IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• მესხეთიდან დეპორტირებულთა თვითაღქმა

 

♣ “თურქი მესხები”

***

tp[1]

ტარიელ ფუტკარაძე

მესხეთიდან დეპორტირებულთა თვითაღქმა

იანეთში ჩასახლებულ პირთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით

The Identity of Repatriates from Meskheti

(შემოკლებით)

წინასიტყვაობა

სამცხე-ჯავახეთსა და ტაო-კლარჯეთთან – საქართველოს ამ ძირძველ კუთხეებთან ჩემი დაახლოება სტუდენტობიდან იწყება: ჯერ ექსკურსიები (1978-80), შემდეგ ოთის საველე სამუშაოებში მონაწილეობა (1981), საფარის სამონასტრო კომპლექსის აღდგენისთვის სტუდენტთა ექსპედიციის ხელმძღვანელობა (1982 )…

ასპირანტობის წლებში პირველი დისერტაციის (“სახელის ფორმაწარმოების თავისებურებანი ქართული ენის სამხრეთ-დასავლური კილოების – სამცხურის, ჯავახურის, იმერხეულის, გურულის, აჭარულის – მიხედვით“) წერის პროცესში (1983 -86 ) სოფელ-სოფელ ვიწერდი მესხებისა და ჯავახების თავგადასავალს, ფოლკლორს, სიმღერებს, თქმულებებს, ტოპონიმებს; ზოგჯერ ვხვდებოდი სტუმრად ჩამოსულ იმერხეველ რესპოდენტებსაც…

ამ უძველესი ქართველური კუთხის წარსული თქმულება-ლეგენდებისა და გადმოცემების სახით კარგადაა შემორჩენილი ხალხის მეხსიერებაში. მთქმელ-ინფორმატორები განსაკუთრებ-ული სიცხადით ჰყვებოდნენ ბოლო მძაფრი ამბების – 1918-19 და 1944 წლების ტრაგედიების – შესახებ… ჩემი ბავშვურ-სტუდენტური წარმოდგენა რუსთველურ-ჰეროიკულ-მწიგნობრული მესხეთის შესახებ ნელ-ნელა ტრანსფორმირდა საქართველოს ამ მხარის მოსახლეობის ქარიშხლოვანი ტრაგედიის ტკივილიან განცდად…

1990 წელს მერაბ ბერიძესთან ერთად თბილისიდან გადავსახლდი ახალციხეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის დასაარსებლად. მიზანი დიდი გვქონდა – მესხეთის კულტურული სახის აღორძინება. წარმატებულადაც დავიწყეთ, მაგრამ 1992 წელს საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობით მთელ საქართველოში დატრიალდა ტრაგიკული ქარბორბალა; მეც დევნილად ვიქეცი თბილისიდანაც და ახალციხიდანაც; ქუთაისმა შემიფარა: პროფ. მაგალი თოდუამ, როგორც ქართველური დიალექტების სპეციალისტი, დიალექტოლოგიის ინსტიტუტში სათანამშრომლოდ მიმიწვია და ავაზაკთა დევნისგან დამიცვა… იმერეთში – საუკუნეების მანძილზე ქართველ ხიზანთა გაუცემელ თავშესაფარში – ვიპოვე პატარა მესხეთი: აქ დამხვდნენ მესხეთიდან თურქობას გამორიდებული ლომსიანიძეები, ჯავახაძეები, ბერიძეები, მესხიები და სხვ. აქვე იყო ქართველ კათოლიკე მესხთა დასახლება სოფელ კუხში და “მუსლიმან მესხთა დასახლება“ სოფელ იანეთში – სამტრედიის რაიონში, ქუთაისთან ახლოს.

განსაკუთრებული თანადგომა სჭირდებოდათ სოფელ იანეთის ერთ-ერთ უბანში ახალჩასახლებულ ადამიანებს, რომლებიც 194 4 წელს სამცხე-ჯავახეთიდან გადაასახლეს შუა აზიაში, ხოლო 80-იან წლებში საქართველოში დააბრუნეს: საქართველოს სხვა პატიოსან მოქალაქეთა მსგავსად, ეკონომიკურად მათაც უჭირდათ, მაგრამ რეპატრიანტთა უფრო არსებითი პრობლება იყო გაუცხოება – მიტოვებულობა ყველასგან. ამგვარი მიუსაფრობის მიზეზს არ წარმოადგენდა მხოლოდ პოსტპუტჩურ საქართველოში არსებული ქაოსი: XX საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში ახალჩამოსახლებულთა შესახებ დამხვდურთ არ ჰქონდათ გამოკვეთილი წარმოდგენა, კერძოდ, ზოგი მათგანი რეპატრიირებულ ქართველთაც თურქებს/თათრებს ეძახდა, ზოგი კი დეპორტირებულ ეთნიკურ (თუ თვითაღიარებულ) თურქსაც “რატომღაც“ ქართველად თვლიდა. არც მესხეთიდან დევნილთა დიდი ნაწილის განცხადებები იყო სასაქართველოო…

ამ პერიოდშივე აქტიურად დამკვიდრდა საოცრად ულოგიკო ტერმინი თურქი-მესხი. არადა, გასახლებულთა ნაწილი მართლაც იყო ქართველი, ნაწილი – თურქი, ნაწილი – მუსლიმანი სომეხი, თათი, ქურთი და ა.შ…

მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის შთამო-მავლებიც რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი: ქართველებად, თურქებად, ზოგადად, სამშობლოდაკარგულებად.

საქართველოში დაბრუნებულთა უმრავლესობასაც არ ჰქონდა გამოკვეთილი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერება; კერძოდ: რეპატრიირებულთა დიდ ნაწილის თვითაღქმა გაორებული იყო; საქართველოში ჩამოსახლებულთა მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდა საკუთარი ქართველური წარმომავლობა და თავს საქართველოს რესპუბლიკის პატრიოტად აღიქვამდა ქრისტიან მესხთა, აჭარელთა, მეგრელთა, სვანთა, კახელთა, ფხოველთა, იმერელთა თუ სხვა ქართველთა მსგავსად…

ჩვენს რესპოდენტებს – იანეთში ჩამოსახლებულ პიროვნებებს – რუსეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში დამკვიდრებულ თანამობედეთა უმრავლესობისგან განსხვავებით, თავი ქართველებად მიაჩნიათ, მაგრამ, ქართულის არცოდნისა თუ სხვა ფაქტორების გამო, ბევრს მაინც გაორებული თვითაღქმა (იდენტობა) აქვს; ასაკოვანნი ხმამაღლაც ამბობენ:

_ არ ვიცით, ვინა ვართ და რა ვქნათ!

ერთი სიტყვით, სხვა დროს დევნილთა მსგავსად, ავბედობამ მესხეთიდან დეპორტირებულთაც წაართვა საკუთარი ისტორია…

ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს თავისი წარსული, ამიტომ, ჩვენ, ვისაც ხელგვეწიფება, ვალდებულნი ვართ, საქართველოდან სხვადასხვა დროს დეპორტირებულ-დევნილთ მივაწოდოთ სამეცნიერო ასპარეზზე დაგროვილი ცოდნა, რომელიც დაუბრუნებს მათ ეროვნულ-კულტურულ მეხსიერებას (ნებისმიერ პიროვნებას შინაგანი წონასწორობისთვის სჭირდება თავისი ეთნო-კულტურული მეობის გაცნობიერება). აკადემიური საინფორმაციო ბაზის მოსამზადებლად, აუცილებელია, საქართველოს, თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის და სხვა ამჟამინდელ სახელმწიფოთა ხელისუფლებების თუ სამეცნიერო წრეების ინტენსიური თანამშრომლობა. მისასალმებელია, რომ, ქართველური კულტურული მემკვიდრეობის აღნუსხვა-შესწავლის მიზნით, ქართველებთან შემხვედრ ნაბიჯებს დგამს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა – თურქეთი.

P.S. წარმოდგენილ ნაშრომში მითითებული წყაროები და ლიტერატურა ვრცლად მოცემულია ჩემს წიგნში ქართველები (თბ. 2005 ).

***

ფიქრი დიდი ტკივილის მიზეზის ძიებისას

მეზობელი თუ დამეზობლებული ეთნოსები; სახელმწიფოების საზღვრების გადასინჯვის სისხლიანი პროცესები…

მოსულნი მარცხდებიან ან იფართოებენ გავლენის ველს, შესაბამისად, ხდება ავტოქთონთა გაძლიერება თუ განდევნა-მოწყვეტა წინაპართა ფესვებისგან. ხშირად, შიმშილით თუ სიცივით სიკვდილი ან უცხოეთში გარდაცვალება; ზოგჯერ: რეპატრიაციის რთული პერიოდი…

დამხვდურზე არანაკლებ გაუსაძლისში ცხოვრობენ მომხდური ეთნოსების წარმომადგენელი უბრალო ადამიანებიც…

ნუთუ ასე რთულია უსისხლო და უკონფლიქტო თანაცხოვრება? რატომ კლავენ და ავიწროებენ ადამიანები ერთმანეთს, დედამიწა ხომ კიდევ დიდხანს დაიტევს გაცილებით მეტსაც? რა არის მიზეზი ადამიანთა უფლებების ამ საშინელი დარღვევებისა?

პასუხი ერთია:

ძალაუფლების მქონეთა ან მოსურნეთა იმპერიული (მომხვეწლური) ინტერესები! არადა:

იმპერიული აზროვნება და უღვთო გზით სწრაფვა ბოროტების მომტანია არა მხოლოდ დასაპყრობი/დაპყრობილი, არამედ თავად დამპყრობელი მოსახლეობისთვისაც/ინდივიდისთვისაც; მაგალითად, ლენინის ამბიცია ტრაგედიად მოევლინა რუსეთის იმპერიას (საბჭოთა მოდელის ძერწვამ დეგრადაციის საფრთხის წინაშე დააყენა რუსული კულტურა), ჰიტლერისა – გერმანიას, სადამისა – ერაყს და სხვ.

ევროპულ-აზიური კულტურების შეხვედრებისა და გეოპოლიტიკურად სტრატეგიული კავკასიის ცენტრში არსებულ საქართველოს ყველა მოძალადე ეტანებოდა; ქართველობამ საუკუნოვან მუდმივ ბრძოლებში შეძლო თავისი დიდი სამწიგნობრო ენის, კულტურისა და ტერიტორიის ნაწილის შენარჩუნება, მაგრამ რამდენი სისხლი დაიღვარა, რამდენი ადამიანი გაუბედურდა…

ქართველთა და სხვა ეთნოსთა ტრაგედიები განსაკუთრებულად მძაფრი იყო ევრაზიული სივრცის სტრატეგიულ ველში – მტკვრისა და ჭოროხის სათავეებში – ისტორიული საქართველოს ცენტრალურ რეგიონში – მესხეთში.

ამჟამინდელ მესხთა წინაპრები

შუა საუკუნეებში მესხეთი მთელი სამხრეთ საქართველოს სახელი იყო; ისტორიულ მესხეთში შედიოდა: სამცხე, ჯავახეთი, აჭარა, კლარჯეთი, შავშეთი, ერუშეთი, ჭანეთი, ლაზეთი, ლივანა, მაჭახელი, კოლა, იმერხევი, ორივე ტაო…

მესხეთის პირველი დიდი ტრაგედია – ქრისტიანთა დევნა

მესხეთის მიწაზე ადრეც ბევრი სისხლი დაღვრილა, მაგრამ ათვლას საქართველოს ოქროს ხანიდან ვიწყებთ: XVI-XVII საუკუნეებში ისტორიული მესხეთი სპარსელებისა და თურქების ბრძოლის ეპიცენტრი იყო; საქართველოს ერთიანობას დიდად ავნო მესხეთის მმართველების – ჯაყელების – სეპარატიზმმაც. XVI საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალოებმა კონტროლი დაამყარეს სამცხე-საათაბაგოს სამთავროზე და საქართველოს ამ ისტორიულ მიწა-წყალს “გურჯისტანის ვილაეთი“ დაარქვეს; დაპყრობილი რეგიონის ზუსტი აღწერაც ჩაატარეს: 1595 წელს შედგენილი “გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარი“ საყურადღებო დოკუმენტია მეცნიერებისათვის; კერძოდ, “დავთრის“ მიხედვით, ირკვევა, რომ 1595 წელს სამცხე-საათაბაგოში 12738 კომლია, ამათგან 12339 არის ქართველი ქრისტიანი; მაგ., 1595 წლის აღწერის მონაცემებით, მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ: სხვილისში, ვარევანში, ტურცხში, ბურნაშეთში, აზავრეთში, კარტიკამში, აბულსა და სხვ. (ა.სილაგაძე, ა.თოთაძე, 2002, გვ. 34).

დასუსტებული საქართველო ვერ ახერხებს მესხეთის დაბრუნებას, მაგრამ სპარსეთიც ამაოდ ცდილობს, თურქეთს წაართვას ქართველთა ეს ტერიტორია:

სოფელ ზოჰაბში 1639 წლის 18 მაისს ირანსა და თურქეთს შორის დადებული ზავით, მესხეთი თურქეთს დარჩა; მესხეთმა, როგორც “საქართველოს ყველაზე მოწინავე კუთხემ, არსებობა შეწყვიტა“ (მ.რეხვიაშვილი). ამის შემდეგ დამპყრობლები უფრო წარმატებით ავიწროებენ, დევნიან, კლავენ ერთიანი საქართველოსთვის მებრძოლ თავად-აზნაურებსა და გლეხებს. ქართველების ხანგრძლივი წინააღმდეგობით გამწარებული ოსმალოები განსაკუთრებული სისასტიკით მართლმადიდებლებს ანადგურებენ. ამ დროს საქართველოს სხვა კუთხეებს შეაფარეს თავი ავალიშვილების, გოგორიშვილების, ბერიძეების, ლომსიანიძეების, მესხაძეების, მესხელების, მესხების, მესხიების, მესხიშვილების, მუსხელიშვილების, ციციშვილების, ჯავახაძეების, ჯავახიების, ჯავახიშვილების… წინაპრებმა. ქართველთაგან დაცარიელებულ სოფლებში ოსმალოები ასახლებენ მომთაბარე თურქებს, თათებს, თარაქამებს; ადგილზე დარჩენილი ქართველობის ნაწილშიც ჯერ ცეცხლითა და მახვილით, მოგვიანებით კი, ეკონომიკური შეღავათების გზით, მაჰმადიანობას ამკვიდრებენ. ქართველთა ნაწილი მაინც ინარჩუნებს მართლმადიდებლობას…

მე-18 საუკუნეში მესხეთის კრიზისი ღრმავდება: მუსლიმანობის გავრცელებით იზღუდება საეკლესიო ცხოვრება და მრევლი; შესაბამისად, ვიწროვდება ძირძველი ქართული სამწიგნობრო ენის გავლენის ველი… ფაქტობრივად, თურქებისვე ხელშეწყობით, ეკლესიაში ქართულს ენაცვლება სომხურიც: რომის რიდით, ოსმალოები კათოლიკებს არ ერჩიან, ამიტომ ქართველთა ერთი ნაწილი კათოლიკე ხდება; მაგ., ჟაკ ფრანსუა გამბას ცნობით, 1820-1824 წლების ახალციხის მხარეში (უდე, არალი, ხიზაბავრა, ივლიტა, წყრუთი, ვალე, აბასთუმანი, ხერთვისი…) 500 კათოლიკე ოჯახია; მათ ორი ეკლესია აქვთ და ექვსი მღვდელი ემსახურება; ღვთისმსახურება სომხურ ენაზე წარმოებს (ჟ.ფ.გამბა, 1987, გვ. 265 ).

ისტორიულ წყაროებს/დოკუმენტებს ეთანხმება XIX საუკუნის კოლა-არტაანსა და ტაო-კლარჯეთში მცხოვრებ მუსლიმან ქართველთა მონათხრობი, რომელიც ჩაწერილია ზაქარია ჭიჭინაძის მიერ საქართველოს ამ ისტორიულ კუთხებში მოგზაურობის დროს; კერძოდ, ზ.ჭიჭინაძე წერს:

“ოლთელნი და არტაანელნი ამბობენ, რომ არტაანის ქართველებში გამუსლიმანება სწორედ იმ დროს დაწყებულა, როცა მუსლიმანობა ოლთისკენ დაწინაურებულა და გავრცელებულა. ამიტომ მთელმა არტაანმაც ბევრად ადრე მიიღო ისლამიო, ვიდრე შავშელ და აწარელთაო. ამ გარემოებას დიდად ხელს უწყობდა ისიც, რომ ყარსის (კარი) თემის ქართველებში მუსლიმანობა ერთობ მალე გავრცელდა, ვინც ეს არ იწამა, იმას გადასახლება უხდებოდა, ოსმალოს მთავრობა გადასახლებულთა ადგილებზედ ასახლებდა ბერძნებს, სომხებს, ქურთებს და თათრებს“ (ზ.ჭიჭინაძე, “ქართველთა გამუსლიმანება, 2004, გვ. 114 ).

მესხეთის მეორე დიდი ტრაგედია – მუჰაჯირობა

კავკასიაში დაწყებული რუსეთ-თურქეთის ომების დროს მესხეთში გადარჩენილ ქრისტიან ქართველებს არცერთი დამპყრობელი არ ენდობა, რუსების მხარეს იბრძვიან სომხები, ხოლო თურქებისა – ეთნიკური თურქები და გამაჰმადიანებული მოსახლეობის ნაწილი. თურქეთის დამარცხების შემდეგ 1829-30 წლებში ახალციხის საფაშოს რუსეთი იერთებს; თურქობის გამო, მესხეთიდან იმერეთსა და ქართლში ადრე გაქცეული მესხი თავად-აზნაურები (ციციშვილები, ავალიშვილები, მუსხელიშვილები, გოგორიშვილები…) პასკევიჩს წარუდგენენ მემკვიდრეობის დოკუმენტებს და სთხოვენ მამულების დაბრუნებას, მაგრამ იმპერიის ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდეგ პასკევიჩი არა მხოლოდ მათ, არამედ ადგილზე დარჩენილი ბეგების მიწებსაც კი სახელმწიფო საკუთრებად აცხადებს და მუსლიმან ქართველთაც აიძულებს, სამუდამოდ დატოვონ წინაპართა მიწა; ამ პერიოდში რუსეთის იმპერიამ პასკევიჩის, პოტიომკინის, ზავილეისკის, ბებუთოვისა და სხვათა აქტიურობით, შეავიწროვა და 1928-29 წლებში საქართველოდან წასვლა აიძულა ათიათასობით მუსლიმან ქართველს; 1830 წელს, პასკევიჩისა და სომეხი ეპისკოპოსების მოლაპარაკების შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის თავად-აზნაურთა მიწებსა და მუჰაჯირ ქართველთა სახლ-კარში დასახლდნენ ერზურუმიდან აყრილი სომხები (შ.ლომსაძის ცნობით, დაახლოებით 5000 ოჯახი – 35000 სული, ხოლო ა.სილაგაძისა და ა.თოთლაძის მიხედვით – 25000).

რუსების მცდელობის მიუხედავად, ახალციხე-ახალქა-ლაქში მაინც დარჩნენ მუსლიმანი ქართველები; მაგ., 1832 წელს, ცნობილი მოგზაურობის შემდეგ, დი ბუა დი მონპერე ასკვნის: “ახალციხის საფაშოში თურქებად მიჩნეული მოსახლეობის დი-დი ნაწილი ქართველია, რომელთაც მიღებული აქვთ ომარის სექტის მაჰმადიანობა; მათ შენარჩუნებული აქვთ ქართული ენა, ქართული გვარები და ქართველთათვის დამახასიათებელი ზნე-ჩვეულებანი… წლობით გარემოების ზეგავლენის მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა რჩება მარადის ქართველ ტომად“…

რუსეთის იმპერია ხელს უშლიდა თურქებისგან ძალით გამაჰმადიანებული ქართველობის მობრუნებას დედარელიგი-ისკენ; მაგ., 1888 წელს არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია არწმუნებს ეგზარქოს პალადიეს:

“ბათუმისა და ართვინის ოლქებში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ქრისტიანული წეს-ჩვეულებები, იოლია ქართველ-ების მობრუნება მართლმადიდებლობაზე“…

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამაუქმებელი იმპერია საპირისპიროდ მოიქცა: შემოერთებულ ნაწილში ძალაში დატოვა “შარიათი“; მეტიც, “რუსები ღვთისმსახურებს იწვევდნენ ანატოლიიდან, რამაც მხოლოდ გამაჰმადიანების პროცესი კი არა, ამ მხარის გათურქების პროცესიც გააღრმავა“ (შ.ლომსაძე). რიტორიკულ კითხვას პასუხი არ სჭირდება, მაგრამ მ.თამარაშვილის 100 წლის წინანდელი წუხილის გვერდით გავიხსენებთ ა. ყიფშიძის იმავდროინდელ დასკვნას:

მიხეილ თამარაშვილი: “თურქთა უღლიდან განთავისუფლების შემდეგ რა ხელშემწყობი მიზეზებით იკიდებს ფეხს თურქული ენა სამცხე-ჯავახეთის ქართველ მაჰმადიანებში?“ ან: “ახალ დროებში რატომ ბნელდება ერთ დროს თავმოწონებული მესხი, სწავლითა ქებული?..“

ალექსანდრე ყიფშიძე: “საოცარი ამბავია, მაგრამ შეურყეველი და ჭეშმარიტი ისაა, რომ ქართული ენა უფრო დაიჩაგრა რუსების მოსვლის შემდეგ სამცხე-საათაბაგოში… მიზეზი ისაა, რომ ქართულმა ენამ ხალხში ფუნქცია დაკარგა რუსობის მართვა-გამგეობის დროს, აღარაა იგი ხმარებაში სკოლაში, სასამართლოსა და პოლიცია-ადმინისტრაციაში…“ (ა.ფრონელი, 1991, გვ. 135 ).

მესხეთის მესამე ტრაგედია – მუსლიმანების მიერ მართლმადიდებელ ქრისტიანთა ამოწყვეტა

1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი გეგმის მიხედვით (საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას ორივე იმპერია შეთანხმებულად უშლიდა ხელს), აბასთუმანში ჩატარდა “ადგილობრივ მუსლიმანთა ყრილობა“, რომელმაც გამოაცხადა სამცხის, ჯავახეთის, არტაანის, შავშეთის, აწარისა და ყარსის მუსლიმანთა (ქართველებისაც და არაქართველებისაც) სახელმწიფოს დაარსება; თურქეთის წაქეზებით, ამ უდღეური წარმონაქმნის მეთაურის – სერვერბეგ ქვაბლიანსკის (თან ბეგი, თან ქვაბლიანსკი! არადა, ჯაყელთა უშუალო მემკვიდრეა) პროვოცირებით, თურქებმა, რუსმა თეთრგვარდიელებმა და მესხეთში მცხოვრები მუსლიმანების ერთმა ნაწილმა 1918-19 წლებში სასტიკად ააოხრა მეზობელი მართლმადიდებელი ქართველობა – დედასამშობლოსა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის დასაჯეს: აყარეს საცხოვრებელი ადგილებიდან, ნაწილი დახოცეს, გააუპატიურეს, გაძარცვეს… ნოე ჟორდანიას ხელისუფლების აქტიურობით, ბაკურიანში, ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის ტყეებში გახიზნული გადარჩენილი ქრისტიანი ქართველები თავიანთ საცხოვრისებში დაბრუნდნენ, მაგრამ მათ უდიდეს ტკივილად დღემდე გამოჰყვათ ეს დამცირება.

საბჭოთა პერიოდში მინელდა მანამდე პროვოცირებული მუსლიმანურ-ქრისტიანული დაპირისპირება; ქართულის მცოდნე მუსლიმანი ქართველები თავის ქართველობას ნელ-ნელა აცნობიერებენ და ქართული სკოლების გახსნას ითხოვენ (გამაჰმადიანებულ ქართველთა ნაწილს ამ დროს უკვე დავიწყებული აქვთ ქართული ენაც; იხ., ზ.ჭიჭინაძე, 2004, გვ. 105 -106).

კომუნისტური ხელისუფლება, აგრძელებდა რა მეფის რუსეთის პოლიტიკას, მუსლიმან ქართველთა ქართულად განათლების ხელშეწყობის ნაცვლად, აზერბაიჯანულ სკოლებს ხსნიდა; მასწავლებლებსაც კი აზერბაიჯანიდან იწვევდა (თვითმხილველის ცნობებისათვის იხ., გ.ბოჭორიძე, 1992; საკითხის მიმოხილვისათვის, კი – ა.სილაგაძე, ა.თოთაძე, 2002 , გვ. 38-39).

მესხეთის მეოთხე ტრაგედია – რუსეთის იმპერიის მიერ

მუსლიმანთა გასახლება

რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ბოლო ეტაპზე – მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა იმპერია უკვე აღარ ენდობა საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრებ მაჰმადიან მოსახლეობას (რომელთა ნაწილს საბჭოთა მოქალაქეობაც კი არ ჰქონდა მიღებული!); სწორედ ამიტომ, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1944 წელს რუსეთის იმპერიამ კავკასიიდან გაასახლა 150 000-ზე მეტი ადამიანი; ამათგან საქართველოდან (სამცხე-ჯავახეთიდან) ერთ ღამეში სახლებიდან გამოყარეს 15 ათასი ოჯახი, ანუ 94000 ადამიანი, მათ შორის იყვნენ: მაჰმადიანი ქართველები, ეთნიკური თურქები, თათები, ჰემშინები/ხემშილები (მუსლიმანი სომხები), ქურთები, თარაქამები. გასახლებულ პირთა ნაწილი გზაშივე დაიხოცა; გადარჩენილებმა დღემდე ჯოჯოხეთში იარეს.

1944 წელს მესხეთიდან გასახლებულ პირთა საერთო სახელად დღემდე დამკვიდრებულია ტერმინი “თურქი მესხები“. რამდენადაც, სამცხე-ჯავახეთიდან აყრილი მოსახლეობა არ იყო ერთგვაროვანი, მათ საერთო სახელად გაუმართლებელია რომელიმე ერთი ეთნონიმი, მით უმეტეს, ტერმინი თურქი მესხი: ისტორიული წყაროების მესხები ქართველთა ერთ-ერთი ჯგუფია, შესაბამისად, თურქი მესხი ისეთივე აბსურდული ტერმინია, როგორც, მაგალითად, ფრანგი რუსი; შდრ., ლოგიკური შესიტყვებებია: მოსკოველი ქართველი, თურქი მესხეთიდან, ამერიკელი ფრანგი, რუსი საფრანგეთიდან…

1944 წელს რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ მოსახლეობას შეესაბამება ფრაზა: “მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობა“; შდრ., ასეთ საერთო აღმნიშვნელად ვერ გამოდგება ტერმინები: თურქი, მაჰმადიანი ქართველი, მესხეთელი თურქი, მესხი, თათი, თარაქამა, ხემშილი…

ისტორია ასახულია აწმყოშიც:

კავკასიიდან (საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ჩრდილო კავკასიიდან…) გასახლებულთა შთამომავლების ნაწილი დღესაც ქართველობას იჩემებს და სამშობლოსკენ ილტვის; მეორე ნაწილი თავს თურქად მიიჩნევს და საქართველოს სასაზღვრო ზოლში ითხოვს (აზერბაიჯანიდან დეპორტირებულნიც კი!) ტერიტორიას კომპაქტურად ჩასახლებისა და თურქეთთან მიერთების მიზნით (იხ., მაგ., “ვათანის“ წევრთა მოთხოვნები). აშკარაა ისიც, რომ გადასახლებულ და რეპატრიირებულ ადამიანთა საკითხით საქართველოს სახელმწიფოსადმი მტრულად განწყობილი ძალები მანიპულირებენ.

არადა:

საბჭოთა იმპერიის მიერ მესხეთიდან დეპორტირებულმა უბრალო ხალხმა გადაიტანა: იძულებით მგზავრობაში ახლობელთა სიკვდილი (17000-მდე!), დევნილობაში დამცირება, ფერგანის გენოციდი, შიმშილი, სიცივე… ყველგან უცხოდ მცხოვრები მათი შთამომავლები დღემდე იტანჯებიან. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 1944 წელს დეპორტირებულნიც ისევე ეწამნენ, როგორც:

_ XVII საუკუნის დასაწყისში სპარსელების მიერ კახეთიდან აყრილი შუა ირანში – ფერეიდანში – გადასახლებული ქრისტიანი ქართველები;

_ XVII საუკუნეში თურქების მიერ მესხეთიდან აყრილი ქრისტიანი ქართველები;

_ 1828-29, 1879-80 და შემდგომ წლებში რუსულ-თურქული გარიგებით, სამცხე-ჯავახეთიდან, არტაანიდან, ყარსიდან, აწარიდან, ტაო-კლარჯეთიდან აყრილი და შუა თურქ-ეთში გადასახლებული მაჰმადიანი ქართველები;

_ 1882 -95 და 1915 -17 წლებში ოტომანთა იმპერიის მიერ დევნილი სომხები;

_ 1918-19 წლებში სამცხე-ჯავახეთში დარბეული ქართველი მართლმადიდებლები;

_ 1944 წელსვე კომუნისტური იმპერიის მიერ დასჯილი ყირიმელი თათრები, გერმანელები, ჩეჩენ-ინგუშები, ჩერქეზები, უბიხები…

_ 1960-62 წლებში რუსეთ-თურქეთის შეთანხმების (ე.წ. კოსიგინის დოკუმენტის შექმნის) შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებში მოქცეული ქართული მიწებიდან შუა თურქეთში გასახლებული ქართულენოვანი მოსახლეობა (რატომ არავის აწუხებს მათი რეპატრიაციის საკითხი?);

_ 1991-93 წლების იმპერიულ-კრიმინალური პუტჩით დევნილი პატრიოტები და პუტჩისშემდგომ გაუსაძლის ყოფას გარიდებული საქართველოს სხვა მოქალაქენი (მათი ნაწილი – ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი – დღესაც უცხოეთშია მიგრირებული);

_ 1992-2000 წლებში საქართველოს უძველესი კუთხეებიდან – აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსეთის მიერ გამოძევებული საქართველოს მოქალაქეები…

როგორ შევძლოთ თანაცხოვრება?

რითი შეგვიძლია დღეს ჩვენ დავეხმაროთ კახეთიდან, ტაო-კლარჯეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან აყრილ (და ფერეიდანში, შუა თურქეთში, შუა აზიაში… გადასახლებულ) ქართველ მუჰა-ჯირებს/ემიგრანტებსა თუ დეპორტირებულებს ისე, რომ მათ ნასახლარებში იძულებით თუ ნებით “დამკვიდრებული“ ადამიანების დღევანდელი თაობები არ გავაუბედუროთ? მაგ., 1944 წელსვე ზემო იმერეთში იძულებით აყარეს და მესხეთის დაცარიელებულ სოფლებში ჩამოასახლეს ათასობით ოჯახი; ფერეიდანში გადასახლებულთა ნაცვლად დღეს კახეთის შესაბამის სოფლებში ათეულათასობით ადამიანი ცხოვრობს… აქვეა აღსანიშნავი, რომ დეპორტირებულთა კომპაქტური დასახლება შესაძლებელია ისტორიული მესხეთის ცარიელ მიწებზე (ასეთი კი დღეს მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებშია არტაანის მხარის სახით)…

არსებული პრობლემები, სულ მცირე, ორი მიმართულებით მოითხოვს ობიექტურ განსჯას:

a. დასაცავია საკუთარი საცხოვრისიდან (აფხაზ-ეთიდან, სამაჩაბლოდან, მესხეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან…) აყრილ საქართველოს მოქალაქეთა (ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად) უფლებები; დასადგენია მათ მიმართ კომუნისტური იმპერიის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ხასიათი;

b. გასათვალისწინებელია მრავალმხრივ დაზარალ-ებული საქართველოს რესპუბლიკის სასიცოცხლო ინტერესები.

საამისოდ საჭიროა:

_ აფხაზეთისა და ცხინვალის მხარეების ჩათვლით, საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლების იურისდიქციის სრული აღდგენა და საქართველოს ტერიტორიაზე დღეს არსებული “შავი ხვრელების“ მოშლა (“სეპარატისტებად“ სახელდებული პრორუსულიმპერიული კლანები რომ აკონტროლებენ);

_ საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართული სამწიგნობრო ენის (აფხაზეთში, აგრეთვე, აფხაზური ენის) – უფლებების სრულყოფილი განხორციელება საქართველოს იმ ისტორიულ მხარეებში, სადაც ჩამოსახლებული არიან სხვა ეთნიკური ჯგუფები;

_ დევნილ მაჰმადიან ქართველთა (მესხთა, ფერეიდნელთა, იზმითელთა, ინეგოლელთა, ადაფაზარელთა…) ისტორიული კულტურული მეობის გადარჩენა;

_ ქართველი ერისა და საქართველოს სხვა მოქალაქეების რელიგიურ-კულტურული ღირებულებების დაცვა;

_ ქართველური ცნობიერების ნიველირებისა და ტერიტო-რიების შემდგომი დაკარგვის საფრთხის თავიდან აცილება (სასაზღვრო ზოლში უცხოენოვანი კომპაქტური მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდის შემთხვევაში დიდი საფრთხე შეექმნება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს; მაგალითად, ყველას ახსოვს რუსეთის იმპერიის გეგმითა და იუსუფ სარვაროვის მეწინავეობით 1990 წლის 10 აგვისტოს ადლერის სტადიონზე მესხეთელი თურქების სახელით ჩატარებული მიტინგის მთავარი ლოზუნგი: “საქართველოს ხალხებო! დაგვეხმარეთ მესხეთელ თურქებს, დავბრუნდეთ მესხეთში“ ნ.მიქაძის დოკუმენტური მასალისათვის იხ. “ოქროს საწმისი“, 1990, № 5 , გვ.12 )…

იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხს საერთაშორისო მასშტაბის ანალიზი, დიდი მატერიალური სახსარი, ხანგრძლივი დრო და, რაც მთავარია, სახელმწიფოში კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობა ესაჭიროება…

არადა, ამჟამად გაუსაძლის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კრიზისს განიცდიან დევნილი კონკრეტული ადამიანები; რითი შეგვიძლია მივესალბუნოთ: კახეთიდან და მესხეთიდან აყრილთ, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს, ეკომიგრანტებს…

ჩვენ რაღაც ხომ შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის?

პირადად ჩემი და ჩემი მეგობრებისა თუ კოლეგების ხედვის ველში 2000 წლიდან მოექცნენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც 1982-1989 წლებში ეროვნული ძალების მხარდაწერით, როგორც დეპორტირებული ქართველები /მესხები, ჩამოსახლდნენ საქართველოში, სოფელ იანეთში; ეროვნული ძალებისვე აქტიურობით, სახელმწიფომ მაშინ მათ აუშენა საცხოვრებელი სახლები, დაასაქმა, გაუხსნა სკოლა; რეპატრიირებულთ მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში მხარი დაუჭირეს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენას: საქართველოს სხვა მოქალაქეთა მსგავსად, იზეიმეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თუმცა, მათთვის ფსიქოლოგიური ხასიათის სირთულეები მაინც დარჩა.

იანეთში პრობლემები განსაკუთრებით გამძაფრდა ბოლო ათწლეულში, როცა უაღრესად დასუსტდა სახელმწიფოებრივი მენტალობა და მოიშალა ეკონომიკა. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს აღარ შეუძლია არათუ ფერეიდნელებისა და 1944 წელს დეპორტირებულთა შთამომავლების კომპაქტურად ჩამოსახლების უზრუნველყოფა, არამედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ახლახან გამოდევნილი მოსახლეობის მოვლა-პატრონობა…

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000008/mesxetidan_deportirebuli.pdf

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: