IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ზურაბ პაპასქირი – ინტერფრონტის ლიდერის ახალი „გმირობანი“

• აფხაზეთი – Abkhazia

Zurab Papaskiri

ზურაბ პაპასქირი

ინტერფრონტის ლიდერის ახალი 

გმირობანი

ანუ იმის შესახებ თუ როგორ გააკრიტიკა იური ვორონოვმა

პროფ. მარიამ ლორთქიფანიძის წიგნი აფხაზები და აფხაზეთი

 

 აღნიშნული პოლემიკური წერილი დაიწერა 1991 წლის ივლის-აგვისტოში სოხუმში გამომავალ ქართული გაზეთის (საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის, აფხაზეთის ასსრ  უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ოფიციალური ორგანოს) „აფხაზეთის ხმის“ მთავარი რედაქტორის, ბატონ თამაზ ჩოჩიას შეკვეთით და გამოქვეყნდა ამავე გაზეთის 1991 წ. 16-17 აგვისტოს ნომრებში. მოგვიანებით წერილი დაიბეჭდა წიგნში: ზურაბ პაპასქირი. აფხაზეთის საქართველოა. თბ., 1998, გვ. 56-80. ელექტრონული ვერსია იბეჭდება უცვლელად, მხოლოდ ზოგიერთი უმნიშვნელო (ტექნიკური ხასიათის) ჩასწორებით.

3579Lortqifanidze%20Marika-009[1]გამომცემლობა განათლებამ გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ მარიამ ლორთქიფანიძის სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ნარკვევი აფხაზები და აფხაზეთი (თბ., 1990), რომელიც ახლახან გამოჩნდა წიგნის ბაზარზე. აღნიშნულმა პუბლიკაციამ, ბუნებრივია, იმთავითვე მიიქცია არა მარტო სპეციალისტ-ისტორიკოსთა (სრულიად საქართველოს გიორგი შარვაშიძის საზოგადოებამ ამ გაზაფხულზე მოაწყო წიგნის განხილვა), არამედ მკითხველთა ფართო წრის ყურადღება, მით უფრო, რომ ნაშრომი გამოვიდა ერთდროულად სამ – ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე.

როგორც წინასიტყვაობაშია მითითებული, ნარკვევის მიზანს არ წარმოადგენს დღევანდელი აფხაზეთის ასსრ-სა და აფხაზთა ისტორიის სრულად გადმოცემა. ის უფრო კონკრეტული ამოცანით იფარგლება: წარმოაჩინოს ცნებების „აფხაზეთისა“ და „აფხაზების“ მნიშვნელობა სხვადასხვა ენოვან წერილობით წყაროებში უძველესი (ახ. წ. I-II სს.) დროიდან თითქმის XX საუკუნემდე.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ქ-ნ მ. ლორთქიფანიძის ეს ნაშრომი არ წარმოადგენს რაიმე პრინციპულად ახალ სიტყვას აფხაზეთისა და აფხაზების ისტორიულ წარსულზე. ეს ერთგვარი შეჯამებაა იმ ნაყოფიერი მეცნიერული მოღვაწეობისა, რომელსაც მკვლევარი ეწევა ამ მიმართულებით უკვე ოთხ ათეულ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. ამავე დროს, მ. ლორთქიფანიძის ნაშრომი მთლიანად ესადაგება აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ისტორიოგრაფიაში შექმნილ შეხედულებებს, რომლებიც საყოველთაოდაა აღიარებული (თუ არ ჩავთვლით პოლიტიკური ამბიციებით შეპყრობილ ზოგიერთ ცრუისტორიკოსს) საისტორიო მეცნიერებაში. ამდენად, საგანგებოდ მასზე შეჩერება მაინც და მაინც შეიძლება არც ყოფილიყო აუცილებელი, რომ არა ერთი გარემოება: გამოჩნდნენ „ისტორიული სიმართლის“ მაძიებელი „მოღვაწენი“, რომლებმაც უკვე შესთავაზეს აფხაზეთის არაქართულ მოსახლეობას მ. ლორთქიფანიძის ამ ნაშრომის მეცნიერულ ჭეშმარიტებას აბსოლუტურად მოკლებული და ამასთან, უკიდურესად ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი კომენტარები. მხედველობაში გვაქვს თავისი ანტიქართული პასკვილებით საყოველთაოდ ცნობილი, მეცნიერული დემაგოგიის ნამდვილი დიდოსტატისა და დღეს ქართველთაგან „დაჩაგრული“ აფხაზი ხალხის ერთადერთ „მხსნელად“ და „ქომაგად“ მოვლენილი იური ვორონოვის მიერ გაზეთ აბხაზიაში(«Абхазия», 16. 07. 1991) დაბეჭდილი წერილი – რეცენზია მყვირალა და ყოვლად უხამსი სათაურით ქალბატონ მარიამის გესლიანი გაკვეთილები («Ядовитые уроки госпожи Мариам».

voronov

იური ვორონოვი

ბ-ნ ვორონოვს ადრეც არაერთხელ დაუმშვენებია პრესისა თუ სხვა გამოცემების ფურცლები თავისი „მეცნიერული მარგალიტებით“ და უხვად გადმოუნთხევია ბოღმა და ღვარძლი საქართველოს, ქართველი ხალხის, მისი ისტორიული წარსულისა თუ აწმყოს მიმართ, მაგრამ მისმა ამგვარმა მოღვაწეობამ თვისობრივად ახალი სახე ამ უკანასკნელ ხანს მიიღო, როდესაც მეცნიერულ ამბიციებს პოლიტიკურიც დაემატა და ინტერფრონტის ლიდერის მანტიით შემოსილი აქტიურად შეუდგა ზრუნვას „სუვერენული“ (ე.ი. საქართველოს „ბრჭყალებიდან დახსნილი“) აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური სამოთხის – კაცობრიობის ამ „ნათელი მომავლის“ – გაუთავებლად მშენებარე იმპერიის, ანუ ე.წ. „განახლებული ფედერაციის“ სრულუფლებიან წევრად მიღებისთვის. სწორედ ამ იდეის ხორცშესხმას დაუქვემდებარეს ი. ვორონოვმა და „ძმათა მისთა“ მთელი თავისი როგორც მეცნიერული, ისე პოლიტიკური საქმიანობა. ყოველივე ამან მათ იმდენად დაუხშო გონება, რომ მზად არიან ამ მიზანს ანაცვალონ არა მარტო მეცნიერული ეთიკა და ტაქტი, არამედ უბრალო ადამიანური სინდისიც. სწორედ ამის საუკეთესო ნიმუშია ი. ვორონოვის ზემოხსენებული პუბლიკაცია.

დელა იდუტ, კანტორა პიშეტ, პიშეტ ი გასპაჟა მარიამ ლორთქიფანიძე – ასე იწყებს იგი თავის რეცენზიას მ. ლორთქიფანიძის წიგნზე აფხაზები და აფხაზეთი და თავის ამ პასკვილს მომავალში თუ არა, ალბათ, დღეს მაინც მეცნიერული კრიტიკის შედევრად მიიჩნევს. აქვე, ამჟღავნებს რა თავის „მაღალ მეცნიერულ კულტურას“ და „ჭეშმარიტად რაინდულ სულს“, ერთგვარი ქილიკით შენიშნავს, რომ პროფ. მ. ლორთქიფანიძე თურმე მხოლოდ მცირე მოცულობის სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ნაშრომების წერით ყოფილა დაკავებული და მას თითქოს სხვა რამ სასიკეთო ისტორიული მეცნიერებისათვის არ მოეტანოს.

რასაკვირველია, მარიამ ლორთქიფანიძე – თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი და მესვეურთაგანი, საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერი (რაც ბევრჯერ დაფიქსირებულა ამ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ჩატარებულ საერთოდ ისტორიკოსთა თუ ბიზანტინოლოგთა მსოფლიო კონგრესებზე, რომელთა ცალკეული სექციების მუშაობას არაერთხელ წარმატებით გაძღოლია (სხვათა შორის, ინგლისურ, გერმანულ თუ ფრანგულ ენებზე), აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (ამჟამად აკადემიკოსი – რედ.), ეროვნული ისტორიის მეცნიერული შესწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, არაერთი ფუნდამენტალური მონოგრაფიისა და საეტაპო მნიშვნელობის სამეცნიერო სტატიების ავტორი – აბა, სად მოვა იური ვორონოვთან – „გამოჩენილ“ საბჭოთა არქეოლოგ და ისტორიკოსთან, დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის არქეოლოგიის განყოფილების უფროს თუ წამყვან მეცნიერ-თანამშრომელთან, რომელიც, სხვა არ ვიცი და, რაიონულ და სხვა პროვინციულ გაზეთებში გამოქვეყნებული, უმთავრესად საინფორმაციო ხასიათის მასალების მიხედვით, თამამად შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში იქნას შეტანილი. ბ-ნი იურის ყოვლისმხილველ თვალსა და „ნათელ გონებას“ აბა რა გამოეპარებოდა, მაგრამ მაინც შევახსენებთ, რომ მის მიერ ასე „პატივდებული“ „გასპაჟა“ მარიამი მცირე მოცულობის სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევების გარდა, შიგადაშიგ ფუნდამენტალური ხასიათის სოლიდურ გამოკვლევებსაც წერს და, მართლაც, არა მარტო ქართულად, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსულ და ინგლისურ ენებზეც კი, რომ არაფერი ვთქვათ ქართული თუ უცხოური (არაბული) წერილობითი წყაროების შესწავლა-დამუშავებაზე, მათი რუსული თარგმანების შესრულებასა და გამოქვეყნებაზე.

ამგვარი „შესავლის“ შემდეგ ი. ვორონოვი პირდაპირ გადადის „საქმეზე“ და აკრიტიკებს მ. ლორთქიფანიძის აზრს იმის შესახებ, რომ ძვ. წ. II ათასწლეულიდან დასავლეთ ამიერკავკასიაში უმთავრესად ქართველთა წინაპრები ცხოვრობდნენ, რაზედაც სხვა (არქეოლოგიურ, მითოლოგიურ და ა.შ.) მონაცემებთან ერთად უნდა მეტყველებდეს ენობრივ-ტოპონომიკური მასალებიც, კერძოდ ქ. სოხუმის უძველესი სახელწოდების – „ცხუმის“ ქართველური (სვანური) წარმოშობა. ასაღებს რა ისტორიოგრაფიაში საყოველთაოდ მიღებულ ამ დასკვნას ქ-ნ მარიამის „აღმოჩენად“, ი. ვორონოვი აკეთებს საოცარ წიაღსვლებს უძველეს ისტორიაში და დემაგოგიურად სვამს სრულებით უადგილო კითხვას: თუ როგორ შეიძლებოდა, თანამედროვე აფხაზეთის ასსრ-ს ტერიტორიაზე (ბრინჯაოსა და ანტიკურ ხანაში) მოსახლეობას ერთდროულად ელაპარაკა ყველა ქართველურ ენაზეო.

ჩვენ, რასაკვირველია, ვერ შევეკამათებით „ყოვლისმცოდნე“ მეცნიერს იმაში, თუ როდის და რა პირობებში მოხდა ქართული ფუძე ენის დაშლა სვანურ, მეგრულ-ლაზურ და ქართის ენებად. მან ეს, ეტყობა, სხვებზე „უკეთ“ იცის, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული საისტორიო მასალებით (ანტიკური ხანის საისტორიო წყაროები) მართლაც ძალიან გაჭირდება ქართველურ ტომთა არდანახვა ისტორიული კოლხეთის მთელ (მათ შორის დღევანდელი აფხაზეთის) ტერიტორიაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ გაკვირვებას იწვევს ი. ვორონოვის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ ხმამაღლა გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მითი არგონავტების შესახებ თურმე საერთოდ ვერ გამოდგება კავკასიის ისტორიის შესწავლისათვის გამოსადეგ წყაროდ, რადგან მასში მხოლოდ ზოგადად აირეკლა ძველი ბერძნული კოლონიზაციის იდეოლოგია და სხვა არაფერი.

აღნიშნული სტრიქონების წაკითხვისას, პირველ რიგში, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი – აწ განსვენებული პროფ. აკაკი ურუშაძე (და შემდეგ, რასაკვირველია, მთელი ქართული ისტორიოგრაფიაც) შემეცოდა. აბა რას იფიქრებდა ნეტარხსენებული ბ-ნი აკაკი, რომელმაც წვალებ-წვალებით მრავალი წლის მანძილზე აგროვა ძველ ბერძენ ავტორთა თხზულებებში მიმოფანტული არგონავტების თქმულების სხვადასხვა ვერსიები, რათა ამ მითისათვის მიეჩინა თავისი კუთვნილი ადგილი კოლხეთის ისტორიული წარსულის შესწავლის საქმეში, რომ გამოჩნდებოდა ვინმე ი. ვორონოვი, ანტიკურ წერილობით წყაროებთან მეტ-ნაკლებად შორიახლო მდგომი არქეოლოგი, რომელიც ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაუყრიდა ამდენი წლის ნაღვაწს. მე, ანტიკურ წყაროებთან გაცილებით უფრო მოშორებით (ვიდრე ი. ვორონოვია) მდგარ კაცს აბა რა შემიძლია ვთქვა, მაგრამ ერთი რამ მაინც მიკვირს: ნუთუ ბ-ნმა იურიმ ის მაინც არ იცის, რომ თვით ბერძენ და მოგვიანებით კი ბიზანტიელ ავტორებს ოდნავადაც არ ეეჭვებოდათ არგონავტების მითში გადმოცემული ამბის რეალურობა და მისი აღმოცენების მიზეზებს სხვადასხვა ისტორიული ფაქტებით ასაბუთებდნენ. მაგალითისთვის კმარა თუნდაც სტრაბონის მონაცემები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ იმაზე, თუ რატომ გაჩნდა მითი არგონავტების შესახებ.

მართალია, ბ-ნი ვორონოვი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ერთი ხელის მოსმით სტრაბონის უნიკალურ ცნობებს დიოსკურიის მახლობლად მოსახლე სვანური ტომების შესახებ „წინააღმდეგობრივად და დეფექტურად“ მიიჩნევს, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა, შევახსენოთ მას, რომ არგონავტების მითის გაჩენას სტრაბონი რატომღაც ბეწვიანი ტყავებით ოქროს მოპოვების სვანებში გავრცელებულ წესს უკავშირებს. ბერძენი გეოგრაფის დაბეჯითებითი მტკიცებით, სწორედ აქედან მომდინარეობს მითი ოქროს საწმისიან ტყავზე.

ანტიკურ ხანაში დიოსკურიის მიდამოებში სვანთა განსახლების საკითხზე მსჯელობისას ძნელია გვერდი ავუაროთ ისეთ ფაქტს, როგორიცაა აღნიშნული ქალაქის ქართული სახელწოდების – „ცხუმის“ (სვანურად „რცხილა“, „რცხილნარი“) არსებობა. მართალია, ბ-ნი ი. ვორონოვი, ჩვენდა გასაოცრად, არ უარყოფს სახელწოდება „ცხუმის“ ამგვარ ეტიმოლოგიას, მაგრამ მას უსაფუძვლოდ მიაჩნია XI ს. ქართულ (ისიც უფრო გვიანდელი ხელნაწერების წყალობით მოღწეულ) წყაროში დაფიქსირებული ამ სახელწოდების მიხედვით ანტიკურ ხანაში დღევანდელი სოხუმის ახლო-მახლო ქართველთა (სვანთა) განსახლების შესახებ მსჯელობა. ჩვენ აქ არ ვაპირებთ ამ საკითხზე ვრცელი კამათის გამართვას, მით უფრო, რომ აღნიშნული პრობლემის ირგვლივ საკმაოდ მრავალფეროვანი ლიტერატურა არსებობს (როგორც ცნობილია, ბოლო დროს ამ საკითხებზე ნაყოფიერ კვლევას ეწევა ჩვენი თანამემამულე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თ. მიბჩუანი), მაგრამ ერთ რამეს მაინც შევნიშნავდით: ის ფაქტი, რომ სახელწოდება „ცხუმი“ ქართულ მატიანეში, თუნდაც გვიანდელ ხელნაწერში, მხოლოდ ერთხელ იხსენიება, ვერ გამოდგება ამ ცნობის რეალურობის უარსაყოფად. ქართული (სვანური) „ცხუმის“ არსებობა აშკარად და უეჭველად ადასტურებს დიოსკურია-სებასტოპოლისის მიდამოებში სვანური („სოანები“, „სანიგები“) მოსახლეობის არსებობას, რაზედაც მიუთითებენ ისეთი სანდო ავტორები, როგორებიც არიან სტრაბონი და არიანე.

აღსანიშნავია, რომ სხვა შემთხვევაში, ი. ვორონოვს ქართლის ცხოვრების მართლაც სათუო ინფორმაცია – ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის ტექსტზე გაკეთებული გვიანდელი მინაწერი სახელ „ლაშას“ „აფსარული“ წარმომავლობის შესახებ რატომღაც სრულებითაც არ აეჭვებს და უცილობლად მიაჩნია „აფსუა“-აფხაზების დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე XII-XIII საუკუნეებამდე განსახლების დამადასტურებელ ფაქტად.

კი მაგრამ, ბ-ნო იური, რატომ არ ფიქრობთ იმას, რომ მკითხველმა, „პო სვოემუ ნედომისლიუ“, შეიძლება არა მარტო პროფ. მ. ლორთქიფანიძეს, არამედ თქვენც დაგისვათ კითხვა, თუ რომელი „მეცნიერული ლოგიკის“ საფუძველზე შეიძლება კაცმა, ერთ შემთხვევაში XVIII ს. რედაქტორის მინაწერში მოცემული ინფორმაცია (ქართლის ცხოვრების უფრო ადრინდელ ნუსხებში ის არ გვხვდება) გადაიტანოს უძველეს დროში და მის მიხედვით ამტკიცოს აფხაზ-აფსუათა განსახლება დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში არაფრად ჩააგდოს სხვა, გაცილებით უფრო ძველი (XI ს. მაინც) ავტორის მიერ მოყვანილი ცნობა ცხუმის შესახებ და უარყოს ქართველ ტომთა (სვანთა) განსახლება დიოსკურია-სებასტოპოლისის მიდამოებში?! რასაკვირველია, კაცს, რომელსაც თავი მეცნიერად მოაქვს და ატარებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს, ამგვარი ლაფსუსი არ უნდა მოუვიდეს. მაგრამ რას იზამთ, როგორც იტყვიან: მიზანი ამართლებს საშუალებას. ამიტომაც, როგორც ჩანს, ბ-ნ ვორონოვისთვის მთავარია გააბრიყვოს მკითხველი და შეუქმნას მას ნეგატიური აზრი, როგორც ქ-ნ მ. ლორთქიფანიძეზე, ისე ქართულ ისტორიოგრაფიაზე მთლიანად. ერთია მხოლოდ, ვერც ბ-ნ ი. ვორონოვი და ვერც სხვა ვინმე გვერდს ვერ აუვლის ერთ ფრიად მნიშვნელოვან კითხვას: თუ რატომ და როდის შეიძლებოდა დარქმეოდა VIII ს. „აფშილეთის ქალაქს“ მაინცდამაინც სვანური სახელწოდება. ბუნებრივია, ეს ვერ მოხდებოდა იმ დროს, როდესაც დიოსკურია-სებასტოპოლისი „აფშილთა“ ქალაქად ითვლებოდა, მოგვიანებით – VIII ს. შემდგომ პერიოდში – ჯერ „აფხაზთა“ სამეფოს, ხოლო შემდეგ ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობის ხანაში, ძნელი დასაჯერებელია ქალაქისათვის სვანური სახელი დაერქმიათ, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში არც ერთი წყარო არ აფიქსირებს სოხუმის მიდამოებში სვანი ტომების პრიორიტეტს. ასე რომ, სვანური სახელწოდება „ცხუმის“ გაჩენა უნდა ვივარაუდოთ იმ პერიოდში, როდესაც ამ მხარეში ეს ტომები სახლობდნენ. ასეთ პერიოდად კი შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ანტიკური ხანა, როდესაც სტრაბონის თქმით, დიოსკურიის მახლობლად მცხოვრებ „სოანებს“ (სვანებს) ეკავათ დიოსკურიის ზემოთ მდებარე კავკასიონის მწვერვალები და ისინი მბრძანებლობდნენ დიოსკურიაზე. ბ-ნ იურის ოდნავ რომ შეეწუხებინა თავი და დემაგოგიური ტირადების ნაცვლად მოეცა ისტორიული კოლხეთის ეთნიკური ისტორიის მ. ლორთქიფანიძის წიგნში განვითარებული შეხედულების ნამდვილი მეცნიერული ანალიზი, მაშინ მას აუცილებლად დასჭირდებოდა კიდევ რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა, კერძოდ: თუ რატომ აფიქსირებენ ძველი ბერძენი ავტორები საკუთრივ კოლხთა განსახლებას დიოსკურიამდე, ხოლო ნიკოფსიის (თანამედროვე ტუაფსე) მიდამოებში ასახელებენ გეოგრაფიულ პუნქტ „ლაზიკას“ (V ს. ანონიმი „პერიპლუსის“ „ძველ ლაზიკას“). მაგრამ ყოველივე ამის აღნიშვნაც კი ხომ გამოიწვევდა „გულუბრყვილო“ მკითხველის დაფიქრებას, რის შემდეგაც ის უთუოდ ეჭვს შეიტანდა ი. ვორონოვის მიერ დახატული სურათის რეალობაში.

სრულებით უადგილო და გაუგებარია ბ-ნ იურის გაღიზიანება იმის გამო, რომ პროფ. მ. ლორთქიფანიძეს მოჰყავს „აბაზგ“-„აფსილების“ ეთნიკური კუთვნილებისა და დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მათი განსახლების შესახებ არსებული შეხედულებები. გაუგებარია ეს იმიტომაც, რომ ქ-ნი მარიამი გადაჭრით არც ერთი შეხედულებისაკენ არ იხრება და მხოლოდ საკითხის კონსტატაციას სჯერდება, ხოლო მთელი შემდგომი თხრობის დროს არსად არ არის პრინციპულად უარყოფილი „აბაზგ“-„აფსილთა“ აფხაზური წარმომავლობა. აქვე ბ-ნი ი. ვორონოვი, ხვდება რა, რომ „გასპაჟა“ მარიამს ამჯერად ვერაფერს დააკლებს, იწყებს განგაშის ატეხას მისიმიანთა ეთნიკური კუთვნილების თაობაზე და სავსებით მისაღებ და ყოველმხრივ დასაბუთებულ დებულებას მისიმიანთა (ისევე, როგორც სანიგთა) ტომის კულტურულ-პოლიტიკურად ქართული სამყაროსთვის მიკუთვნების შესახებ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, არც მეტი, არც ნაკლები, VI ს. ცნობილი ბიზანტიელი მწერლის – აგათიას ხსოვნის მიმართ „ფორმენნოე იზდევატელსტვოდ“ აცხადებს, რადგან, აგათიას მიხედვით, მისიმიანები ენობრივად და კულტურულად თითქოს აფსილებთან ახლოს მდგარან. ჯერ ერთი, აგათიას სავსებით მკაფიოდ უწერია, რომ მისიმიანები აფსილებისგან განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ და სხვა კანონებსაც მისდევენ და მეორეც, დღეს მხოლოდ გარკვეული პათოლოგიით შეპყრობილმა კაცმა შეიძლება არ აღიაროს ბერძნული „მისიმიანის“ წარმომავლობა „მუშვანიდან“ (ასე უწოდებენ სვანები თავიანთ თავს), რომ არაფერი ვთქვათ თ. მიბჩუანის მიერ მოძიებულ მრავალფეროვან ტოპონიმიკურ მასალაზე, რომელიც აშკარად ადასტურებს კოდორის ხეობაში სვანთა განსახლებას უძველესი დროიდან. ასე რომ, ი. ვორონოვი სანამ ასეთ მძიმე ბრალდებას წამოუყენებდა პროფ. მ. ლორთქიფანიძეს, უმჯობესი იყო, ყოველივე ამაზე გაეცა პასუხი და მხოლოდ ამის შემდეგ ეფიქრა აგათია სქოლასტიკოსის ნათელ ხსოვნაზე. სხვა შემთხვევაში კი მისი განცხადება მართლაც რომ „ფორმენნოე იზდევატელსტვოა“, ოღონდ არა ბიზანტიელი მწერლის ხსოვნისადმი, არამედ გაზეთ „აბხაზიას“ მიამიტი მკითხველისადმი.

ი. ვორონოვის ცინიზმი და უტაქტობა ყოველგვარ საზღვრებს სცილდება ლაზთა (ეგრისის) სამეფოს წარმოქმნასა და მასში აფსილ-აბაზგთა, სანიგთა და მისიმიანთა მიწა-წყლის მოქცევის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობისას. კერძოდ, მისი აღშფოთება გამოუწვევია მ. ლორთქიფანიძის მიერ განვითარებულ აზრს იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ლაზთა სამეფოს შექმნაზე ვილაპარაკოთ ახ. წ. II საუკუნიდან და რომ აფშილეთის ნაწილი (მდ. ეგრისწყალი-ღალიძგიდან კოდორამდე) უკვე ამ დროიდან შედიოდა ლაზიკის შემადგენლობაში. ი. ვორონოვი ძლიერ განიცდის მდგომარეობას „გათვითცნობიერებული მკითხველისა“, რომელიც მ. ლორთქიფანიძის ამ შეხედულებამ შეიძლება განცვიფრებაში მოიყვანოს და აფიქრებინოს: ნე ვ კოშმარნომ ლი სნე ონ ჩიტაეტ კნიგუ პროფ. მარიამ, რადგან თურმე ბუნებაში არ არსებობს არც ერთი წყარო, რომელშიც შეიძლება დაფიქსირებული იყოს 554 წლამდელი ვითარება. ჩვენ შეგვიძლია დავამშვიდოთ „გათვითცნობიერებული მკითხველი“ და ვაუწყოთ, რომ მაინცდამაინც გულუბრყვილოდ ნუ ენდობა თავის კერპს – „ყოვლისმცოდნე“ არქეოლოგს, რადგან, თურმე ნუ იტყვით და, „ბუნებაში“ მართლაც მოიპოვება VI საუკუნემდელი წყარო – ახ. წ. II ს. ცნობილი ბერძენი ბუნებისმეტყველის, გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ავტორის – კლავდიუს პტოლემაიოსის ცნობა იმის შესახებ, რომ II ს. მეორე ნახევარში დიოსკურია-სებასტოპოლისი კოლხეთის ფარგლებში შედიოდა. ამ ცნობაზე დაყრდნობით ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის აღიარებულმა სპეციალისტმა – დ. მუსხელიშვილმა სავსებით დასაშვებად მიიჩნია II ს. მეორე ნახევარში ლაზების სამეფოს წარმოქმნა და მასში აფსილთა, აბაზგთა და ნაწილობრივ სანიგთა (არიანეს ცნობით, დიოსკურია-სებასტოპოლისი ხომ სანიგთა ქვეყანაში იყო) მიწა-წყლის მოქცევა. ასე რომ, მ. ლორთქიფანიძის ზემოთ მოყვანილი შეხედულება სრულებითაც არ არის მოგონილი და მას საკმაოდ მყარი არგუმენტაცია გააჩნია.

ღმერთმა დაგვიფაროს, დავაძალოთ ი. ვორონოვს ამ მოსაზრების გაზიარება. რამდენიც უნდა, იმდენი ატყუოს ბ-ნმა იურიმ გაზეთ აბხაზიის ისედაც „კოშმარულ ძილში“ მყოფი მკითხველი. ძნელი წარმოსადგენია, ქართულ ისტორიოგრაფიას ამით რამე დააკლდეს. აფხაზეთის ისტორიული წარსულით ჭეშმარიტად დაინტერესებული კაცი კი ალბათ არ დაიზარებს, გაეცნოს იმ არგუმენტებს, რომელთა საფუძველზეც დ. მუსხელიშვილი და მ. ლორთქიფანიძე გამოთქვამენ ვარაუდს აბაზგ-აფსილთა და სანიგთა ლაზთა სამეფოს ფარგლებში ჯერ კიდევ კლავდიუს პტოლემაიოსის ხანაში (ახ. წ. II ს.) მოქცევის შესახებ და გამოიტანს სათანადო დასკვნას.

ბევრ სხვა „სიკეთესთან“ ერთად ბ-ნ ვორონოვს ისიც ახასიათებს, რომ სრულებითაც არ იწუხებს თავს, ბოლომდე ჩასწვდეს წაკითხული მასალის შინაარსს და უნებლიედ გაპარული მექანიკური შეცდომა უდიდესი ფალსიფიკაციის რანგში აჰყავს. ამის ნათელი დადასტურებაა ვორონოვისეული შეფასება მ. ლორთქიფანიძის მიერ გამოთქმული აზრისა, რომლის მიხედვითაც აბაზგიას აფშილეთი, სანიგეთი და მისიმიანეთი თითქოს VI ს. შეეერთებინოს. ი. ვორონოვის მტკიცებით, პროფ. მ. ლორთქიფანიძე, ყოველნაირად ცდილობს რა გაასულელოს (ს იავნოი ცელიუ ოდურაჩიტ) მკითხველი, თავის ამ სუგუბო ლიჩნოე ზაიავლენიეს ზ. ანჩაბაძის ნაშრომზე მითითებით ამაგრებს. პირდაპირ გასაკვირია ი. ვორონოვის გულისწყრომა. თუ პროფ. მ. ლორთქიფანიძეს, რომელიც ასე „უსამართლოდ ეცილება“ აფხაზებს თავის ისტორიას (ი. ვორონოვის რეცენზიის ლაიტმოტივიც ეს არის), აფხაზეთის სამთავროს შექმნის თარიღი VIII საუკუნიდან VI საუკუნეში გადააქვს, ბარაქალა მას. ამით ხომ ერთიანი აფხაზეთის სამთავროს საკუთრივ აფხაზურ „ნაციონალურ“ პერიოდს, არც მეტი, არც ნაკლები, ორი საუკუნე ემატება. განა ამგვარმა ნოვაციამ გაბრაზების ნაცვლად აღფრთოვანებაში არ უნდა მოიყვანოს აფხაზი ხალხის ისტორიული წარსულის „ობიექტურად“ გაშუქებისათვის ასე „გულდამწვარი“ „გამოჩენილი“ საბჭოთა არქეოლოგი? მაგრამ, როგორც ჩანს, მისთვის სულ ერთია, თუ რანაირ არგუმენტებს (თუნდაც სრულიად საპირისპიროს) მოიყვანს, ოღონდაც შექმნას მ. ლორთქიფანიძის, როგორც აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკატორის პორტრეტი. იმას კი არ უფიქრდება, რომ თავისი ამ მოქმედებით თავად სასაცილო მდგომარეობაში ვარდება. ბ-ნ იურის მთელი თავისი „მაღალი“ ერუდიცია „გასპაჟა“ მარიამის ლანძღვა-გინებისათვის რომ არ შეელია და ყურადღებით წაეკითხა მ. ლორთქიფანიძის ნარკვევის ის ნაწილი და თანაც სასურველი იყო სამივე ენაზე, სადაც საუბარია აბაზგიის მიერ სანიგთა, აფშილთა და მისიმიანთა მიწა-წყლის შემოერთებაზე, უდავოდ შეამჩნევდა აღნიშნულ ნაწილში ერთგვარ „ტექსტოლოგიურ ხარვეზს“, რომელიც გვხვდება მხოლოდ რუსულ ტექსტში და არაა ქართულ და ინგლისურ ტექსტებში. მასში მოთხრობილია ეგრისის სამეფოს დასუსტებაზე ბიზანტია-ირანის ომის (542-562 წწ.) შედეგად, მისგან გამოყოფილი აბაზგიის თანდათანობით გაძლიერებასა და ამ პოლიტიკური ერთეულის მიერ VI საუკუნეში სანიგეთის, მისიმიანეთისა და აფშილეთის შემოერთებაზე. VI საუკუნე რომ ამ კონტექსტში უადგილოდ ზის, როგორც იტყვიან, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ამდენად, „ყოვლისმხილველ“ ბ-ნ იურის ეს, რასაკვირველია, არ უნდა გამოპარვოდა. მით უფრო, რომ მას, სულ რამდენიმე სტრიქონს ზევით უნდა შეემჩნია აფშილეთისა და მისი მთავრის – მარინოსის (VIII ს. დასაწყისი) შესახებ ბიზანტიელი ავტორის – თეოფანე ჟამთააღმწერლის ცნობის ირგვლივ მ. ლორთქიფანიძის მსჯელობა და მისი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ტერმინ „აფშილეთ“-„აფსილიის“ გაქრობა VIII, ხაზს ვუსვამთ, მერვე (და არა მეექვსე) საუკუნის მანძილზე, იყო შედეგი ее (აფშილეთის – ზ.პ.) аннексии Абазгией და „აფშილეთზე“ „აბაზგიის“ სახელწოდების გავრცელებისა (იხ. მ. ლორთქიფანიძის ნაშრომის 41-ე გვერდი). გარდა ამისა, ბ-ნ იურის არ აწყენდა ამ საკითხზე პროფ. მ. ლორთქიფანიძის შეხედულების დაზუსტების მიზნით ჩაეხედა ამ ბოლო დროს (1988 წ.) გამოცემული საქართველოს ისტორიის ნარკვევების II ტომის 280-ე და 281-ე გვერდებზე, სადაც პროფ. მ. ლორთქიფანიძე (სხვათა შორის, აქაც ზ. ანჩაბაძეზე დაყრდნობით) შავით თეთრზე წერს: Эриставство Абазгия постепенно расширяло свои границы, которые охватывали на севере Санигети, а на юге большую часть Апшилети (Апсилии) и Мисимианети. К 40-ым гг. VIII в. Княжество Абазгия (вассал Византийской империи) представлено в этих масштабах(ხაზგასმა ჩვენია – ..).

როგორც ვხედავთ, დიდი დაკვირვება არ უნდა იყოს საჭირო (ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტი ისტორიკოსისათვის მაინც) იმის დასადგენად, რომ მ. ლორთქიფანიძის წიგნის აღნიშნულ ნაწილში გაპარულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა და VIII ს. ნაცვლად წერია VI ს. აქვე გული ვერ მითმენს, ი. ვორონოვს არ ვაუწყო ერთი მისთვის ფრიად სამწუხარო ამბავი და არ ვუთანაგრძნო იმის გამო, რომ მან თავისი „უყურადღებობით“ ვერ შეამჩნია იმავე (42-ე) გვერდზე გაპარული ანალოგიური ხასიათის შეცდომა, სადაც VIII ს. 80-იანი წლების (როდესაც მოხდა ეგრის-აფხაზეთის გაერთიანება) ნაცვლად წერია X ს. 80-იანი წლები (ისე კი წარმომიდგენია, თუ რა „ხელსაყრელი“ მომენტი გაუშვა ჩვენმა დიდმა „ჭკუის მასწავლებელმა“ „გასპაჟა“ მარიამის ახალ-ახალი ეპითეტებით შესამკობად). ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ ვის აქვს მიზნად დასახული ოდურაჩიტ სვოეგო ჩიტატელია. რას ვიზამთ, ღმერთმა ხელი მოუმართოს ბ-ნ იურის ამ მეტად საშურ და „მამულიშვილურ“ საქმეში.

ი. ვორონოვის ბრალდებათა ერთი ჯგუფი ეძღვნება პროფ. მ. ლორთქიფანიძის წიგნში გამოთქმულ დებულებებს „აფხაზთა“ სამეფოსა და აფხაზთა კულტურულ-პოლიტიკური კუთვნილების, XIV-XV სს. სოხუმში ქართველთა მოსახლეობისა და სხვა ქრესტომატიულად ქცეულ ჭეშმარიტებათა შესახებ. ყოველივე ამას თან ახლავს ი. ვორონოვის „მაღალი მეცნიერული კულტურისათვის“ დამახასიათებელი განმარტებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება პროფ. მ. ლორთქიფანიძის ტიტულებით „გამოთაყვანებულმა, მაგრამ პატრიოტულად განწყობილმა მკითხველმა დაასკვნას, რომ მ. ლორთქიფანიძის ეს წიგნი, მაო ძე-დუნის ციტატების კრებულის მსგავსად, ფართოდ უნდა გავრცელდეს, ხოლო გათვითცნობიერებულმა მკითხველმა მაშინვე უნდა გასწიოს под пол-потовскую мотыгу – уж очень разительно противостояние рассматриваемого опусса логике фактов. ამის შემდეგ ი. ვორონოვი მიუთითებს, რომ არ არის არც ერთი წყარო, რომელშიც დაფიქსირებული იყოს აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს – ..) ეკლესიის გამოსვლა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან არც IX და არც X საუკუნეში. მაგრამ, – წერს ი. ვორონოვი. – არსებობს ნიკოლოზ მისტიკოსის (კონსტანტინოპოლის პატრიარქი 901-907 და 912-925 წლებში) მიმოწერის მონაცემები, რომლებიც თითქოს აშკარად მოწმობენ აფხაზეთის ადმინისტრაციის ორიენტაციას ბიზანტიაზე საეკლესიო თვალსაზრისით გიორგი II მეფობის (922-957 წწ.) პერიოდში. აქვე ი. ვორონოვი ყურადღებას ამახვილებს აფხაზეთში არსებული ტაძრების „პირდაპირ კავშირზე აღმოსავლურ-ბიზანტიურ ხუროთმოძღვრებასთან“ და აღნიშნავს, რომ საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორია „აფხაზთა“ სამეფოს მიმართაც ავტონომიურად გამოდიოდა.

გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ აქ ვერ გავმართავთ ვრცელ კამათს იმის შესახებ, თუ რატომ იყო „აფხაზთა“ სამეფო თავისი კულტურულ-პოლიტიკური შინაარსით ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ეს საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა (იხ. ი. ჯავახიშვილის, ს. ჯანაშიას, ნ. ბერძენიშვილის, ზ. ანჩაბაძის და სხვათა შრომები) და რამდენიც არ უბნიოს ი. ვორონოვმა მკითხველს გზა-კვალი თავისი დემაგოგიური და სრულიად უადგილო განცხადებებით მაო ძე-დუნის ციტატებსა თუ პოლ-პოტის „თოხზე“, ის მაინც ვერაფერს შეცვლის: IX-X საუკუნეების „აფხაზთა“ სამეფო ვერ გადაიქცევა არაქართულ პოლიტიკურ წარმონაქმნად. ამიტომ, ჩვენ ზოგიერთი კონკრეტული საკითხის განმარტებით შემოვიფარგლებით.

ი. ვორონოვი უბრალოდ ატყუებს მკითხველს, როდესაც აცხადებს, რომ მოსაზრება აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) ეკლესიის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან IX ს. მანძილზე (ნ. ბერძენიშვილი, პ. ინგოროყვა, ზ. ანჩაბაძე) ან X ს. დამდეგს (ს. ყაუხჩიშვილი) გამოსვლის შესახებ არც ერთი წყაროთი არ დასტურდება. მას ავიწყდება, რომ არსებობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კათედრათა ნუსხა – „ეკთესისები“, რომელთა ანალიზის საფუძველზეც ისტორიოგრაფიაში შემუშავებულია ურყევი დებულება აღნიშნულ ხანაში „აფხაზთა“ სამეფოს მიერ საეკლესიო დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ. რაც შეეხება ი. ვორონოვის მიერ ხსენებულ ნიკოლოზ მისტიკოსის წერილებს, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მათი მონაცემების გამოყენებისას ისტორიკოსს დიდი სიფრთხილე მართებს. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ მისტიკოსი, „აბაზგიის“ მმართველისთვის („აფხაზთა“ მეფე გიორგი II – 922-957 წწ.) გაგზავნილ წერილებში, უქებს „აბაზგიის მთავარს“ ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებისათვის გაწეულ ღვაწლს და მოუწოდებს მას, მომავალშიც იზრუნოს ამ მიმართულებით.

ერთი შეხედვით, კაცს მართლაც შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს მასალა მიუთითებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გარკვეულ გავლენაზე აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) ეკლესიის მიმართ, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: ნიკოლოზ მისტიკოსისათვის საერთოდ დამახასიათებელია ქრისტიანობაზე ზოგადად ზრუნვა და, აგრეთვე, მისწრაფება საყოველთაო მშვიდობისა და ქრისტიანული სიყვარულის ჩამოგდებისაკენ. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც მისი ასევე დამრიგებლური წერილი სომეხთა კათალიკოს იოვანესადმი, რომელშიც ავტორი ხაზგასმით მიუთითებს თავის სომეხ კოლეგას, თუ რისი გაკეთება მართებს მას „ბოროტებისა და ურთიერთშუღლის აღმოსაფხვრელად“. ცნობილია, რომ სომხური ეკლესია აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ნიკოლოზ მისტიკოსს ეს სრულებითაც არ უშლიდა ხელს, „ჭკუა დაერიგებინა“ სომეხთა კათალიკოსისათვის. ეს არის ერთგვარი გამოვლინება იმ იდეოლოგიისა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ყოველმხრივ ავითარებდნენ ბიზანტიის პოლიტიკური თუ საეკლესიო წრეები და რომლის მიზანი იყო მთელი საქრისტიანოს მესვეურად კონსტანტინოპოლის მიჩნევა. რასაკვირველია, არაა გამორიცხული, ნიკოლოზ მისტიკოსს უფრო შორს მიმავალი მიზნებიც ჰქონოდა და ის მართლაც ესწრაფვოდა აფხაზეთის ეკლესიაზე თავისი გავლენის აღდგენას, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია. მთავარია, რომ მის წერილებში დაფიქსირებული „თბილი“ ურთიერთობა „აბაზგიის მთავართან“ არ არის საკმარისი არგუმენტი ამ პერიოდში (922-925 წწ.) დასავლეთ საქართველოს ეკლესიაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უზენაესობის აღიარების მტკიცებისათვის, რისკენაც ასე დაბეჯითებით მოგვიწოდებს ბ-ნი ი. ვორონოვი.

ცალმხრივი და ტენდენციურია, აგრეთვე, ი. ვორონოვის განცხადება იმის შესახებ, თითქოს „აფხაზთა“ მეფეები „უსერდნო“ აშენებდნენ ტაძრებს მაინცდამაინც „ზღვასთან და ბიზანტიასთან ახლოს ბედია-ბზიფის სექტორში“ და არა, დავუშვათ, ქუთაისში – სამეფოს დედაქალაქში. ჯერ ერთი, „აფხაზ“ მეფეთა სააღმშენებლო საქმიანობა არასოდეს შემოფარგლულა დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიით. ი. ვორონოვისა და „არაქართული აფხაზეთის“ ძიებით სულგამძვრალი ზოგიერთი ვაი-ისტორიკოსისაგან განსხვავებით, „აფხაზ“ მეფეებს არასოდეს დაუყვიათ თავიანთი ქვეყანა „ქართულ“ და „აფხაზურ“ ნაწილებად. პირიქით, მთელი მათი მოღვაწეობის ლაიტმოტივი ერთიანი ქართული (და არა მარტო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით) სახელმწიფოს შექმნა იყო. ამიტომაც ისინი ერთნაირად ზრუნავდნენ თავისი სამეფოს თითოეული ნაწილის განახლება-აღორძინებისათვის. ბ-ნო იური! რატომ შეგყავთ ხალხი შეცდომაში და რატომ არ ეუბნებით მას, რომ სწორედ გიორგი II-მ – ნიკოლოზ მისტიკოსის ადრესატმა – ააშენა ჭყონდიდის ბრწყინვალე ტაძარი და აქცია ის საეპისკოპოსო ცენტრად, რაც საგანგებოდ აქვს აღნიშნული ქართველ მემატიანეს. რატომ არ ეუბნებით იმასაც, რომ გიორგი II მემკვიდრის – ლეონ III-ის დროს მოქვის ეკლესიასთან ერთად აიგო ცნობილი კუმურდოს (დღევანდელი ახალქალაქის მახლობლად) ტაძარი, რომლის ფრესკულმა მხატვრობამ შემოგვინახა ლეონ III და მისი დის – გურანდუხტ დედოფლის – გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის – ბაგრატ III-ის დედის გამოსახულებები. ან რაა გასაკვირი იმაში, რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე აგებული ყოფილიყო ეკლესია-მონასტრები? განა ნაკლებად ზრუნავდნენ ამ მხარის მოწყობისათვის XI-XII საუკუნეებში სრულიად საქართველოს ხელმწიფენი? განა იგივე ბედია ბაგრატ III არ ააგო და არ აქცია თავის საძვალედ?

გადავიდეთ გვიანფეოდალურ ხანაზე. პირველი და უმთავრესი, რასაც კატეგორიულად უარყოფს ი. ვორონოვი, არის თეზისი XV-XVII საუკუნეებში აფხაზეთის მოსახლეობაში ჩრდილო-კავკასიური (აფსუა-ადიღური) მასის შემოღწევისა და ამ მხარის ერთგვარი „ბარბარიზაციის“ შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ი. ვორონოვს არ გააჩნია არავითარი ხელმოსაკიდი მასალა მ. ლორთქიფანიძის მიერ მოტანილი არგუმენტების გასაქარწყლებლად, ის მაინც არ იხევს უკან და მკითხველს, ყოველგვარი კონტრმტკიცებების გარეშე, უცხადებს მ. ლორთქიფანიძის მიერ მოტანილი სურათის არარეალურობას. პირიქით, ი. ვორონოვის თქმით, XIV საუკუნიდან აფხაზეთში ადგილი ჰქონდა გადასახლებას სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, რისი შედეგიც იყო აბაზინური მოსახლეობის გაჩენა ჩრდილოეთ კავკასიაში.

აქვე ი. ვორონოვი (გულთან ახლოს მიაქვს რა ქ-ნ მარიამის „ოჩერავატელნაია“ „ქალური ალოგიკურობა“) ამტკიცებს, რომ არქეოლოგიური მონაცემებით ამ პერიოდში აფხაზეთში ადგილი ჰქონდა „დემოგრაფიულ აფეთქებას“, რაც გამოიხატა სამრევლო ეკლესიების და მასთან სასაფლაოების რიცხვის ზრდაში. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ უნდა გამორიცხავდეს ბ-ნ ი. ვორონოვის მიერ არქეოლოგიური მასალების მიხედვით დაფიქსირებული „დემოგრაფიული ბუმი“ ქართული მოსახლეობის არსებობას დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე XIV საუკუნეში? მაშინ, ბ-ნო იური, რას უნდა მივაწეროთ სხვა არქეოლოგიურ მასალებთან ერთად თქვენს მიერვე წებელდაში ნაპოვნი ქართული წარწერები? ნუთუ დაგავიწყდათ, რომ ამ რამდენიმე წლის წინათ, თქვენი და, აგრეთვე, ბ-ნ ოლეგ ბღაჟბას თხოვნით, ერთ-ერთი ასეთი წარწერის წასაკითხად თბილისიდან სპეციალურად ჩამოვიყვანეთ არა სხვა ვინმე, არამედ პროფ. მ. ლორთქიფანიძის ვაჟი, ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების ცნობილი სპეციალისტი ბ-ნი გიორგი ოთხმეზური. ან რომელი მეცნიერული ლოგიკით შეიძლება დავუპირისპიროთ XIV ს. არაქართულ (იტალიურ) წყაროებში დაფიქსირებულ უტყუარ ფაქტს ცხუმში ქართველთა მოსახლეობის შესახებ, მართალია უდავოდ ნიჭიერი, მაგრამ თანამედროვე რუსი ბიზანტინისტის – სერგეი კარპოვის მიერ გაკვრით გამოთქმული „ავტორიტეტული აზრი“ სოხუმში აფხაზთა მოსახლეობის შესახებ?

მკითხველმა თვითონ განსაჯოს, ვინ უფრო კეთილსინდისიერად იქცევა: პროფ. მ. ლორთქიფანიძე, რომელიც 1330 წ. სოხუმში მყოფი იტალიელი მისიონერის ჩვენებაზე დაყრდნობით აღიარებს აქ ქართული მოსახლეობის არსებობას, მაგრამ არ გამორიცხავს საკუთრივ აფხაზების ყოფნასაც ამ ქალაქში, თუ ი. ვორონოვი, რომელიც არაფრად აგდებს XIV ს. მასალებს და, თანამედროვე რუსი მკვლევარის მოსაზრების საფუძველზე, კატეგორიულად უარყოფს ქართველების ყოფნას დღევანდელი სოხუმის მიდამოებში. მაგრამ უფრო გასაოცარი და, რაც მთავარია, სრულიად ალოგიკური ისაა, რომ ი. ვორონოვის მტკიცებით XVII საუკუნეში ადგილი ჰქონდა „აფხაზთა განმათავისუფლებელ ომს“, რაც ქართველ მღვდელმსახურთა (კათალიკოსის ჩათვლით) აფხაზეთიდან გამოძევებასა და თითქმის ყველა ქრისტიანული ტაძრის განადგურებაში გამოიხატა.

დალოცვილო! თუ XVII საუკუნემდე დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველთა ჭაჭანება არ იყო და თქვენ მიერ ურყევ ავტორიტეტად მიჩნეული ს. კარპოვის აზრით XIV ს. სოხუმში მხოლოდ „ბერძნები, აფხაზები და ებრაელები ცხოვრობდნენ“, ეს ქართული ქრისტიანული ტაძრები და ქართველი მღვდელ-მსახურები, რომლებიც თურმე, თქვენი თქმით, „მეგრული(ანუ სამეგრელოს სამთავროს – ზ.პ.)ადმინისტრაციის“  პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ, საიდან გაჩნდნენ? ან რანაირად მოხდა რომ იმ აფხაზთა შთამომავლებმა, რომლებიც უძველესი დროიდან ქრისტიანებად იყვნენ ცნობილნი და რომლებმაც „თავიანთი“ მეფეების ენერგიული სააღმშენებლო მოღვაწეობის შედეგად IX-X საუკუნეებში ეკლესია-მონასტრებით მოფინეს „ბედიასა და ბზიფს“ შორის მდებარე ტერიტორია, ასე უმოწყალოდ გაანადგურეს „თავიანთ“ წინაპართა საფლავები? სხვას რომ თავი დავანებოთ, როგორ გაიმეტეს „ქრისტიანმა აფხაზებმა“ „მათი“ დიდი წინაპრის, „აფხაზი“ მეფის – ლეონ III-ის მიერ აგებული დიდებული მოქვის ტაძარი (ამის შესახებ პირდაპირ მიუთითებს იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი, რომელმაც XVII ს. 70-იან წლებში იმოგზაურა დასავლეთ საქართველოში), რომელსაც თქვენი მტკიცებით, არაფერი არა აქვს საერთო ქართულ ქრისტიანულ სამყაროსთან?

ან რაღა მაინცდამაინც XVII ს. იფეთქა „ანტიქრისტიანულმა“ გენმა ოდითგან ქრისტიან აფხაზებში? თუ ქართული ქრისტიანობა ასე აუტანელი იყო აფხაზი ხალხისათვის, რაღა ამდენი ხანი ითმინა მან „აფხაზეთის“ ქართული საკათალიკოსოს სამწყსოში ყოფნა, რომლის საკათედრო ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ბიჭვინთაში იმყოფებოდა? თუმცა, არაა გამორიცხული, ი. ვორონოვს, როგორც ჭეშმარიტ მარქსისტ-ლენინელს, ჰგონია, რომ აფხაზთა მიერ „თავიანთი“ წინაპრების ხელითვე აგებული ქრისტიანული ტაძრების განადგურება გამოწვეული იყო არა იმ დროს აფხაზეთში მონათესავე მთიელ ტომთა (ადიღ-აფსუათა) ახალი ტალღის ჩამოწოლის შედეგად მხარის ერთგვარი „გაბარბაროსებით“, არამედ, არ გაგიკვირდეთ და, განვითარებულ ფეოდალურ საზოგადოებაში მომხდარი „კომუნისტური რევოლუციით“, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, როგორც ცნობილია, მართლაც წარმოადგენდა რელიგიის – ამ, კ. მარქსის თქმით, „ხალხის ოპიუმის“ ძირფესვიანად ამოძირკვა ადამიანთა შეგნებიდან, რაც ასე წარმატებით განახორციელეს პროლეტარიატის დიდმა ბელადმა ვლადიმერ ლენინმა და მისმა ერთგულმა მოწაფე კომუნისტებმა. ეს თუ ასეა, გამოდის, რომ „კაცობრიობის ნათელი მომავლის“ – კომუნიზმის შენება ზოგიერთი დღევანდელი აფხაზი სეპარატისტის წინაპარს ჯერ კიდევ XVII საუკუნეში დაუწყია და რა გასაკვირია, „მეცნიერული“ კომუნიზმის ამ „მარად ცოცხალ“ მოძღვრებას ასე მყარად ჰქონდეს გადგმული ფესვები თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ყოველივე ამის შემდეგ ისღა დაგვრჩენია, ბ-ნ ვორონოვს გულწრფელად ვურჩიოთ, სხვათა „ოჩერავატელნაია“ „ქალურ ალოგიკურობაზე“ ფიქრს თავი დაანებოს და საკუთარი აზროვნების სიმრთელეზე იზრუნოს, რამეთუ გაზეთ „აბხაზიაში“ გამოქვეყნებული მისი ისტორიოგრაფიული „შედევრის“ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას, როგორც ჩანს, ამ მხრივ, მართლაც არ უნდა ჰქონდეს საქმე მთლად დაწყობილად. აბა, სრულ ჭკუაზე მყოფი კაცი – როგორ შეიძლება უარყოფდეს იმას, რომ მიუხედავად ჟამთა სიავისა, აფხაზეთში გარკვეულწილად მაინც იქნა შენარჩუნებული ქართული თვითშეგნება, რომ XVII-XIX საუკუნეებშიც  კი წერა-კითხვის ენად აქ უმთავრესად მაინც ქართული რჩებოდა; რომ მოქვში დამარხული უკანასკნელი აფხაზი მთავრების ეპიტაფია ქართული ასომთავრულითაა შესრულებული; რომ სახელოვანი აფხაზი პოლიტიკური მოღვაწე მიხეილ შარვაშიძე, რომელსაც ასე ვერაგულად მოუსწრაფა სიცოცხლე რუსეთის იმპერიამ, რათა ბოლო მოეღო საქართველოს უკანასკნელი ფეოდალური ერთეულის – აფხაზეთის სამთავროსათვის, ხოლო მისი მკვიდრი მოსახლეობის ნაწილი ურჩობისათვის თურქეთში გაესახლებინა, – მიმოწერას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან რატომღაც ქართულად არჩევდა.

თუ ყოველივე ეს საბჭოური არქეოლოგიის „ამომავალმა ვარსკვლავმა“ არ იცის, მაშინ ნუ იგდებს თავს სასაცილო მდგომარეობაში. დაინტერესებულ მკითხველს კი შევახსენებთ, რომ თითოეული ზემომოყვანილი ფაქტი დიდი ხანია დაფიქსირებულია და სათანადოდაა შეფასებული ისტორიოგრაფიაში, კერძოდ: აკად. ს. ჯანაშიას შესანიშნავ გამოკვლევაში გიორგი შარვაშიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე და, აგრეთვე, გამოჩენილ აფხაზ ისტორიკოსთა – ზ. ანჩაბაძისა და გ. ძიძარიას მიერ რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ კოლექტიურ მონოგრაფიაში „ქართველი და აფხაზი ხალხების მეგობრობისა და ძმობის ისტორიიდან“. ასე რომ, სანამ მ. ლორთქიფანიძის გინებას დაიწყებდეს, ი. ვორონოვმა კეთილი ინებოს და ზემოჩამოთვლილი კაპიტალური ნაშრომები გულდასმით შეისწავლოს და თუკი რამ მას ამის შემდეგაც დააეჭვებს, მაშინ იქნებ თავი შეიწუხოს და დემაგოგიური ლაყბობის ნაცვლად როგორმე, უფრო მეცნიერულად გამართული, სათანადო ფაქტებით გამაგრებული „ნააზრევით“ გაგვაბედნიეროს, რასაკვირველია, თუკი ასეთი რამ ანტიქართული ფსიქოზით მძიმედ დაავადებულსა და გონებადახშულს ჯერ კიდევ შესწევს.

თავისი წერილის დასკვნით ნაწილში ი. ვორონოვი სვამს რიტორიკულ კითხვას იმის შესახებ, თუ რისთვისაა დაწერილი მ. ლორთქიფანიძის ეს წიგნი და აქვე პასუხობს, რომ მხოლოდ არა ჭეშმარიტების დადგენის მიზნითო. მისი „ღრმა მეცნიერული მიხვედრით“, მ. ლორთქიფანიძის ნაშრომი თურმე განკუთვნილია „ძლიერთათვის ამა ქვეყნისა“ და არა ხალხისათვის. ეს კი, თურმე ნუ იტყვით და, გამოწვეულია იმით, რომ ისტორიკოსს (ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, მ. ლორთქიფანიძეს), რომელიც ტოტალიტარული იდეოლოგიის სამსახურშია, არა აქვს უფლება თავისუფლად წერისა. სწორედ ამიტომ, – ასკვნის პატ. ი. ვორონოვი. – მ. ლორთქიფანიძის ახალი წიგნიც მიმართულია იქითკენ, რომ მეხსიერება წაართვას, პირველ რიგში, თავის თანამემამულეებს, ხოლო შემდეგ დეზინფორმაციაში შეიყვანოს სხვა ხალხების მეცნიერული წრეები და, რაც მთავარია, იდეოლოგიურად უზრუნველყოს ურთიერთდაპირისპირება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ერთმანეთს დააჯახოს მეზობლები, ნათესავები, პროვოცირება უყოს კრიმინოგენულ ელემენტებს ქალების, ბავშვებისა და მოხუცების წინააღმდეგ, არ მისცეს მთავრობასა და აფხაზეთის მრავალეროვან ხალხს საშუალება, თვითონ გადაწყვიტოს თავისი საერთო სახლის პრობლემები. აი, ასეთი ვრცელი ტირადა-დაბეზღებით ამთავრებს ბ-ნი იური თავის ნაბოდვარს და ბედი, რომ ყოველივე ეს დღეს იწერება და არა ავადმოსაგონარ 30-იან წლებში, თორემ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ხიფათს გადაეყრებოდა ქ-ნი მარიამი ასეთი „დითირამბების“ შედეგად.

რა უნდა ითქვას ყოველივე ამის შესახებ. პირდაპირ სასაცილოა (სატირალი რომ არ იყოს) ორთოდოქს მარქსისტ-ლენინელის ი. ვორონოვის მხრიდან ისტორიკოსის შრომის დაცვა ტოტალიტარული იდეოლოგიის გავლენისაგან. ქართველ ისტორიკოსებს ისღა დაგვრჩენია, დღედაღამ ვილოცოთ ბ-ნ იურის დღეგრძელობისთვის, თორემ მას რომ რამე დაემართოს, ხომ დავიღუპეთ და ეგაა.

ზემოთ უკვე ითქვა, რომ ანტიქართულმა ფსიქოზმა და დღენიადაგ იმისათვის ზრუნვამ, როგორმე ჩამოაცილონ დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ საქართველოს მისი განუყოფელი ნაწილი – აფხაზეთი, წონასწორობა დააკარგვინა ი. ვორონოვს და მის თანამზრახველებს ბლოკ „სოიუზიდან“. ამიტომაა, რომ ისინი ყოველგვარ პროვოკაციაზე მიდიან. აბა, ამაზე დიდი პროვოკაცია გაგონილა: გუშინ თუ გუშინწინ მოთრეულმა გადამთიელმა ვაი-ისტორიკოსმა, რომლის წინაპარმა ნამდვილად იავარჰყო აფხაზების მიწა-წყალი და აყარა აქედან აფხაზთა დიდი ნაწილი, რათა ერთ დროს აქ თვითონ ბატონკაცურად მოკალათებულიყო, არც მეტი, არც ნაკლები, აუკრძალოს ქართველ კაცს თავისი სამშობლოს – აფხაზეთის „შინაურ საქმეებში“ ჩარევა.

დიახ, ბატონო იური! აფხაზეთი ქართველისათვის ისეთივე სამშობლოა, მოგწონთ ეს თქვენ თუ არა, როგორც საქართველოს ნებისმიერი სხვა რეგიონი და მას ყველა უფლება აქვს თავის აფხაზ ძმებთან ერთად უპატრონოს თავის ქვეყანას თქვენი და თქვენისთანა „კონსულტანტებისაგან“ ყოველგვარი ჭკუის სწავლების გარეშე. დღეს უკვე აშკარაა, თუ ვინ ცდილობს აფხაზეთში მდგომარეობის დაძაბვას: ის, ვინც წარმოაჩენს რეალურ ისტორიას აფხაზთა და ქართველთა ისტორიული თანაცხოვრებისა, თუ ის, ვინც ურცხვად ცხვირს ჰყოფს სხვის საქმეში და „თითხნის“ აფხაზეთის „არაქართულ“ ისტორიას, რათა „დაასაბუთოს“ ამ მხარის მოწყვეტა დანარჩენი საქართველოსაგან.

არა, ბატონო იური! აფხაზეთი არასოდეს არ იქნება „თქვენი“ საერთო სახლი. ეს სახლი, წაბრძანდით და თქვენს სამშობლოში აშენეთ, თუმცა, ჩვენდა სასიკეთოდ, დღეს რუსეთი ისეთ არნახულ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიზაციის გზაზე, ვეჭვობ, თქვენისთანა იმპერიული სულისკვეთებით დაავადებულ კომუნისტურ-ტოტალიტარული რეჟიმის ლაქიას იქ რაიმე ხეირი დაადგეს, მაგრამ გული არ გაიტეხოთ. იქ ხომ ჯერ კიდევ საკმაოდ ბლომადაა „ერთიანი და განუყოფელი“ რუსეთის იმპერიის შენარჩუნება-განმტკიცებაზე უტოპიურად მეოცნებე მანიაკები. სხვებს რომ თავი დავანებოთ, მარტო თქვენი მეგობარი, სამშობლოს „მხსნელად და იმედად“ მოვლენილი „აზროვნების გიგანტი“ ვლადიმერ ვოლფის ძე ჟირინოვსკი რად ღირს, რომელიც თქვენ და ბლოკ „სოიუზის“ სხვა „ბელადებმა“ ასე შემოიჩვიეთ აფხაზეთში და ლამისაა სალოცავ ხატად გადააქციეთ. ჰოდა, აშენეთ ჟირინოვსკებმა, ალქსნის-ჩეხოევებმა და ვორონოვ-ლოგინოვებმა თქვენი საერთო სახლი, სადაც გნებავდეთ იქ და თუ მაინცდამაინც „მუშახელი“ შემოგელიათ, შეგიძლიათ კესიან-ტოპოლიანების „კრუნკიც“ თან გაიყოლიოთ. ოღონდ აფხაზეთს თავი დაანებეთ.

ძვირფასო მკითხველო! ვერც კი წარმომედგინა, რომ ოდესმე რომელიმე კოლეგასთან ჩემი პოლემიკა ასეთ ფორმას მიიღებდა, მაგრამ ღმერთია მოწმე, ამაში მე არ ვარ დამნაშავე. ბ-ნი ვორონოვის დემარშები, როგორც ნახეთ, უკვე ყოველგვარი ეთიკის ნორმებს გასცდა და მართლაც „მეცნიერულ-პოლიტიკურ“ თავხედობად იქცა. ამიტომაც, საჭიროდ ჩავთვალეთ, თავხედს ბოლოს და ბოლოს დავარქვათ თავისი ნამდვილი სახელი და მივუჩინოთ ის ადგილი, რომელსაც ის იმსახურებს. თქვენ კი მოგიწოდებთ, ამის შემდეგ უფრო მეტი დაინტერესებით გაეცნოთ ჩვენი სასიქადულო მეცნიერისა და მამულიშვილის პროფ. მ. ლორთქიფანიძის, მართლაც რომ უაღრესად საჭირო წიგნს „აფხაზები და აფხაზეთი“, რომელიც იძლევა სწორ და ობიექტურ ინფორმაციას აფხაზეთის ისტორიულ წარსულზე.

Advertisements
 
%d bloggers like this: