IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• დვალეთი ისეთივე ტკივილია საქართველოსი, როგორიც სხვა დაკარგული ტერიტორიები

♥ Samachablo – სამაჩაბლო

 

dvaleti

“დვალეთი ისეთივე ტკივილია საქართველოსი, როგორიც სხვა დაკარგული ტერიტორიები”

2019, 16 სექტემბერი

“დღეს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები თავიანთ თავს “თუალს” (დვალს) უწოდებენ და იმ სოფლებში ცხოვრობენ, რომლებსაც ჟღერადობის შეცვლის მიუხედავად, ქართული სახელები ჰქვია”

ქართველებს მტრისგან მიტაცებულ მიწებს შორის დვალეთიც გვერიცხება. რატომ მივივიწყეთ და ამოვიგდეთ ცნობიერებიდან, ამის მიზეზის კვლევას დიდხანს მოვუნდებით. ფაქტი ის არის, რომ საქართველოს მთიანეთის ეს ნაწილი (3581 კვკმ ტერიტორია) რუსეთმა 1859 წელს ჩრდილო ოსეთს სათამაშოსავით აჩუქა. ერთ “მშვენიერ” დღეს, კერძოდ, 1859 წლის აპრილში, ქართველებმა გაიღვიძეს და დვალეთი უკვე გორის მაზრას აღარ ეკუთვნოდა, ის უკვე ოსების საკუთრება იყო. რატომ არ გამოხატა ამის გამო პროტესტი რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარმა მაშინდელმა ქართველობამ, უცნობია, თუმცა დვალეთის დაბრუნების საკითხის დაყენებას ქართველი ისტორიკოსები გასულ საუკუნეში შეეცადნენ. სავარაუდოდ, სტალინის იმედით: მაგალითად, პავლე ინგოროყვამ დვალეთის ტერიტორიები დეტალურად აღწერა, ივანე ჯავახიშვილმა კი პრესაშიც განაცხადა: “ბუნებრივი იქნება, რუსეთის მთავრობის შეცდომა შესწორდეს და დვალეთის, ანუ არდონის ქვაბ-ხეობა საქართველოს დაუბრუნდესო”! რასაკვირველია, ამ ამბებს შედეგი არ მოჰყოლია. დვალეთში კანტიკუნტად მცხოვრები დვალებიც გაოსდნენ. მათმა უმრავლესობამ ჯერ კიდევ ოსების სისხლიანი შემოსევისას შეაფარა თავი საქართველოს სხვა კუთხეებს. დვალთა შთამომავლების ნაწილში ისტორიული სამშობლოს მოგონება დღემდე ცოცხლობს. ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის როლანდ თოფჩიშვილის თქმით, დვალეთის შესახებ მისი წიგნის პრეზენტაციაზე დვალური გვარების არაერთი წარმომადგენელი მივიდა, მათ შორის, დვალები და დვალიშვილები. როგორი იყო დვალეთი და როგორ ცხოვრობდნენ დვალები, რომელთაც კავკასიური ლეგენდები “დევებადაც” კი მოიხსენიებენ, ამის შესახებ როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრება.

– როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქართველი მეცნიერები ელოდნენ, რომ საქართველოს სახელმწიფო დვალეთზე პრეტენზიას გამოთქვამდა, მაგრამ ჩვენი ისტორიული გულარხეინობის წყალობით, ოსებმა ტერიტორიებზე პრეტენზია აქეთ გამოხატეს და მიისაკუთრეს კიდეც. ვერასოდეს წარმოვიდგენ, რომ სამუდამოდ ასე იქნება, მაგრამ ამისთვის ბრძოლაა საჭირო. დვალეთის შესახებ არათუ ფართო საზოგადოებამ, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთავრობის დიდმა ნაწილმაც არაფერი იცის. ისტორიული მეხსიერების ასეთი დაქვეითება ცუდს მოასწავებს. დვალეთის დაპყრობაც იმის ნიმუშია, როგორ ნელ-ნელა შეიძლება დაგიპყროს მტერმა, თუ მას ნებაზე მიუშვებ. არადა, დვალეთი საქართველოს სახელმწიფოს ჩასახვიდან, ანუ მეფე ფარნავაზიდან მეფე ერეკლემდე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. იქ მოურავებს საქართველოს მეფეები ნიშნავდნენ. დვალეთის ერთ-ერთი მოურავი გიორგი სააკაძეც გახლდათ, ბოლო მოურავი კი ვინმე ფავლენიშვილი, რომელიც დვალეთში ერეკლე მეფემ დანიშნა.

dvaleti4

არაერთი დოკუმენტი არსებობს, როგორ ემუქრება ერეკლე მხარ-თეძოზე წამოწოლილ თავადებს, მეზობელ სოფლებს რატომ არ იცავთ ოსების თარეშისაგან, რატომ არ გესმით, რომ ოსები თქვენთანაც მალე მოვლენ, გაინძერით, ხალხს დაეხმარეთ, თორემ ყველა წყალობას წაგართმევთო!

სწორედ ისტორიული გულგრილობის დამსახურებაა, ოსებმა დვალეთი რომ დაიპყრეს, დღეს კი უკვე შიდა ქართლს გვედავებიან.

რას წარმოადგენდა დვალეთი? – ეს იყო საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთის მთიანი ტერიტორია, სადაც დვალები ალპურ ნაწილში ცხოვრობდნენ, შრომობდნენ და იცავდნენ ქვეყანას ალაგირის ხეობიდან შემოჭრილი ოსებისაგან. დვალეთს ამ ხეობისაგან უვიწროესი გასასვლელი ყოფდა, სადაც სოფელ კასრისხევთან სასაზღვრო პუნქტი იყო 12 მეტრიანი სიგანის დამცავი კედლით. XV საუკუნიდან, საქართველოს სრული დაცემის დასაწყისიდან, მოძალებულ ოსებთან ბრძოლაში საქართველოს მეფეები დვალეთს ვეღარ ეშველებოდნენ, რის გამოც, ფაქტობრივად, ბრძოლა მარტოს უხდებოდა. თითქმის XVIII საუკუნის დამდეგამდე სისხლისმღვრელი ბრძოლებით გაძლეს, მერე კი დვალეთში ოსები საბოლოოდ გაბატონდნენ. დვალების დიდი ნაწილი აიყარა და საქართველოს სხვა ტერიტორიაზე გადასახლდა, დარჩენილები კი გაოსდნენ. დღეს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები თავიანთ თავს “თუალს” (დვალს) უწოდებენ და იმ სოფლებში ცხოვრობენ, რომლებსაც ჟღერადობის შეცვლის მიუხედავად, ქართული სახელები ჰქვია.

dvaleti1

XII საუკუნის ქართული ეკლესია, ზროგოს ხეობა

– როგორც წესი, ტოპონიმიკა ყველაზე ბოლოს კვდება, ზოგჯერ მას დამპყრობი ვერც ერევა.

– მტერი მიწას იპყრობს იმ სახელით, რაც მას ჰქვია და ცნობიერშიც ამავე სახელითვე რჩება. ამიტომაც არის ტოპონიმთა ომი ყველაზე ხანგრძლივი და ხშირად დაუმარცხებელი. ჩრდილო ოსეთის ამჟამინდელი ტერიტორიის ტოპონიმები ოსებს კარგად აქვთ შესწავლილი, სადაც ქართული ტოპონიმი იმდენად ბევრია, რომ ამის აღიარებას ვერ გაურბიან. მაგალითად, ისტორიკოსი ცაგაევა ზოგიერთ ტოპონიმზე პირდაპირ წერს, ქართულიაო. სხვა გზა არც აქვთ, დიდი კვლევა არ სჭირდება იმის დადგენას, რომ, მაგალითად, დვალეთის სოფელი “ზლესი ძუარ” და “სამხთო ძუარ” იგივე “ძლევის ჯვარი” და “სამხთო ჯვარია”, “მიქელგაბრი” – “მიქელგაბრიელი”, “თარანჯელოსი” – “მთავარანგელოზი”… მით უფრო, რომ ამ სოფლებში დღემდეა შემორჩენილი XI-XII საუკუნეების ქართული ეკლესიების ნაშთი. “ლისრი” იგივე “ლესრეა”, რომელიც XVIII საუკუნეში ჯერ კიდევ კახეთის საკუთრებად ითვლებოდა.

ზოგიერთი ტოპონიმი ვერც შეცვალეს. მაგალითად, დვალეთში დღესაც არის სოფლები და ნასოფლარები: “ხალანა”, “ყურთა”, “ღორღანი”, “გორი”…. დვალეთის მიტოვებულ სალოცავებში კი, ყველაფრის მიუხედავად, ლამის XX საუკუნის შუა ხანებამდე ადიოდნენ და ლოცულობდნენ დვალეთიდან დაფანტული დვალები. ეს ამბავი ხსენებულ ცაგაევასაც აქვს ჩაწერილი იქ მცხოვრები მოხუცი ოსებისგან. წერს, მოხუცებმა დანგრეული ეკლესია მაჩვენეს, ეს ქართველების სალოცავია, აქ ღამეს ათევენო. აქეთ, რაჭაში შესაძლოა დღესაც იპოვო მოხუცები, რომლებიც გეტყვიან, რომ მათი მამაპაპეული სალოცავები მამისონზე, დვალეთშია დარჩენილი და მათი მამა-პაპაც მამისონზე დადიოდა მოსალოცად – მთიელებს ხომ წესად აქვთ დღესასწაულებზე ფუძისეულ სალოცავებზე ასვლა.

dvaleti2

სოფელი ლისრი, ჟღალეს ხეობა

როდესაც ქართველ ისტორიკოსებს ჯერ კიდევ ჰქონდათ შესაძლებლობა დვალეთის კვლევისა, მათ ეს ნანგრევებად ქცეული სალოცავები და მათზე ქართული წარწერების ნაშთიც გადაიღეს. დღეს კი ამ ძეგლებს ოსები გაცხოველებით იღებენ, რადგანაც დიდებულებას ჯერ კიდევ ასხივებს. თუმცა ფილმებში არასოდეს ამბობენ, რომ ისინი ქართულია, მათ შორის არც საუკუნოვან კოშკებზე, რომლებიც იმდენად სრულყოფილად ნაშენია, რომ დროს იმაზე დიდხანს გაუძლეს, ვიდრე თავად დვალებმა და დვალურმა ენამ, რომელიც დვალებთან ერთად გაქრა. როგორც ბევრი მეცნიერი ფიქრობს, დვალების ენა სადღაც მეგრულსა და სვანურს შორის, მაგრამ ამავე დროს, სრულიად დამოუკიდებელი ენა იყო.

– რუსი ფოტოგრაფების ფოტოების მიხედვით, დვალეთის ციხე-კოშკები ისეა მიწასთან გასწორებული, გული მოგიკვდება. ეს რომ საქართველოსი იყოს, უკვე აღდგენილი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არ გვილხინს, რუსებს კი მათი ბედი, ცხადია, არც ადარდებს.

– რუსეთს ამ კულტურის აღდგენის რესურსი არა აქვს. დღეს ყველამ კარგად იცის, რომ გარდა დიდი ქალაქებისა, რუსეთის ტერიტორიები ნელ-ნელა ღატაკდება. თავის დროზე დვალეთი უმდიდრესი მხარე გახლდათ. აქ მეცხოველეობა ყვაოდა. დვალეთიდან საქართველოში 11 უმოკლესი გადმოსასვლელი იყო, სიახლოვის გამო უფრო რაჭის გადმოსასვლელით სარგებლობდნენ. ვაჭრობა ონში იმართებოდა. დვალები პირუტყვს, მატყლის ნაქსოვებს, რძის ნაწარმს ყიდდნენ, რაჭიდან კი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო საქონელი მიჰქონდათ. თავად დვალეთშიც იყო სავაჭრო სოფელი, რომელსაც ქალაქა ერქვა და რომელიც დღემდეა შემორჩენილი. იქ ონელები ადიოდნენ სავაჭროდ. განა შეიძლება სახელი “ქალაქა” ოსური წარმოშობისა იყოს?! სხვათა შორის, როდესაც ოსთაგან შევიწროებული დვალები აიყარნენ, ერთი ნაწილი რაჭის სოფელ გლოლაში გადმოსახლდა. გლოლელებს დვალობა იმაზეც ეტყობათ, რომ მათი მეტყველება რაჭის სხვა მკვიდრთა მეტყველებისგან მკვეთრად განსხვავდება. თავადაც მომისმენია გლოლელებისგან, ჩვენი წინაპრები დვალეთიდან იყვნენო. დვალთა შთამომავლები საქართველოში ბევრგან ცხოვრობენ, მაგრამ გლოლაში მაინც ყველაზე კარგად არის შემონახული დვალეთის მეხსიერება. გლოლაში დღესაც მღერიან უძველეს სიმღერას დვალებისა და ოსების ბრძოლის გმირ ჯაფარაზე, რომელიც მტერმა ისე დაჩეხა, რომ მისი კიდურები ცოლ-შვილს შინ კალათით მიუტანეს. ჩვენ არ ვიცით, ამ სიმღერაში რომელ საუკუნეზეა საუბარი, თუმცა მრავალი ცნობა არსებობს იმის შესახებ, რომ დვალები ოდითგან ქრისტიანები იყვნენ. მაგალითად, არსებობს ცნობა, რომ თემურ-ლენგის მერვე ლაშქრობისას, როდესაც მან რაჭაც გადაწვა, სოფელ ღუდის უძვირფასესი სახარება დაიკარგა. მემატიანე წერს, ეს სახარება ვინმე დვალ ფარახაულს ჩავარდნია ხელში, რომელსაც დვალეთში დედამისისთვის გაუგზავნია და ამ გზით დავიბრუნეთო. ანუ XV საუკუნეში დვალებს სახარება ძალიან ეძვირფასებოდათ. და საერთოდ: XIX საუკუნეში დვალეთის ზახას ხეობელებმა ქართული ენაც კარგად იცოდნენ, მერე ქართველობის ეს ნიშანი გაქრა.

dvaleti3

სოფელ ნუზალის სამლოცველო

– ხუთი საუკუნის განმავლობაში ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გვიპყრობდნენ დვალეთიდან შიდა ქართლამდე.

– არაერთხელ მითქვამს – ამას ჩვენი გულარხეინობაც უწყობდა ხელს. როდესაც ასეთი მაგალითები გაქვს, ხომ უნდა დაფიქრდეს სახელმწიფო! როდესაც სამაჩაბლოში, მეჯუდის ხეობაში ვიყავი ექსპედიციაში, მასპინძელმა ხეობის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ნათესავებზე გვითხრა, შეგიძლიათ მათაც გაესაუბროთ, საინტერესო იქნებაო. მივედით, ოჯახის მასპინძელი ქართველი იყო და სუფთა ქართულით ლაპარაკობდა, მაგრამ იმ კაცის ხუთი შვილიდან ხუთივე ქართულს ძლივს ამტვრევდა, თან ყოყმანობდნენ ეთქვათ, ქართველები იყვნენ თუ ოსები. მიზეზი კი ის იყო, რომ ბავშვებს ბებია და დედა ოსები ჰყავდათ. ამ ოჯახის უფროსმა ვაჟმა მითხრა, რუსეთში უნდა წავიდე სასწავლებლადო და ავღელდი, ეს მისი ქართველობის საბოლოო დაკარგვად ჩავთვალე. ჩემს ცხოვრებაში აბიტურიენტისთვის გამოცდებზე არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მაშინ გადავწყვიტე, სანამ ეს ბავშვი საბოლოოდ გაოსებულა, იქნებ თბილისში რომელიმე ტექნიკურ სასწავლებელში მაინც მოვაწყო-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა, თბილისი არ მიყვარსო. რატომ არ უყვარდა? იმიტომ, რომ ქართული წერა-კითხვა არ იცოდა და თბილისში ვერავის ვერაფერს გააგებინებდა.

ქსნის ხეობაში, სოფელ ბუჯიანთკარში ილურიძეები ცხოვრობდნენ. როცა მივედი, 40-კომლიან სოფელში მხოლოდ ერთი იყო ქართველი რძალი, ყველა სხვა კი ოსი, სოფელიც ოსურად ლაპარაკობდა. ოსრძლიანობას, რასაკვირველია, თავისი მიზეზი ჰქონდა – ქართველ ქალებს მთის სოფლებში გათხოვება არ სურდათ, მაგრამ ქართველები ხომ უნდა დაფიქრებულიყვნენ, რომ ამ სოფელს ქართულენოვანი სკოლა ჰქონოდა? სახელმწიფოს შენება ასე არ გამოდის. საგანგებოდ ვუსმენ რუსულ გადაცემებს, სადაც ექსპერტები ამბობენ, რომ თუკი რუსეთს კავკასია გაექცა, საქართველო-ჩეჩნეთის ომი გარდაუვალი იქნებაო. ნუ ჩავთვლით ამას რუსულ პროპაგანდად. უმჯობესია ვიფიქროთ, რატომ? იმიტომ, რომ რუსეთისგან ომში გაწყვეტილმა ჩეჩნებმა გამრავლების მტკიცე ფიცი დადეს, დღეს მათ ოჯახებში საშუალოდ 7 ბავშვია. ასე რომ, ქვეყანაში, სადაც ბოლო აღწერით 940 000 კაცი იყო, დღეს უკვე 1 400 000 კაცია. თუ მათი გამრავლება ასეთი ტემპით გაგრძელდა, ცხადია, საარსებო გზას მოძებნიან მზისქვეშეთში. ასეთ ფაქტებს გათვალისწინება და შემხვედრი ღონისძიებები სჭირდება. მათ შორის გამრავლებასთან ერთად ისტორიის არდავიწყებაც არის. დვალეთი ისეთივე ტკივილიანი ნაწილია საქართველოსი, როგორიც სხვა დაკარგული ტერიტორიები. ხსოვნა კი იმას ნიშნავს, რომ მათ დაბრუნებაზეც მარადიულად ვიფიქროთ!

kvirispalitra.ge

 
%d bloggers like this: