IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

•გაჩუქებული ტერიტორიები

 

საშვილიშვილო ღალატი: კომუნისტების მიერ გაჩუქებული ქართული ტერიტორიები – სერგო ორჯონიკიძე: “თუ არ გაჩუმდებით, სომხეთის საზღვარს ავლაბარში გადმოვიტან!”

 

საქართველოს ტერიტორიების გაჩუქება დღესაც გრძელდება. ამიტომ აღარავის სცალია გაიხსენოს, როგორ მოღალატურად გაასაჩუქრეს ძირძველი ქართული მიწები ქართველმა კომუნისტებმა. ისტორიული წყაროები ადასტურებენ, რომ ეს მიწები საქართველოს მეზობელ ქვეყნებს: თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს იოსებ სტალინმა, სერგო ორჯონიკიძემ და ფილიპე მახარაძემ დაურიგეს. როგორც რეზო თაბუკაშვილი აღნიშნავდა, მართლაც, “მეზობელი აღარ დაგვრჩა, ჩვენი მიწა რომ არ რგებოდა”.

 მას შემდეგ, რაც საქართველომ ეროვნული სახელმწიფოებრიობა დაკარგა (1801 წელს), მისი ისტორიული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი XIX საუკუნის 70-იანი წლებისათვის საბოლოოდ შეიერთა რუსეთის იმპერიამ. 1918 წელს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ქვეყნის ყველა ისტორიული მიწა-წყალი რესპუბლიკის ფარგლებში ვერ მოექცა. მაგალითად, საქართველოს ფარგლებს გარეთ დარჩა ისტორიული სანიგეთის (გვიანდელი ჯიქეთი) ტერიტორია ქალაქებით – სოჭი და ნიკოფსია (ტუაფსე). თურქეთის იმპერიამ ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილი მიიტაცა. ქვემო ქართლში სომხეთ-საქართველოს შორის კი ე. წ. “ლორეს ნეიტრალური ზონა” ჩამოყალიბდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ შეიერთა წითელ ხიდსა და შამქორის რაიონს შორის მდებარე ისტორიული გარდაბნის ტერიტორია. ცენტრალურ კავკასიაში მდებარე ისტორიული დვალეთიც, ისტორიულ ჯიქეთ-სანიგეთთან ერთად, სამოქალაქო ომში გახვეულ რუსეთს დარჩა.

 თუმცა გარკვეული კორექტივების შეტანას საზღვრების ფორმირებაში იმდროინდელი ნოე ჟორდანიას მთავრობა მაინც შეეცადა. მაგალითად, როდესაც 1918 წლის ივნისში აფხაზეთში რუსული ჯარები შეიჭრა, მტრის დამარცხების შემდეგ, გამარჯვებულმა საქართველომ ჩრდილო-დასავლეთის საზღვრები გაგრიდან სოჭის ოლქამდე გადაიტანა. მართალია, 1919 წლის თებერვალში საქართველომ სოჭი და გაგრა დენიკინთან შეტაკებაში კვლავ დაკარგა, მაგრამ საბჭოთა რუსეთისა და  რესპუბლიკის საზღვარი 1920 წლის 7 მაისის შეთანხმებით, საბოლოოდ მდინარე ფსოუზე განისაზღვრა.

 ერთგვარ სასაზღვრო ცვლილებებს ითვალისწინებდა ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის ჯარების შეჭრაც, რომელიც სამცხე-ჯავახეთში თურქოფილური ძალების ამბოხებამ გამოიწვია. ოპერაცია 1919 წლის იანვარში დაიწყო და აპრილის მიწურულს დასრულდა. შედეგად მთელი შავშეთი, კლარჯეთი, არტაანი და ართვინი ქართველთა ხელში გადავიდა. თუმცა 1918 წლის მარტში ბრესტ-ლიტოვსკის ზავით დაკარგული ილთისი და კოდა საქართველოს მთავრობამ მაინც ვერ დაიბრუნა.

 ამ მხრივ სახარბიელო ვითარება არც საინგილოში აღმოჩნდა. ფორმალურად იგი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა, როცა 1921 წლის დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციით ავტონომიური სტატუსით საქართველოს კუთვნილებად გამოცხადდა. ჟორდანიას მთავრობა ისე დაემხო, იმდროინდელმა სამხედრო უწყებამ ჯარები აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერ შეიყვანა. თუმცა მაშინდელმა “ერთა ლიგამ” საინგილო ართვინ-არტაანთან ერთად საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარა.

 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში რუსეთის ჯარი შემოვიდა. დამოუკიდებელი საქართველო საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადდა. საგარეო და საშინაო პოლიტიკის მთელი რიგი საკითხები ამ პერიოდიდან მოსკოვის პრეროგატივა გახდა. თუმცა საქართველო ჯერ კიდევ არ იყო ოკუპირებული, როდესაც მოსკოვში 16 თებერვლიდან რუსეთსა და თურქეთს შორის გაიმართა მოლაპარაკებები საქართველოს გაყოფის შესახებ. ხოლო ერთი თვის შემდეგ – 16 მარტს დაიდო კიდეც ხელშეკრულება, რომლის ძალით რუსეთმა საქართველოს კანონიერი მთავრობის დაუკითხავად, ართვინი და არტაანი თურქეთის საკუთრებად აღიარა. ბათუმზე პრეტენზიები კი თვითონ განაცხადა. ლენინის ნათქვამით, აღნიშნული ტარიფებით რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 1/6 ნაწილი დარჩა. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ მოგვიანებით თურქებისგანვე ოკუპირებულ ბათუმზე საბჭოთა რუსეთმა კონტროლი მისგან დამარცხებული  რესპუბლიკის არმიის დახმარებით დაამყარა. გამათავისუფლებულ ქართულ არმიას სარდლობდა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.

 

 რუსეთმა და თურქეთმა ქართული მიწები ერთმანეთში გაინაწილეს

 

კავკასიური საზღვრების საბოლოოდ განსასაზღვრავად, რუსეთსა და თურქეთს შორის დამატებითი მოლაპარაკებები იმავე წლის ოქტომბერ-ნოემბერში ყარსში გაიმართა. საქართველოს მხრიდან მასში ფორმალურად მონაწილეობდნენ საბჭოთა საქართველოს საგარეო საქმეთა და სამხედრო კომისრები (მინისტრები) ალექსანდრე სვანიძე და შალვა ელიავა. რუსული მხრიდან თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელ ქიაზიმ ყარა-ბექირ-ფაშასთან (თურქეთის აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი) მოლაპარაკებებს იაკობ განეცკი წარმართავდა.

 რუსეთ-თურქეთს შორის სასაზღვრო-სამშვიდობო ე.წ. “მეგობრობის ხელშეკრულება” საბოლოოდ ქალაქ ყარსში 13 ოქტომბერს გაფორმდა. ხელშეკრულება შედგებოდა 20 მუხლისა და 4 დამატებისაგან. იგი გაუქმებულად მიიჩნევდა კავკასიის საკითხებზე ადრე არსებულ მთავრობათა ყველა ხელშეკრულებას. ყარსის ხელშეკრულება ფაქტობრივად, მოსკოვის 16 მარტის ხელშეკრულების რატიფიკაცია იყო. სასაზღვრო საკითხებში ის მთლიანად ადასტურებდა 1920 წელს ოსმალეთის დეპუტატთა პალატის მიერ მიღებულ ე. წ. “თურქეთის ეროვნულ პაქტს”, რომლითაც თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვარი იწყებოდა შავ ზღვაზე სოფელ სარფიდან და თურქეთის შემადგენლობაში აქცევდა “ერთა ლიგის” მიერ საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებულ ართვინსა და არტაანს. თავის მხრივ, თურქეთის აღნიშნული პაქტის აღიარებით, რუსული დიპლომატია თავს პარადოქსულ მდგომარეობაში იყენებდა, რადგან 1921 წლის 16 მარტამდე მას 1920 წლის 7 მაისს გაფორმებული ჰქონდა სამშვიდობო ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, სადაც რუსეთმა ართვინი და არტაანი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში აღიარა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, ქალაქ ყარსში მოსკოვის 16 მარტის ხელშეკრულების რატიფიკაცია მაინც მოხდა. შედეგად საქართველომ ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილი სამუდამოდ დაკარგა.

 ყარსის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციამ დასვა საკითხი, რომ თურქეთს საზღვარი შავ ზღვაზე სოფელ სარფიდან სამხრეთით სოფელ ქავთარეთამდე მაინც გადაეტანა. ათათურქის თურქეთი საქართველოს მაშინ ამ მცირე დათმობასაც არ დასთანხმდა.

 

 სტალინისა და ორჯონიკიძის საბოლოო ვერდიქტი

 

 არანაკლებ პრობლემატური აღმოჩნდა საბჭოთა საქართველოს სასაზღვრო გამიჯნვა “მოძმე” სომხეთთან და აზერბაიჯანთან. თუ დამოუკიდებლობის წლებში ამ საკითხს ხშირად იარაღითაც “წყვეტდნენ”, გასაბჭოების შემდეგ მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების საგნად იქცა. “მოძმე რესპუბლიკებს” შორის დაპირისპირება არაერთმა საკითხმა გამოიწვია. მაგალითად, სასაზღვრო-ადმინისტრაციულ გამიჯვნისას ზოგი ისტორიულ პრინციპს ანიჭებდა უპირატესობას, ზოგი – ეთნიკურს. ცხადია, საკითხის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარესაც ანგარიში უნდა გაწეოდა.

 ამ მიზნით რუსეთის კომპარტიის კავბიურომ (კავკასიის ბიურო) შექმნა სპეციალური კომისია, რომლის სხდომები 1921 წლის 25-27 ივნისს თბილისში გაიმართა. კომისიას სათავეში ჩაუდგა 1918-21 წლების საქართველოში რუსეთის ყოფილი ელჩი სერგეი კიროვი. კომისიის პირველივე სხდომაზე სომხურმა დელეგაციამ პრეტენზიები საქართველოს სამი კუთხის: ლორეს, ხრამის აუზისა და ჯავახეთის მიმართ განაცხადა. მათი აზრით, ახალქალაქის მაზრა (ჯავახეთი) სომხეთის შემადგენლობაში უნდა შესულიყო, რადგან მოსახლეობის 72 % სომეხი გახლდათ. მოთხოვნა იმდენად თავხედური იყო, რომ მისი მიღება საქართველოს იმდროინდელმა ზედმეტად ინტერნაციონალისტურმა მესვეურებმაც შეუძლებლად ჩათვალეს. 25 ივნისის სხდომაზე ცხარე კამათი გამოიწვია ე. წ. “ლორეს ნეიტრალური ზონის” საკითხმაც, რომელიც სომხეთ-საქართველოს ომის შესაჩერებლად 1919 წელს ანტანტის სახელმწიფოების ინიციატივით დაარსდა.

 სომხეთის დელეგაციამ მოითხოვა, აღნიშნული ზონაც მთლიანად სომხეთის შემადგენლობაში გადასულიყო. საქართველოს დელეგაციამ კი მხარი დაუჭირა ზონის ორ სექტორად გაყოფას, საიდანაც დასავლეთი სექტორი საქართველოს, აღმოსავლეთი კი სომხეთის შემადგენლობაში გადავიდოდა. სომხეთის დელეგაციამ ამაზე უარი განაცხადა.

 მომდევნო 1921 წლის 26 ივნისის სხდომა ძირითადად საბჭოთა აზერბაიჯანთან სასაზღვრო საკითხთა განსახილველად გაიმართა. დღის წესრიგში უმთავრესად საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ზაქათალის ოლქის (საინგილო) და ყარაიაზის ველის (მტკვრის აღმოსავლეთი სანაპირო) საკითხი დადგა. მართალია, აზერბაიჯანულმა მხარემ ისინი საქართველოს ნაწილად აღიარა, მაგრამ, სამაგიეროდ, ქართული დელეგაცია დათანხმდა აღნიშნულ მხარეებში მცხოვრები აზერბაიჯანელებისადმი ავტონომიური პრივილეგიების მინიჭებას. ამავე დროს მოხდა შეთანხმება სომხურ მხარესთან, “ლორეს ნეიტრალური ზონის” სადავო დასავლეთ სექტორში სტატუსის განსასაზღვრავად რეფერენდუმი გაემართათ. მაგრამ მომდევნო 27 ივნისის სხდომაზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით ისეთი სკანდალი ატყდა, კიროვის კომისიამ პასუხისმგებლობა მოიხსნა და ხელები დაიბანა. საკითხის გადაწყვეტა ერთპიროვნულად დაავალა კავბიუროს. კავბიუროს გადაწყვეტილება კი, რომლის მუშაობაშიც ძირითადი სიტყვა სერგო ორჯონიკიძეს და იოსებ სტალინს ეკუთვნოდათ, საბოლოო გახლდათ.

 და აი, 1921 წლის 7 ივლისს რუსეთის კომუნისტთა კავკასიის ბიუროს სხდომაც გაიმართა. სხდომას სერგო ორჯონიკიძე და იოსებ სტალინი წარმართავდნენ. საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკებიდან მოწვეული იყვნენ საგარეო საქმეთა სახალხო კომისრები: ალექსანდრე სვანიძე და ასქანაზ მრავიანი. კავბიურომ გამოიტანა დადგენილება “ლორეს ნეიტრალური ზონის” სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკისადმი შეერთების შესახებ. რაც შეეხებოდა სომხური მხარის დამატებით პრეტენზიებს ახალქალაქის მაზრისა (ჯავახეთი) და ე. წ. “ხრამის რაიონების” მიმართ, მისი განხილვა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს დაევალა. 1921 წლის 16 ივლისისა და 3 აგვისტოს საქართველოს კომპარტიის დადგენილებით, აღნიშნული რაიონები საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. კავბიურომაც მისი გადასინჯვა საჭიროდ აღარ ჩათვალა. თუმცა ქვემო ქართლის ლორეს ზონის გაჩუქებაში მთავარი დამნაშავეები მაინც ორჯონიკიძე და სტალინი იყვნენ.

 ამიტომ იყო, რომ ასეთი თავხედური ღალატის შემდეგ ქართველი საზოგადოებრიობის რისხვა ორთავეს თავს დაატყდა. მაგრამ “რკინის სერგო” დაიმუქრა, რომ პროტესტის შემთხვევაში სომხეთის საზღვარს საერთოდ ავლაბარში გადმოიტანდა. ხოლო იოსებ ბესარიონის ძემ 1922 წელს თბილისში ჩამოსვლისას თქვა: საქართველოს გადავხნავო.

 საქართველოს ტერიტორიების გასხვისება ამით არ დასრულებულა. 1921 წლის 5 ივლისს, საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციათა კონფერენციაზე გაირკვა, რომ ზაქათალის ოლქი (საინგილო) და მტკვრის აღმოსავლეთი სანაპირო თბილისს ბაქოსათვის უნდა გადაეცა. ქართველთა მხრიდან თავი ამჯერად განსაკუთრებულად საქართველოს რევკომის (მთავრობა) თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ ისახელა. მან თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ნარიმან ნეარიმანოვს ქართული მიწა-წყალი პირადი ხელმოწერით უანდერძა.

 1921 წლის 15 ნოემბერს კი ეს შეთანხმება საბჭოთა საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალმა რევკომის თავმჯდომარეებმა – ბუდუ მდივანმა და მუხტარ გაჯიევმაც დაამტკიცეს. 1921 წლის 6 ნოემბერს ბუდუ მდივანმა სომხეთის რევკომის თავმჯდომარე ალექსანდრე მიასნიკოვთან ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის ძალით საბჭოთა სომხეთს ლორეს მხარეც საბოლოოდ გადაეცა.

 ამრიგად, საბოლოო დაანგარიშებით, მარტო თურქეთს 1921 წელს 12,115 კვ. კილომეტრის ქართული ტერიტორია გადაეცა, რომლის მოსახლეობაც 164 ათასს შეადგენდა. საბჭოთა სომხეთს 3,812 კვ. კილომეტრი; აზერბაიჯანს 3,491 კვ.კმ. ტერიტორია. სულ საქართველოს 1921 წელს რუსი და ქართველი კომუნისტებისაგან 19,491 კვ. კილომეტრი მიწა-წყალი ჩამოეჭრა, რომელიც მთელი საქართველოს 2/3-ს შეადგენდა.

ავტორი: კახა მაისურაძე

 

ახალი ვერსია
2002-10-07

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: