IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ფუსტები

♥ Georgia-საქართველო

 

მამა ავთანდილ გიორგობიანი

ფუსტები

ქართული სამხედრო-საეკლესიო რაინდთა ორდენი

(დაკარგული ტრადიციების ძიებაში)

თბილისი 2010 წ.

 წიგნი ეძღვნება ზემო საზანოსა და ფუტიეთის საეკლესიო აჯანყების ბოლო და ტრაგიკული ბრძოლების 190-ე წლისთავს

 

ფუტიეთი ფუსტის რაინდთა უძველესი მთავარი ფორპოსტი იყო დასავლეთ საქართველოს მთიანეთში. ფუტიელების მეომარ ტომს ხშირად ახსენებს ბიბლიის ძველი აღთქმა. ფუტი _ ბიბლიური ნოეს შვილიშვილი იყო თუმალთან და მოსხთან ერთად. პროტოქართველთა სახელი, ფუტიელი, ძველი აღთქმის გარდა გვხვდება ძველ ეგვიპტურ, ხეთურ და ბოლოს ძველ ბერძნულ წყაროებში, ეს უკანასკნელი მათ მოიხსენიებს ფუ(ს)ტელების სახელით. ისინი ქრისტიანები არიან წმ. ანდრია პირველწოდებულის დროიდან.

კოლხეთში არგონავტების შემოსვლის ეპოქაში, როცა გაბატონებული იყო მზის თაყვანისცემა, ამ რელიგიის კანონიკით, ფუტიეთი, სიხამთის ,,ნაეკლესიავით~, კოლხთა ქვეყნის უმთავრეს საკულტო ცენტრს წარმოადგენდა. აქ იყო უმაღლესი ქალღვთაების ფუტის (ფასიანეს) ტაძარი, სადაც მთავარი ქურუმი იყო თვით მზის შვილის _ მეფე აიეტის, გრძნეული ქალიშვილი მედეა, ვისი დახმრებითაც ბერძნებმა მოიტაცეს მელითონეობის ცოდნის წიგნი ეფუტი ანუ ,,ოქროს საწმისი”.

 ფუ(ს)ტელთა თეოგეოგრაფიული მხარე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი ქრისტიანობის გავრცელების შემდგომაც ინარჩუნებს ძველ ფუნქციას და გარეშე მტრების შემოსევების დროს საეკლესიო-სამონასტრო ქონების დაცვა-გადარჩენაზე ზრუნავს დასავლეთ საქართველოს მთაში გახიზვნით. 1819-1820 წლების საეკლესიო აჯანყების დროს ფუ(ს)ტის რაინდთა გმირული თავგანწირვით სვანეთში გაიხიზნა 280 ჯორკიდებული საეკლესიო განძი. 1820 წლის 30 მაისს სოფ. ზემო საზანოში (ისტ. სკანდე) განძის გადატანას შეეწირა 700 ფუსტი რაინდი. ხოლო 1820 წლის 3 ივნისს სოფ. ფუტიეთში _ 2000 ფუსტი რაინდი.

 ფუსტის რაინდთა ნაკვალევი ,,თამარ მეფის გზის” სახელითაც იწოდება ხალხში. იგი იწყება ზემო იმერეთში, სოფ. ზემო საზანოში, გაივლის საჩხერეს და მთავრდება სვანეთში, მესტია-ეცერში. გაეცანით და იმოგზაურეთ სამხედრო – საეკლესიო რაინდთა, ფუსტელთა, არქაულ და დავიწყებულ სამყაროში.

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი

XIX საუკუნის დასაწყისში რუსულმა იმპერიამ გადმოლახა კავკასიონის მთავარი ქედი და მისმა საზღვრებმა ამიერკავკასიაში გადმოინაცვლა. რუსეთის შემოსვლას და გაბატონებას საქართველოში სხვადასხვაგვარად აფასებენ დღემდე. რა თქმა უნდა, რუსეთთან საქართველოს დაახლოებაში იყო დადებითი მომენტებიც, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ ამას აქვს სხვა უარყოფითი მხარეებიც, რომელთა სწორი გააზრება და წარმოჩენა აუცილებელია

ჩვენი ეროვნული სახელმწიფოს სრულფასოვანი აღდგენისა და განვითარებისათვის. მით უმეტეს, რომ რუსეთისკენ ჩვენი ლტოლვის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად მიჩნეულია ,,ერთმორწმუნეობა”. რუსეთის იმპერიის დამპყრობლური და ქართული სახელმწიფოებრიობის თვითგადარჩენის ინტერესების კონფლიქტმა დასაწყისშივე იჩინა თავი. ეს კონფლიქტი აისახა იმ მრავალრიცხოვან აჯანყებებსა თუ შეთქმულებებში, რომლებიც თითქმის ორასი წლის განმავლობაში პერიოდულად იჩენდა თავს საქართველოს სხვადასხვა მხარეებში.

ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს ამ მოვლენების დაწვრილებით განხილვა, ჩვენ შევეხებით მხოლოდ იმას, რაც ეხება ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის მოსპობას რუსეთის იმპერიის მიერ. სამწუხაროდ, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისთანავე იჩინა თავი იმან, რასაც მანამადე ვერც ერთი დამპყრობელი ვერ ახერხებდა. იმპერიამ დაუნდობლად დაიწყო ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მანამდე ხელშეუხებელი ბურჯის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განადგურება. რუსეთმა გააუქმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, დაიწყო ეპარქიათა გამსხვილება, სასულიერო პირთა დიდი ნაწილი დაითხოვა, ეკლესიამონასტრების უმრავლესობა დახურა, ამასთან ხელი მიჰყო საეკლესიო ქონების ურცხვად ძარცვას, ისეთ ძარცვას, რომლის მსგავსს თვით მაჰმადიანი დამპყრობლებიც არ კადრულობდნენ. ყველაზე დამღუპველი კი ის იყო, რომ ძირფესვიანად ამოიღო ეროვნულ, მართლმადიდებლურ ცნობიერებაზე აგებული მრავალსაუკუნოვანი საღვთისმეტყველო, თეოსოფიური საეკლესიო სწავლება. რითაც იმპერიამ საბოლოოდ განგმირა ქართული სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებელი სულიერი სხეული, რომელიც რუსეთის მოდერნიზებულმა საბჭოთა იმპერიამ მემკვიდრეობით მიიღო, მაგრამ ისევ სარკოფაგში დატოვა.

საბჭოთა უშიშროების ორგანოები ფლობდნენ ეკლესიაზე ზემოქმედების ყველა სადავეს. საბჭოთა იმპერიამ მემკვიდრეობით მიღებული ქართველი ერის სულიერი გენოციდის დამღუპველი მოვლენა არამც თუ შეარბილა, კიდევ უფრო გაამკაცრა. ეკლესიის დაკომპლექტება ზნეობრივად, მორალურად და სულიერად დაავადებული სასულიერო პირებით უშიშროების სამსახურების უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენდა. საღვთისმეტყველო თეოსოფიური ბაზის გარეშე დარჩენილი ეკლესია ორასწლოვანმა რეჟიმმა რიტუალების დაწესებულებად ჩამოაყალიბა. არსებობის ასეთი ფორმა სრულიად მიუღებელი და უცხო იყო როგორც ქართული ეროვნული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, ისე ქართველი ხალხისთვისაც.

უახლესი ისტორიის პერიოდში ქართული ეკლესია, რომელიც სულიერი გენოციდის ორასწლოვანი დაავადებით იყო შეპყრობილი, ვერ აღმოჩნდა საქართველოში განვითარებული მოვლენების, ერის ინტერესების თანაზიარი. ასეთი მავნე მემკვიდრეობისაგან თავის დაღწევის ეროვნული პროგრამა მოითხოვს შემდეგს:

1) უნდა ვცნოთ და ვაღიაროთ 1819-1820 წლების საეკლესიო აჯანყება და ფუსტის სამხედრო-საეკლესიო გმირული, მრავალათასწლოვანი ტრადიცია.

 2)ქართულ ეკლესიაში უნდა აღდგეს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეროვნული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო, თეოსოფიური სწავლება.

3) შესწავლილი და გამომზეურებული უნდა იქნეს ხალხური მართლმადიდებლური ტრადიციები, განსაკუთრებით კი სვანური ქრისტიანული ფენომენი.

 

 

სრულად:

https://iberiana2.files.wordpress.com/2012/03/fust-cigni.pdf

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: