IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• თემურ ჩილაჩავას კონფლიქტების დარეგულირების მათემატიკური მოდელები

1-6

ქართველმა მეცნიერმა თემურ ჩილაჩავამ კონფლიქტების დარეგულირების მათემატიკური მოდელები შეიმუშავა

19.07.2019

ორიოდე დღის წინ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ წარადგინა სოხუმის სახელმაწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროექტი – “კონფლიქტების დარეგულირების მათემატიკური მოდელები”. რას გულისხმობს მოდელი და რამდენად შესაძლებელია სახელმწიფოებს შორის არსებული კონფლიქტების მეცნიერული გზით გადაჭრა, ამაზე ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსისტეტის გამოყენებითი მათემატიკის (მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლების მეთოდების)მიმართულების პროფესორი თემურ ჩილაჩავა გვიამბობს:

_ 2005 წელს ორმა დიდმა მათემატიკოსმა, რომერტ აუმანმა და თომას შელინგმა სამეცნიერო შრომების ციკლისათვის „კონფლიქტისა და თანამშრომლობის პრობლემების გაგება ანალიზის მეშვეობით თამაშთა თეორიის ფარგლებში“ მიიღეს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში. სტოქჰოლმში, დაჯილდოვების ცერემონიაზე რობერტ აუმანმა სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა: „ომები და კონფლიქტები არიან ადამიანთა ტანჯვის ერთ-ერთი ძირითადი წყაროები. ამიტომ მიზანშეწონილია, რომ ეს ლექცია მიეძღვნას კაცობრიობის წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე საარსებო და ღრმა საკითხს – ომი და მშვიდობა

მეცნიერმა ასევე აღნიშნა:კონკურირებადი სუბიექტების ხანგრძლივ ურთიერთობას შეუძლია წარმოშვას მათ შორის თანამშრომლობა, რისთვისაც ერთხელ კონტაქტის შემთხვევაში საკმარისი საფუძველი არ მოიძებნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხანგრძლივი ურთიერთობა წარმოშობს საერთო ინტერესებს და წინაპირობებს თანამშრომლობი-სათვის“.

მე როგორც მათემატიკური მოდელირების სპეციალისტი, ვაკვირდები მათემატიკის გამოყენებას სხვადასხვა დარგში, ბოლო დროს, განსაკუთრებით, სოციალურ სფეროში, ამიტომ ამ მიდგომამ დამაინტერესა. ალბათ,გახსოვთ ერგნეთის ბაზრობა, რომელიც ადმინისტრირების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, „შავი ხვრელი“ იყო ანუ ხაზინაში ფული ძალიან ცოტა ან საერთოდ არ შეჰქონდა, მაგრამ ხელს უწყობდაქართველებისა და ოსების დაახლოვებას. კეთილდღეობის მომტანი საკითხების გამო მათ ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ინტერესი უჩნდებოდათ, თუმცა მოგვიანებით, ეს ბაზრობა დაიხურა.

_ იქნებ აგვიხსნათ რა კავშირია ერგნეთის ბაზრობასა და კონფლიქტების დარეგულირების მათემატიკურ მოდელებს შორის?

_ ზემოთხსენებული ორი პოზიციის ერთად გააზრებით, მე მომივიდა იდეა, ხომ არ შეიძლება შევქმნათ მათემატიკური მოდელები, რომლებიც შეძლებენ რობერტ აუმანისა და თომას შელინგის ზოგადი იდეების მათემატიკის ენაზე აღწერას. მე საკანდიდატო (მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში) და სადოქტორო დისერტაციები (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში) დაცული მაქვს ასტროფიზიკური და აკუსტიკური პროცესების მათემატიკურ მოდელირებაში, მაგრამ ბოლო 10 წელია დოქტორანტებთან ერთად ვმუშაობ სოციალურ სფეროში მათემატიკის გამოყენებაზე. მაგალითად, ინფორმაციული ომების მათემატიკურ მოდელირებაში ცნობილმა ჟურნალისტმა და მათემატიკოსმა ნუგზარ კერესელიძემ ჩემი ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ასევე ლეილა სულავამ და მაია ჩაკაბერიამ ჩემი ხელმძღვანელობით დაიცვეს სადოქტორო დისერტაციები შესაბამისად, პოლიტიკური არჩევნების შედეგების პროგნოზირების და ასიმილაციის პროცესების მათემატიკურ მოდელირებაში. მე ასევე დამაინტერესა რატომ მოყავდა გამუდმებით ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომელიც ახლა საქართველოში არ იმყოფება, სინგაპურის მაგალითი. დემოგრაფიულ მოდელებზე მუშაობის დროს აღმოვაჩინე, რომ სინგაპურში ყველაზე დაბალია შობადობა. დემოგრაფიული მოდელების თანახმად, ადამიანთა პოპულაცია იგივე დონეზე (ნულოვანი დემოგრაფიული ფაქტორი) რომ დარჩეს, 100 ქალბატონზე უნდა მოდიოდეს 214 ბავშვი. სინგაპურში კი 100 ქალბატონზე მხოლოდ 78 ბავშვი მოდის, ანუ დემოგრაფიული თვალსაზრისით, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით, პირიქით. სინგაპურული „ეკონომიკური სასწაულის“ ავტორი ლი კუან იუ აღნიშნავდა: „თუ თქვენ გინდათ ეკონომიკური ზრდა, მაშინ მეზობლებთან არ უნდა იომოთ, არამედ ივაჭროთ“

სწორედ ამან მიბიძგა იმისკენ, რომ მათემატიკურ მოდელებზე მეფიქრა, რომლებსაც შეუძლიათ პოლიტიკური კონფლიქტები გარკვეულწილად აღწერონ და შესაბამისი დასკვნები გამოიტანონ. საქართველოში არსებული კონფლიქტური რეგიონების გათვალისწინებით, ასეთი მათემატიკური მოდელების განხილვა ძალიან პერსპექტიულად და ინოვაციურად მიგვაჩნია, ასევე მათი კომპიუტერული სიმულაცია, კომპიუტერული მოდელინგი, რომელსაც შეუძლიაგანსაზღვროს პირობები ანუ მოდელების პარამეტრებს შორის დამოკიდებულებები, რომელთათვის კონფლიქტების გადაწყვეტა შესაძლებელია.

_ იქნებ ამ პროექტის შესახებ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ და აგვიხსნათ, როგორ შეიძლება მათემატიკური მოდელების საშუალებით კონფლიქტების დარეგულირება?

_ სანამ ამას გიამბობთ, გეტყვით, რომ ეს მიდგომა შარშან საერთაშორისო კონფერეციაზე წარვადგინე, წელს თურქეთში ვიყავით საერთაშორისო კონფერენციაზე და ახლახან ჩამოვედი ლისაბონის პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციიდან. ჩვენ, მეცნიერები მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ და ვცდილობთ დავადგინოთ, მათემატიკური მოდელის ფარგლებში რა შემთხვევაში შეიძლება კონფლიქტის მოგვარება. მათემატიკურ მოდელებში ნაგულისხმებია, რომ არის ორი პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარე და არა საომარ მდგომარეობაში მყოფი. მოდელები არ მუშაობს საომარ ვითარებაში, ანუ პოლიტიკური დაპირისპირებაა, ორ ქვეყანას შორის მაგალითად, სომხეთ-აზერბაიჯანს, რუსეთ-უკრაინას ან სახელმწიფოს და მის ერთ-ერთ იურიდიულ სუბიექტს, მაგალითად საქართველო და მისი იურიდიული სუბიექტს აფხაზეთს შორის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვთვლით, რომ ამ ორ მხარეში არსებობს ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც სურს ეკონომიკური თანამშრომლობა მეორე მხარესთან, მაგრამ თანამშრომლობა ასევე შესაძლებელია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. მაგალითად, სოჭის ოლიმპიადის დროს რუსეთმა დააპირა აფხაზეთიდან ინერტული მასების გატანა, რასაც შეეძლო აფხაზეთში ღრმა ეკოლოგიური დარღვევები გამოეწვია. ცხადია, ეს ამბავი ქართულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ცნობილმა ეკოლოგებმა და ასევე ზოგიერთმა აფხაზმა პოლიტიკოსმა, მაგალითად ალექსანდრე ანქვაბმა, გააპროტესტეს ანუ ქართული და აფხაზური მხარეების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, რადგან თუ აფხაზეთში ეკოლოგია დაირღვა, იქ ვერც აფხაზები იცხოვრებენ და ვერც ჩვენ დავბრუნდებით ნორმალურ გარემოში. ეკოლოგიური თანამშრომლობა შეიძლება იყოს ფაროსანას პრობლემის მოგვარებისას, რომელიც სამეგრელოდან აფხაზეთში ან პირიქით გადადის და ა.შ. ანუ ორივე მხარეს ადამიანების გარკვეულ რაოდენობას თანამშრომლობა სურს და ახორციელებს ამ თანამშრომლობას ძირითადად, ეკონომიკური თვალსაზრისით. სწორედ ახლა ზუგდიდში, კერძოდ, რუხში კეთდება ეკონომიკური ცენტრები, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას. ჩვენ გვაქვს 4 მათემატიკური მოდელი. აქედან პირველ მოდელში დე-იურე და დე-ფაქტო სახელმწიფო სტრუქტურები არ ერევიან, მეორე მოდელში ხელს უშლიან, მესამე მოდელში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ხელს უწყობენ ეკონომიკური თანამშრომლობის პროცესს. მეოთხე მოდელში დე-ფაქტო ხელისუფლება ხელს უშლის, ხოლო დე-იურე ხელისუფლება ხელს უწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის პროცესს. მაგალითად, დავუშვათ აფხაზეთში პირობითად არის 5 – 10 ათასი ადამიანი, რომელსაც სურს ქართველებთან თანამშრომლობა, საქართველოს დანარჩენ ნაწილში არის გაცილებით მეტი რაოდენობა, მაგრამ ამავე დროს არიან მოწინააღმდეგეები – ე.წ. ქორები, რომლებსაც თანამშრომლობა არ უნდათ. უფრო მეტი „ქორია“ აფხაზეთში, მაგრამ ამ ხალხის დაინტერესება შესაძლებელია.

_ როგორ?

_ ადამიანს თავისუფლება იმისთვის უნდა, რომ მისმა ოჯახმა, ახლობლებმა და ქვეყანამ ეკონომიკურად უკეთ იცხოვრონ. აფხაზეთში კი რეალურად, ეკონომიკური თვალსაზრისით სასიკეთო არაფერი კეთდება. თუ იქნება საერთაშორისო ეკონომიკური სტრუქტურების დაინტერესება კონფლიქტების მოგვარების კუთხით და შემოვა ინვესტიციები, მაშინ თანამშრომლობის სურვილიც გაჩნდება, მათ შორის ე.წ. ქორებშიც. ჩვენ ეს საკითხი მათემატიკურად აღვწერეთ და მომავალში, თუ სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესება იქნა, შეგვეძლება ვთქვათ, რა პირობები უნდა არსებობდეს, რომ კონფლიქტი გადაწყდეს ან რა პირობებში არ გადაწყდება. ყველას გვახსოვს, რომ 2008 წლის დასაწყისიდან იყო გაჩაღებული ინფორმაციული ომი საქართველოსა და რუსეთის ლიდერშიპებს შორის, რომელსაც მერე ტირაჟირებას უკეთებდნენ ტელევიზიები და რუსეთის ხელისუფლების მიერ ევროპაში დაქირავებული მედიასაშუალებები. ამ სიტუაციაში, იმის ნაცვლად, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თავიდანვე ჩარეულიყვნენ და ორივე მხარისთვის სიმშვიდისკენ მოეწოდებინათ, დამკვირვებლის პოზიციას სჯერდებოდნენ. როცა საერთაშორისო ორგანიზაციები არაპრევენტიულად მოქმედებენ, დიდია ალბათობა, რომ საინფორმაციო ომი ცხელ ფაზაში გადაიზარდოს, რაც ვიხილეთ კიდეც. ამიტომ თუ ენგურს აქეთ და იქით მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მზადაა თანამშრომლობისკენ და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კონფლიქტის მოგვარება სურთ, მათემატიკა, რომელიც ზუსტი მეცნიერება გახლავთ, შეძლებს დაადგინოს კონფლიქტის გადაწყვეტის პირობები. ეს არის ჩვენი მიდგომის ძირითადი შინაარსი.

_ ამ თემასთან დაკავშირებით, აფხაზი კოლეგების აზრით თუ დაინტერესდით?

_ სამწუხაროდ, აფხაზ მეცნიერებს ასეთ თემებთან შეხება არ აქვთ, მაგრამ ჩვენ ამ იდეას ვაჟღერებთ იქ, სადაც გამგები არის. მაგალითად, ლისაბონის კონფერენციას, სადაც ჩვენი მიდგომის პრეზენტაცია ჩავატარეთ, ესწრებოდნენ მეცნიერები ა.შ.შ.-დან, კანადიდან, ევროპიდან, მოსკოვის და რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. ჩვენ ამ პროექტის პრეზენტაციებს ხშირად გავაკეთებთ, რადგან ეს არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოუ ჰაუ. 1969 წელს შტუდგარტში, გერმან ჰაკენმა შემოიღო ტერმინი- სინერგია, სინერგეტიკა, რაც ერთობლივ მოქმედებას ნიშნავს და გულისხმობს, რომ იმ პროცესების გადატანა, რაც არის ბუნებაში, ფიზიკაში, ქიმიაში და ა.შ. შესაძლებელია სოციალურ მეცნიერებებში. მან ერთობლივი ჯგუფების შექმნისკენ მოუწოდა ყველას, ვისაც მეტნაკლებად ესმის მათემატიკის მნიშვნელობა. მათ შორის, ფსიქოლოგებს, სოციოლოგებს და ა.შ. ამიტომ პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც შედგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივით, მის მხრიდან გაჟღერდა, რომ კარგი იქნება მათემატიკოსების, პოლიტოლოგებისა, კონფლიქტოლოგებისა და სოციოლოგების ჯგუფის შექმნა, რომელიც საკითხს ძირფესვიანად შეისწავლის და პოპულარიზაციას მოახდენს.

_რატომაც არა? ჯერჯერობით კონფლიქტების მიმართულებით პოლიტიკოსებმა და კონფლიქტოლოგებმა ვერაფერი მოაგვარეს და იქნებ მეცნიერებს გამოგივიდეთ.

_ ამაზე ცნობილი მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის ალბერტ აინშტაინის ციტატით გიპასუხებთ: „ვერასოდეს შეძლებთ გადაჭრათ პრობლემა, თუ ძველებურ აზროვნებასა და იმ მიდგომებს შეინარჩუნებთ, რომელმაც პრობლემამდე მიგიყვანათ“. სამწუხაროდ, 26 წლის მანძილზე პრობლემას დაახლოების ნაცვლად, ვშორდებით. ალბათ ყველაზე უკეთესი იქნება სინერგეტიკული მიდგომა ანუ პოლიტიკოსებისა და მეცნიერების კოორდინირებული მოქმედება, მაგრამ ამისათვის გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანთა ნება უნდა იყოს. ეს არის ახალი, ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც ჩემს სოხუმელ დოქტორანტს გიორგი ფოჩხუას შეტანილი აქვს „რუსთაველის ფონდში“ და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით, მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური გრანტის სახით იქნება. ჩვენთან ერთად ამ პროექტზე მუშაობენ სსუ-ს ასოცირებული პროფესორები ნესტან კეკელია და ზურაბ გეგეჭკორი.

საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ ყველა წამყვანი ქვეყნის მთავრობის ლიდერშიპს ჰყავს 10-15 კაცისგან შემდგარი მეცნიერთა ჯგუფი. მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატები თემურ ჩილაჩავამ და ჯონ ნეში თავის დროზე, ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლები გახლდათ. ასეთი ჯგუფები შედგება ფსიქოლოგებისგან, სოციოლოგებისგან, გამოყენებითი მათემატიკის დარგის სპეციალისტებისგან, რომლებიც რეკომენდაციებს აძლევენ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს.

_ რამდენად ზუსტი იქნება თქვენი პროგნოზები და რეკომენდაციები?

_ ჩვენი მათემატიკური მოდელები უნივერსალურია, მაგრამ ამოხსნა დაპირისპირებული მხარეების სპეციფიკაზეა დამოკიდებული. მაგალითად, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ერთი სპეციფიკაა, ქართველებსა და აფხაზებს შორის -მეორე, ქართველებს და ოსებს შორის მესამე და ა.შ. ფინანსური მხარდაჭერის პირობებში (გრანტები) ჩვენ შეგვიძლია პერსპექტივაში შევქმნათ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური კონფლიქტების მონაცემთა ბაზა და მივცეთ რეკომენდაციები ჩვენი მათემატიკური მოდელების ფარგლებში რა პირობებში კონფლიქტი დარეგულირდება და რა პირობებში არა. ყველა მეცნიერება ასე აკეთებს და ყველაზე ზუსტი ინფორმაცია იცის მხოლოდ ღმერთმა.

progressnews.ge

 

 
%d bloggers like this: