IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ქართლ-კახეთი XVIIIს-ის უკანასკნელ მეოთხედსა და XIXს-ის დამდეგს

• Georgia – საქართველო

***

paata-bukhrashvili

 პაატა ბუხრაშვილი

               

ქართლ-კახეთი XVIIIს-ის უკანასკნელ მეოთხედსა

და XIXს-ის დამდეგს

    XVIIIს-ის 50-იანი წლებიდან ქართლ-კახეთის სამეფო აღორძინების გზას დაადგა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის გონივრულმა პოლიტიკამ შესამჩნევად შეამსუბუქა ე.წ. “ოსმალობა-ყიზილბაშობის” მძიმე მემკვიდრეობა. ქართლ-კახეთის სამეფო 1744 წლიდან ფაქტიურად, ხოლო 1762 წლიდან იურიდიულად ერთ სამეფოდ გაერთიანდა.

    ქვეყანაში მატერიალური დოვლათის მწარმოებელთა ძირითადი ნაწილი _ გლეხობა XVIII-ის მეორე ნახევრისათვის მტკიცედ იყო მიმაგრებული მიწაზე, რომელიც მეფის ოჯახის, თავადების, აზნაურებისა და საეკლესიო მფლობელობაში შედიოდა. მართალია, ამ პერიოდისათვის საქართველოში თავისუფალ მიწათმფლობელ გლეხთა არსებობის პირობები შეზღუდული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, XVIIIს-ის მეორე ნახევრის აღმ. საქართველოში თავისუფალ გლეხთა ფენა არსებობდა. რაც მთავარაია, ქვეყნის მმართველ ზედაფენაში სრულიადაც არ არსებობდა გაუცხოების სინდრომი დაბალი ფენებისადმი. პირიქით შეიმჩნეოდა ზრუნვა “გლეხკაცის” მიმართ, რადგანაც ქართლ-კახეთის პროგრესულად მოაზროვნე სახელმწიფო მოღვაწეებს კარგად ესმოდათ, რომ ქვეყნის დაუძლურების უმთავრესი მიზეზი სწორედ ამ “გლეხკაცის ამოწყვეტა” იყო. ამიტომაც ხელისუფალი (ამ პერიოდში ერეკლე II) აქტიურად ერეოდა ბატონისა და ყმის ურთიერთობის საკითხებში და მებატონეს “ბატონყმობის რიგის” დაცვას ავალდებულებდა. იგი კრძალავდა გლეხის ოჯახის წევრების გაყვანას _ დიდი ოჯახის ხელოვნურად დაშლას, ხოლო ტყვეობიდან თავის მეოხებით დაბრუნებული გლეხი თავისუფალი ხდებოდა.

    ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლებამ, რაც აღმ. საქართველოში XVIIIს-ის 60-იანი წლებიდან შეიმჩნევა, სტიმული მისცა ახალი რიგის მემამულეების _ კერძო საბატონოების მფლობელობის წარმოჩენას. კერძო საბატონო საკუთრება გულისხმობდა მიწაზე კერძო მეურნეთა მფლობელობას, რაც ხელს უწყობდა ინტენსიური მეურნეობის განვითარებას. ამან აამაღლა შრომის ნაყოფიერება, შექმნილი დოვლათი ქალაქების ბაზრებზე გამოვიდა. აღორძინება დაეტყო თბილისს, გორს, თელავს.

    XVIIIს-ის მეორე ნახევრიდან ცალკეული ფეოდალური სახლები აღებ-მიცემობაში ებმებიან და გარკვეულ ადგილსაც იჭერენ. ამ მხრივ განსაკუთრებით თუმანაანთ სახლია საინტერესო [1, 177].

    თბილისში შესამჩნევად ვითარდება ხელოსნობა. რადგანაც თბილისის ამქრებში იძულება თითქმის არ იყო, ეს ხელს უწყობდა თავისუფალი მუშა-ხელის მოზიდვას. ხელოსნობა ასევე კარად იყო განვითარებული ქართლ-კახეთის სხვა ქალაქებშიც. ხელოსნობის განვითარება ხელს უწყობდა ვაჭრობის გაცხოველებასაც. თბილისი ამიერკავკასიის უპირველესი სავაჭრო-სამრეწველო ცენტრი იყო.

    სარწმუნო ცნობით, XVIIIს-ის 80-იანი წლებისათვის ქართლ-კახეთის “სახელმწიფოს მხოლოდ ფულადი შემოსავლები მიწისმხვნელებიდან, ვერცხლის, ოქროს და სპილენძის მაღაროებიდან, ბაჟიდან, წყლისა და თამბაქოს იჯარიდან, ქალაქებიდან _ განჯასა და ერევნიდან, მეზობელი სახანოებიდან მიღებული საჩუქრების ჩათვლით, აღწევდა ოთხასი ათას მანეთს ოქროთი და ვერცხლით.” უფრო ზუსტი ცნობით ქართლ-კახეთის სამეფოს ფულადი შემოსავალი (80-იან წლებში) 713.200 მანეთს შეადგენდა [2, 173]. ყოველივე აღნიშნული მიგვითითებს იმაზე, რომ ამ პერიოდში ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს მდგომარეობა ნამდვილად არ იყო კატასტროფული და გამოუვალი.

    1770-იანი წლების ბოლოს რუსეთს მმართველ წრეებში დიდ ყურადღებას იჩენდნენ ე.წ. ბერძნული პროექტის მიმართ, რომელიც მთლიანად ოსმალეთის წინააღმდეგ იყო გამიზნული. ჯერ კიდევ ქუჩუკ-კაინარჯის ზავის (1774წ.) შემდეგ თავად გრ. პოტიომკინმა იმპერატრიცა ეკატერინეს წარუდგინა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ოსმალთა განდევნას ევროპიდან და კონსტანტინეპოლში ბერძნული სახელმწიფოს აღდგენას რუსი ხელისუფალის სკიპტრის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ როდესაც 1779 წლის აპრილში დაიბადა ეკატერინეს მეორე შვილიშვილი (პავლე უფლისწულის ვაჟი), მას სახელად დაარქვეს კონსტანტინე იმ განზრახვით, რომ შემდგომში იგი უნდა გამხდარიყო ამ ბუფერული სახელმწიფოს იმპერატორი. 1782 ეს წელს პროექტი შემუშავებულ იქნა და იმავე წლის ნოემბერში ეცნობა ავსტრიას, რომლის დახმარებითაც რუსეთი აპირებდა საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანას. მოცემული პროექტის განხორციელებას მრავალი დაბრკოლება ეღობებოდა, რომელთაგან განმსაზღვრელი იყო ის, რომ ოთხ მილიონიანი ბერძენი ხალხი მაშინ გაბნეული იყო სხვადასხვა ქვეყნებში და განზრახულ ბერძნულ სახელმწიფოს ტერიტორიაზე უმცირესობას წარმოადგენდა.

    ავსტრიის კარზე ამ პერიოდისათვის გაჩნდა ახალი ალტენატიული პროექტი, რომლის თანახმადაც განსაზღვრული იყო შავი ზღვის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპირო მხარეებში დაეარსებინათ ქრისტიანული სახელმწიფო და ამით აღედგინათ “მითრიდატეს სამეფო” (ამ სახელითვე იყო ცნობილი ეს პროექტი). ერეკლეს მეთაურობით ქართლ-კახეთის სამეფოს ამ პროექტის განხორციელებაში ერთ-ერთი თვალსაჩინო როლი ეკისრებოდა. ამ პროექტის შესახებ ცნობას, ალბათ კათოლიკე პატრების საშუალებით მოუღწევია ერეკლე II-ის ყურამდეც, რომელმაც 1781 წელს გაგზავნა ერთი კათოლიკე პატრთაგანი ვენაში თხოვნით გერმანიის (ავსტრიის) იმპერატორის კარზე, მაგრამ პატრი გზაში,  სტამბოლში გარდაცვლილა. მეორე წელს, ახლა უკვე აღნიშნული ცნობის უფრო აშკარად დადასტურების შემდეგ, ქართლ-კახეთის მეფე საჩქაროდ აგზავნის მორიგ დესპანს ვენაში, რეგულარული ჯარის შესაქმნელად საჭირო მატერიალური დახმარების თხოვნით. დესპანს მსგავსი წერილები მიჰქონდა რომის პაპის, საფრანგეთის, ნეაპოლის მეფეების და ვენეციის რესპუბლიკის მეთაურის სახელზეც. მაგრამ რუსეთში, რის გავლითაც ერეკლეს წარგზავნილი გამგზავრებულა, ეს წერილები ხელში ჩაუვარდათ იმპერიის ჩინოსნებს, რომელთაც ჩაშალეს ერეკლეს დიპლომატიური წამოწყება. რუსეთის სამეფო კარმა ამის შემდეგ სასწრაფოდ გამოგზავნა თავისი გამოცდილი ემისარი  (1778-81წწ.), ქართლ-კახეთში უკვე ნამუშევარი, წარმოშობით გერმანელი იაკობ რეინეგსი. ამასთანავე, რუსეთის რეზიდენტურამ გააცხოველა მუშაობა ამიერკავკასიის სომხებთანაც, რომლებიც ამ დროს ყველაზე კომპაქტურად ცხოვრობდნენ ყარაბაღის მთიან ნაწილში (7 ათასი კომლი), სადაც ისინი შეადგენდნენ ხუთ სამელიქოს (სათავადოს). განზრახული იყო ყარაბახის და ყარადაღის ხანი იბრაიმის გადაგდება და სომხური სახელმწიფოს შექმნა რუსეთის მფარველობის ქვეშ.

    პარალელურად რუსეთმა დაიწყო აქტიური ქმედებანი ყირიმის სახანოსა და ყუბანისპირეთში მცხოვრები ნოღაელების წინააღმდეგ. 1783 წლის აპრილში რუსის ჯარი შევიდა ყირიმში. ამას მოჰყვა ნოღაელების აჯანყება, რომელიც გაუგონარი სისასტიკით სისხლში ჩაახშო გენ. სუვოროვმა. მარტო ერთ ბრძოლაში დაიღუპა 3 ათასი ნოღაელი, ხოლო მეორეში 4 ათასზე მეტი. ამის შედეგად ნოღაელებმა დაკარგეს 30 ათასი ცხენი, 40 ათასი მსხვილფეხა საქონელი და 200 ათასი ცხვარი. ყველაფერი ეს (ფაქტიურად ამ განადგურებული ხალხის მთელი სიმდიდრე) ხელში ჩაუვარდათ რუს კაზაკებს. ნოღაელები ვინც გადარჩნენ, გადაბარგდნენ ადიღების ქვეყანაში. ამის შემდეგ მთელი მხარე დონიდან ყუბანამდე დაცარიელდა, რომელიც კოლონიზირებული იქნა რუსი კაზაკების მიერ [3, 9-10].

    ჯერ კიდევ 1752 წელს ქართლ-კახეთის მეფეებმა თეიმურაზმა და ერეკლემ რუსეთში ელჩად გაგზავნეს ათანასე თბილელი და სვიმონ მაყაშვილი. ამ ელჩობამ, როგორც ცნობილია შედეგი ვერ გამოიღო. 1760 წელს თავად თეიმურაზ II გაემგზავრა პეტერბურგს ასტრახანის გავლით. იგი იმედოვნებდა, რომ მიიღებდა რაიმე დახმარებას მაინც საიმპერატორო კარიდან, მაგრამ ეს ცდაც უნაყოფო გამოდგა. უნაყოფო იყო ერეკლეს, უკვე გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს ხელისუფალის, მესამე ცდაც 1772 წელს. რუსეთი ფიქრობდა, რომ იმჟამად საქართველოს ისინი ვერ დაინარჩუნებდნენ, რადგანაც ქვეყანა ისე არ იყო ჯერ დასუსტებული და დაუძლურებულ-დავარდნილი, რომ მთლიანად დაყაბულებულიყო “მოკავშირის” ნება-სურვილს. როგორც ცნობილია, რუსეთს დაზვერვის საქმე საქართველოში და საერთოდ კავკასიაში შესანიშნავად ჰქონდა მოგვარებული. ამას თან ერთვოდა ის საოცარი მიამიტობა, რომლის თანახმადაც ქართველი პოლიტიკოსები თავიანთ სიხარულსა და გაჭირვებას (“ნუჟდას”) დაუფიქრებელი გულახდილობით უზიარებდნენ რუსეთის სახელმწიფო ჩინოსნებს [1, 28]. როგორც აღნიშნავენ, რუსეთის დაზვერვის აქტივობა უფრო თვალსაჩინო ხდება 1783 წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის “მფარველობითი” ტრაქტატის დადების შემდეგ. განსაკუთრებით ნათლად შეინიშნება ეს საქართველოს საელჩოს მაგალითზე, რომელიც რუსეთის სამეფო კართან დაარსდა პეტერბურგში, რის შედეგადაც რუსეთი მიმდინარე მოვლენათა საქმის კურსში იყო და ყოველთვის მომზადებული ხვდებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს გეგმებს.

    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1782 წელს რუსეთმა, კერძოდ კი თდ. გ.ა. პოტიომკინმა მოლაპარაკება დაიწყო ერეკლე II-სთან ექიმ რეინეგსის მეშვეობით. რეინეგსს უნდა დაერწმუნებინა ერეკლე, რომ თითქოს რუსეთს სხვა არაფერი აქვს მიზნად, თუ არა ერთმორწმუნე საქართველოს დაცვა. სხვათა შორის, ამ გაქნილსა და კავკასიის საქმეებში ერთობ კარგად გარკვეულ ემისარს დავალებული ჰქონდა, რომ “აღეძრა” მეფე, ეთხოვა ფორმალური მფარველობა რუსეთისადმი, რასაც მოჰყვა უმაღლესი ნებართვა. მართლაც, 1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლემ რუსეთის იმპერატორის მფარველობა ითხოვა, რაც წინასწარ იყო შემზადებული რუსეთის რეზიდენტურის მიერ.

    ერეკლემ რუსეთის სამეფო კარისადმი ჯერ კიდევ 1772 წლის წარდგინება გაიმეორა და დაუმატა ახალი “სათხოვარი პუნქტებიც.” ყოველივე ამის საფუძველზე 1783 წლის 24 ივნისს ციხე-ქალაქ გეორგიევსკში დაიდო მფარველობითი ტრაქტატი რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. რუსეთის დიპლომატიამ შესანიშნავად იცოდა, რომ ერეკლეს კავშირი რუსეთთან ყველაზე მეტად სამხედრო დახმარების მისაღებად სურდა, ამიტომ იყო, რომ პოტიომკინი ჰპირდებოდა ერეკლეს _ დაიდება თუ არა ტრაქტატი, ჩვენი ჯარი იმწამსვე გადმოვა თქვენს ქვეყანაში და დაიცავს მის საზღვრებსო. ამით დაიმედებული ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ ძლიერი რუსეთის იმპერიის პოლიტიკური სუზერენობის აღიარებით შესაძლებელი იქნებოდა ქართული დასავლური სახელმწიფოს არსებობა (ასე ესმოდათ მათ “შეერთება”), რაც მათი აზრით სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერებისა და სრული დამოუკიდებლობის მოპოვების საწინდარი გახდებოდა.

    1783 წლის ტრაქტატის ოფიციალური ნაწილი ისეა გაფორმებული, რომ თითქოს ეს მხოლოდ ქართველების სურვილის შედეგად მოხდა და რუსეთის სამეფო კარი მოწყალებას იღებდა. მართალია, ქართლ-კახეთის სამეფო დიდად იყო დაინტერესებული იმაში, რომ ამგვარი ხელშეკრულების გზით სამხედრო დახმარება მიეღო, მაგრამ ტრაქტატი იმ კონკრეტულ ვითარებაში რუსეთის იმპერიის დამპყრობლურ მიზნებს ემსახურებოდა და მისი გაფორმების შედეგად ძირითადად ამ სურვილების მაქსიმალურად რეალიზაცია მოხდა. არსებული დოკუმენტიდან ჩანს, რომ ეს ხელშეკრულება ორივე მხარის თანასწორუფლებიანობას გამორიცხავდა და ძლიერი რუსეთის უპირატესობას ემყარებოდა.

    როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო პოლიტიკა აშკარად დამპყრობლურ ხასიათს ატარებდა. საქართველოს მიმართ ამგვარი ზრახვები თვალნათლივ ჯერ კიდევ რუსეთ-თურქეთის 1768-74 წწ. ომის მსვლელობის დროს გამოვლინდა, როცა რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში გენ. ტოტლებენის კორპუსი შემოგზავნა. თუ რა მიზნები და ამოცანები ჰქონდა ამ “დამხმარე” ჯარს, ნათლად იკვეთება იმ წერილში, რომელიც სამეფო კარის საიდუმლო მრჩეველმა გრაფმა ნ. პანინმა გამოუგზავნა გენერალ ტოტლებენს 1770 წ. 16 ივლისს. წერილში ნათქვამია: “საქართველოს სიშორე და მგზავრობის სიძნელე არის მიზეზი იმისა, რაც ამ მიწების ათვისებას ჯერ-ჯერობით სათუოდ ხდის. შესაძლებელია მომავალში გამოჩნდეს საშუალებანი ამ სიძნელეთა დაძლევისა.” და როცა რუსეთისათვის ეს სიშორე და უგზოობა სიძნელეს აღარ წარმოადგენდა, შეიერთა კიდეც საქართველო.

    ასევე საინტერესოა ინსტრუქცია, რომელიც იმპერატრიცა ეკატერინემ გაუგზავნა კაპიტან იაზიკოვს 1770 წლის 9 ივლისს. მასში რუსეთის ხელისუფალი არ მალავს, რომ ქართლ-კახეთის მეფის განდევნა და საქართველოს დაუფლება ომის პერიოდში სასურველი მოვლენა იქნებოდა, ოღონდ იმ პირობით, რომ რუსეთის მდგომარეობა ფრონტზე არ გართულებულიყო. სასურველი იყო ერეკლეს განდევნა ისე მომხდარიყო, რომ ამას არ გამოეწვია დაპირისპირება რუსთა და ქართველთა სამხედრო ძალებს შორის. მაშასადამე მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება ქართლ-კახეთის სამეფო კარზე. სხვანაირად საეჭვოა მეფის განდევნა სამხედრო დაპირისპირების გარეშე განხორციელებულიყო.

    მიუხედავად ყოველივე ამისა 1784 წლის 24 იანვარს ერეკლემ მაინ მოაწერა ხელი ხსენებულ ტრაქტატს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევიდა. ტრაქტატი შემდეგ ძირითად ვალდებულებებს შეიცავდა: 1.ამიერიდან საქართველოს უფლება არ ჰქონდა რუსეთის სანქციის გარეშე რომელიმე მეზობელ ქეყანასთან ზავი დაედო ან ომი გამოეცხადებინა, მაშასადამე მკაცრად იყო შეზღუდული სხვა ქვაყნებთან საქართველოს ურთიერთობა; 2.რუსეთი საქართველოს შინაურ საქმეებში ვერ ჩაერეოდა; 3.საქართველოს სამეფო კარზე იქნებოდა რუსეთის წარმომადგენელი მინისტრ-რეზიდენტი; 4.რუსეთს საქართველოში მუდმივად უნდა ჰყოლოდა ორი საჯარისო ბატალიონი, ხოლო “კავკასიის ხაზის” სარდალს უფლება ენიჭებოდა საჭიროებისამებრ კიდევ გამოეგზავნა დამატებითი სამხედრო ძალა საქართველოს დასახმარებლად; 5.ის ქვეყნები, რომლებიც საქართვეოს ეკუთვნოდა და იმჯერად მტრის ხელში იყო (სამცხე, ჭარ-ბელაქანი), რუსეთის დახმარებით უნდა განთავისუფლებულიყო და კვლავ საქართველოს დაბრუნებოდა.

    ამ ხელშეკრულებით ქართლ-კახეთის ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ საბოლოოდ ჩამოშორდებოდა სპარსეთს, განიმტკიცებდა საგარეო და საშინაო მდგომარეობას და სამცხე საათაბაგოს შემოერთებით საფუძველს ჩაუყრიდა საქართველოს გაერთიანებას.

    ტრაქტატი დადებულ იქნა, როგორც გარედან ჩანდა, უფრო ხელსაყრელი პირობებით ვიდრე ამას ერეკლე მეფე მოელოდა. რუსეთმა უარი განაცხადა ხარკზე, რომლის გადახდაზეც თანახმა იყო ერეკლე; მძევალთა გამორთმევაც რუსეთში საჭიროდ არ ჩათვალეს. საქართველოს ხელისუფლება, საზოგადოდ, ძალზე კმაყოფილი იყო შედეგებით. ქვეყანას, როგორც ისინი მიიჩნევდნენ, ძლიერი და “უანგარო” მფარველი გამოუჩდა, რასაც ქართლ-კახეთის შინაურ ცხოვრებაში წინსვლისა და წარმატებების ახალი ხანა უნდა მოჰყოლოდა. მართლაც რუსის ჯარის ჩამოსვლამ დიდი სიხარული გამოიწვია როგორც მმართველ არისტოკრატიაში, ასევე ხალხში. მაგრამ მალე გაიფნტა ეიფორიული ბურუსი და ნათლად გამოაშკარავდა რუსეთის ჭეშმარიტი მიზნები ქართლ-კახეთის მიმართ, გვიანღა იყო თითზე კბენანი. რუსეთის იმპერიულმა სახელმწიფო მანქანამ შემაგრებულმა უკვე იურიდიული დოკუმენტებით, აშკარად თუ ფარულად ენერგიულად დაიწყო ჩარევა საქართველოს და საერთოდ კავკასიის საშინაო და საგარეო საქმეებში. უდავოა, რომ რუსეთს ამგვარ ქმედებებში ძალიან ეხმარებოდა სწორედ ქართლ-კახეთის სამეფოსთან დადებული “მფარველობითი” ხელშეკრულება, რომელიც რუსულ დიპლომატიას პირველ რიგში ირანისა და ოსმალეთის უკან მდგომი ძლიერი ევროპელი მფარველების თვალებზე ასაფარებლად სჭირდებოდა.

    საქართველოს ყველა უბედურების მიზეზად, რომელიც კი თავს დაატყდა მას XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, ა. ცაგარელი სრულიად სამართლიანად ასახელებს რუსეთთან დაახლოებას. სხვათა შორის, ბოლოს ამას კარგად გრძნობდა თავად ერეკლე II-ც. მისი დაბნეულობა გამოწვეული საკუთარი გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯის გამო ნათლად გამოსჭვივის მისსავე წერილში, რომელიც ერეკლეს გაუგზავნია 1786 წლის 6 აგვისტოს პ. ს. პოტიომკინისადმი, რომელშიც იგი საყვედურობს რუსეთის მთავრობას და დასძენს: “რა ვქნა, მე ბევრის იმედი მქონდა თქვენგან და კიდეცა მაქვს. მაშ ვისთან მივიდეთ და ვის გამოვუცხადოთ ჩვენი ტკივილი, _ ოსმალოსთან მივიდე, მიმიშვებენ? _ ყიზილბაშთან მივიდე, შემიწყნარებენ? _ დაღისტნელებთან მივიდე მიმიღებენ?!… ვის უნდა მივმართო და ვის ვაწყინო თავი?!”

    სულ ცოტა ხნის წინ კი ერეკლეს ყველასთან მიესვლებოდა და ყველა უწევდა ანგარიშს, რადგანაც საქართველო XVIIIს-ის 60-70-იან წლებში კავკასიაში აშკარად ავტორიტეტით სარგებლობდა და ანგარიშგასაწევ ძალად აღიქმებოდა. მაგრამ ქართული ანდაზისა არ იყოს _ “გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო,” რომელიც პირველ რიგში გვაფრთხილებს, რომ კაცმა თავი გაჭირვებაში არ უნდა ჩაიგდოს, რადგან კიდევ უფრო ცუდად წაუვა საქმე. ქართლ-კახეთის სამეფომ და მისმა ხელისუფლებმა კი იმის მაგივრად, რომ კიდევ უფრო განემტკიცებინათ შექმნილი ავტორიტეტი და პოლიტიკური მდგომარეობა კავკასიელ მეზობლებთან, საკუთარი ნებით (ყოველ შემთხვევაში ასე აღიქმება ეს დიპლომატიურ ენაზე) დაიდგეს და იურიდიულად გააფორმეს კიდეც სხვა ქვეყნის უღელი. ამან, რაღა თქმა უნდა, დააკნინა ქართლ-კახეთისა და ერეკლეს მზარდი ავტორიტეტი მოკეთისა და მტრის თვალში, რამეთუ კაცი თავად რომ წაიყრის მიწას თავზე მუჭით, სხვა მას ნიჩბით მიაყრის სკორეს. მაგრამ, ეტყობა ქართულ არისტოკრატიას ერთგვარად თვალი მოსჭრა (ამაში უდიდესი იყო რუსეთის რეზიდენტურის დამსახურება) იმპერიის გარეგანმა ბრჭყვიალმა, წასძლია ცდუნებამ და ჩოხაზე ეპოლეტ-ტემლაკები დაიკერა. ამ პერიოდის წარჩინებულთა სულიერი მდგომარეობის განსაჭვრეტად მშვენიერ სახისმეტყველებით მასალას იძლევა თავად ერეკლე II-ის პორტრეტი, შესრულებული მოწვეული ფერმწერის მიერ. ამ სურათზე, ქართლ-კახეთის მეფეს ჰხურავს სპარსული ქუდი, აცვია ოსმალური ხიფთანი, მოსხმული აქვს რუსული სამეფო მოსასხამი, გულს რუსული ორდენი უკიაფებს და ალბათ საცვალი თუ ჰმოსავს ქართული.

    მალე, ტრაქტატის დადების შემდეგ საქართველოში და ზოგადად ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესების გასაცნობად თბილისში ჩამოვიდა რუსეთის იმ პერიოდის ფაქტიური გამგებლის თდ. გრ. პოტიომკინის ბიძაშვილი პ. პოტიომკინი, რომელიც საზოგადოდ სპარსეთისა და მისი მეზობელი ქვეყნების მიმართ აქტიური პოლიტიკის გატარების თავგამოდებულ მომხრედ ითვლებოდა. გადაწყვეტილი იყო, რომ ქართლ-კახეთი გამოეყენებინათ როგორც საბაზო პლაცდარმი შემდგომი წინსვლისათვის. დაიგეგმა მდინარე არეზის შესართავის ქვემოთ ციხე-ქალაქ ეკატერინესერდის (ეკატერინეს გულის) აგება და იქ 2 ათასი ახალგაზრდა რუსი სალდათის ჩასახლება, რომელთათვისაც ქართველებს და სომხებს ქალები უნდა მიეთხოვებინათ. ამ ციხე-ქალაქის აშენებით უზრუნველყოფილი იქნებოდა სომხური მოსახლეობის ინტერესები ამერკავკასიაში და რაც მთავარია რუსეთს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდებოდა საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად სპარსეთის და შემდგომ რაც მთავარია ინდოეთის მიმართულებით. ინდოეთი კი მოყოლებული პეტრე I-ის პერიოდიდან რჩებოდა ერთგვარ “აღთქმულ ქვეყნად” რუსეთის დიდმპყრობლურ მისწრაფებათა მირაჟულ წარმოსახვაში.

    როდესაც პოტიომკინი ჩრდილო კავკასიისაკენ აპირებდა  გაბრუნებას, ამ დროს მოვიდა ცნობა კახეთში ლეკთა დიდი მოთარეშე ჯარის გამოჩენის შესახებ. პოტიომკინმა დასტოვა თავისი მცველი რაზმის ნაწილი და ქართლ-კახეთში მყოფი რუსული ჯარის უფროსობა მიანდო გენ. სამოილოვს, რომელთან ერთადაც ერეკლე II-ემ ალაზანს გაღმა სასტიკად დაამარცხა ლეკები, რომლებმაც მარტო მოკლულთა სახით 200-ზე მეტი კაცი დაკარგეს. ქართველთა და რუსთა მხრიდან მსხვერპლი 40 კაცს არ აღემატებოდა. ლეკების ეს დიდი გამოსვლა ერეკლეს წინააღმდეგ, იყო პირველი მაჩვენებელი იმისა, რომ თანდათან უარესდებოდა ქართლ-კახეთის ურთიერთობა ახლო მეზობლებთან.

    პოტიომკინი თბილისში სტუმრობისას დაწვრილებით ეცნობოდა ამიერკავკასიის სომხობის მდგომარეობას. რუსეთის პოლიტიკურ წრეებში უკვე კარგა ხანია მიმდინარეობდა მუშაობა იმპერიის ხელისუფალთა სომხების ბედით დასაინტერესებლად. ამ მუშაობას სათავეში ედგა რუსეთში მყოფი სომეხი მთავარეპისკოპოსი იოსებ არღუთანი, რომელმაც თავისი უნარითა და მონდომებით ერთხელ უკვე შესძლო და სომხობით დააინტერესა რუსეთის ხელისუფლება კასპიურ-სპარსული დიდი პროექტების განხორციელების დროს. ამ პარიოდში ამიერკავკასიაში სომხები არ წარმოადგენდნენ დიდ სერიოზულ ძალას, არეზის გამოღმა სახანოებში 17 ათასამდე კომლი სომეხი ცხოვრობდა, მაგრამ რუსეთისათვის მათი საკითხის წამოჭრას მაინც ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობა. განზრახული იყო, ერეკლესთან მოლაპარაკებისა და ტრაქტატის დადების შემდეგ მოეგვარებინათ სომხობის საკითხიც იმგვარად, რომ ყარაბაღის ხანი იბრაიმი გადაეყენებინათ, ყარაბაღ-ყარაღადის სომხებთან ერთად აეყოლიებინათ სხვა მეზობელი მხარეების (მაგ. ოსმალეთის) სომხები და ამგვარად დაეარსებინათ ახალი ქრისტიანული (სომხური) სახელმწიფო. რუსეთის ხელისუფლება კიდევაც შეუდგა საამისო მზადებას და სამხედრო ძალების მობილიზებას.

    ყარაბაღისა და აზერბაიჯანის სხვა ხანებმა შეიტყვეს რა რუსეთის ზრახვები, თანდათან ჩამოშორდნენ ქართლ-კახეთს და ერეკლე II-ს (მანმადე ისინი ერეკლეს მოკავშირეებად და მოხარკეებად ითვლებოდნენ), რასაც შესაბამისად პოლიტიკური ურთიერთობების გართულებაც მოჰყვა. ისინი ამიერიდან ცდილობდნენ მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინათ ოსმალეთთან, რომელიც რასაკვირველია დიდად იყო შეშფოთებული კავკასიაში რუსეთის გავლენის გაძლიერებით. ყარაბაღში სომხობის საკითხის წამოჭრამ თავისებური გავლენა იქონია ქართლ-კახეთის სომხობის გავლენიან წრეებზეც, რომლებიც სისხლხორცეულად იყვნენ ჩაბმული ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და ქვეყნის ეროვნული შემოსავლის საკმაოდ დიდ ნაწილსაც აკონტროლებდნენ, მათ ხელში იყო ძირითადად თავმოყრილი სავაჭრო კაპიტალი. ამიტომ, როდესაც მათში გავრცელდა ხმა სომხური სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობის შესახებ, რასაკვირველია მათ თანდათან ჯერ ფსიქოლოგიურად, შემდეგ კი ფიზიკურად იწყეს ჩამოცილება ქართული სახელმწიფოდან, რაც თავისთავად იწვევდა ქვეყნის  ეკონომიკიდან სახსრების გადაქაჩვას სხვა ეთნიკური პოლიტიკური ერთეულის შესაქმნელად. ყოველივე ეს კი, რასაკვირველია, დამღუპველად მოქმედებდა ქართლ-კახეთის სამეფოს გამოცოცხლებულ ეკონომიკაზე. მთავარ-ეპისკოპოსი იოსებ არღუთანი საქართველოში იყო დაბადებული, ამას ემატებოდა ისიც, რომ თბილისის სომხობას და ეჯმიაწინს შორის განუწყვეტელი სულიერი კავშირი არსებობდა. ამით აიხსნება ის, რომ აქაური სომხობა მთლიანად მოექცა რუსოფილურ ნაკადში, რაც ერთობ ძლიერი იყო ამ დროის ქართველ მმართველთა წრეებშიც.

    1785 წელს ხუნძახის მფლობელი ომარ-ხანი 20.000 ლაშქრით შემოვიდა საქართველოში და მრავალი კუთხე ააოხრა, მოშალა ახტალის და ალავერდის საბადოები. ერეკლეს თავიდან ჰქონდა რუსების დახმარების იმედი, მაგრამ მწარედ მოტყუვდა, პოტიომკინის ხაზიდან მას აცნობეს, რომ “რუსეთს ამჯერად არ შეუძლია სამხედრო დახმარება გაუწიოს საქართველოს.” ერეკლე იძულებული გახდა დაეთმო ომარ-ხანისათვის და მორიგებოდა მას. გამართული მოლაპარაკების თანახმად ხუნძახის მმართველი დათანხმდა ზავზე 10.000 მანეთის მაშინვე მიღებით და წლიურად 5 ათასი მანეთის ჯამაგირად დანიშვნით. ომარ-ხანის შემოსევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართლ-კახეთის მდგომარეობა 1783 წლის ტრაქტატის დადების შედეგად მკვეთრად გაუარესდა. მეზობლების ტყუილუბრალოდ გადაკიდებამ, გახშირებულმა გარეშე თავდასხმებმა და შინაურმა არევდარევამ სრული დეზორგანიზაცია შეიტანა ქართლ-კახეთის სამეფოში, რასაც ისახავდა კიდეც მიზნად რუსული პოლიტიკა, რათა შემდგომ დაუძლურებული მხარე შეეყვანა საკუთარ სრულ გამგებლობაში. არადა, მეზობლებთან გონივრული პოლიტიკის წარმოებას ნამდვილად შეეძლო კიდევ უფრო განემტკიცებინა და განემყარებინა ოდინდელი სახელი და ავტორიტეტი ქართული სახელმწიფოებრიობისა. ოდითგან ცნობილია, თუკი შენს გვერდით არსებულ რეალურ ძალას შენ არ გამოიყენებ, მას სხვა _ შენი მტერი მომართავს შენს საზიანოდ.

    1784 წელს იმავე რეინეგსის მიერ შეკრებილი ცნობების მიხედვით, ავარიის სახანოს, საშამხლოს და ზოგადად დაღესტნის მოსახლეობა 60 ათას კომლამდე იყო. აქაურ მცხოვრებთა ზნისა და ჩვეულების მიხედვით ძირითადი სამეურნეო და ოჯახური ჯაფა ქალების წილად მოდიოდა. მამაკაცები, ძირითადად სამხედრო რაზმებად გაერთიანებულნი, სხვადასხვა მხარეებში ან დაქირავებულ მეომრებად მსახურობდნენ ან უარეს შემთხვევაში მოთარეშე ცხოვრებას ეწეოდნენ. ამ პერიოდში, კავკასიის ამ მხარეს დაახლოებით 120 ათასი მოლაშქრის გამოყვანა შეეძლო. ადვილი წარმოსადგენია, თუ რაოდენ სასარგებლო იქნებოდა, თუ კი ქართლ-კახეთის სამეფო, რომელიც XVIII ს-ის შუა ხანებისათვის კავკასიის ერთადერთი სტრუქტურულად გაფორმებული პოლიტიკური ერთეული იყო, შესძლებდა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის ამ მხარის მოსახლეობის ჩართვას საკუთარი ეგიდით წარმართულ საერთოკავკასიურ პროცესებში. მაგრამ როგორც ცნობილია ასე არ მოხდა და ერეკლე II-ემ რუსეთის აქტიური ჩარევით თავად თქვა უარი კავკასიის ლიდერობაზე; სრულიად უსაფუძვლოდ ხელი აიღო არა მარტო ფართო საგარეო-პოლიტიკურ, არამედ შიდა კავკასიურ პროცესებში დამოუკიდებელ მოქმედებებზე. ამან, როგორც ნათლად გამოჩნდა, სიკეთე არც ქართლ-კახეთის სამეფოს და არც მის მეზობელ კავკასიელ ხალხებს არ მოუტანა. რუსეთი, ირანი და ოსმალეთი, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ კავკასიის დაპყრობით, თანმიმდევრულად ატარებდნენ ამ რეგიონში (?, გვ.149) ნაცად პოლიტიკურ ხაზს, რათა ორგანულად დაესუსტებინათ და შეემცირებინათ იქ მცხოვრები ერები და ამით უზრუნველეყოთ აღნიშნულ რეგიონში საკუთარი დამპყრობლური ზრახვების სრული თუ არა, ნაწილობრივ განხორციელება მაინც.

    როგორც ცნობილია, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასია, უმეტესწილად მწირი მთიანი მხარე, არ იძლეოდა იქაური  მაცხოვრებლების სრული საარსებო პირობებით უზრუნველყოფის საშუალებას. მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს შეეძლო თავი ერჩინა ხელოსნობით, დანარჩენი კი იძულებული ხდებოდა თავის იარაღს და ძარცვა-გლეჯას დაყრდნობოდა. რაღა თქმა უნდა, მოთარეშე ცხოვრება მათთვის უკიდურესი გამოსავალი იყო და სრულიადაც არ წარმოადგენდა სასურველ არჩევანს. ამგვარი ცხოვრება ხიფათით და საშიშროებით იყო აღსავსე, რამდენადაც დამხვდური მოსახლეობა მედგარ და შეურიგებელ წინააღმდეგობას უწევდა მოთარეშეთ. საერთოდ ცნობილია, საბრძოლო ხელოვნებაში. რომ როგორც წესი შემტევი მხარე ერთი-ორად ზარალდება, ვიდრე ის, ვინც თავს იცავს.

    ვაინახთა და დაღესტნელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა მხარეებში მიდიოდა ქირით სამხედრო სამსახურში. დაქირავებული ლეკების ჯარს იყენებდნენ ქართლ-კახეთის მეფეები, ახალციხის ფაშები, იმერეთის მეფეები, ცალკე თავადები პირად მცველებად ან დაქირავებულ მკვლელებად. ლეკები ქირით მსახურობდნენ აღმ. ამიერკავკასიის სხვა მმართველთა მხედრობაშიც. მათთვის სამწუხაროდ, ხშირად იყო შემთხვევები, როცა დაქირავებულ რაზმებში ძმები ან ნათესავები სხვადასხვა მხარეს იბრძოდნენ და ფაქტიურად ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად გამოდიოდნენ. რეინეგსისვე ცნობით ჩრდ. აღმოსავლეთ კავკასიაში სასაფლაოებზე მამაკაცთა სამარხები საერთო რაოდენობის ორიოდ პროცენტს თუ შეადგენდნენ _ ადგილობრივად იმარხებოდნენ მხოლოდ ქალები, ბავშვები და მოხუცები. მამაკაცთა უმეტესობა იღუპებოდა სხვადასხვა ომებსა თუ მოთარეშე ბრძოლებში და უცხო მხარეში ჰპოვებდნენ სამუდამო საყუდელს.

    1783 წლის “მფარველობითი” ტრაქტატის დადების შემდეგ, იგრძნეს რა რუსული პოლიტიკის მძლავრობა ამიერკავკასიაში, გააქტიურდნენ ოსმალეთიც და ირანიც.

    1787 წლის 15 ივლისს პორტამ რუსეთის ელჩს სტამბულში გადასცა ნოტა, რომლითაც სხვა მოთხოვნებთან ერთად თხოულობდა, რომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II რუსეთის მიერ აღიარებული ყოფილიყო როგორც აღმოსავლეთის ვასალი. ამასთან ერთად იგი ითხოვდა რუსეთისაგან 1783 წელს შეერთებული ყირიმის დაცლას, რაზედაც პეტერბურგიდან უარი მიიღო. ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა იმავე წლის 12 აგვისტოს ოსმალეთის მიერ რუსეთისათვის ომის გამოცხადება. პეტერბურგიდან მოვიდა ბრძანება ქართლ-კახეთში მყოფი რუსის ჯარის დაუყოვნებლივ უკან გაწვევის შესახებ. ცხადია, თურქეთთან ომის შემთხვევაში რუსეთს დასჭირდებოდა ქართლ-კახეთის დასაცავად უფრო მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალა. ამიტომ პეტერბურგმა ერეკლესათვის დამატებით თავი არ აიტკივა და ის 2 ათასი კაციც გაიყვანა აქედან. ერეკლე II-ს შესაძლებლობა ეძლეოდა საკუთარი ღონისძიებებითა და სათანადო მოლაპარაკებებით აღედგინა მეზობლებთან ადრინდელი ნორმალური ურთიერთობები. ამგვარი ქმედებით რუსეთმა დაარღვია მის მიერვე დადებული ტრაქტატის პირობები, მაგრამ საოცარია, რომ ყოველივე ამის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო კარი, მონუსხული რუსეთის გარეგანი “ბრწყინვალებით” მაინც რჩებოდა ერთგული ამგვარი არასაიმედო პოლიტიკური პარტნიორისა.

    რუსეთის ჯარის აქ ყოფნამ საზოგადოდ დიდი მატერიალური და შესაბამისად სულიერი ზარალი მიაყენა ქართლ-კახეთის სამეფო კარს. ერთი რომ მარტო მისი შენახვისათვის მეფის ხაზინა ეწეოდა დიდ ხარჯს _ წელიწადში დახლოებით 30 ათას ოქროს მანეთს მარტო ხორბლეულის შესაძენად. ხოლო მეზობელი სამფლობელოებისა და ოსმალეთის გადამტერებამ, ხომ სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა ქვეყანა. რუსის ჯარის წასვლამ მაშინვე ფრიად სასიკეთო ზეგავლენა იქონია საქართველოს საგარეო მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რადგან ამიერიდამ ერეკლეს საშუალება მიეცა კეთილი დამოკიდებულება აღედგინა მეზობელი ქვეყნების მმართველებთან, თუმცა უკვე მეზობლები ძველებურად აღარ ენდობოდნენ ქართლ-კახეთის მეფეს. ამის მიზეზი კი უშუალოდ ის იყო, რომ რუსეთთან კავშირმა ძლიერ შეარყია მისი ავტორიტეტი. განჯის სახანო ფაქტიურად ჩამოშორდა ქართლ-კახეთს. სწორედ ამ საერთო მდგომარეობის გაუარესებას გულისხმობდა ერეკლე, როდესაც ის წერდა გენ. პოტიომკინს: “ამ სამ წელიწადში რამდენი დააკლდა ჩვენს ქვეყანას. განჯა წაგვერთვა, შამქორი და აგრეთვე რომელნიც ჩვენს ქვეყანაში მაჰმადიანნი იმყოფებიან, ისინი სულ გაორგულებულნი არიან და აღარც განწესებულ ხარკს გვაძლევენ და თუ არა პოლიტიკით, არაფერს არას გვემსახურებიან და როდესაც მტერს ნახავენ, ჩვენ იმათგან სამსახურის იმედი აღარ გვაქვს.” [3, 20]. საოცარია ერეკლეს პოლიტიკური გულუბრყვილობა; სწორედ საქართველოს ამ დღეში ჩაგდება და უნდობლობის დათესვა მეზობელ კავკასიელ ხალხებს შორის იყო რუსული პოლიტიკის უპირველესი მიზანი, რომელიც როგორც ირკვევა მისმა რეზიდენტურამ ფრიადზე შეასრულა. ქართლ-კახეთის სამეფო კარი კი ისევ იმათგან გამოელოდა “სიკეთეს”; ალბათ ქართული პოლიტიკა სწორედ იმ ანდაზით ხელმძღვანელობდა _ “რამაც მოგკლას, იმან მოგარჩინოსო” და სრულიად ავიწყდებოდა მეორე ქართული ანდაზა _ “ნუ ნუ გამოელი ყვავისგან ბოლოკარკაზას ბუდესო.”

    სპარსეთში, რომელიც იმ პერიოდში დინასტიური ომების ასპარეზად იყო ქცეული, თანდათან ძლიერდებოდა თურქმან ყაჯართა ტომის მეთაური, მაზანდარანის მფლობელი აღა-მაჰმად ხანი, რომელიც ნადირ-შაჰის ძმისწულმა ადილ-შაჰმა დაასაჭურისა. მას უკვე ხელთ
ეპყრა სატახტო ქალაქი ისპაჰანი და მისი ძალაუფლება ცენტრალურ და სამხრეთ სპარსეთშიც ვრცელდებოდა, თუმცა მას გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ ჩრდილო სპარსეთის ხანები. ამის გამო აღა-მაჰმად ხანი ცდილობდა ერეკლე II-სთან დაკავშირებას და წინადადებასაც კი აძლევდა მას მიეღო მისგან (1786) მთელი აზერბაიჯანის მმართველობა თავრიზის ქვეყნითურთ. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსოფილიით დაავადებუმა ერეკლემ ეს ხელსაყრელი წინადადებაც, რომელიც მას კვლავ აღუდგენდა ძველ ავტორიტეტს, უყურადღებოდ დატოვა. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსის ჯარმა დაცალა ქართლ-კახეთი, ერეკლე ახლა უკვე იძულებული გახდა ამიერკავკასიის ხანებს შორის კვლავ ეძებნა მოკავშირენი. მართლაც, შედარებით მოკლე ხანში ერეკლე მოურიგდა ყარაბაღის იბრამ-ხანს და მასთან შეთანხმდა რათა ერთად ემოქმედათ აღმ. ამიერკავკასიის საქმეების გადაწყვეტაში. ამ გარიგების შედეგად იბრაიმ-ხანმა დააბრუნა ყაზახიდან აყრილი მოსახლეობა და ერეკლეც ერიდებოდა რუსებისაგან შეგულიანებული ყარაბაღის სომხობის აშკარა მფარველობას. განჯის ხანმაც კვლავ იკისრა ქართლ-კახეთის ვასალობა.

    როგორც ცნობილია, ამ პერიოდში დას. საქართველო ოსმალეთის გავლნის სფეროდ იყო აღიარებული, სადაც ეს უკანასკნელი ძალღონეს არ იშურებდა რათა შეენარჩუნებინა მართვადი ქაოსური სიტუაცია. აქ დავით II-ისა და სოლომონ II-ის (ერეკლეს შვილისშვილი) და მათ უკან მდგომი საგვარეულო ფეოდალური კლანების დაპირისპირების ფონზე იმერეთის წარჩინებულთა შორის დაიბადა ყოვლად სასიკეთო და გონივრული იდეა იმერეთის ქართლ-კახეთის სამეფოსთან შეერთებისა. მათი აზრით, ეს იქნებოდა ერთადერთი საშუალება შინაური შფოთისა და დაპირისპირების აღსაკვეთად; რადგან მიუხედავად იმისა, რომ თავადების უმეტესობა სოლომონ II-ის მომხრე იყო, მაინც დავით II-ს გააჩნდა დასაყრდენი წარჩინებულთა შორის, რომელთა მეშვეობითაც ოსმალეთს ყოველთვის შეეძლო სათანადო ძალების ჩართვით გამოეწვია იმერეთში შფოთი და ძმათამკვლელი დაპირისპირება.

    ამ იდეის განსახორციელებლად იმერეთიდან ერეკლესთან გამოემართა წარმომადგენლიბითი მისია სახლთუხუცესის ზურაბ წერეთლის, ქუთათელი დოსითეოსის, გენათელი ეფთიმეს, ქაიხოსრო წერეთლის, სეხნია წულუკიძის, იოანე აბაშიძის, იოანე აგიაშვილის, პაატა მიქელაძისა და სხვა თავადთა შემადგენლობით, რომელთაც მიმართეს მეფეს რათა მას საკუთარი სკიპტრის ქვეშ გაეერთიანებინა ამერ-იმერი. თბილისში ამ წინადადებას თავიდან დიდი აღფრთოვანებით და თანაგრძნობით შეხვდნენ, მაგრამ ბოლოს სამდღიანი ბჭობა-თათბირის შემდეგ ერეკლემ უარი განაცხადა ამ საშვილიშვილო გადაწყვეტილების მიღებაზე, მთელი უბედურება ის იყო, რომ მოხუცებულობაში შესულ ერეკლეზე ამ დროს დიდ გავლენას ახდენდა მისი ცოლი _ დარეჯან დედოფალი, ახალგაზრდა, ენერგიული, მაგრამ მეტად შეზღუდული გონების ქალი, რომელსაც არაფერი გაეგებოდა საქართველოს წინაშე მდგომი პოლიტიკური ამოცანებისა [3, 21]. სოლომონ II იყო დარეჯანის საყვარელი შვილიშვილი და ამიტომ ის ცდილობდა მისთვის მეფობის უზრუნველყოფას. ამის გარდა გაერთიანდებოდა რა საქართველო, ძალაუნებურად დადგებოდა ოდიშისა და გურიის სამთავროთა მომავალი ბედის საკითხიც, ხოლო დარეჯანს, როგორც დადიანის სახლის ასულს, არ უნდოდა ოდიშის სამთავროს გაუქმება. ამდენად ეჭვგარეშეა, რომ დარეჯანის ბოროტმა ნებისყოფამ საბედისწერო გავლენა მოახდინა იმერელი მამულიშვილების მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტაზე. რამდენადაც ამ საშვილიშვილო საქმეს თვით ქართლ-კახეთის კარზე არ ჰქონდა სრული მხარდაჭერა, დაიწყეს სრულიად უსაფუძვლო მიზეზების და იდეების აფიშირება _ თითქოსდა ყოველივე ეს ხელს შეუშლიდა ამერ-იმერის ერთიანობას, ვითომდაც საჭირო იყო ოსმალეთისათვის ანგარიშის გაწევა, რომელიც ამ გეგმების განხორციელებაში თავისი ინტერესების შელახვას დაინახავდა. არადა, თუკი ერეკლე რუსეთს სთხოვდა სხვა ქართული მხარეების შემოერთებას და ამისთვის ხელს იღებდა გარკვეულ სუვერენულ უფლებებზე, რა ოსმალეთისათვის რომ შეეთავაზებინა თავი ვასალად და ამის საკომპენსაციოდ იმერეთის შემომტკიცება მოეთხოვა, პორტა მას ხელს კრავდა თუ? მაგრამ ერეკლეს შესაბამისად ქართლ-კახეთის სამეფო კარის ამ გადაწყვეტილების მიღებაშიც ალბათ რუსული რეზიდენტურის ხელი ერია. თავად მეფე საკუთარ პოზიციას იმით ამართლებდა, რომ ქართლ-კახეთი რომელიც თავად იყო მოსავლელი, ვერ მოუვლიდა იმერეთს (შIჩ). ასეთ ვითარებაში ერეკლემ უარყო იმერეთის შემოერთების წინადადება, მაგრამ მან აღუთქვა იმერეთის დელეგაციას აქტიური მხარდაჭერა თავისი შვილიშვილის სოლომონ II-ის სასარგებლოდ, რომლის იმერეთში დამკვიდრებაც ერთგვარად შეაკავშირებდა იმიერ და ამიერ საქართველოს.

    ამგვარად, საქართველოს გაერთიანების ცდა სამწუხაროდ ჩაიშალა, თუმცა აშკარად იქნა გაცხადებული ქართველი ერის სწრაფვა ერთიანი პოლიტიკური სტრუქტურის აღდგენისაკენ. ქართლ-კახეთის მდივანბეგი და ვიცე-კანცლერი სოლომონ ლიონიძე, ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური ძალისხმევით შეუდგა ერთობის აზრის დანერგვასა და განხორციელებას ქართულ პოლიტიკურ წრეებში. მართალია იგი თავდაპირველად რუსეთთან კავშირის ერთ-ერთი ენერგიული მომხრეთგაგანი იყო, მაგრამ შემდგომში ჩახვდა რა იგი იმპერიის ფარულ და ვირეშმაკულ ზრახვებს (ალბათ მას ამაში ისიც დაეხმარა, რომ იგი საკმაოდ იყო დაახლოებული რუსეთის რესიდენტ იაკობ რეინეგსთან), დაიწყო თავგამოდებული ღწვა საქართველოს სრული დამოუკიდებლობისათვის. ყოველივე ამისათვის იგი უპირველეს ყოვლისა თვლიდა, რომ აუცილებელი იყო ერთობის დამყარება ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს შორის, რომელიც იურიდიული დოკუმენტებით იქნებოდა შემაგრებული. ერის სამსახურში დამაშვრალი სოლომონ ლიონიზე ცდას არ აკლებდა “რათა მოეყვანა ერთობასა მტკიცესა ერთნათესაობა ქართველთა, მეცადინეობდა შინაკავშირითა გაეუქმებინა გარეკავშირი” ქართლ-კახეთისა რუსეთთან, ხოლო იმერეთისა ოსმალეთთან დადებული. იგი ყოველივე ღონეს ხმარობდა რათა ჩაეგონებინა ქართველი პოლიტიკოსებისათვის ის უდაო ჭეჭშმარიტება, რომ “ერი, დაცული გარეთითა უცხოთა ნათესავთაგან მფარველობითა არის მარადის დამდაბლებული; ერი სხვათა მფარველობის ქვეშ შესული არის მონა მზაკვარი, დაცინებული და მასხრად აგდებული. ის ვითარცა დამკარგავი თვითმყოფობისა, კარგავს სულისა თვისისა საკუთარსა ძალასა და ღისებასა. უძლური სულითა, კარგავს სხეულისაცა ძალასა. ენა და მეტყველება მისი, მწერლობა და მწიგნობრობა მოეღება ერსა დამონებულსა უცხოსა ნათესავისა ენითა და ჩვეულებითა” (პ. იოსელიანი). მართალია, სხვისგან წყალობის მომლოდინე ქართველი მმართველი პირების წრეში სოლომონ ლიონიძეს თავდაუზოგავი შრომა-ქადაგებანი რჩებოდა “ვითარცა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”, მაგრამ ამ დამაშვრალმა ერისკაცმა იმდენი მაინც შესძლო, რომ 1790 წლის ივნისში მისი უშუალო ინიციატივით დაიდო “ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეფოსა ქალაქსა თფილისს.” ამ ტრაქტატით დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები ქართლ-კახეთის სამეფოსთან სამსედრო კავშირს ამყარებდნენ და ერეკლე მეორის უპირატესობას და მის მფარველობას აღიარებდნენ. ისინი პირობას ჰკრავდნენ, რომ გარეშე მტრისაგან ქვეყანას საერთო ძალით დაიცავდნენ.

    ქართლ-კახეთის სამეფო კარზე თანდათან ჩამოყალიბდა და გაძლიერდა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ოპოზიციაში ედგა ერელკე მეფის პოლიტიკურ კურსს რუსეთთან მიმართებაში. ოპოზიცია ხედავდა და საღად მსჯელობდა რუსეთის გულგრილობაზე საქართველოს მიმართ. ცდილობდა დაენახვებინა მეფისათვის, რომ პეტერბურგის ხელისუფალთ მხოლოდ მაშინ მოაგონდებოდათ საქართველო, როცა მათ ზრახვებში წინ წამოიწევდა კასპიის ზღვაზე ბატონობის საკითხი. ამიტომ ეს დაჯგუფება მეზობელ მაჰმადიან ქვეყნებთან და უწინარეს ოსმალეთთან და სპარსეთთან დაბალანსებული ურთიერთობით ცდილობდა ქვეყანა მტკიცედ გაეყვანა დამოუკიდებლობის გზაზე. ამ ჯგუფსაც სათავეში ედგა “ზედა მსაჯულად და ვიცე-კანცლერად” წოდებული სოლომონ ლიონიძე, რომელსაც მხარს უმშვენებდა სარდალ-სახლთუხუცესი დავით ორბელიანი, სიძე ერეკლე II-სა, მხნე, მამაცი და გონიერი კაცი [3, 33].

    აღნიშნული დაჯგუფების პარალელურად ქართლ-კახეთის სამეფო კარზე საკმაოდ ძლიერი იყო ჯგუფი ქართველ პოლიტიკოსთა, რომელნიც ქვეყნის დახსნის ერთადერთ გზად რუსეთთან უმჭიდროეს ურთიერთობას სახავდა.  ამ რუსოფილურ ჯგუფს სათავეში ედგნენ გარსევან ჭავჭავაძე (მას დავით, იოანე და ბაგრატ ბატონიშვილები პირდაპირ მოიხსენიებდნენ როგორც “გამცემი მეფობისა და მამულისა თვისისა ორგული”), მისი სიმამრი ქაიხოსრო ავალიშვილი, გოგია ციციშვილი და სხვები, რომელთაგან ნაწილი მომხრე იყო რუსეთთან 1783 წლის ტრაქტატის ფარგლებში კავშირისა, ნაწილი კი (მაგ. ქსნის ერისთავნი) წინააღმდეგნი იყვნენ საზოგადოდ მეფობის გაუქმებისა. ამავე რუსოფილურ ჯგუფში უნდა აღინიშნოს რომ განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ გავლენიანი სომხური წარმომავლობის თავადები. ისინი განსაკუთრებით გააქრიურდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სცადა სახაოებში მცხოვრები სომხების საკითხის წინ წამოწევა. ეჯმიაწინის სასულიერო წრეებსა და მელიქებში ამ გარემოებამ განამტკიცა ის რწმენა, რომ სომხობის მხსნელი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი ყოფილიყო. ამ აზრს, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა ჰქონდა თბილისის სომხებზეც. ქართლ-კახეთის სამეფოს შინაური და გარეგანი შეჭირვება მათში კიდევ უფრო აძლიერებდა იმ შეხედულებას, თითქოსდა ძლიერი რუსეთი იხსნიდა ქრისტიანობას მაჰმადიანთა მძლავრობისაგან. სომხობას რა ჰქონდა დასაკარგი, მათ ისედაც არ გააჩნდათ სახელმწიფოებრივი ერთეული ამ პერიოდისათვის და არც არის გასაკვირი რომ ისინი მიუხედავად ქართულ სახელმწიფო სტრუქტურაზე მორგებისა, მაინც არაცნობიერად შურით უყურებდნენ ქართველი ერის სახელმწიფოებრივ სტატუსს. მათში წინ მოდიოდა განწყობა, არც მე, არც შენ. აღნიშნულ ჯგუფს სომეხთაგან ეკუთვნოდნენ მისკარბაში იოსებ ბებუთაშვილი, თბილისის მელიქი დარჩია ბებუთაშვილი, ყოფილი ვიცე-კანცლერი სულხან ბეგთაბეგიშვილი, მანუჩარ და შიოშ თუმანიშვილები და სხვანი. მათ მალე მოიპოვეს გავლენა და წარმართავდნენ კიდეც რუსოფილურ გავლენას ერეკლე II-ის სამეფო კაზე, რაშიც გამორიცხული არ არის რუსული საიდუმლო სამსახურების და რეზიდენტურის ფარული და აქტიური მონაწილეობა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ამ პირებს მუდმივი კავშირი ჰქონდათ რუსეთში მყოფ სომეხთა მთავარეპისკოპოსთან იოსებ არღუთანაშვილთან [3, 34].

    XVIIIს-ის 90-იანი წლების დასაწყისში სამეფო ხელისუფლებას კიდევ ერთი მარცხი მოუვიდა. 1791 წელს ერეკლე II-მ გამოსცა ანდერძი, რომლის ძალითაც იცვლებოდა მემკვიდრეობის ძველი წესი. ამიერიდან ტახტი უფროს შვილზე კი არ გადადიოდამემკვიდრეობით, არამედ ძმიდან ძმაზე. ერეკლემ მალევე უარყო ეს კანონი, მაგრამ იგი მისი გარდაცვალების შემდეგ მაინ შეიქნა შინა განხეთქილების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი. 1792 წელს სამეფო კარზე მიიღეს კიდევ უფრო აბსურდული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქართლ-კახეთის წვითა და დაგვით გაერთიანებული სამეფო, ფაქტიურად ერთი ხელის დაკვრით დაშალა და დააქუცმაცა უმაღლესმა ხელისუფალმა. აღსანიშნავია, რომ ამ უგუნური გადაწყვეტილების მიღებაში მეტად აქტიურად ფიგურირებდა დარეჯან დედოფალი. ამიერიდან ეს საუფლისწულოები წარმოადგენდნენ ანტისახელმწიფოებრივი განწყობის ბუდეებს. ამ ფაქტმა თავისი ნაყოფი გამოიღო აღა-მაჰმად ხანის 1795 წლის შემოსევის დროს. აღსანიშნავია, რომ აშკარა შეუთანხმებლობას სახელმწიფო მმართველობაში ხაზგასმით მიუთითებდნენ ამ პერიოდში ქართლ-კაზხეთში მოხვედრილი უცხოელებიც. მათი ცნობების მიხედვით მართალია ქვეყანაში მოქმედებდა დაწერილი სამართალი, კანონები, მაგრამ საქმეების გარჩევა უმეტესწილად პირადული მიდგომით ხდებოდა, რაც სჯულმდებელთა აშკარა ანგარებაზე მიუთითებს. არსებული კანონები და სამეფო განკარგულებანი ყოველთვის არ სრულდებოდა ადგილებზე, რის გამოც მოსახლეობა დიდად იყო შეჭირვებული. არ ხდებოდა არავითარი რეგისტრაცია და აღრიცხვა გაცემული ბრძანებებისა. როგორც აღნიშნავენ თანამედროვენი, ერეკლე II ხედავდა რა მშვენივრად შექმნილ ქაოსსა და უთავბოლობას სახელმწიფო მმართველობაში, ყოველნაირად ცდილობდა თვითონ პიროვნულად დაეძლია შექმნილი სიტუაცია. იგი აღარ ენდობოდა უკვე თავის გარემოცვას და ყველაფერს თავის თავზე ღებულობდა. რასაკვირველია ერთ ადამიანს არ ძალედვა საშინაო და საგარეო საქმეების ყველა წვრილმანზე ეფიქრა, მითუმეტეს, რომ სამხედრო მოღვაწეობა მას ძირითად დროს ართმევდა. ამის გამო იგი ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამგვარი გაუცხოების სინდრომი ქართლ-კახეთის სამეფო კარზე საერთო უნდობლობისა და ქვეგამხედვარობის მთესველი თუ იყო ქართველი მმართველი არისტოკრატიის გულებში. შექმნილ სიტუაციაში, როგორც ეს ქართულ ხასიათს სჩვევია ხოლმე შინაურეზე გულაცრუებული, აღრენილი და გაბუტული თანამემამულენი გულს უცხო, ამ შემთხვევაში რუსეთიდან შემოგზავნილ რეზიდენტებთან იოხებდნენ და ამით ფასდაუდებელ სამსახურს უწევდნენ რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ ინტერესებს კავკასიაში. თავი და თავი ყოველივესი კი ის გახლდათ, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩაითესა ყოვლად მზაკვრული აზრი საკუთარი ხელით, ნებაყოფლობით სახელმწიფოებრიობის შეკვეცა-შეზღუდვისა. აქამდე თუ ქართული ეროვნული ენერგია მთლიანად მიმართული იყო თავისთავადობისა და თვისობრიობის დაცვისაკენ ხორციელი სხეულის მაქსიმალურად გაღების ხარჯზე, ახლა, ამავე სხეულის, ფიზიკური სახის შესანარჩუნებლად ქართველმა ერმა სულის თავისთავადობისა და თვისობრიობის გაწირვა გადაწყვიტა. და ეს ყოვლად უგვანო აზრი იშვა, გაფორმდა იმ ფენაში ერისა, რომელიც მოწოდებული უნდა ყოფილიყო ყველაზე მეტად დაეცვა სახელმწიფოებრიობა. ჭეშმარიტად გამართლდა ქართული ანდაზა _ “თევზი თავიდან ყროლდება.”

    ქვეყნის დაქვეითებისა და დაცემის ფსიქოლოგიური საფუძველი ნათლად აქვს წარმოჩენილი დიდ ივანე ჯავახიშვილს, რომელიც აღნიშნავს, რომ “უიმედოდ სიცოცხლე თუ მთლად შეუძლებელი არა, უხალისო ცხოველურ არსებობად გადაიქცევა ხოლმე… გამოსავლის გრძნობა და შიში ზოგჯერ დამარცხებული, გაჭირვებაში ჩავარდნილი ერის ნებისყოფას სტეხს, სულიერად აკნინებს და ზნეობრივად აძაბუნებს ხოლმე. ასეთ მდგომარეობაში ადამიანის არსებაში ეგოისტური გრძნობა და ცხოველური თავდაცვის ალღო იღვიძებს და მაშინ პირად კეთილდღეობაზე მზრუნველობა საერთოსაზე სძლევს ხოლმე და სახელმწიფოებრიობა და საზოგადო ინტერესი კერძოსა და პირადულს სულისკვეთებას უთმობს ბატონობას. სახელმწიფოს შემადგენელი ერთეული, თვით კერძო პიროვნებაც უპირველესად თავისი თავის, თავისი თემის, თავისი კუთხის გადარჩენაზე იწყებს ფიქრს და საერთო კეთილდღეობაზე მზრუნველობის მოვალეობის თავიდან მოცილებას ცდილობს. როგორც დაბალი ფიზიკური სხეული განსაცდელის დროს თავდაცვის მიზნით იკუმშება და თავის ქერქში ძვრება ხოლმე, ისევე სოციალურ სხეულს ემართება და რაკი სახელმწიფოსი და საერთო ძალის უკვე იმედგაწყვეტილობაა ხოლმე გამეფებული, ასეთ პირობებში შეიძლება სახელმწიფოებრიობის დაქვეითებისა და დაშლის პროცესი დაიწყოს” [4, 196].

    ყოველივე ამას ემატებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს შიგნით ქვეგამხედვართა და მოღალატეთა მომრავლება. ალექსანდრე ბატონიშვილი ამგვარ პირთა შორის პირველ რიგში ასახელებს იოსებ არღუთაშვილ-მხარგრძელს, რომელიც მოგვიანებით რუსეთში მცხოვრებ სომეხთა მთავარეპისკოპოსი გახდა. იგი გახლდათ ერთობ აქტიური პიროვნება, რომელიც ყველანაირად ცდილობდა რუსების დახმარებით სომხების მდგომარეობის გაუმჯობესებას კავკასიაში. მან, როგორც გადმოგვცემენ, დიდად შეუწყო ხელი აღა-მაჰმად ხანის 1795 წლის შემოსევას ქართლ-კახეთში [3, 39]. სომეხი დიდვაჭრების მეოხებით სპარსეთის მთავრობის აგენტები ღებულობდნენ ცნობებს ქართლ-კახეთის სამეფო კარზე და ზოგადად საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. თუკი კარგად ჩაუკვირდებით რუსეთის მზაკვრულ მიზნებს დავინახავთ, რომ ართუღაშვილის მსგავსი პიროვნებების სახით რუსულ რეზიდენტურას მშვენიერი დასაყრდენი გააჩნდა ამიერკავკასიაში. მისი მეშვეობით პეტერბურგი ცდილობდა სხვისი ხელით ნარის გლეჯას საქართველოში. ეს პირები პროვოცირებას უწევდნენ ირანს და ოსმალეთს რათა ისინი მუდმივად თავს დასხმოდნენ ქართლ-კახეთის სამეფოს, ამით დაესუსტებინათ ამიერკავკასიის ეს ყველაზე რეალური პოლიტიკური ძალა და შესაბამისად საკუთარი თავიც, რათა შემდგომ “მხსნელად” მოვლინებოდა ამ მხარეს რუსეთის იმპერია. სავარაუდოა, რომ გაწეული სამსახურისათვის ეს სომეხი გავლენიანი პირები, დიდ მატერიალურ ანაზღაურებას და პოლიტიკურ გარანტიებს ღებულობდნენ პეტერბურგიდან და ამ მხარდაჭერით შეგულიანებულები პერმანენტულად განაგრძობდნენ თავიანთ “მოღვაწეობას” ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

    ირანში 1779 წელს ქერიმ-ხანის სიკვდილის შემდეგ შინაფეოდალური ანარქია სუფევდა. მოგვიანებით თანდათან იწყო გაძლიერება მაზანდარანის მფლობელმა აღა-მაჰმად ხანმა, ყაჯართა ტომის წინამძღოლმა. მან დაიპყრო თეირანი, რომელიც სატახტო ქალაქად გამოაცხადა, დაიმორჩილა მთელი ირანი და დაიწყო მოლაპარაკება ერეკლე II-სთან. ის მოითხოვდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს კავშირი გაეწყვიტა რუსეთთან და ადრინდელი ურთიერთობანი აღედგინა ირანთან, მაგრამ ერეკლე არ თანხმდებოდა აღა-მაჰმად ხანის არც ერთ წინადადებას და კვლავინდებურად რუსეთისკენ ეჭირა თვალი, თუმცა რუსეთის მთავრობა არ ასრულებდა ტრაქტატით განსაზღვრულ პირობებს (თუ რატომ ზემოთ აღვნიშნეთ) და არც სამხედრო ძალით ეხმარებოდა ერთგულ მოკავშირეს. სწორედ ეს გახლდათ მთავარი მიზეზი ირანელთა საქართველოზე გამოლაშქრებისა, რომელსაც მოჰყვა 1795 წლის 11 სექტემბერს, მიუხედავად ქართველთა თავგანწირული წინააღმდეგობისა, თბილისის აღება  და აოხრება. ეს კი ქართული სახელმწიფოებრიობისათვის ფაქტიურად ხერხემლის გადამტვრევის ტოლფასი აღმოჩნდა.

    როგორც ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს 1795 წლის კრწანისის ომი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ღრმა კრიზისის მაჩვენებელი იყო, რის შედეგადაც მას საბოლოოდ გაუტყდა სახელი. აღა-მაჰმად ხანმა სასტიკად დაარბია თბილისი და მისი მიმდგომი მხარეები. მიუხედავად იმისა, რომ მან თბილისი აიღო, ელჩებს უგზავნიდა ერეკლეს და ჰპირდებოდა, რომ თუ იგი დაჰყაბულდებოდა ირანის წინადადებებს, მაშინ იგი ზარალსაც აუნაზღაურებდა და ტყვეებსაც დაუბრუნებდა. მაგრამ ერეკლესთან აღა-მაჰმად ხანს უარყოფითი პასუხები მოსდიოდა. სექტემბრის ბოლოს ირანელთა ჯარი აიყარა თბილისიდან და სპარსეთს გაემგზავრა. ევროპის პოლიტიკოსები ულოცავდნენ გამარჯვებას აღა-მაჰმად ხანს, ხედავდნენ რა ამ აქციაში რუსეთის დამარცხებაას. მოგვიანებით რუსეთმა ქართლ-კახეთში შემოგზავნა საჯარისო დანაყოფი, რომელთან ერთადაც ქართველებმა დალაშქრეს განჯის მხარე. რა თქმა უნდა, ამ ლაშქრობის ორგანიზება რუსეთის მხრიდან სრულიადაც არ იყო განპირობებული ირანზე შურისძიებით და უბრალოდ იმპერიის ძალის დემონსტრირებას ისახავდა მიზნად.

    1796 წლის 6 ნოემბერს გადრაიცვალა იმპერტრიცა ეკატერინე II და ტახტზე ავიდა მისი შვილი პავლე I, რომელმაც მოშალა სპარსეთის ლაშქრობა და რუსის ჯარი უკან გაიწვია. ამ გარემოებამ კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ჩააყენა ქართლ-კახეთის სამეფო. აღა-მაჰმად ხანმა რუსეთის გაბრუნება გამარჯვებად ჩათვალა და 1797 წელს კვლავ აპირებდა საქართველოს დალაშქვრას, მაგრამ მოულოდნელად შეთქმულების მსხვერპლი შეიქნა თავად.

    მალე, 1798 წლის 11 იანვარს, 78 წლის ასაკში თელავში გარდაიცვალა ერეკლე II. ტახტზე ავიდა მისი მემკვიდრე გიორგი XII, რომელიც ამ დროს უკვე დაავადებული იყო მძიმე სენით. მისი მკურნალი იყო იგივე იაკობ რეინეგსი, რუსეთის ემისარი, რომელსაც როგორც ავადმყოფისა და ექიმის მიწერ-მოწერა ცხადყოფს, მთლიანად იყო დანდობილი ქართლ-კახეთის მეფე.

    რა მდგომატრეობა იყო ამ დროისათვის აღმ. საქართველოში? ომარ-ხანის 1785 წლის და განსაკუთრებით აღა-მაჰმად-ხანის 1795 წლის შემოსევების შემდეგ ქვეყნის მეურნეობა მოიშალა. ქვეყნის მოსახლეობა თითქმის განახევრდა 61.000 ოჯახიდან, რომელიც აღრიცხული იყო ქართლ-კახეთში 1783 წლამდე (ტრაქტატის დადებამდე), 1798 წლისთვის მოითვლებოდა 35.000-მდე. მოსახლეობა უკიდურესად იყო გაჭირვებული. სრულ კრიზისს განიცდიდა ქვეყნის მმართველობა. ავადმყოფ მეფეს არ შესწევდა ძალა გაბედული ქმედებებით შეწინააღმდეგებოდა იმ ინტრიგებს, რომლებსაც საუფლისწულოებში ჩაკეტილი ძმები მის წინააღმდეგ ხლართავდნენ.

    1800 წლის 28 დეკემბერს გიორგი XII გარდაიცვალა. ხელმწიფის გარდაცვალებამ კიდევ უფრო გააღრმავა სახელისუფლო კრიზისი, რომელიც შესანიშნავად გამოიყენა ყოველივე ამის მაინსპირირებელმა რუსეთმა
და ჯერ პავლე I-მა 18 იანვარს, ხოლო შემდეგ ალექსანდრე I-მა 12 სექტემბრის მანიფესტებით ქართლ-კახეთის სამეფოში გააუქმეს მეფობა და ამიერკავკასიის ეს ცენტრალური რეგიონი უშუალოდ შეუერთეს რუსეთის იმპერიას.

     ამრიგად, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო დაეცა არა მარტო როგორც შიდასახელმწიფოებრივი კრიზისის მსხვერპლი, არამედ უშუალოდ რუსეთის მიერ წარმოებული მიზანმიმართული საგარეო პოლიტიკის შედეგად; რუსეთისა, რომელიც ძველთაგანვე მისწრაფოდა ამიერკავკასიის და მთელი მახლობელი აღმოსავლეთის ხელში ჩაგდებას.

დამოწმებული ლიტერატურა:

1.         ზ. ცქიტიშვილი. გარსევან ჭავჭავაძის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, “მეცნიერება,” თბ. 1982. გვ. 203

2.         საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. IV, “მეცნიერება” თბ. 1973.

3.         ს კაკაბაძე. ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921. “ნეკერი”, თბ. 1997.

4.         ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ. IV, თბ. 1924.

***

      Paata Bukhrashvili

Kartli and K’akheti in the last quarter of the ~l8th and beginning of the l9th centuries

(Materials for a textbook)

In the 1750’s, the Kingdom of Kartli and K’akheti appeared to be on the road to recovery. The forceful political direction of Teimuraz II and Erek’ le II significantly reduced the heavy heritage of Ottoman-Qizilbash occupation. The kingdoms of Kartli and K’akheti united de facto in 1744 and officially in 1762, as one kingdom.

At the end of the 1770’s great interest was aroused in the Russian imperial administration by the so-called “Greek project”, which was directly` opposed to the Ottoman empire. After the Kuchuk-Qainarji treaty of 1774, Prince Gr. Potemkin proposed to Empress Catherine a project, which had as its primary goal the expulsion of the Ottomans from Europe, and the establishment of a Greek government in Constantinople under the authority of the Russian tsar. It is to be noted that when Catherine’s second grandchild (the son of Prince Paul) was born in April 1779, he was named Constantine, in the intention that he would someday reign over this buffer kingdom. The project was worked out in 1782, and in November of that year notice of it was given to Austria, with whose help Russia hoped to bring the plan to fruition. Many obstacles stood in the way of the realization of this project, the chief of which was the fact that the four million Greeks were scattered in various countries, and only represented a minority of the population on the territory of the proposed Greek nation.

At the time an alternative project wa5 brought to the attention of the Austrian court, the object of which was the creation of a Christian kingdom on the east and west coasts of the Black Sea. The proposal was referred to as the “Kingdom of Mithridates”. The Kingdom of Kartli and K’akheti, then ruled by Erek’le II, was an important component in the achievement of this project. Information about it, probably transmitted by Catholic priests, soon reached Erek’le, who thereupon sent one of the priests in 1781 to the Austrian imperial court in Vienna. The priest however died en route in Constantinople. The following year, presumably after obtained more details about the proposal, the king of Kartli and K’akheti sent his regular envoy on an urgent mission to Vienna, to request funds for the creation of a standing army. The envoy carried letters to the Roman Pope, to the Kings of France and Naples, and to the government of the VenetianRepublic. In Russia, however, which the envoy crossed en route to Europe, the letters fell into the hands of the Tsar’s bureaucrats, who then disrupted Erek’le’s plans. The Russian imperial court quickly dispatched the experienced emissary Jakob Reineggs, a German by origin, who had, already served in Kartl-K’akheti ( 1778-1781 ). At the same time, the Russian residence renewed contacts with the Arrnenians of Transcaucasia, of which the most compact settlement was in the Karabagh highlands (7000 households, representing five melikates [principalities)). The intent was to overthrow Ibraim, the Khan of Karabagh and Karadagh, and create an Armenian government under Russian protection.

In parallel with this, Russia undertook activity against the Crimean Khanate and the Noghay settlements of the Kuban basin. In April of 1783, the Russian army entered the Crimea. This provoked an uprising of the Noghays, which was suppressed with great bloodshed by Gen. Suvorov. In one battle alone 3000 Noghays lost their lives, and over 4000 in the second. As a consequence, the Noghays lost 30,000 horses, 40,000 cattle and 200,000 sheep (representing nearly the entire wealth of this embattled community), all of which came into the hands of Russian Cossacks. The remaining Noghays were deported to the country of the Adygheys, leaving the territory from the Don to the Kuban open for colonization by Russian Cossacks [3, 9-10).

In 1782 the Russian administration of Prince Potemkin began talks with King Erek’le through the mediation of Dr. Reineggs. The latter sought to persuade Erek’le that Russia had no objective other than that of protecting their fellow Orthodox Georgians. Among other things, the emissary, who was well-informed about the Caucasus, was entrusted with “agitating” the king to formally request Russian protection. Indeed, on 21 December 1782, Erek’le demanded the protection of the Russian Empire.

Still in 1782, Erek’le repeated his proposal to the Russian court, and added further requests. On this basis, a defence treaty between Russia and the Kingdom of Kartli and K’akheti was signed at Georgievsk on 24 June 1783. The Russian diplomats knew well that Erek’le’s primary intent was to obtain military support; therefore Potemkin promised Erek’le that, once the treaty was signed, the Russian army would be straightaway sent to defend Georgia’s borders. This inspired the Georgian leadership with the hope that the protectorate of the powerful Russian Empire would enable the formation of a Western-style Georgian state, leading to a strengthening of the nation, and eventually full independence.

The official text of 1783 treaty was formulated as though it had been entirely undertaken at the request of Georgia, which demanded the aid of Russia. Of course, the Kingdom of Kartli and K’akheti was greatly desirous of obtaining military assistance through this agreement, but as it turned out, the treaty was used to further Russian expansionist aims. The document makes it clear that the Georgian kingdom was not regarded as the equal of Russia.

Aided by the treaty, the Russian imperial machinery undertook covert and overt intervention in the internal and foreign affairs of Georgia, and of the Caucasus as a whole. It is clear that Russia had great need of a treaty of “protection” with Kartl-K’akheti to avoid making its intentions too obvious to the European powers backing the Ottoman Empire and Iran. The kingdom of eastern Georgia thus fell not only as a consequence of internal crises, but also of the manoeuvrings of Russia foreign policy, which had long sought to gain a foothold in Transcaucasia to further its aims in the Near East.

 ამირანი # IV-V 2001

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: