IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• „საყდრისი-ყაჩაღიანი – ნგრევა კანონის სახელით“ – საიას კვლევა

• Sakdrisi – საყდრისი

images_cms-image-000037960[1]

„საყდრისი-ყაჩაღიანი – ნგრევა კანონის სახელით“ – საია ახალ კვლევას აქვეყნებს

 

საყდრისი-ყაჩაღიანის შემთხვევამ ნათლად და ცალსახად აჩვენა, რომ საეჭვო გარემოებებში, კანონმდებლობის მოთხოვნების გვერდის ავლით, შეიძლება მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც, ეკონომიკური თუ სხვა ბუნდოვანი საინვესტიციო ინტერესების სახელით, საფრთხეს შეუქმნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, შენარჩუნებას და მომავალი თაობებისათვის გადაცემას, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში „საყდრისი-ყაჩაღიანი – ნგრევა კანონის სახელით“ არის ნათქვამი.

საია-ში აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგად მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა – 2014 წლის 12 დეკემბერს, ერთი დღის განმავლობაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით, ჯამში 17 ისეთი მოქმედება განახორციელეს და 4 ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შედეგად, 2014 წლის 13 დეკემბერს შპს „RMG-GОLD“-მა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი ააფეთქა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 13 დეკემბერს, „RMG-GОLD-ს“ საყდრისი #1 ყაჩაღიანის უბანზე აფეთქებისთვის არ გააჩნდა სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა.

„2014 წლის 29-31 დეკემბერს „RMG-GOLD-თვის“ საყდრისი-ყაჩაღიანთან კავშირში მყოფი წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის კონკრეტულ სალოკაციო ტერიტორიაზე გაგრძელების პროცესში – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის ფორსირებული მოქმედება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ „RMG-GOLD-ს“ წინასწარ ჰქონდა ლიცენზიის გაგრძელების გარანტია და 2014 წლის ბოლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იურიდიულად გაფორმდა”, – წერია კვლევაში.

რაც შეეხება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს, საიას იურისტ სულხან სალაძის თქმით, სასამართლოში ამ ეტაპზე რამდენიმე შუამდგომლობაა დაყენებული, მათ შორის ერთ-ერთში „RMG-GOLD“ მოითხოვს, დავა, დავის საგნის არარსებობის გამო, უნდა შეწყდეს.

„ბუნებრივია, მოსარჩელე მხარეები არ ვეთანხმებით ამ შუამდგომლობას. ჩვენს პოზიციას უშუალოდ პროცესზე გავახმაურებთ, ვინაიდან არ გვინდა ამ თემებზე წინასწარ საუბარი. მეორე მხრივ, ამ სასამართლო პროცესებით მაქსიმუმ რისი მიღწევაც შეიძლება, ის არის, რომ რეალურად, შეგვიძლია გავიგოთ სასამართლოს მოსაზრებით არის თუ არა  კანონდარღვევა, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ და კულტურის სამინისტრომ საყდრის-ყაჩაღიანს 12 დეკემბერს საყდრისს სტატუსი მოუხსნა და 13-ში ძეგლი აფეთქდა“, – ამბობს სალაძე.

მისი თქმით, თუკი სასამართლო დააკმაყოფილებს საიას სასარჩელო მოთხოვნას, ამ შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი და გაცილებით რთული იქნება პროკურატურისთვის, თავი აარიდოს გამოძიებას.

პროცესი 24 აგვისტოსაა დანიშნული. სალაძის თქმით, ამ პროცესზე სასამართლო იმსჯელებს უნდა დააკმყოფილოს თუ არა სასამართლო შუამდგომლებები.

როგორც კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი ამბობს, ახლა უკვე საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური მემკვიდრეობა სრულიად განადგურებულია.

„მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა არ უნდა გაგრძელდეს. საბრძოლო ორიექტები ბევრია, ძველი თბილისი, მირზა შაფის ქუჩის განაშენიანებისა და თბილისი პანორამას პროექტი და ა.შ.“, – ამბობს მიზანდარი.

მისი თქმით, აღნიშნულ კვლევაში კარგად ჩანს სახელმწიფო ხედვა, რომ ინვესტიციის მოზიდვის საბაბით შესაძლოა განადგურდეს კულტურული მემკვიდრეობა, რაც დაუშვებელია.

 

ნათია ამირანაშვილი  

15.07.2015

http://www.liberali.ge/ge/liberali/news/126924/

 

***

Sulkhan Saladze24 აგვისტო, 2015

სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

კარგი ამბავი!
საყდრისი-ყაჩაღინიას საქმეზე დღეს გვქონდა მორიგი მოსამზადებელი სასამართლო სხდომა, სადაც სხვა საკითხების პარალელურად მოსამართლეს უნდა გადაეწყივტა გაგრძელდება, თუ არა სასამართლოში საქმის განხილვა საერთოდ, თუ ეს საკითხი სამუდამოდ უნდა დაგვევიწყებინა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და “RMG-Gold”-ი, ხმაშეწყობილი და ხელ-ჩაკიდებული ამტიკიცებდნენ, რომ სასამართლოში საქმის განხილვა უნდა შეწყვეტილიყო, სასამართლომ არ გაიზირა მათი შუამდგომლობა და მხარი დაუჭირა ჩვენს (მოსარჩელებების) პოზიციას, რომ დავა უნდა გაგრძელდეს და სასამართლომ უნდა შეამოწმოს იმ სამართლებრივი აქტების კანონთანშესაბამისობა, რომლის საფუძველზეც 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი არქეოლოგიური ობიექტი უკანონოდ იქნა აფეთქებული.

მორალი: ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, სხვა დანარჩენისთვის არსებობს სასამართლო (ყოველშეთხვევაში, ჯერ-ჯერობით ვერ იყიდი მაინც).

 

 
%d bloggers like this: