში და ჩემი ვარაუდით, სხვა რომ არაფერი, პროცედურა მაინც გამიჭიანურდებოდა. ამის გამო უარი ვთქვი ანგარიშის გახსნაზე. რამდენად ნორმალურია ეს სიტუაცია?

- ეს ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევაა. როცა ისეთ შეკითხვას გისვამენ, რომელზე პასუხის გაცემა არ გინდა, ეს ყოველთვის იწვევს შიშს – რატომ მეკითხებიანო.

ბანკების მხრიდან მხარდაჭერაზე თავშეკავების გამო წუხილი გამოთქვით. რა პოზიცია უჭირავთ საერთაშორისო ბანკებს და მისიებს? მათაც ხომ არ ეშინიათ ამ ხელისუფლების?

- „საქართველოს ბანკში“ ეს ამბავი რომ მოხდა, იმ წუთში მივმართე საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ევრობანკს, მსოფლიო ბანკს. მათთან შეხვედრა ვითხოვე. მაგრამ, ალბათ, შეცდომა დავუშვი, რომ სამსახურის უფროსს დავავალე ამ საკითხის მოგვარება, როგორც წესია, და თავად არ დამირეკავს. ყველა ბანკიდან უპასუხეს, რომ დაკავებულები არიან. შემდეგ მე თვითონ დავურეკე თითოეულს და ავუხსენი, რომ მე მხოლოდ “ქართუ” ბანკის გენერალური მენეჯერი კი არა ვარ, მანამ 4 წელი ვიყავი საერთაშორისო სავალუტო ბანკის მმართველი საქართველოში და დღეს რომ ვაშინგტონში მე, უმუშევარი ნოდარ ჯავახიშვილი, ჩავიდე, თქვენი პრეზიდენტი და დირექტორ-განმკარგულებელი აუცილებლად მიმიღებს და შემხვდება-მეთქი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული და საპატივცემულო ინსტიტუტი, რომელსაც თავისი ტრადიციები გააჩნია. მე ერთი დღეც რომ ვყოფილიყავი მათი მმართველი საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ მე მათთვის პატივსაცემი პიროვნება ვარ.

ამიტომ ვუთხარი – არ გაქვთ უფლება, რომ არ მოიცალოთ ჩემთვის–თქო. მეორე დღესვე დამინიშნეს შეხვედრა. ევრობანკთან ცოტათი გაჭიანურდა, რადგან ლონდონიდან ევრობანკის დირექტორი ჩამოდიოდა და უპრიანიც იყო, რომ სწორედ მას შევხვედროდი. სამი დღის შემდეგ ძალიან პრინციპული საუბარი შედგა ჩვენს შორის. სხვათა შორის, იგი ძალიან გაგებით მოეკიდა ამ საკითხს.

მსოფლიო ბანკის პოზიცია კი ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. წარმომადგენელს ვერ ვესაუბრე. თანაშემწემ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, საკმაოდ მენტორული ტონით მითხრა – როგორ გეკადრებათ, მისიაა ჩამოსული და ხელმძღვანელი ორი დღე დაკავებულიაო. მე ვუთხარი, რომ მსოფლიო ბანკის უამრავი მისია მიმიღია თავის დროზე, ძალიან კარგად ვიცი მათი დაკავებულობა, მაგრამ ღამის სამ საათზე მაინც უნდა მოეცალათ. ასეთ საკითხზე თვითონ მისიაც უნდა შემხვედროდა. მითხრა, რომ მოახსენებდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს. მაგრამ 2 კვირა ვერ მოიცალა, მერე კი შვებულებაში წავიდა. იმედია, უკვე ჩამოვიდოდა და შევხვდები. მაგაზეც მექნება საუბარი. მსოფლიო ბანკს უდიდესი ძალისხმევა და დიდი ფულიც აქვს დახარჯული საქართველოში საბანკო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. როგორ შეიძლება, ეს ფაქტი არ არინტერესებდეთ, რაც “ქართუში“ ხდება.

ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ საერთასორისო მისიები თანამშრომლობენ საქართველოს ხელისუფლებასთან და მათი სიჩუმე, თუ მხარდამჭერი განცხადებები, ამით არის განპირობებული…

- არა, მთლად სიჩუმეც არაა. ბატონი ბიძინას შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან არ იყო დაკავშირებული ბანკში შექმნილ პრობლემასთან. მაგრამ მათ მაინც დააყენეს ეს საკითხი. ყველამ მოისმინა და ამერიკის ელჩმა განცხადებაც გააკეთა, რომ ისინი განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნებენ თვალ-ყურს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის და ბანკის საკითხებს. ეს განცხადება თავისთავად რაღაცას ნიშნავს.

ამას გარდა, თუ ზემოთაღნიშნული კანონი ამოქმედდება, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ ყველა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტს, რომელსაც საქართველოს საბანკო სისტემაში კაპიტალი აქვს ჩადებული. არა გვგონია, ევრობანკმა, AFC-მ, DG-მ, KFC-მ ეს იცოდეს, მაგრამ თუ იციან – საზოგადოებას აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში, რომ ჩუმად არიან. რატომ არიან ჩუმად, როცა ამ ვანდალური აქტით შეიძლება დაიღუპონ? ე.ი. შეთანხმებულები არიან და ეს ნიშნავს, რომ მთელმა მსოფლიომ “ქართუს“ წინააღმდეგ შეკრა პირი. მე გამოვრიცხავ ამას. ამიტომ იძულებული გახდებიან, ხმა ამოიღონ. ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება პოლიტიკურ არენაზე. ვერ ხვდებიან ეტყობა.

საზოგადოებრიობის გარკვეულ ნაწილში გაჩნდა ეჭვი, როგორც ალასანიას მიმართ “მიშა 2”-ის იარლიყი, თითქოს სააკაშვილი სპეციალურად უქმნის ივანიშვილს დაჩაგრულის იმიჯს…

- ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ ავადმყოფურ ჭორებზე საუბარი არამიზანშეწონილად მიმაჩნია, როგორც პოლიტიკოსების, ისე – ჟურნალისტების მხრიდან. წარმოიდგინეთ, ჯანსაღი მამაკაცი ტყეში, მხეცის გამოჩენისას პანიკაში თუ ჩავარდა და გაიქცა, ზურგიდან თავდასხმა უფრო ადვილად არის შესაძლებელი. ძლიერი მამაკაცი კი, მგელს უნდა შეებრძოლოს და მოერიოს. ყოველ შემთხვევაში, თავი ადვილად არ უნდა შეაჭმევინოს. ასე შეიძლება აღვიქვათ ხელისუფლების ნაბიჯები. ფილმში მაინც მინახავს, რომ პაიკაში ჩავარდილი ადამიანი შეიძლება მეთექვსმეტე სართულის ფანჯრიდან გადახტეს. აქ უკვე გადარჩენის შანსი გამორიცხულია.

ჩვენ არ დავპანიკდებით და საზოგადოებას ვპირდები, რომ ნოდარ ჯავახიშვილი არაფერს არ დათმობს. ამასობაში გამოჩნდება, საით არის სიმართლე. მე უბრალოდ ბანკში სამუშაოდ კი არ მოვედი, ბრძოლაში მომიწია მონაწილეობა. პირველივე ღამეს რომ დააპატიმრეს თანამშრომლები და შუა ღამემდე ყველანი აქ ვიყავით, მანქანა გავუგზავნე დაკავებულებს, გათავისუფლების შემდეგ რომ მოსულიყვნენ ბანკში და ყველას ავუხსენი, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. ამიტომ ვისაც ეშინია, წაბრძანდნენ სახლებში და როცა სიტუაცია გამოსწორდება, ყველას დავაბრუნებ უკან. მე ვერავის მოვთხოვ გმირობას. ვისაც შეგიძლიათ ბრძოლა – დარჩით და ვიბრძოლოთ, თქვენ ვერ ნახავთ შეშინებულ, ხელებჩამოშვებულ ნოდარ ჯავახიშვილს-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ ბანკი არ აპირებს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმას.

მეორე დღეს ბანკში მოსულს მითხრეს, რომ ერთ-ერთ ოდიოზურ ფიგურას სესხი აქვს დამტკიცებული და არ მივცეთო. მე უარი ვთქვი, თუ სესხი დამტკიცებულია, პოლიტიკურ ნაბიჯს ნუ გადავდგამთ-თქო.

რაც შეეხება ფორუმის და ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლობას, თუ არის ეს გადაწყვეტილი?

- მე ვიცი, რომ შეხვედრები იყო, მაგრამ თანამშრომლობის შესახებ რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მე ვერ გიპასუხებთ ამაზე. სხვის ფუნქციებში მე არ ვიჭრები, სანამ არ მეტყვიან, რომ ამ საკითხებზე განცხადებების გაკეთება ჩემგან უკეთესია.

http://www.presage.tv/?m=society&AID=7923

2 Responses to “• ბიძინა ივანიშვილი”

  1. გიორგი გულბანი said

    ქალბატონო ლეილა,

    მართალს ბრძანებთ, რომ დღეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა. ჩემის აზრით, ამას ბატონი ბიძინას სიმდიდრე და პიროვნული თვისებები არ განაპირობებს, არამედ სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გარემოება.

    ერთის მხრივ, სააკაშვილის რეჟიმი სრულიად გაირყვნა და საძულველი გახდა ქართველი ერის უმრავლესობისთვის. მეორეს მხრივ, სააკაშვილი აღარ მოსწონს მის ბატონსაც, რომელიც აუცილებლად გამოიყენებს ერის განწყობას მის შესაცვლელად. მერწმუნეთ, რომ განმეორდება “ვარდების რევოლუციის” მსგავსი ფარსი და მიშას ზუსტად ისე “გაიტანენ”, როგორც არამზადა შევარდნაძე გაიტანეს პარლამენტის დარბაზიდან. ამ გეგმას საქართველოში წინ ვერავინ დაუდგება. არც არავინ დაუდგება, როცა საქმე საქმეზე მივა.

    ჩემი მოსაზრება რამოდენიმე ფაქტს ეყრდნობა:

    1. ბატონი ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ, ორიოდე დღის მანძილზე მას ოფისში ეახლა საქართველოში მყოფი ყველა დასავლელი ელჩი. ამაზე ღია და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა ძნელად წარმოსადგენია ადამიანისთვის, ვისაც არანაირი პოლიტიკური წარსული არ აქვს. ეს, დიპლომატიური წესების თვალსაზრისით იყო ღია და ურყევი დემონსტრირება დასავლეთის მთავრობების მხრიდან, რომ მიშა უნდა წავიდეს.

    2. ცოტა ხნით ადრე, ამერიკის საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელმა (სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა) განაცხადა, რომ 2013 წელს საქართველოში მოხდება ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს პირი ნათელმხილველი იყოს და საკუთარ ზმანებებზე საუბრობდეს. სხვაგვარად საიდან უნდა იცოდეს, რომ 2013 წელს ისევ ნაციონალების წარმომადგენელი ვერ გაიმარჯვებს, თუკი ეს სხვაგვარად გადაწყვეტილი არ არის? ანუ, ამ პირმა იცის, რომ სააკაშვილის რეჟიმი ვერ გააყალბებს 2013 წლის არჩევნებს. უცნაურია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ 2004 წლის შემდეგ არსებულმა რეჟიმმა ყველა არჩევნების შედეგი გააყალბა.

    3. ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2012 წელს ის ხელისუფლებაში მოვა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი უმრავლესობით (სულ ცოტა მანდატების 67%). მას არ უთქვამს, რომ ეს მისი სურვილია, არამედ განაცხადა დარწმუნებით. დაუჯერებელია, რომ ესეც ნათელმხილველობის შედეგი იყოს. საქმე უფრო მარტივადაა. დიპლომატებმა და ბატონმა ბიძინამ ზუსტად იციან, რომ გადამწყვეტ მომენტში სააკაშვილს შემოეცლება ყველა, ვისაც არჩევნების შედეგების გაყალბება და ხალხის დახვრეტა ხელეწიფება, რადგან ამ პირებს უკვე წაუყენეს ულტიმატუმი: ან შეგრჩებათ აქამდე ნაძარცვი და მოგეცემათ მყუდროდ ცხოვრების უფლება, ან უმკაცრესად დაისჯებით! შევარდნძის ხროვის მაგალითი სახეზეა და არა მგონია ვიმნემ გაბედოს ურჩობა.

    4. ივანიშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას შეცდომები ჰქონდაო. რა თქმა უნდა ეს ცილისწამებაა, მაგრამ დასავლელი ბატონები კატეგორიულად მოითხოვენ ეროვნული იდეალების უარყოფას. ამავე ბატონების იდეა ფიქსია სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა, ანუ გარყვნლების პროპაგანდის თავისუფლება და ბატონმა ბიძინამაც საგანგებოდ აღნიშნა ამგვარი “თავისუფლების” მხარდაჭერა.

    5. ივანიშვილმა პარტნიორად დაასახელა შევარდნაძის უშიშროების ყოფილი ოფიცერი და ამერიკის ადმინისტრაციის ფავორიტი ალასანია. ალასანია სრულიად უნიათო აღმოჩნდა სააკაშვილთან დაპირისპირებაში და მას სჭირდება ივანიშვილის მსგავსი კაცი. საგულისხმოა ბატონი ივანიშვილის განცხადებაც, რომ იგი არ აპირებს პოლიტიკაში დიდი ხნით დარჩენას და რამოდენიმე წელიწადში კვლავ ბიზნესს დაუბრუნდება. სავარაუდოა, რომ ივანიშვილი დაეხმარება ალასანიას ხელისუფლების მიღებაში და ამით დაიბრუნებს მშვიდად ცხოვრების უფლებას.

    6. ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის, რადგან ჩვენი სამშობლო იღუპებაო. საინტერესოა, შევარდნაძე-იოსელიანის ბანდების თარეშისა და აფხაზეთ-სამაჩაბლოს გასხვისების დროს რატომ არ დაეუფლა იგივე შეგრძნება ბატონ ბიძინას? ანუ, 1992 წლიდან 2011 წლამდე საქართველო ტერიტორიებს იბრუნებდა და ეკონომიკაც ჰყვაოდა, თუ როგორაა საქმე?

    მოკლედ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით (სულ ცოტა მანდატების 67%) გაიმარჯვებს ივანიშვილის კოალიცია და მოახდენს სააკაშვილის იმპიჩმენტს. დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და “გაიმარჯვებს” ალასანია. ეს გარდაუვალია და ერთგვარად სამართლიანიც.

    მთავარი ამბავი სულ სხვაა. მთავარია, რომ ამ ახლად არჩეულმა ხელისუფლებამ არ აღიაროს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა. მასხარა სარკოზი და სხვა დასავლელი “ბატონები” სულ იმას ჩაგვჩიჩინებენ, რომ აუცილებელია რუსეთთან საერთო ენის გამონახვა. რუსეთი კი ამის წინა პირობად ჩვენი მიწაწყლის გასხვისების იურიდიულ გაფორმებას აყენებს. ღმერთმა მოგვცეს ძალა ქართველ ერს, რომ ავიცილოთ ეს საფრთხე.

    გიორგი გულბანი

  2. jaba melkadze said

    ნაბიჭვარია ეგ “ბატონი” ბიძინა და მეტი არაფერი…..კახი როგორა ყავს გვერდში, კახი, ჯეობარის მეხოტბე და ბუდაბარებისა და კერპთა აღმმართველი საქართველოში! ანაც კიკუ-ოპოზიცია? მაგ არაკაცი და ცბიერების გუდა ზვიადს როგორ ახსენებს? “ერო ჩემო, მთავარნი შენნი გაცდუნებენ შენ!”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: