IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• პაპასქირი- ბედიის ტაძარი

• Abkhazia-აფხაზეთი

ზურაბ პაპასქირი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

სოხუმის უნივერსიტეტის სრული  პროფესორი,

ექვთიმე თაყაიშვილის  სახელობის საქართველოს საისტორიო

საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე;

გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

 

 

ბედიის ტაძარი – ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო

 

XXI საუკუნის გარიჟრაჟზე ქართველი ხალხი, სრულიად სა­ქართ­ველო, თითქმის ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ის­ტო­რიულ საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. პირველ რიგ­­­ში, ესაა ეროვნული სა­ხელმწიფოებრიობის 3000 წლისთავი. საყოველთაოდ ცნობი­ლია, რომ ქარ­თველი ერი უძველესი ცივილიზაციის მქო­ნე ხალხების რიცხვს განეკუთ­ვნება. დღევანდელ მსოფლიოს თითო-ოროლა ხალხი თუ შემორჩა, რომელსაც შეუძლია იამაყოს უფრო ძვე­­ლი და მდიდარი ისტო­რიული წარ­სულით. თავისი მრავალსაუკუნო­ვა­­ნი ისტო­რიის მანძილზე სა­ქართველომ, ქართველობამ უაღრესად რთული და წინააღმდეგობრივი გზა განვლო. მოხერხებულმა გეოგრა­ფი­ულმა მდებარეობამ ჩვენი ქვეყანა იმთავითვე მოაქცია მსოფლიო მოვ­­ლენების ორბიტაში. ის ადრიდანვე ეცნო­ბოდა კაცობრიობის მიღწე­ვებს, მაგრამ, ამასთან, მას თავს ატყდებოდა სხვა­დასხვა ეპოქაში მიმდინარე გლობალური კატაკლიზმებიც. საქართ­ველო არის უძველესი სამიწათმოქმედო კულტურის ქვეყანა. ჩვენი ხალხი ერთ-ერთი პირვე­ლი ეზიარა მეტალურგიას, მაგრამ ქართველი ერის ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ეროვნული სახელმწიფოებრიობაა, რომელიც სულ მცირე, 3000 წელს ითვლის.

ქართული სახელმწიფოებრიობის სამი ათასი წელი ესაა ეროვ­ნული მეობისა და სახელმწიფოებრივი ერთიანობის გადარჩენისათვის თავ­განწი­რუ­ლი ბრძოლის ჭეშმარიტად გმირული ეპოპეა. ამ დიდ ეროვ­ნულ ბრძო­ლა­ში ქართველი ხალხის სულიერ სიმტკიცესა და გაუტეხ­ლობას სჭე­დავ­და და ადუღაბებდა ქრისტიანული სარწმუნოება, რომე­ლიც საქართვე­ლო­ში არასოდეს ყოფილა ოდენ რელიგია. ყოველგვარი გადაჭარბების გა­რეშე შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობა, რომლის 2000 წლისთავს ასე­ვე ვზე­ი­მობთ დღეს, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცხოვრების ცხოვრების იდეოლოგიური საფუძველი იყო. მაგრამ, ამასთან, ქრის­ტიანობა იყო ის მძლავრი ბერკე­ტი, რომელზედაც იშვა შუა საუკუნეების დიდი ქართული ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობა მსოფლიო მნიშვნე­ლობის ლიტერატურუ­ლი შედევრებით, უბრწყინვალესი ტაძრებითა და მეც­ნიერებისა და ხე­ლოვნების სხვა უნიკალური მიღწევებით.

ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო სრულად იაზრებდა რა ქრისტიანობის, როგორც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მსოფლ­მხედ­ველო­ბის მნიშვნელობას, უდიდეს ძალისხმევას ახმარდა წმინდა საყ­დ­რების – ეკ­ლე­სია-მონასტრების აგებას. უფრო მეტიც, ქართული სა­ხელ­­მწიფოს მშე­ნებლობის გადამწყვეტ ეტაპებზე ჩვენი წინაპრები შთა­მომავლობას უტო­ვებდნენ ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ცალკეულ ძეგლებს, რომ­ლე­ბიც ეროვნული სახელმწიფოებრიობის ერთგვარ სიმ­ბოლოებად გვევლი­ნებიან. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, უნდა და­ვასახელოთ VII საუკუნის დამ­დეგს აგებული მცხეთის ჯვარი – სიმ­ბოლო ირანის მიერ მოშლილი ქართლ-იბერიის ეროვნული სახელ­მწიფოებრიობის აღორძინებისა. ეროვ­ნულ-სახელმწიფო­ებრივი ცნობი­ერების თვისობრივად ახალი ეტაპის დად­გომის ერთგვარ საგნობრივ გამოხატულებას წარმოადგენდა ის დიდი სა­ეკ­ლესიო-სამონასტრო აღ­მშენებლობა, რომელიც წამოიწყეს VI საუკუნეში ასურელ­მა წმინდა მა­მებმა იოანე ზედაზნელის მეთაურობით და ფართო მას­შტა­ბით განავ­რცეს მოგვიანებით სერაპიონ ზარზმელმა, გრიგოლ ხანძ­თელმა და მათ­მა თანამოაზრეებმა. სწორედ ამ უკანასკნელთა დიდი მონ­დო­მებისა და აგრეთვე ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონი მეფე-მთავრების, სხვა ღირსე­ულ ერისკაცთა აქტიური თანადგომის შედეგად იშვა IX-XI სა­უკუ­ნეებში ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ისეთი ბრწყინვა­ლე ძეგლები, როგორიცაა: ზარზმა, ოშკი, ხახული, ბანა, შატბერდი, ხანძ­თა და სხვ. ამ თვალსაზრისით, არანაკლები მნიშვნელობის იყო ის დიდი აღმშენებლობაც, რომელსაც ეწეოდნენ „აფხაზთა“ მეფეები და­სავ­ლეთ სა­ქარ­თველოში. გიორგი II „აფხაზთა“ მეფისა და მისი ძის ლე­ონ III-ის მიერ აგებული ჭყონდიდისა და მოქვის ტაძრები, გარდა იმი­სა, რომ ქართული სუ­ლიერების უმნიშვნელოვანეს ცენტრებს წარ­მო­ადგენდნენ, ქმნიდნენ სა­ერთო-ქარ­თული სახელმწიფოებრიობის იდეო­ლოგიას დასავლეთ საქართ­ვე­ლოში და ამზადებდნენ ნიადაგს ამერ-იმერის ერთიან ქართულ სახელმ­წიფოში გაერთიანებისათვის.

X-XI საუკუნეების მიჯნა უდიდესი ნიშანსვეტია 3000-წლო­ვანი ქარ­თული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ამ დროს, პირველად ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში, რეალურად ჩაეყარა საფუძველი ერთიან ქართულ სახელმწიფოს – საქართველოს.  ცალკეული სამეფო-სამთავროების ბაგრა­ტი­ონთა დინასტიის ეგიდით გაერთიანება და სა­ერთო-ქართული სახელმ­წი­ფოს აღმოცენება, რომლის მესაძირკვლენი იყ­ვნენ: იმიერტაოს ძლევამო­სილი ხელმწიფე, X საუკუნის უკანასკნე­ლი მესამედის საქართველოს აღი­არებული ლიდერი – დავით III დიდი კურაპალატი და მისი შვილობილი, მეფე „აფხაზთა და ქართველთა, რან­თა და კახთა“ – ბაგრატ III ბაგრა­ტიონი, სულაც არ ყოფილა ხელ­­საყრელ გარემოებათა უბრალო დამთხვე­ვის შედეგი. ამას წინ უძ­ღოდა ქართველურ ტომთა სახელმწიფოებრივი ცხოვრების სულ ცოტა ორათასწლოვანი გამოცდილება, რომლის საწყისე­ბი დაიაენი-დიაოხისა თუ აიეტიდების ლეგენდარული კოლხეთის წიაღში უნ­და ვეძიოთ. ამერ-იმერის ერთიან საქართველოდ გადაქცევა ლოგიკური დაგვირგვინებაა ჩვენი წინაპრების მრავალსაუკუნოვანი შეუპოვარი და თავგანწირული ბრძოლისა ეროვნული მთლიანობისა და საერთო-ქართული კულტუ­რულ-პოლიტიკური სამყაროს შენარჩუნებისათვის.

ქართველი ხალხის სწრაფვა საერთო-ეროვნული სახელმწიფოს შექ­მნისაკენ, თუ უფრო ადრე არა, ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან მაინც უნდა დაწყებულიყო. ძველი ქართული საისტორიო ტრადიციით, რო­მელსაც იზი­არებს თანამედროვე მკვლევარ-ისტორიკოსთა მნიშვნელოვა­ნი ნაწილი, ფარნავაზის მიერ შექმნილი ქართლ-იბერიის სამეფო უკვე იყო ერთიანი ქართული სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა დასავლეთ საქართველოსაც – ეგრის-კოლხეთს. ძველი ქართული საისტორიო ტრა­დიცია ასევე ცალ­სახად განიხილავდა ქართლის სამეფოს, როგორც ერთიან ქართულ სახელმწიფოს მისი ისტორიის მთელ მანძილზე. უნ­და აღინიშნოს, რომ ძველი ბერძნულ-რომაული, ხოლო მოგვიანებით – ბიზანტიური საისტო­რიო ტრადიცია, ფაქტობრივად, გამორიცხავდა იბე­რია-კოლხეთის სახელმ­წი­ფო­ებრივ ერთიანობას, როგორც ანტიკურ ხა­ნა­ში, ისე ადრეულ შუა საუკუნეებში. ამ ტრადიციით, რომელიც უდა­ვოდ იმსახურებს ნდობას, დასავლეთ საქართველოში არსებობდა კოლ­ხეთის სამეფო (ძვ. წ. VI-II საუკუნეებში), მოგვიანებით კი – ლაზიკა-ეგრი­სის სახელმწიფო (ახ. წ. IV-VIIIს. დამ­დეგი). მიუხედავად ამისა, სა­ვარაუდოა, რომ ცალკეულ პერიოდებში ად­გილი ჰქონდა ქართლ-ეგრი­სის ერთიან სახელმწიფოში გაერთიანების სე­რიოზულ მცდელო­ბებს. ამ მხრივ, პირველ რიგში, შეიძლება გამოვყოთ Vს. II ნახე­ვარი – ვახ­ტანგ გორგასლის ეპოქა. ის ფაქტი, რომ  ქართულმა საისტორიო ტრადიციამ რატომღაც მაინცდამაინც ვახტანგ გორგასლის სახელს დაუკავშირა საერთო-ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო – სახელმწიფო დროშა („დავითიანთა და გორგასლიანთა“), უდავოდ მიუთითებს ამ დიდი მეფის განსაკუთრებულ ღვაწლზე ერთიანი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ამ ბოლო დროს მკვლე­­ვართა ერთი ნაწილი სავსებით დამაჯერებლად მსჯელობს ქართლ-ეგ­რისის სავარაუდო ინტეგრირებაზე ერთიან სახელმწიფოში VIIIს. 30-იან წლებში, რომლის სათავეში სტეფანოზ ქართლის ერისმთავრის სახლი უნდა ყოფილიყო.

და მაინც, ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება მთე­­­ლი საქართველოს მასშტაბით პირველად რეალურად მოხერხდა მხო­­­­ლოდ XIს. დამდეგს, როდესაც „აფხაზთა“ მეფე ბაგრატ III ბაგ­რატიონმა თანმიმ­დევრულად დაუქვემდებარა ქუთაისის ტახტს ქარ­­თული მიწების უდიდესი ნაწილი: ბაგრატიონების „ქართველთა“ სამე­ფო (ბიზანტიის მიერ 1001წ. მიტაცებული დავით კურაპალატი­სეული იმიერ-ტაოს გამოკლებით) და კახეთ-ჰერეთი. ბუნებრივია, ახლად­შექ­მ­ნილ ქართულ სახელმწიფოს ესაჭი­როებოდა მისი ძლიერებისა და სი­დი­ადის გამომხატველი სიმბო­ლოები და სწორედ ასეთ სიმბოლოე­ბად მოევლინა ქვეყანას ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ორი უბრწყინვალესი ძეგლი: ბაგრატის ტაძარი ქუ­თაისში – სახელმ­წიფოს დედაქალაქში და „საყდარი ბედიისა“ – თანამედროვე აფხაზეთის ტე­რი­ტორიაზე, ისტო­რიული ეგრისის ცენტრში.

მიზეზი იმისა, თუ რამ განაპირობა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წმინდა სალოცავის, რომელიც შემდგომ ერთიანი ქარ­თუ­ლი სახელმწიფოს ფუძემდებლის საძვალედ იქცა, მაინცდამაინც ბე­დი­აში აშე­ნე­ბა, ერთი შეხედვით, თითქოს მარტივია – ძველი ქარ­თუ­ლი საისტო­რიო ტრადიციის მიხედვით სწორედ ბედია ითვლებოდა ის­ტო­რიული ეგრი­სის პოლიტიკურ ცენტრ-სიმბოლოდ. აი, რას წერს ამის შესახებ ქართ­ველი მემატიანე: „ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანა ზღვისყუ­რისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელ­საც აწ ჰქვიან ლიხი; დასავ­ლით ზღუა; ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხა­ზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳისი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქჳან ბედი“.  „ქართლის ცხოვრე­ბის“ დასაწყისი მატიანის ეს ცნობა მრავალმხრივ არის საინტერესო, მაგ­რამ აქ მთავარი მაინც ისაა, რომ მასში მოხაზულია ეგრისის სახელმწი­ფოს ტერიტორია, რომლის ცენ­ტრად მიჩნეულია სწორედ ბედია. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართულმა საისტორიო ტრადიციამ იცოდა ეგრისის მეორე არა­ნაკლებ მნიშვნელოვანი ცენტრიც – ციხე-გოჯი, რომელიც, როგორც ჩანს, საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ეგრისის ხელისუფალთა რე­ზიდენციას. ისმის კითხვა, რატომ არა ციხე-გოჯი? გარდა ამისა, ის ვითარება, რომელშიც წარმოიქმნა ერთიანი ქართული სახელმწიფო, თითქოს მოითხოვდა იმასაც, რომ „აფხაზთა“ მეფე ბაგრატ III ბაგრა­ტიონს, რომელიც ქუთაისის ტახტზე „აფხაზი“ ლეონიდების უშუალო მემკვიდრედ თვლიდა თავს, აქცენტი გაეკეთებინა თუნდაც ლეონ II-ის წინაპრების თავდაპირველ რეზიდენციაზე – ანაკოფიაზეც (დღევან­დე­ლი ახალი ათონი) და წამოეწია სწორედ ამ ცენტრის მნიშვნელობა სა­ერთო-ქართული მასშტაბით, მაგრამ, როგორც ვნახეთ, საქართველოს გამაერთიანებელმა მეფემ ერთსაც და მეორესაც გვერდი აუარა და არ­ჩე­ვანი მაინცდამაინც ბედიაზე შეაჩერა.

ბაგრატ III-ის ეს არჩევანი, ჩვენი აზრით, უდავოდ ადას­ტუ­რებს იმას, რომ მიუხედავად „აფხაზთა“ მეფეთა გადამწყვეტი როლისა ერთიანი და­სავლურ-ქართული სახელმწიფოს შექმნაში, მაშინდელი საქართველოს ისტორიულ-სახელმწიფოებრივ ცნობიერებაში ეგროს-ქუჯის წვლილი უფრო დიდი მნიშვნელობის იყო და სწორედ ისინი მოიზრებოდნენ დასავლურ-ქართული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სამყაროს ფუძემდებლებად, ხოლო „აფხაზ“ მეფეთა „აფხაზთა“ სამეფო ამ სამყაროს მემკვიდრის როლში განიხილებოდა.  სწორედ ამაზე მიუ­თი­­თებს დიდი ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში დაცუ­­ლი თანამიმდევრობაც: „აღწერა ეგრისის ქუეყანისა, ანუ აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა“. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის არჩე­ვა­ნი ბე­დიაზე ნიშნავდა სწორედ ეგრის-ბედიის პირველსაწყისისაკენ მობ­­­­რუ­ნე­­­ბას და იქნებ ეს იყო სიმბოლუ­რი კავშირის გამოხატულება ახალ ერ­თი­­ან საქართველოს სახელმწიფოსა და უძველეს ბერძნულ მი­თებში ჩაკარგულ ეგრო-კოლხურ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ სამ­ყაროს შორის.

ასეა თუ ისე, ბაგრატ III-მ ბედია საერთო-ქართული მნიშვნე­ლობის წმინდა ადგილად გამოაცხადა და ის ერთგვარად სატახტო ქა­ლაქის გვერ­დით დააყენა. ამრიგად, ქუთაისის ბაგრატის ტაძრისა და ბე­დიის აგება ბევ­რად სცილდებოდა რიგითი ქრისტიანული სალოცავე­ბის შექმნის განზრახ­ვას. ეს ფაქტი ჭეშმარიტად უდიდესი ეროვნულ-სა­ხელმწიფოებრივი მნიშვ­ნელობის მოვლენა იყო. სწორედ ქართული ქრის­ტიანული ხუროთმოძღ­ვრების ეს ორი ძეგლი წარმოედგინათ თა­ნამედროვეებს ახალი საქართვე­ლოსა და მისი სწორუპოვარი ხელმწი­ფის ბაგრატ III-ის სიძლიერისა და სიდიადის განსახიერებად, რაც ასე მრავლისმეტყველად გამოხატა XI საუ­კუნის ქართველმა მემატიანემ: „უკეთუ ვისმე ენებოს განცდად და გულისხმისყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მისისა (ე. ი. ბაგრატ III-ის – ..), პირველად განიცადოს სამკაული ბედიისა ეკლესიისა და მისგან გულისხმა ყოს, რომელ არავინ ყოფილ არს სხუა მეფე ,სგავსი მისი ქუეყანისა ქართლისასა და აფხაზეთისასა“.

ბაგრატი და ბედია არ იყო უკანასკნელი ტაძრები, რომლებშიც განსხეულებული იყო ერთიანი ქართული სახელმწიფოს სიძლიერე. მა­ლე მათ შეემატა მცხეთის საკათედრო ტაძარი სვეტიცხოველი, ხოლო XIIს. I მეოთხედში დიდმა დავით აღმაშენებელმა ერთიანი ქარ­თული სახელმ­წიფოს მშენებლობის პროცესის დასრულება დააგ­ვირ­გ­ვინა გე­ლა­თის დი­დებული ტაძრის აგებით, რომელიც ასევე იქცა ძლი­ერი, ერ­თიანი საქარ­თველოს სახელმწიფოს სიმბოლოდ.

XIII-XVIII საუკუნეებში, მიუხედავად ჟამთა სიავისა, ქართვე­ლი მეფე-მთავრები მაინც ახერხებდნენ ახალი წმინდა სალოცავების აგე­ბას, მაგრამ­ ამ პერიოდში აშენებულ არც ერთ ტაძარს არ ჰქონია ის ზოგად­ქართული სახელმწიფოებრივი დატვირთვა, როგორიც ბაგ­რატს, ბედიას, სვეტიცხოველსა და გელათს. XIX საუკუნეში კი, რო­დე­საც რუ­სეთის იმ­პერიამ მოსპო ქართული სახელმწიფოებრიობა და გა­აუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ბუნებრივია, არ აიგე­ბო­და ქარ­თული სახელმწი­ფოებრიობის განმასახიერებელი ტაძარი-სიმ­ბო­ლო. ხო­ლო რაც შეეხება ბოლშევიკურ-ათეისტური რეჟიმის 70-წლიან პერი­ოდს, ამ დროს არათუ ახალი არ აშენებულა, არამედ რაც იყო, ისიც გა­ნადგურდა.

XXს. 90-იანი წლების დამდეგიდან, როდესაც ქართველ ხალხს კვლავ მიეცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობა, და­­­იწყო ახალი ეტაპი ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში. ქართველობა მა­სობ­რივად მოუბრუნდა დედა-ეკლესიას, რამაც აუცილებელი გახადა ახა­ლი ტაძ­რების მშენებლობა. ამ დიადი საეკლესიო აღმშენებლობის პროცესში, რომლის უშუალო ინიციატორი და სულისჩამდგმელი სრულიად საქარ­თ­ვე­ლოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ა, ახალ სა­ქართვე­ლოს, ისევე როგორც ათასი წლის წინ, დღესაც დასჭირდა ქართული სა­ხელმწი­ფოს სიმტკიცისა და ძლიერების სიმბოლო.  სწორედ ასეთ სიმბოლოდ მოგვევლინა ქ. თბილისში – ქვეყნის დედაქალაქში ახალი გრანდიოზული სამების ტაძარი, რომელიც თავისი ზოგად-ქართული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით უთუოდ უტოლდება სტეფანოზ ერისმთავრის მცხეთის ჯვარს, ბაგრატ  III-ის ბედიისა და ბაგრატის ტაძრებს, დიდებულ სვეტიცხოველს და დავით აღმაშენებლის სავანე-განსასვენებელს – გელათს. 

 

მასალას საფუძვლად დაედო  ზურაბ პაპასქირის ანალოგიური სახელწოდების სტატია გამოქვეყნებული:   საისტორიო ძიებანი.  III. წელიწდეული.ექვთიმე თაყა­იშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია. თბ., 2000, გვ. 3-9,

ელექტრონული ვერსია: http://sites.google.com/site/saistoriodziebani/dziebani2000

 

 

 ***

 

                            

 

 

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: