IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ანანია ჯაფარიძე – საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში

♥ Georgia-საქართველო

anania japaridze

მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)

საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში

შესავალი

21 ოქტომბერი, 2018
ჩრდილოეთ კავკასიის ვრცელი რეგიონი, გადაშლილი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, ქართული წყაროებისა და იქ აღმოჩენილი მატერიალური კულტურის მასალათა მიხედვით, თემურ-ლენგის ლაშქრობამდე, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. ამიტომაც, XXს. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის ყველა ძველ დებულებაში ჩრდილოეთ კავკასიის ოლქები ცალკეულ ეპარქიათა სამწყსოში შედიოდა, მაგალითად დვალეთი – ნიქოზის სამღვდელმთავროში, „დიდოეთ-დურძუკეთი, თერგისა და დაღესტნის მხარე“ – ალავერდისა, ჰერეთი, რანი, შაქი და წუქეთი, „ოლქები ზაქათალისა, სამურისა, ნუხისა, არეშისა, განჯისა და ყაზახისა“ – ბოდბეს ეპარქიაში, ყოფილი ქვემო ქართლი – ბამბაკის ხეობა, თბილელს ექვემდებარებოდა, ტაო-კლარჯეთი ანის-ვალაშკერტის ჩათვლით – მაწყვერელს. ზღვისპირეთი ტრაპეზუნტიდან ჭოროხამდე – ბათომ-შემოქმედის იურისდიქციას განეკუთვნებოდა.

თემურ-ლენგის ეპოქიდან შეიცვალა ჩრდილოეთ კავკასიის ეთნიკური სახე, ის იქამდე, ძირითადად, ქართველთა მონათესავე ტომებით იყო დასახლებული. იბერებისა და ჩრდილო კავკასიელების ეთნიკურ ნათესაობას მიუთითებდნენ სტრაბონი და ქართული წყაროები.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ჩრდილო-დასავლეთ კავკასია დასახლებული იყო იბერიული ხალხების ეთნარქების – ეგროსის, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასია – ლეკოსის, ხოლო ცენტრალური ნაწილი – „კავკასოსის“ შთამომავლებით. ეს იყო სუბსტრაქტი, რომელსაც ამჟამად უწოდებენ „იბერიულ-კავკასიურ ხალხებს“. მონღოლთა შემოსევების დროისათვის ეს ხალხები უკვე ქრისტიანები იყვნენ. გერმანული წარმოშობის ცნობილი რუსი მეცნიერის ვ. მილერის კვლევით, თემურ-ლენგთან დამარცხების შემდეგ ჩრდილო კავკასიური ხალხები ასიმილირდნენ სტეპებიდან მთებში ასულ წარმართ – ნომადურ, მომთაბარე ტომებში. ამის შედეგად ისინი თავდაპირველად გაწარმართდნენ (თუმცა შეინაჩუნეს ქრისტიანული სარწმუნოებრივი ელემენტები), შემდეგ კი გამუსლიმანდნენ და ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებად. ეკლესიურად, „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, მე-6 მსოფლიო-საეკლესიო კრებამ (მე-7 საუკუნეში) ჩრდილოეთ კავკასია გადასცა საქართველოს საეკლესიო იურისდიქციას. ამასვე მიგვითითებს ბიჭვინთის იადგარი და სხვა ძეგლები. ამ ცნობით, ჩრდილო კავკასია პირველ ათასწლეულში უკვე ქრისტიანული იყო და საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. ეს ნიშნავს, რომ იმჟამად ჩრდილო-კავკასიელები ქართულ ენაზე ლოცულობდნენ და მათი წირვა-ლოცვის ენა ქართული იყო. საქართველოს ეკლესია შედგებოდა რამდენიმე საკათალიკოსოსაგან, ანუ თავისთავადი საეკლესიო-ადმინისტრაციული ოლქებისაგან. ესენია: ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოები, რომელთაც თავიანთი სტრუქტურები და მრევლი შეინარჩუნეს მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე. საქართველოს ეკლესიის მესამე, ხუნძეთის საკათალოკოსო, ნაკლებადაა ცნობილი, რადგანაც ის შედარებით მოგვიანებით ჩამოყალიბდა და დიდხანს არ უარსებია. ის ასპარეზიდან გაქრა დაღესტანში თემურ-ლენგის შემოსევების შემდგომ მრევლის გამუსლიმანების გამო. საქართველოს ეკლესიას ასევე ეკუთვნოდა კიდევ ერთი საეკლესიო-ადმინისტრაციული ოლქი, რომელიც ცნობილია სომხეთის სამიტროპოლიტოს სახელით, მისი იურისდიქცია მოიცავდა ისტორიული სამხრეთ საქართველოს მიწა-წყალს ვიდრე მდ. არაქსამდე და უფრო ადრე – არჭეშამდე და ვანის ტბამდე (ვალაშკერტის ჩათვლით). ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი მე-11 საუკუნეში იწოდებოდა „ივერიის თემად“ (და „აღმოსავლეთად“). აქ მრავალი ქართული საეპისკოპოსო ირიცხებოდა.

თემურ ლენგის შემოსევათა შემდეგ საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ჩრდილოეთ კავკასიის ბარი, შემდგომ – მთისწინეთი და საეკლესიო საზღვარმა გადაინაცვლა კავკასიის მთავარი ქედის პარალელურ ქედზე, რომელსაც რუსები „სკალისტიი ხრებეტს“ (კლდოვანი ქედი) უწოდებდნენ (რომელიც ვრცლადაა გადაჭიმული არხიზის დასავლეთით გამდინარე მდ. ურუპიდან, ვიდრე მდ. ანდის ყოისუმდე). (ეს „სკალისტიი ხრებეტი“ ამჟამინდელი საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთით, 20-30 კილომეტრში მდებარეობს).

ვლადიკავკაზამდე და ითუმ-კალემდე მე-19 საუკუნის დასაწყისშიც კი აღწევდა ქართლ-კახეთის სამეფოს საზღვარი თვით თანადროული რუსული რუკების მიხედვით. მე-20 საუკუნის ზოგიერთ მონაკვეთშიც კი ამ ტერიტორიების ნაწილი და, ასევე, მაგალითად, თებერდას რეგიონი, კვლავ საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული.

Kartli-Kakheti -18th c

ქართლის საკათალიკოსოს იურისდიქციის საზღვრები მე-18 ს-ის ბოლოს ემთხვევა ქართლ-კახეთის სამეფოს საზღვრებს, მასში შედის ჩრდილოეთ ოსეთი და ქისტეთი, საინგილო და ლორე-ტაშირი

ჩრდილოეთ კავკასიაში აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქცია მოქცეული იყო მდ. ყუბანსა და შავ ზღვას შორის და გრძელდებოდა კაფამდე.

ყირიმის ქალაქ კაფას (ამჟამად ფეოდოსია) ქართული ეკლესიის იურისდიქციის უკიდურეს სასაზღვრო პუნქტად ქართული წყაროების გარდა მიიჩნევს არქანჯელო ლამბერტიც.

ქართლის საკათალიკოსოს იურისდიქციაში მოქცეული იყო ძირითადად ყუბანის მარჯვენა სანაპიროსა და თერგს შუა მოქცეული ტერიტორია, აფხაზეთის საკათალიკოსოში კი – ყუბანის მარცხენა სანაპიროსა და შავ ზღვას შუა, ხოლო ხუნძეთის საკათალიკოსოში – დაღესტანი, უმეტესად მისი ცენტრი – ხუნძეთი, ანუ ავარია, ასევე ამჟამინდელი ჩეჩნეთი.

საქართველოს პატრიარქმა თემურ-ლენგის შემოსევის წინ მოიარა კიდეც ნახჩეთის (ჩეჩნეთის), ხუნძეთის (დაღესტნის), აღმოსავლეთ კახეთისა და რან-მოვაკანის (ყოფილი ალბანეთის) ქართულ-ქრისტიანული სამრევლოები, სასწავლებლები, სადაც ქართულ ენაზე შეისწავლებოდა შესაბამისი საგნები.

როგორც აღინიშნა, ყველა ეს საკათალიკოსო შეადგენდა განუყრელ ნაწილებს საქართველოს წმიდა ეკლესიისა ქართულენოვანი წირვა-ლოცვით, ეპარქიებითა და სამრევლოებით, მათ აერთიანებდათ საერთო სჯულისკანონი, საერთო საეკლესიო წესები და ქართული საეკლესიო ტრადიციები.

აღნიშნულის შესაბამისობამ გადაგვაწყვეტინა სამ ნაწილად დავყოთ ჩვენი ნაშრომი:

ა. აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში;
ბ. ქართლის საკათალიკოსოს იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში;
გ. ხუნძეთის საკათალიკოსოს იურისდიქცია.

ჩვენს ნაშრომში იძულებული ვართ, მრავალი პარაგრაფი და თავი დავუთმოთ ისტორიული გეოგრაფიის საკითხებს, მისი გარკვევის გარეშე შეუძლებელია იურისდიქციის საზღვრების დადგენა. ისტორიული გეოგრაფია და, საზოგადოდ, ისტორიოგრაფია ძალზე დაზარალდა საბჭოთა ეპოქაში.

არ იყო სწორად განსაზღვრული მრავალი ისტორიული ერთეულის ადგილმდებარეობა, მაგალითად, ალანიის სამიტროპოლიტოსი, ლაზიკის სამიტროპოლიტოსი, საზღვარი კახეთსა და ჰერეთს შორის და სხვა.

ამჟამად აღიარებული თეორიით, ჩრდილოეთ კავკასიას მოიცავდა არა საქართველოს საეკლესიო იურისდიქცია, არამედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ალანიის სამიტროპოლიტო.

ეს თეორია მოწოდებულია საბჭოთა ეპოქის საისტორიო მეცნიერების მიერ და დანერგილია საყოველთაოდ, თუმცა ის არასწორი და ტენდენციურია, ამის მტკიცებას ნაშრომში ეძღვნება მრავალი პარაგრაფი. მის ტენდენციურობას ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ალანიის ისტორიული ეპარქიის მკვლევრების მიერ მუდამ ხდება იგნორირება პირველხარისხოვანი წყაროებისა. მაგალითად, კონსტანტინოპოლის სინოდის 1347 წ. ნომერი 114 აქტის მიხედვით, ალანიაში არ არსებობდა ქალაქები ალანიის ეპისკოპოსის კათედრისათვის (რადგანაც ალანებს არ გააჩნდათ ქალაქები მომთაბარული ცხოვრების გამო), ამიტომ ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში იმპერატორ ალექსი კომნინის ქრისობულით ასეთ ქალაქად განისაზღვრა სოტირიოპოლისი თვით ბიზანტიაში (ლაზიკაში).

აქედანაც ჩანს, რომ ალანიის ეპარქია მდებარეობდა არა საქართველოს მომიჯნავე ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც არქეოლოგების მიერ უამრავი ნაქალაქარია გამოვლენილი, არამედ უდაბურ და უქალაქო დონისპირეთის სტეპებში, ყირიმის აღმოსავლეთით მომთაბარეთა არეალზე. ამასვე მიუთითებს ალანიის მიტროპოლიტ თეოდრეს წერილი კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი, რომელიც ასევე იგნორირებულია. შესაბამისად, რადგანაც აღნიშნულ ალანიაში ანუ დონისპირეთის სტეპებში არ იყო ნაგებობები მღვდელმთავრის კათედრისათვის, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ალანიის მიტროპოლიტის საკათედრო ქალაქად მე-11 ს-ში როგორც ითქვა დაადგინა სოტირიოპოლისი, ქალაქი ბიზანტიის იმპერიაში, ლაზიკაში, ალანიის გარეთ.

მე-11 და მე-12 საუკუნეებში, მონღოლების შემოსევამდე, საქართველოს ჩრდილოეთში მდებარე კავკასიის რეგიონში უამრავი ქალაქი არსებობდა. როგორც ითქვა, ეს ფაქტი დადასტურებულია არქეოლოგიის მიერ. წყაროების საპირისპიროდ, საბჭოელ და მათ მიმდევარ ისტორიკოსთა მტკიცებით, ალანიის საეპარქიო ცენტრი თითქოსდა მდებარეობდა არზიზ-ზელენჯუკის ე.წ. ჩრდილოეთის ტაძარში, ისტორიული ქალაქებით მდიდარ საქართველოს (აფხაზთა სამეფოს) საზღვარზე, და თითქოს, აქედან გადაიტანეს ის სოტირიოპოლისში მაშინ, როცა თვით ამავე ეპოქის კონსტანტინოპოლის წმ. სინოდის დადგენლებაში, როგორც ითქვა, ხაზგასმითაა ახსნილი, რომ ალანი ხალხის ნომადური ცხოვრების გამო ალანიაში რეალურად არ არსებობდა ქალაქი საეპისკოპოსო ცენტრისათვის და ამის გამო ალანიის მიტროპოლიტს სოტირიოპოლისის კათედრა დაუთმეს ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში. შესაბამისად, ალანიის ეპარქია მდებარეობდა არა კავკასიის მთებში აფხაზეთის მეზობლად (სადაც ამ საუკუნეთა ქალაქების მრავალი ნაშთია), არამედ აზოვ-დონისპირეთის რეგიონში, სადაც ალანთა ჯგუფები ბინადრობდნენ და მომთაბარეობდნენ და ცხოვრების წესიდან გამომდინარე მათ ქალაქები არ ჰქონდათ.

ალანიის ეპარქიის სტეპებში ლოკალიზაციას ეთანხმება არა მხოლოდ ალანიის მიტროპოლიტ თეოდორეს წერილი კონსატანტინოპოლის პატრიარქისადმი, არამედ ასევე, სინოდის ნომერი 152 სხვა აქტი 1356 წლისა, რომლის მიხედვითაც, სოტირიოპოლის ალანიის მღვდელმთავარს ოქროს ურდოსა და ტანაისში სამრევლოები ჰქონდა და იქ სამღვდელოებასაც აკურთხევდა.

როგორც ითქვა, სტეპების მომთაბარეთა ამ არეალზე, აზოვ-დონისპირეთის სტეპებში, ანუ ალანიის ეპარქიაში, მე-11 ს-ში არ მოიძებნა ქალაქი ალანიის იერარქისათვის, მაგრამ სულ სხვა ვითარება იყო კავკასიის ალანიაში, სადაც დიდი ძალისხმევის მიუხედავად, კონსტანტინოპოლმა ვერ შეძლო თავისი ეპარქიის დაარსება, რადგანაც ალანთა მეფეების მიერ ბერძენი სამღვდელოების განდევნის შემდეგ კავკასიის ალანია აფხაზეთის საკათალიკოსოში, ანუ ქართული ეკლესიის იურისდიქციაში გადავიდა. ჩრდილოეთ კავკასიის ამ ოლქში არხიზ-ზელენჯუკის ეკლესიები და მრავალი ძველი ნაქალაქარია. ეს ნიშნავს, რომ აქაური ხალხი ნომადური ცხოვრებით არ ცხოვრობდა. ამას არქეოლოგიაც მიუთითებს. მაშასადამე, აღნიშნული სინოდი საუბრობს სხვა ოლქზე, რომელსაც ასევე ალანია ერქვა.

სიახლეა და ნაშრომში მრავალი პარაგრაფი ეძღვნება აღნიშნულ კვლევას, რომ რეალურად არსებობდა ორი ალანია (კავკასიის რეგიონში). ერთი იყო ყირიმის მეზობლად არსებული დონის სტეპების ვრცელი ოლქი. მეორე კი აფხაზეთის მეზობელი მხარე.

ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნიკოლოზ მისტიკოსის დროს გამოაშკარავდა აფხაზეთის მეფეთა მისწრაფება, რათა აფხაზეთის მეზობლად მცხოვრები ახალმოქცეული ალანები გადაექციათ აფხაზეთის საკათალიკოსოს მრევლად. ამ ფაქტის გასანეიტრალებლად კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ნიკოლოზ მისტიკოსმა გადაწყვიტა აქტიურად ემოქმედა კავკასიის ალანიაში. იქ მისიონერები და მღვდელმთავარიც გააგზავნა, მაგრამ მალევე ალანთა მეფეებმა ბიზანტიელი იერარქები კავკასიის ალანიიდან გააძევეს, ჩანს, არა ხაზართა მოთხოვნით, როგორც ამტკიცებენ რუსი ავტორები, არამედ აფხაზ მეფეთა მოთხოვნით. ამის შემდეგ არხიზ-ზელენჯუკის რეგიონი აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში მოექცა, როგორც ეს ქვემოთაა განხილული. აფხაზთა მეფეებმა კავკასიის ალანიაში ააგეს აფხაზური, ანუ ქართული საეკლესიო არქიტექტურით არხიზ-ზელენჯუკის ტაძრები, ფაქტობრივად ასლები ლიხნისა თუ მოქვის ტაძრებისა. ამ ფაქტის გამო კონსტანტინოპოლი იძულებული გახდა ებრძოლა, რათა შეენარჩუნებინა კავკასიის ალანიის ჩრდილოეთით მდებარე, მეორე ალანია, ანუ სტეპების ალანია დონისპირეთში. ამ ოლქის, ანუ მომთაბარეთა ალანიის მღვდელმთავარს, როგორც აღინიშნა, კათედრად გამოუყვეს სოტირიოპოლისი ლაზიკაში, ტრაპეზუნტთან.

ჩრდილოეთ კავკასიის საეკლესიო ისტორიით, სამწუხაროდ, ნაკლებად იყო დაინტერესებული ქართული ისტორიოგრაფია. ამის მიზეზი ისიც უნდა ყოფილიყო, რომ თემურ-ლენგის გამანადგურებელ შემოსევათა შემდეგ მკვეთრად შეიცვალა ჩრდილოეთ კავკასიის ეთნიკური სახე, იქ მცხოვრებნი, მანამდე ქართული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი ქრისტიანული მოსახლეობა, რელიგიის შეცვლის შემდეგ, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფად ჩამოყალიბდა და გაუუცხოვდა წინაპართა ცივილიზაციას.

ამასთანავე, საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, მისმა ეკლესიამ კი – ავტოკეფალია. მე-19 საუკუნეში, რუსეთის იმპერიის წიაღში, საქართველოს ისტორია საგანგებოდ დაკნინდა რუსული საიმპერატორო ხელისუფლებისა და მეცნიერების მიერ, რათა ქართველთა ისტორიული მეხსიერება საფუძვლად არ დადებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ასეთივე ვითარება გაგრძელდა მეოცე საუკუნეში წითელი რუსეთის იმპერიის ათეისტურ სახელმწიფოში (სსრკ), ხოლო 21-ე საუკუნის დასაწყისში რუსეთის ფედერაცია ოფიციალურად იწოდება ოკუპანტად, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს ჩამოართვა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ვრცელი რეგიონები. ასეთი ვითარების გამო ქართველ მეცნიერებს არც კი ჰქონდათ საშუალება ობიექტურად გამოეკვლიათ თუნდაც საკუთარი ეკლესიის ისტორია, მით უმეტეს, მისი იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში.

ამ სიცარიელეს თავიანთი დაუოკებელი „სამეცნიერო მტკიცებებით“ ავსებენ ჩრდილოეთ კავკასიის აღნიშნული ახალი ხალხების ისტორიკოსები, რომელთა მიზანია უარყონ ქართული ნაკვალევი ანდა ის ამ ახალი ხალხების წარსულის მიღწევად გამოაცხადონ.

ეს ხდება რუსული მეცნიერების საფარქვეშ, რომელიც მიდრეკილია, რომ ქართული ცივილიზაციის ნაშთები ჩრდილოეთ კავკასიაში მიათვალოს ალანურ საეკლესიო კულტურას, რომელიც სინამდვილეში არც არასოდეს არსებობდა. მას ახლა თხზავენ ჩვენს თვალწინ, ქართველ მეცნიერთა გულგრილობის ფონზე.

ამასთანავე, საქართველოში ტრადიციულად ღრმა სამეცნიერო ჭეშმარიტებად მიიჩნევა რუსული ოფიციალური სამეცნიერო წრეების მიერ შემუშავებული საისტორიო თეორიები. ისინი კი სქელი სამეცნიერო საბურველით შეფუთული საიმპერიო ნაკვლევებია, რომელიც ემსახურება რუსეთის მიმდინარე სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

ნაშრომში სიახლეა ასევე ვ. მილერის მოსაზრებიდან გამომავალი მტკიცება, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთი ხალხი ყოფილი მომთაბარე სტეპური ტომების ნაშთებია, რომელნიც შეერივნენ კავკასიის ადგილობრივ მოსახლეობას და ახალ ეთნოსებად ჩამოყალიბდნენ. ამასვე მიუთითებდნენ თეიმურაზ ბაგრატიონი და ვახუშტიც (ოსებთან დაკავშირეით). კერძოდ, ადიღეველ ხალხს სახელი ეწოდა მათი წინამძღოლის ადიგეის (ოქროს ურდოს უძლეველი მხედართმთავრის) სახელის მიხედვით. ადიგეიმ თავისი ულუსი დასავლეთ ციმბირიდან ჩამოიყვანა ჩრდილოეთ კავკასიაში და გააბატონა. იგივე გზა ციმბირდან კავკასიამდე განვლო ასევე ადიღეისთან დაკავშირებულმა ნოღაის ტომმა. იგივე გზა, ციმბირიდან კავკასიამდე, საუკუნით ადრე გაიარა ყივჩაღთა ტომმა. ციმბირიდან დასავლეთ ევროპისაკენ საუკუნეებთა მანძილზე უამრავი მომთაბარე ტომი გადაადგილდებოდა. ამ გზაზე მდებარეობდა ჩრდილოეთ კავკასია.

ნაშრომში მტკიცედაა გატარებული ის მიმართულება, რომელიც წმ. სინოდმა განაჩინა საქართველოს წმ. ეკლესიის ისტორიულ საზღვრებთან დაკავშირებით:

„2012 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმიდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. წმიდა სინოდმა მოისმინა მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) მოხსენება საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემატიკასთან დაკავშირებით და განაჩინა: ვინაიდან XIX საუკუნის მეორე ნახევარში და, განსაკუთრებით, XX ს-ში, კომუნისტების მმართველობის ხანაში, მიზანმიმართულად შეიცვალა და გაყალბდა შეხედულება საქართველოს ეკლესიის საზღვრების შესახებ, მკვიდრდებოდა რა აზრი, თითქოს დასავლეთ საქართველო IV-X საუკუნეებში, ანუ 600 წლის მანძილზე, არ იყო ქართული ეკლესიის იურისდიქციაში. ამასთან, თითქოს, ჩრდილო, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში ასევე არ შედიოდა ჩვენი ზოგიერთი ისტორიული რეგიონი, დაევალოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტს, გადადგას რეალური, დროული და ქმედითი ნაბიჯები ათეისტურ პერიოდში შემუშავებული იდეოლოგიის ნაცვლად საქართველოს ეკლესიის ნამდვილი ისტორიის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის. ხელი შეეწყოს მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) მიერ წარმოდგენილი მასალების დაბეჭდვას და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობილი იმ ჭეშმარიტი აზრის განმტკიცებას, რომ „წმიდა მოციქულმა ანდრიამ იქადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოსასა“, ხოლო წმიდა ნინომ „განანათლა ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა“ (დიდი სჯულის კანონი, 1974, გვ. 545-546). ამას მოწმობს უცხო¬ური წყაროებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აზრს სრულად იზიარებს ბატონი ივანე ჯავახიშვილი. იგი წერს:ანდრია მოციქულიც და წმიდა ნინოც საერთო ქართული ეკლესიის დამაარსებლად და მთელი ერის განმანათლებლად იყვნენ ცნობილნი. საქართველოს სხვადასხვა ნაწილების ცალკე მქადაგებლების გამოძებნის სურვილიც არ ჰქონიათ, რადგან ისინი მთლიანი და განუყოფელი საქართველოს განმტკიცებისა და აღორძინებისათვის იღვწოდნენ“ (ქართველი ერის ისტორია, ტ. III, გვ. 47). („საპატრიარქოს უწყებანი“, #27, 12-20 ივლისი, 2012 წ., გვ. 4).

ჩვენ ვლოცულობთ, რათა წმიდა სინოდის ეს დადგენილება, რომელიც გამოხატავს მისი უწმიდესობის ნებასა და სიბრძნეს – აღსრულდეს.

VII-XV

წყარო: http://meufeanania.info/sazgvrebi/

 
%d bloggers like this: