IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სტეპან ბანდერა

 სტეპან ბანდერა – წამებული წამებულთა ოჯახიდან

 

დამპყრობელი და განსაკუთრებით რუსი დამპყრობელი ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს დაპყრობილი ერების საუკეთესო შვილების, ვინც მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდა რუსს, ცილისწამებას, სახელის გატეხვას, დემონიზაციას.

წარმოაჩენდა რა, ამათუ იმ ერის ჭეშმარიტად საუკეთესო შვილებს, სისხლის სამართლის დამნაშავეებად, ავანტურისტებად, ჯალათებად. ასე იყო საქართველოსთან მიმართებაშიც… გავიხსენოთ ალექსანდრე ბატონიშვილი და მისი დასი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულები…

ამჯერად რუსეთის დეზინფორმაციის მანქანა მიადგა უკრაინის თავისუფლებას შეწირულ შვილებს.

მათი უპირველესი სამიზნე სტეპან ბანდერაა, რომლის სიძულვილი დღესაც ვერ მოუნელებია მოსკოვიის იმპერიას და მის მესვეურებს; წარმოაჩენენ მას როგორც ფაშისტს, რუსების, პოლონელების, ებრაელების გენოციდის მოთავესა და შემოქმედს. მაგრამ, აი, რას მეტყველებს გერმანიის უშიშროების სამსახურის 1942 წლის 23 ოქტომბრის მოხსენება: გერმანელები იმყოფებიან სტალინგრადის მისადგომებთან. უშიშროების სამსახურის მთავარ საიმპერიო სამმართველოში მოდის საიდუმლო მოხსენება: „ბანდერას ორგანიზაციამ დაიკავა აშკარად მტრული პოზიცია გერმანიასთან მიმართებაში და იყენებს ყოველგვარ საშუალებებს, შეიარაღებული ბრძოლის ჩათვლით, უკრაინის დამოუკიდებლობის აღსადგენად“.

კამათებში ხშირად გაიგონებთ იმას, რომ УПА – უკრაინის ამბოხებულთა არმია გასამართლდა ნიურნბერგის ტრიბუნალის მიერ, ხოლო მისი ჰეროიზაციის მცდელობა წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას. ამის პასუხი კი ცალსახაა: ნიურნბერგის ტრიბუნალის დასკვნებში ОУН-УПА არ მოიხსენიება!

ქვეყნის აქტიური საზოგადოების მიერ სტეპან ბანდერა აღიარებულია „დიდ უკრაინელად“, მაგრამ ეს სრულლად არ ნიშნავს იმას, რომ თუნდაც ახლოს მივიდა მათთან ის, ვინც პატივისცემით, ან პირიქით, ვინც მტრულად ეკიდება ამ პიროვნებას.

ის განეკუთვნება იმ სიმბოლოებს, რომლებზედაც ბევრს საუბრობენ, მაგრამ ერთობ ცოტა იციან მასზე. მისი სახელით ხშირად სპეკულირებენ, როგორც ერთნი, ასევე მეორენი.

და მაინც ვინ იყო სტეპან ბანდერა?

წამებული წამებულთა ოჯახიდან!

სტეპან ანდრეის ძე ბანდერა (ბანდერა – თანამედროვე გაგებით ნიშნავს დროშას) დაიბადა 1909 წლის 1 იანვარს სოფელ ძველ უგრინივში, გალიციის კალუშის მაზრაში, რომელიც იმ დროისათვის შედიოდა ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში, ბერძნულ-კათოლიკური წესის ეკლესიის მღვდლის ოჯახში. მასთან ერთად ოჯახში კიდევ სამი ძმა და სამი და იზრდებოდა.

საეკლესიო კალენდრით წმინდა წამებული ბონიფატი მოიხსენიება 1 იანვარს. საინტერესოა, რომ სახელი სტეპანი, რომელიც დაარქვეს ბანდერათა მოდგმის ახალშობილს, ეჭვგარეშეა დაარქვეს პირველი ქრისტიანი მოწამის არქიდიაკონ სტეფანეს ხსოვნისათვის. მოახდინა ამან გავლენა თუა არა სტეპან ბანდერაზე, ძნელი სათქმელია, მაგრამ მას დაებედა მოწამებრივი ბედისწერა და ეს ფაქტი სათუო აღარაა. სტეპან ბანდერა არ გამხდარა ერთადერთი წამებული თავისი ოჯახიდან. მისი ღვიძლი ძმები ოლექსა და ვასილი დაიღუპნენ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში. ოლექსა ბანდერა იყო პოლიტეკონომიური მეცნიერების დოქტორი და დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა იტალიაში. მისმა სიკვდილმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა  და გახდა მიზეზი იმისა, რომ უკრაინელებმა განსაზღვრულ ფორმებში მიიღეს შეღავათები ოსვენციმში ყოფნისას. მეორე ძმა ბოდგანი დაიღუპა ნაცისტების ხელით, რომელიც იმყოფებოდა უკრაინის სამხრეთში უკრაინის ნაციონალისტთა ორგანიზაციის (ОУН) დაჯგუფებებში.  თუ ბანდერას სამი ძმა შეეწირა ნაცისტებს, დებს ხვედრად ერგო ბოლშევიკები. მარტამ, ვლადიმირამ და ოქსანამ იწვნიეს ხანგრძლივი გადასახლების წლები, რომლის დროსაც ისინი მრავალჯერ ჩამოჰყავდათ მოსკოვში, მოითხოვდნენ რა მათგან დაეგმოთ ძმა, რისთვისაც  კეთილდღეობას ჰპირდებოდნენ, მაგრამ დები ყოველთვის  გადასახლებაში ბრუნდებოდნენ, არ სურდათ რა სტალინის რეჟიმთან თანამშრომლობა.

წამებული შვილების მამამ გაიზიარა თავისი შვილების ბედი. მამამ ანდრეი ბანდერამ გამოიარა პირველი ომი, როგორც უკრაინის გალიციის არმიის კაპელანმა და მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა ბოლშევიკების მეთვალყურეობის სამიზნე.

თავის დროზე სტეფან ბანდერა ორჯერ შეეცადა გაეყვანა მამა და დები უკრაინიდან, მაგრამ მამა ანდრეიმ შუამავლის პირით შეუთვალა: „ლტოლვილობაზე უარს ვამბობ, ხალხის მიტოვება არ შემიძლია…“. ბოლშევიკებმა 1941 წლის 10 ივლისს მღვდელი გადაიყვანეს კიევში და დაკითხვის შემდეგ დახვრიტეს.

მამა ბანდერას სახელი შეტანილია რწმენისთვის წამებულთა სიაში, რომელთა მიმართ ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში დაწყებულია ბეატიფიკაციის პროცესი.

იაროსლავა ბანდერას (ოპარივსკი), სტეპანის მეუღლის ოჯახმა განიცადა, აგრეთვე დევნა და გაანადგურეს. პირველად მამა – მღვდელი დაიღუპა უკრაინის გალიიციის არმიაში კაპელანად უკრაინა-პოლონეთის ომის დროს. მეორე მსოფლიო ომის დროს კი აწამეს დედა და ძმა.

„ალამი“

ესპანურიდან თარგმნით „bandera“ ნიშნავს ალამს ან ბაირაღს, მაგრამ რევოლუციიის სიმბოლოდ ბანდერა გახდა არა გვარის გამო, არამედ ნების უძლეველი ძალით.

ს.ბანდერა ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ იზრდებოდა სახლში, სადაც მეუფებდა უკრაინული მამულიშვილობის ატმოსფერო, ცოცხალი ეროვნულ-კულტურული, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესებისა. სტეპანის მამა ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას უკრაინული სახელმწიფოს აღორძინებაში 1918-1920 წლებში. ის იყო არჩეული დასავლეთ უკრაინის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატად.

1920 წლისთვის დასავლეთ უკრაინა დაიპყრო პოლონეთმა, ამ დროისათვის სტეფანე სწავლობდა გიმნაზიაში, სწავლება მიმდინარეობდა პოლონეთის ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ ზოგიერთი მასწავლებელი ახერხებდა სავალდებულო პროგრამაში ჩაერთო უკრაინული ეროვნული შინაარსი. ამასთანავე არსებობდა მოსწავლეთა ეროვნული არალეგალური წრეები, რომლებიც კრებდნენ სახსრებს უკრაინული პერიოდული გამოცემებისათვის. მეოთხე კლასიდანვე ბანდერა დადიოდა გიმნაზიის არალეგალურ ორგანიზაციაში.

გალიციის ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდებში მოქმედებდნენ სხვადასხვა ლეგალური, ნახევრად ლეგალური და არალეგალური ორგანიზაციები, რომელნიც თავიანთ მიზნად ისახავდნენ უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვას. 1920 წელს პრაღაში ოფიცერთა ჯგუფმა დაარსა „უკრაინის სამხედრო ორგანიზაცია“ (УВО), რომლის მიზანიც იყო პოლონურ ოკუპაციასთან ბრძოლა.

УВО-ს პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდნენ პატრიოტული ახალგაზრდული ორგანიზაციები. УВО-ს წევრი სტეპან ბანდერა გახდა 1928 წელს. 1929 წელს უკრაინულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა УВО-ს მონაწილეობით ჩაატარეს გაერთიანებული კონგრესი, რომელზედაც დაარსდა უკრაინის ნაციონალისტთა ორგანიზაცია ОУН, რომელშიც გაწევრიანდა ბანდერაც. მოგვიანებით, 1932 წელს მოხდა ОУН-სა და УВО-ს გაერთიანება.

მიუხედევად იმისა, რომ პოლონეთმა დაიპყრო დასავლეთ უკრაინა, მისი ხელისუფლების ლეგიტიმურობა დასავლეთ უკრაინის მიწებზე გადაუჭრელი რჩებოდა ანტანტის ქვეყნების მხრიდან. ეს საკითხი გახდა დასავლეთის ქვეყნების პრეტენზიის საბაბი პოლონეთის მიმართ, განსაკუთრებით საფრანგეთისა და ინგლისისა.

აღმოსავლეთ გალიციის უკრაინული უმრავლესობა უარს ამბობდა პოლონეთის ხელისუფლების ქვეშევრდომობაზე. ბოიკოტი გამოეცხადა 1921 წლის მოსახლეობის აღწერას, 1922 წლის პოლონეთის სეიმის არჩევნებს. 1930 წლისათვის ვითარება გამწვავდა. უკრაინული მოსახლეობის დაუმორჩილებლობის საპასუხოდ პოლონეთის მთავრობა შეუდგა მოსახლეობის „პაციფიკაციის“ ფართო მაშტაბიან ოპერაციას, ახლანდელი ტერმინოლოგიით აღმოსავლეთ გალიციის ტერიტორიის „გაწმენდას“. 1934 წელს ბერიოზე კუტუზოვსკში შეიქმნა საკონცენტრაციო ბანაკი, რომელშიც იმყოფებოდა დაახლოებით 2 ათასი პოლიტიკური პატიმარი, უმეტესად უკრაინელებით. ერთი წლის შემდეგ პოლონეთმა უარი განაცხადა თავის ვალდებულებებზე ერთა ლიგის მიმართ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მხრივ. პერიოდულად იყო მცდელობა კომპრომისის გამონახვისა, მაგრამ მათ არ მოუტანიათ არსებითი შედეგები.

1934 წელს გახორციელდა თავდასხმა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბრონისლავ პარაცკიზე, რომლის შედეგადაც ის დაიღუპა. ტერაქტში მონაწილეობა მიიღო ს. ბანდერამ. პარაცკიზე თავდასხმის მომზადებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს ბანდერა ასთერთმეტ სხვა თანამონაწილესთან ერთად და 1936 წელს გაასამართლეს ვარშავის საოლქო სასამართლოს მიერ. სტეპან ბანდერას მიესაჯა სიკვდილით დასჯა. პოლონეთის სეიმის მიერ გამოცხადებული ამინისტიით სიკვდილით დასჯა შეუცვალეს სამუდამო პატიმრობით.

ვარშავასა და ლვოვში გამართული საჩვენებელი სასამართლოები ОУН-ს საქმეზე, „ბანდერასა და ამხანაგების საქმე“, უნდა გამხდარიყო პოლონეთის სახელმწიფოს პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მაგალითი, მაგრამ ბანდერას პროცესი იქცა უკრაინული ნაციონალიზმის ტრიუმფად. მისი გამოსვლა სასამართლოზე გადაბეჭდეს პოლონურმა და საზღვარგარეთულმა საინფორმაციო საშუალებებმა და პროცესი გადაიქცა კომიკურ მომენტად. მაგალითად, როდესაც ბანდერა შეჰყავდათ სასამართლო დარბაზში, განსასჯელები ბანდერას ხვდებოდნენ შეძახილებით „დიდება უკრაინას!’, რაც იწვევდა მოსამართლეებთან ერთად დამსწრე საზოგადოების დაბნეულობას და დარბაზი ფეხზე ამდგარი ხვდებოდა ОУН ხელმძღვანელს.

სხვათაშორის, პოლონეთში სიტყვები „უკრაინა“ და „უკრაინელი“ აკრძალული იყო. მათ ნაცვლად იწერებოდა “Малопольска всходня” (восточная Малопольша) და “русин” – აღმოსავლურ სლავური ხალხი, მცხოვრები უკრაინაში, აღმოსავლეთ სლოვაკეთში, სერბეთის ვოევოდინაში, პოლონეთის სამხრეთ აღმოსავლეთში, უნგრეთსა და ჩრდილო- დასავლეთ რუმინეთში. ისტორიკოსების დიდი ნაწილის აზრით, დღევანდელმა რუსებმა სწორედ მათი ეთნონიმი მიითვისეს.

1936 წლის 26 ივნისს, როცა ლვოვის პროცესზე ბანდერა იძლეოდა ჩვენებას, დარბაზში მის გამოსვლას ყურადღებით უსმენდა მოსკოველი დიპლომატი სვეტნიალა. რუსული ბოლშევიზმის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის ბრძოლის მიზნებისა და მეთოდების ახსნისას ბანდერა ამბობდა: „ОУН იმიტომ გამოდის ბოლშევიზმის წინააღმდეგ, რომ ბოლშევიზმი – ეს არის სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოსკოვმა დაამონა უკრაინელი ერი, მოსპო უკრაინული სახელმწიფოებრიობა…

ფიზიკური განადგურების მეთოდებით ბოლშევიზმი ებრძვის აღმოსავლეთ უკრაინის მიწებზე   უკრაინელ ხალხს, კერძოდ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მიწისქვეშეთებში დახვრეტებით, შიმშილით მილიონობით ადამიანის განადგურებით და ციმბირში მუდმივი გადასახლებებით… ბოლშევიკები იყენებენ ფიზიკურ მეთოდებს, ამიტომაც ჩვენ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ვიყენებთ იმავე მეთოდებს“.

ბანდერა იმყოფებოდა მკაცრი რეჟიმის ციხეში. პოლონეთში გერმანიის შეჭრის შემდეგ, ქალაქში, სადაც იყო ციხე, იბომბებოდა. 1939 წლის 13 სექტემბერს, როცა პოლონეთის ჯარების მდგომარეობა კრიტიკული შეიქნა, ციხის დაცვა მიმოიფანტა. სტეპან ბანდერა გამოუშვეს ერთადგილიანი კამერიდან განთავისუფლებულმა უკრაინელმა პატიმრებმა.

კონოვალცოვის დაღუპვა როტერდამში საბჭოთა აგენტის პაველ სუდოპლატოვის მიერ იქცა უკრაინის ეროვნული მოძრაობის მძიმე დანაკარგად. მის მემკვიდრედ იქცა უახლოესი თანამებრძოლი პოლკოვნიკი ანდრეი მელნიკი – ერთობ განათლებული ადამიანი, თავშეკავებული და ამტანი.

მისი მომხრეების ფრაქციამ, ისარგებლეს იმით, რომ მათი მომხრეების უმრავლესობა იმყოფებოდა ციხეში, 1939 წლის აგვისტოს კონფერენციაზე რომში ანდრეი მელნიკი გამოაცხადა ОУН-ის ხელმძღვანელად. შემდგომმა მოვლენებმა უკრაინის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის მიიღეს დრამატული შედეგები.

გათავისუფლებული ბანდერა ჩავიდა ლვოვში. მის ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ლვოვი დაიკავეს საბჭოთა ჯარებმა. თავიდანვე იქ იგი იმყოფებოდა უსაფრთხოდ. მალე მან მიიღო მიწვევა კრაკოვიდან ОУН-ის შემდეგი გეგმების შესათანხმებლად. მას მოუწია საბჭოთა და გერმანიის სადემარკაციო ხაზის არალეგალურად გადაკვეთა.

კრაკოვისა და ვენის შეკრებების შემდეგ, ბანდერა გაგზავნილ იქნა რომში მელნიკოვთან მოსალაპარაკებლად. მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა, ხელმძღვანელობა ყოვნდებოდა. უთანხმოების სია – საორგანიზაციო და პოლიტიკური, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრილიყო მელნიკოვთან მოლაპარაკებებით, საკმაოდ ვრცელი იყო.

ОУН-ის წევრთა უკმაყოფილება იატაკქვეშა ხელმძღაველობის მიმართ კრიტიკულ წერტილს უახლოვდებოდა. ამას გარდა, მელნიკის მომხრეების მიმართ იყო ეჭვი გამცემლობაში, რამეთუ გალიციასა და ვოლინში დაპატიმრებები უმეტესწილად შეეხო ბანდერას მომხრეებს.

უმთავრესი განხეთქილება იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სტრატეგიაში, ბანდერა თავის თანამოაზრეებით მიიჩნევდნენ, ОУН-ს დაემყარებინა კონტაქტები გერმანული კოალიციიის ქვეყნებთან, ასევე დასავლეთის მოკავშირე ქვეყნებთან, სხვა რომელიმე დაჯგუფებებთან დაახლოების გარეშე. აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ საკუთარი ძალები, რამდენადაც უკრაინის დამოუკიდებლობით არც არვინ იყო დაინტერესებული. მელნიკის ფრაქცია მიიჩნევდა, რომ საკუთარ ძალებზე დაყრდნობა უშედეგო იყო, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის დამოუკიდებლობით არ იყვნენ დაინტერესებულები, რაც ჯერ კიდევ ოციან წლებშიც გამოჩნდა; გერმანიამ მაშინ აღიარა უკრაინის დამოუკიდებლობა. ამიტომ აუცილებელი იყო, რომ აქცენტი უნდა გაეკეთებინათ გერმანიაზე. მელნიკოველებს მიაჩნდათ, რომ არ შეიძლებოდა შეიარაღებული იატაკქვეშეთის შექმნა, რამეთუ ეს გამოიწვევდა გერმანიის ხელისუფლების გაღიზიანებას და რეპრესიებს მათი მხრიდან, რაიც არ მოუტანდა დივიდენდებს არც პოლიტიკოსებსა და არც სამხედროებს.  ვერ იქნა რა მოლაპარაკებების გზით კომპრომისის მიღწევა, ორთავე დაჯგუფებამ თავისი თავი გამოაცხადა  ОУН-ის კანონიერ ხელმძღვანელად.

1940 წლის თებერვალში, ბანდერას ფრაქციამ კრაკოვში, რომელშიც ძირითადად ახალგაზრდობა შედიოდა და ОУН-ში უმრავლესობას შეადგენდა, ჩაატარა კონფერენცია, რომელმაც უარყო რომის კონფერენციის გადაწყვეტილებები და თავის ლიდერად აირჩია სტეპან ბანდერა. ამ სახით გაფორმდა განხეთქილება ОУН-ში – ОУНბ(ანდერა) ანუ ОУН-რ(ევოლუციური) და ОУНმ(ელნიკისა). შემდგომში ფრაქციებს შორის ანტაგონიზმმა მიაღწია იმ ზღვარს, რომ ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ არცთუ იშვიათად ისეთი გააფრთებით იბრძოდნენ, როგორადაც უკრაინის დამოუკიდებლობის მტრების წინააღმდეგ.

გერმანიის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება ОУН-სთან იყო წინააღმდეგობრივი: კანარისის სამსახური (Abwehr- სამხედრო დაზვერვა) აუცილებლად თვლიდა თანამშრომლობას უკრაინელ ნაციონალისტებთან, ნაცისტური პარტიული ხელმძღვანელობა ბორმანის მეთაურობით არ თვლიდა ОУН-ს სერიოზულ პოლიტიკურ ფაქტორად, ამიტომ უარყო ნებისმიერი თანამშრომლობა მასთან. ისარგებლა რა ამით, ОУН-მ შეძლო შეექმნა უკრაინული სამხედრო დანაყოფები „უკრაინელ ნაციონალისტთა ლეგიონი“ 600 მებრძოლით, „ნახტიგალი“ და „როლანდი“, რომელიც მეტწილად დაკომპლექტებული იყო პრობანდერული ორიენტაციის უკრაინელებისაგან. გერმანელებს განზრახული ჰქონდათ მათი გამოყენება გარკვეული მიზნებისთვის, ბანდერა კი იმედოვნებდა, რომ ეს დაჯგუფებები გახდებოდა მომავალში უკრაინის არმიის ხერხემალი.

ამ დროისათვის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თანახმად საბჭოთა კავშირში შესულ დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე გაიშალა მასობრივი რეპრესიები. დაპატიმრებულ იქნენ პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და აქტივისტები, მრავალი მათგანი ჩამოახრჩვეს. გახორციელდა სამკვიდრო ადგილებიდან უკრაინელი მოსახლეობის ოთხი მასობრივი დეპორტაცია. იხსნებოდა ახალი ციხეები, სადაც ამყოფებდნენ ათეულათასობით პატიმარს.

მამა ანდრეი ბანდერა ორი ქალიშვილით, მარტა და ოქსანა, დააპატიმრეს 1941 წლის 23 მაისს. გამომძიებლის კითხვაზე პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, მამა ანდრეიმ უპასუხა: „ჩემი შეხედულებებით ვარ უკრაინელი ნაციონალისტი, მაგრამ არა შოვინისტი. ერთადერთ სწორ სახელმწიფოებრივ წყობად უკრაინელებისათვის მიმაჩნია ერთიანი და დამოუკიდებელი უკრაინა“. 8 ივლისს კიევში საღამოს დახურულ სამხედრო ტრიბუნალის სხდომაზე გამოტანილ იქნა სასიკვდილო განაჩენი. განაჩენში იყო ნათქვამი, რომ ამის გასაჩივრება შეიძლებოდა ხუთ დღეში განაჩენის ხელში გადაცემის დღიდან, მაგრამ ანდრეი ბანდერა დახვრიტეს 10 ივლისს.
მარტა და ოქსანა სასამართლოს გარეშე ეტაპით გაგზავნეს კრასნოიარსკის მხარეში სამუდამო გასახლებით. მწარე სამსალის ფიალა არ იცლებოდა მესამე დის ვლადიმირასთვისაც. ის, ხუთი შვილის დედა დააპატიმრეს თავის ქმართან თეოდორ დავიდიუკთან ერთად 1946 წელს. მას მიესაჯა 10 წლის სამუშაო კატორღა. მუშაობდა კრასნოიარსკის საკონცენტრაციო ბანაკებში. გადარჩა, მოიხადა სრული სასჯელი, დაუმატეს ყარაგანდაში ჩასახლება, შემდეგ ნება დართეს ბავშვებთან ერთად უკრაინაში დაბრუნებისა.

1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერულმა გერმანიამ დაარღვია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი და თავს ესხმის საბჭოთა კავშირს. უკვე 1941 წლის 30 ივნისს ლეგიონი „ნახტიგალი“, რომან შუხევიჩის მეთაურობით შედის ლვოვში, ხელთ იგდებს ქალაქის სტრატეგიულ ობიექტებსა და იმავე დღეს ხდება „უკრაინის სახელმწიფოს აღორძინების აქტის“ გამოცხადება. შეიქმნა უკრაინის მთავრობა 15 მინისტრის შემადგენლობით იაროსლავ სტეცკოს, ს.ბანდერას უახლოესი თანამებრძოლის მეთაურობით.

საზეიმო კრებას ესწრებოდა Abwehr-ის ოფიცერი, რომელიც მეთვალყურეობდა ОУН-ის წევრებს. მან განმარტა, რომ კრება უკანონოა, რადგან მიმდინარეობს ომი და პოლიტიკური მოღვაწეობა აკრძალულია. უკრაინელებმა უნდა იშრომონ და დაემორჩილონ წესრიგს, დამყარებულს საოკუფაციო ხელისუფალთა მიერ. თავისი გამოსვლა დაასრულა ტრადიციული შეძახილით:

– ჰაილ ჰიტლერ!— Хай живе,

მაშინ წარმოდგა იაროსლავ სტეცკი და შესძახა:

– Степан Бандера! – გაუმარჯოს სტეპან ბანდერას!

რასაც დარბაზი აღფრთოვანებით შეხვდა. გერმანელმა ოფიცრებმა წამსვე დატოვეს კრება. ამას გარდა, ფრონტს კვალდაკვალ მიჰყვებოდა 7-12 პატრიოტი, რომლებიც ართმევდნენ გერმანელებს ინიციატივას და ადგილებზე აარსებდნენ უკრაინის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.

ბანდერა შეცდა გერმანელებთან მიმართებაში. ჰიტლერი გაცოფებული იყო ბანდერას თვითნებობით. ის არ საჭიროებდა „უკრაინელ მოკავშირეებს“. დამოუკიდებელი უკრაინის შექმნა არ შედიოდა მის გეგმებში. ამ ნაყოფიერ მიწებზე მას განზრახული ჰქონდა გერმანელი კოლონისტების განსახლება.

ლვოვში ბანდერელების აქციას სწრაფადვე მოჰყვა გერმანული ხელისუფლების რეაქცია. 5 ივლისს კრაკოვში დააპატიმრეს ბანდერა, ცხრაში კი ლვოვში ი. სტეცკო. ბერლინში გადაყვანილ ბანდერას აუხსნეს, რომ გერმანელები უკრაინაში არ შესულან, როგორც განმათავისუფლებლები, არამედ დამპყრობლებად და მოსთხოვეს აღორძინების აქტის სახალხოდ უარყოფა. ვერ მიაღწიეს რა თანხმობას, ბანდერა ჩააგდეს ციხეში, წლინახევრის შემდეგ კი გადაიყვანეს ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ის 1957 წლის 27 აგვისტომდე იმყოფებოდა.

1941 წლის შემოდგომით კიევში მელნიკოველები შეეცადნენ უკრაინის მთავრობის ფორმირებას. მაგრამ ეს მცდელობაც სასტიკად იქნა აღკვეთილი. დაპატიმრებულ და განადგურებული იქნა 44 კაცი, მათ შორის 35 წლის უკრაინელი პოეტესა ელენა ტელიგა, უკრაინის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი.

1941 წლის შემოდგომით დანაწევრებული უკრაინული რაზმები გაერთიანდნენ პარტიზანულ შენაერთში “Полесская сечь“-ში. გერმანელთა ნაცისტური ტერორის გამძაფრების გამო უკრაინაში გაიშალა პარტიზანული რაზმები. 1942 წლის შემოდგომით ბანდერელთა ОУН-ს ინიციატივით მოხდა ყველა პარტიზანული დაჯგუფების გაერთიანება უკრაინის ამბოხებულთა არმიაში (УПА) ბატალიონ „ნახტიგალის“ მეთაურის უმაღლესი ოფიცრის რომან შუხევიჩის მეთაურობით. 1943-1944 წლებში УПА-ს რაოდენობამ მიაღწია 100.000 მეომარს და ის აკონტროლებდა ვოლინს, პოლესიეს და გალიშჩინას. მის შემადგენლობაში იყვნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლების რაზმები, ქართველების, აზერბაიჯანლების, ყაზახების და სხვა, სულ 15 რაზმი. УПА აწარმოებდა ბრძოლებს არა მარტო ნაცისტური და სამჭოთა ჯარების წინააღმდეგ, არამედ წითელ პარტიზანებთანაც ვოლინის, პოლესიის, გალიჩიშნისა და ხოლმიშჩინის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით მწვავე ბრძოლები მიმდინარეობდა პოლონეთის კრაიოვის არმიასთან.

1944 წლის გაზაფხულამდე საბჭოთა არმიისა და НКВД-ს მეთაურობა ცდილობდა გამოეხატა სიმპატია უკრაინის ეროვნული მოძრაობისადმი, მაგრამ უკრაინის ტერიტორიიდან გერმანული ჯარების გარეკვისთანავე საბჭოთა პროპაგანდამ დაიწყო ОУН-ს ჰიტლერერებთან გაიგივების პროპაგანდა. ამ დროიდან ОУН-УПА-სათვის იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი – საბჭოთა არმიასთან ბრძოლა. ეს ომი გაგრძელდა თითქმის 10 წელი, 1955 წლამდის.
ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოსვლის შემდეგ ბანდერამ ვერ მოახერხა უკრაინაში ჩასვლა. იგი დაკავებული იყო რა ОУН-ის საქმეებით. ორგანიზაციის ცენტრალური ორგანოები იმყოფებოდნენ დასავლეთ გერმანიაში. ОУН-ის ხელმძღვანელობის სხდომაზე ბანდერა აირჩიეს ხელმძღვანელთა ბიუროში, რომელშიც ის კურირებდა ОУН-ის საზღვარგარეთულ ნაწილებს.

1946 წლის თებერვალში ლონდონში გამართულ გაერთიანებული ერების გენერალურ ანსამბლეის სესიაზე გამოსვლისას უკრაინის სსრ-ს სახელით პოეტი მიკოლა ბაჟანი ითხოვდა დასავლეთის ქვეყნებისაგან დევნილობაში მყოფი უკრაინელი პოლიტიკოსების დიდი რაოდენობით გადაცემას, უპირველესად კი სტეპან ბანდერასი.

1947 წლის კონფერენციაზე სტეპან ბანდერა არჩეულ იქნა მთელი უკრაინის ორგანიზაციის ხელმძღვანელად. არჩევისას მან თქვა: „მადლობთ! ვიღებ სასიკვდილო განაჩენს“. ამავე დროს ბანდერას სწამდა უფლის განსაკუთრებული ზრუნვა მასზე. ომის შემდგომ ბანდერას ოჯახი აღმოჩნდა საბჭოთა საოკუპაციო ზონაში. ნათესავები იძულებული იყვნენ მოგონილი გვარებით დამალვოდნენ საბჭოთა საოკუპაციო ხელმძღვენელობას და КГБ-ს აგენტებს. გარკვეულ დროს ოჯახი ცხოვრობდა ტყეში განცალკავებულ სახლში, ელექტროობის გარეშე. აუტანელ პირობებში უწევდა ექვსი წლის ნატალიას ექვსი კილომეტრით დაშორებულ სკოლაში სიარული. ოჯახი შიმშილობდა, ბავშვები იზრდებოდნენ დაავადებულნი.

1948-1950 წლებში ისინი გამოგონილი გვარებით ცხოვრობდნენ ლტოლვილთა ბანაკში. მამასთან შეხვედრები ისე იშვიათი იყო, რომ ბავშვებს ის კიდეც ავიწყდებოდათ. 50-იანი წლების დასაწყისში ოჯახი დასახლდა პატარა სოფელ ბრაითბრუნში. აქ სტეფანე ხშირად აკითხავდა ოჯახს, თითქმის ყოველდღე. 1954 წელს ოჯახი გადავიდა მიუნხენში, სადაც უკვე ცხოვრობდა სტეპანი.
მიუხედავად ОУН-ის უსაფრთხოების სამსახურის ძლიერი კონსპირაციული ღონისძიებებისა, მან აღმოაჩინა ხელმძღვანელის განადგურების ხუთი მცდელობა. წარმატებული გახდა მხოლოდ მეექვსე.

1959 წლის 15 ოქტომბერს სტეპანმა თავისი ბინის სადარბაზოდან გაუშვა დაცვა. კიბეზე მას შეხვდა ადამიანი, რომელიც ბანდერას უკვე ენახა ეკლესიაში. სპეციალური პისტოლეტიდან მან სტეპანს ესროლა კალიუმის ციანიდის ხსნარი. ბანდერა დაეცა. სტეფან ბანდერა დაასაფლავეს 20 ოქტომბერს მიუნხენის ვალდფრიდჰოფის დიდ სასაფლაოზე.

მკვლელი აღმოჩნდა КГБ-ს აგენტი უკრაინელი ბოგდან სტაშინსკი. მალე მას КГБ-ს თავმჯდომარემ შეპელინმა პირადად გადასცა „საბრძოლო დიდების ორდენი“. ამას გარდა სტაშინსკიმ მიიღო უფლება დაქორწინებულიყო გერმანელზე აღმოსავლეთ გერმანიიდან. ბერლინში გამართული ქორწინების შემდეგ სტაშინსკი ცოლთან ერთად გაიგზავნა მოსკოვში სწავლის გასაგრძელებლად. ცოლთან საოჯახო საუბრების მოსმენამ უფროსობას მისცა მიზეზი ეჭვი მიეტანა სტაშინსკიზე საბჭოთა რეჟიმის მიმართ არალოიალური დამოკიდებულების გამო. ის გარიცხეს სკოლიდან და აუკრძალეს მოსკოვის დატოვება.
სტაშინსკის ცოლს მოახლოებული მშობიარობის გამო 1961 წელს ნება დართეს გამგზავრებულიყო აღმოსავლეთ ბერლინში. 1962 წლის დასაწყისში აცნობეს ბავშვის გარდაცვალების შესახებ. შვილის დასაფლავების გამო სტაშინსკის ნება დართეს აღმოსავლეთ ბერლინში ხანმოკლე გამგზავრებისა. მათზედ მიღებულ იქნა მეთვალყურეობის გაძლიერებული ზომები. დაკრძალვიდან ერთი დღით ადრე, ბერლინის კედლის აშენების დაწყებამდე, სტაშინსკიმ ცოლთან ერთად შეძლო დასავლეთ ბერლინში გაქცევა. იქ მან მიმართა ამერიკის წარმომადგენლობას, სადაც აღიარა სტეპან ბანდერას მკვლელობა, აგრეთვე სტეპანის მკვლელობამდე ОУН-ის აქტივისტის პროფესორ ლ. რებეტის ორი წლის წინანდელი მკვლელობა. გაჩაღდა საერთაშორისო სკანდალი, რის გამოც კომპარტიის ყრილობაზე სსრკ-მ ოფიციალურად უარი თქვა საერთაშორისო ტერორიზმის პოლიტიკაზე. სტაშინსკიმ სასამართლოზე მისცა ჩვენება, რომ ის მოქმედებდა სსრკ-ს ხელმძღვანელობის მითითებით. 1962 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ კარსრუეში გამართულმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი: 8 წელი მკაცრი რეჟიმის ციხეში.

სტეპან ბანდერას ქალიშვილმა თავისი გამოსვლა სასამართლო სხდომაზე დაასრულა შემდეგი სიტყვებით: „ჩემი დაუვიწყარი მამა ჩვენ გვზრდიდა უფლისა და უკრაინის სიყვარულით. ის ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და დაიღუპა, ის შეეწირა ღმერთსის რწმენასა და დამოუკიდებელ თავისუფალ უკრაინას – მთელი კაცობრიობის თავისუფლებას. ჩემი ცხონებული მამა, რომელიც განასახიერებდა ამ უდიდეს იდეალს, დარჩება მეგზურ ვარსკვლავად მთელს ჩემს ცხოვრებაში, ჩემი დედმამიშვილებისა და უკრაინის ახალგაზრდობის ცხოვრებაში“.

საბჭოთა ისტორიული კონცეფციის ფორმატში ბანდერა განიხილება როგორც კოლაბორაციონისტი, დამნაშავე და საკუთარი ხალხის გამყიდველი, მის მომხრეებს კი უთანაბრებენ ფაშისტებს, რომელთა წინააღმდეგაც გმირულად იბრძოდა საბჭოთა სახელმწიფო;
1991 წელს სსრკ-ს დაშლისა და უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე წარმოიშვა საბჭოთა მსოფლმხედველობისაგან კარდინალურად განსხვავებული ხედვა სტეპან ბანდერას ფიგურისადმი. ამას გარდა მეოცე საუკუნეში უკრაინელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლა განუყოფლად არის მის სახელთან დაკავშირებული.

ცხოვრების უკანასკნელ 15 წელიწადში სტეფან ბანდერამ გამოაქვეყნა თეორიული მუშაობის დიდი რაოდენობის შრომები. ამ სტატიებს დღესაც არ დაუკარგავთ თავიანთი მნიშვნელობა ჩვენი დროისთვის. „დამოუკიდებელი“ უკრაინის დღევანდელი მშენებლების ჩრდილოელ მეზობლებთან ჩახუტებისას მისი სიტყვები სტატიიდან: “Слово к украинским националистам-революционерам за границей” (“Визвольний шлях”.—Лондон.—1948.—№ 10,11,12):

„მთელი უკრაინის პოლიტიკის უმთავრეს მიზანს და უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს ერთიანი უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბოლშევიკური ოკუპაციის ლიკვიდაციის გზით და რუსეთის იმპერიის გახლეჩვა დამოუკიდებელ ეროვნულ სახელმწიფოებად. მხოლოდ მაშინღა გახდება შესაძლებელი ამ თვითმყოფადი ეროვნული სახელმწიფოების გაერთიანება ბლოკებში ან კავშირებში გეოპოლიტიკური, სამეურნეო, თავდაცვითი და კულტურული ინტერესების მიხედვით ზემოთ წარმოდგენილ საფუძვლებზე. სსრკ-ს გარდაქმნის ევოლუციური კონცეფციით ან სსრკ-ს გადაქცევა თავისუფალ სახელმწიფოთა კავშირად, მაგრამ იმავე შემადგენლობით გაერთიანებულნი, რუსეთის უპირატესობით ან ცენტრალური მდგომარეობით – ასეთი კონცეპციები ეწინააღმდეგებიან უკრაინის განთავისუფლების იდეას, რომლებიც საბოლოოდ უნდა ამოიძირკვოს უკრაინის პოლიტიკიდან. უკრაინელ ხალხს შეუძლია თავისუფალი სახელმწიფოს მიღწევა მხოლოდ ბრძოლითა და შრომით. საერთაშორისო მდგომარეობის სასიკეთოდ განვითარება შეძლებს მნიშვნელოვნად დაეხმაროს ჩვენი განმათავისუფლებელი ბრძოლის განვრცობასა და წარმატებებს, მაგრამ მას ძალუძს მხოლოდ ითამაშოს ხელშემწყობი როლი და ერთობ სასარგებლო როლიც. უკრაინელი ხალხის აქტიური ბრძოლის გარეშე საუკეთესო ხელსაყრელ ვითარებისასაც კი არასოდეს მოგვეცემა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მხოლოდ შეცვლის ერთ დამონებას მეორეთი. რუსეთი თავისი ღრმად ფესვგადგმული, მაგრამ თანამედროვე ეპოქისათვის ზედმიწევნით გამოწრთობილი დამპყრობლური იმპერიალიზმით. რუსეთი ყოველ ვითარებაში, ყოველ მდგომარეობაში, ყოველი ძალით, თავისივე გამხეცებით იბრძოლებს უკრაინისთვის, რათა დაიჭიროს ის თავისი იმპერიის შემადგენლობაში ან ხელახლა დაამონოს. როგორც განთავისუფლება, აგრეთვე უკრაინის თვითმყოფადობის დაცვა, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დაეყრდნოს საკუთარ უკრაინულ ძალებს, საკუთარ ბრძოლასა და გამუდმებულ მზადყოფნას თავდაცვისათვის“. – დიახ, მართალი და გონიერი ადამიანები ხშირად ერთგვარ წინასწარმეტყველებადაც გვევლინებიან! როგორ ეხმიანება და ნათლად წარმოაჩენს დღევანდელი უკრაინის, და არა მარტო უკრაინის ვითარებას სტეპან ბანდერას ეს სიტყვები! ჩვენ, ქართველებმაც ყურად უნდა ვიღოთ ამ დიდი მამულიშვილის ეს შეგონება!

უკრაინულ საზოგადოებაში კი დღესაც იმართება რთული კამათი ამ თემაზე. განსაკუთრებით ის 2004 წლის მერე გამწვავდა, როდესაც უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ სტეპან ბანდერას მიანიჭა უკრაინის გმირის წოდება, რომელიც შემდგომ, 2010 წელს დონეცკის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ იქნა გაუქმებული (ოხ, ეს დონეცკი, მეხუთე კოლონის ბუდე!).
ის ფაქტი, რომ ტელეარხ ინტერის ინტენსიურ პროექტში „დიდი უკრაინელები“ ბანდერამ დაიკავა მესამე ადგილი, იაროსლავ ბრძენისა და ნიკოლაი ამოსოვის შემდეგ, მეტყველებს უკრაინელებს შორის მის მაღალ ავტორიტეტზე.

ცალსახაა მხოლოდ ერთი რამ: ყოველ დამოუკიდებელ ნაციას აქვს უფლება თავიანთ გმირებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველთვის არ აღიქმებიან დადებითად სხვა ერის წარმომადგენლებში.
ლივერპულ ლოუდის ფეშენებლური ქუჩის N200-ში, თითქმის ლონდონის ცენტრში, სტეპან ბანდერას მუზეუმში ინახება უკრაინელი მამულიშვილების მეთაურის პირადი ნივთები, ტანსაცმელი სისხლის კვალით, სიკვდილისდროინდელი ნიღაბი. მუზეუმი ისეა მოწყობილი, რომ მასში შეღწევა მხოლოდ შენობის შიგნიდანაა შესაძლებელი. დადგება დრო – ამ მუზეუმის ექსპონანტები გადატანილ იქნება უკრაინაში, რომლისთვისაც მთელი თავისი ცხოვრება იბრძოდა და რომლისთვისაც აღესრულა მისი დიდი შვილი!

სტეპან ბანდერა – ეს არის ისტორია ვაჟკაცობისა და უკრაინის დამოუკიდებლობისა, მას ტალახს ვერ შეაწვდენენ.

მასალა ინტერნეტსაიტების მიხედვით მოამზადა
ალექსანდრე  სანდუხაძემ

 

 
%d bloggers like this: