IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

ევროკავშირთან ინტეგრაციის შესაძლო გავლენა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე

თამარ ღუტიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დოქტორანტი

 

„ევროკავშირთან ინტეგრაციის შესაძლო გავლენა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე“

 

თბილისი 2015

შინაარსი

  • შესავალი
  • თავი 1. ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების გამოცდილება სადაზღვევო სექტორში გარდამავალ პერიოდში
  • თავი 2. სადაზღვევო ბაზრის განვითარების ტენდენციები ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში
  • თავი 3. საქართველოს სადაზღვევო ბაზრის პერსპექტივები. ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის განვითარების შესაძლებლობები
  • დასკვნები და რეკომენდაციები
  • გამოყენებული ლიტერატურა
  • დანართი

 

შესავალი

 

თემის აქტუალობა. დაზღვევა ის ფინანსური მექანიზმია, რომელიც აგებულია სოლიდარულ პრინციპზე და ეფუძნება სოციალური რისკების მინიმიზაციის კეთილშობილურ იდეას. ბიზნეს წესებისა და კანონების ურთიერთშეთანწყობის საფუძველზე სადაზღვევო სექტორს თავისი სოლიდური წვლილი შეაქვს ქვეყნის როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური სტაბილურობის საქმეში. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში სადაზღვევო ინდუსტრიის მთლიანი აქტივები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 25–იდან 50%–მდე მერყეობს. საქართველოში, ამ კუთხით, ვითარება ნამდვილად არ არის სახარბიელო.

ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი საქართველოს სამომავლო გეგმების დღისწესრიგში ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია და საამისოდ საქართველომ არაერთი ნორმატიული თუ ინსტიტუციური საკითხი უნდა გადაჭრას. მათ შორის არის სადაზღვევო სექტორის მოწყობის, განვითარების უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის თემატიკა. ევროპის ბევრმა ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყანამ გაიარა მოცემული გზა, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ დაწინაურდა და დღეს ევროინტეგრაციის საკითხებში წარმატებებს აღწევს. ზოგიერთი მათგანი კი ასოცირების პროცესის მონაწილეა საქართველოს მსგავსად. მათ არაერთი ღონისძიება შეიმუშავეს ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, მათ შორის სადაზღვევო ბაზრების განვითარების კუთხით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვან კვლევის საკითხად და აქტუალურ თემად რჩება მათი გამოცდილება და ზრდის მაჩვენებელები სადაზღვევო ბაზრებისა და ევროინტეგრაციის კავშირების გამოსავლენადსაქართველოსა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების სადაზღვევო ბაზრების შესწავლის საფუძველზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე შესაძლო გავლენის შეფასება წარმოადგენს კვლევის

კვლევის ძირითადი ამოცანებია:

  • საქართველოს სადაზღვევო ბაზრის თავისებურებათა შესწავლა-გაანალიზება;
  • ევროკავშირისა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და გაანალიზება;
  • ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე გავლენის გამოვლენა;
  • გარდამავალ პერიოდში სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის ძირითადი პრობლემების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ძირითადი მიმართულებების შემუშავება.

კვლევის ობიექტი და საგანი. კვლევის ძირითადი ობიექტია საქართველოს სადაზღვევო ბაზარი. კვლევის საგანია ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისას სადაზღვევო ბაზრების ტრანსფორმაციის პროცესი.

ნაშრომის სიახლე. ნაშრომის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს შემდეგში:

  • საქართველოსა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების სადაზღვევო ბაზრების შედარებითი ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და საქართველოს სადაზღვევო სექტორის განვითარებას შორის დადებითი კორელაცია და შესაძლო კონვერგენცია;
  • შემოთავაზებულია კონკრეტული რეკომენდაციები (ღონისძიებები) საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ევროკავშირის ქვეყნების სადაზღვევო ბაზრებთან დაახლოების კუთხით.
  • კვლევის თეორიულ და მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური თეორიის, საბაზრო ეკონომიკის, სადაზღვევო საქმის შესახებ, სადაზღვევო ბაზრის განვითარების პრობლემებისადმი ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ მიძღვნილი სამეცნიერო გამოკვლევები და პრაქტიკული ხასიათის მეცნიერული შრომები.

ნაშრომი ეყრდნობა საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის მონაცემებს, ასევე, სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ მეთოდურ მითითებებს, რეკომენდაციებს, სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციასა და ოფიციალური ვებ-გვერდების მასალებს.

ნაშრომის მოცულობა და სტრუქტურა. სასემინარო თემა მოიცავს 39 გვერდს და შედგება შესავალის, სამი თავის, დასკვნებისა და წინადადებებისაგან. ნაშრომს თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია და დანართი.

 

თავი 1. ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების გამოცდილება სადაზღვევო სექტორში გარდამავალ პერიოდში

 

ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში 90-იანი წლებიდან დაწყებულმა ტრანსფორმაციამ მოიცვა საფინანსო სექტორის განვითარება (KOZAREVIĆ, 2013). თუმცა ზოგიერთი მკვლევარი, მოცემულ ქვეყნებში განვითარების კუთხით მხოლოდ საბანკო სექტორს განიხილავს და მიიჩნევს, რომ ფინანსური ბაზრები და სადაზღვევო სექტორი, არა თუ განვითარების კუთხით იყო მიშვებული და უარყოფილი, ასევე მეცნიერ-მკვლევარებისთვის არ წარმოადგენდნენ საკვლევ სეგემენტებს (Robert B.K. Pye, 2003). საბანკო სექტორის დომინანტობამ ფინანსურ სექტორში და სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებამ და არასრულფასოვანი საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებამ სადაზღვევო სექტორში, დაზღვევის ინსტიტუტის და თავად სექტორის ჩავარდნა გამოიწვია. თავად სადაზღვევო მექანიზმის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებაში ცალსახად უარყოფილი იქნა. სადაზღვევო კომპანიებს შეეძლოთ ეროვნულ ფინანსურ ბაზრებზე მსხვილ ინვესტორებად ოპერირება და ძირითადი საქმიანობით აკუმულირებული თანხების საინვესტიციო აქივებში დაბანდება. მოცემული თავისთავად თავისუფალი ფულადი სახსრების სხვადასხვა სექტორში ინვესტირების ხელშეწყობის წინაპირობა იქნებოდა.

Frinquelli (1991)-ის კვლევის მიხედვით მოცემულ რეგიონში განვითარების დიდი პოტენციალი არსებობდა, რომელიც დაფუძნებული იყო ორ მაჩვენებელზე: 1) დადებით კორელაციაზე ეროვნული სიმდიდრის ზრდასა და სადაზღვევო სექტორის სიმჭიდროვეს შორის და 2) მკვლევარი თვლიდა რომ, მოცემულ ქვეყნებში სადაზღვევო სექტორის სიმჭირდოვე 5-10 წელიწადში მიაღწევდა კონვერგენციას ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებლებთან. თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა, რადგან კვლევაში არ იყო გათვალისწინებული „სადაზღვევო კულტურის“ არსებულ დონეებს შორის სხვაობა ევროკავშირის ქვეყნებსა და ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში. Baur და Enz-ი (1994) კვლევის შედეგებში გამოყოფდნენ რეგიონში სადაზღვევო სექტორის განუვითარებლობის მიზეზებს: ცხოვრების დონის შემცირებას, ინფლაციის მაღალ დონეს, საკუთრების უფლების გაურკვევლობასა და პრივატიცაზიის პროცესის მერყეობას, ასევე, სავალდებულო დაზღვევის გაუქმებას.

Rustmann-მა (2001) და Baur-იმ (2002) გამოიკვლიეს მოცემული ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შედეგები. კვლევებმა გამოავლინა დადებითი ტენდენციები სადაზღვევო სექტორის განვითარებისათვის იმ შემთხვევაში თუ ეს ქვეყნები ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგამდნენ ნაბიჯებს. Tipurić-ის (2008) მოსაზრებით, მოცემულ ქვეყნებში აუცილებელი იყო სადაზღვევო ბაზრის ლიბერალიზაცია, კონკურენციის ხელშეწყობა, რაც ზრდისა და განვითარების მეტ საშუალებას მისცემდა ბაზარს. Haiss და Sümegi (2008) ხაზს უსვამენ სადაზღვევო სექტორის მნიშვნელობას ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის საქმეში ეროვნულ დონეზე მყარი საინვესტიციო აქტივების შეძენით და ფინანსურ ბაზრებზე ოპერირებით. Enz-იმ (2000) გამოთქვა მოსაზრება, ეკონომიკური მოდელების გამოყენების ეფექტურობასთან დაკავშირებით, გრძელვადიან პერიოდში მშპ-ს ბაზაზე მისაღები პრემიების პროექციისათვის.

Ćurak (2009)-მა დაასაბუთა დადებითი დამოკიდებულება სადაზღვევო სექტორის განვითარების კუთხით ეკონომიკურ ზრდასა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებით. Kozarević et al. (2008-2011-2013)-მა შედარებითი ანალიზის საფუძველზე გამოავლინა კორელაცია ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში სადაზღვევო სექტორის განვითარებასა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.

მოცემული საკითხის განხილვისას პირველი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ განსხვავებაზე რაც არსებობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს შორის სადაზღვევო ბაზრებზე. პირველი მათგანი ყოველთვის გამოირჩეოდა კონკურენტული ბაზრებით არა მარტო დაზღვევის მიმართულებით არამედ ზოგადად, მეორე კი ცენტრალურ-გეგმიური მმართველობის პირობებში მხოლოდ ნაციონალიზებული სადაზღვევო ბაზრებით. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოცემულ ქვეყნებში განხორციელდა სადაზღვევო სექტორის ნაციონალიზაცია და უცხოური სადაზღვევო კომპანიების ექსპროპრიაცია. გადაწყვეტილებების მიღება ისეთ მნიშვნელოვან ძირითად საკითხებზე, როგორიცაა პრემიები და პოლისის ძირითადი დებულებების შედგენა-ჩამოყალიბება, გენერალური  ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად ხორციელდებოდა ფინანსთა სამინისტროს მიერ. ანდერრაიტინგის პროცესი არ იყო დამყარებული აქტუარულ ანალიზზე, რადგანაც დაზღვევის, როგორც პროდუქტის ძირითადი მიმწოდებლის როლში გამოდიოდა სახელმწიფო არამომგებიანობის საფუძველზე. სწორედ მოცემულიდან გამომდინარე იყო განპირობებული ის გარემოება, რომ სტატისტიკური მონაცემები არ იყო სერიოზულად შეგროვებული, შესაბამისი პერსონალი კი არ ფლობდა საკმარის ცოდნასა და კვალიფიკაციას. უკანასკნელმა კი ხელი შეუწყო ასიმეტრიული ინფორმაციის გავლენით არასწორი შერჩევისა და მორალური რისკის ზრდის ფაქტორებს. საბოლოო ჯამში, სადაზღვევო პროდუქტები მიმზიდველი იყო ძირითადად საშუალოზე მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, რომლებიც თავისუფლად ახერხებდნენ მათ შეძენას. ამას ემატებოდა ის გარემოებაც რომ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა კომპანიისთვის დაზღვევა სავალდებულო იყო, ისევე როგორც გარკვეული რისკების გადაზღვევა.

ცენტრალურად მართულ ქვეყნებში არ იყო ნდობა დაზღვეულსა და მზღვეველს შორის, რადგან ურთიერთობები და საკითხების გადაწყვეტა არ იყო დაფუძნებული კონტრაქტსა და მოწესრიგებულ იურიდიულ სისტემებზე. ყოველივე ამასთან ერთად სადაზღვევო კულტურისა და დაზღვევაზე მოთხოვნის არარსებობა წარმოადგენდა მთავარ შემზღუდველ ფაქტორს სადაზღვევო სექტორის განვითარებისათვის. ასევე შეიძლება განვიხილოთ დამატებითი უარყოფითი ფაქტორები, რომელთაც ხელი შეუწყვეს სადაზღვევო სექტორის ერთ ადგილას გაყინვას: 1. მენეჯერები არ იყვნენ ორიენტირებულნი კომპანიის მომგებიანობასა და რისკის შემცირებაზე; 2. მენეჯერების შერჩევა ხორციელდებოდა პოლიტიკური ნიშნის მიხედვით, ისინი კი არ იყვნენ მოტივირებულნი საკუთარ თავზე აეღოთ კომპანიის აქტივებსა და დასაქმებულებთან დაკავშირებული რისკების შემცირების პასუხისმგებლობა; 3. პერსონალური რისკების მართვაც უარყოფილი იყო, იმ უბრალო მოტივებით, რომ უმეტესად ქონება სახელმწიფო საკუთრებაში იყო და სოციალური დაცვის სისტემა ფართო სპექტრის სარგებელს ისედაც იძლეოდა; 4. განუვითარებელი საფინანსო სისტემა, მაღალი ინფლაციის ტემპები და სუსტად განვითარებული ეკონომიკა იყო ძალიან დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის.

გარდა მოცემულისა, ხაზი უნდა გაესვას დასავლეთის ქვეყნებსა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის სავალდებული დაზღვევისადმი განსხვავებულ მიდგომებს. მოცემული მიმართულებით შეიძლება განხილული იქნას სოციალისტურ ქვეყნებში ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა და აგროდაზღვევა. დასავლურ ქვეყნებში საკმაოდ ბევრი დაზღვევის სახე მიღებულია სავალდებულოდ მთავრობების მიერ. სოციალისტურ ქვეყნებში მოსახლეობის მიერ მოცემული მიდგომა განიხილებოდა როგორც გადასახადის განსხვავებული ფორმა და ხშირ შემთხვევაში ეს მათგან აღშფოთებას იწვევდა. გარდა ამ დამოკიდებულებისა, მოცემული სახით დაზღვევა სამთავრობო სადაზღვევო პროვაიდერს ძალიან დიდი ზარალის წინაშე აყენებდა. დასავლეთის ქვეყნებში ინდივიდების მიერ გადახდილი პრემია შესაბამისია იმ მოსალოდნელი რისკისა და სადაზღვევო ლიმიტებისა, რომელსაც მზღვევლის მიერ შეთავაზებული პოლისი ითვალისწინებდა და კომპანია თავად ფარავდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზარალს. განსხვავებით ამისა სოცილისტურ ქვეყნებში პრემიების გენერირება სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის მიერ ხდებოდა, ხოლო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მთავრობა არ თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან დაეფარა ზარალი. [1]

აქვე თავისთავად აუცილებელია შევეხოთ ადამიანის ეკონომიკურ ჭრილში განხილვის მცირე ექსკურსს. როგორც ჩვენთვის ცნობილია ყოველ საზოგადოებრივ მეცნიერებას თავისი homo logicus-ი ჰყავს, ასევე ეკონომიკასაც ჰყავს თავისი homo economicus-ი, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებრივი პროცესის განმახორციელებელია და ამ პროცესების წარმართვის ეფექტიანობაც მასზეა დამოკიდებული. საბაზრო ეკონომიკაში ნორმებსა და აზროვნებაზე homo economicus-ის ზეგავლენა საკმაოდ დიდია, თუმცა როდესაც საუბარია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ფორმირებულ ნორმებზე, რეფორმების განხორციელებაზე საქმე homo soveticus-თან გვაქვს. მბრძანებლურ ეკონომიკაში homo soveticus-ის, ანუ სახელმწიფოს მიერ ჩაგრული და მთლიანად მასზე დამოკიდებული ადამიანის ტიპი ჩამოყალიბდა, რომელსაც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის დაწყება მოუხდა (ვ. პაპავა 2011). ეს არის ადამიანის ისეთი კატეგორია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ყოველნაირად ითრგუნება და მისი კეთილდღეობა მხოლოდ სახელმწიფოზეა დამოკიდებული. ტრანსფორმაციის პროცესი შეიძლება შეფასდეს როგორც homo soveticus-ის homo economicus-ად გარდაქმნის პროცესი homo transformaticus-ის შუამავლობით. homo transformaticus-ი აგებს და ქმნის იმ ნორმებს რომელიც დაფუძნებულია სოვეტიკუსის მეხსიერებაზე, მოითბოს ხელი კორუფციით, აარიდოს თავი გადასახადებსა და სხვა.

აღნიშნულმა კიდევ ერთხელ განაპირობა შემდეგი სიტუაცია, რაც ასე ნაცნობია დღევანდელი საქართველოსთვისაც – ბევრ დაზღვეულს, სამთავრობო თუ კერძო კორპორაციებს, ჯერაც არ გაუთვითცნობიერებია პასუხისმგებლობა იზრუნოს სადაზღვევო დაცვის მოძიებაზე; ასევე, ზოგიერთ სადაზღვევო კომპანიას ჯერაც არ შეუმეცნებია იდეა – შექმნას მომხმარებლის მოთხოვნილებაზე მორგებული პროდუქტი და გაყიდოს ის სწორად.[2] აქვე შეიძლება დავამატოთ, რომ საქმე გვაქვს ხშირ შემთხვევაში მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სტრატეგიების შემუშავების ხარვეზებთან.

ევროპის ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყნებმა გარდამავალ ეტაპზე, როგორც აღვნიშნეთ, სხვადასხვა გზა გაიარეს. ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარეობდა საომარი სიტუაციები 1990-იან წლებში. მაგალითად, ალბანეთი, ბულგარეთი და რუმინეთი უღარიბეს ქვეყნებს წარმოადგენდნენ გარდამავალი ეტაპის დასაწყისში. მეორე მხრივ, სლოვენიამ დიდი უპირატესობა მოიპოვა ევროპის დასავლურ ნაწილთან სიახლოვით. მიუხედავად სხვაობისა შეიძლება გამოვკვეთოთ საერთო მიმართულებები. ახლად არჩეულ დემოკრატიულ მთავრობას მოუწია ახალი და სრულიად განსხვავებული ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარემოს ჩამოყალიბება, მოცემულმა ზოგიერთ ქვეყნაში საკმაოდ დიდი დრო მოითხოვა სხვადასხვა არსებითი ფაქტორის გამო (თუნდაც საომარი სიტუაციის გავლენით); პირველ ნაბიჯს სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის წარმოადგენდა მონოპოლიების მოშლა და ზედამხედველობის შემოღება. სექტორში განხორციელებულმა პირვატიზაციის ღონისძიებებმა მისცა უცხოურ კომპანიებს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობა და ბაზარზე მოთამაშეების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. მოცემულ პროცესში  ბევრი წინააღმდეგობა გამოიკვეთა – სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა დაფუძნებული იყო ევროკავშირის განვითარებული ბაზრების გამოცდილებაზე ყოველგვარი ინსტიტუციური მომზადების გარეშე – განსხვავება საკანონმდებლო გარემოსა და კულტურულ-ფსიქოლოგიურ ფაქტორებს შორის იქნა უარყოფილი. ზედამხედველ ორგანოებს კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო არ ჰქონდათ შესაძლებლობა ეფექტურად გაეტარებინათ შესაბამისი გამაჯანსაღებელი ღონისძიებები და მოეხდინათ სწრაფად მზარდი ბაზრის სრულყოფილი ზედამხედველობა. თავისთავად, დაზღვევის დაბალმა კულტურამ, ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის პროცესებმა სექტორის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედეს. ბაზარზე ყველაზე დომინანტურ პროდუქტს წარმოადგენდა MTPL-ის სავალდებულო დაზღვევა, ნებაყოფლობითი დაზღვევის სხვა ფორმები დიდი ხნის განმავლობაში არამოთხოვნად მომსახურებას წარმოადგენდა.

რეფორმის პერიოდი ბევრ ქვეყანაში გაიწელა პრივატიზაციის პროცესის მოუწესრიგებლობის, უმუშევრობისა და ინფლაციის მაღალი დონის, დაბალი ფინანსური კონსოლიდაციისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო. ფინანსური ბაზრების განუვითარებლობამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ამ სექტორის განვითარების ვექტორებს. სტატისტიკური მონაცემების არარსებობამ, რაც აქტუარული გამოთვლების საწარმოებლად არის საჭირო და განსაზღვრავს სადაზღვევო პროდუქტის რეალისტურ ფასს, საფასო პოლიტიკის მიმართულებით ბევრი სისუსტე გამოავლინა სექტორში.

ევროპასთან ინტეგრაციის გავლენა. კომუნისტური ბანაკის დაშლასთან ერთად წარმოიჭრა საკითხი ევროკავშირის შესაძლო გაფართოებაზე. 1993 წელს მიღებული იქნა შეთანხმება ერთიანი ევროპული ბაზრის ჰარმონიზაციისათვის ადამიანების, საქონლისა, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით. კოპენჰაგენში განისაზღვრა ევროპასთან ასოცირების კრიტერიუმები: 1. ინსტიტუტების მიერ დემოკრატიის გარანტირების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და უმცირესობების პატივისცემა; 2. ევროკავშირში კონკურენტულობისა და საბაზრო ზეწოლისადმი მაღალი გამტარუნარიანობის მქონე მოქმედი საბაზრო ეკონომიკის არსებობა; 3. უნარი წევრობის ვალდებულებების შეთვისებისათვის, რაც გულისხმობს ძირითადი მიზნების ერთგულებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მონეტარულ საკითხებში. დამატებით თითოეულ ქვეყანას გასათვალისწინებელი აქვს ის რეგულაციები რაც ევროკავშირმა შემდგომ პერიოდში შემოიღო სადაზღვევო საქმიანობასთან მიმართებით. იგულისხმება დაზღვევის დირექტივები, solvency I და solvency II, აღიცხვისა და ანგარიშგების ერთიანი სტანდარტები, ერთიანი ევროპული ლიცენზიის გაცემის საშუალება, რომელიც ითვალისწინებს ერთიანი ჰარმონიული და კონკურენტუნარიანი საბაზრო სივრცის შექმნას.

თავი 2. სადაზღვევო ბაზრის განვითარების ტენდენციები ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში

ბევრ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში, ასევე ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, სხვადასხვა მაჩვენებლისა და ინდიკატორის შეფასების კუთხით სიტუაცია საქართველოს მსგავსია. შედარებისათვის ავიღეთ აღნიშნული ქვეყნები, რადგან ყველაზე ახლოს დგანან ჩვენს ქვეყანასთან და ათვლის წერტილი დაახლოებით ერთნაირია მათთვის. ზოგიერთ მათგანში, ისევე როგორც საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მიმდნარეობდა საომარი მოქმედებები, სამოქალაქო ომი და დაპირისპირება,; ზოგიერთი მათგანი უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე იმყოფებოდა 90-იანები წლების ბოლოს და რაც მთავარია, ყველა მათგანი იყო ერთიანი სივრცის, ერთიანი ეკონომიკური სისტემის ნაწილი – გეგმიურად მართული ეკონომიკური სისტემის. თუმცა განვითარებისა და ერთიან ევროპულ-ეკონომიკურ სივრცეში მოსახვედრად თითოეულმა არათუ მსგავსი, არამედ განსხვავებული გზა გაიარა, განსხვავებული სარეფორმო სტრატეგია შეიმუშავა და დღეს ისინი უკვე წარმოადგენენ ევროკავშირის წევრ ან ასოცირების შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მოცემული ქვეყნების გამოცდილების განხილვა და მათი საქართველოსთან მისადაგების შემთხვევაში საქართველოსთან ადაპტაცია და არა პირდაპირი იმპლემენტაცია, რასაც ძალიან ხშირად „ინსტიტუციურ ხაფანგში“[3] შეჰყავს ქვეყანა ან იწვევს „ინსტიტუციურ დისფუნქციას“.

ქვეყანაში სადაზღვევო ბაზრის განვითარების დონის შესაფასებლად შესაძლებელია შემდეგი მაჩვენებლების გამოყენება: 1. საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემო; 2. გადახდისუნარიანობის სტანდარტები; 3. სადაზღვევო სექტორის წილი – Insurance Penetration Rates; 4. სადაზღვევო სექტორის სიმჭიდროვე – Insurance Density Rates; 5. სიცოცხლის დაზღვევის წილი მთლიან სექტორში; 6. MTPL-ის დაზღვევის წილი მთლიან სექტორში.

            პირველ რიგში, შედარების გასაკეთელად აუცილებელია იმ ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების გამოვლენა, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვანახებს საქართველოსა და ამ ქვეყნების ერთიან ჭრილში განხილვის შესაძლებლობას. მოცემული შეიძლება დავიწყოთ მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ის და ეკონომიკური ზრდით. ყველა ქვეყანა ეკონომიკის ზრდის ნელი ტემპით ხასიათდებოდა. 2000 წლიდან მოყოლებული დადებითი ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე 2007-2008 წლებში მოცემული მიმართულებით აშკარა ვარდნა დაფიქსირდა ყველა ქვეყანაში. თუმცაღა, 2009 წლიდან მათ კვლავ შეძლეს ამ მიმართულებით ზრდის დაფიქსირება, მაგრამ კრიზისამდე პერიოდის  მაჩვენებელს ვერ მიუახლოვდნენ. ანალოგიურად, საქართველოში ვარდნა შეინიშნებოდა 2007-2008 წლებში რიგი ფინანსური კრიზისის და რიგი 2008 წლის საომარი ვითარებით გამოწვეული ფაქტორების გამო. ზრდა 2009 წლიდან დაიწყო, თუმცა 2007 წლის მაჩვენებელს ჯერ ვერ გაუტოლდა (იხ. გრაფიკი №1, გრაფიკი №2).

  1. საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემო. სადაზღვევო სისტემისა და სადაზღვევო ბაზრის ჩამოყალიბება ფართო მასშტაბით სათავეს იღებს 1997 წლიდან. 1990-იანების დასაწყისიდან 1997 წლამდე: სადაზღვევო სისტემის სამართლებრივი რეგულირების არარსებობის წლებია. ამ პერიოდის ბაზრის ოფიციალურად აღრიცხული და დადასტურებული სტატისტიკური მაჩვენებლები არ გვაქვს. ამ წლებიდან დღეისთვის მხოლოდ 1 სადაზღვევო კომპანია მუშაობს ბაზარზე.

1997 წელს პარლამენტი იღებს კანონს ‘’დაზღვევის შესახებ’’. იწყება სისტემის სამართლებრივი რეგულირება. იქმნება სადაზღვევო კომპანიათა საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები. განისაზღვრება მინიმალური კაპიტალის სიდიდე 1997 წლის 10 000 ლარიდან დღევანდელ 2200 000 ლარამდე. იწყება სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური, მოგვიანებით – ფინანსური მონაცემების აღრიცხვა. ამ დროიდან დაიწყო სადაზღვევო სისტემის ფორმირების ახალი ეტაპი, რომელიც მიმდინარეობდა ორი მიმართულებით. პირველი ითვალისწინებდა სადაზღვევო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის ფორმირება-სრულყოფას, ხოლო მეორე სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო კომპანიებისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას. ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნა.

სადაზღვევო საქმიანობის ზედამხედველობა საბაზრო ეკონომიკის მქონე თითქმის ყველა ქვეყანაში ხორციელდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ დაზღვევას განსაკუთრებული ადგილი უკავია ეკონომიკაში და ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისათვის. „დაზღვევის შესახებ“ კანონში 2013 წელს შეტანილი ცვლილებით დაზღვევაზე ზედამხედველობა საქართველოს ეროვნული ბანკიდან ცალკე სამსახურად გამოიტანეს და საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სადაზღვევო ზედამხედველობას აწარმოებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

            სლოვენია ერთ-ერთი წარმატებული იყო ამ კუთხით. ახალი სადაზღვევო კანონი შემუშავებული იქნა 2000 წელს, რომელსაც მოჰყვა არაერთი ცვლილება და საკანონმდებლო აქტი. გაიზარდა ცვლილებების რაოდენობა ამ კუთხით რაც განპირობებული იყო solvency II–ის სტანდარტებთან მიახლოებისთვის. სავალდებულო MTPL-ის დაზღვევის კანონიც მრავალგზის იქნა შეცვლილი. სადაზღვევო სექტორის საზედამხედვლო ორგანომ ფუნქციონირება დაიწყო 2000 წლიდან.

ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მონაწილეობისათვის ბულგარეთსა და რუმინეთს მოუწიათ ცვლილებების დაჩქარება. 2005 წლიდან მიღებული საკანონმდებლო პაკეტით იმართება ბულგარეთის სადაზღვევო ბაზარი. 2003 წლიდან სექტორს ზედამხედველობას უწევს ფინანსური ზედამხედველობის კომისია.

რუმინეთში კანონი დაზღვევის შესახებ მიიღეს 2000 წელს. ამავე წელს ითავეს სექტორის ზედამხედველობაც. საკანონმდებლო ცვლილებები არაერთხელ განხორციელდა 2002 წელს, ამავე წელს მიღებულ იქნა MTPL-ის სავალდებულო დაზღვევაც.

ხორვატიაში საკანონმდებლო დონეზე სადაზღვევო სექტორის რეგულირება დაიწყო 2005 წლიდან სადაზღვევო კანონის, სატრანსპორტო სექტორში სავალდებულო დაზღვევის აქტისა და საფინანსო მომსახურების ზედამხედველობის სააგენტოს დაფუძნებით.

სერბეთში დაზღვევის საკანონმდებლო რეგულაციები შეიცვალა 2004 წლიდან ახალი კანონის წარდგენით. ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონი შემუშავებული იყო 2009 წლიდან. 2004 წლიდან სექტორის ზედამხედვლობა შეითავსა ეროვნულმა ბანკმა.

ბოსნია-ჰერცოგოვინაში სახელმწიფო დონეზე კანონი შემუშავებული იქნა 2004 წელს. ალბანეთში საკანონმდებლო რეგულაციები მიიღეს 2004 წელს. MTPL ის სავალდებულო დაზღვევა რეგულირდება 2009 წელს შემუშავებული კანონით. სექტორის ზედამხედველობა ხორციელდება 2006 წლიდან ალბანეთის საფინანსო ზედამხედველობის მიერ.

მაკედონიაში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის კანონი მიიღეს 2002 წელს. MTPL-ის დაზღვევა სავალდებულოა 2009 წლიდან.

მონტენეგროში დაზღვევის შესახებ კანონი მიიღეს 2006 წელს. სხვა საკანონმდებლო ნორმატივები და აქტები (მაგალითად MTPL-ის სავალდებულო დაზღვევის შესახებ) მიღებული იქნა 2007 წელს. დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანიაზაცია დაფუძნდა 2008 წელს.

            მოცემული ინფორმაციის ურთიერთშეჯერებით შეიძლება ითქვას, საქართველოს, ყველა დანარჩენ ქვეყანასთან შედარებით, ნამდვილად ადრე ჰქონდა ეს ნაბიჯები გადადგმული. თუმცაღა, შემდგომმა ცვლილებებმა: სავალდებული კანონის გაუქმებამ, საზედამხედველო ორგანოს ეროვნული ბანკის ფრთის ქვეშ გაერთიანებამ, სამთავრობო პროგრამებმა, რომელიც გარანტირებულ პრემიებს ჰპირდებოდა სადაზღვევო კომპანიებს, სექტორის დინებაზე მიშვება განაპირობა. შედეგად მივიღეთ განუვითარებელი სადაზღვევო ბაზარი, რომელიც ძალიან შორს არის ევროკავშირის სტანდარტებისგან.

  1. გადახდისუნარიანობის სტანდარტები. სადაზღვევო კომპანიებმა გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად უნდა დააკმაყოფილონ ზედამხედველის შესაბამისი ნორმატივები. პირველ რიგში ეს ეხება მინიმალური კაპიტალის ოდენობას. საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები შემდეგი ოდენობით არის დადგენილი: 2015 წლის აპრილამდე ლიცენზირებულმა სადაზღვევო კომპანიებმა 2016 წლის 31 დეკემბრამდე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი ოდენობით: ა) სიცოცხლის დაზღვევა – 1.5 მლნ ლარი; ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – 1 მლნ ლარი; გ) გადაზღვევა – 1.5 მლნ ლარი.[4]

თითოეულ კომპანიას მოცემული ფულადი სახსრები უნდა გააჩნდეთ საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშებზე მინიმალური კაპიტალის 80%-ის ოდენობით. მზღვეველი ვალდებულია, საანგარიშო წლის ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა ზედამხედველს წარუდგინოს საქართველოში ლიცენზირებული იმ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, სადაც გახსნილი აქვს ანგარიში (ანგარიშები).

საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის ახალი კომპანიებისათვის საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა განსაზღვრულია შემდეგნაირად: ა) სიცოცხლის დაზღვევა – 2.2 მლნ ლარი; ბ) დაზღვევა (არასიცოცხლე) – 2 მლნ ლარი; გ) გადაზღვევა – 2.2 მლნ ლარი. კომპანიას საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა გააჩნდეს ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში მინიმალური კაპიტალის 100%-ის ოდენობით. მოცემული ნორმატივის დარღვევისთვის მზღვევლს ეკისრება ფულადი ჯარიმა 50,000 ლარის ოდენობით.[5]

საქმიანობის მიმდინარეობისას კომპანიამ მუდმივად უნდა შექმნას დაზღვევის თითოეული მიმართულების შესაბამისად ადეკვატური რეზერვები, რაც უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებასა და გადახდისუნარიანობის შენარჩუნებას. მისთვის დადგენილია საინვესტიციო რეზერვების სხვადასხვა აქტივებში განთავსების ნორმები. სადაზღვევო რეზერვების განთავსება და ინვესტირება უნდა მოხდეს აქტივების დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, მომგებიანობისა და ლიკვიდურობის პრინციპების საფუძველზე.

 ევროკავშირში დღეისათვის ხორციელდება solvency I-ის შესაბამისად ნორმატივების დაცვა და ზედამხედველობა. კაპიტალის ადეკვატურობა და გადახდისუნარიანობა განისაზღვება მოცემული დირექტივით 2016 წლის 1-ლ იანვრამდე, შემდგომ კი მოხდება გადასვლა solvency II-ზე, რომელიც გაცილებით უფრო მეტ ჰარმონიზაციას შეიტანს სადაზღვევო ბაზრებზე. მოცემული რეგულაცია სადაზღვევო სისტემისთვის შეიძლება აღვიქვათ როგორც საბანკო სისტემისთვის ბაზელი I  და ბაზელი II.

solvency I-ის მიხედვით თითოეულმა არასიცოცხლის და სიცოცხლის დამზღვევმა კომპანიამ უნდა შექმნას საგარანტიო ფონდები (MGF) მინიმუმ 3 მლნ € (გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი სახის არასიცოცხლის დაზღვევა – ამ შემთხვევაში 2 მლნ ევროც საკმარისია გარკვეულ ეტაპზე). თავისთავად ცხადია, ევროპასთან ასოცირების სურვილიდან გამომდინარე, მოცემულ დირექტივებთან მიახლოების აუცილებლობის მნიშვნელობა. ასევე გასათვალისწინებელია გადახდისუნარიანობის მარჟის გამოთვლის ბაზისიც. Solvency I დღეს ითვალისწინებთს გადახდისუნარიანობის მარჟის გამოთვლას შემდეგის ბაზის მიხედვით: არასიცოცხლის დაზღვევისთვის 18% 50 მლნ ევროს ქვევით პრემიებზე და 16%-ს 35 მლნ ევროს ზევით პრემიებზე ან 26%-ს 35 მლნ ევროს ზარალებს ქვემოთ, ან 23%-ს 35 მლნ ევროს ზარალებს ზემოთ. რეგულაციები ქვეყნებში შემდეგ სახეს ატარებს (იხ. ცხრილი №1). ახალი დირექტივა Solvency II-ი ითვალისწინებს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების ზრდას, ასევე რისკმენეჯმენტს და ზედამხედველობას სააღრიცხვო და ეკონომიკურ ჭრილში.

2015 წლის ბრძანებით იცლვება საქართველოს ბაზარზე მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები ახლად დარეგისტრირებული მზღვევლებისათვის და იზრდება 2-2.2 მლნ ლარამდე. თუ კი გავითვალისწინებთ სავალუტო კურსებს, ასევე ევროკავშირის მოთხოვნებს, ამ მხრივ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. არსებულ კომპანიებზე ისევ შენარჩუნდა ძველი მოთხოვნები მინიმალურ კაპიტალზე 1-1.5 მლნ ლარი. თუ ევრო/ლარის გაცვლით კურს 2.5-ს ავიღებთ (14.11.2015-ის თვის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5879-ს წარმოადგენს), შესაბამისად ევროებში გვაქვს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები: არსებულ კომპანიებზე – 400 – 600 ათასი ევრო; ახალ დაფუძნებულზე – 800 – 880 ათსი ევრო. სხვაობა ძალიან დიდია, აუცილებელია, რომ საზედამხედველო ორგანოს გააჩნდეს შესაბამისი გეგმა და სტრატეგია, რომელიც გაითვალისწინებს მცირე დროითი ლაგის პირობებში მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების 3 მლნ ევრომდე-გაზრდას (5-5.5 მლნ ლარი დღევანდელ პირობებში). მოცემული გეგმა ცნობილი უნდა იყოს თავად სადაზღვევო კომპანიებისათვის რათა წინასწარ მოხდეს თადარიგის დაჭერა და მოვლენების გაანალიზება, შემდგომში მოუმზადებლობის ნაკლები განცდის გარეშე. ამასთანავე გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი – სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ევრო კომისია ამ მოთხოვნის გადახედვას ახორციელებს პერიოდულობით, რათა სამომხმარებლო ფასების ინდექსის ტენდენციები მაქსიმალურად იქნეს ასახული მასში ფულადი ღირებულების დროში ცვლილების მნიშვნელობიდან გამომდინარე.

  1. სადაზღვევო სექტორის წილი – Insurance penetration rates measure insurance activity in terms of premium volume as a share of GDP; ქვეყნები 1996-2001 წლებში შემდეგ ჯგუფებად ერთიანდებოდნენ: პირველი ჯგუფი (1%-ზე ნაკლები წილით): სომხეთი (0.11%), საქართველო (0.21%), უზბეკეთი (0.28%), ყაზახეთი (0.25%), აზერბაიჯანი (0.31%), ალბანეთი (0.41%), ბელორუსია (0.49%), რუმინეთი (0.7%), უკრაინა (0.87%), ლიტვა (0.88%), მოლდოვა (0.96%); მეორე ჯგუფი (1%-1.99% წილით): ბულგარეთი (1.44%), ესტონეთი (1.71%); მესამე ჯგუფი (2-2.59% წილით): ბოსნია-ჰერცეგოვინა (2.02%), ლატვია (2.08%), რუსეთის ფედერაცია (2.09%), სერბეთი და მონტენეგრო (2.36%), უნგრეთი (2.52%); მეოთხე ჯგუფი (2.6-2.99% წილით): მაკედონია (2.76%), პოლონეთი (2.81%), სლოვაკეთი (2.81%), ხორვატია (2.97%); მეხუთე ჯგუფი (2.99%-ზე მეტი წილით): ჩეხეთის რესპუბლიკა (3.15%), სლოვენია (4.75%).

2001 წლისთვის ევროკავშირის საშუალო წლიური მაჩვენებელი 7.26%-ით განისაზღვა, საიდანაც 4.58% იყო სიცოცხლის დაზღვევის მაჩვენებლებით დათვლილი, 2.68% კი – არასიცოცხლის მაჩვენებლებით. OECD-ის მოანაცემებით (იხ. ცხრილი №3) 2013 წლისთვის ევროკავშირის EU 15-ის მიხედვით, მოცემული მაჩვენებელი 63%-ს შეადგენდა, ლატვიაში 18.9%-ს, ჩეხეთის რესპუბლიკაში 45%-ს, სლოვენიაში 22%-ს. ამ მიმართულებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ისლანდიას 7.9%. ურუგვაის სადაზღვევო სექტორს მშპ-ს 22% უჭირავს, მაშინ როცა საქართველოს სადაზღვევო ბაზარმა მხოლოდ 2009 წელს მიაღწია 2%-ს. თავისთავად მოცემული მაჩვენებლის ცალსახად უარყოფითად შეფასება ბაზრის განუვითარებლობის კუთხით არ იქნება მართებული. აუცილებელია გარკვეული არაპირდაპირი ფაქტორების განხილვა სექტორის ზრდის მაჩვენებლის შესაფასებლად. ერთი ეს არის ბაზრის კაპიტალიზაცია და მეორე საქართველოს ფინანსური ბაზრის მდგომარეობა. თუ გადავხედავთ სექტორის აქტივების ზრდის ტენდენციას, ბოლო პერიოდში შეინიშნება კლება, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ეკონომიკური ზრდის ტემპებმა შემცირება. სექტორის წმინდა მოგება უმეტეს შემთხვევაში უარყოფით იყო. 2011-2013 წლები სექტორმა ზარალით დაასრულა. დადებითი ტენდენცია აღინიშნა ამ კუთხით 2014 წელს. რაც შეეხება საინვესტიციო საქმიანობას, 2008-2014 წლებში ზოგადი ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, დადებითი ტენდენციები შეინიშნება, თუმცა 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ამ მიმართულებით აქტივები 49%-ით შემცირდა (იხ. გრაფიკი №4).

            ცალკე უნდა გაესვას ხაზი საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ტენდენციებს, რაც არაპირდაპირ ზემოქმედებს სადაზღვევო სექტორის საინვესტიციო პოლიტიკაზე. ისეთი განვითარებადი ქვეყნები, როგორიც საქართველოა, განიცდიან საკუთარი სახსრების  , საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალება ფასიანი ქაღალდების ბაზრის ამუშავებაა. ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების აუცილებელი წინაპირობა კი ორგანიზებული საფონდო ბაზრის და მისი ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირებაა. საქართველოს საფონდო ბირჟა 1999 წლიდან ფუნქციონირებს. მიუხედავად ამისა, ამ სფეროში პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია და გამოირჩევა ძალიან დაბალი აქტივობით. 2011 წელს საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგების მოცულობამ 2.5 მილიონი ლარი შეადგინა, 2012 წელს კი – 8.9 მილიონი ლარი. 2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 129 კომპანიის ფასიანი ქაღალდია დაშვებული სსბ-ის სავაჭრო სისტემაში, რომელთა სრულმა საბაზრო კაპიტალიზაციამ მიაღწია 1.14 მილიარდ დოლარს, ხოლო დღიურმა ბრუნვამ 3 255,42 ლარს.[6] მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ძვრებისა, კვლავ რჩება ფუნდამენტური პრობლემები, რომლებიც მას ხელს უშლიან ეფექტურ ფუნქციონირებაში. პრივატიაზაციის პროცესში ბირჟის როლი პრაქტიკულად 0-ზეა დაყვანილი, ხოლო ინვესტორებს არ აქვთ გაცნობიერებული საფონდო ბირჟის როლი მათი ბიზნესის განვითარებაში. ამ უარყოფითი ფაქტორის გამო, შეიძლება ერთი-ერთი მოსაზრების ჩამოყალიბება თუ რატომ არ არის საქართველოში სადაზღვევო სექტორის ზრდა და ეკონომიკური ზრდა ერთმანეთთან ცალსახად გადაჯაჭვული. სადაზღვევო სექტორი ვერ ახდენს მოზიდული სახსრების სწორი მიმართულებით დაბანდებას, რაც ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე დადებითად აისახებოდა სხვა სიტუაციაში. ამ შემთხვევაში მისთვის სახსრების განთავსების ალტერნატივა არის საბანკო სექტორი ან უცხოური კაპიტალის ბაზარი, საქართველოს საფონდო ბირჟის გვერდის ავლით. მოცემული კი საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება მთლიანად ეკონომიკაზე და სექტორს სინერგიზმის ეფექტების გამოყენების საშუალებას სრულიად ართმევს.

  1. სადაზღვევო სექტორის სიმჭიდროვის (Insurance Density Rates)- მიხედვით, ქვეყნები 1996-2001 წლებში შემდეგ ჯგუფებად ერთიანდებოდნენ: პირველი ჯგუფი (სადაზღვევო პრემია ერთ კაცზე 8 დოლარზე ნაკლები): სომხეთი ($0.069), უზბეკეთი ($0.077), საქართველო ($1.24), მოლდოვა ($3.97), ალბანეთი ($3.99), ბელორუსია ($6.32) და უკრაინა ($6.54); მეორე ჯგუფი (სადაზღვევო პრემია ერთ კაცზე 8-29.99 დოლარი): რუმინეთი ($11.61), ბულგარეთი ($20.74), ბოსნია-ჰერცეგოვინა ($23.79), ლიტვა ($25.20); მესამე ჯგუფი (სადაზღვევო პრემია ერთ კაცზე 30-49.99 დოლარი): სერბეთი და მონტენეგრო ($33.69), რუსეთის ფედერაცია ($44); მეოთხე ჯგუფი (სადაზღვევო პრემია ერთ კაცზე 50-99.99 დოლარი): მაკედონია ($51.42), ლატვია (54.86), ესტონეთი ($59.42); მეხუთე ჯგუფი (სადაზღვევო პრემია ერთ კაცზე 100-349.99 $): სლოვაკეთი ($104.50), პოლონეთი ($112.27), უნგრეთი (119.73), ხორვატია ($130.33), ჩეხეთი ($168.72); მეექვსე ჯგუფი (სადაზღვევო პრემია ერთ კაცზე 349.99 დოლარზე მეტი): სლოვენია ($ 454.30). პერიოდის ამ მონაკვეთში ევროკავშირის საერთო მონაცემი $1,678.94 იყო ერთ სულზე. რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ძალიან დიდ სხვაობას.

შემდგომ ეტაპზე, როდესაც მოცემული ქვეყნები განიხილებოდნენ არა როგორც ტრანსფომრაციული, არამედ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, ზოგიერთმა მათგანმა შეძლო ევროკავშირში გაწევრიანება. 2004 წელს კავშირს შეუერთდა: პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვენია, სლოვაკეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და უნგრეთი.[7] 2007 წელს რუმინეთი და ბულგარეთი დაემატა. ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომელნიც მონაცემთა დაჯგუფების მიხედვით მოწინავე ადგილებს ინაწილებდნენ, გარდა ბულგარეთისა, რომელიც მეორე ჯგუფში მოხვდა ორივე მაჩვენებლის მიხედვით, ასევე ლატვია და ლიტვა პირველ, მეორე და მესამე ჯგუფებში გადანაწილდნენ. მოცემული პერიოდისათვის კანდიდატებად განიხილებოდნენ ხორვატია და მაკედონია. მათგან პირველი 2013 წელს შეუერთდა კავშირს. დღეისათვის ევროპასთან ასოცირებისთვის 5 ქვეყანა გამოიყოფა, ესენია: ალბანეთი, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი.

2014 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე სადაზღვევო პრემიამ 67.25 ლარი შეადგინა, თუ ვალუტის კურსაც განვიხილავთ (მაგალითად 1ლ=2.2$), მივიღებთ 30.57 აშშ დოლარს. რაც ძალიან ცუდი მონაცემია. 2000-იანი წლების დასაწყისში ევროკავშირის მოცემული მაჩვენებელი $1,678.94 იყო. OECD-ის მონაცემებით ევროკავშირის 15 წამყვან ქვეყანაში მოცემულმა მაჩვენებელმა 3 265 აშშ დოლარი შეადგინა, საქართველოს ამავე წლის მაჩვენებელზე (52.5 აშშ დოლარი) 62-ჯერ მეტი. OECD-ის ცხრილში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა ინდონეზიას – ერთ სულ მოსახლეზე 60 აშშ დოლარი (იხ. ცხრილი № 2).

  1. სიცოცლის დაზღვევის წილი მთლიან სექტორში. საქართველოში 1998 წელს სადაზღვევო ბაზარმა მოიზიდა 6, 539 მლნ დოლარის პრემია (იხ. გრაფიკი №5), რომლიდანაც 182 ათასი დოლარი იყო მხოლოდ სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით, ანუ 2.78% იყო სიცოცხლის დაზღვევის წილი მოცემული მიმართულებით. 1999 წელს მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 7,212 მლნ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით მთლიანი სექტორის 3.11%-ით. 2000 წელს მოზიდული იქნა 9, 213 მლნ დოლარი, მათ შორის 122 ათასი დოლარი სიცოცხლის დაზღვევაზე, 1.32% ბაზრის წილით. საერთო ჯამში დაფიქსირდა სექტორის 28%-იანი ზრდა, თუმცა სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით 46%-ით შემცირდა გაყიდვები.

2001 წელს მოზიდული იყო 12,371 მლნ დოლარი, აქედან 236 ათასი დოლარი სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით, 1.9% ბაზრის წილით. სექტორის ზრდა 34%-ით განისაზღვა. 2002 წელი, შეიძლება ითქვას, ჩავარდნით გამოირჩეოდა – ჯამურად სექტორმა მიიღო 11, 947 მლნ დოლარი. აქედან 6.32% იყო სიცოცხლის დაზღვევის წილი. 2003 წელს სექტორი 52%-ით გაიზარდა და სიცოცხლის დაზღვევამ ბაზრის 6% შეადგინა. მოცემული პერიოდის მონაცემების განზოგადებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პერიოდში მთლიანად სექტორი ნახტომისებურად იზრდებოდა მიუხედავად გარკვეული პერიოდული ჩავარდნებისა. თუმცა, სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით განვითარება ძალიან მცირეა.

მოცემულ პერიოდში მოქმედებდა სავალდებული დაზღვევა. შეიძლება ითქვას, მონაცემების შეჯერებით, რომ პირველ წელს სავალდებულო დაზღვევას ეჭირა ბაზრის 40%-ი, მეორე წელს იგი დაახლოებით 50%-მდე გაიზარდა და შეადგინა 3,606 ათასი დოლარი. 2000 წელს 4,145 ათასი დოლარი. 2001 წელს 30%-მდე შემცირდა სავალდებულო დაზღვევის ბაზრის წილი. 2002 წელს სავალდებულო დაზღვევის წილი 22% იყო, ხოლო 2003 წელს სავალდებულო დაზღვევის წილი 17%-მდე შემცირდა. შედარებით შეიძლება დავინახოთ, რომ ბაზრის ზრდის კვალობაზე სავალდებულო დაზღვევის წილი წლების განმავლობაში, 1999 წლის გარდა, შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. იმ მოსაზრებას, რომ პრემიების მოზიდვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულმა დაზღვევის ამ სახეობამ განაპირობა, სრულად ვერ გავიზიარებთ (იხ. გრაფიკი №6).

ბოლო პერიოდში სადაზღვევო ბაზარზე სიცოცხლის დაზღვევის წილი და MTPL-ის დაზღვევის წილი შემდეგნაირად ნაწილდება (იხ. გრაფიკი №7). რაც შეეხება ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს, იქ სრულიად განსხვავებული სურათია ამ კუთხით (იხ. გრაფიკი №8-9). MTPL-ის ძალიან დიდი წილი მთლიან სექტორში განიხილება ზოგადად საგანგაშო მაჩვენელბად, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ მოცემული დაზღვევა თითქმის ყველა ქვეყანაში სავალდებულო ფორმით ხორციელდება. თავისთავად მისი მაღალი მაჩვენებელი მანიშნებელია მოსახლეობის სურვილის არ ქონაზე შეიძინონ ნებაყოფლობით საწყისებზე სხვა სახის დაზღვევის პროდუქტები. საქართველოში ამ თვალსაზრისით მოცემულ პერიოდში (2007-2014 წწ) თავად პროდუქტის წილი ბაზარზე ძალიან დაბალია. როგორც ზევით ვნახეთ, 1998-2003 წლებში, როდესაც მოცემული დაზღვევა კანონით სავალდებულო იყო თავდაპირველ ეტაპზე ბაზრის 50%-იც კი ეჭირა, თუმცა შემდგომ წლებში შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, რაც დადებითად შეიძლება შევაფასოთ სხვა განხილული ფაქტორების უგულებელყოფის პირობებში. თუ ზემოთ განხილულ მაჩვენებლებსაც შევაჯერებთ ერთიან ჭრილში, სურათი ერთი იქნება – საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ძალიან დიდი ხანია განვითარების არასწორ გზას ადგას. განხილული ზოგიერთი პოსტსოციალისტური ქვეყნის მსგავსად მასაც შეეძლო სრულიად სხვა პარამეტრები ჰქონოდა, რომ არა ამ წლების განმავლობაში ბევრი ჩავარდნა და გაუთვლელი ნაბიჯი სამთავრობო ლოჟიდან.

ევროკავშირში MTPL-ის რეგულირების იურიდიული მხარე. ევროკავშირში ერთიანი სადაზღვევო ბაზარი დაფუძნებულია პრინციპზე, რომ ყველა სადაზღვევო კომპანია მიუხედავად წარმოშობის ქვეყნისა დაემორჩილოს რეგულირების ერთიდა იგივე წესებს. მოცემული მიმართულებით წლების განმავლობაში გატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები და შემუშავდა არასიცოცხლის დაზღვევის დირექტივები. პირველი დირექტივა 1973 წელს იქნა მიღებული და საშუალებას აძლევდა სადაზღვევო კომპანიებს დაეფუძნებინათ ფილიალები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიმღები ქვეყნის საზედამხედველო პრინციპების შესაბამისად. მეორე დირექტივა 1988 წელს იქნა შემოღებული და კომპანიებს საშუალება მიეცათ წევრ ქვეყნებში საქმიანობა განეხორციელებინათ ფილიალის დაფუძნების გარეშე. მოცემული დირექტივის ქვეშ რეგულირება მიმღები ქვეყნის მხრიდან არ იყო იმდენად მკაცრი, როგორც ადრე, ერთი გამონაკლისის გარდა – შეზღუდვები შენარჩუნდა იმ კუთხით რაც კლიენტის მთავრობისგან[9] დაცულობის გარანტიას გაზრდიდა. მესამე დირექტივამ მინიმუმამდე შეზღუდა კონკრეტული წევრი ქვეყნის ინტერვენციები  ერთიანი სადაზღვევო ბაზრის ფორმირების მხარდასაჭერად და მოიცვა რამდენიმე ელემენტი: 1) ერთიანი ევროპული ლიცენზია; 2) ადგილობრივი ქვეყნის კონტროლი; 3) გადახდისუნარიანობის ზედამხედველობა; 4) ფასისა და პროდუქციის რეგულაციების გაუქმება; 5) მინიმალური ჰარმონიზაციისთვის პრინციპების ჩამოყალიბება.

განხილვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ავტომობილის დაზღვევის დირექტივები, რაც განკუთვნილია ევროკავშირში ერთიანი სადაზღვევო ბაზრის შექმნისა და ავტომანქანის მთელ ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილებისთვის. ავტოდაზღვევის პირველი დირექტივა ავალდებულებდა წევრ ქვეყნებს შეემოწმებინათ მათი საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალებები სხვა წევრი ქვეყნებიდან ან არაწევრი ქვეყნებიდან, გააჩნდათ თუ არა პასუხისმგებლობის დაზღვევა. ამასთანავე წვერ ქვეყანას უნდა ეკონტროლებინა ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა მანქანა იყო თუ არა დაზღვეული პასუხისმგებლობის შესაბამისად. მეორე დირექტივით განისაზღვა ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებული დაზღვევის მინიმალური ლიმიტები – 350 000 ეკიუ ერთი პერსონის სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისთვის; 100 000 ეკიუ ქონების დაზიანებისათვის. ალნტერნატიულად, წევრ ქვეყნებს უფლება მიეცათ სხვა მინიმალური ლიმიტების დაწესებაზე – 500 000 ეკიუ ერთი პერსონის ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე, 600 000 ეკიუ მთლიან ზარალზე. მესამე დირექტივა განსაზღვრავდა წევრი ქვეყნებისთვის ვალდებულებას, რომ ეკონტროლებინათ პრემიები. პრემია უნდა ყოფილიყო ერთჯერადად გადახდილი. ასევე სადაზღვევო შემთხვევის მოხდენის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზღვეული უნდა ყოფილიყო მაქსიმალური სადაზღვევო ლიმიტებით, რომელიც მოქმედებდა ან მარეგისტრირებელ ქვეყანაში ან სადაზღვევო შემთხვევის მოხდენის ადგილას. მეოთხე დირექტივით დაფუძნდა ანაზღაურების მოქნილი მექანიზმი – მოცემული შეეხებოდა შემთხვევებს, როდესაც დაზარალებული იყო სხვა წევრი ქვეყნის მოქალაქეც. მეხუთე დირექტივის შესაბამისად მოხდა წინა პროცედურებისა და ვალდებულებების გადახედვა და განახლდა ზოგიერთი საკითხი, მათ შორის ანაზღაურების ლიმიტები: ერთი პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე განისაზღვრა 1 ან 5 მლნ ევრო, ხოლო ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე განისაზღვა 1 მლნ ევრო. მოცემული ლიმიტები პერიოდულად ექვემდებარება გადახედვას ყოველ 5 წელში. დღეისათვის წევრ წვეყნებს განსხვავებული ლიმიტები აქვთ დაწესებული MTPL-ის დაზღვევაზე. მოცემული მიმართულებით ბოლო დირექტივა შემუშავებულია 2009 წელს (იხ. ცხრილი №4).

როგორც ვხედავთ, საქართველოს ამ კუთხითაც ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი. მინიმალური ანაზღაურების ლიმიტი, რაც სადაზღვევო ბაზარზეა შეთავაზებული 5000 ლარს მოიცავს (სავალუტო კურსის გათვალისწინებით სულ რაღაც 2000 €) და მისი ღირებულება 72 ლარი (29 €) (იხ. ცხრილი №5).

ყველა ზემოთ განხილული მონაცემის ურთიერთშეჯერების შედეგად KOZAREVIĆ-მა და არა მარტო მან, გამოყო დადებითი კორელაცია ეკონომიკურ ზრდასა და სადაზღვევო სექტორის განვითარებას შორის. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლად ამ შემთხვევაში განიხილება მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე. კორელაცია საკმაოდ მაღალია და თან დადებითი. თუმცა საქართველოს მაჩვენებლების განხილვით შეიძლება ითქვას, რომ კორელაცია იმდენად ძლიერი არ არის. საქართველო რანჟირების შედეგადმიესადაგება შემდეგ ქვეყანათა რიცხვს: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მაკედონია და  სერბეთი. კოზარევიჩმა ეკონომიკური ზრდისა და ევროკავშირში ინტეგრაციის დონის მიხედვით რანჟირებისას მათ მიანიჭა მე-6-10 ადგილები. თუმცა მიუხედავად დიდი კორელაციისა ზემოთ აღნიშნულ მაჩვენებლებს შორის (იგულისხმება მშპ-სთან კორელაცია), ევროკავშირში ინტეგრაციისა და სადაზღვევო ბაზრის ზოგიერთ მახასიათებლებს შორის ასეთი დიდი კორელაცია არ დადასტურდა (კორელაცია აღინიშნება მაგრამ არა იმდენად ძლიერი როგორც წინა მაჩვენებლის შემთხვევაში). ყველაზე დიდ გავლენას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ახდენს შემდეგ მაჩვენებლებზე: საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემო, გახდისუნარიანობის სტანდარტები, MTPL-ის წილი სექტორში. მოცემული კი საქართველოს მაგალითზეც დასტურდება, თუ შევხედავთ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ მოვლენებს – საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს, გადახდისუნარიანობის სტანდარტების ნელ-ნელა ცვლილების მცდელობებს, და მეორე მხრივ MTPL-ის სავალდებულო დაზღვევის კანონის შემოღების ინიცირებას. ბაზრის დანარჩენი ფინანსური მაჩვენებლების ზრდა იმდენად არ არის დამოკიდებული ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რამდენადაც სხვა ფაქტორების ცვლილებებზე (თუნდაც ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობაზე, ცხოვრების დონის ზრდაზე, ინოვაციებზე, ინფლაციაზე, სავალუტო კურსსა და სხვა მრავალ ცვლადზე) (იხ. ცხრილი №6).

აქვე აუცილებელია შევეხოთ ევროკავშირის წევრ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებსა და დასავლურ ნაწილს შორის კონვერგენციის საკითხს. 2009 წელს ევროკავშირის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდია კორელაცია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ასევე, კონვერგენციაც დადებითი ასპექტებით ვითარდება, ხოლო მთლიანად სრული დაახლოებისათვის ქვეყნებს 8-დან 33 წელი დასჭირდებათ.[10] ევროპის 15 ქვეყანაში (EU15) ეკონომიკური ზრდა უფრო ნაკლები ტემპებით მიმდინარეობდა ვიდრე ახალ, ნაკლებად განვითარებულ წევრებში. შეიძლება ითქვას, ეს მოვლენა განპირობებულია შემდეგი მიზეზებით: 1.ევროკავშირის მოქმედებებით დაეჩქარებინა ამ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში სტრუქტურული ცვლილებების ტემპები და ინსტიტუციური გარემოს დახვეწის პროცესი, ასევე ხელი შეეწყო შრომის, კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილებისათვის; 2.ეს არის ევროკავშირის მიზანმიმართული პოლიტიკა რეგიონებსა და ქვეყნებს შორის ეკონომიკურ შემოსავალს შორის დიფერენციების მინიმუმამდე დასაყვანად. თუ შევხედავთ ცხრილ №7-ს და იმასაც გავიხსენებთ თუ საქართველოს მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებით რა პოზიცია უკავია ამ ქვეყნებთან მიმართებით (მათი მაჩვენებელი 3-4-ჯერა აღემატება), შეიძლება ითქვას რომ ჩვენი ქვეყანა ამ კატეგორიაში ნამდვილად ვერ ხვდება და არათუ 8-30 წელი, მეტიც კი დასჭირდეს. შეიძლება დავამატოთ, რომ თუ ბულგარეთი საქართველოს ამ მაჩვენებლით 2-ჯერ უსწრებს და თუ ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული იქნებ 50 წელი გვეყოს EU15-თან გასათანაბრებლად (ისიც ოპტიმისტური ვარაუდებით).

თავი 3. საქართველოს სადაზღვევო ბაზრის პერსპექტივები. ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის განვითარების შესაძლებლობები

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები მომეტებული საშიშროების წყაროა, რომელმაც შეიძლება ქონებრივი ზიანი მიაყენოს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. საგზაო მოძრაობის ინტენსივობის ზრდა, რასაც თან ახლავს სატრანსპორტო შემთხვევების მატება საჭიროებს ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ორგანიზებას. იქიდან გამომდინარე, რომ ავტომანქანა არის დიდი რისკის მქონე, ავტომფლობელმა სანამ ჩაჯდება უნდა დააზღვის თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მსოფლიო ბანკის კვლევით 2010 წელს მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1,2 მლნ ადამიანი დაიღუპა და 20 მლნ დაშავდა.[11]

MTPL-ის დაზღვევა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და მზარდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეს წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებში. მისი ფართო მნიშვნელობიდან გამომდინარე ის დასავლეთის ქვეყნებში სავალდებულო დაზღვევის სახეს ატარებს. ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დროს მზღვეველი თავისთავზე იღებს ვალდებულებას, აუნაზღაუროს მესამე პირს მიყენებლი ზიანი, რომელიც მათ წარმოექმნებათ დამზღვევის მიერ დაზღვეული ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად. ზიანი შეიძლება მიადგეს მესამე პირის, როგორც სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ასევე მის ქონებასაც. საქართველოში გაზიარებულ იქნა დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკა. MTPL-ის დაზღვევა საქართველოში იყო სავალდებულო რეგულირდებოდა 1997 წელს მიღებული კანონით ”ავრომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ’’, რომელიც საბოლოოდ გაუქმდა .

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო დაზღვევის საერთაშორისო ხელშეკრულებათა განსაკუთრებული ჯგუფია შეთანხმება „მწვანე ბარათის“ შესახებ. მწვანე ბარათის სისტემა 1949 წელს დაარსდა, 10 წლის შემდეგ, 1959 წელს კი მიიღეს ევროპის საბჭოს კონვენცია „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“. კონვენციის მთავარი მიზანია ყველა ქვეყანამ ეფექტურად იზრუნოს თავის ტერიტორიაზე მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხევათა შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვაზე და ყოველი სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მესამე პირის სოცოცხლეზე, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ან ქონებრივი ზარალის მიმართ. დაზღვევის ამ სახეობის სავალდებულოობა ყველა ქვეყანაში სოციალური დაცვის ერთ-ერთ გარანტად არის მიჩნეული. საქართველოში ჯერ კიდევ 2003 წელს შეიქმნა საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიურო, რომელიც „მწვანე ბარათის“ სისტემის მოქმედების ფარგლებში წარმოადგენდა ეროვნულ ორგანიზაციას, რომელიც ასრულებდა კოორდინატორის ფუნქციას ამ სახეობაში და მათ უფლება-მოვალეობებს.

დღევანდელ პირობებში MTPL-ის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია, ხოლო სადაზღვევო სექტორისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია. ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტსაც, რომ ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. 2014 წლისთვის რეგისტრირებული იყო 964 754 სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება[12] (იხ გრაფიკი №10). არსებული მონაცემებით, მოქმედი ავტოტრანსპორტიდან პასუხისმგებლობის დაზღვევით, სარგებლობს მხოლოდ 40 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ანუ მთლიანი რაოდენობის 5%-ზე ნაკლები. ეს ბაზარი პრაქტიკულად აუთვისებელია და სექტორისთვის უაღრესად საინტერესო ნიშას წარმოადგენს. სწორედ ამ ნიშის სწრაფად და ეფექტიანად ათვისებისთვის არის აუცილებელი ისეთი წამახალისებელი პროცესის დაწყება, როგორიც იქნება ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება.

საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების პროცესში გამოიკვეთა, რომ MTPL-ის დაზღვევის წლიური ღირებულება საშუალოდ 160–200 ლარს შორის იმერყევებს. ანუ, ყოველთვიური ღირებულება 17 ლარს არ გადაჭარბებს თითოეული ავტომფლობელისთვის. 964 754 ათასი ავტომფლობელის სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში, მხოლოდ ამ პროდუქტის გაყიდვით, სექტორის შემოსავალი წლიურად მინიმუმ 154–193 მლნ ლარამდე გაიზრდება, რაც მთლიანი სექტორის ნახტომისებურ ზრდას გამოიწვევს. ასევე, ეს მოიტანს დამატებით ეფექტს, როცა სავალდებულო დაზღვევის შესაძენად კომპანიაში მისული მოქალაქე ეცნობა ნებაყოფლობითი ავტოდაზღვევის პირობებს.

თუ გავითვალისწინებთ ბოლო ტენდენციებს, რაც სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარეობს ზრდის თვალსაზრისით, ცალსახაა, რომ ბოლო პერიოდში პირიქით ბაზრის ზრდისთვის უარყოფითი ტენდენციები შეინიშნება. თუ დავუშვებთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის მონაცემით საშუალო წლიური მოზიდული პრემია 400 მლნ ლარია, ხოლო MTPL-ზე წლიურად დახარჯულია 4,5 მლნ. ლარი. სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებით მიღებული 154–193 მილიონი ლარი, ბაზრის 37,5-47%-ით ზრდას გამოიწვევს, რაც ძალიან დიდი ნახტომია სექტორისთვის. თავად მოცემული დაზღვევის წილი კი მთლიან სექტორში სავარაუდოდ 27%- 32% იქნება.

 აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული გამოცდილება, სავალდებულო დაზღვევის არსებობის კუთხით. 1990-იან 2000-იან წლებში მოცემულ დაზღვევას საკმაოდ დიდი წილი ეკავა ბაზარზე, დაახლოებით 40%. მაჩვენებელმა ბაზრის 50%-იც კი დაიკავა, თუმცა შემდგომ წლებში შემცირების ტენდენციით გამოირჩეოდა და 2003 წელს ბაზრის მხოლოდ 17% ეკავა. იმედს ვიტოვებთ, მოცემული კანონის ამოქმედების შემთხვევაში ტენდენცია ამ გზით წარიმათება და ხელს შეუწყობს ბაზრის არასავალდებული დაზღვევის მეშვეობით განვითარების შესაძლებლობებს.

იმ ფაქტსაც უნდა გაესვას ხაზი, თუ რა ინტენსივობით ხდება საგზაო შემთხვევები საქართველოში (იხ. გრაფიკი №11). გასულ წელს საქართველოში 5992 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.[13] ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 536 ადამიანი დაშავდა, 511 კი გარდაიცვალა. მსოფლიოში მიღებული წესის თანახმად, თუ ადამიანი საგზაო შემთხვევიდან 30 დღის განმავლობაში იღუპება, მაშინ ითვლება, რომ გარდაცვალების მიზეზი საგზაო შემთხვევა იყო. საქართველოში გარდაცვლილთა აღრიცხვა ასეთი წესით არ ხდება. შესაბამისად, შესაძლოა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყოს. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ჯანდაცვის ბიუჯეტის 30% საგზაო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმების მკურნალობაზე იხარჯება. საგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2-3%-ს უტოლდება. თუკი მოცემული გამოთვლებით ვიხელმძღვანელებთ და სხვადასხვა ვარიაციებს გავითვალისწინებთ შესაძლო დანაკარგებისთვის, მაგალითად წლიურად ქვეყნის მშპ-ის 0.5%, 1%, 1.5%, 2% და 2.5% რომ შეადგინოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, რამდენად დაცული იქნება სადაზღვევო სექტორი და რამდენად უზრუნველყოფს ამგვარი ზარალის დაფარვას (იხ. ცხრილი №8)?

ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას შეუძლია გარდამტეხი როლი ითამაშოს ავტოავარიების შედეგად ადამიანებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების საქმეში. თუმცა, ცხადია, ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც მთავრობა 2015 წლიდან გეგმავდა, წლების წინ რომ გადადგმულიყო, სადაზღვევო ინდუსტრიას ქვეყანაში გაცილებით უკეთეს პოზიცია ექნებოდა. სექტორის დაბალ კაპიტალიზაციაში და ცალკეული სადაზღვევო პროდუქტების ცნობადობის დაბალ დონეში დამნაშავე, ცხადია, თავად სადაზღვევო სექტორიცაა. წლების მანძილზე, სექტორი დინებას მიყვებოდა, კმაყოფილდებოდა სახელმწიფო სადაზღვევო პროექტების მიერ მოტანილი შემოსავლებით და ნაკლებად ზრუნავდა განვითარებაზე. შედეგად – დღეს სადაზღვევო სექტორის მთლიანი აქტივები ოდნავ აღემატება ქვეყანაში არსებული ლომბარდების მთლიანი აქტივების მოცულობას.

საბაზრო ტენდენციები. 2009 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ავტომფლობელთა (კანონით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებითაც ხორციელდებოდა გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა ჰქონდათ) პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შედეგად მოზიდული იქნა ჯამში 667,467 ლარი. სულ სადაზღვევო ხელშეკრულება დადო 14 სადაზღვევო კომპანიიდან 5-მა მათგანმა. სულ წლის განმავლობაში დაიზღვა 18 647 სატრანსპორტო საშუალება. მოცემულ წელს ჯამში მოზიდული იქნა 360,449,124 ლარის პრემია, დაფიქსირდა სექტორის 13.4%-იანი ზრდა. 2009 წელს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წილი მთლიან ბაზარზე 0.19%-ს არ აღემატებოდა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. MTPL-ის დაზღვევამ ჯამში 5,394,422 ლარის პრემია მოიზიდა ბაზრის 1.50%-იანი წილით.

2010 წელს MTPL-ის დაზღვევის შედეგად დაზღვეული იყო 1398 სატრანსპორტო საშუალება. 2010 წლის იანვარში მოცემული სავალდებულო დაზღვევა კანონით გაუქმდა, შესაბამისად დანარჩენი პასუხისმგებლობის დაზღვევა ნებაყოფლობითობის საფუძველზე განხორციელდა და მოიცვა 23,630 სატრანსპორტო საშუალება. ჯამურად წლის დასაწყისში დაიდო 25 591 ხელშეკრულება. მოზიდულმა პრემიამ მოცემული მიმართულებით შეადგინა 3,522,577 ლარი, ბაზრის 0.97% წილით. მთლიანად მოცემული წლის განმავლობაში მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 361,457,160 ლარი, რაც დაახლოებით ერთი მილიონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, ანუ ზრდა ამ შემთხვევაში სადაზღვევო სექტორის 0.28% იყო, რაც კატასტროფულად მცირე მაჩვენებელად მიგვაჩნია.

სულ 2011 წელს გამომუშავებული იქნა 321,147,047 ლარის პრემია, წინა წელთან შედარებით იგი 40 მლნ-ით შემცირდა, რაც ცუდად აისახა ბაზრის განვითარებაზე. მოცემული მოზიდული პრემიიდან 1.2% დაიკავა MTPL-ის დაზღვევამ 3,857,333 ლარით. ზრდა ამ მხრივ შეიძლება ითქვას არ დაფიქსირებულა. სულ დაეზღვა 27,476 სატრანსპორტო საშუალება. 2012 წელს მოზიდული იყო 515,471,427 ლარის პრემია. ბაზრის ზრდამ შეადგინა 60%. აქედან შემოსული იყო MTPL-ზე 4,224,867 ლარის პრემია, ბაზრის 0.82% წილით. ზარალმა შეადგინა 264,740,274 ლარი, სულ პასუხისმგებლობაზე კი – 0.84%.

2013 წელს მოზიდული იყო 471,066,120 ლარის პრემია, ბაზარი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით შემცირდა. MTPL-ზე ჯამში მოზიდული იყო 4,494,278 ლარი, ბაზრის 0.95%-ით. 2014 წელს ­მოზიდული იყო 302,640,671 ლარის პრემია, ბაზარი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 35%-ით შემცირდა. MTPL-ზე ჯამში მოზიდული იყო 6,046,928 ლარი, დაეზღვა  ზარალმა შეადგინა 219,090,860 ლარი, აქედან პასუხისმგებლობაზე მიმართული იყო 7245987 ლარი, 3.3%-ით. 2015 წლის პირველ ორ კვარტალში ­მოზიდული იყო 207,719,488 ლარის პრემია. MTPL-ზე ჯამში მოზიდული იყო 4,697,541 ლარი, დაეზღვა 38,028 სატრანსპორტო საშუალება.

მოსახლეობის დამოკიდებულება. თავისთავად მნიშვნელოვანია მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლის შედეგების განზოგადება. 2014 წელს ჩატარებულ კვლევაში რესპოდენტთა 64% მამაკაცი იყო, 36% კი – ქალი. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ძირითადი შემადგენლობა გადანაწილდა 36-45 წლის ასაკის მქონე რეპოდენტებზე. გამოკითხულთა შორის ავტომანქანა დაზღვეული ჰყავდა 15%-ს. ძირითადი ასაკობრივი კატეგორია, რომელიც დაზღვევით სარგებლობდა წარმოადგენა 25-36 წლის ჯგუფს. მოცემული პირები ყველაზე მეტად სარგებლობდნენ „ჯი პი აი ჰოლდინგის“ მომსახურებით (37%), მეორე ადგილი დაიკავა „ალდაგმა“ (26%). კმაყოფილების კვლევის შედეგებით რესპოდენტთა 51% კმაყოფილი აღმოჩნდა, დანარჩენი ნაწილი კი ნაწილობრივ კმაყოფილებას გამოხატავდა. რესპოდენტებს, რომლებსაც ჰქონდათ ავტოდაზღვევა, ყველაზე მეტად მოსწონდათ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ზარალის ანაზღაურების პირობები (11%), სადაზღვევო კომპანიის სანდოობა (6%), დამატებითი პაკეტები (6%), სხვადასხვა საჩუქრები, უფასო სერვისები (6%). რესპოდენტებს, რომლებსაც ჰქონდათ ავტოდაზღვევა, ყველაზე მეტად არ მოსწონდათ სადაზღვევო პაკეტის ფასი (31%), ანაზღაურების წესი (20%), მხოლოდ ავტოავარიის ხარჯების ანაზღაურება (14%).

            რესპოდენტებმა, რომლებსაც არ ჰყავთ ავტომანქანა დაზღვეული, დაუზღვეველობის უმთავრეს მიზეზად მოიხსენიეს სადაზღვევო პაკეტის სიძვირე (41%), სადაზღვევო კომპანიისადმი უნდობლობა (29%). რაც შეეხება სავალდებულო დაზღვევის შემოღებას, რესპოდენტთა უმეტესი ნაწილი (35%) სრულიად არ ეთანხმება, 31% ნაწილობრივ ეთანხმება, ხოლო 11% სრულიად ეთანხმება . სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღების შემთხვევაში რესპოდენტთა უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათთვის უფრო სასურველია სადაზღვევო კომპანიებს შორის თავისუფალი არჩევანის გაკეთება, ვიდრე არაკონკურენტული გარემო, სადაც მომხმარებელი იძულებულია დაეზღვიოს ერთ სადაზღვევო კომპანიაში (65%), რაც შეეხება გადახდებს რესპოდენტთა აზრი სავალდებულო დაზღვევის ღირებულებაზე შემდეგია, იხ ცხრილი №9.

ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ დაუზღვეველობის უმთავრესი მიზეზებია: ფინანსური პრობლემები და სადაზღვევო პაკეტის სიძვირე. აღნიშნული ფაქტი გათვალისწინებულ უნდა იქნას სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღების შემთხვევაში სადაზღვევო ტარიფის დაწესებისას. სავალდებულო ავტოდაზღვევის სადაზღვევო შენატანი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისი უნდა იყოს.

აქვე უნდა შევეხოთ, ჯი პი აი ჰოლდინგის მიერ საჩუქრად შეთავაზებულ ავტომანქანის სტიქიისგან უფასო დაზღვევის პოლისს. მოცემული პოლისი კომპანიამ ბაზარს შესთავაზა 2015 წლის აგვისტოში, 13 ივნისის სტიქიური მოვლენების შემდეგ, მოცემული ნაბიჯი განპირობებული იყო კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მოტივებით. თუმცაღა, აქ კომპანიის გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი სტატეგიაც შეგვიძლია დავინახოთ. თუ განვიხილავთ იმ ფაქტორს, რომ მსგავსი სტიქიური მოვლენები იშვიათად ხდება, თუ საშუალო სტატისტიკას მოვიშველიებთ, თბილისის მასშტაბით 2015 წლამდე მსგავს მოვლენას 1960-იან წლებში ჰქონდა ადგილი, ანუ 50 წლიანი შუალედით, შესაბამისად, რისკი იმისა რომ კვლავ განმეორდეს მსგავსი მოვლენა უახლოეს რამდენიმე წელიწადში ნამდვილად მცირეა (თუმცაღა გაზრდილი). თავისთავად რისკის სიმცირიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ შემოთავაზებული სასაჩუქრო პროდუქტი შეგვიძლია მარკეტინგულ და გრძელვადიან სტრატეგიად განგვეხილა, დამატებით პოტენციური კლიენტების მოსაზიდად და მომხმარებელთა ბაზისა და მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემების ნუსხის ზრდის თვალსაზრისით. თუ ზემოთ მოყვანილ კვლევასაც გავიხსენებთ, რესპოდენტთა უმეტესი ნაწილის თქმით დაზღვევა მათთვის მიუღებელია (არახელმისაწვდომია) ფინანსური კატეგორიის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, თუ კომპანია გარკვეულ რისკებზე უფასო დაზღვევის საშუალებას აძლევს მოსახლეობას თავისთავად მოთხოვნაც დიდი უნდა იყოს. თუმცაღა, რეალობაში მოლოდინები  არ გამართლდა. მოცემული პროდუქტის საჩუქრად მიღების სურვილი ძალიან ცოტამ გამოთქვა და ავტომფლობელების უმეტესობამ კი მსგავსი აქციის შესახებ არაფერი იცოდა. კომპანიას აკლდა მარკეტინგული კომუნიკაციების გამოყენების შესაძლებლობები პოტენციურ კლიენტამდე პროდუქტის შესახებ ინფრომაცის მიწოდება, დარწმუნებისა და მოზიდვის კუთხით. რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს სადაზღვევო კომპანიების ამ კუთხით მუშაობის სისუსტეზე.

როდესაც ვსაუბრობთ ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის სიმცირეზე, ამაში „დამნაშავე“ არა მარტო წინა გეგმიური სისტემაა რომლიც მეშვეობითაც იმართებოდა ქვეყანა და გავლენას ახდენდა მოსახლების ეკონომიკურ გადაწყვეტილებებსა თუ მენტალიტეტზე, არამედ ბაზარზე მოთამაშე კომპანიები და სახელმწიფოც. კომპანიების მთავარი ფუნქცია ამ შემთხვევაში სწორი პროდუქტის შექმნასა და სწორად შეთავაზებაში გამოიხატება. ასევე, მომხმარებელთა სამომხმარებლო ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობაც სწორედ მათი მოვალეობაა. თუ მათი ქმედება ამ მიმართულებით დინების მიყოლას ჰგავდა აქამდე, გაცილებით აქტიური მუშაობა უნდა დაიწყონ. რაც შეეხება სახელმწიფოს, მისი მოვალეობა ამ შემთხვევაში სწორი და გამართული საკანონმდებლო ბაზის შექმნაა. ინსტიტუციური გარემო და ბაზრის განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯები იქნება ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი, მოსახლეობის საგანმანათლებლო დონისა და ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობასთან ერთად.

სავალდებულო დაზღვევას აქვს 2 მახასიათებელი გავრცელების არეალი, ანუ ის რაც შეიძლება ყველას შეეხოს და სოციალური საკითხი, ანუ ის რაც მტკივნეულია და შეიძლება ჩვეულებრივი მოსახლეობა მოწყვლად მოსახლეობად ვაქციოთ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ყველაფრის პრევენციას სახელმწიფო ვერ მოახერხებს, მაგრამ სახელმწიფომ მოსახლეობის დასაცავად უნდა დანერგოს გარკვეული ტიპის სავალდებულო თანაგადახდების სისტემა. სახელმწიფოს ფუნქციონირებისა და არსებობის მთავარი იდეა საზოგადოების კეთილდღეობის ზრდაა, რაც საერთო ნამცხვრის გაზრდაში უნდა გამოიხატებოდეს და არა მხოლოდ მოცემული ეკონომიკური ნამცხვრის ვიღაცისთვის დიდნაჭრებად გადანაწილებაში. მთავარი ამ შემთხვევაში სოციალურ-ეკონომიკური კატეგორიების შეწყობა უნდა იყოს და არა კერძო ბიზნესი მხოლოდ.

  

დასკვნები და რეკომენდაციები

 

ყოველივე ზემოთქმულის გაანალიზებისა და შეჯერების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ:

  1. აუცილებელია ევროკავშირის გადახდისუნარიანობის რეგულაციების განხილვა და თანდათანობით მიახლოება. მომავალი წლიდან ევროკავშირი გადადის Solvency II-ზე, რომელიც ახალ რეგულაციებს მოიცავს და ითვალისწინებს მინიმალური კაპიტალისა და მინიმალური სარეზერვო ფონდების ზრდას, ასევე ზედამხედველობასა და რისკების შესაბამისი მარჟების დაწესებას, არა მარტო ფინანსური აღიცხვის მონაცემებით, არამედ ეკონომიკურ ჭრილში საბაზრო კონიუნქტურის შეფასების საფუძელზე. საქართველოს სადაზღვევო სექტორი ამ რეგულაციებთან მიმართებით ჯერ კიდევ შორს იმყოფება. მინიმალური კაპიტალის სულ მცირე 1.5 მლნ ლარი ძალიან შორს არის მინიმალური სარეზერვო ფონდის – 3 მლნ ევროსგან და ასევე გადახდისუნარიანობის მარჟის გამოთვლის ბაზისიც სრულიად განსხვავებულია. ასევე გასათვალისწინებელია ვალუტის კურსის ცვლილება და სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ევროკავშირი ყოველწლიურად ახორციელებს მინიმალური კაპიტალის ოდენობის კორექტირებას მოცემული ინდექსის შესაბამისად). აუცილებელია წინასწარ დროში გაწერილი გეგმა მინიმალური კაპიტალის თანდათანობით ზრდისთვის, რაც ასევე წინასწარ გაცხადებული იქნება სადაზღვევო კომპანიებისათვის წინასწარ თადარიგის დასაჭერად. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირის სტანდარტების დაცვა გაგვიჭირდება.
  2. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია MTPL-ს სავალდებულ დაზღვევის კანონით შემოღება. მოცემული რეგულაცია საქართველოში 90-იან წლებში იქნა მიღებული, ისევე როგორც დანარჩენ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში. მიუხედავად დიდი სხვაობისა, გამოცდილებებსა და მიდგომებს შორის ევროპის დასავლურ ნაწილსა და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს შორის ამ კუთხით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ნამდვილად დიდი წარმატებით დაძლიეს ის ბარიერები, რაც საქართველოსთვის ასე ნაცნობი იყო. თუმცა გარკვეულმა პოლიტიკურმა მოსაზრებებმა საქართველო სრულიად განხსვავებული შემოვლითი გზით წაიყვანა ევროპისკენ სვლის დროს. მოცემული კანონის შენარჩუნებით და იმ მანკიერი მექანიზმის დაძლევით საქართველოს შეეძლო მყარი სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებისათვის ხელი შეეწყო და სადაზღვევო კულტურის დონე დღეს გაცილებთ მაღალი იქნებოდა. მოცემული რეგულაციის შემოღება ცალსახად აუცილებელია ევროკავშირთან ინტეგრაციის იდეიდან გამომდინარე. ნებისმიერ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ ევრორეგულაციებს ავტოდაზღვევასთან მიმართებით, ევროკავშირის მთელი 40 წლიანი მუშაობა მიმართულია ავტომანქანის მფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სრულყოფისაკენ, რომელსაც არამარტო ეკონომიკური მნიშვენლობა გააჩნია, არამედ ღრმად სოციალური და პასუხობს ე.წ. ჭეშმარიტად ევროპული სახლის მოთხოვნებს. ჩვენი მოსაზრებით, ქვეყანას თავის დროზე უნდა ემუშავა მოცემული კანონის დახვეწაზე და კორუფციული გზებისა თუ სხვა არაეფექტური ინსტიტუციების შექმნისათვის ხელი შეეშალა. დღევანდელ პირობებში საქართველოს მოუწევს სწორედ ამ 40 წლიანი ჩავარდნის ძალიან მოკლე დროში „შევსება“ და ევროპის სტანდარტებთან მიახლოვება.
  3. გასათვალისწინებელია მომხმარებელთა დაზღვევისადმი დამოკიდებულება და მათი გადახდისუნარიანობა. ერთია ნდობა სადაზღვევო კომპანიისადმი და სურვილი გქონდეს დაზღვევა, მეორე რამდენად არის ამის ფინანსური შესაძლებლობა. თუ გავითვალისწინებთ სავალდებულო დაზღვევის სავარაუდო ფასს რომელიც შეიძლება განისაზღვროს კანონით, ერთიანი გადახდის პირობებში ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. როგორც კვლევამ აჩვენა, მათთვის საშუალოდ მისაღებია თვიური 5-10 ლარის გადახდა, ხოლო მასიურად 150-200 ლარის გადახდა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შეუძებელი იქნება. ამ საკითხის გათვალისწინებით აუცილებელია თავდაპირველ ეტაპზე განვადებით გადახდის წესის შემოღება. შემდგომში კი ერთიანი გადახდის დაწესება, როდესაც მოსახლეობა ამისთვის ფინანსურად მზად იქნება. ადრე თუ გვიან ეს მაინც გასათვალისწინებელი იქნება, რადგან ევროკავშირის ავტოდაზღვევის დირექტივა სწორედ პრემიის ერთიანი გადახდის უზრუნველყოფას ავალდებულებს წევრ ქვეყნებს.
  4. ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ სადაზღვევო კომპანიებს მარკეტინგული თვალსაზრისით. ცალსახაა, რომ არამარტო გარკვეული კომპანიისა და სადაზღვევო პროდუქტის ცნობადობა წარმოადგენს პრობლემას, არამედ თავად დაზღვევის მნიშვნელობა და აუცილებლობაა გაურკვეველი მოსახლეობისთვის. საგანმანათლებლო კუთხით მუშაობა არა მარტო სადაზღვევო კომპანიების პრეროგატივაა, არამედ სახელმწიფოს ქმედითი ღონიძიებებითაც უნდა იყოს განმტკიცებული.
  5. ტენდენცია შეინიშნება სადაზღვევო ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე სახის პროდუქტით ოპერირების, აუცილებელია მომხმარებელთა მოთხოვნილებების სიღრმისეული კვლევა და გათვალისწინება პროდუქტის შემდგომი დახვეწის ან სრულიად ახლის შეთავაზების მიზნით. კარგი იქნება თუ კი სადაზღვევო კომპანიები მოახერხებენ ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას სწორად შერჩეული მარკეტინგული კომუნიკაციების საშუალებით. MTPL-თან მიმართებით მათ ასევე შეუძლიათ დასავლური გამოცდილების გაზიარება, თუნდაც ინოვაციის კუთხით. ინოვაცია: გადაიხადე როცა იმგზავრებ (Pay as you drive – PAYD) წარმოადგენს სადაზღვევო ბაზარზე შეთავაზებულ ინოვაციას, რომელიც დაფუძნებულია ფასისა და აქტუარული დათვლების შეთანწყობაზე. მოცემული სადაზღვევო პროდუქტი მოიცავს GPS ტექნოლოგიას და აერთიანებს საფასო შკალას ავტომანქანის მიერ განვლილ მანძილს, დღის კონკრეტულ მონაკვეთს (რომლის დროსაც გადაადგილდება მანქანა), გზის ტიპსა და ასევე სიჩქარის მაჩვენებელსაც. მოცემული პროდუქტი დაინერგა აშშ-ში, ბრიტანეთსა და იტალიაში.
  6. დადებითი კორელაცია ახასიათებს სადაზღვევო ბაზრის განვითარებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, რაც ზოგადად საერთაშორისო კვლევებით არის დამტკიცებული. თუმცა საქართველოს შემთხვევაში კორელაცია იმ მასშტაბის არ არის როგორც სხვა ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში. მიზეზი სხვადასხვა ეგზოგენურ თუ ენდოგენურ ფაქტორთა შორის, არის საინვესტიციო ინსტრუმენტების სიმცირე – ფინანსური ბაზრის განუვითარებლობა. განვითარებული ფინანსური ბაზრის შემთხვევაში არასიცოცხლისა და სიცოცხლის დაზღვევის კომპანიები სხვადასხვა ვადიანობის პრინციპით შეძლებდნენ ფულის სხვადასხვა სიმწიფის მქონე ინსტრუმენტებში დაბანდებას, რაც ხელს შეუწყობდა ინვესტიციების ზრდასა და კვლავწარმოებას ეკონომიკაში. აუცილებელია ფინანსური ბაზრის განვითარების კუთხით მთავრობის აქტიური მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ორი სექტორის სინთეზის ეფექტებს დაკარგავს ქვეყანა. აქვე აუცილებელია შევეხოთ კონვერგენციის ფაქტორს, როგორც კვლვევამ აჩვენა კონვერგენცია დიდია EU15-თან მიახლოების. განსხვავება სხვადასხვა ქვეყნის მიერ მოცემული სხვაობის დაფარვის პერიოდებს შორის საკმაოდ ვარირებს 8-33 წლებში. თუკი საქართველოს დღევანდელ პოზიციას განვიხილავთ ბულგარეთთან მიმართებით, პერიოდი ერთი-ორად გაიზრდება და შესაძლოა EU15-თან მიმართებით სხვაობის დასაფარად 40-50 წელიც კი დასჭირდეს. მოცემული თავისთავად ეხება სადაზღვევო სექტორის ევროკავშირის ბაზართან ჰარმონიზაციის თემატიკასაც. ამ ეტაპზე აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
  7. თანდათანობით აუცილებელია სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით ოპერირებადი კომპანიების გამიჯვნა. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და ევროკავშირი მზღვევლებსა და დაზღვევის ზედამხედველობის შესაბამის ორგანოებს დაზღვევის სახეობების მიხედვით უდგენს ძირითად სამოქმედო დირექტივებს; მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები და გადახდისუნარიანობის მარჟები, ასევე, აქტივებში ინვესტირების პროცენტებიც კი განსხვავებულია სიცოცხლისა და არასიცოცხლის, ასევე გადაზღვევის შესაბამისად ფუნქციონირებადი კომპანიებისათვის.
  8. სადაზღვევო სექტორის აქტივები ნელი ტემპით იზრდება, ძალიან დაბალია კაპიტალიზაციის დონე და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სექტორმა ზარალით დაასრულა მუშაობა. მოცემული კი სხვა ზემოთ აღნიშნულ ფაქტორთან ერთად ცხადჰყოფს ერთს – ფინანსური მენეჯმენტის სისუსტესა და რისკების არასწორი შეფასების მაღალ მაჩვენებელს. ამ კუთხით ძალიან ბევრია გასაკეთებელი თავად კომპანიებისა და სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს ფუნქცია ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო მიმართულებით მაღალი სტანდარტების დაწესებას მოითხოვს და სადაზღვევო და აქტუარული საქმიანობის მიმართულებით მაღალი დონის სპეციალისტების მომზადების ხელშეწყობასა და ლიცენზირებაში გამოიხატება. არა მარტო ამ სექტორში არამედ საბანკო და სხვა სფეროში, ხშირია მუშაობდეს გინეკოლოგი ან კბილის ექიმი ან სულაც სხვა სპეციალობის კადრი. მოცემული სიტუაცია კომპანიების მხრიდან მოთხოვნილ საკვალიფიკაციო მოთხოვნების არაადეკვატურობაზე მიგვანიშნებს.
  9. მენეჯმენტის სისუსტე, კოორდინაცია, კომუნიკაცია და კადრების შიდა გადამზადება, კორპორატიული მართვის სტანდარტები. დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრი კომპანია გაუმართავი მენეჯმენტის გამო ზარალდება გრძელვადიან პერიოდში. მოცემული ეხება სადაზღვევო კომპანიებსაც. დროითი და ფულადი დანახარჯი, რომლის აღრიცხვაც რაოდენობრივ ჭრილში ერთი შეხედვით ვერ ხორციელდება, გრძელვადიან პერიოდში გამოიხატება შემცირებულ გაყიდვებში, გაზრდილ აკვიზიციურ თუ ადმინისტრაციულ დანახარჯებში და ასევე, ბოლო პერიოდში გამუდმებულ ბაზრის „წმინდა ზარალში“. ყველაზე სუსტი რგოლი ამ შემთხვევაში კოორდინაციის ნაკლებობაა ყველა დონეზე, ეხება ეს ზედა მენეჯმენტსა თუ საშუალო რგოლს. კომუნიკაციის არასრული სისტემები და მეთოდები ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ დონეზე პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის მიმოცვლის თვალსაზრისით, რაც ზრდის ოპერაციის ან კონკრეტული ერთი პოლისის შექმნა-აღრიცხვის ხარჯებს და შესაბამისად გასაყიდ ფასს. კადრების კვალიფიკაციის დონეც არც ისე სახარბიელოა, ასევე კარგი კადრების კომპანიიდან დაბალი ანაზღაურების გამო დენადობის მასშტაბიც გასათვალისწინებელია. ადამიანურ კაპიტალში ჩადებული ინვესტიცია ზრდის მოსალოდნელ უკუგებას გრძელვადიან პერიოდში, თუმცა ხშირ შემთხვევაში საკადრო პოლიტიკა ამ დონეზე გათვლილი არ არის და მოკლევადიანი მიზნების დაკმაყოფილებასა და მინიმალური ხარჯების გაღებაზე ჩერდება მისი განვითარება.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ კვლავაც ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი, რათა მოხერხდეს საქართველოს სადაზღვევო სექტორის განვითარების პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორებისა და რისკების მინიმიზაცია. შესაბამის საკანონმდებლო-მარეგულირებელ საქმიანობაზე აქედანვე თუ არ იქნა დაწყებული შესაბამისი აქტიური მუშაობა, შესაძლებელია, რომ ამ პროცესმა მოსალოდნელი დადებითი შედეგები ვერ გამოიღოს და მთელი გაწეული ძალისხმევა წყალში ჩაიყაროს.

 ***

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. „საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ“ – საქართველოს პარლამენტი, თბილისი, 02.05.1997;
  2. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 24.12.2013 ბრძანება №05 “მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის შემოღების თაობაზე” – ,;

3.“მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ„ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №02, 17.03.2015;

  1. “საქართველოსტერიტორიაზესადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ -საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №04, 20.04.2015;
  2. ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში, 2014“ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2015;
  3. პაპავა ვ. არატრადიციული ეკონომიკსი. თბილისი, 2011, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი;
  4. შათირიშვილი, ჯ. კაკაშვილი, ნ. სადაზღვევო საქმე. თბილისი. 2012, გამომცემლობა “ივერიონი”;
  5. „Amending Council Directive 73/239/EEC as regards the solvency margin requirements for non-life insurance undertakings“ DIRECTIVE 2002/13/EC – European Commission, 2002;
  6. DIRECTIVE 2002/83/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL – concerning life assurance – European Commission, 2002;
  7. Solvency I Directives – Financial Services Commission, 2004;
  8. 1 DIRECTIVE 2009/103/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL – relating to insurance against civil liability in respect of the use of motor vehicles, and the enforcement of the obligation to insure against such liability – European Commission, 2009;
  9. 1 Aubrey-Jones, S., 1996b. Developments in Eastern Europe – Part I. European Insurance Market, No. 121, 22 November, pp. 397-399;
  10. 1 Gentiana Sharku; Etleva Bajrami – “The impact of “insurance culture” in development of the insurance market in emerging economies“– case of Albania”, 2007;
  11. 14. Michael J. McCord – “What is the environment for microinsurance in Georgia, and how can it be improved?” The MicroInsurance Centre, Regional Microinsurance Symposium, Tbilisi, 2004;
  12. Retail Insurance Market Study MARKT/2008/18/H, Final Report by Europe Economics, London, 2009;
  13. 16. Robert B. K. Pye “The Evolution of the Insurance Sector in Central and Eastern Europe (CEE) and the Newly Independent States (NIS) of the former Soviet Union”, 2003;
  14. 17. Safet Kozarevi, Laura Perssin, Giorgio Valentiuz – Efficiency of the transition of insurance markets in south-eastern European post-sommunist countries”, 2013;
  15. Serap Gönülal – „ Motor Third-Party Liability Insurance“, THE WORLD BANK, 2010;
  16. Yszard Rapacki and Mariusz Próchnia – “The EU Enlargement and Economic Growth In the CEE New Member Countries”; European Communities, 2009;
  17. 20. http://insurance.org.ge/index.php?a=main&pid=10
  18. http://mof.gov.ge/4552
  19. http://sazogadoeba.ge/?post_id=1493
  20. http://ec.europa.eu/finance/insurance/consumer/motor/index_en.htm

24.http://insurance.1asig.ro

  1. http://eugeorgia.info/ka
  2. http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2066181.html

27.http://www.ipress.ge

  1. http://old.bfm.ge/index.php?newsid=9733#.Vi5iDWe-Pix
  2. http://hepoins.com/index.php/component/k2/item/34-autoinsurance
  3. http://ec.europa.eu/index_en.htm

 

 

 ***

დანართი

 

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდა, მშპ და სადაზღვევო სექტორის მიერ სულ მოზიდული პრემია საქართველოში 2007-2015 წწ[14]

grafiki1.jpg 

 

გრაფიკი 2 ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის დინამიკა წლების მიხედვით ყოფილ სოციალისტურ ქვეყენებში[15]

grafiki2

გრაფიკი 3 მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ის დინამიკა საქართველოში[16]

grafiki3

ცხრილი 1 მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები[17]

ქვეყანა მინიმალური კაპიტალი მოთხოვნები (მლნ ევრო) გადახდისუნარიანობის მარჟის გათვლის ბაზისი
ბულგარეთი 3.3 სიცოცხლის დაზღვევისთვის; 2.2 მხოლოდ გარკვეული კლასის არასიცოცხლის დაზღვევისთვის; 3.3 ყველა კლასის არასიცოცხლის დაზღვევისთვის; 3.3 გადაზღვევისთვის შეესაბამება solvency I-ს. მზადება solvency II-ზე გადასასვლელად
სლოვენია 3.0 სიცოცხლის დაზღვევისთვის; 2.0 არასიცოცხლის დაზღვევისთვის; 3.0 დამატებითი ლიმიტი ზოგიერთი კლასის არასიცოცხლის დაზღვევისთვის; 3.0 გადაზღვევისთვის
ხორვატია 3.0 სიცოცხლის დაზღვევისთვის; 2.0 ზოგიერთი სახეობის არასიცოცხლის დაზღვევისთვის; 3.0 სხვა დანარჩენი არასიცოცხლის დაზღვევისთვის; 3.0 გადაზღვევისთვის
რუმინეთი 2.3 სიცოცხლის დაზღვევისთვის; 3.3 არასიცოცხლის დაზღვევისთვის
სერბეთი 4.0 სიცოცხლის დაზღვევისთვის; 4.4 არასიცოცხლის დაზღვევისთვის; 4.5 გადაზღვევისთვის პირველი დირექტივა 1970-წლების
ალბანეთი 2.7 სიცოცხლის დაზღვევისთვის; 5.9 არასიცოცხლის დაზღვევისთვის; 4.4 გადაზღვევისთვის
მაკედონია 3.0 სიცოცხლის დაზღვევისთვის; 2.0 არასიცოცხლის დაზღვევისთვის; 3.1 დამატებითი ლიმიტი ზოგიერთი კლასის არასიცოცხლის დაზღვევისთვის; 4.5 გადაზღვევისთვის
ბოსნიაჰეცეგოვინა 1.5 სიცოცხლის დაზღვევისთვის; 2.6 არასიცოცხლის დაზღვევისთვის; 1.5 გადაზღვევისთვის
მონტენეგრო 0.8 სიცოცხლის დაზღვევისთვის; 2.3 არასიცოცხლის დაზღვევისთვის; 2.0 გადაზღვევისთვის
კოსოვო 3.0 ყველა სახის დაზღვევაზე
 
საქართველო 0.88 სიცოცხლის დაზღვევისთვის; 0.8 არასიცოცხლის დაზღვევისთვის; 0.88 გადაზღვევისთვის

 

  

ცხრილი 2 2007-2013 წლებში სადაზღვევო ბაზრის სიმჭიდროვე, მოსახლეობის ერთ სულზე სადაზღვევო პრემიის გადანაწილება დოლარში[18]

 

ქვეყანა 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013
საქართველო 13.45 31 41.045 40.68 36 57 52.5
ჩეხეთის რესპუბლიკა 631.273 780.378 714.87 766.354 821.877 734.045 746.914
უნგრეთი 502.158 508.607 405.597 403.329 404.481 337.305 357.572
ესტონეთი .. .. 256.188 422.755 419.396 464.42 580.311
პოლონეთი 410.149 640.178 427.276 461.574 496.273 494.74 475.319
თურქეთი 119.893 .. .. 131.194 133.885 147.602 169.005
სლოვაკეთი 432.483 554.802 532.834 518.823 549.948 507.676 540.991
ლატვია .. .. 237.947 205.599 265.441 278.458 304.838
სლოვენია 1289.735 1459.647 1303.208 1238.155 1301.396 1201.172 1193.573

 

 

ცხრილი 3 საქართველოს სადაზღვევო ბაზრის წილი მთლიან შიდა პროდუქტში[19]

2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014
სულ მოზიდული პრემია(მლნ ლარი) 118 272 360 361 321 515 471 302
მშპ (მლნ ლარი) 16,994 19,075 17,896 20,743 24,344 26,167 26,847 29,187
წილი % 0.69 1.42 2 1.74 1.31 1.96 1.75 1.03

  

გრაფიკი 4 ეკონომიკური ზრდა და სადაზღვევო სექტორის მაჩვენებლები (აქტივები, ინვესტიცია და მოგება) 2008-2014 წწ  [20]

grafiki4

გრაფიკი 5 საქართველოს სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა მოზიდული პრემია 1998-2003 წლებში[21]

grafiki5

გრაფიკი 6 საქართველოს სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა 1998 – 2003 წლებში[22]

grafiki6

გრაფიკი 7 საქართველოს სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა მოზიდული პრემია 2007-2015 წლებში[23]

grafiki7

გრაფიკი 8 ევროკავშირისა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა[24]

 grafiki8

გრაფიკი 9 ევროკავშირის სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა ავტოდაზღვევის მიმართულებით 1999 – 2008 წლებში[25]

grafiki9

ცხრილი 4 ევროკავშირის წევრ ქვეყნებში MTPL-ის მინიმალური ლიმიტები[26]

 

წევრი ქვეყანა დაზღვევის მინიმალური ოდენობა
ავსტრია 5 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
ბელგია ულიმიტო
ბულგარეთი ორმაგი სტანდარტი: შემთხვევა ერთი დაზარალებულით – 1 მლნ ევრო; შემთხვევა ორი დაზარალებული პირით 5 მლნ ევრო
კვიპროსი 30 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
ჩეხეთის რესპუბლიკა 1 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
დანია 12.8 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
ესტონეთი 5 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
ფინეთი ულიმიტო
საფრანგეთი ულიმიტო
გერმანია 7.5 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
უნგრეთი 5 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
ირლანდია ულიმიტო
იტალია 5 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
ლატვია 5 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
ლიტვა 5 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
ლუქსემბურგი ულიმიტო
ნიდერლანდები 5 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე ავტომანქანაზე, 10 მლნ ავტობუსზე
პოლონეთი 5 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
პორტუგალია 5 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
რუმინეთი 5 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
სლოვაკეთი 5 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
სლოვენია 5 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე
ესპანეთი 70 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე მესამე პირის სხეულის დაზიანებაზე; 15 მლნ ევრო ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის
შვედეთი 32.7 მლნ ევრო ერთ შემთხვევაზე

 

ცხრილი 5 MTPLზე დაწესებული პრემიები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში 2014 წლის მონაცემებით[27]

 

ქვეყანა დაბალი განაკვეთი (ევრო) მაღალი განაკვეთი (ევრო)
მოლდოვა

32

ბელორუსია

35

უკრაინა

70

უნგრეთი 96 277
ბულგარეთი 98 114
რუმინეთი 115 425
პოლონეთი 137 570
რუსეთი 174
ჩეხეთის რესპუბლიკა 222 396
სლოვენია 424
ხორვატია 522 600
გერმანია 695 1431

 

ცხრილი 6 კორელაცია მაჩვენებლებს შორის[28]

 

კორელაციის კოეფიციენტი მაჩვენებელთან – მშპ მოსახლეობის ერთ სულზე საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემო გადახდისუნარიანობის სტანდარტები სადაზღვევო სექტორის წილი სადაზღვევო სექტორის სიმჭიდროვე სიცოცხლის დაზღვევის წილი სექტორში MTPL-ის წილი სექტორში
0.72 0.67 0.71 0.94 0.83 0.85
კორელაციის კოეფიციენტი მაჩვენებელთან-ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი 0.78 0.8 0.47 0.77 0.6 0.84

ცხრილი 7 EU15-თან კონვერგენციის წლები[29]

ქვეყანა EU15-თან კონვერგენციის პერიოდი (წელი 2008 წლიდან)
ბულგარეთი 30.4
ჩეხეთის რესპუბლიკა 18.8
ესტონეთი 11.1
უნგრეთი 28.1
ლატვია 13.6
ლიტვა 13.1
პოლონეთი 25.5
რუმინეთი 19.9
სლოვაკეთი 13
სლოვენია 7.9

 

გრაფიკი 10 სამგზავრო ავტომანქანების დინამიკა წლების მიხედვით [30]

 grafiki10

ცხრილი 8 MTPL-ის დაზღვევაზე შესაძლო ზარალები მშპ-ს პროცენტული წილით

 

 მაჩვენებელი 2016 წელი/ მლნ ლ
სულ მოზიდული პრემია 570
მშპ 32,847
ეკონომიკური ზრდა 3%
შესაძლო ზარალი 2.5% 821.175
შესაძლო ზარალი 2% 656.94
შესაძლო ზარალი 1% 328.47
შესაძლო ზარალი 0.5% 164.235

გრაფიკი 11 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დინამიკა საქართველოში 2008-2014 წწ.[31]

 grafiki11

 

გრაფიკი 12 სადაზღვევო ბაზრის მონაცემები (მოზიდული პრემია) და ეკონომიკური ზრდა 2007-2015 წწ [32]

 grafiki12

ცხრილი 9 MTPL-ის სავალდებულო დაზღვევაზე მომხმარებლის სასურველი ფასი[33]

 

5 ლარი 6-10 ლარი 11-15 ლარი 16-20 ლარი 21-25 ლარი 26-30 ლარი 30 ლარზე მეტი
64.20% 31.70% 3.80% 0.40% 0.00% 0.00% 0.00%

 

——————————

[1] Robert B. K. Pye “The Evolution of the Insurance Sector in Central and Eastern Europe (CEE) and the Newly Independent States (NIS) of the former Soviet Union”, 2003

[2] Aubrey-Jones, S., „Developments in Eastern Europe – Part I. European Insurance Market“, 1996b.

[3] ვ. პალტეროვიჩი, აქ ნაშრომის სახელი მიუთითე, სადაც ეს ინფორმაცია ამოიკითხე, გამოქვეყნების ადგილი და დრო

[4]საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 20.04.2015-ის ბრძანება №04,“საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“

[5]საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 17.03.2015 ბრძანება №02, „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ„ –

[6] http://sazogadoeba.ge/?post_id=1493

[7] Gentiana Sharku; Etleva Bajrami,“The impact of “insurance culture” in development of the insurance market in emerging economies“– case of Albania”, 2007

[8] ec.europa.eu/economy_finance/international/non_eu/candidate/index_en.htm

[9] Retail Insurance Market Study MARKT/2008/18/H, Final Report by Europe Economics, London, 2009

[10] Yszard Rapacki and Mariusz Próchnia – “The EU Enlargement and Economic Growth In the CEE New Member Countries”; European Communities, 2009

[11] Serap Gönülal, „ Motor Third-Party Liability Insurance“, THW WORLD BANK, 2010

[12] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები

[13] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია – ამის ნაცვლად აქ ჯობია ინფორმაციის ელ-მისამართი მიუთითო

[14] გრაფიკი შედგენილია ფინანსთა სამინისტროსა და დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის მონაცემების საფუძველზე

[15] გრაფიკი შედგენილია მსოფლიო ბანკის 2015 წლის ოქტომბრის მონაცემების მიხედვით

[16] ფინანსთა სამინისტროს მონაცემები

[17] SAFET KOZAREVI, LAURA PERESSIN, GIORGIO VALENTINUZ –  “EFFICIENCY OF THE TRANSITION OF INSURANCE MARKETS IN SOUTH-EASTERN EUROPEAN POST-COMMUNIST COUNTRIES”, 2013

[18] ცხრილი შედგენილია OECD-ისა და საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების ურთიერთშეჯერების ბაზაზე

[19] ცხრილი შედგენილია ფინანსთა სამინისტროსა და დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის მონაცემების საფუძველზე

[20] გრაფიკი შედგენილია ფინანსთა სამინისტროსა და დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის მონაცემების საფუძველზე

[21] წყარო წყარო Michael J. McCord – “What is the environment for microinsurance in Georgia, and how can it be improved?” The MicroInsurance Centre, Regional Microinsurance Symposium, Tbilisi, 2004

[22] წყარო Michael J. McCord – “What is the environment for microinsurance in Georgia, and how can it be improved?” The MicroInsurance Centre, Regional Microinsurance Symposium, Tbilisi, 2004

[23] წყარო დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის მონაცემები

[24] წყარო – SAFET KOZAREVI, LAURA PERESSIN, GIORGIO VALENTINUZ – “EFFICIENCY OF THE TRANSITION OF INSURANCE MARKETS IN SOUTH-EASTERN EUROPEAN POST-COMMUNIST COUNTRIES”, 2013

[25] Retail Insurance Market Study MARKT/2008/18/H, Final Report by Europe Economics, 2009, London

[26] http://ec.europa.eu/finance/insurance/consumer/motor/index_en.htm

[27] http://insurance.1asig.ro/MTPL-prices-in-Central-and-Eastern-Europe-how-far-from-the-mature-markets-article-2,3,100-4554.htm

[28] SAFET KOZAREVI, LAURA PERESSIN, GIORGIO VALENTINUZ –  “EFFICIENCY OF THE TRANSITION OF INSURANCE MARKETS IN SOUTH-EASTERN EUROPEAN POST-COMMUNIST COUNTRIES”, 2013

[29] Yszard Rapacki and Mariusz Próchnia – “The EU Enlargement and Economic Growth In the CEE New Member Countries”; European Communities, 2009

[30] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები

[31] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები

[32] გრაფიკი შედგენილია ფინანსთა სამინისტროსა და დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის მონაცემების საფუძველზე

[33] http://hepoins.com/index.php/component/k2/item/34-autoinsurance

Advertisements
 
%d bloggers like this: