IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• კანცლერ-კანცელარისტებს

 

ეს ჩვენი საპასუხო წერილი, რომელიც იყო გამოწვეული ცილისმწამებლური, არაკომპენტენტური  წერილების დაბეჭვდით (ავტორი ბ. ამაშუკელი) ”საერთო გაზეთში”  რედაქტორს – ვ. ხარჩილავას მივაწოდეთ თვეზე  მეტია.  ჩვენი მამხილებელი წერილი რედაქტორმა, რომელიც გრანტებს დემოკრატის ნიღბით ღებულობს აშშ საელჩოდან, არ დაბეჭდა, დაარღვია პრესის კანონი და ჟურნალისტიკის ყველა ფუძემდებლური პრინციპი, მოქმედებს ორმაგი სტანდარტებით და გაზეთი გადააქცია ერთი კლანის ანგარიშსწორების ტრიბუნად.

თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობა

 

ნიკოლოზ მუხრან-ბატონის ოჯახი 1850წ. 

 

***

 

”გული გონიერი და ხედვა სულიერი . . .”

(კანცლერ-კანცელარისტების გუნდური ცილისწამების შესახებ)

 

2011წ. 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების საუფლო დღესასწაულის ჟამს, დავით და ანა ბაგრატიონებს შეეძინათ  შვილი ესპანეთში – გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი. ბაგრატიონთა დინასტიის ორი შტოს გაერთიანებამ დიდად გაახარა სამღვდელოება, საქართველოს თავად-აზნაურობა, მორწმუნე მრევლი, მონარქისტები . . .

29 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში ”საქინფორმ”-ის მიერ გავრცელდა ”სამეფო კარის კანცელარიის განცხადება”, რომელმაც  ქორწინებების, სიძეების, შვილების, მამების, ბაბუების ისტორიების, ”უფლებების” თუ ”უუფლებობის” ჩამოთვლით, ამბიციურობით, ისტორიული ფაქტების აღრევით, მრავალი მეცნიერის, მოძღვრის, ბაგრატიონის, მონარქისტული იდეის მიმდევართა აღშფოთება გამოიწვია. ამ ე.წ. ”სამეფო” აქტს, რომლის დედააზრს ნუგზარ ბაგრატიონის, მისი ქალიშვილის – ანას, შვილიშვილების (გენეტიკურად მალანიების) ”სამეფო” უფლებების დაცვა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ბატონიშვილის, –  კერძოდ, ბაგრატიონ-მუხრანელების ღირსების შელახვას და დაკნინებას –  ზოგადად, წარმოადგენდა. ამ განცხადებას მოჰყვა ტელეკომპანია ”იმედი”-ს მორიგი ”სერიალი” – ”კვირის რეპორტაჟი”  ავანტურული სვლებით, ფარული კამერებით, სიცრუით, გვირგვინის უარყოფით, დინასტიის გაქილიკებით… ახალშობილი გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონის არსებობის მეორე დღიდან ამპარტავნების, მავანთა უღირსი საქციელის მსხვერპლი გახდა. მრავალგვერდიანი ”დოკუმენტი” და მომდევნო ცილისმწამებლური წერილები ამ გაჭირვების ჟამს, როდესაც საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი კვლავ დღის წესრიგშია, როცა დაქუცმაცებულია სამშობლო, გაურკვეველია აფხაზეთის, შიდა ქართლის ბედი, დაცლილია მთიანეთი, მესხეთი, რაჭა, სამეგრელო, გურია . .  როდესაც ”დამარხულია ენაი ქართული” და უძველესი ”კავკასიური რასა” დევნილია საკუთარ ქვეყანაში, კანცლერ-კანცელარისტების ენერგია მიმართულია ერთი ადამიანის სადიდებლად, მტკიცებას, რომ ”მხოლოდ მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი ნუგზარის, როგორც სამეფო კარის მეთაურის პრეროგატივაა, სპეციალური დეკრეტით განსაზღვროს თავისი მომავალი მემკვიდრეობითი თანმიმდევრობა”, რომ 200- წლოვანი ანექსიის მიუხედავად, მხოლოდ მას ეკუთვნის საქართველოს სამეფო გვირგვინი, სამეფო კვერთხი და ტახტი . . .რომ ახალშობილის წინდაწინ ”საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ (?!) მოხსენიება არასწორია, რადგან ”სამეფო სახლის” მეთაურობა ეკუთვნის მის სამეფო უმაღლესობას, ბატონიშვილ ნუგზარს, ღვთის ნებით და მემკვიდრეობის უფლებით . . .”

ეს და მრავალი სხვა დეფინიცია  – გამოცხადება ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ტახტის მემკვიდრედ, მოკლებულია რეალობას, აყალბებს ისტორიულ ფაქტებს და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას მომავალში მონარქისტული იდეის ასაღორძინებლად.

”სამეფო კანცელარიის განცხადება”, სამწუხაროდ, თითქმის უცვლელად იმეორებს 2010წ. 18-21 აგვ. #31/42) ”სამეფო სახლის კანცელარიის და ”ბაგრატიონთა სახლის” განცხადების ტექსტს, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ ”ქართულ სიტყვა”-ში. მაშინ ჩვენ შეგნებულად არ ჩავებით პოლემიკაში, დავიცავით ბაგრატიონთა ღირსება, რამეთუ ის პუბლიკაცია წარმოადგენდა ისტორიის გაყალბების კლასიკურ ნიმუშს.მკითხველს რამდენიმე ფაქტს შევახსენებთ. განცხადებაში ეწერა, რომ გიორგი XII საქართველოს უკანასკნელ მეფედ სახელდება. სინამდვილეში გიორგი XII ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე იყო. სიცრუეა, რომ ერთიანი საქართველო ქართლ-კახეთ-იმერეთად დაიშალა. ”საქართველო განიყო და სამ სამეფოდ განსქდა: ქართლად, კახეთად, იმერეთად და აგრეთვე ხუთ სამთავროდ, ე.ი.: საათაბაგოდ, სადადიანოდ, საგურიელოდ და სააფხაზოდ, სასვანეთოდ (ქ.ს.ძ. II გვ. 537).

ისტორიული სიმართლის გაყალბებაა თითქოს ”ივერიელთა ტრაქტატის” თანახმად ერეკლე II აღიარებული იყო სრულიად საქართველოს სუვერენად.(რასაც თითქოს ხელს აწერენ იმერეთის მეფე სოლომონ II, დადიანი და გურიელი . . . ,”ტრაქტატით ნამდვილად მხოლოდ ის დასტურდებოდა, რომ ერეკლე II იყო პირველი პოლიტიკოსი ტრაქტატში ჩამოთვლილი სამეფო-სამთავროების სუვერენთა შორის, ანუ პირველი თანასწორთა შორის.გიორგი XII მემკვიდრეობით ქართლ-კახეთის მეფობა მიიღო და არა საქართველოს მეფობა. ამრიგად, კვლავ, უხეშად გაყალბებულია საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი წყაროს ”ერთობის ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართა”- სრულიად სარწმუნო ცნობები,  დამახინჯებულია ქართველი ერის ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხი.

ქართველი ერის ისტორიის დამახინჯებაა ფრაზა:  ”ერთიანი საქართველოს ტახტის აღდგენას . . . აგვირგვინებს ერეკლე II. ისტორიულ სინამდვილეში ერეკლე II ქართლ-კახეთის სამეფოები გააერთიანა და, საუბედუროდ, ვერ შეძლო ერთიანი საქართველოს ტახტის აღდგენა.

ნუგზარ ბაგრატიონის ”კანცელარისტები” ცრუობენ, როცა ამტკიცებენ, რომ 1801წ. რუსეთის იმპერატორი ძალადობრივად ”აუქმებს მონარქიას”. საქართველოს  მტერმა – რუსეთის იმპერიამ ზედიზედ გააუქმა ჯერ ქართლ-კახეთის (1801წ.) , მერე იმერეთის (1810წ.) სამეფოები, შემდგომში კი ყველა ქართული სამთავრო. ასე მოისპო ქართული სახელმწიფოებრიობა, ქართული მონარქია, ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. იმპერია  ფიზიკურად გაუსწორდა ევროპაში უძველეს დინასტიას ან გადაასახლა რუსეთში დიდგვაროვნებთან ერთად, გააუქმა ტრადიციული წოდებრივი გრადაცია და დაამკვიდრა ბაგრატიონ-გრუზინსკები, ბაგრატიონ-იმერეტინსკები, ბაგრატიონ-მუხრანსკები შუღლის, ქიშპობის და უთანხმოების გასაღვივებლად. ბაგრატიონ-გრუზინსკი  – ”საქართველოს”, ”ოფ გეორგიას” სინონიმი როდია, არამედ ქართლის, კახეთის ბაგრატიონს ნიშნავს. ისტორიულად ქართლს ყოველთვის ქვეყნის ღერძის, იდეოლოგიური ცენტრის ფუნქცია ენიჭებოდა და მეტიც,  ქართველი ქართლელსაც აღნიშნავდა, ხოლო საქართველოს ქართლსაც უწოდებდნენ.

ორივე განცხადებაში ავტორი (ან ავტორთა ჯგუფი) ცდილობს ნუგზარ ბაგრატიონის ქალიშვილების და შვილიშვილების (მალანიების) პრიორიტეტი დაამტკიცონ სხვა ბაგრატიონებთან დაკავშირებით, უმისამართოდ ასახელებენ ცრუმონარქისტებს, ”დესტრუქციულ ძალებს”, სხვათა დაკნინების ფონზე საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას ცდილობენ. ვფიქრობთ, ისტორიული რეალიების არცოდნა ეთიკურ-ზნეობრივი ნორმების დარღვევა, კანცელარისტების სიბრძნის ნაკლებობა აზიანებს პირველ რიგში ”ბაგრატიონთა” სახლს, რომელსაც დააკლდნენ ქართლის და იმერეთის ბაგრატიონები, მრავალი თავადთა გვარი, ისტორიულად ცნობილი საზოგადო მოღვაწენი ბაგრატიონებთან დაკავშირებულნი.

 

 

ბატონო რედაქტორო! თქვენი გაზეთის ერთ-ერთ ნომერში ”რედაქტორის სვეტში” თქვენ სამართლიანად ბრძანებთ, რომ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა დაინერგოს ”მორალურ-ზნეობრივი ნორმებისადმი პატივისცემა, წესიერება, გულწრფელობა, უანგარობა, ღირსების გრძნობა . . . ყოველთვის ვიზიარებდით და ვიზიარებთ ამ ჭეშმარიტებას. ეს ქრისტიანულ-ეთიკური პოსტულატები აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ამიტომ გეკითხებით: რატომ დაუშვით, რითი ამართლებთ  ღირსეული მოქალაქის ია ბაგრატიონ-მუხრანელის შეურაცხყოფას ბაია ამაშუკელის მრავალგვერდიან ცილისმწამებლურ წერილში, რომელშიც კვლავ არეულია, გაყალბებულია, ისტორიულ სიმართლეს მოკლებულია მრავალი ფაქტი. წერილი კლასიკური ნიმუშია გაბოროტებული ადამიანის სულისკვეთებისა, რომელიც დაკვეთას ასრულებს და ერთი კლანის პოზიციას იცავს, ავტორმა არარსებულ ტახტზე ნუგზარ ბაგრატიონი ”აიყვანა”, ”დაამტკიცა” მცდარი გენეალოგიური ნუსხები მეფეთა, ახლადშექმნილი პორტრეტებით, რომანოვების ტახტს და რუსეთის პოლიტიკოსებსაც შეეხო … ყველაზე სავალალოა ისტორიული ფაქტების არცოდნის, მათი სუბიექტური ინტერპრეტაციის ფონზე  ”თხზულების” მიუღებელი ზნეობრივი დატვირთვა, რამეთუ ავტორი  არღვევს ჟურნალიზმის ძირითად პრინციპებს. ია ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომლის მრავალი ნათესავი დახვრიტეს 200-წლოვანი პატიმრობის პერიოდში რუსეთის იმპერიასა და ბოლშევიკურ სოცილისტურ საკონცენტრაციო ბანაკში, ღირსეულად  გაიარა ყველა საფეხური ჟურნალისტიკაში,  მისი წერილები დავით-გარეჯის, გელათის ფრესკების, მუხრანის, შროშის ოსტატების, სამხატვრო აკადემიის, ქართული კულტურის მოღვაწეების შესახებ , წიგნები იბეჭდებოდა და იბეჭდება, ქართულ, რუსულ, ამერიკულ, გერმანულ პრესაში . ის დღენიადაგ იცავდა და იცავს ხალხის ინტერესებს, ჭეშმარიტებას …

1989წ. 9 აპრილის შემდეგ ია ბაგრატიონ-მუხრანელი იყო პირველი ჟურნალისტი, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა საკავშირო გაზეთი ”კულტურა” და კალმით აგრძელებდა ბრძოლას იმპერიასთან. მან, კოლეგებთან ერთად 1990წ. 23 ნოემბერს ”გიორგობაზე” დააარსა თავად-აზნაურთა საკრებულო, ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი, მონარქისტული მოძრაობა ”სამეფო გვირგვინი” . . .  დაამკვიდრა მრავალი საჯარო გამოსვლის შედეგად ისტორიული ფაქტი და ფრაზა, ამჟამად შესული უახლესი ისტორიის ყველა სახელმძღვანელოში:    ”1991წ. 22 დეკემბერს რუსეთის იმპერიამ მოახდინა საქართველოს III ანექსია-ოკუპაცია კრემლიის ემისარის ე. შევარდნაძის, ქართულ პარტოკრატიის და წითელი ინტელიგენციის მეშვეობით.” ის ებრძოდა  ფარისევლებს, საქართველოს მტრებს მოსკოვსა და პეტერბურში, გადააქცია გაზეთი ”სვობოდნაია გრუზია” ეროვნულობის, პროფესიონალიზმის ტრიბუნად, პირველად საქართველოში გახსნა არაქართველებისთვის ქართული ენის, ისტორიის, კულტურის შემსწავლელი უფასო კურსები. იგი მთელი ენერგიით იბრძოდა, ქართული მონარქიზმის უნიკალური გამოცდილების პროპაგანდისათვის,  კონტაქტები დაამყარა მსოფლიოს სამეფო კარებთან.

1993 წლის შემდეგ, თავად-აზნაურთა საკრებულოს პირველმა წინამძღოლმა ბატონმა ედიშერ ბაგრატიონმა და  ქალბატონმა ნინო ბაგრატიონმა მას სთხოვეს ”ბაგრატიონთა სახლის” წესდების მომზადება. მის მიერ მომზადებული  წესდებიდან დამფუძნებელ კრებაზე ამოღებული იყო მნიშვნელოვანი აბზაცები ბაგრატიონთა დინასტიის თავისებურებანზე, დინასტიის აღზევების მნიშვნელობაზე, ქართული მონარქიზმის როლზე ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში  და ა.შ.   ია ბაგრატიონ-მუხრანელმა დატოვა ახლად შექმნილი ”სახლი” მიხეილ ბაგრატიონთან, რუსუდან ბაგრატიონთან, სანდრო  ბაგრატიონთან , ირაკლი ბაგრატიონთან და მრავალ სხვა ბაგრატიონთან ერთად და საქმიანობას აგრძელებდა უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით თავად-აზნაურთა საკრებულოში, ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმში, პრესაში …

ჩვენ არ ვაპირებთ სასამართლოში ჩივილს ან კამათის გაგრძელებას ცილისწამების გამო,  ქ-ნ ბ. ამაშუკელთან, უბრალოდ ავტორის უმეცრებას ვამტკიცებთ და კვლავ შეგახსენებთ თქვენც და თქვენს მკითხველს რამდენიმე ცნობილ ისტორიულ ფაქტს ქართლის, ბაგრატიონ-მუხრანელების შესახებ გაყალბებულს როგორც წერილებში, აგრეთვე კანცელარისტების ჯგუფურ თხზულებებში. მეფე კონსტანტინე  II-ის უფროსმა შვილმა – დავით X შექმნა ქართლის I სამეფო სახლი. უმცროსმა შვილმა – ბაგრატმა, ბერობაში ბარნაბემ, 1510წ. საუფლისწულოდ მიიღო და დაარსა სამუხრანთბატონო. 1658წ. ვახტანგ V აარსებს მეორე სამეფო სახლს. ვახტანგ V შთამომავლები ქართლის სამეფო სახლისა იყვნენ ბაგრატიონ-მუხრანელები, რომლებიც გაუზარდეს ერს მრავალი ღირსეული მამულიშვილი, წმინდანი, მხედართმთავარი: ქეთევან წამებული, ვახტანგ VI, ვახუშტი ბატონიშვილი, პეტრე ბაგრატიონი . . .

მუხრანის ბაგრატიონები ტახტის გაუქმების შემდეგ უფლებამოსილნი იყვნენ  ეტარებინათ ”პრინცის” წოდება,”Дворянские роды россииской империи”. III ტ. გვ. 60, ”მუხრან-ბატონები და მათი სამეფო უდიდებულესობები:თავადები ბაგრატიონ მუხრანსკები-გრუზინსკები (გვ.53) First Royal House of Georgia (of Kartli) Second Royal House of Georgia (of Mukhrani) Almanach de Gotha. 1927.

ბატონიშვილის ხარისხში მხოლოდ მოქმედი მეფის უფროსი ვაჟიშვილი იყო აყვანილი. ეს ანბანური ჭეშმარიტება უნდა სცოდნოდათ ”კანცელარისტებს”. რაც შეეხება ია ბაგრატიონ-მუხრანელის წარმომავლობას – ჩახედეთ თუნდაც ”ბაგრატიონთა სახლის” მიერ 2003წ. გია ჯოხთაბერიძის ფინანსებით დაბეჭდილ წიგნს  ”ბაგრატიონები” რომელშიც ნახავთ ია და ირინე ბაგრატიონ-მუხრანელების, ლეონიდე დავითის-ძეს ასულების, გენეალოგიას, იქ ვერც ”გალუშკოს”, ვერც ”გრეჩკოს”, ვერც სხვა არაქართულ გვარს ვერ ამოიკითხავთ. იას პაპის – დავით ბაგრატიონის მეუღლის, შვედი ადმირალის  თეოდორე ენეგელმის – ეკატერინეს გარდა . გენეალოგია შედგენილია ი. ჩიქოვანის მიერ. ლეონიდე ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე (II ქორწინებით იყო გალინა ლიაშენკო, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონია ქ-ნ იასთან.)

 

 

 

 

და ბოლოს, თავად-აზნაურთა საკრებულოს 20 წლის მანძილზე არც პოლიტიკური, არც მერკანტილური ინტერესების გამო არ შეუცვლია ეროვნული მრწამსი, შანტაჟის, ზეწოლის, დევნის პირობებში, იატაკქვეშეთში გამოვუშვით წიგნი: ” მე – ვადანაშაულებ” , რომელიც ასახავდა საქართველოს ყველაზე ტრაგიკულ პერიოდს (1991-1992წ.წ.), ეროვნული გმირების თავდადებას და თავგანწირვას, ხმალამოღებული ვებრძოდით შევარდნაძის რეჟიმს და მის შეგირდებს,  ყველა ფარულ თუ აშკარა მცდელობას ქართველი ერის , მართლმადიდებლური ეკლესიის, პატრიარქის, ქართული ენის, გვარების, ძეგლების, კულტურის დასაცავად. უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II კურთხევით მრავალი მონარქისტული რესპუბლიკური თუ საერთაშორისო კონფერენცია, კოლოქვიუმი, შეხვედრა, გამოფენა ჩავატარეთ, გამოუშვით უნიკალური ბუკლეტები ”გზა მონარქიისაკენ”, წიგნები: ”საქართველოს თავად-აზნაურობა”, ”პირიქითა საქართველო”, ”თამარ მეფე”, ალმანახი ”სამეფო გვირგვინი”, დავაარსეთ მონარქისტული მოძრაობა ”სამეფო გვირგვინი” . . .  მიწვეულნი ვიყავით საზღვარგარეთ . . .   ეკლიან გზაზე ტაძრისაკენ ჩვენ ვერ შევეგუებით ცილისწამებას და პროვოკაციებს, ისტორიული ფაქტების გაყალბებას ჯგუფური ინტერესების გამო, ვერ დავუშვებთ ზნეობრივი პოსტულატების უარყოფას.

მეფე – სახეა ქრისტესი. ის არც ინიშნება, არც კანცელარიებში იქმნება. ღვთივკურთხეული მონარქი ბაგრატიონთა დინასტიიდან ლეგიტიმაციას ვერც აშშ-დან, ვერც მოსკოვის მუზუმიდან ვერ აიღებს. ის – აუცილებლად გამოავლენს ღვთის ნებას ”იბერიის გაბრწყინების” ჟამს. უწმინდესი და უნეტარესი – სულიერი მეფეა ქვეყნისა. კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსი მცველია ქრისტეს, ღვთისმშობლის კვართისა. ჩვენი საერთო აზრით, რომელიც საჯაროდ გამოვთქვით კონფერენციაზე საპატრიარქოში, სულიერმა მეფემ ერისა ანუ რეგენტმა, გარდამავალ პერიოდში, უმეფობის ჟამს, უნდა   შექმნას საქართველოს სამეფო კარი, რომელშიც ყველა ბაგრატიონი, მთავართა, თავადთა, აზნაურთა, გულანთებულ მამულიშვილთა გვარები, სამღვდელოების წარმომადგენლები გაერთიანდებიან. ეკლესიამ უნდა იტვირთოს კიდევ ერთი მძიმე ჯვარი ქვეყნისა და ერის გადასარჩენად, ახალშობილი გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონის დასაცავად.

გთხოვთ, კიდევ ერთელ მოუსმინეთ ჩვენს პატრიარქს, რომელიც ლოცულობს ჩვენზე, ევედრება ღვთისმშობელს, რათა ამოკვეთოს ჩვენში ბილწი საქმეები, ”მოგვცეს გული გონიერი და ხედვა  სულიერი”.

”თქვენ გახსოვთ 1801 წელს შეწყდა ბაგრატიონთა დინასტიის მეფობა საქართველოში და აქედან მოყოლებული ქართველი ხალხის ოცნება იყო აღედგინა ეს უძველესი, ღვთივკურთხეული  დინასტია. დღეს ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთი გამოთქვამს იმ აზრს, რომ საქართველოში უნდა დამყარდეს კონსტიტუციური მონარქია, განგიმარტავთ, თუ რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს, მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა; და შეიძლება მომავალში ქართველმა ხალხმა ამის შესახებაც იფიქროს.

როდესაც კონსტიტუციურ მონარქიაზე ვსაუბრობთ, მსგავსი ქვეყნების მაგალითებზე ვხედავთ, რომ მათ სტაბილური სახელმწიფოები აქვთ. მაგალითისათვის, გავიხსენოთ, თუნდაც, დიდი ბრიტანეთი ან ესპანეთი. კონსტიტუციური მონარქიის პირობებში, თუკი ქვეყანაში კრიტიკული ვითარება შეიქმნა, მეფე ძალაუფლებას თავის ხელში იღებს და ქვეყანაში მშვიდობასა ამყარებს, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ესპანეთში, როცა პარლამენტში შეთქმულება მოხდა – მეფემ ისარგებლა თავისი ძალაუფლებით და ქვეყანა დაამშვიდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ ახალ წყობაზე საუბარი არ არის მარტივი საქმე. ქართველი ხალხი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ეს წყობა მიიღოს , შესაბამისად ბაგრატიონთაგან უნდა იყოს გამორჩეული სამეფო კანდიდატი. შეიძლება იგი საგანგებოდაც აღვზარდოთ. ასე იყო უწინ, ბავშვობიდან იზრდებოდა და ტახტისათვის საგანგებოდ მზადდებოდა ის ადამიანი, რომელიც შემდეგ მეფედ უნდა კურთხეულიყო …”

და კიდევ ერთი დოკუმენტი …

”უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს                                  

უწმინდესო და უნეტარესო, გვაკურთხეთ!

ჩვენ, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს, შთამომავალნი სამთავრო და სათავადო სახლების, მონარქისტული მოძრაობა ”სამეფო გვრგვინი”-ს, ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავდ-აზნაურთა ლიცეუმის წევრები დიდი რწმენით, სასოებით და იმედით ვეცნობით ყველა თქვენს ქადაგებას თუ ეპისტოლეს. ძალიან მნიშვნელოვანი, ზუსტი და ტევადი იყო თქვენი შემაჯამებელი გამოსვლა კონფერენციაზე:”ბაგრატიონი იცნობის …”  თქვენს რეზიდენციაში, სვეტიცხოველში, 2007 წლის 27 ივლისს.

თქვენი სიტყვები: ” ბაგრატიონთა გვარი იყო და არის კლდე, რომელსაც ეყრდნობოდა ჩვენი წარსული და რომელსაც უნდა დაეყრდნოს ჩვენი მომავალი … მაცხოვარმა პეტრეს უწოდა კლდე და ამიტომ მინდა სწორედ პეტრე მოციქულის ვერცხლის ხატი მოგართვათ,  (გადაეცა ი. ბაგრატიონ-მუხრანელს)… მომავალი ღვთის ხელშია და მე იმედი მაქვს, რომ ბაგრატიონთა გვარი კვლავ იმეფებს საქართველოში”, – ყველამ დიდი სიხარულითა და იმედით მიიღო. ჩვენ დავიწყეთ მონარქისტული კონცფციის დახვეწა-გამდიდრება, რომელიც 1990 წელს ჩამოყალიბდა”…

თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობის წევრები, ვფიქრობთ, რომ რთული განსაცდელის ჟამს უნდა:

I.          მოისპოს ყოველგვარი ქიშპობა ბაგრატიონებს შორის, კონიუქტურა და სიყალბე, საკუთარი კეთილდღეობის დასამკვიდრებლად, წოდებების, ორდენების, რეგალიების დარიგება, პატრიარქის აუგად ხსენება, ცილისმწამებლური პროვოკაციების მოწყობა …

II.        უნდა შეიქმნას და ჩამოყალიბდეს ერთიანი საქართველოს სამეფო კარი უწმინდესისა და უნეტარესის ხელმძღვანელობით, რომელიც გააერთიანებს ყველა გვარის წარმომადგენელს, გულანთებულ პატრიოტებს, გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონის ირგვლივ.

III.       აგრეთვე, მოვითხოვთ ყველა ბაგრატიონის, მათი შვილების დნმ-ის შემოწმებას, ქრისტიანულ-ეროვნული მრწამსის გაძლიერებას, ქედმაღლობის, ამბიციურობის უკუგდებას, ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვების გათავისებას: ” … ბაგრატიონნი იცნობის: მხნეობით, სიბრძნე-ქველობით ერისადმი თავდადებულობით . . .”

მეფობა რთული ხვედრია, მძიმე ჯვარია, ღვთივკურთხეული მეფის გამოჩენა – საკრალური მოვლენა იქნება.

მეფობის, სამეფო კარის დაარსების საკითხი XXI ს. გადასახედიდან უზომო ენერგიას, ცოდნას, ძლიერ და უდრეკ ეროვნულ პოზიციას გულისხმობს. ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ერის სულიერ მამას ძალუძს…

თავად-აზნაურთა საკრებულოს სტუმრები უცხოეთიდან – ნიკო დადიანი, რუსუდან ამირეჯიბი, ნანა ყიფიანი, მამა არჩილი …  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან უწმინდესთან და უნეტარესთან ილია II-სთან.

 

რუსუდან ბაგრატიონი, მიხეილ ბაგრატიონი, სანდრო ბაგრატიონი, ირაკლი ბაგრატიონი, ნანა ბაგრატიონი ჟურნალისტი ქეთი ამირეჯიბი, პედაგოგი ნიკოლოზ ამირეჯიბი, აკადემიკოსი თეიმურაზ ანდრონიკაშვილი, პროფესორი ოთარ ჟორდანია,  პროფესორი მედეა აბაშიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი  ზურაბ რატიანი, პროფესორი შოთა  ჩხეიძე, სტიქაროსანი, ბიზნესმენი შოთა ზედგენიძე, გამგეობის თავმჯდომარე ვაჟა აბაშიძე, მერაბ ლორთქიფანიძე, გივი ნიჟარაძე, გიორგი ჯაყელი, რიჩარდ ნიჟარაძე, პროფესორი მანანა ტაბიძე, დოქტორი ელენე აბაშიძე, პროფესორი ვაჟა აბაკელია, დეკანოზი იასე წერეთელი, თავად-აზნაურთა საკრებულოს ადამიანის უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელი, პოფესორი ეთერ მგალობლიშვილი, მხატვარი ზვიად ჯაფარიძე, პედაგოგი ზაზა ჩიქოვანი, სამართლიანობის აღდგენისათვის მებრძოლთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს ”გვარიშვილობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ბაბუნაშვილი, ”ამერიკის ხმის” კორესპონდენტი ელენე ბარათაშვილი და მრავალი სხვა . . .

 

 

 

5 Responses to “• კანცლერ-კანცელარისტებს”

  1. jaba melkadze said

    ეს მყრალი და გაბერწებული ბაგრატიონები როდის უნდა მოგვწყდნენ თავიდან? კაცს ქვეყნის პრინცად ასაღებდნენ და ტურმე შორენა ბეგაშვილის სარეცელს თელავდა! აი ეგენი რომ მოვლენ(თუ მოვლენ) მიშას “ბუჩქებში გადასვლა” მონაგონი იქნება! ჩვენმა “დიდმა ერეკლემ” არ აქცია ქართველობა ეროვნულ უმცირესობაში ქართლ-კახეთში? ასახლებდა რა აქ ყველა ძაღლსა და ღორს: ყარაბახიდან დევნილ სომხობას, თურქეთიდან მომავალ აისორებს, ბორჩალოელ თურქომან ქეთხუდებს, ალან-ოსებს…. გრიგორანული სარწმუნოებაც თურმე ძალზე ეფონებოდა გულს “ბრძენ მეფეს”, “კავკასიის რისხვას”, რომელსაც თავის ქართლ-კახეთში 3000 მებრძოლიც კი არ მოუგროვდა მაჰმად ხანთან! მაგან არ თქვა უარი საქარტველოს გაერტიანებაზე? ხოდა მაგის მოდგმა რაღას გვიზავს!

  2. გოჩა said

    სხვათა შორის წმინდა მეფე დავით აღმაშენებელიც ბაგრატიონი იყო და წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულიც. სამეფო ოჯახზე ასეთი ღვარძლი რომ გადმომგდის, ეს დიდი ცოდვაა. ოჯახის ერთეული წარმომადგენლებით მთელ სახელოვან უძველეს სამეფო გვარს ნუ აქილიკებ და აძაგებ, თორემ ღმერთი დაგსჯის ან უკვე გსჯის კიდეც! ისტორიას რომ აყალბებ, სწორედ იმ უმციროსაბასავით იქცევი. ორჯონიკიძეების, მახარაძეებისა და ჟორდანიების ნაშიერები რომ ჯერ კიდევ ასე აყრანტალებენ ენას და ასე წამლავენ ქართულ მიწას და გარემოს, იმიტომ უჭირს ქვეყანას. თუმცა, ადრე თუ გვიან საქართველო გაიმარჯვებს და გაბრწყინდება. ოღონდ, თქვენნაირები ასეთ ბედნიერებას ვერ დაინახავენ და ვერც იგრძნობენ, ცოდოები ხართ…

  3. ეეეეეეეეეე შე გეუნათლებელო აქ აგარ მინდა ვტქვა (Reply) ან ისტორიას გადახედე ან მიაყეეეე ერტი ადგილი

  4. გაუმარჯოს მომავალ მეფეს

  5. xmali da fari said

    ია “მუხრანელი” ისეთი ბაგრატიონია, როგორც მე იური გაგარინი. ასეთი შეგზავნილი ქალბატონები ანგრევენ მამულიშვილურ იდეას!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: