IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

•პავლე ინგოროყვა – “აფხაზეთის სამეფო”

♥ აფხაზეთი – Abkhazia

პავლე ინგოროყვა

 

IV

დასავლეთ საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო

(“აფხაზეთის სამეფო”)

და ცნობები მის შესახებ გიორგი მერჩულეს ძეგლში

მე-8 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული, მე-8-10 საუკუნეთა მანძილზე, დასავლეთ საქართველოს, როგორც ცნობილია. ეწოდება “აფხაზეთი“. ასე ეწოდება დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, გიორგი მერჩულის ძეგლშიაც.

აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ ეს სახელწოდება “აფხაზეთი” შერჩა დასავლეთ საქართველოს უფრო გვიან ხანაშიც, მას შემდეგაც, რაც საქარველოს სამეფო-სამთავროები მე-10-11 საუკუნეთა საზღვარზე გაერთიანდნენ ერთი მთლიანი სახელმწიფოს სახით. ამ გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ სახელწოდებაში, როგორც ცნობილია, პირველად მოიხსენებოდა აფხაზეთი, რა სახელითაც იგულისხმებოდა მთელი დასავლეთი საქართველო.

მე-12-13 საუკუნეებში, როდესაც საქართველოს ფარგლებში გაერთიანდა მთელი კავკასია (და აგრეთვე შემოერთებულ იქნა კავკასიის მოსაზღვრე სანაპიროები ანატოლიასა და ირანისა), სრული ტიტულატურა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთა, როგორც ცნობილია, შემდეგი იყო:

“მეფე აფხაზთა და ქართველთა (=ქართლელთა), რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა (=შარვან შაჰი) და შაჰანშა (=შაჰან შაჰი), და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით მპყრობელი”.

როდესაც ეს ტიტულატურა შემოკლებით იხმარებოდა, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ეწოდებოდა “მეფე აფხაზთა”, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს მთლიანად აღებულს ეწოდებოდა “აფხაზეთი”, “ქუეყანა აფხაზეთისა”. ასე მაგალითად, როგორც ქართულს, ისე უცხოურ წყაროებშიაც, დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს ხშირად მიემართება ეს ტიტული – “მეფე აფხაზთა”, ხოლო მე-12-13 საუკუნეთა საქართველოს, რომელიც მთელს კავკასიას მოიცავდა, ეწოდება “აფხაზეთი”, “ქუეყანა აფხაზეთისა”.

ამრიგად, “სახელწოდება “აფხაზეთი” გახდა სინონიმი ჯერ დასავლეთ საქართველოში, ხოლო საქართველოს გაერთიანების შემდეგ იგი იხმარებოდა როგორც სინონიმი მთლიანად საქართველოს სახელმწიფოსი. [114]

 

***

რა წარმოშობისაა ეს სახელწოდება “აფხაზეთი” ასეთი გაფართოებული მნიშვნელობით? ვინ იყვნენ თვით აფხაზნი, რომელთაც თავისი სახელწოდება გადასცეს ჯერ დასავლეთ საქართველოს, ხოლო შემდეგ მთელ საქართველოს სახელმწიფოს?

სახელწოდება “აფხაზეთი” – გაფართოებული მნიშვნელობით, როგორც ზოგადი სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი, პირველად შემოდის ხმარებაში, როგორც მოვიხსენეთ, მე-8 საუკუნის მეორე ნახევრიდან, რა დროსაც შეიქმნა დასავლეთ საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო – “აფხაზეთის სამეფო” ანუ “აფხაზთა სამეფო”.

ქართულ ისტორიოგრაფიაში დასავლეთ საქართველოს – “აფხაზთა სამეფოს” – დაარსების გამო ის შეხედულებაა მიღებული, ვითომც ამ დროს, მე-8 საუკუნის მეორე ნახევარში, მოხდა დაპყრობა დასავლეთ საქართველოსი აფხაზების მიერ) რომლებიც, ამ შემცდარი შეხედულების თანახმად, არა-ქართველ ტომად არის მონათლული), და ვითომც ამის შემდეგ ორი მომდევნო საუკუნე (მე-9-10 საუკუნეები) – ეს არის ერთგვარად “აფხაზური ერა” დასავლეთ საქართველოს ისტორიაში.

ქართული ისტორიის მიღებულ სახელმძღვანელოში დასავლეთ საქართველოს – “აფხაზეთის სამეფოს” – დაარსების ისტორია ასეა განმარტებული; მოგვყავს სათანადო ამონაწერი:

“მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ამ დროისათვის (მე-8 საუკუნის მეორე ნახევრისთვის) დასავლეთ საქართველოშიაც. როგორც ვიცით, მე-6 საუკუნის დამდეგიდან აბაზგების (აფხაზების) სამთავრო ეგრისის სამეფოდან გამოყოფილი იყო და ბიზანტიის კეისარს ემორჩილებოდა უშუალოდ. ეს მთავრები შემდეგში კეისრებმა თავის ერისთავებად აქციეს აფხაზეთში. მე-8 საუკუნეში აფხაზეთი უკვე მჭიდროდ დასახლებული და მშვიდობიანობით მოსარგებლე ქვეყანა იყო.

“მე-8 საუკუნის დამლევს ბიზანტიაში დიდი შენაური შფოთი და არევ-დარევა ატყდა. ამით ისარგებლა აფხაზთა ერისთავმა ლეონ მეორემ, მოირთო ძალა ხაზართა მეფისაგან, რომლის ასულის შვილიც იგი იყო, და თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. ამ დროს ძველი ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფო დაუძლურებული იყო. აფხაზთა ერისთავმაც ადვილად დაიპყრო ეგრისი და არგვეთი (დასავლეთ საქართველო ვიდრე ლიხის მთამდე).

“ლეონმა და მისმა მემკვიდრეებმა თავის სატახტო ქალაქად ქუთათისი, დღევანდელი ქუთაისი, აირჩიეს … ამის შემდეგ აფხაზთა ერისთავმა “მეფის” წოდებულებაც მიიღო.

“დინასტიის მიხედვით დასავლეთ საქართველოს ამ ახალ სამთავროსაც “აფხაზთა სამეფო” ეწოდა. თვით მოსახლეობის შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. მე-9-10 საუკუნეებშიც დასავლეთ საქართველოს მოსახლოების უმრავლესობას ისევ საკუთრივ ქართველი ტომები – ქართები, მეგრელები და სვანები შეადგენდნენ”1.

————

1 იხ. საქართველოს ისტორია, 1, ს. ჯანაშიას რედაქციით, 1948 წ., გვ. 146-147.

[115]

ამრიგად, ამ შეხედულების თამახმად, აფხაზებს მე-8 საუკუნის დასასრულს ვითომც დაუპყრიათ დასავლეთ საქართველო – ვიდრე ლიხის მთამდე და დაუარსებიათ “აფხაზთა სამეფო”.

ხოლო ვინ იყვნენ აფხაზები?

აფხაზები, წარმოდგენილი შემცდარი შეხედულებით, მიჩნეული არიან არაქართული მოდგმის ტომად. თუმცაღა მას შემდეგ, რაც აფხაზებმა ვითომც დაიპყრეს დასავლეთ საქართველო, მოსახლეობის შემადგენლობაში “დიდი ცვლილება” არ მომხდარაო და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ისევ საკუთრივ ქაართველი ტომები, – ქართები, მეგრელები და სვანები, – შეადგენენო, მაგრამ, სახელმძღვანელოს დასკვნის თანახმად, ივარაუდება, რომ ნაწილობრივი ცვლილება მაინც მომხდარა; ეს ნაწილობრივი ცვლილება ვითომც იმაში გამოიხატა, რომ ქართველი ტომების (ქართების, მეგრელებისა და სვანების) მიწა-წყალზე მოხდა გაფართოება აფხაზთა ტერიტორიისა ქართველთა ტომების ტერიტორიის ანგარიშზე.

***

ეს შეხედულებანი დასავლეთ საქართველოს – “აფხაზთა სამეფოს” – ისტორიის შესახებ, რაც მიღებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში, არ შეეფერება სინამდვილეს.

საისტორიო მასალების პრეცეზული ანალიზის შედეგად, როგორც ეს ქვემოთ ნათელი გახდება მკითხველისათვის, ირკვევა შემდეგი:

1. აფხაზეთის ტერიტორია იმ ეპოქაში, როდესაც დაარსდა “აფხაზთა სამეფო”. ე.ი. მე-8 საუკუნეში, დასახლებული იყო ქართველი ტომებით, და ეს არა მარტო ამ დროს, მე-8 საუკუნეში, არამედ საერთოდ მთელი ძველი ისტორიის მანძილზე, ანტიკურ ხანაში და საშუალო საუკუნეებში. აფხაზები და აფხაზეთში მოსახლე სხვა ტომები იყვნენ, ქართული წარმოშობისა, ქართულის დიალექტზე მოლაპარაკე, როგორც დასავლეთ საქართველოს დანარჩენი ქართველი ტომები – ქართები, მეგრელები და სვანები.

2. გარდა იმისა, რომ აფხაზები იყვნენ წარმოშობითა და ენით, თვით ისტორიული ვითარება აფხაზეთის სამეფოს დაარსებისა არაა სწორედ გაშუქებული ქართულ ისტორიოგრაფიაში. სინამდვილეში არავითარი დაპყრობა დასავლეთ საქართველოსი აფხაზების (ე.ი. აფხაზეთში მოსახლე ქართველი ტომის) მიერ არ მომხდარა, არამედ მოხდა აფხაზეთის ერისთავის მოთავეობით განთავისუფლება როგორც აფხაზეთისა, ისე დასავლეთ საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებისა ბიზანტიის იმპერიის ბატონობისაგან.

ძირითადს ისტორიულ პირველწყაროში – “მატიანე ქართლისაი”-ს ძეგლში – პირდაპირ აღნიშნულია, რომ აფხაზთა ერისთავი “გაადგა ბერძენთა (ბიზანტიელთა), დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე” (იხ. ქართლის ცხოვრება, ანასეული ნუსხა, გვ. 161), ე.ი. აფხაზთა ერისთავმა აფხაზეთიდან კი არ დაიპყრა ეგრისი, არამედ ორივე მხარე, აფხაზეთიც, და ეგრისიც ვიდრე ლიხის მთამდე, დაიპყრა ბიზანტიელთაგან, განათავისუფლა ბიზანტიელთა ბატონობისაგან.

აქ ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ ერთ ფაქტს, ხოლო ისტორიული ვითარება მთლიანის სახით აღდგენილი გვაქვს ქვემოთ. [116]

3. ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით აქ საჭიროა ხაზი გავუსვათ აგრეთვე იმ გარემოებასაც, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც დასავლეთი საქართველო, აფხაზეთთან ერთად, აფხაზეთის დინასტიის მოთავეობით, განთავისუფლდა ბიზანტიის ბატონობისაგან, და შეიქმნა დასავლეთ-საქართველოს – “აფხაზეთის სამეფო”, სწორედ ამ დროიდან იწყება მკვეთრი, წმინდა ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარება დასავლეთ საქართველოში, ბერძნული ენა, რომელიც ბიზანტიის ხანგრძლივი ბატონობის შედეგად გაბატონებული იყო დასავლეთ საქართველოში როგორც მთავარი სახელმწიფო ენა, განდევნილ იქნა სწორედ აფხაზთა დინასტიის მიერ და ბერძნულის ადგილი მთლიანად ქართულმა დაიჭირა. ბერძნული ენა განდევნილ იქნა ეკლესიიდანაც და მის მაგიერ ქართული იქნა შემოღებული. დასავლეთ საქართველოს ეკლესია, რომელიც მანამდე იერარქიულად დაკავშირებული იყო კონსტანტინეპოლის პატრიარქთან, ჩამოშორდა კონსტანტინეპოლს და დაუკავშირდა ქართლის (იბერიის) საკათალიკოზოს.

ამრიგად, ხანა “აფხაზთა სამეფოსი” – ეს არის ეპოქა ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სრული და საბოლოო გამარჯვებისა დასავლეთ საქართველოში.

რასაკვირველია, ყოველივე ეს უცნაური და გაუგებარი იქნებოდა, თუ ჩვენ დავუშვებდით, რომ დასავლეთ საქართველოს “აფხაზთა სამეფო” ვოთომც შეიქმნა დასავლეთ საქართველოს დაპყრობის შედეგად უცხო, არა-ქართველი ტომის მიერ. მაგრამ, როგორც მოვიხსენეთ, არაფერი ამის მსგავსი სინამდვილეში არ მომხდარა; დასავლეთ საქართველოს ქართული სახელმწიფო შექმნილია ქართველი ტომების მიერ, და ერთ-ერთი ამ ტომთა შორის არის ქართველი ტომი აფხაზები.

***

შეხედულებანი, რომლებიც მიღებულია აფხაზთა ტომის ვინაობის შესახებ და დასავლეთ საქართველოს – “აფხაზთა სამეფოს” – დაარსების ისტორიული ვითარების შესახებ იმდენად დაცილებულია სინამდვილეს, იმდენად შემცდარად წარმოგვიდგენს არა თუ ერთ კერძოობითს საკითხს, არამედ მთელ პერიოდს ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია დაწვრილებით შევჩერდეთ ამ საგანზე, რათა საკითხში სრული სინათლე იქნეს შეტანილი. ჩვენ აქ სპეციალურ მიმოხილვას მივუძღვნით საკითხებს:

ა) როგორი იყო აფხაზეთის მხარეთა მოსახლეობის ეთნოგრაფიული შემადგენლობა ანტიკურ ხანასა და საშუალო საუკუნეებში, ვინ იყვნენ აფხაზები და აფხაზეთის მკვიდრი სხვა ტომები;

ბ) რა ისტორიულ ვითარებაში მოხდა დასავლეთ საქართველოს – “აფხაზეთის სამეფოს” – დაარსება.

ამ საკითხთა განხილვის შემდეგ ჩვენ შევეხებით ცნობებს, რომელთაც შიეცავს გიორგი მერჩულის ძეგლი “აფხაზეთის სამეფოს შესახებ. [117]

I

აფხაზეთის მხარეთა მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა

ანტიკურ ხანაში და საშუალო საუკუნეებში

გადავდივართ რა აფხაზეთის ისტორიული ეთნოგრაფიის საკითხთა განხილვაზე, ჩვენ აქ წინასწარ შევჩერდებით კითხვაზე, თუ როგორი იყო ტერიტორიული მოცულობა საკუთრივ აფხაზეთის მხარეთა (ვიწრო მნიშვნელობით).

აფხაზეთის მხარეთა ტერიტორიული მოცულობა

სახელწოდებით “აფხაზეთის მხარენი” ანუ “აფხაზეთი” ვიწრო მნიშვნელობით – ჩვენ ვგულისხმობთ ისტორიული “აფხაზეთის საერისთავო“- ს ტერიტორიას იმ ფარგლებში, რომლებშიც იგი არსებობდა მე-8 საუკუნის შუა წლებში (ე.ი. უფრო ადრე, ვიდრე დაარსდებოდა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფო “აფხაზეთის სამეფოს” სახელწოდებით).

ეს ტერიტორიული ერთეული, – “აფხაზეთის საერისთავო” ანუ “აფხაზეთი” ვიწრო მნიშვნელობით – არ იყო შემთხვევითი, დროებით შეკოწიწებული ადმინისტრაციული ერთეული, არამედ წარმოადგენდა მყარს გეოგრაფიულ მთლიანს, რომელსაც არ შეუცვლია თავისი ადრინდელი ტერიტორიული მოცულობა მას შემდეგაც, რაც იგი შევიდა ჯერ დასავლეთ საქართველოს ფეოდალურ სახელმწიფოს შემადგენლობაში, ხოლო შემდეგ – გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში.

როდესაც ძველ-ქართულსა და ბიზანტიურს საისტორიო წყაროებში საუბარია აფხაზეთის ქვეყანაზე ვიწრო მნიშვნელობით, იგულისხმება აფხაზეთის საერისთავოს მოცულობით. კერძოდ, გვიან ხანაში, მე-12-13 საუკუნეებში (თამარის ეპოქაში) არსებული ადმინისტრაციული ერთეული ცხუმის საერისთავო – ტერიტორიული მოცულობით იგივეა, რაც მე-8 საუკუნეში არსებული აფხაზეთის საერისთავო.

***

საერისთავო წყაროების ჩვენებათა თანახმად, საზღვრები საკუთრივ აფხაზეთის მხარეთა (მე-8 საუკუნის აფხაზეთის საერისთავოს ფარგლებში) შემდეგი იყო.

ჩრდილოეთის მხრით საზღვრად დასახელებულია მდინარე ნიკოფსიის (ნიკოფსიისის) ხეობა. ამ მდინარესთან მდებარეობდა ქალაქი ამავე სახელწოდებისა, საისტორიო წყაროებში კარგად ცნობილი ქალაქი ნიკოფსია (ნიკოფსისი).

მდინარე ნიკოფსია ერთვის შავ ზღვას ტუაფსესა და გელანჯიკს შუა, ტუაფსიდან ოცი კილომეტრის ჩრდილოეთით 1.

—————–

1 ქალაქ ნიკოფსიის ადგილმდებარეობა ზუსტად ირკვევა მე-5 საუკუნის გეოგრაფოსის პერიპლუსიში აღნიშნული მანძილების მიხედვით (იხ. SC, I, გვ. 278). აღსანიშნავია ამასთან, რომ მდინარე ნიკოფსიას დღემდე შერჩენილი აქვს ძველი სახელი; მას ამჟამად ეწოდება, ოდნავ შეცვლილად, “ნიკოფსუხო” ანუ “ნეკოფსუხო” (რუსულ რუკებზე Негопсухо). მდინარე ნიკოფსიის ხეობაში შენახულა ნანგრევები ნიკოფსიის ძველი ნაქალაქევისა. (ნიკოფსიის ადგილმდებარეობის შესახებ იხ. აგრეთვე: ფრ. დიუბუა დე მონპერე, Voyage autour du Caucase, I, 1839 წ. გვ. 194-195; კარლ მიულერი, Fragmenta historicorum Graecorum, V, 1870 წ., გბ. 180, 18 7; ფ. ბრუნი – წერილი Восточный берег Черного моря по древним периплам и компасовым картам, წიგნში Черноморъе, II, 1880 წ., გვ. 259); В. Латышев, К истории христианства на Кавказе, 1911 წ., გვ 5.

[119]

მდინარე ნიკოფსიის ხეობა გაჰყოფდა აფხაზეთის მხარეებს დიდი ჯიქეთიდან. (კერძოდ, ქალაქი ნიკოფსია, რომელიც საზღვრის ხაზზე მდებარეობდა, შედიოდა აფხაზეთის ფარგლებში)1.

ეს რაც შეეხება ჩრდილოეთ საზღვარს.

აფხაზეთის მხარეთა (აფხაზეთის საერისთავოს) სამხრეთი საზღვარი ეს იყო ძველი დროიდანვე არსებული დიდი საფორტიფიკაციო ნაგებობა – კელასურის ზღუდე-კედელი, “ზღუდე, საზღვარი კლისურისა” (ძველი წყაროების კორახის ზღუდე), რომელიც იწყება მდინარე კელასურის შესართავთან (ქალაქ სუხუმის მიდამოებში, 4 კილომეტრის მანძილზე სამხრეთით), მიჰყვება ჯერ კელასურის ხეობას (მარცხენა სანაპიროს), შემდეგ უხვევს აღმოსავლეთისაკენ და ქერჩის მთის ხაზით გადადის ფარავნის ქედზე კოდორის ხეობაში.

ეს სამხრეთი საზღვარი გაჰყოფს აფხაზეთის მხარეებს (ყოფილ აფხაზეთის საერისთავოს) ეგრისიდან.

ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი აფხაზეთის მხარეთა არის კავკასიონი; სამხრეთ-დასავლეთი საზღვარია შავი ზღვა.

***

აფხაზეთის მხარეთა დასახელებული საზღვრები ზუსტად ირკვევა როგორც ქართული, ისე ბერძნული საისტორიო წყაროებით.

მოგვყავს აქ წყაროების ჩვენება.

მე-10 საუკუნის ბერძენ ავტორს კონსტანტინე პორფიროგენეტს ასე აქვს აღწერილი ჯიქეთის (დიდი ჯიქეთის) და აფხაზეთის მხარეების ტერიტორიული მოცულობა; კონსტანტინე პორფიროგენეტი წერს:

“ჯიქეთი [იგულისხმება დიდი ჯიქეთი] მდებარეობს 300 მილის მანძილზე, დაწყებული უკრუხიდან [მდინარე ყუბანიდან] ვიდრე მდინარე ნიკოფსისამდე, სადაც მდებარეობს ამავე სახელწოდების ქალაქი…

“ჯიქეთიდან, ე.ი. მდინარე ნიკოფსისიდან, ვიდრე ქალაქ სოტირიუპოლამდე [ძველი დიოსკურია, თანამედროვე ქ. სუხუმის სექტორში]2 ზღვის ნაპირას მდებარეობს აბაზგია [აფხაზეთი], აგრეთვე 300 მილის მანძილხე” 3.

ამრიგად, აქ მოხაზულია აფხაზეთის მხარეთა ის საზღვრები, რაც ზემოთ იყო ნაჩვენები.

რაც შეეხება ქართულ წყაროებს, აქ აფხაზეთის მხარეთა საზღვრები ასეა აღნიშნული:

სამხრეთ საზღვრად აფხაზეთის მარეებისა ნაჩვენებია კელასურის ზღუდე-კედელი – “ზღუდე იგი, საზღვარი კლისურისა” (ჯუანშერის მატიანე)4.

————————

1 იხ. გიორგი მცირე მთაწმინდელი, ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა (ათონის კრებული, 1901 წ.). გვ. 315.

2 სოტირიუპოლის ლოკალიზაციის საკითხის გამო იხ. ქვემოთ.

3 იხ. კონსტანტინე პორფიროგენეტი, op, cit., თავი 42, გვ. 181-182.

4 იხ. გვ. *419-420/208-209.

 

[120]

ხოლო ჩრდილოეთ საზღვრად წყაროებში დასახელებულია:

ა) ნიკოფსია ანუ ნაფსაჲს ნავთსადგური (იოანე საბანის-ძე, ეფთიმე მთაწმინდელი, გიორგი მცირე მთაწმინდელი, აგრეთვე შემდგომი ხანის ქართული მატიანეები)1.

ბ) “მდინარე მცირისა ხაზარეთისა” (ვახტანგ გორგასარის მატიანე)2, როგორც ეს ცხადი ხდება ერთმხრივი ჩვენებებიდან საისტორიო წყაროებისა, რომლებიც აფხაზეთის ჩრდილოეთ საზღვრად ნიკოფსიას აღნიშნავენ, “მდინარე მცირისა ხაზარეთისა” ქალაქ ნიკოფსიის სექტორის მდინარე ყოფილა 3.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი ნიკოფსია არა მხოლოდ მე-8 საუკუნეში ყოფილა საზღვარი აფხაზეთის მხარეებისა, არამედ შემდეგაც იგივე ნიკოფსია იყო საზღვარი დასავლეთ საქართველოს ფეოდალური სამეფოსი (“აფხაზეთის სამეფოსი”), ხოლო შემდეგ გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოსი.

უფრო გვიანაც, მე-12-13 საუკუნეებში, დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქაში საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარია იგივე ნიკოფსია. (მე-12-13 საუკუნეებში, საზღვრები საქართველოს სახელმწიფოსი, რომელიც ამ დროს მოიცავდა მთელ კავკასიას, ასე აღინიშნებოდა: “ნიკოფსიითგან – დარუბანდამდე”)4.

რაც შეეხება აფხაზეთის მხარეთა სამხრეთ საზღვარს კელასურის კედლის სექტორში, ისიც აგრეთვე არ წარმოადგენდა დროებითი ხასიათის მიჯნას, არამედ სასაზღვრო ხაზი ამ სექტორში საუკუნეთა მანძილზე არსებულა, ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მოკიდებული 5.

———————-

1 იხ. იოანე საბანისძე, გვ. 66; ეფთიმე მთაწმინდელი, გლოსა ჩართული ბერძნულიდან თარგმნილ ანდრია მოციქულის ცხოვრებაში (საქართველოს სამოთხე, 1832 წ., გვ. 36); გიორგი მცირე მთაწმინდელი, ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა (ათონის კრებული, 1901 წ,) გვ. 315. იხ. აგრეთვე აქვე შენიშვნა 4.

2 იხ. ცხოვრება ვახტანგ გორგასარისა, გვ. *358/157. შეად. აგრეთვე ლეონტი მროველი, გვ. *98/3 (ჯუანშერის მატიანეში, გვ, *429/209, ტექსტი დაზიანებულია).

3 “მდინარე მცირისა ხაზარეთისა”, როგორც ირკვევა საისტორიო წყაროების ჩვენებათა შეფარდებიდან, ეს არის მდინარე შაფსუხო, რომელიც მომდინარეობს ნიკოფსიის ხეობის მოსაზღვრედ ჩრდილოეთის მხრიდან; იგი არის პირველი მდინარე დიდი ჯიქეთისა ნიკოფსიის საზღვრის ჩრდილოეთით. დიდი ჯიქეთი მე-8 საუკუნეში პოლიტიკურად ხაზარეთთან იყო დაკავშირებული (იგი, როგორც ირკვევა, “მცირე ხაზარეთში” შედიოდა) და ამიტომ არის, რომ მოსაზღვრე პირველი ხეობის მდინარეს რქმევია “მდინარე მცირისა ხაზარეთისა”.

ამ მდინარის შესახებ წყაროებში ამავე დროს აღნიშნულია, რომ იგი მდინარეებს იმ სექტორში, “სადა დასწყდების წვერი კავკასიასა”. ტუაფსის ჩრდილოეთით კავკასიონის ქედის სიმაღლე თანდათან კლებულობს, აქედან იწყება კავკასიონის ქედის “დაწყდომა”. კერძოდ, მდინარე ნიკოფსიასა და შაფსუხოს სათავეებთან კავკასიონის ქედიდან ჩამოდის მძლავრი შტო, რომლის კვერნაქები ადგება შავ ზღვას მდინარე შაფსუხოს და ნიკოფსიის ხეობათა გაყოლებით. როგორც ჩანს, ეს შტო კავკასიონისა იგულისხმება ქართულ წყაროებში, სადაც აღნიშნულია, რომ მცირისა ხაზარეთისა მდინარის ზონაში “დასწყდების წვერი კავკასიასა” (ანუ მეორე ტექსტით: “წასწვდების წვერი კავკასიასა”).

4 იხ. დავით აღმაშენებლის ანდერძი (ქრონიკები, II, გვ, 51); ისტორია – აზმანნი შარავანდედთანი (გვ. *701/500, *711/516, *650/435) და სხვანი.

5 იხ. კლავდი პტოლემეს გეოგრაფია (მე-2 საუკ. ახ.წ.), სადაც კოლხიდის საზღვარი აღნიშნულია ამავე სექტორში, მდ. კორაქსთან (კელასურთან), ქ. დიოსკურიის ზონაში (SC, I, 240). იხ. აგრეთვე მე-5 საუკუნის ანონიმი გეოგრაფოსის პერიპლუსი, სადაც ლაზეთის (ძველი კოლხეთის) საზღვარი ასევე ნაჩვენებია ქ. დიოსკურიის ზონაში (SC, I, 240).

[121]

ჩვენ ამით დავასრულებთ აფხაზეთის მხარეთა საზღვრების ამ მიმოხილვას.

ამრიგად, როგორც ირკვევა, აფხაზეთის მხარეები მოიცავდა ტერიტორიას კელასურის კედლიდან ვიდრე ნიკოფსიამდე (ნიკოფსიის ჩათვლით). თანამედროვე ადმინისტრაციული დანაწილებით იგი შეიცავდა შემდეგ ერთეულებს: ახლანდელი აფხაზეთის ასსრ-ის ჩრდილოეთ ნაწილს (სახელდობრ, სუხუმის, გუდაუთის და გაგრის რაიონებს მთლიანად და ნაწილს გულრიფშის რაიონისა), ადლერის რაიონს, სოჭის რაიონს და ტუაფსის რაიონს.

***

აფხაზეთის მხარენი აქ აღნიშნულ საზღვრებში დასახლებული იყო რამდენიმე ტომით, რომელთა შორის მე-8-10 საუკუნეებში და, საერთოდ საშუალო საუკუნეებში, მთავარი ადგილი ეჭირა აფხაზთა ტომს, რის გამოც მთელ მხარეს აფხაზეთი ეწოდებოდა.

სახელდობრ, აფხაზეთში (აფხაზეთის საერისთავოს ფარგლებში) მოსახლეობა შემდეგი ოთხი ადგილობრივი ტომი: 1. აფხაზები; 2. სანიგები (სანიხები) ანუ ჰენიოხები; 3. აბსილები (აფსილები); 4. მისიმიანები. გარდა ამ ოთხი ადგილობრივი მკვიდრი ტომისა, აფხაზეთის მხარეთა ჩრდილოეთ სანაპიროზე ჩამოსახლებული ყოფილან ჯიქები (ეს არის აფხაზეთის ჯიქეთი).

სულ აფხაზეთის მხარეები მოსახლეობის ტომობრივი შემადგენლობისა და გეოგრაფიული განაწილების მიხედვით განიყოფებოდა შემდეგ ერთეულებად, რომლებიც ქვემოთ არის ჩამოთვლილი.

 

 ***

I. მ თ ი ა ნ ი  ა ფ ხ ა ზ ე თ ი  ანუ  ძ ი რ ი თ ა დ ი    ა ფ ხ ა ზ ე თ ი.

ანტიკური ხანის საისტორიო წყაროების შედარებითი განხილვიდან ირკვევა, რომ ძირითადი ტერიტორია აფხაზთა ტომისა ეს იყო მთიანი ზონა აფხაზეთისა, რომელიც მოიცავდა შემდეგ სექტორებს: 1.  ბ ზ ი ბ ი ს (*ბ ზ ე ბ ის) ხეობის შუა და ზემო ნაწილი; 2. მდინარე ფ ს ო უ ს (ფ ს უ ს) ხეობის ნაწილი; 3. მდინარე მ ძ ი ძ თ ი ს ხეობის შუა და ზემო ნაწილი. ეს ტერიტორია აფხაზთა ტომს უჭირავს როგორც ანტიკურ ხანაში, ისე საშუალო საუკუნეებში. ადრინდელი ცენტრი ამ ძირითადი აფხაზეთისა (მთიანი აფხაზეთისა), როგორც ირკვევა, იყო მძიძთის ხეობაში. თვით მძიძთის მდინარეს (რომელიც ადლერთან ერთვის შავ ზღვას), ეწოდებოდა *აბასხი (აბასკი) აბხაზთა მხარე 1.

II. ზ ღ ვ ი ს პ ი რ ა  ა ფ ხ ა ზ ე თ ი  ანუ  ძ ვ ე ლი  ს ა მ ხ რ ე თ ი  ჰ ე ნ ი ო ხ ე თ ი    (სანიხეთი, სანიგეთი). – ზღვისპირა მხარე ისტორიული აფხაზეთისა, სახელდობრ, ზონა სოხუმის, ლიხნი-ბიჭვინთის, გაგრის და ადლერის სექტორებისა ანტიკურ ხანაში შედიოდა ჰენიოხების (სანიხების, სანიგების) ტომის ტერიტორიის ფარგლებში, ხოლო ანტიკური ხანის დასასრულს ეს მხარე მეზობელ აფხაზთა ტომის ტერიტორიის ფარგლებში გადასულა. წყაროების ჩვენებათა შეფარდებისას ირკვევა, რომ ეს მომხდარა მე-3–4 საუკუნეებში ახალი წელთაღრიცხვისა². ამ დროიდან მოკიდებული, საშუალო საუკუნეთა განმავლობაში, ეს ზონა აფხაზთა სატომო ტერიტორიის ნაწილს შეადგენს. პოლიტიკური ცენტრი ამ მხარისა – ზღვისპირა აფხაზეთისა (ძველი სამხრეთი ჰენიოხეთისა) იყო ცხუმი (თანამედროვე სოხუმი) ხოლო საეკლესიო ცენტრი ბიჭვინთა (რეზიდენცია აფხაზეთის კათალიკოზთა).

ადრეული საშუალო საუკუნეების საისტორიო წყაროებში მოხსენიებული ორი სამთავრო აფხაზეთისა  – ეს არის ზემოთ დასახელებული მხარეები – მთიანი აფხაზეთი (ძირითადი აფხაზეთი) და ზღვისპირა აფხაზეთი.

——————

  1. მდინარე *ა ბ ა ს ხ ი (აბასკი) მოიხსენიება არიანეს პერიპლუსში (იხ. SC, 1, გვ. 223) და მე-5 საუკუნის ანონიმი გეოგრაფოსის პერიპლუსში SC, 1, გვ. 278). ამ წყაროებში ნაჩვენები მანძილებიდან დასტურდება, რომ ეს სახელწოდება *ა ბ ა ს ხი (აბასკი), – ე.ი. ა ფ ხ ა ზ თ ა მდინარე, – მდინარე მძიმთას რქმევია. აღსანიშნავია, რომ ეს სახელწოდება აფხაზთა მდინარე / მდინარე მძიმთას მიემართებოდა არა მარტო ანტიკურ ხანაში, არამედ საშუალო საუკუნეებში, ვიდრე მე-16 – 17 საუკუნეებამდე. ნავსადგური, რომელიც მდებარეობდა მდინარე *აბასხის შესართავთნ, საშუალო საუკუნეთა რუკებზე აღნიშნულია როგორც Abcazia (Avogazia, Avogaxia) ე. ი. აფხაზეთი (იხ. ვენეციური რუკა მე-13 საუკუნისა, კატალონიური რუკა 1375 წლისა, ბიანკოს რუკა 1436 წლისა, კ. მაიოლოს 1519 წლისა) ემიდიო დორტელი დˆასკოლი (1634 წელს) ამ ნავსადგურს მოიხსენიებს სახელწოდებით Abbasa.
  2.  არიანეს პერიპლუსის ცნობების მიხედვით ზღვისპირა აფხაზეთი მე-2 საუკუნეში სანიგების ტერიტორიის ფარგლებში შედიოდა (იხ. SC, I, გვ. 222), ხოლო მე-5 საუკუნის ანონიმი გეოგრაფოსის პერიპლუსის ცნობების თანახმად მე-5 საუკუნეში ზღვისპირა აფხაზეთი უკვე აღარ შედის სანიხეთის ფარგლებში; სანიხების ტერიტორია ამ დროს შემოიფარგლებოდა ზონით მდინარე მძიმთის ხეობის დასავლეთიდან ვიდრე მდინახე შახემდე 9იხ. ქვემოთ).   

[123]

 

***

 

განვიხილოთ ამის შემდეგ ისტორიული აფხაზეთის ჩრდილოეთი მხარენი.

III. შ ი დ ა  ჰ ე ნ ი ო ხ ე თ ი (სანიხეთი, სანიგეთი). აფხაზეთში მოსახლე ოთხი ძირითადი ტომიდან (აფხაზები, ჰენიოხები, აბსილები და მისიმიანები) ანტიკური ხანის დასასრულსა და საშუალო საუკუნეებში მთავარი ადგილი ეჭირა აფხაზების ტომს, ხოლო უფრო ადრე, ანტიკურ ხანაში, აფხაზეთის ამ ტომთა შორის მთავარი ადგილი ეჭირა ჰენიოხებს (იგივე სანიხები, სანიგები). შუაგული იმ ტერიტორიისა, სადაც ძველთაგანვე მოსახლეობდა ჰენიოხთა ტომი, ეს არის სოჭის რაიონი, დაწყებული მდინარე *აბასხის (მძიმთის) ხეობის დასავლეთიდან, ვიდრე მდინარე ახეუნთა (შახე). ეს შუაგული ნაწილი თავისი ძველი სატომო ტერიტორიისა, რომელიც ჰენიოხებს ეჭირათ ანტიკურ ხანაში, შეუნარჩუნებიათ მათ საშუალო [124] საუკუნეებშიაც1 . (რაც შეეხება ძველი ჰენიოხეთის სამხრეთ ნაწილს, იგი როგორც მოვიხსენიეთ, აფხაზთა სატომო ტერიტორიას შეუერთდა, ხოლო ჩრდილო ჰენიოხეთის შესახებ, რომელიც ჯიქებს დაუჭერიათ ქვემოთ გვაქვს საუბარი).

IV. ა ფ ხ ა ზ ე თ ი ს   ჯ ი ქ ე თ ი  ანუ   ძ ვ ე ლ ი   ჩ რ დ ი ლ ო   ჰ ე ნ ი ო ხ ე თ ი – მოიცავდა ახლანდელ ტუაფსის რაიონს, დაწყებული ახეუნთას (შახეს) მდინარიდან ვიდრე ნიკოფსიამდე. ეს ტერიტორია, რომელიც, როგორც ირკვევა, ადრე ჰენიოხების მიწაწყალს შეადგენდა, შემდეგ ჯიქების ხელში გადასულა. საერთოდ ჯიქები შავი ზღვის სანაპიროზე მოსული ტომია: ჯიქები თავდაპირველად იმიერი კავკასიის მკვიდრი ტომი ყოფილა და შემდეგ გადმოსულა შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც მათ თანდათან გაუფართოებიათ თავიანთი ტერიტორია 2.

რომ ჯიქები არ არიან ძველი აბორიგენები აფხაზეთის მხარეთა ჩრდილო სანაპიროზე, არამედ შემდეგ გადმოსულან ამ თემში, ეს ირკვევა არა მხოლოდ ანტიკური ხანის წყაროების ჩვენებათა მიხედვით, არამედ ტრადიცია ამის შესახებ დაცულია საშუალო საუკუნეთა ქართულ მატიანეებშიაც, სადაც აღნიშნულია რომ, ჯიქების თავდაპირველი სამშობლოა კავკასიის იმიერი მხარე და მხოლოდ გვიან ხანაში „ჯიქნი დეამკვიდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა“ 3.

ცენტრი აფხაზეთის ჯიქეთისა (ძველი ჩრდილო ჰენიოხეთისა) იყო ქალაქი ნიკოფსია. აღსანიშნავია რომ ძველი სახელი ქალაქ ნიკოფსიისა ყოფილა „ლაზიკა“. არიანეს პერიპლუსში, აგრეთვე მე-5 საუკუნის ანონიმი გეოგრაფოსის პერიპლუსში, ეს პუნქტი მოიხსენიება  სახელწოდებით Παλαια Λαζιχη „ძველი ლაზიკა“ (იხ. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ქვემოთ).

————

  1. მე-5 საუკუნის ანონიმი გეოგრაფოსის პერიპლუსში საზღვრები სანიხების ძირითადი ტერიტორიისა ასეა განსაზღვრული: მდინარე ახუენთიდან ვიდრე მდინარე აბასკამდე (*აბასხი) – სახლობენ სანიხები (იხ.  SC,I, გვ. 278).  როგორც ირკვევა პერიპლუსში აღნიშნული მანძილებიდან, მდინარე ახუენთა ეს არის მდინარე შახე. რაც შეეხება მდინარე აბასკს (*აბასხი), იგი, როგორც ეს ზემოთ გვქონდა აღნიშნული, არის მდინარე მძიმთა. ამრიგად, სანიხების ძირითადი ტერიტორია მე-5 საუკუნეში მოიცავდა ზონას მდინარე შახედან ვიდრე მდინარე მძიმთამდე. (რაც შეეხება მდინარე მძიმთის ანუ *აბასხის ხეობას, რომელიც აკრავდა საზღვარს, იგი უკვე საკუთვრივ აფხაზეთის ნაწილს შეადგენდა; ამის მიხედვით საზღვარი იწყებოდა მძიმთის  – *აბასხის ხეობის გაყოლებით, დასავლეთის მხარეზე, ხოსტის სექტორიდან).
  2. ანტიკური ხანის ავტორები მე-6 საუკუნიდან ვიდრე I საუკუნემდე ძველი წელთაღრიცხვისა, რომლებიც ეხებიან პონტის ამ ნაწილს (ჯეკატე მილეტელი, ჰელანიკე მიტილენელი, სკილაქს კარიანდელი, პალეფატე აბიდოსელი, არტემიდორე ეფესელი), შავი ზღვის სანაპიროზე არ იცნობენ ჯიქებს და უშუალო მეზობლად ჰენიოხებისა მოხსენიებული არიან ახაველნი. მხოლოდ სტრაბონი (მითრიდატეს ომის ისტორიკოსთა ხნობების მიხედვით_ პირველად მოიხსენიებს ჯიქებს, რომლებიც ჩამოსახლებულან ახაველთა და ჰენიოხთა შუა. ამის შემდეგ ჯიქები თანდათან აფართოებენ თავიანთ ტერიტორიას და დაიჭერენ ახაველთა მიწა-წყალს მთლიანად, ხოლო ჰენიოხეთიდან თავის გავლენის ზონაში მოაქცევენ მის ჩრდილოეთ სანაპიროს.
  3. იხ. ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა, გვ. 322 – 323/135.

[125]

*** 

 

 

 . . .

 

სრულად:

http://darbr.webs.com/merCule4.pdf

2 Responses to “•პავლე ინგოროყვა – “აფხაზეთის სამეფო””

  1. jaba melkadze said

    აბასგები და აშილები იყვნენ ადიღეური ტომები, ეს, თუ ვინმეს რაიმე შეხება ჰქონია ადიღურ ენასთან, ამ ეთნონიმებიდანაც ნათლად ჩანს და აქ ორჯერ ორი ორია და ბევრს არ გავაგრძელებ. მეტიც: აფსაროსი, სუფსა, უშბა, ადიგენი, კვეკვესკირი, პაპასკირი, წულეისკირი, ინგოროყვა, ართილაყვა, ჭანუყვაძე, აფსნაძე, აფსირტე, აიეტი-ჩერქეზული ტოპონიმები და გვარ -სახელებია და ნათლად ეტყობა თუნდაც აქედან, თუ რა როლს ასრულებდნენ ისინი კოლხურ ცივილიზაციაში!არ მოსულა ეს ხალხი არც ჩრდილო კავკასიიდან და არც მარსიდან, აბორიგენები არიან და საქართველო ისეთივე სამშობლოა მათი, როგორ ნებისმიერი ქართველისა. მე არ მინდა აქ აფხაზ-ადიღელთა ადვოკატობა დამბრალდეს, მაგრამ ვიყოთ ობიექტურები და ყირიმამდე და ჩრდილო დაღესტნამდე ნუ გავჭიმავთ საქართველოს! არც ტუაფსეა საქართველო და მით უმეტეს არც დერბენტი. რაც შეეხება ქართულ საისტორიო წყაროებს აფხაზ-ადიღურ ტომებთან მიმარტებაში, ისინი ყოვლად უსუსურნი და არაფრისმთქმელნი არიან, რადგან საერთოდ გონს არ იმყოფებიან მრავალრიცხოვან ჩერქეზულ ტომთა არსებობაზე და თორმეტივე ადიღურ ტომს კრებითი სახელით-ჯიქით იხსენიებენ. ზედმეტია ლაპარაკი მათ ლოკალიზაციაზე, თუნდაც დასახელებაზე. მაგ:ნატუხაელები, უბიხები, ბესლენეები, შაფსუღები…აქედან გამომდინარე, ძნელია მათ რამე გადაჭრით ერწმუნო. რამდენადაც ვიცი, ჯერ მეცნიერებას არც ჰენიოხტა წარმომავლობა დაუზუსტებია და ნურაფერს ვამტკიცებთ რა! პ.ს. “სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილება, თორეეეეეეე!” წინასწარ გმადლობთ ყურადღებისათვის.

    • დავითი said

      პავლე ინგოროყვას გამოკვლევა საფუძვლიანია და ეჭვგარეშე. ეგ ეთნონიმები შეიძლება ქართულია და შემდეგ შეითვისა ადიღეურმა. მოგეხსენება, როგორ იდევნებოდა ჩვენი წერილობითი ძეგლები, ამიტომ არაა გასაოცარი, რომ იმ მცირე ნაწილში, რაც გადარჩა, არ იყვნენ დაწვრილებით მოხსენიებული მეზობელი ტომები. ესეცაა, ჩვენი მამა-პაპის სისხლით დაწერილს ქართველისგან არ ეგების ასეთი ხსენება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: