IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• რუსული კოლონიალური ცნობიერება

• Caucasus – კავკასია

***

paata-bukhrashvili

პაატა ბუხრაშვილი

 

რუსული კოლონიალური ცნობიერება და ამიერკავკასიის ეთნოპოლიტიკური რეალობა

     ყოველი იმპერიის ცხოვრება, თავისთავად, ერთაშორის ურთიერთზემოქმედების პროცესს წარმოადგენს. იმისათვის, რომ ჩავწვდეთ ამ მოვლენის დინამიკას, თავდაპირველად აუცილებელია გავერკვეთ იმაში, თუ რაგვარად მზერს თავად დამპყრობი ეთნიკური ერთეული საკუთარ თავს თავისსავე სახელმწიფოში და რა კუთხით აზოგადებს საკუთარი იმპერიის ადგილს სამყაროსეულ მსოფლაღქმაში. იმპერიის შექმნა ხომ ყოველთვის გულისხმობს “საკუთარი სამყაროს” მოწყობას და ამ “სამყაროსადმი” სხვათა დამორჩილებას “სამართლიანობის” გარდაუვალობის პრინციპის საფუძველზე. ამდაგვარ იდეალურ მოტივთა (“სამართლიანობა”) მიღმა, თავად იმპერიის ხელისუფალთა მიერ, ხშირად ხდება ხოლმე სარგებლიანობისა და უსაფრთხოების გარკვეულ პრინციპთა უგულებელყოფაც კი. ამასთანავე, საჭიროა გარკვევა იმისა თუ რაგვარად უყურებენ, მეორეს მხრივ, დაპყრობილ-დამორჩილებული ერები ამ “აუცილებელ სამართლიანობას” და რაგვარად ესმით იმ სახელმწიფოს შინაარსი, სადაც მათ ძალაუნებურად მოუწიათ ცხოვრება. აღიარებულია ისიც, რომ იმპერიის ცხოვრების წესი თავისთავად გულისხმობს გარკვეული, ერთგვარი “კულტურული” ყრუ კედლის არსებობასაც დამპყრობ და დამონებულ ერებს შორის, რომლის მიღმაც არცერთ მათგანს არ სურს დანახვა და მოსმენა მეორისა. 1813 წელს ირანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმებას, რომლის თანახმადაც ირანი, რუსეთის სასარგებლოდ უარს აცხადებდა საქართველოს სამეფოს კუთვნილ მიწებზე და ამასთანავე ყარაბაღის, განჯის, შექის, შირვანის და თალიშის სახანოებზე. 1829 წელს ამავე სახელმწიფოებმა ერთმანეთს შორის გააფორმეს კიდევ ერთი, თურქმანჩაის ხელშეკრულება. ამჯერად უკვე ირანმა რუსეთს დაუთმო ერევნისა და ნახჭევანის სახანოები. ამრიგად, XIX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან, კავკასია გახდა რუსეთის იმპერიის უშუალო შემადგენელი ნაწილი. რუსეთი მთელი მონდომებით შეუდგა ამ მხარის კოლო-ნიზაციას, მხარისა, რომელიც დასახლებული იყო სხვადასხვა წარმომავლობის ხალხებით. ეს ხალხები მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთიმეორისაგან განვითარების დონით, სახელმწიფოებრიობის ტრადიციით, ენით, კულტურით, სამეურნეო მოწყობით . . .

     სანამ შევუდგებოდეთ ამ მოვლენის ანალიზს, ვფიქრობთ, უპრიანია ჯერ შევეხოთ თავად რუსთა დიდმპყრობლურ ბუნებას და გავერკვეთ იმაში თუ რაგვარადაა მასთან დაკავშირებული საზოგადოდ რუსეთის იმპერიის კოლონიზატორული იდეოლოგია და ტაქტიკა.

    როგორც არაერთგზის აღუნიშნავთ, მასობრივი კოლექტიური გადასახლებანი რუსულ სულს არ ახასიათებს. რუსული მოახალშენეობა არსებითად განსხვავდებოდა დასვლეთ ევროპული ანალოგიური მოძრაობებისაგან. ეს განსხვავება, უპირველეს ყოვლისა, საჩინო იყო თვით გადასახლების ხასიათში. რუსები ემიგრანტების სახით კი არ ტოვებდნენ თავიანთ მიწებს, არამედ ისინი იკავებდნენ თავიათ ყოფილ მეზობელთა სამკვიდრო ტერიტორიებს, რომლებიც იარაღის ძალით დაინარჩუნა მათმა “იმპერატორმა”. ე.ი. რუსული კოლონიზაციის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო ქვეყნის საზღვრების გაფართოება მეზობელი ტერიტორიების დაპყრობის ხარჯზე, რის შედეგადაც, რუსული მოსახლეობის ცნობიერებაში ეს მიწები უკვე რუსულ მიწებად იწოდებოდნენ და წარმოადგენდნენ რუსეთისავე ერთგვარ “გაგრძელებას” ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მათ სწამდათ, რომ რუსეთის სახელმწიფოს საზღვარი გადის იქ, სადაც გადის რუსის ჯარის წინა ხაზი. ამგვარი გაგება რუსთა სამეფოს საზღვრისა ნათლად ჩანს მაგ., ა. ს. პუშკინთან. იგი თავის ცნობილ ნაწარმოებში “მოგზაურობა არზრუმში” წერს: _ “აი, არფაჩაი, მითხრა კაზაკმა. არფაჩაი ჩვენი საზღვარია! რაღაც უცნაური გრძნობით გავქუსლე მდინარისაკენ. ჯერ არასდროს მენახა უცხოთა მიწა. საზღვარი ჩემთვის იყო რაღაც იდუმალი. მე თავმომწონედ შევაგელვე ცხენი მდინარეში და გავედი თურქულ ნაპირზე, მაგრამ ეს ნაპირიც უკვე შემოეერთებინა ჩვენს ჯარს: მე ჯერ კიდევ რუსეთში ვიმყოფებოდი”.

     რუსის გაგებით, მხარე, სადაც ცხოვრობენ რუსები, სადაც ვრცელდება რუსული მმართველობა _ უკვე რუსეთია; მაგრამ საბოლოოდ იგი “რუსეთად” მაშინ იქცევა, როცა იქ აიგება რუსული ეკლესია. ხშირად რუსი გლეხები _ მოახალშენენი, რომელთაც ახალ სამოსახლოზე გაუცრუვდებოდათ იმედები და ერთი პირობა გადაწყვეტდნენ კიდეც ამ მხარის მიტოვებას, საბოლოოდ მაინც იქვე რჩებოდნენ, რადგან არ სურდათ ახლადაგებული სამლოცველოს _ ეკლესიის მიტოვება. როგორც წესი, რუსი მოახალშენეები ადგილობრივ მკვიდრთა ახლომახლო სახლდებოდნენ, ადვილად პოულობდნენ მათთან საერთოს და სულაც არ გრძნობდნენ თავს განსაკუთრებულ _ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ისინი ხალისით სწავლობდნენ ადგილობრივთაგან ახალ, მათთვის უცნობ გარემო პირობებში მეურნეობის წარმართვას, იჯარით იღებდნენ მათგან მიწებს, მალე ითვისებდნენ ადგილობრივ სასაუბრო ენას. თავისთავად ეს მოახალშენე რუსი გლეხები (მუჟიკები) სრულიადაც არ ისახავდნენ მიზნად ამ მხარეთა რუსიფიკაციას, მაგრამ ცნობილია, რომ _ “კვალიც კი წაიშალა ჩუდების, ვიატიჩების, მეშჩერების, ისე რომ ეს ხალხები ფიზიკურად კი არ გადაშენდენ, კი არ განადგურდნენ როგორც ინდიელები ამერიკაში, არამედ ისინი გაითქვიფნენ ჩასულ რუსულ მოსახლეობაში; გადაგვარდნენ სულიერად, დაკარგეს რა საკუთარი სახე და მეობა”. ყოველივე ეს ხდებოდა თანდათანობით, შეპარვით, ზედმეტი აჩქარების გარეშე… რუსი მოახალშენეების ეს “კავშირი” აბორიგენ მოსახლეობასთან, უმრავლეს შემთხვევაში, რუსული რვაბო-ლოიანი ჯვრით იყო შემაგრებული. რუსული მონასტრები, ტაძრები, ეკლესიები რუსული კოლონიზაციის ერთერთი მთავარი დასაყრდენი იყო.

     რუსი კოლონიზატორები თავს მხოლოდ იქ გრძნობდნენ უხერხულად, სადაც თვითმყობადი განვითარებული კულტურისა და ეროვნული ცნობიერების მქონე მოსახლეობას შეეჩეხებოდნენ. ასე მოხდა მაგალითად ამურისპირეთში, სადაც ადგილობრივი ჩინელები ჩასულ რუსთაგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ და თითქმის არანაირ კონტაქტში არ შედიოდნენ მოახალშენე კოლონიზატორებთან.

     ანალოგიური ვითარება იყო ამიერკავკასიაშიც. 25 ოქტომბრის გადატრიალებამდელი რუსული მოსახლეობისათვის დამახასიათებელია თვითიდენტიფიკაცია რელიგიური პრინციპით_ _”ჩვენ” მართლმადიდებლები (პრავოსლავნიე); და თუ მართლმადიდებლები, შესაბამისად რუსები”. მათ წარმოსახვაში, საკუთარი არსით ყველა მართლმადიდებელი, რუსია. რუსეთი _ ეს მართლმადიდებელი სახელმწიფოა და მისი მცხოვრებნიც მართლმადიდებელნი არიან. ეთნიკურ წარმოშობას აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. რუსეთის საზღვრები ეს მართლმადიდებლური სახელმწიფოს საზღვრებია. ყოველი ახალი ადგილი სადაც მართლმადიდებელნი ააგებენ თავის ეკლესიას, შედის “წმინდა რუსეთის” საკრალურ საზღვრებში, ამ საზღვრებს აფართოებს მართლმადიდებელი ჯარი, რომელსაც შემდგომში მოჰყვება მართლმადიდებელი ხალხი. საზღვარი გამოჰყოფს ორ სამყაროს _ სამყაროს “მართლმადიდებლურს” და სამყაროს სხვა სარწმუნოებრივს (“ინოვერნი”, “პაგანნი”). რუსეთის, როგორც “მესამე რომის” საზღვრები, საზღვრებია თვითმპყრობელური უძლეველობისა. ის რაც ამ საზღვრებს შიგნითაა, რუსთა მიერ აღიქმება როგორც ერთგვაროვანი ტერიტორია, რომლის ადმინისტრაციული დაყოფაც ხშირად პირობითია და უმნიშვნელო. ასევე ნაკლებად მნიშვნელოვანია იქაური მოსახლეობის ეთნიკური წარმომავლობაც. საბოლოოდ, ეს მოსახლეობა რუსულია; რამდენადაც იგი ცხოვრობს რუსეთის საზღვრებში და იმართება რუსთხელმწიფის მიერ; მასაც იგივე უფლებები მოვალეობები გააჩნია რაც მთელი იმპერიის დანარჩენ მოსახლეობას. სიტყვა “რუსული” განსაზღვრავს არა ეთნიკურ ცნებას, არამედ სახელმწიფოებრივ მიკუთვნებულობას, მოქალაქეობას.

     რუსი მოსახლეობის ცნობიერებაში, კოლონიზაცია ყოველთვის მეფის ნებასთან იყო დაკავშირებული. ეს იყო ან ჯანყი (ბუნტი) მეფის ნების წინააღმდეგ (მაგ., კაზაკობა, რომელიც თითქოსდა გაურბოდა მეფეს, საბოლოოდ კი სამეფო სკიპტრის უერთგულესი იყო.), ან მეფის უზენაესი სურვილის აღსრულება. რუსი ხალხის ცნობიერებაში მეფე _ “ბატუშკა” არა მარტო მათი გადასახლება-განსახლების სანქციას იძლეოდა, არამედ მისი უზენაესი სურვილი ისიც იყო, რომ მისი “შვილები” მოედონ მეზობელ ქვეყნებს-მხარეებს, რათა გაარუსეთონ ისინი. ამდენად მათ ღრმად სწამდათ ის, რომ ამუშავებდნენ რა უცხო მიწებს, სახლდებოდნენ რა უცხო მხარეებში, ამით ისინი “აფართოებდნენ მართლმადიდებლობის საზღვრებსაც”; ამდენად ემსახურებოდნენ მეფე-ღმერთს.

     რუსეთის იმპერიის სახელმწიფო კოლონიზატორული პოლიტიკა სრულად შეესაბამებოდა რუსი მოსახლეობის ცნობიერებას. იგი ძირითადში მიმართული იყო შემოერთებულ მხარეებში იმპერიული მმართველობის განმტკიცებისაკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, იქ რუსი “მუჟიკების” განსახლებით იყო შესაძლებელი. ამ მიზნით, რუსთმთავრობის მიერ იქმნებოდა გამაგრებულ პუნქტთა რიგები ე. წ. “ლინიები”, რომლებიც გამოიყენებოდა ჯერ კიდევ დაუმორჩილებელი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხების წინააღმდეგ. ამასთანავე, ისინი ასრულებდნენ მხარის ადმინისტრაციული და ფისკალური მმართველობის ცენტრის ფუნქციებსაც. ამგვარი პუნქტების ურთიერთთან და ცენტრთან დასაკავშირებლად საგანგებოდ ეწყობოდა გამაგრებული სოფლები (“იამსკიე პოსელენია”) _ სამხედრო სოფლები. ამგვარი დასახლებების მომსახურე (სამხედრო) მცხოვრებთა მოსამარაგებლად კი იმპერიული ხელისუფლება საგანგებოდ უწყობდა ხელს ე.წ. “თავისუფალ მხვნელ-მთესველთა” სოფლების შექმნას. არსანიშნავია ისიც, რომ ამ-გვარ “სოფელთა” მოსახლეობა ძირითადად დამნაშავეთაგან, გასამართლებულთაგან და გასახლებულთაგან შედგებოდა. ამ პირებს აქ, ახალ სამოსახლოებზე, მიუხედავად ნასამართლობისა, სახელმწიფო საგანგებოდ უწყობდა ხელს _ მათ უწევდნენ შეღავათებს მიწათსარგებლობაში, ათავისუფლებდნენ გადასახადებისაგან და სხვა… ამგვარი, სახელისუფლო, სამთავრობო კოლონიზაციის პარალელურად მიმდინარეობდა “თავისუფალი კოლინიზაციაც”. მათი ერთობლივობა განამტკიცებდა რუსეთის იმპერიის საერთო კოლონიზატორულ პოლიტიკას.

     კოლონიალურ ადმინისტრაციას სრულიადაც არ ადარდებდა ადგილობრივი მოსახლეობის თავისებურებანი და თვითმყობადი ხასიათი. ადგილობრივნი _ “ტუზემცები”, დამპყრობთა მიერ უბრალოდ ორ კატეგორიად იყოფოდნენ _ ე. წ. “მშვიდობიანნი” (რომლებიც არ ეწინააღმდეგებოდნენ რუსულ მმართველობას, სწავლობდნენ რუსულ ენას, შვილებს რუსულ სკოლებში მიაბარებდნენ აღსაზრდელად და ა.შ.) და “მშფოთვარენი” (ისინი ვინც ეწინააღმდეგებოდნენ რუსთბატონობას). ასე მაგალითად, XIX ს. კავკასიური ომის დროს, ადგილობრივი წარმომავლობის მთიელი ხალხები, რუსული ადმინისტრაციის მიერ შედგენილ დოკუმენტებში მოიხსენიებიან საერთო სახელით _ “ჩერქეზები” და დახასიათებულნი არიან როგორც ყაჩაღები და ავისმქნელები.

     ადგილობრივი, აბორიგენი ხალხებისადმი, მათი თვითმყობადობისადმი ამგვარი უარყოფითი დამოკიდებულება კოლონიზატორთა მიერ უპირატესად იმით იყო გაპირობებული, რომ ამ უკანასკნელთა ცნობიერებაში, ადგილობრივ მკვიდრთა ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო _ ყველა ეს ხალხი ადრე თუ გვიან ან უნდა შერწყმოდა რუსებს და გადაჯიშებულიყო, ან უნდა გასცლოდა მამა-პაპეულ სამკვიდროს (მუჰაჯირობა, დეპორტაცია) _ თუნდაც ამოჟლეტილიყო. ასე რომ, რუსებს ეს ხალხები მხოლოდ ეთნოგრაფიულად თუ აინტერესებდათ და ისიც მხოლოდ სპეციალისტებს; მათაც იმიტომ, რომ კარგად გაეცნობიერებინათ ადგილობრვთა ეთნოფსიქოლოგიური ტიპები და ასე, შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე გაექროთ ისინი. რუსი ეთნოგრაფები, გეოგრაფები, ლინგვისტები, ისტორიკოსები იმპერიულ ხელისუფლებასთან ერთად ფეხშეწყობილნი მოქმედებდნენ, ეკავათ რა სამხედრო-ადმინისტრაციული თანამდებობანი მეფისნაცვლის სამსახურში (მაგ. ცნობილი რუსი ენათმეცნიერი პეტრე უსლარი წლების მანძილზე ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად მსახურობდა, რომლის თვალწინაც სვანეთის მთავარმა, კონსტანტინე დადეშქელიანმა ხანჯლით დაჰკლა ქუთაისის გუბერნატორი გაგარინი)…

     ამა თუ იმ დაპყრობილი მხარის მთელი “საკუთარი” მოსახლეობა, რასაკვირველია, რუსების მიერ განიხილებოდა საერთოიმპერიულ ჭრილში. ადგილებზე ერთიანად უქმდებოდა რუსთმმართველობამდელი, ტრადიციულად ჩამოყალიბებული ადმინისტრაციული ერთეულები და მათ მაგივრად კოწიწდებოდა სრულიად ახალი წარმონაქმნები; ხშირად ერთობ ხელოვნური საზღვრებითა და როგორც წესი, შეძლებისდაგვარად მოსახლეობის ჭრელი ეთნიკური შემადგენლობით. ყოველივე ეს მიზნად ისახავდა ადგილობრივ მოსახლეობაში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებათა გაღვივებას, რათა მათ, შემდგომ, “გამშველებელ-პატრონად”, “მამა-მარჩენალად” რუსული კოლონიალური ადმინისტრაცია მოვლენოდათ. კავკასიაში შემოსვლის დღიდან რუსეთი ერთგულებდა იმპერიული მმართველობის მთავარ პრინციპს _ “გათიშე და იბატონე”. კავკასიამ მრავალჯერ განიცადა რუსთმმართველობის მიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ხასიათის ცვლილებები, რაც მიზნად ისახავდა საერთო-იმპერიულ პრინციპზე მხარის პოლიტიკური და ადმინისტრაციული სისტემის უნიფიკაციას. ამის გამო მათ მიერ დაიშალა ყველა სახის ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტი და თანდათანობით დაინერგა საერთორუსული სახის ერთეულები. ანალოგიურად მოექცა დამპყრობი სამართალწარმოების ადგილობრივ სისტემასაც. ეს პრინციპი მმართველობისა ნგრძელდებოდა შემდგომშიც, მოდერნიზებული იმპერიის _ სსრკ-ს პრაქტიკაშიც.

     მოსახლეობის “უნიფიკაცია” ხდებოდა სოციალრი რეფორმების მეშვეობითაც. საბოლოოდ, კავკასიის მთელი საზოგადოებრივი იერარქია რუსულ საზოგადოებრივ იერარქიასთან იქნა შესაბამისობაში მოყვანილი. დაპყრობილი მხარის ქრისტიანი მოსახლეობის დიდგვაროვანნი თავიანთი უფლებებით გაუთანაბრეს რუს თავადაზნაურობას. ამ მოვლენამ რუსეთს ერთობ ხელსაყრელი სიტუაცია შეუქმნა: ეს გათანაბრებული თავად-აზნაურები რუსეთის საიმპერატორო კარის მსახურებად იქცნენ (ა. ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი, ი. ფალავანდიშვილი…). ადგილობრივი, გარუსებული დიდგვაროვანნი (ჩოხაზე ეპოლეტებმორგებულნი) აქტიურად მონაწილეობდნენ კავკასიის რუსულ ადმინისტრაციულ ერთეულთა მუშაობაში და არცთუ იშვიათად განსაზღვრავდნენ კიდეც იმპერიულ ინტერესებს; ეკავათ მაღალი, თანამდებობები, ხშირად მეთაურობდნენ კიდეც საარმიო კორპუსებს, მაგრამ საერთო ჯამში ისინი წარმოადგენდნენ რუსულ ხელისუფლებას. “ლორისმელიქოვი სომეხი გენერალი კი არა, რუსი გენერალი იყო სომხური წარმომავლობისა” _ როგორც ამას აღნიშნავდა ერთი მისი თანამედროვე პუბლიცისტი. საბოლოოდ, იქმნებოდა ერთიანი სოციალური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი სივრცე მთელი იმპერიის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსთმმართველობა სრულიადაც არ ზრუნავდა შემოერთებული ტერიტორიების მოსახლეობის განვითარებასა და კულტურულ დაწინაურებაზე, როგორც ეს ხდებოდა მაგ. ინგლისის კოლონიებში. ეს არც იყო მოსალოდნელი, რადგანაც, როგორც ცნობილია, რუსეთის იმპერია მხოლოდ სამხედრო ძალას ეფუძნებოდა და საკუთრივ რუსი ხალხიც მოუვლელ – მიუხედავი ჰყავდა. საცოდავი სანახავი იყო მათი სოფლები, სადაც სიღატაკე და დუხჭირი ცხოვრება სუფევდა. გავიხსენოთ აკაკის ცნობილი ლექსი _ “ნაძალადევ საქმროს”. როგორც სულით ღატაკ ქვეყანას შეეფერება, რუსეთის იმპერიაც, დაავადებული სიდიდის სინდრომით, მხოლოდ საზღვრების გაფართოვებაზე თუ ზრუნავდა. მისთვის მთავარი იყო სიდიდე და არა ხარისხი, რომელსაც სამართლიანად უწოდებდნენ “თიხის ფეხებზე შემდგარ გოლიათს”. თვით რუსი პუბლიცისტებიც კი აღიარებდნენ, რომ რუსთხელმწიფებას არავითარი კულტურტრეგერული ფუნქციის შესრულება არ ძალუძდა. მართალია ხანდახან გაისმოდა ტრაფარეტული ფრაზები იმის შესახებ, რომ რუსეთმა დამორჩილებულ ხალხებში ( “ინოროდცებში”) უნდა შეიტანოს კულტურა, მაგრამ როგორც წესი, ეს ხდებოდა ერთობ პროზაულ კონტექსტში, როცა კულტურის ცნების ქვეშ იგულისხმებოდა მეურნეობის წარმოების თანამედროვე ფორმები. ხოლო რა დონეზე იმყოფებოდა მაშინდელ დაწინაურებულ ქვეყნებთან (ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი…) შედარებით რუსული მეურნეობა, კარგადაა ცნობილი. ამდენად, რუსული იმპერიული ხელისუფლება ცეცხლისა და მახვილის მეტს ვერც ვერაფერს სთავაზობდა დაპყრობილი ტერიტორიების მოსახლეობას. ამ მხარეების მცხოვრებთა ერთი ნაწილი, დახარბებული ჩინ-მენდლებსა და ზიზილ-პიპილებს, დგებოდა დამპყრობთა სამსახურში. ეროვნული ღირსებისა და შეგნების მქონე პირები (მართალია შედარებით მცირერიცხოვანნი) კი განაგრძობდნენ ფარულსა თუ საჩინო წინააღმდეგობას. ნათლად ჩანს ეს ტენდეცია ილიასეულ ცნობილ ფრაზაში _ “ჩვენც ვვლეთ რუსეთი, მაგრამ არცერთი ხელობა თქვენი არ გვისწავლია; ჩვენი ქვეყანა, მკვდარი თქვენგანა, თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია”.

     მაგალითად, იმ პერიოდის პუბლიცისტური წყაროების მიხედვით _ “ახლად შემოერთებული ყარსის ოლქის მცხოვრებთ სწყურიათ განათლება და თვითმოქმედება. მაგრამ, მათში არ ხდება რუსული ხელისუფლების მიერ მათი ამ მონდომების არავითარი წახალისება. თვით ცენტრალურ რუსეთშიც ხომ თვითმოქმედება და განათლება არც ისე დიდი ყურადღებით სარგებლობს და რა გასაკვირია, რომ პერიფერიებში ასე აეგდოთ ეს დარგები საზოგადოებრივი ცხოვრებისა”. ან კიდევ, ერთერთი ჟურნალისტი სამართლიანად სვამდა კითხ-ვას მკითხველთა წინაშე: _ “კავკასიაში ჩვენი მმართველობის ორმოცდაათი წლის განმავლობაში რა გავაკეთეთ სასარგებლო ჩვენთვის და იქაურებისთვის?” თვით რუსი ისტორიკოსები აღიარებენ, რომ იმ პერიოდისთვის, თუკი არსებობდა რაიმე რეკომენდაციები რუსულ პოლიტიკურ წრეებში კოლონიზაციის წარმართვისათვის, იყო მოუქნელი და პრაქტიკაში სრულიად გამოუსადეგარი. მთელი კავკასიური კოლონიზატორული პოლიტიკა იყო დაუშვებლად ჭრელი და ნაირნაირი… ალბათ მსოფლიო პრაქტიკაში არ მოიძებნებოდა კოლონიზატორული სიტემის არცერთი მაგალითი, კავკასიაში რომ არ ეცადათ. მაგრამ ამ მეთოდების ზემოქმედება კავკასიელთა ცხოვრების წესზე იყო მცირედმოქმედი და უსუსური. მართალია, რუსი ავტორები აღნიშნავენ იმპერიული პოლიტიკის უნიათობას, მაგრამ იმას კი არ აღიარებენ, რომ კავკასია შინაგანად არასდროს შერიგებია მონობის უღელს და მდგრადი შინაგანი ცხოვრების წესით თავგანწირულ წინააღმდეგობას უწევდა მისთვის უცხო, თავსმოხვეულ იმპერიულ ცხოვრების წესს. აღსანიშნავია, რომ რუსული კოლონიზატორული პოლიტიკა კი არ იყო უსუსური, არამედ კავკასიური დამოუკიდებელი სული იყო ძლიერი და შეუდრეკელი…

     უპირველესი და უმთავრესი რასაც ვერ აღწევდა დამპყრობი კავკასიაში და კერძოდ საქართველოში იყო ის, რომ მომხვდურს არ ძალუძდა ათასწლეულების განმავლობაში აქ ჩამოყალიბებული სამეურნეო-კულტურული ტიპების შეცვლა. სწორედ მათ მდგრადობაში იდო ამ ქვეყნის გადარჩენის საიდუმლო. მომხვდურის წინააღმდეგ ერი სულიერად და ფიზიკურად განაგრძობდა წინააღმდეგობას. მისი საუკეთესო შვილები, მებრძოლი ქრისტიანობის მახვილაღმართულნი თავდადებით უპირისპირდებოდნენ მტერს. თუკი იმარჯვებდნენ ხომ კარგი, თუ არა და საკუთარი სიკვდილით, წმინდა იდეისადმი თვითშეწირვით აძლიერებდნენ ერის დვრიტას (ალექსანდრე ბატონიშვილი, ილია, ვაჟა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მერაბი, ზვიადი და კიდევ მრავალი ცნობილი თუ უცნობი გმირნი). ისინი შემდგომში, წმინდანებად შერაცხულნი, ზეციური საქართველოდან სულიერად განაგრძობდნენ ბრძოლას სამშობლოს მტრის წინააღმდეგ, ახდენდნენ რა უზარმაზარ გავლენას ცოცხლების სამშვინველზე. ცოცხლებისა, რომლებიც სამეურნეო_კულტრული ტიპების მეშვეობით ბიოცენოზში იყვნენ შესულნი თავიანთ სამკვიდროსთან _ კავკასიასთან და მასთანერთად ქმნიდნენ მყარ ერთობლიობას.

    საქართველოში, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა ძირითადად მიწისმფლობელი იყო და მიწათმოქმედებით იყო დაკავებული. ჩვენში ქალაქები ძირითადად ადმინისტრაციული ცენტრის (მმართველის რეზიდენციის) დანიშნულებას ასრულებდნენ, რომლის უმეტესწილად არაქართული მოსახლეობა სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობით იყო დაკავებული. მართალია აქ ხდებოდა გარკვეული კაპიტალის ბრუნვა-დაგროვება, მაგრამ ამ კაპიტალს არ ძალუძდა გადამწყვეტი როლის თამაში ქართველთა სამკვიდრო-საუფლოს ეკონომიკურ ცხოვრებაში. ეს უკანასკნელი, ძირითადად მოსახლეობის საქმიანობის აგრარულ სფეროს ეფუძნებოდა, რომელშიც წარმმართველი წილი ქართულ ეთნოსს ეკავა.

     ამდენად, ქართველთა სახელმწიფოებრიობისთვის საწარმოო-სავაჭრო კაპიტალს, რომლის წილიც ერონულ შემოსავალში ერთობ მცირე იყო და რომელიც ძირითადად ქალაქელ უცხოტომელთა ხელში იყო მოქცეული, არასდროს შეუქმნია საფრთხე. ამიტომაც ქართველი მეურნე-მიწისმფლობელი (სახელმწიფოს ეკონომიკური ძლიერების დასაყრდენი) მუდამ ლოიალურად იყო განწყობილი უცხოტომელი ჩარჩ-ვაჭარ-ხელოსნის მიმართ, რომელიც ფაქტიურად მისი მომსახურე-მომმარაგებელი იყო. შესაბამისად საქართველოში არ ყოფილა არც ანტიებრაული მოძრაობა (ვაჭართა უმრავლესობა ჩვენში ებრაელები იყვნენ), არც ანტისომხური გამოსვლები (ხელოსანთა მეტიწილი სომეხი იყო), რამდენადაც, თუკი უცხოტომელი მიწაზე დაჯდომას, დაფუძნებას მოინდომებდა, იგი უნდა გაქართველებულიყო _ ქართული ტერიტორიალურ-სარწმუნოებრივი სამყაროს შვილი უნდა გამხდარიყო და მის “მოყმედ” უნდა ეცნო თავი.

     რადიკალურად იცვლება ვითარება რუსთმმართველობის დამყარების შემდეგ, როდესაც კოლონიალური ხელისუფლება ქართველთა კუთვნილ მიწებზე მასიურად ასახლებდა უცხოტომელებს _ სომხებს, მალაკნებს, გერმანელებს და ამით ართმევდა ქართველთ ეკონომიკური ძლიერების საფუძველს; ამასთანავე ქმნიდა მოსახლეობის ეთნიკურ სიჭრელეს, რაც მისი კოლონიური პოლიტიკის ერთერთი სტრატეგიული ხაზი იყო და რაზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ.

     ამდენად, ქართული სახელმწიფოებრიობა ეკონომიკურად სოფლის მეურნეობას, გეორგიანობას, სამკვიდროსთან ქართველური ჯიშის ბიოცენოზში შესვლის შედეგად გამომუშავებულ ეროვნულ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, შემოსავალს ეფუძნებოდა. ყოველივე ამას, რაც მთავარია, განაპირობებდა სამკვიდროსთან, ადგილის დედასთან, სისხლით-ნათესაობითი ურთიერთობებით განმტკიცებული სულიერი, ეგზოთერული და ეზოთერული კავშირები. ყოველივე ეს _ მატერიალურის და სულიერის ერთობა, ღვთივბოძებულ გარემოსთან, ყოფით პირობებთან ადაპტირებულ ეროვნულ კულტურას ქმნიდა, რომლის თავისთავადობა და განსხვავებულობათა ერთობლიობა მსოფლიო კულტუროლოგიაში ერთობ მისადაგებული ტერმინით _”კულტურული შუბლი”-ით აღინიშნება.

     ასე გრძელდებოდა საბჭოთა იმპერიის შექმნამდე. თუნდაც მეფის რუსეთი, ცდილობდა რა ადგილობრივ მოსახლეობის ზოგადიმპერიულ ერთიანობაში უნიფიცირებას, მაინც ვერაფერს ხდებოდა, რადგანაც არ უცდია კავკასიაში ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამეურნეო-კულტურული ტიპების შეცვლა. ე.ი. აქ ძირეული ქართველი მოსახლეობა კვლავინდებურად, მეტნაკლებად მაინც ფლობდა სამკვიდროს და მისდევდა ჩვეული ცხოვრების წესს.

     კავკასიურმა და შესაბამისად ქართულმა სულმაც დიდი დარტყმა განიცადა გასაბჭოების შემდეგ. “მანია გრანდიოზა”-თი დაავადებულმა რუსეთის მოდერნიზებულმა იმპერიამ მიზანმიმართულად დაიწყო ტრადიციულად ჩამოყალიბებული ნორმებისა და ურთიერთობების რღვევა. მაგ., საქართველოს კამპანიურ, ხელოვნურ ინდუსტრიალიზაციას ერისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვა _ დაიცალა სოფლები, გაუდაბურდა ტრადიციულად ძლიერი მხარეები, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი მოხვეტილ-კონცენტრირებული იქნა 48 კვ. კილომეტრზე (თბილისში); ქართული მიწა კი უცხოტომელთა ხელში აღმოჩნდა.

     ამჯერად მზადდება მეორე, უფრო ძლიერი დარტყმა, როდესაც განზრახულია ქვეყნის ე. წ. “დერეფნად” გადაქცევა. თუკი განხორციელდება ეს ჩანაფიქრი, საქართველო საბოლოოდ დაემსგავსება ორივე მხრივ ღია საბძელს, სადაც ქარის მოტანილ ბზეს ქარივე წაიღებს. ქართველი ერი კი იმის მაგიერ რომ იყოს საკუთარი მიწის ჭეშმარიტი პატრონი, გახდება ამ დერეფანში მიმომსვლელთა მსახური და ხელისშემყურე, რის შედეგადაც იგი საბოლოოდ დაკარგავს ქვეყნის ფლობის, პატრონობის, მოვლის ათასწლოვან ტრადიციას. ყოველივე ამას საბოლოოდ მოჰყვება ერის, როგორც გარემოსთან მოდგმის, ჯიშის ბიოცენოზში შესვლის შედეგად ჩამოყალიბებული ერთობის გაქრობა და მტრის მიერ მიღწეული იქნება სანუკვარი ოცნება _ საქართველო ქათველების გარეშე.

     ამიერკავკასია გეოგრაფიულად წინა აზიის მომიჯნავე ტერიტორიას წარ-მოადგენს, რომელსაც რუსეთისგან მაღალმთიან მთათა სისტემა _ კავკასიონის ქედი გამოჰყოფს. XIX საუკუნეში ამ ბუნებრივი წინააღმდეგობის დაძლევა უფრო ძნელი იყო, ვიდრე ზღვის გადალახვა. ამდენად, შეიძლება ითქვას, ამიერკავკასია რუსეთისთვის წარმოადგენდა ერთგვარ გამაგრებულ “ციხესიმაგრეს” სხვა მატერიკზე და ამგვარად განიხილავდა მას სტრატეგიული კუთხითაც. ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია თვალი გავადევნოთ აღმოსავლეთის საკითხს, რომელიც ამ პერიოდისთვის ორი დიდი იმპერიის _ ინგლისისა (საზღვაო) და რუსეთის (სახმელეთო) დავის საგანი იყო.

     XIX საუკუნეში ინგლისის აღმოსავლური პოლიტიკის მთავარი სტრატეგიული გეზი ინდოეთზე ბატონობის შენარჩუნება იყო. აქედან გამომდინარე, ინგლისის ინტერსებში შედიოდა სხვა სახელმწიფოებისათვის ინდოეთამდე მიმავალი სახმელეთო და საზღვაო გზების ჩაკეტვა, რაც ძირითადში სამხრეთ ირანსა და სპარსეთის ყურის ნაპირეზე გავლენის გაძლიერებით იყო შესაძლებელი. რუსეთის იმპერიის ინტერესებში შედიოდა თურქეთისა და იმიერკასპიის მხარეების დაპყრობა; ირანში საკუთარი პოზიციების შენარჩუნება-განმტკიცება; ჰეგემონობის დამყარება ბალკანეთში; ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე გასასვლელის მოპოვება; სომხეთის ზეგანის ანექსია, რაც თავის მხრივ იძლეოდა ახლო აღმოსავლეთის გაკონტროლების საშუალებას.

     ამრიგად, შესაძლოა გამოიყოს ინგლის-რუსეთის დაპირისპირების ძირითადი მიმართულებანი: პამირი, ირანი, სომხეთის ზეგანი და ბალკანეთ-კონსტანტინეპოლი. ამიერკავკასიის ტერიტორიაზე გადიოდა ამ მიმართულებათაგან ორი: ირანისკენ და სომხეთის ზეგანისკენ. პირველს განსაზღვრავდა ირანის სწრაფვა _ წინ აღდგომოდა რუსეთის გასვლას ინდოეთისაკენ დასავლეთის მხრიდან, სპარსეთის ყურის ნაპირებზე კონტროლის დაწესებით. რუსეთისთვის ირანი წარმოადგენდა თვითმიზანს, კოლონიზაციის სასურველ ობიექტს. აი სომხეთის ზეგანს კი, როგორც შემდგომი ექსპანსიის ობიექტს, რუსეთისთვის ჰქონდა განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელსაც იგი საერთოდ არ განიხილავდა როგორც თვითმყობად ღირებულებას.

     მაშასადამე, კავკასიის ქედი რუსეთისთვის წარმოადგენდა ერთგვარი ციხის კედელს, რომელიც საიმედოდ იცავდა მის სამხრეთ საზღვრებს, ამიერკავკასია კი ერთგვარი, რუსეთისგან ქედსმიღმა, ნაკლებდაცული, ყველასთვის სათარეშო მოედანი იყო _ შესანიშნავი პლაცდარმი ირანისა და თურქეთისაკენ გასასვლე-ლად. ამდენად, არც არის გასაკვირი, რომ დაპყრობილ ამიერკავკასიაში რუსე-თის საშინაო პოლიტიკა ძირითადად სამხედრო-სტრატეგიული შეხედულებებით განისაზღვრებოდა.

     ამასთანავე, ამიერკავკასია ერთობ რთული ეთნოგრაფიული სტრუქტურით გამოირჩეოდა. მის დასავლეთ ნაწილში განლაგებული იყო იმერეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოები, ძირითადად დასახლებული ქართველური მოდგმის ხალხებით, აგრეთვე სპარსელებით, თურქებით და სომხებით (თბილისში 80%-მდე); აქვე მდებარეობდა გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის სამთავროებიც. ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული იყო ირანისგან მართვადი რამდენიმე სახანო. ზოგში ჭარბობდა მუსულმანური, ზოგშიც სომხური მოსახლეობა. აქვე ერევნის ციხე-სიმაგრის გვერდით მდებარეობდა ეჯმიაწინი _ ყველა სომეხთა სულიერი ცენტრი.

     მაშასადამე, ამიერკავკასიაში, გამომდინარე მისი სტრატეგიული და ეთნოგრაფიული თავისებურებებიდან, რუსეთისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი მმართველობის ფორმა პროტექტორატი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქვე ისმის კითხვა _ იყო კი ეს შესაძლებელი გამომდინარე რუსული დიდმპყრობლური ხასიათიდან?

     მართალია, თავიდან რუსეთი თითქოს არ ახდენდა თავის ნამდვილი ზრახვების დემონსტრირებას და იქცეოდა ისე, ვითმომ თანახმა იყო ამიერკავკასიაში სახელმწიფო ერთეულების თვითმყობადობის შენარჩუნებისა, მაგრამ შემდგომში, სრულად გამოამჟღავნა თავისი დიდმპყრობლური მისწრაფებანი: ამიერკავკასია საერთოიმპერიული პრინციპების მიხედვით დაიყო რამდენიმე გუბერნიად, აქაური საზოგადოების სოციალური სტრუქტურაც საკუთარი შეხედულებისამებრ მოაწყო, გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. საბოლოოდ, მთელი რიგი რეფორმების გატარების შედეგად მან მიაღწია ამიერკავკასიის სოციალურ და ადმინისტრაციულ უნუფიკაციას დანარჩენი რუსეთის მხარეებთან.

     ჯერ კიდევ გენერალ ერმოლოვის დროს, 1816-1827 წ.წ. ამიერკავკასიის ტერიტორიაზე შეიქმნა 30-მდე “შტაბ-კვარტირა” _ სამხედრო დასახლება, რომელთაც თავის მხრივ სათავე უნდა დაედოთ მხარეში რუსული კოლონიზაციისათვის; მაგრამ მიუხედავად ამისა ამას არ მოჰყოლია “კოლონიზაციის ტალღა”, რამდენადაც პოტენციურ კოლონისტებს აშინებდათ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კავკასიური ომები. რუსთმთავრობა, მართალია აქ “დასჯის” სახით ასახლებდა სექტანტებს (მალაკნებს, სტაროვერებს), რაც თავისთავად კავკასიაში რუსული მოსახლეობის მომძლავრებას ისახავდა მიზნად, მაგრამ ეს მათ საქმეს მაინც ვერ შველოდა: რუსული მოსახლეობის წილი ამიერკავკასიაში 5%-ს მაინც ვერ აჭარბებდა.

     ერთობ საინტერესო სიტუაცია შეიქმნა ამიერკავკასიის მოსახლეობის სამართლებრივი და სამოქალაქო ჰომოგენიზაციის მხრივ. საერთოიმპერიულ მექანიზმში მხარის მუსულმანური მოსახლეობის ჩართვა, რუსთმმართველობისთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა, რამდენადაც მათთან მიდგომის მექანიზმი იმპერიულ სახელმწიფო მანქანას უკვე გამომუშავებული ჰქონდა.

     როგორც ერთი თანმედროვე აღნიშნავდა: “მათი ფარული შუღლი ჩვენდამი (რუსებისადმი_პ. ბ.) არ იყო უცნობი, ისინი საბოლოოდ მთლიანად შეეგუენ რუსულ მმართველობას და შეჩვეულნი აღმოსავლურ დესპოტიას, სიტყვაშეუბრუნებლად ემორჩილებოდნენ ახალ ხელისუფლებას. ამდენად, ამ კუთხით, წარმოადგენდნენ საიმედო ელემენტს სახელმწიფოსთვის”.

     განსხვავებული იყო ვითარება ქართველებთან და სომხებთან. უპირველეს ყოვლისა, ისინი იყვნენ ქრისტიანები, რაც მათ უკვე ათანაბრებდა რუსებთან; მეორე მხრივ, ისინი ოფიციალურად, კი არ დაიპყრეს, არამედ თავისი ნება-სურვილით შევიდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე, ყველა კავკასიის მმართველი გოლიცინამდე მოყოლებული იძულებული იყო ეღიარებინა, რომ _ “ადგილობრივები (“ტუზემცები”) და განსაკუთრებით ქრისტიანები არიან ისინი, ვინც საკუთარი სურვილით მიენდვნენ რუსულ სკიპტრას და უნდა სარგებლობდნენ სრული თანაბარუფლებიანობით”. მეტიც, მათი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის არმიის მიერ კავკასიის დაპყრობა-დაშოშმინებაში (მაგ., გრ. ორბელიანი). კავკასია, იმპერიამ მოიპოვა არა მარტო რუსული იარაღით, რუსეთიდან ჩამოყვანილი სამხედრო ძალით, არამედ ადგილობრივთა (“ტუზემცების”) იარაღით და სისხლითაც. ეს კიდევ ერთი გამარჯვება იყო რუსული საგარეო პოლიტიკისა.

     რუსეთის საიდუმლო სამსახურებმა, რომლებიც პირველ რიგში რუს მეცნიერთა _ ეთნოგრაფთა, გეოგრაფთა, ისტორიკოსთა მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ეყრდნობოდნენ, კავკასიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტად შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს. ადგილობრივ “მორჩილ” პირთა საერთოიმპერიულ სახელმწიფო სამსახურებში ჩართვით, მათი ჩინ-მენდლებით დახუნძვლით, ერთობ გაიადვილეს საქმე და კიდევ უფრო დააჩქარეს კავკასიის საერთოიმპერიულ სხეულთან შეზრდა-ინტეგრირება. ახალგამომცხვარი რუსეთუმე _ ჩოხაზე ეპოლეტებმორგებული “ვრაცუები” უკვე ნამდვილად აღარ იყვნენ თავისუფალი სულის, ღირსების მატარებელი მამულიშვილები, რომელთა ნაკლებობასაც აგრერიგად განიცდიდა დიდი ილია _

“ მაგრამ მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,

ის არი მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,

რომ შენს მიწაზედ, ამდან ხალხში კაცი არ არი,

რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი გრძნობა გავუზიარო!…”

     მედროვეთა ინსტიტუტის გაძლიერება-განმტკიცებამ დამანგრეველი გავლენა იქონია ერის თვითშეგნებაზე; ისინი და მათი ნაშიერები, მათი თესლნაყარნი, ჩაკლული სულის “რუსეთუმეები” გააფრთებით ებრძოდნენ ყოველივე თავისთავადსა და დამოუკიდებელს. სწორედ ასეთებზე წერდა აკაკი _ “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი”. ისინი ხანჯლით დასდევდნენ ილიას, უწოდებდნენ რა მას “ბურთივით მრგვალს”, “ლიბერალს”, რითაც შეამზადეს კიდეც იდეური ფონი წიწამურის ტრაგედიისა; მოკლეს მერაბი, ზვიადი… მრავალჯერ დაატრიალეს სისხლის კალო საქართველოში. აი, დროთა განმავლობაში რა შედეგი მოჰყვა კავკასიელ “მორჩილთა”“ (შესაბამისად ვაიქართველთა) რუსთხელმწიფების სამსახურში შესვლას, ჩოხაზე ეპოლეტის მორგებას _ ამ საზიზღარ სიმბიოზს.

     საბოლოოდ, ადგილობრივ მკვიდრთ ექმნებოდათ ილუზია, რომ თვითმმართველნი იყვნენ; რამდენადაც საშინაო-სამოქალაქო საქმეებს ძირითადში მათი წიაღიდან გამოსული ჩინოსანნი განაგებდნენ. სინამდვილეში კი კავკასიელი ადგილობრივი მოსახლეობა ემსგავსებოდა “სინაზე გაბმულ ძაღლს”, რომელსაც აჭმევდნენ, სალაფავს უდგამდნენ, “ბალებზე” იწვევდნენ (განსაკუთრებით ჩოხა-ეპოლეტებიანებს), უქმნიდნენ ილუზიას, რომ დამოუკიდებელნი იყვნენ; სინამდვილეში კი ისინი მჭიდროდ ჰყავდა მიკრული იმპერიას ისე, რომ მათ აზრადაც კი არ მოსდიოდათ თავისუფლება, რომლის წყურვილსაც ცალკეული მამულიშვილნი თუ გრძნობდნენ და შეძრწუნებულნი თანამემამელეთა მცონარობისგან, გულსაკლავად მოსთქვამდნენ _ “ოჰ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!…”

1 პ. ფ. დუბროვინი. “კავკასიაში რუსთა მფლობელობისა და ომების ისტორია”. ტ. 1-6. სპბ, 1871-1888 (რუსულად).

2. კავკასიაში რუსული მმართველობის დამყარება. ვ.ა. პოტტოს რედაქციით. ტ. 1 – 12. ტიფლისი, 1901 (რუსულად).

3. დამორჩილებული კავკასია. კავკასიის ისტორიული წარსულისა და თანამედროვეობის ნარკვევები. სპბ, 1904. (რუსულად).

4. ს.ს ესაძე. ისტორიული წერილი კავკასიის მმართველობის შესახებ. ტ. 1-2. ტიფლისი, 1907. (რუსულად).

5. ა. ა. კაუფმანი. გადასახლება და კოლონიზაცია. სპბ., 1905.(რუსულად)

6. ვ. პ. პოგოჟევი. კავკასიური ნარკვევები. სპბ., 1910 (რუსულად).

***

P’aat’a Bukhrashvili

 

The Russian conception of colonialism and Transcaucasian ethnopolitical reality

Summary

     The career of any empire, it goes without saying, represents a process of interethnic interaction. In order to grasp the dynamic aspects of this phenomenon, it is first of all necessary to understand the colonizing ethnic group’s self image, and how this is generalized to the globalizing imagination of the empire’s role. The creation of an empire of necessity implies the formation of a “private universe” and the subordination of others to this universe on the basis of self evident principles of “justification”. Beyond these idealized motives (“justification”) on the part of the empire’s leadership, there often occurs the neglect of certain principles of utility and security. It is therefore important to clarify how the dominated nations regard this “self-evident justification”, and how they conceive the content of the state within which they are obliged to reside. It is also acknowledged that the existence of an empire implies the presence of a distinctive soundproof cultural wall between the conquering and dominated nations, beyond which neither desires to look and listen to the other.

     Mass collective resettlement is not characteristic of Russian practice. Russian colonialism is fundamentally different from analogical phenomena in Western Europe. This difference is apparent, first of all, in the nature of resettlement. Russian emigrants did not leave their own territory but rather occupied the lands of their former neighbors, which by force of arms they subjugated to their Emperor. In other words, the most characteristic feature of Russian colonialism is the expansion of the state’s borders at the expense of neighboring territories, and as a consequence of this, in the imagination of the Russian population these lands were already considered as Russian lands, representing a sort of ,,extension” of Russia, in that word´s literal sense.

     Russian colonizers only felt uncomfortable when they confronted populations with autonomous, developed civilizations and ethnic self awareness. This occurred, for example, along the Amur River, where the local Chinese population lived separately from the immigrant Russian colonizers, and had almost no contact with them. An analogical situation occurred in Transcaucasia.

     The entire population of any given conquered people, to be sure, was viewed from the perspective of the Russian imperial framework. In some places traditional administrative units, formed before Russian colonization, were abolished in favor of completely new districts, often with artificial boundaries and, as a rule, with an ethnically heterogeneous population where that was feasible.

     Russian historians themselves admit that during this period, whatever positive points colonization might have had in Russian political circles, it was largely unworkable and useless in practical terms. On the whole, Caucasian colonial policy was hopelessly variegated and scattered. Practically all colonial frameworks then known were attempted in Caucasia, but these methods had little effect on the Caucasians’ mode of life. While it is true that Russian writers have acknowledged the ineffectiveness of tsarist policy, they on the whole do not admit that on a deep level Caucasia never reconciled itself to the yoke of submission, and in keeping with its cultural principles resisted with unrelenting, self sacrificing determination the imposition of alien, wrong-headed imperia canons. It is worthy of note that it was not so much the case that Russian colonial policy was ineffectual, as that the independence-minded soul of the Caucasian peoples was strong and unyielding.

დაიბეჭდა 2000 წ-ს “ამირანის” II ნომერში

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: