IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• საინფორმაციო ომი

♥ Georgia-საქართველო

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
 
საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები
 
მარი ბროსე _ 210

 

 

თამარ ბელქანია, ტარიელ ფუტკარაძე

 

საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ

(გეოპოლიტიკური კონტექსტი)

 

მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სივრცეში ცენტრალური ადგილი უჭირავს ევრაზიას; ევრაზიაში ერთ-ერთი გამორჩეულად სტრატეგიული რეგიონია კავკასია; კავკასიაში კი საქართველო, როგორც თანამედროვე საზღვაო, სახმელეთო და ენერგორესურსების მაგისტრალების თავმოყრის ადგილი.

1801 წლიდან 1990 წლამდე საქართველოს გეოპოლიტიკურ სიმძლავრეებს ფაქტობრივად მართავდა რუსეთი. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთთან გეოპოლიტიკურ ჭიდილში სუსტდება რუსეთის იმპერია (საბჭოთა კავშირი). ამ ფონზე საქართველოში ძლიერდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ლეგიტიმური გზით მოდის საქართველოს ხელისუფლებაში. კანონიერად არჩეულმა ხელისუფლებამ 1991 წლის 31 მარტის საერთო-სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა.

დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშენი დადგნენ ფაქტის წინაშე: საქართველომ დღის წესრიგში დააყენა კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლის აუცილებლობა. კერძოდ, საქართველოს ყველა კუთხის მოსახლეობამ 1991 წლის 9 აპრილის “დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით” მთელ მსოფლიოს აჩვენა: ერთიან საქართველოს სურს, თავად აკონტროლოს საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცე. პარალელურად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოში მყოფი რუსეთის ჯარი ოკუპანტად გამოაცხადა. რუსეთი არ შეეგუა საქართველოდან წასვლის პერსპექტივას. მიუხედავად წარმატებული რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადებისა, 1991-93 წლებში საქართველო აიძულეს მაინც რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენილიყო; კერძოდ, დასავლეთისა და რუსეთის რამდენიმეწლიანი “ჭიდილის” შემდეგ აღმოსავლეთი ევროპა და ბალტიის ქვეყნები მოექცა დასავლეთის გეოპოლიტიკურ ველში, კავკასია, უკრაინა, მოლდოვა და შუა აზია კი დარჩა რუსეთის ფაქტობრივ მფლობელობაში. ¹

1991–1992 წლების მიჯნაზე საქართველოში გარეძალადობით იცვლება კანონიერი ხელისუფლება: “თავისად” დატოვებულ გეოპოლიტიკურ სივრცეში რუსეთმა იარაღის ძალით დაამხო ასევე აზერბაიჯანისა და იჩქერიის კანონიერი ხელისუფლებები.²  შემდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის მხარეში კონფლიქტების პროვოცირებით რუსეთის სამხედრო შენაერთებმა ამ ისტორიული ქართული მიწებიდან განდევნა ავტოქთონი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (ქართველები, კრემლის მოწინააღმდეგე აფხაზები…).

ამის მიუხედავად, შევარდნაძის ხელისუფლებამ საოკუპაციო ჯარის სტატუსი მოუხსნა რუსეთის სამხედრო შენაერთებს; მეტიც, დამპყრობელი მეგობარ ქვეყნად გამოაცხადა და რუსულ ჯარს ე.წ. ქართულ-”აფხაზური”, სინამდვილეში: ქართულ-რუსული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისია დაეკისრა. ³

1993 წლიდან კავკასიაში იწყება რუსული ექსპანსიის ახალი ეტაპი: გენოციდისა და კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ რუსული კაპიტალის დრო დგება: საქართველოს სტრატეგიულ სიმძლავრეებს ისევ რუსეთი ეუფლება.

დღეს დასავლეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ბათუმის მაგისტრალები; შდრ. ამერიკისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის აღმოსავლეთი ევროპა უფრო ღირსებისა და უსაფრთხოების საკითხი იყო; შუა აზიის რესურსები და ამიერკავკასიის ენერგო-მატარებლები კი მათთვისაც და თურქეთისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა:

მხოლოდ ამიერკავკასიიდან რუსეთის გასვლის შემთხვევაში იქნება ევროპა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი.

შევარდნაძის 10-წლიანი მმართველობის შემდეგ ამ და სხვა ფაქტორებმა მალევე განაპირობა ამიერკავკასიაში გეოპოლიტიკური ბალანსის გარკვეული კორექტირების აუცილებლობა:

2003 წლის “ვარდების რევოლუციის” მხარდაჭერით დასავლეთმა შესამჩნევად გააძლიერა საქართველოში ევროატლანტიკური ორიენტაციის ძალები; შედეგად, საქართველოს ხელისუფლების, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი გაიზარდა; ამან რუსეთში კიდევ უფრო გააძლიერა ამიერკავკასიაზე გავლენის დაბრუნების სურვილი; შედეგად მივიღეთ 2008 წლის აგვისტოს აგრესია – რუსული რევანშის მორიგი ეტაპი.

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის აქტიურობით, რუსული აგრესია დედაქალაქის – თბილისის – მისადგომებთან შეჩერდა; ამ ისტორიულ მოვლენას საქართველოსთვის ბევრი უარყოფითი და ზოგი დადებითი შედეგი მოჰყვა:

დაიღუპა საქართველოს ბევრი მოქალაქე (ქართული თუ ოსური წარმომავლობისა), ათასობით ქართველი იქცა დევნილად; საქართველომ ფაქტობრივად კიდევ დაკარგა ტერიტორიები (დალის/კოდორის-სტრატეგიული სიმაღლე – ხეობა ანუ ზემო აფხაზეთი, ახალგორის რაიონი, ცხინვალის მხარის ქართული სოფლები, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი…); დასუსტდა საქართველოს სახელმწიფო; დიდი ზარალი მიადგა სამხედრო პოტენციალს; გაიზარდა ალბათობა, რუსეთისგან მართული “სეპარატისტული“ ძალების გამოყენებით დაიშალოს ქართული სახელმწიფო. გარდა ამისა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით, გაჩნდა რეალური საფრთხე, ჩრდილო კავკასია იქცეს მუდმივი ქაოსის, ტერორიზმისა და რადიკალური ისლამის ფორპოსტად.

აგვისტოს მოვლენების დადებით და სამართლიან შედეგად მივიჩნევთ საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის ჯარისთვის ოკუპანტის სტატუსის აღდგენასა და ამიერკავკასიაში ევროკავშირის გააქტიურებას.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს (2008) ომის შემდეგ კრემლი აკონტროლებს საქართველოს უფრო მეტ ნაწილს პუტინ-დუგინ-მედვედევის რუსეთს ეს არ აკმაყოფილებს; რუსეთის აგრესიულ ხელისუფლებას სურს, სახმელეთო გზაც ჰქონდეს სომხეთში განთავსებულ ბაზასთან და სრულად აკონტროლოს ამიერკავკასიის გზაჯვარედინი. ამ მიზნით რუსეთი აქტიურ დეზინფორმაციულ საინფორმაციო პროპაგანდას ეწევა; კერძოდ, მეზობელი იმპერიის დეზინფორმაციული მანქანა სამი მიმართულებით მუშაობს:

1. საინფორმაციო საშუალებებით ფსევდომეცნიერული დებულებების პროპაგანდით ცდილობს, რომ ეთნიკურ ქართველთა ნაწილს მაინც შეუცვალოს ეროვნული მეობა (იდენტობა); მაგ., რუსეთისგან დაფინანსებული პირები დღემდე წარუმატებლად ცდილობენ დააჯერონ სვანები, მეგრელები, ლაზები, აჭარლები თუ მესხები, რომ მათი დედაენა არ არის ქართული ენა, რომ ისინი ქართველები არ არიან; 4

2. მძლავრი საინფორმაციო პროპაგანდით ცდილობს, დააჯეროს მთელი მსოფლიო, რომ ქართველები არ არიან: აჭარლები, მეგრელები, ლაზები, სვანები, ხევსურები, მესხები, თუშები და ა.შ. მათი მონაცემებით, საქართველოდ წოდებულ სახელმწიფოში ეს “ეთნიკური ჯგუფები” “იჩაგრებიან” ქართველებისგან (/ქართლელებისგან), რამდენადაც მათ საკუთარი “დედაენების” მიხედვით არა აქვთ სამწიგნობრო კულტურა. ამ “ხალხებს” ე.წ. “ქართიზაციით” თავს მოხვეული აქვთ “დამპყრობელი” ქართველების ენა; მსოფლიო უნდა დაეხმაროს ამ “დაჩაგრულ” “ეთნოსებს”.

3. საეჭვო ღირებულების “სამეცნიერო კვლევების” ფაბრიკაციითა და პროპაგანდით ცდილობს, დააჯეროს მსოფლიოს ელიტური წრეები, რომ არ არსებობს ერთიანი ქართული კულტურა; რომ საქართველო მცირე იმპერიაა; რომ ქართველებმა (/ქართლელებმა) თავის დროზე დაიპყრეს და დღესაც ჩაგრავენ “უმწიგნობრო ენების” მქონე “ხალხებს”: მესხებს, აჭარლებს, მეგრელებს, ლაზებს, სვანებს…

წარმოდგენილი მიზნების განსახორციელებლად, რუსეთში შექმნილია “Информационные войска“, რომელსაც კრემლმა მიზნად დაუსახა რუსეთისთვის საჭირო “რეალობის” გავრცელება მთელ მსოფლიოში.5  “საინფორმაციო არმიას” სამი რამ ევალება: ა) სტრატეგიული ანალიზი, ბ) ინფრომაციული ზეგავლენა, გ) საინფორმაციო უკუქმედება.

 საინფორმაციო ომის ერთ-ერთი “მეთოდია” ცილისწამებაც. შდრ. კრემლი საქართველოს აბრალებს საინფორმაციო ომის წარმოებას (იხ. http://www.km.ru/new­s/in­for­mac­zi­on­na­ya_­voj­na_­pro­tiv­_ro ). სწორედ ასეთი მეთოდური საინფორმაციო “არტილერიის გამოყენებით” რუსეთი ცდილობს, წაახალისოს საქართველოში ახალი ავტონომიების შექმნა და შემდგომი დანაწევრება.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით, რუსეთის დიდი “მეცადინეობით” თანამედროვე მსოფლიოს სამეცნიერო-საინფორმაციო სივრცეში თითქმის უალტერნატივოდაა გაბატონებული პოლიტიზებული ანტიქართული დებულებები; სამაგალითოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე კვალიფიკაციას:

1. მსოფლიო გლობალური ქსელის ძირითადი ეთნოლოგიური ენციკლოპედიის მიხედვით (2012 წლის მდგომარეობით), საქართველოში ცხოვრობენ შემდეგი ეთნოსები/ხალხები:

აზერბაიჯანელები – 308 000,

ასირიელები (აისორები) – 3 000,

აფხაზები – 101 000,

ბაცბები – 3 420,

ბერძნები – 38 000,

ლაზები – 2 000,

მეგრელები – 500 000,

ოსები – 100 000,

რუსები – 372 000,

სვანები (სამწერლობო ენად იყენებენ ქართულს და რუსულს) – 15 000,

სომხები – 448 000,

ურუმები (მუსლიმი ბერძნები) – 97 746,

ქართველები (იმერლები, რაჭა-ლეჩხუმლები, გურულები, აჭარლები, იმერხევლები-ქართლელები (Imerkhev-Kartlian), კახელები, ინგილოები, თუშები, მოხევეები, ხევსურები, ფშავლები, მთიულები, ფერეიდნელები, მესხებ-ჯავახები) – 3 901 380,

ქართველი ებრაელები – 20 000,

ქურთები – 40 000 და სხვ.

(Ethno­lo­gue re­port for Ge­or­gia http://www.et­hno­lo­gu­e.com

http://www.ethnologue.com/show_country.asp?name=GE  ).

2. ქართველთა ერთი ნაწილი (მეგრელები, ლაზები, სვანები) არაქართველებადაა გამოცხადებული მსოფლიოს ვირტუალური ისტორიის თანამედროვე გვერდზე; კერძოდ, აზიის განყოფილებაში არსებულ საქართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოში მცხოვრებ “ეთნიკურ უმცირესობათა” განსახლების შემდეგი რუკა:

 

 

 რუკას დართული განმარტებების მიხედვით, საქართველოში უმცირესობების ენებად მიიჩნევა: 1. ჩეჩნური; 2. წოვა-თუშური; 3. ხუნძახური; 4. უდური; 5. აზერბაიჯანული; 6. სომხური; 7. ლაზური ანუ ჭანური; 8. მეგრული; 9. აფხაზური; 10. სვანური; 11. ოსური. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ კვალიფიკაციების ჩამოსაყალიბებლად ავტორმა (J. Hillery) ცხრა წელი იშრომა (1996-2004); ასევე წლობით აქვს საქართველოში ნაღვაწი საქართველოს ვებგვერდის ავტორს, ბ-ნ ადრიან ბრისკუს (იხ. http://vlib­.i­u­e­.it­/his­tor­y/a­si­a/­ge­or­gi­a.html).

3. ქართული საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია პროფ. ჯ. ჰიუიტის ანტიქართული მოღვაწეობა (თავის დროზე ეს ლონდონელი პროფესორი საქართველოში ჩამოვიდა მოსკოვში მოღვაწეობის შემდეგ; შემდეგ ის იქცა მოსკოვისგან მართული აფხაზი “სეპარატისტების” ლობისტად); ამ ეტაპზე ის “ახალი” ინიციატივით გამოდის; მისი აზრით, მეგრული ენის სახელმწიფო ენად აღიარებით უნდა შეიქმნას სამეგრელოს ბუფერული სახელმწიფო, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებას… ასევე, უნდა შეიქმნას კავკასიის კონფედერაცია 6 (რომლის სუბიექტებადაც ივარაუდება: აფხაზეთი, სამეგრელო, საქართველო, აზერბაიჯანი, ყარაბაღი, სომხეთი, სამხრეთი ოსეთი…).7

ამგვარი კვალიფიკაციები გამყარებულია ე.წ. ლინგვისტური რუკებითაც; იხ. მაგ. საერთაშორისო მიმოქცევაში არსებული პროფ. იური კორიაკოვის რუკა;8

 

 

 

მსგავსი რუკებისგან განსხვავებით აქ არსებითი “სიახლე” ის არის, რომ ერთმანეთთან გათანაბრებულია ტერმინები: სამეგრელო და ისტორიული კოლხა (Colkhis), რითაც ხაზგასმულია ქართულისა და მეგრულის დაცალკევება-დაშორების თითქოსდა ხანგრძლივი ისტორია: ი. კორიაკოვის რუკის მიხედვით გამოდის, რომ ქართული ენა არ არსებობს სამეგრელოში, სვანეთში.

სინამდვილეში, კოლხური არქეოლოგიური კულტურის საზღვრები და ბერძნულ-ურარტული ძველი ისტორიული ცნობები ცხადყოფენ, რომ ქართველთა ისტორიული სახელმწიფო კოლხაც და საერთოქართველური ენის ბაზაზე შექმნილი კოლხური კულტურაც, ისტორიული საქართველოს ძირითად ნაწილს მოიცავდა. იმ პერიოდშიც დღევანდელ მეგრელთა, მესხთა, აჭარელთა, სვანთა, ლაზთა თუ ტაოელთა წინაპრები ერთიან ქართულ (/ქართველურ) ეთნოსს წარმოადგენდნენ და ერთიან კულტურას ქმნიდნენ. 9

ბუნებრივია, ი. კორიაკოვმა იცის, რომ სვანებიც, მეგრელებიც, გურულებიც, აჭარლებიც და სხვა კუთხის ქართველებიც თავიანთ დედაენად ქართულს მიიჩნევენ; იცის ისიც, რომ მის მიერ ენებად სახელდებულ იდიომებს დიდი მეცნიერთა ნაწილი ქართული ენის კილოებად თვლის. ამის მიუხედავად, ის მაინც, რატომღაც, მეგრელებს, ლაზებს, ზემო სვანებს და ქვემო სვანებს არამხოლოდ ენობრივად, არამედ ეთნიკურადაც აცალკევებს (მიზანი: “გათიშე და იბატონე!”). 10

დღევანდელი საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია: ამჟამად საქართველო აქტიურად განიხილება ამერიკა-რუსეთის, ევროპა-რუსეთის, თურქეთ-რუსეთის, ევრაზიის გეოპოლიტიკურ კონტექსტებში; შესაბამისად, ბევრი დაინტერესებული მხარე ცდილობს, თავისი ინტერესების შესაბამისად წარმოაჩინოს რეალობა. შეიძლება ითქვას, ასეთი სახიფათო გლობალური დაპირისპირების ობიექტი არასოდეს ყოფილა კავკასიის ეს მცირეტერიტორიანი სახელმწიფო.

თანამედროვე საქართველოს წინააღმდეგ დიდ საინფორმაციო ომს აწარმოებს რუსეთის იმპერია; განსაკუთრებით მახინჯდება მონაცემები ქართველთა ენობრივ-ეთნიკური იდენტობისა და საქართველოს ისტორიის ბოლო 200 წლის შესახებ /როდესაც საქართველო ოკუპირებული იყო რუსეთის იმპერიის მიერ. ამ მიმართულებით საქართველოს ესაჭიროება საინფორმაციო თავდაცვითი სისტემის შექმნა, რომლის მიზანიც იქნება ქართველთა/საქართველოს შესახებ ობიექტური და დროული ინფორმაციის გავრცელება მსოფლიოში; კერძოდ, დროულადაა საჭირო:

  • ქართველთა ენობრივ-ეთნიკური და სახელმწიფოებრივი იდენტობის შესახებ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული არასწორი ინფორმაციების დაბალან-სება; აუცილებელია, ასევე, ქართული სამხედრო ჟურნალისტიკის განვითარება და კიბერთავდაცვითი მექანიზმის შექმნა;
  • საქართველოს (ქართველი ერის) შესახებ ობიექტური ეთნოლინგვისტური და ისტორიოგრაფიული რუკების დამუშავება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო თუ საენციკლოპედიო წრეებისთვის თანამედროვე ქართველოლოგიური კვლევების შედეგების მიწოდება…

 

***

TAMAR BELKANIA, TARIEL PUTKARADZE

 

INFORMATION WAR AGAINST GEORGIA

(GEOPOLITICAL CONTEXT)

 

Summary

 

Today Georgia is the center of attention of the world: at present Georgia is being actively discussed within the American-Russian, European-Russian, Turkish-Russian, Eurasian geopolitical contexts; therefore, many interested parties attempt to represent reality according to their interests. We may say, this small part of Caucasus has never been an object of such dangerous global confrontation.

Russian empire is carrying out a massive information warfare campaign against Georgia. Data on linguistic-ethnic identity of Georgians as well as 200 years of Georgia’s recent history (being occupied by Russia) are especially corrupt. Georgia is in need of information security system aiming at global dissemination of objective and timely information on Georgians and Georgia. Namely, the ur-gent activities include:

  • balancing corrupt data regarding linguistic-ethnic and state identity of Georgians that is widespread throughout the world; development of Georgian military journalism and establishment of a cyber security mechanism is essential;
  • designing objective ethnic-linguistic and historiographical maps of Georgia (Georgian nation);
  • providing international scientific community and encyclopedias with the results of modern Kartvelological research.

 

 

 ————————

1.            მსჯელობისათვის ვრცლად იხ. ტ. ფუტკარაძე. ,,რაცა ღმერთსა არა სწადდეს, ანუ მიმდინარე პროცესების შესახებ”, გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა”, 28 სექტემბერი, 1991 წ.

2.            აღსანიშნავია, რომ გარკვეული ძალები დღემდე ჩქმალავენ ამ მოვლენის არსს და საქართველოში კრემლის მიერ განხორციელებულ სამხედრო გადატრიალებას ,,სამოქალაქო ომად” ნათლავენ

3.              ე. შევარდნაძე საქართველოს საწინააღმდეგო ბევრ შეთანხმებაში მონაწილეობდა; იხ., მაგ., შევარდნაძისა და ბალტინის შეხვედრა 1993 წლის 3 ნოემბერს ფოთის ნავსადგურში რუსულ გემზე; შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი ზოგი სხვა ხელშეკრულების შესახებ იხ. აგრეთვე: ტ. ფუტკარაძე. აფსირტედან გამსახურდიამდე, ანუ აწმყოს უდაბნოში, თბ., 1999; ტ. ფუტკარაძე. იმერხევის მეტყველი მიწა-წყალი, ქუთაისი, 2007; ტ. ფუტკარაძე. ეთნოლინგვისტური ტერმინები და ევროპული ქარტია უმ-ცირესობათა ენების შესახებ, ქუთაისი, 2005.

4.            მაგ. აშკარად არამართებული კვალიფიკაციის გავლენის ქვეშ მოექცნენ უმცირესობის საკითხთა ევ-როპული ცენტრი-კავკასიის (ESMI) მიერ გამოქვეყნებული წიგნის: ,,მესხები: გზა შინისაკენ” (საქარ-თველო, 2011) ავტორები: ტომ ტრიერი, გიორგი თარხან-მოურავი და ფორესტ კილიმანიკი; შდრ. ავტორთა ფრაზა: ,,საცხოვრებელი ადგილის სოციალურ-კულტურულ გარემოსთან შეგუების შედეგად თურქულის მესხური დიალექტი ექცეოდა სხვა ენების, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანულის, ზეგავლენის ქვეშ ამ ენების ლინგვისტური სიახლოვის გამო” (გვ. 69. კარგი იქნებოდა, ამ საინტერესო გამოკვლევაში ნათლად თქმულიყო, რომ სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის სამეტყველო დიალექტები იყო ქართული ენის მესხური კილო და თურქული ენის დასავლეთ ანა-ტოლიური კილო (გვ. 69-72). მეგრული, სვანური და ლაზური იდიომების (მეტყველებების) კვალიფი-კაციის ისტორიის შესახებ იხ., ტ.ფუტკარაძე. ქართველთა დედაენა და დიალექტები, ქუთაისი, 2008.

5.            ,,Необходимо создать информационные войска, в составе которых будут государственные и военные СМИ. Цель информационных войск – создание нужной России реальности. Информационные войска работают как на внешнюю, так и на внутреннюю аудиторию. Персонал информационных войск слагается из числа дипломатов, экспертов, журналистов, операторов, писателей, публицистов, хакеров, переводчиков, сотрудников связи, РЭП, веб-дизайнеров.,, Информационные войска должны решать три основные задачи. Первая – стратегический анализ, вторая – информационное воздействие, третья – информационное противодействие. Они могли бы включать в себя основные составляющие, ныне находящиеся в различных министерствах, советах, комитетах. Действия во внешнеполитическом медиапространстве должны быть скоординированы.

Для решения первой задачи необходимо создать: стратегический анализ сетей управления (вхождение в се-ти и возможность их подавления); контрразведку; мероприятия пo оперативной маскировке; обеспечение безопасности собственных сил и средств; обеспечение безопасности информации.

Для решения второй задачи необходимо создать: антикризисный центр, государственный медиахолдинг по связям с телеканалами и информационными агентствами (с решением главной задачи – поставки на телека-налы и информагентства нужной России информации). В них задействуются государственные СМИ – «Голос России», «Маяк», ТРК «МИР», «РТР-Планета», Russia Today, «Руссия аль Яум»; по связи с общественностью; по подготовке журналистов для прикладной журналистики, военной печати, журналистов-международников, журналистов радио и телевидения.

Для решения третьей задачи необходимо создать центры определения критически важных информацион-ных структур противника, физического уничтожения, радиоэлектронной борьбы, психологических и сетевых операций (подготовка хакеров)…

6.              ჯ. ჰიუიტმა ეს მოსაზრება გამოთქვა 1999 წელს წერილში: ,,თანამშრომლობა კავკასიის საკეთილდღე-ოდ” (სტატია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას ინსტიტუტს სარეცენზიოდ გადასცა თურქეთში გამომავალი ჟურნალის ,,ჩვენებურების” რედაქციამ 1999 წელს); იხ., აგრეთვე: Hewitt, B.G. Abkhazia: a problem of identity and ownership. Central Asian Survey, vol. 12, no. 3, pp. 267–323, 1993; Hewitt, B.G. Demographic manipulation in the Caucasus. The Journal of Refugee Studies, vol. 8, no. 1, pp. 48–74, 1995; Hewitt, G. (ed.) The Abkhazians. Curzon Press, 1999. კრიტიკისათვის იხ.: http://www.scribd.com/doc/2273647/-Conflict-in-Abkhazia-Cases-of-Cooperation-in-Favour-of-Caucasus-or-again-Confederation-of-Caucasus). ,,სამეგრელოს ბუფერული სახელმწიფოს” იდეის პროვოცირებით რუსეთის იმპერიულ წრეებს სურთ, საქართველოს საბოლოოდ წაართვან აფხაზეთი.

7.              შდრ., მაგ. ა. დუგინის ხედვა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის შესახებ (Москва: Арктогея-центр, 1999): «Новый геополитический порядок на Кавказе” предполагает полный передел ныне существующих политических реальностей и переход от модели взаимоотношений государство-государство или нация-нация к чисто геополитической системе Центр-периферия, причем структура периферии должна определяться не политической, но этно-культурной дифференциацией. Это возможно осуществить через план создания «Кавказской Федерации», которая включала бы в себя как три кавказских республики СНГ, так и внутрироссийские автономные образования. Центр при этом уступал бы всему этому району культурно-экономическую автаркию, но обеспечивал бы жесточайший стратегический централизм…» (сс. 351-352).

8.              პროფ. ქევინ თუითის (კანადა) რეკომენდაციით ეს რუკა კომენტარებისთვის გადმოგვიგზავნა ლინ-გვისტური რუკების ფრანგმა სპეციალისტმა პატრიკ ლემონიერმა (Patrick LEMONNIER).

9.            სარწმუნო ჩანს ვარაუდი, რომ კულხა წარმოიქმნა ჭოროხის ხეობასა და კოლა-არტაანის მხარეში ძვ.წ. II ათასწლეულის შუა პერიოდში; საკითხის ისტორიისათვის იხ., მ. ინაძე. ტერმინები: ,,კოლხა” და ,,კოლხეთი” ანტიკურ მწერლობაში. _ კრ. საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ., 1993; ტ.ფუტკარაძე. ქართველები, ქუთაისი, 2005.

10.            http://lingvarium.org/raznoe/publications/caucas/alw_cau_ru.shtml; Коряков Юрий Борисович, Атлас кавказских языков; Москва: Институт языкознания, 2006, 39-42; შდრ. აქვე, ი. კორიაკოვი დარგუული ენის ნაცვლად 18 ენას გამოყოფს: დარგუულ კილოებს ენებად აცხადებს.

 

 

                             

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: