IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• კ. ვეკუა- საქართველო XI-XII

 

კონსტანტინე ვეკუა

“საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარება XI საუკუნესა და XII საუკუნის დასაწყისში”
 

 ათასწლეულები გადის და საქართველო მაინც დგას, როგორც ბერმუხა. ხანგრძლივი იყო მისი წარსული და ხანგრძლივი იქნება მისი მომავალიც. რა თქმა უნდა, იქნება წინააღმდეგობები; ეს წუთისოფლის კანონზომიერებაა, მაგრამ ამ უკანასკნელის გვერდით იმთავითვე არსებობს მარადიული კანონზომიერება, რომელსაც გვერდს ვერცერთი ერი ვერ აუვლის.

“ქართველი ერის ისტორია მისთვის ერის კულტურული დადგინების ისტორიაა. და ეს გააზრებულია არა მხოლოდ კულტურის ისტორიის ასპექტში, არამედ მისი სოციალური განვითარების, მისი სახელმწიფოებრიობის, ამასთანავე პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობათა მიხედვით. მაგრამ მათ შორის თუ მაინც კულტურულ-ისტორიული ასპექტია წამყვანი, ეს იმიტომ, რომ სწორედ ამ მხრივ უფრო ირკვევა, თუ რაა წარსულიდან განვითარებადი და რა მემკვიდრეობაზე უნდა ვამბობდეთ უარს”[1]

პატარაა საქართველო, მაგრამ მას მრავალსაუკუნოვანი და უმდიდრესი მატიანე გააჩნია. ქართველი ერი კი დიდი კულტურის მშობელია. არაერთი უმძიმესი ქარტეხილი დავგატყდა თავს, მაგრამ გამოვაღწიეთ მათ ისევ და ისევ ქართული გენისათვის დამახასიათებელი ნიშის გამო. მრავალი ემსხვერპლა ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენას და აღიგავა პირისაგან მიწისა; ჩვენ კი დღესაც ვარსებობთ და საიდუმლო ამისა წარსულშია მოცემული. აქედან გამომდინარე, ერი, რომელიც მომავლის გამოსაჭედად გარდასულ დღეებს მიმართავს, მუდამჟამს ცოცხლობს და კაცობრიობის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს.

ჩვენი გზა ოდითგანვე ეკლიანი გოლგოთა იყო, უდიდეს კატაკლიზმებში გამოიბრძმედა ქართული სული. ამას, იმ ხანმოკლე პერიოდებმაც შეუწყვეს ხელი, რომელთა განმავლობაში საქართველოს მთელი თავისი პოტენციალის განვითარების შესაძლებლობა. ასეთი ეპოქები თითზე ჩამოსათვლელია ჩვენი სამშობლოს მატიანეში. ამ თვალსაზრისით, მოაქჟამამდე ერთგვარი კულმინაცია იყო “ოქროს ხანა”, რომელსაც თავის მხრივ გააჩნდა წანამძღვრები, არანაკლებ მნიშვნელოვანნი, ვიდრე მეფეების, დავითისა და თამარის ეპოქები.

როგორც ვიცით, VIII-X საუკუნეებში საქართველო დაშლილი იყო სამეფო-სამთავროებად და თითოეული მათგანი იბრძოდა ჰეგემონობისათვის. ამ პერიოდში ადგილი ქონდა ისეთ ძვრებს, რომელნიც განსაზღვრავდნენ ქვეყნის შემდგომ განვითარებას. ამას მოსდევს XI საუკუნე, როცა საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა ჯერ ბიზანტიის იმპერიისა და შემდგომ თურქ-სელჩუკთა უზარმაზარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლამ. თუმც, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ დროს აიგო ბაგრატის ტაძარი, ბედია, სვეტიცხოველი, ალავერდის კათედრალი. ქვეყნის გაერთიანებისადმი დაუოკებელმა სწრაფვამ მაინც თავისი გაიტანა და უკვე XII საუკუნის პირველ მეოთხედში შეიქმნა ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფო. პოლიტიკური კონსოლიდაცია იყო დაგვირგვინება იმ საქმისა, რომელიც თავდაპირველად იდეოლოგიურად დაიწყო. უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეკლესიებში ქართული ენის საბოლოო დამკვიდრებას. ამან შეამზადა ის მყარი ნიადაგი, რომელი განაპირობებდა ქართული სამეფო-სამთავროების იდეოლოგიურ ერთობას. ეს პროცესი ხანგრძილივი აღმოჩნდა და მისი საბოლოო ეტაპი იყო “ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალიმად, სხუად ათინად, ფრიად უაღრესს მისსა საღმრთოთა შინა, წესთა დიაკონად ყოვლისა საეკლესიოსა შუენიერებისად”[2] წოდებული გელათი. ამგვარმა ინტეგრირებამ ეკონომიკური აღმავლობის წინაპირობა შექმნა. ქვეყანა გადადიოდა განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში.

ესაა პერიოდი, როდესაც არაბობა თმობდა თავის უწინდელ პოზოციებს. კვლავ ძლიერდება ბიზანტია და რასაკვირველია, პრეტენზიებს აცხადებს ამიერკავკასიაში ბატონობაზე. “მეორე რომი” თავისი განვითარების მეორე ეტაპზე (VII საუკუნის დასასრული-XII საუკუნე) ძლიერების ზენიტს აღწევს, რაც ბასილ II ბულგართმჟლეტელის მმართველობისას აშკარად გამოიკვეთა. იმპერიაში ხდება სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების გაფართოება; ამან კი მის პოლიტ-ეკონომიკურ დეცენტრალიზაციას შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ პერიოდში გაძლიერდა ბიზანტიის ზეწოლა საქართველოსა და სომხეთზე. ამას საერთაშორისო ვითარებაც უწყობდა ხელს, რომელიც იმპერიისთვის ხელსაყრელი იყო. არაბებს არ ეცალათ კავკასიისათვის. კონსტანტინოპოლმა სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია ახლადგაერთიანებული ქართული სამეფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ამ უკანასკნელის პოზიციები გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ბიზანტია მოელოდა. მის მიზნებს ხელი შეუშალა ახალი ძალის გამოჩენამაც. ეს იყო თურქ-სელჩუკთა სულტანატი, რომელმაც ბერძნები სასტიკად დაამარცხა და წაართვა ტერიტორიები მცირე აზიაში. შედეგად “ძალი ბერძენთაცა შემცირებულ იყო”[3]. საქართველო განმათავისუფლებელ ბრძოლას ეწევა აღმოსავლეთიდან მოსული მტრის წინააღმდეგ. მართალია, იდგა მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი, მაგრამ ის შეძლებისდაგვარად ცდილობდა ბრძოლის პარალელურად ისე მომძლავრებას, რომ უკვე გათავისუფლებულს ერთიანსა და ძლიერს ღირსეული მეტოქეობა გაეწია “ქრისტიანობის ბურჯის”-ბიზანტიისათვის. ნათელი მაგალითი იმისა, რომ ახლადგაერთიანებული საქართველო ტოლს არ დაუდებდა კონსტანტინოპოლს, არის გიორგი I-ის მიერ წარმოებული ბრძოლა მის წინააღმდეგ.

და მაინც, საქართველოს შემდგომ განვითარებაზე არანაკლები გავლენა მოახდინეს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებმა. მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა პროგრესულმა დასმა იოანე მარუშისძს მეთაურობით და მიღწეულ იქნა საერთო-ეროვნული და პოლიტიკური კონსოლიდაცია, ქვეყანა თანდათან უახლოვდებოდა იმ ისტორიულ სინამდვილეს, რომელსაც ჩვენ “ოქროს ხანა”-ს ვუწოდებთ. იდეოლოგიური ერთიანობა ფორმულირებულ იქნა ეთნოტერმინ “საქართველო”-სა და “ქართველში”. შემთხვევითი არაა, როიმ მათი წარმოქმნა დაემთხვა ერთიანი სახელმწიფოს გაჩენის პერიოდს. ამ ფორმულირების გაგრძელება იყო ლეონტი მროველის მიერ მოცემული თარგამოსიანთა სამკვიდროს საზღვრები: “აღმოსავლით ზღუა გურგენისი, დასავლეთით ზღუა პონტოსა და სამხრით ზღუა ფერისა და ჩრდილოთ მთა კავკასია”[4]. ეს კი სავსებით შეესატყვისებოდა იმ საერთოკავკასიურ სახელმწიფოს, რომელიც დავით IV-მ შექმნა და სადაც წამყვან როლს თამაშობდა საქართველო. შაბოლოოდ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი განსაზღვრება-“ნიკოფსიიან დარუბანდამდე” სრულიად იდენტურია ლეონტი მროველის მიერ აღწერილი არეალისა. ეს უკანასკნელი იდეალური ფორმულაა კავკასიისათვის. არსებითი მნიშვნელობა გააჩნია ფორმულაში გადმოცმული ტოპონიმიკის თანმიმდევრობას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ რეგიონის “მზე” იყო, არის და იქნება საქართველო.

ეროვნული თვითშეგნების მაღალ დონეზე მიანიშნებს ისიც, რომ მაშინდელ ქართველობას, კერძოდ, იოვანე მთაწმინდელს (ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი საერო ცხოვრებაში) კარგად ცოდნია რომ “სპანიად” ცხოვრობდნენ “ნათესავნი ქართველნი”.

გრიგოლ ხანძთელიდან მოყოლებული ინტენსიურად შენდებოდნენ ეკლესია-მონასტრები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ (საბერძნეთი, პალესტინა, სირია, მცირე აზია). ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქარტული კულტურის განვითარების საქმეში. შეიქმნა და ითარგმნა არაერთი ბრწყინვალე ნაწარმოები. ამ კულტურის ცენტრებმა უდიდესი საგანმანათლებლო საქმიანობა გააჩაღეს. მათი მეშვეობით საქართველო ითვისებდა მაშინდელი ცივილიზებული სამყაროს საუკეთესო მიღწევებს. ტიტანური შრომა გასწიეს ათონის ივერთა, პეტრიწონისა და პალესტინაში არსებულმა ქართულმა სავანეებმა. შედეგმაც არ დააყოვნა, რაც კარგად გამოჩნდა არა მარტო ხუროთმოძღვრებაში, მწერლობასა და ჭედურ ხელოვნებაში, არამედ ფილოსოფიაშიც. ერის საუკეთესო შვილებმა თავი მოიყარეს დავით აღმაშენებლის ინიციატივით საქართველოში დაარსებულ უმაღლეს სასწავლებლებში. მათ თავიანთი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანეს ეროვნული ცნობიერების გინვითარების საქმეში, რაც თავისთავად ემსახურებოდა ქვეყნის ცენტრალიზაციის ტენდენციებს. ამის ნათელი გამოვლინება იყო დიდი ქართველი ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის მიერ შემუშავებული “ერთის” ცნება, რომელიც აკად. შალვა ნუცუბიძის აზრით, იყო მაშინდელი საქართველოს სინამდვილის ანარეკლი. “საქართველოში ერთმმართველობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხალხთან, რომ მმართველი მეფე საქართელოში იყო პირველი სხვათა მიმართ და არა პირველი თავისთავად, აბსოლუტურად. ასეთივეა პეტრიწის ერთიც, რომელიც ქართული ერთმმართველობის გამოხატულებაა”[5]. “ჭეშმარიტი ფილოსოფოსი”-პეტრიწი სწორედ ამის გამო იდევნებოდა ქართული ფეოდალური არისტოკრატიის რეაქციული ნაწილის მიერ, მაგრამ მას თვითონ დავით აღმასენებელი მფარველობდა. აქედან გამომდინარე, ცხადად ჩანს, თუ რაოდენ ძლიერი იყო დეცენტრალიზაციის მომხრე ძალა ჯერ კიდევ დავით IV-ის მეფობის პირველ ნახევარში. ამვგარი ჯგუფის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს ბაღვაშთა სახლი.

მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ქართული კულტურა აღმავალი გზით ვითარდებოდა. თუ ბიზანტიაში კონსტანტინე მონომახოსის კარზე თავმოყრილმა ინტელექტუალისტთა ჯგუფმა მიქაელ პსელოსის მეთაურობით პროპაგანდა გაუწია იმ დროისათვის შესაძლებელ თავისუფალ აზროვნებას და ჰუმანურობას, თუ იოანე იტალოსი ცდილობდა “თეოლოგიის მხევალის” (ფილოსოფიის) მორიგებას ქრისტიანობის კანონ-დოგმებთან, საქართველოში, გელათის აკადემიაში მოღვაწე პეტრიწი კიდევ უფრო შორს წავიდა. იგი პირიქით, ცდილობდა თეოლოგია შეესაბამებინა ფილოსოფიისათვის. თავის მხრივ, ქართველ მოღვაწეთა ამგვარი საქმიანობა იმის ნიადაგს ქმნიდა, რომ სწორედ საქართველოში გაგრძელებულიყო ევროპულზე ადრინდელი აღმოსავლური რენესანსი.

ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის საჭირო იყო პროფესიონალები, განათლებული ადამიანები. ამიტომაც შეიქმნენ გელათის, იყალთოსა და გრემის აკადემიები. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო გელათის უმაღლესი სასწავლებელი, “მეორე იერუსალიმი, სხუად ათინა, ფრიად უაღრესს მისსა”. მართალია, ამ პერიოდში დომინირებდა კლერიკალური მსოფლმხედველობა, მაგრამ ფეხს იკიდებს რენესანსული აზროვნება. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ზემოთმოყვანილ განმარტებაში დიდი ინფორმაციაა მოცემული. ათინა იყო საერო სიბრძნის სიმბოლო. ასევე, დამაჯერებელია, რომ ის შესაძლოა, იდენტური ყოფილიყო თვით ბერძნული ცნობიერებისა და ამასთანავე, თვით ბიზანტიური ცივილიზაციისა. დავითის მემატიანეს ხაზგასმული აქვს “ფრიად უაღრესს მისსა”, რაც შემთხვევითი ფრაზა არ უნდა იყოს. იგი მეტად მნიშვნელოვან ასპექტზე მიანიშნებს; გელათის სახით მაშინდელი ქართული საზოგადოების პროგრესული დასი არა მარტო უთანაბრებს ბიზანტიურს თავის ეროვნულ კულტურას, არამედ უფრო მაღალ შეფასებას აძლევს მას. გელათის აკადემია იყო როგორც სასულიერო, ასევე საერო სიბრძნის კერა. ამავე დროს, იერუსალიმი ბიბლიური დავითის ქალაქი იყო და ითვლებოდა მეფსალმუნე ხელმწიფის სახლად; დავით IV-სთვის “სხუად ათინა” განასახიერებდა ახალ რომსაც და ელადასაც. თუმც, ინდა აღინიშნოს, რომ ახალი რომი ჩვენ “შვიდმნათობიერი” მეფის, თამარის ეპოქაში გვხვდება შავთელის “აბდულმესიანში”. მოცემული პერიოდისათვის უკვე საცნაურია მოცემული იდეის მომწიფება ქართულ საზოგადოებაში.

არანაკლები მნიშვნელობის მოვლენები ხდებოდა სასულიერო სფეროში. XI საუკუნის დასაწყისში კიდევ ერთხელ ეჭქვეშ დადგა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკიტხი, რასაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის პრესტიჟი ბრწყინვალედ დაიცვა გიორგი მთაწმინდელმა 1057 წელს ანტიოქიის ადგილობრივ მონასტერში პატრიარქ თეოდოსსა და მის გარშემო შემოკრებილ ჯგუფთან დაპირისპირებაში. ამ საკითხის კვლავ წაომჭრის შემთხვევისათვის ეფრემ მცირემ იოანე ქართველთა კათალიკოსის დავალებით შეკრიბა და შეადგინა დოკუმენტურ მასალა.

მალე გიორგი ათონელი საქართველოში ჩამოვიდა ბაგრატ IV-ის თხოვნით. ის იყო უაღრესად განათლებული და პროგრესული პიროვნება. ათონის ივერთა მონასტრის მამამთავარმა ამხილა ქართული ეკლესიის წიაღში ფესვგადგმული ყველა ის მანკიერება, რომელსაც ზიანი მოჰქონდა ერთიანი ქვეყნის შექმნის საქმისათვის. მისი დამსახურებაა, რომ ქართულმა საეკლესიო იერარქიამ დემოკრატიზაცია განიცადა. ამ მოვლენას მანამდე ადგილი ჰქონდა თვითონ ათონის ივერთა სავანეში; მოხდა ერთპიროვნული მმართველობის პრინციპის დაძლევა სამონასტრო ორგანიზაციაში, რაც ასე გავრცელებული იყო საქართველოში. დამკვიდრდა მმართველობის დემოკრატიული წესი. როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, ამან დიდი გავლენა მოახდინა “როგორც პოლიტიკური ბრძოლის მიმდინარეობაზე, ასევე საქართველოს წეს-წყობილებაზე”[6]. ეკლესიაში დეცენტრალიზაციის მომხრე ძალები არა მარტო ბაგრატ IV-ის დროს, არამედ გიორგი II-ისა და დავით IV-ის დროსაც იყვნენ მოკალათებულნი. აღმაშენებელმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მეშვეობით დაამტკიცა და განახორციელა მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებები, რამაც ხელი შეუწყო სასულიერო ორგანიზმის გაჯანსაღებას ცენტრალიზებული ხელისუფლებისათვის არასასურველი ელემენტებისაგან (საამისოდ ბერძნულიდან ქართულზე ითარგმნა “დიდი სჯულის კანონი”). საქართველოს გაძლიერება გავლენას ახდენდა ქვეყნის მმართველთა მისწრაფებებზე. როცა ჩვენს სამშობლოში მომწიფდა ბიზანტიასთან მეტოქეობის იდეა, იმთავითვე შეიქმნა იზოთეოსის (ღვთისსწორობის) თეორია, რომელიც დამყარებული იყო არისტოკრატიის იდეოლოგიაზე. ამ ტენდენციის განვითარების შემდგომ ფაზას წარმოადგენდა მონარქის თეოზისის (გაღმერთების) პრინციპი. ეს უკანასკნელი ტიპიური მოვლენა იყო ბიზანტიურ სინამდვილეში, რასაც პირველ ხანებში ადგილი ჰქონდა საქართველოში, მაგრამ უკვე მკვიდრდებოდა განვითარებული ფეოდალიზმისავთვის დამახასიათებელი ნიში-“მზე “ვარდთა და ნეხვთა” თანასწორად უნდა მოჰფენოდა. აქეთ მოდიოდა ქართული რენესანსის იდეოლოგიური განვითარება”[7], რაც შემთხვევითი მოვლენა არ იყო და სრულ კანონზომიერებას წარმოადგენდა, მაგრამ საქართველოს მეფის ხელისუფლება ბიზანტიის იმპერატორისაგან განსხვავებით შეუზღუდავი ძალაუფლებით არ სარგებლობდა. მართალია, იგი, თავისი ხასიათით თვითმპყრობელური იყო (“ესე რა თუით მპრყობელობით დაიპყრა ერეთი და კახეთი”)[8], თუმც, არ ერეოდა საეკლესიო ცხოვრებაში და ეს მაშინ, როცა ბასილევს-ავტოკრატორს შეეძლო აერჩია პატრიარქი საკუთარი ნებისამებრ. დავითმა პირიქით-“განათავისუფლნა არა მონასტერნი ოდენ და ლავრანი… არამედ ხუცესნიცა სამეფოსა შინა ყოვლისა ჭირისა და ბეგრისაგან, რათა თავისუფალთა საღმრთო მსახურება მიუპყრან”[9]. მიქელ თარხნიშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ მაღალი მდგომარეობისა, რომელიც ქართველ მეფეებს ჰქონდათ რელიგიურ შეგნებაში, ისინი არ გადადიოდნენ საზღვარს, რომლითაც გამიჯნულნი იყვნენ ღვთის მიერ დაწესებული საეკლესიო იერარქიისაგან. ბაგრატოვანთ ეს საკითხი გაცნობიერებული აქვთ და ამის მიხედვით აწესრიგებენ საკუთარი დამოკიდებულებას ეკლესიასთან.

ამავე დროს, უდიდესი დატვირთვა გააჩნია განსაზღვრება-“მესიის მახვილი”. დავუბრუნდეთ ისევ მიქელ თარხნიშვილს: “საქართველოს ქრისტიან ხელმწიფეს სხვა არ უნდა რა გარდა იმისა, რომ არ ჩაერიოს რწმენის სფეროში, ეკლესიასთან ერთად იღვაწოს და იყოს “მესიის მახვილი”. აქ მთელი სიცხადით ჩანს ე.წ. ორი ძალაუფლების მოძღვრება: ესაა მეტად კარგი ფორმულირება, რომლის მსგავსსაც ამაოდ დავუწყებთ ძებნას”[10]. მეფის ხელისუფლება გრძნობდა რა ეპოქის მაჯისცემას, იმასაც კარგად ამჩნევდა, თუ რა ცვლილებები უნდა გაეტარებინა როგორც თავისი ძალაუფლების გაძლიერებისათვის, ასევე ქვეყნის ცენტრალიზაციისა და მისი ერთიანობის განსამტკიცებლად. ხელმწიფე დაეყრდნო წვრილ და საშუალო აზნაურობას და დაიწყო მისი გამდიდრება-დაწინაურება, რათა ამით ანგარიშგასაწევი ალტერნატიული ძალა გაეჩინა ორგულ და მარადმოქიშპე დიდაზნაურთა და დიდებულთა გვერდით. წვრილაზნაურთა დაწინაურების ერთ-ერთი გზა იყო “შეწყალება” (ამიტომაც, მათ “შეწყალებულები” ეწოდებოდათ). თუმც, იყო შემთხვევები, როცა ასეთი გზით აღზევებული მსახურეული ფენა მეფის მოწინააღმდეგეთ უერთდებოდნენ. ჯერ კიდევ ბაგრატ III-მ “განაგნა ყოველნი საქმენი აფხაზეთისანი: ურჩნი თვისნი შეცვალნა დიდებისაგანა და ადგილთა მათთა დაადგინნა ერთგულნი, ფრთხილნი, და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთა”[11]. თვით დავით აღმაშენებლის მემატიანეც აღნიშნავს-“უკუეთუ მეფემან ერთგულნი, ფრთხილნი და ახოვანნი, ნაცვლად ორგულთა, ჯაბანთა და უღირსთა, ადიდნეს, რა უსამართლო ქმნა?” (პარალელები და შესანიშნავი პასუხი XX საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის საქართველოში დატრიალებულ მოვლენებთან დაკავშირებით)[12]. რაც მთავარია, მეფის ამ ღონისძიებებს უცილოდ დადებითი შედეგები მოჰყვა ქვეყნისათვის ე.ი. ამგვარი კურსი სრულიად გამართლებული იყო.

ასევე, სამეფო ხელისუფლების გაძლიერება-განმტკიცების გზაზე უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭებოდა მწიგნობართუხუცესის ინსტიტუტის შემოღებას. “ეს თანამდებობა ჯერ კიდევ X-XI საუკუნეების ძეგლში იხსენიება. სახელდობრ, ღრტილას მომხდარ სამღვდელო კრებასა და პაექრობის აღწერილობაში”[13]. ამავე დროს, იგი იყო “ვაზირთა ყოველთა უპირველესი”, რაც შემთხვევითობას არ წარმოდგენდა; კერძოდ, იოანე მარუშისძის მეთაურობით პროგრესული დასის გამარჯვებამ X საუკუნის მიწურულს განაპირობა ამ ინსტიტუტის გაჩენა და სავსებით ბუნებრივი მოვლენა იყო. უკვე დავით IV-ის მეფობისას ხდება მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობათა შეერთ ბა, რასაც თავისი იდეური მხარე გააჩნდა-ეს ხელს შეუწყობდა არა მარტო ერთიანი ქვეყნის შექმნას, არამედ მის შემდგომ განვითარებასაც. ამ ინსტიტუტს იმდენად დიდი უფლებები მიენიჭა, რომ ზოგჯერ ხელმწიფის მოვალეობასაც ასრულებდა. მაგ: მეფის არყოფნისას “სააჯო კარს” მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ხელმძღვანელობდა.

ასე რომ, XII საუკუნის პირველ მეოთხედში საერთოკავკასიური სახლის შექმნას წინ უსწრებდა XI ასწლეული, რომელიც აღსავსე იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც; ახლო აღმოსავლეთში გამოვიდა ახალი ძალა საქართველოს სამეფოს სახით, რომელმაც ღირსეულად გასწია ბიზანტიის მაგივრობა. საამისო ნიადაგი საუკუნეების მანძილზე მზადდებოდა ჩვენს სამშობლოში, რაც იმთვითვე აისახა კიდეც მის სოციალურ-ეკონომიკურ თუ კულტურულ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერ მოვლენას, რომელიც ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნასთან იყო დაკავშირებული, თავისებური სპეციფიკა გააჩნდა. შედეგად, “ოქროს ხანამ” საქართველოს ისტორიაში კაცობრიობას მისცა იოანე პეტრიწი, შოთა რუსთაველი, ბეშქენ და ბექა ოპიზარნი, დავით სოსლანი. ყოველივე ეს კი, სულ ცოტა, გვავალდებულებს, ვიცოდეთ ჩვენი ფესვების ფასი, რათა გავუფრთხილდეთ იმ უდიდეს განძს-წარსულს, რომელიც ჩვენი მუდმივი არსებობის საფუძველთა საფუძველია.

 

***

Social-political development of Georgia in the 11th and in the beginning of the 12th centuries.

s u m m a r y

 

Georgia is a country with ancient traditions. It has a long history and unique culture. That’s our past, wich we use for creating of our future.

In the 11th century there happened number of important events at the international arena; Especially in the middle East of that period. All of them were influential on our peoples’ life. Georgian monarchical state was formed inspite of a difficult situation. Byzantine empire was trying to renew its power in South Caucasia, but time by time our country became stronger and eventually it turned in the mightest kingdom of the near world.

Everything began from the ideological unification, which was over in the beginning of the 12th century with political consolidation. It wasn’t simple . It was a regular ending of a long historical process.

Many progressive georgians of that time took part in the development of their homeland. They are blessed because of it.

So, owing to the progress of cultural, social and political life in the 11-12th centuries in our country we reached till now. We mustn’t forget our past-our roots.

 

გამოყენებული ლიტერატურა

* ბერძენიშვილი ნ.-საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. III, თბ, 1966

* გამსახურდია ს.-საზოგადოებრივი აზრის განვითარება XI საუკუნის საქართველოში, თბ, 1966

* გეორგიკა-ტ. V, თბ 1963

* გოგიბერიძე მ.-რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. IV, თბ, 1978

* თარხნიშვილი მ.-წერილები, თბ, 1994

* თევზაძე გ.-შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები, ნაწილი I, თბ, 1981

* კუკავა თ.-იოანე პეტრიწის მსოფლმხევდელობა, თბ, 1971

* ლოლაშვილი ი.-არსენ იყალთოელი, თბ, 1978

* მეტრეველი რ.-დავით IV აღმაშენებელი, თბ, 1990

* მეტრეველი რ.-დიდნი საქმენი, თბ, 1978

* მეტრეველი რ.-ნარკვევები ფეოდალური საქართველოს ისტორიიდან, თბ, 1972

* ნუცუბიძე შ.-ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. I, თბ, 1956

* პაპასქირი ზ.-შუა საუკუნეების საქართველო საერთაშორისო არენაზე, თბ, 1991

* სირაძე რ.-ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები, თბ, 1987

* სირაძე რ.-სახისმეტყველება, თბ, 1982

* სირაძე რ.-ქრისტიანული კულტურა და ქართული მწერლობა, წიგნი I, თბ, 1992

* სტეფნაძე ჯ.-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობები კავკასიის ხალხებთან XII საუკუნეში,          თბ, 1974

* ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული ნუსხა, თ, 1942

* ქართული მწერლობა-ტ. I, თ, 1987

* ქართული რენესანსის საკითხები, თბ, 1956

* ჯავახიშვილი ივ.-საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური ისტორია, ტფ, 1907

* ჯავახიშვილი ივ.-ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ, 1983

* Византийские очерки, М, 1972 (З. В. Удальцова-византия и западная Европа)

* Византийские очерки, М, 1974 (А. Каждан-Из экономической жизни Византий XI-XII в.в.)

* Жидков О.А. –История государства и права зарубежных стран, часть I, М, 1998)

* Лосев А.-эстетика возрождения, М, 1998

* Степаненко В. П.-Византия в международных отношениях на ближнем Востоке (1071-1176

г.г.), Свердловск, издательство Уральского университета, 1988

 

[1] რ.სირაძე-ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები, თბ, 1987, გვ .236-237

 

[2] ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული ნუსხა, თბ, 1942, გვ. 209

[3] იქვე, გვ. 203

[4] იქვე, გვ. 1

[5] თ. კუკავა-იოანე პეტრიწის მსოფლმხედველობა, თბ, 1971, გვ. 86

[6] ივ. ჯავახიშვილი-ქართველი ერის ისტორია, II ტ, თბ, 1983, გვ. 401

[7] შ. ნუცუბიძე-ქართული ფილოსოფიის ისტორია, I ტ, თბ, 1956, გვ. 395

[8] ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული ნუსხა, თბ, 1942, გვ. 208

[9] იქვე, გვ. 227

[10] მიქელ თარხნიშვილი-წერილები, თბ, 1994, გვ. 370

[11] ქართლის ცხოვრება, გვ. 175

[12] ქართლის ცხოვრება, გვ. 232

[13] ნ. ბერძენიშვილი-საქართველოს ისტორიის საკითხები, III ტ, თბ, 1966, გვ. 56

ქ. თბილისი, საქართველო
 1999

 

 წყარო

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: