IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ლატავრა ფოჩიანი

 Georgian Surnames

                                               

Latavra Pochiani

 სამშობლოზე მჭვუნვარე მოცეკვავე

 

ზეციურ სასუფეველს შეემატა კიდევ ერთი ჭეშმარიტი  მამულიშვილი, საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი, ქართული ეროვნული ცეკვის მშვენება -ქალბატონი ლატავრა ფოჩიანი.

ქალბატონ ლატავრას სამშობლო თვალისჩინზედ მეტად უყვარდა. ამიტომაც იგი, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პირველი დღეებიდანვე,  საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლთა  რიგებს შეუერთდა.

ქართული ცეკვის ფერიის  შემართება და საბრძოლო სულისკვეთება ბევრ ვაჟკაცსაც შეშურდებოდა.

იგი მამულის წარმატებით ხარობდა, მჭვუნვარებდა სამშობლოს უბედობით.  გვახსოვს, მისი მწუხარება 9 აპრილს საბჭოთა ჯარების მიერ გალეწილი სისხლის კალოს გამო, გვახსოვს მისი სიხარული საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას. საქართველოს დედაქალაქში, რუსთაველზე საერთო-სახალხო ზეიმისას, უბადლო ხელოვანს,  ალბათ, ისეთი აღმაფრენით არასდროს უცეკვია, როგორც იმ დღეს მთავრობის სახლის წინ საქართველოს უსინათლო მეჩონგურეთა მიერ აჟღერებულ ჰანგებზე.

საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი ქალბატონი ლატავრა ფოჩიანი, ქართული ხელოვნების სხივნათელი ვარსკვლავი, შესაშური თავდადებითა და ერთგულებით, სიკეთითა და მოყვასის სიყვარულით გამოირჩეოდა. რამდენადაც იგი დიდი ხელოვანი იყო, ორჯერ მეტად დიდბუნოვანი ადამიანიც გახლდათ. მისთვის უმთავრესი საწუხარი ჯვარცმული სამშობლო იყო.

ეშმას ნაშიერებმა თავისუფლების გზაზე შემდგარ ქართველ ხალხს მალევე წაგლიჯეს ბედნიერება, არ დააცალეს ივერიის გარწყინება.იგი არ შეეგუა, არ შეურიგდა საქართველოში კაენის მეორედ მოსვლას. იდგა იქ, სადაც მართალი საქართველო ილეწებოდა, შესაშური სიმტკიცით, თავდადებითა და ვაჟკაცობით ერკინებოდა სამშობლოს მაოხართ. იგი დევნილი, ჯვარცმული საქართველოს ცხოვრებით ცხოვრობდა. ვერ გატეხეს, ვერ მოისყიდეს. სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციეს, მაგრამ ბოლომდის უერთგულა სამშობლოსა და მისთვის ტარიგად შეწირული რაინდების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას იდეებს.

ქალბატონი ლატავრა ვაჟკაცურად იტანდა ოცწლიან დევნას, რისთვისაც იგი განკვეთა ეგრეთწოდებულმა ქართულმა ელიტამ, სამაგიეროდ ასჯერ მეტად შეიყვარა მართალმა საქართველომ თავისი მაღალი ხელოვნებითა და მამულიშვილობით, ის თავად იძლეოდა მამულის ერთგულების მაგალითს. სამშობლოს ტკივილი და ვარამი საკუთარ სხეულში განასხეულა და ამ სატკივარით აღესრულა.

და განა მარტო ის?  საბედნიეროდ, ქალბატონი ლატავრა მარტო არ ყოფილა. ავაზაკთა ზეობას ემსხვერპლა ქართული ხელოვნების ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ქართული თეატრისა და კინოს მშვენებანი, ქალბატონები იზა გიგოშვილი და ლია ელიავა, შეუდარებელი პიანისტი მედეა ფანიაშვილი, ქართული საოპერო ხელოვნების ადრე ჩამქრალი ვარსკვლავი განუმეორებელი მაია თომაძე…

ბევრი უსამართლობა იწვნია ქალბატონმა ლატავრამ ამ ავბედით ოცწლეულში, ავადმყოფობას, სიდუხჭირეს უზადო მოთმინებით იტანდა. კულტურის სამინისტრო არიგებდა მეცენატთა მიერ დაწესებულ მაღალ პენსიებს, რეგვენ და უბირ ჩინოვნიკს ქალბატონი ლატავრასათვის ასეთი რამ უთქვამს: პენსია რომ დაგენიშნოთ, პოდიუმზე უნდა გახვიდეთო (?!). იწყინა და იუკადრისა.  როგორ შეკადრეს?! პოდიუმი ხომ წკრიალაშვილებისა და ბეგაშვილების საჯირითო ასპარეზია!

დღეს, როდესაც ქართული “YouTube”-ს სივრცე გავსებულია უამრავი მასალით, მასში ერთი კადრიც კი არ არსებობს ქალბატონი ლატავრას მიერ შესრულებული უნატიფესი ცეკვებისა.

შევარდნაძის მემკვიდრე სააკაშვილის ხროვას არ აღმოაჩნდა ნება ცეკვის დედოფლისათვის დიდუბის პანთეონში მაინც მიეჩინა ძვალთშესალაგი, მაშინ, როდესაც იგი თავისი უმწიკვლო ცხოვრებითა და გენიალური ნიჭითაც უდაოდ იმსახურებდა მთაწმინდის პანთეონსაც.

  ასეთია ჭეშმარიტი მამულიშვილების თანამდევი ბედი ძლიერთა ამა ქვეყნისა მიერ განწესებული, მაგრამ ეს ვერაფერს დააკლებს თქვენს ბრწყინვალებას  ჩვენო დიდო ქალბატონო ლატავრა! 

                                

ალექსანდრე სანდუხაძე                                                                       

ლეილა ცომაია

 

 ***

 

“ცეკვა ქართული” –  ლატავრა ფოჩიანისა და ფრიდონ სულაბერიძის შესრულებით

 http://rutube.ru/tracks/1187787.html?v=d3bcd34625c7ad60d65e7f1449fbadb2

 

                    

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: