IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• მაისაშვილი – რუსეთი

• Russia-რუსეთი 

 

გია მაისაშვილი

რუსეთი – შიშის, დამცირებისა და იმედის ნაზავის ემოციონალური ზონა (პირველი ნაწილი)

 

პოსტსაბჭოურ სივრცეში რუსეთი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახელმწიფო, სადაც ძლიერად არის წარმოდგენილი შიშის, დამცირების და აგრეთვე იმედის ემოციები. სამივე ემოცია აღრეულია გრძნობებისა და იმპულსების მძლავრ ნარევში.

რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა დროის 11 ზონაზე გადაჭიმული დიდწილად აუთვისებელი ტერიტორიებით და 140 მილიონიანი მოსახლეობით (რომელშიც 20 მილიონი მუსულმანია), მძლავრი სამხედრო რესურსებით. რუსეთი ენერგეტიკული გიგანტია და მის ნავთობისა და გაზის საბადოებს ანალოგი არ გააჩნიათ. რუსეთს აქვს პოტენცია, წარმოადგენდეს ძალას როგორც სტაბილურობისათვის, ასევე არეულობებისა და უწესრიგობების გამოწვევებისათვის. თუ როგორი მიმართულებით წავა რუსეთი, დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთის არჩევანზე, რამდენად ერთიანი იქნება იგი საზრიანი და ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებაში და რუსეთის აღქმისა და გაგების საქმეში.

1940 წელს ჩერჩილმა BBC-ის რადიოეთერში თქვა: “მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ რუსეთის მომავალ ქმედებებს, იგი ლაბირინთია მისტერიაში გახვეული”. ერთადერთი გასაღები ამ ლაბირინთისა არის რუსეთის ეროვნული ინტერესები და მისი, როგორც სახელმწიფოს სიამაყისა და დამცირების წყაროს ცოდნა.

დასავლეთში ხშირად კითხულობენ თუ რატომ არის, რომ ბოლო წლების რუსეთის ეკონომიკური პროგრესის მიუხედავად, რუსები შეპყრობილნი არიან თავიანთი ტრაგიკული მარცხის განცდით? რა არის ისეთი მათ გეოგრაფიაში, ისტორიაში, კულტურასა და რელიგიაში, რაც იწვევს ერთდროულად მათ უზომო სიამაყეს, მედიდურობას და ამავე დროს სირცხვილისა და დამცირების შეგრძნებას?

გარკვეული ახსნა ალბათ იქიდანაც მოდის, რომ რუსეთში ისტორიულად არ არსებობს მკაფიო წარმოდგენა საკუთარ ბუნებრივ და საბოლოო საზღვარზე. სად მთავრდება მათი იმპერია? – ამაზე არ არსებობს მკაფიო პასუხი. არის უკრაინა, ბელორუსია რუსეთის ნაწილი? ის რთული ხლართი ემოციებისა, რომელიც ახასიათებს რუსებს, შეიძლება აიხსნას მხოლოდ როგორც შედეგი მათი ისტორიისა.

რუსეთის ემოციური მდგომარეობის ეს ნარევი ასევე განპირობებულია შემდეგი პარადოქსითაც: ერთის მხრივ რუსებისათვის დასავლეთი მიმზიდველია, ხოლო მეორეს მხრივ დასავლეთი მათთვის მიუღებელია, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ რუსები არ თვლიან საკუთრ თავს დასავლეთის ბუნებრივ ნაწილად. მე იგივე პარადოქსს ჩემს, ქართულ საზოგადოებაშიც მოჭარბებულად ვხედავ.

ცნობილი დებატები დასავლეთსა და სლავინოფილებს შორის თან სდევს თანამედროვე რუსეთის ისტორიას ჯერ კიდევ პეტრე დიდიდან მოყოლებული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი რუსული იდენტურობის, რომელიც არის სამუდამოდ გახლეჩილი ერთის მხრივ დასავლეთის მატერიალიზმსა და დახვეწილობას, და მეორეს მხრივ აღმოსავლეთის უხმო სტოიციზმსა და სულიერებას შორის. სლავინოფილები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთის სული, მისი ეროვნული ხასიათი და ბედი ძევს მისტიურ აღმოსავლეთში და არა რაციონალურ დასავლეთში.

21-ე საუკუნის დასაწყისში რუსეთი კვლავაც საკუთარი როლის ძიებაში მყოფი სახელმწიფოა. რუსეთის ისტორია არის ისტორია მუდმივი სწრაფვისა ტერიტორიული გაფართოებისაკენ. რუსეთი რეგულარულად ისწრაფოდა საზღვრისპირა ქვეყნების დესტაბილიზაციისკენ და ამ საქმეში ადგილობრივი ძალების გამოყენება მისი ნაცადი ხერხია. გეოგრაფიულმა გარემომ შექმნა რუსეთის ერთი მთავარი ლტოლვა – გაფართოვდნენ მათი არსებული საზღვრების მიღმა. ისტორიულმა ბედმა რუსეთს მისცა ისეთი საზღვრები, რომელიც ბუნებრივად არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი, არასტაბილურია, მწირად დასახლებულია და მუდმივი კონფლიქტის საგანია მის მეტოქეებთან. ისტორიულად რუსეთისთვის ვერც დამატებითი ტერიტორიების შემოერთება, დაპყრობა და ვერც კოლონიზაცია ამ პრობლემას ვერ წყვეტდა.

რაც უფრო ღრმად, მისი მეზობლების წიაღში, გადასწევდა რუსეთი თავის სტრატეგიულ პერიმეტრს, უფრო მეტ და ძლიერ მეტოქეებს აწყდებოდა ახალი საზღვრების გასწვრივ. რუსეთის პოლიტიკაც, შესაბამისად მიმართული იყო სასაზღვრო ზონის გამაგრებისკენ, სხვაგვარად ის თავად იქცეოდა უცხოური აგრესიის პლატფორმად. ამიტომ, რუსეთის მმართველნი, დრო და ჟამის შესაბამისად, საზღვრისპირა ქვეყნებში ან მარიონეტულ რეჟიმებს ქმნიდნენ (და ამ ბუფერული ზონებით საკუთარ ტერიტორიას იცავდნენ) ან ახდენდნენ საზღვრისპირა ტერიტორიების ოკუპაციასა და რუსიფიკაციას. ხშირად ამასაც არ სჯერდებოდნენ და საზღვრისპირა ტერიტორიების ეთნიკურ წმენდას ახდენდნენ. ამის მკაფიო მაგალითია სტალინის მიერ ჩატარებული საზღვრისპირა ”არასანდო ერების” მასიური დეპორტაციები. ასევე პოსტსაბჭოური პერიოდის ლიდერების მიერ წახალისებული და ადმინისტრირებული ქართველების ეთნოწმენდა საქართველო-რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე, როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში.

ამიტომ, რუსეთი კვლავაც ჩათვლის მისი საზღვრის მთელ პერიმეტრზე არსებულ ტერიტორიას მისი სპეციალური გავლენის სფეროდ და შეეცდება მიმდებარე სახელმწიფოების კონტროლს, როგორც საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების აუცილებელ პირობას. სასაზღვრო სახელმწიფოებში რუსეთი ეცდება მეგობრული რეჟიმების წახალისებას.

საქართველოში რუსეთის ინტერესების აგრესიული ფორმით დაცვა სრულიად ადვილად განჭვრეტადი და ახსნადი მოვლენა გახლდათ.

კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით და ექსპანსია ქვეყნის გარეთ იყო რუსეთის ძირითადი საშუალება დაეცვა თავი მტრული მეზობლებისაგან საუკუნეების მანძილზე. ადვილად დასაცავი ბუნებრივი საზღვრების არარსებობის გამო რუსეთის ისტორიული სტრატეგია იყო ბუფერული ზონების დაარსება მასსა და მის მეტოქეებს შორის. უკრაინა იყო ასეთი ზონა თათრებისა და თურქების წინააღმდეგ საუკუნეების მანძილზე. პოლონეთი ასრულებდა ამ როლს გერმანიის წინააღმდეგ მე-19 საუკუნში და ასევე, 1939 წლის საბჭოთა კავშირ-გერმანიას შორის დადებული პაქტის შემდეგ. ცივი ომის დროს კი საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთევროპული სატელიტები თამაშობდნენ ბუფერის როლს.

რუსეთისათვის დღესაც უმთავრესი თავისტკივილია ყოფილი საბჭოური რესპუბლიკების რუსეთისათვის მტრულ ძალებთან ალიანსებში შესვლა. რუსეთის მმართველი ელიტა თვლის, რომ მათი ქვეყანა არის ისტორიულად და გეოგრაფიულად ერთ-ერთი მთავარი გარანტორი მსოფლიო წესრიგისა და მათი ეს ”გრანდ” სტრატეგია იქნება რუსული პოლიტიკის წარმმარველი წლების განმავლობაში. რუსეთი მსოფლიო როლის თვალსაზრისით, საკუთარ თავს ამერიკის თანასწორად განიხილავს. აქედან გამომდინარე, რუსეთის პოლიტიკა აგრძელებს კონცენტრირებას საერთაშორისო ურთიერთობების ისეთ სისტემაზე, სადაც მთავარი, სუპერსახელმწიფოები არიან ძირითადი გარანტორები გლობალური წესრიგის, მათ აქვთ უფლება უზრუნველყონ საკუთარი ეროვნული ინტერესები ისე, როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ, პატივს სცემენ რუსეთის პრიმატს მათთვის მიკუთვნებულ გავლენის სფეროებზე და შეინარჩუნებენ ზოგად ძალთა ბალანსს ერთმანეთს შორის.

სუპერსახელმწიფოების მიერ დომინირებულ საერთაშორისო სისტემაში, რუსეთის აზრით, პატარა სახელმწიფოები, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები – მსოფლიო თანამეგობრობის არასრულფასოვანი წევრები, მოკრძალებულად უნდა იქცეოდნენ მაშინ, როდესაც დიდი სახელმწიფოები პოზიციონირებენ ერთმანეთში, რათა გაინაწილონ დომინანტი როლი პატარა სახელმწიფოებზე.

რუსეთის პოლიტიკა მკაფიოდ იკვეთება და იგი არის მიმართული რუსეთის გაძლიერებისაკენ. როგორც ძირითადი საერთაშორისო მოთამაშე, მისი მიზანია დომინირება პოსტსაბჭოურ სივრცეზე და პრაგმატული კოოპერირება დასავლეთთან იმდენად, რამდენადაც ეს რუსეთის ეროვნულ ინტერესებში შევა. ამავე დროს, რუსეთი ცდილობს არ მისცეს საერთაშორისო ნორმებსა და ინსტიტუტებს საშუალება რამენაირად შეზღუდოს რუსული პოლიტიკა. რუსეთი ორიენტირებულია გააკონტროლოს ე.წ. ახლო საზღვარგარეთი და არ დაუშვას მეტოქის მიერ იქ გავლენის ზონების შექმნა.

დასავლეთის პოლიტიკური ტრადიციისაგან განსხვავებით, სადაც ძალაუფლება ეფუძნება რაციონალურ იდეებსა და ინსტიტუტებს, ბიზანტიური ტრადიცია ყოველთვის უკავშირებდა ძალაუფლებას რაღაც ირეალურს, არარაციონალურსა და პიროვნულს. მმართველობის ასეთი მოდელის პირობებში მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია ლიდერის ხელში – ეს იქნება იმპერატორი, გენერალური მდივანი, კეისარი თუ პრეზიდენტი, რომელიც ხდება ეროვნული სიმბოლო, მისი არბიტრი და სტაბილურობის გარანტორი. რუსეთი საუკუნეების მანძილზე იყო სახლემწიფო ევროპაში, მაგრამ იგი არ ჰგავდა შინაგანად ევროპულ სახელმწიფოს.

რუსეთის იმპერატორებს პეტრეს და ეკატერინეს სჯეროდათ, რომ რუსეთს შეეძლო ევროპული მოდელის მორგება რუსულ პირობებზე ევროპული იდეების გადმოღების გარეშე. მათ უნდოდათ ევროპა ევროპული განმანათლებლური იდეების გარეშე.

პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, რელიგიური ტოლერანტობა, წარმომადგენლობითი მთავრობა, მმართველის ძალუფლების შეზღუდვა იყო ის, რამაც საშუალო ფენაზე დაყრდნობით შესაძლო გახადა ევროპული საზოგადოების დაწინაურება. მაგრამ მთელი ისტორიის მანძილზე საშუალო ფენა არ არსებობდა რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. რუსული ინტელიგენცია ვერ ასრულებდა რუსეთში იმ როლს, რასაც საშუალო ფენა დასავლეთში.

პუტინიც, ისევე, როგორც მისი წინამორბედი მოდერნიზატორები, ძირითადად კონცენტრირებულია რუსეთის ეფექტურ და პროდუქტიულ ქვეყნად გადაქცევაზე და არა მისი პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაციაზე. ამიტომაც, რუსეთი ყოველთვის იყო ევროპელებისათვის ანტიმოდელი, ანტითეზა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს განმანათლებლური საზოგადოება.

თავად მარქსიზმის გადმოთარგმნა საბჭოთა სინამდვილეში, კომუნიზმის იდეოლოგია და ინსტიტუციებიც იქცნენ ტრანსფორმირებულნი, სადაც უნიკალურად და გამოკვეთილად რუსულ, ავტორიტარულ და არა უფრო დემოკრატიულ, ევროპულ სოციალიზმად. ნახევარი ევროპის კონტროლმა ვერ გააევროპელა რუსეთის შიდა პოლიტიკური ევოლუცია, არამედ პირიქით, მან აქცია აღმოსავლეთ ევროპა ნაკლებ ევროპულად.

ისტორიულად, და ეს არც არის გასაკვირი რუსეთის გეოგრაფიის მქონე ქვეყნისათვის, ამ სახელმწიფოს მთავარი აქცენტი კეთდებოდა ძალაუფლებასა და კონტროლზე. ტრადიციულად მთავარი მოთხოვნა რუსეთის პოლიტიკური ლიდერებისადმი იყო ზესახელმწიფოს სტატუსის აღდგენა-შენარჩუნება, მისი ინტერესების აგრესიულად დაცვა, როგორც გლობალურად, ასევე მის სამეზობლოში, გავლენის ზონებში. დღესაც, ვისაც სურს რუსეთის სახელმწიფოს ქმედებების გათვლა, უნდა გაითვალისწინოს, რომ აგერ უკვე ორი დეკადის მანძილზე რუსეთის ძირითადი მიზანია ერთპოლუსიანი, ამერიკის მიერ დომინირებული მსოფლიო შეიცვალოს საერთაშორისო სამართლით მართულ რამდენიმე პოლუსიანი მსოფლიოთი, სადაც რამდენიმე ზესახელმწიფო ერთმანეთთან ურთიერთობით გადაწყვეტს პრობლემებს.

ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი თანამედროვე რუსეთისა საბჭოთა კავშირისაგან არის ის, რომ რუსეთის მთავარი ვალუტა არის ენერგეტიკა – ნავთობი და გაზი. საბჭოთა კავშირის მთავარი ვალუტა კი იყო სამხედრო ძლიერება, ნავთობი და გაზი ამ დარგის განვითარებას ხმარდებოდა. პუტინის რუსეთი მზარდ ყურადღებას უთმობს ეკონომიკურ ფაქტორებს, როგორც სახელმწიფო ძალაუფლების მთავარ კომპონენტს. პუტინი სამართლიანად ამტკიცებს, რომ სამხედრო უსაფრთხოების დონე პირდაპირ არის დამოკიდებული ეკონომიკური ზრდისა და ტექნოლოგიური განვითარების ტემპზე. გაზპრომიც, და უფრო ნაკლები ხარისხით როსნეფტიც, არიან გარკვეულწილად ეკონომიკური იარაღი, რითიც კრემლი მოძრაობს საკუთარი დიპლომატიური მიზნების მიმართულებით.

საინტერესოა რამდენად მყარია გრძელვადიანად რუსეთის ასეთი აგრესიული საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუკი რუსეთმა ვერ მოახერხა საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიცირების ტემპის გაზრდა.

რუსეთში კარგად აცნობიერებენ, რომ მათი კეთილდღეობა დამოკიდებულია ენერგომატარებლებზე არსებულ ფასებზე და ის არის მძევალი გლობალური ენერგო ბაზრის რყევების. რუსეთს სურს ბარელზე 70 დოლარი და უფრო მეტი სტაბილური ფასი ნავთობის, მაგრამ, ამავე დროს, არც თუ ისე ბევრად მაღალი, რადგან მომხმარებელი ქვეყნები ნავთობის მაღალი ფასების პირობებში იძულებულნი იქნებიან ალტერნატიული ენერგიის წყაროების მოძიება დაიწყონ. პუტინმა იცის, თუ რაოდენ დიდადაა რუსეთი დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკაზე (საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით) და რაოდენ სწრაფად შეიძლება ეს ახლად დაგროვებული რუსული სიმდიდრე ხელიდან იქნეს გამოცლილი. მან იცის, რომ ნავთობი და გაზი შეიძლება იყოს მხოლოდ ხიდი უფრო ფართო და დივერსიფიცირებული ეკონომიკისაკენ.

მთლიანად ეკონომიკა დღეს რუსეთში კვლავაც მოუქნელი და არაკონკურენტუნარიანია. ფიზიკური ინფრასტრუქტურა დაძველებულია, სამხედრო სფერო ღრმად კორუმპირებული და არაეფექტურია, ქსენოფობია საზოგადოებაში ჰყვავის და იზრდება. უფრო მეტად კი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა შეიძლება იქცეს მთავარ ბარიერად რუსეთის გრძელვადიანი შესაძლებლობების რეალიზებისას.

ზემოთ ჩამოთვლილი სუსტი მხარეები შეზღუდავენ რუსეთის მცდელობას გლობალურ ასპარეზზე აგრესიულად თავის დამკვიდრებაში, მაგრამ ამავე დროს, ამ სისუსტეების გავლენა მოკლე და საშუალო ვადაში იქნება მაინც მინიმალური. და მაინც, რუსეთი არსებული ბუნებრივი, ფიზიკური, სამხედრო, გეოგრაფიული რესურსით არის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო და ვისაც ეს დაავიწყდება, მეზობელი იქნება თუ მისი ავისმსურველი, საკუთარ თავზე გამოცდის ასეთი უგუნურების შედეგებს. ეს კარგად გამოჩნდა ჩვენი ავადსახსენებელი აგვისტოს ომის დროსაც.

საქართველო ამ დასკვნამდე მხოლოდ საკუთარი გაჩანაგებისა და დამარცხების ხარჯზე მივიდა.

 

http://giamaisashvili.blogspot.com/2011/12/blog-post.html

 

***

 

რუსეთი – შიშის, დამცირებისა და იმედის ნაზავის ემოციონალური ზონა (მეორე ნაწილი)

 
 

რუსეთის სახელმწიფოს მომავალი ქმედებების გაგებისათვის აუცილებელია მისი ისტორიული ქცევის ანალიზი. გავიხსენოთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ყირიმის ომში დამარცხებული და შოკირებული რუსეთის რეაქცია. რუსეთის იმჟამინდელმა წარჩინებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მიდგომას უწოდა “სოსრედოტოჩენიე”, ხოლო სტოლიპინმა თავის პოლიტიკას “პერედიშკა” უწოდა. ორივე შემთხვევაში ძირითადი პრინციპი იყო ის, რომ ქვეყანა უნდა იქნეს კონცენტრირებული მის შიდა პრობლემატიკაზე, ჯერ მოახდინოს შიდა ძალების კონსოლიდაცია, სანამ გადავიდოდეს აგრესიულ საგარეო პოლიტიკაზე. სწორედ ამიტომ იყო, რომ რუსეთის პოსტსაბჭოთა პირველი წლების საგარეო პოლიტიკა იყო დასავლეთთან დაახლოებისა და მისდამი დაქვემდებარების პოლიტიკა. რაღა თქმა უნდა ეს დაახლოება ნაკლებად იყო განპირობებული ამ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სამყაროს პოლიტიკური მიზნების დაახლოებით. დროებითი დაახლოების მთავარი მიზეზი რუსეთის შესუსტებული საერთაშორისო პოზიცია იყო. რუსეთი აცნობიერებდა უპირველესად ქვეყნის შიდა კონსოლიდაციის აუცილებლობას, რაც არაერთხელ მოუხერხებია საკუთარი ისტორიის მანძილზე. ახლა კი, ბუნებრივია, როდესაც რუსეთის შედარებითი ეკონომიკური სიძლიერე და ქვეყნის შიდა კონსოლიდაცია იზრდება, შესაბამისად იგი ეცდება უფრო გაფართოებული საერთაშორისო როლის აღებას, რათა გაზარდოს საკუთარი გავლენა და აგრესიულად დაიცვას საკუთარი უსაფრთხოებაც.

 
რუსეთის ელიტა საკუთარ ქვეყანას ტრადიციულად ზესახელმწიფოს სტატუსში განიხილავს, რომლის ინტერესებიც მთელს მსოფლიოზე ვრცელდება და აქედან გამომდინარეობს მათი უფლება, რომ რუსეთს შეუთანხმდენ ყველა საერთაშორისო საკითხის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკითხი რუსეთის პირდაპირ ინტერესებს არც კი ეხება.

ხშირად ისეც ჩანს, რომ რუსეთი მისი განსაკუთრებული როლის აღიარებით უფროა დაინტერესებული, ვიდრე ამ როლის პასუხისმგებლურად გამოყენებით და ამა თუ იმ საერთაშორისო პრობლემის კონსტრუქციული გადაწყვეტილებების ძიებით და რეალიზებით.

რუსეთის სახელმწიფოს არსის ღრმად ჩასაწვდომად აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ რუსეთის იდენტურობა ძირითადად ხასიათდება ე.წ. სტატიზმით ანუ “გოსუდარსტვენნოსტ”, ეს არის იდეა, რომ სახელმწიფომ უნდა ითამაშოს წამყვანი როლი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეროვნული ინტერესი საგარეო ურთიერთობებში უნდა განისაზღვროს, როგორც სახელმწიფოს კეთილდღეობის დამცველი და არა მოქალაქისა. “გოსუდარსტვენნოსტ” ასევე მოიცავს აქცენტის გაკეთებას ფიზიკურ ძალაზე, როგორც პრინციპულ კრიტერიუმზე, რითიც განისჯება სახელმწიფოს სიძლიერე.

შესაძლებელია რუსეთის წარმატება ასეთ პირობებში? შეძლებს ის საკუთარი ეკონომიკის განვითარებას, ტექნოლოგიურ დაწინაურებას და თანამედროვე ზესახელმწოფოდ ჩამოყალიბებას სახელმწიფოს როლის გაფართოებით ეკონომიკასა და მთლიანად საზოგადოებაში?

ეფექტური მთავრობა გლობალიზაციის პირობებში ისეა საჭირო ქვეყნისთვის, როგორც არასდროს, მაგრამ დომინანტი და მაკონტროლებელი სახელმწიფო არ ნიშნავს ეფექტურ სახელმწიფოს. რუსეთი, რასაკვირველია ეცდება მონაწილეობდეს გლობალურ ეკონომიკაში, მაგრამ ის ასევე შეეცდება თავი აარიდოს მასთან ღრმად ინტეგრირებას, რადგან ინტეგრირება მოითხოვს სუვერენიტეტზე და ქვეყნის შიგნით ზედმეტ კონტროლზე უარის თქმას, რაც ძნელად წარმოსადგენია, რადგან რუსეთის მმართველობაში გრძელდება ტრადიციულად არსებული სიამაყე და პარანოია.

რუსეთის რეჟიმს ისტორიულად გარე მტერი სჭირდება, რათა შეინარჩუნოს შიდა დისციპლინა და კონტროლი, მაგრამ ისინი ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ რუსეთის მომავლის ყველაზე დიდი საშიშროება გარე მტერი კი არა, არამედ შიდა ფაქტორთა კომბინაციაა – მწვავე დემოგრაფიული კრიზისი, ავტორიტარული პოლიტიკური ხელმძღვანელებისადმი მყარი ნდობის არ არსებობა, სუსტი სამრეწველო სექტორი (რომელიც კვლავაც ექსკლუზიურად ბუნებრივ რესურსებს ეფუძნება), მთელს საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი უნივერსალური კორუფცია, ბიუროკრატიით დამძიმებული სახელმწიფო სექტორი, პოლიტიკური კულტურის მწირი ტრადიცია.

იგივე კონტექსტში, შეუძლებელია რუსეთის სამხედრო ავანტიურის ახსნა საქართველოს წინააღმდეგ მისი ემოციური მდგომარეობის გარეშე. ის განცდა სიამაყისა და პარანოიისა რუსეთის მმართველობაში, ვინც რუსეთს დღევანდელი სისუსტის მიუხედავად მაინც თვლის ზესახელმწიფოდ, შესაბამისად ზესახელმწიფოს არ სჭირდება მოქმედება იგივე წესებითა და შეზღუდვებით, რითაც სხვა სახელმწიფოები მოქმედებენ. ეს განცდა რუსეთში ასევე განპირობებული იყო რუსეთის ერთ-ერთი ფუნდამენტალური და საუკუნეების მანძილზე არსებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესით – ეს არის მისი მოთხოვნა საზღვრისპირა ქვეყნებში მეგობრული მთავრობების არსებობის შესახებ. ამის გამო რუსეთმა მისთვის ყველაზე ხელსაყრელ წერტილში კონცენტრირებული აგრესიით აგვისტოს ომში არა მარტო ქართველებს, არამედ უპირველესად დანარჩენ მსოფლიოს განუცხადა: “თქვენ 1989 წლიდან ბედავთ ჩვენს დაცინვას, ანგარიშს არ გვიწევთ. რუსეთის დამცირების დრო დამთავრდა. ჩვენ მზად ვართ აღვიდგინოთ იმედის განცდა თქვენი შიშის საფუძველზე. იმპერიული, ძლიერი რუსეთი დაბრუნდა!”

დასავლეთის მიერ რუსეთი აღქმულია როგორც ქვეყანა, რომელსაც ჯერაც არ დავიწყებია თავისი ისტორიული წარსული და უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნია სურვილი ითამაშოს პასუხისმგებლური და კონსტრუქციული როლი საერთაშორისო სისტემაში. ხშირად დასავლეთსა და რუსეთს შორის შეუსაბამობა წარმოიშვება იმით, რომ რუსები ტრადიციულად ცდილობენ ხოლმე მოლაპარაკებას კონკრეტულ გარიგებაზე, “სდელკაზე”, ხოლო დასავლეთი, როგორც წესი მოლაპარაკებას იწყებს თამაშის წესებზე და პროცესზე. ამის შედეგად დასავლეთი, კერძოდ აშშ, აგრძელებს ორმაგ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. ერთის მხრივ ცდილობს, რომ შეზღუდოს რუსეთის გავლენის გაფართოება (განსაკუთრებით რუსეთის საზღვრის გარშემო), მეორეს მხრივ კი აცხადებს რუსეთთან უფრო კოოპერირებული ურთიერთობების სურვილსა და დაინტერესებას.

აქვე უნდა ითქვას, რომ დასავლეთის პოტენციალი, ზემოქმედება მოახდინოს რუსეთის განვითარებაზე, შეზღუდულია, განსაკუთრებით მისი შიდა პოლიტიკის კუთხით. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, დასავლეთს აქ აქვს გაცილებით მეტი შესაძლებლობები.

ობიეტურობისათვის უნდა ითქვას, რომ რუსეთის განახლებულმა განცდამ თვითრწმენისა და იმედიანობისა, რაც დამცირებიდან ამოსვლასთან არის დაკავშირებული, რომელსაც იგი განიცდიდა ცივი ომის დასრულების პირველ წლებში, განაპირობა კავკასიაში სტატუს-ქვოს ასეთი აგრესიული ფორმით შეცვლისა და საკუთარი იმპერიული სტატუსის აღდგენის ჯერ კიდევ არ დასრულებული მოქმედებები. რუსეთის ეს ნაბიჯები გარკვეულ მსგავსებაშია ბუშის ადმინისტრაციის ზედმეტად თავდაჯერებულობასთან. ამერიკაც ხომ საკუთარი სამხედრო სიძლიერისა და დემოკრატიის იდეის უნივერსალიზმში დარწმუნებული, დემოკრატიის სახელით ცდილობდა არსებული სტატუს-ქვოს შეცვლას ახლო აღმოსავლეთში. რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა მოგვეჩვენოს, ამერიკისა და რუსეთის ქმედებებს შორის იმაზე მეტი მსგავსებაა, ვიდრე მათ ამის აღიარება სურთ.

დღეს, მას შემდეგ, რაც ცივი ომი დასრულდა და საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ისმის  კითხვა: სად არის რუსეთის ადგილი? ევროპულ დასავლეთში? – რუსეთის კულტურული თვალსაზრისით ეს გამართლებულია და გარკვეულწილად ასეც არის! იქნებ აზიურ აღმოსავლეთში? – თუ გავითვალისწინებთ რუსეთის პოლიტიკის ტრადიციულ ფლირტს აღმოსავლურ დესპოტიზმთან, არც ეს ვარიანტია აზრს მოკლებული.

რადგან ჩვენ რუსეთის ქმედებების გარკვევა და მისი ემოციური განცდების ანალიზი გვაინტერესებს, საინტერესოა ერთ-ერთი ფრანგი მეცნიერის – რომელიც გეოპოლიტიკაში ემოციების ჩვენეული მოდელის მკვლევარია – მოგონება. იგი იხსენებს 2000 წელს, როდესაც პუტინი პარიზში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. სადილზე, რომელიც პუტინის საპატივსაცემოდ მოეწყო, ფრანგმა მასპინძელმა მას კითხვა დაუსვა თუ რომელი მოღვაწისა და ლიდერის სურათებია გაკრული საპრეზიდენტო კაბინეტში? პუტინის პასუხმაც არ დააყოვნა, როგორც ჩანს ამაზე მას მანამდეც ჰქონდა ნაფიქრი. “მე მაქვს სამი პორტრეტი, პეტრე დიდი, პუშკინი და დე გოლი”. საინტერესო არჩევანია. პეტრე დიდი – დამაარსებელი უახლესი რუსული იმპერიისა და სახელმწიფოსი; პუშკინი – რუსული კულტურის განსხეულება; დე გოლი – ავტორი საფრანგეთის რეკონსტრუქციისა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასევე მის სახელთანაა დაკავშირებული საფრანგეთის განახლებული განცდა საკუთარი მნიშვნელობისა მსოფლიო ასპარეზზე.

სადილზე დამსწრე ფრანგი მეცნიერების აზრით, პუტინის მიერ დე გოლის არჩევა მრავლისმეტყველი იყო და კარგად უსვამდა ხაზს თავად პუტინის, როგორც თანამედროვე რუსეთის ლიდერის წინაშე არსებული სიძნელეების მთელ გამას. დე გოლიც ასევე იყო დამცირებული და შეურაწყოფილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ამერიკის მხრიდან, რომელიც თვლიდა, რომ დასავლეთის ლიდერის როლი ავტომატურად გადავიდა ახალგაზრდა, მძლავრი და მდიდარი ამერიკის ხელში. რაც, რაღა თქმა უნდა, არსებული რეალობა იყო, თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელ ნანგრევებად ქცეულსა და თვითგანადგურებულ ევროპას.

იმ სამი ძირითადი ემოციიდან, რომელიც დღეს ერთმანეთს ებრძვის რუსეთის გონებაში, დამცირება ალბათ ყველაზე ადვილად გასაგებია გარე დამკვირვებლისათვის. 1989 წლიდან 1991 წლამდე, ორი წლის განმავლობაში ბერლინის კედლის დაცემიდან საბჭოთა კავშირის დანგრევამდე რუსეთმა დაკარგა საუკუნეების მანძილზე ნაშენები იმპერია და ზესახელმწიფოს სტატუსი. ეს ყველაფერი უკიდურესი ეკონომიკური გაჩანაგებისა და შიმშილის ფონზე მიმდინარეობდა. რუსული ცხოვრების აქამდე არსებული  ნორმები და ღირებულებები თავდაყირა დადგა. მათთვის მიუღებელი კაპიტალიზმი, ლიბერალიზმი და დემოკრატია უცბად იქნა აღიარებული ერთადერთ სწორ და მისაღებ ღირებულებად, სოციალიზმი და კომუნიზმი კი ასევე სწრაფად იქნა მიჩნეული ყალბ, საზიანო სწავლებად. რუსეთმა განიცადა შოკისმომგვრელი მარცხი და დაკარგა საერთაშორისო სტატუსი. მსოფლიოს ორი სუპერსახელმწიფოდან ერთ-ერთი მხოლოდ სათამაშო კარტად იქცა მეორე სუპერსახელმწიფოს დიპლომატების ხელში.

რუსეთის ჭრილობებს მარილს აყრიდა ის ფაქტიც, რომ რუსეთის იდენტობის სამი ძირითადი ასპექტი – სახელმწიფო, იმპერია და არმია ერთდროულად ჩამოიშალა. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიებისაგან განსხვავებით, რუსეთმა დაკარგა იმპერია, რომელიც თავად დედა რუსეთის ძირეული ტერიტორიისაგან ოკეანეებით არ იყო დაშორებული, მომიჯნავე უკრაინა, ბელორუსი, ბალტიისპირეთი, შუა აზია, კავკასია ფაქტიურად ერთ ღამეში რუსეთის სიამაყის წყაროდან მის მთავარ საფრთხედ და სადარდებლად გადაიქცა.

ბალტიელების, უკრაინელების, ქართველების და სხვათა მიერ ახლადმოპოვეული დამოუკიდებლობა და დიპლომატიურ-პოლიტიკური თავისუფლება რუსებისათვის იყო განუწყვეტელი და მტკივნეული შეხსენება რუსეთის იმპერიის დასამარების. იმპერიის დანგრევიდან რამდენიმე წელიწადში, როდესაც ამ ახლადგამოჩეკილმა, ყოფილმა კოლონიებმა დასავლეთის წაქეზებით, რუსეთთან კონფრონტაციით NATO-ს წევრობა მოინდომეს, დამცირების განცდამ რუსებში აშკარად გამოკვეთილი სახე მიიღო.

დამცირება-შეურაწყოფას რუსეთში თან სდევდა შიშიც, რომელიც უფრო გაღვივდა ქვეყნის ქსენოფობიური ტრადიციით, რაც კიდევ უფრო მეტად იყო მანიპულირებული და გადაჭარბებული პოლიტიკური მიზნით. ასეთ გარემოში ჩეჩნეთი რუსეთის მიერ აღქმული იყო, როგორც სამხედრო გამარჯვება. თუმც კი ნგრევისა და არნახული ტანჯვის ხარჯზე, მაგრამ რუსების თვალში რუსული წესრიგი მაინც აღსდგა გროზნოში. რუსეთის გამარჯვება დამარცხებაზე უარესი აღმოჩნდა. ჩეჩნეთის კომფლიქტმა გამოაჩინა და გაამძაფრა რუსეთის არსებული პრობლემები: ფართოდ გავრცელებული კორუფცია (განსაკუთრებით მის სამხედრო ძალებში), მისი სრული დამოკიდებულება შეუკავებელ ძალადობაზე, მთელს ქვეყანაში გავრცელებული არასწორი პრიორიტეტები, უუნარო პოლიტიკური ლიდერები (კონცენტრირებულნი სახელმწიფო ძალაუფლების უზომოდ გაზრდაზე და არა მათი მოქალაქეების კეთილდღეობაზე). საბოლოოდ გამოაშკარავდა რუსეთის უუნარობა აეშენებინათ – მათსავე საყვარელ სიტყვას თუ ვიხმართ – ნორმალური და ცივილიზებული ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა იზეიმებს.

მიუხედავად ამისა, დღევანდელ რუსეთში დამცირებისა და შიშის ემოციას თან სდევს უჩვეულო გამონათება იმედისა, მაგრამ სრულად მატერიალისტური თვალსაზრისით. თუ კი უმრავლესობა რუსებისა თავს გრძნობს უკეთესად თუნდაც 5 თუ 10 წლის წინანდელთნ შედარებით, ეს იმიტომაა, რომ დღეს რუსეთი უკეთეს მდგომარეობაშია, იქ საცხოვრებელი პიროპები მკვეთრად გაუმჯობესებულია და ეს გრძელდება. ეკონომიკური ზრდა რუსეთში ბოლო ათი წლის მანძილზე წელიწადში 8%-ს აჭარბებს, ამას რაღა თქმა უნდა, არაფერი საერთო არ აქვს განახლებულ სულიერ და იდეოლოგიურ იმედთან, როგორიც მაგალითად რუსეთში იყო მომძლავრებული 1917 წლის რევოლუციის პირველ წლებში, და რომელიც, სამწუხაროდ დამთრგუნველი იდეოლოგიისა და რეპრესიების ფონზე დიდხანს ვეღარ შენარჩუნდა. რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, დღევანდელი იმედიანობის განცდა რუსეთში თითქმის მარქსისტულია თვისი ბუნებით, იმ კუთხით, რომ ეს იმედი ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით. დღევანდელი მატერიალიზმის თანამგზავრი რუსეთში არის ნაციონალიზმი და უფრო ხშირად შოვინიზმიც, განახლებული განცდა სიამაყისა. ამ სიამაყის და არა იმედის მანიფესტაცია რუსეთში დღეს განსაკუთრებით ხდება სპორტში, ოლიმპიურ თამაშებში – განსაკუთრებული მოლოდინია სოჭის ოლიმპიადის.

თუ ეკონომიკურ გაჯანსაღებას თან სდევს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და ავტოკრატია, მერე რა?! რუსებს ხომ არასდროს დაუფუძნებიათ საკუთარი ღირსება, თავმოყვარეობა და ეროვნული სიამაყე დასავლური ყაიდის დემოკრატიის შექმნის უნარსა თუ უუნარობაზე. უფრო მეტიც, გორბაჩოვის ხანა და ელცინის მმართველობის წლები, როდესაც შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლები და დემოკრატიის სუსტი, მარგამ მაინც გარკვეული იმპულსები, დამცირების ხანად არის ჩათვლილი რუსების უმრავლესობის მიერ. დემოკრატია იყო ჩათვლილი სისუსტის ნიშნად რუსეთში, თუმცა არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს არ იყო ნამდვილი დემოკრატია, ადგილი ჰქონდა ქაოსს, უასამართლობას, ძარცვას, ქვეყნის მმართველობის მოშლას. მათი პრეზიდენტის კომიკური ფიზიკური კონდიციები, მისი იმპულსურობა და დეგრადირება, ოლიგარქების და სხვა ლიდერების თავაშვებულობა და ყველასათვის ადვილად დასანახი გარყვნილება-გახრწნა, ღირსების აყრა და ყოველდღიური დამცირება ჩვეულებრივი მოქალაქეებისა.

პუტინმა ეს ყველაფერი და რუსეთის ფსიქიკაც ზედმიწევნით კარგად იცოდა, ძნელია უარყოფა პროგრესისა და იმედის იმ განცდისა, რომელიც პუტინის მმართველობის პირობებში შეიქმნა.  რუსეთის დაკარგული სტატუსის დაბრუნების განცდის შექმნას რასაკვირველია დიდად დაეხმარა ნავთობსა და გაზზე არსებული მაღალი ფასები, რომელიც მომავალშიც შენარჩუნებული იქნება.

რასაკვირველია აქ უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რაზეც რატომღაც არ საუბრობენ. პუტინი იყო იღბლიანი, მას გაუმართლა, რადგან იგი მოვიდა მმართველობაში მაშინ, როდესაც პოზიტიური შედეგები – განპირობებული ელცინის დროინდელი და ადრეული რეფორმებითა და რუბლის დევალვაციით – უკვე ხელშესახები გახდა. ნავთობისა და გაზის ფასებმა სწორედ მაშინ დაიწყეს მაღლა სვლა, როდესაც პუტინმა მიიღო საპრეზიდენტო ბერკეტები. ამავე დროს, რასაკვირველია, პუტინი იმსახურებს შექებას საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებისათვის, ბიუჯეტის დაბალანსებისთვის, სარეზერვო ფონდის შექნისთვის, ფისკალური დისციპლინის დამყარებისთვის. მაგრამ, ამავე დროს, მისი რეჟიმის მიერ ექსპროპრირებული კერძო ბიზნესები და საერთოდ, მის  მიერ ბიზნესის კონტროლი უარყოფითად მოქმედებდა უცხოური ინსვესტიციებისა და ეკონომიკის ზრდაზე.

რუსების უმრაველესობა გახარებულია იმ ფაქტით, რომ ”რუსეთი დაბრუნდა”. ისინი დიდად არ ნაღვლობენ იმის გამო, რომ ”რუსეთის დაბრუნება” შეიძლება ნიშნავდეს კვლავაც გაღრმავებას ისედაც დიდი სხვაობისა დასავლეთისა და რუსეთის პოლიტიკურ კულტურებს შორის.

რუსულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას აღმოსავლური დესპოტიზმის ფატალურობა არანაირი ფორმით, რუსები უკეთეს მომავალს იმსახურებენ!

როგორც რუსული კულტურის პატივისმცემელს მიმაჩნია, რომ რუსების მთვარი ამოცანაა შეამცირონ ის დიდი ხარისხობრივი სხვაობა, რაც მათ არტისტულ და ლიტერატურულ კულტურასა და ჩამორჩენილ პოლიტიკურ კულტურას შორის არსებობს.

რუსეთისთვის არსებული პოლიტიკური სტატუს-ქვოს შენარჩუნება და გაგრძელება ნიშნავს მის დაქვეითებასა და დაკნინებას!

 
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: