IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• მეჩეთიდან ნამღერი მრავალჟამიერი

• Georgia – საქართველო

 

destination-istanbul-ayasofya[1]

 

მეჩეთიდან ნამღერი მრავალჟამიერი

 
(ნაწყვეტი)
 
 
რეზო, 27 წლის:
 
“თურქეთში 3 წლის წინ ჩამოვედი…
 
 … აია სოფიასთან იმ საღამოს რამდენიმე ქართველი ვნახე… ჩვენს გაჭირვებაზე ვსაუბრობდით. ეს ის დროა, როცა სტამბოლის მეჩეთებში მოლები საღამოს ლოცვაზე იხმობენ მრევლს… ერთ მეჩეთს მეორე აჰყვება, მერე მესამე… და არის ერთი კაკაფონია. შემდეგ ჩუმდებიან და ორიოდე წუთის შემდეგ ისევ იწყებენ.
როდესაც მოლას კივილი შეწყდა, ჩავილაპარაკე, – როდის დამთავრდება-მეთქი. სიჩუმე ცოტა მეტხანს გაგრძელდა და მერე უცებ კუმკაპის მეჩეთიდან კახური “მრავალჟამიერი” გაისმა. თავიდან გონს ვერ მოვედით…

როდესაც დავინახე, რომ ჩემი მოსაუბრე სკამიდან წამოიჭრა და მარჯვენა ხელი გულთან მიიტანა, მივხვდი, რომ ეს სიზმარი არ იყო. დიახ, ვიღაცები მეჩეთში კახურ მრავალჟამიერს მღეროდნენ. როდესაც ერთი ტურისტი გაოცებული მოტრილდა და სიმღერაზე მკითხა, – ჯორჯიან? ვიგრძენი, როგორ დამებერა ძარღვები. თითქოს გულიდან რაღაცამ ამოხეთქა და უნებლიეთ პირიც გავაღე (როგორც მერე მითხრეს, პასუხის ნაცვლად სიმღერა დამიწყია). გონს პოლიციის სირენების ხმამ მომიყვანა და მეჩეთიკენ გავიქეცით. უამრავ ხალხს მოეყარა თავი. როდესაც ჟანდარმებმა დამნაშავეები გამოიყვანეს, ხალხმა იხუვლა…


ასობით გაბრაზებული თურქი იყო მოსული, მაგრამ ვიყავით ჩვენ, ქართველები (სიმღერის გაგონებაზე ყველა იქ მოსულა) ძალიან ამაყნი და ძლიერნი. თითოეულმა ვიცოდით, რომ იმ წუთში არ არსებობდა ძალა, რომელიც დაგვაკავებდა, თუ საჭირო გახდებოდა… ოთხი ბიჭი იყო… როდესაც ჩაგვიარეს, ვიღაცამ დაუყვირა ქართველებო, ასე სიმღერა სად ისწავლეთო. მახსოვს, ერთი მათგანი მოტრიალდა და გაგვიღიმა, – პირველად ვიმღერეო, მოასწრო თქმა…

როცა ჟანდარმერიის მანქანები თვალს მოეფარნენ, ყველა აქსარაის ავტოსადგურში გავიქეცით, რადგან ვიცოდით, ყველა ჩვენებური, ვინც ამ ამბავს შეესწრო ან გაიგებდა, იქ მოიყრიდა თავს, მართლაც ასე მოხდა. უამრავი ხალხი მოვიდა, ამბობდნენ, – როგორც კი ეს ამბავი გავიგეთ, სამსახურში როგორ გავჩერდებოდითო და აქეთ წამოვედითო, მალე მომღერალი ბიჭების ამბავიც გავიგეთ. თურმე ესპანეთიდან მოდიოდნენ, 10 წელი სამშობლოში არ ყოფილან, აქსარაის ავტოსადგურში ავტობუსის ბილეთები შეუძენიათ (მათი ჩანთები იქვე, ავტობუსთან ეწყო) რადგან გასვლამდე რამდენიმე საათი რჩებოდა, კუმკაპში საქეიფოდ წასულან. უკვე შესაზრხოშებულებს რამდენჯერაც საქართველოს სადღეგრძელოს თქმა დაუპირებიათ, იმდენჯერ მოლას კივილს შეუშლია ხელი. გულმოსულები მეჩეთში შესულან და რუპორთან, არავინ იცის, როგორ, მაგრამ სიმღერაც მოუხერხებიათ… მომდევნო დღეებში გავიგეთ, რომ ბიჭებს ციხეში ქართველები პატივით დახვედრიან. გარედან მუდმივად უგზავნიდნენ მოსაკითხს. სამწუხაროდ, იმ ბიჭების შესახებ მეტი არაფერი ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მათი სიმღერის ამბავი მთელ სტამბოლს კიდევ დიდი ხანს ეკერა პირზე”…

30-12-2012

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: