IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

•კახნიაშვილი – სასამართლო რეფორმის ბედი ქუთაისში წყდება

♥ ს. ე. გ. მ.

avtandil Kakhniashvili

ავთანდილ კახნიაშვილი

სასამართლო რეფორმის ბედი ქუთაისში წყდება

მოსამართლე მილდენბერგერს შეუძლია შეაჩეროს მოსამართლეთაA უვადოდ გამწესების პროცესი. საქმის არსებითი განხილვა 01 თებერვალს დაიწყო

არსებობს სამართლებრივი გზა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი, არსებითად შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა და გაუქმდეს ადრე მიღებული გადაწყვეტილებები მოსამართლეების (მათ შორის, მურუსიძის) უვადოდ გამწესების თაობაზე.

გაზეთ „რეზონანსის 9 და 21 იანვრის ნომრებში გამოქვეყნდა სტატიები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ორი წლის წინ შეტანილი სარჩელების თაობაზე, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოდან ქუთაისში გადაიგზავნა. საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა და არსებითი განხილვა 01 თებერვალს დაიწყო.

სარჩელების თანახმად, პარლამენტი კანონმდებლობის დარღვევით ატარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსებს, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება კონკურსის პირობებს. Aამდენად, თუ სასამართლო სასარჩელო მოთხოვნებს სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს (პირველ შემთხვევაში, პარლამენტის მიერ 2017 წელს ჩატარებულ კონკურსები იქნება ცნობილი ბათილად, ხოლო მეორეში _ მხოლოდ 3 არამოსამართლე წევრის, შოთა ქადაგიძის, ლევან გზირიშვილისა და ზაზა ხარებავას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩევა), პარლამენტს ახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევს, ხოლო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არამოსამართლე წევრების მონაწილეობით მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები (რომლებშიც 10 ხმა მათი დახმარებით შეგროვდა) გაუქმდება.

საქმის ობიექტური განხილვის შედეგად, შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს შედარებით მკაფიო კრიტერიუმები “სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტებისა” და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევად. ის მაინც დადგინდება ერთმნიშვნელოვნად, არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში სასამართლოებში წარმომადგენლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს უნდა მოეთხოვებოდეს, თუ მის წარმდგენ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციას, რაც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამის ნორმებს შორის სადღეისოდ არსებულ აშკარა წინააღმდეგობასაც აღმოფხვრიდა.

სხდომის დაწყებამდე მოპასუხის წარმომადგენელს „დამოუკიდებელი არბიტრის“ წინაშე დაპირისპირებამდე „მოთელვის“ სახით შევთავაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საზეიმო მიღებაზე გაკეთებული ის განცხადება განემარტა, რომლითაც „ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 იანვრის დადგენილებით“ ყოფილა შემოღებული (არადა, „სახელმწიფო დროშის შესახებ“ ორგანული კანონი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის მიერ არის ხელმოწერილი). თავადაც დარწმუნდებოდა, რომ შეცდომები უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებსაც მოსდით და, გონივრული იქნებოდა, თუ სარჩელს თავიდანვე სცნობდა, რაც მოსამართლეების უვადოდ გამწესების პრობლემასაც მოაგვარებდა. სამწუხაროდ, უარი განაცხადა…

სხდომა მხარეთა შუამდგომლობების განხილვით დაიწყო. 2017 წლის 31 იანვარს შეტანილ სარჩელში სასამართლოსგან ვითხოვდი შეეჩერებინა საქმის განხილვა და მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის იმ ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად, რომლითაც ა(ა)იპ-ებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად ნებისმიერი პირის წარდგენის უფლებას ეძლევათ.

ფაქტობრივად, ე. წ. არასამთავრობოებს მეტი უფლებამოსილება აქვთ კანონით მინიჭებული ვიდრე ადვოკატთა პროფესიულ გაერთიანებებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მაგ., თუ თსუ-ს მხოლოდ პროფესორის წარდგენა შეუძლია, ხოლო სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ მხოლოდ ადვოკატის, ა(ა)იპ-ს შეუძლია იუსტიციის საბჭოს წევრად ნებისმიერი იურისტი წარადგინოს (პროფესორიც, ადვოკატიც და პოლიციელიც…), რაც აშკარად დისკრიმინაციულ მიდგომას წარმოადგენს და ა(ა)იპ-ებს სხვებთან შედარებით პრივილიგირებულ მდგომარეობაში აყენებს. მით უმეტეს, რომ კანონი მხოლოდ კანდიდატის წარდგენი იურიდიული პირისგან ითხოვს, „საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო ორი წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“. ანუ, გამოდის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სასამართლოში მხოლოდ ერთხელ მოუწიოს საკუთარი ინტერესების დაცვა (მაგ., 10-ლარიანი საჯარიმო ქვითარი გაასაჩივროს…), გადამწყვეტი როლი ენიჭება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებასა და სასამართლო რეფორმის განხორციელებაში… პარლამენტის მიერ ჩატარებულმა ბოლო კონკურსებმაც დაადასტურა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მხოლოდ ა(ა)იპ–ების მიერ წარდგენილი, თუმცა მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სასურველი იურისტებით ივსება. ამასთან, ისე, რომ არც აკადემიური წრეების აზრია გათვალისწინებული და არც ადვოკატების…

აღნიშნული შუამდგომლობის დაყენებისას იმედი მქონდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში მიიღებდა გადაწყვეტილებას. ვინაიდან სარჩელის განხილვა გაუმართლებლად გაჭიანურდა, ხოლო სასამართლო ხელისუფლებაში საგანგებო ვითარება შეიქმნა, ზემოაღნიშნული შუამდგომლობა მოვხსენი და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამოუკიდებლკად მიმართვა გადავწყვიტე.
ამის შემდეგ სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობების თაობაზე იმსჯელა. წარმომადგენლებმა საქმის შეწყვეტა იმის გამო მოითხოვეს, რომ თურმე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება კონკურსის გამოცხადების თაობაზე არ წარმოადგენს ადმინიტრაციულ–სამართლებრივ აქტს და მისი გასაჩივრება არ შეიძლება, ამასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანონდარღვევით გამწესებით არც რაიმე პირდაპირი და ინდივიდუალური ზიანი არ მიმიღია…

სასამართლოს შევახსენე, რომ მსგავსი ვითარება ადრეც შეიქმნა, როდესაც მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სარჩელი საკრებულოს 2002 წლის N29 დადგენილებით აღმართული ე. წ. დავით აღმაშენებლის ხუთჯვრიანი დროშის ჩამოხსნის თაობაზე. შესაბამისი განჩინება ზემდგომმა სასამართლომ გააუქმა და მკაფიოდ განმარტა, რომ მოქალაქეს ხელისუფლების გაკონტროლების უფლებაც გააჩნია და ე. წ. საჯარო ინტერესებიც. ამის შემდეგ, მოსამართლეთა კოლეგიამ სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღსრულდა… (სამაგიეროდ, გურამ შარაძე საჯაროდ დახვრიტეს, ხოლო მოსამართლე ნათია წკეპლაძე სასამართლოდან დაითხოვეს…).

გამიკვირდა, მაგრამ სასამართლომ მოპასუხის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და, მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ, მორიგი სხდომა 26 თებერვალს 14 საათზე დანიშნა. საქმის განხილვა შეკითხვების დასმისა და მკტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გაგრძელდება.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სხდომას არც თავად დაესწრნენ და არც წარმომადგენლები გამოგზავნეს. მართალია, როგორც ჩანს, დარწმუნებული არიან, რომ მათ ვერავინ შეეხებათ, მაგრამ უპრიანი იქნებოდა, იმ სასამართლოს მიმართ გამოეჩინათ პატივისცემა, რომლის ბედის გამგებლადაც პარლამენტმა გაამწესა. ამასთან, თუ დამოუკიდებლობის აღდგენამდე საქართველოს კომპარტიის ცკ–ის აგიტაცია–პროპაგანტის განყოფილებაში წყდებოდა მედიით რა ინფორმავია და რა თანმიმდევრობით უნდა გავრცელებულიყო, მართლა მაინტერესებს ამჟამად ვინ ასრულებს „გენერალური ცენზორის“ ფუნქციას. მიუხედავად იმისა, რომ დავის არსის თაობაზე ყველა ე. წ. რეიტინგულ მედიასაშუალებეს და „არასამთავრობოებს“ ვაცნობე, სასამართლოში არავინ გამოჩენილა (არადა, ერთ–ერთი „ყურებადი“ ტელეარხის ჟურნალისტები ქუთაისში იმყოფებოდნენ და დღის განმავლობაში გადმოსცემდნენ საინტერესო ამბებს).

ასე, რომ ქუთაისის სასამართლოს მიეცა შანსი შევიდეს ისტორიაში და პარლამენტთან ერთად იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც აღადგინოს სამართლიანობა. თუ მოსამართლე მილდენბერგერი კანონით იხელმძღვანელებს და გადაწყვეტილებასაც დამოუკიდებლად მიიღებს, ჯერ კიდევ შესაძლებელია, სამართლებრივი ნიჰილიზმი დავძლიოთ, სასამართლო რეფორმაც გადარჩეს და საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.

ავთანდილ კახნიაშვილი
სამართლის დოქტორი
05.02.2015

 

 
%d bloggers like this: