IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• თაყაიშვილი- ემიგრანტული ნაშრომები

♥ Georgia – საქართველო

ე ქ ვ თ ი მ ე   თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი

ემიგრანტული ნაშრომები

ქართული ემიგრანტული ლიტერატურა
დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა
მრავალტომეული
ტომი 2
გურამ შარაძის საერთო რედაქციით
გამომცემლობა ” მეცნიერება”
თბილისი 1991

Ekvtime Takaishvili

ექვთიმე თაყაიშვილი სვანეთში, ექსპედიციის წევრებთან და მასპინძლებთან ერთად

წინასიტყვაობა

ზაფხულში, 1910 წელს ჩვენ მოვაწყვეთ არქეოლოგიური ექპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში. საშუალება მოგვცა აწ განსვენებულმა ჩვენმა მეგობარმა პავლე იოსების ძე თუმანიშვილმა, რომელიც დღიდან დაარსებისა „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა“ გახდა გულწრფელი მოჭირნახულე და მეცენატი ამ საზოგადოებისა. მთელი ხარჯი ექსპედიციისა მან მიიღო თავის თავზედ. ექსპედიციაში მოვიწვიეთ: მთელს კავკასიაში კარგად ცნობილი აწ განსვენებული ფოტოგრაფი დიმიტრი ივანეს ძე ერმაკოვი, აგრეთვე აწ განსვენებული ხუროთმოძღვარი სიმონ გიორგის ძე კლდიაშვილი და ტფილისის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი ივანე თეოდორეს ძე ნიჟარაძე, ყოფილი ჩემი მოწაფე, შთამომავლობით სვანი, მზრუნველი და მოამაგე სვანებისა და ყველა სვანთაგან დიდათ მიჩნეული და პატივცემული.

პავლე თუმანიშვილი ფიქრობდა მასაც მიეღო მონაწილეობა ექსპედიციაში და გვთხოვა მისთვის დაგვეცადა ცაგერში, რომ სვანეთში ერთად გამგზავრებულიყავით, მაგრამ ეს განზრახვა მან ვეღარ განახორციელა: ის მაშინ ასრულებდა ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა მარშლის თანამდებობას და ვერ მოიცალა. ექსპედიციის მიზანი იყო: გვენახა ზოგიერთი ეკლესიები ლეჩხუმისა, მანამ პ. თუმანიშვილი შემოგვიერთდებოდა, შემდეგ შეძლებისდაგვარად დაგვევლო ყველა სვანეთის ეკლესიები; ცნობაში მოგვეყვანა და ფოტოგრაფიულად გადმოგვეღო მათში დაცული სიძველენი, შეგვეკრიბა არქეოლოგიური, ისტორიული და ეთნოგრაფიული ნივთები და მასალები „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმებისათვის“.

დასახელებული მიზანი საერთოდ საკმაოდ შესრულებულ იქმნა: ჩვენ დავიარეთ უმეტესი ნაწილი ლეჩხუმის ეკლესიებისა; ვნახეთ თითქმის ყველა ეკლესია როგორც ცხენისწყლის, ისე ენგურის სვანეთისა. არ ვყოფილვართ მხოლოდ ლახამულაში (იქ მაშინ ხოლერა გაჩნდა), ჩუბის-ხევში და ადიშში (იმ დროს იქ თოვლი მოვიდა), მაგრამ ცნობილი ადიშის სახარება იქიდან მოვატანინეთ და მესტიაში გადავიღეთ ფოტოგრაფიულად; საკმაოდ ბევრი და ძვირფასი სამუზეუმო ნივთები შევაგროვეთ; ზოგი მათგანი შემოწირულობის სახით მივიღეთ, ზოგი ფასით შევიძინეთ. ჩვენი მუზეუმი გამდიდრდა საყურადღებო ტყავის ხელნაწერებით და საარქეოლოგიო-საეთნოგრაფიო ნივთებით; ხოლო სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, ს. კლდიაშვილს დაეკარგა დღიურ-რვეული მის მიერ გაზომილი სვანეთის ეკლესიებისა და ციხე-კოშკებისა, ამიტომ ამ ეკლესიათა გეგმების დამუშავება შეუძლებელი შეიქმნა. დარჩა მხოლოდ გეგმები ლეჩხუმის ეკლესიებისა და ხუთიოდე თავისუფალი სვანეთისა.

ცნობილია, როგორც ლეჩხუმში, ისე სვანეთში მხოლოდ სიონური ანუ ბაზილიკური ეკლესიებია, უგუმბათო. გამონაკლისს შეადგენს ერთი, მცხეთის გუმბათიანი ეკლესია ლეჩხუმში, მაგრამ მაინდამაინც ძველი არც ის არის. ყველა საყურადღებო სიძველენი ჩვენ მიერ ნახულ ეკლესიებისა გადმოღებულია ფოტოგრაფიულად. გამონაკლისს შეადგენს მცირე ნაწილი, რომელიც არ გამოვიდა ჯეროვნად. სულ გადაღებული იყო ათას ხუთასზე მეტი სურათი; ამათში შედის, რასაკვირველია, პეიზაჟებიც საუკეთესო ადგილებისა, სოფლებისა და ციხე-კოშკებისა. ფრესკების გადმოღება არ მოხერხდა. განსვენებული ერმაკოვი გაფრთხილებული იყო, რომ სვანეთში პატარა ეკლესიებია და მათში სამუშაოდ განსაკუთრებული აპარატია საჭირო და პტყელ-კუთხედი ობიექტივი. – ვიცი, ვიციო, – იძახოდა ტფილისში, მაგრამ მას ასეთი აპარატი აღარ აღმოაჩნდა სვანეთში. ამას გარდა ჩვენ გაგვაკვირვა კიდევ მეორე გარემოებამ, – უმეტესი ნაწილი „პლასტინკებისა“, რომელიც მას წამოეღო, წამოღებულ ჩარჩოებში არ ეტეოდა. უფრო დიდრონი იყო, და ის იძულებული გახდა ჩამოეჭრა ნაწილი თითოეული „პლასტინკისა“ და ისე მოეთავსებინა ჩარჩოში. ეს სიძნელე მან დიდის შრომით და დაუღალავი მუშაობით გადალახა. ფრესკების გადასაღებად სვანეთში არა ერთი, არამედ რამოდენიმე მხატვართა ექსპედიცია არის საჭირო. საჭიროა არა მარტო ფოტოგრაფიის საშუალებით გადმოღებული ფრესკებისა, არამედ მათი გადმოხატვა ფერადებით ტილოზედ. ზოგი მათგანი განსაკუთრებით საყურადღებოა არა მარტო სიძველით, რიგით, სტილით, არამედ შინაარსითაც. საკმარისია აღვნიშნოთ, რომ ერთს ეკლესიაში წარმოდგენილია დიმიტრი მეფის კურთხევა, ზოგიერთებში კიდევ ზღაპრული ამირანი და მასზე თქმულებანი და სხვა. ბევრ ეკლესიაში ყოფილა აგრეთვე მაშენებელთა ანუ კტიტორთა სურათებიც, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ფრესკები და სურათები მოშლილია; რაც გადარჩენილა გასვრილია მტვრით და უფრო ხშირად ჭვარტლით. ყველა ეს უნდა გაიწმინდოს, გაირეცხოს ფრთხილად და
შემდეგ საკმაოდ გამოჩნდება სურათებიც და წარწერებიც და მათი გარჩევა შესაძლებელი იქნება. ჩვენ ამისათვის დრო არ გვქონდა. აღვნიშნეთ მხოლოდ, რაც ასე თუ ისე საკმაოდ მოჩანდა; მაგრამ ამითაც ბევრი უცნობი მასალა მოგვემატა. მთელი შეგროვილი მასალა ექსპედიციისა ჩვენ დამზადებული გვქონდა გამოსაცემად უკვე 1911 წელს და გვპირდებოდენ მის გამოცემას, სურათებით, პეტერბურგში და მოსკოვშიც, მაგრამ ომიანობის გამო ეს განზრახვა ჩაიფუშა. მხოლოდ მოსკოვის არქეოლოგიურმა საზოგადოებამ მოასწრო ერთად ერთის ადიშის საყურადღებო სახარების გამოცემა ფოტოტიპიის საშვალებით და ჩემის წინასიტყვაობით (იხ. „მატერიალი პო არხეოლოგიი კავკაზა“, წიგნი 14) აქაც, საზღვარ გარეთ ზოგიერთები გვპირდებოდენ მთელი სვანეთის მასალის გამოცემას სურათების ალბომებითურთ,  მაგრამ ეს დაპირებაც მარტო დაპირებად დარჩა. ეხლანდელი კრიზისი ჩვენ იმედს აღარ გვაძლევს არც ამ ექსპედიციის ალბომების გამოცემისა, არც სხვა ჩვენი ექსპედიციების მასალებისა, როგორიც არის მაგალითად, ექსპედიცია ოლთისის მხარეში 1907 წელს, ექსპედიცია თორთუმ-ისპირში 1917 წელს, რაჭა-იმერეთში 1918-1920 წლებისა და სხვა. გამოუცემელი რჩება აგრეთვე სამეგრელოს ეკლესიათა სიძველეთა ალბომები, დამზადებული უკვე 1913 წელს. გამოვეცით მხოლოდ მათი მოკლე აღწერილობა და წარწერები (იხ. ჩვენი „არხეოლოგიური მოგზაურობანი და
შენიშვნანი“, წიგნი მეორე, ტფილისი, 1914 წ.), სურათებით მათი გამოცემა დავიწყეთ პეტერბურგში „ხრისტიანსკი ვოსტოკ“-ში, სადაც ოთხიოდე ეკლესიათა სიძველეთა მოთავსება მოესწრო; შემდეგ „ხრისტიანსკი ვოსტოკი“ დაიხურა.

ჩვენ ამ გამოცემაში ვათავსებთ მოკლე აღწერილობას ჩვენ მიერ ლეჩხუმ-სვანეთში ნახულ სიძველეთა და წარწერათა.

ვინც მოისურვებს ალბომების გამოცემას ან თავისთვის შედგენას ალბომისა ჩვენი ექსპედიციის მიერ გადაღებული სურათებით, მისთვის ამ გამოცემის შემდეგ ადვილი იქნება ამის შესრულება, ვინაიდან ჩვენ ვუჩვენებთ ტექსტში ნომერს ყველა სურათის ერმაკოვის კოლექციიდან, რომლის ნეგატივები და ალბომები მოიპოვება ჩვენს უნივერსიტეტში და საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში. ეს მით უფრო საჭიროა, რომ ფოტოგრაფიის რუსული წარწერები ყველა სწორი როდია, ერმაკოვს არეული აქვს ზოგჯერ სოფელთა და ეკლესიათა სახელები, რომელთაც ესა თუ ის ნივთი ეკუთვნის.

აქ უნდა შევნიშნოთ: ერმაკოვის სურათები ორგვარის ნომრების სათვალავით არის აღნიშნული. ერთი მარცხნივ უფრო რთულით, მეორე მარჯვნივ უფრო მარტივით; ჩვენ ვუჩვენებთ საზოგადოთ მხოლოდ რთულს, რომელიც მარცხნით არის აღნიშნული, მაგრამ როდესაც ეს ნომერი არა სჩანს ან ჩვენს ცალზე არ არის აღნიშნული, მაშინ ვუჩვენებთ მარტივ სათვალავს და წინ ვუსვამთ ასეთ ნიშანს: №-. სამწუხაროდ ზოგიერთი სურათი აღუნიშნავი რჩება. ამის მიზეზია შემდეგი: როდესაც ჩვენ სურათები მივიღეთ ერმაკოვისაგან, ზოგიერთ სურათზე ჯერ კიდევ არ იყო ნომერი აღნიშნული; ამას გარდა ზოგიერთი ფოტოგრაფია, რომელზედაც რამოდენიმე ხატიჯვარი თუ სხვა ნივთი იყო გადმოღებული, ჩვენ დავსჭერით და ცალ-ცალკე სურათად ვაქციეთ, ხოლო ნომრები აღარ აღგვინიშნავს იმ თავით და ეხლა მოკლებული ვართ საშვალებას ეს აღვნიშნოთ. მაგრამ საბედნიეროდ ასეთი სურათები, რომელთა ნომრები არა მაქვს ნაჩვენები, ცოტაა და მათი მიგნება ერმაკოვის კოლექციაში ადვილია ჩვენი აღწერილობის საშვალებით და თემების და ეკლესიების ჩვენებით თვით სურათებზე.

ამრიგად ეს გამოცემა მრავალ მხრივ ნაკლოვანია. ნაკლულოვანია თავდაპირველად მით, რომ უსურათებოდ გამოდის. სურათი აუცილებლად საჭიროა არქეოლოგიური საგნის და ხელოვნების ძეგლის შესასწავლად; კარგი სურათის ერთი თვალის გადავლება უფრო მეტს წარმოდგენას გვაძელევს საგანზე, ვიდრე მისი დეტალური აღწერა. ნაკლულოვანია ეს გამოცემა მითაც, რომ ჩვენ არა გვაქვს ხუცური შრიფტი, რომლითაც უნდა აწყობილიყო წარწერათა ტექსტები; არა გვაქვს აგრეთვე სხვა და სხვა ზომის მხედრული შრიფტიც. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც სასარგებლოდ მიგვაჩნია ეს შეკვეცილი გამოცემა: ნათქვამია – სულ არარაობას ცალი უღელი ხარი სჯობსო.

სვანეთში მოგზაურობის სიძნელეზე, უგზოობის გამო, მეტია ლაპარაკი; ეს იმას შეუძლია წარმოიდგინოს, ვისაც ეს გზები ანუ, უკეთ ვთქვათ, უგზოობა გამოუცდია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უკეთეს პირობებში მოვხვდით: იმავე ზაფხულს კავკასიის „ნამესტნიკის“ თანამშემწე ვატაცი მიემგზავრებოდა სვანეთში, რომ ეს მხარე დაეთვალიერებინა და მკვიდრთა საჭიროებას ადგილობრივ გაცნობოდა. ეს არა-ჩვეულებრივი მოვლენა იყო: რუსეთის მმართველობის დამყარებიდან არც ერთს დიდ ადმინისტრატორს ფეხი არ დაუდგამს სვანეთში. ეს მხარე ერთ „პრისტავის“ ამარად იყო მიგდებული; იშვიათად თუ მაზრის უფროსი გამოჩნდებოდა იქ ლეჩხუმიდან (სვანეთი ლეჩხუმის მაზრაზე იყო მიწერილი). დაიწყეს სიჩქარით გზის შეკეთება ვატაცისათვის ლათფარის ზეკარით (უღელტეხილით), და ჩვენ ამ შეკეთებული გზით ვისარგებლეთ, ვინაიდან გავემგზავრეთ ორი კვირით წინ ვატაცისა.

სვანეთში ორი გზა მიდის: ერთი ლეჩხუმიდან, ქალაქ ცაგერიდან, ჯერ ქვემო სვანეთში, ცხენის წყლის ანუ სადადიანო სვანეთში, შემდეგ ლათფარის ზეკარით ანუ უღელტეხილით ზემო სვანეთში ანუ ენგურის სვანეთში. ამ გზით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ ზაფხულში; სხვა დროს გზა შეკრულია დიდი თოვლის გამო. მეორე გზა მიდის სამეგრელოდან, სოფელ ჯვარიდან, მდინარე ენგურის ნაპირით, სადადეშკელიანო სვანეთში, და შემდეგ თავისუფალ სვანეთში. ეს გზა საუკეთესოდ ითვლება და დიდის გაჭირვებით მისვლა-მოსვლა აქედან ზამთარშიც წარმოებს. სწორედ აქედან იყო არა ერთხელ ცდა გზის გაყვანისა, მაგრამ რუსის ხელისუფლებამ ეს ვერ შესძლო ასი წლის განმავლობაში. მათი გაკეთებული გზა პირველ წყალდიდობამდის სძლებდა, მერმე ისპობოდა ნიაღვარისაგან. ასე მოხდა 1910 წელსაც. ვატაცი დარწმუნებული იყო, რომ იმავე წლის სექტემბრისათვის საფოსტო გზა მზად იქნებოდა სოფელ ჯვარიდან სვანეთში. ეს მე მან თავმომწონედ გამიცხდა წასვლის წინ სოფ. ოქრო-ყანაში, სადაც ის სააგარაკოდ იყო. როდესაც მე ეჭვი გამოვთქვი, ცოტა არ იყოს, იწყინა. ხოლო შემდეგ, როდესაც თავის თვალით ნახა, რომ იქ არავითარი ახალი გზა არ იყო, არამედ ძველი ზერელედ შეკეთებული, მის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა; ინჟინრის სამართალში მიცემამ საქმეს ვერ უშველა. აუარებელი ფული დახარჯული იყო და სვანეთი კვლავინდებურად უგზოდ დარჩა.

ჩვენ ქუთაისში მოვიმარაგეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო მგზავრობისათვის, და ჩვეულებრივად ალპანამდის „ლინეიკით“ გავემგზავრეთ. ქუთაისში ჩვენ შემოგვიერთდა ჩვენი მეგობარი გიგო დიასამიძე, რომელიც თავის ქალით მიდიოდა ლეჩხუმში სააგარაკოდ. ბატონმა გიგომ ერთი კარგი სამსახური გაგვიწია; მან გვასწავლა გზა ლაბეჭინაში მისავალი: მას ის წინა წელში ენახა. ლაბეჭინა ფრიად საინტერესო აღმოჩნდა თავის სიძველეებით.

ეხლანდელი ალპანა (ვახუშტის გეოგრაფიით, არპანი) ლაბეჭინის სახარების მინაწერში არპანა-დ არის ცნობილი; იმავე წერილიდან ვტყობილობთ, რომ აქ ძველად გაბრიელ ლაბეჭინელს აუგია ქვის ეკლესია, შიგან მოუხატავს და მოუკაზმავს, შეუმკვია ხატებით და წიგნებით, აუშენებია ქვითკირის სახლები, ბეღელნი, მარანი და სხვა. მაგრამ ამ შენობებიდან ეხლა აღარაფერი არ შენახულა. ძველი ეკლესიის საფუძველზე ეხლა პატარა, ახალი, ქვის ეკლესია არის აშენებული, ხის გუმბათით, წმიდა გიორგის სახელობაზე; ეკლესიაში მოიპოვება ხატი წ¯ა გიორგისა, წამლით დახატული, ვერცხლის აშიით შეჭედილი და ასომთავრულის წარწერით: წ -ა გ -ი. წმიდა გიორგი წარმოდგენილია ცხენით, ვეშაპს გმირავს შუბით. ხელობა ახალია, მე-19 საუკუნისა; ახალია აგრეთვე მეორე ღვთის მშობლის ხატი, წელს-ზევითი, წამლით დახატული. უფრო საყურადღებოა დაფარნა ოქრომკერდით ნაკერი, რომელზედაც წარმოდგენილია ქრისტე, ბერძნულის წარწერით სახელისა. ალპანაში ღამე გავათიეთ ცნობილ ალპანის დუქანში, რომელიც გაშენებულია რიონის ნაპირზე იქ, სადაც მდ. ლაჯანურა (მეორე სახელით აჭარის წყალი) შეერთვის რიონს. აქ ყოველთვის იშოვება განთქმული ყიფიანის ღვინო და ხშირად ცოცხალი თევზიც. მეორე დღეს გავემგზავრეთ ლაბეჭინაში; გზად გავიარეთ საირმეში და აქედან დაიწყო ჩვენი მუშაობა.

ვინემ ამ მუშაობაზე დავიწყებდეთ საუბარს, ვალად ვთვლით ჩვენს თავს გულითადის მადლობით მოვიხსენიოთ ყველა ის პირნი, რომელთაც ჩვენ პატივი დაგვდვეს, ხელი შეგვიწყვეს და დაგვეხმარენ ჩვენი მუშაობისა და მოგზაურობის დროს.

ლეჩხუმში დიდი სამსახური გაგვიწია ლეჩხუმის „ბლაღოჩინმა“ მარგიანმა. მან მიგვიღო თავის სახლში, ცაგერში და იქიდან თავისი თანხლებით მოგვარონია უმეტესი ნაწილი ლეჩხუმის ეკლესიებისა. თავისუფალ სვანეთში ჩასვლისას შემოგვეგება აწ განსვენებული სვანეთის „ბლაღოჩინი“ ბესარიონ ნიჟარაძე, რომელიც კარგად ცნობილია ჩვენს ლიტერატურაში თავისი საყურადღებო ეთნოგრაფიული წერილებით. ის სწერდა ფსევდონიმით: „თავისუფალი სვანი“. ბესარიონი მოვიდა ჩვენთან სოფელ კალაში და გვირჩია მასთან წავსულიყავით პირველად სოფ. მესტიაში, რომელიც შუა ადგილია ენგურის სვანეთისა, იქ დავბინავებულიყავით და იქიდან დაგვეწყო ექსკურსიები სხვა და სხვა სოფლებში. ჩვენც აგრე მოვიქეცით. ცოტა ხნით, როდესაც ვატაცი მოვიდა სვანეთში, ის მას ეახლა და როდესაც გაისტუმრა, მერმე თავის მკვირცხლის და სიმპატიურის შვილით, კუკურით, (მაშინ გიმნაზიის მოსწავლე იყო) ჩვენ არ მოგვცილებია, ყოველგან დაგვყვებოდა, ცდილობდა ყველაფერი ეჩვენებინა. არაფერი არ დაგვრჩენოდა უნახავი. მისი დახმარებით და შუამდგომლობით შევიძინეთ ჩვენ ბევრი ხელნაწერი და ნივთი. დიდი პატივი გვცა აგრეთვე, როდესაც სოფელ ეწერში მივედით, ოთარ დადეშკელიანმა და მისმა მეუღლემ, აწ განსვენებულმა; ოთარი დიდათ დაინტერესებული იყო ჩვენის მუშაობით, გადმოგვცა რამოდენიმე ხელნაწერი, გვაახლო თავის კაცები და საშვალება მოგვცა კარგად მოგვეარა ეწერის არე-მარე. მისი ძმა თათარხანი, ცნობილი პატრიოტი, რომელიც ჩვენს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში იღებდა მხურვალე მონაწილეობას, მაშინ უკვე ცოცხალი აღარ იყო. მისი ისტორიული წერილები და მასალები ოთარმა გადმოსცა ჩვენს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. აგრეთვე დიდი პატივი გვცეს და ხელი შეგვიწყეს განსვენებულმა ლევან დადეშკელიანმა და მისმა ძმამ ჯანსუყიმ. ლევანი, როგორც მოგეხსენებათ, წინამძღოლი და მოთავე იყო რევოლუციის მოძრაობისა სვანეთში 1905 წელს, ხოლო მეორე რევოლუციას, 1917 წ. ის მსხვერპლად შეეწირა. ნეტარ იყოს ხსენება განსვენებულთა, რომელთაც ჩვენს ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღეს ანუ ხელი შეგვიწყვეს და დახმარება გაგვიწიეს; დღეგრძელობა და მადლობა მათ, რომელნიც დღეს კეთილად ცხოვრობენ. განსაკუთრებით ჩვენთვის სამწუხარო და სავალალოა დიდებული ქართველის, გულწრფელი პატრიოტის და დიდათ სათნოიანი ადამიანის პავლე იოსების ძის თუმანიშვილის უდროოდ გარდაცვალება. ის გარდაიცვალა ემიგრაციაში, პოლონეთში, შევიწროებული ნივთიერად. საუკუნოდ დარჩება ხსნება ამ წარჩინებული მოღვაწისა და ადამიანისა ჩვენში1.

———–

1 მისი საზოგადო მოღვაწეობა და განსაკუთრებით მისი ამაგი „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისადმი“ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ (იხ. „დამოუკიდებელი საქართველო“, იანვარი, 1936 წელი, № 109, გვ. 12-13) და აქ აღარ ვიმეორებთ.

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000771/eqvt.koreqt%201.pdf

 

***

იხილეთ აგრეთვე:

ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო ნაშრომები ნაწ.I

ექვთიმე თაყაიშვილის “პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები და ოცი ქართული საიდუმლო დამწერლობა ნიშანი”

ექვთიმე თაყაიშვილი “ვაჩეძორი” (არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა – ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს)

 

 

3 Responses to “• თაყაიშვილი- ემიგრანტული ნაშრომები”

  1. ამ წიგნის II ტომის ელექტრონულ ვერსიას ვერ ვპოულობ და შეგიძლიათ დამეხმაროთ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: