IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ლალი ავალიანი: მარადი დაბრუნება

• Georgia – საქართველო

ლალი ავალიანი: მარადი დაბრუნება ანუ ქართული კლასიკური პოეზიის გაკვეთილები

“ოდეს კაცსა დაეჭირვოს” – მაშინ უნდა სულის საგზალი. სულის კრიზისი – დღევანდელი მსოფლიოს გლობალური სენი- ჩვენში იმითაც მძაფრდება, რომ XXI საუკუნის დამდეგს, ისევე როგორც გასული საუკუნის დასაწყისში, ჩვენს ეროვნულ თვითმყოფობას, ენასა და კულტურას კვლავ საფრთხე ემუქრება, თუმცა სულ სხვა ვითარებაა და თავსატეხიც სხვაგვარი გვაქვს.

კვლავ ისეთი დროა, როცა “სასოწარკვეთილებამ გამოიხმო ყველა მხსნელი და ფუძემდებელი, ყველა მფარველი და მარტვილი, ყველა გმირი და მამულის მამა, წმინდანებად შერაცხილი გმირი ქალები, ნაციონალური პოეტები” (პოლ ვალერი, “სულის კრიზისი”, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი).

ვის მივმართოთ ისეთ დროს, თუ არა ქართველ კლასიკოსებს, რომელთა ნააზრევს ყავლი არასოდეს გაუვა, დღეს კი, მათი მხატვრული სამყარო ჩვენთვის უფრო მახლობელი და აქტუალურია, ვიდრე ზოგი ულტრათანამედროვე “რეაქტიული” თუ “რადიაქტიული” პოეტის გონებამახვილური თამაში.

1917 წელს გერონტი ქიქოძე ხელოვნებას, ეროვნული აღორძინებისა და თვით დემოკრატიის დამკვიდრებისთვისაც კი, – დიდ მისიას აკისრებდა: “ეროვნული განახლება ხელოვნების შემწეობითაც უნდა მოხდეს.

…დემოკრატია უნდა გაუმჯობესდეს რჩეული სულის შეხებით.”

გაუმჯობესება არც ჩვენს “თინეიჯერულ” დემოკრატიას აწყენს. ამიტომაც, ერთი საუკუნით უკან დავიხიოთ და გულისყური ისევ და ისევ წარსულის დიდ პოეტებს მივაპყროთ.

*

საუკუნის მიწურულიც და ახალი საუკუნის დამდეგიც განათლებული კაცობრიობის ისტორიასა თუ საზოგადოებრივ აზროვნებაში ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებსა და განწყობილებებს იწვევს: შფოთსა და ალიაქოთს, უსასოობას და განწირულობას, უკეთესი მერმისის რწმენას და იმედს, სოციალურ-პოლიტიკურ დამანგრეველ კატაკლიზმებსაც და პროგრესულ იდეათა ზეობასაც.

ეს პროცესი განსაკუთრებით გამძაფრდა XX საუკუნის მომლოდინე საქართველოში, სადაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების ზეობას ერთგვარი ბზარიც კი გაუჩინა სოციალურ საკითხთა წინ წამოწევამ და პროლეტარული ინტერნაციონალიზმის რადიკალიზმმა.

საუკუნის დასაწყისიც და საუკუნის დამლევიც ზოგადად ხელოვანის, განსაკუთრებით კი მწერლის ცნობიერებაში, შეგნებულად თუ ქვეშეცნეულად, ბადებს დიდ მოლოდინს: სიახლის ძიების ესთეტიკურ წყურვილს, ფასეულობათა გადაფასების მძაფრ მოთხოვნილებას, ძველი კერპების დამხობის ჟინსა და თვითდამკვიდრების ვნებას. თუკი გარემოებაც ხელს უწყობს, ასეთ დროს შემოქმედის პოტენციალი მაქსიმალურად მჟღავნდება.

თუმცა, ამ მეტ-ნაკლებად ზოგად “წესში”, ზოგჯერ შესაძლოა კორექტივი შეიტანოს რაიმე მოულოდნელმა ვითარებამ – ისტორიულმა გარემოებამ ან ისტორიულმა (ამ სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით) პიროვნებებმაც.

ამთავითვე უნდა ითქვას, რომ XIX-XX საუკუნეთა მიჯნის საქართველოში, “პოლიტიკური ნერვების საბედისწერო დაჭიმვის” (ტიციან ტაბიძე) კვალობაზე, პოეტური ნოვაციებისადმი სწრაფვა ნაკლებად შეინიშნებოდა.

თუკი XIX საუკუნის ქართული პოეზიის მძლავრმა ინერციამ XX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისამდე მოაღწია, ეს მხოლოდ და მხოლოდ სამი გოლიათის – ილიას, აკაკისა და ვაჟას შეურყეველი, როგორც თვით ილია იტყოდა, “სარწმუნო და ხელშეუხებელი ავტორიტეტის” მეოხებით მოხდა.

საცნაურია, რომ ამ დიდ სამეულში ილია მოწამებრივი აღსასრულითაც გამოირჩა და, არა მხოლოდ სამწერლო, არამედ საზოგადოებრივი მნიშვნელობითაც – იგი ხომ საქართველოს სულიერი საჭეთმპყრობელიც იყო და, როგორ ტიციან ტაბიძე აღნიშნავდა – “ნახევარსაუკუნოვანი დიქტატორიც”.

გალაკტიონის პოეტურმა გენიამ კი ლექსის ორიოდე ტაეპით თითქოს მეცნიერთა ტომეულები გადაწონა: “წიწამურში რომ მოჰკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი”…

XX საუკუნის პირველი ათწლეულის ქართული პოეზიის მდგომარეობას შესაძლოა “უძრაობის” პერიოდი ანდა “უდროობის დროც” ვუწოდოთ. მას ხშირად ვადარებთ ქარიშხლის წინ გამეფებულ სიჩუმეს. მართლაცდა “საყდრული მყუდროება” სუფევდა, რადგან ილიასა და აკაკის გავლენისაგან თავის დაღწევა არ იყო იოლი, მათი “დევის ნაფეხურები” კი ვერავინ მოირგო.

XXI საუკუნის თვალსაწიერიდან გასული საუკუნის დასაწყისის პოეზია, რომლის ათვლის წერტილი, თუკი მკაცრ ქრონოლოგიას დავიცავთ, 1901 წელია, – საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება (ნოვაციათა თვალსაზრისით).

შეიძლება ითქვას, რომ XIX საუკუნის სიტყვაკაზმულ მწერლობაში პოეზია გაბატონებული დარგი გახლდათ. საუკუნეთა მიჯნის ქართული პროზის თვალნათლივ აღმავლობას (დავით კლდიაშვილი, ეგნატე ნინოშვილი, შიო არაგვისპირელი, ჭოლა ლომთათიძე, ვასილ ბარნოვი) პოეზიის ერთგვარი კრიზისი დაემთხვა, რაც განსაკუთრებული სიმძაფრით XX საუკუნის დასაწყისში გამოვლინდა.

1900 წლის პირველ იანვარს გამოქვეყნდა ილიას “მეცხრამეტე საუკუნე”. პავლე ინგოროყვას თქმით, მწერლის უკანასკნელი საპროგრამო წერილი, ერთგვარი ანდერძი მომავალი თაობებისადმი. მისი ლაიტმოტივი ერის თავისუფლება და “შრომის ახსნის” კაცთმოყვარული მოძღვრებაა, ახალ საუკუნეში – “მეცნიერების, ადამიანის გონების წინსვლის, ზნეობის აღმატების” რწმენაა.

ასე მიეგება ილია XX საუკუნეს, იმდენად ჯანგატეხილი (1900 და 1901 წლებში იგი ხანგრძლივად მკურნალობდა ეუროპაში), რომ 1902 წლიდან “ივერიის” რედაქტორობა ალექსანდრე სარაჯიშვილს გადაულოცა.

ჭარმაგ ილიას ეყო ძალა და გამბედაობა 1905 წელს საქართველოს პოლიტიკური ავტონომია მოეთხოვნა, დაეცვა გლეხები შავრაზმელთაგან, გაელაშქრა დასავლეთ საქართველოში დამსჯელი ექსპედიციის წინააღმდეგ; პეტერბურგში, ვითარცა სახელმწიფო საბჭოს წევრს, სრულიად საქართველოსა და ქართველთა ინტერესები დაეცვა; იქვე, 1907 წელს გამოსულიყო მტკიცე პროტესტით სიკვდილით დასჯის კანონის აღსაკვეთად.

ილია – მოღვაწე, მოაზროვნე, პუბლიცისტი კვლავ იბრძვის, ილია – პოეტი – კარგა ხანია დუმს.

ვალერიან გუნიას კალამბური ფრანგი სტუმრის შეკითხვაზე, ჰყავს თუ არა დიდი კაცი საქართველოსო – “Ilia un Ilia” – საუბედუროდ, ყველასათვის არ იყო უეჭველი ქართველთაგანვე სასიკვდილოდ განწირული ილია, აკაკის თქმით – “მამულისთვის დარჩა ლამპრად”.

უზომოდ პოპულარულ და პოეზიის მეფედ სახელდებულ აკაკის, თამაზ ჭილაძის თქმით, სხვა არაფერი ჰქონია, გარდა გვირგვინისა, რომელში ეკალი მეტი ერია, ვიდრე მარგალიტი. მისი პოეზია XX საუკუნეშიც ხვავრიელი იყო; მას არც ჭაბუკური გზნება აკლდა და არც “ღვთიური სიშმაგე” (პლატონი), სუმცა პოეტს უკვე პატრიარქად აღიქვამდნენ: “ხალხის წარმოდგენაში აკაკი ცხოვრობდა, როგორც ახოვანი, მუდამ თეთრი თმით შემოსილი მოხუცი და წინასწამრეტყველის იერით დამშვენებული მქადაგებელი” (სიმონ ჩიქოვანი).

XIX საუკუნის დასასრულის აკაკის პოეზიას (როცა შეიქმნა – “განთიადი”, “სულიკო”, “სატრფოს”, “ჭაღარა”, “სანამ ვიყავ ახალგაზრდა”…) ტოლს არ უდებდა XX საუკუნეში შეთხზული ბევრი ლექსი, რომელთაც უბერებელი ნიჭისტვიფარი აჩნდა; თუმცა, საბჭოურ ისტორიოგრაფიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, აკაკის პოეზიას ძირითადად 1905 წლის რევოლუციას უკავშირებდნენ. მართალია, აკაკიმ “ინტერნაციონალიც” თარგმნა და რამდენიმე დაუვიწყარი ლექსიც უძღვნა რევოლუციას (“გაზაფხული”, “სიმღერა”, “თქვენი ჭირიმე”, “ძირს”, 1905 წ.), – მათგან მხოლოდ “ძირს” არის “პოლიტიკური პროკლამაცია” (ლევან ასათიანი), რეფრენად რომ გასდევს აზვირთებულ დემონსტრანტთა შეძახილი. XX საუკუნეშიც, აკაკი, უწინარეს ყოვლისა, “მშობელი ქვეყნის მოზარედ” რჩება და არა სოციალური რევოლუციის ტრიბუნად.

არ არის შემთხვევითი, რომ ამ დროისათვის მას ძმათა შორის შუღლი და უაზრო სისხლისღვრა უფრო უკლავს გულს, ვიდრე რევოლუციის დამარცხება (“გიჟი დრო”, 1908 წ.):

მზეო, ამოდი, ამოდი,

ნუ ეფარები გორასა!..

ქართველს ქართველი მოუკლავს

და უპატრონოდ გორავსა.

…ვისაც კი ნახავ ამ დროში

ცხოვრების უმადურია,

და ჯავრის ამოსაყრელად

სუყველას სისხლი სწყურია!

იქ, სადაც “კუჭია მხოლოდ გამეფებული”, ძმობა, ერთობა და სიყვარული მხოლოდ ლიტონ სიტყვად ქცეულა (“ძმობა”, “ერთობა” და “სიყვარული”, 1908 წ.):

…აი, ხომ ხედავთ, ჩემზე რომ მოდის?

სახლიკაცია და მეზობელი…

უნდა ჩემს სახლ-კარს დაეპატრონოს

და ზედ დამაკლას ჩემი მშობელი.

ნუთუ სკვითი კი არ მეყოფოდა,

ახლა რომ მოდის კიდევ სხვა მეხი?

ჩემს მიწა-წყალზე ჰსურს დაესახლოს

და მოიმაგროს სამკვიდროდ ფეხი!

მარქსიზმისადმი ერთგვარი ლოიალური დამოკიდებულების გამოხატვის (“საანბანო ჭეშმარიტება”, (1903 წ.) შემდგომ, XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა მესვეურმა აკაკიმ დაურიდებლად შეუტია XX საუკუნის “ისტებს” და, უპირველეს ამოცანად ეროვნული თავისუფლება დასახა (“გამოტეხილი სიტყვა”, 1908 წ.):

ყველაზე პირველ მე ქართველი ვარ,

მერე, თუ გინდა, სხვაგვარი ისტი.

სხვისი თვალითაც არ ვიყურები,

არ გადამკვრია ჩემსაზე ბისტი.

…მთელ საუკუნის ბატონ-მონებამ

დაგვიბორკილა ხელი და ფეხი

და რჯულთან ერთად ეროვნებასაც

საშვილიშვილოდ თავს დასცა მეხი.

…არა, ჩვენ უნდა ჩვენი ბორკილი

შეერთებულად ჯერ ავიყაროთ

და მერე უნდა “ძმობა-ერთობით”

და თანსწორობით ჩვენც გავიხაროთ.

ილია და აკაკი ბოლომდე თანამოაზრენი და თანამოდარდენი დარჩნენ. საქართველოს ავტონომიის ილიასეული თამამი მოთხოვნის მხატვრულ განსახოვნებად წარმომიჩნდება აკაკის ბევრი პოეტური სტროფი; თუნდაც ასეთი (“საქართველოს დღევანდელი სახე”, 1902 წ.):

ეროვნებავ! ღვთის ნიჭი ხარ,

არც საპოვნი, ვერც სასყიდი

და მხოლოდ თვითარსებობა

არის შენი გზა და ხიდი!

აკაკის პოეზიაში ყოველთვის გვხვდებოდა და კვლავაც გვხვდება ე.წ. თვითგამეორებანი, – თემატიკის თუ პოეტისათვის ორგანული მხატვრულ სახეთა თვალსაზრისით. კვლავაც – მწარე და “ნათელ-ტკბილი”, არცთუ იშვიათად იუმორით შეფერილი ფიქრები პოეტსა და პოეზიაზე ანუ “ციურ სიმართლეზე” (შედარება”, 1901 წ. “მგოსანი”, “ბულბული”, “ფუტკარი”, “ჩემს კალამს”, 1902 წ., “მოლექსე”, 1908 წ.):

კალამო, სანაღვლე-თაფლო,

ჩემო მახვილო და ფარო!

სასაიდუმლო გულისა

ხან სთქვი, ხან უნდა დაფარო…

სამშობლოს დუხჭირი აწმყო, მუდამ რომ გულს უკლავდა პოეტს, სიჭარმაგეში შესული აკაკისათვის მუდმივი ზრუნუისა და ურვის წყაროა; თუმცა ურვას ხშირად იმედი ენაცვლება, ხოლო უსასოობას – მომავლის რწმენა (“საქართველოს დღევანდელი სახე”, 1902 წ., “უიდეალო”, 1904 წ., “გაზაფხული”, 1905 წ., “დამარხვა”, 1907 წ., “ოცნება”, 1908 წ. და სხვ.)

აკაკის გულახდილი და იმავდროულად, ირონიული ვალალება და ვაი-ვიში მოხუცებულობის გამო, – არისტოკრატული სისადავით, სინატიფით, ამასთან, ახალგაზრდული განცდით არის გადმოცემული; ყოველივე ეს გადაჯაჭვულია სოფლის სამდურავთან, სამშობლოს დუხჭირ აწმყოსთან, პოეზიასთან და სიყვარულთან (“სიბერე”, 1901 წ., “თქვენი ჭირიმე” 1905 წ., “მოთქმა”, 1905 წ., “მოხუცის აღსარება”, 1906 წ., “ექსპრომტი”, 1906 წ., “ვინ ვარ?”, 1908 წ., “ზარი”, 1910 წ., “მოხუცის სიყვარული”, 1913 წ.).

თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს

ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!..

მოდი, ჯალათო, შენი მახვილი

შეუბრალებლად ზედ გულზე დამჰკარ…

ამ ლექსს “მომაკვდავის ფიქრები” ჰქვია და თამაზ ჭილაძის თქმით, იშვიათი ჭაბუკური ენერგიითაა აღსავსე (დაწერილია 1911 წელს); “მოხუცის სიყვარულში” (1913 წ.) კვლავ ჩნდება სატრფო-სამშობლო:

შორის ოხვრით, შორის ბნედით

მიყვარს! მიყვარს სულით! გულით!

სამარეში თანჩამყოლის

აღმამფრენელ სიყვარულით!

…სევდა, გულში ჩაკირული,

გზას დაუთმობს სიხარულსა

და ვადიდებ მაშინ, ვით ღმერთს,

ამ უცნაურ სიყვარულსა!

გრიგოლ ორბელიანის მსგავსად, მოხუც აკაკისაც გულს უკლავს სამშობლოს “დაქცევა და დამხობა” (“ჩაფიქრება”, 1907-8 წწ.):

მეც მივდივარ, შენც მიდიხარ,

გეთხოვები, საქართველო! –

მეც ვსჭკნები და შენცა სჭკნები,

როგორც ზამთრის პირად მდელო.

სატრფო-სამშობლო და სატრფო-ქალი კვლავ ძნელი გამოსარჩევია (“გულის პასუხი”, 1902 წ., “გამოთხოვება”, 1903 წ., “დიდება მაღალთა შინა”, 1906 წ., “სიყვარული”, 1910 წ., *** “სატრფოვ ნუ გეშინია”, 1911 წ.); ეს ლექსები ნათელი სევდითაა შეფერილი, თუმცა პოეტს მაინც სწამს საქართველოს უკვდავება:

სატრფოვ, ნუ გეშინია!

თუმც გაქვს გრძნობა მიხდილი,

მაგრამ მაინც შორს არის

კიდევ შენგან სიკვდილი.

…სატრფოვ, გულს ნუ გაიტეხ!..

არა ხარ სასიკვდილო

და მოგელის ისევე

ბედი საშვილიშვილო!

ამ თვალსაზრისს ამყარებს ემზარ კვიტაიშვილის მოსაზრება ალეგორიული “მოლაღურის ბუდის” (1909 წ.) თაობაზე, სადაც მტერთაგან მიუწვდომელი მოლაღურის ბუდე – საქართველოს სიმბოლოა.

უღრმესი ვაება და, იმავდროულად, პატრიოტული სულისკვეთება მსჭვალავს აკაკის ლექსს “ილიას მოკვლის გამო” (1907 წ.), მის თანამედროვე ქართველთა ზნეობის დაცემაა მხილებული “დამარხვაშიც” (1907 წ.):

სიცოცხლეში რა ვიცით?

მტრობა, გმობა, ყვედრება!

მაგრამ დამარხვაში კი

ვერავინ შეგვედრება…

…დიახ! ქართველ მოღვაწეს

ყველას თვალში ვამცირებთ:

სიცოცხლეში ვატირებთ!

რომ მოკვდება – ვიტირებთ!

მაგრამ ილიას საზარელმა მკვლელობამ გამოაფხიზლა სრულიად საქართველო, გაუმყარა მას ეროვნული თვითშეგნება. თითქოს ამის დასტური იყო ისიც, რომ სიცოცხლეშივე ჭეშმარიტ სახალხო პოეტად შერაცხულ აკაკის 1908 წელს მადლიერმა ქართველობამ 50 წლის სამწერლო მოღვაწეობის გრანდიოზული იუბილე გადაუხადა (თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ბაქოში…), რასაც, 1912 წელს პოეტის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობასთან ერთად, დიდი ეროვნული მანიფესტაციის ელფერი ჰქონდა. “ეს დღესასწაული მით უფრო სანუკვარი იყო, რომ წიწამურის ტრაგედიით ღრმად დაკოდილი ეროვნული სხეული მცირეოდნად მაინც მოშუშებულიყო” (აკაკი შანიძე).

აკაკისათვისაც ნამდვილი სალბუნი იყო მისი იუბილეს საყოველთაო რეზონანსი (იხ. ლექსი “იუბილე”, 1908 წ.):

ეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ?

სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი?

ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე

ვინ ამინთო ამ ბოლო დროს ლამპარი?

მოჩვენებითი სისადავის მიღმა, “ღვთაებრივი უბრალოებით” აღბეჭდილი “აკაკის ბუნება უფრო შეუცნობელი იყო, ვიდრე შეცნობილი, უფრო სტიქიური, ვიდრე გამიზნული” (გრიგოლ რობაქიძე). ის ელიტარულიც იყო და, იმავდროულად, ყველა ფენისათვის სასურველიც და მისაწვდომიც. ამიტომაც იყო, რომ სხვიტორში 1915 წლის იანვარში გარდაცვლილი აკაკის სამგლოვიარო მატარებელს მთელი იმერ-ამერი გამოეთხოვა. თბილისში აკაკის დაკრძალვის ცერემონიალის მსგავსი რამ დედაქალაქს ილიას დაკრძალვის მერე არ ენახა.

იმ ასი ათასზე მეტ ადამიანს შორის, უკანასკნელი პატივი რომ მიაგო აწ მთაწმინდის ბინადარს, არ ყოფილა “მარგალიტების მთესველი” ვაჟა-ფშაველა. ის უკვე ხშირად ავადობდა და რამდენიმე თვეში მიიცვალა კიდეც. არადა, XX საუკუნეს ვაჟა-ფშაველა მხოლოდ და მხოლოდ ორმოციოდე წლისა შეესწრო, “ულევი ნიჭის პოეტმა” (გრიგოლ კიკნაძე) ახალი საუკუნის დადგომისთანავე უცნაური, არაჩვეულებრივი თემატიკის პოემა-შედევრით – “გველის-მჭამელით” (1901 წ.) დაადასტურა თავისი პოეტური სიჭაბუკე და ქართულ კრიტიკას ბევრი თავსატეხიც გაუჩინა. “გველის-მჭამელი”, ისევე როგორც ვაჟა-ფშაველას სხვა, XIX საუკუნეში შექმნილი პოემები – “ალუდა ქეთელაური”, “სტუმარ-მასპინძელი”, “ბახტრიონი”, “გოგოთურ და აფშინა” და სხვ.; თავის დროზე “ანაქრონიზმად”, უარეს შემთხვევაში – “ჩამორჩენილობად” იქნენ აღქმულნი; გრიგოლ კიკნაძე გამოწვლილვით მიმოიხილავს მცდარ კი არა, კურიოზულ მოსაზრებებსაც კი, “გველის-მჭამელის” მიმართებით (“ვაჟა-ფშაველას შემოქმედება”) და უმაღლეს შეფასებას აძლევს მას: “ვაჟა-ფშაველამ თავისი ნიჭის სადიდებლად დაწერა კიდევ ერთი პოემა – “გველის-მჭამელი”…

დღევანდელი დღის სამზერიდან, დიდია ცდუნება, ვაჟას ბევრი თხზულება და, უწინარეს ყოვლისა, ზემოხსენებული პოემა – ე.წ. “მაგიური რეალიზმის” წინამორბედად დავსახოთ.

1902 წელს დაიბეჭდა ილიასადმი მიძღვნილი პოემა “ძაღლიკა ხიმიკაური”, 1903 წელს – “სული ობლისა”, 1908-9 წელს – “მთათა ერთობა”; 1913 წელს – “მანდილი” დაიწერა (გამოქვეყნდა 1924 წელს)… თითქოს სიმბოლურია, რომ ვაჟას ქრონოლოგიურად ბოლო პოემა “კაცი მართალი” (1915 წ.) სიკეთის, სამშობლოს, საზოგადოების მსახურების სულისკვეთებითაა განმსჭვალული.

გრიგოლ კიკნაძემ მართებულად შენიშნა, რომ “გველის-მჭამელში” ვაჟამ გარემოში გარკვევის, მოყვასის შეწევნისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ ქმედების საშუალებად, გარდა გონებისა, ინსტინქტიცა და ინტუიციაც დასახა; მან გაბედულად ჩაგვახედა ადამიანის შინასამყაროში, თუმცა სულის სიღრმის ხილვამ ვერც ვაჟა გაანაპირა საზოგადოებიდან და ამის უფლება არც თავის გმირს მისცა.

მინდია არ არის “თავისა სასიამოვნოდ წუთისოფლისა მცნობარე”; მისი უმთავრესი სატკივარი ასეა გაცხადებული:

რითი-ღა ვარგო ქვეყანას,

დავცარიელდი ცოდნითა…

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი თავისებურებანი და მხატვრული მანერა ბევრისათვის იმთავითვე გაუგებარი და ჯეროვნად დაუფასებელიც იყო (საბჭოთა პერიოდში ამ თვალსაზრისის “რეანიმაცია” სცადეს 50-იან წლებში): პოეტის ერთგულება თავისი კუთხისადმი იმითაც იყო ღირსსაცნობი, რომ იმდროინდელი საზოგადოებრივი ინტერესების სფეროში მოექცა მანამდე უცნობი, დიადი სამყარო. ამასთან, ვაჟა-ფშაველა სიცოცხლის ბოლომდე ქართველი ხალხის საერთო-ეროვნული ინტერესების დამცველი გახლდათ. “გაცნობა თავისთავისა პირველი საქმე მგონია” – “მთათა ერთობაში” გამოთქმული ეს მოსაზრება ვაჟას კრედოა.

“მთათა ერთობა” მრავალპლანიანი ნაწარმოებია; მასში, სხვათა შორის, დაპირისპირებულია ადამიანური ცხოვრების უბადრუკობა და მთათა მარადიული “რაინდული კოდექსი”, რომელიც დრო-ჟამს არ ექვემდებარება. გასათვალისწინებელია, რომ იმდროისათვის გამოიკვეთა არშემდგარი, ანარქიასთან წილნაყარი “ერთობის” შუქ-ჩრდილებიც; ამიტომაც ამბობენ კავკასიონის ბუმბერაზები – “ღმერთმა გვაშოროს, მოვიქცნეთ, ჩვენც ადამიანთ გვარადა” (იალბუზი), “ერთობის აურზაური არ მიმაჩნია ბეწვადა” (სპეროზა). კაცთა მოდგმას “სწორი” და “უსწორო” ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევია:

ვნებათა ღელვაც დიდია,

ხომ უწყით, კაცთა შორისა –

ეს არის ამრევ-დამრევი

უსწოროსი და სწორისა…

ამიტომაც არაა მისაღები დაუსაბუთებელი და გაუაზრებელი “თანასწორობა”:

ყველა ერთ ხმაზე ვამღეროთ,

დავკარგოთ დიდი ლაზათი?

თვითმყოფობა და “დიდი ლაზათი”, განუმეორებელი საკუთარი ხმა გამოარჩევს ვაჟა-ფშაველა – ლირიკოსს, რომლის 1901-1915 წლებით დათარიღებული ლექსები ერთ მოზრდილ ტომს შეადგენს. ასეთი შემოქმედებითი ნაყოფიერება არ არის მოულოდნელი: დიდი პოეტი ხომ 54 წლისა გარდაიცვალა!

როცა ზარბაზანი ქუხს, მუზა დუმს – ეს ცნობილი გამონათქვამი უმალვე ქარწყლდება, თუ გავიხსენებთ, როგორი შემოქმედებითი ნაყოფიერებით გამოირჩნენ აკაკიც და ვაჟაც რევოლუციისა და მისი შემდგომი რეპრესიებისა და ე.წ. რეაქციის პერიოდში. მათ, ფაქტობრივად, ხელი არ გაუშვიათ კალმისათვის უმძიმეს ავადობამდე. რეაქციის ხანაში ჩვენი მწერლობის განსაკუთრებულ უსასოობასა და უიმედობაზე საუბარიც გაზვიადებულია უთუოდ, რადგან პესიმისტურ სულისკვეთებას ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასასრულს გაუღო ხარკი ბევრმა მწერალმა, ყველაზე მძაფრად კი – შიო არაგვისპირელმა და მისმა მიმდევრებმა.

რატომ არის, რომ XX საუკუნეშიც ეგზომ პროდუქტიული აკაკისა და ვაჟას მთელს შემოქმედებას XIX საუკუნეს “მიაკუთვნებენ”? ალბათ იმიტომ, რომ ახალ საუკუნეში მათი თხზულებების თვისებრივი ცვლილება არ შეინიშნება.

საბჭოთა პერიოდში შექმნილი ლიტერატურის ისტორიები, XX საუკუნეში აკაკისა და ვაჟას შემოქმედების “ქვაკუთხედად”, რატომღაც, 1905 წლის რევოლუციასთან მათ მიმართებას სახავენ. ამ გაუმართლებელი კონიუნქტურის “იდეური” ქვეტექსტი ნათელია; თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ XX საუკუნის დამდეგს რევოლუციურ იდეებს მეტ-ნაკლებად მთელი ქართული ინტელიგენცია და მწერლობაც თანაუგრძნობდა, თუმცა განსხვავებული მოსაზრებებით: 1905 წელმა – ვის, – რუსთა უღლისგან გათავისუფლების იმედი გაუღვივა, ვის – ეროვნულ-სოციალური ჩაგვრისაგან თავდახსნის მიზანი დაუსახა, მავანმა – მარქსიზმის სამსახურს და ინტერნაციონალიზმს სამშობლოს ინტერესები მტლად დაუდო… ბევრი მათგანი, მალევე ხიბლგაფანტული შეიქმნა, რადგან “ერთობის” სახელით ბევრი ულმობელი სისხლიანი აქტი განხორციელდა.

ერთი მემუარისტის ცნობით, 1905 წელს ფშავ-ხევსურეთის შეიარაღებული რაზმიც კი ჩამოაყალიბა ვაჟამ და, ექსპრომტად, ქართული “მარსელიეზაც” შექმნა, თუმცა მისი “მონაწილეობა” რევოლუციაში, როგორც ჩანს, ამით შემოიფარგლა; მით უმეტეს, რომ სხვა მოგონებათა ავტორები ამ ფაქტს არ ადასტურებენ. საეჭვოა ისიც, მისი განთქმული “სიმღერა” (*** “კიდევაც ვნახავ გაზაფხულს”) მაინცდამაინც რევოლუციური მოძრაობით რომ ყოფილიყო შთაგონებული (ვაჟა ამგვარი სულისკვეთების მრავალი “სიმღერის” ავტორია).

ვაჟა-ფშაველას ამ პერიოდის ლექსებზეც ვრცელდება გურამ ასათიანის გამონათქვამი: “მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა “მიწისა” და “ცის” – რეალისტურისა და რომანტიკულის – ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა” – (“ზმანება”, 1901 წ., “მთების სიზმარი”, 1907 წ., “დამსეტყვე ცაო”, 1903 წ., “მემღერება და ვიმღერი”, 1903 წ., “მხედართა ძველი სიმღერა”, 1904 წ., “მათრია წუთისოფელმა”, 1905 წ., “ხევსური ბერდია”, 1906 წ., “ილია ჭავჭავაძის სახსოვრად”, 1906 წ,. “აკაკის საიუბილეოდ”, 1908 წ., “კაი ყმა”, 1909 წ. და სხვ.).

ვაჟას სიდიადე იმაშიც წარმოჩნდა, რომ მან არ უღალატა საკუთარ მრწამსს და ახალ საუკუნეშიც, მიუხედავად ათასგვარი ცდუნებისა, საკუთარი მსოფლაღქმისა და მხატვრული მანერის ერთგული დარჩა:

დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,

აქა ვარ ჩემის თავითა,

გულითა გაუტეხელი,

მოუღალავი მკლავითა.

რაც უნდა ჭირი მომკერძო

ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;

მცნებას ვერ შემაცვლევინებ

მოზღვავებულის ავითა!..

ან კიდევ

“მემღერება და ვიმღერი”, 1903 წ.):

მემღერება და ვიმღერი, –

გულზე მჭირს სამი იარა:

წარსულზე ფიქრი მაწუხებს,

აწმყოში არა ყრია-რა

და მომავალის ფიქრებიც

არავინ გამიმზიანა!

“ვაჟას სევდა გულხელდაკრეფილი სევდა არ არის, სევდა მიშვებული, მთელი ადამიანის დამტევი” (გრიგოლ კიკნაძე). ვაჟა-ფშაველა სტოიკურად უმკლავდებოდა გაუსაძლის, დუხჭირ ყოფას, ბედის უკუღმართობას და ახლობელთა დაღუპვას. ქართული პოეზიის პატარა შედევრი “იას უთხარით ტურფასა” (1903 წ.) მისი პირველი ცოლის ხსოვნისადმია მიძღვნილი:

იას უთხარით ტურფასა:

მოვა და შეგჭამს ჭიაო,

მაგრე მოხდენით, ლამაზო,

თავი რომ აგიღიაო!

შენ თუ გგონია სიცოცხლე

სამოთხის კარი ღიაო;

ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,

მოსვლაში არა ყრიაო.

ნუ ნახავს მზესა, ინანებს,

განა სულ მუდამ მზეაო!

მიწავ, შენ გებარებოდეს

ეს ჩემი ტურფა იაო,

შენ უპატრონე, ემშობლე,

როგორაც შენი ზნეაო.

ჭირთათმენა ვაჟკაცის წესია:

“სიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შევირგე”… მართლაცდა, ვაჟას სევდას არაფერი აქვს საერთო ყოფით თუ პირადულ წუწუნსა და ვაებასთან.

ყველასთვის ცნობილია ვაჟას უღრმესი თაყვანისცემა ილიასადმი. ამ ორ ბუმბერაზს უკავშირდება ერთი ლეგენდა: გრიგოლ ყიფშიძის გადმოცემით, როცა ილიას წაუკითხავს ვაჟას პოემა “მოხუცის ნათქვამი”, – განუცხადებია – დღეიდან მე თავისუფალი ვარ, რადგან უნიჭიერესი მგოსანი დაგვებადაო. შიო მღვიმელი შემდეგში დაწერს, – “დღიდან ვაჟას პოემის გამოქვეყნებისა, ილიას აღარაფერი დაუწერიაო”, თუმცა დასძენს – დიდი ხვეწნა-მუდარით, “კითხვა-პასუხი” და “ბაზალეთის ტბა” მაინც გამოაქვეყნებინესო…

ვაჟა, ილიას მარადიული თანამოაზრე, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ლექსს ასე ამთავრებდა:

გაღმა გასვლისა მსურველთა

უკუღმა მიგვყავს ბორანი,

გაგვიბატონდა, მგოსანო,

სირეგვნე შეუწონარი.

ვაჟაც პირში უძრახავს მოყვარეს, ილიასებურად: “სიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი -ვერა ერადა. …კაცობად დაუსახიათ სიჩერჩეტე და ვირობა!” (“სიყმე სიბერედ ვაქციე”, 1907 წ.). მწარე ირონიაა “ქებათა-ქებაში” (1906 წ.) – “ერთობას” რომ ეხება:

ვიღვიძებთ, წინ მივისწრაფით,

დავრწმუნებულვარ ახლა კი:

მარსელიეზას მღეროდა

იმ დღეს მიხაკა დალაქი…

“ექსპროპრიატორის სიმღერა” (1909 წ.) და “თმა-გრძელა – ჭკუა-თხელა” (1909 წ.) – “ახალი” ყაიდის “მოღვაწეებისადმია” მიმართული:

სამშობლოს ზურგი აქციე,

რადგან კუდი გაქვს სხვაგანა.

აჩუქებ საქართველოსა,

თუ ვინმე დაგიკაკანა,

ძმობა-ერთობას დაგპირდა

და ღვინით პირი დაგბანა…

სიცოცხლის ბოლო წლები ვაჟა-ფშაველას პოეტური “ზაფხულის” ხანაა; ამ დროსაა შექმნილი მისი “ქრესტომათიული” ლექსები: “რამ შემქმნა ადამიანად” (1913 წ.), “იმერეთს”(1913 წ.), “დავით გურამიშვილის ხსოვნას” (1913 წ.), “დაგვიანებული პასუხი აკაკის” (1913 წ.), “ფშაველი ჯარისკაცის წერილი” (1914 წ.), “უკანასკნელი სალამი (აკაკის ნეშტს)” (1915 წ). და სხვა.

“ვაჟა-ფშაველას პოეზიამ ზამთარი არ იცოდა: იგი დაიწყო და დამთავრდა ზაფხულში, ისევე როგორც პოეტი ვაჟა-ფშაველა – იშვა ზაფხულში და ზაფხულშივე გარდაიცვალა” (გრიგოლ კიკნაძე).

ქართული საზოგადოება არ იყო მზად ვაჟას გენიის სათანადოდ გაცნობიერებისათვის: იგი დიდუბის მიწას მიაბარეს.

ვაჟას პოეზიას არც ხალხის სიყვარული აკლდა და არც ქართველი მწერლებისა, თუმცა ბევრი გაზვიადებულად მიიჩნევდა გრიგოლ რობაქიძის აღტაცებას ვაჟას ფენომენით.

“დასავლეთ საქართველოში ერთ ხანაზე ძლიერ ნაკლებად იცნობდნენ ვაჟას. ერთხელ ბათუმში ექიმ გრიგოლ ელიავას ოჯახში საგანგებოდ საღამო გამართეს, ვაჟა რომ გაგვეცნო საზოგადოებისათვის, წაკითხული იყო ვაჟას “გოგოთურ და აფშინა”. პოემამ ვერ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება. უმეტესობას ეუცხოვებოდა მისი ენა. პირველად, საფუძვლიანად, დასავლეთ საქართველომ ვაჟა გაიცნო ქუთაისის თეატრში აუარებელი ხალხის წინაშე წაკითხული ლექციით, ვაჟას შემოქმედების შესახებ და განსაკუთრებით “გველის-მჭამელის” შესახებ. მშვენიერმა ლექციამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე. ბევრს უკვირდა და კითხულობდნენ – ხომ არ აზვიადებს ლექტორი, ასეთ შემოქმედად რომ სახავს ვაჟასო. ამის შემდეგ ბევრი დაინტერესდა და შეუდგა ვაჟას პოეზიის გაცნობას” – მოგვითხრობს დავით კლდიაშვილი.

მოგვიანებით, ქუთაისში, ილიას დაბადების დღეს გამართულ საღამოზე ვაჟაც მიიწვიეს (მწარედ მოსაგონარი ამბავია: უაღრესად ხელმოკლე პოეტს ქუთათურებმა წინასწარ გაუგზავნეს ფული რიგიანი ჩოხა-ახალუხისა და ფეხსაცმელის შესაძენად). ვაჟამ არამცთუ შესანიშნავი, შთამბეჭდავი დეკლამაციით (“სული ამოართვეს პოეტს, იმდენი ლექსი ათქმევინესო” – იგონებს დავით კლდიაშვილი), თავდაჭერილობით და თავმდაბლობითაც მოხიბლა მსმენელი.

თითქოს პარადოქსია, რომ მავანთა მიერ “ჩამორჩენილად” შერაცხულ ვაჟას სულ მალე გამოუჩნდნენ გულანთებული “მეამბოხე”-ჭირისუფლები: “წარსულის უარმყოფელი” ცისფერყანწელები, რომელთაც თანმიმდევრულად და უაღრესად ერთსულოვნებით დააფასეს ვაჟა-ფშაველას გენია, – “დროისა და სივრცის გარეშე მყოფი აუხსნელი ფენომენი”, “ეროვნული შემოქმედების ციტადელი”, “მოვარდნილი ვულკანი”, “ვეშაპი, რომელსაც შეუძლია კიდევ რამდენიმე საუკუნით დაეყრდნოს საქართველო”…

უდიდესია მათი ღვაწლი ვაჟა-ფშაველას მთაწმინდაზე დამკვიდრებაშიც. “ვაჟას განსასვენებელი მხოლოდ მთაწმინდაა, სადაც სძინავთ საქართველოს ღმერთებს. ამიტომ, ჯერ კიდევ, ვიდრე არ გამდნარა მისი მაგარი ძვლები, ვაჟა-ფშაველა გადასვენებულ უნდა იქმნეს დიდუბიდან მთაწმინდაში, სადაც სალოცავად გვეყოლება ქართული სამება” (გაზეთი “ბახტრიონი”, 1922 წელი, N 18).

დიდი ტრიადა – საქართველოს სულიერი ერთიანობისა და მარადუჭკნობი ქართული პოეზიის სიმბოლო – მთაწმინდის ბინადარია. მთაწმინდა კი კვლავ ჩაფიქრებულა…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: