IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ზურაბ პაპასქირი: შოთა მესხია

• საქართველო – Georgia

papaskiriზურაბ პაპასქირი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის  საქართველოს საისტორიო საზოგადოების

აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე,

გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი

 

 

ქართული ისტორიოგრაფიის მშვენება

 შოთა მესხია

 

პირველად დაიბეჭდა: ზურაბ პაპასქირი. დიდი მეცნიერის გახსენება.

– საისტორიო ძიებანი. VIII-IX. წელიწდეული.

ეძღვნება შოთამ მესხიას დაბადებიდან 90-ე წლისთავს.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების

აფხაზეთის ორგანიზაცია. გამომცემლობა: „მერიდიანი“. თბ., 2006, გვ. 43-58

(https://sites.google.com/site/saistoriodziebani/dziebani2005-2006).

იგივე პუბლიკაცია იხ. აგრეთვე: წიგნში:

ზურაბ პაპასქირი. და აღმოცისკრდა საქართველო – ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბ., 2009, გვ. 574-586

(http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/29982/4/NikopsiidanDarubandamde.pdf).

ამჯერად იბეჭდება ოდნავ შევსებული და დაზუსტებული ვერსია.

mesxiaყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ შოთა მესხია, XX ს. 50-70-იანი წლების დამდეგის ქართული საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი და ლიდერი, ისტორიკოსთა ჩემი (და არა მარტო ჩემი) თაობისათვის ნამდვილი კუმირი იყო. ის, თავისი მაღალი ინტელექტითა და ერუდიციით, გარეგნული და შინაგანი არისტოკრატიზმით, კაცური კაცობით, მშობლიური ქვეყნისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და მისი ისტორიული მონაპოვრების დაცვისთვის თავგადადებული ზრუნვით, დიდი ზნეობრივი მაგალითი იყო თანამედროვეთათვის.

დიდია შოთა მესხიას ღვაწლი საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლის საქმეში. მისი ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობა ფასდაუდებელი შენაძენია არა მხოლოდ საკუთრივ ქართული საისტორიო მეცნიერებისათვის, არამედ მას ზოგად-ეროვნული კულტურული მნიშვნელობაც გააჩნია. უაღრესად ფართო იყო შ. მესხიას მეცნიერული ინტერესების წრე. ის არის ავტორი საეტაპო გამოკვლევებისა შუა საუკუნეების საქართველოს ქალაქებზე და საქალაქო წყობაზე, სახელმწიფო წყობის, სამოხელეო სისტემისა და საშინაო პოლიტიკური ცხოვრების საკითხებზე. არაერთი ორიგინალური დაკვირვებითა და პრინციპული ხასიათის მეცნიერული მიგნებებით გამორჩეულია მეცნიერის წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ხასიათის ნაშრომები. თაობები გაიზარდნენ საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოზე, რომლის ავტორები შოთა მესხია და ვიქტორ გუჩუა იყვნენ.

შოთა მესხია ახალგაზრდების დიდი მოძღვარი და მოამაგე იყო. მან არაერთ მათგანს გაუწია ჭეშმარიტად მამობრივი მზრუნველობა და გაუკვალა გზა სამეცნიერო ასპარეზზე. უფრო მეტიც, შოთა მესხია იმ თითზე ჩამოსათვლელ დიდ მეცნიერთა (ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი…) შორისაა, რომლებმაც შექმნეს საკუთარი სამეცნიერო სკოლა. ამ სკოლის ღირსეული წარმომადგენლები იყვნენ და არიან „გაზრდილნი მისნი“, რომელთა შორისაა ერთი აკადემიკოსი (როინ მეტრეველი), რამდენიმე მეცნიერებათა დოქტორი (შოთა ბადრიძე, ლოვარდ ტუხაშვილი, ჯემალ სტეფნაძე, გულივერ იობაშვილი, ილია ანთელავა, გიორგი აფრასიძე) და კანდიდატი (თამარ გამსახურდია, შანშე დარჩიაშვილი და ა.შ). გარდა ამისა არიან სხვა ცნობილი მეცნიერები, რომელთა უშუალო მეცნიერ-ხელმძღვანელი (დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე) შოთა მესხია ვერ იქნებოდა, მაგრამ მათ შემოქმედებაზე გადამწყვეტი გავლენა სწორედ მისმა ისტორიოგრაფიულმა მემკვიდრეობამ იქონია და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ამ მეცნიერთა კვლევის მიმართულება. მათ შორის მე დავასახელებდი თანამედროვე ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, პროფ ნოდარ შენგელიას, და ქართული სამართლის ისტორიის აღიარებულ მკვლევარს, პროფ. ვახტანგ აბაშმაძეს. ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც ბედმა გაუღიმა და ისტორიული მეცნიერების ანბანს უშუალოდ შოთა მესხიას ხელმძღვანელობით დაეწაფა, მეც გახლდით.

პირველად შოთა მესხიას სახელი ჩემს (ისევე როგორც ჩემი თანატოლების) ცხოვრებაში საშუალო სკოლაში სწავლისას შემოვიდა, როდესაც მისი და ვიქტორ გუჩუას ავტორობით გამოცემული „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელოთი დავიწყეთ მშობლიური ისტორიის შესწავლა. მოგვიანებით (უკვე მაღალ კლასებში) გავეცანი აკად. ნიკო ბერძენიშვილის რედაქტორობით შედგენილ „საქართველოს ისტორიის“ როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებსაც, რომელთა ავტორი, სხვა ცნობილ მეცნიერებთან ერთად, შ. მესხიაც იყო. სწორედ ამ წიგნებმა გამიღვიძეს ინტერესი ჩვენი ქვეყნის ისტორიისადმი და შემაყვარეს ის. მაგრამ იმხანად, რატომღაც, ისტორიკოსობაზე არ ვფიქრობდი და სამომავლოდ სულ სხვა გეგმები მქონდა. ყველაფერი შეცვალა ერთმა დაუვიწყარმა დღემ, რომელიც შოთა მესხიას ოჯახში გავატარე.

ეს იყო 1967 წლის გაზაფხულზე, როდესაც მე, X (დამამთავრებელი) კლასის მოსწავლე ზუგდიდიდან თბილისში ჩამომიყვანეს და „წარმადგინეს“ ბატონი შოთას წინაშე. ამ „ღონისძიების“ ინიციატორები იყვნენ ჩემი დიდი ბიძა (ბებიის ძმა) მიშა მესხია და მისი ქალიშვილი ნარგიზა. მართალია, სამსონ მესხიას (ბებიაჩემის მამა) და ამბაკო მესხიას (ბატონი შოთას მამა) ოჯახებს პირდაპირი ნათესაობა (ბიძაშვილობა) არ აკავშირებდათ, მაგრამ ისინი ობუჯში ერთ უბანში ცხოვრობდნენ და, შეიძლება ითქვას, ძია მიშა და პატარა შოთა (მათ შორის ასაკობრივი სხვაობა, სულ რაღაც, 5-6 წელს თუ შეადგენდა) ერთად იზრდებოდნენ. მოგვიანებით ეს ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა და ისინი, ფაქტობრივად, ძმებივით იყვნენ. სწორედ ამ ახლობლობამ განაპირობა, რომ მიშა ბიძიას ქალიშვილი – ნარგიზა მესხია (წლების მანძილზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე) სტუდენტობის პერიოდში და მოგვიანებითაც, დიდი ხნის განმავლობაში, შ. მესხიას ოჯახში ცხოვრობდა და ბატონ შოთას და მის მეუღლეს, შესანიშნავ ადამიანს – ქალბატონ მაროს ქალიშვილებში გამორჩეული არ ჰყავდათ.

მესხიების ოჯახში – მაშინდელი გერცენის (ამჟამად შოთა მესხიას) ქუჩაზე – დილადრიან მისულებს (მამაჩემსა და მე), კარი თვით ბატონმა შოთამ გაგვიღო და სახლში შეგვიძღვა. იმთავითვე მოვიხიბლე ამ დიდი პიროვნების თავაზიანობითა და უბრალოებით. საუზმისას მან ყურადღებით გამომკითხა, თუ რას ვაპირებდი სკოლის დამთავრების შემდეგ. მაშინ, ერთგვარად, „მოდას“ აყოლილი ვიყავი და იურისტობის სურვილი მქონდა, თუმცა დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, თუ რატომ. საუზმის დამთავრების შემდეგ ბატონმა შოთამ კაბინეტში გამიხმო და, როგორც „მომავალ იურისტს“ (ეს მისი სიტყვებია), ხელში ჟურნალი „საბჭოთა სამართალი“ დამაკავა, რომელშიც დაბეჭდილი იყო, ზემოთნახსენები ვახტანგ აბაშმაძის სტატია ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლაზე. ბატონმა შოთამ მთხოვა ამ სტატიის წაკითხვა და მასზე „ჩემი თვალსაზრისის“ წარმოდგენა. მე მართლაც გულდასმით გადავიკითხე აღნიშნული პუბლიკაცია, თან გაოგნებული შევცქეროდი თაროებზე ლამაზად და აკურატულად შემოწყობილ უამრავ წიგნს, რომელთა შორის ჩემი განცვიფრება განსაკუთრებით გამოიწვია „დაბადებისა“ და რუსული „აქტები“(„Акты, Собранные Кавказской Археографической Комиссиею) ვეებერთელა ტომებმა.

საღამოს, სამსახურიდან მობრუნებულმა, ზოგი რამ გამომკითხა წაკითხულიდან. მეც, შეძლებისდაგვარად, ვუპასუხე. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ნამდვილი გამოცდა. პირველი, რაც დამავალა, იყო იმ თხზულების დაწერა, რომელიც წინა კვირას მქონდა შესრულებული სკოლაში. აქ ყურადღება მინდა გავამახვილო შოთა მესხიას პედაგოგიურ მიდგომასა და ტაქტზე. მან დასაწერად მომცა არა ნებისმიერი თემა, რითაც თავიდან ამაცილა გარკვეული უხერხულობა, არამედ ზუსტად ის თემა, რომელიც უკვე მქონდა დამუშავებული. მისთვის მთავარი იყო გაერკვია, თუ რამდენად პერსპექტიული ვიყავი მე და როგორ შევძლებდი შესწავლილი, ხაზს ვუსვამ, შესწავლილი მასალის კვალიფიციურ გადმოცემას. მიუხედავად გასაგები მღელვარებისა და ერთგვარი შებოჭილობისა, საბედნიეროდ, ეს დავალება საკმაოდ კარგად შევასრულე და ჩემი „ნაშრომი“ მაღალმა კომისიამ (თვითონ ბატონმა შოთამ და ნარგიზამ) ხუთიანზე შეაფასა.

ქართული ლიტერატურის შემდეგ ჯერი ისტორიაზე მიდგა. აქ, ჩემდა გასაკვირად, გამოკითხვა დაიწყო არა ე.წ. „სსრკ ისტორიაში“, რომელიც, როგორც ცნობილია, ფაქტობრივად, რუსეთის ისტორია იყო და ბარდებოდა უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებზე, არამედ „საქართველოს ისტორიაში“, რომლის სწავლების დონე საშუალო სკოლაში იმჟამად საკმაოდ დაბალი იყო. ამ ფონზე ძალიან გამომადგა ჩემი „ნაკითხობა“, კერძოდ, ის, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გაცნობილი ვიყავი „საქართველოს ისტორიის“ სხვადასხვა (მათ შორის უმაღლესი სკოლის) სახელმძღვანელოს, აგრეთვე, წაკითხული მქონდა ცალკეული ისტორიული რომანები (კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“, ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“, ანა ანტონოვსკაიას „დიდი მოურავი“ და ა.შ.). ბატონი შოთა სასიამოვნოდ გააკვირვა ჩემმა გათვითცნობიერებამ ამ სფეროში. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი განცვიფრება იმით, რომ მე ვიცოდი გიორგი სააკაძისა და შაჰ-აბას I-ის გარდაცვალების თარიღი, ისიც, თუ როდის და სად გარდაიცვალა პოეტი და დიპლომატი ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი). ამ თითქმის ერთსაათიანი „გამოცდა-გასაუბრების“ შემდეგ, რომლის დროსაც მთელი მისი ოჯახი ბ-ნი შოთას დედით, დიდი ქალბატონით – ლიდა შენგელაიათი დაწყებული და მაშინ ჯერ კიდევ პატარა მარინეთი (შ. მესხიას უმცროსი ქალიშვილი) დამთავრებული მხურვალედ მგულშემატკივრობდა, მან გამომიტანა, ჩემი აზრით (დღევანდელი გადასახედიდანაც კი), ერთადერთი სწორი „განაჩენი“ და უყოყმანოდ განაცხადა, რომ მე ისტორიკოსი უნდა გავმხდარიყავი. მართლაც, იმავე წელს, წარმატებით ჩავაბარე მისაღები გამოცდები უნივერსიტეტში და გავხდი ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი.

თავდაპირველად, მე მოვხვდი უშუალოდ შ. მესხიას ინიციატივით იმ წელიწადს გახსნილ „ხელოვნებათმცოდნეობის“ ჯგუფში, მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ განყოფილებაზე ერთი დღეც არ მისწავლია, ვინაიდან „ისტორიის“ სპეციალობაზე ჩარიცხული ერთ-ერთი სტუდენტი (რეზო ეგაძე – შემდგომში ცნობილი კინომცოდნე, ჟურნალისტი) იმთავითვე გადავიდა „ხელოვნებათმცოდნეობის“ სპეციალობაზე და შოთა მესხიამ, რომელიც, როგორც ცნობილია, მაშინ ფაკულტეტის დეკანი იყო, მისი ადგილი მე შემომთავაზა. არასოდეს დამავიწყდება 1967 წლის 18 სექტემბრის მზიანი დღე, როდესაც ბატონმა შოთამ თვითონ ამიყვანა უნივერსიტეტის I კორპუსის 95-ე აუდიტორიაში, სადაც უნდა ჩაეტარებინა ლექცია „საქართველოს ისტორიაში“ და ჯგუფხელს გოგა რჩეულიშვილს (ამჟამად ცნობილ არქეოლოგს) ჩემი ჟურნალში ჩაწერა უბრძანა. ასე, შოთა მესხიას პირველი ლექციით დაიწყო ჩემი მომავალი ისტორიკოსობა.

mesxia1

შოთა მესხიამ მე და ჩემს ამხანაგებს, რომელთა შორის დღეს არაერთი ცნობილი მეცნიერია (დიმიტრი შველიძე, ელდარ ნადირაძე, როლანდ თოფჩიშვილი, ელვერ კუპატაძე, გიორგი რჩეულიშვილი, ემილ კოპალიანი და სხვ.), საქართველოს ისტორიასთან ერთად, პირველ რიგში, მამულისა და მოყვასის სიყვარული გვასწავლა. ბევრი რამის გახსენება შეიძლება სტუდენტობის პერიოდში ბატონ შოთასთან ურთიერთობებიდან, მაგრამ მე მხოლოდ ზოგიერთი ფაქტის გახსენებით შემოვიფარგლები.

XX საუკუნის 60-იან წლებში, როგორც ცნობილია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა მაშინდელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტთან, რომელმაც სათავე დაუდო ხანგრძლივ მეგობრობას თბილისის უნივერსიტეტსა და უძველეს გერმანულ უნივერსიტეტს შორის. ამ ურთიერთობის ერთ-ერთი მებაირახტრე და ბურჯი იყო შოთა მესხია, რომელიც მეგობრობდა იენის უნივერსიტეტის ავტორიტეტულ მოღვაწესთან, აღნიშნული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული პროფილის სპეციალობათა ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ დიტერ ფრიკესთან. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ იენის უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, მთელ აღმოსავლეთ გერმანიაში ცნობილი პიროვნებაც გახლდათ. მას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) იმჟამინდელ ლიდერთან ვალტერ ულბრიხტთან ერთად დაწერილი ჰქონდა გერმანიის მუშათა კლასის ისტორიის ორტომეული, რისთვისაც ავტორებს გდრ-ის უმაღლესი ჯილდო – კარლ მარქსის პრემია მიენიჭათ. პროფ. დ. ფრიკე რამდენიმეჯერ იყო საქართველოში, ორჯერ კი ოჯახით (მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად) სტუმრობდა შოთა მესხიასთან, მის აგარაკზე ბაბუშარაში (გულრიფშის რ-ნი, აფხაზეთი).

მე მქონდა ბედნიერება, ორჯერ შევხვედროდი ბ-ნ დ. ფრიკეს ბაბუშარაში. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მეორე შეხვედრა 1971 წლის ზაფხულში. იმ დროს ისტორიის ფაკულტეტის IV კურსის საქართველოს ისტორიის ჯგუფის სტუდენტები, მაშინ ახალგაზრდა დოცენტის, შ. მესხიას ერთ-ერთი უსაყვარლესი მოწაფის, ბ-ნ შოთა ბადრიძის ხელმძღვანელობით გავდიოდით ე.წ. „საექსკურსიო პრაქტიკას“ აფხაზეთში. აღსანიშნავია, რომ ამ პრაქტიკის ორგანიზება მოხდა თვით ბ-ნ შოთასა და გამოჩენილი აფხაზი ისტორიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფ. გიორგი ძიძარიას ერთობლივი ძალისხმევით.

1970-1971 სასწავლო წლის II სემესტრში უშუალოდ ბატონი შოთას ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აფხაზეთის ისტორიაში“ ლექციების წასაკითხად მოწვეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. გიორგი ძიძარია. არ ვიცი, შემთხვევით, თუ რაიმე სხვა გარემოების გამო, ბატონი გიორგისთვის რატომღაც შეირჩა ჩვენი (IV) კურსი და ის ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღე, გვიკითხავდა კიდეც XIX საუკუნის აფხაზეთის ისტორიას რუსულ ენაზე. მე და ჩემი ამხანაგები ინტერესით ვისმენდით ამ ლექციებს, რამაც, ეტყობა, ჩვენს სტუმარზე შთაბეჭდილება მოახდინა და მან ბატონ შოთას შესთავაზა, გამოეგზავნა აფხაზეთში სტუდენტთა ჯგუფი სასწავლო პრაქტიკის გასავლელად. ასე მოვხვდით სოხუმში მე და ჩემი თანაჯგუფელები: ბუხუტი ქასრაშვილი, ნანა დოლიძე და ნათელა აფციაური. მოვიარეთ სოხუმის შემოგარენი, ბიჭვინთა, მოქვი…

ერთ მშვენიერ დღეს, ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბ-მა შ. ბადრიძემ ბაბუშარაში თავისი მასწავლებლის მონახულება გადაწყვიტა. იმ დროს, ჩვენი ჯგუფის წევრს ბ. ქასრაშვილს ტყიბულიდან მამა – ბ-ნი დავით ქასრაშვილი ჰყავდა „გამოძახებული“, თავისი „სამსახურებრივი ვილისით“, რომლითაც განზრახული გვქონდა (ეს შ. ბადრიძის ინიციატივა იყო) ისტორიული ძეგლების დათვალიერება. ვისარგებლეთ ამ შემთხვევით და ვესტუმრეთ ბატონ შოთას, რათა ის და მისი გერმანელი სტუმარი რომელიმე ისტორიული ძეგლის დასათვალიერებლად დაგვეპატიჟნა. მასპინძელმა გულთბილად მიგვიღო. ქალბატონმა მარომ სახელდახელოდ გაშალა სუფრა და შ. ბადრიძე (ის შ. მესხიას ოჯახთან გაშინაურებული იყო) თამადობასაც კი შეუდგა. მაგრამ იმ დღეს ვერ მოხერხდა ჩვენი ერთობლივი გასვლა. მეორე დღეს კვლავ გავწიეთ ბაბუშერისკენ. ამჯერად გაგვიმართლა და ბატონი შოთა და მისი „ამალა“ – თვით პროფ. დიტერ ფრიკე, მისი მეუღლე და ქალიშვილი, აგრეთვე ბატონი შოთას ქალიშვილები: მანანა და მარინე – სრულ მზადყოფნაში იყვნენ.

გეზი ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსისკენ ავიღეთ. აქამდე მომყვება ის ემოციები, რომლითაც იმ დღეს დავიტვირთე. გზაში, ახალ ათონში და განსაკუთრებით ეშერის რესტორანში – უკანმობრუნებულზე, სადაც ბ-ნმა დავით ქასრაშვილმა ბატონი შოთასა და მისი სტუმრის პატივსაცემად „მეფური პურმარილი“ გაშალა, ყველა ჩვენგანი შოთა მესხიას ტყვეობაში ვიყავით. იშვიათად მინახავს ასეთი დახვეწილი მანერების კაცი (თუმცა მაშინ ამას ნაკლებად ვაცნობიერებდი). მისი ყოველი მოძრაობა განსაკუთრებული სისადავითა და სინატიფით იყო გამორჩეული, ხოლო თითოეული სიტყვა – უაღრესად მოზომილი.

მე მანამდეც არაერთხელ მოვხვედრილვარ სუფრაზე ბატონ შოთასთან (სხვათა შორის, იმავე პროფ. დ. ფრიკეს „კამპანიაშიც“ – ბაბუშარაში – 1969 წელს) და შევსწრებივარ მის თამადობას, მაგრამ ეს, ძირითადად, შინაურ გარემოში ხდებოდა და ამიტომაც ადრე ამისთვის, მაინცდამაინც, საგანგებოდ ყურადღება არც მიმიქცევია. ამჯერად კი ვითარება რამდენადმე ოფიციალური იყო და, როგორც იტყვიან, თამადის თითოეულ სადღეგრძელოს განსაკუთრებული (თუ გნებავთ, პოლიტიკურიც) დატვირთვა ჰქონდა. იმ დღეს, ძირითადად, საუბარი ქართულ და ინგლისურ ენებზე მიდიოდა (თარჯიმნის ფუნქციას ქ-ნი მანანა მესხია ასრულებდა), თუმცა, უნდა შევნიშნო, რომ, შიგდაშიგ, შ. ბადრიძე გერმანელ სტუმარს მის მშობლიურ ენაზეც ებაასებოდა, რაც ამ უკანასკნელს ძლიერ სიამოვნებდა. როდესაც სუფრა ეშხში შევიდა და ჩვენც გვარიანად შევზარხოშდით (თამადას ეს სულაც არ დატყობია), ბატონმა შოთამ, მოულოდნელად, სადღეგრძელოს გერმანულად წარმოთქმა შემომთავაზა (დღევანდელისაგან განსხვავებით, ამ ენაზე მაშინ ერთ-ორ წინადადებას მაინც ვაკოწიწებდი), მეც ნაწილობრივ ღვინისაგან, ნაწილობრივ კი დ. ფრიკესთან მანამდელი „დიალოგით“, რომელიც რამდენიმე საათით ადრე ბაბუშარაში – ზღვის ნაპირზე შედგა (სხვათა შორის, მე გაოცებული დავრჩი, როდესაც ბ-ნმა დ. ფრიკემ არათუ მიცნო ორი წლის წინ, ერთხელ ნანახი, არაფრით გამორჩეული ყმაწვილი, არამედ სახელითაც კი – „ზუღაბი“ /გერმანულად მოუქცია/ მომმართა და ყურადღებით მომიკითხა, რის შესახებაც, როგორც ჩანს, უკვე იცოდა მასპინძელმა), გათამამებულმა, რის ვაი-ვაგლახით, თავი მოვუყარე მთელ ჩემს სიტყვიერ მარაგს და „ვგლიჯე“ საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის სადღეგრძელო. ღვინომოკიდებულმა სტუმარმა აღტაცება ვერ დამალა, გერმანული სიდინჯე ერთბაშად დაივიწყა, გახარებულმა ტაში შემოკრა და მადლობის ნიშნად ხელი ჩამომართვა. დღესაც თვალწინ მიდგას ბატონი შოთას ამაყი, კმაყოფილებით სავსე გამოხედვა. ამის შემდეგ კიდევ ერთი-ორჯერ გავბედე „ხმის ამოღება“ გერმანულად, რამაც უცხოელი სტუმარი უფრო მეტად გაახალისა. ვერ ფარავდნენ სიხარულს ბატონი შოთა და მისი ქალიშვილები. თავს უბედნიერეს კაცად ვგრძნობდი იმის გამო, რომ ჩემს სათაყვანო პიროვნებას მცირედით ვასიამოვნე.

შოთა მესხია ხშირად აოცებდა თავის თანამოსაუბრეებს არაორდინარული აზროვნებითა და შეფასებებით. მახსენდება ერთი შეხვედრა 1970 წლის შემოდგომაზე მის ოჯახში. იმჟამად სტუდენტებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვში გამართულ ისტორიკოსთა მსოფლიო კონგრესზე (1970 წ. ზაფხული) ისტორიკოსებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან თავიანთ მოხსენებაში კომუნიზმი და ფაშიზმი ერთი მედლის ორ მხარედ გამოუცხადებიათ, რასაც თურმე საბჭოთა კომუნისტურ-ტოტალიტარული რეჟიმის მესვეურთა რისხვა გამოუწვევია. მე დავინტერესდი, თუ რამდენად შეეფერებოდა სიმართლეს ეს ინფორმაცია. ბატონმა შოთამ დამიდასტურა ამ ფაქტის რეალურობა და თავის მხრიდან ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დაამატა: „რა, არაა მართალი თუ? ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ფაშისტები უფრო ზრუნავდნენ ხალხის მატერიალურ კეთილდღეობაზე, ვიდრე კომუნისტებიო“. ამ პასუხით დავრწმუნდი, რომ ისიც „სხვაგვარად მოაზროვნე“ („инокомыслящий“) იყო. ამ დღიდან ის ჩემს თვალში ერთი-ორად ამაღლდა.

შოთა მესხია ყურადღებით აკვირდებოდა ჩემს „საქმიანობას“ უნივერსიტეტში და ზოგჯერ უაღრესად საჭირო რჩევა-დარიგებებსაც მაძლევდა. მახსოვს, I კურსზე, ჩავეწერე სკკპ ისტორიის კათედრასთან არსებულ სტუდენტთა სამეცნიერო წრეში. მან ეს რომ გაიგო, ჯერ გაიკვირვა, შემდეგ კი ხუმრობანარევი ირონიით მითხრა: „რა, რაიკომის მდივნობა ხომ არ გინდაო“. დარცხვენილმა, მეორე დღესვე მივაშურე სკკპ ისტორიის სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარეს, სასწრაფოდ იქიდან ამოვეწერე და საქართველოს ისტორიის წრეში გავწევრიანდი.

შოთა მესხია იყო ჩემი პირველი დამკვალიანებელი „სამეცნიერო ასპარეზზეც“. ეს მისი რჩევით დავამუშავე IV კურსზე, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე წასაკითხად, მოხსენება დემეტრე უფლისწულის აჯანყებაზე, რომლის თეზისები დაიბეჭდა კიდეც. ის იყო ამ ნაშრომის პირველი შემფასებელი. V კურსზე კი სწორედ ბატონმა შოთამ შემირჩია სადიპლომო შრომის თემა: „საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობები XI ს. მიწურულსა და XII ს. I მეოთხედში. დავით IV აღმაშენებლის ეპოქა“. ის დაინიშნა მეცნიერ-ხელმძღვანელადაც. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ ეს ნაშრომი იყო ბოლო სადიპლომო შრომა, რომლის სატიტულო გვერდს ამშვენებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფ. შოთა მესხიას სახელი. ვაგლახ, რომ ეს სახელი და გვარი მაშინ უკვე ჩარჩოში იყო ჩასმული, ვინაიდან 1972 წლის 15 მაისს, სადიპლომო შრომის დაცვამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე, მისმა მეცნიერ-ხელმძღვანელმა, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ დატოვა წუთისოფელი და ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა.

ამასთან დაკავშირებით, მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება უმნიშვნელოდაც მოგვეჩვენოს, მაგრამ, ვფიქრობთ, ის მეტად ლამაზ შტრიხს მატებს შოთა მესხიას პორტრეტს. სადიპლომო თემის დამუშავების წინ, პირველი, რაც მან მირჩია, იყო ის, რომ გავცნობოდი აკად. სიმონ ჯანაშიას ბოლოსიტყვაობას, დართულს კონსტანტინე გამსახურდიას რომანის „დავით აღმაშენებლის“ რუსული გამოცემისათვის (1945 წ.), რომელშიც მოცემული იყო დავით აღმაშენებლის ეპოქის მოკლე, მაგრამ საკმაოდ ამომწურავი მიმოხილვა. და ეს მაშინ, როდესაც უკვე იყო გამოსული (1965 წ.) თვით ბატონი შოთას ბრწყინვალე წიგნი – „დიდგორის ბრძოლა“, რომელიც თავად წარმოადგენდა დავით IV აღმაშენებლის ეპოქის საქართველოს ისტორიის ერთგვარ სახელმძღვანელოს და რომელიც სადიპლომო ნაშრომზე, მოგვიანებით კი საკანდიდატო დისერტაციაზე, მუშაობისას ჩემთვის მთავარი გზამკვლევი გახდა. ე. ი. ამ დიდმა პიროვნებამ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაშრომი გაცილებით მეტ ინფორმაციას და არანაკლებ მეცნიერულ ანალიზს შეიცავდა აღნიშნული პერიოდის საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობებზე, უპირატესობა მაინც თავისი მასწავლებლის სრულიად უპრეტენზიო პუბლიკაციას მიანიჭა და სიტყვაც არ დაუძრავს საკუთარ დამსახურებაზე აღნიშნული მიმართულებით. მართლაც რომ მეცნიერული მოკრძალების (იქნებ გადაჭარბებულისაც) იშვიათი მაგალითია.

შოთა მესხია ამქვეყნიდან შემოქმედებითი გაფურჩქვნის ასაკში წავიდა. მას არ დასცალდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ჩანაფიქრის აღსრულება. მაგრამ ის, რაც მან დაგვიტოვა მუდამ დარჩება ქართული ისტორიოგრაფიის საგანძურში. ესაა ფუნდამენტალური გამოკვლევები შუა საუკუნეების საქართველოს ქალაქებზე და საქალაქო წყობაზე, XII ს. საქართველოს სახელმწიფო წყობის, სამოხელეო სისტემისა და საშინაო პოლიტიკური ცხოვრების საკითხების შესახებ და ა.შ. მათ შორის, გამოვარჩევდი მონოგრაფიას: „საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში“. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი, როგორც მკლევრის ფორმირებაზე გადამწყვეტი როლი სწორედ ამ გამოკვლევამ და შ. მესხიას ზემოთ ნახსენებმა „დიდგორის ბრძოლამ“ (უპირატესად, ამ ნაშრომის მეორე შევსებულმა გამოცემამ – „ძლევაჲ საკვირველმა“) ითამაშა.

შოთა მესხიას მეცნიერულ ინტელექტზე მსჯელობისას არ შეიძლება არ გამოვყოთ ოპონირების მაღალი კულტურა. მისი კრიტიკა ყოველთვის დამაჯერებელი და მყარად არგუმენტირებული იყო. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა თამარის მეფობის დროინდელი საქართველოს სახელმწიფო წყობის პრობლემური საკითხებისადმი მიძღვნილ კაპიტალურ მონოგრაფიაში, რომელიც მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ – 1979 წელს გამოიცა. მასში მეცნიერმა მთელი დამაჯერებლობით აჩვენა მხარგრძელთა საგვარეულოს სომხურ-გრიგორიანული წარმომავლობით სპეკულირების მცდელობის სრული უსაფუძვლობა.

შოთა მესხიას ამ ნაშრომის გამოსვლა მოვლენა იყო ქართულ ისტორიოგრაფიაში. მან არა მარტო სამეცნიერო წრეების, არამედ ფართო საზოგადოებრიობის ცხოველი ინტერესი გამოიწვია. დაიბეჭდა რამდენიმე რეცენზია. ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოეხმაურა შ. მესხიას მონოგრაფიის გამოსვლას, მეც ვიყავი. აფხაზეთის ასსრ-ის ოფიციოზში გაზ.: „საბჭოთა აფხაზეთში“ 1980 წელს გამოქვეყნდა ჩემი (მაშინ დამწყები მკვლევრის, „ახლად გამომცხვარი“ მეცნიერებათა კანდიდატის) მოკრძალებული რეცენზია, რომელშიც საგანგებოდ იყო ხაზგასმული შ. მესხიას წვლილი მხარგრძელთა ეთნო-კონფესიური იერსახისა და მათი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის შესახებ არსებული სომხური თვალსაზრისის კრიტიკაში. მაშინ ასეთ „საჩოთირო“ თემებზე ყურადღების გამახვილებას და თანაც პერიოდულ პრესაში მის აჟიტირებას (რასაც შეიძლებოდა ეროვნებათა შორის გარკვეული დაძაბულობა გამოეწვია) ერთგვარი სიფრთხილით ეკიდებოდნენ (განსაკუთრებით 1977-1978 წლების აფხაზთა მორიგი სეპარატისტული „ამბოხის“ ფონზე). ამიტომაც ჩემი რეცენზია ერთბაშად არ გამოქვეყნებულა. ბოლოს, პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო ბატონმა ზურაბ ნაყოფიამ, იმჟამად გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, ცნობილმა მწერალმა და ჟურნალისტმა, ნაღდმა პატრიოტმა, რომელმაც, ჩემთან ცალკეული საკითხების დაზუსტების შემდეგ, უცვლელად დაბეჭდა რეცენზია.

შოთა მესხია იყო პატრიოტი ისტორიკოსი. მისი ყოველი ნაშრომი გამსჭვალულია მშობლიური ქვეყნისა და მისი ისტორიისადმი ამაღლებული სიყვარულით. ის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქართველ ისტორიკოსთაგანია, ვინც ოდნავადაც არ უშინდებოდა ოფიციალურ კონიუნქტურას და მედგრად იდგა ეროვნული ფასეულობებისა და მშობლიური ისტორიის სადარაჯოზე, დღენიადაგ ეწეოდა მის პოპულარიზაციას. შ. მესხია აქტიურად იბრძოდა საქართველოს ისტორიის გამყალბებლების წინააღმდეგ. ამასთან, მისი კრიტიკა დიახაც იყო „გამოსარჩლებითი“, თუმცა არა „ურა-პატრიოტული“.

ეროვნული ისტორია მეტად სათუთი სფეროა, რომელიც ვერ ითმენს რყევებს და მეცნიერის მხრიდან მოითხოვს მაქსიმალურ სიფრთხილეს. ქართული ისტორიოგრაფიის მამებს (ვახუშტი ბაგრატიონი, ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი…) ეს მშვენივრად ესმოდათ. ისინი არასოდეს აძლევდნენ თავს უფლებას აჰყოლოდნენ ეროვნულ გრძნობებსა და ემოციებს, სათანადო არგუმენტაციის გარეშე, დაუმსახურებლად განედიდებინათ ცალკეული მოღვაწეები. მაგრამ, ამასთან, მათთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო მოჭარბებული ნიჰილიზმი და ეროვნული ისტორიის სახელოვანი ფურცლების ზედმეტად კრიტიკული აღქმა. თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია ზოგადად (რასაკვირველია, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა) ერთგულად მიჰყვება ამ მაგისტრალურ ხაზს, ცდილობს დაიცვას ერთგვარი „ოქროს შუალედი“ და არ დაუშვას გადახრა არც ერთი მიმართულებით. შოთა მესხიას შემოქმედება სწორედ ამ „ოქროს შუალედის“ სანიმუშო დემონსტრირებაა.

მისთვის წინა პლანზე, პირველ რიგში, მეცნიერული კეთილსინდისიერება და ობიექტურობა იდგა. ამ მხრივ შ. მესხია დიდი ივანე ჯავახიშვილისა და თავისი მასწავლებლის აკად. სიმონ ჯანაშიას ღირსეული მემკვიდრეა. სხვათა შორის, ამ კუთხით მე მას რამდენადმე თავის მოსკოველ კონსულტანტს, აკად. მიხეილ ტიხომიროვსაც (რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც შ. მესხია მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე) შევადარებ. თავის დროზე (მოსკოვის უნივერსიტეტში – ასპირანტობის პერიოდში), მე მეტ-ნაკლები სისრულით გავეცანი გამოჩენილი რუსი ისტორიკოს-მედიევისტების, აკადემიკოსების: ბორის გრეკოვის, მიხეილ ტიხომიროვის, ბორის რიბაკოვის ლევ ჩერეპნინის, სხვა წამყვან მეცნიერთა ისტორიოგრაფიულ მემკვიდრეობას და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ შორის აკად. მიხეილ ტიხომიროვი გამოირჩეოდა ზომიერი „პატრიოტული მუხტით“ (აკად. ბ. რიბაკოვისგან განსხვავებით, რომელიც ამ მხრივ ცოტას აჭარბებდა).

რადგან სიტყვა მოსკოვზე და რუს მეცნიერებზე ჩამოვარდა, ერთ ფაქტსაც გავიხსენებ. 1972 წელს თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელებამ მომიწია მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში – სსრ კავშირის ფეოდალიზმის ხანის ისტორიის კათედრაზე, რომლის გამგე მაშინ გახლდათ პროფესორი გიორგი ნოვიცკი. ეს იყო 70 წელს მიტანებული კაცი, უაღრესად განსწავლული და კეთილშობილი პიროვნება (თუმცა ისტორიოგრაფიაში რაიმე განსაკუთრებული ღვაწლი არ ჰქონია). პირველივე შეხვედრაზე პროფ. გ. ნოვიცკის ვუხსენე თუ არა შოთა მესხიას სახელი, ეს ადამიანი ჩემდამი იმთავითვე სიმპათიით განიმსჭვალა და იმ დღიდან არ მომკლებია მისი ყურადღება. თურმე ისინი ერთმანეთს ვარშავაში, რომელიღაც საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე გაცნობიან და ბატონ შოთას მოსკოველ კოლეგაზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. პროფ. გ. ნოვიცკი განსაკუთრებით ხაზს უსვამდა შ. მესხიას მაღალ ინტელექტს და ინტელიგენტურობას. შოთა მესხიას პატივისცემით იხსენებდნენ სხვა ცნობილი ისტორიკოსებიც. არაერთი თბილი სიტყვა მსმენია მასზე ჩემი მეცნიერ-ხელმძღვანელის, შემდგომში გამოჩენილი რუსი მეცნიერის, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ერთი პერიოდი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სსრ კავშირის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფ. ანატოლი ნოვოსელცევისაგან.

შოთა მესხიას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა აფხაზეთში. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ბატონი შოთას მეგობრულ ურთიერთობებზე პროფ. გიორგი ძიძარიასთან. ის, რომ აფხაზ ისტორიკოსთა თავკაცი მან ლექციების წასაკითხად მოიწვია თბილისის უნივერსიტეტში, არ იყო რიგითი მოვლენა. ეს, უთუოდ, სცილდებოდა ორი მეცნიერის თანამშრომლობის ფარგლებს და იმ ვითარებაში საზოგადოებრივ-პოლტიკურ ჟღერადობასაც იძენდა. სრულიად აშკარაა, რომ ეს იყო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში (1967 წელს აფხაზეთში მომხდარი სეპარატისტული გამოსვლის ფონზე) შექმნილი დაძაბულობის განმუხტვის მცდელობა (სხვათა შორის, შოთა მესხია უშუალოდ მონაწილეობდა 1967 წლის აფხაზეთის კრიზისთან დაკავშირებულ „ბატალიებში“. კერძოდ, ცნობილია, რომ ის სხვა წამყვან ქართველ მეცნიერებთან – გიორგი წერეთელი, გიორგი მელიქიშვილი, მამია დუმბაძე, ირაკლი ანთელავა, მარიამ ლორთქიფანიძე და სხვ. – ერთად გამოძახებული იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში ბიუროს სხდომაზე, რომელზედაც მათ, როგორც იგონებს აკად. მ. ლორთქიფანიძე, მოახერხეს ბიუროს დადგენილების პროექტის შეცვლა და აკრძალვას გადაარჩინეს აკად. ნიკო ბერძენიშვილის წიგნის „საქართველოს ისტორიის საკითხების“ III ტომი). მას თბილად იგონებდა აფხაზეთის უნივერსიტეტის პირველი რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. ზურაბ ანჩაბაძე. შოთა მესხიას პატივს მიაგებდნენ და აფასებდნენ სხვა აფხაზი მეცნიერებიც. მათგან განსაკუთრებით მინდა გამოვყო ცნობილი აფხაზი ისტორიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის აღზრდილი გიორგი ამიჩბა, რომელიც ყოველთვის მადლიერებით იხსენებდა ბატონ შოთას, მის გულისხმიერებასა და ამაგს. რაც შეეხება აფხაზეთში მოღვაწე ქართველ ისტორიკოსებს, მათთვის ის უბრალოდ სათაყვანო პიროვნება იყო. ეტყობა, იმ სითბომ და სიყვარულმა, რომელსაც შ. მესხია ყოველ ნაბიჯზე გრძნობდა აფხაზეთში, მნიშვნელოვანწილად განაპირობა, რომ მან ბაბუშარაში აგარაკი შეიძინა და თავისი სიცოცხლის უკანასკნელი რამდენიმე ზაფხული იქ გაატარა.

შოთა მესხიას უდროოდ გარდაცვალებამ შესძრა სრულიად საქართველო. მისი დასაფლავება ამ დიდი კაცის (არ შევცდები, თუ ვიტყვი – ნამდვილი ერისკაცის) მეცნიერული და მამულიშვილური ღვაწლის საყოველთაო აღიარების ერთგვარ დემონსტრაციად იქცა. ის მთელმა საქართველომ დაიტირა. მე დღესაც თვალწინ მიდგას კონსტანტინე გამსახურდიას თავში წაშენილი ხელები და კოლხური დატირება დიდუბის პანთეონში (თუმცა კარგად არ მახსოვს ეს დასაფლავებისას იყო თუ მეორმოცე დღეს). ასევე არასოდეს დამავიწყდება დასაფლავებაზე გერმანიიდან სპეციალურად ჩამოსული პროფ. დიტერ ფრიკეს ცხარე ცრემლები (ბ-ნი დ. ფრიკეს, თავდაპირველად, ოჯახში, მისამძიმრებისას, თავი მკაცრად ეჭირა და მაინცდამაინც ემოციები არ გამოუმჟღავნებია. მაგრამ, მოგვიანებით, უკვე ქვემოთ, ქუჩაში, როდესაც მას ზემოთ ნახსენები ჩემი დიდი ბიძა – მიშა მესხია აცრემლებული გადაეხვია – ისინი ბაბუშარის შეხვედრებიდან იცნობდნენ ერთმანეთს – ეს სულით და ხორცით ევროპელი კაცი ერთბაშად გატყდა. და იდგა თბილისის ცენტრში – გერცენის ქუჩაზე – ეს ორი, თავისი ცხოვრების წესით დიამეტრალურად განსხვავებული ადამიანი და სახალხოდ, ცხარე ცრემლებით დასტიროდა უდროოდ გარდაცვლილ მეგობარს).

ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა ბატონ შოთასთან გამოთხოვების ბოლო სცენამ, როდესაც თბილისის უნივერსიტეტის I კორპუსში დასვენებულ ცხედართან საპატიო ყარაულში ერთად ჩადგნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ძველი და ახალი პრეზიდენტები: ნიკო მუსხელიშვილი და ილია ვეკუა, აგრეთვე საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრი, აკად. გიორგი ჯიბლაძე და უნივერსიტეტის ახლად დანიშნული რექტორი, პროფ. დავით ჩხიკვიშვილი. ამის მიზეზი იყო ერთი, მაშინ ყველასათვის ცნობილი გარემოება – სულ რაღაც რამდენიმე ხნის წინ უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე სწორედ შოთა მესხიას კანდიდატურა განიხილებოდა და მხოლოდ უკურნებელმა სენმა არ მისცა მას ამ დიდი და ფრიად საპატიო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა. ამ სცენას ვერ გავუძელი და მწარედ ავქვითინდი.

და მაინც, შოთა მესხია ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი ქურუმი, მისი ნამდვილი მშვენება, ჩემში მუდამ დარჩება ღიმილიან კაცად, რომელიც ყოველთვის მხნეობასა და ოპტიმიზმს მატებდა დიდსა და პატარას.

Advertisements
 
%d bloggers like this: