IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ანა მიქაუტაძე – რა ხდება საყდრისში?

 ♥ საყდრისი – Sakdrisi

10927868_10202625449512018_801572767_n[1]

ანა მიქაუტაძე

 

როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ მსოფლიოში აღიარებულ უძველეს ოქროს მაღაროს საქართველოს ხელისუფლება დასანგრევად იმეტებს – რა ხდება საყდრისში?

 

„ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდასაუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს – ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს” – წერდა წმ ილია მართალი და რას წარმოიდგენდა, რომ 100 წლის შემდეგ თითქოს დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოსათვის საკუთარი ხელისუფლება შეეცდებოდა ისტორიული წარსულის  კვალის მოშლას. რატომ ასეთი მკვეთრი განცხადება? მაშ, როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ მსოფლიოში აღიარებულ უძველეს ოქროს მაღროს საქართველოს ხელისუფლება დასანგრევად იმეტებს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი  ოქროსმომპოვებელი კომპანია არ გაკოტრდეს. თუმცა, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ:

გასული საუკუნის 80-იან წლებში ბოლნისის რაიონში მიმდინარე გეოლოგიური კვლევითი სამუშაოებისას რამდენიმე გვირაბი გაიყვანეს. აქ  გეოლოგებმა კიდევ სხვა ნაპრალები, კერამიკის ნატეხები,  ქვის არტეფაქტები და ადამიანის კვალი შენიშნეს. ეს ტერიტორია მაშინვე დალუქეს და არქეოლოგები მიიწვიეს, მუჯირის აღწერის მიხედვით (1987) ის წარმოადგენს „ბრინჯაოს-ადრეული რკინის ხანის საქართველოს სამთო ძეგლს“ და რეკომენდირებულია მასზე არქეოლოგიური კვლევების განხორციელება და მისი დაცვა. ფინანსების უქონლობის გამო კვლევები დროებით შეწყდა და განახლდა მხოლოდ 2004 წელს. საერთაშორისო ექსპედიაში მონაწილეობდნენ ქართველი გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი არქეოლოგები. პროექტი დაფინანსებული იყო ფოლქსვაგენის ფონდის მიერ. ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმთან, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მუზეუმია მსოფლიოში, სამეცნიერო თანამშრომლობა 1996 წელს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე დიდი პროექტი განხორციელდა. შესაბამისი კვლევებით დამტკიცდა, რომ საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროში ჩვ. წ.აღ-მდე მეოთხე ათასწლეულში (თითქმის 500 წლით ადრე, ვიდრე ეგვიპტეში)  უკვე ხდებოდა ოქროს სამთამადნო წესით მოპოვება. 2006 წელს საყდრის-ყაჩაღიანს მიენიჭა ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი. ამ გვირაბებში აღმოჩენილი იყო უამრავი ქვის და ძვლის იარაღები, ნახშირი, გამონამუშევრები. იქვე სოფელ ბალიჭებში კი გაითხარა „ძეძვების“ ტერიტორია  ( აქ ახლაც მიდის არქეოლოგიური სამუშაოები), სადაც ხდებოდა საყდრისის მაღროდან ამოღებული მადნიდან ოქროს მიღება გარეცხვის წესით. 2011 წელს ბრიტანელი მეცნიერის ხელშეწყობით ჩატარდა კიდეც საყდრისის მაღაროდან ოქროს მიღება ძველი, პრეისტორიული მეთოდით (გარეცხვით) და ამ ექსპერიმენტში კი  მონაწილებდა გეოლოგი დავით მელაშვილი-ეს ის გეოლოგია, რომელიც ნოემბერში გიდობას უწევდა საყდრისის გვირაბში მიწვეულ საზოგადოების წევრებს და უმტკიცებდა, რომ საყდრისში პრეისტორიულ ეპოქაში ოქროს მოპოვება ბლეფიაო.

იმ დროისათვის, როცა კომპანია RMG Gold -მა ლიცენზია შეიძინა, საყდრის-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი ჰქონდა. ანუ მის ბიზნეს-გათვლებში ეს ტერიტორია არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, მაგრამ 2013 წლის აპრილში მისმა ხელმძღვანელობამ საქართველოს ხელისუფლებასთან დაიჩივლა, რომ თუ საყდრის-ყაჩაღიანის ათვისების უფლებას არ მისცემდნენ, მაშინ ის გაჩერდებოდა და მისი 3000 თანამშრომელი უმუშევარი დარჩებოდა. აქვე მოგახსენებთ, რომ ეს რიცხვი-3000 ფრიად გაბერილი გახლავთ და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის განცხადებით კომპანია “არემჯის” როგორც სპილენძის, ასევე ოქროსმომპოვებელ და გადამამუშავებელ  საწარმოებში1200-მდეა დასაქმებული .  ხელისუფლებამაც მაშინვე დაიწყო მოქმედება და საქმეში ჩაერთვნენ ნიკოლოზ ანთიძე და ალექსანდრე მარგიშვილი, მათ თითქოს ვერ იპოვნეს საყდრისის დოკუმენტაცია და მისი ხელახალი შესწავლის მიზნით უკანონოდ შექმნეს 11-კაციანი კომისია  (ალ. თვალჭრელიძე, ომარ ქუცნაშვილი, დავით ლომიტაშვილი, გურამ მირცხულავა,ვახტანგ ლიჩელი, გურამ ყიფიანი,ბესიკ მაცაბერიძე, ლალი ახალაია, პაატა გაფრინდაშვილი, თემურ ჩიხრაძე, გურამ გრიგოლია). რამდენიმე დღეში დაასკვნეს, რომ საყდრისი არ არის ოქროს მაღრო და არ იმსახურებდა სტატუსს. ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭომ კი საპირისპირო დასკვნა დადო, მაგრამ ის მხედველობაში არ მიიღეს.

2013 წლის 4 ივლისს ეროვნული მუზეუმმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს წერილი გაუგზავნა სათანადო დოკუმენტაციით განმტკიცებული, რითაც ადასტურებდნენ UNESCO-ს ნუსხაში მისი მოხვედრის აუცილებლობას, მაგრამ მეორე დღესვე 5 ივლისს მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საყდრისს მოუხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო ჯერ კიდევ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს 10 ივლისის ბრძანებულებით დაადასტურა.

ევროპისა და აშშ-ს სამეცნიერო საზოგადოებიდან კულტურის სამინისტრომ თუ პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წერილი მიიღო, სადაც ისინი სთხოვდნენ, გაფრთხილებოდნენ მსოფლიოს უმნიშვნელოვანესს კულტურულ მემკვიდრეობას, სასამართლოში მიმდინაეობს რამდენიმე პროცესი საყდრისის შესახებ. „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა”  UNESCO-ს პარიზის ოფისს მისწერა წერილი და აგვისტოში პასუხიც მიიღო, რომ ისინი ასევე წერილს უგზავნიდნენ საქართველოში შესაბამის უწყებებს, რათა მათ მიეღოთ ყველა ზომა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

იყო შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, კულტურის ატაშეებთან, „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი“ აგზავნიდა წერილებს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, რომ მომხდარიყო საყდრისის საკითხის საფუძვლიანი შესწავლა, მიეწვიათ სასაუბროდ კომპეტენტური პირები და არ დაყრდნობოდნენ გადაწყვეტიულების მიღებისას იმ უვიცი (ალბათ უფრო რაღაცით დაინტერესებული)  ვაი-ექსპერტების განცხადებებს. შეგროვდა 5000-მდე ხელმოწერა საქართველოში და საზღვარგარეთ, მოეწყო შეხვედრები მოქმედ პარტიებთან და მათგან მხოლოდ არასაპარლამენტო პარტიებმა მოაწერეს ხელი საყდრისის დაცვის მიმართვას, რომელიც ასევე გაეგზავნა ხელისუფლების პირველ პირებს. ჩატარდა უამრავი საპროტესტო აქცია თბილისში და საყდრისში („კარვების ქალაქი“-ის აქცია), ჩატარდა რამდენიმე სამეცნიერო კონფერენცია, სადაც მიწვეულები იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ არ ცხადდებოდნენ.

ერთ-ერთი ბოლო სააპელაციო სასამართლო პროცესი, რომელიც ეხებოდა საყდრისისათვის სტატუსის აღდგენას 2015 წლის 12 იანვრისათვის გადაიდო და მოულოდნელად მოხდა ასეთი სამარცხვინო ფაქტი: არჩილ კბილაშვილის რჩევით კომპანიამ, კულტურის სამინისტრომ და ძეგლთა დაცვის სააგენტომ ერთი დღის -12 დეკემბრის განმავლობაში განახორციელეს რამდენიმე სამართლებრივი აქტი, და დაჩქარებული წესით ხელახლა მოუხსნეს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი საყდრისს და მეორე დილითვე ორი აფეთქებით დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამუშაოები.  გაირკვა, რომ აფეთქების ნებართვა არ იყო გაცემული და არც ძეგლის სტატუსის მოხსნა ნიშნავს ავტომატურად მის ნგრევის ნებართვას.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეში ადმინისტრაციული საჩივარი შევიდა სასამართლოში, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, კულტურის სამინისტროს არ შეუჩერებია თავისი უკანონონო გადაწყვეტილების მოქმედება.  შეგახსენებთ იმასაც, რომ 2014 წლის აპრილში სახელმწიფომ უფასოდ გაუგრძელა ამ კომპანიას ლიცენზიის სამოქმედო ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე.

„საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა“ შეკითხვით მიმართა გარემოს დაცვის სამინისტროს, თუ რა შემოსავალს მოიტანდა საყდრის-ყაჩღიანის ათვისება და პასუხი  9.12.2014 დათარიღებულ წერილში იყო ასეთი: „ჩვენს ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით საყდრისის საბადო არ არის მთლიანად შემოკონტურებული არც ფლანგებზე და არც სიღრმეში, საბადოზე მიდის დეტალური საძიებო სამუშაოები“.  ანუ მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ძეგლი  უკვე 13  დეკემბერს რატომ გაიმეტეს დასანგრევად, რის ფასად, ესეც არ იყო ცნობილი სახელმწიფოსათვის.

ცნობისათვის მოგახსენებთ, რომ ამ კომპანიას მარნეულ-ბოლნის-დმანის-წალკა-თეთრიწყაროს რაიონებში 90-მდე საბადოზე აქვს ლიცენზია და აქედან 40-მდე ოქროს  საბადოა.  საყდრის-კვირაცხოვლობის სალიცენზიო ტერიტორიის 5 საბადოდან ერთ-ერთის მესამედ ტერიტორიაზეა საყდრისის ისტორიული მაღარო. გეოლოგების მტკიცებით, ამ ტერიტორიიდან კომპანია არ უნდა ელოდებოდეს იმ რაოდენობის ოქროს ამოღებას, რაც თითქოსდა ამ კომპანიის ყოფნა-არყოფნას გადაწყვეტს. მაშ, რასთან გვაქვს საქმე? კომპანიის მფლობელს აქვს არასწორი ინფორმაცია მარაგების შესახებ, რაღაც ჩვენთვის უცნობი კორუფციული სქემაა  თუ ეს ქმედება მხოლოდ ჩვენი ისტორიული კვალის წაშლას ისახავს მიზნად?

კიდევ ერთი უცნაური ფაქტი: სახელმწიფო, რომელსაც ბიუჯეტში შემოსავლები უნდა ადარდებდეს, ყიდის ლიცენზიას, რომელიც შეიცავს ოქროსა და სპილენძის ფასებს, არადა მათთან ერთად მადანში ამოდის კიდევ 9 მეტალი. ისინი გაედინება აღურიცხავად და ბიუჯეტს ყოველწლიურად აკლდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარის შემოსავალი. რატომ არ სურს ხელისუფლებას ბუნებრივი რესურსების მარაგებზე კონტროლი თავად აწარმოოს?

ეკოლოგიური პრობლემა კი არანაკლებ მნიშვნელოვანია ოქროს მოპოვების დროს. მაშინ, როდესაც ლიცენზია იყიდებოდა RMG Gold-ის კონკურენტი იყო ინგლისური კომპანია, რომლის სატენდერო პირობები გაცილებით უკეთესი იყო, მაგრამ გამარჯვება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას ხვდა წილად, რომლის ამჟმინდელი ერთ-ერთი მფლობელი დიმიტრი ტროიცკია. ეს კომპანია ოქროს მოპოვებას ახორციელებს ღია კარიერის გამოტუტვის მეთოდით, რაც დიდ საფრთხეს უქმნის გარემოს. მძიმე მეტალებით დაბინძურება იმდენად მაღალია მაშავერა-კაზრეთულა-ფოლადაურის მიდამოებში, რომ ამ მდინარეებით მორწყულ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოწეული ბოსტნეულის მიღება სახიფათოა ადამიანების ჯანმრთელობისათვის.  ეკოლოგიურმა ორგანიზაცია CENN-მა შეისწავლა ეს საკითხი, ასევე რუსთაველის სამეცნირო ფონდმა დააფინსა ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკოლოგიური კვლევები, შედეგები კატასტროფულია. მძიმე მეტალების ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა იწვევს არამარტო ონკოლოგიურ დაავადებებს, არამედ ისინი მოქმედებენ ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ნერვულ სისტემაზე, სასუნთ ორგანოებზე, აკუმულირდებიან ძვლებსა და ღვიძლში. მხოლოდ ძველი 90-იანი წლების კუდსაცავების რეკულტივაციისათვის ერთჯერადად 100 მილიონზე მეტია საჭირო (CENN-ის მონაცემებით).  1997 წელს  ციანირების მეთოდით ოქროს მოპოვება აიკრძალა თურქეთში   და ამის გამო სასამართლოს ლიცენზია გაუუქმა ოქროსმომპოვებელ კომპანიას ქალაქ ბერგამაში.

პრობლემურია ასევე RMG Gold-შ დასაქმებულთ მდგომარეობაც. 2014 წლის თებერვალში დიდი გაფიცვა მოეწყო კაზრეთში, დასაქმებულები საუბრობდნენ უმძიმეს სამუშაო პირობებზე, მათ არ გააჩნდთ სამუშაო სპეც-ტანსაცმელი, აირწინაღები, არ ჰქონდათ შესაფერისი სამედიცინო დაზღვევა.

კითხვა შეიძლება ასეც დავსვათ: ღირს კი ოქროს მოპოვებითი საწარმოს ფუნქციონირება საქართველოში? კომპანია, რომელსაც 2012 წლიდან მოგების გადასახადი არ გადუხდია,  აბინძურებს გარემოს, აავადებს ადამიანებს, ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობას. ირღვევა ჩვენი ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, რაც კონსტიტუციურადაა გაწერილი, სუფთა წყლის უფლება, შრომის უფლება.

არავის აქვს უფლება ერს მოუსპოს ისტორიული მეხსერება!

საყდრისის განადგურებით წაიშლება ჩვენს მიწაზე არსებული უძველესი ცივილიზაციის კვალი, ადგილობრივ მოსახლეობა კი დაკარგავს სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური განვითარების უდიდეს რესურსს, საქართველოში მოისპობა კულტურული და სამეცნიერო ტურიზმის განვითარების უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, დიდი საფრთხის წინაშე დგება საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟი, ის გადაიქცევა ქვეყნად, რომელიც  საკუთარ ტერიტორიაზე ანადგურებს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობას, ამ ქმედებით საქართველო არღვევს ყველა  უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეთანხმებებს კულტურის დარგში. საყდრისზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების ნებართვის გაცემით შეილახა კანონის უზენაესობის პრინციპი.

ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არაა. მართალია, საყდრისის დანგრევის ერთ-ერთი მოტივი მისი ჩამოშლის საშიშროება იყო, მაგრამ ის ჯერ კიდევ დგას, მიუხედავად იმისა, რომ 13 დეკემბრიდან ორჯერ ააფეთქეს და მერე კი 24-საათიან რეჟიმში ე.წ კოდალებით ცდილობენ მის დანგრევას.

ამ  სამარცხვინო ფაქტს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ, უნივერსიტეტების ხელმძღვანელობამ, ინტელიგენციის წამომადგენლებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა,  საქართველოს მოსახელეობამ შეფასება უნდა მისცეს. ახლა მაინც მოვუსმინოთ უწმინდესსა და უნეტარესს, მან ქადაგებაში დაგმო საყდრისის აფეთქება და შემსრულებლების საკადრისი დასჯა მოითხოვა.

 

ანა მიქაუტაძე

 

18.01.2015

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: