IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ალ. აბესაძე – ისლამი არ არის ისლამიზმი

სირია

ისლამი არ არის ისლამიზმი

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში სამუელ ჰანტინგტონმა განავითარა ჰიპოთეზა  ცივილიზაციათა ჯახის შესახებ, რომელიც მან წიგნად გამოსცა. მან ამ ჰიპოთეზაში განავითარა მოსაზრება, რომ კაცობრიობის მთავარ პრობლემად მომდევნო ათასწლეულისათვის იქნება არა სახელმწიფოთაშორისი ომები, არამედ ასიმეტრიული კონფლიქტები, რომლებიც შეფერადებული იქნებიან რელიგიური და კულტურული ნიშნებით. ჰანტინგტონის ეს წინასწარმეტყველება დღეს ძალიან აქტუალურია. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლები კი მისი ჰიპოთეზის თვალსაჩინო დადასტურებაა, რაც მსოფლიო უსაფთხოების არქიტექტურისათვის მნიშვნელოვან საფრთხეებს წარმოადგენს.

თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურა არ ტოვებს აუტარქიულ ნაციონალურ ერთეულებს, ეს გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა ფორმით სახელმწიფოები ჩართულნი არიან გლობალურ პოლიტიკაში. ეს ყველა პროცესები მართვადია და მის საფუძველს უმთავრესად რელიგიური ფანატიზმი წარმოადგენს. ამისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ეროვნული და ტრადიციული სახელმწიფოები ქმნიან.

ამ ნაშრომში მიზნად ვისახავ გავაანალიზო ის პრობლემური საკითხები, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება დიდი ალბათობით შესაძლოა აღმოჩნდეს. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ საქართველოში? გვაქვს თუ არა საფრთხე იმისა რომ რელიგიური ფანატიზმის ნიადაგზე დაიწყოს დაპირისპირება მართლმადიდებელ მრევლსა და მუსლიმანურ მოსახლეობას შორის? ჩემი აზრით ამის საფუძველი დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს და ამის მიზეზად მწირი, ცალმხრივი, არასაკმარისი რელიგიური განათლებაა.

თემის გასაშლელად უცილობელ პირობად მიმაჩნია სირიის მოვლენების გაშუქების ფონზე ამ საფრთხეების პოლიტიკური და რელიგიურ კონტექსტთა განხილვა.

 

პოლიტიკური კონტექსტი

020ca271-1a57-47e6-8be9-76c2c11748ed[1]თბილისიდან სამხრეთით 1500 კილომეტრზე, სირიაში, დღეს 21-ე საუკუნეში მიმდინარეობს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ომი. კონფლიქტში ჩართულია არამარტო კონფლიქტის უშუალო მონაწილენი – ასადის მომხრეები და ასადის მოწინააღმდეგეები, არამედ აგრეთვე ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებიც. თითეული ამ კონფლიქტის მხარის უკან მსოფლიოს ზესახელმწიფოები ზოგიც ღიად, და ზოგიც ფარულად სპეც-სამსახურების მეშვეობით ოპერირებენ.

მკითხველისათვის რომ გასაგები გახდეს მინდა განვმარტო რეგიონში ძალთა გადანაწილების სქემა:

  • რუსეთი მხარს უჭერს ასადის რეჟიმს, ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით ის ბომბავს ისლამური სახელმწიფოს რიგებს,
  • დასავლეთი საუბრობს ასადის მოწინააღმდეგეთა ლეგიტიმურ მოთხოვნებზე.

აქ საუბარია უკვე რეგიონში ორი უმნიშვნელოვანესი მოთამაშის ინტერესების კვეთაზე. განსხვავებით რუსული საინფორმაციო საშუალებებისაგან, დასავლური მედია საუბრობს რუსეთის ძალების მიერ არა ისლამური სახელმწიფოს პოზიციების დაბომბვაზე, არამედ ასადის მოწინააღმდეგეთა, ამ შემთხვევაში დასავლეთის მხარდამჭერთა რიგების დაბომბვაზე.

რუსული ფაქტორი რეგიონში განპირობებულია აგრეთვე იმ გარემოებით რომ რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა ალეპოს მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომლის დროსაც ქალაქი სრულიად მიწასთან იქნა გაასწორებული. რუსეთმა შეძლო მიეღწია იმ გარემოებისათვის, რომ რეგიონიდან ევროპის სახელმწიფოების მიმართულებით მილიონობით ლტოლვილი დაეძრა. ლტოლვილთა გადანაწილების საქმეში ევროპული სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან და წარმოადგენს ერთგვარ განხეთქილების ვაშლს. მაგალითად იმ ფონზე როდესაც გერმანიამ თითქმის ერთი მილიონი ლტოლვილი მიიღო, უნგრეთი და პოლონეთი უარს ამბობენ ლტოლვილთა მიღებაზე. სახელმწიფოთა ეს რადიკალურად განსვავებული დამოკიდებულება საერთო ევროპული პრობლემის მიმართ წარმოადგენს ერთგვარ განხეთქილების ვაშლს.

            ჩემი  თეზისია, რომ რუსეთი ხელოვნურად ცდილობს სირიაში შექმნას ლტოლვილთა მასები და გამოიყენოს ისინი ევროპის სახელმწიფოთა შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად, როგორც გეოპოლიტიკური იარაღი.

სირიაში, კონფლიქტში მონაწილე მესამე მხარე ისლამური სახელმწიფოა. ის ტერორისტული ორგანიზაციის ალქაიდას ერაყული განშტოებაა. მისი დაბადებაც ერაყის ომის შედეგად გამოთავისუფლებულ ერაყის სამხედრო გენერალიტეტის ანგარიშებზეა რაშიც დიდი წვილილი ამერიკის სპეცსამსახურებს მიუძღვის.

გარდა პოლიტიკური მოთამაშეებისა კონფლიქტში არაპირდაპირად ჩართულია

  • საუდის არაბეთი, რომელიც რეგიონში ვაჰაბიტების ინტერესებს უჭერს მხარს.
  • კონფლიქტის არაპირდაპირ მონაწილედ მოიაზრება აგრეთვე თურქეთი, რომელიც ცდილობს ქურთების მუშათა პარტიის რიგების განადგურებას და ნაცვლად ისლამური სახელმწიფოს რიგებისა ბომბავს მათ რიგებს. თურქთის ამ საქციელმა ნატოს გენერალურ სხდომაზე შესაბამისი კრიტიკაც დაიმსახურა.
  • დასავლეთისათვის ქურთების მუშათა პარტია წარმოადგენს მხარეს რომლებიც აქტიურად იბრძვის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. რათქმაუნდა თამაშგარეთ არ რჩებიან შიიტური ირანიც და არც ერაყიც, რომლებიც სირიაში შიიტურ დაჯგუფებებს უჭერენ მხარს.

როგორც ვხედავთ, რეგიონის პოლიტიკური მოზაიკა საკმაოდ ჭრელია და მასში წარმოდგენილია რამდენიმე მოთამაშე თავიანთი დივერგირებული ინტერესებით.

 

რელიგიური კონტექსტი

მწირი რელიური განათლების გამო, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი სამწუხაროდ ვერ ანსხვავებს ერთმანეთისაგან ცნებებს ისლამი და ისლამიზმი.

განსხვავება ისლამსა და ისლამიზმს შორის მდგომარეობს იმაში, რომ ისლამი არის რელიგია რომელიც 1400 წლის წინ დაიბადა, ხოლო ისლამიზმი არის იდეოლოგია, რომელიც მიისწრაფვის ისლამური ღირებულებების პოლიტიკაში, კულტურასა და ცხოვრებაში რადიკალური ფორმებით დამკვიდრებისათვის.

ისლამისტების მთავარ მიზანია კაცობრიობის მეხსიერებიდან დასავლური კულტურისა და ცივილიზაციის სრული აღმოფხვრა. მათ მიერ ხდება რელიგიის პრიმატის ყოვლისმომცველობა ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე. ისინი აპელირებენ ყურანზე და თვითნებურ ინტერპრეტაციას უკეთებენ წინასწარმეტყველ მუჰამედის მოწოდებებს თუ მოძღვრებებს. ისლამისტები დგებიან დილემის წინაშე. კერძოდ, არც ყურანში და არც შემდგომდროინდელ წერილობით გადმოცემებში არ იძებნება ადგილები იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მმართველობის ფორმა. საქმე მიდის იქამდეც, რომ წინასწარმეტყველი მუჰამედი გმობდა სიკვდილის სურვილს. თვით ისლამური სახელმწიფოს იდეა უარყოფილია ყველა მუსულმანური გაერთიანებების მიერ.

ყურანი მუსულმანებისათვის სულიერების წყაროა. მას ისეთივე დატვირთვა აქვს როგორც ქრისტიანებისათვის ბიბლიას. ყურანი არ წარმოადგენს სამართლებრივ კანონთა კრებულს. მუსულმანურ სამყაროს გააჩნია კანონთა ცალკე კრებული და მას შარია ქვია. შარია ისლამური სამართალია, ის ქართულად გზას ნიშნავს და განსაზღვრავს მუსულმანის ქცევის წესებს, არეგულირებს დამოკიდებულებას ადამიანსა და ღმერთს შორის. მისი ისტორიული წყარო ყურანია.

ისლამის მოძღვრებას აქვს ხუთი ძირითადი სიკეთე, ესენია ცხოვრების დაცვა და შენარჩუნება, საკუთრება, გონიერება/განათლება, რწმენა და ოჯახი.

ისლამურ რელიგიაში განსხვავდება სამი რელიგიური ჯგუფი. ესენია:

  1. სუნიტები
  2. შიიტები
  3. ხარიჯიტები

სუნიტები და შიიტები განსხვავდება ერთმანეთისაგან იმით თუ რომელი ჰადითის წესებია მათთვის მნიშვნელოვანი. სუნიტი მუსულმანებისათვის მნიშვნელოვანია 6 კანონიკური ჰადითის კრებული.

შიიტი მუსლიმები იყენებენ 4 კანონიკურ კრებულს. ეს კანონიკური კრებულები გადმოსცემენ წინასწარმეტყველ მუჰამედის მოსაზრებებს, აკრძალვებს, მოწოდებებს და ისინი სხვადასხვა ავტორების მიერ არის თავმოყრილი. ამ ორ მიმდინარეობას შორის ისტორიულად არსებობს დავა იმის თაობაზე თუ რომელი მიმართულება, შესაბამისად, რომელი კანონიკური კრებულებია უფრო მართალი. საქმე იქამდეც მიდის, რომ განვითარდა ჰადიტოლოგია როგორც მეცნიერება, რომელიც იკვლევს იმას რომ შეიძლებოდა თუ არა ესა თუ ის ჰადითი ეკუთვნოდეს წინასწარმეტყველ მუჰამედს.

თვით შიიტები იყოფიან თავის მხრივ: იმამიტებად, ალევიტებად, ალავიტებად, ზაიდიტებად, ისმაელიტებად, დრუსებად. ეს დაყოფა დამოკიდებულია აგრეთვე იმაზეც თუ რომელ მუსულმანურ სახელმწიფოში ცხოვრობენ ისინი.

სუნიტური ისლამი იცნობს სამართლის 4 სკოლასაც.

  1. ჰანაფიტების სამართლის სკოლა – მუჰამედის მოძღვრების გარდა უშვებს მცირე რაოდენობით ჰადითის წესებს და ის გავრცელებულია თურქეთში, სირიაში, ავღანეთსა და იორდანიაში. ის შეინიშნება აგრეთვე ინდოეთსა და პაკისტაში
  2. მალიქიტური სამართლის სკოლა – ის შეიქმნა დაახლოებით მერვე საუკუნის მიწურულს და მისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ წყაროს წარმოადგენს საკუთარი განაჩენი და საკუთრი გაგეგება. მისი ძირითადი სახელმძღვანელოა ელ-მუვატა. ამ სკოლის მიმდევრები ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები არიან.
  3. შაფიტისტების სამართლის სკოლა – მოიაზრება ისლამური სამართლის მნიშვნელოვან მიმართულებად და მისი მიზანია კონსერვატიულ და ლიბერალურ სამართლებრივ გზებს შორის ოქროს შუალედის პოვნა. ის მერვე საუკუნეში დაიბადა და დღეისათვის გავრცელებულია ინდონეზიაში, ეგვიპტესა და იორდანიაში.
  4. ჰანბალიტების სამართლის სკოლა – ამ სკოლის წარმომადგენლები გამოდიან მოძღვრებათა საკუთარი ინტერპრეტაციების წინააღმდეგ. მისი გავრცელების არეალია არაბეთის ნახევარკუნძული ხოლო მისი დამკვიდრების ეპოქად მეცხრე საუკუნე მოიაზრება.

რელიგია ისლამი ისტორიული განვითარებით არ ყოფილა მხოლოდ სტატიკური. მასში წარმოიშვა მრავალი რადიკალური იდეოლოგიური მიმართულებები როგორებიცაა ვაჰაბიზმი, სალაფიზმი, ისლამიზმი და სხვები.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, საქართველოში არის მეტად მწირი რელიგიური განათლება. მოსახლეობის დიდი ნაწილი ნომინალურად არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. მოსახლეობის 70% მხოლოდ ზედაპირულად და ხშირ შემთხვევაში არასწორად არის ინფორმირებული სხვა რელიგიების ამ შემთხვევაში ისლამის, როგორც რელიგიის ფუნდამენტალური დოგმების შესახებ. ეს მდგომარეობა ბადებს რელიგიური ექსტრემიზმისათვის ხელსაყრელ გარემოს, რაც უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების მიერ შესაძლოა წარმატებულად საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

დამასკოდან თბილისი შორს არ არის, მითუმეტეს დღეს, როდესაც თანამედროვე ტექნიკამ ინტერნეტის საშუალებით მოახდინა დროისა და სივრცის შემჭირდოვება.

მიმაჩნია, რომ რადიკალიზმის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფოში უნდა მიმდინარეობდეს სახელმწიფოს, ფუნდამენტური რელიგიების (ქრისტიანობის, მუსულმანობის, იუდაიზმის) წარმომადგენლების ერთმანეთთან ინტენსიური დიალოგი და კონსულტაციები, რათა საფუძველშივე იქნას აღმოფხვრილი ყველა ის პრობლემა რაც ინდივიდებს რელიგიური ექსტრემიზმისაკენ უბიძგებს. აქვე აღსანიშნავია, რომ რადიკალიზმის ხელშემწყობ ფაქტორებად გარდა რელიგიური ფანატიზმისა დიდ როლს თამაშობენ პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორებიც.

 

ვაჰაბიზმი

სუნიტური ისლამის მიმდინარეობაა. ის არაბეთის ნახევარკუნძულზე მეთვრამეტე საუკუნეში დაიბადა. მისი დამაარსებელი იბნ ვაჰაბი. მან ორიენტაცია აიღო ჰანბალისტების სამართლის სკოლის მოძღვრებებზე. ის აღიარებდა ყურანს მხოლოდ სიტყვა სიტყვით და კრძალავდა ყურანის მეტაფორებს. თავისი თეოლოგიურ-დოგმატური მიმდინარეობით ის განსხვავდებოდა  სუნიტური და შიიტური სამართლის სკოლებისაგან. იბნ ვაჰაბი ებრძოდა ისლამში წმინდანების კულტს და უარყოფდა წმინდა საფლავებს. მისი მიმდევრები გამოდიან აგრეთვე სუფიზმის (მისტიკის) და შიიტების წინააღმდეგ. იბნ ვაჰაბმა დაწერა ,,მონოთეიზმის წიგნი”, რომელიც იქცა საუდის სამეფო გვარის სახელმძღვანელოდ. შიიტების ვაჰაბიზმის ელემენტები საუკუნეების მოგვიანებით იქცნენ თანამედროვე სალაფიზმის სისტემური კონსტრუქციის წყაროებად.

სალაფისტები

            თანამეროვე გაგებით სალაფისტები არიან ხალხი, რომელთაც სახელმძღვანელოდ აღებული აქვთ ყურანი. მათივე თქმით ისინი მისდევენ და აღიარებენ მუჰამედ წინასწარმეტყველის ტრადიციებს და იცავენ პირველყოფილი ისლამის ტრადიციულ მიმართულებებს.

კლასიკური გაგებით სალაფისტების ცენტრალური იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მათ სურთ ნაცვლად ხალხის სუვერენიტეტისა და ხალხის მმართველობისა დაამკვიდრონ ღმერთის (ალაჰის) მმართველობა. ამ ყველაფერს სალაფისტები მიჰყავთ იქამდე, რომ ისინი უარყოფენ კონსტიტუციურ წესრიგს, რაც არ გამორიცხავს ძალის გამოყენების შესაძლებლობასაც.

არსებობს სალაფიზმის რამდენიმე კატეგორია:

  1. პურიტანები – ისინი აღიარებენ აღზრდით, შთაგონებით მეთოდებს და არა ძალადობას.
  2. პოლიტიკური სალაფისტები – ისინი აღიარებენ სალაფისტური რწმენის მეთოდების პოლიტიკაზე გავრცელების საჭიროებებს
  3. ჯიხადისტები – ისინი იკავებენ სამხედრო ხედვას და ამბობენ რომ მათი მიზნების მისაღწევად ძალადობა გარდაუვალი მეთოდია.

სალაფისტებიც, ისევე როგორც სხვა რელიგიის წარმომადგენლები საკუთარ იდეოლოგიურ ხედვებს მოიაზრებენ როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად. სადღეისოდ სალაფიზმს თავისი სხვადასხვა გამოვლინებებით უფრო მეტი აქვს საერთო თანამედროვეობასთან და პოლიტიკასთან, ვიდრე ტრადიციულ ისლამთან.

სალაფიზმი უარყოფს ცეკვას, სიმღერას, გართობას, ყველაფერს იმას რაც დღევანდელი თანამედროვე ადამიანისათვის თითქმის ჩვეული ყოველდღიურობაა, თუმცა სალაფისტებს შორის არსებობენ მოძღვრები, რომლებიც მართალია დასავლურ ცივილიზაციას უარყოფენ, მაგრამ აღიარებენ და მოუწოდებენ დასავლური ცივილიზაციის მიღწევების პროდუქტებით სარგებლობისაკენ. თანამედროვე სალაფისტები უარყოფენ მოქალაქეთა მონაწილეობას პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ პროცესებში.

სალაფიტებისათვის სამყარო ორ პოლუსიანია, სადაც გამუდმებული ბრძოლაა კეთილსა და ბოროტს შორის. მათი გაგებით კეთილია ყველა ის ვინც მათ მოძღვრებას მისდევს, ხოლო ბოროტი ვინც მათ მოსაზრებებს არ იზიარებს. მათ წარმოდგენებში არსებობს აგრეთვე აპოკალიფსური თეორიები, რომლის დროსაც ისინი დაჯილდოვდებიან როგორც სიმართლის მქადაგებლები, ხოლო სხვა ყველანი კი განადგურდებიან. სალაფისტების იდეოლოგია მყარდება აგრეთვე მოწოდებით გურაბას შესახებ. გურაბას მოძღვრება ამბობს რომ დაბადებული ადამიანი ამ ქვეყნად უნდა ცხოვრობდეს ისე, როგორც მოხეტიალე, ანუ წარმავალი, გარდამავალი. ამ მოძღვრების გაგებით ეს სამყარო არის წუთი-სოფელი სადაც იმქვეყნიერებისათვის ემზადებიან. ეს მოწოდება ამბობს, რომ ის რაც წარმავალია არ არის ბედნიერების საფუძველი.

როდესაც სალაფისტებზე ვსაუბრობდი თქვენ ალბათ წარმოგიდგათ ადამიანთა ტიპი, რომელიც დიდი წვერით და კალაშნიკოვით ხელში, შახიდის ქამრითაა არჭურვილი და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სისხლის დასაღვრელად მიემართება. სალაფისტებს გააჩნიათ არამხოლოდ სამხედრო ტექნიკა და ორგანიზებული ტერორისტული ქსელი, არამედ კარგად ორგანიზებული პროპანაგდის მეთოდებიც, რომელთა მთავარი მიზანია ახალგაზრდების გაწვევა ,,დიდ საღვთო ომში” ,,ალაჰის ნების” აღსასრულებლად. მათი მთავარი ინსტრუმენტი ინტერნეტი და თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებია. მათ მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ხშირად არის შავებში შემოსილი ქალები, რომლებიც ქარავნების მსგავსად შორეულ უდაბნოში მიემართებიან. ისინი აღჭურვილი არიან იარაღით და აკეთებენ კომენტარებს ისლამური სახელმწიფოს მოდელის იდეალურობაზე. მათი პროპაგანდის მთავარი სამიზნე ახალგაზრდა თაობებია. მათი გავლენის ქვეშ შედარებით ადვილად ექცევა ახალგაზრდების ის კატეგორია, რომლებიც ნაკლებ განათლებას ფლობენ ან ცხოვრებისეული იმედგაცრუებით საკუთარი თავის დამკვიდრებას რაღაც ახალი მეთოდებით ცდილობენ.

,,ახლის მაძიებლებს“, ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგები, მოუწოდებენ იმისკენ, რომ მათ პირად პრობლემებში დამნაშავე სახელმწიფოა, რომ დამნაშავეა ის სხვა, ურჯულო… და მოუწოდებენ რადიკალიზმისაკენ! სალაფისტები ახალგაზრდებს სთავაზობენ ახალ „იდენტურობას“, ახალ „რელიგიას“, ახალ „ღირებულებებს“, ახალ „სამყაროს“. სწორედ ეს არის ე.წ. ხაფანგი რასაც ახალგაზრდობა ძალიან ადვილად წამოეგება და ხდებიან ადვილი სამართავები. როდესაც უშუალოდ ხვდებიან ისლამური სახელმწიფოს რეალურ ცხოვრებაში, მართალია შემდგომ ბევრი ნანობს კიდეც ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ სამწუხაროდ შემდეგ ძალიან გვიანია. გერმანიიდან ძალიან ბევრი ისლამისტია სირიაში, ისლამური სახელმწიფოს რიგებში წასული. არის ტენდენცია უკან დაბრუნების, რომლებიც ყვებიან იმ საშინელებების შესახებ რაც იქ ყოფნის დროს განიცადეს.

ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძვიან აგრეთვე ქალებიც. მათი უმრავლესობის ფსიქო სოციალური პორტრეტი დაახლოებით ასეთია: მათ სურთ პატრიარქალურ სისტემაში საკუთარი თავი დაუქვედებარონ ძლიერ მამაკაცს, რომელიც მათ შესთავაზებს მფარველობას.  მათი ხედვით, მათ როგორც ქალებს შეუძლიათ აგრეთვე საკუთარი ისტორიული მისია შეასრულონ ,,საღვთო ომის” წარმატებულად დასრულების საქმეში. როდესაც ისინი უერთდებიან ისლამური სახელმწიფოს რიგებს ისინი როგორც წესი აღმოჩნდებიან რადიკალურად განსხვავებულ გარემოსა და როლებში. კერძოდ: ისინი ხდებიან სექს-ჯიხადის წევრები, ანუ მათ მთავარ ფუნქციას ისლამისტი მებრძოლების სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება წარმოადგენს. თუ მათი მეუღლე დაიღუპება, ის გადაეცემა სხვა მებრძოლს.

სამწუხაროდ საქართველოდანაც არიან ისლამური სახელმწიფოს რიგებში წასული მებრძოლები. მათი ისტორიები აჩვენებს, რომ ქართულ სახელმწიფოს ძალიან მცირედი შესაძლებლობები აქ ახალგაზრდების ასეთი მავნე გავლენისაგან დასაცავად.

1928 წელს ჰასან ბანამ ეგვიპტეში სათავე დაუდო მოძრაობას, რომელიც მუსულმანური საძმოს სახელითაა ცნობილი. მისი წევრები სუნიტი მუსულმანები არიან. მათი მთავარი თემებია ისლამური საზოგადოებრივი წესრიგი, შარიათის კანონებით სახელმწიფოს მმართველობა და ანტიკოლონიალიზმი. მუსულმანური საძმოს სხვა სახელმწიფოებში აქვს განშტოებები, მაგალითად პალესტინაში 1987 წელს მისგან წარმოიშვა ჰამასი.

ჯიხადი

არსებობს ამ სიტყვის ფართო და ვიწრო გაგება. ფართო გაგებით ის გულისხმობს ღვთის გულისათვის გარჯას, ამ სიტყვის კეთილი გაგებით. ვიწრო გაგებით ის ბრძოლის კონტექსტით მოიაზრება. საბჭოთა კავშირის წინააღმეგ 1989 წელს ამერიკის შეერთებული შტატები მუჯახედინებს, ანუ ჯიხადის მებრძოლებს ავღანეთში პაკისტანის საიდუმლო სამსახურის მეშვეობით მხარს უჭერდა და ამარაგებდა ფულითა და იარაღით. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის ჯარების გასვლის შემდეგ ავღანეთიდან  იქ არსებულმა ექსტრემისტულმა ძალებმა საგრძნობლად მოიკიდეს ფეხი და გაძლიერდნენ. შეიქმნა ტერორისტული ორგანიზაცია ალ ქაიდა, რომელმაც ამერიკა ნომერ პირველ სამიზნედ გამოაცხადა.

2014 წელს შეიქმნა ალ ქაიდას განშტოება ისლამური სახელმწიფო, რომლის ხელმძღვანელობაც აბუ ბაქარ ბაღდადმა საკუთარ თავზე აიღო. მან ამ სახელმწიფოს წარმოქმნა ერაყის და სირიის სახელმწიფოთა ტერიტორიებზე გამოაცხადა. ამ დაჯგუფების წარმოქმნა მეტწილად დაკავშირებულია ამერიკის სამხედრო ინტერვენციასთან ერაყში. განვითარებული მოვლებენის მიხედვით ამერიკამ სადამ ხუსეინის სამხედრო ესტაბლიშმენტი სრულიად დაითხოვა. ამით განაწყენებულმა სამხედრო მოხელეებმა საკუთარი თავის რეალიზება ამერიკის საწინააღმდეგო სამხედრო დაჯგუფებების ორგანიზებაში გადაწყვიტეს. შეიქმნა ისლამურ სახელმწიფოს მიმდევართა ბარბაროსული დაჯგუფებები, რომლებიც სადღეისოდ სირიაში და ერაყში ოპერირებენ. ტერაქტებს აწყობენ ევროპაში!

ისლამური სახელმწიფოს იდეაა, რომ გაანადგურონ კაცობრიობის კულტურული მეხსიერება ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. ისტორიის და კულტურის ათვლა მათი მოსაზრებით უნდა დაიწყოს ისლამის დაბადების ადრეული პერიოდიდან.

რეზიუმე

ამ ნაშრომის მიზანი იყო, მკითხველისათვის გასაგები გამეხადა ის გარემოება, რომ რელიგია ისლამი და იდეოლიგია ისლამიზმი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული მცნებებია. მინდა აგრეთვე მოვუწოდო ყველა ფუნდამენტალური რელიგიების წარმომადგენლებს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და ცალკეული რადიკალურად განწყობილი ინდივიდების ქმედებებს ნუ განავრცობენ მთელ რელიგიურ ჯგუფებზე. ჩემი მოსაზრებით, დღევანდელი რელიგიური განათლების დონე ქვეყანაში ნამდვილად შემაშფოთებელია, რაც დიდი ალბათობით შესანიშნავი იარაღია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისათვის, რომ მათი ინტერესის შემთხვევაში ეს სუსტი წერტილი გამოყენებულ იქნეს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის, როგორც აქილევისი ქუსლი.

ალექსანდრე აბესაძე

10 აპრილი, 2016

———————————-

http://www.sueddeutsche.de/kultur/regelwerk-fuer-is-frauen-auf-deutsch-kinder-kueche-und-islam-1.2579861

 

https://www.tagesschau.de/ausland/tuerkei-syrien-105.html

http://www.islam-ebook.de/01.%20Tauwhid/Kitab%20at-Tawhid%20Ibn%20abd-al%20Wahab.pdf

Khoury, Adel Theodor; Toleranz im Islam; Christlich-Islamische Schrifttum Altenberge; CIS – Verlag, Altenberge 1986;

Scholl-Latour, Peter; Allah ist mit den Standhaften Begegnungen mit der islamischen Revolution; Deutsche Verlags Anstalt; Stuttgart 1983;

 
%d bloggers like this: