IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ოქროს ძებნაში ნაპოვნი შხამი

 

♥ საყდრისი – Sakdrisi

 

ოქროს ძებნაში ნაპოვნი შხამი

 

18.ივნისი.2014

kazretiგერმანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ბოლნისში მოყვანილი საკვები პროდუქტები მძიმე ლითონებითაა დაბინძურებული. კვლევის თანახმად, მძიმე ლითონები საკვებ ჯაჭვში ნიადაგიდან გადადის.

ჯახიდ მუსაევი ე.წ. ნავთლუღის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზარში ყოველ წელს 3 ტონაზე მეტ კარტოფილს, კიტრს, ლობიოს, წიწაკას და საკუთარ ეზოში მოყვანილ სხვა ბოსტნეულს ყიდის.

ჯახიდი ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავიდანაა. ის ბოსტნეულს ყოველდღე ტომრებში ყრის, თეთრი სამარშრუტო ტაქსის საბარგულში აწყობს და მეუღლესთან ერთად, ნავთლუღის ბაზარში გასაყიდად მიაქვს.

პროდუქცია, რომელსაც ჯახიდი ბაზარზე ყიდის, დაბინძურებულია და ჯანმრთელობისთვის საშიში. თუმცა, მან ამის შესახებ არ იცის. ინფორმაცია არ აქვს არც ბოსტნეულის პოტენციურ მყიდველს.

2012 წლის აგვისტოს, გერმანელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. 3 წლის მუშაობის შემდეგ, მათ დაამტკიცეს, რომ მძიმე ლითონებით დაბინძურებულ ნიადაგზე მოყვანილი ერთწლიანი კულტურებიც დაბინძურებულია – მძიმე ლითონები ნიადაგიდან საკვებ ჯაჭვში გადადის.

ბოლნისით გერმანელი ნიადაგმცოდნე პიტერ ფელიქს-ჰენინგსენი 1999 წელს დაინტერესდა. ის ქართველი კოლეგის, თენგიზ ურუშაძის რჩევით, იმავე წელს საქართველოში ჩამოვიდა და ბოლნისი მოინახულა.

სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის პირველმა სინჯებმა აჩვენა, რომ ნიადაგი მძიმე ლითონებით – სპილენძით, თუთიითა და კადმიუმით – იყო დაბინძურებული.

„პირველი შედეგების შემდეგ დავეჭვდით, ხომ არ გადადიოდა დაბინძურება ნიადაგიდან საკვებ ჯაჭვში“, – ამბობს პიტერ ფელიქს-ჰენინგსენი, ჯუსტუს-ლიბიხის უნივერსიტეტის პროფესორი. – „ფოლკსვაგენის“ ფონდისგან 3-წლიანი კვლევისთვის საჭირო დაფინასების მოპოვების შემდეგ, გერმანელი მეცნიერები ბოლნისის სოფლების ბაღჩებში ხილის, ბოსტნეულისა და ნიადაგების სინჯებს იღებდნენ. საერთო ჯამში, სინჯები ბოლნისის რაიონის 111 სხვადასხვა ნაკვეთიდან: 29 ყანიდან, 49 ბოსტნიდან და 33 ხეხილის ბაღიდან აიღეს.

3 წლის შემდეგ პიტერ ფელიქს-ჰენინგსენის ვარაუდი მეცნიერულად დადასტურდა – მძიმე ლითონები ნიადაგიდან საკვებ ჯაჭვში ნამდვილად გადადის.

ბოლნისის რაიონი, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 80 კილომეტრითაა დაშორებული, მშრალი ამინდებით გამოირჩევა. მშრალი კლიმატის გამო, გლეხებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვა უწევთ. მოსარწყავად მდინარე მაშავერას წყალს იყენებენ.მდინარეში დაბინძურება ძვირფასი ლითონების მომპოვებელი საწარმო „მადნეულიდან“ ხვდება. კვლევა დაბინძურების წყაროდ სწორედ ამ საწარმოს ასახელებს.

„მდინარე დაბინძურებულია ახლომდებარე ოქროსა და სპილენძის საბადოს ღია კარიერისგან. მეცნიერებისთვის ნათელია, რომ დაბინძურებული წყლით რწყვის შედეგად, ნიადაგი წლების განმავლობაში ბინძურდებოდა და ახლა საკვებ ჯაჭვშიც გადავიდა”, – ნათქვამია კვლევაში.

დაბინძურებას ყველაზე მეტად ფოთლოვანი ბოსტნეული იღებს. ბოლნისში მოყვანილ ისპანახში მეცნიერებმა დიდი რაოდენობით კადმიუმი აღმოაჩინეს.

კადმიუმით დაბინძურების სადემონსტრაციოდ მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ისპანახი მიწის სამ სხვადახვა მონაკვეთზე დათესეს. სამივე ნაკვეთზე მძიმე ლითონების კონცენტრაცია სხვადასხვა იყო. პირველ და მეორე მიწის ნაკვეთზე, სადაც ნიადაგი სპილენძით, თუთიითა და კადმიუმით იყო გაჯერებული, ისპანახმა მეტი რაოდენობის დაბინძურება აითვისა და ფოთლებიც უფრო დაუყვითლდა. მესამე ნაკვეთზე კი, ისპანახი საგრძნობლად კარგად ხარობდა და კადმიუმის შემადგენლობაც ნაკლებად შეითვისა, ვიდრე ორ დანარჩენ ნაკვეთზე.

“ასე დაბინძურებული კომბოსტო, სალათის ფოთლები და ისპანახი ევროკავშირის ქვეყნებში არ გაიყიდებოდა”, – ნათქვამია კვლევაში. – „გერმანიაში კი ასეთ დაბინძურებულ ნიადაგზე საერთოდ აიკრძალებოდა მოსავლის მოყვანა.”

მძიმე ლითონებს ნიaდაგიდან ადვილად შთანთქავენ სხვა კულტურებიც: კარტოფილი, პომიდორი, ლობიო, სიმინდი, წიწაკა, ყურძენი, ხილი – პროდუქცია, რომელიც ბოლნისში მოჰყავთ და მთელ საქართველოში იყიდება.

კადმიუმის და სხვა მძიმე ლითონების შემადგენლობა ხილსა თუ ბოსტნეულში ყველაზე მაღალი იყო იმ ადგილებზე, სადაც ნიადაგი დაბინძურებული მაშავერათი ირწყვებოდა. იმ ბაღებში, სადაც მიწა სუფთა წყლით ირწყვებოდა, კადმიუმის შემადგენლობა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას არ აღემატებოდა.

არც საქართველოს სტატისტიკის ბიუროს და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ტონა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი გადის ყოველ წელს ბოლნისის რაიონიდან დანარჩენ საქართველოში და სად იყიდება იქ მოყვანილი პროდუქტი.

ერთ-ერთი ადგილი, სადაც ბოლნისში მოყვანილი პროდუქტი იყიდება, თბილისის “ნავთლუღის” ბაზარია.

იასამან ნოვრუზოვა 3 წელია, “ნავთლუღის”ბაზარში მწვანილს ყიდის. ის ამბობს, რომ “ნავთლუღის” ბაზრის პროდუქციის თითქმის 70 პროცენტი ბოლნისიდან მოდის.

ბაზრის სხვა გამყიდველების თქმით, თბილისის გარდა, ბოლნისის ნაწარმი ბათუმში, ქუთაისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც იყიდება.

ბოლნისის საძოვრების დაბინძურება

მდინარე მაშავერა ახლომახლო ტერიტორიას წელიწადში რამდენჯერმე ტბორავს. ამ დროს, მძიმე ლითონებით დაბინძურებული წყალი ბალახებში ილექება და გროვდება. ბოლნისელები მდინარის პირას საქონელს აძოვებენ. კვლევაში ნათქვამია, რომ მძიმე ლითონების გადატანის საფრთხე არსებობს საქონლის რძესა და ხორცშიც.

სანამ გასაყიდად წაიღებს, ადგილობრივი მოსახლეობა ხილ–ბოსტნეულს მდინარე მაშავერას წყლით რეცხავს. კვლევის თანახმად კი, ერთწლიანი კულტურები – ლობიო, პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ისპანახი – მძიმე ლითონებს ზედაპირიდანაც შთანთქავს.

„მაშავერასთან მცხოვრებ მოსახლეობას უნდა უთხრან, რომ დაბინძურებულ მდინარეში არ იბანაონ, მდინარის ან არხის წყალი სასმელად და სარეცხად არ გამოიყენონ და შიგ არც ხილ-ბოსტნეული უნდა გარეცხონ“, – ნათქვამია კვლევაში. – „ვეტერინარებმა კი უნდა გამოიკვლიონ საძოვრებიდან რძესა და ხორცში მძიმე ლითონების გადაცემის საკითხი.“

საერთო ჯამში, გამოკვლეული ნიადაგების 60%-ში, მდინარე მაშავერას ორივე სანაპიროზე, მძიმე ლითონების კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატება.

ჯანდაცვის პრობლემები

დაბინძურებული საკვების ხანგრძლივად გამოყენების შემდეგ, მძიმე ლითონები შეიძლება ადამიანის ორგანიზმში დაგროვდეს.

ძვალი, ღვიძლი, ელენთა – მიკროელემენტები, ძირითადად, ამ ორგანოებში გროვდება. ასევე შესაძლებელია დაგროვდეს თავის ტვინშიც.

კვლევის შედეგად საკვებ პროდუქტში აღმოჩენილი მიკროელემენტები – სპილენძი, თუთია და კადმიუმი – ბუნებრივი კონცენტრაციით ისედაც არსებობს ადამიანის ორგანიზმში. პრობლემა მაშინ იქმნება, როცა მძიმე ლითონებით დაბინძურებული საკვების ხანგრძლივად მიღების შედეგად, ორგანიზმში მიკროელემენტები გროვდება და საშიშ კონცენტრაციას აღწევს.

„ორგანიზმში მიკროელემენტების დიდი რაოდენობით დაგროვება ბიოქიმიური პროცესების შეცვლას იწვევს, რამაც მთელი რიგი პათოლოგიური მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს“, – ამბობს ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია. –„ბავშვთა, მოხუცების და ავადმყოფების ორგანიზმში კი პროცესები უფრო სწრაფად მიმდინარეობს.”

ღვინერიას თქმით, ერთ-ერთი შედეგი, რომელსაც ორგანიზმში მძიმე ლითონების დაგროვება იწვევს, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეცვლაა. პათოლოგიები ბავშვებში, მკვდრადშობადობა – რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცვლის ერთ-ერთი შედეგია.

ღვინერიას თქმით, ბოლნისის რაიონში ავადობა გამოსაკვლევია.

კვლევაზე ინფორმაციის გავრცელება

კვლევის ჯგუფი ღია წერილს მოამზადებს საქართველოს პარლამენტისთვის და მას კვლევის შედეგებს გააცნობს.

კვლევის პროექტის წარმომადგენელი საქართველოში, ბესიკ კალანდაძე ამბობს, რომ წერილი მას შემდეგ გადაეცემა პარლამენტს, რაც დეტალები კვლევის ხელმძღვანელთან – პიტერ ფელიქს-ჰენინგსენთან, ოქტომბერში შეთანხმდება.

კვლევის შედეგები ჯერ არც ერთი სახელმწიფო უწყებებისთვის არ გადაუციათ.

კვლევის შესახებ არც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში იციან.

„თქვენგან გავიგე“, – გვეუბნება პარლამენტის კომიტეტის თავჯმდომარის მოადგილე ზაალ გამცემლიძე.

„წარმოდგენა არ მაქვს ამ კვლევაზე“, – ამბობს ნოდარ საბიაშვილი, ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე.

კვლევაზე არც ნავთლუღის ბაზარში იციან.

6 წელია, რაც ლერი ჯავახაძე ბოლნისიდან, კერძოდ კი სოფელ ჩაპალედან, ჩამოტანილ პომიდორს ყიდის. სეზონზე დაახლოებით 600-700 ტონა პომიდორი ეყიდება.

ქვემო ბოლნისელი ორიჯოვა პასტანიანი “ნავთლუღში” სეზონზე 300 კილოგრამამდე კიტრს, პომიდორს, ლობიოსა და წიწაკას ყიდის.

ბოლნისელი გლეხებისთვის სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის გაყიდვა შემოსავლის ძირითადი წყაროა. კვლევის შედეგებზე სწუხან, თუმცა, თავის რჩენის სხვა გზას ვერ ხედავენ.

„გაყიდვა რომ შევწყვიტო, ცოლ-შვილი შიმშილით დამეხოცება“, – ამბობს ბოლნისელი ბესო გულიაშვილი, რომელიც “ნავთლუღის” ბაზარში კარტოფილს, მწვანე წიწაკასა და პომიდორს ყიდის.

გამოსავალი

კვლევაში მოცემულია რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადგილობრივი ფერმერები.

„ჯობია, ფერმერებმა და მებაღეებმა დაბინძურებულ ნიადაგზე არ მოიყვანონ არც ფოთლოვანი კულტურები (კომბოსტო, ისპანახი) და არც სხვა ერთწლიანი კულტურები,“ ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, დაბინძურებული ნიადაგების სრულად გაწმენდა შეუძლებელია. შეიძლება მძიმე ლითონების ფიქსაცია ისე, რომ მცენარეებმა მიკროელემენტები სულ უფრო და უფრო მცირე რაოდენობით აითვისონ.

გერმანელმა მეცნიერებმა გამოსავალს მიაგნეს. მძიმე ლითონებით დაბინძურებულ ნიადაგს რკინის ფხვნილს აყრიან. ფხვნილი მძიმე ლითონებს ნიადაგში აჩერებს – აფიქსირებს და მცენარეში მისი ათვისების შანსი მცირდება.

მძიმე ლითონებით დაბინძურებული ნიადაგის რკინის ფხვნილით გაჯერება ძვირი პროცედურაა. კვლების ხელმძღვანელს, პიტერ ფელიქს-ჰენინგსენს მიაჩნია, რომ ფერმერები ამას საკუთარი ხარჯებით ვერ გასწვდებიან.

კვლევის თანახმად, დაბინძურება დღესაც გრძელდება და პრობლემის გადასაწყვეტად, სახელმწიფო არც პოლიტკურ და არც ეკონომიკურ ზომებს არ იღებს.

ხალხის დასაცავად ზომები სასწრაფოდ უნდა მიიღონ“, – ნათქვამია კვლევის დასასრულს.

ავტორი: ცირა გვასალია

http://www.mzera.tv

One Response to “• ოქროს ძებნაში ნაპოვნი შხამი”

  1. gio said

    ბოლნისის კიტრით სავსეა დეზარტირების ბაზარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: