IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ინგა ღუტიძე- ქართველთა ეთნიკური და ენობრივი იდენტობის საკითხები

• საქართველო – Georgia

 

inga_ghutidze

ინგა  ღუტიძე

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ქართველთა ეთნიკური და ენობრივი იდენტობის საკითხები

 მ. თამარაშვილის ”ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის” მიხედვით

 

ნებისმიერი ქვეყნის მეცნიერებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისტორიული საბუთების კვლევა-ძიებას, რათა ნათელი მოეფინოს წარსულის ავსა თუ კარგს. ისტორიული ბედუკუღმართობის გამო ქართული წყაროთა დიდი ნაწილი დაკარგულია ან ჯერაც ელოდება მზის შუქსა და მკვლევარებს, ამიტომ ჩვენამდე მორწეულ თითოეულ წყაროსა თუ საბუთს განუზომელი მნიშვნელობა აქვს.

მიქელ თამარაშვილი გამორჩეული და საყურადღებო პიროვნება, მოძღვარი, მეცნიერი, პუბლიცისტი და ამასთანავე ფრანგული, იტალიური, ლათინური, თურქული, სომხური და ქართული ენების მცოდნე იყო. მ. თამარაშვილის სახელს უკავშირდება დიდი ქართველი მწერლისა და მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის ამსახველი მასალების მოძიება და შესწავლა (ლომსაძე, 1984:124). ქართველი ერის ისტორიაში მან, როგორც მეცნიერმა, დიდი ძალისხმევის, გაჭირვებისა და შრომის შედეგად შეძლო არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნებისა და ქალაქების – საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ლონდონის, ალექსანდრიის, მოსკოვის არქივებში დაცული და გაბნეული ქართული საბუთებისა და საქართველოს შესახებ არსებული წყაროებისა და საბუთების დიდი რუდუნებით შეგროვება და შესწავლა, არამედ ერთიანი ეროვნული ცნობიერების სხვადასხვა გზით დაშლის მოსურნეთათვის ღირსეული პასუხი გაცემა. მ. თამარაშვილმა ევროპას, რომელსაც ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოზე, შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ მოძიებული საბუთებით კარგად გააცნო ჩვენი ქვეყანა „…განვიზრახეთ, შეგვეკრიფა წინა საუკუნეთა საბუთები. მაგრამ სად უნდა გვეძებნა? რა თქმა უნდა არა საქართველოში, სადაც, ძველის არხივების უქონლობის გამო, მათი კვალიც კი არ სჩანს. უნდა მიგვემართა ისევ იტალიისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქების არხივებისათვის . . . აქ მოყვანილი საქართველოს შესახები საბუთები მცირედი ნაწილია იმ საბუთებისა, რაც დაკარგულა და პოვნის იმედი, სამწუხაროდ, აღარა გვაქვს; აგრეთვე შედარებით მცირედი ნაწილია იმ საბუთებისა, რაც ხელახალის გულმოდგინებით, შეიძლება, შემდეგში აღმოჩნდეს, რადგან ევროპის ყველა წიგნთსაცავები და არხივები არ დაგვივლია და, საცა კი გავშინჯეთ, იქაც ყველას ნახვა ვერ შევიძელით” (თამარაშვილი, 1902:4). საქართველოდან ქართულად გაგზავნილი ბევრი წერილი ვერ უპოვიათ და ამიტომ ბევრი მათგანი ლათინურიდან არის თარგმნილი.

1902 წელს გამოცემული მ. თამარაშვილის „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“, რომელიც სპეციალისტთა ვიწრო წრისათვის კარგად არის ცნობილი, ეკლესიის ისტორიის გარდა, მრავალმხრივ საყურადღებო ნაშრომია როგორც ისტორიული, ასევე ენათმეცნიერული და ეთნოლოგიური თვალსაზრისით. მ. თამარაშვილის ბევრი მოსაზრება და საკითხის მისეული ანალიზი ზოგჯერ საკამათო და ძნელად გასაზიარებელია, მაგრამ მ. თამარაშვილს მეცნიერისთვის დამახასიათებელი ძალზე არსებითი და მნიშვნელოვანი თვისება – მიუკერძოებლობა უფლებას არ აძლევს არ აღნიშნოს, თუ რამ გამოიწვია კათოლიკობის გავრცელება მართლმადიდებელ ქართველთა შორის: „XIII საუკუნეში პირველად მოვიდენ მისიონერები, სწორედ იმ დროს, მუღალთაგან აოხრებული საქართველო  ორ სამეფოდ გაიყო. სამცხე-საათაბაგოში მოაქციეს კათოლიკობაზე მართლმადიდებელი ქართველები. ამას ხელი შეუწყო საქართველოს დაუძლურებამ და მისმა ორად გაყოფამ“ (თამარაშვილი, 1902:79-80). კათოლიკობის მიღებით, როგორც ცნობილია, ქართველების ერთმა ნაწილმა თავი დაიცვა მაჰმადიანობისაგან, რომელსაც ოსმალები ავრცელებდნენ ქართველთა შორის.

ევროპელთა მიერ საქართველოს აღწერა დიდი და არსებითი ნაწილია საქართველოს ისტორიისა. მათ XVII საუკუნეში ევროპას საქართველო გააცნეს; თავიანთ აღწერებსა თუ შთაბეჭდილებებში უამბეს ევროპელებს, თუ როგორ იცავდნენ ქართველები მთელი თავიანთი ისტორიის მანძილზე თავიანთ ქვეყანასა და სარწმუნოებას გარეშე მტრებისგან, როგორ იბრძოდნენ მუდმივად თავისუფლებისათვის. საკმარისია დავასახელოთ დელავალეს, ავიტაბილეს, ლამბერტის, გალანოსის, ვერიჩელისა და სხვათა აღწერები. ევროპელ მისიონერებს მიეწერებათ საქრთველოს რუკის პირველად დახატვა და სხვა ქვეყნებში გავრცელება, ხოლო იტალიაში გაწვრთნილ ქართველებს სხვადასხვა წიგნების ქართულ ენაზე შედგენა და თარგმნა. ამ მხრივ გამორჩეულია ნიკიფორე ირბახი, რომელმაც რომში დიდხანს დაჰყო, კარგად შეისწავლა იტალიური, ქართული ასწავლა სტეფანე პაოლინის და 1629 წელს ერთად დაბეჭდეს და გამოსცეს ქართულ-იტალიური ლექსიკონი. როგორც ცნობილია, ნიკიფორე ირბახს დიდი წვლილი მიუძღვის რომში ქართული სტამბის დაარსების საქმეში.

ევროპელებმა რომში ქართული ენის შესასწავლად კათედრა დააარსეს: „პროპაგანდის კოლეგიაში სხვა ტომთა ენებთან ერთდ ჩვენს ენასაც საპატიო ადგილი დაუთმეს. მასთან ბევრ ქართველის შვილებს გზა გაუხსნეს ევროპაში, მაღალ სასწავლოში სწავლა მიაღებინეს. . .“(თამარაშვილი, 1902:297-298). ქართული ენის ისტორიაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს იშვიათი ფაქტთაგანია.

მ. თამარაშვილის მონოგრაფიაში, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს ის ეთნონიმები და ლექსიკური ერთეულები, რომლებითაც ქართველები არიან მოხსენიებულნი აქ დამოწმებულ წყაროებში. მონოგრაფიის პირველივე გვერდებზე მითითებულია, რომ ქართველებს კათოლიკებს უწოდებენ: „1220 წელს ფრანგებისგან დამიეტის აღების შემდგომ, ქართველებმა დასავლეთის ჯვაროსნებს შეატყობინეს თავიანთი მზადყოფნა საომრად . . . ამ დროის მწერლები ქართველებს კათოლიკებად უწოდებენ „viri catholici“ (თამარაშვილი, 1902:6-7). რადგან წიგნი საქართველოში კათოლიკობის ისტორიასა და მისიონერთა საქმიანობას ეხება, ქართველთა კათოლიკებად მოხსენიებას, ცხადია, თავისი მიზანი აქვს, მაგრამ აქ კათოლიკე ცალსახად ერთი, საყოველთაო ეკლესიის მრევლს, მის ნაწილს უნდა ნიშნავდეს და არა კათოლიკე აღმსარებელს.

როგორც ცნობილია, ქართველი კათოლიკები ფრანგებად მოიხსენიებოდნენ, რასაც ხანგრძლივი ისტორია აქვს. პაპი კალიკსტო III  წერს: „ყოველ ქრისტიანე მორწმუნეთ, რომლებიც ფრანგებად იწოდებიან და რომლებიც სპარსეთსა და საქართველოში ცხოვრობენ“ (თამარაშვილი, 102:50). მოგვეპოვება როტიე ბელგიელის  XVI საუკუნეში დაწერილი მოხსენება, რომელიც მან რომის პროპაგანდას წარუდგინა. ამ წერილში ის მიუთითებს: „სხვათა შორის შესანიშნავია ისიც, რომ ტფილისის ქუჩას გორში უწინ ფრანგების ქუჩა რქმევია“ (თამარაშვილი, 1902:70). ფრანგების ქუჩა ტფილისის ქუჩას მხოლოდ ერთი გარემოების გამო ერქვა, იქ კათოლიკე ქართველები ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ გრიგორიანული სარწმუნოების მიღება გასომხებად აღიქმებოდა, რასაც გამიზნული ხასიათი ჰქონდა და გრიგორიან ქართველს სომეხს უწოდებდნენ, რითაც მას ერთიან ქართულ ორგანიზმს გლეჯდნენ და სხვა ხალხად აცხადებდნენ; თუკი გრიგორიანელი ქართველი სომხად იწოდებოდა, კათოლიკობის მიღება, კათოლიკედ მონათვლა გაფრანგებად აღიქმებოდა და, შესაბამისად, კათოლიკე ქართველს ფრანგს უწოდებდნენ. ამ მხრივ საინტერესოა ერთი ისტორია, რომელიც 1634 წელს მომხდარა და მისიონერები მოგვითხრობენ: ერთმა ახალგაზრდა გაკათოლიკებულმა ქართველმა (ნასყიდა ლოპამონმა), რომელიც პატრებს ემსახურებოდა, გადაწყვიტა მათთან მონაზვნად შედგომა. ის ერთ ახალგაზრდა ქალზე იყო დანიშნული და ამის გამო მოინდომა მისი გაშვება. ქალის მამამ დასახმარებლად სომხებს მიმართა, რომლების პატრებს მტრობდნენ და უთხრა: თუ დღეს ქართველებს აფრანგებენ, ხვალ სომხებსაც ამავეს უზამენო (თამარაშვილი, 1902:126). ლოპამონის გასამართლებელ კრებაზე სიტყვა უთქვამს ნიკიფორე ირბახს, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით, თავის მხრივ, დაუმატებია „ყოველდღივ ჩვენის თვალით ვხედავთ, რომ მრავალნი ქართველნი სომხდებიან, და უფრო მომეტებული მათგანი მაჰმადის სარწმუნოებას ღებულობს. მაშ, ვისაც კი უნდა გაფრანგება, რაღად უნდა დაეშალოს? (თამარაშვილი, 1902:127); ”მასთანვე უთხრეს ხალხს: გაუფრთხილდით ამ გაფრანგებულ მგელს (მამა კირილე, ტრაპიზონის არქიეპისკოპოსი), რომელიც აქ მორწმუნე ბერის სახით მოსულა”… (თამარაშვილი, 1902:186). თვით პატრები უწოდებენ კათოლიკე ქართველებს ფრანგებს თავიანთ წერილებში; 1700 წელს პატრი რეჯინალდო ლენთინელი აღნიშნავს: „თუმცა პატივცემულმა ანჩირის ეპისკოპოსმა გამოგვიტანა ჩვენდა სასარგებლოდ მეტად კარგი ფირმანი (შაჰის ბრძანება), რომლითაც საგანგებოდ ყველას ებრძანება, ფრანგები არ შეაწუხონ, გარნა ტფილელი მწვალებელი სომხები ამ ფირმანითაც არ ცხრებიან, არამედ ახალ-ახალ რამეს იგონებენ ჩვენისა და კათოლიკების შესაწუხებლად…“ (თამარაშვილი, 1902:303-304).

ზემოთქმულიდან ცხადია, რომ ამ შემთხვევაში სარწმუნოებრივი მომენტია გადამწყვეტი. თუ ქართველი, მართლმადიდებლური რწმენის გარდა, აღიარებდა სხვა სარწმუნოებას, ის ქართველი აღარ იყო. ასე მოინათლნენ სომხებად აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ფრანგებად (და სომხებად) – კათოლიკე ქართველები სამცხე-ჯავახეთში, ინგილოებად – მაჰმადიანი ქართველები ისტორიულ ჰერეთში, თურქებად – მაჰმადიანი ქართველები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში და ეთნონიმებიც – ფრანგი, სომეხი დაცლილია ეთნიკური შინაარსისგან და მათ მხოლოდ კონფესიური დატვირთვა აქვთ (თოფჩიშვილი, 2005:).

კათოლიკე ქართველები თავიანთ თავს რომის კათოლიკეებსაც უწოდებდნენ. 1787 წელს სოფელ ველის მცხოვრებნი უფროსი პატრისადმი მიწერილ წერილში, რომლის ქართული დედანი არ გვაქვს, თავიანთ თავს ასე ახასიათებენ – “ქართველნი რომის კათოლიკენი” (თამარაშვილი, 1902:476-477). ველელების ქართულად დაწერილი ერთი თხოვნა კიდევ არის შემორჩენილი, მაგრამ უთარიღოა. ამ წერილში ველელები უფროს პატრს სთხოვენ თავიანთ სოფელს არ მოაშოროს მღვდელი, რომელიც მათ ისე მოუვლის, უპატრონებს, როგორც ეს ქართველთ წესია: „დიდად პატივცემულ მამა უფროსს… წყალობა უყოთ მაგ ჩვენ მღვდელსა რომ ჩვენს საბრალო სულებს მოუაროს ჩვენს ქართველ რიგზედა…“ (თამარაშვილი, 1902; 476-477). ველის მცხოვრებნი უმეტესწილად ქართველები ყოფილან, მათში რამდენიმე ოჯახი ერია სომხის ტიპიკონისა. 1786 წელს პატრი ანდრია პალერმელი წერს, რომ ველის მცხოვრებნი გაკვირვებულნი არიან ტიპიკონების შეცვლით, „რადგან ბერძნულიდგან სომხურზე გადავიდა, სომხურიდგან ლათინურზე“ (თამარაშვილი, 1902:474). ამავე საუკუნეში, 1787 წელს წელს პატრი ჯამბატისტა როვიგელი ახალციხიდან რომში მიწერილ წერილში ველის მცხოვრებთ ბერძენ-კათოლიკე ქართველ ერს უწოდებს (თამარაშვილი, 1902:477-478). ამ წერილში ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ თავიანთ საკუთარ ბერძნულ ტიპიკონს დიდი გულმოდგინებით იცავენ ქართველი კათოლიკეები, რომლებიც ბევრად აღემატებიან სომეხ კათოლიკეებს. ამ წერილით ცხადია, რომ ქართველი კათოლიკეები ლათინური ტიპიკონის ნაცვლად ისევ ბერძნულ ტიპიკონს და, შესაბამისად, ქართულ ენას იყენებდნენ. ახალციხისა და ველის ქართველებისთვის XIX საუკუნეში ქართული ენით წირვა-ლოცვის შესრულების უფლება სრულიად აუკრძალავს, მოუსპია ახალციხის პროვიქარს პავლე დავით შაჰყულიანს. მას გადაუწყვეტია, რომ არც ახალციხეში და არც ველში ბერძნული ტიპიკონის ქართველი მღვდლები საჭირონი აღარ ყოფილან, რადგან იქ დარჩენილი ცოტა ქართველი კათოლიკენი სომხურ ტიპიკონს შეჩვეულან (თამარაშვილი, 1902:487-488). ამ შაჰყულიანმა „საქართველოს ყველა კათოლიკები სომხებად წარუდგინა და ახალციხეც სომხეთის ნაწილად შერაცხა“ (თამარაშვილი, 1902:500). ასე წყვეტდნენ ქართველთა ბედისა და ენის საკითხს.

იმ ველელების შთამომავალთ კი, რომელთაც სომხური ტიპიკონი მიუღიათ იძულებით, აღარც ქართული ტიპიკონი ტიპიკონი შერჩენიათ და აღარც ქართული ენა: „დღეს თავიანთი ქართული დედა ენა გაუცვლიათ ოსმალოს ენაში“ (თამარაშვილი, 1902:479-480).

მართლმადიდებელ ქართველებს  კი ევროპული წყაროები ბერძენ ქართველებს, ბერძნებს ან ბერძნის სარწმუნოებისას უწოდებენ, ქართველ მონაზვნებს კი ბერძნის მონაზვნებს:: „…ახალციხის და ველის ბერძენ ქართველებისათვის  (ბერძნის ტიპიკონის მქონე) უკვე დადგენილი იყო, მოგვეყვანებინა რომში იმავე ტიპიკონის ორი ყმაწვილი…” (თამარაშვილი,1902:487); „… არც შეუძლიათ ბერძნებს (ბერძნის ტიბიკონის მქონე ქართველებს) ან სომხებს კათოლიკობის მიღება…“ (თამარაშვილი, 1902:414); „ქართველების მომეტებული ნაწილი და საუკეთესო ნაწილი ბერძნის სარწმუნოებისა. . .ჰკიცხავდენ მეფის ასეთ უსამართლო მოქცევას; არა მარტო ბერძნის მონაზონები (ქართველები), არამედ თვით პატრიარქიც . . . მოდიოდნენ ჩვენ სანახავად. . .“ (თამარაშვილი, 1902:390). 1690 წლის საბუთში ბერძნის ტიპიკონის მღვდლების შესახებ სქოლიოში მითითებულია, რომ ტომით ქართველები არიან (თამარაშვილი, 1902:281?).

ზემოთ დამოწმებული მაგალითებით კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ ქართველთა იდენტობის განმსაზღვრელი უმთავრესი მარკერი სარწმუნოებასთან ერთად ყოველთვის იყო ენა, აღმსარებლობისა და ტიპიკონის შეცვლით ცდილობდნენ ენა წაერთმიათ, დაევიწყებინათ ქართველებისთვის, რასაც ხშირად იდენტობის ცვლაც მოჰყვებოდა.

 კათოლიკე მისიონერები, რომლებიც მონოგრაფიაში მითითებული წყაროების მიხედვით, საქართველოში საგანგებო მისიით დაახლოებით 1230 წელს უნდა მოსულიყვნენ, ცხადია, სათანადო ენათმეცნიერული, ისტორიული და ეთნოლოგიური ცოდნით არ იყვნენ აღჭურვილნი და, ბუნებრივია, ბევრ საკითხს სათანადო კვალიფიკაციას ვერ აძლევდნენ. ამ მხრივ, საყურადღებოა ის ეთნონიმები და ლექსიკური ერთეულები, რომლებითაც საქართველო, მისი ეთნოგრაფიული მხარეები და საქართველოს მეფეები არიან მოხსენიებულნი. ვატიკანის არქივში დაცულია წერილი, რომელიც 1289 წელს პაპმა ნიკოლოზ IV-მ დავით და დიმიტრი მეფეს მოსწერა. ამ წერილში დავითი იბერიელთა მეფედაა (Davidem Regem Hiberorum) სახელდებული, დიმიტრი კი ქართველთა მეფედ (Georgianorum) (თამარაშვილი, 102:19).

XVII საუკუნეში პაპი ურბანოს VIII ზაქარიას მთელი იბერიის მიტროპოლიტს უწოდებს: „ზაქარიას, მთელის იბერიის მიტროპოლიტად წოდებულს“ (თამარაშვილი, 1902:120). ასევე პაპი ურბანოს VIII გურიის მთავარს „ქართველ გურიელ მთავარს უწოდებს“(თამარაშვილი, 1902:151), ოდიშის მთავარს კი „ოდიშის ქართველ მთავარს“  (თამარაშვილი, 1902:169), იმერეთის მეფეს „ქართველ იმერეთის მეფეს“ (თამარაშვილი, 1902:212) და მისთვის როგორც აღმოსავლეთ საქართველოს, ისე დასავლეთ საქართველოს მკვიდრთ ერთად ქართველი ერი ეწოდება: „ამათი (მისიონერების) მანდ მოსვლის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ქართველთ ერს და მთავრებს მოუპოვონ წყალობა ღვთისა . . .“ (თამარაშვილი, 1902:170);

დანაწევრებული და დაქუცმაცებული XVII საუკუნის საქართველოში სამეგრელოს შესახებ მიუთითებენ, რომ ის ცალკე მისიონს არ შეადგენდა და „საქართველოს მისიონს ექვემდებარებოდა“(თამარაშვილი,1902:133). ზემოთქმულიდან ცხადია, რომ ევროპელები  თავიანთი ცოდნის შესაბამისად მოიხსენიებდნენ საქართველოს ამა თუ იმ კუთხეს, ამაში მათ დიდად ეხმარებოდათ იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაცია, რის შედეგადაც ქართველებსა და მეგრელებს სხვადასხვა ხალხებად მიიჩნევდნენ: „კონსტანტინეპოლიდგან დაიწყო მეგრელებსა და ქართველებში გასაგზავნმა მისიონმა მოღვაწეობა . . .(თამარაშვილი, 1902:134). თუმცა ისინი ზოგჯერ Iberia-სა და Georgia-ს სახელით, საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილის გარდა, მის დასავლეთ ნაწილს-იმერეთ-სამეგრელოსაც გულისხმობდნენ, რასაც თავისი ახსნა ჰქონდა – რადგან იმერეთის მეფე სპარსეთზე ქართლ-კახეთის მეფეებთან შედარებით ნაკლებად იყო დამოკიდებული, უფრო დამოუკიდებელი გახლდათ, ამიტომაც ევროპელები მას უფრო მიიჩნევდნენ ქართველ მთავრად და Iberia, Georgia-ს სახელით იმერეთს გულისხმობდნენ და იმერეთს ქართველების ქვეყანას უწოდებდნენ.

იბერიის გვერდით დასახელებულია ივერია. პაპი ურბანოს VIII თეიმურაზ მეფეს ივერიის მეფეს უწოდებს (თამარაშვილი, 1902:117). პატრი ბერნარდე ნეაპოლელი 1672 წელს წერს, რომ „. . . (კათალიკოსი) შემდგომ მივიდა მეფესთან და ბევრი ეცადა, გავედევნეთ მთელი ივერიიდგან“; „. . . ჩვენი სინიდისიერება და მეცნიერება ერს დიდათ სწამდა და ამიტომ ივერიელების და ქართველების სათნო საყოფელი ვიყავით. . . (თამარაშვილი, 1902:239). 1714 წელს კლაუდიო რეჯიელი ქართლს აღმოსავლეთ ივერიას, ანუ საქართველოს უწოდებს (თამარაშვილი, 1902:344). ივერიას პაპები აზიელ ივერიასაც უწოდებდნენ: „აზიელ ივერიის სამეფოს არქიეპისკოპოსს, ჩვენს პატივცემულ ძმა ექვთიმეს, პაპი ინოჩენცო XI (თამარაშვილი, 1902:270); „ქრისტეს მიერ ჩვენს დიდათ საყვარელს შვილს გიორგის, აზიელი ივერიის ბრწყინვალე მეფეს, პაპი ინოჩენციო XI“ (თამარაშვილი, 1902:271). თვითონ ევროპელები 1687 წელს მიუთითებენ, რომ ამ დროს საქართველო გაყოფილია ხუთ სამთავროდ და თითოეულს თავისი მთავარი ჰყავს. ეს მთავრები მეფეებად იწოდებიან იმის გამო, რომ თავიანთ ძველისძველ უფლებას იცავენ (თამარაშვილი, 1902:265-266).

ეთნონიმი საქართველო (Giorgiae) გიორგი მეფის მიერ XV საუკუნეში შედგენილ ერთ-ერთ წერილში სამცხეს ეწოდება : ამას გვიჩვენებს თვით ყვარყვარე ათაბაგის წერილი, რომელიც მან ბურგუნდიის დუკასთვის მიუწერია და თავს „საქართველოს მთავარს“ უწოდებს (თამარაშვილი, 1902:58). ეს სახელი სამცხეს მხოლოდ ყვარყვარეს გაძლიერების დროს დაერქვა. ყვარყვარე ათაბაგისა და გიორგი (სპარსთა) მეფის მიერ მე-15 საუკუნეში დაწერილი წერილები 1459 წელს ლუდოვიკე ბოლონიელს წაუღია ბურგუნდიის მეფისათვის გადასაცემად. ამ ორი წერილის შესახებ მ. თამარაშვილი მიუთითებს, რომ „ეს ორი წერილი საკმაოდ ვრცელია და ძნელათაც საშოვარია, რადგან მარტო ერთ ძველს და იშვიათ წიგნში მოიპოება, ამიტომ სრულიად მოგვყავს აქ, რათა საქართველოს ესეთი შესანიშნავი საბუთები არ დაეკარგოს“ (თამარაშვილი, 1902:58).

არანაკლებ საინტერესოა ამ თვალსაზრისით XIII საუკუნის წერილი, რომელიც რუსუდან დედოფალს პაპი ონორიო მესამისადმი მიუწერია და თავს აფხაზთა დედოფალს უწოდებს: „უწმიდესს პაპს… ჩვენ მდაბალი რუსუდან აფხაზთა დედოფალი… თავს გიკრავთ და მოგესალმებით“ (თამარაშვილი, 1902:7). აქ, ცხადია, აფხაზეთი საქართველოს სინონიმად იხმარება და არა საკუთრივ საქართველოს ერთ-ერთი ეთნოგრაფიული კუთხის აღსანიშნავად, რასაც ადასტურებს მ. თამარაშვილი ევროპელთა წერილების გაცნობისა და შესწავლის შემდეგ: „უწინ ევროპელნი აფხაზეთს ხან ერთისა და იმავე სახელით იხსენიებდნენ, როგორც საქართველოს, ხან ცალკე ასახელებდნენ და Lazica, Abasia-ს გარდა Iberia-ს სახელსაც უწოდებდნენ და სახელებს ხშირად ერთმანეთში ურევდენ (თამარაშვილი, 1902:19). ბურგუნდიის მეფისათვის გადასაცემ წერილში აფხაზეთს საკუთრივ აფხაზეთის გვერდით ანაკოსიაც ეწოდება (თამარაშვილი, 1902:58). ევროპელები თავიანთ წერილებში არაერთგზის უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ აფხაზეთში წარმართები ცხოვრობენ, მათ ხშირად ავიწყდებათ მიუთითონ, რომ ქრისტიანთა, ქართველთა გვერდით, რაც საქართველოს, მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი ეთნოგრაფიული მხარის ისტორიის არცოდნით არის გამოწვეული. საქართველოს ამ ტერიტორიაზე აგებული უძველესი ტაძრები ევროპელ მისიონერებს საკითხის თუნდაც ზერელე ცოდნის შემთხვევაში ამის თქმის საფუძველს არ უნდა აძლევდეს. მოვიყვანთ მცირე ამონარიდს რიშარდის წერილიდან, რომელიც 1714 წელს საფრანგეთის მეფის მინისტრ ტერსის მისწერა: „ვგონებ, თქვენს დიდებულებას ბატონი დეზალური აუწყებდა, რომ ამ ბატონს სამეგრელოდან წამოჰყვა ერთი მონაზონი, რომელმაც თავისი პატრიარქის ბრძანებისამებრ, უნდა წაიყვანოს ფრანგი მისიონერები თავის ქვეყანაში; მათ პატრიარქი მისცემს სამ სახლს ერთს სამეგრელოში, ერთს აბაშიძებთან (იმერეთში), და მესამესაც აფხაზეთში, სადაც წარმართები არიან და მეზობლებადაც წარმართი ჩერქეზები ჰყავსთ“ (თამარაშვილი, 1902:314).

ცალკეულ სამთავროებად დაშლილი საქართველო ევროპელებს საბაბს აძლევდა, რომ საქართველოს სხვადასხვა ეთნოგრაფიული მხარის წარმომადგენლები სხვადასხვა ხალხებად დაესახელებინათ. არსებობს 1714 წლის ერთი მოხსენება, რომლის დამწერის სახელი უცნობია. მოხსენება ფრანგთა ვაჭრობის საქმეს შეეხება საქართველოსა და სპარსეთში. ამ მოხსენების მიხედვით: „სამეგრელოს პატრიარქი, რომელიც ამავე დროს პატრიარქია აფხაზებისა, იმერლებისა და გურულებისა, რომელნიც სულ სხვა-და-სხვა ხალხნი არიან, ამავე აზრით მას მიემხრო“) (თამარაშვილი, 1902:323). ამ წერილს სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით შედგენილად მიიჩნევენ, რაც, ვფიქრობთ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

XV საუკუნეში შედგენილ წერილში პაპი პიო II ქართლს სპარსეთად მოიხსენიებს, ქართლის მკვიდრთ სპარსეთის ერად, ხოლო ქართლის მეფეს „სპარსეთის მეფედ“, ქართველების მეფედ კი დასახელებულია სამცხის ათაბაგი: „. . . კვალად მრავლად არიან მეფენი და ერნი კათოლიკე ქრისტიანენი, რომლებიც რომის ეკლესიას პატივს სცემენ . . . მათ შორის არიან . . . ქართველთ კათალიკოსი, მეფე სპარსეთისა (გიორგი), მეფე ქართველების (სამცხის ათაბაგი), მეფე სამეგრელოსი (ბენდია), იმპერატორი ტრაპეზუნდისა და ეგრეთვე სპარსეთის ერი (ქართლის ერი). . . (თამარაშვილი, 1902:52). შაჰ-ნავაზი პაპ კლემენტე მეათისადმი ქართულად მიწერილ წერილში მეფეა მთელი საქართველოსი – ლიხთ იმიერისა და ლიხთ ამიერისა, საათაბაგოსო, ტაოსი, ბასიანისა, ლიგანისა და ჯავახეთისა, მპყრობელი და ოდიშისა და გურიისა, აფხაზეთისა, სვანეთისა, რაჭისა, ლეჩხუმისა, ოსეთისა, დვალეთისა, ჴევსურეთისა, ფშავისა, თუშეთისა (თამარაშვილი, 1902:245).

ქართველებს ევროპელი მისიონერები აღმოსავლეთის ყველა ტომებზე უფრო განათლებულ, უფრო განვითარებულ, უფრო პატიოსან და უფრო ნიჭიერ ხალხად ახასიათებენ (თამარაშვილი, 1902:254). პატრი იოსებ რომელი 1675 წელს რომში მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ „. . .ქართველები არასდროს ყოფილან მოვაჭრენი. აქ უცხო ვაჭრები მოდიან. გარნა ბოლოს დროს სპარსელებმა ტფილისი საქართველოს დედა-ქალაქი განადიდეს და გაავსეს იგი სომხებით, რისგამო დაიწყო ცოტა ვაჭრობა“ (თამარაშვილი, 1902:250).

ქრისტეფორე კასტელი 1652 წელს რომში მიწერილ წერილში მიუთითებს, რომ „კავკასიის მთებსა და მის გვერდობზედ მცხოვრებ ერს  (რომელიც აღურაცხველია) არა აქვსთ არც წიგნი, არც საკუთარი ანბანი და არც ქართულს ანბანს ხმარობენ. სრულებით არ იციან, თუ რა არის არითმეტიკა; დასასათვლელად ხმარობენ ხან კრიალოსნის მარცვლებს და ხანაც კენჭებს და თოკის ნასკვებს“ (თამარაშვილი, 1902:197). ეს ამონარიდი თვალნათელივ მიუთითებს, შეიძლება თუ არა ე.წ. საერთოკავკასიურ ცივილილიზაციაზე საუბარი და ამ კუთხით ერთ სიბრტყეზე დაყენება ზემოაღნიშნული ხალხებისა და იმ ხალხისა, რომლებთანაც „ძველი დროიდგანვე ქრისტეს სარწმუნოებასთან ერთად შეტანილი იყო განათლება. . .“ (თამარაშვილი, 1902:175).

რაც შეეხება ქართველ კათოლიკეთა ენობრივი და ეთნიკური იდენტობის საკითხებს, ამთავითვე უნდა უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო პოლიეთნიკურ ქვეყანათა რიგს მიეკუთვნებოდა, სადაც კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე სხვათა ჩარევის გარეშე არასოდეს გაჩაღებულა. საქართველოში ასევე მუდამ თავისუფლება იყო აღმსარებლობის თვალსაზრისით. ანტონ ფირალნი 1767 წელს რომის პროპაგანდას წერს: „… მთლად ოსმალეთის სახელმწიფოში არ მოიპოვება სხვა პროვინცია, სადაც სარწმუნოების მხრივ ისეთი თავისუფლება იყოს, როგორც აქ…“ (თამარაშვილი, 1902:438). XIX საუკუნეში სხვადასხვა საშუალებებთან ერთად, რომლებიც ქართველი ერისა და ერთიანი ეროვნული ცნობიერების დაშლისკენ იყო მიმართული, ხელოვნურად დაისვა საკითხი ქართველ კათოლიკეთა შესახებ, კერძოდ, სარწმუნოების გამოცვლის შემდეგ ვის მიეკუთვნებოდნენ კათოლიკენი? ბუნებრივია, ამან ქართველ კათოლიკეთა სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია და სახელთან და გვართან ერთად საკითხის გადასაწყვეტად შეეხნენ იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ მარკერს – ენას. ამ საკითხის შესახებ 1899 წელს „პეტერბურგის უწყებანში“ ცნობილმა ქართველმა პროფესორმა ალექსანდრე ხახანაშვილმა დაბეჭდა წერილი, სადაც წერს: „20 წელიწადი იქნება, რაც ქართველთ კათოლიკების კითხვას შეეხნენ და ძლიერ აჩქარებულად გადასწყვიტეს, რომ კათოლიკები, რომლებსაც ენა და სახელი ქართული აქვსთ, ეკუთვნიან სომხის გვარს და არა ქართველების ჩამომავლობასაო. ამნაირმა ბიუროკრატულმა გარდაწყვეტილებამ არავინ დააკმაყოფილა, არამედ უფრო აღაშფოთა ქართველი კათოლიკები და თვით მართლმადიდებელი ქართველებიც, რომლებსაც შორეული ნათესაობით ერთი და იგივე სახელი და გვარი აქვსთ. მართლადაც, შეუძლებელია, რომ სომხად შეირაცხოს, მაგალითად, ახალციხელი კათოლიკე გვარამაძე, როდესაც მისი გვარი ნამდვილი ქართულია და მისი გვარის კაცნი ერთიან მართლმადიდებელ ქართველებს ეკუთვნიან. შეუძლებელია, სარწმუნოების გამოცვლამ კაცს თავისი ერობრივი ჩამომავლობა დააკარგვინოს“ (პეტერბურგის უწყებანი, 1899; თამარაშვილი, 1902:78-79).

დიდ ყურადღებას იპყრობს ენასთან დაკავშირებული საკითხები. მისიონერებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ მიზნად დასახული მისიის შესასრულებლად აუცილებელი იყო იმ ხალხის მშობლიური ენის შესწავლა, რომელთა შორისაც აპირებდნენ მოღვაწეობას, ამიტომ გულმოდგინედ შეუდგნენ ქართული ენის შესწავლას თვით რომშივე, სადაც დაარსეს ქართული სტამბა და ლათინურიდან ქართულად ნათარგმნი წიგნების ბეჭდვას შეუდგნენ. 1663 წელს პატრი სერაფინო მელიკოკელი აღნიშნავს, რომ როდესაც ქართულს შეისწავლიან, მაშინ შეძლებენ ნაყოფის მიღებას საქართველოში (თამარაშვილი, 1902:224). საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა მისიონერმა კარგად იცოდა ქართული ენა. მისიონერებმა იმდენად კარგად იცოდნენ ქართული, რომ, როდესაც თეიმურაზ მეფისადმი პაპის მოწერილი წიგნი ბერძნის მღვდელ-მონაზვნებმა ბერძნულად თარგმნეს და შემდეგ მეფეს ქართულად წაუკითხა ერთმა ბერძენმა, წიგნის ზოგიერთი ადგილი გადაუსხვაფერა, ეს შენიშნეს მისიონერებმა და თარჯიმნის შეცდომები გაასწორეს (თამარაშვილი, 1902:101). მისიონერები რომ ქართულ ენაზე კარგად მეტყველებდნენ, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 1637 წელს საქართველოში მოსული ფრანჩისკე მაჯო მაშინვე შეუდგა ქართულის შესწავლას და ისე სწრაფად და კარგად შეისწავლა ქართული, რომ დაწერა გრამატიკა ქართულად და ლათინურად (თამარაშვილი,1902:130). ევროპელების მიერ ქართულის კარგად ცოდნაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მათგანი თავის თავს ქართული და სომხური ენების პროფესორს უწოდებს: „მე. . . პროფესორი სომხური და ქართული ენისა, ჩემს იქ ყოფნის დროს. . . ხშირად ვხმარობდი ამ წიგნს. . .“ (თამარაშვილი, 1902:344). ამავე წერილში კლაუდიო რეჯიელი თავის თავს არა მარტო ქართული ენის პროფესორს უწოდებს, არამედ ქართველის მიერ იტალიური ენიდან ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნის ენასაც აფასებს: “ხშირად ვხმარობდი ამ წიგნს… გორელი ქართველი დავით ტლუკაანთ, პროპაგანდა ფიდეს ურბანოს კოლეგიის მოწაფის მიერ შედგენილი და მისგანვე მშვენიერ ქართულ ენაზე გამოყვანილი“ (თამარაშვილი, 1902:344). აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ თხოვნას და წერილს რომში ქართულად აგზავნიდნენ(თამარაშვილი, 1902:440).

ქართული ენის შესწავლის აუცილებლობასა და გარდაუვალობას მათ, შეიძლება ითქვას, რომ კათოლიკე ქართველები აიძულებდნენ, რომელთაც მხოლოდ მშობლიურ ენაზე სურდათ წირვა-ლოცვის მოსმენა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ვატიკანის საბუთების მიხედვით, კონსტანტინეპოლში მყოფმა ქართველებმა პაპს წირვა-ლოცვის ქართულ ენაზე შესრულების ნება სთხოვეს. ასევე XVII საუკუნეში პატრმა პეტრემ საქართველოში მისიონერებს ნებართვა მოუტანა, რომ არა მარტო ლათინური ლოცვები, არამედ ლათინური წირვაც ქართული ენით ეთქვათ. ეს უფლება – ლათინური წირვის სომხურად შესრულების უფლება გაცილებით ადრე ნახიჩევანის სომხებს ჰქონიათ მოპოვებული. ასევე XVIII საუკუნეში კაფუცინებმა რომიდან მიიღეს თანხმობა, რომ ლათინურ წირვაში სამოციქულო და სახარება ქართულად წაეკითხათ, ასევე სხვა გალობებიც ქართულად ეთქვათ. 1757 წლის 27 იანვარს და 10 თებერვალს კვირინალის პალატაში, ინკვიზიციის კრებაზე ინკვიზიციის კარდინალებს მოახსენეს საქართველოს მისიონის უფროსის ოთხი კითხვა წმიდა პროპაგანდის მიერ წარდგენილი. ამ ოთხი კითხვიდან მესამე წირვა-ლოცვის ენას შეეხებოდა: „ამ მხარეში ჩვეულება არის, რომ მწირველი მღვდელი ხმოანი ლათინური წირვის დროს, ლათინურის ენით ხმადაბლა სამოციქულო და სახარების წაკითხვის შემდეგ, ერთისა და იმავეს ხმა მაღლა კითხულობს ქართულის ენით. ვსთხოვთ ამის შესახებ დარიგებას. – ეპასუხა ამ მესამე კითხვას: „ნება მიეცეს იმისა, მხოლოდ პირველად წაკითხული იქნას სამოციქულო და სახარება ლათინურად წმიდა რომის ეკკლესიის წესისამებრ, და ის სახარება, რომელიც იკითხება ქართველების ეკკლესიაში არ განსხვავდეს ლათინური ანუ ბერძნულის სახარებისაგან“ (თამარაშვილი, 1902:465-466).

XIX საუკუნეში 1815 წელს პატრი ფილიპე აღნიშნავს, რომ „…როდესაც იქ (ახალციხეში) პატრი იმყოფება, წირვა ლათინურად სრულდება და მგალობლები (იქ დიაკვნებად წოდებულნი) ხმოან წირვაზე გალობენ და პასუხს აძლევენ ქართულად; ეგრეთვე ამავე ნაირად ამბობენ ჟამ-კანონს და სხვა ლოცვებს“ (თამარაშვილი, 1902:505). კათოლიკე ქართველები აღსარებას პატრებს მხოლოდ ქართულ ენაზე აბარებდნენ; XVIII საუკუნეში, როდესაც ქართული ენის მცოდნე პატრები თბილისიდან წავიდნენ და თბილისში არ დარჩა ქართული ენის მცოდნე პატრი, ავად გახდა ორი ქართველი თავადი და აღსარებისა და ზიარების გარეშე გარდაიცვლებოდნენ, იმ დროს შემთხვევით რომ არ ყოფილიყო ერთი უცხო კათოლიკე მღვდელი, რომელმაც ერთ მათგანს აღსარება ათქმევინა… (თამარაშვილი, 1902:366).

ცნობილია, რომ ერთიანი ქართული ცნობიერების დასაშლელად სხვადასხვა გზებით იბრძოდნენ, თუ ერთნი საქართველოს სხვადასხვა ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლებს სხვადასხვა ხალხებად აცხადებდნენ, ქართველი კათოლიკების შემთხვევაში კონფესიასთან ერთად ენას იყენებდნენ ძლიერ იარაღად იმისათვის, რომ ისინი ქართველი ერის შვილებად არ ეღიარებინათ. ძალიან მნიშვნელოვანია XVIII საუკუნეში, 1776 წელს ერთი ახალციხელი ქართველი მღვდლის, ვინმე მაქადრიანთ გიორგის მიერ რომში კარდინალებისადმი მიწერილი წერილი, სადაც ის უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ზოგიერთმა მღვდელმა წესად შემოიღო წირვაზე სახარების ორ ენაზე – სომხურად და ქართულად წაკითხვა, ისინი სომხურად დაწერილ სახარებას ქართულად განმარტავენ: „… მხოლოდ ერთ რასმე საჭიროდ ვრაცხვ ვაუწყო წმიდა კრებას: ზოგიერთმა ჩვენმა მღვდლებმა თავიანთის ნებით ჩვეულებად შემოიღეს ხმოან წირვაზე ორი სახარების წაკითხვა, ან უკეთ ვსთქვათ, ერთის და იმავე სახარების ორი სხვა და სხვა ენით წაკითხვა, ესე იგი სომხურის ენით, ვითომც ქართული სახარება განმარტება იყოს სომხურის სახარებისა. ამიტომ გავბედავ და გთხოვთ ერთს სომხურის წირვის წიგნს…“ (თამარაშვილი, 1902:460-461). ვფიქრობთ, ამ წერილს კომენტარი არ სჭირდება. ეთნიკურ სომხებს სომხურად წაკითხული სახარების ქართულად განმარტება არ უნდა დასჭირვებოდათ. აქ, ცხადია, საუბარია ეთნიკურ ქართველებზე, რომელთა მშობლიური ენა ქართული იყო და, ბუნებრივია, წირვა-ლოცვის ენაც, რომელზედაც სახარებას იგებდნენ, ქართული იყო. ამას კიდეც ადასტურებს პროპაგანდის პასუხი, რომელმაც კანონიერად ცნო წირვაზე სახარების ქართულად წაკითხვის ჩვეულება. სახარების ქართულად წაკითხვა, პროპაგანდის აზრით, ეკლესიის აზრს ეთანხმება, რათა სახარება ყველამ კარგად გაიგოს. ყველასთვის კარგად გასაგები ენა კი ქართულია. ზემოთქმულის დასადასტურებლად მოგვყავს ვრცელი ამონარიდი პროპაგანდის მიერ 1777 წელს მოწერილი პასუხიდან: „იწერებით, რომ ზოგიერთ მანდაურ მღვდელს ჩვეულებად შემოუღია ხმოანი წირვის დროს ორი სახარება წაიკითხოს ერთი სომხური საეკლესიო ენით და მეორეც ქართულ ხუცურად, და თანაც თქვენს ეჭვს აცხადებთ. რადგან მაუწყებთ, რომ მეორე სახარება არის უბრალო განმარტება, ანუ თარგმანი სომხურისა, ამიტომ მაგაში მე არაფერს ვხედავ წინააღმდეგს, ვინაიდგან პირველი, რომელსაც კითხულობენ სომხურის ენით, შეადგენს ლიტურღიის ნაწილსა იმავე ტიბიკონში, ხოლო მეორე ქართულად წაკითხული თანახმაა ეკკლესიის აზრისა, რომელიც ნატრობს, რომ სახარება ყველამ კარგად გაიგოს, ამიტომ ჰნებავს, რომ მწყემსთა, ტრაპეზზე სახარების წაკითხვის შემდგომ, განუმარტონ ერსა“ (თამარაშვილი, 1902:460-461). საბოლოოდ ახალციხელი კათოლიკების შფოთი ამ კუთხით მაინც იმით დასრულდა, რომ ქართველი კათოლიკები აღიარეს სომეხი ერის ჩამომავლებად და მოუსპეს ეკლესიაში ქართულ ენაზე ქადაგებისა და ლოცვების მოსმენა. ამგვარად, ათასობით ქართველ კათოლიკეს წაართვეს საშუალება თავიანთ ენაზე ღვთის დიდებისა და ვედრებისა.

ოსმალებმა ადვილად მოახერხეს ქართველი კათოლიკების გასომხება ართვინში, რომლის მცხოვრებნი შედგებიან გრიგორიანი სომხებისა და კათოლიკე სომხებისგან. ეს კათოლიკები იმ ქალაქის უძველესნი მკვიდრნი და ქართველთა ჩამომავალნი არიან, „რასაც კარგად ამტკიცებს მათი ცოტა სომხურ-შერეული ქართული ენა. თვითონაც აღიარებენ, რომ მათნი წინაპარნი ქართველები ყოფილან და ჰქონიათ კათოლიკე სარწმუნოება“ (თამარაშვილი, 1902:80-81). ძნელია ეჭვი შეიტანო ზემოთქმულში, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქმე ეხება ისტორიული საქართველოს ტერიტორიას, სადაც ერთადერთი ენა ურთიერთობისა, ლოცვისა და ვედრებისა მხოლოდ ქართული შეიძლება ყოფილიყო.

ასევე გაკათოლიკებულ სომხებს ასახელებს თავის წერილში პატრი იოსებ ლივორნელი, მაგრამ როგორც მ. თამარაშვილი მიუთითებს ესენი უმეტსწილად ქართველები ყოფილან, როგორც ეს მათი სახელებიდან ჩანს: თინათინა, ესტატე, ნასყიდა, ზალინა და მამაჯანა (თამარაშვილი, 1902:265). სომხური ტიპიკონის მიღებამ, რასაკვირველია, თავისი დაღი დაასვა საკუთარ სახელებს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სომხური ტიპიკონის მიმღებნი და ნათლისღების შედეგად სახელშეცვლილი ქართველები XVIII საუკუნეში რომში წერილს, თხოვნას ქართულ ენაზე აგზავნიან. საინტერესოა ამ წერილში ჩამოთვლილი ნარევი, სომხური და ქართულში სხვა ენებიდან შემოსული და დამკვიდრებული საკუთარი სახელები: „ქ. მე კრუხიჭამიათ პეტროსაი ირიცფოხანი სურფ-ოვანესისა ვამტკიცებ ჩემის ბეჭდითა ამ წერილსა[ბეჭედი]. ქ. მე ხუციანთ ოვანესი ტერ-არაქელას მრევლი ვაბტკიცებ ამ წერილსა. – ქ. მე მაქანდრიანთ ელიზბარაი რიცფოხახანი სურფ-ნიშნისა… ქ. მე ახალციხელი პატარა სიმონა ტერ-კირაკოზას მრევლი. – ქ. მე ქაჩხოაშვილი შუბაში პეტროსა. – ქ. მე ალოშათ ოვანესი ტერ-აკოფას მრევლი.- ქ. მე საჰთჯი პეტროსა. – ქ. მე ქურქჯი შაჰნას შვილი ბაბონაი… ქ. მე ახალციხელი გაბრიელა. – ქ. მე ახალციხელი კოჭიბროლაშვილი სტეფანე… ქ. მე ხოჯოვანათ პოღოსაი. – ქ. მე ბატონჯანა კრუხიჭამიათ. – ქ. მე ივანე კუსიანთი“ (თამარაშვილი, 1902:440-441).

ის ფაქტი, რომ ქართველ კათოლიკეთა (”ფრანგების”) გვარსახელებს ზოგჯერ სომხური ძირები ჰქონდა ალბათ იმით არის განპირობებული, რომ მათ რომის პაპის მიერ დამტკიცებული ჰქონდათ სომხურენოვანი რიტი (ტიპიკონი) და ემორჩილებოდნენ სომხურ კათოლიკურ ეკლესიას.

სარწმუნოებრივ ნიადაგზე ეთნიკურობის მიზანმიმართულად შეცვლის კარგი მაგალითია მოყვანილი ნაშრომში, რაც ერთი და ორი შემთხვევით არ შემოიფარგლებოდა. 1729 წელს ტფილელი ქართველი ივანე ჯიგანანთი რომში წასულა სასწავლებლად. 1740 წელს ის მღვდლად უკურთხებიათ სომხურ ტიბიკონზე კაფუცინთა თხოვნისამებრ. პროპაგანდის წერილებსა და კაფუცინების წერილებში ეს ივანე დასახელებულია ქართველად, ხოლო როდესაც მღვდლად ეკურთხა სომხურ ტიბიკონზე, ეთნონიმ ქართველს მაშინვე სომეხი მიუმატეს და სომეხ-ქართველი უწოდეს – armeno-giorgiano(1) (თამარაშვილი, 1902:348). ეს პროცესი იმით სრულდებოდა, რომ ეთნიკურ ქართველებს ეთნონიმ ქართველს საბოლოოდ აცილებდნენ და მხოლოდ სომეხად იწოდებოდა ამ გრადაციის შემდეგ. ასე ექცეოდნენ ათასობით ქართველს, რომელთაც ტიპიკონის მიხედვით უცვლიდნენ საერო სახელებს.

აგუსტინელი პატრი ამბროსი 1640 წელს გორიდან რომში მიწერილ მოხსენებაში ქართველთა გასომხების სხვა საშუალებაზეც მიუთითებს, კერძოდ, სომხები ყიდულობდნენ ქართველთა სოფლებს და ამით ქართველები მათი ყმები ხდებოდნენ, რითაც იძულებულს ხდიდნენ სომხის წესზე გადასულიყო, ანუ გასომხებულიყო (თამარაშვილი, 1902:236).

კაფუცინებს სჭირდებოდათ სომხური ტიპიკონის მღვდლები ახალციხესა და მის შემოგარენში, ამიტომ ქართველებს რომში ყოველთვის სომხურ ტიპიკონზე აკურთხებდნენ. ისინი კიდევ უფრო შორს მიდიოდნენ ამ მხრივ და ვისაც რომში აგზავნიდნენ სამღვდლოდ, მას უკვე წინასწარვე მიიჩნევდნენ სომეხად; თუმცა სხვა მათი წერილები ცხადად მოწმობს, რომ ის პირები ქართველები იყვნენ .

საერთოდ, სომხებს ოსმალები ისე არ აწუხებდნენ, როგორც სხვა კონფესიის ქრისტიანებს. სომხური ტიპიკონის მიღება შეეწია ქართველ კათოლიკეებს სიკვდილისა და ბევრი სხვა საზრუნავისაგან დახსნაში. შემდეგში მათ ვერ გაბედეს ქართული ტიპიკონის მიღება, რადგან ოსმალებისგან ან გამაჰმადიანება ან კიდევ სიკვდილი მოელოდათ. ვერც ევროპელმა მისიონერებმა გაბედეს ამ კათოლიკეთა ლათინურ ტიპიკონზე გადაყვანა, რადგან ეს მკაცრად იკრძალებოდა ოსმალეთის მთავრობისაგან: „ამიტომ, თუ ამისა და თუ სხვა გარემოების გამო, სამცხის კათოლიკები დღევანდლამდე დარჩნენ სომხურ ტიპიკონზე და ხშირადაც სომხის ერობის მღვდელთა გავლენის ქვეშ“(თამარაშვილი, 1902:411-412).

ენის როლსა და მნიშვნელობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ როდესაც საქართველოს მისიონერები მოაშორეს, მაშინ მთავარმართებელ ვორონცოვის თხოვნით, რომელსაც კარგად ჰქონდა გააზრებული, თუ რას ნიშნავდა ქართული ენა ქართველი ხალხისთვის, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, საქართველოში პოლონელი პატრები იმ პირობით უნდა დანიშნულიყვნენ, რომ ქართული ენა შეესწავლათ, სხვაგვარად ქართველ კათოლიკეთა მოვლა გაძნელდებოდა. XIX საუკუნეში, საყოველთაო რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარების პერიოდშიც კი მთავრობამ რომ ნახა, თუ როგორ უჭირდათ ქართველ კათოლიკებს მღვდლის გარეშე, „მოგილევის არქიეპისკოპოსს სთხოვა გამოეგზავნა საქართველოში ორი ახალგაზრდა პოლონელი მღვდელი, რომელთაც ქართული უნდა ესწავლათ და მოევლოთ მრევლისათვის“ (თამარაშვილი, 1902:525). ევროპელები არა მხოლოდ სასაუბრო ქართულს სწავლობდნენ, არამედ როგორც თვითონ უწოდებდნენ მხატვრულსაც, რათა წიგნების თარგმანი სათანადოდ შესრულებულიყო, ხოლო თარგმანს შემდეგ დიდი სიფრთხილით ამოწმებდა მეფის კარზე მომსახურე სპეციალური მოენე და მდივანი ქართულისა და სხვა ენებისა. როდესაც 1681 წელს პატრი ბერნარდო მარია ნეაპოლელი რომში წავიდა, თან წაიღო მის მიერ ქართულად ნათარგმნი კატეხიზმო, რომელიც იტალიური ენიდან მხატვრული ქართული ენით უთარგმნია: „ქ. საქრისტიანო მოძღვარება… გადმოთარგმნილი პატრი ბერნარდო მარიამისაგან ნეაპოლელისა კაპუჩინი და მქადაგებელი და ღმრთის მეტყველი იტალიანურის ენისაგან მხატვრული ქართულის ენითა“. ეს წიგნი შემდეგ შეუმოწმებია ენიბეგანთ ზალინას: „შემოწმება. მე ზალინ ენიბეგი . . . სადაც სპარსეთის მეფის მომაგიერე ზის, რომელთანაც ვიყავი და ვარ მოენე და მდივანი ქართულის, სომხურის, სპარსულის, თათრულის და იტალიანურის ენისა, ვამოწმებ, რომ . . . წავიკითხე და გარდავიკითხე ყველანაირი სიფრთხილით ეს წიგნი. . . (თამარაშვილი, 1902:256). ზემოთქმული ცხადად გვიჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ პერიოდში ენობრივ კომპეტენციას.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     1621 წელს ნეაპოლში დაიბეჭდა პატარა წიგნი „გულწრფელი მოხსენება საქართველოს სამეფოების შესახებ პატრი პავლე მარია ფაიანცელი დომინიკიანის მიერ“, საიდანაც ცხადად ჩანს, რომ ყველა ქართველისთვის მშობლიური ენა ქართული იყო, „მარტო მღვდლებმა და განათლებულმა პირებმა იციან ბერძნული წერა-კითხვა და ენა, თათრულს თითქმის ყველანი ლაპარაკობენ, მაგრამ მათი საკუთარი და ბუნებითი ენა ქართულია. . . (თამარაშვილი, 1902:84). 1690 წელს რომში მიწერილი წერილში მიუთითებენ ქართველთა წერის თავისებურებაზეც – ქართველები ისე არაფერს დაწერდნენ, თუ თავში, დასაწყისში ქ -ს არ დასვამდნენ, რაც ჯვარის არმნიშვნელია (თამარაშვილი, 1902:277).

ენობრივი და ეთნიკური იდენტობის თვალსაზრისით საინტერესოა 1615 წლის 2 მარტს მამა ლუდოვიკე გარანჯერიოს წერილი იეზუიტების საზოგადოების უფროსის კლაუდიო აქვავივასადმი, რომელიც მას სამეგრელოს სოფელ მოქვიდან მიეწერია ამ წერილის მიხედვით, ლაზები იგივე მეგრელები არიან და მათ აღსანიშნავად გამოიყენება სხვა ეთნონიმიც „ალანელები“; ლაზების აღსანიშნავად კიდევ ერთი, საყოველთაოდ გავრცელებული ეთნონიმი – ჭანები გვხვდება, რომელთაც ფრჩხილებში ლათინური ასოებით მიწერილი აქვთ ლაზები: „მესხების და ჭანების (de’Meschi e de’Lazii), მთავარს ათაბეგს, რომელსაც მაჰმადიანობა მიეღო იმის გამო, რომ მთავრობა არ ჩამორთმევოდა, ჰყავდა მხოლოდ ერთი ასული მეტად მშვენიერი“ (თამარაშვილი, 1902:161). ლაზისტანი კი, ანუ სამეგრელო გადაჭიმულია ტრაპიზონიდან საქართველომდე; ტრაპიზონი, დღეს ისტორიული საქართველოს ნაწილი, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მეგრელთა სოფელია, ხოლო საქართველოში აქ მისი აღმოსავლეთი ნაწილი იგულისხმება. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ლაზისტანის, ანუ სამეგრელოს იმ ნაწილში, რომელიც ტრაპიზონთან ახლოს არის, ბერძნულს ლაპარაკობენ, ხოლო იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს, ანუ მისი აღმოსავლეთ ნაწილთან ახლოს არის, მეგრულად მეტყველებენ. გასარკვევია, აქ ნახსენები ბერძნული ენა საკუთრივ ბერძნულს ნიშნავს, თუ ქართულს, რადგან მისიონერები ბერძნული ტიპიკონის მქონე მშობლიურ, ქართულ ენაზე მოლაპარაკე ქართველებს ხშირად ბერძნებად მოიხსენიებდნენ. ამავე წერილში ახსნილია მიზეზი ლაზების გამაჰმადიანებისა; რადგანაც ლაზები ქრისტიანები იყვნენ, მაჰმადიანები ბევრ ხარჯს ახდევინებდნენ, ამიტომ თავიანთი სარწმუნოების უარყოფით თავი ხარჯისგან დაიხსნეს.

არ შეიძლება ყურადღება არ მიიქცოს ენობრივი სიტუაციის თვალსაზრისით ერთმა გარემოებამ. 1624 წელს პროპაგანდის კრებას პატრი ივანეს წინამძღოლობით რომიდან ოთხი დომიკელი მღვდელი გამოუგზავნია შავი ზღვის ზღვის პირას მცხოვრები ხალხის მდგომარეობის გამოსაკვლევად. მეხომალდეს მათთვის უთქვამს, რომ იქვე, ერთი მილის მანძილზე ერთი მშვენიერ ეკლესიაა, რომელიც აფხაზების უნდა იყოს და რომლებიც განსაკუთრებულ ენაზე ლაპარაკობენო. კაცი გაგზავნეს მღვდლის დასაძახებლად, რომელიც ეკლესიაში იყო, „რა გაველ გარეთ, მივესალმე მღვდელს, რომელიც ქართველი იყო . . . ჩემის ფიქრით ეს ეკლესია უნდა იყოს აშენებული ბერძნის იმპერატორისაგან“ (თამარაშვილი, 1902:143). 1674 წელს პატრი ძამპი რომში გაგზავნილ წერილში წერს, რომ სამეგრელო სამეგრელო აღარ არის, რადგან „ახლა კაცს აღარ შეუძლია უშიშრად იყოს, მუდამ აფხაზების დაცემის შიშშია, თვით ხომალდები, რომლებიც სავაჭროდ მოდიოდენ კავროს და მორბილაში, ახლა ანარგიაში მიდიან. ეგრეთვე ხმელეთზედ ვიდრე ოღასყურამდე აფხაზებისა ეშინიათ, რადგან იქაურობას ხშირად იკლებენ“ (თამარაშვილი, 1902:205). წერილში იმ ტერიტორიაზე, რომელზეც უკვე განსაკუთრებული ენით მოლაპარაკე აფხაზები დაბინავებულან, ქართველი მღვდელი 1624 წელს ქართულ ენაზე წირავს, რაც კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ მითოლოგემას, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში ახალი ისტორიის დამწერნი ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდ ძირითადად აღმოსავლეთი ნაწილი იწოდება, სამეგრელოს, ლაზისტანს ცალკე გამოყოფენ და სამეგრელოს მკვიდრთ სამეგრელოს ერს უწოდებენ, გვერდს ვერ უვლიან იმ ფაქტს, რომ ეს ერიც, ანუ ხალხიც ისეთივე ქართველები არიან, როგორც დანარჩენი საქართველოს მკვიდრნი. იმავე წერილში ნათქვამია, რომ „ამ ქართველებს (resp.: მეგრელებს) ჩვეულებად აქვსთ ხალიჩა დაგებულ დასხდენ“… (თამარაშვილი, 1902:147).

საინტერესოა ეთნიკური მეტაფორული დახასიათებაც, რომელსაც ნაშრომში ვხვდებით. ამგვარი დახასიათება ყოველთვის იპყრობს ყურადღებას, რადგან მასში აისახება ერთი ეთნიკური ჯგუფის მიერ მეორის აღქმა და ზოგჯერ ერთი ეთნიკური ჯგუფისათვის დამახასიათელი თვისების მეორისათვის მიწერა: „ამითი დასრულდა მათი (სომხების) ურიული სიბრაზე“  (თამარაშვილი, 1902:385).

ამრიგად, ზემოთ მხოლოდ მოკლედ შევეცადეთ გვეჩვენებინა ერთ-ერთი კარდინალური საკითხის – ქართველთა ეთნიკური და ენობრივი იდენტობის საკითხები იმ უცხოური წყაროების მიხედვით, რომლებიც განადგურებას გადაურჩა და მ. თამარაშვილის დამსახურებით აღიწერა უცხოეთის არქივებში. ეთნიკური და ენობრივი იდენტობის საკითხების სრულყოფილი შესწავლა ზემოაღნიშნული და სხვა წყაროების მიხედვით მომავლის საქმედ გვესახება.

დამოწმებული  ლიტერატურა:

თამარაშვილი, 1902 – მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბ., 1902.

თოფჩიშვილი, 2005 – რ. თოფჩიშვილი, ეტნოისტორიული ეტიუდები, წიგნი I, თბ., 2005.

ლომსაძე, 1984 – შ. ლომსაძე, მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი, 1984წ.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                  

  

 

         

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: