IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• 5 ეკლესია ეჩმიაძინს…

 • Armenia-სომხეთი

 

5 ეკლესია, რომელიც ეჩმიაძინს, საპატრიარქოს ნებართვის გარეშე გადაეცემა!

 

15 ივლისი 2011

რისთვის ჩავიდა გარეგინ მეორის საიდუმლო ემისარი ბათუმში და რა კანონიერი ბერკეტები არსებობს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაჩერებლად

საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო წლებში, არაერთი არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო. საპასუხოდ, ხალხისგან საპროტესტო ტალღაც გადაიტანა. საზოგადოება, ასე თუ ისე, დღემდე ყველა იმ შეცდომადანაშაულს შეგუებულია, რაც ამ ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან ჩაიდინა. ამას ხელი ოპოზიციის უგერგილობამ თუ ხელისუფლებასთან სისტემატიური გარიგების რეჟიმში ყოფნამაც შეუწყო. სახელისუფლებო კულუარებში უკვე არ ერიდებიან იმაზე ლაპარაკს, რომ ქართველ ხალხს, რაც არ უნდა გაუკეთო, ყველაფერს შეეგუება, საპროტესტო მუხტი ჩამცხრალი კი არა, ჩამკვდარია და ყველა უბედურებას, ეს ხალხი, კანონისა თუ ქმედების სახით, აიტანს. ამ განწყობამ გააყოყოჩა ნაცმოძრაობის ელიტა და 5 ივლისს, ჰიპერაქტიული სისწრაფით მიიღო კანონი, რომელმაც მთელი ქვეყანა ყალყზე დააყენა. საქმე საქართველოში მოქმედი ხუთი რელიგიური კონფესიისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების უფლებას ეხება. ხელისუფლებამ, საქართველოსთან ისტორიულკულტურულ ურთიერთობებში მჭიდრო და ხანგრძლივ კავშირში მყოფი კონფესიები გამოარჩია _ გრიგორიანული სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, ევანგელისტურბაპტისტური ეკლესია, ებრაელთა თემი და მუსულმანური თემი. პარლამენტმა არ გაითვალისწინა საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და კანონი, 2 მუხლის გარეშე, 5 ივლისს მიიღო. ხელისუფლების ულტრალიბერალური ფრთის წარმომადგენლები ამტკიცებენ, ახალი კანონის მიღება, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს პრობლემებს არ შეუქმნის, სხვა, თითქმის მართლმადიდებლურ ეკლესიებთან გატოლებული კონფესიები, მანამდე არაარსებულ უფლებებში კი აღვადგინეთ, მაგრამ ეს არ მოხდება მართლმადიდებლური ეკლესიის ხარჯებზეო. ამ დროს, რეალობა სრულიად სხვაა.

 

რომელი 5 ეკლესიის გადაცემას ითხოვს ეჩმიაძინი საპატრიარქოსგან

მოსალოდნელიც იყო და ასეც მოხდა. პირველი, ვინც ახალი კანონით, საქართველოში საკუთარი უფლებების გამყარება გადაწყვიტა, სომხეთის გრიგორიანული ეკლესია აღმოჩნდა. ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი და ცნობილი არმენოლოგი, ბონდო არველაძე ,,ვერსიასთან” აცხადებს: ,,16 ივლისს, ეჩმიაძინის სინოდის კრებაა დანიშნული ერთადერთი მიზნით. სინოდმა უნდა განიხილოს და, ცხადია, დადებითაც გადაწყვეტს, საქართველოში კუმურდო-ახალქალაქის ეპარქიის შექმნის საკითხს. სომხებს ერთი ეპარქია აქვთ თბილისში და აქ ეპიკოპოსიც უზით, მაგრამ ახლა მეორესაც შექმნიან”. ახალი კანონის ამოქმედების მერე კი, თუ სომხეთმა მართლა გადაწყვიტა ორი კი არა, ცხრა ეპარქიის შექმნა, ამას ვერავინ დაუშლის. მართალია, საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიასა და ეჩმიაძინს შორის ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომ ამგვარი საკითხები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, მაგრამ თუ ეჩმიაძინი საქართველოს საპატრიარქოს ვერ შეუთანხმდა და მაინც თვითნებურად დააარსა კუმურდო-ახალქალაქის ეპარქია, მის დარეგისტრირებას ქართულ სამართლებრივ სივრცეში, კანონი აღარ კრძალავს. ეპარქია იურიდიულად იარსებებს, იფუნქციონირებს, მისთვის, ქართული კანონმდებლობით არსებულ ყველა სიკეთეს გამოიყენებს, საპატრიარქოს კი მხოლოდ ისღა დარჩება _ გააპროტესტოს სომხური ეკლესიის მოქმედება და განაცხადოს, რომ ეს ყველაფერი, მასთან არ იყო შეთანხმებული. ეს კი, დარჩება ,,ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”. საპატრიარქოსთან დაახლოებული პირი, რომელიც ამჯერად არ ამხელს ვინაობას, ახალი ეპარქიის შექმნაში ძალიან დიდ საფრთხეს ხედავს. ,,კანონმდებლები, რატომღაც გვიმტკიცებენ, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. არადა, დიდი ამბავი მოხდა. საქართველოს დიდი საფრთხე მოელის სომხეთისგან. უკვე საუკუნეებია, სომხები ჯავახეთს გვედავებიან. ეჭვი არ მეპარება, რომ კუმურდო-ახალქალაქის ეპარქია მართლა მალე შეიქმნება. ჯავახეთში, ნაწილობრივ, სამცხეშიც. ძალიან ბევრია ისეთი ქართველი, რომელთაც დიდი ხანი არ არის, რაც თავი დააღწიეს სომხური ეკლესიის მარწუხებს. ეს ხალხი, სხვადასხვა მეთოდებით, თავის დროზე, გადაიბირა სომხურმა ეკლესიამ, მათ გვარებიც გადაუკეთეს. საბჭოთა პერიოდში ამ ხალხმა დაიბრუნა ქართული, საკუთარი გვარსახელი, უწინდელი სარწმუნოება, მაგრამ მათში ძალიან ბევრია მერყევი ადამიანი, მცირდმორწმუნე ადამიანი. ამ რეგიონში განსაკუთრებით მძიმე სოციალური მდგომარეობაა და სწორედ ამ ხალხზე დაიწყებენ სომხები ნადირობას. ისინი დიდძალ ფულს დახარჯავენ, რომ გრიგორიანელებად მოაქციონ მართლმადიდებლები, რომელთა წინაპრებიც, გრიგორიანელები იყვნენ ან არ იყვნენ _ ეს მეორე საკითხია. რა, მეტყვის ვინმე, ჭეშმარიტ მორწმუნეს ფულით ვერ იყიდიო? კი, ასეა, მაგრამ საქართველოში რამდენია ჭეშმარიტი მორწმუნე, ყველა ცდუნებას რომ გაუძლოს? იეღოველთა შემოტევა არ გახსოვთ? რამდენი მართლმადიდებელი შეუერთდა ამ სექტას? რა გგონიათ, ფერადკანიანი ჟურნალებითა და ქადაგებებით გადაიბირეს ეს ხალხი? ფულით, ბატონო, ფულით! ფული კი, სომხებს რომ აქვთ, არა მგონია, იმდენი ვინმეს ჰქონდეს. თან, ერთადერთი, რაშიც სომხებს ფულის ხარჯვა არ ენანებათ, ეს საკუთარი სარწმუნოების გავრცელებაა, რომელიც უშუალო კავშირშია ,,დიდი სომხური სახელმწიფოს” შექმნის იდეასთან. კავშირში კი არა, მეტიც _ სომხებს სხვა სახელმწიფოებრივი იდეოლოგია არა აქვთ, მათი ერთადერთი იდეოლოგია არის სარწმუნოება, რომელიც ბაზისია, ,,დიდი სომხური სახელმწიფოს” შექმნისა”.

საპატრიარქოში აღშფოთებულნი არიან ხელისუფლების გადაწყვეტილებით. ქართველი მღვდელმთავრები ღიად საუბრობენ, რომ სომხეთი ამით საფუძველს ამზადებს, რათა სომხური მოსახლეობა მოამრავლოს ჯავახეთში, მერე კი _ ავტონომია მოითხოვონ. ანუ საპატრიარქო არამარტო რელიგიურ, სახელმწიფოებრივ საფრთხესაც ხედავს, რომელთაგან, არც ერთს, ხელისუფლება თვალს არ უსწორებს. საპატრიარქოდან გამოჟონილი ინფორმაცით, ის ეპისკოპოსებიც კი, რომლებიც ღიად აფიქსირებდნენ მიხეილ სააკაშვილისა და ამ ხელისუფლების მხარდაჭერას, გაბრაზებულნი არიან _ სომხები რომ დაესვათ ჩვენთვის თავზე, მაგისთვის არ ვუჭერდით მხარს, საქართველოს რუსეთისგან და კომუნისტური გავლენისგან დამოუკიდებლობისთვის რომ იბრძოდა, ამის გამო ვემხრობოდით, ამათ კი, რუსეთის სატელიტი, სომხეთი მოგვიქსიაო. სომხეთი არ აპირებს, მარტო სამცხეჯავახეთში აღიდგინოს გავლენა, რომელიც, თავის დროზე, ძალითა და ექსპანსიით მოიპოვა.

ეჩმიაძინი, ჯერ არაოფიციალურად, უკვე ითხოვს 5 ეკლესიის გადაცემას საქართველოს საპატრიარქოსგან, რომლებიც, დღემდე სადავოდაა მიჩნეული. ხუთიდან ოთხი ეკლესია თბილისშია: ნორაშენი (ლესელიძის ქუჩაზე), სურფშანი (ვერცხლის ქუჩაზე), მუღნისის სუფგეურქი _ (ახოსპირველის ქუჩაზე) და სუფმინასის ეკლესია (ავლაბარში). მეხუთე ეკლესია მარდის ახალციხის იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა. ხუთივე ეკლესია ამ დრომდე დაკეტილი და უმოქმედოა.

ქეთევან აბაშიძე, არქეოლოგი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტრავრაციის საბჭოს თანამშრომელი: ,,სომხური დიასპორის მოძალება საქართველოში XV-XVI საუკუნეებში დაიწყო, როცა ქვეყანა დაუძლურებული, დაშლილი იყო და უკვე გადატანილი ჰქონდა თემურლენგისა და ჯალალედინის მრავალგზისი ლაშქრობები. მე-17 საუკუნის დასაწყისისთვის, სომხური დიასპორა მოძლიერდა და ამ დროიდან იწყებენ ისინი ქართული მართლმადიდებლური ძეგლების გადაკეთებას გრიგორიანულად ან დანგრეული ქართული ეკლესიების ნაფუძვარზე თავიანთი ეკლესიების აშენებას. ამ დროს თბილისი მრავალგზის აოხრებული, მიწასთან გასწორებულია, მათ შორის, ტაძრებიც. სწორედ ამით ისარგებლეს სომხებმა და დაიწყეს ქართული სივრცის ექსპანსია თბილისსა და ქვემო ქართლში. ყველა ის ეკლესია, რომელიც თქვენ ახსენეთ, არის სადავო. ჩემთვის, პირადად, არაფერია სადავო, მაგრამ სომხები გვედავებიან, ჩვენი იყოო. მათ პრეტენზია აქვთ ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ნორაშენის მონასტერზე, იქვე, 5 მეტრში კი, აშენებულია ჯვრის მამის ეკლესია, რომელიც ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში, მე-5 საუკუნეში აშენდა, როგორც იერუსალიმის ჯვრის მამის ანალოგი. ჯვრის მამა გოლგოთაა და, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა ალოგიკურად არ გეჩვენებათ, რომ ვახტანგ გორგასალმა, ამხელა რელიგიური მნიშვნელობის ტაძრიდან 5 მეტრში, უცხო კონფესიის წარმომადგენლებს ნება დართო, აეშენებინათ გრიგორიანული ეკლესია? ნორაშენი აშენდა მოგვიანებით. ნორაშენი ნიშნავს ,,ახალშენს” _ ის არის ქართული ეკლესია, რომელიც მე-17 საუკუნიდან სომხებმა გადააკეთეს. იჩემებენ სხვა მრავალ ეკლესიასაც, მათ შორის, 40 მოწამეთა ეკლესიას ნარიყალას ძირში. როცა იქ არქეოლოგიურ სამუშაოებს ვაწარმოებდით, ისეთ მტკიცებულებებს წავაწყდით, ანტიკურ ხანასაც კი გავცდით. არადა, სომხები ამბობენ, ფუძიდან მოყოლებული, ჩვენ ავაშენეთო. კი, მაგრამ, იქნებ, მითხრას ვინმემ, ანტიკურ ხანაში სად იყო ან გრიგორიანული ეკლესია ან საერთოდ _ ქრისტიანობა? მათი ლოგიკით, გამოდის, რომ ეკლესიებს მანამდე აშენებდნენ, ვიდრე მაცხოვარი ჯვარს აცვეს. ძველი ბეთლემის ეკლესიაც V საუკუნეშია აგებული, ვახტანგ გორგასლის ეპოქას უკავშირდება და მასაც სომხები მე-17 საუკუნის ბოლოს დაეპატრონენ. 2 საუკუნე ფლობდნენ, მერე კი, კომუნისტებმა ყველა კონფესიის სალოცავი დაანგრიეს ან დახურეს. ახლა რას ამბობენ იცით, სომეხი მეცნიერები თუ სასულიერო პირები, თუნდაც, მუღლინის ან ზემო ბეთლემის მონასტრების მაგალითზე? V-დან XVII საუკუნემდე პერიოდს ანუ თორმეტ საუკუნეს ხაზი გადავუსვათ, არც გავიხსენოთ, როცა ეს ეკლესიები მართლმადიდებლური იყო და იმის დამადასტურებელად, რომ სომხური ეკლესიებია, ორი ან ორნახევარი საუკუნე ვიკმაროთ, ანუ ის მე-17 საუკუნის შუაპერიოდიდან ან მიწურულიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდეო”.

ბონდო არველაძე, პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, არმენოლოგი: ,,1995 წელს სომეხმა სამველ კარაპეტიანმა გამოსცა რუკა-ცნობარი ,,სომხური ეკლესიები საქართველოში”. არ გაინტერესებთ, რამდენი ეკლესია შეიტანა ამ ცნობარში კარაპეტიანმა? არც მეტი, არც ნაკლები _ 653. აი, რაზე აქვთ, რეალურად, მათ პრეტენზიები, თუმცა, ამ ეტაპზე, 5 ეკლესიის გადაცემას ითხოვენ. ეს ხუთივე ქართული ეკლესიაა, რომლებიც სომხებმა გადააკეთეს საქართველოს ძნელბედობის ჟამს. მაშინ განმკითხავი არავინ იყო. ამ ხუთიდან ყველაზე ,,ძველი სომხური” მუღლინის სუფგეურქია, მე-17 საუკუნის დასაწყისში არის აშენებულიო, _ ამტკიცებენ სომხები. ცხადია, სიცრუეა. მუღლინის სუფგეურქი არის ბაზილიკური ტიპის ეკლესია, ამას სად წაუვლენ? ამ სტილს ვერც ერთ სომხურ ეკლესიაში ვერ წააწყდებით. მუღლინი არის შუა საუკუნეების ქართული ტაძარი, მე-17 საუკუნის შუა პერიოდში გადააკეთეს, თავიანთებურად მიაშენმოაშენეს და თარიღიც წინ გადასწიეს, ვითომ მე-17 საუკუნის დასაწყისის ძეგლიაო. იგივე შემიძლია ვთქვა ავლაბრის სუფმინასის ეკლესიაზეც _ ქართულია, მაგრამ სომხურად გადაკეთებული. რაც შეეხება მარდის ახალციხის ნათლისმცემლის ეკლესიას, წმინდა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლია, XVII საუკუნეში აშენდა, სომხები გვიან დაეპატრონენ, საქართველო უკვე გასაბჭოებული იყო. ხალხთა ხელოვნების მუზეუმი იყო იქ. ძალით აიღეს ეკლესია, სომხურ წესზე უნდოდათ მოწყობა, რაღაცები გადააკეთეს, ფირნიშიც დაკიდეს ეკლესიის შესასვლელთან, მაგრამ მერე კომუნისტებმა დაკეტეს. ახლაც დაკეტილია. ყველა ეს ეკლესია, რომელთაც ამ ეტაპზე გვედავებიან, სადავოა და მორჩა. უნდა შეიქმნას შერეული კომისია, რომელიც სხვადასხვა დარგის სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული, გამოიკვლევს თითოეული ძეგლის წარმომავლობას და ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე უნდა გადაწყდეს ეს 5 ეკლესია _ სომხურს თუ ქართულს უნდა დარჩეს. სუფმინასის ეკლესია აღამაჰმადხანის შემოსევის მერე (1795 წელს) დაისაკუთრეს სომხებმა, როცა თბილისი მიწასთან იყო გასწორებული და ქალაქი ქართველებისგან იყო დაცლილი. აქვე, პარლამენტის გადაწყვეტილებაზე მინდა ვთქვა, რომელმაც აშკარად დისკრიმინაციული კანონი მიიღო 5 რელიგიური კონფესიის სასარგებლოდ. კი, მაგრამ, რა დააშავეს ქურთებმა? ნაკლები ისტორიულ-კულტურული ერთობა გვაქვს ამ ხალხთან? მათ აქვთ თავიანთი რელიგია _ მზის თაყვანისმცემლობა და რატომ არა აქვთ უფლება, დაარეგისტრირონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ქურთთა თემი? რა დააშავა ლუთერანულმა ეკლესიამ, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით მრევლი ჰყავს? საერთოდ, მე თუ მკითხავთ, დანაშაული იყო ამ კანონის მიღება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ 5 კონფესიას დიდი უფლებები მიანიჭეს. იმიტომაც, რომ მალე თავს წამოყოფენ წვრილწვრილი რელიგიური მიმდინარეობები, რომლებიც ახლახან გასცდნენ სექტანტურ ჩარჩოებს და ისინიც მოითხოვენ პრივილეგიებს. მთავარ საფრთხეს კი, მე მაინც ეჩმიაძინიდან, სომხეთიდან ვხედავ. საქმე იქით მიდის, რომ მალე მოითხოვენ პოლიტიკურ ავტონომიას ჯავახეთში, ოღონდ ეს მას შემდეგ მოხდება, როცა კუმურდო-ახალქალაქის ეპარქია დაარსდება, მოძლიერდება, ამ რეგიონში სომხურ დიასპორას მოაღონიერებს და, აი, მერე მოითხოვენ ავტონომიასაც”.

 

გარეგინ II-ს ემისრის საიდუმლო ვიზიტი აჭარაში

,,ვერსიისთვის” კულუალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ, გარეგინ II-ს სპეციალური წარმომადგენელი, სამოქალაქო და არა სასულიერო პირი აჭარაში, კერძოდ, ბათუმში იმყოფებოდა, სადაც აჭარაში სომხეთის დიასპორის ხელმძღვანელობას შეხვდა. მართალია, შეხვედრა საიდუმლო იყო, მაგრამ ინფორმაციის ნაწილმა მაინც გამოჟონა. ამ უცნობი ადამიანის საიდუმლო მისია ცხადყოფს, რომ სომხეთის საპატრიარქო მარტო სამცხე-ჯავახეთში გავლენის გაძლიერებით არ შემოიფარგლება და ბევრად სერიოზული მიზნები აქვს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში თურქეთის გავლენა თვალში საცემია, სომხები ამას არ ეპუებიან. სომეხთა პატრიარქმაც, დიასპორის წარმომადგენლებს დაავალა, რომ აჭარის მთიანეთში (ხულო, შუახევი) იმ სოფლებში, სადაც არ არის მეჩეთები და სადაც მართლმადიდებელი ქართველები ცხოვრობენ, შეიძინონ მიწის ნაკვეთები, ააშენონ სომხური კულტურის ცენტრები, რომელსაც, გარკვეულწილად, რელიგიური დატვირთვაც ექნება, მჭიდრო ურთიერთობა იქონიონ ადგილობრივ მოსახლეობასთან. პატრიარქის ემისარმა დიასპორას აღუთქვა, რომ მას არნახული დაფინანსება ექნება, დააფინანსებენ ნებისმიერ პროსომხურ პროექტს, რომელიც აჭარაში განხორციელდება. მიწების შეძენა დიასპორას დაევალა აგრეთვე, ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურის რაიონის ზღვისპირა ზოლის კურორტებში. იქაც, სომხური კულტურის საფარქვეშ, რაღაც რელიგიური ტიპის დაწესებულებები აშენდება. საგულისხმოა, რომ ემისარმა იმავე ღამით დატოვა ბათუმი და ერევანს გაემგზავრა. წყარო იტყობინება, რომ გარეგინ II-ს ჩანაფიქრი, რეალურად, სომხური კულტურის სახლები აშენება არ ყოფილა. სამომავლოდ, ამ ტერიტორიებზე გრიგორიანულ ეკლესიებს ააშენებენ და თადარიგს ახლავე იჭერენ.

 

რელიგია პოლიტიკურ ჭრილში და თავგზადაბნეული ხალხი

საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ამ კანონის მიხედვით, მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. დრო ყველა კითხვას უპასუხებს, მაგრამ ხალხი არ იცდის, დაბნეულია. მიუხედავად იმისა, რომ 13 ივლისს სვეტიცხოველში ,,დიდი შერიგება შედგა”, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი საკურთხევლიდან გამოსულმა უწმინდესმა თავად მიაცილა კარისკენ და ტაძარიც სავსე იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრებით, 5 ივლისს დაჩქარებული წესით მიღებული კანონი დიდხან დარჩება განსჯისა და შიშის საგნად. მოდით, იქიდან დავიწყოთ, რომ პრეზიდენტმა არაფრად ჩააგდო პატრიარქის მოწოდება, ვეტო დაედო კანონპროექტისთვის _ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ილია II-მ, საქვეყნოდ მიმართა სააკაშვილს ღიად, შეუფარავად, კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად. რა მოხდა, რატომ არ გაითვალისწინა პატრიარქის მოწოდება პრეზიდენტმა?

საპატრიარქოში არის ხალხი, მათ შორის, მაღალი წოდების მღვდელმსახურნი, ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილმა პატრიარქზე იძია შური და ამით, მთელ მართლმადიდებელ მრევლს მიაყენა ვნება. ასახელებენ სააკაშვილის შურისგების სამ მიზეზს:

1. 2009 წლის აპრილში, პატრიარქის სააღდგომო ქადაგებისას გაკეთებული განცხადება, როცა მან მიმართა ქართულ ჯარს, რომ საპროტესტო აქციების დარბევა ჯარის საქმე არ არის და ჯარისკაცის წმინდა მოვალეობა სამშობლოს დაცვაა. გახსოვთ, ალბათ, პატრიარქის ქადაგებიდან ეს ეპიზოდი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ტელეარხებმა ამოჭრეს და მხოლოდ მეორე დღეს, პატრიარქის დაჟინებული მოთხოვნით (პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ) გაუშვეს სრული ჩანაწერი. კულუარული ინფორმაცით, სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ეს აღიქვა, როგორც ეკლესიის მიერ სახელმწიფო საქმეებში ირიბი ჩარევა ანუ კონკორდატის ცალმხრივად დარღვევა.

2. ნინო ბურჯანაძისა და პატრიარქის ურთიერთობა, რასაც თავად ქალბატონი ბურჯანაძეც არ მალავს. როგორც საპატრიარქოსთან დაახლოებული წყარო გვიამბობს, ხალხს აქვს იმის განცდა, რომ ბურჯანაძე, სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ახლოსაა პატრიარქთან (რეალურად კი, პატრიარქი ისევე ახლოსაა სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან, როგორც ბურჯანაძესთან), რაც ახდენს სააკაშვილის პროვოცირებასაც. მას თავისი ხალხი ეუბნება _ იცი, ბურჯანაძე პატრიარქმა მანქანით წაიყვანა რეზიდენციაში, იქ 1 საათი ისაუბრეს… რაზე ისაუბრეს, ამას სააკაშვილი ვერ გაიგებს, პატრიარქს ვერ ჰკითხავს და ბურჯანაძე არ მოუყვება. ცხადია, ამის გამო მიშა გულზე სკდება და პატრიარქის მიმართ ბოღმით ივსება.

3. პრეზიდენტი ძალიან გამწარდა, რომ 26 მაისის აღლუმს პატრიარქი და სასულიერო პირები არ დაესწრნენ, ამით მას პროტესტი გამოუცხადეს, რუსთაველის პროსპექტზე მიტინგის სასტიკად, არაადამიანურად დარბევის გამო. სააკაშვილმა, ეტყობა, ვერც ეს წყენა ჩაყლაპა.

არ შეიძლება, ერთ ძალზე მნიშვნელოვან დეტალზე (ეს თუ დეტალია?) არ შევაჩერო მკითხველის ყურადღება. პატრიარქი მზად იყო, სომხეთისთვის ეკლესიები გადაეცა, ოღონდ, ნაცვალგების პრინციპით _ ავადსახსენებელი ბოლშევიკების მიერ სომხებისთვის ნაჩუქარი ისტორიული ქართული მიწების _ ლორესა და ტაშიშის ტერიტორიებზე უამრავი ქართული ეკლესიაა. პატრიარქმა უთხრა გარეგინ II-ს _ გინდა 5 ეკლესია? კი, ბატონო, მაგრამ შენც გადმოგვეცი 5 ქართული ეკლესია, რომლებიც ქართულ მიწაზე დგასო. ჰო, სომხები თბილისში გვედავებიან ეკლესიებს და ჩვენ, ჩვენსავე ისტორიულ მიწებზე აშენებულ ტაძრებზე რატომ არ უნდა ვიდავოთ? ახტალა, ოძული, ხუჯაბი, ქობაილი, ოსკიპარი, ჰევანქი, წმინდა ქართული სალოცავებია, თუმცა, ზოგს სახელი შეუცვალეს.

რატომ არ გაუმაგრა ზურგი საპატრიარქოს სახელმწიფომ, როცა ილია II-ს გარეგინ II ევაჭრებოდა და შეურაცხყოფდა კიდეც? რატომ არ ითხოვს სახელმწიფო ქართული ეკლესიების გადმოცემას, როცა ზოგ მათგანში (ახტალა, ოძული) უკვე ტერტერები წირავენ და მალე, ყველა მონასტერში, ქართულ კვალს საერთოდ მოსპობენ? ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი სახელმწიფომ, რომელიც დღენიადაგ იმას ჩაგვჩიჩინებს, რომ სახელმწიფო შედგა, იცავს თავის მოქალაქეებს და ა.შ. თუ თურქეთთან ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში სულთან აზიზიეს მეჩეთის აშენებაზე წავიდა ხელისუფლება (და არა _ საპატრიარქო), თუ ოშკი, ზარზმა და ხახული ქართული ისტორიულკულტურული ძეგლია და ძეგლთა დაცვის ცენტრი იბრძვის მათ გადასარჩენად, რატომ იგივე ცენტრი ანუ სახელმწიფო, თუნდაც საპატრიარქოს უგულებელყოფით, არ იბრძვის სომხეთში, ისტორულ ქართულ მიწებზე არსებული ძეგლების დასაბრუნებლად, აღსადგენად და სარესტავრაციოდ? თუ არც ერთ მათგანს ეს არ ესაჭიროება?

საქართველოში სომხეთის დიდი მადის დასაოკებელი ერთადერთი ბერკეტი საპატრიარქოს ეპყრა ხელთ, რომელიც ხელისუფლებამ წაართვა _ გაანეიტრალა. ვიმეორებ, ამით არამარტო რელიგიური, სახელმწიფოებრივი საფრთხეები გაუზარდა ქვეყანას, რომელიც ისედაც არ გვაკლია. კანონის ამოქმედებისთანავე, სომხეთის მყისიერად გაცხადებულმა პრეტენზიებმა, ქართული ეკლესიების გადაცემის მოთხოვნამ და კუმურდო-ახალქალაქის ეპარქიის შექმნის იდეამ (რომელიც მალე შეისხამს ხორცს), საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობის ისედაც გამახვილებული რელიგიური გრძნობები უფრო გაუმახვილა. მრევლის დიდი ნაწილი იმასაც ხვდება, რომ სომხეთისა და მისი ეკლესიის გავლენა საქართველოში, რუსეთის გავლენის გაძლიერებას გამოიწვევს, საფრთხე არამხოლოდ რელიგიური, სახელმწიფოებრივი ნიშნითაც გვემუქრება. ხალხი მზადაა, ქუჩაში გამოვიდეს საკუთარი რწმენისა და, მაშასადამე, სომხურ-რუსული გავლენის გაძლიერების წინააღმდეგ.

 

ჩიხიდან ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს

იმის გასარკვევად, თუ რა ბერკეტები აქვს საზოგადოებას პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონის შესაჩერებლად, ,,ვერსია” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანს თათული თოდუას დაუკავშირდა.

_ თათული, რაიმე სამართლებრივი ბერკეტი თუ რჩება თავად პრეზიდენტს ან ხელისუფლების რომელიმე შტოს, უკვე ამოქმედებული კანონი შეაჩეროს?

_ საქართველოს კანონმდებლობით, ამგვარი რამ გათვალისწინებული არ არის. კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, პარლამენტი სამი მოსმენის შემდეგ კანონს რომ მიიღებს, ის 7 დღის ვადაში პრეზიდენტს ეგზავნება. პრეზიდენტი ვალდებულია, 10 დღეში მოაწეროს ხელი ან ვეტო დაადოს. ამ შემთხვევაში, ეს მაქსიმალური ვადები არ იყო გამოყენებული, რაც სამართლებრივია. 5 ივლისს მიიღო კანონი პარლამენტმა, 6 ივლისს ის უკვე გამოქვეყნდა და 7 ივლისს ძალაში შევიდა. ერთადერთი მექანიზმი კანონის შეჩერებისა, არის საკონსტიტუციო სასამართლო, თუ ის ანტიკონსტიტუციურად სცნობს კანონს. თუმცა, აქვე გეტყვით, ეს ის კანონი არ არის, რომელთან დაკავშირებითაც მის კონსტიტუციურობაში ვინმემ შეიძლება ეჭვი შეიტანოს.

_ წინასწარ ვინ იცის, რას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო? იქნებ, სცნოს ეს კანონი ანტიკონსტიტუციურად?

_ ნაკლები შანსია, დააკმაყოფილოს ამგვარი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ. თუმცა, თუ ვინმე შეიტანს სარჩელს, მისი ნებაა.

_ პრეზიდენტს არანაირი შანსი აღარ დარჩა, ამოქმედებული კანონი რომ შეაჩეროს?

_ არა, როცა კანონი ძალაში შევიდა, ის მაშინვე გამოვიდა პრეზიდენტის კონტროლის სივრციდან.

_ პარლამენტს თუ შეუძლია, რაიმე შეცვალოს?

_ ამოქმედებულ კანონს ვერც პარლამენტი შეაჩერებს. პარლამენტს ერთადერთი, რაც შეუძლია ის არის, რომ ცვლილებები შეიტანოს კანონში და ნებისმიერი მუხლი ამოიღოს.

_ და ვის ხელეწიფება პარლამენტში ამის გაკეთება?

_ პარლამენტის გარდა, კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატორი შეიძლება იყოს პრეზიდენტი ან მთავრობა. ასევე, პარლამენტის ნებისმიერი ფრაქცია, შესაბამისი კომიტეტი და პარლამენტის ნებისმიერი წევრი.

_ ანუ, პარლამენტის 150 წევრიდან, ყველას აქვს უფლება, დააყენოს კანონში ცვლილებების მოთხოვნა?

_ კი, ყველა პარლამენტარს აქვს ამის უფლება.

აი, როგორ არის ბატონებო რეალურად საქმე. ახლა მინდა, იმ პარლამენტარებს მივმართო, 5 ივლისის მერე გულში მჯიღის ცემით რომ გამოდიან ყოველდღე მედიაში და თავგანწირულ მორწმუნეებად გვასაღებენ თავს. გამოსავალი არსებობს, ადექით, შეიკრიბეთ ამ კანონის მოწინააღმდეგენი, შეიტანეთ პარლამენტში კანონში ცვლილებების მოთხოვნა. ეგებ, თქვენი ვერ გაიტანოთ, მაგრამ იმას მაინც იტყვით _ ჩვენ ვიბრძოლეთ და მეტი ძალა არ აღმოგვაჩნდა, უმრავლესობით დაგვჯაბნეს ნაციონალებმაო.

ლევან ჯავახიშვილი

 

http://versia.ge/index.php/component/content/article/16-2009-04-15-13-21-23/665-5——–.html

 

 

                                                

 

               

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: