IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გია კვაშილავა: პროტოქართველების, საერთოქართველური ენისა და წარწერების შესახებ

• საქართველო – Georgia

gia-kvashilava

 გია კვაშილავა

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ცენტრის „ენის, ლოგიკის, მეტყველების“ მეცნიერ-მკვლევარი

 

 პროტოქართველების, საერთოქართველური ენისა

და წარწერების შესახებ

    წინამდებარე წერილში წარმოდგენილია შემდეგი საკითხები:

  1. სამხრეთი ევროპის, წინა აზიისა და კავკასიის უძველესი მოსახლეობისა და ენების შესახებ;
  2. მაკრელების, დოლიონებისა და მუშქების განსახლების შესახებ;
  3. კორიბანტებისა და კირბების – კოლხური დამწერლობის შესახებ;
  4. A კლასის ხაზოვანი, ფესტოსის დისკოს და კრეტული იეროგლიფური წარწერების აღმოჩენისა და შესწავლის მოკლე ისტორია;
  5. ფესტოსის დისკოსა და A კლასის ხაზოვანი წარწერების შესახებ;

          დასკვნა

 

1. სამხრეთი ევროპის, წინა აზიისა და კავკასიის უძველესი

მოსახლეობისა და ენების შესახებ

    ამ პუნქტში უპირველესად დავიმოწმებ რამდენიმე ბერძნულ წყაროს.

    ჰომეროსის და დიოდორე სიცილიელის ცნობით, ბრინჯაოს ხანის კრეტაზე სახლობდნენ პელასგები.

    ჰეკატე მილეტელი ამბობს, რომ „ელინებზე უწინ პელოპონესის ნახევარკუნძულზე მოსახლეობდნენ ბარბაროსები“.

    ჰეროდოტე ამბობს, რომ „პელასგები ლაპარაკობდნენ ბარბაროსულ (არაბერძნულ) ენაზე. …პელასგურმა ტომმა, ელინური რომ გახდა, თავისი ძველი ენაც დაივიწყა“.

    ჰელანიკე მიტილენელის მიხედვით, პელასგთა ერთი ნაწილი, რომელიც ელინებმა საბერძნეთიდან განდევნეს, დასახლდა იტალიაში, ტირსენიაში, ანუ ეტრურიაში.

    უძველეს ხანაში პელასგები ასევე სახლობდნენ მთელ ელადაში, განსაკუთრებით კი − თესალიის ეოლიაში, კ. სკიროსზე, კ. ლემნოსზე, კ. სამოთრაკეზე, მცირე აზიის მრავალ ადგილას, ტროაში, პროპონტიდის (მარმარილოს) ზღვისპირეთსა და სხვაგან.

    ამგვარი ცნობები დაცულია სხვა წყაროებშიც, რომელთა გაცნობა შესაძლებელია სპეციალურ ლიტერატურაში (იხ. აკ. ურუშაძე, „ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში“, თბილისი, 1964).

    ამასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთი ევროპის, წინა აზიისა და კავკასიის უძველესი მოსახლეობისა და ენების შესახებ გამოთქმული მოსაზრებები, რომელთაც ქვემოთ წარმოვადგენ:

    ა. ევანსი დარწმუნებით აცხადებს, რომ კრეტის მკვიდრი მოსახლეობა მეტყველებდა ბარბაროსულ ანუ არაბერძნულ ენაზე.

    პ. კრეჩმერის აზრით, მრავალი სიტყვა ბერძნულ ენაში ნასესხებია არაინდოევროპული მოდგმის წინაბერძნული მოსახლეობის (მაგ., ლელეგებისა და სხვების) ენებიდან, რომლებიც მას კავკასიური ტომების მონათესავე ენებად მიაჩნდა. ნასესხები სიტყვები, პირველ რიგში, წარმოადგენს ბალკანეთის ნახევარკუნძულის, კრეტისა და მცირე აზიის ტოპონიმებს. პ. კრეჩმერი იმ დასკვნამდე მიდის, რომ მცირე აზიის უძველესი მოსახლეობა − ფრიგიელების გარდა − არაინდოევროპული, არასემიტური და არაურალურ-ალთაური წარმოშობის იყო; ეს იყო თვითმყოფადი ხალხი.

    ძვ.წ. IV-III ათასწლეულებში ბალკანეთის ნახევარკუნძულის, მცირე აზიისა და ეგეოსის ზღვის აუზის კუნძულების მოსახლეობა არაინდოევროპულია, რომელსაც იზიარებს ფ. შახერმაირიც.

    ედ. შვიცერი ამბობს, რომ წინაბერძნული და მცირე აზიის, არაანატოლიური და არაფრიგიული წარწერების ენები ეჭვგარეშე არც ბერძნულია და არც ინდოევროპული. იგი აღნიშნავს, რომ ამ ენათაგან ზოგიერთი უეჭველად ერთმანეთს ენათესავებოდა; ეს ენები ქმნიდნენ ე.წ. მცირეაზიურ ან ეგეოსურ-მცირეაზიურ ჯგუფს, რომელსაც კავშირი ჰქონდა, ერთი მხრივ, სამხრეთკავკასიურ ენებთან, ხოლო მეორე მხრივ, ეტრუსკულთან.

    ა. დირი წერს: „დღესდღეობით კავკასიურ ენებს – ამ სიტყვის ფართო გაგებით – განაკუთვნებენ წინა აზიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ენათა მთელ წყებას, რომელთაგან ერთადერთი ენა ბასკურია, ჯერ კიდევ რომ ცოცხლობს“.

    ა. ტრომბეტი წერს: „ჩვენ უნდა დავეთანხმოთ ჰ. შუხარდტს იმაში, რომ კავკასიის ფარგლებში თავი მოუყრიათ ხალხებს, რომელნიც წინათ გავრცელებული იყვნენ გაცილებით უფრო ვრცელ ტერიტორიაზე. უახლესი გამოკვლევები, ჩანს, იმაში ეთანხმება ერთურთს, რომ ოდინდელ კავკასიურ ენათა ჯგუფს მეტნაკლებად უკავშირდება შემდეგი ენები: ხალდური, მიტანი (ხურიტული), ელამური, ხათური, ეტრუსკული, კრეტული, იბერიული (ესპანეთში) და ბასკური“.

    ვ. გეორგიევი აღნიშნავს, რომ კავკასიოლოგთა მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს „ეტრუსკულ ენაში კავკასიური ელემენტების არსებობის შემოწმება“. შემდეგ იგი ამბობს, რომ ხათური, ურარტული და ხურიტული ენები ყოველგვარი ეჭვის გარეშე კავკასიურ ენათა მონათესავეა.

    ვ. მილერი აღნიშნავს, რომ კავკასიურ ენებს უკავშირდებიან წინა აზიის ძველი ენები: ხათური, ურარტული, ხურიტული და ელამური.

    გ. ჰიუზინგი ელამურ ენას უკავშირებს კავკასიურ ენებს.

    ფ. ბორკმა და ვ. კრისტიანმა წამოაყენეს შუმერული და კავკასიური ენების ნათესაობის ჰიპოთეზა.

    კ. კრამარჟი და მ. წერეთელი უეჭველ ფაქტად მიიჩნევენ შუმერულისა და საერთოქართველურის ენობრივ ნათესაობას.

    ზ. კიკნაძემ, ჰ. ფენრიხმა, ჯ. შარაშენიძემ, გ. გიორგაძემ, რ. გორდეზიანმა და სხვებმა წარმოადგინეს შუმერული და ქართველური ლექსიკური პარალელები.

    ავტორიტეტული სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყველა ეს ენა არ მიეკუთვნება ინდოევროპულ, ქამიტურ-სემიტურ და ურალურ-ალთაურ ენათა ოჯახს.

    ან. მეიეს აზრით, ყველაზე უფრო საიმედო გზა წინაბერძნული მოსახლეობის ენის გასაცნობად კავკასიური (კერძოდ, ქართველური) და მცირე აზიის ძველი ენების შესწავლაა. ეს საშუალებას მოგვცემს ბერძნული ენის ლექსიკაში ავხსნათ ის, რის ახსნაც ინდოევროპულ ენათა გარემოში შეუძლებელი ჩანს.

    ე. ბუაზაკი წერს: „ელინები სხვადასხვა მხარეებში ხეტიალობდნენ, სანამ ეგეოსისა და იონიის ზღვების სანაპიროებს მიაღწევდნენ; და აქ მათ უნდა განედევნათ ან თავის თავისთვის დაემსგავსებინათ სულ სხვა ხალხები, რომლებიც არც ერთ ინდოევროპულ ენაზე არ ლაპარაკობდნენ…“

    თ. გამყრელიძისა და ვ. ივანოვის ფუძემდებლური თეორიის მიხედვით, ძვ.წ. IV ათასწლეულში დასავლეთი და ცენტრალური ევროპა უძველესი ბალკანური კულტურების განადგურების შემდეგ კიდევ დიდხანს იყო არაინდოევროპული, შესაძლებელია ძვ.წ. II ათასწლეულებამდე, როდესაც დაიწყო ევროპის ინდოევროპეიზაციის პროცესი, ანუ ძველი ევროპული დიალექტების თანდათანობით გავრცელება ევროპაში.

    ჯ. ჩედვიკი წერს, რომ ძვ.წ. XX საუკუნეში ერთიანი ბერძნული ენა ჯერ არ არსებობდა. ის ცნობილია ძვ.წ. XIV ს-ის B კლასის ხაზოვანი წარწერებიდან. ჯ. ჩედვიკის აზრით, ეს ენა შეიქმნა ბერძნების მიერ ზემოხსენებული ტერიტორიების კოლონიზაციის შედეგად, როდესაც ბერძნულად მოლაპარაკე მეომარი ხალხი შემოიჭრა ბალკანეთის ნახევარკულძულზე. იგი იქვე ამბობს, რომ ბერძნული ენა ჩამოყალიბდა ადგილობრივი მოსახლეობისა და შემოჭრილი ხალხების ენათა შერევის შედეგად.

    ჯ. ჩედვიკი წერს: „უძველესი საბერძნეთის რუკაზე მრავალი ადგილის დასახელება, რომელთაც ბერძნულ ენაზე მნიშვნელობა არა აქვთ, უტყუარი მოწმობაა იმისა, რომ ოდესღაც აქ სხვა ენა იყო გაბატონებული, მაგრამ, კერძოდ, რომელი, არ არის ცნობილი“. მთელი რიგი ტოპონიმები „უდავოდ წარმოქმნილია უცნობი ენისაგან, რომელზედაც ადრე მეტყველებდნენ საბერძნეთში“.

    ჯ. ჩედვიკი ასევე აღნიშნავს, რომ პროტობერძნებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან ისესხეს მრავალი სიტყვა. განსაკუთრებით საინტერესოა ტოპონიმები, საამშენებლო ტერმინები, ტანსაცმლის, სახელმწიფო მმართველობის, მუსიკალური ინსტრუმენტების, მცენარეებისა და ცხოველების სახელები, ასევე, მათთვის უცნობ საგანთა სახელწოდებები, რაც აქ მოსახლე ხალხის ცივილიზაციის მაღალ დონეზე მიუთითებს. ჯ. ჩედვიკი ამასვე იმეორებს კრეტის ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ, რომელიც ძვ.წ. XV ს-მდე ბერძნულად არ მეტყველებდა. „მათ ენამ წერილობითი სახით მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ მისი ამოკითხვა მაინც არ შეგვიძლია. ეჭვგარეშეა, რომ ეს ენა ბერძნული არაა“.

    ჯ. ჩედვიკი წერს, რომ კრეტის ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი ხნის წინათ შეიმუშავა სააღრიცხვო სისტემა და თავიანთ შრიფტს ასევე გამოიყენებდნენ სამლოცველოებზე შესრულებული მიძღვნითი წარწერებისთვის. ბერძნებმა მათგან ისესხეს წერითი სისტემა, რომელიც მიუსადაგეს თავიანთ ენას და გააუმჯობესეს ანგარიშწარმოება.

    ჯ. ჩედვიკი აღნიშნავს: „საკვირველი არ უნდა იყოს, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულისათვის საბერძნეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ბერძნულად არ ლაპარაკობდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბერძნეთის დაპყრობა და სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხის ასიმილაციის პროცესი ნელა მიმდინარეობდა. ამგვარად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მიკენური პერიოდის მოსახლეობაში სხვა ენების კვალი უფრო აღმოჩნდება, ვიდრე ბერძნულისა. კლასიკურ პერიოდშიც კი ისტორიკოსები, არცთუ იშვიათად, იხსენიებენ სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხს, მაგ., პელასგებს, და, ამასთანავე, ძვ.წ. IV საუკუნეშიც კი კრეტის აღმოსავლეთ ნაწილში წარწერები კეთდებოდა არაბერძნულ ენაზე. …თუმცა ჩვენ ინფორმირებული არა ვართ, რომ ისინი ჯერ ისევ სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ უმეტესობა, ეჭვგარეშეა, არაბერძენი მოსახლეობის შთამომავალი იყო“.

    თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი წერენ, რომ ინდოევროპულ დიალექტებზე მოლაპარაკე ტომებს თვითონ არ შეუქმნიათ დამწერლობა. ისინი სესხულობდნენ წერით სისტემებს, რომლებიც შექმნილი იყო არაინდოევროპული ენებისთვის. ასე მაგ., ისტორიულ ხანაში მიკენის ბერძნებმა თავიანთი ენისთვის სხვა წყაროდან ისესხეს B კლასის ხაზოვანი მარცვლოვანი დამწერლობის ნიშნები. ეს წყარო იყო A კლასის ხაზოვანი დამწერლობა, რომელიც შეიქმნა არაინდოევროპული (მინოსური) ენისთვის, რომლის სიტყვის სტრუქტურა ღია მარცვლოვანია.

    ჯ. ჩედვიკი აღნიშნავს, რომ ეს ენა მოცემულია A კლასის ხაზოვანი დამწერლობით შესრულებულ თიხის ფირფიტებისა და სხვა ნივთების წარწერებზე, რომლებიც აღმოჩენილია კრეტის მრავალ ადგილას, მათი კვალი ასევე ჩანს ეგეოსურ კუნძულებზეც.

    თ. გამყრელიძისა და ვ. ივანოვის აზრით, ჰიპოთეზა ბერძნული ტომების მოსვლის შესახებ მათი საცხოვრისის ისტორიულ ადგილებში, მცირე აზიის გავლით ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და კონტინენტურ საბერძნეთში, გასაგებს ხდის ბერძნულში ქართველური (სამხრეთკავკასიური) წარმოშობის ლექსიკის მთელი შრის არსებობას. გაუგებარი ეტიმოლოგიის ბერძნულ სიტყვათა მთელი რიგი ახალი გამოკვლევების შუქზე არაორაზროვან პარალელებს ჰპოვებს ქართველურში და ადასტურებს ენობრივ კონტაქტებს, რომლებიც უძველეს ეპოქაში არსებობდა ბერძნულ და ქართველურ დიალექტებს შორის.

    თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი ასევე აღნიშნავენ, რომ მრავალრიცხოვანი ლექსიკური თანხვედრა ბერძნულსა და ქართველურს შორის, რომელიც თავს იჩენს სწორედ არაინდოევროპული წარმოშობის წინაბერძნულ სიტყვებში, უნდა აიხსნას იმით, რომ ბერძნულმა ისესხა ქართველურ სიტყვათა მთელი რიგი, ბერძნული და ქართველური ტომების კონტაქტისას სადღაც ახლო აღმოსავლეთში, წინარესამშობლოდან დასავლეთის მიმართულებით ბერძნული მიგრაციების დროს ისტორიული საბერძნეთის ტერიტორიებზე.

    წინაბერძნული და კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ ჰიპოთეზებს ასევე გამოთქვამდნენ: ლ. ჰერვასი, ვ. ჰუმბოლდტი, ფ. ჰომელი, ფ. მიულერი, ნ. მარი, ი. ჯავახიშვილი, მ. ჯანაშვილი, ს. ყაუხჩიშვილი, მ. სერგიევსკი, ს. ჯანაშია, გ. ჩიტაია, ს. მაკალათია, გ. დეეტერსი, ა. ჩიქობავა, პ. ბერაძე, თ. ყაუხჩიშვილი, ე. ფურნეე, რ. შმიტ-ბრანდტი, რ. ბეეკესი, შ. ძიძიგური, რ. გორდეზიანი, ჰ. ცებიში, ზ. გამსახურდია და სხვები.

2. მაკრელების, დოლიონებისა და მუშქების განსახლების შესახებ

    აპოლონიოს როდოსელი მაკრელთა ტომს პელასგებად თვლის. ეს ცნობა შემდეგი სახისაა:

    „დოლიონებმა არგონავტებზე იფიქრეს, რომ მაკრელ ვაჟკაცთა პელასგური ლაშქარი მოგვადგაო“, რასაც ბერძენი სქოლიასტი ასე განმარტავს: „მაკრელი – ეგრეთ წოდებული მაკრონები, რომლებიც გადმოსახლებულნი არიან კ. ევბეადან, საიდანაც მაკრონები ეწოდათ. საქმე ისაა, რომ კ. ევბეას მაკრისიც ერქვა. პელასგური კი იმიტომ თქვა პოეტმა, რომ კ. ევბეა მეზობელი მხარეა პელოპონესისა, რომელიც უწინ პელასგიად იწოდებოდა. მაკრონები დოლიონების მეზობლები იყვნენ…“

    სტრაბონის, სტეფანე ბიზანტიელისა და ევსტათი თესალონიკელის მიხედვით, ივ. ჯავახიშვილი, არნ. ჩიქობავა, ს. ყაუხჩიშვილი, აკ. ურუშაძე და სხვები წერენ, რომ მაკრონი პელასგური მოდგმის, დასავლურ-ქართველური წარმოშობის მეგრელ-ჭანთა (ლაზთა) სატომო სახელს აღნიშნავს. აკ. ურუშაძე ამბობს, რომ მათი გვიანდელი განსახლების კერა იყო ევქსინის პონტოს, ანუ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო, მაგრამ მათი უწინდელი განსახლების სივრცე შავი ზღვისა და ეგეოსის ზღვის სანაპიროებს მოიცავდა.

    დოლიონების შესახებ აპოლონიოს როდოსელის სქოლიასტი წერს: „ეფორე კვიმელი ამბობს, რომ დოლიონები პელასგები იყვნენ…“

    აპოლონიოს როდოსელის ცნობით, დოლიონები მოსახლეობდნენ მცირე აზიაში, მდ. ესეპოსსა (გიონენსა) და მდ. რინდაკოსს (მუსტაფაქემალფაშას) შუა მდებარე მხარეში.

    ნ. ხაზარაძის კვლევების მიხედვით, იეროგლიფურ-ლუვიურ და ასურულ ლურსმულ წარწერებში დასტურდება, რომ მცირე აზიაში, მდ. ჰალისის (ყიზილირმაკი) შუა დინების სამხრეთით მდებარე მხარეში სახლობდნენ მუშქები (მუსქები), რომელსაც ბ. ჰროზნი, რ. ბარნეტი, ე. ლაროში, პ. მერიჯი და სხვები უკავშირებენ ქართველურ ტომს – მოსხებს ანუ მესხებს.

    ჰეკატე მილეტელი წერს: „მოსხები კოლხური ტომია.“

    უძველესი წყაროებისა და მრავალი მეცნიერის მოსაზრებების გათვალისწინებით, აკ. ურუშაძე ასკვნის, რომ „ზემოხსენებული კოლხური ტომები, სხვა პელასგურ ტომებთან ერთად, დიდ ტერიტორიაზე იყვნენ გავრცელებულნი. ისტორიულ ხანაში კი ამ ტომების ოდინდელი სამკვიდრებლის თანდათანობითი დავიწროება მოხდა“.

kvashilava2

„კავკასიური მოდგმის“ განსახლების არეალი, ძვ.წ. VI-I ათასწლეულის I ნახევარი.

რუკა შედგენილია: ვ. ჰუმბოლდტის, ფ. კლუგეს, ფ. ჰომელის, ნ. მარის, ფ. შახერმაირის, ა. ჩიქობავას,

გ. მელიქიშვილის, ზ. გამსახურდიას, ჰ. ცებიშისა და სხვათა ნაშრომების მიხედვით

3. კორიბანტებისა და კირბების – კოლხური დამწერლობის შესახებ

 

    სტრაბონი ძველ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მეტალურგიისა და მჭედლობის მფარველი ღვთაებები – კორიბანტები (კირბანტები), ჰელიოსის (მზის) ვაჟიშვილები და კოლხეთის მეფის, აიეტის ნახევარძმები კრეტაზე, ევბეაზე, სამოთრაკეზე, ხმელთაშუა ზღვის სხვა კუნძულებსა და ფრიგიაში კოლხეთიდან იყვნენ მოსულნი.

    წმ. კლიმენტ ალექსანდრიელი წერს, რომ ქურუმ-ღვთაებებმა – დაქტილებმა შექმნეს დამწერლობა და აღმოაჩინეს მუსიკის რიტმი. ზოგიერთი მითის მიხედვით, მათ საფუძველი ჩაუყარეს არითმეტიკასაც.

    უძველესი წყაროების მიხედვით, წმ. კლიმენტ ალექსანდრიელი ასევე ამბობს, რომ დაქტილებს მიეწერებათ ბრინჯაოს გამოდნობა, რკინის აღმოჩენისა და დამუშავების ხელოვნება.

    თეოპომპე ქიოსელის, თეოფრასტე ერესოსელის, აპოლოდორე ათენელის, წმ. ფოტიოსისა და სვიდას ლექსიკონის ცნობათა მიხედვით, კორიბანტებს კირბების – საკრალური, სასულიერო სახის წარწერების შექმნა მიეწერებათ (აგრეთვე იხ.: ლისია, პლუტარქე, პორფირი ტვირელი).

    კრატინეს, ლისიას, პლატონის, ნონუსის, აგათია სქოლასტიკოსის, არისტოტელეს, ტიმეოსის, აპოლონიოს როდოსელის, ძენობიოსის, კომეტას ხარტულარიოსისა და სხვათა ცნობების მიხედვით, ეს საკრალური წარწერები სრულდებოდა თიხის ან სპილენძის ფირფიტებზე, ან ხის დაფებზე, სტელებსა და სვეტებზე.

    აპოლონიოს როდოსელი წერდა: „…კოლხებმა შემოინახეს თავიანთ მამათა ნაწერები, ამოკვეთილი კირბებზე, რომლებზედაც ირგვლივ, ყოველ მხარეს, მოგზაურთათვის დაბეჭდილია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი“.

    აპოლონიოს როდოსელის ცნობის მიხედვით, კ. რიტერი ამბობს, რომ „კირბები იყო ფირფიტები და მათ კოლხები იყენებდნენ“.

    ძველი ბერძნული წყაროებიდან ასევე ცნობილია, რომ პელასგ-კოლხთა დედაღვთაების რეა-კიბელეს (ფასიანეს) ქურუმებს, კორიბანტებს ძველთაგანვე ჰქონდათ დამწერლობა, რომელსაც საიდუმლოდ ინახავდნენ. ხარაქს პერგამონელი ამ დამწერლობას „ხრისოგრაფია“-ს, ანუ „ოქროდამწერლობა“-ს (ოქროთი წერას) უწოდებდა. ამ ცნობას იმოწმებს წმ. ევსტათიოს თესალონიკელი „ოქროს საწმისის“ განმარტებისას და წერს: „ოქროდამწერლობის მეთოდის გამო არგოს ლაშქრობა მოეწყო“.

    პ. ინგოროყვა და შ. ნუცუბიძე გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ძველბერძნულ წყაროებში დადასტურებული „ოქროდამწერლობა“ იყო წერის განსაკუთრებული და სპეციფიკური ხელოვნება, რომელიც კოლხეთში გამოიყენებოდა. მათი აზრით, მისი შესრულების წესები აღწერილი იყო „ოქროს საწმისზე“ – ვერძის ტყავზე და არგონავტებმა სწორედ ამ მეტად მნიშვნელოვანი კოლხური ხელოვნების შესათვისებლად იმოგზაურეს საბეძნეთიდან „ოქრომრავალ კოლხეთში“.

    ნ. ბერძენიშვილი, პ. ინგოროყვა, ბ. კუფტინი, შ. ამირანაშვილი, ვ. თოლორდავა, ვ. ლიჩელი, ჰ. ფენრიხი და სხვები წერენ, რომ კოლხური დამწერლობის უძველესი ნიმუშები, რომლებიც დათარიღებულია ძვ.წ. VI-II სს-ით, აღმოჩენილია სამტრედიის რ-ნში, სოფ. დაბლაგომსა და სხვაგან.

    ივ. ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ უძველესი ქართული დამწერლობითი ძეგლები შეიძლება აღმოჩნდეს მცირე აზიაში; ხოლო აკ. ურუშაძეს მიაჩნდა, რომ ეს ნიმუშები აღმოჩნდება საბერძნეთის ტერიტორიაზეც.

4. A კლასის ხაზოვანი, ფესტოსის დისკოს და კრეტული იეროგლიფური

წარწერების აღმოჩენისა და შესწავლის მოკლე ისტორია

 

    1894-1909 წლებში სერ არტურ ევანსმა კ. კრეტაზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინა ეგეოსის აუზში გავრცელებული ბრინჯაოს ხანის წარწერები, რომლებსაც უწოდა მინოსური კრეტის იეროგლიფური და A კლასის ხაზოვანი დამწერლობები (ხოლო უფრო გვიანდელ დამწერლობას − მიკენური ეპოქის ბერძნული B კლასის ხაზოვანი). ეს წარწერები გვხვდება თიხის ფირფიტებზე, საბეჭდავებზე, სარიტუალო მაგიდებზე, ჭურჭლეულზე, დოქებზე, ვაზებზე, ძვირფასი მეტალის სამკაულსა და სხვა საგნებზე. სპეციალური ლიტერატურის მიხედვით, კრეტული იეროგლიფური და A კლასის ხაზოვანი დამწერლობითი ძეგლების რაოდენობა, შესაბამისად, შეადგენს 331 და 1427 საგანს, რომლებიც დათარიღებულია ძვ.წ. 2000-1450 წწ.-ით.

    1908 წლის 3 ივლისს, კუნძულ კრეტაზე, ფესტოსის მინოსური სასახლის გათხრების დროს იტალიელმა არქეოლოგმა, ლუიჯი პერნიემ ფესტოსის დისკო აღმოაჩინა. ის არის მრგვალი თიხის ფირფიტა, რომლის დიამეტრია 15.8÷16.8 სმ, სისქე – 1.6÷2.3 სმ, ხოლო წონა – 380 გრ. ფესტოსის დისკო დათარიღებულია ძვ.წ. 1850-1600 წწ.-ით.

    ჯ. ჩედვიკი ამბობს, რომ ფესტოსის დისკო მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი დოკუმენტია. ლ. გოდარი, დ. რუმპელი და სხვები წერენ, რომ ფესტოსის დისკოს ორივე მხარეს ოქროს ყალიბების საშუალებით დაბეჭდილია ნახატ-ნიშნები. ამ მონაცემის მიხედვით, ირკვევა, რომ ფესტოსის დისკო არის ოქროდამწერლობის ნიმუში.

    ევროპის, ამერიკისა და რუსეთის ავტორიტეტული მეცნიერები თვლიან, რომ A კლასის ხაზოვანი და კრეტული იეროგლიფური წარწერების შემქმნელმა ხალხმა ადრებრინჯაოს ხანაში ხმელთაშუაზღვისპირეთში დააფუძნა პირველი ევროპული კულტურა და ცივილიზაცია.

    ა. ევანსი, მ. ვენტრისი, ჯ. ჩედვიკი, ა. მორპურგო დევისი, დ. სანსონე, ე. ჯ. ბეკერი და სხვები წერენ, რომ A კლასის ხაზოვანი წარწერები შესრულებულია არაბერძნულ ენაზე.

    ს. ლურიე, ვ. ა. ისტრინი, ა. დ. ლეისი, თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვი, თ. ყაუხჩიშვილი, რ. გორდეზიანი და სხვები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ წარწერების ენა არაინდოევროპულია და არასემიტური.

    ფ. შახერმაირის აზრით, კრეტის უძველესი წარწერების ენა, რომელსაც იგი ეგეოსურს უწოდებს, არის კავკასიური, რომლის გავრცელების არეალი იმ დროს უფრო ვრცელი იყო, ვიდრე გვიანდელ პერიოდში.

    აკ. ურუშაძის კვლევების მიხედვით, „როცა კრეტის წარწერები შეიქმნა, მცირე აზია, კუნძული კრეტა და ხმელთაშუა ზღვის მრავალი სხვა პუნქტი არაელინური − პელასგური (მაგ., მაკრელთა, დოლიონთა და სხვა) მოსახლეობის სამკვიდრებელი იყო. კრეტის უძველეს ე.წ. მინოსურ მოსახლეობაში კოლხურ ტომებს დიდი ადგილი უნდა სჭეროდათ. ქართველურ ტომებს, რომელთა მემკვიდრეობითი კავშირი წინა აზიის უძველეს მოსახლეობასთან თითქმის ყველა დარგშია გამომჟღავნებული, მრავალი ძაფი აკავშირებს უძველესი კულტურის ისეთ კერასთან, როგორიც კუნძული კრეტა იყო. თქმულება კოლხთა და კორინთელთა გამგებელ აიეტზეც პელასგურ-კოლხურ სამყაროს მჭიდროდ აკავშირებს კრეტას: კრეტის ლეგენდარული მეფის, მინოსის მეუღლე პასიფაე ჰელიოსის ასულია; იგი აია-კოლხეთის მეფის, აიეტისა და აიაიელი კირკეს და, მედეას მამიდა და არიადნეს დედაა“.

    აკ. ურუშაძის საბოლოო დასკვნაა: „მინოსური დამწერლობის მომავალ კვლევა-ძიებაში პელასგურისა და მცირე აზიის ძველი ენების ცოცხალი გადმონაშთის – იბერიულ-კავკასიური ენების ჩართვამ შეიძლება საქმე წარმატებით დააგვირგვინოს“.

    ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ჰ. ცებიშის მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ ფესტოსის დისკოს და A კლასის ხაზოვანი წარწერები შესრულებულია პროტოქართველურ ენაზე.

    დ. მუსხელიშვილი წერს: „აქ უნდა აღინიშნოს, რომ ენათმეცნიერებმა დღეს არსებული ქართველური ენების – ქართულის, ზანურის (მეგრულ-ჭანურის) და სვანურის – საფუძველზე აღადგინეს საერთოქართველური ფუძე ენა ანუ ის ენა, რომელზედაც საუბრობდნენ უძველესი ქართველური ტომები, ვიდრე ისინი სამ ზემოდასახელებულ შტოდ განაწილდებოდნენ“.

5. ფესტოსის დისკოსა და A კლასის ხაზოვანი წარწერების შესახებ

 

    ფესტოსის დისკოსა და A კლასის ხაზოვანი წარწერების გაშიფრვა საერთოქართველურ ენაზე წარმოვადგინე 2008-2014 წლის ნაშრომებში (იხ. სამეცნიერო ჟურნალი „ქართველოლოგია“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა).

    ფესტოსის დისკოსა და A კლასის ხაზოვანი წარწერების ამოკითხვისას გამოვიყენებ ქართველურ ენათა შედარებითი და შინაგანი რეკონსტრუქციის მასალას. ამ მხრივ ვეყრდნობი ა. ჩიქობავას, გ. კლიმოვის, თ. გამყრელიძისა და გ. მაჭავარიანის, ჰ. ფენრიხისა და ზ. სარჯველაძის, მ. ჩუხუას და სხვათა ნაშრომებს.

    ჩემი გამოკვლევის მიხედვით, ფესტოსის დისკოს A მხარეზე დაბეჭდილია სავედრებელ-საგალობელი, რომელიც ეძღვნება პელასგურ-კოლხურ ქურუმ-ღვთაება კორიბანტებს ოჯახისა და ქვეყნის დაცვის თაობაზე; ფესტოსის დისკოს B მხარეზე დაბეჭდილია ვედრება პელასგ-კოლხთა ნაყოფიერებისა და მიწის დედაღვთაება ნენასადმი (რეა-კიბელესადმი), ამინდის ღვთაება თარხონისადმი, ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ჰეფესტოსადმი, რათა ააყვავონ, განაახლონ, განწმინდონ ტაძარი, ოჯახი და სასახლე.

    ჩემი კვლევების მიხედვით, A კლასის ხაზოვან წარწერათა უმრავლესობა არის სამეურნეო-ადმინისტრაციული ტიპის ტექსტები. ამ წარწერებში მოცემულია: პელასგურ-კოლხური თეონიმი („ათაინაი“), ანთროპონიმები („კიტუნე“, „ტიტიკუ“, „ნადარე“, „იკუტა“), ტოპონიმები („აია“, „კუტაი“, „ფაითო“, „ლასითი“, „იდა“, „დიკიტე“) და ეთნონიმები („მაკარიტე“, „კუკუდარა“), ასევე საოჯახო, რელიგიური და საკულტო დანიშნულების ჭურჭელი („კატი“, „კადი“, „კაპაი“, „ასამუნე“), სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები (ლეღვი „ყიყინა“, სელი, ღვინო, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, სანელებლები; მარცვლეული, ხორბალი, ჭვავი, ქერი „დიაი“), პურეული („დიარი“ – პური, ფქვილი), წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი საქონლი (ცხვარი, თხა, ღორი, ხარი, ძროხა), სატრანსპორტო საშუალება (ცხენი), სააღრიცხვო სისტემა, არითმეტიკული ოპერაციების აღმნიშვნელი ტერმინები („შეკრება“, „გამოკლება“), მთელი რიცხვები, წილადი რიცხვები და სხვა.

    ჯ. ჩედვიკის მიხედვით, ამ ჩანაწერთა სრული ავთენტურობა დიდი ფასეულობაა, რადგანაც ისინი წარმოგვიდგენენ საკუთარ სახელთა სიებს, შინაური ცხოველების, მარცვლეულისა და პროდუქტების აღრიცხვას, სიტყვებსა და ციფრებს, ჩაწერილს კრეტის ცივილიზაციის შემქმნელი ქალებისა და მამაკაცების მიერ, რომლებმაც არქეოლოგებს დაუტოვეს ასეთი შესანიშნავი განძი.

დასკვნა

 

    ჩემი სამეცნიერო კვლევებით მიღებულია შემდეგი ძირითადი შედეგები:

  1. ძვ.წ. VI-III ათასწლეულებში ხმელთაშუაზღვისპირეთის, პელოპონესის ანუ პელასგიის ნახევარკუნძულის, ეგეოსის ზღვის აუზის კუნძულების, მცირე აზიისა და შავიზღვისპირეთის უძველესი ადგილობრივი მოსახლეობა არაინდოევროპული, არაქამიტურ-სემიტური და არაურალურ-ალთაური წარმოშობის იყო; ეს იყო პროტოქართველური (სამხრეთკავკასიური) მოსახლეობა, სანამ ამ ადგილებში ინდოევროპული ტომების (მაგ., ბერძნების) მიგრაცია დაიწყებოდა. ძვ.წ. XX-XV საუკუნეებში ამ არეალში ისევ დომინანტობს პელასგურ-კოლხური (მინოსური) კულტურა და ენა, სანამ გავრცელდებოდა ინდოევროპული (მაგ., ბერძნული) კულტურა და ენა;
  2. პელასგურ-კოლხური (მინოსური) კულტურის უძველესი წერითი ნიმუშების, კირბების – ფესტოსის დისკოსა და A კლასის ხაზოვანი წარწერების ლინგვისტიკურ-ფილოლოგიური და ისტორიულ-ტიპოლოგიური შესწავლა ნათლად აჩვენებს, რომ არსებობდა მჭიდრო კონტაქტები პროტოქართველურ, პროტოინდოევროპულ და პროტოქამიტურ-სემიტურ ენებსა და კულტურებს შორის. ამ მასალით შესაძლებელი ხდება, რომ უფრო ზუსტად განისაზღვროს საერთოქართველური ენის გავრცელების ტერიტორია;
  3. საერთოქართველურმა ენამ შექმნა მნიშვნელოვანი სუბსტრატი ბერძნული დიალექტებისთვის, როდესაც ძველბერძნებმა დალაშქრეს პელოპონესის ანუ პელასგიის ნახევარკუნძული. დასტურდება, რომ ბერძნულში გაურკვეველი ეტიმოლოგიის ტოპონიმები საერთოქართველური წარმოშობისაა;
  4. ფესტოსის დისკოსა და A კლასის ხაზოვან ტექსტებში დასტურდება თ. გამყრელიძისა და გ. მაჭავარიანის („სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. საერთო-ქართველური სტრუქტურის ტიპოლოგია“, თბილისი, 1965) მიერ, შედარებითი და შინაგანი რეკონსტრუქციიის გზით, აღდგენილი საერთოქართველური ენობრივი სისტემის სტრუქტურული მოდელები;
  5. ფესტოსის დისკოსა და A კლასის ხაზოვანი საერთოქართველური ტექსტების ლინგვისტური, ისტორიული, ეთნოგრაფიული, რელიგიური, სასოფლო-სამეურნეო და არითმეტიკული მასალისა და მრავალი არქეოლოგიური არტეფაქტის შესწავლით ირკვევა, რომ პელასგ-კოლხების (მინოსელების) მიერ შექმნილი ორმოცი საუკუნის წინანდელი საერთოქართველური კულტურა იყო საძირკველი პროტობერძნული ცივილიზაციისა, რომელმაც დასაბამი მისცა ევროპულ ცივილიზაციას.

8 Responses to “• გია კვაშილავა: პროტოქართველების, საერთოქართველური ენისა და წარწერების შესახებ”

  1. ... said

    ეს კიდევ ერთი დადასტურებაა სიმონ ჯანაშიას ვერსიის – ქართველური ტომების განსახლების არეალის შესახებ…
    საამაყოა.

  2. lia_beqo said

    Am istoriashi echvic ar mepareba .. da neta es yvelaperi male damtkicdes mara es tu berdznebma waikitxes gaacine da moige-shi gagvagzavnian qartvelebs…….

  3. EROSI said

    Pativcemulo Gia, gilocavt am grma da yovlismomcvel, martlac globalur temis girseulad carmochinebas. Aseve janmrtelobas da kidev bevr carmatebas gisurvebt.
    Chemi shekitxva shemdegshi mdgomareobs: namdvilad ainteresebt da undat qartuli istoriis da enis carmochineba, msovlios carchinebul enatmecnierebs? Da tu undat ramden xanshi iqneba am sakitxis sayoveltaod ganxilva?
    Cinascar madlobas gixdit.
    Pativiscemit erosi bakuradze

  4. Irakli Gunashvili said

    ძალიან მხარული ვარ რომ დღეს ასეთი მცირე ხელშეწყობისა მიუხედავად მაინც არსებობს ხალხი რომელიც ყოველივე ამისათვის ნათელის მოფნას ცდილობს… დიდ აღტაცებას იწვევს ჩემში როცა სხვადასხვა წყაროების მიხედვით ჩემს მიერ გააზრებული მართლდება აქედანაც და ჩემთვის უკვე უდავოა ხმელთაშუაზღვისპირული ანუ პროტო-ქართველური ცივილიზაციისა და ხალხის არსებობა. ამ საქმეს უნდა მივუძღვნათ თავი ყველა ქართველმა. რამდენმა არაკეთილმოსურნემაც არ უნდა სცადოს ისტორიის ფალსიფიცირება (სომხების მეთავეობით) სიმართლე მაინც გაირკვევა ადრე თუ გვიან. კარგი იქნება თუ ვიხილავთ მსგავსი ნაშრომებს ჩვენთან პიქტების, ბასკ-იბერიელების და ჩრდილო-დასავლთ აფრიკელების ნათესაობის შესახებ რადგან დღეს ეს ჯერ კიდევ ჰიპოთეზაა თუმცა მალე დამტკიცდება პელასგებისა და ეტრუსკების მსგავსად.
    დიდი პატივისცემა თქვენდამი და ყველა თქვენი თანამოაზრისადმი.
    ირაკლი გუნაშვილი.

  5. Vazha kakabadze said

    ბატონო გია, იაზონის კოლხეთში ჩამოსვლა (ჩემი მოსაზრებით) დაკავშირებულია არა მხოლო ოქროს საწმისის წაღებასთან (ოქროს მოპოვების წესის და ა.შ.) არამედ, მას ამ ფორმით ჭირდებოდა დასტურის მოპოვება მეფე აიეტისაგან, რომ იგი მეფედ ეღიარებინათ საბერძნეთში; ეს დაახლოებით ჰგავს, როცა ჩვენს მეფეებს ირანის შახები თავიანთ მოსასხამს მიართმევდნენ – აღიარების ფორმით. მაშასადამე, მაშინდელი საბერძნეთი კოლხეთს ემორჩილებოდა. ამასთან, თქვენთან მაქვს თხოვნა თუ გექნებათ დრო, რომ ამ ყველაფრის შესახებ სკოლაში მოყვეთ, მე, სკოლაშიც ვასწავლი და ვცდილობ ადრინდელი ასაკიდან ბავშვებს ქართველობის სიყვარული ჩავუნერგო, მოკლედ ჩემს საქმეს ვაკეთებ. პატივისცემით, ეკონომიკის მეც. დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ კორესპოდენტი – ვაჟა კაკაბაძე.

  6. gio said

    Scientists Finally Crack The Code Of The Ancient ‘Phaistos .
    აი აქ ნამდვილად გაშიფრეს ფესტოს დისკოს დამწერლობა და ის წინაინდოევროპულია და კრეტულია და იმ დროინდელია

  7. ენის ელემენტური თეორიის მიხედვით (კარლო ბარბაქაძე. ენის ელემენტური თეორია. თბილისი, 2003) ყველა სამეტყველო ენა ერთი წარმომავლობის არის, ყველა სიტყვა მზესთან არის დაკავშირებული. მზის კერძო მახასიათებლები: ფორმა, ფერი, ამოსვლა (დაბადება), ასაკი (ზემდგომობის ადგილი), მოძრაობა, ჩასვლა (სიკვდილი) და სხვა არის სიტყვებში ასახული და შემდეგ განზოგადოებული. ეს მახასიათებლები ენობრივი ელემენტებით არის გამოსახული, რომლებიც ქვემოთ წარმოდგენილ სისტემას წარმოქმნიან.

    ენობრივი ელემენტების სისტემა
    ჰია ხია ქია ღია ყია გია კია რია დია . . . .
    ჰპა
    ჰმა
    ჰფა
    ჰბა
    ჰვა
    ჰუა ხუა ქუა ღუა ყუა გუა კუა რუა დუა . . . .

    ენობრივი ელემენტების მიზანმიმართული შერწვმით არის სიტყვები მიღებული. მაგალითად, სიტყვა ალი ჰუარუაჰია კომპლექსისგან არის ნაწარმოები (ჰუარუაჰია-ჰარაჰი-ჰარალი-ჰარლი-ალი), რომელიც ნიშნავს მზე მაღლა, ანუ ახლად ამოსული მზე. ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა ალი ახლად ამოსულ მზეს შეადარეს.
    ქართული ენის პრიორიტენად მიგვაჩნია ის, რომ ენობრივი ელემენტების დიდი რაოდენობა თანამედროვე ქართული ენის სიტყვებს წარმოადგენენ.

  8. ლევან გორდეზიანი, თსუ სრული პროფესორი, მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი

    ფესტოსის დისკოს გაშიფვრა პრინციპულად შეუძლებელია და, რომც დავუშვათ, რომ ასეულობით ცდიდან რომელიმე წარმატებული იყო, ამის დამტკიცება მხოლოდ იმავე დამწერლობითა და იმავე ენაზე შესრულებული ტექსტების აღმოჩენისა და ამ მეთოდით მათი წაკითხვის შემდეგ მოხერხდება.
    დღეისათვის გაშიფრული ყველა ძველი დამწერლობის შემთხვევაში მეცნიერებს ხელთ ჰქონდათ ტექსტების საკმარისი რაოდენობა, რათა სხვადასხვა სახის სტატისტიკური გათვლები ჩატარებულიყო. გარდა ამისა, უცხო ტექსტის წასაკითხად საჭიროა ან ენის, ან დამწერლობის ცოდნა, უკიდურეს შემთხვევაში ტექსტის შინაარსის ცოდნა მაინც.
    მაგალითად, შამპოლიონმა ეგვიპტური იეროგლიფურის გაშიფვრისთვის გამოიყენა ეგვიპტურ-ბერძნული ბილინგვა, ე.ი. იცოდა ტექსტის შინაარსი და მოახერხა საკუთარი სახელების ამოცნობა-წაკითხვა ეგვპიტურ ნაწილში; გროტეფენდმა ლურსმულის შესწავლაში პირველი ნაბიჯები გადადგა სპარსული სამეფო წარწერების საფუძველზე, ე.ი. იცოდა ენა და წარწერის ჟანრი. ამის შემდეგ კიდევ 50 წელიწადი დასჭირდა ასურულ-ბაბილონურის გაშიფვრას და გაშიფვრის სისწორის დადგენას, რაც ექსპერიმენტული გზით განხორციელდა – ოთხ მეცნიერს გადასცეს ახლად აღმოჩენილი ტექსტის ასლები და იმათ, ოთხივემ, ერთნაირად წაიკითხეს ტექსტი.
    იმავე ლურსმული დამწერლობით შესრულებული ხეთური ტექსტის შინაარსში გარკვევა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ჰროზნიმ დაადგინა, რომ ხეთური ინდოევროპულ ენათა ჯგუფს ეკუთვნის, ხოლო მიკენური ტექსტების წასაკითხად საჭირო შეიქნა ვენტრისის მიერ იმ ტექსტებში ბერძნული ენის ამოცნობა. მსგავსი დამწერლობით შესრულებული მინოსური ტექსტები ჯერაც გაუშიფრავია.
    ფესტოსის დისკო უნიკალური ნივთია და ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ იმაშიც კი, რომ ჩვენ წინაშე წარწერაა. ზოგს ის კალენდრად მიაჩნია, ზოგს თამაშის სახეობად, ზოგს კიდევ სხვა რამედ. უკანასკნელ დროს გამოითქვა ეჭვი, რომ ეს ნივთი მეოცე საუკუნის დასაწყისში დამზადდა ფესტოსის გამთხრელისა და გათხრებისთვის საზოგადოებრივი ყურადღების მისაპყრობად. მეცნიერთა უმრავლესობა არ იზიარებს ამ აზრს – ძნელია შეელიო ნივთს, როლმელსაც შენს გულსა და აზრებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ირაკლიონის მუზეუმმა, სადაც ფესკოსის დისკო ინახება, უარი განაცხადა დისკოს ყოველგვარი ანალიზის ჩატარებაზე.
    ზემოთქმული სრულიად საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ბატონ გია კვაშილავას “გაშიფვრა” არ შეიძლება შემდგარ აღმოჩენად ჩაითვალოს. თავად ნაშრომშიც ბევრი რამ არის ისეთი, რის გამოც შეუძლებელია მისი ძირითადი დებულებები რომ გავიზიაროთ:
    1. ენის დადგენა უნდა ემყარებოდეს სერიოზულ გათვლებს და არა რწმენას, და აუცილებლად უნდა დასაბუთდეს. სავსებით დასაშვებია, რომ მინოსურ კრეტაზე გავრცელებულ ენებს ჰქონოდათ გარკვეული კავშირი ქართველურ ან იბერიულ-კავკასიურ ენებთან, მაგრამ “ფესტოსის დისკოს ენის” გამოსავლენად არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
    2. ნიშნის შემოტრიალებით მისი ფონეტიკური მნიშვნელობის შეცვლა არ დასტურდება სხვა ძველ დამწერლობებში. ამ გონებამახვილური დაშვებით ავტორი ხელს იხსნის ტექსტის ისე წასაკითხად, როგორც თვითონ სურს.
    3. და რას წარმოადგენს მის მიერ აღდგენილი ტექსტი. რატომ არის იგი “კოლხური”. “ტექსტში” ვხვდებით ბევრ ისეთ სიტყვას, რომლებიც ან საერთოდ არ განეკუთვნება ქართველურ ენობრივ სამყაროს, ან მასში მხოლოდ რამდენიმე საუკუნის უკან (შემდეგ) მოხვდა სხვა ენიდან და, შესაბამისად, ვერაფრით ვერ იქნებოდა დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინანდელ “კოლხურში”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: