IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ბორავსკი- საქართველო 1917-1921

 

 

პეტრე ბორავსკი

 საქართველო 1917-1921 წლებში

 

ცნობისათვის: პირველ ოფიციალურ კონტაქტებს დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის ადგილი ჰქონდა 1918 წლის ოქტომბერში, როდესაც თბილისში დაფუძნდა პოლონეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა კავკასიაში. იოსებ პილსუდსკი, მაშინდელი პოლონეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელი, იმედოვნებდა, რომ საქართველოსთან, ხოლო შემდეგ კავკასიის ყველა სხვა რესპუბლიკასთან, დაამყარებდა მჭიდრო პოლიტიკურსა და სამხედრო კავშირებს. მოგვიანებით, პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ემიგრირებულ მთავრობასთან საფრანგეთშიც არ წყვეტდნენ ურთიერთობას. ცნობილია ისიც, რომ პოლონეთმა მიიღო და სამსახური მისცა ათობით ქართველ სამხედროს. იგი მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ასევე პარიზში მყოფ საქართველოს ემიგრაციულ მთავრობასაც.

რომანოვების დინასტიის დამხობას 1917 წელს კავკასია საკმაოდ მშვიდად შეხვდა. ადგილობრივი ელიტა პოლიტიკურ რეფორმებს, ცხოვრების დემოკრატიზაციას, ყველა მოქალაქისათვის თანასწორ უფლებებს მოითხოვდა და რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ეროვნულ სახელმწიფოებად დაყოფის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. დროებითი მთავრობის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ახლად შექმნილი რუსეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ერთმანეთს გაუთანაბრა მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა და სარწმუნოებრივი აღმსარებლობისა. თებერვლის რევოლუციის შედეგად ქართველმა მენშევიკებმა და ესერებმა დააფუძნეს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭო, რომელმაც ამიერკავკასიის ,,ნამესტნიკი”, ბრწყინვალე ,,კნიაზი” ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე აიძულა დაეტოვებინა თბილისი. დროებითმა მთავრობამ 1917 წლის მარტში თბილისში შექმნა ამიერკავკასიის კომიტეტი, რომელმაც დაიწყო მეფის ნაცვლის მოვალეობის შესრულება: 1917 წლის მაისში დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული კავკასიის საქმეთა კომისარიატი თბილისის კომიტეტს ცენტრალურ ხელისუფლებასთან პეტერბურგში აკავშირებდა.

დროებითი მთავრობის პოზიცია ამიერკავკასიაში საკმაოდ ძლიერი იყო. მას მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოები თბილისსა და ბაქოში, არამედ ამ რეგიონის ყველაზე ძლიერი პარტიებიც – აზერბაიჯანის მაჰმადიანთა დემოკრატიული პარტია ,,მუსავატი”, სომეხთა დაშნაკცუტუნები და ქართველი მენშევიკები. ამ სამივე პარტიის მთავარი მიზანი იყო ფართო ავტონომია რუსეთის რესპუბლიკის ჩარჩოებში. დროებით მთავრობას გუბერნიებში მხარს უმაგრებდა თურქეთის ანატოლიაში დაბანაკებული რუსეთის არმია. 1917 წლის გაზაფხულზე ამერკავკასიის

კომიტეტმა დიდი ძალისხმევის გარეშე შეძლო ადგილობრივი ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ჩამოაყალიბა საოლქო- სარაიონო კომიტეტები.

ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ამიერკავკასიაში დაბნეულობა გამეფდა. აქ დაბანაკებული რუსეთის არმია მალე გაიფანტა. მას გამოეყვნენ ურთიერთშორის მებრძოლი ფორმაციები, რომლებიც იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების გავლენის ქვეშ. მალე მთელი ამიერკავკასია გაივსო გაბოლშევიკებული სამხედრო ბანდებით, რომლებიც ძარცვავდნენ ყველას და ყველაფერს. ბოლშევიკების მხარეს გადმოვიდა აგრეთვე თბილისში მდგარი რუსული გარნიზონი.

ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველოში გაიზარდა დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის სულისკვეთება. 1917 წლის ნოემბერში მოიწვიეს ,,ქართული საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელთა ყრილობა”, რომელზედაც თითქმის ერთხმად მოიწონეს ,,საქართველოს გამოყოფა რუსეთის იმპერიისაგან”. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებსაც მოუწოდეს ფედერაციული სახელმწიფოს შექმნისაკენ, რომელშიც გაერთიანდებოდა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს ქართველ მენშევიკთა ლიდერი ნოე ჟორდანია.

მენშევიკები, დაშნაკები და მუსავატელები, რომლებსაც ეშინოდათ ბოლშევიკური გადატრიალების, 1917 წლის 11 ნოემბერს თბილისში ქმნიან ამიერკავკასიის კომიტეტს, რომელსაც უფლებამოსილება მიენიჭა სამხრეთ კავკასიაში საერთო რუსული დამფუძნებელი კრების მოწვევამდე. დამფუძნებელი კრების არჩევნებისას, ბოლშევიკებმა ძლივს მიიღეს ხმების 4.6 პროცენტი. თუმცა, ისინი არ შეურიგდნენ დამარცხებას და შეეცადნენ თბილისში სამხედრო გადატრიალების განხორციელებას, მაგრამ ქართული მილიციის მცირე რაზმებმა, რომლებიც ძირითადად ინტელიგენტებისა და მუშებისაგან შედგებოდა, თბილისის არსენალი დაიკავეს და აღკვეთეს პუტჩი. რუსეთის დამფუძვნებელი კრების დაშლის შემდეგ, ყოფილი დეპუტატებისაგან შედგენილი ამიერკავკასიის სეიმი სამხრეთ კავკასიის ხელისუფლების ლეგიტიმური ორგანო გახდა. იგი შედგებოდა 115 დეპუტატისაგან, სადაც გაერთიანდა 30 აზერბაიჯანელი მუსავატელი, 27 სომეხი დაშნაკი. დანარჩენ დელეგატებს წარმოადგენდნენ ქართველი ეროვნულ-დემოკრატები და ასევე რუსი ესერები, კადეტები და სოციალ-დემოკრატები. სეიმის ხელმძღვანელად აირჩიეს მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ ჩხეიძე.

სეიმის უმნიშვნელოვანეს ამოცანად იქცა ამიერკავკასიის დაცვა თურქეთის

ჯარებისაგან, რადგან ბოლშევიკურმა რუსეთმა 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით თურქეთს დაუთმო არამხოლოდ პირველი მსოფლიო ომის

დროს დაპყრობილი მიწები, არამედ ივალდებულა სტამბოლისათვის გადაეცა ამიერკავკასიის პროვინციები – ბათუმი, ყარსი და არდაგანი. თურქეთი ამ ტერიტორიების ანექსიის სანაცვლოდ რუსეთს სამხრეთ კავკასიის, ანუ საქართველოსა და სომხეთს უთმობდა.

ამიერკავკასიის კომისარიატისა და თურქეთის წარმომადგენლებმა ტრაპეზუნდში სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართეს. თურქებმა მოითხოვეს ზემოთ აღნიშნული პროვინციების გადაცემა. თურქეთის პოზიციის შეუვალობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მოლაპარაკებების დროს თურქეთის არმიამ დაიკავა არა მხოლოდ სადავო ტერიტორიები, არამედ იმუქრებოდა, რომ საქართველოსა და სომხეთის დანარჩენ ნაწილებსაც დაიკავებდა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ამიერკავკასიის სეიმმა უკან გაიწვია თავისი დელეგაცია. 14 აპრილს მცირერიცხოვან ქართველ მხედართა დამარცხების შემდეგ თურქეთმა ბათუმი დაიკავა. 21 აპრილს ომის გარეშე- ოზურგეთი, მაგრამ ორი დღის შემდეგ ქართველებმა ისინი დაამარცხეს და აიძულეს მოლაპარაკებებზე წასულიყვნენ.

სურდა რა ლეგალიზება მის მიერ დაკავებული ტერიტორიის, თურქეთი 1918 წლის აპრილში მოითხოვდა სეიმისაგან ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას. თურქეთის ულტიმატუმის ძალით, 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა ამ რეგიონის, როგორც ფედერაციული რესპუბლიკის, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მას ოფიციალურად ეწოდა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა.

28 აპრილს თურქეთმა ცნო ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა. რამდენიმე დღის შემდეგ, ორივე სახელმწიფოს წარმომადგენლები ბათუმში შეხვდნენ ერთმანეთს, რათა სამსვიდობო ტრაქტატის პირობებზე შეთანხმებულიყვნენ. ამიერკავკასიის ხელისუფლება მზად იყო მიეღო ბრესტის ზავის პირობები, ანუ თურქეთისათვის დაეთმო არდაგანის, ყარსისა და ბათუმს ოლქები. მაგრამ ამ დათმობებმა არ დააკმაყოფილეს თურქი ხელისუფალნი და მოითხოვეს ,,დაებრუნებინათ” მათთვის სამხრეთ საქართველოს გამაჰმადიანებული ქართველებით დასახლებული ტერიტორიები და ასევე ეთნიკური სომხეთის მიწების ორი მესამედი. იმავდროულად თურქებმა კავკასიაში განახორციელეს გაცხოველებული დივერსიული ოპერაციები. ამიერკავკასიის ხელისუფლება აქტიურად შეუდგა ევროპის სახელმწიფოთა შორის მხარდამჭერის ძებნას. არჩევანი გერმანიაზე შეჩერდა, რომელსაც ამ დროს გაძლიერებული პოზიიციები ეკავა ამიერკავკასიაში და შეეძლო წარმატებით უკუეგდო

თურქთა შეტევები. როდესაც თურქ- ამიერკავკასიელთა კამათში მედიატორად გერმანია ჩაერთო, ქართველებმა და სომხებმა მიიღეს მისი წინადადება, სამაგიეროდ აზერბაიჯანელები მკვეთრად აკრიტიკებდნენ ევროპელთა აქტიურობას რეგიონში.

იმ სიტუაციაში, როდესაც ქართველთა, სომეხთა და აზერბაიჯანელთა წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ერთობლივი პოზიცია დაეკავებინათ

თურქეთის მიმართ, ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ამიერკავკასიის ფედერაციის არსებობას აზრი დაეკარგა. მისმა დამაარსებლებმა გადაწყვიტეს ცალ-ცალკე ეძებნათ თავიანთი სამშობლოს ხსნის გზები. ამიერკავკასიის ფედერაცია გაიყო სამ სახელმწიფოდ – საქართველოდ, სომხეთად და აზერბაიჯანად.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნებათა საბჭო იქცა დროებით პარლამენტად.მის შემადგენლობაში 113 კაცი შედიოდა. დროებითი საბჭოს თავმჯდომარე იყო ნოე რამიშვილი. კარგად ჰქონდა რა გათვითცნობიერებული საქართველოს სამხედრო მდგომარეობის სისუსტე, რამიშვილმა თურქების წინააღმდეგ დახმარებისათვის გერმანელებს მიმართა. გერმანელებს ამ დროისათვის სურდათ მტკიცედ მოეკიდათ ფეხი ამიერკავკასიაში. მათ 1918 წლის მაისში, გერმანია – საქართველოს ხელშეკრულების ძალით, საქართველოში გამოგზავნეს რამდენიმე ბატალიონი. ამრიგად, სურდათ ,,ერთი დარტყმით” დაეკავებინათ ქართული მანგანუმი და დაეწესებინათ კონტროლი ნავთობის საბადოებზე. სამაგიეროდ, გერმანელები ქართველებს ჰპირდებოდნენ, რომ შეაჩერებდნენ თურქეთის სწრაფვას ბრეტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების გარეთ მყოფი საქართველოს ტერიტორიების მისატაცებლად.

გერმანელების მხარდაჭერით, საქართველომ შესძლო გაეფორმებინა ხელშეკრულება თურქეთთან იმ პირობებით, რომელიც ჩამოყალიბდა ბრესტ-ლიტოვსკში. გერმანელთა ჯარების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე იძლეოდა დამოუკიდებლობისა და თავდაცვის გარანტიას, როგორც ბოლევიკების, ასევე თურქებისაგან.

ბოლშევიკური გადატრიალების საფრთხე დამოკლეს მახვილივით ეკიდა საქართველოს თავზე. ქართველმა კომუნისტებმა აჯანყება მოაწყვეს სახელმწიფოს ცენტრალურ ნაწილშიც კი და დუშეთის რაიონი დაიკავეს. ბოლშევიკური მღელვარება მოედო იმერეთსაც, მაგრამ რუსეთიდან მართულ ამ გამოსვლებს ქართული საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ მოჰყოლია. 1918 წლის შემოდგომაზე მენშევიკების ხელისუფლებამ თითქმის სრულიად გაანადგურა კომუნისტური მოძრაობა რესპუბლიკაში.

მოკლევადიანი დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე საქართველომ არამხოლოდ უკუაგდო თავდასხმები თურქეთისა და რუსეთის მხრიდან, ჩაახშო ეთნიკურ უმრავლესობათა ამბოხებები, არამედ იძულებული შეიქმნა სომხეთის წინააღმდეგაც ებროლა. 1918 წლის ოქტომბერში სომეხმა დაშნაკებმა თავიანთ ჯარებს უბრძანეს დაეპყროთ ქართული დასახლებული პუნქტები. ჯავახეთისა და ბორჩალოს დაპყრობის შემდეგ, თბილისის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და მოითხოვეს ამ ტერიტორიების დათმობა.

1918 წლის დეკემბერში მოხდა დიდი ბრძოლა. სრული განადგურებისაგან სომხები ინგლისელმა და ფრანგმა ელჩებმა იხსნეს. მათი მოთხოვნით,

საქართველომ და სომხეთმა ურთიერთთავდაუსხმელობის ხელშეკრულება დადეს.

1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობას დაემუქრა გენერალ ანტონი დენიკინის არმია. დენიკინი აშკარად მოითხოვდა მოსკოვის ხელისუფლებისაგან საქართველოს დამორჩილებას. მის ამ მოთხოვნებს მხარს უჭერდნენ ბრიტანელი დიპლომატები, რომლებიც ამ რეგიონს რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევდნენ. მათი აზრით, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის დამოუკიდებლობა ილუზიური იყო. ბრიტანელები პოლიტიკური შანტაჟის გზით თბილისის მიმართ, ეხმარებოდნენ დენიკინს ჩამოეგლიჯა აფხაზეთი საქართველოსათვის.

თეთრი რუსეთის მხრიდან საშიშროებამ ამიერკავკასიის რესპუბლიკები – საქართველო და აზერბაიჯანი აიძულა შეკავშირებულიყვნენ. 1919 წლის 16 ივნისს მათ შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დაიდო. საქართველოს დედაქალაქში ჰპოვეს თავშესაფარი ასევე დენიკინის მიერ განადგურებული მთის რესპუბლიკის ლიდერებმა.

1919 წლის ივნისში საქართველოს, აზერბაიჯანის და მთის რესპუბლიკის დელეგაციებმა ანტანტის უმაღლეს საბჭოში, პარიზში, შეიტანეს საჩივარი, სადაც დენიკინის არმიას უჩიოდნენ, რომელიც უხეშად არღვევდა კავკასიელი ხალხების ნებას. მიუხედავად ინგლისისა და საფრანგეთის მოთხოვნისა, დენიკინი არ აპირებდა მოლაპარაკებების დაწყებას თბილისთან და ბაქოსთან. მხოლოდ თეთრგვარდიელი რუსების სამხედრო კონფლიქტმა ბოლშევიკებთან გააუმჯობესა ვითარება ამიერკავკასიის რესპუბლიკებში. დენიკინის არმიის განადგურებამ აიძულა დიდი ბრიტანეთი დე ფაქტოდ ეცნო აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობა 1920 წლის 20 იანვარს.

1920 წლის აპრილში წითელმა არმიამ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის უმრავლესი რაიონები დაიპყრო. აზერბაიჯანის ეროვნული არმიის ნაწილები, რომლებიც თურქებმა მიატოვეს, რამდენიმე კვირა კიდევ იცავდნენ თავს. რუსეთს აღარ დაუცდია აზერბაიჯანის სრული დაპყრობისათვის და უკვე 1920 წლის 1 მაისს გადაკვეთეს აზებაიჯან- საქართველოს საზღვარი. მათ მოულოდნელი თავდასხმით მოინდომეს თბილისის დაპყრობა, მაგრამ აქაურმა გარნიზონმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია; განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს ოფიცერთა სკოლის კადეტებმა, აიძულეს რა ბოლშევიკები უკან დაეხიათ. რუსებს მაინც არ აუღიათ ხელი თბილისის დაპყრობაზე და 2 მაისს, დილით, კავალერია გამოაგზავნეს, რომელსაც წითელ ხიდთან მოულოდნელი წინააღმდეგობა გაუწია ქართული ჯარის ნაწილებმა. ეს შეტაკება ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.

სამხედრო მოქმედებები საქართველოში 5 მაისამდე გაგრძელდა. მას რუსებისათვის დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა. ამიტომ ამ ოპერაციებზე დიდი რაოდენობით ჯარისკაცებსაც არ აგზავნიდნენ. ბოლშევიკები ეცადნენ

ამგვარად ამოეცნოთ არა მხოლოდ საქართველოს სამხედრო მომზადება, არამედ ევროპის რეაქცია თავიანთ მოქმედებებზე.

საქართველოს დამოუკიდებლობა გაახანგრძლივა პოლონეთისა და ბოლშევიკების ომმა, რომელიც მოსკოვისათვის მარცხით დასრულდა. გასათვალისწინებელია, რომ, როდესაც პოლონეთის ჯარები კიევს უახლოვდებოდნენ, სწორედ მაშინ მოაწერეს რუსებმა ხელი საქართველოსთან ხელშეკრულებას. თბილისში არავის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ამ ტრაქტატს დროის გაყვანის დანიშნულება ენიჭებოდა და რომ მცირე ხნით ყოვნდებოდა საქართველოს ანექსია. დოკუმენტი, რომელსაც ლენინმა ,,მეგობრობის ტრაქტატი” უწოდა, ხელმოწერილი იქნა 1920 წლის 7 მაისს, ანუ მაშინ, როდესაც პოლონეთის ჯარებმა კიევი აიღეს.

ქართველმა მენშევიკებმა, გრძნობდნენ რა ბოლშევიკურ საშიშროებას, ძალიან გააქტიურეს თავიანთი მოქმედება საერთაშორისო არენაზე. ქართველთა დიპლომატიური ძალისხმევა, რომ საქართველო ერთა ლიგას ეცნო, სანახევრო წარმატებით დასრულდა. როდესაც ბოლშევიკური საფრთხე ძალზე ნათელი გახდა, ანტანტის უმაღლესმა საბჭომ 1921 წლის 26 იანვარს სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საქართველოს პრობლემას ბოლშევიკური რუსეთის საშინაო საქმედ მიიჩნევდნენ და ხელს უშლიდნენ საქართველოს მიღებას ერთა ლიგაში. ამ ორგანიზაციის გაწევრიანებამ შესაძლოა დაიცვა საქართველო, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროით მაინც, რუსეთის თავდასხმისაგან. თუმცა ეს სახელმწიფოები ანგარიშს უწევდნენ ამ გარემოებას, რომ რუსეთი, ,,თეთრი” თუ ,,წითელი”, ვერ შეურიგდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

პოლიტიკური დამკვირვებლებისათვის ცხადი შეიქმნა, რომ რუსეთის მიერ აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპყრობა უკვე ძალზე ბევრს ნიშნავდა საქართველოსათვის. მაგრამ მოსკოვი ბოლო წუთებამდე არ ამჟღავნებდა საქართველოს დაპყრობის მისწრაფებას. პროვოკაციები საქართველოს საზღვართან ხშირდებოდა. ეჭვს იწვევდა ასევე თურქეთის პოზიციაც, დასავლეთევროპელი დიპლომატების უმოქმედობაც უბიძგებდა რუსეთს საქართველოზე თავდასხმისაკენ. 1920 წლის ბოლოს ბრიტანეთის პრემიერმა ლოიდ ჯორჯმა საბჭოთა ელჩს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი კავკასიას რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევს, თუმცა ეს განცხადება არ აკმაყოფილებდა ლენინს, რომელიც შიშობდა, რომ საქართველოზე აგრესია არა მხოლოდ ინგლისელების, არამედ თურქების გაღიზიანებასაც გამოიწვევდა. მას კი, ამ უკანასკნელებთან ურთიერთობის გამწვავება არ სურდა.

ლენინის შიშს არ იზიარებდა სტალინი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა განეხორციელებინა საქართველოზე თავდასხმა. მას სწორედ ჰქონდა შენიშნული, რომ საერთაშორისო სიტუაცია ხელსაყრელი იყო ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

როდესაც სწრაფი ანექსიის მომხრეებმა ვერ შეძლეს გამოეწვიათ ,,მშრომელი ხალხის” აჯანყება ქართველი ,,ფეოდალებისა და კაპიტალისტების” წინააღმდეგ, გადაწყვიტეს საქმე სამხედრო ნაწილების საშუალებით დაესრულებინათ. დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთის არმიას თან მიჰყავდა მომავალი საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობა. მისი ხელმძღვანელი იყო ფილიპე მახარაძე. ლორის პროვინცია დაბა შულავერში ამ ,,მთავრობამ” ანტიმენშევიკური სახალხო აჯანყება გამოაცხადა. მაგრამ საქართველო მაინც ვერ მოიცვა რევოლუციის ხანძარმა – მოსახლეობის უმრავლესობა მენშევიკების მხარეს იყო. საბჭოთა აგენტებმა შესძლეს მხოლოდ ეთნიკური უმცირესობა აეჯანყებინათ. ანტიქართულმა ,,აჯანყებამ” იფეთქა დღევანდელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსთა შეიარაღებული რაზმების მხარდაჭერით.

თავდაპირველად საქართველოს მთავრობამ რუსის ჯარის შემოჭრა მორიგ პროვოკაციად ჩათვალა და მოსკოვში პროტესტი გაგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარიატმა უპასუხა, რომ არაფერი არ იცის მომხდარის შესახებ და ყველაფერი სომხეთს დააბრალა.მაშინ თბილისში მყოფმა სომხეთის წარმომადგენელმა გააპროტესტა ეს განცხადება და საქართველოს მთავრობას აცნობა, რომ ამ საქმეში სომხეთი არ ურევია. ამასობაში რუსთა არმიებმა საქართველოს აზერბაიჯანიდანაც შეუტია. საქართველოს ხელისუფლება შეეცადა მოლაპარაკება გაემართა რუსეთთან, მაგრამ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა კომისრის მოადგილემ კარახანმა განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია, რადგან … დაზიანებული იყო სატელეფონო კავშირი.

რუსებმა ამგვარი ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან რამდენიმე დღე გააგრძელეს, რომლის დროსაც არმიამ დაამარცხა ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი.18 თებერვალს რუსები თბილისის მისადგომებთან ქართველთა მოულოდნელ წინააღმდეგობას წააწყდნენ. თბილისის სისხლისმღვრელი ბრძოლები 4 დღეს გაგრძელდა და რუსების განადგურებით დასრულდა.

მაგრამ ამ წარმატებას არ შეეძლო მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა მოვლენების საერთო მიმდინარეობაში და მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა რამდენიმე სხვა ადგილასაც სცადეს მძაფრი წინააღმდეგობის გაწევა მტრისათვის (მცხეთასთან, გორთან, გაგრაში, გუდაუთაში, სოხუმში, ზუგდიდში, ონში, ლეჩხუმში) საქართველოს მთავრობა მაინც იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

ამ ამბებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ნოე ჟორდანია დაწერს: ,,უმთავრესი პრობლემა იყო იარაღი და ტყვია -წამალი. ყველა მხარეს გავაგზავნეთ ტელეგრამები, მაგრამ არავინ არ გამოგვხმაურებია. მხოლოდ ლონდონიდან მივიღეთ პრინციპული უარი”. იარაღის მიწოდების ნაცვლად 12 მარტს საქართველოს თურქეთის არმიამ შემოუტია. თურქეთ-რუსეთის

საიდუმლო მოლაპარაკების საფუძველზე, ბოლშევიკებისათვის დახმარების სანაცვლოდ, თურქეთი საქართველოს სამხრეთს – არდაგანს, ართვინს და აჭარის ნაწილს მიიღებდა. სამაგიეროდ, თურქეთი საქართველოს ჰპირდებდა შეენარჩუნებინა მისთვის ბათუმი. მიიღეს რა ქართველების თანხმობა ამ საკითხზე, თურქებმა ბათუმის დაპყრობაც მოინდომეს. საქართველოს მთავრობამ, დაინახა რა წინააღმდეგობის გაწევის უაზრობა, ბათუმი ბოლშევიკებს გადასცა. ამის შემდეგ, 1921 წლის 18 მარტს საფრანგეთისა და ინგლისის გემებით, საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ სამშობლო დატოვა.

თუმცა დამოუკიდებელი საქართველო მხოლოდ სამი წელიწადი არსებობდა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან დაამტკიცა, რომ ღირსი იყო თავისუფლებისა. ეჭვგარეშეა, რომ თუ არა აგრესია რუსეთის მხრიდან, საქართველო შესძლებდა თავისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას.

დაიბეჭდა ჟურნალ ,,ეპოქის” 1998 წლის მაისის ნომერში

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: