IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გურია და გურულები

♥ Georgia-საქართველო  

 

“გურიის რესპუბლიკა”

 

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ საუბარი არა 1918 წელს შექმნილ “საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე”, არამედ უფრო ადრე – 1905 წლის შემოდგომაზე, თვითგამოცხადებულ “გურიის რესპუბლიკაზე” გვექნება. თუმცა ამ ორ “სახელმწიფოს” საერთოც ბევრი რამ (უფრო ზუსტად – ბევრი ვინმე) ჰქონდა (ჰყავდა), მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი – დამოუკიდებელი საქართველოს დროინდელი თბილისის “ქალაქისთავი” (დღევანდელი ტერმინოლოგიით – მერი) ბენია ჩხიკვიშვილი, რომელიც “გურიის რესპუბლიკის” პრეზიდენტი იყო 13 წლით ადრე. მაინც რა იყო ეს ნახევარწლიანი დამოუკიდებლობა (ბრჭყალები აქ ნამდვილად უადგილო იქნებოდა, რადგან გურია მაშინ მართლა “თავის ჭკუაზე” ცხოვრობდა) – თავისუფლებისმოყვარე ხალხის ერთ მუშტად შეკვრის ლოგიკური შედეგი, ყაჩაღ-ფირალების მიერ თავიანთი არცთუ უანგარო მიზნებისათვის ხელისუფლების მოპოვების წარმატებული მცდელობა, თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის (სოციალ-დემოკრატების) მიერ განხორციელებული მომავალი რევოლუციის “რეპეტიცია” და მინი-მოდელი? ალბათ, ყველაფერი ერთად…

სანამ ამბების ქრონოლოგიას გავიხსენებდეთ, მაშინდელი გურიის ზოგად მდგომარეობას გადავავლოთ თვალი:
იაკობ გოგებაშვილი XX საუკუნის დასაწყისში წერდა: “გურულები ნიჭიერენი, მარდნი და მარჯვენი არიან ყველაფერში და განათლებასაც ძლიერ მისდევენ… თითქმის ყოველ სოფელში სკოლაა დაარსებული და სამკითხველოებიც ბევრი არსებობს… კარგი იქნება, საქართველოს სხვა კუთხეებმაც რომ მას მიჰბაძონ ამ საქმეში. “გრიგოლ რობაქიძე კი თავის ნაშრომში “გურია და სოციალიზმი” მარტივად და ლოგიკურად ხსნიდა ამ ხალხის “გასოციალისტებას”: “…ისინი ნივთიერი ყოფის უმწეობას განიცდიან, მაგრამ მათ სხვაზე მეტად ესაჭიროებათ მდიდარი მატერიალური ყოფა – ისტორიულ თანამიმდევრობას ისინი ვერ შეურიგდებიან… ფსიქიურად სწორედ ასეთი მემკვიდრეებია გამზადებული სოციალიზმის მისაღებად…”

სწორედ ამ თვისებების გამო გურულები უსწრაფესად რეაგირებდნენ და იღებდნენ ყველა სიახლეს – ცუდსაც და კარგსაც, ამიტომ იმ დროისთვის “ახალმოდური” სოციალისტობაც მალე მოირგო თითქმის მთელმა გურიამ.

წარმოიდგინეთ აღწერილი სიტუაცია, ამას დაამატეთ 1901 და 1902 წლების საშინელი მოუსავლიანობა და მიღებული შედეგებისაგან მთავრობის მიერ მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის არარსებობა და მთავარი – ხელისუფლების მიერ ყველა სოფლის სამკითხველო-ბიბლიოთეკის დახურვა ბრიყვული არგუმენტით: “გურულები წიგნებისა და გაზეთების კითხვამ გადარია!” ჰოდა… გურულები მართლა “გადირიენ” – 1902 წელს პირველი მიტინგები ჩატარდა:

ჯერ სოფელ მოცვნარში, სადაც ბათუმიდან “გამოწერილმა” პროფესიონალმა “რევოლუციონერმა” (ანუ: ორატორმა, ყაჩაღმა, ჟურნალისტმა, მკვლელმა და ა.შ. ერთად) ვინმე პროკოფი დოლიძემ “აუხსნა” ხალხს, რომ მათ არაფრად სჭირდებოდათ მთავრობა და თავადაც კარგად მიხედავდნენ საკუთარ საქმეს; რომ მიწების მეპატრონეებს ძალიან ბევრს უხდიან – ერთ მეოთხედს (სხვათა შორის, ვისაც სხვის მიწაზე მოჰყავს მოსავალი, ახლა უფრო მეტს იხდის) და ეს ერთ მეათედამდე უნდა შემცირდეს;

რომ ტყეში შეშის მოჭრა და მასალის დამზადება უფასო უნდა იყოს; რომ ეკლესიის შესანახი ფული (ე.წ. “დრამის გადასახადი”) არ უნდა გადაიხადონ; რომ თავადაზნაურობას მოჯამაგირე და მოსამსახურე არ უნდა ჰყავდეს და ვინც მაინც იმსახურებს მათთან, დაისაჯოს და ა.შ. (სხვათა შორის, ეს პროკოფი დოლიძე ხუთი წლის შემდეგ დახვრიტეს ბათუმში იქაური ბერძენი ექიმის – ტრიანდაფილისის გაძარცვისა (30 000 მანეთი(!) წაართვა) და მკვლელობის გამო)…

იმავე დღეებში უფრო დიდ სოფელ ნიგოითში გაიმართა გრანდიოზული მიტინგი, რომელსაც ადგილობრივი მასწავლებელი – უნივერსიტეტიდან “მთავრობის მიმართ არაკეთილსაიმედოობის” გამო გარიცხული გიორგი ურატაძე ხელმძღვანელობდა. მოთხოვნები იგივე იყო, მაგრამ სიტუაცია თითქმის კომიკური გახდა, როდესაც ხალხმა მოითხოვა, ღვთის წინაშე ფიცი დაედოთ, რომ ერთმანეთსა და საერთო საქმეს არ უღალატებდნენ! კომიკური კი ის იყო, რომ ამ “ცერემონიისთვის” ათეიზმის მქადაგებელ ურატაძეს უნდა ეხელმძღვანელა.

ასე იყო თუ ისე, ე.წ. “ახალთაობის მოძრაობა” დაარსდა და მიტინგზე მიღებული რეზოლუციით ურატაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის უახლოეს – ბათუმის კომიტეტში გაგზავნეს, “გვიპატრონეთო”, მაგრამ იქიდან (თვით კარლო ჩხეიძისგან, რომელიც შემდეგ რუსეთის დუმაში ფრაქციის თავმჯდომარე გახდა) უარი მიიღეს:

“ჩვენ მარქსისტები ვართ, მარქსიზმი პროლეტარების ფილოსოფიაა. გლეხი, როგორც წვრილი მესაკუთრე, ვერ გაიგებს მას, ის უფრო ბურჟუაზიული რევოლუციის “მასალაა”, ამიტომ ჩვენ მათ ვერ დავაყენებთ ჩვენი დროშის ქვეშ”; მერე კი, რომ გაიგეს, ფიცი დადესო, სულ გადაირივნენ და ურატაძეს კომიტეტის კრებაზე სულ “ავანტიურისტი და მღვდლების მონა” ეძახეს. რას ჰქვია, “მასალა” ვართო და მთლად “აიწყვიტეს” გურულებმა – უკვე ფეხებზე ეკიდათ კომიტეტის დასტური თუ უარი…

პირველ მიტინგს მეორე და ორმოცდამეათე მოჰყვა და რიგრიგობით ყველა სოფელმა გამოაცხადა “ახალი წესწყობილება”. შეიქმნა “გურიის კომიტეტი”, რომელიც მთელ ამ რია-რიას ალაგებდა და კალაპოტში აქცევდა.

ყველაზე საინტერესო ქალთა მიტინგი იყო, რომელმაც მიიღო დადგენილება მამაკაცებთან თანასწორობის შესახებ და რომელიც “გურიის კომიტეტის” წარმომადგენელმა დაამოწმა (ნუ დაამოწმებდა, თუ მაგარი ბიჭი იყო – რამდენიმე ათასი გურული ქალი(!) იყო შეკრებილი).

რას აკეთებდა ამ დროს მთავრობა? ბევრს ვერაფერს: ქუთაისის გუბერნატორმა სმაგინმა მიტინგების მოთავეები, სულ სამოცი კაცი, დაიბარა თავისთან, ამათ იფიქრეს, მოლაპარაკებაზე გვეძახისო და ეახლნენ, იმან კი ყველანი ციხეში ჩაყარა… შემდეგ სოფელ ნატანების დელეგაცია მიადგა მის რეზიდენციას ქუთაისში – დაპატიმრებულების გამოშვება მოითხოვეს;

მთავრობა მიხვდა, რომ რეპრესიებით ვერაფერს მიაღწევდა, ამიტომ ტყვეებიც მალე გაათავისუფლა და ქუთაისის გუბერნატორადაც ლიბერალობით ცნობილი სტაროსელსკი დანიშნა

1902, 1903 წლები და 1904 წლის დასაწყისი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას დასჭირდა და 1904 წლის ბოლოს “გურიის რევოლუციური კომიტეტი” უკვე მთლიანად აკონტროლებდა სიტუაციას: გადასახადებს ყველა მას უხდიდა, სისხლის სამართლისა თუ სამეზობლო-სადავო საქმეებს მის მიერ დანიშნული სასამართლოები არჩევდნენ (სხვათა შორის – ღია პროცესებზე), ვინც მათ ბრძანებებს არ ემორჩილებოდა ან ვინმე მდიდართან მსახურობდა, მის ყანებს ცელით ანადგურებდნენ და ულუკმაპუროდ ტოვებდნენ, ხოლო მას “ბოიკოტს” უცხადებდნენ, რაც დაახლოებით ფშავ-ხევსურულ “თემისგან მოკვეთას” ჰგავდა,

მაგრამ უარესი იყო: აქ ოჯახის წევრსაც არ ჰქონდა “ბოიკოტირებულთან” ურთიერთობის უფლება, სანამ ის არ “გამოსწორდებოდა”… და რაც მთავარია, ურჩები სასტიკად ისჯებოდნენ – გურიაში მყარად ფეხმოკიდებული ფირალობაც სათავისოდ გამოიყენა კომიტეტმა: ფირალები “წითელ რაზმებში” გააერთიანა, ამნისტია გამოუცხადა და განუსაზღვრელი სადამსჯელო ძალაუფლება მიანიჭა. ის ფირალები, რომლებიც არ დათანხმდნენ, თვითვე გახდნენ დევნის ობიექტები და ბოლოს ან გადაიხვეწნენ, ან შეეწირნენ, ან “გაწითლდნენ”.

ისჯებოდნენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალები (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათ ხომ “თანასწორობა” მოიპოვეს) – ჩოხატაურის მუზეუმში ვნახეთ ვინმე მელიტონ ჯიბუტის ავტობიოგრაფია, სადაც ამბობს: “მოვკალი ელცაბედ ყაჭეიშვილი, რომელიც ურიადნიკ ქუცურ-ბეგის აგენტი იყო.” პრესაში აღწერილია ვინმე ანეტა სიხარულიძის სიკვდილით დასჯა, რომელიც ორი ბავშვით ხელში მდინარეში ჩააყენეს, სხეული დაუსერეს და სისხლისგან დაცალეს…

ასეთი და ამაზე უარესი, “საჩვენებელი დასჯები” უამრავი იყო, სწორედ მაშინ ამოწყვიტეს ოზურგეთში გურიელთა მთელი გვარი! ასე რომ, რამდენიც უნდა ილაპარაკოს ზოგიერთმა ფირალების “რობინჰუდობასა” თუ “არსენობაზე” (ყოველ შემთხვევაში, გურიის რესპუბლიკის პერიოდში), ისინი მაინც სადამსჯელო რაზმის წევრები იყვნენ და მაფიოზური ორგანიზაციის – “გურიის რევოლუციური კომიტეტის” მითითებებს ასრულებდნენ.

ბენია ჩხიკვიშვილი უკვე ოზურგეთში დაბრძანდებოდა ეტლითა და 12-კაციანი დაცვით და “მორიდებით” უკრავდა ხალხს თავს, როდესაც “გურიის პრეზიდენტს” უწოდებდნენ.

პოლიცია და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები აბსოლუტურად უმოქმედონი იყვნენ; ამას მოწმობს დიდი მეცნიერის, ნიკო მარის სიტყვები, რომელიც მან, გურიიდან დაბრუნებულმა, პეტერბურგის ერთ-ერთ გაზეთში გამოაქვეყნა (ნიკო მარი ჩოხატაურელი იყო) სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერატორმა მთელი იმპერიის მასშტაბით აკრძალა საიდუმლო ორგანიზაციების არსებობა: “ეს ბრძანება, ბუნებრივი იქნება, რომ გურიაში პოლიციის აკრძალვად გაიგონ, რადგან მათთვის საიდუმლო ორგანიზაციის წევრები უკვე პოლიციელები და სახელმწიფო მოხელეები არიან და იქ ყველაფერს: სკოლას, საგზაო, საადგილმამულო და სხვა სამსახურებს სახალხო კრებები მართავენ.”

ეს მართვა სულაც არ იყო სპონტანური. კომიტეტმა ასეთი ფორმა შემოიღო: გურია სამ რაიონად დაიყო – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის (სწორედ მაშინ გაჩნდა ტერმინი “რაიონი” და ეს სამი რაიონიც დღემდე არსებობს). თითოეულ სოფელს ასისთავი ხელმძღვანელობდა და სოფლები საათისთავოებად იყო დაყოფილი. ამ ათეულების ძირითადი ფუნქცია წესრიგის დამყარება და გადასახდის აკრეფა იყო (კაცზე 20 კაპიკი);

ხუთსულიან ოჯახზე ერთი მანეთი გამოდიოდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ ვინღა გაბედავდა უარის თქმას, როცა გადასახადის ამოსაღებად 20 წლის ნაფირალარი მელქისედეკ გუნთაიშვილი, შემდგომში “ციმბირელ პაპად” წოდებული და დაუნდობლობით განთქმული ნესტორ კალანდარიშვილი, ან კიდევ “ტყვიის ტყვიაში ჩამსმელი” დათიკო შევარდნაძე მიადგებოდა?!

სხვათა შორის, დათიკო შევარდნაძესთან დაკავშირებით ჩემს ოჯახში შემონახული ამბავიც შემიძლია მოგითხროთ, რომელიც უშუალოდ უკავშირდება დღევანდელი წერილის თემას: დათიკო შევარდნაძე საკმაოდ განათლებული კაცი ყოფილა, ოზურგეთის პროგიმნაზიაც დაუმთავრებია და რუსეთში რამდენიმეწლიანი ყოფნის შემდეგ კარგი რუსულიც უსწავლია, თანაც საოცრად ლამაზი კალიგრაფია ჰქონია.

ასე მოვიდა 1905 წლის შემოდგომა, რომელიც ნებისმიერ ზაფხულზე ცხელი აღმოჩნდა და რომელზეც დიდხანს ლაპარაკობდნენ არა მხოლოდ აქაური და რუსული, არამედ ევროპული და ამერიკული გაზეთებიც.
წინ კი დიდი ამბები იყო…

რა მოხდა რეალურად? 1905 წლის ოქტომბრისთვის “გურიის კომიტეტი” უკვე მთელ მხარეს აკონტროლებდა, გარდა სოფელ ჩოხატაურისა (მაშინ სოფელი იყო) და სამაზრო ცენტრის – ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობებისა, სადაც მაზრის უფროსი ლაზარენკო, ფაქტობრივად, ალყაში იყო. ყაზარმები აჯანყებულებს ეკავათ, თუმცა რუსები წინააღმდეგობას არ უწევდნენ. 16 თუ 17 ოქტომბერს ლაზარენკოსთან შიკრიკი მოვიდა, ჩოხატაურში აჯანყებულებმა ფოსტა, ტელეგრაფი და ყველა ადმინისტრაციული შენობა დაიკავესო. სულაც არ ეხალისებოდა ლაზარენკოს, მაგრამ რა ექნა? წაიყვანა კაზაკების სპეცრაზმის (“პლასტუნებს” ეძახდნენ) 120 მებრძოლი, 13 პოლიციელი (მეტი აღარ ჰყავდა, გაქცეულები იყვნენ) და 18 ოქტომბერს ჩოხატაურისკენ დაიძრა.

შიკრიკის მოსვლისა და ლაზარენკოს გამგზავრების თარიღები შემთხვევით არ გვიხსენებია – როგორც ეტყობა, ის შიკრიკიც “ჩვენიანი” იყო და მაზრის უფროსისა და კაზაკების ქალაქიდან გატყუება უნდოდა, რადგან, როგორც თვითონ ლაზარენკო წერს თავის პატაკში, 18-ში საღამოს ჩოხატაურში მისულს იქაურობა ახალდარბეული დახვდა, ხოლო პოლიციის უფროსის (ბოქაულის) ადიუტანტ ჩიგოგიძეს მოუხსენებია, ჩემი უფროსი ჯერ მაგრად სცემეს და რამდენიმე პოლიციელთან ერთად სულ რაღაც ნახევარი საათია, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანესო… ლაზარენკო წერს, არანაირი სამხედრო მოქმედების ჩატარება არ შეიძლებოდა, რადგან მთელი მოსახლეობა ტყეში იყო გახიზნული, მხოლოდ ვაჭრები იყვნენ დარჩენილი, რომლებმაც “არაფერი იცოდნენ”, ხოლო ფოსტა და ტელეგრაფი დარბეული და წყობიდან გამოსული იყოო. ლაზარენკომ ისევ ოზურგეთში დაბრუნება გადაწყვიტა და 20 ოქტომბერს “დამსჯელი ექსპედიცია” (თუმცა ვერავინაც ვერ დასაჯა) დასავლეთისკენ დაიძრა.

ეს ორი დღე სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ კომიტეტს მთელი დასავლეთ გურიისათვის შეეტყობინებინა: – არიქა, ქუდზე კაცი გამოდით, ლაზარენკომ ჩოხატაური ააწიოკა და ოზურგეთში ბრუნდებაო. 4000 კაცი შეიკრიბა, ძირითადად ცელებით, ნამგლებითა და ფიწლებით შეიარაღებულები და ცხადია, ბრძოლის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო – ფიწლები კი არა, 4000 კაცს პანჩურები რომ ერტყა ას ოცი, თუნდაც კბილებამდე შეიარაღებული მოწინააღმდეგისათვის, მაინც მოუგებდა.

არადა, სამხედრო საბჭოს თათბირზე, რომელშიც ფირალები (ახლა უკვე “წითელრაზმელები”) მელქისედეკ გუნთაიშვილი და დათიკო შევარდნაძეც შედიოდნენ, ვინმე სამსონ პაიჭაძეს ასეთი რამ უთქვამს: რად გვინდა ბრძოლა, მდინარე გუბაზოულის წყალი მოვწამლოთ, საღამოს რომ ჩამოივლიან, სხვაგან წყალს ვერ დალევენ და ყველანი დაიხოცებიანო. უსინდისო, თუმცა უტყუარი მეთოდია, მაგრამ გურულებს მაინც “ფიშტოს სროლა” უნდოდათ და გადაწყდა კიდეც შეიარაღებული თავდასხმა.

ჩოხატაურიდან თორმეტ ვერსზე მდებარეობს სოფელი ნაგომარი და ამის შემდეგ იწყება ნასაკირალის ტყით დაბურული უღელტეხილი. ნაგომარში შესვლისთანავე უგრძნია ლაზარენკოს “დამწვრის სუნი”, რადგან სოფელში მხოლოდ აფთიაქის ფანჯარა იყო განათებულიო (ვინღა იქნებოდა სახლებში, ყველა ნასაკირალში ელოდა მას და მის რაზმს), მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდა. ორიოდე ვერსიც გაიარეს და საღამოს 8-9 საათზე, შეუდგნენ თუ არა აღმართს, წამოვიდა ტყვიების წვიმა. ჭკვიანურად მოქცეულა ლაზარენკო, რომ ნაგომარში არ დაბანაკდა და დილას არ განაგრძო გზა – გამორიცხული იყო, დღის სინათლეზე თუნდაც ერთი კაცი გადავრჩენილიყავითო. ლაზარენკომ თხუთმეტამდე კაცი დაკარგა, დანარჩენებმა სიბნელით ისარგებლეს და ტყეს შეაფარეს თავი, აჯანყებულებს მხოლოდ ერთი დაეღუპათ (ვინმე სალუქვაძე), როგორც ამ ამბების მონაწილე თენგიზ ჟღენტი იხსენებს თავის წიგნში, დიდად არავის უდარდია, რადგან სალუქვაძე მაშინ მოუკლავს დაჭრილ კაზაკს, როდესაც ბრძოლის ველზე მოკლულ მოწინააღმდეგეს ჩექმას ხდიდა…

ლაზარენკომ ხუთი კაცი ტყე-ტყე გაგზავნა ოზურგეთში ამბის გასაგებად, რადგან იქიდანაც დიდი ბათქა-ბუთქის ხმა ისმოდა, მაგრამ უკან აღარც ერთი არ დაბრუნებულა – სამი გზაში მოკლეს, ორიც ოზურგეთში დააპატიმრეს; ხმაური კი აჯანყებულების გამარჯვების ზალპი გახლდათ – მაზრის ცენტრი აღებული იყო, “ამხანაგმა პრეზიდენტმა” ბენია ჩხიკვიშვილმა, მისმა თანაშემწე ნესტორ ერქომაიშვილმა და თორმეტკაციანმა დაცვამ მაზრის უფროს ლაზარენკოს “ოფისი” დაიკავეს.

ასე რომ, როგორც ხედავთ, ბრძოლაში რუსებმა სულ რაღაც თხუთმეტი კაცი დაკარგეს და საბჭოთა ისტორიაში ესოდენ “გაპიარებული” ნასაკირალის შეტაკება სულაც არ იყო გურულ აჯანყებულთა გმირული ბატალია.
ახლა ნასაკირალის ამბებამდე რამდენიმე თვით უკან დავიხიოთ და ვნახოთ, რა ხდებოდა ამ “რესპუბლიკაში”.
იქიდან დავიწყოთ, რომ ამ “დომხალის” გამომწვევებიც და დამლაგებლებიც მენშევიკები იყვნენ და არა – ბოლშევიკები, რაზეც მენშევიკ ჩხიკვიშვილის “პრეზიდენტობაც” მეტყველებს, ოღონდ ისიც მართალია, რომ 1903 წელს მომხდარი განხეთქილების მიუხედავად, ბოლშევიკ-მენშევიკები ჯერ კიდევ ერთ პარტიად ითვლებოდნენ და მხოლოდ ხმათა უმრავლესობის გამო იმარჯვებდა მენშევიკების აზრი (ესეც გურული პარადოქსია – ამხელა იმპერიაში მხოლოდ გურიაში არ ასახავდა სახელწოდება რეალობას – “მენშევიკი” ხომ უმცირესობას ნიშნავს, “ბოლშევიკი” კი – უმრავლესობას).

ამიტომ საბჭოთა პერიოდის ვაიმეცნიერთა ბაქიბუქი ქართველ ბოლშევიკთა დამსახურებებზე “აშკარად გადაჭარბებულია”. მართალი ის არის, რომ რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალას – “წითელ რაზმებს” და გადასახადებს, სწორედ ბოლშევიკები განაგებდნენ, განათლება, პრესა, სასამართლო კი უფრო ინტელექტუალი მენშევიკების ხელში იყო. შეიძლება ვინმეს გაეღიმოს კიდეც – რა განათლება და რის პრესაო?! მაგრამ არც მასე იყო საქმე – რამდენიმე თვის განმავლობაში ორი გაზეთიც გამოდიოდა, რომლებიც აბსოლუტურად თავისუფალი იყო ცენზურისაგან (თუმცა პარტიული გაზეთები იყო და შიდაპარტიული ცენზურა ისედაც თავისას აკეთებდა), ხოლო სკოლების უფროს კლასებში ჯერ კიდევ 1904 წლის შემოდგომიდან ასწავლიდნენ “სოციალ-დემოკრატიულ დოქტრინას” და “მარქსიზმის საფუძვლებს”(!!!).

სხვათა შორის, სწორედ ახალგაზრდობა, 16-18 წლის ბიჭები იყვნენ “წითელრაზმელთა” ყველაზე საიმედო დასაყრდენი – მარქსისტული იდეებით ტვინაბნეულ და იარაღის ხმარების ნების მქონე ლაწირაკს წინ რა დაუდგებოდა? ამასვე ადასტურებს ნიკო მარის სიტყვები: “…გადასახადს არავინ კრეფს (ოფიციალურ გადასახადს – ზ.გ.), არ არის აქციზი, მთავრობის სასამართლოები… თუმცა არის გაუგებარის ხალხის გაყვლეფა გაიძვერათაგან… თითქმის წინანდელზე მეტი სიძვირე… სამაგიეროდ, თავისუფლება სრულია, პრესსის, სიტყვის, სარწმუნოების, წარმოების თავისუფლება… კაცი გაოცებული რჩება, როგორ ახერხებენ სოფლელები მთელი დღეობით კრებაზე დასწრებას, როდესაც ყანებში დიდი საშრომელი აქვთ…”

ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მხოლოდ ბოლშევიკები აქცევდნენ ქვეყანას და მენშევიკები ფრთიანი ანგელოზები იყვნენ – სწორედ მათი სასამართლოების პრეროგატივა იყო “დამნაშავისათვის” (ანუ სხვაგვარად მოაზროვნისათვის) “ბოიკოტის” მისჯა და მათი გამოტანილი სასჯელისა ისე ეშინოდა ხალხს, რომ თუკი ერთი კაცი მეორეს დაემუქრებოდა, კომიტეტში დაგასმენო, ეს უკანასკნელი ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ მუქარა არ შესრულებულიყო.
კიდევ ერთი რამ არის აღსანიშნავი: მართალია, მასას, გლეხობას, ეგონა, ჩვენ ჩვენს “პატარა დამოუკიდებელ სოციალიზმს” ვაშენებთო, მაგრამ აჯანყების ორგანიზატორებს გაცილებით შორს მიმავალი მიზნები ჰქონდათ:

როგორც ზემოთ ნახსენებმა ლაზარენკომ განაცხადა (სასამართლოს შეკითხვაზე – როდის დაიწყო გურიაში აჯანყებაო), აჯანყება ბათუმში დაიწყო და შემდეგ გადმოინაცვლა გურიაშიო, მართლაც ასე იყო და ამას ორი მიზეზი ჰქონდა: ბათუმი რეგიონის ყველაზე დიდი საპორტო ქალაქი იყო და მთელი კასპიის ნავთობი სწორედ აქ იყრიდა თავს, უდიდესი კომპანიების (მათ შორის – თვით როტშილდისა და ნობელის) საცავებსა და გადამამუშავებელ ქარხნებში უამრავი მუშა შრომობდა. მუშა, პროლეტარი კი, საუკეთესო “მასალა” (მათივე ტერმინია) იყო სოციალ-დემოკრატებისათვის. 1905 წლის ზაფხულში ბათუმის პორტში მდგომ გემზე ბუნტი მოხდა, აჯანყებულებმა დროებით პორტისა და ქალაქის ფუნქციების მოშლაც მოახერხეს, მაგრამ ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო ამბოხი.

ამის მიუხედავად, ბათუმს რეპუტაცია შეელახა, ბევრმა კომპანიამ (ნობელმაც) დახურა თავისი საწარმოები და გაჩნდა უამრავი უმუშევარი, რომელთა უმეტესობაც სწორედ გურიიდან იყო. მათ, სოციალისტური იდეებით “აღჭურვილებმა”, მშობლიურ სოფლებს მეაშურეს და პარტიის მთავარ დასაყრდენად იქცნენ. მაგრამ მთავარი მაინც არ იყო მათი აგიტაცია-პროპაგანდა და ხალხის გაჭირვებული ყოფა, მთავარ მიზეზს ნათლად გვიხატავს გაზეთ “შინაურ საქმეებში” გამოქვეყნებული ანალიტიკური წერილის ფრაზა: “მაინც რამ დააჩოქა ქრისტეს მორწმუნე ხალხი მარქსის სურათის წინ? შიშმა და თოფიანმა აგიტატორებმა…”

სოციალ-დემოკრატების მეორე და ძირითადი, შორსმიმავალი მიზანი გურიის შემდეგ სწორედ ბათუმის აღება და შავიზღვისპირა “სოციალისტური ზოლის” შექმნა იყო სევასტოპოლამდე, სადაც ჯავშნოსან “ოჩაკოვზე” ლეიტენანტ შმიდტის მეთაურობით უკვე დიდი ამბები დაეტრიალებინათ “წითლებს”…

დავუბრუნდეთ ისევ 1905 წლის ოქტომბრის ამბებს: გურიის რესპუბლიკა “დამოუკიდებელ” ცხოვრებას განაგრძობდა, მაგრამ ნასაკირალის შეტაკება უკანასკნელ წვეთად იქცა მთავრობის მოთმინების ფიალაში, ანდა, შესაძლოა, თვით ხელისუფლებამ გააბუქა ამ მოვლენის მნიშვნელობა, რათა ქართველი საზოგადოების წინაშე, რომელიც თბილისშიც და ქუთაისშიც თავგამოდებით იცავდა “სიმართლისთვის მებრძოლ გურიის ხალხს”, გაემართლებინა დაგეგმილი რეპრესიები. გაშმაგებულმა კავკასიის მთავარმართებელმა, გრაფმა ვორონცოვ-დაშკოვმა მართალია, მიღებაზე უარი არ უთხრა ქართველ ინტელიგენციას, მაგრამ გურიაში სადამსჯელო ოპერაცია მაინც მოაწყო, ამასთან ისეთი საგანგებო უფლებები მიანიჭა გენერალ ალიხანოვ-ავარსკის, რომ ამ უკანასკნელმა პირველად თვით ქუთაისის გუბერნატორი(!) სტაროსელსკი და მისი მოადგილე – ყიფშიძე დააპატიმრა (აჯანყების ხელშეწყობის ბრალდებით).

ალიხანოვმა ოცნება აისრულა – ერთხელ აჯანყებულთა შიშით, მეორედ კი გუბერნატორ სტაროსელსკის ბრძანებით უკან გამობრუნებულმა, ამჯერად სრული “კარტ-ბლანში” მიიღო ვორონცოვ-დაშკოვისაგან (სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ალიხანოვ-ავარსკის ასე მოიხსენიებდა: “ლუჩში სინ არმიანსკოგო ნაროდა”) და ისე გადაწვა ოზურგეთი და გურიის სოფლები, ნაკვერჩხალიც არ დაუტოვებია!

ხალხი გაიხიზნა; მოთავეები ზოგი დაიჭირეს (ძირითადად, მენშევიკები), ზოგმა კი (მათ შორის – ფირალებმა) “მშობლიურ სტიქიას” – ტყეს მისცა თავი. “გურიის რესპუბლიკის ბიუჯეტი” – გადასახადებით აგროვილი ფული ბოლშევიკებმა მიისაკუთრეს და ზოგი საქმეში და ზოგი დროს ტარებაში დახარჯეს… გურიაში კი მაზრის უფროსად ალიხანოვზე არანაკლებ დაუნდობელი ტოლმაჩოვი მიავლინეს.

ეს აუცილებლად მიაჩნდა ხელისუფლებას – რეპრესიები კი დაიწყო და ხალხიც ბევრი დაიჭირეს, მაგრამ ამან კიდევ უფრო გაამძაფრა სიძულვილი რუსული მმართველობისადმი, გადასახადებსაც მხოლოდ თოფის მიშვერის შემდეგ უხდიდნენ მთავრობას; თანაც აგიტატორები (მათ შორის, ყველაზე აქტიურად შემდგომში დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი) ისევ ახერხებდნენ დაუმორჩილებლობის ორგანიზებას…

რა მისცა “გურიის რესპუბლიკის” არსებობამ ხალხს? ერთნი თვლიან, რომ მან უბედურების მეტი არაფერი მოუტანა ისედაც ვაგლახ მდგომარეობაში მყოფ გურიას, სხვანი ამტკიცებენ – “ჩიტი ბდღვნად ღირდა” და ქართველებმა სწორედ მაშინ გაიხსენეს, რომ მტერთან ბრძოლა საჭიროაო…

ხალხი კი… ხალხი ყოველთვის მართალი იყო, მაშინაც, როდესაც ცარიზმს ებრძოდა და მაშინაც, როდესაც ანეკდოტების სახით ასეთ “ფოლკლორულ მარგალიტებს” ქმნიდა:

გურული შვილიშვილი ბაბუას ეკითხება:
– ბაბუ, რა განსხვავებაა ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის?
– ხომ გინახავს გზაზე ძროხის ფუნას რომ ურემი გადოუარს? ჰოდა, ერთ მხარეს მეტი რომ დარჩება, იგი ბოლშევიკებია, მორე მხარეს რომ ნაკლებია, იგენი – მენშევიკები.

P.S. გურულ მოჯანყეთა შიში მაინც შერჩა მთავრობას. აბა, რა იქნებოდა, 1907 წლის ზაფხულში ჯერ ალიხანოვ-ავარსკი გაისტუმრეს იმ ქვეყნად “ბომბისტებმა” (მეუღლითურთ ააფეთქეს ქალაქ ალექსანდროპოლში), მერე თბილისში ტოლმაჩოვიც მის გზას გაუყენეს, თანაც თბილისელ “კოლეგებს” აუკრძალეს – ხელი არ ახლოთ, ჩვენ უნდა დავსაჯოთო.

ამ შიშის ბრალი იყო, რომ ბენია ჩხიკვიშვილი საქართველოში ვერ გაასამართლეს, პროცესი ოდესაში დანიშნეს და მხოლოდ ოთხწლიანი (?!) პატიმრობა აკმარეს…

ზვიად გურული

 

                             

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: