IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ალ. სანდუხაძე – რუსეთის ღია სურვილები კავკასიაში

• რუსეთი – Russia

ა;ექსანდრე სანდუხაძე

ალექსანდრე სანდუხაძე

რუსეთის ღია სურვილები კავკასიაში

ჩვენი ამჟამინდელი გარჯა განპირობებულია ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში წლების მანძილზე დამკვიდრებული და ჯერ კიდევ არსებული ობივატელურ-სტერეოტიპული აზრის გასაქარწყლებლად.
ახლა კი მასზედ, თუ რაში მდგომარეობს ეს „აზრი“:
რუსეთთან, რუსულ ყოფასთან და კულტურასთან მიმართებაში ბევრი ქართველისაგან გაიგონებთ შემდეგს: „რუსი პოლიტიკოსები და რუსული პოლიტიკა ურევს, თორემ როგორ შეიძლება დიდი რუსული კულტურის, რუსი ინტელექტუალებისა და კულტურთრეგერების უარყოფაო.

ჩვენს წინანდელ პუბლიკაციაში შევეცადეთ მოკლედ წარმოგვეჩინა რუსი მოღვაწეებისა და მოაზროვნეების დამოკიდებულება სხვა ერებისა და ხალხებისადმი, უმთავრესად არარუსი ხალხების მიმართ.
ამჟამადაც ჩვენი პუბლიკაციის თემა იგივე იქნება და განვიხილავთ ერთ-ერთი რუსი მოაზროვნის შეხედულებებსა და დამოკიდებულებას კავკასიაში მცხოვრები ერებისა და ხალხების მიმართ.

trubetzkoy[1]

ნიკოლოზ ტრუბეცკოი – Nikolai Trubetzkoy

ის არის ნიკოლოზ სერგის ძე ტრუბეცკოი (1890-1938)  – რუსული საზღვარგარეთის ერთ-ერთი ზედმიწევნით უნივერსალური მოაზროვნე, უდიდესი ლინგვისტი, ფილოლოგი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი.

ნიკოლოზ სერგის ძე დაიბადა 1890 წელს მოსკოვში მოსკოვის უნივერსიტეტის რექტორის, ფილოსოფიის ცნობილი პროფესორის ს. ნ. ტრუბეცკოის ოჯახში. ძველი სათავადო გვარის მატარებელი ოჯახი განეკუთვნებოდა გედიმინოვიჩთა მოდგამას, რომელთა შორისაც იყო რუსეთის მრავალი გამოჩენილი მოღვაწე. 1913 წ. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1922-38 წლებში იყო ვენის უნივერსიტეტის სლავური ფილოლოგიის პროფესორი.

როგორც მოგასხენეთ, ნიკოლოზ ტრუბეცკოი წარმოადგენს ერთ-ერთ დიდ რუს ინელექტუალს, ქართველი მკითხველი საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ის ნაკლებად ცნობილია. ამიტომ გადავწყვიტეთ მისი ნააზრევიდან ეგზომ უმცირესი ნაწილის გადმოქართულება და ქართველი მკითხველისათვის მისი გაცნობა.
ამჯერად ჩვენ მოვიტანთ ამონარიდებს მისი ნაშრომიდან „ჩინგის ყაენის მემკვიდრეობა” (Наследие Чингисхана, “Аграф”, Москва, 1999 г. ,):

ჩეჩნების ამ მოთხოვნების სრულყოფილად დაკმაყოფილება, რათქმაუნდა, შეუძლებელია!

ჩრდილოეთ კავკასიაში უკიდურესი რუსოფობები მხოლოდ ჩეჩნები და ინგუშები არიან.

ინგუშთა რუსთმოძულეობა გამოწვეულია იმით, რომ რუსების მიერ კავკასიის დამორჩილების შემდეგ, თავდასხმები და დარბევები, რომლებიც წარმოადგენდნენ ინგუშთა ძირითად საქმიანობას, სასტიკად ისჯებოდა. სხვათაშორის, ნაწილობრივ, იმის გამო, რომ ინგუშებს არ ძალუძთ სხვა რაიმეთი დაკავება, რამეთუ არ გააჩნიათ გარჯითი შრომის ატავისტური ჩვევები, ნაწილობრივ იმითაც, რომ სძულთ შრომა-გარჯა, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ქალის საქმეს. ძველი აღმსავლელი მმართველი მსგავსი დარიუსისა ან ნაბუქოდონოსორისა, უბრალოდ სულ ერთიანად ამოწყვეტდა ამ პატარა ყაჩაღ ტომს, რომელიც ხელს უშლის მშვიდ ცხოვრებაში არამარტო რუსებს, არამედ სხვა მეზობლებსაც, ან კიდევ მათ შთამომავლებს გადარეკდა სადმე შორს თავიანთი სამშობლოდან. თუ გვერდზე გადავდებთ საკითხის ასეთი მარტივ გადაწყვეტას, მაშინ უნდა შევეცადოთ სახალხო განათლების დამკვიდრებისა და სოფლის მეურნეობის სრულყოფის გზით დავამსხვრიოთ ძველი ყოფითი პირობები და მშვიდობიანი შრომისადმი ტრადიციული უპატივცემულობა.

ჩეჩნური საკითხი რამდენადმე რთულია. უპირველესად, ჩეჩნები ხუთჯერ მეტნი არიან, ვიდრე ინგუშები, მეორე, ჩეჩენთა რუსთმოძულეობა განპირობებულია იმ მდგომარეობით, რომ ჩეჩნები თავიანთ თავს მატერიალურად განძარცვულად თვლიან, მათი მიწების საუკეთესო ნაწილი მითვისებული აქვთ კაზაკებს და რუსებს და მათ მიწებზე მუშავდება გროზნოს ნავთობი, რომლისგანაც ისინი არანაირ შემოსავალს არ ღებულობენ. რათქმა უნდა, ჩეჩენთა ამ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება შეუძლებელია, მაგრამ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება გარდაუვალია. ამის გაკეთება, ისევ და ისევ სახალხო განათლების დამკვიდრების, სოფლის მეორნეობის დონის ამაღლების და ჩეჩენთა რუსებთან ერთად ეკონომიურ ცხოვრებაში ჩართვის გზით არის შესაძლებელი. (ციტირებულია: Николай Трубецкой Наследие Чингисхана, “Аграф”, Москва, 1999 г. , с. 476- 477.

აზერბაიჯანელების დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი დოზით აღიარება აუცილებელია!

აზერბაიჯანელები თავიანთი რიცხოვნობით წარმოადგენენ ამიერკავკასიის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს. ნაციონალიზმი მათში ძლიერად არის განვითარებული და ამიერკავკასიის სხვა ხალხებს შორის მათში რუსთმოძულეობის განწყობილება უფრო მკვეთრია. ეს რუსოფობიული განწყობილებები მომდინარეობს თურქოფილური განწყობილებიდან, რაიც საზრდოობს პანისლამისტური და პანთურანული იდეებიდან. მათი ტერიტორიის ეკონომიკური მნიშვნელობა (ბაქოს ნავთობით, ნუხის თუთისა და მუღანის ბამბის პლანტაციებით) იმდენად დიდია, რომ მათი განშვება და განთავისუფლება დაუშვებელია. ამავე დროს, აუცილებელია აზერბაიჯანელთა თვითმყოფადობის აღიარება მნიშვნელოვანი დოზით. აქ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია აზერბაიჯანული ნაციონალიზმის ხასიათზე და სახავს უპირველესი მნიშვნელობის ამოცანად ნაციონალურ-აზერბაიჯანული ევრაზიულობის შექმნას. პანისლამიზმის საწინააღმდეგოდ ამ შემთხვევაში წინ უნდა წამოიწიოს შიიზმი (ციტირებულია: Николай Трубецкой Наследие Чингисхана, “Аграф”, Москва, 1999 г. , с. 473.

ქართული ნაციონალიზმი ღებულობს მავნე ფორმებს !

ქართველებმა საფრანგეთის რევოლუციის დროიდან მიაღწიეს უფლებების აღიარებას, უკიდურეს შემთხვევაში, ავტონომიაზე, და მათგან ამ უფლებების წარტაცვა შეუძლებელია. მაგარამ ამავდროულად, რამდენადაც ეს ვითარება იძლევა საბაბს ქართული სეპარატიზმის აღმოცენებისას, ნებისმიერი რუსული მთავრობა ვალდებულია იბრძოლოს მასთან, რამეთუ რუსეთს სურს ბაქოს ნავთობის შენარჩუნება (რომლის გარეშეც არამარტო ამიერკავკასიის, არამედ ჩდილოეთ კავკასიის შენარჩუნებაც შეუძლებელია), მან არ უნდა დაუშვას თვითმყოფადი საქართველოს არსებობა. სიძნელე და სირთულე ქართული პრობლემისა მდგომარეობს იმაში, რომ არაღიარება გარკვეული წილის საქართველოს თვითმყოფადობისა აწ უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია, საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის სრული აღიარება კი დაუშვებელია. აქ უნდა აირჩეს ცნობილი საშუალო ხაზი, ისეთი, რომელიც არ მისცემს საბაბს ქართულ სამყაროში რუსოფობიურ განწყობილებებს… საჭიროა იმ ვითარების აღქმაც, რომ ქართული ნაციონალიზმი ღებულობს მავნე ფორმებს იმდენად, რამდენადაც მასში აღწევს ევროპეიზმის ცნო¬ბილი ელემენტები. ამგვარად, ქარ¬თული საკითხის სწორი გადაჭრის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ჭეშმარიტი ქართული ნაციონა¬\ლიზმის აღმოცენების პირობებში, ე. ი. ევრაზიული იდეოლოგიის განსაკუთრებულ ქართულ ფორმებში (ციტირებულია: Николай Трубецкой Наследие Чингисхана, “Аграф”, Москва, 1999 г. , с. 472- 473.).

სომხები ყოველთვის დაუჭერენ მხარს რუსულ ორიენტაციას!

ამიერკავკასიაში არსებობენ: სომხები, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ და დაუჭერენ მხარს რუსულ ორიენტაციას, როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის ხელისუფლება. შეუძლებელია იარსებოს სერიოზულმა სომხურმა სეპარატიზმმა. სომხებთან ყოველთვის ადვილია მორიგება, მაგრამ სომხებზე ფსონის დადება შეცდომა იქნებოდა, მაგრამ ეკონომიურად ძლიერები, ფლობენ რა ამიერკავკასიის სამრეწველო ცხოვრების სადავეებს, ამავდროულად მათ მიმართ არსებობს საყოველთაო ანტიპატია, რომელიც მათ მეზობლებს შორის სიძულვილამდეც მიდის. მათთან ერთობა ნიშნავს გაიზიარო ეს საყოველთაო ანტიპატია და სიძულვილი. რევოლუციის წინა პერიოდის პოლიტიკის მაგალითი, რომელიც საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ რუსები სომხების ამარადღა დარჩნენ და აამხედრეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ამიერკავკასიის სხვა ხალხები, რაც უნდა გახდეს გაკვეთილად. ამავდროულად სომხური საკითხი გარკვეულ დონემდე არის საერთაშორისო საკითხი. რუსული ხელისუფლების დამოკიდებულება კავკასიაში სომხების მიმართ უნდა იყოს რუსეთსა და თურქეთს შორის კოორდინირებული (ციტირებულია: Николай Трубецкой Наследие Чингисхана, “Аграф”, Москва, 1999 г. , с. 472.).

***

როგორც ხედავთ, გავეცანით ერთიდაიგივე პიროვნების დამოკიდებულებას და მოსაზრებებს კავკასიაში მცხოვრები ხალხების მიმართ.
იშვიათი გამონაკლისის გარდა, რუსი მოღვაწეების, მეცნიერების, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლოებისა, კავკასიის საქართველოს მიმართ დროდადრო ამჟღავნებდნენ თავიანთ იმპერიალისტურ დამოკიდებულებას, თუნდაც ახლო წარსულში და ამჟამადაც, მაგალითად ვიქტორ ასტაფიევი, რომელიც საქართველოში სტუმრად ჩამოიყვანა ოტია იოსელიანმა, უმასპინძლა მას და რომელმაც რუსეთში დაბრუნებულმა დაწერა თავისი, თითქოსდა კრიტიკული წერილი, სინამდვილეში კი ქართველების სიძულვილით გაჟღენთილი პასკვილი „ციმორების ჭერა საქართველოში”…

ამიტომ, დროა შევეშვათ ჩვენს მონურ გულუბრყვილობას და თვალი გავუსწოროთ რეალობას, მტერს მტერი ვუწოდოთ და მოყვარეს მოყვარე, მტერს მტრულად დავხვდეთ და მოყვარეს სიყვარულით მივეგებოთ…

ალექსანდრე სანდუხაძე

2015

 
%d bloggers like this: