IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ა. აბესაძე – „გაყინული კონფლიქტები“ საქართველოში

 • საქართველო – Georgia

 

al-abesadze2

ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე   ა ბ ე ს ა ძ ე

 „გაყინული კონფლიქტები“ საქართველოში

გეოპოლიტიკური პერსპექტივები

 (მოკლე მიმოხილვა)

 

მ ი უ ნ ს ტ ე რ ი  2 0 1 5

შესავალი

 

საუკუნის მიწურულისათვის მსოფლიო პოლიტიკამ ფუნდამენტურად ახალი არქიტექტურული სახის მიღება დაიწყო. ამ დროის განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მოვლენას საბჭოთა კავშირის რღვევა და ამით გამოწვეული ცალკეულ სახელმწიფოთა გათავისუფლება წარმოადგენს. მიუხედავად საბჭოთა იმპერიის მეტნაკლებად უსისხლოდ დაშლისა, საქართველოს ისტორიულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში თავი იჩინა ეთნო-ტერიტორიულმა კონფლიქტებმა, რომელთა სათავეები უნდა ვეძებოთ არამხოლოდ ეთნიკური დაპირისპირების კლასიკურ გაგებაში, არამედ რუსულ-ქართული ურთიერთობების ღრმა ისტორიულ წარსულსა და რუსეთის საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაშიც.

მსოფლიო გეოპოლიტიკურ ცვლილებათა გათვალისწინებით ეს კონფლიქტები რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის იარაღს წარმოადგენენ. (თვალსაჩინო მაგალითია 2008 წლის ომიც). სამეცნიერო ლიტერატურაში მათ ,,გაყინული კონფლიქტების’’ სახელით მოიხსენიებენ.

  • როგორ და რატომ იყენებს რუსეთის ფედერაცია ,,გაყინულ კონფლიქტებს,,?
  • რა გეოპოლიტიკური მამოძრავებლი მიზნები განსაზღვრავენ რუსეთის საგარეო პოლიტიკურ კურსს? 
  • რა როლს თამაშობენ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობ- და გაზსადენები რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ფორმირებაში?
  • რა ასახვას პოულობს ყოველივე ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოვიყენე გაყინული კონფლიქტის პრიმატის განსაზღვრებები და აგრეთვე კლასიკური და კრიტიკული გეოპოლიტიკის კონცეფციები. გარდა ამ კონცეფციებისა რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის გასაგებად საჭიროა ,,русский мйр,, კონცეფციის ფუნდამენტალური ანალიზი, რომელიც ცალკე სტატიაში დეტალურად შემოგთავაზეთ. https://iberiana2.wordpress.com/russia/a_abesadze/

 

გაყინული კონფლიქტების კონცეფცია

 

,,გაყინული კონფლიქტები’’ – არის კონფლიქტის სახეობები, რომლებიც მართალია აწმყო დროში არ წარმოადგენენ სისხლის ღვრის კერებს, თუმცა მათში არსებული დაძაბულობითი მუხტის გამო, შესაძლებელია მყისიერად იქცნენ სამხედრო დაპირისპირების წყაროებად. საქმე გვაქვს ე.წ. ,,კონფლიქტის რეზერვებთან’’.

როგორც ვიცით, საქართველოს ტერიტორიაზე ასეთებს აფხაზეთი და სამაჩაბლო წარმოადგენენ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ კონფლიქტებმა ქართულმა სახელმწიფოებრიობას მრავალჯერ მიაყენა ძლიერი დარტყმა.

გაყინული კონფლიქტების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ,,საჭიროებისამებრ’’ შესაძლებელია გამოყენებულ იქნან როგორც ქვეყნის, ასევე მთელი რეგიონის დესტაბილიზაციისათვის. ვსაუბრობ რა ,,გაყინული კონფლიქტების’’ მტრის მიერ გამოყენებით სტრატეგუილ დანიშნულებაზე, ვგულისხმობ საზღვარგარეთის (მოცემულ შემთხვევაში რუსეთის) სპეციალურ სამსახურების მიზანმიმართულ ქმედებას შეინარჩუნოს და მართოს კონფლიქტები.

რუსული საგარეო პოლიტიკა კონფლიქტების გაღვივების ,,განსაკუთრებულ დროდ” ყოველთვის მიიჩნევს ისეთ პერიოდს, როდესაც საქართველო დგას მეტად მნიშვნელოვანი გეო-პოლიტიკური ცვლილებების წინაშე, მაგალითად ხელს აწერს ნატოსთან რაიმე სახის თანამშრომლობას, ან ერთვება რომელიმე ენერგეტიკულ პროექტში, რომელიც რუსეთზე გვერდის ავლით ხორციელდება.[1]

გაყინული კონფლიქტების მიზანია საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ინტერვენციის გზით უზრუნველყოს ქვეყნის პოლიტიკური კურსის შენელება, ან საუკეთესო შემთხვევაში მისი ცვლა!

საქართველოს შემთხვევაში გაყინული კონფლიქტები გამოყენებულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის, კერძოდ ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებების ცვლის და ტორპედირების მიზნებისათვის. რუსული საგარეო პოლიტიკის მიზნებისათვის გაყინულ კონფლიქტთა ეფექტურობას ისიც ემატება რომ, ქვეყნები, რომელთაც აქვთ ტერიტორიალური კონფლიქტები სხვა სახელმწიფოებთან და უშუალოდ მონაწილეობენ კონფლიქტში, ვერ გახდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ანუ ალიანსის წევრობა შეუძლიათ მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით სტაბილურ ქვეყნებს.

       –   

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების გეოპოლიტიკური ანალიზი

 

სიტყვა ,,გეოპოლიტიკა,, პირველად 1899 წელს გამოიყენა რუდოლფ კელიანმა უფსალას უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე. მისი განმარტების მიხედვით ,,გეოპოლიტიკა არის მეცნიერება სახელმწიფოს შესახებ, როგორც გეოგრაფიულ ორგანიზმზე, ან გამოვლინება სივრცეში: ესე იგი სახელმწიფო, როგორც ქვეყანა, ტერიტორია, ან იმპერია.[2] მისი აზრით სახელმწიფო ბიოლოგიური ორგანიზმია და ის პერმანენტულ ცვლილებებს განიცდის. ჰაინც გერტნერი ამბობს, რომ ,,გეოპოლიტიკა არის საგარეო პოლიტიკის ანალიზის მეთოდი, რომელიც ცდილობს ახსნას და წინასწარ განჭვრიტოს საგარეო პოლიტიკური ქმედება, რომელიც ემყარება გეოგრაფიულ მდებარეობას, ტოპოგრაფიას, წიაღისეულს, ენერგიას, ტექნოლოგიებს, კლიმატს, დემოგრაფიას.[3] შეგვიძლია მივიჩნოთ, რომ გეოპოლიტიკური დისკურსი განსაზღვრავს ცალკეულ სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკური კურსის ხელწერას.

ჰაინც ბრილი ამტკიცებს, რომ გეოპოლიტიკა არის მოძღვრება გეოგრაფიული სივრცის გავლენის შესახებ პოლიტიკაზე[4] მისი მტკიცებით გეოპოლიტიკური მდებარეობა განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ კურსს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ: გეოპოლიტიკა არის ინტერესთა და გავლენის სფეროების გადანაწილების ერთ-ერთი ამომხსნელი მიმართულება.

განასხვავებენ გეოპოლიტიკის ორ მიმართულებას. კლასიკურსა და კრიტიკულს.

კლასიკური გეოპოლიტიკურ მიმართულება იკვლევს ისეთ საკითხებს როგოებიცაა ტერიტორია, ძალა (მისი სამხედრო მნიშვნელობით), და რესურსები.

კრიტიკული გეოპოლიტიკური მიმართულება იკვლევს ისეთ საკითხებს, როგრიცაა ენა, მეტაფორები და შეხედულებები სამყაროს შესახებ ანუ როგორი ნარატივები არსებობს ამათუ იმ კონფლიტთა შესახებ.

კლასიკური გეოპოლიტიკური მიმართულებით სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტებს თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ რუსეთის ფედრაციისათვის ეს ორივე აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენენ მხოლოდ ტერიტორიებს. მათთვის იქ არანაირი კულტრურული ფასეულობის ძეგლი არ მოიპოვება, იქ არც ბუნებრივი რესურსებია იმ ოდენობით, რაზეც რუსეთს შესაძლოა რაიმე ინტერესი იქონიოს. მხოლობითი ინტერესი არსებობს უშუალოდ ტერიტორიის კონტროლზე, რითაც რუსული საგარეო პოლიტიკური დოქტრინის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ რუსეთი აღნიშნულ რეგიონში საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებს იცავს.

კრიტიკული გეოპოლიტიკური კონცეფციის თვალსაზრისით თუ დავაკვირდებით, მაშინ თვალსაჩინოა, რომ რუსეთი ამ კონფლიქტებში საკუთარ როლს ხედავს, როგორც ეთნიკური უმცირესობების და საკუთარი მოქალაქეების დამცველს რეგიონში. ანუ აქ მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ რუსეთმა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეებისაგან ხელოვნურად შექმნა რუსეთის მოქალაქეები, რუსული პასპორტების დარიგების გზით. ეს შემდგომ გამოიყენა იმისათვის რომ სამხედრო ინტერვენციის გადაუდებელი საჭიროება მსოფლიო თანამეგობრობისათვის ემტკიცებინა, რომ თითქოსდა რუსეთმა ამ აქტით რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები იხსნა ქართველების გენოციდისაგან, რაც სრული აბსურდია.

პოსტსაბჭოური ერა საქართველოსათვის

 

1-analitika-NEW-sng[1]საბჭოთა კავშირის დაშლა, როგორც პროცესი, ამ იმპერიის გარეგნული სახეცვლილებით არ დასრულებულა. ის ტრანსფორმირდა „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობად“. ეს არის „თანამაეგობრობა“, რომელშიც შემავალ წევრ სახელმწიფოებს დამოუკიდებლობა მხოლოდ ნომინალურად აქვთ, არსებითად კი ეს ისეთი წარმონაქმნია, რომელიც თავისი სისტემით მხოლოდ უმნიშვნელოდ თუ განსხვავდება საბჭოთა კავშირისაგან. ეს უმნიშვნელო სახესხვაობა არის ის, რომ საბჭოთა კავშირს გამოაკლდა ბალტიიისპირეთის ქვეყნები (საქართველომ ამ ორგანიზაციის წევრი 1993 წლის 9 დეკემბერს გახდა, ხოლო 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა ეს ორგანიზაცია). და მივიღეთ დსთ!!! 1999 წელს ვლადიმერ პუტინმა, ერთ-ერთ მიმართვაში განაცხადა, რომ ,,საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“-ო.[5] მან ამით სრულიად ნათელყო ის გეოპოლიტიკურ მისწრაფებები, რომლებსაც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთი და მისი ელექტორატი გააგრძელებდა. პატარა ერებისათვის ეს კი ნიშნავდა, რომ ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის და მხოლოდ აწი იყო დასაწყები.

რუსეთისათვის დსთ-ს მთავარი ფუნქციური დანიშნულება  იყო ის, რომ მას გავლენა შეენარჩუნებინა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გაღვივებული კონფლიქტების დაშოშმინების მიზნით შევარდნაძე იმედოვნებდა, რომ თუ ქვეყანა დსთ-წევრი გახდებოდა, ეს გარემოება შესაძლებელს გახდიდა კონფლიქტების დარეგულირებას, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური ფასი იყო ნულის ტოლი. ქვეყანამ არათუ შეძლო კონფლიქტების კერების ლიკვიდაცია, არამედ თავადვე მივიდა სახელმწიფოებრივი ჩამოშლის ზღვარზე.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის „მამების“ (მაგ. კოზირევი) აზრით ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე წარმოიშვა ე.წ. ,,ძალის ვაკუუმი” ანუ ეს განდევნილი ,,დიდი ძალა” უნდა ჩანაცვლებულიყო რომელიმე სხვა ძალით. რუსული საგარეო პოლიტიკის გადასახედიდან, სანამ ამ ადგილებს სხვა (დასავლური) ძალები დაიკავებდნენ სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო ამ ,,გამოთავისუფლებული ტერიტორიების ,,დაკავება”. რადგან რუსეთი, რომელიც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე იყო და ვერ ახერხებდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების საკუთარ პოლიტიკურ ორბიტაზე შენარჩუნებას. ამ მიზნის მისაღწევად პოსტკომუნისტურმა რუსულმა მთავრობამ იმპერიალისტურ და სამხედრო გზების მოძიებას დაადგა. რუსეთისათვის ამ მიზნის მისაღწევი უებარი საშუალება იყო ,,დაყავი და იბატონეს” პოლიტიკის გატარება, რომლის პრაქტიკაში განხორციელებაც სამაჩაბლოსა და აფხაზეთში სეპარატისტების მხარდაჭერასა და შეგულიანებაში გამოიხატა. რუსეთმა საქართველოში ეთნიკურ ნიადაგზე შექმნა კონფლიქტები. მოგვიანებით კი თვითონვე გამოგზავნა გაეროს ეგიდით ცისფერჩაფხუტიანების კონტინგენტები.

გეოპოლიტიკური მისწრაფებებიდან გამომდინარე რუსეთის მთავრობა ამ ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტებს ხან ,,ალღვობდა” ხან კიდევ როგორც წესი ,,ყინავდა” და ამით ისინი დღემდე რჩებიან საქართველოსათვის მოუგვარებელ პრობლემად.

რუსეთის მისწრაფებაა, რომ საქართველო გახადოს ,,ნეიტრალური ქვეყანა” (არჩილ ჭყოიძის ქადაგებები). ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში ღიადაც განაცხადა. საქმე მივიდა იქამდეც, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება მან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობადაც დააყენა.[6]

გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს უნდა, რომ საქართველო მასთან შევიდეს ალიანსში და ამგვარად მოხდეს კონფლიქტების მოგვარება, მაგრამ რუსეთთან რაიმე სახის ალიანსში შესვლა გულისხმობს, რომ ქვეყანა უარს იტყვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე. თუ საქართველო რუსეთთან ასეთი სახის კავშირზე წავა, ეს იქნება ქართული სახელმწიფოებრიობის დასასრულის დასაწყისი. რუსეთთან ალიანსი საქართველოსათვის ტერიტორიის სრული ანექსიითა და სუვერენიტეტის მოსპობით დასრულდება.

საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად რუსეთს გააჩნია რამოდენიმე ბერკეტი:

  1. ეკონომიკურ დონეზე – ემბარგო ქართულ პროდუქციაზე რუსულ ბაზარზე
  2. სამხედრო დონეზე – გაყინულ კონფლიქტთა გამოყენება ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით
  3. პოლიტიკურ დონეზე – პრორუსული მთავრობების ხელოვნურად შექმნა და მათი დაკომპლექტება კგბ და გრუ-ს კადრებით
  4. ენერგეტიკული დონე – ანუ როსნეფტის, გაზპრომის გამოყენება როგორც ენერეტიკული იარაღები.

დღევანდელი მოცემულობებიდან გამომდინარე საქართველოში რუსეთი ცდილობს ისევ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებას, რომლის ეფექტურობა განსაკუთრებით ზამთარშია შესამჩნევი. პუტინის ,,ლიბერალური დოქტრინა” პირდაპირ ასახელებს ენერგეტიკას და ენერგობერკეტებს რუსულ იარაღად, რომელსაც არანაკლები ზემოქმედების უნარი აქვს ვიდრე ატომს. როსნეფტისა და გაზპრომის საქართველოს ბაზარზე შემოშვება გამოიწვევს ისეთ ეფექტს, როგორიც თავის დროზე ტროას ჭიშკართან მიგორებულმა ცხენმა ტროაში გამოიწვია…

        

არა გაზპრომს!!!

ენერგომატარებლები

 

traceca_logo[1]საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგომატარებლები რუსეთის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესების სფეროშია. რუსეთის ოფიციალური პირები ამის შესახებ მართალია ძალიან მოკრძალებულ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა არსებულ რეალობას ვერსად გავექცევით და ამ პოლიტიკური მოცემულობის გეო-სტრატეგიულ-ეკონომიკური ანალიზიც ნათლად წარმოაჩენს ამ თეზისის უდავოობას.

საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლებიდან საქართველომ მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ახლებურად იწყო თავის დამკვიდრება. მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყანას ეძლეოდა უნიკალური შანსი დასავლეთისათვის შეეთავაზებინა ენერგოდივერსიფიკაციის ალტერნატიული მარშუტი: კერძოდ განახლებულიყო ისტორიული აბრეშუმის გზა.

1919 წლის 14 მარტს, საქართველოს მთავრობამ პარიზის კონფერენციაზე გააჟღერა იდეა ისტორიული ,,აბრეშუმის გზის” აღდგენის თაობაზე,[7] მაგრამ საბჭოთა ოკუპაციისა და შემდგომი 70 წლიანი კომუნისტური დიქტატურის პირობებში ამ იდეას განხორციელება არ ეწერა. ლოგიკა მარტივი იყო. საბჭოთა ნომეკლატურის წარმოდგენით პერიფერიებს არ უნდა ქონოდათ რაიმე მნიშვნელოვანი გეო-პოლიტიკური დატვირთვის ისეთი იარაღი, რაც მათ ცენტრისაგან (კრემლი) დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას მისცემდათ.

დასავლეთისათვის 90-იანი წლებიდან კასპიის ზღვის ენერგორესურსების გამოყენება განსაკუთრებული ინტერესების სფეროში მოექცა. მათი გეოპოლიტიკური გათვლა იყო, რომ საქართველო ჩართულიყო ენერგო-პროექტებში და ამით ის კავკასიაში რეგიონალურ პარტნიორად ექციათ, რასაც რუსეთის მხრიდან ძალიან უარყოფითი რეზონანსი მოყვა.

1998 წელს ბაქოში შედგა ისტორიული სამიტი, სადაც 12 სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ხელი მოეწერა ,,ტრასეკას” პროექტის განხორციელებას.  ტრასეკას პროექტი თავის იდეით არ ყოფილა ახალი გეოპოლიტიკური ჩანაფიქრი. მისი ისტორიეული წინამორბედი იყო ისტორიული ,,აბრეშუმის გზა“.

Microsoft PowerPoint - session a 1 [Ðåæèì ñîâìåñòèìîñòè]

გეოპოლიტიკური გათვლებით ტრასეკას პროექტის მიზანი იყო კასპიის ზღვის ქვეყნებისა და ირანის ენერგორესურსების რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით ევროპაში ტრანსპორტირება! ამ გარემოებას რუსეთი გამოყავდა ევროპისათვის ენერგომონოპოლისტის როლიდან და ხელიდან აცლიდა ევროპული გაზმომარაგების 30 %.

ტრასეკას პროექტის განხორციელება შედიოდა არამარტო დასავლეთის ქვეყნების ინტერესებში, არამედ ეს ქვეყანას აძლევდა საგარეო და ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალ არქიტექტურულ ბერკეტებს, რასაც ქვეყნისათვის უნდა უზრუნველეყო ენერგო დამოუკიდებლობა და ქვეყანა ავტომატურად ერთვებოდა დასავლეთის მიერ ინიცირებულ ენერგო-, ეკონომიკურ-, თუ უსაფრთხოებების პროექტებში… ეს რუსეთის ,,თვალში დიდი ეკალი” იყო, რომელიც ნებისმიერი გზით უნდა განეიტრალებულიყო.

 * 

რუსეთის ინტერესები საქართველოში

 

რუსეთის აქტუალური გეოპოლიტიკური ინტერესების წარმოშობის ისტორიული საფუძვლები ჯერ კიდევ მეფის რუსეთშია საძიები. რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას, რათქმაუნდა ხელი შეუწყო ლიტერატურული მეტაფორის – ,,რუსული სამყარო“-ს პოლიტიკაში დამკვიდრება, რომელიც დროთა განმავლობაში ლიტერატურული მეტაფორიდან პოლიტიკურ იდეოლოგიდ გადაიქცა. მე-19 საუკუნის ლიტერატურული კონცეფციის ამ სახეცვლილებამ განსაკუთრებული ,,მოხმარება” საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიძინა, როდესაც მას მიენიჭა რუსი და რუსულენოვანი ხალხების ერთიანი ,,ქოლგის” ქვეშ გაერთიანების ფუნქცია. მისი მთავარი პლედოიე იყო, რუსულენოვანი სამყაროს განსაკუთრებულობის შესახებ პროპაგირება და ამით რუსული პოლიტიკური და ერთგვარი მისიონური ,,გზის” ლეგიტიმაცია. ანუ რუსული სამყაროს იდელოგიურ პროპაგანდას უნდა მოეხდინა რუსული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის ლეგიტიმაცია.

რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პრიმაკოვის მოსაზრებით, მსოფლიოში უნდა არსებობდეს რამდენიმე პოლიტიკური პოლუსი და დაუშვებელია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ცენტრის არსებობა. რაც შეეხება ევრაზიის კონტინენტს, ის საკუთარ დოქტრინაში რუსეთს ასახელებს იმ ძალად, რომელსაც კონტინენტზე განსაკუთრებულად წამყვანი როლი უნდა დაეკისროს. მისი აზრით დასაშვებია რუსეთის, ევროპის, ამერიკის, ჩინეთის, ინდოეთის და იაპონიის პოლიტიკური პოლუსების არსებობა, ხოლო რაც შეეხება ამერიკას, მისივე მოსაზრებით ისინი ცდილობენ რომ მსოფლიოში მიაღწიონ უნიპოლარულ მმართველობის სისტემას, რაც რუსულ წარმოდგენებს მსოფლიო მოწყობის შესახებ საფუძველშივე ეწინააღმდეგება.[8]

რუსული ინტერესების განმსაზღვრელი ერთ-ერთი კატეგორიაა ,,ახლო” და ,,შორეული” საზღვარგარეთის განსაზღვრება. ამ დაყოფის მიხედვით ქვეყნების ის კატეგრიები, რომლებიც მიეკუთვნებიან ,,ახლო საზღვარგარეთს” წარმოადგენენ რუსეთის საგარეო პოლიტიკის განსაკუთრებული ინტერესების სფეროებს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტერმინები ,,ახლო” და ,,შორი” არ წარმოადგენენ გეოგრაფიული განსაზღვრების კატეგორიებს. მაგალითად, პეტერბურგიდან სულ რამდენიმე მილზე მდებარე ფინეთი რუსეთისათვის ,,შორი” ინტერესების გეოგრაფიული არეალია, ხოლო ყაზახეთის სტეპებში მდებარე კოსმოდრომი რუსეთის საგარეო პოლიტიკის გაგებით ,,ახლო” საზღვარგარეთია”.[9]

როდესაც რუსი პოლიტიკოსები სახელმწიფოს საზღვრებზე საუბრობენ, მათ მხედველობაში აქვთ ორმაგი საზღვრები. ანუ ეს არ გულისხმობს საზღვრებს რუსეთსა და მასთან გეოგრაფიულად უშუალოდ მოსაზღვრე სახელმწიფეობს შორის, არამედ აქ იგულისხმება საზღვრის ის მონაკვეთი, რომელიც ამ სახელმწიფოს გარეთაა ანუ გარე საზღვარი. მაგალითისათვის: რუსეთმა საქართველოს შესთავაზა, რომ ბათუმში შექმნილიყო რუსულ-ქართული ერთიანი ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ბათუმში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე უნდა მომხდარიყო ქართულ-რუსული დანაყოფების ერთიანი მომზადება. რუსეთის მიერ შემოთავაზებული ეს აქცია ერთი შეხედვით შეიძლება აღქმული იყოს, როგორც უსაფრთხოების სფეროში გადადგმული დადებითი ნაბიჯი, მაგრამ მისი არსით ეს იდეა იყო რუსული შიდა და გარე საზღვრების კონტროლის მექანიზმის საუკეთესო საშუალება. თუ საქართველო ამ წინადადებას დათანხმდებოდა, მაშინ რუსეთი ამით რამდენიმე კურდღელს ერთად იჭერდა:

  1. საქართველოს ტეროტორიაზე დატოვებდა რუსულ ქვედანაყოფებს;
  2. ამ ქვედანაყოფების მეშვეობით განახორციელებდა ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას და რეგიონში შეიქმნიდა სამხედრო თვალსაზრისით სტაბილურ პლაცდარმს ახლოაღმოსავლეთში ოპერაციების სამართავად;
  3. რუსული შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს ტერიტორიაზე მუდამ დარჩებოდნენ იმის გარანტად, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვიდოდა ,,პროდასავლური” ორიენტაციის მთავრობა;
  4. საქართველო ვერასოდეს გახდებოდა ნატოსა და დასავლეთის წევრი ქვეყანა და რაც ყველაზე მთავარია, რუსეთი ამით
  5. ხელში იგდებდა იმ ტერიტორიებს, რომლებზეც დასავლეთისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობ და გაზსადენები გადის.

სააკაშვილის ხელისუფლება ამ ვითომდა საქართველოს სასიკეთოდ განზრახულ ნაბიჯს არ დათანხმდა. (ვაზიანის, ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზები დატოვეს რუსეთის ჯარებმა).

რუსული ,,შიდა” და ,,გარე” საზღვრების გაგების მიხედვით, საქართველოს ტერიტორია თურქეთის ტერიტორიამდე რუსეთის შიდა საზღვრებში შედის, ხოლო გარე საზღვარი უშუალოდ მთავრდება საქართველო-თურქეთის საზღვარზე. ფაქტიურად  გამოდის, რომ ამ დოქტრინის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი რუსეთის კონტროლის ქვეშ ექცევა. 2000 წელს რუსეთის ფედერაციამ მიიღო ,,ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“. ამ კონცეფციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ამოცანაა, დაიცვას რუსი ეთნიკური ჯგუფები ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე. 2005 წელს პუტინმა შეახსენა ფედერალურ ყრილობას, რომ რუსული ეთნიკური უმცირესობების დაცვა ეს რუსული სახელმწიფოს ამოცანაა.[10] ხოლო 2008 წელს კი სწორედ ეს მოტივი გაიხადა რუსეთმა საქართველოში ინტერვენციის საბაბად. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთმა როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში დაარიგა რუსული პასპორტები და ამგვარად საქართველოს მოქალაქეებისაგან შექმნა რუსეთის მოქალაქეები…

 

90იანი წლებიდან იგრძნობა, რომ რუსეთი ორმაგი სტანდარტებით თამაშობს. 2008 წლის ომმა აჩვენა, რომ საქართველოში არსებული ,,გაყინული კონფლიქტები” წარმოადგენენ არამხოლოდ გაყინულ კონფლიქტებს, არამედ ისინი არიან ,,კონტროლირებული და მართული ქაოსები”. ამ ასპექტიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ რუსეთის მიერ კავკასიაში წარმოებული პოლიტიკა მიმართულია არა კონფლიქტების მოგვარებისაკენ, არამედ კონფლიქტების შენარჩუნებისა და საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტების გაღვივებისაკენ. რუსეთის მიზანია, რომ რეგიონში შეინარჩუნოს ჰეგემონია და გაატაროს საკუთარი ინტერესების დამცავი პოლიტიკა. საქართველო მოაქციოს საკუთარ ,,საზღვრების შიდა ზონაში”.

———————

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1.  Halbach, Uwe (2007), Russland und Georgien: Konfrontation im Umfeld Europas. In: Stiftung Wissenschaft und Politik, Deutsches Institut für Internationale Politik und Sicherheit, Berlin
  2. Ментешашвили, Автандил Menteschaschwili, (1998), Историеские предпосилки современного сепаратизма в грузии, Тбилиси
  3. Malek, Martin (2008), Theorie und Praxis der Geopolitik im postsowjetischen Russland; In: Riemer, Andrea K. (Hrsg.), Geopolitik der Großen Mächte; Schriftenreihe der Landesverteidigungsakademie, Akademiedruckerei LV Ak, Wien
  4. Malek, Martin / Schor-Tschudnowskaja, Anna (2013), Der Zerfall der Sowjetunion, Ursachen-Begleiterscheinungen-Hintergründe, Nomos Verlag, Baden-Baden
  5. https://iberiana2.wordpress.com/russia/a_abesadze/
  6. http://regnum.ru/news/polit/444083.html

————————–

შენიშვნები:

[1] მაგალითისათვის გავიხსენოთ ნატოს სამიტი (2008), როდესაც საქართველო ე.წ.  MAP მიღებასთან ძალიან ახლოს იყო… თუმცა გერმანიისა და საფრანგეთის მხარდაჭერის არქონის გამო საქართველომ ეს ვერ მიიღო. შესაბამისად, რაზეც უარი ეთქვა საქართველოს, იმაზე არაპირდაპირ თუმცა მაინც თანხმობა მიეცა რუსეთს და ამით ფაქტიურად გზა გაეხსნა საქართველოში სამხედრო ინტერვენციისათვის, რაც პროვოკაციის მოწყობის გზით 2008 წელს განახორციელა კიდეც,

[2] Riemer, Andrea K. (2006), Geopolitik und Strategie am Beginn des 21. Jahrhunderts, Peter Lang GmbH Europäischer Verlag der Wissenschaften, Frankfurt a.M., S. 160

[3]  Gärtner, Heinz (2005), Internationale Sicherheit; Definitionen von A – Z, Nomos Verlag, Baden-Baden, S. 46

[4] Brill, Heinz (1994), Geopolitik heute. Deutschlands Chance?, Frankfurt a.M., Berlin, Ullstein Verlag, S. 21

[5] http://regnum.ru/news/polit/444083.html 

[6] Halbach, Uwe (2007), Russland und Georgien: Konfrontation im Umfeld Europas. In: Stiftung Wissenschaft und Politik, Deutsches Institut für Internationale Politik und Sicherheit, Berlin, S. 2

[7] Vgl. Menteschaschwili, Awtandil (1998), istoricheskie predposilki sowremennowo separatisma w gruzii [Historische Vorbedingungen des modernen Separatismus in Georgien], Tbilisi, S. 7 (übersetzt vom Autor)

[8] Malek, Martin (2008), Theorie und Praxis der Geopolitik im postsowjetischen Russland; In: Riemer, Andrea K. (Hrsg.), Geopolitik der Großen Mächte; Schriftenreihe der Landesverteidigungsakademie, Akademiedruckerei LV Ak, Wien, S. 119

[9]  Malek, Martin / Schor-Tschudnowskaja, Anna (2013), Der Zerfall der Sowjetunion, Ursachen-Begleiterscheinungen-Hintergründe, Nomos Verlag, Baden-Baden, S. 481

[10] ebd. S. 99

 

Advertisements
 
%d bloggers like this: