IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ჯანმრთელობისთვის საშიში ოქრო

საყდრისი – Sakdrisi

 

oqro

ჯანმრთელობისთვის საშიში ოქრო

27.03.2011

მსოფლიო მასშტაბით ოქროს მოპოვება-რეალიზაციაში საქართველოს მოკრძალებული ნიშა უკავია. თუმცა, ქართულ ეკონომიკაში მის მიერ შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანია.

 

დაუმუშავებელი და ნახევრად დამუშავებული ოქრო საქართველოს ექსპორტის უმსხვილეს სასაქონლო პოზიციებში ბოლო წლების განმავლობაში წამყვან ადგილს იკავებს. თუ 2004 წელს საქართველოდან საექსპორტოდ 18 მლნ 830 ათასი აშშ დოლარის ოქრო გავიდა, 2010 წელს საზღვარგარეთ გაყიდული ოქროს ღირებულება 85 მლნ 788 ათას აშშ დოლარს აღწევს, რაც საქართველოს ექსპორტის 5,4 პროცენტია.

დღეს საქართველოში ოქროს მოპოვებას, გადამუშავებასა და წარმოებას ერთი ბიზნეს-ჯგუფი კურირებს. 2005 წლის ნოემბერში რუსული “პრომიშლენნიე ინვესტორის” (ამ კომპანიის დამფუძნებელი რუსეთის სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი სერგეი გენერალოვია) შვილობილმა ბრიტანულმა კომპანიამ “STANTON EQUITIES CORPORATION”-მა ტენდერში გაიმარჯვა და სააქციო საზოგადოება “მადნეულის” 97,25 პროცენტი იყიდა. ბოლო დრომდე “მადნეულში” სპილენძის კონცენტრატის წარმოების, რეალიზაციისა და მადნების კვლევა-ძიების გარდა, ბარიტს, სპილენძ-თუთიას, ბარიტ-პოლიმელიტს და კვარციტსაც მოიპოვებდნენ. ინვესტორმა, რომელმაც “მადნეული” შეიძინა, ოქროს შემცველი მეორადი კვარციტების გადამამუშავებელი შპს “კვარციტის” 51 პროცენტი და “საქართველოს სამთამადნო კომპანიის” 100 პროცენტიც მიიღო. ეს უკანასკნელი ბოლნისის რაიონის 36 საბადოზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიას ფლობს. “მადნეულის” რამდენიმე შვილობილი კომპანიის გარდა, “STANTON EQUITIES CORPORATION”-ს შპს “ტრანს ჯორჯია რესორსიც” ერგო, რომელიც საყდრისის საბადოზე წიაღით სარგებლობის კომპლექსურ ლიცენზიას ფლობს. ამ საბადოზე დათვლილი 40 ტონაზე მეტი ოქრო, ორჯერ მეტი ვერცხლი და 100 000 ტონამდე სპილენძი რენტაბელურ ამოღებას ექვემდებარება.

2007 წლიდან სს “მადნეულის” და სს “კვარციტის” აქციები “პრომიშლენიე ინვესტორის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სიმან პოვარიონკინს გადაეცა. გარიგების შედეგად, სს “მადნეულის” და “კვარციტის” მფლობელი კომპანია “GEOPROMINING-ი გახდა.

დღეს სს “მადნეული” ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და სხვა ლითონების მოპოვებაზე რამდენიმე ლიცენზიას ფლობს. ოქროს მოპოვება მეორადი კვარციტული მადნებიდან ხდება. წლის განმავლობაში კომპანია 100 ათას უნციამდე ოქროს მოიპოვებს და გადასამუშავებლად კანადურ ორგანიზაციაში – “ჯონსონს მათიუ”-ში აგზავნის.

სს “მადნეული” ოქროს მოპოვებისთვის ე. წ. გროვული გამოტუტვის მეთოდს იყენებს.  ეს მეთოდი დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობას არ საჭიროებს და ოქროს ღარიბი საბადოების დამუშავების შემთხვევაშიც ეკონომიკურად მომგებიანია. გროვული გამოტუტვა შედარებით ნაკლები კაპიტალური დანახარჯების გამო მიმზიდველი მეთოდია, თუმცა ოქროს ამოკრეფის ეფექტიანობაც ნაკლებია – 60-75% (ოქროს 40-25 პროცენტი ისევ მადანში რჩება, მაგრამ მისი შემდგომი გადამუშავება უკვე არარენტაბელურია).

გროვული გამოტუტვის მეთოდი ოქროს მოპოვების პროცესში კალიუმის ან ნატრიუმის ციანიდის გამოყენებას მოითხოვს. გარემოსდაცვით პრობლემებს სწორედ ციანიდი ქმნის: ციანიდი ოქროსშემცველი მადნის გადამუშავების შემდეგ დარჩენილ ე.წ. კუდებში (წარმოების ნარჩენი მასა) გროვდება, იქიდან ფერდობებზე ჟონავს და შემდეგ მდინარე კაზრეთულაში ხვდება. კაზრეთულა მდ. მაშავერას უერთდება და მასაც აბინძურებს. ორივე მდინარის წყალი დაბინძურებულია ისეთი მძიმე ლითონებით, როგორებიცაა: სპილენძი, თუთია, რკინა, კადმიუმი და მანგანუმი. 2007 წელს ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს – “მდინარე მაშავერას ხეობაში ნიადაგებისა და სასოფლო-სამეურნეო ნათესების დაბინძურება მძიმე ლითონებით”. კვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მდინარე მაშავერას ხეობის ნიადაგში სპილენძის რაოდენობა 49-ჯერ აღემატება გერმანიაში მოქმედ ზღვრულად დასაშვებ ნორმას, თუთიისა – 18-ჯერ,  ხოლო კადმიუმისა 12-ჯერ. [pagebreak]

გასულ წელს გერმანელმა და ქართველმა მეცნიერებმა ბოლნისის ტერიტორიაზე ერთობლივი კვლევა ისევ გააგრძელეს და დაადგინეს, რომ მძიმე ლითონები ნიადაგიდან საკვებ ჯაჭვში გადადის: ბოლნისის მოსახლეობა კაზრეთულას და მაშავერას წყალს სარწყავად იყენებს. მორწყვის შემდეგ მძიმე მეტალები მცენარეებში გროვდება. ასეთი საკვების ხანგრძლივმა მოხმარებამ კი, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში მთელი რიგი პათოლოგიური ცვლილებები გამოიწვიოს: მედიკოსთა შეფასებით, ბოლნისის რაიონში დაავადებათა სტატისტიკის ზოგადი მაჩვენებლები საგანგაშოა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2000 წლიდან 2010 წლამდე სიმსივნეების რაოდენობა საქართველოში ორნახევარჯერ გაიზარდა, ბოლნისში კი თითქმის 4-ჯერ. თუ 2000 წელს ბოლნისში ავთვისებიანი სიმსივნით 158 ადამიანი იყო დაავადებული, 2009 წელს მათი რაოდენობა 530-ს აღწევს.

ტენდერში გამარჯვებისას “STANTON EQUITIES CORPORATION”-ს სხვადასხვა ვალდებულებების პარალელურად გარემოს დაცვითი საკითხების შესრულებაც დაეკისრა. კონკურსის პირობების თანახმად, კომპანიას გარემოს დაცვის სამინისტროში გარემოს უსაფრთხოების პროგრამა უნდა წარედგინა. გარემოს დაცვის სამინისტროში “მადნეულმა” პროგრამა 2006 წელს წარადგინა. აქ გაწერილია ყველა ის პრობლემა, რაც “მადნეულის” მხრიდან გარემოზე მავნე ზემოქმედებას იწვევს. პროგრამის მიხედვით, “მადნეულს” გარემოს დაბინძურების კერები უნდა აღმოეფხვრა.

ამ პროგრამის წარდგენიდან თითქმის 5 წლის შემდეგ ვითარება უცვლელია – დაბინძურებული წყალი მდინარეში ისევ ჩაედინება. კომპანია კი გარემოს დაბინძურების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მოსახლეობას და სახელმწიფო სტრუქტურებს უმალავს.

გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების შესაბამისად, სს “მადნეული” ვალდებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მდ. მაშავერაზე ჩატარებული ყოველდღიური თვითმონიტორინგის შედეგები გაუგზავნოს. “მადნეულის” მიერ ჩატარებული თვითმონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2010 წლის განმავლობაში მდ. მაშავერაში მძიმე მეტალების შემცველობამ ზღვრულ ნორმას მხოლოდ ერთხელ გადააჭარბა და ისიც, უმნიშვნელოდ.

მდ. მაშავერას გეგმიურ მონიტორინგს პარალელურად, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოც ახორციელებს. სააგენტომ მაშავერადან წყლის გეგმიური სინჯები 2010 წლის 13 მაისს და 21 ივნისს აიღო. ამას დაემატა არაგეგმიური სინჯები, რომელიც გარემოს დაცვის ინსპექციის დაკვეთით, 2010 წლის 8 ივნისს აიღეს. შესაბამისად, არსებობს ერთი და იგივე დღეებში და ერთსა და იმავე ადგილზე აღებული სინჯების შედარების საშუალება.

როგორც ამ შედარებით ირკვევა, მდ. მაშავერას დაბინძურების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები სამივე შემთხვევაში (13 მაისი, 8 ივნისი, 21 ივნისი) მნიშვნელოვნად აღემატება საწარმოს მიერ ხელისუფლებისთვის მიწოდებულ მონაცემებს.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეგმიური მონიტორინგის მონაცემების თანახმად, 2010 წლის მეორე კვარტალში მდ. მაშავერაში მძიმე მეტალების კონცენტრაცია კანონით დადგენილ ზღვრულ ნორმას 10-15-ჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში კი, 30-ჯერაც აჭარბებდა.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ აღებული სინჯების ლაბორატორიული ანალიზის შედეგები გარემოს დაცვის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეგზავნა. სს “მადნეულის” მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვით დადგენილი პირობების დარღვევის გამო გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიურომ 2010 წლის 8 აგვისტოს და 15 სექტემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინა. ოქმები განსახილველად რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა და სს “მადნეული” ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ანალიზიდან კარგად ჩანს, რომ 2010 წელს მდინარეები მძიმე მეტალებით ინტენსიურად ბინძურდებოდა. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს არანაირი კონკრეტული ღონისძიებისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს. არ ვრცელდება ინფორმაცია სს “მადნეულისთვის” დაკისრებული რაიმე სახის სანქციებსა თუ რეკომენდაციებზეც. მეტიც, სს “მადნეულის” ყოფილი დირექტორი, პარლამენტარი კობა ნაყოფია საქართველოს პრეზიდენტმა “პატრიოტიზმისთვის და ბიზნესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის” 2010 წლის 26 მაისს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

გარემოსდაცვითი პრობლემის აღმოსაფხვრელად ბევრი რომ არაფერი გაკეთებულა, ამას გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, შალვა ჯავახაძეც ადასტურებს: “მაშავერაზე გეგმიურ მონიტორინგს მუდმივად ვაწარმოებთ. წლევანდელი შედეგები გასულის წლის მონაცემებივით კატასტროფული არ არის, მაგრამ მდინარეებში მძიმე მეტალების შემცველობა კანონით დასაშვებ ნორმას ისევ აჭარბებს”.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულების 2010 წლის ანგარიშის გარემოსდაცვით ნაწილში “მადნეულის” საქმიანობას ცალკე თავი აქვს მიძღვნილი. ანგარიშში აღნიშნულია: “გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ანალიზი საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ 2010 წელს მდინარეები მძიმე მეტალებით ინტენსიურად ბინძურდებოდა; “მადნეულის” მიერ სახელმწიფოსთვის მიწოდებული ინფორმაცია თვითმონიტორინგის შესახებ სანდო არ არის; გარემოს დაცვის სამინისტრო ადეკვატურად არ რეაგირებს დაბინძურებაზე; ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდება არასწორი ინფორმაცია დაბინძურების პრობლემის მოგვარებაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებს”.

„კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის” (CENN) პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ანგარიშზე მუშაობს, ამბობს, რომ “მადნეულის” საქმიანობა მოსახლეობას სერიოზულ ზიანს აყენებს: “ბოლნისელებს, რომლებიც დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობენ, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით აქვთ უფლება, ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარი საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. მათ უნდა იცოდნენ, რა საფრთხეებია მათ საცხოვრებელ გარემოში, რომ მათი აცილებაც შეეძლოთ”.

რატომ არ ითხოვს სახელმწიფო სს “მადნეულისგან” გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას? ამ კითხვას ერთადერთი პასუხი აქვს: “მადნეული” ხელისუფლების მხარდამჭერი კომპანიაა და მის საარჩევნო კამპანიას და ბევრ სახელისუფლებო პროგრამას თუ ღონისძიებას აფინანსებს: “მადნეულმა” დააფინანსა 2008 წლის სექტემბერში რიყეზე გამართული ბრაიან ადამსის კონცერტი, “ჯორჯიან ფეშენვიკი” და თბილისის მე-12 საერთაშორისო ჯაზფესტივალი. “გოლდინვესტმა” დააფინანსა რენი ჰარლინის მიერ საქართველო-რუსეთის ომზე გადაღებული ფილმი-ტრილერი, რომლის ბიუჯეტიც 32 მლნ დოლარია. “გოლდინვესტის” 100-პროცენტიანი წილის მფლობელი კი კობა ნაყოფიაა. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა მის ერთ-ერთ მთავარ სპონსორს შეღავათს უკეთებს და გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებისგან ათავისუფლებს. ამ შეღავათს კი სანაცვლოდ, მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავს.

აშკარაა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებთან თანხვედრის მიუხედავად (ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა,  ტურიზმი, სოფლის მეურნეობა), გარემოს დაცვა საქართველოში მაინც ვერ გახდა ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან სათანადო ყურადღების ღირსი.

ქართული ოქროს ექსპორტი

2005 წელს ექსპორტზე გავიდა 34 მლნ 743 ათას აშშ დოლარის ღირებულების ოქრო.

2006 წელს ექსპორტზე გატანილი ოქროს ღირებულება 49 მლნ 371 ათას აშშ დოლარს აღწევს.

2008 წელს – 100 მლნ 111 ათასი აშშ დოლარი.

2009 წელს  – 116 მლნ 189 ათასი აშშ დოლარი.

2010 წელს – 85 მლნ 788 ათასი აშშ დოლარი.

 

ოქროს ეფექტი

ჯანმრთელობისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს 12 მძიმე მეტალი – სპილენძი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, კალა, ტყვია, ვანადიუმი, ქრომი, მოლიბდენი, მანგანუმი, ნიკელი და სტრონციუმი. განსაკუთრებით ტოქსიკურია კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია და სტრონციუმი. მათ ახასიათებთ მაღალი ტოქსიკურობა და ორგანიზმში დაგროვების უნარი. მძიმე მეტალები სხვადასხვა სახის დარღვევებს იწვევენ. კადმიუმით მოწამლვა ძვლების “დარბილებას” და თირკმლების დაზიანებას იწვევს, ახასიათებს ძლიერი ტკივილები სახსრებსა და ზურგის არეში. კადმიუმი და რამდენიმე მისი ნაერთი ცნობილია, როგორც კანცეროგენი და მრავალი სახის სიმსივნის გამომწვევია. ამასთან, კადმიუმს ნახევრადგამოყოფის ხანგრძლივი დრო გააჩნია – 10-30 წელი. დაბინძურებულ წყალში დაჭერილი თევზის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის მძიმე ინტოქსიკაცია (ეს არის ციტატა არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ბროშურიდან “ოქროს მოპოვების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის” –  სახელმძღვანელო).

http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/105782/

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: