IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

◊ ანა მიქაუტაძე – ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო პროგრამა გიგანტურ ჰესებზე

• საქართველო – Georgia

anna-mikautadze

ანა მიქაუტაძე

 

ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო პროგრამა გიგანტურ ჰესებზე

და მტკნარი ტყუილი – რაჭა!

ცნობილი ქართველი მეცნიერი, ბუნების მოამაგე, ნიკო კეცხოველი წერდა: “ბუნება ადამიანის ხელის გარეშე არ არსებობს. ხოლო თუ ადამიანის ხელი უგუნურად წარიმართა, იგი ბუნებას კლავს, მაგრამ გონიერი, ცოდნით შეიარაღებული – აცოცხლებს, ამდიდრებს და ახარებს მას”.

უფალმა ისეთი ქვეყანა გვიბოძა მოსავლელად, რომ „გვაქვს უთვალავი ფერითა“ და ჩვენ კი, ცივილიზაციისა და ტექნიკური პროგრესის დროშის ფრიალით უმოწყალოდ ვანადგურებთ მას და მოსალოდნელ შედეგებზეც არ ვფიქრობთ. რატომ? განა ცოტა მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ბუნების მბრძანებლობისა არ დავიჯეროთ? ჩვენი წინაპრები სათუთად უფრთხილდებოდნენ გარემოს, ისინი უსმენდნენ ხეების შრიალსა და ბალახის ჩურჩულსაც, მთების გუგუნსა თუ წყაროს რაკრაკს. მათ დღემდე მოგვიტანეს ღვთისგან ბოძებული ეს სიმდიდრე და ჩვენ ჩაგვაბარეს.

კერძო საკუთრების გაუქმებამ, გლეხის მიწისგან მოშორებამ, შემდეგ კი სოფლად ცხოვრების გამიზნულად მოშლამ და მოსახლეობისგან მთის დაცლამ ჩვენს ბუნებას ერთგული დამცველი მოუსპო. დღეს, ვითომ დამოუკიდებელი საქართველო, სხვადასხვა ძლიერი სახელმწიფოებისათვის საამო ნადავლია. მარიონეტი ხელისუფლებები კი მზადაა, საკუთარი სავარძლების შენარჩუნებისათვის მიწისქვეშა წიაღისეულის, ხე-ტყის თუ ჰიდრორესურსის ექსპორტიორ ქვეყანად გადაგვაქციონ.

შაორის წყალსაცავის ადგილას ადრე ორი ლამაზი ტბა იყო – ხარისთვალა და ძროხისთვალა, საძოვრებითა და სახნავ-სათესი მიწებით გარშემორტყმული. მას შემდეგ, რაც წყალსაცევი დააგუბეს, ამ რეგიონში საგრძნობლად შეიცვალა მიკროკლიმატი მოიმატა ტენიანობამ, ნიკორწმინდის ტაძრის ფრესკებს გაუჩნდა ობის სოკო, ხეებს – ხავსი. ჰავის ტენიანობის მომატებამ კი უარყოფითად იმოქმედა იქ მცხოვრებ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ასევე მოსავლიანობაზე.

ჰესების მშენებლობის იდეას რაჭის მოსახლეობა უარყოფითად აფასებს. რაჭველებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს, მაგრამ ხელისუფლება არ უსმენს მათ. რაჭის სიამაყე ხვანჭკარის ღვინოს კარგად დამწიფებული ყურძნის ჯიშებისგან – ალექსანდრეულისა და მუჯურეთულისგან აყენებენ. ყურძნის ეს ჯიშები მხოლოდ ხვანჭკარის მიკროზონაში ხარობს, რიონის მარჯვენა სანაპიროს სამხრეთ ფერდობზე ჭრებალოსა და ამბროლაურს შორის სოფლებში. სახელმწიფოს მიერ დაანონსებული ალპანასა და სადმელის ჰესების აშენება კი სწორედ ამ ტერიტორიის მიმდებარედ არის ჩაფიქრებული. ტენდერში თურქულმა კომპანიამ „ჩალიკ ენერჯიმ“ გაიმარჯვა. ამ ჰესებისათვის დაგუბებული წყალსატევები კი აუცილებლად გამოიწვევს მიკროკლიმატის ცვლილებას ამ ზონაში, ვაზის ენდემური ჯიშები გადაგვარდება, აღარც ხვანჭკარის ღვინო იარსებებს, რაც მძიმე დარტყმა იქნება გლეხებისათვის, რომელთა შემოსავალი სწორედ ხვანჭკარაზეა დამოკიდებული.

დიდი ჰესების მშენებლობას თან სდევს ბუნებრივი საფრთხეები. ამ რეგიონის გეოლოგიური აგებულება ისეთია, რომ ჰესებისათვის აუცილებელი წყალსატევებიდან წყლის გაჟონვის შედეგად მოხდება მიწისძვრებისა და მეწყერების პროვოცირება. რაჭის რეგიონი სეისმურად საკმაოდ აქტიური ზონაა, ამას არ ითვალისწინებენ ჰესების მშენებლობის მომხრეები.

გლეხი იძულებული გახდება მიატოვოს საკუთარი კარმიდამო და სხვაგან გადასახლდეს. საზღვრისპირა რეგიონიდან იძულებით მიგრაციაზე კი სახელმწიფო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს.

ონის რაიონში ჰესების აშენების შემთხვევაში,  წყალსატევი გადაიჭიმება სოფელ ჭიორასა და გლოლას შორის. წყლით დაიფარება საძოვრები და ტყიანი მასივები, კურორტი შოვი დამსვენებლების გარეშე დარჩება და მიმდებარე სოფლები კი ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაიცლება. ამ „გაუაზრებელი“ ნაბიჯების განხორციელება რუსეთის მხრიდან მცოცავი ოკუპაციის ფონზე ხდება. უკვე შოვიდან რამდენიმე კილომეტრში მამისონის უღელტეხილზე სასაზღვრო პუნქტში, იქ სადაც 1995 წლიდან (მიუხედავად ცხინვალის რეგიონის კონფლიქტისა) ქართველი მესაზღვრეები იდგნენ, დღეს რუსეთის დროშა ფრიალებს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართველმა მესაზღვრეებმა 20 კმ-ით საქართველოს სიღრმისკენ დაიხიეს და შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბანაკდნენ. ქართველი საზღვრისდამცველთაგან მიტოვებულ ტერიტორიაზე კი რუსული საგუშაგო დაფუძნდა. რუსეთის მხარეს უკვე დაგეგმილი აქვს ზამთრის გრანდიოზული კურორტის _ მამისონის მშენებლობა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე აიგება და ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიაზე გადმოიჭიმება.

ღირს დაფიქრება იმ ფაქტზე, რომ 2008 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ონის კასკადის მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერში რუსული კომპანია მიიღებდა მონაწილეობას, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგიიდან 85% ექსპორტზე უნდა გასულიყო.

2000 წელს კაშხლების მსოფლიო კომისიის ანგარიშის მიხედვით დიდი კაშხლების (ჰესების) უარყოფითი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე იმდენად დიდია, რომ ისინი უკვე აღარ განიხილება განახლებადი ენერეგეტიკის ნაწილად, საქართველოს კი მცირე ჰესების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც ხელსაყრელია არამარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ მისაღებია გარემოსდაცვითი კუთხითაც.

დიდი ჰესები არ წარმოადგენენ ელექტროენერგიის მუდმივ წყაროს, როგორც არასწორად აწვდიან ინფორმაციას მოსახლეობას გიგანტური ჰესების ლობისტები, მათი საოპერაციო პერიოდი დაახლოებით 50 წელია, წყალსატევები თანდათან ივსება მდინარიდან ჩამოტანილი ხრეშით, ნალექით. ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ კი კაშხალი საჭიროებს დემონტაჟს ან რეაბილიტაციას. საქართველოში უკვე არსებული ჰესების რეაბილიტაცია რომ განხორციელდეს, ეს საგრძნობლად გაზრდის მათ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის რაოდენობას, ხოლო წყალსატევების გაწმენდის შედეგად ამოღებული შლამი არაჩვეულებრივი ბუნებრივი სასუქია სახნავ-სათესი მიწებისათვის.

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითრების სტრატეგია 2014-2021 წლებისათვის“, რომელიც დამტკიცებულია 2013 წლის 19 სექტემბრს მთავრობის მიერ, აღნიშნულია, რომ ჰიდრორესურსების გამოყენებისას, ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონის გეოდინამიკური პოტენციალისა და მაღალი საშიშროების რისკის გათვალისწინება. აგრეთვე, საუბარია, მცირე ჰესების მშენებლობაზე, მზის ენერგიის გამოყენებაზე და ბიოგაზის სექტორის განვითარებაზე.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ წინასაარჩევნო პროგრამაში „ქართულ ოცნებას“ მკვეთრად აქვს დაფიქსირებული პოზიცია გიგანტურ ჰესებთან მიმართებაში: “სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა; ენერგიის ალტერნატიული და განახლებადი წყაროების გამოყენების ხელშეწყობა, მოსახლეობაში ამ სახის ინდივიდუალური სისტემების გავრცელების მხარდაჭერა, ენერგოეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამების განხორციელება; ქვეყანაში ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდისა და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, მიკრო- და მცირე ჰესების მშენებლობის, აგრეთვე არსებული ჰიდროელექტრო-სადგურების რეაბილიტაციის ხელშეწყობა”.

ამბროლაურში წინასაარჩევნო აქციაზე კი ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: “ხელისუფლება ამ კუთხეში აპირებს გიგანტური ჰესების მშენებლობას და ეს გადაწყვეტილებაც ისევე ნაჩქარევად არის მიღებული, როგორც სჩვევია. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ეს, თქვენ, სპეციალისტებთან ერთად, უნდა გადაწყვიტოთ, მცირე ჰესების მშენებლობა უფრო წაადგება ამ კუთხეს თუ გიგანტური ჰესების”.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ის ენერგეტიკოსები, ექსპერტები და გარემოს დამცველები, რომლებმაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა, ხელისუფლებას არც გააკარეს. სწორედ ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას საქართველოში ენერგიის განახლებადი წყაროების ეფექტურად გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის არსებული დონის მკვეთრად გაუმჯობესების აუცილებლობის თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ენერგეტიკული დანიშნულებით საქართველოს მდინარეების ჰიდროპოტენციალის ათვისების მიზნით გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა კატასტროფულად ზრდის ეკოლოგიურ, სოციალურ, დემოგრაფიულ და კულტურულ რისკებს, რომ ჰიდროპოტენციალის გონივრულად ათვისების პარალელურად, მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს განახლებადი არატრადიციული წყაროებიდან ენერგიის გენერირებისა და ენერგოეფექტურობის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი რეზერვების ამოქმედების ღონისძიებები“.

ევროპარლამენტმა 2011 წლის დასაწყისში მკაცრად გააკრიტიკა მსოფლიო ბანკი დიდი კაშხლების მხარდაჭერისთვის და მოუწოდა, მხარი დაეჭირა ალტერნატიული, მცირე მასშტაბის ენერგოპროექტებისთვის.

დღეს რამდენ ადამიანს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში 1998 წლიდან მთავრობის გადაწყვეტილებითა და ევროკავშირის დაფინანსებით არსებობს ენერგოეფექტურობის ცენტრი, რომლის მიზანია, განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობის გაზრდა, ენერგო უსაფრთხოების დონის ამაღლება და უარყოფითი გარემოსდაცვითი ზეგავლენის შემცირება.

შეიქმნა ენერგოეფექტურობის ფონდი, ამ ორგანიზაციის მიზანია ბიზნესის ხელშეწყობა ენერგიის დაზოგვაში, განახლებადი ენერგიის წყაროების ეფექტურ გამოყენებაში და გარემოს დაცვაში.

ენერგოეფექტურობის ფონდმა ზემო რაჭის საზღვრისპირა სოფლებში უკვე განახორციელა კომპლექსური ღონისძიებები (ჰელიო-სისტემის დამონტაჟება, სხვენის დათბუნვა, შეშის ენერგოეფექტური ღუმელების დადგმა, ეკონომნათურების დარიგება), რაც დაახლოებით სამჯერ ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯებს.

2014 წლის თებერვალში ენერგეტიკულმა ფონდმა მკაცრად შეაფასა ენერგეტიკის სამინისტროს ქმედებები გიგანტურ ჰესებთან დაკავშირებით: „ენერგეტიკის სამინისტროს დიდი ხანია, რაც გაწყვეტილი აქვს კომუნიკაცია ოპონენტ სპეციალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მას არ აინტერესებს ოპონენტი სპეციალისტების დასაბუთებული მოსაზრებები, პროექტის ალტერნატიული ვარიანტები და ძალადობით ცდილობს თავისი პოზიციის გატანას. აშკარაა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს აღარ გააჩნია პროცესების მშვიდად, დემოკრატიულად და კომპეტენტურად მართვის უნარი“.

ქვეყნის ეკონომიკური განვითრების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ენერგეტიკულად რამდენად დამოუკიდებელია სახელმწიფო. გიგანტური ჰესების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ახასიათებს სეზონურობა, რაც ზაფხულში ელექტროენერგიის ჭარბი გამომუშავების გამო, შესაძლებელია მისი ექსპორტი. ზამთრის პერიოდში, მაშინ როცა მდინარეებში წყლის რაოდენობა მცირდება, ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაც მინიმუმამდეა დასული. ასეთ დროს საქართველოს ელექტროქსელს დახმარებას უწევს თბოელექტროსადგური. საქართველოს, ქვანახშირისა და მურა ნახშირის დიდი მარაგები აქვს. სახელმწიფოში უნდა აშენდეს ისეთი თბოელექტროსადგურები, როგორიც მაგალითად გერმანიის ქალაქ მიუნხენშია, კომპანია `სიმენსის“ მაღალტექნოლოგიური დანადგარების წყალობით გარემოს დაბინძურების მაჩვენებლი იმდენად დაბალია, რომ ეს თბოელექტროსადგური შუა ქალაქშია აშენებული.

ქარის ენერგეტიკას უფროდაუფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთელ მსოფლიოში. გერმანიაში, ესპანეთში, დანიაში, პორტუგალიაში წარმატებით იყენებენ ქარის ენერგიას. ჩინეთსა და ინდოეთშიც დიდი მუშაობა მიდის ამ მიმართულებით.

ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, როგორ შეიძლება არ ფიქრობდნენ მზის უშრეტი ენერგიის გამოყენებაზე და პოტენციალზე? მზის ენერგიის მრავალმხრივი გამოყენება შეიძლება: შენობების გასათბობად და განათებისთვის, ინდუსტრიული და კომერციული დანიშნულებით. მზის ენერგიით ხდება დეფიციტური ბუნებრივი რესურსების დაზოგვა და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება. ჰელიოსისტემები უნდა დამონტაჟდეს მთელი საქართველოს მასშტაბით სახლების, სხადასხვა დაწესებულებების, საწარმოების სახურავებზე. საქართველოს ხელისუფლებას რომ სწორი ენერგეტიკული პოლიტიკა ჰქონდეს, გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხი დღის წესრიგში აღარ უნდა იდგეს.

მთავრობა უნდა ემსახუროს თავის ხალხს და გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იღებდეს. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა ამ დარგის სპეციალისტებთან შეთანხმების გარეშე არ უნდა მოხდეს.

ანა მიქაუტაძე

გაზეთი „განმათავისუფლებელი“. 2015 წლის მაისი. N45

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: