IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

“იდენტობა”

“იდენტობა”

მისია

1. განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანთა და ჯგუფების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის და სიძულვილის ენის მიზეზების კვლევა და აღმოფხვრისკენ მიმართული კამპანიის წარმოება;

2. ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) პირთათვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. მათი ინფორმირებულობის გაზრდა ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრების წესის გავრცელების ხელშესაწყობად;

3. ქალთა მიმართ არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთა;

4. ზოგადი, ინსტიტუციონალიზებული და ინტერნალიზებული მიზოგინიის (ქალების მიმართ სიძულვილის) და ჰომოფობიის დაძლევა;

5. ბავშვებისა და მოზარდების, განსაკუთრებით, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების მიმართ არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთა; მათთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში; მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება;

6. განსხვავებული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთა; მათთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში; მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება;

7. აგრესიული ეთნონაციონალიზმისა და რელიგიური ექსტერმიზმის პრობლემის, ასევე სეკულარული წყობის წინაშე არსებული გამოწვევების მიზეზთა კვლევა, ამ საკითხებზე საზოგადოების სწორი ინფორმირება;

8. რომა (ბოშათა) ჯგუფის არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთა; მათთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში; მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება

***

ირაკლი ვაჭარაძე – “იდენტობას” აღმასრულებელი დირექტორი,

მაგდა კალანდაძე – “იდენტობას” წარმომადგენელი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში

 ***

“იდენტობას” მიმდინარე პროექტები

OSGF

მიმდინარე

იდენტობა ტრანსგენდერთა სქესის სამართლებრივ აღიარებაზე იზრუნებს

14/11/2012 identoba

2012-2013 წლებში „იდენტობა“ ადვოკატირების ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოში ტრანსგენდერთა სქესის სამართლებრივი აღიარების ირგვლივ არსებულ პრობლემათა მოგვარებაზე იზრუნებს. საქართველო დღესდღეობით იმ ქვეყნების რიგშია, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანებისთვის შეუძლებელს ხდის დოკუმენტებში სასურველი სქესის სამართლებრივ აღიარებასა თუ სახელის შეცვლას მხოლოდ გენდერული დისფორიის დიაგნოზის საფუძველზე და მათ სამედიცინო პროცედურებისა და სტერილიზაციის ჩატარებას ავალდებულებს. სქესის შეცვლის აღნიშნული პროცედურების ჩატარება ტრანსგენდერი ადამიანისთვის სამედიცინო თვალსაზრისით ხშირად შეუძლებელი ან/და ფიზიკურად ან ფინანსურად ხელმიუწვდომელია.  შედეგად კი, სქესის სამართლებრივი აღიარების გარეშე ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში – დაზღვევის, ჯანდაცვის, საკუთარ შვილზე მეურვეობის უფლების შენარჩუნების, დასაქმებისა და საპენსიო სფეროებში – განუზომელი პრობლემები ექმნებათ;

***

მიმდინარე

ლგბტ საკითხებზე მგრძნობელობის ამაღლება სტუდენტებში

14/11/2012 identoba

2012 წლის გაზაფხულზე “იდენტობამ” 53.080 € ოდენობის დაფინანსება მიიღო პროექტისათვის, რომლის მთავარი მიზანიც ქართველ სტუდენტებში ლგბტ საკითხებისადმი მგრძნობელობის ამაღლებაა. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, MATRA პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

 ….

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ 

პროექტი სტუდენტებში ჰომოფობიის საზოგადოებრივი პრობლემის შესახებ მგრძნობელობის გაზრდას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში 500-მდე სტუდენტი ათობით საჯარო შეხვედრასა და ტრენინგში მიიღებს მონაწილეობას. წლის ბოლოს კი, საქართველოში პირველად, აკადემიური კონფერენცია გაიმართება, რომელშიც კონკურსის წესით შერჩეული 20-მდე საუკეთესო სტუდენტი ლგბტ უფლებების საკითხებზე მომზადებულ აკადემიურ ნაშრომს წარმოადგენს.

პროექტის მიზანია:

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) ადამიანების მიმართ სიძულვილის გამოხატულების შემცირება და მათი ხილვადობის გაზრდა. მომავალი ჟურნალისტების, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, ექიმებისა და იურისტების მგრძნობელობის გაზრდა ლგბტ ადამიანების მიმართ განათლებისა და წვრთნის პროგრამის მეშვეობით. სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და პრაქტიკული ინფორმაციების გადაცემის მიზნით 5 თემატური სახელმძღვანელოს გამოშვება ლგბტ ფსიქოლოგიით, სამართლის, ჟურნალისტიკის, სოციალური სამუშაოსა და მედიცინის სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისათვის. პუბლიკაციები ელექტრონულად, ასევე რესურს-ცენტრებისა და ბიბლიოთეკების მეშვეობით უფასოდ გავრცელდება.

“ პროექტის შედეგად საზოგადოების ყველაზე მეტად დაუცველი და სოციალურად გარიყული ჯგუფების შესახებ სტუდენტთა ინფორმირება გახდება შესაძლებელი,” – განაცხადა “იდენტობას” აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ვაჭარაძემ. მისი თქმით, “მისასალმებელია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ ადამიანის უფლებების სწავლების, სოციალურად დაუცველი ჯგუფებისა და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელების საკითხის მიმართ მხარდაჭერა”.

***

OSGF

მიმდინარე

გეი-სთრეით ალიანსი „იდენტობაში“

14/11/2012 identoba

პროექტის მოკლე შინაარსი:

2012 წელს „იდენტობა“ საქართველოში ჰომოფობიის შესამცირებლად და საზოგადოებაში ტოლერანტულობისა და განსხვავებულობისადმი მიმღებლობის ასამაღლებლად კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს. სამუშაოს აქტივობები ამჯერად ქართული ფონდის, „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ფინანსდება და მისი ბიუჯეტი 20 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტის მიზანი გეი-სთრეით ალიანსების ორგანიზება და მისი მეშვეობით საზოგადოების წევრების ჰომოფობიასთან ბრძოლაში უშუალო ჩართვაა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ასევე ლგბტ ადამიანთა ხილვადობის გაზრდის მისაღწევად ერთ-ერთ საუკეთესო სტრატეგია სწორედ „გეი-სთრეით“ ალიანსების მსოფლიო გამოცდილების გაზიარება, რაც   დისკრიმინაციის შესახებ გამოცდილების ჰეტეროსექსუალ და ლგბტ ადამიანებს შორის უშუალოდ გაზიარებას ითვალისწინებს.

პროექტის დაწვრილებითი აღწერა:

იდენტობა“ მიიჩნევს რომ „გეი-სთრეით“ ალიანსის პროექტი, რომელიც გულისხმობს 136 ინდივიდისათვის 16 გეი-სთრეით ალიანსის შეხვედრის ჩატარებას, მეთოდური სახელმძღვანელოს მომზადებას  და მეთოდის ფართოდ პოპულარიზაციას, საზოგადოებაში ჰომოფობიასთან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. პროექტის ამ ზოგადი მიზნის გარდა, პროექტის ქვე-მიზნებია:

1. პროექტის პირველი მიზანი ლგბტ და ჰეტეროსექსუალ ადამიანთა შორის უშუალო კავშირების დამყარებაა, რაც   მათ სოციალური რეაბილიტაციას და საზოგადოებაში უკეთ ინტეგრირების  ფუნქციას მოემსახურება.

დასაბუთება:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირდაპირი კავშირის უზრუნველყოფით „გეი-სთრაით“ ალიანსები ახდენენ საკუთარ იდენტობაზე უცხო გარემოში ღიად საუბრის მოდელირებას ლგბტ პირებისათვის. ეს კი მათ ეხმარებათ გადალახონ ჰომოსექსუალობასთან ასოცირებული სოციალური სტიგმა, შეიძინონ ახალი მეგობრები და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. „გეი-სთრაით“ ალიანსები მნიშვნელოვანწილად ამაღლებს ლგბტ პირების თვითშეფასებასა და საკუთარი თავის რწმენას.

2. პროექტის მეორე მიზანი ლგბტ ადამიანების შესახებ სტეროტიპულად განწყობილ ინდივიდთა თვით -შეფასების გაზრდა და მათი სოციალური მხარდაჭერაა – ჰომოფობიური განწყობების შემცირების მიზნით.

დასაბუთება:

ანტი-ლგბტ ცრურწმენების მოტივაცია ხშირად გარკვეულ  დაცვით ფუნქციას ატარებს: ა) ანტი-ლგბტ ცრურწმენები ჰომოფობის გამოხატვით, მრავალი ლგბტ ადამიანი „ჰეტეროსექსუალად“ ასაღებს თავს. ბ)  ჰომოფობია იმ ჰეტეროსექსუალი კაცების სუსტი თვით-შეფასების ამაღლებას, უწყობს ხელს, რომელთა გენდერული იდენტობა სიძულვილის გამოხატვაზეა აგებული: „რამდენადაც სძულს ჰომოსექსუალები, იმდენად კაცურია თავად.“ (Devlin, 1985). შესაბამისად, „გეი-სთრეით ალიანსებში“ მონაწილეობა ამ ადამიანთა დადებითი თვით-შეფასების განმტკიცებას შეუწყობს ხელს, რაც ჰომოფობიურ განწყობათა გამოვლინების შემცირების წინაპირობაა.

3.პროექტის მესამე მიზანი ლგბტ საკითხების შესახებ ავთენტური და არასტერეოტიპული ინფორმაციის მისაწვდომობის გაზრდაა, რაც ლგბტ ხილვადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

დასაბუთება:

მიიჩნევა, რომ საზოგადოებაში გაბატონებული ჰომოფობიის დასაძლევად ყველაზე ავთენტური ინფორმაციის მისაწოდებლად  შემდეგი გზები არსებობს:   საგანმანათლებლო პროგრამების (Stevenson, 1998),  სექსუალობის ზოგადი კურსები (Anderson, 1981), ჰომოსექსუალობის საკითხებზე ღიად ლგბტ ადამიანების ლექციები (Lance, 1987) და ყველაზე მნიშვნელოვნად, მცირე ჯგუფებში, ისეთ სავარჯიშოებში მონაწილეობა, სადაც  როლების გაცვლა და დისკრიმინაციის შესახებ გამოცდილების გაზიარება ჰეტეროსექსუალ და ლგბტ ადამიანებს  უშუალოდ შეუძლიათ (Ziemra, 1997).  „გეი-სთრეით ალიანსები“  მცირე ჯგუფებში მუშაობის ხსენებულ ფორმატს ეყრდნობა და ხელს უწყობს ლგბტ ადამიანების შესახებ სტერეოტიპებისა და ცრურწმენებისაგან თავისუფალი  ინფორმაციის გავრცელებას. როგორც ცნობილია,  მიუხედავად იმისა, რომ ანტი-გეი ცრურწმენებს რთული კულტურული ფესვები აქვთ  და რომელიმე ერთი მიდგომით მათი აღმოფხვრა შეუძლებელია  მაგრამ, სოციალურად მეტად მიმღებლები  ის ჰეტეროსექსუალი ადამიანები არიან,  რომლებსაც ღიად მცხოვრები ლგბტ ნაცნობ-მეგობრები ჰყავთ და მათ შესახებ ინფორმაციას პირდაპირ, უშუალო ჩართულობით ფლობენ (Lewis, 1984). პირდაპირი კავშირის უზრნლევყოფასთან ერთად ლგბტ ხილვადობის გაზრდას პროექტი გამოყენებული მეთოდის მედია პოპულარიზებითა და ინფორმაციული/პრაქტიკული რესურსების გავრცელებით („გეი-სთრეით ალიანსების“ შესახებ მეთოდური სახელმძღვანელო) შეუწყობს ხელს.

ზემოთჩამოთვლილი სამი მიზნიდან გამომდინარე, პროექტის შესასრულებლად ორი ამოცანა დავისახეთ:

პირველი ამოცანა  „გეი-სთრეით ალიანსის“ შეხვედრების სტრუქტურიზებული ფორმით ჩატარებაა. რადგან, ალიანსის შეხვედრები ლგბტ და ჰეტეროსექსუალ ადამიანებს შორის პირდაპირი დიალოგის ფორმატს ეწოდება,  ამ მშვიდობიან გარემოში, ცოდნით აღჭურვილი ფასილიტატორის მეთვალყურეობით მიმდინარე შეხვედრაზე  თითოეულ მონაწილეს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემა, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები მისთვის ყველაზე მწვავე, მტკივნეულ და პასუხგაუცემელ კითხვებზე.  ეს ამოცანა ხელს შეუწყობს პირველი, მეორე და მესამე საპროექტო მიზნების მიღწევას, რაც ლგბტ ადამიანთა სოციალურ ინტეგრაციას, ჰომოფობიურად განწყობილ ადამიანთა დადებით წახალისებას, ლგბტ ხილვადობის გაზრდას და  მათ შესახებ საზოგადოებაში ავთენტური ინფორმაციის გავრცელებას და ითვალისწინებს.

პროექტის მეორე ამოცანა ალიანსის, როგორც ჰომოფობიის შემცირებაზე მიმართული მეთოდის  შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის  გავრცელებაა. რადგან ალიანსის მეთოდს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და დამსაქმებლები იყენებენ,  მისი ქართულენოვანი აუდიტორიის გაცნობის მიზნით, განზრახულია ალიანსის შესახებ მეთოდური და პრაქტიკული სახელმძღვანელოს მომზადება.  გარდა ამისა, ალიანსის მეთოდის პოპულარიზება პროექტის მედია მხარდაჭერით მოხდება, შეიქმნება და გამოქვეყნდება ჟურნალისტური მასალები პროექტისა და ზოგადად მეთოდის შესახებ. ეს ამოცანა პროექტის მთავარ მიზანს – საზოგადოებაში ჰომოფობიასთან ბრძოლაში წვლილის შეტანა – ემსახურება ისევე როგორც პროექტის მესამე მიზანს: ლგბტ ადამიანების ხილვადობის გაზრდა.

საქმიანობათა განხორციელების შედეგად მიღწეული შედეგები

ა) დისკრიმინაციის შესახებ გამოცდილების ჰეტეროსექსუალ და ლგბტ ადამიანებს შორის უშუალოდ გაზიარება ჰომოფობიისა და ინტერნალიზებული ჰომოფობიის შემცირება. როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიო თუ ჩვენი ადგილობრივი გამოცდილება აჩვენებს, GSA 3 საათიან პროცესში ჰეტეროსექსუალი ადამიანები თავისუფლდებიან ლგბტ ადამიანების მიმართ შიშისა და სიძულვილის ხშირად გადაულახავი, გაშინაგანებული შეგრძნებებისაგან, ხოლო, ლგბტ ადამიანები საზოგადოებაში გაცხადების (ე.წ. ქამინგ აუთის, ჩრდილიდან გამოსვლის) წარმატებულ მოდელირებას ახდენენ, იჩენენ ახალ მეგობრებს, რაც მათ მომავალში ინტერნალიზებული ჰომოფობიის უფრო წარმატებულად დაძლევაში ეხმარებათ. პროექტის შედეგად „გეი-სთრეით“ ალიანსების მონაწილე 136 პირთან მოსალოდნელია ერთი მხრივ ჰომოფობიური განწყობების შემცირება (ჰეტეროსექსუალ მონაწილეებში), ხოლო მეორე მხრივ ინტერნალიზებული ჰომოფობიის დაძლევა და ლგბტ მონაწილეებისთვის კი საზოგადოებაში უკეთ ინტეგრირებისთვის საჭირო უნარების გაძლიერება.

ბ) პროექტი ხელს შეუწყობს ლგბტ პირთა ხილვადობის გაზრდას.  I) ალიანსებისა ჩატარებისა და მათი პოპულარიზაცია ლგბტ თემის შესახებ საზოგადებაში ინფორმაციის გავრცელებას და ლგბტ თემის, მისი სოციალური მდგომარეობისა და პრობლემების შესახებ ხილვადობის გაზრდას ემსახურება, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ლგბტ ადამიანების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის საქმეში.II) „გეი-სთრეით ალიანსების“ პროექტს ლგბტ ხილვადობის გაზრდაში ხელს შეუწყობს „იდენტობას“ ამჟამინდელი პროექტი, რომელიც ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება – საჯარო ლექციების, დისკუსიებისა და კონფერენციის გზით, – საქართველოში ლგბტ საკითხებზე სტუდენტთა მგრძნობელობა გაზარდოს. მასში 500-მდე ახალგაზრდა იქნება ჩართული. პროექტების სამიზნე ჯგუფები მნიშვნელოვანწილად ფარავს ერთმანეთს ასაკობრივი და ტერიტორიული ნიშნებით, ცხადია, ინფორმაციის სხვადასხვა არხითა და ხედვის კუთხით თანადროულად გავრცელების პირობებში მისი ეფექტურობა ერთი-ორად იზრდება.

გ) „გეი სთრეით ალიანსების“ მეთოდის პოპულარიზაცია და მისი განხორციელებისათვის პირობის მომზადება და წახალისება ჰომოფობიასთან ბრძოლაში საზოგადოების ფართო წრის ჩართვას უწყობს ხელს.

I) წინამდებარე განაცხადით, ორგანიზაცა გეგმავს მოამზადოს 8 პირი, რომელიც მომავალში თავად ჩაუდგება გეი-სთრეით ალიანსებს და მულტიპლიკაციის ეფექტით, ათობით ადამიანს დაეხმარება, დაძლიოს ექსტერნალიზებული თუ ინტერნალიზებული ჰომოფობია. პროექტის დასასრულს ფასილიტატორებს შეეძლებათ მოამზადონ მომავალი საპროექტო განაცხადები. მომავალი ალიანსების პროექტების ჩამოყალიბებაში ლიდერებს ორგანიზაცია დაეხმარება. განზრახულია მინიმუმ 2 საპროექტო განაცხადის ერთობლივი მომზადება.

II) პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალები (პოპულარული ენით დაწერილი სტატიები და პრაქტიკული სახელმძღვანელო) მეთოდის პოპულარიზაციის ხელშეწყობასთან ერთად, უზრუნველყოფს რესურსს სამომავლო იდეების განსახორციელებლად მომავალი აქტივისტებისათვის.

დ) საზოგადოებრივი ჩართულობის გააქტიურება ჰომოფობიასთან ბრძოლის საქმეში. ცნობილია, რომ „გეი-სთრეით ალიანსების“ ალუმნები, ამ უნიკალური გამოცდილების ძალით, ხშირად უფრო აქტიურად ხდებიან ადამიანის უფლებათა აქტივისტები და სხვა გარიყული ჯგუფების ინტერესთა დამცველები, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება არ მიუღიათ.

***

 დასრულებული პროექტები

გეი-სთრეით ალიანსი

მეცხრე გეი-სთრეით ალიანსის ანგარიში

01/05/2013

დისკუსიის დანიშნულება იყო ერთგვარი რეკომენდაციებისა და შენიშვნების მიღება ჩვიდმეტი მაისის აქტივობებთან დაკავშირებით, ასევე წინა წლის გამოცდილების შეფასება და ახალი ალტერნატივების გამოვლენა. ქუჩის აქციასთან დაკავშირებით უმეტესობის აზრი ნეგატიური იყო, რადგან ამას ჰომოფობიის ტალღის მომძლავრებას და მეტ აშკარა დისკრიმინაციის გამოვლინებას უკავშირებდნენ, რაშიც ბრალს პირველ რიგში მედიის მხრიდან აქციის მესიჯის ნეგატიური კონოტაციით გაშუქებას უკავშირებდნენ. “მთავარი არ არის, ხალხმა ილაპარაკოს, მთავარია ილაპარაკოს კარგი, ან ცუდი მაინც არ თქვას, ხმამაღალ აქციას კი ნეგატიური რეაგირება მოჰყვება”, – ამბობს მონაწილე. ის მიიჩნევს, რომ ამგვარი აქტივიზმი შეიძლება კატალიზატორი იყოს ლგბტ თემის პრობლემათა იდენტიფიცირებასა და მოგვარებაში, თუმცა რისკი ძალიან დიდია და უმჯობესია რანდომიზებული, კარგად გაფილტრული მეთოდებით მოხდეს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ერთმა მონაწილემ კი გაიხსენა სტუდენტების მტრული დამოკიდებულების ფორმირების მაგალითი ლექტორის მიმართ, რომელიც იმყოფებოდა აქციაზე. ამით, მან ხაზი გაუსვა აქციის მონაწილეთათვის იარლიყების მიკერებისა და გართულებული ურთიერთობების პრობლემას. “მე ვერ წავალ აქციაზე, ბიძაჩემი სულ ტელევიზორს უყურებს და მერე როგორ უნდა ვუმტკიცო მას, რომ პიდარასტი არ ვარ?”

აქციის მოწინააღმდეგეები დააფიქრა ქამინგ აუთმა, რომელიც მონაწილემ გააკეთა. “მე ვარ გეი და არ მრცხვნია! მაგრამ მე ვიყავი ინტერნალიზებული ჰომოფობი. ვყოფილვარ დეპრესიაში და სიკვდილზეც მიფიქრია, მაგრამ სწორედ ჩვიდმეტი მაისის აქციის შემდეგ, რომლის წიააღმდეგი ვიყავი, ბევრი რამ შეიცვალა. დავინახე, რომ ადამიანები არ იმალებიან, ისინი გამოდიან და არ ეშინიათ. მივხვდი, რომ შემეძლო მეცხოვრა, შემეძლო მებრძოლა!”

ჰომოფობიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან ფაქტორად დაასახელეს ინკლუზიური განათლების სწორად ინტერპრეტირება და  მისი ფართოდ დანერგვა. “ეს ხომ მრავალფეროვნების სწავლებაა ყველა სფეროში, ჩვენ კი სხვა მრავალ ერთგვაროვნებასთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ ჰეტერონორმატიულ ტექსტებს გვასწავლიან – ვის არ უცინია ტარიელზე, რომელიც ტიროდა…”.

***

მერვე გეი-სთრეით ალიანსის ანგარიში

25/03/2013

“გეი-სთრეით ალიანსის” მორიგი შეხვედრის ძირითადი თემა იყო ლგბტ აქტივიზმის საჯარო ფორმა – ქუჩის აქციები. დისკუსიიის განმავლობაში მონაწილეთა შორის გამოიკვეთა მკვეთრად პოზიტიური დამოკიდებულება ქუჩის აქციების მიმართ, თუმცა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საფრთხეებზე, რომლებმაც ლგბტ ადამიანებისთვის შესაძლოა უკუშედეგი მოიტანოს და ჰომოფობიის შემცირების ნაცვლად უფრო გააღვივოს იგი.

საინტერესოა, საზოგადოებაში მოარული აზრის თანახმად, არიან თუ არა ქუჩაში გამოსული ლგბტ აქტივისტები და მათი მომხრეები ჰომოსექსუალობის პროპაგანდის გამავრცელებელნი? არის თუ არა ეს აქტივიზმი ჰომოსექსუალობის პროპაგანდა? მონაწილეთა დამოკიდებულება ამ მიდგომის მიმართ სკეპტიკური იყო. “ როგორ შეიძლება ჰომოსექსუალობის პროპაგანდა? იდენტობის გავრცელება ვის გაუგია?” – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

საჯარო გამოსვლების საფრთხედ დასახელდა ის ათასობით მეტად გაღიზიანებული მოქალაქე, რომლებიც მეტად აგრესიულები და მტრულად განწყობილები გახდნენ ლგბტ ადამიანების მიმართ. მაგრამ ერთი მონაწილის თქმით, მსვლელობა, რომელიც თუნდაც ხუთ ადამიანს დაანახებს, რომ ჰომოფობია პრობლემაა და პროტესტს საჭიროებს, – ეს უკვე დიდი მიღწევა იქნება.

“მე, სამწუხაროდ, არ ვიყავი ჩვიდმეტი მაისის აქციაზე და ვერ შევუერთდი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, მაგრამ ვიყავი თვრამეტში, რადგან ვეღარ ავიტანე  ადამიანების უფლებების ამგვარი უხეში დარღვევა,” – გვეუბნება მონაწილე, – “ იქიდან რომ დავბრუნდი, ოჯახის წევრებს ნათლად და გარკვევით ავუხსენი აქციის აუცილებლობის შესხებ, მე მათ “გავუიასნე”, რომ ჰომოფობიის დამარცხებას ბრძოლა სჭირდება. ამის შემდგომ არავითარი ჰომოფობიური აღარ მომისმენია ჩემების მხრიდან.”

დისკუსიის განმავლობაში შეეხნენ საზოგადოებაზე პოლიტიკური ლიდერების მხრიდან პოპულისტური გამოსვლების მავნე გავლენასაც. გაიხსენეს გივი სიხარულიძის საჯარო გამოსვლების დროს გამოყენებული სიძულვილის ენა, რომელიც ისევ საზოგადოების დაკვეთას უკავშირდება – შენ თუ ცუდს არ ილაპარაკებ, თუ არ დასცინებ, შენც ისეთივედ ჩაითვლები. სწორედ ამგვარივე შიშის გამო ვერ უერთდება ბევრი გეი ფრენდლი ადამიანი აქციებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც ჰომოფობიასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. შიში იმისა, რომ საზოგადოება “ნორმალურის” იარლიყს ჩამოგხსნის და “არანორმალურისას” მიგაკრავს, ბევრ ადამიანს უბიძგებს უმოქმედობისა და სიჩუმიკენ.

ალიანსის მსვლელობისას მონაწილეებმა გამოთქვეს გარკვეული მოლოდინები და რეკომენდაციები ჩვიდმეტი მაისის აქციასთან დაკავშირებით. გამოითქვა ამგვარი შეხედულებაც: “არ უნდა გვეგონოს, რომ რუსთაველს გავივლით პლაკატებით და ყველაფერი შეიცვლება.”

კი ერთ-ერთი მონაწილის მიერ გაჟღერებულ რეკომენდაციებში შემდეგნაირად იქნა გაანალიზებული ჰომოფობიის ძირეული მიზეზები. აი რას გვეუბნება ის:” პრობლემა უსექსობაშია. ხალხს, რომელსაც იდაყვის გამოჩენის რცხვენია და სექსის გაგონებაზე წითლდებიან, როგორ ველაპარაკოთ ლგბტ ადამიანების მრავალფეროვნებაზე? სჯობს სექსი ვასწავლოთ! გიჟდებიან ეს კაცები, მე ქალი ვერ მიშოვნია და ამას კაცებთან აქვს სექსიო. ხალხს საერთოდ იმაზეც ეშლება ნერვები ფეხშიშველი რომ გამოვდივარ ქუჩაში, ამიტომ ამის გაკეთებას ვერიდები. საზოგადოებას ერთბაშად კი არ უნდა მოვუშალოთ ნერვები, არამედ ნელ-ნელა უნდა შევაგუოთ, რომ იმდენნაირი სექსუალობა არსებობს, რამდენიც თავად ადამიანია”.

***

მეშვიდე გეი-სთრეით ალიანსის ანგარიში

20/03/2013

დისკუსიის გამხსნელი კითხვა ეხებოდა მონაწილეთა ჰომოფობიის მიზეზებს – რატომ იყვნენ ისინი ჰომოფობები? პასუხები მრავალგვარი იყო : “იმიტომ, რომ ლგბტ ადამიანებზე ბევრი მახინჯი სტერეოტიპი გამეგო, და მეც ვიჯერებდი ამ სტერეოტიპებს…”; “ მე ავადმყოფობა მეგონა ბიჭის ბიჭთან ყოფნა, ფსიქოლოგიური დარღვევა და ასეთები, თუმცა, გოგოს გოგოსთან მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი.” ; “ მე თორმეტი წლისა გავხდი ჰომოსექუალური ძალადობის მსხვერლი და ამან შემაზიზღა ლგბტ ადამიანები, აქედან იწყება ჩემი ჰომოფობია…”

ზემოთ აღნიშნული პასუხების ავტორები დღეს უკვე აღარ არინ ჰომოფობები და აი როგორ ხსნიან ამ ცვლილებას: “მე გავეცანი ლიტერატურას, შევხვდი ლგბტ ადამიანებს და უბრალოდ ცხოვრებამ აჩვენა, რომ ეს ადამიანები აბსოლუტურად არ ერგებიან სტერეოტიპებს, მაშასადამე, არ მქონდა მიზეზი, ვინმესი მშინებოდა ან ზიზღი მქონოდა ვინმეს მიმართ, მე ამიტომაც არ ვარ დღეს ჰომოფობი”. გოგონა, რომელსაც ჰომოსექსუალობა ფსიქოლოგიური დარღვევა ეგონა, ამბობს, რომ მისი ჰომოფობობა მაშინ დამთავრდა, როცა თავადაც “შეეყარა” ეს “ ავადმყოფობა”   სწორედ მაშინ გააანალიზა, რომ ეს ჩვეულებრივი ორიენტაცია იყო და ის კი –  სრულიად ჯანმრთელი ადამიანი. ხოლო ის მონაწილე, რომელიც თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი, ამბობს, რომ სიყვარული დაეხმარა ჰომოფობიური ბარიერების გადალახვაში.

…..

***

მეექვსე გეი-სთრეით ალიანსის ანგარიში

19/02/2013

– ჰომოფობიის შემცირების გამოსავალს სად ხედავთ?
– ინფორმაციის მიწოდება,  რა არის ადამიანი. სკოლებიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ ამის საშუალებას არ მოგვცემენ. პატარა ნაბიჯებით უნდა დავიწყოთ სექსუალური განათლება.  უნდა ავუხსნათ, რომ ვიღაცას თუ თავისი კლასელი გოგო მოსწონს ან ბიჭი, ეს არაა ტრაგედია.  ძალიან რთულია ვიღაცას უთხრა, რომ მთელი ცხოვრება ფუჭად, არასწორი პრიორიტეტებით უცხოვრია.
–  სკოლებიდან და მასმედიიდან უნდა დავიწყოთ. რაც მსმენია, ხშირად უარყოფითი კონტექსტით იყო და არ შეიძლება ასე.
– განათლება და მასმედია, იმიტომ რომ მათი წყალობით ჰომოსექსუალობა დაკავშირებულია კრიმინალთან ან გარყვნილებასთან.
– ცოტ–ცოტა უნდა მიაწოდო.
მასმედია და სკოლა, დოზირებულად.
– რელიგიურ ფონს  არ ეთანხმება და ამის წინააღმდეგ განათლებაა საჭირო… რელიგიური შეხედულებების ფონზე, მშობლებს ცუდი რეაქცია ექნებათ. მართლმადიდებელ მშობლებს ცუდი რეაქცია ექნებათ, თუ გენდერის საფუძვლებს სკოლაში ასწავლიან.
– ჰოლანდიელი სტუმარი, „იდენტობას“ რაღაც შეხვედრიდან, ამბობდა, რომ გენდერის საფუძვლების სწავლება დისკრიმინაციის სწავლებას უნდა შევახამოთო, ჰოდა ასე ვქნათ…

***

მეხუთე გეი-სთრეით ალიანსის ანგარიში

მეხუთე “გეი-სთრეით ალიანსის” ძირითადი თემა იყო – ერთსქესიანთა ქორწინება და შვილად აყვანა. ყველა მონაწილე ემხრობოდა გეი ქორწინებას, მაგრამ ჰქონდათ განსხვავებული ვერსიები, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს ქართულ რეალობაში.

დისკუსია გაიხსნა ერთსქესიანთა ქორწინების მნიშვნელობის განხილვით. ქორწინების მოთხოვნა უბრალო ახირებაა თუ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები დგას ამის უკან? რა მნიშვნელობა აქვს ქორწინებას? ამ კითხვაზე მონაწილეები შეჯერდნენ შემდეგზე: ქორწინება აძლევს საშუალებას წყვილს, საპატიმროშიც მოინახულოს ერთმანეთი, მოინახულოს მეწყვილე რეანიმაციაში, საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეს ქონებაზე მესაკუთრეობა და ბოლოს, ქორწინება რომ არ იყოს სასურველი და საჭირო, ეს არც ჰეტერო წყვილებში იქნებოდა.

რა ფაქტორები უშლის ერთსქესიანთა ქორწინებას? ძირითად მიზეზად რელიგია და სამოქალაქო კოდექსი დასახელდა. პირველი იმიტომ, რომ ქორწინება, როგორც ინსტიტუტი რელიგიის შემოტანილია, მართლაც, სამოქალაქო ქორწინებას მხოლოდ ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამის გამო რელიგიას ერთგვარი დომინანტურობის განცდა გააჩნია ქორწინებაზე, ამიტომაც აწესებს თავის წესებს და ამ წესების მორჩილებასაც ითხოვს. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინება არ არის ახსნილი, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, ამგვარ განმარტებას ვხვდებით სამოქალაქო კოდექსში, რომელზეც აგებულია მთელი საოჯახო სამართალი.

როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ დამაბრკოლებელ მიზეზებს? მონაწილეებმა ბევრი იმსჯელეს და რეკომენდაციებიც შემოგვთავაზეს. პირველი, რაც ითქვა და რასაც ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, ეს იყო კოდექსის ცვლილებების აქტიური ლობირება შესაბამისი კუთხით. კერძოდ, საოჯახო სამართლის ამოღება სამოქალაქო კოდექსიდან და ქორწინების კონტრაქტის საფუძველზე გაფორმება, რომლის წესებს და ნორმებს არ დააწესებს სახელმწიფო. შესაბამისად ეს იქნება არაჩვეულებრივი შანსი იმისა, რომ პიროვნება დაქორწინდეს მასზე, ვისზეც თავად სურს, თუნდაც თავისივე სქესის ადამიანზე.

აღნიშნული იდეა უტოპიურად მიიჩნია რამდენიმე მონაწილეს. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავს, რომ კანონი ვერ იკანონებს, თუ არ არის ამის მზაობა საზოგადებაში. “კანონი კი არ უნდა შევაპაროთ კანონს, ხალხი უნდა შევაპაროთ კანონს”, – აღნიშნა მან. საზოგადოების ლიბერალიზაციისთვის კი ხილვადობის გაზრდაა საჭირო, აუცილებელია მეტი ქამინგ აუთი და ლგბტ ადამიანების მოთხოვნების ხმამაღლა გაჟღერება. “ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმათ (საზოგადოების) ენაზე საუბარი”, – აღნიშნავს მონაწილე.

დისკუსიის მეორე ნაწილი შვილად აყვანას ეხებოდა. არაჰომოფობი მონაწილეები აქ უკვე შეყოვნდნენ და ბევრი მათგანის პასუხი იყო  – “არ ვიცი, კარგი იქნება ეს თუ ცუდი”. შემდგომ ისაუბრეს მითებზე, რომ ბავშვს აუცილებლად უნდა ზრდიდეს დედა და მამა, რომ ორი დედა ან ორი მამა ვერ იქნება ბავშვის სწორად განვითარების გარანტი. თუმცა, დისკუსიის პლუსი სწორედ ისაა, რომ მსჯელობის პროცესში ადამიანებს ახალი ვერსიები უჩნდებათ. როცა განიხილავდნენ, როგორ იზრდება ბავშვი მარტოხელა დედასთან ან მამასთან და ისიც “ჩვეულებრივი” ბავშვი ხდება, გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ დედ-მამის აუცილებლობა სულაც არაა აპრიორი. აქ ბავშვისთვის ზრუნვაა მთავარი და არა ის, თუ  ვინ აკეთებს ამას. ოჯახის მოდელიც საზოგადოების მიერაა კონსტრუირებული და ეს მშვენივრად შეიძლება შეიცვალოს. ამის შემდგომ, უკვე იმ პლუსებზე ისაუბრეს, რომელიც ერთსქესიანთა შვილობას ახლავს თან. პირველი, ერთსქესიან წყვილებში არ არსებობს ბავშვის არასასურველი ან მოულოდნელი  ალბათობა, შესაბამისად, ისინი ყოველთვის რაციონალურად იღებენ შვილის ყოლის გადაწყვეტილებას, მაშინ როცა ამის მზაობა აქვთ. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი თანატოლებისგან შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვეპლი, მას გააჩნია თანადგომის ფართო ქსელი, ოჯახით დაწყებული, შესაბამისი ორგანიზაციებით დამთავრებული. იგივენაირად, მხოლოდ ოჯახი შეიძლება იცავდეს ბავშვს, რომელსაც დიდი ზომის ცხვირის ან დახეული ტანსაცმლის გამო დასცინიან. და ბოლოს, ერთსქესიანი წყვილის შვილსაც აქვს უფლება, იყოს ცუდი ან კარგი, ჭკვიანი და სულელი, რადგან მშობლების სქესი არაარსებითი რამაა ბავშვის ჩამოყალიბებაში.

დისკუსიის ბოლოს, მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს, მათმა და-ძმებმა და ახლო მეგობრებმაც მიიღონ მონაწილეობა ალიანსში, სამომავლოდ კი უკვე მათი მშობლებისთვისაც გაიმართოს დისკუსია.

***

მეოთხე გეი-სთრეით ალიანსის ანგარიში

18/01/2013

“გეი-სთრეით ალიანსის” მორიგი შეხვედრაზე დისკუსიის ძირითადი თემატიკა იყო: სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია ლგბტ ადამიანების მიმართ, საკანონმდებლო სივრცე და ჰომოფობიის დაძლევისთვის საჭირო რეკომენდაციები.

საკანონმდებლო სივრცეზე საუბრისას აღმოჩნდა, რომ მონაწილეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია კანონებზე, რომლებიც ლგბტ ადამიანის უფლებებს ეხება, ან თუ ჰქონდათ – ძალიან მცირე. თუმცა, ყველა მათგანი ხელმძღვანელობდა “უნდა” პრინციპით და მიიჩნევდა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და დიახაც, განსაკუთრებითაც უნდა იცავდეს კონსტიტუცია სექსუალურ უმცირესობებს. დისკუსიის მსვლელობისას გამოიკვეთა აზრი, რომ კანონიც კი ვერ აღმოფხვრის ჰომოფობიას, თუ საზოგადოების ლიბერალიზაცია არ მოხდა. კანონი რომ ყველაფერს წყვეტდეს, აღარც ადმინისტრაციული დანაშაული მოხდება და აღარც – სისხლის სამართლის. ამიტომაც, ჯერ საზოგადოება უნდა შეემზადოს მიმღებლობისთვის. დისკუსიის ბოლოს მონაწილეებმა პირადი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს, თუ როგორ დაძლიეს ჰომოფობია და რა მნიშვლელობა აქვს ამას თანასწორუფლებიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

ალიანსში მონაწილეობის შედეგად თითოეულმა მონაწილემ აღნიშნა, რომ შეხვედრამ მათ მრავალი ახალი ინფორმაცია გაუზიარა, ასევე ეს იყო ახალი ადამიანების გაცნობის კარგი შესაძლებლობა. ჰეტერო ნაწილის თქმით, ლგბტ ადამიანებთან პირისპირ შეხვედრით კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ ჰომოფობიის ირაციონალურობაში. შეხვედრის ლგბტ ნაწილმა კი თანასწორობისთვის მებრძოლი ჰეტეროების მხარდაჭერით დიდი სტიმული მიიღო.

***

მესამე გეი-სთრეით ალიანსის ანგარიში

04/01/2013

“გეი-სთრეით ალიანსის” მომდევნო შეხვედრა გაიმართა. ალიანსში ტრადიციულად რვა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა. დისკუსია წარიმართა სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბების თემაზე. ამ საკითხზე მონაწილეთა აზრი ორად გაიყო. ერთნი სექსუალურ იდენტობას განიხილავდნენ, როგორც ბიოლოგიურად დეტერმინირებულ ფენომენს, მეორენი კი იდენტობის ჩამოყალიბებას ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირებდნენ. სამწუხაროდ, მონაწილეები სექსუალურ ქცევას და სექსუალურ ორიენტაციისგან არ მიჯნავდნენ. ალიანსის მსვლელობისას მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ამ ორი ცნების განსხვავებას, რაც მეტად ინფორმაციული და სასარგებლო აღმოჩნდა მონაწილეთათვის.

დისკუსიის განმავლობაში აქტუალური იყო გეი პრაიდის ავკარგიანობის განხილვა. აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა უმეტესობას ამის შესახებ სწორი წარმოდგენა არ ჰქონდა. ზოგიერთი მათგანი იდენტობის ამგვარ დემონსტრაციას პროპაგანდას და უმრავლესობისთვის თავსმოხვეულ აზრს უწოდებდა. გაიჟღერა უკვე ბანალობად ქცეულმა ფრაზამ: “ჩვენ, ჰეტეროები, ხმამაღლა ხომ არ ვაცხადებთ, რომ ჰეტეროები ვართ?”. ამ აზრს მტკიცე ოპონირება გაუწიეს და გეი პრაიდი უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლის საშუალებად მიიჩნიეს. აღინიშნა, რომ ლგბტ ადამიანთა მხარდამჭერი მსვლელობები იმის დასტურია, რომ სექსუალურ უმცირესობებს არაფერი აქვთ დასამალი, რომ საკუთარი იდენტობის გაცხადება არ არის სირცხვილი, რომ პირიქით, ეს სიამაყის გამოხატულებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის არც ერთი წევრი თავს ჰომოფობად არ მიიჩნევდა, დისკუსიის განმავლობაში მათ ჰომოფობიური განწყობები სხვადასხვა ფორმით გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიური დამოკიდებულება თავად თემის წევრებს შორისაც გამოვლინდა.

დღევანდელი ალიანსი სხვებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ მონაწილეები ჰეტეროფობიას შეეხნენ . თუმცა, ბევრ მათგანს ამ საკითხზე ნაფიქრი არ ჰქონდა, ამიტომ მათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება რამდენადმე გაუჭირდათ. გამოითქვა აზრი ჰეტეროფობიის მოტივატორებზე. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჰეტეროფობია ჰომოფობიის წინააღმდეგ საპასუხო რეაქცია და თავდაცვითი მექანიზმია.

ალიანსის თითოეული მონაწილე დისკუსიით კმაყოფილი დარჩა. აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრა ახალი ინფორმაციის მიმცემი იყო მათთვის, განსაკუთრებით ტერმინოლოგიის თვალსაზრისით, რადგან ბევრ მათგანს არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია ამა თუ იმ ტერმინის შესახებ. ამასთან,  მათ დაიწყეს ფიქრი ისეთ თემებზე, რომლებიც აქამდე მათთვის არცთუ ისე აქტუალური იყო, მაგრამ, თურმე მნიშვნელოვანი ყოფილა. ლგბტ თემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოთქვა სურვილი, მის პარტნიორსაც მიეღო მონაწილეობა “გეი-სთრეით ალიანსში”, რადგან ეს მას ერთგვარად ზოგიერთი კომპლექსის გადალახვაში დაეხმარებოდა.

***

მეორე გეი-სთრეით ალიანსის ანგარიში

28/12/2012

გაიმართა “გეი-სთრეით ალიანსის” მორიგი შეხვედრა. დისკუსიის განმავლობაში მონაწილეები  შეეხნენ შემდეგ თემებს: ერთსქესიანთა ქორწინება, ეკლესიის ნეგატიური როლი უმცირესობების ინტეგრაციის საკითხში, მასობრივი ქამინგ აუთი, ლგბტ ლიტერატურა, ინტერნალიზებული ჰომოფობია და სოციალური მედიის როლი ჰომოფობიასთან ბრძოლის საქმეში.

ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი ერთ-ერთმა ჰეტერო მონაწილემ წამოჭრა. მიუხედავად ლგბტ თემთან მეგობრობისა, ის ეწინააღმდეგებოდა ამგვარ კავშირს, და ამის მიზეზად ბავშვის სხვანაირად აღზრდას და მის საზოგადოებაში გართულებულ ინტეგრაციას ასახელებდა. მისი მოსაზრება მისაღები აღმოჩნდა  ლგბტ თემის წევრებისთვისაც. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ერთსქესიანი ურთიერთობებისთვის საზოგადოება ჯერ არ არის  მზად და “უდანაშაულო” ბავშვის ბედის სასწორზე შეგდება არ შეიძლება. მაგრამ, ვინ უნდა შეამზადოს საზოგადოება გეი ქორწინებისთვის, თუ არა მათ?

დისკუსიის განმავლობაში მნიშვნელოვანი დრო დაეთმო საქართველოს ეკლესიის ნეგატიური დამოკიდებულების განხილვას სექსუალური უმცირესობების მიმართ. გაიხსენეს ბოლო დროს მომხდარი მოვლენები, კერძოდ, თამარ გურჩიანის არდანიშვნა სახალხო დამცველად, რადგან ეკლესია მის კანდიდატურას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა. ასევე, ისაუბრეს მღვდელი გიორგი პავლოვის ქადაგებაზე, რომელიც მან ლგბტ აქტივიზმის თემას მიუძღვნა და “პიდერმოძრაობა” უწოდა. ერთია, როცა ვინმე რამეს უსაფუძვლოდ ამბობს, და მეორე როცა ადამიანები ამ ყველაფერს უპირობოდ იღებენ და ითავისებენ. ასეა ეკლესიისა და მრველის შემთხვევაშიც. ეკლესია დემაგოგობს და სიძულვის ქადაგებს, მრევლი კი ქვას ისვრის.

ალიანსის გეი წევრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ  არა მხოლოდ საკუთარ, არამედ საზოგადოებისთვის საყვარელი და ავტორიტეტული ადამიანების ქამინგ აუთს. დისკუსიის ყველა მონაწილე შეჯერდა იმაზე, რომ მსგავსი მასობრივი ქამინგ აუთები დიდი გარდატეხა იქნებოდა ჰომოფობიასთან ბრძოლაში.

ალიანსის მონაწილეების დიდი ინტერესი გამოიწვია ლგბტ ლიტერატურაზე საუბარმაც. კერძოდ, განიხილეს თომას მანის “სიკვდილი ვენეციაში”, რომლის გმირი, კომპოზიტორი გუსტავ აშენბახი, ვენეციაში ჩადის და უკვე სიბერეში  თავის სექსუალურ იდენტობას აღმოაჩენს. მას მოხიბლავს პოლონელი არისტოკრატის ვაჟის – თაძიოს სილამაზე და სიუჟეტი ამ უცხო და ამაღელვებელი გრძობის გარშემო ვითარდება. ეს მოთხრობა ესთეტიკურ გზად მიიჩნიეს ლგბტ ადამიანების შესახებ საზოგადოების სწორი ინფორმირებულობისთვის. გაჩნდა მოსაზრება, რომ მსგავსი მაღალი ხარისხის ლიტერატურა უნდა შეიტანონ სკოლებში, რათა სკოლის მოსწავლეები თავიდანვე ეცნობოდნენ განსხვავებულ სიყვარულის ისტორიებსაც. მხოლოდ ჰეტერონორმატიული ზღაპრებითა და ნაწარმოებებით ნაკვები გონება, რასაკვირველია, მომავალში რთულად მიიღებს განსხვავებულობას.

ალიანსის მიმდინარეობის პროცესში,თითქმის ყოველ თემაზე საუბრისას, თავს იჩენდა ხოლმე ინტერნალიზებული ჰომოფობიის პრობლემა. საკუთარი იდენტობისა და სხვათა შიში, აგრესია და სიძულვილი, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება ლგბტ თემის ბევრ წევრში, საზოგადოების ჰომოფობიურობას კიდევ უფრო ზრდის. გეი მონაწილეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ თუ ყველა ხმამაღლა განაცხადებს თავის იდენტობის შესახებ, იქნებ უმცირესობა აღარც გვერქვასო. ორმა მათგანმა გაიხსენა კიდეც შემთხვევები, როცა ლგბტ თემის წევრები, რომლებიც ძალიან წარმატებით და პოპულარობით გამოირჩევიან სოციუმში, ხშირად ფიზიკურად უსწორდებიას სხვა გეებს. ალბათ, ეს შინაგანი კომპლექსების და დაგუბებული ემოციების ბრალი უნდა იყოს.

ბოლოს კი, დისკუსია გაიმართა შემდეგი კითხვების გარშემო: “რატომ ვიყავი და რატომ აღარ ვარ ჰომოფობი?”. აღმოჩნდა, რომ ლგბტ ნაწილის სამი წევრი ყოფილა ჰომოფობი, ასეთივე მდგომარეობა იყო ალიანსის ჰეტერო წევრებთანაც. ძირითადი მიზეზები, რის გამოც მათ ჰომფობიურობას მიაწერდნენ, ინფორმაციული ვაკუუმი, კულტურისა და ეკლესიის გავლენა იყო. მაგრამ, საბედნიეროდ, მათ გადალახეს ჰომოფობია, რაშიც დიდი წვლილი სწორედ სოციალურ მედიას მიუძღვის. ამასთანავე, მნიშვნელოვან ანტიჰომოფობიურ მექანიზმად მიიჩნიეს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი მეგობრებისა თუ ახლობლების ყოლა, რაც ცრუ სტერეოტიპების გადალახვაში დაეხმარათ. ერთ-ერთმა მონაწილემ ისიც აღნიშნა, რომ მისი ანტიჰომოფობობა ერთგვარი ვიწრო საზოგადოების დაკვეთაც კია, რადგნან ასეთ ხალხში უბრალოდ “გიტყდება” ჰომოფობობა.

***

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: