IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• იბერიის თემი

♥ Georgia-საქართველო 

  

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

 

თავი XI. იბერიის თემის ქართული სამამამთავრო
(ლაზიკის ეპარქიის საზღვრების ზრდა იბერიის თემის დაარსების შემდეგ)

 

I. ისტორია.
“იბერიის თემის” ოლქები და გზები

 

არაბთა შემოსევების შემდეგ ბიზანტიის იმპერიამ მიატოვა მცირე აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ სახალიფოსმოუძლურებისას IX-X საუკუნეებში კვლავ განაცხადა პრეტენზიები თავისი ყოფილი ტერიტორიების მიმართ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგჯერ ბიზანტიას არ ყოფნიდა ძალები მუსლიმანების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასეთ დროს ის ჯერ კიდევ მტრის ხელქვეშ მყოფ ტერიტორიებს დროებითი სარგებლობის სახით აძლევდა ქართულ სამეფო სამთავროებს. მაგალითად, სამხრეთ ტაოს მეფეს დავით კურაპალატს ბარდა სკლიაროსის აჯანყებისას დახმარების სანაცვლოდ გადასცა ვრცელი მიწა-წყალი, რომელიც განფენილი იყო ოლთისიდან თითქმის ვანის ტბამდე. ამ მიწა-წყლით დაინტერესებული იყვნენ ქართული სამეფო სამთავროებიც, რადგანაც მიაჩნდათ რომ იქ ეთნიკური ქართველობა ცხოვრობდა კომპაქტურად. საუბარია ტერიტორიებზე სადაც ქსენოფონტემ ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე V საუკუნეში აღწერა მრავალი ქართული ტომი, მათ შორის ფასიანებისა. შემდგომში ფასიანების საცხოვრის ადგილზე, როგორც ფიქრობენ, ჩამოყალიბებულა პროვინცია ბასიანი. სომეხი ავტორის ლასტივერტეცის ცნობით ბასიანი X საუკუნისათვის ჯერ კიდევ ქართველებით იყო დასახლებული.

ბასიანი და თორთომი ძირითადი ტერიტორიები იყო სამხრეთ ტაოს ქართული სახელმწიფოსი, რომელსაც X საუკუნის 60-იანი წლებიდან დავით მესამე კურაპალატი მართავდა. ამ სახელმწიფოს უცხოელები, მათ შორის ბერძენი და სომეხი ავტორები, უწოდებდნენ “იბერიას (ივერიას)”, ქართველები კი “ტაოს სამეფოს”. მისი დედაქალაქი იყო ოლთისი.

ზოგადად, ტაოს ვრცელი ქვეყანა ორ ნაწილად, ორ სამეფოდ იყო გაყოფილი.

სამხრეთ ტაოს სახელწიფოს ჩრდილოეთით არსებობდა ტაოს მეორე ქართული სახელმწიფო. ქართველი მწერლები, როგორც ჩანს, მას უწოდებდნენ “ქართველთა სამეფოს”, მისი დედაქალაქი იყო ბანა. ამ სამეფოში შედიოდა ჩრდილო ტაო და მიმდებარე ტერიტორიები. X საუკუნის 50-იან წლებიდან მას მართავდნენ ბაგრატ მეორე “რეგვენი” და შემდეგ გურგენი – მასაც ,,იბერიის მეფე”ერქვა.

იბერიის ანუ ტაოს ეს ორი სამეფო ერთმანეთისაგან იყოფოდა მდინარე ბანას წყლით. ერთს ერქვა იმიერ ტაო, მეორეს კი ამიერ ტაო, სხვა სამთავრო იყო კლარჯეთი, რომელსაც ადარნასე აშოტის ძის შთამომავლები მართავდნენ. ზოგადად, ამ ქართული პოლიტიკური ერთეულების საზღვრები ბიზანტიასთან მტკიცედ იყო დადგენილი, მაგ., კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით ბიზანტიის საზღვარი იბერიასთან გადიოდა მდინარე ფაზისზე ანუ არაქსზე. მეორე სასაზღვრო ხაზი იდო შავი ზღვის პირზე პუნქტ ხუფათთან (ხოფა).

საზღვრის შიგნით იყო მოქცეული ხუფათი, პარხალი, თორთომი, ჩრდილო ბასიანი, სამხრეთ ტაო და არაქსის სამხრეთით მდებარე მიწები.

ქართული მიწები არაქსის სამხრეთითაც იდო, ჯერ კიდევ სკლიაროსის აჯანყებამდე გაცილებით ადრე კონსტანტინე პორფიროგენეტის დროს. ,,აბნიკის ციხე ფასიანის ანუ არაქსის სამხრეთით იყო და, ამრიგად აშოტ IV კურაპალატი არაქსის სამხრეთით მდებარე მიწა-წყალს მოითხოვდა” (ვ. კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, 1969, გვ. 18). ეს ხდებოდა X ს. დასაწყისში, რადგანაც აშოტ IV 954 წ. გარდაიცვალა.

საერთოდ, ქართველები მუდამ მიისწრაფვოდნენ მდ. არაქსის და ევფრატის სათავეების მომცველ ტერიტორიებისაკენ, ქ. თეოდოსიოპოლის (არზრუმის) მიმდებარე მხარეებისაკენ, რადგანაც ისინი მათი ისტორიული სამშობლოს ნაწილებად მიაჩნდათ.

კონსტანტინე პორფიროგენეტი გაოცებული წერს კიდევაც, რომ ქართველებს არ უნდოდათ ბიზანტიის ,,ხელში გადასულიყო თეოდოსიუპოლი ამ ქალაქის ,,სიყვარულის გამო და იმის გამო, რომ თეოდოსიპოლის ციხე არ განადგურებულიყო” (გეორგიკა, ტ. IV, ნაწ. II, გვ. 266).

არაბთა მოუძლურების შემდეგ, როგორც მრავალგზის აღინიშნა, ბიზანტიელებმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ უძველესი ქალაქი თეოდოსიოპოლი (კარნუ-ქალაქი) თავისი მიმდებარე ქვეყნით, მაგრამ ახლა უკვე ქალაქის მკვიდრები უწევდნენ სასტიკ წინააღმდეგობას მტრებს. ბიზანტიელები თითქმის ნახევარი საუკუნე იბრძოდნენ ქალაქის ხელში ჩასაგდებად, მათ შორის უსასტიკესი ხერხებითაც, მაგალითად, ალყა შემოარტყეს ქალაქს და გადაწყვიტეს შიმშილით ამოეხოცათ მოქალაქეები, მიზანს ვერ მიაღწიეს, მათ აღმოაჩინეს, რომ ქართველები თავიანთი ქაჯის (კეჯეს) ციხიდან ფარულად სურსათით ამარაგებდნენ ქალაქს. ბიზანტიელებმა ხანგრძლივი მოლაპარაკებით სცადეს ქართველთა ინტერესების განელება. ბოლოს დარწმუნდნენ, რომ ქართველებს ,,უყვარდათ ქალაქი”, მისი მოქალაქეები და საერთოდ კარინის ანუ კარნუ-ქალაქის მხარის მოსახლეობა. ეს საინტერესო მომენტია, იმით, რომ სწორედ ამ მხარეებში ივარაუდება ისტორიული არიან-ქართლის არსებობა, ეს მხარეები ჩანს IX-X საუკუნეებში ჯერ კიდევ ქართველებით იყო დასახლებული, და სწორედ ამის გამო ,,უყვარდათ” ქართველთა ლაშქარსა და პოლიტიკურ მოღვაწეებს ეს მხარეები და თეოდოსიოპოლის მოქალაქეები ენანებოდათ მტრის მიერ დასახოცად. სხვაგვარი ,,სიყვარული” ძალზე უცნაურად გამოჩნდებოდა, იმდენად ბუნებრივი იყო შუა საუკუნეებში ხალხის ხოცვა-ჟლეტა და მიწათა დაპყრობანი.

სხვადასხვა ავტორების მიერ არიან-ქართლის ქვეყნად მოიაზრება ტაო, ბასიანი და მათ სამხრეთით მდებარე ქვეყანა. კერძოდ კი აქემენიდური სპარსეთის მე-18-ე და მე-19-ე სატრაპიების ერთი ნაწილი, როგორც ითქვა ის ქვეყნები, სადაც ქსენოფონტემ ქართული ტომები ნახა, ეს არის ქვეყანა შემდეგ დროინდელი თეოდოსიოპოლიდან არაქსის ხეობის გაყოლებით, ევფრატის სათავეების ჩათვლით, ვიდრე თითქმის ვანის ტბამდე. ამ ქვეყნების მიმართ გააჩნდათ ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს ინტერესი და სწორედ ეს ქვეყნები გადასცა ბიზანტიამ დავით III კურაპალატს, კერძოდ ეს ქვეყნები ყოფილა: 1. დასავლეთ ევფრატის ხეობაში მდებარე კლისურა და მისი ციხე ხალტოი-არიჭი; 2. არაქსის სათავეებთან მარდალიის კანტონის ციხე სევუკი; 3. ვანის ტბის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში ჰაქსისა და აპაჰუნის პროვინციები; 4. სამხრეთ ბასიანი; 5. თეოდოსიოპოლი (არზრუმი) თავისი თემით, ანუ კარინი; 6. ჭოროხის სათავეებთან ჩორმაირის თემი (ვ. კოპალიანი, დასახ. ნაშრ. გვ. 38).

როგორც აქედან ჩანს დავით III კურაპალატს გადაეცა ვრცელი ტერიტორიები ჭოროხის სათავეებიდან ვიდრე ვანის ტბამდე. ეს იყო ისტორიული მიწა-წყალი ქართული ტომებისა, სავარაუდოდ ისტორიული არიან-ქართლი.

ამ ქვეყნებს XI ს. ქართული წყარო უწოდებს ,,ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი”. ვ. კოპალიანის თვალსაზრისით ის დავით კურაპალატს გადაეცა არა ერთბაშად, არამედ სხვადასხვა წლებში, კერძოდ პირველად 965 წელს ერთი ნაწილი გადასცა ,,ბერძენთა მეფემ”, მეორედ კი გადასცეს ,,ბერძენთა მეფეებმა” 979 წ. ეს მეფეები ყოფილან ჯერ კიდევ ბავშვები ბასილი და კონსტანტინე. გადაცემა, როგორც ითქვა გულისხმობდა იმასაც, რომ ამ მიწა-წყლის ერთი ნაწილის მუსულმანთაგან განთავისუფლების შემდგომ ქართველებს უფლება ჰქონდათ ემართათ ის დროებით, დავით კურაპალატის სიცოცხლის პერიოდში, შემდეგ კი უკან უნდა დაბრუნებოდა ბიზანტიას. მართლაც ხანგრძლივი ომების შემდგომ ბიზანტიამ უკან დაიბრუნა აღნიშნული მიწა-წყალი. მის ქართულობას სხვადასხვა წყაროთა გარდა მიუთითებს ისიც რომ ქართველებით ძალზე განაწყენებულმა ბიზანტიამ ამ მხარეებს მაინც ,,იბერიის თემი” უწოდა. ამ დროისათვის ბიზანტიაში იყო მრავალი ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეული, მათ შორის მე-XI ს. 20-30 წწ. ჩამოყალიბდა ახალი ბიზანტიური ადმინისტრაციული ერთეული იბერიის თემი. მასში შევიდა აღნიშნული ტერიტორიების გარდა ასევე სამხრეთ ტაო, ჩრდილო ბასიანი და თორთომი, ანუ ის ტერიტორიები, რომელსაც იქამდე იბერიის ანუ სამხრეთ ტაოს მეფე დავით კურაპალატი ფლობდა.

იბერიის თემს იმდროინდელი ავტორები უბრალოდ იბერიას უწოდებდნენ, მასში მოიაზრებოდა, როგორც ითქვა ჭოროხის სათავეებიდან ვიდრე თითქმის ვანის ტბამდე მდებარე ტერიტორიები.

იქამდე თავისუფლების შენარჩუნების მიზნით იბერიის თემის მოსახლეობა მედგრად ებრძოდა ბასილი II ბულგართმმუსვრელს, და შემდეგ იმპერატორებს – კონსტანტინესა და რომანოზს. ათეულობით წლის მანძილზე მკვიდრი ქართველობის წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, რომ ლასტივერტეცის ცნობით ბიზანტიელები დაუნდობლად ხოცავდნენ ქალებსა და ბავშვებს, მოხუცებსა და ახალგაზრდებს, ანადგურებდნენ მთელ სოფლებსა და ქალაქებს ისე, რომ დიდი ნაწილი აღგავეს პირისაგან მიწისა, სამხრეთ ტაოს დაპყრობის შემდეგ ახლად მიტაცებული მიწა-წყლის ხარჯზე ბიზანტიის ხელისუფლებამ, როგორც ითქვა, დააარსა იბერიის თემი, ანუ იბერიის საკატეპანო, და იქ მმართველად დანიშნა თავისი მოხელე წოდებით – კატეპანი.

იბერიის თემის მმართველი (“კატეპანი”) სამხედრო პატივით იყო აღჭურვილი. მას ზოგჯერ იბერიის მთავარსაც უწოდებდნენ. მისი სამმართველო ქვეყანა, როგორც ითქვა ვრცლად იყო გადაჭიმული ჭოროხის სათავეებიდან ვიდრე თითქმის ვანის ტბამდე. მისი დედაქალაქი იყო თეოდოსიოპოლი, ან ოლთისი.

დასავლეთით იბერიის თემს ესაზღვრებოდა ასევე ქართველებით დასახლებული ხალდიის თემი (ანუ ტრაპეზუნტის ოლქი). ბიზანტიის ეს ოლქები სასაზღვროდ ითვლებოდა და იქ ბიზანტიური ჯარი იყო განლაგებული, კერძოდ ამ თემებში ვარიაგების ჯარი ჰყოლიათ (ვ. კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, 1969, გვ. 239).

იბერიის თემი ფაქტიურად მოიცავდა იმ მიწა-წყალის ერთ ნაწილსაც, რომელიც არაბობის ეპოქაში ყოფილი სომხეთის სამეფოში შედიოდა და ერქვა ,,ივერთა სამთავრო”. VII ს-ში ივერთა მთავარი ყოფილა ვაშდენი. აღსანიშნავია, რომ დაპყრობის შემდეგ ბიზანტიელებმა ანისიც იბერიის თემს შეუერთეს.

1047-49 წლებში იბერიის თემის მმართველი ყოფილა კატაკალონ კეკავმენოსი (იქვე, გვ. 245).

1054 წელს თურქ-სელჯუკები მესამედ შეესივნენ იბერიის თემს. გარკვეული მოსაზრებით ბიზანტია ხელს უწყობდა თურქ-სელჯუკების მიერ იბერიის თემის დასუსტებას. ბიზანტია იბერიის თემს იმითაც ასუსტებდა, გიორგი კედრენეს გადმოცემით, რომ იქ დიდძალ გადასახადს აკრეფინებდა “უღვთო გადასახადის ამკრებლებს, მათი მეშვეობით აგროვებდა ფულს უსამართლო წყაროებიდან” (იქვე, გვ. 262).

აღმოსავლეთის პროვინციების და კერძოდ, იბერიის თემის შესახებ გიორგი კედრენე წერდა: ,,განუწყვეტელი თავდასხმებისა და ძარცვა-გლეჯის გამო ყველაფერი ნადგურდებოდა, ამიტომ იბერიის მდიდარი ქვეყანაც, რომელმაც უკვე წინათაც განიცადა რბევა და დასუსტებული იყო, საბოლოოდ დაეცა და განადგურდაო” (გეორგიკა V, გვ. 82).

ვ. კოპალიანი აღნიშნავს, რომ იმდენად გაწამებულები იყვნენ იბერიელები ბიზანტიელების მიერ, რომ წყაროს ცნობით ისინი თავიანთ მტრებად თვლიდნენ რომაელებსო, ანუ ბიზანტიელებსაო (ვ. კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, 1969, გვ. 263).

იმპერატორ კონსტანტინე დუკას (1059-1067) დროს ბიზანტიის აღმოსავლეთში ,,ყველაფერი ინგრეოდა და ნადგურდებოდა თურქთა თავდასხმების და ძალადობის გამო, იბერიის მდიდარი ქვეყანაც განადგურდა” (იქვე, გვ. 275).

მაშასადამე, იბერიის თემი მდიდარი ქვეყანა ყოფილა, დადგენილია მისი სიმდიდრის წყაროებიც, უპირველესი იყო მასზე გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, რომელიც, ბასილი II-ს სიტყვით ბიზანტიას სპარსეთთან აერთებდა.

იბერიის თემის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო, ის, რომ იბერიელები ვითარცა მხნე მხედრები დაქირავებული ჯარისკაცების სახით მსახურობდნენ ბიზანტიურ არმიაში და მათ ქირა ეძლეოდათ. მათი რიცხვი დიდი იყო, მაგალითად კედრენეს ცნობით იმპერატორ კონსტანტინე მონომახის დროს 1053 წელს ბიზანტიის ,,იბერიული ჯარი” 50000 (ორმოცდაათი ათასი) კაცისაგან შედგებოდა, როგორც ითქვა, ისინი იყვნენ იბერიის თემიდან ანუ ჭოროხის სათავეებიდან ვიდრე ვანის ტბამდე გადაშლილი ქვეყნის მოსახლეობიდან გამოსულნი. მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, რადგანაც აღნიშნული მხოლოდ ის რიცხვია ჯარისკაცებისა, რომელიც იმპერატორმა სამსახურიდან დაითხოვა აღნიშნულ წელს (იქვე, გვ. 262). იბერიის თემიდან გამოსულ ლაშქარს ბიზანტია ზოგჯერ საქართველოს წინააღმდეგაც იყენებდა (იქვე, გვ. 262).

ქსენოფონტეს ცნობითაც ფასიანიდან და მიმდგომი ქართული ქვეყნებიდან დაქირავებულ ჯარისკაცებს ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე V საუკუნეში იყენებდნენ სპარსულ არმიაში, ამიტომაც არაა საკვირველი, რომ ბასიანიდან და მიმდგომი ქვეყნებიდან (ე. ი. ივერიის თემიდან) დაქირავებულ ჯარისკაცებს IX-X საუკუნეებშიც იყენებდნენ უცხო ქვეყნები. მაგალითად, იმპერატორ ნიკიფორე ფოკას 964 წელს იბერიულ ჯართან ერთად კილიკიაში ულაშქრია. ,,თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში, რომელიც კი ამ პერიოდში ბიზანტიას აღმოსავლეთის ფრონტზე (მესოპოტამიაში, სელევკიაში და სხვ.) უწარმოებია ქართველთა ლაშქარი იღებდა მონაწილეობას” (იქვე, გვ. 23). ქართველები არა მხოლოდ იმპერატორის, არამედ იმპერატორობის მოწინააღმდეგე აჯანყებული ბიზანტიელი მხედართმთავრების ჯარშიც მნიშვნელოვან ძალას შეადგენდნენ. მაგალითად, კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ ბარდა ფოკას აჯანყებისას, ,,ქართველთა ქვეითი ჯარი შეადგენდა საუკეთესო ლაშქარს” (იქვე, გვ.76). მკვლევარი ვასილევსკი აღნიშნავს, რომ ამ აჯანყების ჩახშობის შემდეგ ,,ბიზანტიის არმიაში ქართველების ადგილი რუსებმა დაიკავეს” (ვ. კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, 1969, გვ. 77).

საერთოდ, ბარდა ფოკასადმი მხარდაჭერა გახდა მთავარი მიზეზი სამხრეთ ტაოს სახელმწიფოს განადგურებისა და მის ადგილზე იბერიის თემის დაარსებისა. დავით კურაპალატის სამეფო ბიზანტიამ შეიერთა, თუმცა ამის შემდეგაც გაჰყავდათ იბერიის თემიდან ჯარისკაცები ბიზანტიურ არმიაში, როგორც ითქვა კონსტანტინე მონომახს მარტო 1053 წელს 50000 იბერიელი ჯარისკაცი დაუთხოვია. მოქირავნე ჯარისკაცების ქირა იბერიის თემის სიმდიდრის ერთ-ერთი წყარო იყო, უმთავრესი კი იყო ის შემოსავალი, რომელსაც იღებდა მასზე გამავალი საერთაშორისო გზით მოსარგებლე ვაჭრებისაგან.

იქამდეც, იბერიის თემის დაარსებამდე, მაშინ, როცა აღნიშნული ტერიტორიები სამხრეთ ტაოს ანუ დავით კურაპალატის სამეფოში შედიოდა, იქ გაჩაღებული იყო ძალზე მნიშვნელოვანი აღებ-მიცემობა.

სამხრეთ ტაოს სამეფო იქამდეც მდიდარი სახელმწიფო იყო, მაგრამ X ს. ბოლოდან ახალი ოლქების შემოერთებამ მისი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუმჯობესა.

ამ მიწა-წყალზე (ჭოროხიდან და ტრაბზონიდან ვანის ტბამდე) გადიოდა ,,სახალიფოდან წამოსული უდიდესი სავაჭრო გზა, რომელიც მცირე აზიასა და პონტოში მიემართებოდა. ამ გზაზე მრავალი სავაჭრო ცენტრი იყო და მათ შორის ყველაზე უფრო ცნობილი – არცნი და კარნუ ქალაქი, იგივე თეოდოსიოპოლი, დღევანდელი არზრუმი. არცნი თეოდოსიოპოლის ახლოს მდ. ევფრატის უკიდურეს სათავეში მდებარეობდა, სადაც არისტაკე ლასტივერტეცის ცნობით, უდიდესი სიმდიდრე მოდიოდა ,,ზღვითა და ხმელეთით” (იქვე, გვ. 43).

არცნი (არწე) უდიდესი და ძლიერი სავაჭრო ცენტრი იყო. იდგა მთავარ სავაჭრო გზაზე, რომელიც მოემართებოდა კონსტანტინოპოლიდან (ტრაპეზუნტიდან) და ყარსის, ანისისა და დვინის გავლით ირანში მიემართებოდა, მის შესახებ კედრენეც წერდა: არცნში ვაჭრობდნენ ირანიდან, ინდოეთიდან და სხვადასხვა მხრიდან შემოსული აზიური საქონლით.

არანაკლები სავაჭრო ქალაქი იყო არზრუმი.

სახალიფოდან და სპარსეთიდან კონსტანტინოპოლისკენ მიმავალი გზა ჯერ გაივლიდა დვინს, ანისსა და ყარსს. ამის შემდეგ, ყარსის რაიონში გზა ორად იყოფოდა. ერთი, ჩრდილოეთის შტო შედიოდა არტანუჯში, რომელიც უდიდესი სავაჭრო კვანძი იყო, ხოლო მეორე, გზის სამხრეთი შტო შედიოდა არზრუმში, შემდეგ ორივე ეს შტო ისევ ერთიანდებოდა. მათი შეერთების პუნქტი იყო ტრაპიზონი. ,,ეს ანიჭებდა ტრაპიზონს უდიდეს მნიშვნელობას. აღმოსავლეთში ბიზანტიის იმპერიის ყველაზე უდიდესი ქალაქი ეკონომიკური თვალსაზრისით იყო ტრაპიზონი. მას მხოლოდ კონსტანტინეპოლი აღემატებოდა ეკონომიკური თვალსაზრისით (იქვე, გვ. 44).

არზრუმისაკენ მიმავალი გზის გასაღები იყო ყარსი, ხოლო თავის მხრივ არზრუმი იყო კონსტანტინოპოლის გასაღები, რადგანაც წარმოადგენდა ანატოლიის სტრატეგიული და სავაჭრო გზების ცენტრალურ პუნქტს (იქვე, გვ. 44).

თითქმის მსგავსი მნიშვნელობა ჰქონდა არტანუჯს, სადაც ასევე ყარსიდან შედიოდა გზა არტაანის გავლით. ყარსში კი, როგორც ითქვა გზები შედიოდა დვინიდან და ანისიდან (აღმოსავლეთით), ხოლო დასავლეთიდან კი არტანუჯიდან და არზრუმიდან. მაგრამ ამ ქალაქთა შორის, კონსტანტინოპოლის სტრატეგიულ გზაზე არზრუმი იდგა, რომელსაც X ს-ში დავით კურაპალატი აკონტროლებდა.

სამხრეთის ტაოს ანუ იბერიის სამეფოს შემადგენლობაში გადმოსულ ოლქებს ბიზანტიის იმპერიისათვის უდიდესი ეკონომიური და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ,,პოლიტიკურმა გაჭირვებამ აიძულა ბიზანტიის მთავრობა დროებით დავით კურაპალატის მფლობელობაში ეცნო ეს ოლქები, მაგრამ მოძლიერების შემდეგ გააფთრებით დაიწყო ბრძოლა ამ მიწის ისევ მისატაცებლად” (იქვე, გვ. 45).

მაშასადამე, საერთაშორისო გზები ასეთი იყო –

1) დვინი-ანისი-ყარსი-არტაანი-არტანუჯი-ართვინი-ძველი პეტრა;

2) დვინი-ანისი-ყარსი-არზრუმი-ტრაპეზუნტი.

ამ გზებით ზღვისპირა პორტები ტრაპეზუნტი და პეტრა უერთებოდა დვინს, იქიდან კი სპარსეთსა და სახალიფოს.

პირველ ანუ დვინი-პეტრას საერთაშორისო გზის ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს კლარჯი ხელმწიფეები აკონტროლებდნენ, ხოლო მეორე – დვინი-ტრაპეზუნტის საერთაშორისო გზისას ტაოს მეფეები, რადგანაც მათ ხელში იყო არზრუმის შესასვლელები.

ამ გზათა ბაჟით Mმათ დიდი სიმდიდრე დააგროვეს, შეძლეს გრანდიოზული მშენებლობების წამოწყება და დასრულება, მათ შორის ბანასა და ოშკის სახელოვანი ტაძრებისა.

ბიზანტიაში ამ გზის გაკონტროლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მას “გზა სპარსეთისა” ერქვა, რადგანაც აერთიანებდა ტრაპეზუნტს სპარსეთთან. ეს გზა ვითარცა სტრატეგიული ობიექტი ყველაზე მეტად აინტერესებდა ბიზანტიას და ცდილობდა მის ხელში ჩაგდებას, რადგანაც ამ გზას ბასილი კეისრამდე ქართველები აკონტროლებდნენ, ამიტომ არისტაკეს ლასტივერტეცის სიტყვით თხოვდა კიდეც ბასილი გიორგი I-ს – ,,სპარსეთის გზაზე ნუ მეღობები” ანუ ითხოვდა მისგან სწორედ ამ სტრატეგიული გზის გადაცემას, რაც ცხადია მიმდებარე ქვეყნების გადაცემასაც ითვალისწინებდა.

იმპერიის გაძლიერების შემდეგ ბასილი კეისარს სურდა ამ გზის მთლიანად გაკონტროლება, ამიტომაც ბასიანის ქვეყანაში თავისი ჯარებით შესვლის შემდეგ საქართველოს მეფეს გიორგი პირველს, როგორც აღინიშნა, ელჩად გაუგზავნა ვალაშკერტელი ქართველი ეპისკოპოსი ზაქარია და ,,ტკბილი სიტყვებით მიწერა… ნუ გადამეღობები გზაზე, რომელიც სპარსეთისაკენ მიდისო” (ა. ლასტივერტეცი, ისტორია, 1974. გვ. 51).

საერთოდ, დავით კურაპალატის სამფლობელო, ანუ ,,ქართველთა სამეფოს” დიდი ნაწილი (ანუ ტაოს სამეფო) ძალზე მომგებიანი და შემოსავლიანი საერთაშორისო გზებით იყო დასერილი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ პეტრას ვუწოდებთ კლარჯეთის ზღვისპირეთში იმ საზღვაო პუნქტს, სადაც მთავრდებოდა არტაანუჯ-დვინისაკენ მიმავალი საერთაშორისო გზა X საუკუნეში, ის შეიძლება ყოფილიყო ხუფათი (ხოფო), რადგან ძველი პეტრას ცნობილი სიმაგრე უკვე VI საუკუნეშივე დაინგრა.

,,ზემონი ქვეყანანის” შემოერთებამ აღამაღლა ტაოს სამეფოს ეკონომიკური მდგომარეობა. როგორც ითქვა, შემოერთებულ ქვეყანაზე გადიოდა იმდროინდელი აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზედაც მდებარეობდა ქალაქები არცნი, კარნუ ქალაქი (იგივე თეოდოსიოპოლი, არზრუმი). ეს სავაჭრო გზა სახალიფოდან არტანუჯის გავლით დვინზე გადადიოდა და ტრაპეზუნტამდე მიემართებოდა. ამ სავაჭრო გზიდან და ქალაქებიდან სამეფოს დიდი შემოსავალი შემოსდიოდა” (ნარკვ. II. გვ. 484, А. Манандян. О торговле в городах Армении, გვ. 215).

წინა თავებში აღინიშნა, რომ არტანუჯ-დვინის დამაკავშირებელი გზა შავიზღვისპირა პორტებს პერსარმენიასთან აერთებდა VI საუკუნეში, რითაც ინტერესდებოდა როგორც ბიზანტიის ისე სპარსეთის იმპერიები. შაჰი ხოსრო სწორედ დვინი-არტანუჯის გზით უნდა შესულიყო ლაზიკაში, პეტრასკენ ლაშქრობისას, რადგანაც, პროკოფის ლაზიკა ჭოროხის ხეობას მოიცავდა ზღვისპირეთთან ერთად.

პროკოფი კესარიელის დროს შესაძლოა არტანუჯს სხვა სახელი ერქვა.

არტანუჯ-დვინის სავაჭრო გზას გულისხმობდა კონსტანტინე პორფიროგენეტიც, როცა არტანუჯის სავაჭრო მნიშვნელობის შესახებ წერდა.

დავით კურაპალატის დროსაც ა. მანანდიანისა და ქართველი ისტორიკოსების კვლევით არტანუჯ-დვინის მაგისტრალი ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთი ყოფილა, რომელიც სახალიფოს ტრაპეზუნტთან აკავშირებდა.

 

განმათავისუფლებელი ლაშქრობა ხალხის მხარდაჭერით (X ს.)

 

989 წელს ბარდა ფოკას აჯანყების დაცხრომის შემდეგ აჯანყების თანამონაწილე დავით კურაპალატი იძულებული გახდა თავისი სამფლობელოები ბასილი II-ისათვის ეანდერძებინა. მაგრამ, ამის შემდეგაც მან ილაშქრა ვანის ტბის მიმართულებით და 990 წელს აიღო ძალზე მნიშვნელოვანი ქალაქ მანასკერტი, რომელიც, ასოღიკის ცნობით, ქართველებითა და სომხებით დაასახლა, რადგანაც ის დამარცხებულ მაჰმადიანებს მიუტოვებიათ.

ქართველთა ხელში ვანის ტბის მიმდებარე ქვეყნები იყო XI ს-ის პირველ ათეულ წლებამდე. ამ ქვეყნებში მრავალი ქართველი მართლმადილებელი ქრისტიანი ცხოვრობდა, რომელთაც თავიანთი სამრევლოები, ეკლესიები და საეპისკოპოსოებიც კი ჰქონდათ, ჩანს, სწორედ ისინი იყვნენ გაერთიანებულნი ტაოს სამამამთავროში, ერთ-ერთი უდიდესი საეპისკოპოსო ამ მხარეებში იყო ვალაშკერტისა, ეპისკოპოსი ვალაშკერტელი ქართული ეკლესიის იერარქიაში საუკუნეთა მანძილზე შედიოდა. ,,მართალია, იმ პოლიტიკური მარცხის გამო, მას რომ 989 წელს შეემთხვა, დავით კურაპალატი იძულებული შეიქმნა თავისი სამფლობელო ბიზანტიის იმპერიისთვის ეანდერძა, მაგრამ ალბათ, მაინც ფიქრობდა ამ მდგომარეობის გამოსწორებას და ამის საკომპენსაციოდ 90-იან წლებში იწყებს იმ დიდ დაპყრობით ომებს, რომელთა შედეგად ხელთ იგდებს მთელ რიგ სომხურ პროვინციებს” (ნარკვ. II, გვ. 487). საბჭოური ეპოქის ისტორიკოსებს ამ საკითხში ვერ დავეთანხმებით, რომ ქართველთა ომები ამ მიმართულებით იყო დაპყრობითი ომები სომხური პროვინციებისა.

დავით კურაპალატის ომები ვანის ტბის მიმართულებით იყო არა დაპყრობითი, არამედ განმათავისუფლებელი. ის იმ თურქულ ტომებს ებრძოდა, რომელთაც ვანის ტბის მიდამოები დაიპყრეს. ეს ტერიტორიები ქართველთა ისტორიული სამშობლოს ნაწილი იყო, ამ ადგილებთან იხილა ქსენოფონტემ ქართველთა ტომები, სტრაბონის ცნობით Aამ მხარეებთან ახლოს მდებარეობდა ხორძენა, იქვე გოგარენა და პარიადრეს კალთები, რომელნიც არმენიამ იბერიისაგან მიიტაცა. ამ მიტაცების მიუხედავად იქ დარჩნენ და საუკუნეთა მანძილზე ცხოვრობდნენ აქაურ ქართულ ტომთა შთამომავალნი, რომელთაც დავით კურაპალატის ქართველთა სამეფოს გაფართოვებამ ეროვნულ-ქართული იდენტობა გამოუცოცხლა. ასე, რომ ამ ე.წ. “სომხურ პროვინციებში” ძირძველი ქართველებიც ცხოვრობდნენ და ამ მხარეებში ქართველთა გამარჯვებები აჩვენებს, რომ მათი რიცხვი მცირე არ ყოფილა.

დავითის ტრიუმფალური, მოულოდნელი გამარჯვებები გამოწვეული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მხარდაჭერით. ისინი ორმაგად იყვნენ აღფრთოვანებული ქართული ჯარის მათ ქვეყანაში შესვლით, რადგანაც სომხური ეკლესიის უღლისაგანაც თავისუფლდებოდნენ და ქართულ სახელმწიფოებრიობასაც იბრუნებდნენ.

ისინი იყვნენ არა ე. წ. ,,სომეხი ქალკედონიტები” არამედ ეთნიკური ქართველები, სომხური ეკლესიის არასომხური მრევლი, რომელიც ელოდა ხელსაყრელ მომენტს რელიგიურ-ეკლესიური თავისუფლების მოსაპოვებლად. ეს მომენტი კი მათ დავით კურაპალატის დროს დაუდგათ.

თუ რა უთანასწორო იყო ქართველთა ბრძოლა მანასკერტის, ხლათის, ბერკრისა თუ არჭეშის გასათავისუფლებლად იქედანაც ჩანს, რომ მაგალითად მანასკერტისა და ხლათის გათავისუფლების შემდეგ მათ უკანვე დასაბრუნებლად მაჰმადიანებმა 100 000-იანი ლაშქარი შეკრიბეს, ქართველებმა კი მათ ძლიეს სულ რამდენიმე ათასი ჯარისკაცით (დავით ქართველთა მეფემ 6000 მხედარი გაუგზავნა ფერის ჯოჯიკის ძის სარდლობით). ასეთ გამარჯვებას ქართული ჯარი ვერ შეძლებდა, თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა.

ვალაშკერტში ძალზე მნიშვნელოვანი ოდენობის ქართული მოსახლეობის ცხოვრებაზე შეიძლება ის ფაქტიც მიუთითებდეს, რომ მანასკერტის ბრძოლების დროს დავით კურაპალატის ლაშქარი ვალაშკერტში დაბანაკდა, ალბათ იმის გამოც, რომ აქ თავს დაცულად გრძნობდა მკვიდრი მოსახლეობის კეთილგანწყობის გამო.

სომხური მოსახლეობა ქართული ჯარის მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო, მათში ნერგავდნენ აზრს, თითქოსდა ქართული ჯარი მათ სომხურ საეკლესიო სიწმინდეებს ბილწავდა. სტეფანოს ტარონელმა (ასოღიკი) გაავრცელა ცნობა რომ ქალაქ ხლათის აღებისათვის გაცხარებული ომის დროს ქალაქგარეთ მდებარე მიტოვებული სომხური ეკლესიები ქართველმა ჯარისკაცებმა ,,გადააქციეს თავლებად და სადგომებად იბერიელთა ლაშქრისათვის” (ასოღიკი, გვ. 193, ნარკვ. II, გვ. 487).

ქართველები ამ ცხარე განმათავისუფლებელი ომის დროს, ჩანს მაინც და მაინც არ ენდობოდნენ სომხებს, პირიქით, ისინი არ მიაჩნდათ მყარ დასაყრდენად, ეს ჩანს, იქიდან, რომ, ქ. ხლათის სომხური ეკლესიების თავლებად გადაქცევის შემდეგ ქართველი ჯარისკაცები ამბობდნენ – ,,ჩვენ ერთნაირ მნიშვნელობას ვაძლევთ მუსულმანურ და სომხურ სალოცავებს”.

ეკლესიების თავლებად გამოყენებით გაოცებული მაჰმადიანები ქალაქის კედლებთან მიმდგარ ქართველებს უყვიროდნენ – ,,ასე სცემთ ქრისტიანები პატივს ქრისტიანულ სალოცავებს, ამაზე იბერიელები პასუხობდნენ – ,,ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ სომხურ ეკლესიას და თქვენს მეჩეთს” (ასოღიკი, გვ. 193, ნარკვ. II, გვ. 487).

აქედან ჩანს, რომ ქართული ჯარისა და ქართული განმანთავისუფლებელი მოძრაობის დასაყრდენი ვანის ტბის ქვეყნებში იყო არა სომხური, არამედ ადგილობრივი ქართული მოსახლეობა.

ასოღიკი წერს, რომ დავით კურაპალატი ,,სომეხთა მოწყალე” ხელმწიფე იყო, რაც გულისხმობს იმას, რომ მაჰმადიანთაგან ქრისტიანების გათავისუფლების დროს სომეხ ქრისტიანებს ბუნებრივად წყალობდა, მაგრამ სხვაგვარი იყო დამოკიდებულება ქართველთა მხრიდან. ამ მხარეების ქართველობა თავისუფლდებოდა არა მხოლოდ მაჰმადიანებისგან, არამედ სომხური ეკლესიის ბატონობისაგანაც.

ვანის ტბის მიმართულებით მცხოვრები ქართველებისათვის დავით კურაპალატი ორმაგი განმათავისუფლებელი იყო. მკვიდრი ქართველების რიცხვი კი ამ მხარეებში ძალზე დიდი იყო. ისინი სომხური და მაჰმადიანური ზეწოლისაგან გათავისუფლების შემდეგ უდიდესი ენერგიით ავსებდნენ დავით კურაპალატის ლაშქარს, ეს აპირობებდა ქართველთა სწრაფ მარშს ვანის ტბის სანაპირო ქვეყნებში.

ასოღიკი წერს, და მას ეთანხმებიან ისტორიკოსები, რომ დავით კურაპალატი ვანის ტბის მიმდებარე გათავისუფლებულ და შემოერთებულ ქალაქებში ,,ქართველებსა და სომხებს ასახლებდა”.

ისმის კითხვა, საიდან უნდა მოეყვანა დავითს ქართული მოსახლეობა ასეთ შორეულ ქვეყანაში? ტაოდან?

ტაო თვითონ იყო მცირე ქვეყანა, უნდა ვიფიქროთ, რომ მაჰმადიანთაგან გათავისუფლებულ ქალაქებში დავით კურაპალატი ასახლებდა ამ ქალაქების ირგვლივ მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქართულ და სომხურ მოსახლეობას, ქართველები და სომხები კი იქვე ცხოვრობდნენ, მიმდებარე სოფლებში.

იქამდე ეს ქართველები არ ჩანდნენ, რადგანაც ისინი სომხური ეკლესიის მრევლში ირიცხებოდნენ, კურაპალატის ლაშქრობებმა კი მათი იდენტობა წარმოაჩინა, მათ ამით გულმიცემულებმა უკვე დაუფარავად განაცხადეს, რომ ისინი არა სომხები, არამედ ეთნიკური ქართველები იყვნენ, ამით უნდა აიხსნას ქართველთა რიცხოვნობის საოცარი ზრდა ვანის ტბის მიმდებარე ქვეყნებში და არა ე.წ. ,,სომეხთა გაქალკედონიტებით” ე.წ. გაქართველებით.

 

მკვიდრი მოსახლეობის ერთგულება (X ს.)

დავით კურაპალატის მიერ ,,ზემო ქვეყანათა” ფლობა მიუთითებს, რომ ამ ქვეყანათა აზნაურ-დიდებულები, შესაბამისად მკვიდრი მოსახლეობა წარმოადგენდა ამ ,,ფლობის” პოლიტიკურ საყრდენს. მკვიდრი მოსახლეობის ერთგულების გარეშე იმჟამინდელი სოციალური ვითარების გამო, არავის შეეძლო პოლიტიკური ნების განხორციელება, მაგალითად, როცა ბაგრატ IV-ს სიყმაწვილის წლებში ტაოელი აზნაურები, დიდებულები ,,წარვიდეს საბერძნეთს” ანუ კეისრის მხარეზე გადავიდნენ (,,განდგეს კუალად აზნაურნი”, როცა ვთქვათ ,,წარვიდა ჩანჩახი ფალელი საბერძნეთს, მისცა ციხე გარყლობისა, მიერთო ბერძენთა” და ასევე სხვები) – ამის შედეგად ტაოში შეირყა ბაგრატ IV-ის მმართველობა, მითუმეტეს, რომ დიდებულებმა ,,ერიც ააღელვეს და აამოძრავეს”, ანუ ტაოს მკვიდრი მოსახლეობაც ბერძენთა მხარეს გადაიხარა. ამან ცხადია შეარყია მეფის მმართველობა (თუ არა საბა მტბევარი და ეზრა ანჩელ ეპისკოპოსების გმირული თავდადება, ქვეყანა დაიკარგებოდა) შესაბამისად, თუ არა ,,ზემო ქვეყანათა” ხალხის ერთგულება ქართველთა მეფის მიმართ, დავით კურაპალატი ამ ქვეყნებს ვერ დაიჭერდა.

მართალია, ბიზანტიამ დავით კურაპალატს დაუთმო ,,ზემონი ქვეყანანი”, მაგრამ დავითმა ეს ქვეყნები რეალურად დაიჭირა არა ბიზანტიელთა დახმარებით, არამედ მკვიდრი მოსახლეობის მხარდაჭერით. ეს მხარდაჭერა და საოცარი ერთგულება კარგად აქვს აღწერილი არისტაკეს ლასტივერტეცის. დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ ამ ქვეყნებში გაბატონება ინებეს ბიზანტიელებმა, მკვიდრმა მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ბიზანტიელები დაუნდობლად მასიურად ხოცავდნენ ხალხს, არ ინდობდნენ არც მოხუცს, ახალგაზრდას, ქალს თუ ბავშვს, მოსპეს უამრავი სოფელი, დაბა და ქალაქი, დაანგრიეს მთელი მხარეები და ქვეყნები. ცხადია მკვიდრ მოსახლეობას შეეძლო იმთავითვე მიმხრობოდა ბერძნებს, იმთავითვე განეცხადებინათ ერთგულება კეისრის მიმართ, გამოეხატათ ორგულობა ქართველთა მეფის მიმართ, ბოლოს შეეძლოთ ბიზანტიური ჯარის იმედით აჯანყებულიყვნენ კიდეც ქართველთა წინააღმდეგ, მაგრამ არა, მკვიდრი მოსახლეობის ერთგულება და თავდადება ქართული სახელმწიფოს მიმართ მტკიცე იყო, პირიქით, როცა ბიზანტიელებმა შემდეგში შეძლეს ამ მხარეთა დაპყრობა, საკმაოდ ხშირ აჯანყებებს კეისრის წინააღმდეგ ქართველები ედგნენ სათავეში, მაგალითად ფერის ჯოჯიკის ძე, ზაქარია ვალაშკერტელი და სხვები.

რით იყო ე.წ. “ზემო ქვეყანათა” მკვიდრი მოსახლეობის ერთგულება ქართველთა მიმართ განპირობებული? ჩვენი აზრით ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ზემო ქვეყანათა მკვიდრი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქართველები იყვნენ და მათი ერთგულება ნაციონალურ საფუძველს ეყრდნობოდა.

არსებობს სხვა თვალსაზრისი, რომელიც გაბატონებულია თანამედროვე ისტორიოგრაფიაში, რომ მკვიდრი მოსახლეობა იყო არა ეთნიკური ქართველები, არამედ ე. წ. ქალკედონიტი სომხები. თუ ისინი ქართველები არ იყვნენ და მხოლოდ სარწმუნოების გამო დებდნენ თავს ქართველობის მიმართ, განა უფრო ძველ მართლმადიდებლებად ბერძნები არ მიიჩნეოდა? ზემო ქვეყნებს ხომ ქართველი მეფეები სულ რამდენიმე ათეული წელი მართავდნენ, ისიც დიდი გაჭირვებით, მათ ხან მაჰმადიანებთან, ხან კი ბერძნებთან უხდებოდათ ბრძოლა, ამიტომაც ისმის კითხვა, როგორ მოხდა, რომ მიუხედავად ბერძენთა მიერ “ზემო ქვეყნების” დაპყრობისა და მოსახლეობის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლისა, მაინც ამ მოვლენათა შემდეგ, საუკუნეთა მანძილზე, აღნიშნულ ქვეყნათა მკვიდრი მოსახლეობა მტკიცედ ქართველობდა და საეპისკოპოსოებიც, მაშასადამე, ეკლესიებიც ქართული ჰქონდათ? ერთი ასეთია ვთქვათ ვალაშკერტის საეპისკოპოსო, რომელიც თითქმის ვიდრე XVII საუკუნემდე არსებობდა.

 

ბასილი II-ისა და სხვა იმპერატორების ომები იბერიის წინააღმდეგ (1001-1054)

1001 წელს გარდაიცვალა დავით კურაპალატი, ამ ცნობის მიღებისთანავე იმპერატორი ბასილი II თავისი ლაშქრით სწრაფი მარშით გამოეშურა ტაოს სამეფოს დასაპყრობად, რადგანაც დავითი თავისი ანდერძით მას უტოვებდა თავის ვრცელ სამფლობელოებს.

დავით კურაპალატის სამეფო, რომელსაც უცხოელები იბერას (ივერიას) უწოდებდნენ, როგორც ითქვა, მოიცავდა სამხრეთ ტაოს, ჩრდილო ბასიანსა და თორთომს, ამის გარდა კი მას დროებით სარგებლობაში ჰქონდა ზემოთ აღნიშნული ვრცელი მიწა-წყალი, თითქმის ვანის ტბამდე – დასავლეთ ევფრატის ხეობაში მდებარე კლისურა და მისი ციხე ხალტოი-არიჭი; არაქსის სათავეებთან მარდალიის კანტონის ციხე სევუკი; ვანის ტბის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში ჰაქისა და აპაჰუნის პროვინციები; სამხრეთ ბასიანი; თეოდოსიოპოლი (არზრუმი) თავისი თემით, ანუ კარინი; ჭოროხის სათავეებთან ჩორმაირის თემი.

მთლიანად ეს მხარეები ახლა უკვე ბასილ II-მ დაიკანონა.

,,დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა” – წერს სუმბატ დავითის ძე, ამასთანავე აიძულა ქვეყნის აზნაურები ციხეები ბიზანტიელებისთვის გადაეცათ, დიდგვარიანთაგან ყველაზე გამოჩენილი პატრიოტები კი ბიზანტიაში გადაასახლა.

კედრენე წერს – ,,იბერიაში რომ ჩავიდა, მიცემული მემკვიდრეობა დაიდგინა… თან წაიყვანა იბერიის დიდგვარიანები, რომელთაგან უმთავრესნი იყვნენ ბაკურიანი, თევდრატე და ფერსი – ღვიძლი ძმები, რომელნიც პატრიკიოსთა ხარისხში აიყვანა” (გეორგიკა, V, გვ. 45).

როგორც ითქვა, ტაოში ორი სახელმწიფო იყო. ჩრდილო ტაოს სახელმწიფოს მეფე გურგენს, ბასილმა შეუნარჩუნა დამოუკიდებლობა, უფრო მეტიც შეკრა მასთან ზავი, რომლის პირობითაც გურგენს თავისი ლაშქრით არ უნდა ებრძოლა სამხრეთ ტაოს გასათავისუფლებლად, მას იმპერატორმა მაგისტროსობა უბოძა. ბასილს შეეგება ისევე გურგენის ვაჟი ბაგრატი, რომელიც უკვე იყო აფხაზთა მეფე, მას უფრო მეტი პატივი – კურაპალატობა უბოძა.

კედრენე ჩრდილო ტაოს სამეფოს – ,,შიდა იბერიას” უწოდებს (ვ. კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, 1969, გვ. 46). მისი მეფე გურგენი ვერ შეურიგდა უდიდეს დანაკლისს, რაც ქვეყანას სამხრეთ ივერიის დაკარგვით მიადგა, ამიტომაც მთელი თავისი ლაშქრით შეიჭრა ოლთისში – სამხრეთ ტაოს დედაქალაქში, მაგრამ ბასილი II-მ მას დიდი ჯარი დაახვედრა და კიდევ ერთხელ დაუზავდა.

ქვეყნის დაკარგვა განსაკუთრებით აშფოთებდათ სამხრეთ ივერიის აზნაურებსა და დიდებულებს, ამიტომაც ბასილს მალევე დასჭირდა ხელმეორედ ლაშქრობა ქვეყნის დასაუფლებლად. ქართველი აზნაურები ბიზანტიაში გადაასახლეს და იქ მამულები დაურიგეს (ვ. კოპალიანი, დასახ. ნაშრ. გვ. 81). როგორც ითქვა დაპყრობილ სამხრეთ ივერიაში ბიზანტიამ ე.წ. იბერიის თემი – საკატეპანო დააარსა.

სამხრეთ იბერიის მოსახლეობა, მკვიდრი ქართველობა ვერ ურიგდებოდა სამშობლოს თავისუფლების დაკარგვას, ესენი იყვნენ არა მარტო, როგორც მემატიანე უწოდებს მამაცი ტაოელები, ბასიანელები, არამედ არზრუმის ქვეყნის, (ანუ კარინის) და სხვა მხარეების ქართველები, მაგალითად, უფრო ადრე კარინში მამულები და მონასტრები ჰქონია თორნიკე ერისთავს, და იქ, კარინის ქართულ მონასტრებში, მრავალი ქართული წიგნი იწერებოდა. კარინის მიმდებარე მხარეებიდან იყვნენ ის ქართველი დიდებულები, რომლებმაც იბერიის დამოუკიდებლობისათვის თავი დადეს.

ლასტივერტეცის თხზულებიდან კარგად ჩანს, რომ არა მხოლოდ ქართველი დიდგვაროვნები და აზნაურები იბრძოდნენ ბიზანტიელთა წინააღმდეგ, არამედ უბრალო ადამიანებიც. ამიტომაც, მთელ მათ სოფლებს და ქალაქებს მტერი სასტიკად ანადგურებდა.

სამხრეთ იბერიის მოსახლეობის განწყობილებამ და პატრიოტიზმმა ერთგვარი სტიმული მისცა უფრო ჩრდილოეთით მდებარე საქართველოს მეფეს გიორგი I-ს (ბაგრატ III ძეს), ესარგებლა იმით, რომ როცა ბასილი II დაკავებული იყო ბულგარელებთან ომით, გაეფართოვებინა თავისი საზღვრები და დაახლოებით 1013-1020 წლებში ბიზანტიელებს ხელიდან გამოგლიჯა ყველა ის ციხე-სიმაგრე, რომლებიც ადრე დავით III კურაპალატს ეკუთვნოდა.

ბულგარელების დამარცხების შემდეგ ბასილი II-მ ეპისტოლე გაუგზავნა გიორგი I-ს და მოითხოვა აღნიშნული ციხე-სიმაგრეების დაცლა. უარის მიღების შემდეგ ბიზანტიური ლაშქარი გააგზავნა ქართველ მეფესთან საომრად.

ა. ლასტივერტეცი წერს ,,ბიზანტიელთა წინააღმდეგ მამაცი ტაოელები გამოვიდნენ და უხტიგის (ოლთისის ახლოს) ბრძოლიდან რომაელთა ლაშქარი გააქციესო”. (ვ. კოპალიანი, დასახ. ნაშრ. გვ. 91).

თავისი ლაშქრის ამ დამარცხებამ განარისხა ბასილი II, და ის 1021 წ. პირადად შემოუძღვა თავის საიმპერიო ჯარს.

თავის მხრივ, საქართველოს მეფემ გიორგიმ შეკრიბა დიდი ლაშქარი ბიზანტიის იმპერატორთან საბრძოლველად.

ორივე, ბიზანტიური და ქართული ლაშქარი ერთმანეთს შეხვდა ბასიანის ქვეყანაში და ერთმანეთის პირისპირ დადგნენ რამდენიმე დღის მანძილზე, ბრძოლის გარეშე. ამ დროს ქართულმა სარდლობამ, როგორც ჩანს შეცდომა დაუშვა და უკან დახევის ბრძანება გასცა. ამან მტერი უფრო გაააქტიურა, ის ქართველთა ლაშქარს უკან დაედევნა.

სასაწყობო შენობები, სურსათისა და იარაღის სათავსოები ქართულ ლაშქარს ქ. ოლთისში გადაუწვავს, რათა მტერს არ ესარგებლა ამით.

უკან დახეული ქართული ლაშქრის ბოლო ნაწილებს წამოეწია ბიზანტიის მოწინავე ლაშქარი, ბრძოლა გაიმართა პალაკაციოს ტბასთან სოფელ შირიმნთან.

ომის შესახებ ხმა გიორგი მეფეს საკმაოდ გვიან მიუვიდა. ის მივიდა ომის ადგილას, სადაც ამ დროს ბასილი მეფეც მოვიდა – ,,იქმნა ბრძოლა დიდი, და მოსრნეს ბერძენნი ფრიად და წარმოიღეს ავარი, ეზომ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, რომელ სივლტოლად განემზადა ბასილი მეფე” მაგრამ, სამწუხაროდ ,,სულმოკლე იქმნეს ქართველნი, მორიდეს და წარმოვიდეს”.

მტერმა გაიმარჯვა. ბასილიმ გაგზავნა ჯარები სხვა და სხვა მიმართულებით და უბრძანა მათ არავინ შეებრალებინათ, არც მოხუცი, არც ახალგაზრდა, არც ბავშვი, არც ქალი. ასე დაანგრია და მოსპო თორმეტი ქართული ქვეყანა. იაჰია ანტიოქიელის ცნობით ბასილმა თვალები დათხარა ორასი ათასზე მეტ ქართველ მამაკაცს (იქვე, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, 1969, გვ. 95).

ამასობაში კახეთისა და ჰერეთის ლაშქრით გაძლიერდა გიორგი I, ბასილი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო და ტრაპიზონში გამოიზამთრა.

ქართულ მიწა-წყალზე კვლავ შემოსულ მტერს შეებრძოლა საქართველოს ლაშქარი 1022 წლის 11 სექტემბერს არზრუმთან ახლოს, შერფთან – ლასტივერტეცის ცნობით, მაგრამ ქართველები კვლავ დამარცხდნენ.

დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც დავით კურაპალატის მთელი მიწა-წყალი მტერმა მიითვისა.

ერთ დროს აყვავებული სამხრეთ იბერია განადგურდა, 1025 წ. ბასილი II გარდაიცვალა, მაგრამ მან მოასწრო და მძევლად წაყვანილი მეფე გიორგის ძე ბაგრატი უკან დააბრუნა.

ყოფილი სამხრეთ იბერიის ადგილას, როგორც ითქვა, ჩამოყალიბდა ბიზანტიაში შემავალი იბერიის თემი. მიუხედავად ამისა ქართველები ამ თემში მაინც განაგრძობდნენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ამიტომაც 1025-1028 წლებში შემდგომმა იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მაც თავისი ლაშქარი კვლავ აომა იქ. ეს ომი გრძელდებოდა იმპერატორ რომანოზის დროსაც, 1028-1034 წლებში.

 

ტაოელები “არიან-ქართველთა” მემკვიდრეები

 

,,ზემო ქვეყანათა” მკვიდრი მოსახლეობა ოდესღაც ,,არიან-ქართველებად” იწოდებოდა, ტაოსა და მის მომიჯნავე მხარეებს მოიცავდა.

გ. მელიქიშვილის მტკიცებით არიან-ქართლის სამეფო მდებარეობდა იბერიის იმ მიწებზე, რომელიც არმენიამ ძვ.წ. II საუკუნეში მიიტაცა იბერიისაგან.

I საუკუნეში, როცა გაძლიერდა მცხეთის იბერიის სამეფო, იმდენად, რომ სომხეთის სამეფო ტახტზე ქართველები ადიოდნენ, ალბათ, ეს ,,ზემო ქვეყნებიც” გათავისუფლდნენ სომეხთა ბატონობისაგან.

ყოველ შემთხვევაში VI-VII საუკუნეებში აქ ყოფილა ,,ივერთა სამთავრო” ვაშდენის მეთაურობით, მალევე აქ ჩამოყალიბდა ,,ქართველთა სამეფო”.

ეს ფაქტები არაა შემთხვევითი, ბუნებრივია აღნიშნულ მიწა-წყალზე იბერიელების ეთნოსი ცხოვრობდა და მათ X-XI საუკუნეებამდეც მიუღწევიათ. ამიტომაც, ჩვენი აზრით, არაა სწორი, მეცნიერთა მტკიცება, თითქოსდა ტაოში ჩამოსახლდნენ ქალკედონელი სომხები, ისინი ,,გაქართველდნენ”, შემდეგ კი ასე ვთქვათ ჯაჭვური რეაქციის სახით ,,გაქართველდა” ზემო ქვეყნების ქალკედონური სომხური მოსახლეობაც.

სინამდვილეში პროცესი იყო პირიქითა- იქამდე არმენიაში (ბიზანტიურ თუ პერსარმენიაში) მოქცეული ქართველობა, რომელიც სომხურმა ეკლესიამ დაიქვემდებარა, ნაწილობრივ გათავისუფლდა სომხური ეკლესიის უღლისაგან არაბთა ბატონობის დროს, ხოლო არაბებისა და სომხების შესუსტების შემდეგ იქაურმა ქართველობამ აღიდგინა თავისი იდენტობა, დაუბრუნდა ეროვნულ სახეს.

სტეფანოს ტარონცი (ასოღიკი) წერს ,,ლმობიერებით დავით კურაპალატი ყველას აღემატებოდა, მისი წყალობით დამყარდა მშვიდობა სომხეთსა და იბერიაში” (Асохик, 198, ნარკვ. II, გვ. 486) აქ ცხადია იბერიის ქვეშ ტაოს ანუ “ქართველთა” სამეფო იგულისხმება.

 

II. ვალაშკერტის (ტაოს) სამამამთავრო.
ტაოს სამამამთავროს საზღვრები (X ს.)

აშოტ დიდი ბაგრატიონი – ტაო-კლარჯელ ბაგრატიონთა წინაპარი – ,,ნებითა ბერძენთა მეფისათა” ფლობდა ტაოს, სპერსა და არტაანს სხვა ტერიტორიებთან ერთად ვიდრე ქსნამდე, სუმბატ დავითის ძის მატიანით – კი ვიდრე ბარდვამდე.

მისი შთამომავლების დროს ეს სამფლობელოები ორ – ტაოსა და კლარჯეთის სამთავრო სახლთა შორის გადანაწილდა – ტაოს შტო რეზიდენციად ირჩევს ბანას, უკვე ადარნასე I კურაპალატის დროიდან (888-923), ის იყო პირველი ,,ქართველთა მეფე” (ნარკვ. II, გვ. 455), კლარჯეთის შტო არტანუჯის ციხე-სიმაგრეს.

თავის მხრივ, ტაოს (ანუ ქართველთა) სამეფოც ორ ნაწილად გაიყო, ერთს X ს. მეორე ნახევარში ,,ქართველთა მეფე” ბაგრატ II რეგვენი მართავდა, მეორეს კი დავით კურაპალატი.

უფრო საფიქრებელია, რომ ბაგრატ II -ის გარდაცვალების შემდეგ ,,ქართველთა მეფის” წოდება მიიღო დავით კურაპალატმა, როგორც “საგვარეულოში უხუცესმა”, დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ კი ,,ქართველთა მეფის” წოდება მიიღო “უხუცესმა” გურგენ მაგისტროსმა (ბაგრატ II-ის ძემ, ჩანს 1001 წელს), მისგან კი მისმა შვილმა – ბაგრატ III-მ, რომელიც იქამდე უკვე იყო აფხაზთა მეფე.

ამიერ ტაო ბაგრატ ქართველთა მეფეს ეკუთვნოდა, ხოლო იმიერ ტაო, ჩრდილო ბასიანითურთ, თორთომი და სპერი X ს. 60-იანი წლებიდან დავით დიდის სამფლობელოს შეადგენდა” (ვ. კოპალიანი, ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან. გვ. 111).

იმიერ ტაოს სამეფო – დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო ისევე, როგორც ამიერ ტაოს სამეფო და აფხაზთა სამეფო. მას ყველაზე დიდი ძლიერების დრო დავით კურაპალატის ჟამს დაუდგა – X საუკუნის მეორე ნახევარში. მისი საეკლესიო-ადმინისტრაციული ოლქი – ტაოს ეპარქია – უშუალოდ ემიჯნებოდა ლაზიკის ეპარქიას, მაგრამ ტაო ქართული ეკლესიის ნაწილი იყო, ხოლო ლაზიკის ეპარქია – ბიზანტიურისა.

,,სამხრეთ-დასავლეთიდან ტაოს სამეფო უშუალოდ ბიზანტიის იმპერიის სამფლობელოებს ემიჯნებოდა და მისი საზღვარი მდ. არაქსზე გადიოდა (გეორგიკა IV, გვ. 271-272),

სამხრეთ-აღმოსავლეთით ტაოს სამეფოს თურქული მოდგმის ხალხით დასახლებული სომხეთის მიწა-წყალი ემიჯნებოდა, სადაც ამ დროს მაჰმადიანური საამიროები იყო შექმნილი.

ტაოს ქართველთა სამეფო ეკლესიურ-ეპარქიალურადაც ორ ნაწილად იყო გაყოფილი თავიანთი საკუთარი მმართველებით.

ამიერ ანუ ჩრდილო ტაოში ორი უმთავრესი საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა – იშხნისა და ბანასი, ხოლო სამხრეთ ტაომ, თავისი საზღვრები ვრცლად გადაწია არაქსისა და ვანის ტბის მიმართულებით, რაც ასევე მისი მომცველი ეპარქიის საზღვრების ზრდასაც განაპირობებდა. ის თანდათანობით სამამამთავროდ ყალიბდებოდა ქ.ვალაშკერტის კათედრის მეთაურობით.

ტაოს სამეფოს ნაწილად იქცა ე.წ. ბიზანტიის ,,ზემონი ქვეყანანი”, კარინის ოლქი, იქამდე ბიზანტიასთან სადავო სამხრეთ ბასიანი, ჩორ-მაირის თემი ჭოროხის სათავეებთან, ციხე სევუკი არაქსთან, აპაპუნის პროვინცია. ამ პროვინციებსვე მოიცავდა სამხრეთ ტაოს ქართული სამამამთავრო, რომელიც ისეთივე დამოუკიდებელ ქართულ სამიტროპოლიტო ოლქად ყალიბდებოდა, როგორიც იყო მაგალითად აფხაზეთის საკათალიკოსო.

თუკი სამხრეთ ტაოს ეპარქია ჩამოყალიბდა ვითარცა სამიტროპოლიტო ოლქი, რის საფუძველსაც წარმოადგენდა ტაოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, მისი საზღვრები უნდა დამთხვეოდა კიდეც, საეკლესიო წესების თანახმად სახელმწიფო-ადმინისტრაციულ საზღვრებს. მაშასადამე, ტაოს სამამამთავრო მოიცავდა იმ პროვინციებს, რომელნიც შედიოდნენ ტაოს სამეფოში. ესენი კი, როგორც აღინიშნა იყვნენ თვით “ტაო, ორივე ბასიანი (ზემო და ქვემო), კარინის ოლქი არზრუმითურთ, ჩორმაირის თემი, სევუკი არაქსის სათავეებთან, ჰაქსისა და აპაპუნის პროვინცია აღმოსავლეთ ევფრატის ზემო ხეობაში (საქ. ისტ. ნარკვევები, II, გვ. 478). მას სახელმწიფო საზღვრების გაფართოებასთან ერთად კიდევ უნდა შემატებოდა ახალი ტერიტორიები ვანის ტბის დასავლეთ სანაპირომდე.

სამიტროპოლიტო ოლქის (ანუ ქართულად სამამამთავროს) არსებობა თავისთავად გულისხმობს საეკლესიო ოლქის მეთაურ მღვდელმთავარს, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება თავისი ეპისკოპოსები. ასეთი სამამამთავრო ოლქები ქართულ ეკლესიაში კიდევ სხვებიც არსებობდა, ასეთები იყვნენ მაგალითად, აფხაზთა საკათალიკოსო და ქართლის საკათალიკოსო. აფხაზთა საკათალიკოსოში ადგილობრივ კათალიკოსს უშუალოდ ექვემდებარეობდნენ საკუთარი ანუ დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები, ქართლის კათალიკოსს კი აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები.

ტაოს სამეფოს ჩამოყალიბებამდე კლარჯეთის საეპისკოპოსოები მცხეთელ კათალიკოსს ექვემდებარებოდა, ჩანს ასევე გაგრძელდა შემდგომაც.

ტაოში დამოუკიდებელი სამეფოს წარმოქმნამ, შექმნა პირობები იმისათვის, რომ ამ, ე.წ. ბიზანტიური ,,ზემო ქვეყნების” ეთნიკურად ქართული მოსახლეობა ეკლესიურად დაქვემდებარებოდა არა ბერძნულ-ბიზანტიურ ანდა სომხურ ქალკედონურ ცენტრებს, არამედ მათი საცხოვრისის მომცველ უკვე ქართული სახელმწიფოებრივი ერთეულის – იმიერ ანუ სამხრეთ ტაოს საეკლესიო ოლქს, რასაც საეკლესიო კანონებიც მოითხოვდა. ალბათ, ამ პოლიტიკურმა სიახლემ საფუძველი ჩაუყარა ტაოს სამამამთავროს. მასი უმთავრესი კათედრა იყო ვალაშკერტის საეპისკოპოსო. ჩვენი კვლევით ვალაშკერტის კათედრა მდებარეობდა არა სოფელ ჩანგლში, არამედ იმჟამად ქალაქ ვალაშკერტში, საერთაშორისო სავაჭრო გზაზე.

უნდა ვიფიქროთ, რომ ტაოს სამამამთავრო თავისთავადი სამიტროპოლიტო ოლქის სახით არსებობდა ფრიად მცირე ხნის მანძილზე, (ე.წ. ,,ზემო ქვეყნების” ტაოს სამეფოში ყოფნის პერიოდში).

როგორც ვიცით ე.წ. ,,ზემონი ქვეყანანი” ბიზანტიამ დავით კურაპალატს გადასცა დაახლოებით 979-980 წლებში, ხოლო ბასილი II-მ დაახლოებით 20-22 წლის შემდეგ ამ მიწების ერთი ნაწილის ხელში ჩაგდება შეძლო. ამის შემდეგ ცხადია შემცირდა ტაოს სამეფოს საზღვრები, ,,ზემონი ქვეყანანი” დაიკარგა.

უნდა ვიფიქროთ, ამ მიწების დაპყრობის შემდეგ მისი ქართული მართლმადიდებელი მოსახლეობა ბიზანტიამ ლაზიკის ეპარქიაში შეიყვანა.

ასე, რომ ალბათ ტაოს ქართული სამამამთავრო დაახლოებით 20-22 წელი არსებობდა, მისი მრევლის დიდი ნაწილი ლაზიკის ეპარქიაში მოექცა ბასილისა თუ რომანოზ კეისრების დროს.

როგორც ცნობილია, ბასილი II-ის შემდეგ ლაზიკის ბერძნული ეპარქიის (ანუ სამიტროპოლიტო ოლქის) საზღვრები განავრცო ვიდრე ვანის ტბამდე. ტაოს ქართული სამამამთავროს ადგილი ამ მიმართულებით ბიზანტიურმა ლაზიკის ეპარქიამ დაიჭირა (იშხნის წარწერით მისი ერთ-ერთი პირველი მღვდელმთავრისათვის ხელი დაუსხამს არა მცხეთელ კათალიკოსს, არამედ ტრაპეზუნტში სტუმრად ჩასულ კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ალბათ სომხურ ეკლესიასთან დავის გამო თუ მიიჩნიეს საჭიროდ ტაოს მესვეურებმა ასეთი დემონსტრაციული ცერემონიალი).

 

ვალაშკერტი და თორმეტი ქართული გავარი (XI ს.)

ქალაქი ვალაშკერტი მდებარეობდა საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, ბასიანის აღმოსავლეთ მხარეს. ამ ქალაქზე გამავალი გზა ერთმანეთთან აერთებდა ტრაპეზუნტსა (ბიზანტიასა) და სპარსეთს. X საუკუნის ბოლოსათვის აღმოჩნდა, რომ ამ გზის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველთა ხელში იყო, რადგანაც ისინი აქ სახლობდნენ – ბასიანში, ტაოში, ვალაშკერტიდან თეოდოსიოპოლამდე ანუ არზრუმამდე, ჩანს არაქსსა და მურად-სუს შუაც.

გიორგი I-ისათვის აღნიშნული ტერიტორია არ იყო შორეული მხარე, ის იყო ქართველებით დასახლებული მიწა-წყალი, რომლისაგანაც იღებდა კიდეც დიდ ძალას, განსაკუთრებით მკვიდრი დიდებულების (აზნაურების) მხრიდან. მაგალითად, მომიჯნავე, კიდევ უფრო სამხრეთით მდებარე ტურუბერანის გავარის მმართველობა ჯოჯიკ ერისთავთ-ერისთავის საგვარეულოს ხელში იყო მოქცეული, ისინი იქ მკვიდრები იყვნენ, ამ ქართველ პატრიოტთა სახლის წევრი იყო ცნობილი ფერსი ჯოჯიკის ძე, მუდამ საქართველოს ინტერესების დამცველი, უშიშარი მებრძოლი ბიზანტიელების წინააღმდეგ, ის იყო მემამულე ვრცელი მიწებისა ზემო არაქსსა და მურად-სუს შუა, რომელსაც ტვარწატაფი ერქვა (ე. მეტრეველი, ნარკვევები ათონის კერის ისტორიიდან, 1996, გვ. 32). იქ, სადაც ქსენოფონტეს ქართული ტომები შეხვდა (არაქსსა და მურად სუს შუა).

ჯერ კიდევ 1001 წელს იბერიაში თავისი პირველი ლაშქრობის შემდეგ იმპერატორმა ბასილიმ კონსტანტინეპოლში გადაასახლა ფერსი ჯოჯოკის ძე და მისი ძმა თევდრატი სხვა დიდაზნაურების ოჯახებთან ერთად, საფიქრებელი იყო, რომ ისინი იქ დაივიწყებდნენ სამშობლოს, მაგრამ არა. ფერსი 1019 წელს დაბრუნდა მშობლიურ მიწა-წყალზე და დაიწყო აჯანყება იმპერიის წინააღმდეგ, იმდენად შთამბეჭდავი, რომ იმპერატორის ტახტი საგრძნობლად შეირყა, კერძოდ, ბასილი II ქართველთა ქვეყნის სიღრმეში (ბასიანში) დაბანაკების შემდეგ მის ზურგში მომზადდა დიდი აჯანყება იმპერატორის წინააღმდეგ. კეისრის სპასპეტმა და ბარდა ფოკას ძემ წარვეზიმ ისეთი დიდი ჯარი შეკრიბეს, რომ იმპერიის აღმოსავლეთი მათ ხელში მოექცა ,,დიდად შეძრწუნდა ამისთვის ბასილი” (სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება ბაგრატიონთა, 1990, გვ. 55). მოჯანყეთა ერთ-ერთი ძირითადი ძალა ქართველი აზნაურები რომ იყვნენ, იქედანაც ჩანს, რომ გამარჯვების შემდეგ ბასილი II-მ უპირველესად ფერის ჯოჯიკის ძე დაასჯევინა სიკვდილით.

აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ა. ლასტივერტეცის ცნობით ბასილი II-ს უპირველეს საქმედ მიუჩნევია ფერსის და მისი სიძის ანდრონიკეს შეპყრობა ,,მოიყვანეს ხაღტოიარიჭის ციხე-სიმაგრემდე, კარინის საზღვარზე, მათ მიაღწიეს ციხესიმაგრის პირდაპირ მდებარე მინდორს, იქ შეჩერდნენ, მოიყვანეს ფერსი და ანდრონიკე და თავები მოჰკვეთეს, ეს მეფისაგან იყო ნაბრძანები, რადგანაც ფერსი და ანდრონიკე თავიანთი აჯანყების დროს აფხაზის მოკავშირენი იყვნენ და აღუთქვეს მას ამ ადგილამდე მთელი ტერიტორიის მიცემა, ვინაიდან ჯერ კიდევ წინათ ეს ადგილები დავით კურაპალატს ეპყრა” (ა. ლასტივერტეცი, ისტორია, გვ. 50).

მაშასადამე, ,,ქართველთა მთავარი” ფერსი ანუ ფერის ჯოჯიკის ძე მიიყვანეს კარინის ანუ თეოდოსიოპოლის ქვეყანაში, რადგანაც ამ ქვეყნის გადაცემა სურდა მას ,,აფხაზთა” მეფისათვის, და სწორედ ამიტომ ბასილი II-მ საგანგებოდ აქვე დასაჯა ისინი.

როგორც ითქვა, რომ არ ყოფილიყო კარინელი ქართველების დიდი მხარდაჭერა, ფერსი ჯოჯიკის ძე ვერ გადასცემდა ამ მიწა-წყალს საქართველოს (აფხაზთა) მეფეს.

ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი ძალა ჩანდა (ბიზანტიური და ქართული), სომეხი პატრიოტის ა. ლასტივერტეცის ნაშრომში ოდნავი მინიშნებაც კი არ არის იმისა, რომ იყო მესამე სომხური ძალა, რომელსაც თავისი პოლიტიკური ნება ან ზრახვები ჰქონოდა კარინსა თუ ბასიანში, მაშასადამე, როგორც ჩანს, ფერის ,,ქართველთა მთავარი” აზრუმის (კარინის) დასაბრუნებლად იბრძოდა, რათა საქართველოს შემოერთებოდა ის, ვითარცა კიდევ ერთი ქართული მხარე.

აღსანიშნავია, რომ ,,ქართველთა მთავრის” ტიტული ჰქონდა ასევე VII საუკუნეში ვაშდენს (,,ქართველთა მთავარს”), რაც მემკვიდრეობით გადაეცემოდა მის ოჯახს, თუმცა იმჟამად მისი ქვეყანა (ანუ ტაო და მიმდებარე მხარეები) სომხური ეკლესიის იურისდიქციაში იყო მოქცეული. აღსანიშნავია, რომ სომხური ეკლესიის უდიდესი ნაწილი მაშინ ქალკედონიტური იყო, ამიტომაც სომხური ეკლესიის მრევლისა და იერარქიის ერთ ნაწილს მაშინ ეთნიკური ქართველები შეადგენდნენ, განსაკუთრებით ტაოსა და მიმდებარე მხარეებში.

ნერსე იშხნელი კათალიკოსი, ჩვენი აზრით, ნეტარად იწოდებოდა შემდეგი ჟამის ქართული ავტორების მიერ, არა მხოლოდ მისი მართლმადიდებლობის, არამედ ეთნიკური ქართველობის გამოც.

მას შემდეგ რაც შემდგომში სომხურმა ეკლესიამ მანასკერტის კრებაზე 726 წელს საბოლოოდ მიიღო მონოფიზიტური მიმართულება, ტაოს, ბასიანისა და მიმდებარე მხარეების ქართველობა თანდათან გამოფხიზლდა, და როგორც წინა პარაგრაფებში აღინიშნა – გამოვიდა მისთვის უკვე არასასურველ სომხურ-ქალკედონური ეკლესიის წიაღიდან და დაუბრუნდა ქართული ეკლესიის სამწყსოს. ასეთ წრეს განეკუთვნებოდა არა მხოლოდ ფერის ჯოჯიკის ძე, არამედ იქაური აზნაურების უდიდესი ნაწილი.

შესაძლებელი იყო თუ არა კარინი, ბასიანი და ტაო ქართველთა ძველი საცხოვრისი ყოფილიყო?

როგორც მრავალჯერ აღინიშნა კარინი, ბასიანი და მიმდებარე მხარეები მხოლოდ ქრისტემდე 189-160 წლებში მიიტაცა იბერიიდან არმენიამ. ამიტომ მისი მკვიდრი მოსახლეობა კვლავ იბერიული ანუ ქართული დარჩა დიდხანს. ეს ჩანს სხვადასხვა საუკუნეთა პოლიტიკური ვითარების ანალიზითაც.

I-II საუკუნეებში, იმდენად გაძლიერდა იბერიის სახელმწიფო, რომ არმენიის მეფეთა ტახტზეც კი იბერიელ უფლისწულებს სვამდენ, არმენიის სამეფო ტახტი იმჟამად კარინ-ბასიანის სამხრეთით მდებარეობდა, ანუ კარინ-ბასიანის ქვეყანის ქართველობას ზურგს კვლავ უმაგრებდა პოლიტიკურად ძლიერი იბერია.

IV ს-ში, როგორც წყარო წერს, გაიზარდა იბერიის საზღვარი და გუგარქი დაუბრუნდა დედა სამშობლოს ანუ იბერიას. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალი იბრძოდა ტრაპეზუნტ-კარინის მხარეს, VI საუკუნეში არმენია კვლავ გაძლიერდა კარინ-ბასიანში, ასე გაგრძელდა არაბობის დროსაც, მაგრამ ამ ეპოქაში მკვიდრი ქართველობა თანდათან გამოფხიზლდა ეკლესიურად, რის გამოც ხალხი მასიურად დაუბრუნდა დედა ქართულ ეკლესიას, ეს იყო სწორედ პოლიტიკური საფუძველი იმისა, რომ ტაოს სამეფომ დავით კურაპალატის დროს მიიერთა ეს მიწა-წყალი და არა ბიზანტიის იმპერატორის გადაწყვეტილება, როგორც ა. ლასტივერტეცი ამბობს ,,ძღვნად მიეცა ერთგული მორჩილებისათვის” (ა. ლასტივერტეცი, გვ. 50). ცხადია, პოლიტიკური მნიშვნელობით, ეს იყო ძღვენი, მაგრამ ეს ძღვენი ანუ საჩუქარი იყო არა უცხო, აჯანყებული მხარე, არამედ იმ ხალხით დასახლებული ქვეყანა, რომელიც ნატრობდა ქართულ სამყაროში დაბრუნებას და ამიტომ, ხელს უწყობდა ქართველთა სახელმწიფოებრივი გაძლიერების საქმეს.

ეს იქიდანაც ჩანს, რომ, როცა შემდეგში ეს მხარეები ბიზანტიამ კვლავ ჩამოაშორა საქართველოს (ქართულ პოლიტიკურ სამყაროს), დაიწყო იქაური მკვიდრი დიდებულ-აზნაურების მუდმივი აჯანყებები ბიზანტიის წინააღმდეგ, ერთ-ერთი გამოხატულება იყო აჯანყებანი ფერის ჯოჯიკის ძისა, ქართველთა მთავრისა.

არა მხოლოდ კარინ-ბასიანის დიდებულ-აზნაურები იბრძოდნენ და ცოლ-შვილს სწირავდნენ ბიზანტიის წინააღმდეგ, რათა თავიანთი ქვეყნები უკანვე დაებრუნებიათ ქართულ სამყაროსათვის, არამედ საეკლესიო პირებიც, ერთ-ერთ ადგილობრივთაგანი იყო ვალაშკერტელი ქართველი ეპისკოპოსი ზაქარია. ქალაქი ვალაშკერტი ანუ სომხურად ვაღარშაკერტი, როგორც აღინიშნა, მდებარეობდა ბიზანტია-სპარსეთის დამაკავშირებელ დიდ საერთაშორისო – სავაჭრო გზაზე, ბასიანის საზღვართან ახლოს, შესაბამისად, როგორც საერთოდ ბასიანი, ისიც მკვიდრი ქართველებით იყო დასახლებული, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, ისინი იყვნენ იმ ძველი ქართული ტომების შთამომავლები, რომელთა წინაპრებიც ამ ადგილებში ნახა ჯერ კიდევ ქსენოფონტემ, შემდეგ კი მათი მიწა-წყალი შეიერთა არმენიამ, მიუხედავად ამ შეერთებისა, მათი არმენიზაციის პროცესი დასრულებული არ იყო, სომხური ეკლესიის მრევლად ყოფნის დროსაც მათ შენარჩუნებული ჰქონდათ ქართული იდენტობა, ეს კარგად გამოჩნდა არაბობის შემდეგ, როცა სომხური სულიერ-პოლიტიკური უღელი შესუსტდა. ამ პროცესის შედეგად გამოფხიზლებული, სულიერად გათავისუფლებული ქართველობა დაუბრუნდა დედა-ქართული ეკლესიის წიაღს, რაც იმით გამოიხატა, რომ კარინსა, ვალაშკერტსა თუ ანისში უამრავი ქართული ეკლესია ამოქმედდა, დაარსდა ქართული საეპისკოპოსოები. ვალაშკერტი აირარატში მდებარეობდა ბაგრევანდის გავარში.

აირარატის ოლქში წინა საუკუნეებშიც ქართული მოსახლეობის ცხოვრების ანარეკლი შეიძლება იყოს ფაქტი იმისა, რომ VI ს. ბოლოსა და VII ს. დასაწყისში აირარატის ოლქის საეკლესიო ზედამხედველი ყოფილა ქართველი ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც შემდგომ მცხეთის კათალიკოსი გახდა. სავარაუდოა, რომ მისი მრევლის ერთი ნაწილის ეთნიკურმა ქართველობამ განსაზღვრა ალბათ აირარატის ოლქში მისი სასულიერო მმართველად დადგენა. ჩრდილო სომხეთი, რომელსაც მივაკუთვნებთ ჩვენ აირარატსაც, საერთოდ ქართული წარმომავლობის ქვეყანა იყო, და მხოლოდ ტიგრან დიდის დროს იქნა ის ათვისებული არმენიელების მიერ.

ნ. ადონცი, სამართლიანად წერს, რომ არმენიელი ხალხი ჩამოყალიბდა ორი ხალხის ურთიერთშერევის შედეგად, ესენი ყოფილან სემიტური წარმოშობის ,,არმას” ტომი სამხრეთით და ქართული წარმოშობის ტომები ჩრდილოეთით. ჩანს, ჩრდილო არმენიაში მცხოვრები მკვიდრი იბერების არმენიზაცია ანუ შერევა სომხებთან ნელი პროცესი იყო, ამიტომაც, იბერები I ათასწლეულშიც ინარჩუნებდნენ თავის იდენტობას, რომელიც უფრო წარმოჩნდა დავით კურაპალატის ეპოქის შემდგომ პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესების შედეგად, ამიტომაც ასეთი წარმოშობის პირები გამოდიოდნენ სომხურ-ქალკედონური ეკლესიის დაქვემდებარებიდან და უბრუნდებოდნენ ქართულს. მაშასადამე, ამ პროცესს წარმართავდა არა მათი ე.წ. “ქართიზაცია”, არამედ მათი შინაგანი ეროვნულ-ქართული იდენტობის აღორძინება.

ა. ლასტივერტეცის ბასიანის ვრცელი ქვეყნის მოსახლეობას ქართველებად აღიქვამს. მაგალითად ბასიანის გავარში ძველი დაბა-ქალაქი ოკომი ა. ლასტივერტეცის თანახმად ქართულია. 1021 წელს იმპერატორი ბასილი II დიდი ჯარით შემოვიდა კარინის ქვეყანაში ქართველთა ქვეყნის ხელში ასაღებად, თავდაპირველად ელჩი გაუგზავნა საქართველოს მეფე გიორგი I-ს. ეს ელჩი იყო ,,ქართველი ეპისკოპოსი რომელიც ქალაქ ვაღარშაკერტში იჯდა, შეეგება მეფეს (ე.ი. იმპერატორს) და დააიმედა იგი, რომ როგორც კი ეკეღეაცში (ე.ი. ეკელეცში) ან კარინში ამოხვალ გიორგი შენ გეახლებაო. მეფემ დაიჯერა ეპისკოპოსის სიტყვები და დარჩა გიორგის მოსვლის მოლოდინში, ხოლო გიორგიმ ვერ გაბედა წასულიყო მეფის დაძახილზე… როცა ჩაიშალა ელჩობა, მეფე ძლიერ განრისხდა და ბრძანა ცეცხლით, მახვილითა და ტყვეობით გაენადგურებინათ დიდი დაბა-ქალაქი ოკომი და მის გარშემო მდებარე სოფლები, აოხრდა მიწის სავარგულები, ბრძანა ტყვეები წაეყვანათ ქალდიის გავარში, თვითონ კი ბასიანისაკენ გაემართა და მიაღწია ვანანდის გავარს, ხოლო გიორგიმ მიაღწია ქალაქ უხტიქს (ე.ი. ოლთისს) უბრძანა ჯარებს დაეწვათ ლამაზი ნაგებობები, იავარეყოთ მათი საქონელი, მაგრამ ხალხისათვის ვნება არ მიეყენებინათ (!), ეს რომ შეიტყო მეფემ უფრო განრისხდა… ქვეყნის ოთხივე მხარეს ჯარი გაგზავნა, მარბიელი მოჰფინა, მკაცრი ბრძანებით მოითხოვა არ დაენდოთ არც მოხუცი და არც ახალგაზრდა, არც ყრმა, არც სრულასაკოვანი, არც კაცი, არც ქალი და საერთოდ არც ერთი ასაკისა. ამგვარად მან დაანგრია და ააოხრა თორმეტი გავარი… ვფიქრობ, ყოველივე ეს თავს გადახდათ (!) ნაცვლად იმისა, რომ მათ (!) მოგლიჯეს წმიდა კათოლიკე ეკლესიის კარიდან სამეფო ნიშნის მქონე ჯვრის ლურსმნები და შეურაცხმყოფელად გაიძახოდნენ – ცხენებისათვის ნალი უნდა გავაკეთოთო. ასე სამართლიანად მათ (!) თავს დაატყდათ უბედურება, რაც საზარელ სანახაობას ქმნის… ძუძუმწოვარა ყრმებს, ზოგს დედის მკერდიდან გლეჯდნენ და ქვებს ურტყამდნენ, ნაწილს კი დედის მკერდზე აკლავდნენ შუბით… ცხენის ჩლიქებში აგდებდნენ… გაუკაცრიელდა კეთილმოწყობილი ქვეყანა” (ა. ლასტივერტეცი, ისტორია, 1974, გვ. 47). ა. ლასტივერტეცის ცნობიდან ძალზე კარგად ჩანს, რომ ბასიანის, თუ ვანანდის მოსახლეობა ქართულია რადგანაც ისინი, მისი სიტყვით, სამართლიანად დაისაჯნენ ანისის ეკლესიის ჯვრის შეურაცხყოფისათვის, ანისის სომხური ეკლესიის ჯვარი ქართველებმა შეურაცხყვეს, რისთვისაც მწარედ დაისაჯნენ. ეს “სამართლიანად” დასჯილები კი ოკომისა და მიმდებარე 12 გავარის მცხოვრებნი იყვნენ. ანუ ოკომის და არა მხოლოდ ერთი სოფლის, არამედ 12 გავარის მოსახლეობა ქართულია, აქ უპირველესად იგულისხმება კარინ-ტაო-ბასიან-ვანანდის დასჯილი ქართველობა. ასე აღწერს ისტორიკოსი.

 

საეკლესიო იურისდიქციათა ცვლილება (XI ს.)

ივანე ჯავახიშვილის მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ ივერიის ანუ იბერიის თემი, ვითარცა ბიზანტიური ადმინისტრაციული ერთეული დააარსა იმპერატორმა კონსტანტინემ, რომელიც რომანოზის შემდეგ მეფობდა.

,,ბაგრატ IV-ის თანამედროვე კეისარმა კონსტანტინემ ბიზანტია-საქართველოს საზღვრებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია და დაუცხრომლად ცდილობდა თანდათანობით როგორმე გამოეგლიჯა საქართველოსათვის მონაპირე ქვეყნები. მან დააარსა ივერიის თემი – საკატეპანო, რომელიც თავდაპირველად დავით კურაპალატის სამფლობელოსაგან შედგებოდა, მაგრამ მერე სხვა მიწებიც მიემატა” (ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი, ტ. II, 1983, გვ. 137).

ამ მომენტიდან, თუ უფრო ადრედან არა, მთლიანად შეიცვალა საეკლესიო იურისდიქციაც. კერძოდ, ბიზანტიური ადმინისტრაციული ერთეულის ივერიის თემიის დაარსება თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ ამ მიწაზე ქართული ეკლესიის ადგილს იჭერდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. მაშასადამე, ვალაშკერტის ან ბანას ქართული სამამამთავრო უკვე ეკლესიურად აღარ იყო უფლებამოსილი ივერიის თემის მიწა-წყალზე, მის ადგილს ახლა დაიჭერდა კონსტანტინოპოლის რომელიმე სამიტროპოლიტო.

ივერიის თემი, როგორც აღინიშნა მოიცავდა დავით კურაპალატის სამფლობელოებს, კერძოდ, იმიერ ტაოს, ბასიანს, მის მიმდებარე ვრცელ ქვეყნებს ვიდრე ვანის ტბამდე, მათ შორის ვალაშკერტსაც, დასავლეთით კი ალბათ არზრუმსაც. ამ მიწა-წყალზე მართლაც მრავალი ქალკედონური საეპისკოპოსო იყო, რომელნიც კონსტანტინოპოლმა დაუქვემდებარა ,,ლაზიკის ეპარქიას”.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის ცენტრი ტრაპეზუნტი იყო, ახლა მისი საზღვრები გაიზარდა, მოიცვა იბერიის თემიც, ანუ ვრცელი მიწა-წყალი ვიდრე ვანის ტბამდე.

იმერ ტაოს ტერიტორიების მეტი წილი ,,იბერიის თემში” შევიდა, შესაბამისად გამოიყვანეს ქართული ეკლესიის იურისდიქციიდან და დაუქვემდებარეს კონსტანტინოპოლის პატრიარქს.

იბერიის თემის ჩამოყალიბებამ შეცვალა ბიზანტიური იურისდიქცია, კერძოდ ეს ახალი ადმინისტრაციული ერთეული ეკლესიურად გადაუციათ ლაზიკის ეპარქიისათვის, ანუ ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოსათვის. შესაბამისად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიაში შევიდა ვრცელი მიწა-წყალი მრავალი საეპისკოპოსოთი ვანის ტბის მიმართულებით, იქამდე ისინი, ჩვენი კვლევის თანახმად შედიოდა ქართულ სამამამთავროში.

 

“იბერიის თემი” და ვალაშკერტის სამამამთავრო (XI ს.)

ქართველი მღვდელმთავრები, ეპისკოპოსები და თვით კათალიკოს-მამამთავრებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ბიზანტია-საქართველოს ომისას მხარეთა დასაზავებლად.

1021 წელს ტრაპეზუნტში გამოსაზამთრებლად დაბანაკებულმა ბასილიმ და საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტეს დაზავება, კერძოდ გიორგი I დათანხმდა დაეთმო დავით III-ის სრული მემკვიდრეობა.

ზავის გარანტიად ბასილიმ აირჩია საქართველოს ეკლესიის მეთაურები.

ამიტომაც მან გიორგი I-ის ელჩებს თან გააყოლა თავისი წარმომადგენლები, რათა მათი თანდასწრებით ქართველთა ეკლესიის მეთაურებს პირობა ჩამოერთმიათ გიორგი I-ისათვის, რომ ის აღარ იბძროლებდა დავით კურაპალატის მემკვიდრეობისათვის.

მალევე ბასილი II-ის წინააღმდეგ ბიზანტიაში მოეწყო დიდი აჯანყება ბარდა ფოკას შვილის ნიკიფორესა და ანატოლიის მმართველ ქსიფეს მეთაურობით. საქართველოს მთავრობა მიემხრო აჯანყებულებს, მაშასადამე მიღწეული ზავი დაირღვა.

ზავის გარანტორი ქართული ეკლესია იყო, ამიტომაც ბასილი II აღარ ენდობოდა ქართულ მხარეს. მითუმეტეს, რომ უფრო ადრე, იბერიაში შემოსვლის წინ არისტაკე ლასტივერტეცის თქმით კეისარმა მეფე გიორგისთან გააგზავნა ვალაშკერტელი ქართველი ეპისკოპოსი ზაქარია, წინადადებით, ხელი აეღო დავით III-ის მემკვიდრეობაზე – ,,ტკბილი სიტყვებით წერდა მას, რომ რაც მემკვიდრეობით შენი არაა, ხელი აიღე იმაზე, ნუ დამიბრკოლებ გზას სპარსეთისკენო”, როგორც ითქვა ბიზანტია-სპარსეთის ერთ-ერთი უმთავრესი გზა გადიოდა ტაო-ქვემო იბერიის იმ მიწებზე, რომელსაც დავით III-ის მემკვიდრეობა დაერქვა.

ბიზანტია-აღმოსავლეთის ომების დროს აღნიშნული ე.წ. “სპარსული გზის” კონტროლი თვითონ სურდა ბასილი II-ს და არ სურდა ეს გზა ქართველთა ხელში ყოფილიყო.

ვალაშკერტელმა ეპისკოპოსმა ზაქარიამ დაარწმუნა მეფე გიორგი I დათანხმებოდა ბასილის მოთხოვნებს, ჩამოართვა მეფეს ხელწერილი, რომ ის უთმობდა ბასილს თავისი წინაპრის დავით კურაპალატის მემკვიდრეობას და სიხარულით წავიდა იმპერატორთან, მაგრამ გზაში მას დაეწია მეფე გიორგის მალემსრბოლი და მოითხოვა წერილის უკან დაბრუნება.

ხელმოცარული ზაქარია ვალაშკერტელი ეპისკოპოსი არც იმპერატორმა შეიწყნარა, პირიქით, ცილიც დასწამა, თითქოს ის აჯანყებულებს ემხრობოდა. საბოლოოდ კი ნაწყენმა ბასილ მეორემ დასაჯა ქართველი ეპისკოპოსი იმით, რომ ჩამოაცილა ვალაშკერტის კათედრას, თავის ქვეყანას და საცხოვრებლად კონსტანტინოპოლში გაამგზავრა. ლასტივერტეცის ცნობით თითქოსდა ზაქარიას იმპერატორის ბრძანებით ენაც ამოგლიჯეს, სხვა ცნობით კი ზაქარიას ენა მოკვეთეს არა 1021 წელს, არამედ შემდეგ, დაახლოებით 1025 წელს სხვა აჯანყებაში მონაწილეობის გამო.

გარდა ბასილისა, არც სხვა იმპერატორები სწყალობდნენ იმჟამად ქართულ ეკლესიას, მაგალითად, იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით 1027 (1028) წელს იმპერიის ლაშქარმა მოარბია სამხრეთ იბერიის ქვეყანა და ზოგადად დიდი საფრთხე შეუქმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობას (იმჟამად, მემატიანეს სიტყვით ,,განდგეს კვალად აზნაურნი და წარვიდეს იგინი საბერძნეთს” ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის დიდებულებისა და აზნაურების ერთმა ნაწილმა ბიზანტიის სახელმწიფოს გადასცეს თავიანთი საკუთარი მამულები და მიწა-წყალი, აგრეთვე საკუთარი ციხე-სიმაგრეები და რომელთა სანაცვლოდაც იმპერიაში მიიღეს სხვა მიწა-წყალი და სასახლეები, ასე რომ ქვეყნის შუა გულშიც ბიზანტიის იმპერიას სამართლებრივად გაუჩნდა საკუთარი მიწა-წყალი, მამულები და ციხე-სიმაგრეები. სუმბატ დავითის ძის ცნობით ბიზანტიელებს წვრილი ერის ერთი ნაწილიც, ანუ გლეხობაც მიმხრობია, ხოლო საქართველოს მეფემ თავისი ლაშქარი მოარიდა მტერს), ასეთ დროს ქვეყნის დაცვის წმინდა საქმე თავის ხელში აიღო ქართულმა ეკლესიამ, კერძოდ შავშეთის ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა და მეორე ეპისკოპოსმა, ასევე ძალზე სახელოვანი კათედრის მღვდელმთავარმა ეზრა ანჩელმა. მათ თავის ხელში აიღეს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის საქმე, ააშენეს დიდი ციხე-სიმაგრე, რომელიც გახდა ქვეყნის თავდაცვის ცენტრი და მართლაც ღვთის შეწევნით შეიძლება ითქვას მოხდა ნამდვილი სასწაულებრივი მოვლენა – ბიზანტიის ლაშქარმა და მათმა მეთაურმა ნიკიტა პარაკიმანოსმა, რომელსაც კონსტანტინე კეისრის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა, ვერ შეძლეს ქართველი ეპისკოპოსების მიერ მოწყობილი თავდაცვითი ხაზის გარღვევა.

მტერმა ვერ დაიმორჩილა ,,სვეტი”, ანუ როგორც აღვნიშნეთ, ვერ შეძლეს ეპისკოპოსების მიერ აღმართული ციხე-სიმაგრის დამორჩილება.

სუმბატ დავითის ძე წერს, რომ სვეტსა მას შინა მყოფნი ,,ვითარცა ერთგულნი და ჭეშმარიტნი მარტვილნი საღმრთონი თავთა თვისთა განწირვიდეს და სისხლთა დასთხევდეს სიტყვისაებრ მოციქულთასა და განძლიერდებოდეს”.

საბა მტბევარი ასე ამხნევებდა თავის მებრძოლებს ,,ნუმცა შეგვიტყუებენ ჩვენ ლიქნანი ესე და საფასენი მსწრაფლწარმავალნი, არამედ მოვიგოთ მადლი ერთგულებისა და გვირგვინი ახოვანებისა”. აქედან ჩანს, რომ არა თუ უბრალო მებრძოლებსა და ,,წვრილ ერს”, არამედ თვითონ ეპისკოპოსებსაც კი ციხის გარშემო მდგარი ბიზანტიელი აგენტები პირდებოდნენ დიდ სიმდიდრეს ღალატის სანაცვლოდ, ისევე როგორც ზემოთ ხსენებული აზნაურები და დიდებულები მოხიბლეს ბიზანტიაში ქონების მიცემით.

საბედნიეროდ, ამჯერად ქართულმა ეკლესიამ გაიმარჯვა და ბიზანტიელები იძულებულები გახდნენ დაეთმოთ. ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა ჯერ ბასილი კეისარი, შემდეგ კი კონსტანტინე VIII და საერთოდ ბიზანტიური მთავრობა განაწყო ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, რაც გამოიხატა ქართული მონასტრების ბერების დევნით ბიზანტიის იმპერიაში XI ს. I ნახევარში.

ქართული ეკლესია და ქართული სასულიერო პირები განსაკუთრებულად იდევნებოდნენ ბიზანტიის მიერ დაპყრობილ დავით III კურაპალატის ეგრეთწოდებულ სამემკვიდრეო მიწა-წყალზე, ანუ არზრუმიდან ვიდრე ვანის ტბამდე, ამის მაგალითია ზაქარია ვალაშკერტელი ეპისკოპოსის დევნა და ამის მაგალითი უნდა იყოს ასევე ბანელი ეპისკოპოსი იოვანეს საბერძნეთში წასვლა. ბანელი ეპისკოპოს იოვანეს ბიზანტიაში მიწვევა ემსგავსება XIX ს.-ში ქართლის კათალიკოსის ანტონ II-ს რუსეთში მიწვევას და გადასახლებას.

როგორც აღინიშნა, XI საუკუნის 20-იან წლებში ბიზანტიელებმა დავით კურაპალატის სამემკვიდრო მიწა-წყალზე, მისი დაპყრობის შემდეგ, დააარსეს იბერიის თემი.

იქამდე, როგორც ცნობილი არის, ტაოში, და მის ხელდებულ მიწებზე, არსებობდა ქართული სამრევლოები, ქართული მონასტრები და ქართული საეპისკოპოსოები – ამიერ ტაოში ბანას ცნობილი სამღვდელმთავრო კათედრა, იმიერ ტაოს სამეფოში, როგორც ჩანს, მსგავსი ღირსებისა და დიდებულების მქონე ქართული სამღვდელმთავრო კათედრა იყო ქალაქ ვალაშკერტში.

ქალაქი ვალაშკერტი (თანამედროვე ელაშკერტი) მდებარეობდა ბასიანის საზღვართან ახლოს, ერთ-ერთ უმთავრეს საერთაშორისო სავაჭრო გზაზე, უფრო მეტიც ამ ქალაქთან იკვრებოდა სავაჭრო გზების კვანძი. ქ. ვალაშკერტში, მაგალითად დაიბანაკა დავით კურაპალატმა, როდესაც ის ვანის ტბისაკენ გაემგზავრა მანასკერტისა და არჭეშის გასათავისუფლებლად მაჰმადიანთა ბატონობისაგან.

ვალაშკეტელი ეპისკოპოსი ზაქარია ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე იყო. როგორც აღვნიშნეთ, ის 1021 წელს ბასილი II-მ გააგზავნა გიორგი I-თან მოსალაპარაკებლად.

წყაროებში საკმაოდ ხშირად ვალაშკერტელ ეპისკოპოსს ეწოდება ასევე მამათმთავარი. ის ასევე ყოფილა ბანელი სვინგელოზი.

მამათმთავარი, საეკლესიო სამართლის ტერმინია და არის შესატყვისი სიტყვისა პატრიარქი.

“მამათმთავარის” მაღალი სასულიერო წოდება ტაოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შემთხვევაში, ჩანს, გულისხმობდა სამიტროპოლიტო ოლქის მეთაურობას.

როგორც ვიცით სამიტროპოლიტო ოლქის მეთაურს, ანუ მიტროპოლიტს თავის ხელქვევით ჰყავდა ეპისკოპოსები, რომელთა კურთხევის უფლებაც მას ჰქონდა. ასეთი იყო პირველქრისტიანული ეკლესიის მოწყობის წესი.

ასეთი გაგებით საქართველოს საპატრიარქოში, ძირითადათ, ორი სამიტროპოლიტო ოლქი არსებობდა: ქართლის საკათალიკოსო და აფხაზეთის საკათალიკოსო, ოღონდ მათ მეთაურებს არა მიტროპოლიტი, ანდა არქიეპისკოპოსი, არამედ კათალიკოსი (საყოველთაო ეპისკოპოსი) ეწოდებოდა.

IX-X სს.-ში, საქართველოს ეკლესიის საზღვრების ზრდის კვალდაკვალ, ახალწარმოქმნილ ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულებში ქართული სამიტროპოლიტო ოლქებიც ყალიბდებოდა მაგალითად ერთი ასეთი იყო აფხაზეთის საკათალიკოსო – თავისთავადი ქართული საეკლესიო-ადმინისტრაციული ერთეული, როგორც ჩანს XIV-XV საუკუნეებში ჩრდილო კავკასიაში დაღესტანში ჩამოყალიბებულა მეორე ასეთი საეკლესიო ერთეული ხუნძეთის საკათალიკოსო, მოღწეულია მისი მეთაურის სახელი – “ხუნძელი კათალიკოსი ოქროპირი”. როგორც ჩანს მას დაქვემდებარებაში საკუთარი საეპისკოპოსოებიც ჰყავდა, ალბათ წახურისა, ჭარ-ფიფინეთისა და სხვა, ანუ ხუნძეთის საკათალიკოსო, აფხაზეთის საკათალიკოსოს მსგავსად წარმოადგენდა ბერძნული გაგებით სამიტროპოლიტო ოლქს.

ჩვენ გამოვთქვამთ თვალსაზრისს, რომ შესაძლოა დავით III კურაპალატის ვრცლად გადაშლილ მიწა-წყალზე ოლთისიდან არზრუმამდე და ვანის ტბამდე ვითარცა დამოუკიდებელ სამეფოში ჩამოყალიბდა ახალი ქართული საეკლესიო ერთეული, სამიტროპოლიტო ოლქის სტატუსის მქონე, ისეთივე როგორებიც იქამდეც იყვნენ, ვთქვათ ქართლის საკათალიკოსო, ანდა აფხაზეთის საკათალიკოსო, ხოლო ამ ახალი სამიტროპოლიტო ოლქის მეთაურს გააჩნდა არა წოდება კათალიკოსისა, არამედ მამათმთავრისა.

ჩვენ ვფიქრობთ, – ასეთი ხანმოკლე რომ არ ყოფილიყო დავით კურაპალატის სამხრეთ ტაოს სამეფოს არსებობა, აღნიშნული ქართული სამიტროპოლიტო ოლქი არზრუმიდან ვანის ტბამდე ალბათ რეალურ სახეს მიიღებდა, მაგრამ როგორც ჩანს მისი არსებობა გაგრძელდა სულ რამდენიმე წელი და ზაქარია ვალაშკერტელთან ერთად გაქრა ასპარეზიდან.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, როგორც ვთქვით, შემდეგ ბიზანტიური “იბერიის თემი” ჩამოყალიბდა, რომლის მართლმადიდებლური საეპისკოპოსოები ბიზანტიამ შეუერთა ლაზიკის, ანუ ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტო ოლქს.

ალბათ, იბერიის თემის დაარსებამდე ატარებდა ზაქარია ვალაშკერტელი მამათმთავრის ტიტულს ე.ი XI ს. 20-25-იან წლებამდე.

ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილ და ზაქარია ვალაშკეტელისათვის გადაწერილ ერთ სჯულისკანონის მინაწერებში იკითხება ,,უფალო იესო ქრისტე ადიდე წმიდა მამათმთავარი ზაქარია ვალაშკერტელი”, და ,,ღმერთო ადიდე ზაქარია მამათმთავარი აქა და საუკუნესა” (თ. ჟორდანია. ქრონიკები, ტ. I, გვ. 155). თ. ჟორდანიას ცნობით ყოფილა ასევე სხვა წიგნის მინაწერი ,,ქრისტე ადიდე ორთავე შინა ცხოვრებათა ზაქარია მამათმთავარი, ბანაელი სვინგელოზი” და აღნიშნავს, რომ ზაქარია ვალაშკერტელი უნდა გამდხარიყოს ბანელ სვინგელოზადო. ვ. კოპალიანი წერს ,,თუ ზაქარია ვალაშკერტელი იყო მაშინ როცა მას ენა მოჰკვეთეს, ამის შემდეგ ის ბანელი სვინგელოზი ვერ გახდებოდა. როგორც ჩანს ზაქარიას ენა მოჰკვეთეს არა 1021 წელს, არამედ 1025 წელს, რადგანაც სკილიცე ზაქარიას 1025 წლის შეთქმულების მონაწილედ, და ამის გამო დასჯილად თვლის (ვ. კოპალიანი, დასახ. ნაშრ. გვ. 115). შესაძლოა 1021 წლამდე ვალაშკერტელი ზაქარია 1025 წლამდე ბანელი სვინგელოზი გახდა, ალბათ კონსტანტინეპოლში მისცეს მას ეს საპატიო წოდება მას შემდეგ რაც იოვანე ბანელმა ეპისკოპოსმა ბანას კათედრა დატოვა.

ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ვ. კოპალიანის მოსაზრება – ,,შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ზაქარია არა საქართველოს სამეფოში შემავალი საეკლესიო ობიექტის მამათმთავარი არამედ, ქართული პროვინციის, მაგრამ ბიზანტიის იმპერიის მიერ დაპყრობილი რომელიღაც საეკლესიო ცენტრისა და მისი მრევლის მამათმთავარია” (ვ. კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, 1969, გვ. 116).

ჩვენი თვალსაზრისით ზაქარია იყო მამათმთავარი დავით კურაპალატის სამეფოს მართლმადიდებელი მრევლისა, ხოლო მას შემდეგ რაც 1001 წელს ეს სამეფო დაიპყრო ბიზანტიამ, ბიზანტია ერთ ხანს კიდევ ითმენდა ამ დაპყრობილ ქვეყანაში ამ ქართული საეკლესიო ოლქის არსებობას, თუმცა კი მისი მამათმთავარი კონსტანტინეპოლში იყო გადასახლებული, ხოლო 1025 წლიდან ზაქარიას დასჯის შემდეგ ქართული სამიტროპოლიტო ოლქი გაუქმდა და იბერიის თემის მართლმადიდებელი მრევლი გადაეცა ტრაპეზუნტის, ანუ ლაზიკის მიტროპოლიტს.

ამ გადაცემამდე, ანუ 1001 წლიდან 1025 წლამდე თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ბიზანტიაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები ყოველი ღონისძიებით თავდადებული შრომით ცდილობდნენ როგორმე შეენარჩუნებინათ ტაოს ყოფილ ტერიტორიაზე ეკლესიის ქართულენოვნება, რათა აღნიშნული მიწა-წყლის ეკლესიებსა და საეპისკოპოსო კათედრებში წირვა-ლოცვა ყოფილიყო კვლავ ქართულენოვანი. როგორც ჩანს ბერძენთა მხრიდან ეს წამოწყება დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა, ბერძნებს არ შეეძლოთ პირდაპირი უარით ქართველი მრევლისათვის ქართულენოვანი წირვა-ლოცვის აკრძალვა, ამიტომაც ეძებდნენ საბაბს. გამოჩენილან ,,მაყვედრებლები”, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ქართული წმინდა წერილი არ იყო სწორად თარგმნილი, რომ მას რაღაც მონოფიზიტური ბიწი გააჩნდა, რადგანაც სომხური რედაქციებიდან იყო თარგმნილი. გიორგი მცირე აღნიშნავს კიდეც, რომ ქართული საეკლესიო ლიტერატურის ნაწილი ნამდვილად იყო თარგმნილი სომხურიდან.

გიორგი მცირის სიტყვით, ამ ბრალდებათა გამო, ივერთა მონასტერში, ათონის წმინდა მთაზე, ექვთიმე მთაწმინდელმა წამოიწყო დიდი შრომა, რათა ქართული წმინდა წიგნები შეეჯერებინათ და გაესწორებინათ იმჟამად მიღებული ბერძნული რედაქციების მიხედვით. ამ შრომას ეწეოდა რადენიმე თაობა, მაგრამ, პირველი, ექვთიმე მთაწმიდელისა და ზაქარია ვალაშკერტელის თაობის შემართება ამ მხრივ გასაოცარი იყო.

საბოლოოდ მაინც, სამხრეთ ტაოს ქართული სამეფო იქცა ბერძნულ ,,იბერიის თემად”, საიდანაც გაძევებული იქმნა ქართული საეკლესიო იერარქია და ის ეკლესიურად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის ნაწილად იქცა.

ზაქარია მამათმთავარი აქტიურად თანამშრომლობდა ათონის მთის მთარგმნელ მამებთან, რათა თავის ეპარქიის მრევლისათვის “უბიწო” ქართულენოვანი ლიტურგიკული ლიტერაურა შეეთავაზებინა, რომ ამით ბერძენ “მაბრალობელთა” გული მოეგო, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო მისი შრომა ამაო აღმოჩნდა, მის მრევლს ქართულის ნაცვლად ბერძნულენოვანი წირვა-ლოცვა დაუწესეს.

ჩანს, ჩრდილო ტაოს უმთავრესი საეკლესიო ცენტრი ბანაც იბერიის თემმა შეიერთა.

ამ დიდი საეკლესიო მარცხის შემდეგაც, როცა ქართველმა მამებმა ვერ შეძლეს “იბერიის თემში” ქართულენოვანი ეპარქიის შენარჩუნება (თუნდაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში), ისინი უკვე იღვწოდნენ რათა დანარჩენი საქართველოს მრევლს მაინც შეენარჩუნებინა ეროვნულ-ეკლესიური თავისთავადობა.

უნდა ითქვას, რომ XI ს. 20-50-იანი წლებში ქართული ეკლესიის თავდადებული ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის მტრულად განაწყობდა ბიზანტიის სახელმწიფო და საეკლესიო ცენტრებს ქართული ეკლესიის მიმართ. მართლაც მთელ ბიზანტიის იმპერიაში დაწყებული დევნა ქართული სასულიერო პირებისა და მონასტრებისა გაგრძელდა 1054-1057 წლებამდე და ძირითადად შეწყდა ბაგრატ IV-ს კონსტანტინეპოლში ჩასვლის და მოლაპარაკებათა დამთავრების შემდეგ.

 

“იბერიის თემის” ქართულენოვანი ეპარქია (XI ს.)

საეკლესიო იურისდიქცია, როგორც წესი, ასახავს პოლიტიკურ ცვლილებას, კერძოდ ბიზანტიის მიერ ტაოს სამეფოს გაუქმებამ და მისი ტერიტორიების ბიზანტიის იმპერიაში შეყვანამ იურისდიქცია მკვეთრად შეცვალა.

იქამდე ტაოს ქართული ეპარქია თავისი ქართულენოვანი საეპისკოპოსო კათედრებითა და მონასტრებით ბრწყინავდა მთელ ქართულ სამყაროში, მაგრამ, მას შემდეგ რაც ქართველთა სამეფო გააუქმა ბიზანტიის იმპერიამ, ხოლო მის ტერიტორიაზე თავისი ადმინისტრაციული ერთეული “იბერიის თემი” დააარსა, შეიცვალა საეკლესიო იურისდიქციაც.

ახლა უკვე ტაოს ყოფილ სამეფოში, რომელიც ვრცელ “იბერიის თემად” გადაიქცა, მცხეთის ადგილი კონსტანტინოპოლმა დაიჭირა.

“იბერიის თემის” ქართული ეკლესია-მონასტრები კონსტანტინოპოლის იურისდიქციას, კერძოდ ლაზიკის სამიტროპოლიტოს დაექვემდებარა.

კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში ყოფნა ცხადია ითვალისწინებდა ბერძნულენოვან წირვა-ლოცვას, მაგრამ ეს მკაცრად სავალდებულო არ იყო პირველ ეტაპზე მაინც.

როგორც მასალა მიუთითებს, “იბერიის თემის” ქართველი მამები XI საუკუნის 20-30-იან წლებში და შემდეგაც იბრძოდნენ იმისათვის, რათა ბიზანტიაში შემავალი “იბერიის თემის” ეპარქია ყოფილიყო ქართულენოვანი, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შესულ ამ მიწა-წყალზე ეკლესია-მონასტრებში ქართულენოვანი წირვა-ლოცვა ჰქონოდათ, ქართულენოვანი წიგნებით, გალობითა და სხვა წესებით.

ერთი სიტყვით, ქართველ მამებს სურდათ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს “იბერიის თემის” ეპარქია ქართულენოვანი ყოფილიყო. ამ იდეის მთავარი სულისჩამდგმელი და განმახორციელებელი იყო ვალაშკერტელი ქართველი ეპისკოპოსი ზაქარია. მართალია იგი კონსტანტინოპოლში იყო გადასახლებული იმპერატორ ბასილი II-ის მიერ, მაგრამ ჩანს ინარჩუნებდა საეკლესიო თანამდებობებსა და ხარისხებს, ის სვინგელოზად იწოდებოდა. სვინგელოზი პატრიკიოსზე უფრო მაღალი წოდება იყო და როგორც წესი ენიჭებოდა სხვებთან ერთად იბერიელ დიდგვაროვნებს (პატრიკიოსმა თორნიკე ერისთავმა ბარდა სკლიაროსთან გამარჯვების შემდეგ სვინგელოზის წოდება მიიღო), ისევე, როგორც კურაპალატობა იყო მაგისტროსზე უფრო მაღალი წოდება (მეფე დავით III ჯერ მაგისტროსად იწოდებოდა, შემდეგ კურაპალატად). ჩანს ზაქარია იბერიელი დიდგვაროვანი იყო და დაიმსახურა ეს წოდება.

ზაქარია ვალაშკერტელი კონსტანტინოპოლში დიდად იღვწოდა, რათა იბერიის თემის ეპარქია ქართულენოვანი ყოფილიყო და მან დიდ წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ XI ს. 30-იან წლებში იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულება დაბრალდა, რისთვისაც დაისაჯა.

უნდა ვიფიქროთ, რომ ზაქარია ვალაშკერტელის დასჯის შემდეგ, ე. ი. XI ს-ის 30-50-იანი წლებიდან “იბერიის თემის” ეპარქია უკვე უშუალოდ დაექვემდებარა ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოს და გაერთიანებული იქნა ლაზიკის ბერძნულენოვან ეპარქიაში. ამით “იბერიის თემის”, ასე ვთქვათ, კულტურული ავტონომიურობა გაუქმდა.

მაგრამ, ამას ძნელად ეგუებოდნენ ქართველი მამები და XI საუკუნის პირველ ნახევარში, გარდამავალ ეტაპზე, ბიზანტია-საქართველოს ზავის დადებამდე (1054-1057 წლებამდე), თავდაუზოგავად იღწოდნენ “იბერიის თემის” საეკლესიო ქართულენოვნებისათვის.

მათ წინააღმდეგ “იბერიის თემის” ბერძნულენოვნების მოსურნე ბიზანტიელ სასულიერო პირებს ნამდვილი ომი ჰქონდათ გაჩაღებული კულტურის სფეროში. კერძოდ, ბიზანტიელი მამები მოითხოვდნენ ქართულენოვანი წიგნების, წმიდა წერილის ამოღებას საეკლესიო პრაქტიკიდან, რადგანაც, მათი მტკიცებით ქართული წიგნები არასწორად იყო თარგმნილი, მიუთითებდნენ, რომ ისინი თანგმნილნი იყვნენ სომხური რედაქციების ე. ი. ბიწიერი, არასწორი, შერყვნილი ტექსტებიდან. ამის გამო, XI საუკუნის მთელი პირველი ნახევარი მიეძღვნა ქართული რედაქციების ბერძნულის მიხედვით ჩასწორებას. მთარგმნელობითი მუშაობის სათავეებთან იდგნენ ტაოელი, ზოგადად “იბერიის თემიდან” გამოსული ქართველი მამები. ბერძნულის მიხედვით თარგმნა-რედაქტირების ეს პროცესი დაიწყო განსაკუთრებით კეისარ ბასილის ტაო-ბასიანში 1001 წელს ლაშქრობის შემდეგ, რადგანაც მაშინ უკვე შეერყა ტაოს ქართულ ეპარქიას საფუძველი.

სამწუხაროდ, დიდი, გრანდიოზული შემოქმედებითი სამუშაოს შესრულების მიუხედავად ვერ მოხერხდა შენარჩუნება “იბერიის თემის” ეპარქიის ქართულენოვნებისა. მართალია, მისი ზოგიერთი ეკლესია-მონასტერი კვლავ ქართულენოვანი ტიპიკონით მოქმედებდა, მაგრამ საბოლოოდ მთლიანად “იბერიის თემის” ეპარქია ბერძნულენოვანი გახდა.

“იბერიის თემის” მიწა-წყალი, როგორც ითქვა, მიუერთეს ლაზიკის ბერძნულ ეპარქიას, რომლის სამიტროპოლიტო ცენტრი ტრაპეზუნტში მდებარეობდა. ე. ი. 1001 წლიდან 1030-იან წლებამდე ეს ეპარქია ქართულენოვანი იყო, ხოლო 30-70-იან წლებში თანდათან ბერძნულენოვნად იქცა.

იქამდე იმიერ ტაოს “ქართველთა სამეფოში” შემავალი მიწა-წყლის სასულიერო ცენტრად გამოცხადდა ქ. ვალაშკერტი (პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე, 1954, გვ. 67-68). ვალაშკერტელი ეპისკოპოსი იქცა ფაქტიურ მიტროპოლიტად, რომელიც მეთაურობდა ტაოს მიერ ახლადშემოერთებული ქვეყნების ქართულ ეკლესია-მონასტრებს, თავის მხრივ, ეს ქართული ეპარქია მცხეთას ექვემდებარებოდა უკვე X საუკუნის 70-იანი წლებიდან.

ამ ახალი, ანუ ვალაშკერტის ეპარქიის იურისდიქციაში ჩანს შედიოდა ქართველთა მიერ გათავისუფლებული მიწა-წყალი. ესენი იყვნენ ე. წ. ,,ზემონი ქვეყანანი” შესულნი ტაოს სამეფოში.

ამ ვრცელი მხარეების მკვიდრმა ქართველმა მოსახლეობამ გათავისუფლების თანავე გადაიგდო სომხური საეკლესიო უღელი და დაუბრუნდა დედაქართულ ეკლესიას, რომელსაც მოწყვეტილი იყო საუკუნეთა მანძილზე.

მათი სულიერი მამები, ეთნიკურად ასევე ქართველები, ჩანს იქამდეც, გათავისუფლებამდეც, ზრუნავდნენ, რათა მათ მრევლს არ დაეკარგა ეროვნულ-ქართული იდენტობა, თვითშემეცნება და ქალკედონური სარწმუნოება. ასე უკვე შემზადებულმა ქართულმა მრევლმა შეადგინა მთელი სისავსე ვალაშკერტის ეპარქიის მრავალრიცხვოვანი სამწყსოსი.

ეს შეუძლებელი იქნებოდა თუ არა მრევლის საოჯახო ქართულენოვნება და მათი დიდი სურვილი დაბრუნებოდნენ დედაეკლესიას. დავით კურაპალატმა მათი დიდი ხნის ოცნება აღასრულა. ისინი ქართული სახელმწიფოს მოქალაქეებად იქცნენ, მათმა სულიერმა ქართველმა მამებმა კი განაგრძეს იქამდე, დიდი ხნით ადრე დაწყებული ღვაწლი.

საუბედუროდ, ეს დიდი ეროვნულ-ეკლესიური აღტკინება უმოწყალოდ ჩაკლა ბიზანტიის ჯარმა და იმპერატორმა ბასილ II-მ, რომელიც 1001 წელს შევიდა ტაოში, დავით კურაპალატის მემკვიდრეობის მისაღებად.

1018 წელს ბასილ II მეორედ შემოიჭრა საქართველოში კიდევ უფრო დიდი ჯარით, ქართული ჯარი უკუიქცა, მტერმა კოლა-არტაან-ჯავახეთი გაანადგურა ბასიანთან და ტაოსთან ერთად. 1022 წელს დაიდო ქართველთათვის მძიმე ზავი. იმპერიაში დაიწყო ქართველი ბერების, საერთოდ ქართველების დევნა. ე. ხინთიბაძის სიტყვით, საიმპერატორო კარზე იბერთა სახელი იმპერიის ორგულ მტერთა საძულველ სახელებს შორის იხსენიებოდა

ბასილი II-ს ამ დაპყრობილ ივერიის მიწებზე შეუქმნია სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული ,,იბერიის საკატეპანო”, იგივე “იბერიის თემი”, მის ერთ-ერთ მმართველს ,,მატიანე ქართლისა” უწოდებს ,,აღმოსავლეთის კატაბანს”, რომელსაც იქამდე მძევლად წაყვანილი ყრმა ბაგრატ IV კონსტანტინოპოლიდან ამიერ ტაოში დაუბრუნებია.

“იბერიის თემში”, ზოგიერთი ისტორიკოსის თვალსაზრისით, შედიოდა – იმიერ ტაო, ჩრდილო ბასიანი, ოლთისი, თორთომი, და ასევე კოლა, არტაანი, შავშეთი, ჯავახეთი და ასევე ის ვრცელი მიწა-წყალი რომელიც შედიოდა არაქს-ევფრატის ხეობებში.

ვ. გოილაძის აზრით ამ ქვეყნების მიერთების თანავე იმპერიის ეკლესიამ თავისი იურისდიქცია გაავრცელა მათზე, ამის გამო მისი აზრით ოშკის ცნობილი ტაძარიც კი ამ პერიოდში იმპერიის ეკლესიაში შედიოდა, (ვ. გოილაძე, ბიზანტიის აღმოსავლური პოლიტიკის ასახვა ქართულ ეპიგრაფიკაში, 2008, გვ. 122).

ბიზანტიის იმპერიის ეკლესიაში შესულა დავით კურაპალატის სამეფოს მთელი ტერიტორია (იქვე, გვ. 125).

იმპერიის შემადგენლობაში ეს ქართული ტერიტორიები დარჩენილა 1001 წლიდან 1072-74 წლებამდე – თურქ სელჩუკების მიერ მათ დაპყრობამდე.

ვალაშკერტი, რომელიც იქამდე იმიერ ტაოს სამეფოს სასულიერო ცენტრი იყო – კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციას დაექვემდებარა ოშკის ტაძართან და სხვა ქართულ ეკლესია-მონასტრებთან ერთად (იხ. იქვე, გვ. 137). თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 1018 წლამდე ბიზანტიის ბატონობა ამ მიწაზე არ იყო მყარი, აქ ისევ იგრძნობოდა ქართული სახელმწიფოს ხელი.

XI საუკუნის 30-იან წლებამდე, როგორც ითქვა, ქართველი სასულიერო პირები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ბიზანტიის იმპერიაში შესული ამ მიწა-წყლის ეკლესიების ქართულენოვნება. ქართული წმიდა წერილის ხელახალმა რედაქტირებამ, ბერძნულ რედაქციებთან შედარებამ, თითქმის ნახევარი საუკუნე მოიცვა.

საბოლოოდ კი მაინც იბერიის თემის ეპარქია ბერძნულენოვანი გახდა ზოგადი თვალსაზრისით, თუმცა ეკლესია-მონასტრების არცთუ მცირე ნაწილმა შეინარჩუნა ქართულენოვნება.

დავით კურაპალატის ყოფილი სამეფოს ქართული საეპისკოპოსოების მრევლი შემდგომ საუკუნეებშიც ქართული ეკლესიის წევრად დარჩა თურქ-სელჩუკებისა და ოსმალების ბატონობის დროსაც კი, ასეთები იყვნენ არა მხოლოდ ოშკისა, ბანასა თუ ხახულის, არამედ ვალაშკერტისა და არზრუმის და სხვა ქართველი საეპისკოპსოების მრევლიც.

 

ვალაშკერტის სამამამთავრო და ლაზიკის სამიტროპოლიტო (XI ს.)

ძირითადი საეკლესიო ადმინისტრაციული ერთეულის – სამიტროპოლიტოს – მეთაურს ანუ მიტროპოლიტს, როგორც ცნობილია, თავის უშუალო დაქვემდებარებაში ჰყავს საკუთარი ეპისკოპოსები. ასეთი საეკლესიო ერთეულები საქართველოში იყო ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოები (კათალიკოსი ისეთივე საეკლესიო ხელისუფალი იყო, როგორიც ბერძნულ ეკლესიაში არის მიტროპოლიტი).

საზოგადოდ, მსოფლიო პირველქრისტიანულ ეკლესიაში სამიტროპოლიტო ოლქთა იურისდიქცია ვრცელდებოდა მის მომცველ ადგილობრივ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ერთეულებზე, ესენი იყვნენ თავის დროზე რომაული პროვინციები, შემდეგ ბიზანტიური ტერიტორიული პოლიტიკური ერთეულები.

საქართველოშიც აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქცია ვრცელდებოდა აფხაზთა სამეფოს ფარგლებში, მცხეთისა _ ძველი ქართლის სამეფოს ფარგლებში.

ვალაშკერტის სამამამთავროს, ანუ, ჩვენი თვალსაზრისით, ვალაშკერტის ე.წ. “სამიტროპოლიტო ოლქის” იურისდიქცია, ჩანს, ვრცელდებოდა იმიერ ტაოს სამეფოს ფარგლებში. ტაოს სამეფო თავდაპირველად მოიცავდა იმიერ ტაოს, შემდგომ, დავით კურაპალატის დროს მას მიუერთდა ვრცელი მიწები ე.წ. “ზემონი ქვეყანანი”, გადაჭიმული თითქმის ვანის ტბამდე, მაშასადამე, ჩვენი აზრით, სწორედ ამ მიწა-წყლის მომცველი “სამეფო” იყო ვალაშკერტის “მამამთავრის” იურისდიქციის ქვეშ. სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, საქართველოს ეკლესიაში იყო იმდენი საკათალიკოსო ერთეული, რამდენი პოლიტიკური ერთეული ანუ “სამეფოც” არსებობდა ქვეყანაში, თუმცა კახეთის სამეფოს შიგნით არსებობდა თუ არა ასეთი “სამიტროპოლიტო” ჩვენთვის უცნობია, თუმცა აქ შეიძლება იყოს გამონაკლისი, რადგანაც კახეთს თავდაპირველად ქორეპისკოპოსები მართავდნენ ვითარცა საერო-საეკლესიო ხელისუფალნი, ქორეპისკოპოსები კი მცხეთელი კათალიკოსის ხელქვეითები იყვნენ. ჩანს, კახეთის საქორეპისკოპოსო ძველი ქართლის სამეფოს საეკლესიო იურისდიქციაში იყო. აფხაზეთში ვითარცა თავისთავად სამეფოში _ საეკლესიო იურისდიქციას ადგილობრივი მიტროპოლიტი, ანუ კათალიკოსი ახორციელებდა, აფხაზეთის გარეთ მსგავსი პოლიტიკური ერთეულები, როგორც ითქვა, იყვნენ ქართლისა და ტაოს სამეფოები. მაშასადამე, ჩვენი აზრით, ტაოს საზღვრებში ჩამოყალიბდა ტაოს ქართული საეკლესიო-ადმინისტრაციული ერთეული _ ტაოს სამამათმთავრო, რომლის იურისდიქცია თითქმის ვანის ტბამდე განივრცო.

 

მამათმთავარ-პატრიარქი დავით კურაპალატის კარზე (X ს.)

ასოღიკის ცნობით დავით კურაპალატის კარზე იყო პიროვნება პატრიარქის წოდებით, მაგალითად 1001 წელს, როდესაც დავითის გარდაცვალების შემდეგ ბასილი II მივიდა ქართველთა ქვეყანაში, ერთ-ერთი შიდა შებრძოლების დროს დაიხოცნენ ტაოს დიდებულები, მათ შორის იყვნენ: ,,დიდი მთავართმთავარი პატრიარხი, ოჩოპენტრეს ორი შვილი გაბრიელი და იოანე, აბულხაბრის შვილიშვილი ჩორდვანელი და სხვა მრავალნი” (ვ. კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, 1969, გვ. 76).

ასოღიკის ცნობით გარდაცვლილი პატრიარქი ტაოს დიდებულთა წრეს ეკუთვნოდა.

იაჰია ანტიოქიელიც ასევე იძლევა ცნობას, რომ დავით კურაპალატის კარზე ნამდვილად იყო კათალიკოსი, რომელიც ამავე წრეს განეკუთვნება.

იაჰია ანტიოქიელის ცნობით – ,,დამარცხებულმა დავით კურაპალატმა კათალიკოსი და დიდებულები გაგზავნა ბიზანტიაში, რათა მათ ერთგულების ფიცი მიეცათ ბასილ კეისრისათვის (იქვე, გვ. 307).

მაშასადამე, სხვადასხვა წყარო მიუთითებს, რომ დავით კურაპალატის კარზე ნამდვილად იყო უმაღლესი სასულიერო პატივის მქონე პირი პატრიარქის ან კათალიკოსის წოდებით ადგილობრივი წარმოშობისა.

ქართული წყარო კი მიუთითებს, რომ ზაქარია ვალაშკერტელს ჰქონია “მამათმთავრის” წოდება, რაც, როგორც ითქვა, სიტყვა პატრიარქის შესატყვისია და შეესაბამება სამიტროპოლიტო ოლქის მეთაურს.

ვინ იყო დავით კურაპალატის კარზე – მცხეთელი კათალიკოს-პატრიარქი თუ ადგილობრივი ახალი ქართული საეკლესიო-ადმინისტრაციული ოლქის მეთაური? იქნებ დავით კურაპალატმა თავის სამეფოში ადმინისტრაციულად ახალი ქართული სამიტროპოლიტო ოლქი შექმნა, რომლის მეთაურსაც მამათმთავრის წოდება ჰქონდა?

ზაქარია მამათმთავარი (ისევე, როგორც 1001 წელს მოკლული ტაოელი პატრიარქი) განეკუთვნებოდა ტაოს (ანუ იბერიის) უბრწყინვალეს საგვარეულოს, კერძოდ ზაქარია იყო გრიგოლ ბაკურიანის ბიძის თევდრატეს ნათესავი, ასევე ფერის ჯოჯიკის ძის ნათესავი.

წყაროები იძლევა შესაძლებლობას იმისა, რომ დავუშვათ ვარაუდი ტაოს საეკლესიო ოლქის ჩამოყალიბებისა, კერძოდ, დავით კურაპალატს თავისი სამეფო სრულყოფილი სამოხელეო სისტემით აღუჭურვია:

დავით კურაპალატის კარზე იყვნენ ისეთი იშვიათი მოხელეთმთავრები, როგორიცაა – ,,მწერალთა მთავარი”, ან ,,მეგანძურთა უხუცესი”. მის სამეფო კარზე ყოფილა ასევე პირი ,,მთავართა მთავრის” წოდებით.

ვ. კოპალიანს გარკვეული აქვს, რომ ,,სომხეთის სამეფო კარზე მთავართა-მთავრის ტიტულს ის პირი ატარებდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო მეფის წინაშე ყველა ვასალის მოქმედებაზე” (იქვე, გვ. 34). მასვე ექვემდებარებოდნენ საგადასახადო მოხელეები, იგივე პირი ნიშნავდა ციხისთავებს. ასეთი მოხელე (მთავართამთავარი) დავითის კარზე ყოფილა ცნობილი დიდებული ჯოჯიკი, მას თავისი საკუთარი ,,მეგანძურთა უხუცესი” – გვირპელი ჰყოლია.

ასეთი სრულყოფილი სამოხელეო იერარქიის არსებობა სამხრეთ ტაოს სამეფო კარზე, კიდევ უფრო გვაფიქრებინებს, რომ ზაქარია ვალაშკერტელის ტიტული – ,,მამათმთავარი” არ იყო შემთხვევითი სახელი, რომ როგორც მთავართამთავრის მიმართ ვასალებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა, ასევე ზაქარიას (ვითარცა მამათმთავრის) მიმართ ეპისკოპოსებს გააჩნდათ პასუხისმგებლობა, ანუ ის ეპისკოპოსთა მთავარი ანუ სამხრეთ ტაოს ადმინისტრაციულად თავისთავადი საეკლესიო ოლქის მმართველი იყო.

 

“ნათესავით ქართველნი” (გრიგოლ ბაკურიანის ძე)

იბერიაში მოსვლისას ბასილი კეისარმა ზავი შეკრა შიდა იბერიის მმართველთან და ბიზანტიაში ,,წაიყვანა იბერიის დიდგვარიანები, რომელთაგან უმთავრესნი იყვნენ ბაკურიანი, თევდრატე და ფერსი, ღვიძლი ძმები” – წერს კედრენე (გეორგიკა, V, გვ. 45).

შემდეგში ცნობილი დიდებული იბერიელი დიდგვარიანი – გრიგოლი – იყო ერთ-ერთი ამ გადასახლებულის – ბაკურიანის ძე.

გრიგოლი თვითონვე აღნიშნავს თუ ვინ იყო ის – ,,ვარ ღვიძლი შვილი ნეტარი ბაკურიანისა, ბრწყინვალე ერისთავ-ერისთავისა, წარმოშობით ვარ აღმოსავლეთის მხარეებიდან იბერთა უბრწყინვალესი გვარიდან” (გეორგიკა, V, გვ. 99).

თავის ეროვნული წარმომავლობის, თავისი ქართველობის შესახებ გრიგოლი პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონში აღნიშნავს – ჩვენ ქართველები ვართ და გამოვლილი გვაქვს ყოველგვარი მხედრული ცხოვრებაო – ,,რომელნი ესე მკვიდრ ვართ მონასტერსა ამას შინა… ქართველნი ვართ ნათესავით მხნენი და მხედრობათა შინა აღზრდილნი”.

გრიგოლ ბაკურიანის ძე ამაყობდა თავისი ქართული წარმოშობით, ქართველებს მხნე ერს უწოდებდა და სამხედრო საქმეში დახელოვნებულთ (შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ გრიგოლმა თავის მონასტერში შეკრიბა ის ქართველი ყოფილი ჯარისკაცები, მხედრები, რომელთაც ბერობა გადაწყვიტეს).

პეტრიწონის ტიპიკონში, ისევე, როგორც ყველგან, სიტყვა ,,ნათესავი” ეროვნულ, ეთნიკურ წარმომავლობას აღნიშნავს და არა სარწმუნოებრივ ორიენტაციას, რაც იქიდანაც ჩანს, რომ გრიგოლი წერს ,,ვართ ქართველნი ნათესავით მხნენი”. ის მხნე ანუ გმირული, ჰეროიკული სულისკვეთების “ქართველთა ნათესავის”, ერის, წევრია და არა ჰეროიკული კონფესიისა.

თანამედროვე სომეხი მეცნიერები გრიგოლს ეთნიკურ სომხად მიიჩნევენ, რომელსაც თითქოსდა ქართველი ერქვა მართლმადიდებლობის გამო.

ვ. კოპალიანი აღნიშნავს, რომ გრიგოლს (მაშასადამე, ასევე თევდრატეს, ფერსს, ბაკურიანს, ზაქარია ვალაშკერტელსა და სხვებს) ქართველად მიიჩნევდნენ თვით მათი თანამედროვე სომეხი ავტორები – სტეფანოზ ტარნელი, არისტაკეს ლასტივერტეცი (ის ზაქარია ვალაშკერტელს ქართველს უწოდებს), მათე ედესელი, სხვა ავტორებიდან იაჰია ანტიოქიელი, სკილიცე, კედრენე და სხვები (ვ. კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, 1969, გვ. 307).

ანა კომნენე გრიგოლს სომეხს უწოდებს. როგორც მიიჩნევა მამამისთან გრიგოლის კონტაქტის დროს ანა მცირეწლოვანი ბავშვი იყო და ალბათ აღარ ახსოვდა გრიგოლის წარმომავლობა.

გრიგოლის ოჯახის ყველა წევრი საქართველოსათვის თავდადებული იყო.

გრიგოლის ბიძას ფერის ჯოჯიკის ძეს სამშობლოსათვის თავგანწირვის გამო ,,თავი წარეკვეთა”.

ბიზანტიაში გადასახლებული ფერის ჯოჯიკის ძე ცდილობდა, როგორმე ჩამოეშორებინა საიმპერატორო ტახტიდან ბასილი, რომელმაც დაიპყრო სამხრეთ ტაო და მოსპო იქ ქართული სახელმწიფოებრიობა. ფერისს უნარი შესწევდა და შეძლო კიდეც ბასილის საწინააღმდეგო დიდ აჯანყებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. ის მართლაც აჯანყდა.

აჯანყების დამარცხების შემდეგ, დაახლოებით 1022 წელს, ფერის ჯოჯიკის ძე ბასილმა დაასჯევინა თავის საკუთარ მამულთან ახლოს კარინის ქვეყანაში. აჯანყება ისეთი დიდი მასშტაბის იყო, რომ ბასილის სამხედრო ბანაკი ,,შიშმა და ძრწოლამ მოიცვა”.

1025 წელს სამშობლოს გასათავისუფლებლად მოწყობილ სხვა აჯანყებაში მონაწილეობისათვის დასაჯეს გრიგოლის ოჯახის წევრი ზაქარია ვალაშკერტელი ეპისკოპოსი – “თევდრატე პატრიკიოსის ნათესავი” (თევდრატეს ძმისშვილები ყოფილან სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის შემდგომში აჯანყებული ცნობილი პირები გიორგი და ვარაზვაჩე). თევდრატეს, როგორც ვიცით ორი ძმა ჰყავდა ბაკურიანი და ფერისი, ბაკურიანის შვილების სახელები ცნობილია, ამიტომაც ფიქრობს ვ. კოპალიანი ,,იქნებ ფერსის შვილები არიან გიორგი და ვარაზვაჩე” (ვ. კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, 1969, გვ. 174).

იმპერატორი რომანოზ არგვიროსის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობისათვის კედრენეს სიტყვით 1028 წ. ,,თეოდოსი პატრიკის ძმისშვილები გიორგი და ვარაზვაჩე მაგრად გაროზგილი, სახალხოდ გამოყვანილნი გადაასახლეს” (იქვე, გვ. 172).

კოპალიანი ეთანხმება ნ. სკაბალანოვიჩს და მიიჩნევს, რომ კონსტანტინე VIII-ს მიერ დასჯილი ზაქარია ვალაშკერტელი ნათესავი უნდა ყოფილიყო გიორგისა და ვარაზვაჩესი.

აღსანიშნავია, რომ რომანოზის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობისათვის დასაჯეს აგრეთვე მესამე წინამძღვარი ივერთა მონასტრისა გიორგი მაშენებელი (გიორგი უკეთური). კ. კეკელიძე ფიქრობდა, რომ ზემოთ აღნიშნულ გიორგი და ვარაზვაჩე არა ორი, არამედ ერთი პირი იყვნენ, იგივე გიორგი მაშენებელი, რასაც არ ეთანხმებიან სხვა მკვლევარები, რადგანაც მათ მიიჩნევენ არა სასულიერო, არამედ საერო პირებად).

ასე დაისაჯნენ ივერიის დაპყრობის გამო მრავალგზის აჯანყებული სახელოვანი ქართველი დიდებულები და მათ შორის ზაქარია ვალაშკერტელი.

დაპყრობის შემდგომ ბიზანტიამ ვერ უპატრონა და მტრისაგან ვერ დაიცვა სამხრეთ იბერია. პირიქით “მხნე იბერიელთა” დამარცხებამ თურქ-სელჯუკებს გზა გაუხსნა კონსტანტინოპოლისაკენ. მათ საშუალება მიეცათ კიდევ უფრო აეოხრებინათ სამხრეთ ტაოს სამეფოს ყოფილი მიწა-წყალი და მტერს გზა გაეხსნა ტრაპეზუნტისა და ბიზანტიის სიღრმეებისაკენ.

ასეთ დროს, ჩანს, ბიზანტიაში მაღალი თანამდებობის ქართველები ცდილობდნენ დაეთანხმებინათ საიმპერატორო კარი, რათა კვლავ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებულიყო სამხრეთ იბერიის ნაწილი მაინც.

ერთი ასეთი მოღვაწე ყოფილა გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელიც პირადად ეახლა ბანაში საქართველოს მეფე გიორგი II-ს და მას ბიზანტიის სახელით გადაეცა ქალაქ კარი (ყარსი).

მემატიანის ცნობით გრიგოლ ბაკურიანის ძის ხელში ყოფილა იმჟამად ოლთისი (სამხრეთ ტაოს ყოფილი დედაქალაქი) და ასევე არზრუმი (კარნუ ქალაქი).

გიორგი II-ს კარი (ყარსი) გადაეცა მისი მიმდგომი ქვეყნით ანუ ვანანდით.

უფრო ადრე, დავით კურაპალატის ეპოქაში ქართველთა სამეფო საოცარი სისწრაფით გაიზარდა, მისი საზღვრები თითქმის ვანის ტბამდე გადაიწია, ეს შეუძლებელი იქნებოდა ევფრატის სათავეების და ვანის ტბის დასავლეთით მცხოვრები მოსახლეობა რომ არ ყოფილიყო ეთნიკური ქართველობა, რომელთაც სურდათ და ნატრობდნენ ქართულ სახელმწიფოში ცხოვრებას.

ქართველების რიცხვი აღნიშნულ რეგიონებში ძალზე დიდი რომ იყო იქედანაც ჩანს, რომ ამ მოვლენის ახსნას ჩვენი თანამედროვე სომეხი ისტორიკოსები იმით უძებნიან, რომ ისინი ე.წ. ,,ქალკედონიტი სომხები” იყვნენ, რომელნიც თითქოსდა “გაქართველდნენ”, სინამდვილეში კი ისინი იყვნენ პირდაპირი შთამომავალნი ფასიანების, ქალდებისა და ტაოხების იმ ქართული ტომებისა, რომელნიც ქსენოფონტემ ამ ადგილებში იხილა ქრისტეშობამდე ოთხასი წლით ადრე და რომელთა ეროვნულ-ეთნიკური ქართული იდენტობა მკვეთრად გამოიკვეთა დავით კურაპალატის ეპოქაში, რაც გრიგოლ ბაკურიანის დროსაც გაგრძელდა.

 

ურთიერთდამოკიდებულება მცხეთელ კათალიკოსსა და სამხრეთტაოელ მამამთავარს შორის

I ათასწლეულში კათალიკოსი უფრო საპატიო და უზენაეს საეკლესიო ხელისუფლად ითვლებოდა ვიდრე ,,მამათმთავარი”, ამ მოსაზრებას სომხური ეკლესიის მაგალითი ამტკიცებს, სადაც კათალიკოსი უფრო მაღალ წოდებად ითვლებოდა ვიდრე პატრიარქი.

უხტანესი და სხვა სომეხი ავტორები ამტკიცებდნენ, – ,,ეფესოდან მოციქულის ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, რის შემდეგაც კონსტანტინოპოლელმა და ასევე სხვა მრავალმა იერარქმა პატრიარქის სახელი მიისაკუთრა”.

VII-X საუკუნეებში მამათმთავრის ანუ პატრიარქის სახელს მრავალი იერარქი ატარებდა, მაგრამ კათალიკოსი მხოლოდ ტრადიციულ უძველეს კათედრებს მართავდა სომხეთსა და მის მახლობელ ეკლესიებში.

ტაოს იერარქის წოდება ,,მამათმთავარი” არ აკნინებდა მცხეთელი კათალიკოსის ტიტულს, პირიქით, მცხეთელი კათალიკოსი მასზე უზენაეს, უხუცეს ქართულ საეკლესიო ხელისუფლად ითვლებოდა, მითუმეტეს ტაოს მამათმთავართან შედარებით.

შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ტაოს ქართულ სამამათმთავროს საფუძველი დაედო ,,ზემო ქვეყნების” გადმოცემამდე, კერძოდ მას შემდეგ, რაც ტაოს შეუერთდა ბასიანი.

როგორც ცნობილია ბასიანი ჯერ კიდევ კონსტანტინე პორფიროგენეტის დროს იყო სადავო ქართველთა და ბიზანტიელთა შორის, ბოლოს, ამ კეისრის დროს, ბასიანი ორად გაიყო, სამხრეთი ბიზანტიას დარჩა, ჩრდილო ბასიანი ტაო-კლარჯეთს შეუერთდა (ნარკვ. II, გვ. 478, შენ. 4).

ე.ი. X ს. დასაწყისიდანვე ჩრდილო ბასიანი ეკლესიურად ქართულ საეკლესიო იურისდიქციაში იყო შესული, ადმინისტრაციულად ჩრდილო ბასიანი სამხრეთ ტაოს შეუერთდა, ტერიტორიის ზრდამ შესაძლოა შექმნა სათანადო პირობები საეკლესიო ოლქის წარმოსაქმნელად, ამის გამოც შეიქმნა ტაოს სამამათმთავრო, მისი მეთაური მცხეთელ კათალიკოსს ექვემდებარებოდა ქართულ ეკლესიაში არსებული წესის შესაბამისად, როგორც უმრწემესი უხუცესს.

 

ქართული საეპისკოპოსოები ყოფილი მესხეთის მიწებზე (XII-XVI ს. “ქრონიკების” მიხედვით)

 

1. “იშხნელის სამწყსო გურჯიბოღაზის აქეთ სულა თორთომი, ტაოს ქვემოთი, არტანუჯის თავი (საკრულავი ჰქვიან, იმას აქეთი), დაღმით ორჯოხის მთის აქეთი, სულა საკავკასი(ძ)ო, ისპირი, ტრაპიზონის მთას გადმოღმა.

2. ანჩელის სამწყსო, სამწყალს აქეთი ხანცხას. (ხანცთას) და ოპიზას შუა დახატულა, ამის ქვემოთი ნიგლის-ხევი, გადაღმა და გამოღმართი, გონიის სამძღურამდინ.

3. მტბევარის სამწყსო, დახატულას ზედათი, ანკერთს აქეთი, სულა შავშეთი, მიჭიხიანთ ბატონის კათალიკოსის ყოფილა, იმ ქვეყნის ეპისკოპოსის იასაულიც ის ყოფილა. აჭარა დანდალოს ზევითი მას ჰქონებია და დანდალოს ქვემოთი აჭარა ქუთათელის სამწყსო ყოფილა.

4. წურწყაბელის სამწყსო, ხურსიძის სახლი, სულა ბოცოთ-ხევი, ხერთვისის ქვეითი, _ მისია.

5. წყაროსთველის სამწყსო, ზევთი, და იმას ზეით პალაკაციო კოლის სამძღვრამდინ, მტკუარს აქეთი არტანი.

6. ერუშნელის სამწყსო, ტალაშოს ზეითი, სულა არტანა, კოლის სამძღვრამდინ.

7. ვალაშკერტელის სამწყსო, ყაზევანს ზეითი, ვალაშკეთის აქათ, ხინუსი და დევაბონის აქეთი (თ. ჟორდანიას შენიშვნა _ ხინუსი _ ბაიბურთის ახლოს).

8. ანელის სამწყსო სულა ზარიშტიანი და შირვოინი და ბაღასბერეთი

9. კარელის სმწყსო სულა კარი და კოლისა და ოლთისის სამზღურის გარდმოღმა გგეჩვიანი და კაღზევანი.

10. ბანელის სამწყსო სულა ბანი, ტაოსკარი, ფანასკერტი, პარიზის ხეობა, სულა ოლთისი და ნამურაკანი.

11. დადაშნელის სამწყსო სულა კოლა და ხორტევანი, ყარასალზედ მიდგომამდინ.

ამ ეპისკოპოსთა მწყემსი და უპირატესი საქართველოს კათალიკოსი ამის ხელათ ყოფილან” (ქრონიკები, II, 1897, გვ. 53-54).

 

ყოფილი იბერიის თემის მიმდებარე ქართული საეპისკოპოსოები (XIV-XVII სს.)

ყოფილი ,,იბერიის თემის” ქართველობა XIV-XV საუკუნეებში კვლავ აღორძინდა და ეკლესიურად მრავალი ქართული საეპისკოპოსო დააარსა ამ მხარეებში, კერძოდ XIV-XV საუკუნეების ხელნაწერის მიხედვით ესენი იყვნენ – ვანის ტბის სიახლოვეს

1. ვალაშკერტის ქართული საეპისკოპოსო. მისი საზღვრები იყო – ,,ყაღზევანს ზევით, ვალაშკეთს აქეთ ხინური, დევაბოინის აქეთი;

2. შირაკში – ანისის ქართული საეპისკოპოსო – მისი საზღვრები: ,,სულა ზირიშტიანი და შირავონი და მაღასბერეთი”;

3. ვანანდში კარის (ყარსის) ქართული საეპისკოპოსო: ,,სულა კარი და კოლისა და ოლთისის საზღვრის გარდმოღმა გაგჩევანი და კაღზევანი”;

4. ტაოში ბანელის ეპისკოპოსის სამწყსო იყო ფანასკერტი, პარიზის ხეობა, ოლთისის ქვეყანა და ნარუმაკანი;

5. კოლაში დადაშნელი ეპისკოპოსის – ,,კოლა, ხორტევანი ყარასალზედ მიდგმამდი”;

6. ერუშნელისა – არტაანი ტალოშიდან კოლას საზღვრამდე;

7. წყაროსთაველისა – პალაკაციოს ტბიდან არტაანი კოლამდე.

ქართველთა მკვიდრობას და ძირეულობას ყოფილ ,,იბერიის თემში” მიუთითებს ის, რომ მიუხედავად მტრების გამანადგურუბელი შემოსევებისა კარინის (არზუმის), თორთომის, ტაოს, ვანანდის (კარის), ბასიანის და მიმდებარე მხარეების კუთხეებში ტრაპიზონიდან – ვანის ტბამდე (ვალაშკერტი) ქართული საეპისკოპოსოები იყვნენ XV- XVII საუკუნეშიც კი.

ა) ა. ლამბერტის ცნობით ქართული საეპისკოპოსო XVII საუკუნეში იყო მდ. ევფრატთან, მისი საკათედრო ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა იყო, “არქანჯელო ლამბერტი, რომელიც 1633-1653 წლებში იყო საქართველოში, წერდა – “არზრუმის ქალაქის მახლობლად ახლაც ქართული სოფლებია. თვით ამ ქალაქში იჯდა ქართველი ეპისკოპოსი –არზრუმელად წოდებული” (“მოამბე”, 1900, 4).

ბ) ართვინშიც იყო ქართული საეპისკოპოსო, მისი საკათედრო ტაძარი მოციქულ ბართლომეს სახელზე ყოფილა ნაკურთხი, საერთოდ აღსანიშნავია, რომ ტაო-კლარჯეთში სამხრეთ საქართველოს განმანათლებლად მოციქული ბართლომე მიაჩნდათ.

გ) სპერშიც იჯდა ქართველი ეპისკოპოსი, მისი მთავარი ტაძარი მოციქულ ანდრიას სახელობის იყო.

დ) განსაკუთრებითაა აღსანიშნავი, რომ XVII საუკუნეში არზრუმშიც იჯდა ქართველი ეპისკოპოსი, მისი ტაძარი მოციქულ თომას სახელობის იყო.

ე) ოლთისში, რომელსაც სომხები უხტიკს უწოდებდნენ ამავე საუკუნეში კვლავ იჯდა ქართველი ეპისკოპოსი, მისი ტაძარი მოციქულ პეტრეს სახელს ატარებდა.

ვ) ა. ლამბერტის ცნობით მის დროს საეპისკოპოსოები იყო ერუშეთში, კუმურდოში, იშხანში, დადაშენში, კარში (ყარსში), ანისში (ანში), ტბეთში, ის ჩამოთვლის ასევე ამავე რეგიონის სხვა საეპისკოპოსოებს, რომელთა სახელები დამახინჯებულია, ესენი იყვნენ სხალტელი, აზიკიელი, ანჟელი, სხალტბელი, წურწყაბელი, ისემელი და სხვა (მ. თამარაშვილი, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, 1995, გვ. 469). ცხადია, ყველა ისინი სამცხე-საათაბაგოს სამთავროში შედიოდნენ, ზოგი კი მის გარეთ იყო, ერთი სიტყვით, იმ მიწა-წყალზე, რომელიც XI ს-ში ,,იბერიის თემად” იწოდებოდა.

ა. ლამბერტის ცნობით გურიაში ნინოწმიდელი ეპისკოპოსი მჯდარა, თუმცა აქ ალბათ ხონოწმიდელს გულისხმობდა.

ა. ლამბერტი საქართველოში იმყოფებოდა 1630-1649 წლებში. მის გარდა გელასი კესარიელიც წერს, რომ წმიდა ნინოს მიერ და მის დროს იბერელებმა და ლაზებმა ერთდროულად მიიღეს ქრისტიანობა, მას ეთანხმება მოვსეს ხორენელი, რომელიც წერს, რომ წმიდა ნინომ იქადაგა ,,კლარჯეთიდან – მასქუთებამდე”. XVIII ს-ში საქართველოში დევნილი ლაზეთის იერარქები წერდნენ, რომ ლაზეთში ივერთა განმანათლებლის სახელობის ეკლესიაც იყო. ლაზეთი ივერთა განმანათლებლის თავის განმანათლებლად მიიჩნევდა, თუმცა იქ მოციქულების ბართლომესა და ანდრიას ავტორიტეტი ძალზე მაღალი იყო, რადგანაც მათ მოუვლიათ ეს მხარეები.

 

ბანა

უნდა ითქვას ისიც, რომ ჩანს ივერიის თემის დაარსებამდეც, კონსტანტინეპოლი აკონტროლებდა ნაწილობრივ ტაოსაც, ეს იქედან ჩანს, რომ გიორგი I-ის სიკვდილისთანავე, როცა ძალზე მცირეწლოვანი ბაგრატ IV ტახტზე ავიდა, ამით ისარგებლეს ტაოელმა ორგულმა დიდებულებმა ,,წარვიდეს აზნაურნი ტაოელნი საბერძნეთს, ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოანე და მათ თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა” (მატიანე ქართლისა, გვ. 254).

ეს წასვლა გულისხმობდა იმას, რომ ციხე-სიმაგრეთა მქონე აზნაურები ამ თავიანთ ქონებას და მიწა-წყალს აძლევდნენ იმპერატორს, სანაცვლოდ კი მისგან იღებდნენ მამულებს იმპერიის შიდა პროვინციებში.

მათ შორის ყოფილა ბანელი ეპისკოპოსი იოანეც.

მისი წასვლა გულისხმობდა თუ არა ბანას ტაძრის და მისი ეპარქიის გადაცემას იმპერიისათვის ეს გაურკვეველია, ეს მომხდარა 1027-1028 წლებში.

ბანას ტაძარში, თითქმის მალევე ჯვარი თვით მეფეს ბაგრატ IV-ს დაუწერია. ბაგრატს იქ სამეფო გვირგვინი დაუდგამს.

თუ ბანა მართლაც ,,წაღებული” იყო, ის მალევე უკან დაუბრუნებიათ ქართველებისათვის, იმპერატორის ნათესავი ელენე დედოფალი ბაგრატ IV-ს მიათხოვეს, ქორწილი და გვირგვინის კურთხევა აღსრულდა ბანას დიდებულ ტაძარში 1029-1030 წლებში.

ბანას და ვალაშკერტის კათედრები სწორედ ამ ეპოქაში, ბიზანტია-საქართველოს ომიანობის დროს გაერთიანებული ყოფილა და მას ერთი მღვდელმთავარი ზაქარია ვალაშკერტელი იგივე ბანელი მართავდა თუ კი ზაქარია ნამდვილად იყო ბანელი სვინგელოზი.

ვალაშკერტი, როგორც ითქვა, დიდ საერთაშორისო გზაზე იდგა. საფიქრებელია, რომ ბასიანში გიორგი I-სა და ბასილი II-ს ჯარებს შორის შებრძოლება (არშარუნიქის გავარის პუნქტ შღფაში, მატიანე ქართლისაის შირიმნში) აღნიშნული გზის კონტროლის მოსაპოვებლადაც მოხდა. სავაჭრო გზა დიდი შემოსავლის წყარო იყო ქართველთათვის, ბიზანტიელებისათვის კი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ბასილი II სპარსეთის მიმართულებით აფართოვებდა იმპერიას.

 http://sveticxovelijournal.ge/view.php?id=94

 

 

                               

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: