IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• არტანუჯი

  Georgia – საქართველო

 Inga   Ghutidze – Toponyms of Artanuji – Witnesses of Historical Reality (Resume)

 

 

 

ინგა ღუტიძე

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა

ანდრია პირველწოდებულის სახელობის

ქართული უნივერსიტეტი

 

 

არტანუჯის ტოპონიმები _ ისტორიული რეალობის მოწმენი

             

ციხე-ქალაქი არტანუჯი

      არტანუჯი ისტორიული საქართველოს, კერძოდ, კლარჯეთის უძველესი ქალაქია. არტანუჯის, როგორც დასახლებული პუნქტის არსებობაზე, ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში მიუთითებენ. კლავდიოს პტოლემაიოსის მიერ ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნის შუახანებში მოხსენიებული ქალაქი არტანისა (Aranissa) ძველ არტანუჯად მიაჩნიათ (გეორგიკა, 1952 : 80; კ. პტოლემაიოსი, 1955 : 46, 59-60).

      ჯუანშერის ცნობით, ვახტანგ გორგასალმა “იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა ერქუა არტანუჯი და მოუწოდა არტავაზს, ძუძუმტესა მისსა, და დაადგინა იგი ერისთავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა . . . ხოლო არტავაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა” (ქართლის ცხოვრება, I, 1955 : 177-178).

      VIII საუკუნეში ციხე აოხრებული და მიტოვებული ყოფილა, რადგან “ქართლის ცხოვრების” მიხედვით: “აშოტ კურაპალატმან პოვა კლდე ერთი, რომელ პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი; და აოხრებულ იყო ბაღდადელისა მით ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთვე ციხედ, და წინა-კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი (ქართლის ცხოვრება, I, 1955 : 377).

      ამ დროიდან არტანუჯი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად და ბაგრატიონთა სატახტო ქალაქად იქცა.

      XI საუკუნეში არტანუჯს დაუკარგავს ის პოლიტიკური როლი, რომელიც IX-X საუკუნეებში ჰქონდა, თუმცა კვლავ რჩებოდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქად. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით 1080 წელს ქალაქი თურქ-სელჯუკებს გადაუწვავთ (ქართლის ცხოვრება, I, 1955 : 319). XIII საუკუნიდან არტანუჯი ათაბაგთა გამგებლობაში გადასულა, ხოლო 1553 წელს ათაბაგ ქაიხოსრო II-ისთვის არტანუჯი ერზერუმის მმართველს ისქენდერ ფაშას წაურთმევია. ვახუშტის ცნობით “არს არტანუჯი, ქალაქი მცირე და ციხე მაგარი, კეთილშენი” (ქართლის ცხოვრება, I, 1955 : 681). 

      1878 წელს რუსეთმა სან-სტეფანოს ზავით შეიერთა ოსმალეთის ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის ტაო-კლარჯეთიც. 1921 წელს კი ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე საბჭოთა კავშირმა თურქეთს გადასცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი, ართვინისა და არტაანის ოლქები. არტანუჯი, ისტორიული კლარჯეთის უძველესი ქალაქი, თურქეთის საზღვრებში, ართვინის ვილაიეთში მოექცა.

     

      დღევანდელი არტანუჯი მცირედ სახეცვლილი ფორმით _ არდანუჩ-ი (Ardanuç) ორ ნაწილად იყოფა: იენი არდანუჩი (Yeni ardanuç), რომელიც გაშენდა მდინარე არტანუჯისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ვაკე ადგილას, XX საუკუნეში და ესქი არდანუჩ(Eski Ardanuç), რომელსაც ადაქალეს უწოდებენ და მდინარის მარცხენა ნაპირზე აღმართული კლდოვანი მთის ბაქანზე მდებარეობს. არტანუჯი 50-მდე სოფელს აერთიანებს.

      რაც შეეხება არტანუჯის მოსახლეობას, შ. ლომსაძის ცნობით, ის შუა საუკუნეების ბოლომდე დიდწილად ქართული იყო. XVII – XVIII საუკუნეებში არტანუჯელი ქართველები ძირითადად გამაჰმადიანდნენ, ნაწილმა კი კათოლიკობა მიიღო. !784 წლით დათარიღებულ ერთ კათოლიკურ ქადაგებათა წიგნს აქვს მინაწერი : “მე მონა მონათა მსახურმა პავლე ართანუჯელმა დიაკონმა დავწერ ეს უმცირესი ნაწერი” (შ. ლომსაძე, 1979 : 236). ამ პერიოდში იწყება აქ კათოლიკე სომხების ჩამოსახლება და XIX საუკუნეში ისინი, სომხურენოვანი რიტის კათოლიკე ქართველებთან ერთად არტანუჯში უკვე აშკარა უმრავლესობას შეადგენდენ. 

      საველე მუშაობისას მოპოვებული ინფორმაციით, ისტორიული საქართველოს ნაწილის – არტანუჯის მკვიდრნი ამ ტერიტორიიდან 1946 წელს აუყრიათ და გადაუსახლებიათ თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში : “არტანუჯის მიდამოებში დღეს ფაქტობრივად ეთნიკური ქართველები აღარ მოსახლეობენ. როგორც ირკვევა, ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბურსაში გადაასახლეს” (რ. თოფჩიშვილი, 2010 : 146). 

      სტატისტიკით საკუთრივ ქალაქ არტანუჯში 2000 მოსახლეა, სოფლების მოსახლეობის ჩათვლით – 6000-მდე ; თუმცა არტანუჯელთა გადმოცემით, რომლებთანაც შეხვედრის საშუალება 2010 წლის ზაფხულში თურქეთის ქალაქ ბურსაში მოგვეცა, მუდმივად არტანუჯის სოფლებში 1500 – 2000 კაცი ცხოვრობს, ხოლო 5000-მდე, ანუ არტანუჯელთა უმეტესობა (ალბათ, ადრე წასულთა ჩათვლით) ბურსაში ცხოვრობს, სადაც არტანუჯის კულტურის საზოგადოებაც კი აქვთ ჩამოყალიბებული; ისინი აგრეთვე ცხოვრობენ – ადაფაზარში, იზმირში, კირშეჰირში, ქონიაში, ამასიაში, მერზიფონში, აიდინში, სადაც დაახლოებით 30 წლის წინ გადასახლდნენ. დღეს სოფლების მიტოვების საბაბად ეკონომიკურ და კულტურულ მდგომარეობას ასახელებენ. 

      საზღვრების გადახედვის, შეცვლის შემდეგ, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი მეორე ქვეყნის შემადგენლობაში აღმოჩნდება, ბუნებრივია, ამ უკანასკნელის წინაშე დგება საკითხი ამ ტერიტორიაზე მოსახლე მკვიდრი ეთნიკური ჯგუფის მოსახლეობის ასიმილირებისა უფრო დიდ ეთნიკურ ჯგუფთან, რაც მთელ რიგ სხვა ფაქტორებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, ეთნიკურობის, ისტორიული მახსოვრობის წაშლას ითვალისწინებს და ტოპონიმიის შეცვლით იწყება.

      არტანუჯი რომ ძველთაგანვე ქართველთა სამკვიდრო იყო, ამას, ზემოთ მითითებული წყაროებისა და ლიტერატურის გარდა, შესანიშნავად გვიჩვენებს სტატისტიკური მონაცემები კავკასიის მოსახლეობის შესახებ, რომელიც 1886 წლის საოჯახო სიების საფუძველზეა შედგენილი რუსების მიერ კავკასიის მოსახლეობის აღწერის შედეგად. ეს მონაცემები ძალზე საინტერესოა, თუ გავითვალიწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთი, რომელიც ყოველთვის დაინტერესებული იყო ერთიანი საქართველოს დაშლითა და ქართველი ხალხის სხვადასხვა ეთნოგრაფიული ჯგუფების სხვადასხვა ხალხებად გამოცხადებით, შემდეგ სტატისტიკას გვაწვდის: ართვინის ოკრუგში შემავალ არტანუჯის უბანში (რესპ. :участок) მცხოვრები ხალხების გრაფაში სულ ქართველთა 556 კომლია აღრიცხული (მამრობითი სქესის წარმომადგენელი -1734 სული, მდედრობითი სქესისა კი – 1599), რაც თითქმის ორჯერ აღემატება ამ პერიოდში აქ მოსახლე სომხურ მოსახლეობას – 304 კომლი (მამრობითი სქესის წარმომადგენელი -829, მდედრობითისა – 739) (Свод статистических данных о населении Закавкаского Края извлеченных из посемейных списков 1893, 12). ქვემოთ მოვიყვანთ ცხრილს, რომ სურათი უფრო ნათლად იქნას წარმოდგენილი :

 

  წელი ხალხი კომლი კაცი ქალი საერთო რაოდენობა
ართვინისოკრუგიარტანუჯისუბანი 1886 ქართველები 556 1734 1599  
1. ანჩის სასოფლო საზოგადოება  1886  ქართველები  215  615  572  1187
1. ანაგერტი 1886 ქართველები 59 172 158 330
2. ანჩი 1886 ქართველები 76 206 191 397
3. ანჩკორა 1886 ქართველები 52 156 142 298
4. ოპისჭალა 1886 ქართველები 28 81 81 162
2. არტანუჯისსასოფლო საზოგადოება  1886     217  550  477  1027
 5. არტანუჯი  1886 ——————–სომხები 203191 კომლი 516500 447430 963930
6. იშხანარი  1886 ——————— 14 34 30 64
3. გუმიშხანისსასოფლო საზოგადოება  1886      1   2   6   8 
7. ახიზა 1886 ქართველები 1 2 6 8
4. კარსნისსასოფლო საზოგადოება  1886  ქართველები  121   379   374   753 
8. გოროშეთი  1886 ქართველები 51 145 150 295
9. კარსნი 1886 ქართველები 37 117 105 222
10. კონტროში 1886 ქართველები 18 61 63 124
11. სოლიანა 1886 ქართველები 8 35 33 68
12. უსტამელი 1886 ქართველები 7 21 23 44
5. ლონგოთხევის სასოფლო საზოგადოება            
13. ლონგოთხევი 1886 ქართველები 1 2 3 5
6. სამხარის სასოფლო საზოგადოება  1886  ქართველები  218  736  644  1380
14. ნორგიელი 1886 ქართველები 32 103 101 204
15. პეტობანი 1886 ქართველები 22 64 55 119
16.სამხარ-წყალი  1886 ქართველები 114 405 327 732
17. ჩიდილი 1886 ქართველები 50 164 161 325

 

ეს სიები ფრიად საყურადღებოა შემდეგი გარემოების გამო: არტანუჯის უბნის ანჩის სასოფლო საზოგადოებაში შემავალ სოფლებში – ანაგერტში, ანჩში, ანჩკორასა და ოპისჭალაში მხოლოდ ქართული მოსახლეობაა (1187 სული); ასევე კარსნის სასოფლო საზოგადოებაში შემავალი სოფლები – გოროშეთი, კარსნი, კონტრომი, სოლიანა, უსტამელი მთლიანად ქართველებითაა დასახლებული (753 სული); სამსხარის სასოფლო საზოგადოებაში შემავალ სოფლებში – ნორგიელში, პეტობანში, სამსხარ-წყალში, ჩიდილში (1380 სული) მხოლოდ ქართველები მოსახლეობენ. გუმიშხანის სასოფლო საზოგადოებაში შემავალ სოფელ ახიზაში ერთი კომლი ქართველია აღრიცხული (8 სული), ასევე ერთი კომლი ქართველია აღრიცხული (5 სული) ლონგოთხევის სასოფლო საზოგადოებაში შემავალ სოფელ ლონგოთხევში.     

      საგულისხმოა საკუთრივ არტანუჯის სასოფლო საბჭოში შემავალ სოფელთა მონაცემები. ამ სიების მიხედვით, არტანუჯის სასოფლო საზოგადოებაში, როგორც ზემოთ ვნახეთ, მთლიანად 217 კომლია აღრიცხული (1027 სული). სოფელ არტანუჯში – 203 კომლია აღწერილი (963 სული), აქედან 191 კომლი სომეხია (930 სული), ქართველთა გრაფა ცარიელია; არაფერია ნათქვამი, თუ ვინ არიან დანარჩენი 12 კომლის წარმომადგენლები. ასევე სოფელ იშხანარში 14 კომლია აღრიცხული (სული). იშხანარის შემთხვევაში საერთოდ გაურკვეველია, თუ რომელი ეთნოსს მიეკუთვნებიან ამ 14 კომლის  წარმომადგენლები.

      მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ თუკი ამ პერიოდისათვის ამ სტატისტიკური მონაცემებით არტანუჯის უბანში შემავალი 13 სოფლის (ანაგერტის, ანჩის, ანჩკორის, ოპისჭალის, გოროშეთის, კარსნის, კონტრომის, სოლიანას, უსტამელის, ნორგიელის, პეტობანის, სამსხარ-წყალის, ჩიდილის) მოსახლეობა მთლიანად ქართულია, საკუთრივ არტანუჯში (რომელსაც ამ სიებით სოფლის სტატუსი აქვს მინიჭებული) ამ დროისათვის აქ ქართველი აღარ მოსახლეობს. არაფერია ასევე ნათქვამი ბაწას, ბიჯას, ჟუგოს, მაწალეხეთის, გუმიშხანის, ახარშის, დიაკურმუჩის, კაშუხთის, მეწაგილის, ხერთვისის, შავგულიარის, გულიჯას, ხევას, ენირაბათის, ვართხელის, კლარჯეთის, ორტიზის, კაპტახორის, არავეთის, მუქერის, ციხას, უნუსხევის ქართული მოსახლეობის შესახებ, აქ ყველა გრაფა ცარიელია, რომელიც ქართველთა თუნდაც უმნიშვნელო რაოდენობაზე რომ მიუთითებდა, ხოლო საკუთრივ სოფელ არტანუჯში მხოლოდ სომხური მოსახლეობაა აღნუსხული. ყველაზე მეტად არტანუჯი, როგორც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ცენტრი, უნდა დაცლილიყო ქართველებისგან ან მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში ჩაყენებით აქ მკვიდრ ქართველებს თავად უნდა ეთქვათ უარი ქართველობაზე და ისტორიულ მახსოვრობაზე, რადგან ახალ ისტორიულ სინამდვილეში, ახალ რეალობაში სწრაფად მომხდარიყო აქ ქართველთა ნაკვალევის წაშლა, რაც, შეიძლება ითქვას, წარმატებით განხორციელდა: არტანუჯელთა სულ რაღაც ორი თუ სამი თაობის განმავლობაში მოხდა ისტორიული მახსოვრობის წყვეტა თურქულ გარემოში სწრაფი ადაპტაციისთვის. 

      უაღრესად საყურადღებოა შესადარებლად რუსების მიერ 1910 წელს გამოცემული Кавказский Календарь, სადაც 1905, 1907, 1908 წლის მონაცემებია შეტანილი ქართველებით დასახლებული სოფლებისა და ქართველთა რაოდენობის შესახებ ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგის არტანუჯის უბანში.

  წელი ხალხი რაოდენობა
ბათუმისოლქიართვინისოკრუგიარტანუჯისუბანი          
    1.  სოფელი   ანაგერტი  1908    ქართველები   354 suli
    2.  სოფელი   ანჩკორა  1908 მაჰმადიანი ქართველები   278 suli 
    3.  სოფელი   ანჩი  1908   მაჰმადიანი ქართველები   337 suli
    4.  სოფელი   ახარში  1908 მაჰმადიანი ქართველები   157 suli
    5.  სოფელი   ახიზა  1908 მაჰმადიანი ქართველები   212 suli
    6.  სოფელი   ბაწა  1908 მაჰმადიანი ქართველები   225 suli
    7.  სოფელი   ბიჯა  1908 მაჰმადიანი ქართველები   575 suli
    8.  სოფელი   ვართელია  1907 მაჰმადიანი ქართველები   278 suli
    9.  სოფელი   ვართხელი  1908 მაჰმადიანი ქართველები   159 suli
   10. სოფელი   გელაშენი  1908 მაჰმადიანი ქართველები   578 suli
   11. სოფელი   გორაშეთი  1908 მაჰმადიანი ქართველები   346 suli
   12. სოფელი   გუმიშხანა  1908 მაჰმადიანი ქართველები   856 suli
   13. სოფელი   გულიჯა  1908 მაჰმადიანი ქართველები   383 suli
   14. სოფელი   დიაკურმუჩი  1907 მაჰმადიანი ქართველები   361 suli
   15. სოფელი   ენირაოათი  1908 მაჰმადიანი ქართველები   180 suli
   16. სოფელი   ჟუგო  1908 მაჰმადიანი ქართველები   94 suli
   17. სოფელი   იშკინარი  1908 მაჰმადიანი ქართველები   121 suli
   18. სოფელი   კაპტახორი  1907 მაჰმადიანი ქართველები   763 suli
   19. სოფელი   კაშუხთი  1907 მაჰმადიანი ქართველები   65 suli
   20. სოფელი   კლარჯეთი  1907    ქართველები   658 suli
   21. სოფელი   კონტროში  1907 მაჰმადიანი ქართველები   173 suli
   22. სოფელი   კორენია  1907 მაჰმადიანი ქართველები   177 suli
   23. სოფელი   ლონგოთხევი  1907 მაჰმადიანი ქართველები   613 suli
   24. სოფელი   მაწალახეთი  1907 მაჰმადიანი ქართველები   151 suli
   25. სოფელი   მეწაგილი  1907    ქართველები   161 suli
   26. სოფელი   მუქერი  1907 მაჰმადიანი ქართველები   335 suli
   27. სოფელი   ნორგიელი  1907 მაჰმადიანი ქართველები   140 suli
   28. სოფელი   ოპისჭალა  1908    ქართველები   109 suli
   29. სოფელი   ორტიზი  1907 მაჰმადიანი ქართველები   95 suli
   30. სოფელი   პეტობანი  1908    ქართველები   100 suli
   31. სოფელი   სამსხარი  1908 მაჰმადიანი ქართველები   831 suli
   32. სოფელი   სოლიანა  1905 მაჰმადიანი ქართველები   55 suli

      

თუ 1886 წლის საოჯახო სიების მიხედვით არტანუჯში ქართველებით დასახლებული მხოლოდ 13 სოფელია აღრიცხული და ქართველთა რაოდენობა 3333-ით განისაზღვრება, Кавказский Календарь- ის მიხედვით 32 სოფელია აღნუსხული (მათ შორის ის სოფლები, რომლებშიც 1886 წლის აღწერის მიხედვით აქ აღარც ერთი ქართველი აღარ ცხოვრობს), სადაც ის ხალხი ცხოვრობს, რომელიც თავს ჯერ კიდევ ქართველად მიიჩნევს. მათი რაოდენობა ამ მონაცემების მიხედვით 9920-ია, რაც სამჯერ აღემატება 1886 წლის სიებით მოცემულ ციფრს.

      თვალში საცემი და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ Кавказский Календарь-ის მიხედვით, 5 სოფლის: ანაგერტის, კლარჯეთის, მეწაგილის, ოპისჭალის, პეტობანის მოსახლეობას ხალხების გრაფაში მიწერილი აქვს მხოლოდ ქართველები დანარჩენი სოფლების მოსახლეობისგან განსხვავებით, რომელთაც ხალხების გრაფაში მიწერილი აქვთ მაჰმადიანი ქართველები. მხოლოდ ერთი სოფლის მოსახლეობის გასწვრივ რომ ყოფილიყო მიწერილი ქართველები, შესაძლოა გვეფიქრა, რომ მექანიკურ შეცდომასთან გვაქვს საქმე, მაგრამ საუბარია 5 სოფლის მოსახლეობაზე. შესაძლებელია, რომ ანგერტის, კლარჯეთის, მეწაგილის, ოპისჭალისა და პეტობანის მოსახლეობა კვლავ ქრისტიანია. ეს მონაცემები ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია. რ. თოფჩიშვილი მიუთითებს, რომ “1907 წლის მონაცემებით . . . ართვინის ოკრუგის რამდენიმე სოფლის მცხოვრებთ მიწერილი აქვთ არა “ქართველი – მაჰმადიანი“, არამედ “ქართველი“, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მათ ისლამი არ ჰქონდათ მიღებული. ასეთ სოფელთა შორის შეიძლება დავასახელოთ მანატბა და ბაზგირეთი _ იმერხევში, ანაგერტი და მეცაგილი _ არტანუჯის მხარეს, ე.ი. კლარჯეთში, ბეშაული და კაბარჯეთი _ ართვინის მხარეს“ (რ. თოფჩიშვილი, 2010 : 143).

      არტანუჯში ქართული სოფლებისა და ქართული მოსახლეობის შესახებ მიუთითებენ მე-20 საუკუნის სამოცდაათიან წლებში : “XIX საუკუნის ბოლოს არტანუჯის უბანში იყო სოფლები : უნუსხევი, ხორაული, ხემოგრეთი, ბროშეთი, სამწყარო, ანჩი, ბიჭა, ზარარა, კლარჯეთი, სახრე, ვარცხელი, ლონგოთხევი, ხერთვისი და ა.შ.” (რ. გაჩეჩილაძე, 1972 : 535).

      არტანუჯი ქართველებით იყო დასახლებული მთელი ისტორიის მანძილზე და, ბუნებრივია, ყველა დასახლებულ ადგილსა და ობიექტს, იქნებოდა ეს მდინარე, მთა, ყანა, ჭალა, სათიბი თუ საძოვარი, ქართული სახელი ერქვა. ტოპონიმია ყველგან პოლიტიკის ნაწილია, ამიტომაც მნიშვნელოვანია თითოეული ცვლილება, რომელიც მასთან არის დაკავშირებული, რადგანაც ის ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის ისტორიის შემცველია.

      დღესდღეობით არტანუჯში დადასტურებულ ტოპონიმთა მცირე ნაწილი, რომლის ჩაწერაც ჩვენ ველზე მუშაობისას მოვახერხეთ, ძალზე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მხოლოდ ისინი შემორჩნენ ისტორიას, როგორც ერთადერთი ცოცხალი მოწმეები ქართველთა ოდინდელი მკვიდრობისა ისტორიული საქართველოს მნიშვნელოვან ციხე-ქალაქში.

      როგორც მ. ბერიძე შენიშნავს : “ზემოდან მითითებებით, შეიძლება შეიცვალოს სოფლის, ქალაქის, მსხვილი ობიექტის სახელები, მაგრამ მიკროტოპონიმია უცვლელი რჩება, რადგან იგი მხოლოდ ადგილობრივი, ლოკალური მოხმარების სფეროს განეკუთვნება” (მ. ბერიძე, 2009 : 28).

      როდესაც არტანუჯელებს ვთხოვეთ ჩამოეთვალათ არტანუჯში შემავალი სოფლების სახელები ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე (არ მიგვინიშნებია ქართულ ტოპონიმიაზე), მათ ჩამოთვალეს: სამუსღარ (რესპ. :სამწყარო //სამწყალი), ანჭკორა, ანჩი, ბასა (რესპ. :ბაწა), მასალაჰეთი (რესპ. :მაწალახეთი), ჩიდილი, სოლუიანა, კარსნია, კონტრომი, ნურგიალ (რესპ. : ნორღიელი), პედომან (რესპ. : პეტობანი), გორეშეთ (რესპ.: გორეშეთი); ხოლო ჩამოთვლა რომ დაასრულეს, დაამატეს, რომ ამ სოფლებს სახელები გადაერქვა და მათი ახალი თურქული სახელებია: Irmaklar, Anaslı, İncilli, Yolüstü, Naldöken, Bağlıca, Yaylarık, Kapıköy, Yolağzı, Çakırlar, Hisarlı, Kutlu; თუმცა ყოფაში ქართულ ტოპონიმიას იყენებენ. საინტერესოა, ამ მხრივ, შედარება ისტორიული ტაოს ტოპონიმიასთან. ისტორიული ტაოს პარხლისწყლის ხეობის არა მხოლოდ ქართულ, არამედ შერეულ ეთნიკურ დასახლებებშიც და თურქულად მიჩნეულ სოფლებშიც ძირითადად ქართულენოვან მიკროტოპონიმიკას ადასტურებენ: “მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ დასახლებებს თურქულენოვანი სახელები დაარქვეს, იუსუფელის თურქულენოვანი და ქართულენოვანი მოსახლეობა ყოველდღიური ურთიერთობისას მაინც იყენებს ადრინდელ ქართულ სახელებს; კერძოდ, იუსუფელის მოსახლეობისთვის ძირითადი სახელია “ხაევაი” და არა _ Bıçakçılar “(რ. გუჯეჯიანი, ტ. ფუტკარაძე, 2009 : 66).   

      ტოპონიმები, რომელებიც არტანუჯელებისგან ჩავიწერეთ და რომელთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა გასულ საუკუნეში, ადგილის, ღელეს, წყაროს, ყანის, კორდის სახელებია. ამათგან ზოგის ეტიმოლოგია გამჭვირვალეა, ზოგისა კი ტრანსკრიბციის გამო ბუნდოვანია. ეს ტოპონიმები წარმოების მიხედვით პირობითად შემდეგ ჯგუფებად შეიძლება დაიყოს :

      

      ა) სახელისგან ნაწარმოები ტოპონიმები :

         1. ლაშეთი _ ადგილისა და ღელეს, წყაროს სახელი (ჰიდრონიმი) არტანუჯში;

         2. ნელათი _ ადგილისა და ღელეს, წყაროს სახელი (ჰიდრონიმი) არტანუჯში;

        3. ხერთვისი_ ადგილის სახელი, ტოპონიმი არტანუჯში. ხერთვისი //ხერთვისი მიკროტოპონიმი, სათიბების სახელია იმერხევის სოფლებში _ ხოხლევსა და ბაძგირეთში (ნ. ცეცხლაძე, 2000 : 201), ხერთვისი ყიშლას სახელია სოფელ იმფხრევლში (ტ. ფუტკარაძე, 2007 : 94).

         არტანუჯიდან რომ ჩამოხვალ, ვაკეა, იქ ორი წყარო (ღელე) ჩამოდის; ერთ წყაროს (ღელეს) და იმ მხარეს, საიდანაც ის მოდის, ლაშეთი ჰქვია, მეორე წყაროს და ადგილს კი _ ნელათი, ესენი სადაც ერთმანეთს ერთვის, იმ ადგილს ხერთვისი ჰქვია.

         სპეციალურ ლიტერატურაში –ეთ სუფიქსი გამოყოფილია, როგორც ერთადერთი მაწარმოებელი, რომელიც გეოგრაფიულ სახელებს აწარმოებს: “არეალი -ეთ მორფემისა ერთობ ვრცელია, მოიცავს საქართველოს დღევანდელ მიწა-წყალს მთლიანად, ზოგ კუთხეში მეტად, ზოგში ნაკლებად გვხვდება . . . “ (ალ. ღლონტი, 1975 : 15). “-ეთ ძირითადი ტოპომორფემის ალომორფები: -ათ, -ოთ, -უთ, -ით, ერთნაირადაა გავრცელებული აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიაში. ქართველური ტოპონიმია ხუთივე მოდელს იცნობს. ყველაზე უფრო პროდუქტიული და არეალით გავრცელებული –ეთ მორფემაა, სხვები, გარდა –ა-ისა ნაკლებად იხმარება” (ალ. ღლონტი, 1975 : 21).

         4. ჭალათი – ადგილის სახელი. “წყლის პირი ნაყოფიერი; წყლის პირი ტყიანი” (ს. ორბელიანი, II, 1993 : 397). ჭალათი –ა ხმოვანზე დაბოლოებული სიტყვის ნანათესაობითარი მრავლობითია. ჭალა ძალიან გავრცელებულია ქართულ გეოგრაფიულ სახელებში. “ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით საქართველოში ექვს სოფელს ჰქვია სახელად ჭალა გურიაში, აჭარაში, აფხაზეთში, იმერეთსა და რაჭაში … მთელ საქართველოშია გავრცელებული სოფლის კომპოზიტური სახელები, რომლებიც შეიცავენ ჭალა კომპონენტს : ჭალისთავი, ჭალატყე, ჭალახმელა, ჭალე, ჭალოვანი, ჭალისსოფელი, ჭალაუბანი და სხვა” (მ. ბერიძე, 2009 : 37). ტაო-კლარჯეთის, კერძოდ, იმერხევის ტოპონიმიაში ადასტურებენ შემდეგ მიკროტოპონიმებს : ჭალა-ვენახი სათესი, საძოვარი (სოფ. დასამობი), ჭალათ სათესი (სოფ. ვერხვნალი, კუჭენი), ჭალათი საძოვარი, სათიბი (სოფ. უბე, ქოთეთრისი), ჭალები სათიბი (სოფ. სვირევანი), ჭალაკათი, ჭალაპირი, ჭალათ (სოფ. ქოფრუსუ), ჭალა-ყანა, ჭალა-ჭალათ, ჭალებ (ნ. ცეცხლაძე, 2000 : 234); ჭალათი ტოპონიმია სოფელ ზიოსში (შ. ფუტკარაძე, 1993 : 92). 

         5. ლექათი – ადგილის სახელი. –ეთ ტოპომორფემის –ა ალომორფით არის ნაწარმოები ეს სახელი, რომელიც არტანუჯელთა მტკიცებით ქართული ტოპონიმია.

         6. არავეთი – -ეთ სუფიქსით ნაწარმოები ადგილის სახელი არტანუჯში.

         7. ურუთი _ -უთ სუფიქსით ნაწარმოები ადგილის სახელი. ამ ტოპონიმთა სტრუქტურა მაწარმოებელთა მიხედვით ქართულია, მაგრამ ზუსტი ინტერპრეტაცია ძნელია.

         8. თინარი – ყანის სახელი. სავარაუდოა, რომ ეს ტოპონიმი მცირეოდენი სახეცვლილებით მომდინარეობდეს თელნარისგან; ხის აღმნიშვნელ სახელს დაერთვის მცენარეული საფარისათვის დამახასიათებელი –ნარ სუფიქსი; თელები, თელიანი ბევრი ადგილის სახელად გვხვდება საქართველოში. თინარი დღეს არტანუჯში ყანის სახელია, “სულ არ არის აუცილებელი ადგილზე, რომელსაც თელა ჰქვია, იდგეს თელა, ან იყოს თელების ტყე. ეს სახელი შეიძლება ერქვას მინდორს ან ისეთ ტყეს თუ ბაღს, სადაც დღეისათვის ეს მცენარე აღარ არის, მაგრამ იყო ოდესღაც. ასეთი შემთხვევები ქართულ ტოპონიმიაში ბევრია” (მ. ბერიძე, 2009: 32). იმ ადგილზეც, რომელსაც დღეს თინარს უწოდებენ ადრე თელა ან თელების ტყე იყო.

         9. ზვარე – ყანის სახელი; იგივე მზვარე, მზიანი მხარე : “მზვარის და ჩრდილის მიხედვით მხარეთა განსაზღვრა ხდება ორ მთას შუა მდებარე პუნქტიდან” (ს. ჯიქია, 1950 : 191). ზუარეთი სათიბის სახელია შავშეთ-იმერხევში, სოფელ მიქელეთში (ნ. ცეცხლაძე, 2000 : 56).

 

         10. წითელა – ყანის სახელი არტანუჯში. წითლობი (წითელი მიწა) მიკროტოპონიმად დასტურდება იმერხევში, სოფელ შოლტისხევში (ფუტკარაძე, 2007 : 70). სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, წითელა ბალახია – ძუმელა (ს. ორბელიანი, II, 1993 : 377). იმ ადგილზე, რომელსაც წითელას უწოდებენ, ეს ბალახი უნდა ყოფილიყო, ალბათ, გავრცელებული ან კიდევ ნიადაგი, მიწა იყო წითელი და სახელიც აქედან შეერქვა.

         11. სანათი – კორდის სახელი, ნაწარმოები –სა პრეფიქსით; სამნათიო მიკროტოპონიმია იმერხევში, სოფელ შოლტისხევში (ფუტკარაძე, 2007 :72). “ბაზმა და ცეცხლი” (ს. ორბელიანი, II, 1993 : 45).

         12. აგარა – ყანის სახელი; “სადგური საზაფხულო” (ს. ორბელიანი, I, 1993 : 39).

         13. თუალ – ყანის სახელია არტანუჯში; “ესე არს სახედველი ცხოველთა” (ს. ორბელიანი, I, 1993 : 312). ტოპონიმი ფუძის სახით არის წარმოდგენილი თურქული ენის გავლენის გამო.

         14. მაღნარი – ადგილის სახელი, ნაწარმოები მცენარეული საფარისათვის დამახასიათებელი –ნარ სუფიქსით.

         რაც შეეხება ტოპონიმებს :

        15. კილაჯეთი (რესპ.: კლარჯეთი)

        16. სახრე

        17. ჰენიკათი (რესპ.: ხენიკეთი)

        18. მუქერი

        19. მეჯეგილი (რესპ.: მეწაგილი)

        20. საგარა (რესპ.: ზაღარა) – ეს სოფლების სახელები იყო არტანუჯში და მას დღემდე იყენებენ ხშირ შემთხვევაში ძალზე სახეცვლილი ფორმით; თუმცა ჯერჯერობით ყველა შემთხვევაში ამოიცნობა ქართული ტოპონიმია.

        21. საკანტი – ყანის სახელი არტანუჯში. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, “საკათიელი (საკანტიელი) ძნელის მსგავსი)” (ს. ორბელიანი, II, 1993 :  32). საკანტი ან ძნელად მისადგომი, ძნელად მისასვლელი ყანის სახელი უნდა ყოფილიყო ან კიდევ მეორე ვარაუდით, “ეს არის საქეთი (შაკეტ), რომელიც ვ დაკარგული საქვეთია. . . გადატანითი მნიშვნელობით საქვე //საქვები დატერასებულ მინდვრებს, სათიბს ან ყანებს ჰქვია და საქეთი სწორედ ასეთი ადგილი უნდა იყოს. . . იძულებული ვარ დავუშვა მეორე ვარაუდი, რომ საქეთი არის საკეტი. ასეთი ტოპონიმები, საქეთი, სარეკი და სხვა დაკავშირებული იყო სამონადირეო ტერმინოლოგიასთან და შესაბამისად ტოპონიმიასთან. ამიტომ, თუ ადგილი ვიწრო გასავალია და ადგილობრივ მცხოვრებთა მტკიცებით მსგავს რამესთან არის დაკავშირებული, შეიძლება ეს აზრი უფრო სწორი აღმოჩნდეს (მ. ბერიძე, 2009 : 44-45).  

        22. ქობალევ – არტანუჯში დადასტურებული ქართული ტოპონიმია, რომელიც ყანას ჰქვია დღეს. კობალევურთ სათიბის სახელად დასტურდება შავშეთ-იმერხევის ტოპონიმიაში (ნ. ცეცხლაძე, 2000, 65).

        23. ახოლარ – “ახო – საყანური გაკაფული” (ს. ორბელიანი, I, 1993 : 85). ტოპონიმი ნაწარმოებია ქართულ ლექსიკურ ერთეულზე თურქული ენის მრავლობითი რიცხვის მაწარმოებელი –ლარ სუფიქსის დართვით. “ტოპონიმები : ახო, ახოსკარი, კორდები _ ძირითადად ტყისპირებში დასტურდება” (რ. გუჯეჯიანი, ტ. ფუტკარაძე, 2009 : 72). ახო სათესების სახელია იმერხევის სოფლებში : ზიოსში, უბეში, ჯინალში, დასამობში, წეთილეთში, ხევწრულში (ნ. ცეცხლაძე, 2000 : 46).

     

      ბ) ზმნის ფუძისგან ნაწარმოები ტოპონიმები :

        24. სარბიელა – ყანის სახელი, რომელიც ნაწარმოებია რბის ზმნისაგან –სა პრეფიქსისა და –ელ სუფიქსის საშუალებით, რომელსაც – სუფიქსი დაერთვის. “-ა სუფიქსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმანტია საკვლევი რეგიონის ტოპონიმიაში. იგი დაერთვის როგორც მარტივ, ისე რთულ ფუძეებს. გვხვდება მეორე მაწარმოებლად, აწარმოებს კნინობით, დანიშნულების, წარმომავლობის, ქონების აღმნიშვნელ გეოგრაფიულ სახელებს” (ნ. ცეცხლაძე, 2000 : 52-53). სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით : სარბიელი – სარბენელი ადგილია (ს. ორბელიანი, II, 1993 : 49).

        25. სადგომ – ყანის სახელი. “დასადგომელი ადგილი” (ს.  ორბელიანი, II, 1993 : 25). დგომა ზმნისაგან –სა პრეფიქსით ნაწარმოები ტოპონიმი, რომელიც ფუძის სახით არის წარმოდგენილი არტანუჯელთა მეტყველებაში.

        26. წუსლია – ყანის სახელი. ტოპონიმად ძალზე იშვიათად გვხვდება ზმნის პირიანი ფორმა. შესაძლოა, რომ ეს იყოს წასვლია ზმნისგან მიღებული, რომელსაც ახლდა ობიექტი, რომელიც ამჟამად დაკარგულია. სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს სული. “ზემო იმერეთში დადასტურებული ტოპონიმი სულღებული ამას გვიდასტურებს, რომ ამ მნიშვნელობის სახელი შეიძლება ტყეს და საძოვარს ერქვას” (მ. ბერიძე, 2009 : 56).

 

      გ) ზმნიზედისაგან ნაწარმოები ტოპონიმი :

        27. შორა – ყანის სახელი არტანუჯში. ნაწარმოებია ზმნიზედისაგან –ა სუფიქსის დართვით.

 

      დ) კომპოზიტური ტოპონიმები; ამ ტიპის ტოპონიმებში შემდეგი ჯგუფები გამოიყოფა :

 

      _ მართულ-მსაზღვრელიანი ტოპონიმები, სადაც მსაზღვრელი სრული ფორმით, ნათესაობითი ბრუნვის –ის ნიშნით არის წარმოდგენილი :

        28. ჭალის აგარა – ყანის სახელი არტანუჯში. ეტიმოლოგია გამჭვირვალეა – ტყიან, წყლის პირას არსებული საზაფხულო სადგომი.

        29. ლომის აგარა – ყანის სახელი.

 

      _ მართულ-მსაზღვრელიანი ტოპონიმი, სადაც მართული მსაზღვრელი წარმოდგენილია ნაწილობრივ შეკვეცილი ფორმით, ნათესაობითი ბრუნვის –ის ნიშნის თანხმოვნითი ნაწილი – დაკარგულია, ასევე დაკარგულია მეორე ნაწილის – მაწარმოებელი, რომელიც მოქმედებითი გვარის მიმღეობაა და ნაწარმოებია – და –ელ აფიქსებით,:

        30. კაციჭამელი – ყანის სახელი არტანუჯში (რესპ. : კაცის მჭამელი).

 

      _ მართულ-მსაზღვრელიანი ტოპონიმი, სადაც მსაზღვრელი წარმოდგენილია ფუძის სახით, ნათესაობითი ბრუნვის –ის ნიშანი მთლიანად მოკვეცილია :

        31. დათვჭალა – ყანის სახელი არტანუჯში (რესპ. : დათვის ჭალა).

 

      _ მართული მსაზღვრელ-საზღვრულისაგან მიღებული ტოპონიმი, სადაც მსაზღვრელიც და საზღვრულიც წარმოდგენილია ფუძის სახით :

        32. ახოთავ – ყანის სახელი (რესპ. : ახოს თავი).

 

      _ შეთანხმებული მსაზღვრელ-საზღვრულისაგან მიღებული ტოპონიმი, სადაც მსაზღვრელი წარმოდგენილია ფუძის სახით :

        33. სამუსღარ – ადგილის სახელი. ეს ტოპონიმი, რასაკვირველია, სამწყაროს //სამწყალის სახეცვლილი ფორმაა.

 

      _ კომპოზიტური ტოპონიმი, რომელიც მიღებულია ზმნიზედისა და არსებითი სახელის შერწყმის შედეგად :

        34. ზედვაკე – ყანის სახელი არტანუჯში. ტოპონიმ ზედვაკეს ადასტურებენ ზედა მაჭახელში: “ზედა მაჭახელში ექვსი თემია: აკრია მინდიეთი, ხერთვისი, ეფრატი, ქუაბითავი,ზედვაკე” (რ. გუჯეჯიანი, 2010   : 164). ზედვაკე // ზედვეკა სათესის სახელად გვხვდება შავშეთ-იმერხევში : ბაძგირეთსა და ტბეთში (ნ. ცეცხლაძე, 2000 :75); ზედვაკეები ჭალების სახელია მანატბაში (ტ. ფუტკარაძე, 2007 : 130).

 

      _ კომპოზიტური ტოპონიმი, რომლის მეორე ნაწილი ქართული ძირია :

        35. ჯამან ღელეთი – ადგილის სახელი არტანუჯში.

 

      ასევე ქართული წარმომავლობისად მიიჩნევენ არტანუჯელები შემდეგ ტოპონიმებს: წიმაქი, სამერლა, მოროდათი, ირმეთული კოშლარი, მოლოსა, რომლებიც შემდგომ კვლევას საჭიროებს: “დროთა განმავლობაში ფონეტიკური ცვლილებებისა და შინაარსის გაბუნდოვანების გამო მისი ფორმა ისე იცვლება, რომ თავდაპირველი მნიშვნელობა ხშირად ამოუცნობი ხდება. ამდენად, ტოპონიმი, თავისი ბუნებით მეორეულია. მისთვის მთავარია ამა თუ იმ ობიექტის აღნიშვნა, ობიექტზე მითითება და მისი გამოყოფა სხვა ობიექტთაგან. ამასთანავე, რაც უფრო დაცილებულია ტოპონიმის ფორმა მისი თავდაპირველი ფორმისაგან(აპელატივისგან), მით უფრო დიდია მისი ტოპონიმიკური ძალა” (შ. აფრიდონიძე 1989 : 53).

      ზემოჩამოთვლილი ტოპონიმები, რა თქმა უნდა, უმცირესი ნაწილია იმ სახელებისა, რომლებიც არტანუჯის ტერიტორიაზე გვხვდებოდა  და გვხვდება დღესაც; თუმცა უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, მათგან აღარაფერი დარჩება. ამ მცირე ნაწილის აღნუსხვა კი, ჩვენი აზრით, საშური საქმე იყო, რადგან ისინი ისტორიის გარკვეულ მონაკვეთს ჰფენს შუქს და აქ ქართველთა განსახლების უტყუარ მოწმეებად გვევლინება.

                           

                     

დამოწმებული ლიტერატურა:

 

აფრიდონიძე 1989 _ აფრიდონიძე შ. რთული შედგენილობის მიკროტოპონიმთა მართლწერისათვის, ქართული სიტყვის კულტურის  საკითხები, V, თბ., 1983.                                     

ბერიძე 2009 _      ბერიძე მ. თურქეთში შემორჩენილი ქართული სახელები,  თბ., 2009.

გაჩეჩილაძე 1972 _  გაჩეჩილაძე რ. ქართული მოსახლეობა თანამედროვე თურქეთში, კრებული მიმომხილველი, 6-9, თბ., 1972.

გეორგიკა 1952 _   გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, IV, ნაკვ. II, გამოცემა, თარგმანი და განმარტებები ს. ყაუხჩიშვილისა, თბ., 1952.                                    

გუჯეჯიანი 2010 _   გუჯეჯიანი რ. ტრადიციული ქართული კულტურის მოტივები ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, საქართველოს ეთნოგრაფია /ეთნოლოგია, რ. თოფჩიშვილის საერთო რედაქციით, თბ., 2010.

გუჯეჯიანი, ფუტკარაძე 2009 _ გუჯეჯიანი რ. ფუტკარაძე ტ. იუსუფელის  (ისტორიული ტაოს) ქართულენოვან სოფელთა ეთნო-ლინგვისტური მიმოხილვა _ I, ÃevaÁ (Bıçakçılar), ქართველური მემკვიდრეობა, XIII, ქუთაისი, 2009.                                                          

თოფჩიშვილი 2010 _ თოფჩიშვილი რ. საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები, საქართველოს ეთნოგრაფია /ეთნოლოგია, რ. თოფჩიშვილის საერთო რედაქციით, თბ.,   2010.

ლომსაძე 1979 _     ლომსაძე შ. გვიანი შუასაუკუნეების საქართველოს  ისტორიიდან, ახალციხური ქრონიკები, თბ., 1979.

ორბელიანი 1993 _   ორბელიანი ს. ს. ლექსიკონი ქართული, I, თბ., 1993.

ორბელიანი 1993 _   ორბელიანი ს. ს. ლექსიკონი ქართული, II, თბ., 1993.

პტოლემაიოსი 1955 _ პტოლემაიოსი კ. გეოგრაფიული სახელმძღვანელო,  ცნობები საქართველოს შესახებ, თარგმანი და განმარტებები ნ. ლომოურისა, მასალები საქართველოსა  და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32, თბ., 1955.

ფუტკარაძე 1993 _   ფუტკარაძე შ. ჩვენებურების ქართული, I, ბათუმი, 1993.

ფუტკარაძე 2007 _   ფუტკარაძე ტ. იმერÃევის მეტყველი მიწა-წყალი,ქუთაისი, 2007.  

ქც 1955 _   ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა,  თბ., 1955.

ღლონტი 1975 _     ღლონტი ალ. მცხეთის ტოპონიმია, თბ., 1975.

ცეცხლაძე 2000 _   ცეცხლაძე ნ. შავშეთ-იმერხევის ტოპონიმია, თბ., 2000.

ჯიქია 1950 _        ჯიქია ს. სამცხე-საათაბაგოს ტოპონიმიკისა და ისტორიული გეოგრაფიის ზოგიერთი საკითხი, სტალინის  სახელობის თსუ შრომები, XLI, თბ., 1950.

Кавказский Календарь 1910 – Кавказский Календарь, Тифлис, 1910.

Свод статистических данных о населении Закавказского Края извлеченных из посемейных списков, Тифлис, 1893.

 

  ***

 

ინგა ღუტიძე

 

არტანუჯის ტოპონიმები _ ისტორიული რეალობის მოწმენი

 

რეზიუმე

არტანუჯი ისტორიული საქართველოს, კლარჯეთის უძველესი ქალაქია. 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე ის თურქეთის საზღვრებში, ართვინის ვილაიეთში მოექცა. დღეს არტანუჯის მიდამოებში ეთნიკური ქართველები აღარ ცხოვრობენ. საველე მუშაობისას მოპოვებული ინფორმაციით ეთნიკური ქართველები არტანუჯიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აუყრიათ და გადაუსახლებიათ თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში. საზღვრების შეცვლის შემდეგ დღის წესრიგში დადგა საკითხი ეთნიკური ქართველების ასიმილირებისა და ისტორიული მახსოვრობის წაშლისა, რაც, პირველ რიგში, ტოპონიმიის შეცვლას ითვალისწინებდა.

არტანუჯი რომ ძველთაგანვე ქართველთა სამკვიდრო იყო, ამას უძველესი წყაროებისა და ლიტერატურის გარდა, შესანიშნავად გვიჩვენებს სტატისტიკური მონაცემები კავკასიის მოსახლეობის შესახებ, რომელიც 1886 წლის საოჯახო სიების საფუძველზეა შედგენილი რუსების მიერ კავკასიის მოსახლეობის აღწერის შედეგად. ამ მონაცემებით, ართვინის ოკრუგის არტანუჯის უბანში შემავალი 17 სოფლიდან 13 სოფლის მოსახლეობა მთლიანად ქართულია, ხოლო ორ სოფელში (ახიზასა და ლონგოთხევში), როგორც ჩანს, ისინი სხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან ერთად ცხოვრობდნენ უკვე); საკუთრივ სოფელ არტანუჯში მხოლოდ სომხური მოსახლეობაა აღნუსხული. ამ სიებით აქ 3333 სული ქართველი ცხოვრობს. რუსების მიერ 1910 წელს გამოცემული Кавказский Календарь- ის მიხედვით (სადაც 1905, 1907, 1908 წლის მონაცემებია შეტანილი), ბათუმის ოლქის, ართვინის ოკრუგის არტანუჯის უბანში 32 სოფელი მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული და მათი რაოდენობა 9920-ით განისაზღვრება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 5 სოფლის მოსახლეობას ხალხების გრაფაში უწერია მხოლოდ ქართველი, დანარჩენი სოფლების მოსახლეობისგან განსხვავებით, რომელთა გასწვრივაც მითითებულია: მაჰმადიანი ქართველი. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ისლამი მიღებული.

არტანუჯი ქართველებით იყო დასახლებული მთელი ისტორიის მანძილზე და, ბუნებრივია, ყველა დასახლებულ ადგილსა და ობიექტს, იქნებოდა ეს მდინარე, მთა, ყანა, ჭალა, სათიბი და საძოვარი, ქართული სახელი ერქვა. ტოპონიმია ყველგან პოლიტიკის ნაწილია, ამიტომაც მნიშვნელოვანია თითოეული ცვლილება, რომელიც მასთან არის დაკავშირებული, რადგანაც ის ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის ისტორიის შემცველია.

დღეს არტანუჯში დადასტურებულ ქართულ ტოპონიმთა მცირე ნაწილი _ ლაშეთი, ნელათი, ხერთვისი, ჭალათი, ლექათი, არავეთი, ურუთი, თინარი, ზვარე, წითელა, სანათი, აგარა, თუალ, მაღნარი, კილაჯეთი (რესპ.:კლარჯეთი), სახრე, ჰენიკათი (რესპ.: ხენიკათი), მუქერი, მეჯეგილი (რესპ.:მეწაგილი), საგარა (რესპ.:ზაღარა), საკანტი, ქობალევ, ახოლარ, სარბიელა, სადგომ, წუსლია, შორა, ჭალის აგარა, ლომის აგარა, კაციჭამელი, დათვჭალა, ახოთავ, სამუსღარ, ზედვაკე, ჯამანღელეთი, რომლის ჩაწერაც ჩვენ საველე მუშაობისას მოვახერხეთ, ძალზე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ისინი ისტორიის გარკვეულ მონაკვეთს ჰფენს შუქს და აქ ქართველთა ოდინდელი განსახლების უტყუარ მოწმეებად გვევლინება.

 

 ***

                    

Inga   Ghutidze

 

Toponyms of Artanuji – Witnesses of Historical Reality

 

Resume

 

Artanuji is the oldest city of Klarjeti, historical Georgia. Nowadays, Artanuji is within the boundaries of Turkey, Artvin Vilayet on the ground of Karsi Treatment (1921). In today’s Artanuji, one hardly meets the ethnic Georgians in the surroundings. According to the data, gathering from the field work, the ethnic Georgians were exiled from Artanuji after the World War II. They were settled in the various cities of Turkey. It is obvious the questions of the process of assimilation of the ethnic Georgians with other large group and historical memory were on the agenda after changing of the boundaries.

Apart the oldest sources and literature, statistic data on the Caucasian peoples of 1886, made by Russians, reflects that Artanuji has been the settlement of the ethnic Georgians from the ancient time. According to this census, only the Georgians inhabited 13 villages from 17 ones in Artanuji district, Artanuji Region. As for two villages (Akhiza, Longotkhevi), the Georgians lived alongside the representatives of the other ethnic groups. For the certain purposes, the only Armenian population is listed in Artanuji village by that time. On the whole 3333 Georgians lived in Artanuji Region. According to the Kavkazskii Kalendar, published by the Russians (statistic data of 1905, 1907, 1908), only the ethnic Georgians inhabited 32 villages in Artanuji Region. The number of the ethnic Georgians is defined by 9920 people compared with the previous census. It should be stressed that the Russians used only the ethnonym Georgian to indicate the ethnicity of the population of 5 villages alongside the populations of the other villages that were the Muslim Georgians. There is a possible explanation to that issue. Probably the inhabitants of these villages were still the Christians.

What does preserve the historical reality in this region? These are the toponyms, which appeared in the places of historical Georgia and speech in Artanuji’s population: Lasheti, Nelati, Khertvisi, Chalati, Lekati, Araveti, Uruti, Tinari, Zvare, Tsitela, Sanati, Agara, Tual, Maghnari, Kilajeti (resp.: Klarjeti), Katsichameli, Datvchala, Akhotav, Zedvake, Samusghar (resp.: Samtskaro), Sakhre, Henikati (resp.: Khenikati), Mukeri, Mejegili (resp.: Metsagili), Sagara, Sakanti,  Sarbiela, Sadgom, Tsuslia, Shora, Chalis Agara, Lomis agara, Kobalev, Kobalev, Akholar . . . These toponyms  were recorded during the field work in 2010. Toponyms are the part of politics in the modern world. Every change, relating to the toponyms, should be taken into account, for it covers the history of the ethnic groups.

The abovementioned toponyms have a great importance for its shed the light on the certain period of history and are the only witnesses of the Georgians’ settlement here.  

 

 

          

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: