IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ოქროს მოპოვების ზემოქმედება ადამიანზე და გარემოზე

♥ საყდრისი – Sakdrisi

 s1

 ოქროს მოპოვების ზემოქმედება ადამიანზე და გარემოზე

 

თანამედროვე მსოფლიოში ბუნებრივი რესურსები, მათ შორის, მინერალური რესურსები, ჩვეულებრივ, ეკონომიკურ კეთილდღეობასთან ასოცირდება. თუმცა, ხშირად, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მოპოვებითი მრეწველობის განვითარება ნაკლებად აისახება სიღარიბის დონის მაჩვენებელზე. კვლევები აჩვენებს, რომ რესურსზე დამოკიდებული ქვეყნები უფრო ნელა ვითარდებიან ეკონომიკურად, ვიდრე რესურსით ღარიბი ქვეყნები. ისიც ცნობილია, რომ მინერალურ რესურსებზე დამოკიდებულ განვითარებად ქვეყნებში მეტია კორუფციის რისკი და იკვეთება სუსტი მმართველობის ტენდენცია.

წიაღისეულის მოპოვებას უდიდესი გავლენა აქვს გარემოზე. ფართომასშტაბიან მოპოვებით საქმიანობას, ჩვეულებრივ, უკავშირდება დიდ ტერიტორიებზე ტყეების გაჩეხვა და მცენარეული საფარის განადგურება. ეს საგრძნობლად ცვლის ლანდშაფტს და გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. ხდება მიწისქვეშა, ზედაპირული წყლების და ნიადაგის დაბინძურება. იცვლება სოციალური გარემო.

შეცვლილი სოციალური და ბუნებრივი გარემო პირობები ზემოქმედებას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მომპოვებელი კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი არ არის სათანადოდ გამყარებული ეროვნული კანონმდებლობების მოთხოვნებით ან არ არსებობს საკმარისი კონტროლი კანონის მოთხოვნების შესრულებაზე.

დედამიწის ქერქიდან მოპოვებული მადანი, როგორც წესი მეტალურგიაში გამოიყენება მხოლოდ ე.წ. „გამდიდრების“ შემდეგ, რადგან წიაღიდან ამოღებული მასა შეიცავს დიდი რაოდენობით ფუჭ ქანებს, ზოგჯერ კი მავნე მინარევებსაც, მადნის სასარგებლო კომპონენტების ფუჭი ქანისა და მავნე მინარევებისაგან გამოცალკევების ტექნოლოგიური პროცესების ერთობლიობას – სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრება ეწოდება. ოქროს მოპოვებისათვის მადნის გამდიდრების რამოდენიმე მეთოდი არსებობს: გრავიტაციული (ქვიშრობული ოქროს მოპოვება, სვანეთის მაგალითზე), ამალგამირება, ფლოტაცია, ბიოლოგიური (ეს მეთოდი ყველაზე მისაღებია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. ეს არის ე.წ. ბიოჰიდრომეტალურგიული პროცესი, ანუ წყლიან გარემოში მიკრორგანიზმების მონაწილეობით მიმდინარე პროცესი. ეს მეთოდი ემყარება ზოგიერთი მიკრორგანიზმის (ბაქტერიის, სოკოს) თვისებას გამოიმუშავოს ციანიდი, რაც იძლევა გამოტუტვის განხორციელების საშუალებას) და ჰიდრომეტალურგიული მეთოდი (ამ მეთოდის გამოყენება ეკონომიკურად მომგებიანს ხდის ოქროს მოპოვებას მადანში ოქროს დაბალი შემცველობის დროს).

ოქროს მოპოვება/წარმოება განეკუთვნება მრეწველობის ისეთ დარგს, რომელსაც შეუძლია ძლიერი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს ზეგავლენა დაკავშირებულია როგორც საბადოდან მადნის ამოღების, ისე მადნის გადამუშავების საწარმოო პროცესებთან.

კომპანია RMG Gold-ის მიერ მადნის მოპოვება ღია კარიერებით ხდება მიწის ზედაპირთან ახლოს არსებული, შედარებით დაბალი ხარისხის საბადოებიდან. ეს მეთოდი ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. სამაგიეროდ, იზრდება გარემოზე ზეგავლენა. მადნიდან ღია წესით ოქროს მოპოვებისას ადგილი აქვს მიწიდან დიდი რაოდენობით ფუჭი ქანების ამოღებას, რომლებიც დიდ ტერიტორიებს იკავებს და მცენარეული საფარის განადგურებას იწვევს. წიაღისეულის მოპოვების პროცესში წარმოქმნილი დამაბინძურებელი ნივთიერებები, ძირითადად, წყლის საშუალებით ვრცელდება. ლითონები, რომლებიც შედარებით ნაკლებად მოძრავი იყო წიაღში, მოპოვებითი სამუშაოების დროს გამოთავისუფლდებიან და დიდი რაოდენობით აღწევენ მიწისქვეშა და ზედაპირულ წყლებში, მადნის გადამუშავების შემდეგ დარჩენილი კუდებიდან ხდება გარემოში მძიმე მეტალების და სხვა საშიში დამაბინძურებლების (ციანიდი, კონცენტრირებული მჟავები და ტუტეების ნაწარმები) გავრცელება. სამთომოპოვებითი პროცესებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება ხშირად იწვევს რესპირატორულ პრობლემებს.

ზოგიერთი მძიმე ლითონი – რკინა, სპილენძი, თუთია, მოლიბდენი – მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებში. მათ ორგანიზმი მცირე ოდენობით შეიცავს, რის გამოც მიკროელემენტები ეწოდებათ. მეორეს მხრივ, მძიმე ლითონები და მათი ნაერთები ქსოვილებში ჭარბი დაგროვების შემთხვევაში, იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს. ის ლითონები კი, რომლებიც არ ასრულებენ რაიმე სასიცოცხლო ფუნქციას, განისაზღვრებიან, როგორც ტოქსიკური ლითონები. ჯანმრთელობისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს 12 მძიმე მეტალი – სპილენძი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, კალა, ტყვია, ვანადიუმი, ქრომი, მოლიბდენი, მანგანუმი, ნიკელი და სტრონციუმი, საიდანაც განსაკუთრებით ტოქსიკურია კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია სტრონციუმი.

მძიმე მეტალები სხვადასხვა სახის დარღვევებს იწვევენ. მაგ. იაპონიაში, მინიმატას ყურეში მცხოვრებ ადამიანებში მძიმე მეტალებით დაბინძურებული მოლუსკების საკვებად გამოყენებამ ნევროლოგიური დაავადებების განვითარება გამოიწვია. კადმიუმით მოწამლვა ძვლების “დარბილებას” და თირკმელების დაზიანებას იწვევს და მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ტკივილები სახსრებსა და ზურგის არეში. კადმიუმი და რამდენიმე მისი ნაერთი ცნობილია, როგორც კანცეროგენი და მრავალი სახის სიმსივნის გამომწვევია. კადმიუმი და თუთია მსგავსი ქიმიური ელემენტებია, რის გამოც, კადმიუმი ანაცვლებს თუთიას სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესებში და თუთიასთან შედარებით 10-ჯერ უფრო მტკიცე ნაერთებს ქმნის. კადმიუმს ასევე აქვს მაგნიუმისა და კალციუმის ჩანაცვლების უნარიც. კადმიუმს ბიოაკუმულაცია ახასიათებს. კერძოდ, თევზების შინაგანი ორგანოების ქსოვილებში გროვდება. ამასთან, კადმიუმს ნახევრადგამოყოფის ხანგრძლივი დრო გააჩნია – 10-30 წელი. დაბინძურებულ წყალში დაჭერილი თევზის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის მძიმე ინტოქსიკაცია. კობალტი, ისევე როგორც ნიკელი, დაგროვებისას ავლენს მუტაგენურ და კანცეროგენურ თვისებებს. ასევე საზიანოა თუთიის ჭარბი კონცენტრაცია: თავისუფალი თუთიის იონი ტოქსიკურია მცენარეების, უხერხემლოების და თევზებისათვის. სპილენძი მტკნარი წყლის თევზებისათვის უფრო ტოქსიკურია, ვიდრე სხვა მძიმე მეტალი, ვერცხლისწლის გარდა. ადამიანისთვის სპილენძი არ არის ძლიერ ტოქსიკური, თუმცა, ორგანიზმში მისმა სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ინტოქსიკაცია, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ჰეპატიტი, შიზოფრენია და სხვ. კობალტი და სტრონციუმი თევზების კუნთებში აკუმულირდება. წყალში არსებული ეს ელემენტები მდინარეებში ბანაობისას შეიძლება საშიში აღმოჩნდნენ ადამიანისთვის და რთული დაავადებები გამოიწვიონ, როგორიცაა სტრონციუმის რაქიტი, ჩონჩხის პათოლოგია, სასუნთქი გზების დაავადება, კანის დაზიანება და სხვ.

ციანიდის გამოყენებამ დიდი მოგება მოუტანა სამთო მომპოვებელ ინდუსტრიას, ვინაიდან შესაძლებელი გახდა ღარიბი საბადოებიდან ძვირფასი ლითონების (ოქროს და ვერცხლის) მიღება. თუმცა, ამ მეთოდის გამოყენება დაკავშირებულია სერიოზულ გარემოსდაცვით პრობლემებთან: ღარიბი საბადოების დამუშავებისას წარმოიქმნება უზარმაზარი ღია კარიერები, ნარჩენის სახით გრივდება დიდი რაოდენობით ფუჭი ქანები. გარდა ამისა, ბოლო წლებში მომხდარი ციანიდთან დაკავშირებული ავარიული შემთხვევების ჯაჭვი იწვევს საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას.

2004 წელს ორგანიზაციამ “Earthworks” გამოსცა პუბლიკაცია (დაწერილი ჯერ კიდევ 1998 წელს) ციანიდთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რათა დახმარებოდა ინდუსტრიას, სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებს და მოსახლეობას არსებული საფრთხეების შეფასებაში. კერძოდ, გამოცემაში მოცემულია კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს ციანიდთან დაკავშირებული რისკების გამოსავლენად:

  • მომპოვებელი კომპანიების მიერ ციანიდის ყველა ნაერთების ნებაყოფლობითი მონიტორინგი და მონიტორინგის ინფორმაციის გამოქვეყნება;
  • სტანდარტების დადგენა ციანიდის პოტენციურად ტოქსიკური ნაერთებისათვის;
  • გარემოსდაცვითი სტანდარტების გამკაცრება იმ მოპოვებითი საქმიანობებისათვის, რომლებიც ციანიდს იყენებენ და ამგვარი პროექტების საჯაროობის უზრუნველყოფა;
  • მოქალაქეთა სადამკვირვებლო გაერთიანებების შექმნა იმ მომპოვებელ საბადოებთან, რომლებიც ციანიდს იყენებენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
  • დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი აუდიტების ჩატარება იმ მომპოვებელ კომპანიებში, რომლებიც ციანიდს იყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ციანიდის გამოყენება ოქროს მოპოვების დროს მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით ხდება, XX საუკუნის ბოლოს ადგილი ჰქონდა ავარიული დაღვრების შემთხვევებს, რომლებმაც უარყოფითი ზემოქმედება იქონიეს ბუნებაზე და მდინარეების სისტემებზე:

  • 1982 წელს მონტანაში;
  • 1992 წელს კოლორადოში;
  • 1997 წელს ნევადაში;
  • 1998 წელს სამხრეთ დაკოტაში, აშშ;
  • 1998 წელს ყირგიზეთში;
  • 1998 წელს ესპანეთში,;
  • 2000 წელს რუმუნეთში,

ამ შემთხვევებმა გამოიწვია პროტესტის ტალღა ახალ საბადოებთან დაკავშირებით, რომლებშიც იგეგმებოდა ციანიდის გამოყენება, მაგ. რუმინეთში, ავსტრალიაში და ჩილეში. ამერიკის შტატ მონტანაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში აიკრძალა ციანიდის გამოყენება სამთომოპოვებით პროცესებში. პირველი აკრძალვა კი მოხდა თურქეთში: 1997 წლის მაისში თურქეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ოქროს მოპოვების ნებართვა, გაცემული სამთომოპოვებით კომპანიაზე

 თურქეთის გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ. სასამართლომ აღიარა, რომ ოქროს მოპოვების ტექნოლოგია, რომელსაც საფუძვლად უდევს ციანიდის გამოყენება, არღვევს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს-ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას და სხვ.

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საწარმოების ფუნქციონირების გარემოსდაცვით კანონმდებლობასა და დაკისრებულ ვალდებულებებთან შემოწმება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ არ ჩატარებულა უკვე წლების განმავლობაში, საზოგადოებისათვის უცნობია როგორც საწარმოების მიერ ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა, ასევე სხვადასხვა წლებში (2005-2010) ჩატარებული კვლევების საფუძველზე პრობლემური საკითხების მოგვარების მდგომარეობა.

ქართველი და გერმანელი სპეციალისტების მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევების  შედეგებზე („მდინარე მაშავერას ხეობაში ნიადაგისა და საკვები კულტურების დაბინძურება მძიმე მეტალებით როგორც მოპოვებითი საქმიანობის ნარჩენების შედეგი“, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე) დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სპილენძის, თუთიის, კადმიუმისა და სულფატების ჯამური შემცველობები მდ. კაზრეთულაში, ფოლადაურსა და მაშავერაში ბევრად აღემატება ზედაპირული წყლებისათვის დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს. ეს მდინარეები კი რეგიონის სასოფლო-სავარგულების სარწყავი სისტემის ძირითად წყაროს წარმოადგენს. სულ კარიერისა და გამდიდრებული ფაბრიკის ირგვლივ ტერიტორიაზე დაფიქსირებულია 18 ქიმიური ელემენტის არსებობა, რომელთა რაოდენობა აჭარბებს საქართველოში დღეისათვის არსებულ ნორმებს. საკმაოდ ხშირია თუთიისა და სპილენძის ანომალური კონცენტრაციები.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მძიმე ლითონებით მნიშვნელოვანი დაბინძურების შედეგად დაბინძურებულია კულტურული მცენარეებიც. კვლევის მიხედვით, ბოლნისის რაიონის მარცვლეულშიც სპილენძის და დარიშხანის შემცველობა მეტია საქართველოს სხვა რაიონებსა და ანთროპოგენურ ზონაში აღებულ მარცვლეულთან შედარებით. ტყვიის, სპილენძის, თუთიის, რკინის კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო იმ სოფლებში (მაგ.სოფ. ქვეშში) აღებული სიმინდის, ლობიოსა და კარტოფილის ნიმუშებში, სადაც სასოფლო- სამეურნეო სავარგულების სარწყავად ძირითადად მდ. მაშავერას წყალს იყენებენ.

ჯერ კიდევ 2000 წელს დადგინდა დაბა კაზრეთის მოსახლეობის ავადობის ძალზე მაღალი მაჩვენებელი, ხოლო ბოლნისის რაიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა წლებში ჩატარებულ გამოკვლევებზე დაყრდნობით, შეფასებულია როგორც “არაკეთილსაიმედო”. სამედიცინო სტატისტიკის ცენტრის იმ პერიოდის მონაცემების მიხედვით, ბოლნისის რაიონის მოსახლეობის შარდ-სასქესო სისტემის სასუნთქი ორგანოების, ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების დაავადებების მაჩვენებელი თითქმის 4-7 ჯერ აღემატებოდა დმანისის მოსახლეობის მდგომარეობის მაჩვენებლებს. აღინიშნებოდა თანდაყოლილი ანომალიების მკვეთრი მატება, რაც 100 000 მოსახლეზე შეადგენდა 2.62%-ს. გამოკვლეული კონტიგენტის სისხლში სპილენძის რაოდენობრივი მაჩვენებელი მომატებული იყო.

სამწუხაროდ, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა ფრაგმენტულ ხასიათს ატარებდა, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში საერთოდ არ ჩატარებულა. საქართველოს ჯან-დაცვის სამინისტროს მონაცემებით კი ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების 7000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ამ რეგიონში მოწეული სოფლის მეურნეობის პროდუქტის საქართველოს ბაზრებში გაყიდვაა. ჯანდაცვის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მიხედვით ავთვისებიანი სიმსივნიანი ავადმყოფების მკურნალობაზე სახელმწიფო 15000 ლარის დახარჯვას იღებს თავისთავზე ყოველწლიურად. ე.ი 7000 ავადმყოფს სახელმწიფომ 105 მლნ ლარი უნდა დაახარჯოს.

სახელმწიფო არ ავალდებულებს წარმოებას, რომ მისი მუშაობის შედეგად ეკოლოგიაზე მიყენებული ზარალი აანაზღაუროს . საერთშორისო ეკოლოგიური ორგანიზაციების კვლევების მიხედვით მხოლოდ ისტორიული ნარჩენების რეკულტივაცია საქართველოს ბიუჯეტს ერთჯერად 100 მლნ ლარი დაუჯდება.

მონაცემები აღებულია სახელმძღვანელოდან, რომელიც მომზადებულია ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას „მიერ ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI-ZUG) ფინანსური მხარდაჭერით.

ანა მიქაუტაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: