IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

♦ აგრარულ-კორუფციული ტრილერი

♥ Georgia – საქართველო

 

აგრარულ-კორუფციული ტრილერი

18-02-2013

 ელიტური კორუფცია სხვა სახის კორუფციისგან იმით განსხვავდება, რომ  ყველაფერი დოკუმენტურადაა “გაპრავებული”. გარკვეული პერიოდის განმავლობაში,   ეს დოკუმენტები ალიბის ფუნქციას ასრულებს, შემდეგ კი, თუ სამართალდამცველები დაინტერესდებიან,  სამხილის. ეს მას შემდეგ გამახსენდა, რაც ხელში ჩამივარდა დოკუმენტები, რომლებიც სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ქონების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ჩემი პირადი აზრით, საქმე გვაქვს აგრარულ-კორუფციულ ტრილერთან, რომელიც ალბათ, იმსახურებს, რომ იურიდიულ სახელმძღვანელოებში მოხვდეს. სამართალდამცველებმა კი უნდა გადაწყვიტონ აღნიშნული დოკუმენტები ალიბია თუ სამხილი.

მოკლედ, 2011 წელს მაშინდელმა მთავრობამ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რეორგანიზაციისთვის “მოიცალა”.  იმავე წლის მარტში “აგრარული განათლებისა და მეცნიერების” ფონდმა, კანცელარიულ ენაზე რომ ვთქვათ, გამოხატა ინტერესი ყოფილიყო უნივერსიტეტის ერთპიროვნული დამფუძნებელი. სურვილი სურვილია, ასე ამ სტატიის ავტორსაც შეუძლია გამოხატოს სურვილ-ინტერესი, რომ მაგალითად, იყოს ოპერისა და ბალეტის თეატრის დამფუძნებელი.

გაგიკვირდებათ და, მთავრობისთვის ეს ცარიელი ინტერესი  მისაღები აღმოჩნდა და განაცხადა თანხმობა, რომ აგრარული უნივერსიტეტის ერთპიროვნული დამფუძნებელი ყოფილიყო “აგრარული განათლებისა და მეცნიერების” ფონდი. საკვირველია, ისეთი რა წონიანი არგუმენტები მოუყვანა ფონდმა მთავრობას, რომ 2011 წლის 30 მარტს სახელმწიფო მთლიანად გამოვიდა უნივერსიტეტის დამფუძნებლობიდან.

ისე, წონაზე გამახსენდა. არსებული ინფორმაციით, ზემოხსენებული ფონდის დამფუძნებელია კახა ბენდუქიძის “ცოდნის ფონდი”. მერე რაო, – იტყვის ზოგიერთი მკითხველი, – ბენდუქიძის ფონდის ფონდი, მთავრობის თანხმობით, აგრარული უნივერსიტეტის ერთპიროვნული დამფუძნებელი რომ გახდა, მაინცდამაინც იმას ნიშნავს, რომ რაღაცაშია საქმეო? იქნებ აყვავდა აგრარულ-საგანმანათლებლო სფერო და მაგარი ბიზნესი გახდა? მაგარი ბიზნესის რა მოგახსენოთ, მაგრამ ძველ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს (შემდგომში აგრარული სახელმწიფო უნივერსიტეტი) დიდი ქონება ჰქონდა. აქვე ალბათ, უნდა განვმარტოთ, რომ ბენდუქიძის ფონდის ფონდი საკუთრივ უმაღლესი სასწავლებლის  დამფუძნებელი გახდა და ძველი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ქონებაზე კანონით  ხელი არ მიუწვდებოდა.

მოკლედ, 2011 წლის მარტში აგრარული უნივერსიტეტი კერძო ფონდის ხელში გადავიდა, აპრილში კი, სახელმწიფომ შექმნა შპს “აგრომეტი”, რომლის კაპიტალი თავიდან 400 ლარი იყო. თუმცა საწარმოთა მართვის სააგენტომ 18-ჯერ შეიტანა “აგრომეტის” კაპიტალში ცვლილება და, საბოლოოდ, ის აღმოჩნდა უზარმაზარი ქონების პატრონი. მას გადაეცა ათასობით ჰექტარი მიწა და შენობა-ნაგებობები. კონკრეტული რიცხვების მოყვანით არ დაგღლით, უბრალოდ გეტყვით იმას, მისი კაპიტალის შემადგენელი იყო  ქონება, რომელსაც ფლობდა ყოფილი  სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი და მისი კვლევითი ინსტიტუტები – ქარსაცავი ზოლებით დაწყებული და მარნებითა თუ ლაბორატორიებით დამთავრებული. ეს პროცესი 7-8 თვეს გაგრძელდა და ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, პრივატიზაციის დეპარტამენტის მიერ “აგრომეტის” პრივატიზების საწყისის ფასი გათვლილი იყო 100 მლნ ლარად.

ალბათ, იკითხავთ, რა შუაშია “აგრომეტი” და რა კავშირი აქვს მას ბენდუქიძის ფონდის ხელში გადასულ აგრარულ უნივერსიტეტთან. ის კავშირია, რომ 2011 წლის დეკემბერში აგრარულმა უნივერსიტეტმა, ფაქტობრივად, რომლის დამფუძნებელიც უკვე ბენდუქიძე იყო,  მიმართა ეკონომიკის სამინისტროს – მისთვის პირდაპირი წესით 5 მლნ დოლარად მიეყიდა შპს “აგრომეტის” 100%-იანი წილი.

100-მილიონიან ქონებაში 5 მილიონის შეთავაზება დაახლოებით იგივეა, ვაკეში ხუთოთახიანი ბინის შეძენა ათას ლარად მოინდომო. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ პატრონმა ფასიც კი დაგიკლოთ და ბედ ასი ლარი გამოგართვას. ისიც წარმოიდგინეთ, რომ დანარჩენი თანხის გადახდა ვერ შეძლოთ, მაგრამ ბინის პატრონმა კვლავ გამოიჩინოს კეთილშობილება და ფულის გადახდა გადაგივადოთ.

კარგი სიზმარია არა? აი, აგრარულ უნივერსიტეტს კი, ეს სიზმარი აუხდა. მიხეილ სააკაშვილმა ზემოხსენებულ 5 მლნ-ს ცოტა დაუკლო. კერძოდ, 2012 წლის 15 თებერვლის პრეზიდენტის განკარგულებით, “აგრომეტის” ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით 4 150 000 დოლარად გადაეცა აგრარულ უნივერსიტეტს. მყიდველმა დადგენილ ვადაში საპრივატიზაციო თანხა ვერ გადაიხადა. სამაგიეროდ, პრეზიდენტმა მორიგი მოწყალება მოიღო და 2012 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებით, მყიდველს 24 თვით გაუგრძელა აღებული ვალდებულებების შესრულება.

შევაჯამოთ – ბენდუქიძის მიერ დაფუძნებული ფონდის ფონდი, მთავრობის თანხმობით, ხდება აგრარული უნივერსიტეტის ერთპიროვნული დამფუძნებელი. შემდეგ, ეს უნივერსიტეტი 4 150 000 დოლარად, პრეზიდენტის თანხმობით,  ყიდულობს 100 მლნ-ად  შეფასებულ ქონებას. მყიდველი ამ ფულსაც არ იხდის და პრეზიდენტი მას გადახდის ვადას უხანგრძლივებს.

ყურადღებით, ეკრანზეა კითხვა! – არის თუ არა ეს ელიტური კორუფციის სქემა? იყვნენ თუ არა ამ ქონების ხელში ჩაგდებით დაინტერესებულნი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნები? იზარალა თუ არა ბიუჯეტმა 100-80 მილიონი ლარი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის და სამართალდამცველებისთვის მოგვინდია.

გიორგი კვიტაშვილი

http://www.ambebi.ge/politika/71829-agrarul-korufciuli-trileri.html#ixzz2NnamLVAM

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: