IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ზარქუა – ენერგეტიკის სამინისტროს

 

• საქართველო – Georgia

vakhtang_zarkua

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს!
ენერგოეფექტურობის ფონდის ოფიციალური განცხადება
ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების თაობაზე

მიმდინარე წლის 12 იანვარს ენერგეტიკის სამინისტროდან ელ-ფოსტით მივიღეთ პროექტი დოკუმენტისა „საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია, 2016 – 2025“ განსახილველად და შესაფასებლად.
ენერგოეფექტურობის ფონდმა განიხილა ენერგეტიკის სამინისტროს თხოვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიზანშეუწონლად მიიჩნია წარმოდგენილი დოკუმენტის დეტალური განხილვა და შენიშვნებისა და წინადადებების სამინისტროსთვის მომზადება შემდეგი მიზეზების გამო:

1. საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის პროექტი ეფუძნება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელ, ჩვენი დასაბუთებით არასწორ ენერგეტიკულ პოლიტიკას, რომლის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია ოპონენტ ექსპერტებს, მათ შორის ჩვენს სპეციალისტებსაც. აღნიშნული პოლიტიკა არ არის დაფუძნებული ცოდნაზე, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე.

მხოლოდ ენერგოეფექტურობის ფონდმა, სხვადასხვა დროს განახორციელა რამდენიმე სერიოზული ღონისძიება ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილების ხელშეწყობის მიზნით, კერძოდ:

– აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინასდა ევროკავშირის მიერ, ენერგოეფექტურობის ფონდისა და სხვა ორგანიზაციების ექსპერტების მონაწილეობით, პირველად არასამთავრობო სექტორის ისტორიაში, მომზადდა ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილების დოკუმენტი (Policy Paper) და იგი წარედგინა საქართველოს მთავარ სახელისუფლებო სტრუქტურებს, მთავრობას, პარლამენტს, პრეზიდენტის აპარატს, უშიშროების საბჭოს. ეს დოკუმენტი ამ ბარათს თან ერთვის.

– ზემოხსენებულის გარდა, ჩვენმა ორგანიზაციამ სრულიად უანგაროდ მოამზადა პეტიცია ენერგეტიკის პოლიტიკის ცვლილების შესახებ, რომელსაც შემოუერთდა ასეულობით დაინტერესებული პირი და ექსპერტი. აღნიშნული პეტიცია წარედგინა ცენტრალური ხელისუფლების ზემოხსენებული სტრუქტურებს. ეს დოკუმენტიც ამ ბარათს თან ერთვის.

– ენერგოეფექტურობის ფონდმა სრულიად უანგაროდ ჩაატარა საინფორმაციო კამპანია ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებისთვის. საინფორმაციო კამპანიის ამსახველი ვიდეო და წერილობითი მასალების წყაროები მოცემულია შესაბამის თანდართულ დოკუმენტში.

– ენერგოეფექტურობის ფონდმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს ხუდონჰესის პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგე საზოგადოების, ხაიშისა და ზემო სვანეთის მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპეტების უფლებების დაცვის თხოვნით.

ენერგეტიკის სამინისტრომ არათუ გაითვალისწინა დამოუკიდებელი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების დაინტერესებული და შეგნებული ნაწილის მოსაზრებები, არამედ საერთოდ უყურადღებოდ დატოვა ქვეყნისთვის სასიკეთო ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებაში საზოგადოების ამ ნაწილის გულწრფელი და უანგარო მონაწილეობის მცდელობები. უფრო მეტის თქმაც შეიძლება, საზოგადოების აღნიშნულმა ნაწილმა მაღალჩინოსანი პირებისგან შეურაცხმყოფელი და ირონიული მოქმედებები მიიღო პასუხად. აქედან გამომდინარე, აზრს მოკლებულია ჩვენთვის სრულიად მიუღებელი ქვეყნის ენერგეგეტიკული პოლიტიკის შესაბამისი სტრატეგიის პროექტის სერიოზული განხილვა. მხოლოდ ფორმალური ხასიათის და არასერიოზულ ღონისძიებებში ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობას არ იღებს და არც მომავალში მიიღებს;

2. ასევე, მიუღებელია სტრატეგიული დოკუმენტის იმ ვადითა და ფორმატით განხილვა, რასაც სამინისტრო გვთავაზობს. ვგულისხმობთ, სტრატეგიული დოკუმენტის: ა) მოკლე (არასათანადო) ვადაში განხილვას; ბ) ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან სამინისტროს მიერ ინდივიდუალურ, არასაჯარო და არაგამჭვირვალე ფორმატში კონსულტაციებს; გ) ენერგეტიკის მინისტრის კვალიფიკაციით არაენერგეტიკოს, იურისტ მოადგილესთან გათვალისწინებული ინდივიდუალური შეხვედრისა და წმინდა ენერგეტიკულ საკითხებზე მსჯელობას.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ არ არსებობს პოლიტიკის, სტრატეგიული დოკუმენტების და საკანონმდებლო აქტების განხილვის გონივრული წესი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს მისცემს სარეკომენდაციო ანგარიშის მშვიდად, შესაბამისი მინიმალური დაფინანსებით, გონივრული დროით და მიუკერძოებლად მომზადების საშუალებას. როგორც წესი, თუ რამე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოდის საჯარო განხილვისთვის, მოცემულია არასაკმარისი დრო და არ არსებობს შესაბამისი ფინანსური რესურსები კვალიფიციური რეკომენდაციების შემუშავებისთვის. ეს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო არ არის.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროს მცდელობა მნიშვნელოვანი დოკუმენტის რეალური და ეფექტური განხილვის კი არა, ექსპერტების გადაბირების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს;

3. აბსოლუტურად არასწორია სამინისტროს მცდელობა, შეიმუშავოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტები ქვეყნის მდგრადი, სოციალურ-კულტურული და ეკონომიკური განვითარების საკითხებისგან იზოლირებულად. ენერგეტიკული პოლიტიკა სრულად უნდა ითვალისწინებდეს ეკონომიკის მდგრადი განვითარების მაჩვენებლებს და მოთხოვნებს, ტენდენციებს ახლო და გრძელვადიან ჭრილში. ენერგეტიკა მნიშვნელოვანი დარგია, თუმცა, ის არ წარმოადგენს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ძირითად დარგს, ის უფრო დამხმარე, ინფრასტრუქტურული დარგია. ამიტომ ენერგეტიკის სექტორის დატვირთვა მისთვის უცხო ფუნქციებით (პირდაპირი ეკონომიკური ეფექტების მომცემი ფუნქციებით, ელექტროენერგიის ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებით) ჩამორჩენილი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სენია და ამდენად, არასწორია.

ასევე, არასწორია სამინისტროს მიდგომა, ენერგეტიკის სექტორში ცალ-ცალკე განიხილოს ელექტროენერგეტიკული და სათბობენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის საკითხები, რაც შეიმჩნევა ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბრიდან და წარმოდგენილი სტრატეგიის დოკუმენტიდან;

4. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს გვაქვს ძალიან მწარე და უსიამოვნო გამოცდილება ენერგეტიკის სამინისტროსთან ურთიერთობაში. კერძოდ, ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული მემორანდუმის განმხილველ საკონსულტაციო ჯგუფში, რომელიც სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული, ბევრ საკითხზე ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება. მიუხედავად შეუთანხმებლობისა, სამინისტრომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი ფორმატი გამოიყენა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და საჯაროდ განაცხადა, აღნიშნულმა საზოგადოებრივმა ჯგუფმა ყველა საკითხზე მიაღწია შეთანხმებასო. ეს იყო სამინისტროს ძალიან არაეთიკური და არაპარტნიორული მოქმედება, რამაც ფაქტობრივად, გამოიწვია ენერგეტიკის სამინისტროსადმი სრული უნდობლობა და გაუცხოება.

აღნიშნული ნდობის აღდგენის მიმართულებით არავითარი ადეკვატური ნაბიჯები არ შეინიშნება სამინისტროს მხრიდან, რაც დამატებითი არგუმენტია, თუ რატომ არ აქვს აზრი არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობას სტრატეგიის დოკუმენტის სერიოზულ განხილვაში;

5. დაიკარგა 3 წელი, რომლის განმავლობაში არათუ მომზადდებოდა ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტები, არამედ მთელ დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად დაიწყებოდა კიდეც მისი ეფექტური განხორციელება.
არასწორი ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელება დიდი გამოწვევების წინაშე დააყენებს სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, თუ როგორ უნდა მოახერხოს ენერგეტიკის სამინისტრომ საზოგადოებისთვის მიუღებელი, დაუსაბუთებელი პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელება! მეტად საპასუხისმგებლო ჰიდროენერგეტიკული ობიექტების, დიდი მარეგულირებელწყალსაცავებიანი ჰესების მშენებლობების სამინისტროს მესვეურების მიერ დაანონსება, როცა მშენებლობამდე სავალდებულო პროცედურები ჯერ დასრულებული ან ზოგ შემთხვევაში კი დაწყებულიც კი არ არის, სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოებაზე მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორით განხორციელებული ძალადობა. საქმისადმი და საზოგადოებისადმი ასეთი დამოკიდებულება სიკეთეს ნამდვილად არ მოიტანს.

დანართი: ა) რეკომენდაციები საქართველოს მიმდინარე ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებისთვის (მოკლე ვარიანტი); ბ) რეკომენდაციები საქართველოს მიმდინარე ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებისთვის (სრული ვარიანტი); გ) EEF-ის საინფორმაციო კამპანიის მასალები; დ) EEF-ის პეტიცია ხელისუფლებას; ე) EEF-ის პეტიციაზე ხელმოწერები-1; ვ) EEF-ის პეტიციაზე ხელმოწერები-2; ზ) EEF-ის განცხადება პრესკონფერენციაზე (რეპორტიორის სტუდია, 26.02.14); თ) ვახტანგ ზარქუას პოსტები სოც.ქსელებში ენერგეტიკულ პოლიტიკაზე (რედაქტირებული)
კეთილი სურვილებით,

ვახტანგ ზარქუა,

ენერგოეფექტურობის ფონდის თავმჯდომარე
მობ/ტელ: 599 48 48 62

***

ენერგოეფექტურობის ფონდის საქმიანობის მასალები

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებისთვის

 მასალები დაეგზავნა საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, პარლამენტს, ენერგეტიკის სამინისტროს, პოლიტიკურ პარტიებს

 

მცირე განმარტებას გავაკეთებ, თუ რამ გამოიწვია ამჟამინდელი ჩვენი აქტივობა. ჩვენ მსგავსი აქტივობა განვახორციელეთ ერთი წლის წინ. ამის შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტრო კოსმეტიკური ცვლილებებით დაკმაყოფილდა, ეცადა ამით გადაეგორებინა ჩვენი და დაინტერესებული საზოგადოების მოთხოვნები და ფაქტობრივად კი პრინციპული ხასიათის ცვლილებები პოლიტიკაში არ მომხდარა. მიმდინარე წლის 12 იანვარს ენერგეტიკის სამინისტროდან ელ-ფოსტით მივიღეთ პროექტი დოკუმენტისა „საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია, 2016 – 2025“ განსახილველად და შესაფასებლად. ენერგოეფექტურობის ფონდმა განიხილა ენერგეტიკის სამინისტროს თხოვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიზანშეუწონლად მიიჩნია წარმოდგენილი დოკუმენტის დეტალური განხილვა და შენიშვნებისა და წინადადებების სამინისტროსთვის მომზადება. ობიექტური მიზეზები დაუფარავად და არგუმენტირებულად ახსნილია სამინისტროსადმი და პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილებში. ერთ-ერთი მიზეზთაგანი კი არის ის, რომ სამინისტროს მცდელობა მნიშვნელოვანი დოკუმენტის რეალური და ეფექტური განხილვის კი არა, ექსპერტების გადაბირების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. ამიტომ, პრევენციის მიზნით, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, აგრეთვე, დამოუკიდებელ ექსპერტებს ვთხოვთ, ყურადღება გაამახვილონ ენერგეტიკის სამინისტროს ასეთ გაუმჭვირვალე და არაპროფესინალურ მცდელობაზე, რაც ჩვენი აზრით, სასიკეთო შედეგებს არ გამოიღებს.

ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ გვინდა აღვნიშნოთ: ნუ შეგაშინებთ წარმოდგენილი ინფორმაციის მრავალფეროვნება და დიდი მოცულობა! ჩემი მეგობრული რჩევაა, დაიწყეთ პრემიერ-მინისტრისადმი და ენერგეტიკის სამინისტროსადმი გაგზავნილი წერილების, აგრეთვე, ფეისბუქზე გამოქვეყნებული ჩვენი კომენტარების კრებულის გაცნობით, შემდეგ, გადადით მედიაში გავრცელებული ჩვენი ვიდეო და წერილობით მასალებზე და ბოლოს გაეცანით პოლიტიკის დოკუმენტის ანგარიშს. მოკლედ, ასეთი თანმიმდევრობით და ყურადღებით მასალების გაცნობა მოგცემთ, ჩვენი ხედვის, აგრეთვე, მოთხოვნის და ენერგეტიკული საკითხების (უმეტესწილად, ელექტროენერგეტიკულის) ნიუანსებში წვდომის საშუალებას.

დიდი მოცულობის გამო, ვერ ვავრცელებთ პეტიციაზე ხელმოწერების დასკანერებულ დოკუმენტს.

უმორჩილესად ვთხოვთ მედია-ორგანიზაციებს, ჩვენს მასალებზე დაყრდნობით რამე პუბლიკაციის მომზადების შემთხვევაში, გამოქვეყნებამდე, ანუ წინასწარ გაგვაცანით, რომ რამე შეცდომა არ გაიპაროს. ვფიქრობ, ეს თქვენს ინტერესებშიც უნდა იყოს. ჩვენ ოპერატიულად გიპასუხებთ და ამგვარად შეგიწყობთ ხელს მასალის გამოქვეყნებაში.

– EEF-ის_ოფიც_მიმართვა საქართ_ პრემიერ-მინისტრს_20.01.16: https://www.facebook.com/vakhtang.zarqua/posts/1147146001963557

– EEF-ის_ოფიც_წერილი_ენერგეტ_სამინისტროს_ენერგ.სტრატეგიის_დოკ-ზე_19.01.2015: https://www.facebook.com/vakhtang.zarqua/posts/1147147565296734

– ენერგოეფექტურობის ფონდისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების ექსპერტების მიერ მომზადებული მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო ანგარიში ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებისთვის: http://www.eapnationalplatform.ge/…/PP_WG3_mokle%20versia_E… (ანგარიშის მოკლე ვერსია); http://www.eapnationalplatform.ge/…/Policy%20Paper_WG3_Eleq… (ანგარიშის სრული ვერსია)

– EEF-ის_საინფორმაციო_კამპანიის_მასალები:
https://www.facebook.com/vakhtang.zarqua/posts/1147111741966983

– EEF-ის_განცხადება_პრესკონფერენციაზე_26.02.14:
https://www.facebook.com/vakhtang.zar…/posts/114716812862801

– ვახტანგ_ზარქუას_პოსტები_სოც.ქსელებში_ენერგ.პოლიტიკაზე(რედაქტირებული):
https://www.facebook.com/vakhtang.zarqua/posts/1147129831965174

კეთილი სურვილებით,

ვახტანგ ზარქუა, თავმჯდომარე

ენერგოეფექტურობის ფონდი
ს. ჩიქოვანის 24, 0171 თბილისი
ტელეფონის ნომრები:
+995 32 233 48 52 (ტელ/ფაქსი)
+995 790 405 134 (საქალაქო)
+995 599 48 48 62 (მობილური)
ელ–ფოსტა: eef.georgia@gmail.com

 
%d bloggers like this: