IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• საბა იბერი – ოროსნების ხელისუფლება

• საქართველო – Georgia

ოროსნების ხელისუფლება

ვისაც საბჭოთა სკოლაში უსწავლია, აუცილებლად ემახსოვრება კლასის შემადგენლობის პირობითი დაყოფა სახასიათო ჯგუფებად. ცხადია, სკოლებში და კლასებში ალბათ დღემდე შეინიშნება მსგავსი განსხვავებანი, მაგრამ წერილის ავტორის სასკოლო პერიოდი საბჭოურ ეპოქას ემთხვევა და, რადგან ქვეყნის სათავეში დღეს ძირითადად საბჭოთა სკოლადამთავრებული ადამიანები არიან, მისთვის უფრო ადვილია იმდროინდელი კრიტერიუმებით ოპერირება.

როგორც კლასებში იყოფოდნენ მოსწავლეები, ცხადია, პარალელურად, საზოგადოებაც იმგვარადვე იყო დაყოფილი.

თუ იმ საბჭოთა პერიოდის საქართველოს გავიხსენებთ, სხვადასხვა სკოლებისა და კლასებისათვის, მცირედი ცდომილებებით, კლასში ჩვეულებრივ მოსწავლეთა გვერდით ყოველთვის გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული, მცირერიცხოვანი პოპულაციები: ა) ე. წ.  „სვეტები“ და ძველბიჭები, ბ) ხუთოსნები და კომკავშირლები და გ) წყალწაღებული ოროსნები. იოლი პროცენტული გადათვლისათვის, წარმოვიდგინოთ, რომ კლასში ზის 50 მოსწავლე, რომელთაგან უმრავლესობა –  ჩვეულებრივი ბავშვები არიან,  მაშინ დაახლოებით 5 იქნება – „ძველი ბიჭი“ და „სვეტი“, 5 – ხუთოსან-„კომკავშირელი“ და 5 – წყალწაღებული ოროსანი. მათთვის, ვისთვისაც საბჭოთა პერიოდი უკვე ახლო წინაპრების ისტორიაა, შეგვიძლია განვმარტოთ: „სვეტები“ (უმეტესად გოგონები) და“ძველბიჭები“  გახლდნენ ან ოჯახური პრივილეგიებით (პარტნომენკლატურა, ხელოვნების ქურუმები, ვაჭრები, კარის მეცნიერები და მისთ.) გაზულუქებული, ან პიროვნული  ფსიქოპათიური პათოლოგიით აღბეჭდილი არსებანი, რომელთაც დაახლოებით ისე ეჭირათ თავი და ისე არ მიაჩნდათ ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად, როგორც ფეოდალთა შვილებს ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში.

ხუთოსნები და „კომკავშირლები“ – ძირითადად საშუალო ფენის ძირებიდან მოდიოდნენ და ძლიერთა ამა ქვეყნისათა მარაქაში გასარევად საკუთარ თავზე იყვნენ ორიენტირებულნი –  ცდილობდნენ ან საკუთარი  გონებისა და ინტელექტის სრულყოფას, ან არავერბალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რათა მყისიერად შეცვლილი სოციუმის ვითარებაში მორგებოდნენ წუთისოფლის მდინარებას და შეევსოთ ის ადგილი, რომელიც იდეოლოგიის მამებს მხოლოდ საკუთარი წრისათვის ჰქონდათ გამოყოფილი – ისინი თავის ადგილებს უდარაჯებდნენ ადმინისტრაციული კიბის საფეხურებზე და სწავლობდნენ დიპლომატიის ენას გარემოებათა შესაბამისად.

წყალწაღებული ოროსნები კი, თუ გოგონები იყვნენ, უვიცობის და გაუნათლებლობის კომპენსაციას ჩაცმულობით ახდენდნენ – თუ ამის საშუალებას გარეგნობა აძლევდათ, თუ არადა – ან გათამაშებული სითამამით, ხელმარჯვეობით ან რაღაც კიდევ ამდაგვარით; ვაჟები კი ან კლასის მასხარების ნიღაბს ირგებდნენ, რითაც ცდილობდნენ თავის დამკვიდრებას, ან ისეთი საქმით გამორჩეულობას, რაც  ორიგინალობის იმიჯს მაინც შესძენდათ: ნარკომანიით, მაგალითად, ან აზარტული თამაშებით.

აი, ეს მოსწავლეები ამთავრებდნენ სკოლას და შემდეგ მთელი საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის რიგებს ავსებდნენ. ამიტომ, თუ გადავიანგარიშებთ სრულად მთელ ხალხზე და 3,5 მილიონ ქართველს დავყოფთ ზემოხსენებული შეფარდებით, გამოვა: 350 ათასი „ძველბიჭები“ და „სვეტები“, 350 ათასი ხუთოსან-„კომკავშირლები“ და 350 ათასი ოროსნები.

2 მილიონ 445 ათასი კი დაგვრჩება ჩვეულებრივი, ყოველგვარ პატივმოყვრულ ამბიციურობას მოკლებული რიგითი ქართველები.

ეს უკანასკნელია სწორედ იმ ქართველთა რიცხვი, ის 70%, რომლებიც ორსაუკუნოვანი მონობის დამხობის შემდეგ უსაზღვრო ბედნიერებით შეეგებნენ ზვიად გამსახურდიას მიერ განთავისუფლებულ საქართველოს. აკი თვით რაინდიც, სწორედ მათი რიგებიდან იყო წარმომდგარი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა მონობის უღლიდან საკუთარი ქვეყნის გამოხსნას – მშობელი ერის თავისუფლებაზე ფიქრსა და ზრუნვას და რაჟამს დაჰკრა საათმა, არ დააყოვნა და კავკასიის ქედზე თავისუფლების დროშა აღმართა!

ერის წინამძღოლმა იცოდა, ვისთვის იბრძოდა და ვის უკვალავდა მომავალი ბედნიერების გზას – მათ, ვინც თავის მხრივ 1991-92 წლების ზამთარში თავს სწირავდა რუსთაველზე სამშობლოს თავისუფლებისთვის, ვინც უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იცავდა პარლამენტის შენობას და ვინც ეწირებოდა 1992 წლის იანვარში დიდუბისა და დელისის მეტროებთან მიტინგებსა და 2 თებერვალს ცირკთან 200 ათასიან მანიფესტაციას.

ხოლო რატომ იხოცებოდა ეს ხალხი?

იმიტომ, რომ არ ეძინათ „სვეტებსა“ და“ძველბიჭებს“. ხალხი რას მიქვია, როდესაც თავის დროზე სკოლა გვჭერია ხელში და ახლა ვიღაც მასამ როგორ უნდა დაგვიბრიყვოსო! მოზრდილობის ასაკის „სვეტებს“ ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის ტალღაზე ჰქონდათ შექმნილი თავიანთი  „იდეოლოგიურ-კულტურული“ გაერთიანებები: „რუსთაველის“ საზოგადოებები, „სახალხო ფრონტები“,  „თეთრი მანდილები“, მამარდაშვილის სალექციო კურსები  და მისთანანი, ხოლო მათ გვერდით ძველბიჭები და მათზე მიტმასნილი ძალად მაცხონეები ქმნიდნენ „მხედრიონებს“, „გვარდიებს“, „თბილისურ საძმოებს“, „გორდებსა“ და იმედებს“ და  ერთხელ და სამუდამოდ ასამარებდნენ საქართველოს მომავლის სვესა და ბედს. „სვეტები“ „იპრავებდნენ“ მემკვიდრეობით უფლებებს საზოგადოების „ნაღებად“ წოდებულობაზე, ისე, რომ ბევრი ვერც კი აცნობიერებდა, რომ ეს იყო იმ წითელი ინტელიგენციის  წევრობა, რომელიც უმეტესად საბჭოურ უშიშროების სამსახურებთან იყო გარიგებული და ძველბიჭები კი მათ თანაეყოფოდნენ ქურდული მენტალობისა და კრიმინალური სამყაროს პრივილეგიებით. დიახაც, მოჰქონდათ პრივილეგიები საკუთარი თავისთვის, როდესაც მათი 350 ათასი ზეობდა და, ამავე დროს, ამ კრიმინალური არტისტული გადატრიალების  მესვეურთ იმდენი კი ესმოდათ, რომ თავისნაირების – ჯაბებისა და კიტოვანების მწვერვალზე აღზევება დააფრთხობდა ხალხს და ამიტომაც ჩამოჰყავდათ კრემლის კარზე გააზნაურებული მდაბიო, რათა  მის მსოფლიო სახელს შეფარებოდნენ და მსოფლიო ლიდერებთან მათთვის ჩვეული ჩაწყობებით  საქმეების გაიმასქნებისა და ძმაკაცობის იმედით გარეულიყვნენ წარმატებული ქვეყნების მარაქაში. მაგრამ ის კი ავიწყდებოდათ, რომ იმ გააზნაურებული მდაბიოს კავკასიაში გამომშვებთ საქართველო ქვეყნად კი არა, პროვინციად სჭირდებოდათ! საკუთარ გაქსუებას გადააყოლეს ქვეყანა და თავიანთი კეთილდღეობის გვერდით დანარჩენ საქართველოს ამყოფებდნენ ბნელში: უშუქობასა და უპურობაში – დაამშიეს, დაამწყურვალეს, გაამათხოვრეს ხალხი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს ამოიგმინა და ამოანერწყვა თავისი სისხლისმწოვლები.

დადგა ხუთოსან-კომკავშირლების ჯერი.

მოვიდნენ ხუთოსან-კომკავშირლები – ქვეყნის მესაჭეობის ამბიციებით. სკოლიდან გადმოყოლილი შიშით, მათ პასუხი არ მოუთხოვიათ ძველბიჭებისა და „სვეტებისათვის“ და წინამორბედებივით, არც მათ ჰქონიათ დამოუკიდებელი პოლიტიკის პრეტენზია, მაგრამ გაცილებით დიპლომატიურად მოუსინჯეს კბილი პოტენციურ მეპატრონეებს – ჯერ ისტორიულ ჩრდილოელ მეზობელს მიაკითხეს და, როდესაც მათთან ვერ მორიგდნენ, მერე დასავლეთზე გადაიტანეს მზერა. ამიტომაც იყო, რომ თბილისში თავდაპირველად პუტინის მამისა და მასწავლებლის – სობჩაკის ძეგლი დაიდგა, ლითონად გაყიდული გოგოლის ბიუსტის ადგილას, ხოლო მოგვიანებით – ამერიკის პრეზიდენტ რეიგანის. იოლი წარმოსადგენია, რა სახის ეკონომიკურ ცვლილებებს შემოგვთავაზებდნენ საბჭოთა ხუთოსნების დამოძღვრილი მათი თანამებრძოლი მემკვიდრეობითი კომკავშირლები, პუტინთან რომ გამოსვლოდათ მორიგება, მაგრამ არ გამოუვიდათ და კომკავშირლები, მედროვის ღირსებების  შესაფერისად სახელიანად გადაკეთდნენ და საქართველოც იძულებული გახდა აღმშენებლობა სკაუტების სიჩაუქით დასავლური გზით წარემართა: დაიგო გზები, გაუქმდა უმაღლეს სასწავლებლებში პროტექცია, საპატრულო პოლიციის რეიტინგი 2%-დან 92%-მდე ამაღლდა, იუსტიციის სახლმა გამართა მუშაობა, ქართველებს ასწავლეს ბილეთის აღება ავტობუსში! სამაგიეროდ თბილისურ ორსართულიან უბნებში შიგადაშიგ ცათამბჯენების მიბაძვითი წოწოლა  შენობები გამოურიეს, მტკვრის ნაპირას ორი საკანალიზაციო მილის თეატრი დადგეს და ფულიან კაცს წმიდა მთაზე შუშის სამხეცე ააგებინეს. ამათ არ დასჭირვებიათ სხვა ქვეყნიდან წინამძღოლის გამოხმობა – უკვე ჰყავდათ სათავეში ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ხუთ ენაზე ლაპარაკობდა, მოცეკვავე ქალბატონებს სცენაზე ხელით დაატარებდა და რუსების ბელადს ეჯიბრებოდა მაჩოს იერსახის მორგებაში.

მაგრამ, ხუთოსნებს და სკაუტ-კომკავშირლებსაც გაუვიდათ ყავლი და მათი იმიჯი გაფერმკრთალდა იმ ერთი ბევრი ფულის პატრონის ფონზე – თუ ადრე „სვეტებმა“ და „ძველბიჭებმა“ გააზნაურებული მდაბიო მოიყვანეს, ეხლა თვით ამ ახალმა გაბიზნესმენებულმა მდაბიომ მოიყვანა თავისი სარგო ხალხი. ხოლო ვის მოიყვანდა უვიცი და უბირი ადამიანი? ცხადია თავისნაირ უვიცებსა და უბირებს, რათა ღირსეული პარლამენტარების ფონზე ავად არ გამორჩეულიყო. და მოვიდნენ ქვეყნის ხელისუფლებაში ოროსნები – თუკი ვინმე იყო მანამდელ პოლიტიკაში წარუმატებელი, დამოუკიდებლად არჩევნებში 1%-საც კი რომ ვერ აგროვებდა, სპორტულ კარიერადამთავრებული მუხლმაგარი და ჭკუათხელი, ხელოვნების ფიცარნაგებზე შეუმდგარი მსახიობი და რეჟისორი –  ყველას ერთად მოუყარა თავი პარლამენტში და: გაჩერდა ყოველგვარი მშენებლობა, შეწყდა გზების დაგება, შეჩერდა ტურისტების ნაკადი. სამაგიეროდ, უხვად დაიწყეს თავიანთთვის და თავისი ნათესავებისთვის ხელფასების და პრემიების დარიგება – მოსასწრებად, სანამ დრო ეყოფოდათ ახალ არჩევნებამდე, თორემ ამინდის პროგნოზი რომ პროგნოზია და, რომლის ანონსებსაც ლამის იყო ენდობოდა ხალხი, უკვე საბჭოთა პერიოდის დონეზე აღარ არის სანდო!

ერთადერთი, რასაც კარგად აკეთებენ – ეს არის იმ მგზავრების გაკონტროლება ავტობუსებში, ვისაც წინა ხელისუფლებამ კარგად ვერ ასწავლა ბილეთის აღება. ამისთვის მწვანე ხიფთანიანების გვერდით კიდევ მათი მაკონტროლებელი ლურჯ ხიფთანიანები დაუმატეს, და ლურჯ ფერზე ალერგია დამართეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე გაჭირვებულ მოსახლეობას. რაც შეეხება თვით ფულიან წინამძღოლს, ჰკითხეთ ნებისმიერ ფსიქიატრს, რას გეტყვით არა 59-ის, არამედ 19 წლის ყმაწვილზე, რომელიც: თავის ეზოში დაანგრევს წინაპრების ნაგებ ციხე-კოშკს – მის კედლებში დატანილი ძვირფასი ლითონების მოძიების იმედად, ეზოს ბოლოდან ამოთხრის 100-წლოვან ხეს და სახლის წინ დაირგავს, საკარმიდამო ნაკვეთში ჩაისახლებს პინგვინსა და ზებრას და აუზში გაუშვებს ზვიგენს, ცოლს მოიყვანს და იმავდროულად ჯვარს დაიწერს სხვა ქალზე, „თხა და გიგოს“ შემდეგ უცებ ნიცშეს მიახტება და ფილოსოფიურ კამათს გაუმართავს – რა დიაგნოზს დაუსვამს ამ ყმაწვილს და მერე ვილაპარაკოთ ამ ყმაწვილის მრევლზე!

თუმცა, გვინდა თუ არა, მაინც მოგვიხდება მათზე ლაპარაკი – არავინ ისე ძნელად არ თმობს ხელისუფლებას, როგორც ყველაზე უღირსი და ყველაზე უვიცი. მოდის ახალი არჩევნები და ახალ თავის ტკივილს უქადის ქვეყანას – ტყუილად როდი გამოუშვიათ ციხიდან „პოლიტიკური“ პატიმრები: მარტო იმიტომ ხომ არა, რომ თავ-პირი ემტვრიათ მათთვის ასე საძულველი ხუთოსნებისა და კომკავშირლებისათვის! დღეს უპირველესად ისინი ჩადგებიან ოროსნების სამსახურში, მათ მიჰყვებიან ახალი დროის „მხედრიონები“ და თბილისური საძმოები, შემდეგ ნეპოტისტი ოროსნების ოჯახები და ნათესავ-მეგობრები – შეიამხანაგებენ ინაშვილ-თარხან-მოურავის ახლებურ „სვეტებსა და ძველბიჭებს“, ნინო ბურჯანაძის ახალ კომკავშირლებს და მომავალ პარლამენტში აღარავინ დაურღვევთ მყუდროებას თოფაძესა და მეჭიაურს, ნიშნიანიძესა და ჯაჭვლიანს, კობახიძესა და ბესელიას. ქვეყნის ხომალდიც მეჩეჩზე შეჯდება და ჩრდილოეთიდან დაძრული ტალღა ნებივრად მიელამუნება კიჩოზე!

საბა იბერი

2016

Advertisements
 
%d bloggers like this: