IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ა.კახნიაშვილი – 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

 

  • საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. 26.11.2018
  • 5 შეკითხვა პრეზიდენტობის  კანდიდატებს. 26.10.2018

 

 

kakhniashvili

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ

 

უპასუხოდ დარჩენილი კითხვები

პრეზიდენტის არჩევნების   პირველი ტურის კომენტარი

პრეზიდენტს ვირჩევთ თუ რეფერენდუმს ვატარებთ?!

 

        არჩევნების პირველი ტურის წინ საქართველოს მე-5 პრეზიდენტობის 5 ყველაზე რეიტინგულ („გაპიარებულ“) კანდიდატს სულ 5 კითხვა დავუსვი.  მაინტერესებდა,  ამომრჩეველთა ნდობის მოპოვების შემთხვევაში, რამდენად  კანონიერად და გონივრულად  აპირებდნენ  თუნდაც რამდენიმე  საშინაო პრობლემის მოგვარებას.  ვინაიდან პასუხი არც ერთმა არ გამცა, საარჩევნო ბიულეტენში ბოლო ნომრად მითითებული, მაგრამ ნამდვილად ღირსეული კანდიდატი,  შემოვხაზე.

         ამჯერად, თითქმის ერთნაირი შედეგით  მეორე ტურში გასულ კანდიდატებს, რომლებიც თითოეული დამატებითი  ხმისთვის ძალისხმვევას არ იშურებენ,  საარჩევნო შტაბებში მივაკითხე.   იმედი მაქვს,  ახლა მაინც მოიცლიან რიგითი ამომრჩევლის  წერილობით მიმართვაზე საპასუხოდ, ვინაიდან სახელმწიფო სიმბოლიკის, მიწის ფონდის განიავების, ქვეყნის ფედერალიზაციის   ან დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის თაობაზე  პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიცია  მათი მხარდამჭერებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო და დანარჩენ   მოქალაქეებსაც დაეხმარება არჩევანის გაკეთებაში. 

            იმედი მქონდა, საქვეყნოდ დასმული კითხვებით  ჟურნალისტები მაინც დაინტერესდებოდნენ  და  პრეზიდენტობის  კანდიდატებს   დაუსვამდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ზემოაღნიშნული საკითხები უმნიშვნელოდ  მიაჩნიათ და მხოლოდ იმ  თემებს აშუქებენ, რომლებსაც  „ილიაუნის“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ან  უცხოეთიდან დაფინანსებული სხვა ე. წ.  არასამთავრობო ორგანიზაციების   „ექსპერტები“ წამოწევენ…           

          ფაქტია, საქართველოს კონსტიტუციაში   „ნაციონალურ ინტერესებში“  ცვლილება რომ არ შეეტანათ, პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური კი არ უნდა დანიშნულიყო, პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო,  ვინაიდან პირველ ტურში ამომრჩეველთა უმრავლესობა (53 %-ზე მეტი)  საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდა. ანუ, „ხელისუფლების წყარომ“ – ხალხმა საპრეზიდენტო არჩევნებს, ფაქტობრივად,  ბოიკოტი გამოუცხადა… აქედან გამომდინარე,    დარწმუნებული ვარ, მეორე ტურის ბიულეტენი „ყველას წინააღმდეგ” ხმის მიცემის შესაძლებლობასაც  რომ ითვალისწინებდეს, საპრეზიდენტო არჩევნებში გაცილებით მეტი მოქალაქე მიიღებდა მონაწილეობას და ორივე კანდიდატის წინააღმდეგ მისცემდა ხმას… მითუმეტეს, წინასაარჩევნო კამპანია „ანტირეკლამაზეა“  აგებული, რის შედეგადაც მედია და ბილბორდები ორივე კანდიდატის, ფაქტობრივად, მხოლოდ  ნეგატიურ მხარეებს წარმოაჩენენ.

         არადა, განვითარებულ ქვეყნებში (მაგ., შვედეთი,  ბელგია, ფინეთი, პოლონეთი, ესაპანეთი და სხვა) არსებობს ასეთი გრაფა და ყველას წინააღმდეგ  ხმის მიმცემები არჩევნებში მონაწილეებად ითვლებიან (ჩვენი კანონმდებლობით, თუ  ორივე კანდიდატი გადახაზული აღმოჩნდა ბიულეტენი ბათილად ითვლება…).  რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც კი აღიარა „ყველას წინააღმდეგ” ხმის მიცემის უფლება, თუმცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  პლენუმმა  (ცხრავე  მოსამართლემ) გასულ წელს   შეტანილი ანალოგიური   სარჩელი  (N871) განსახილველად არ მიიღო (საგულისხმოა, რომ მოსარჩელეები, სამართლისა და ეკონომიკის  დარგში აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერები, სხდომაზე არ მიიწვიეს…), რითაც, ფაქტობრივად, წაახალისა  არჩევნების  შედეგებით მანიპულირება…

         საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ამჯერად უკვე მთელ  ქვეყანაში,  ფაქტობრივად, იგივე ვითარებაა შექმნილი, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებისას  N1  მთაწმინდის საარჩევნო  ოლქში, როდესაც  მეორე ტურში   „სააკაშვილის რეჟიმის“ წინააღმდეგ მობილიზებულმა ამომრჩევლებმა „დამოუკიდებელი“ კანდიდატი (სალომე ზურაბიშვილი) საქართველოს პარლამენტში საკუთარ წარმომადგენლად ისე გაამწესეს (67,55 %–მა დაუჭირა მხარი),   მისი ერთგვერდიანი საარჩევნო ბუკლეტიც კი  არავის წაუკითხავს….

         კარგად დაფინანსებული წინაასარჩევნო სარეკლამო კამპანიის ძირითადი გზავნილიდან („არა ძალადობას!“)  გამომდინარე, 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო  არჩევნების  მეორე ტური კი არ ჩატარდება, არამედ მოქალაქეები, ფაქტობრივად,   რეფერენდუმში მიიღებენ  მონაწილეობას და პასუხს  გასცემენ კითხვაზე: გსურთ თუ არა  რომ თქვენზე იძალადონ?!  შედეგად, საარჩევნო უბნებს ის   მოქალაქეებიც   მიაკითხავენ, რომლებმაც  პირველ ტურში სახლში დარჩენა  ამჯობინეს და  „48“–ს („არას“) შემოხაზავენ.   შედეგად,  ვინაიდან  სააკაშვილის „ერთიანი გუნდის“ მომხრე ამომრჩეველთა  რიცხვი დიდად არ შეიცვლება,  საქართველოს მე–5 პრეზიდენტად  სალომე ზურაბიშვილს ვიხილავთ (სავარაუდოდ, ხმების არანაკლებ 60 %–ს მოაგროვებს), რომელიც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ფაქტობრივად, მისი კონკურენტის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების სასარგებლოდ იმუშავებს…

      ფაქტია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების  პირველი ტური, მოსალოდნელი შედეგით, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა სასარგებლოდ დასრულდა, ვინაიდან  არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობამ (50 %-ზე მეტმა) ვაშაძე–ბაქრაძე–უსუფაშვილს მისცა ხმა, რაც პირველ რიგში, სწორედ „ქართული ოცნების“ მესვეურთა დამსახურებაა… მმართველ  პოლიტიკურ ძალას საკუთარი კანდიდატი რომ წარედგინა (მაგ., მაია ცქიტიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ნოდარ ჯავახიშვილი,  დავით  სერგეენკო, ლადო ჭანტურია…),…), ან რომელიმე  სხვა დამოუკიდებელი კანდიდატი შეერჩია (მაგ., ლია მუხაშავრია, ნათია წკეპლაძე,  ჯონი ხეცურიანი, მინდია უგრეხელიძე, მიხეილ ჯიბუტი, ვლადიმერ პაპავა,..) დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სადეპუტატო მანდატების, არანაკლებ 70 % ექნებოდათ  გარანტირებული.  სალომე ზურაბიშვილის  მხარდაჭერამ და კანაფის კულტივაციის თემის წამოწევამ, ფაქტობრივად, იგივე ფუნქცია შეასრულა, როგორიც ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისა და  ე. წ. უშრომელი შემოსავლების აკრძალვამ საბჭოთა კავშირის დაშლაში. მაშინაც ხალხი  მმართველი კომუნისტურის პარტიის  წინააღმდეგ განეწყო და შედეგიც  სწორედ ისეთი „დაიდო“, როგორიც „პერესტროიკის“  ინიციატორებს ჰქონდათ  დაგეგმილი. 

         ამდენად, გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად, თუ საარჩევნო გარემო რადიკალურად არ შეიცვალა და იგივე პროცედურები დარჩა,  საკანონმდებლო ორგანოში სადეპუტატო მანდატების  უმრავლესობას ევროინტეგრაციისა და  ლიბერალური იდეოლოგიის პლატფორმაზე „გაერთიანებული ოპოზიცია“ დაეუფლება, ხოლო ყოფილი „მოქალაქეების“, „ნაცებისა“ და „მეოცნებეების“  მეორე ნაწილს საპარლამენტო უმცირესობაში ვიხილავთ. მათი მორიგი  „კოჰაბიტაციის“ შედეგად კი  მიზანმიმართულად გაგრძელდება ქვეყნის  შემდგომი „ფედერალიზაცია“ (ფაქტობრივად, მხარე-რეგიონების დონეზე განსახელმწიფოებრიობა, თბილისი კი,  სავარაუდოდ, ფედერაციის დამოუკიდებელი სუბიექტი გახდება…). 

        ფაქტია ისიც, რომ ევროპის საბჭოს მიერ ადრე გამოცემულ ერთ–ერთ კრებულში საქართველოს რუკა აფხაზეთის, აჭარისა და ე. წ. სამხრეთ  ოსეთის გარეშე იყო გამოსახული,  ხოლო  ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ქვემო ქართლში დასახლებულმა აზებაიჯანელებმა  „ბორჩალოს საზოგადოებრივი პარლამენტი“  შექმნეს…  არც ის არის საიდუმლო, რომ  ჯავახეთში მცხოვრები სომხების  ნაწილიც დიდი ხანია  საკუთარ სახელმწიფოზე ოცნებობს… აღარაფერს ვიტყვი რუსეთის   მხრიდან განხორცილებულ „მცოცავ ოკუპაციაზე“, რომელიც, შესაძლოა, მათთვისაც „მოძმე“ სომხეთის საზღვრებამდე  გაგრძელდეს… 

           საგულისხმოა, რომ „დნობადი საქართველოს“  ბედით კალგარის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ ანდერსენიც  შეწუხებულა, რომლის სტატია  კავშირ  „იბერიანას“ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული კანადელი მეცნიერის აზრით: „საქართველოს დაშლის პირველდაწყებითი გეგმა პრაქტიკულად ასი პროცენტით განხორციელდა (საერთაშორისო თანამეგობრობის სრული თვითჩამოცილებით). დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დე ფაქტოდ მოწყვეტილია საქართველოდან, და განსაზღვრულ ძალებს გამოაქვთ ამ სახელმწიფოს შემდგომი დაშლის გეგმები“ (iberiana.worldpress.com). 

         ამდენად, შექმნილ საგანგაშო  ვითარებაში, ნაცვლად იმისა, რომ  საქართველოს ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა  და სარწმუნოებისა, ერთიანი ქართული  სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად გავერთიანდეთ  და ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვისაც ერთად ვიზრუნოთ,   გაპოლიტიკოსებული თანამედროვე  „ყვარყვარეების“ (ოსტაპ ბენდერების თუ სქვილერების) ინტერესებში, ამჯერად უკვე ზურაბიშვილ–ვაშაძის  „პირველობისთვის“  ვუპირისპირდებით ერთმანეთს…  

         ვინაიდან  „ნაციონალურ მოძრაობასა”  ან „ქართულ ოცნებაში”, ისევე, როგორც ადრე  „მოქალაქეთა კავშირში”, მხოლოდ  პლუტოკრატიულ რესპუბლიკაში  თუ მოხერხდებოდა პოლიტიკური ამბიციების მქონე  მოქალაქეების  გაერთიანება და პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა, ლოგიკურია, რომ სადღეისოდ პოპულარული („რეიტინგული“) პარტიებიც  გაქრებიან პოლიტიკური არენიდან.

          მიმაჩნია, რომ „მოქალაქეთა კავშირის“ დასახელებით პოლიტიკური გაერთიანება საერთოდ არ უნდა დარეგისტრირებულიყო, ვინაიდან სახელწოდებას აშკარად შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. სახელმწიფო, ფაქტობრივად,   მისი  ყველა  მოქალაქის კავშირია,   ხოლო თითოეული პოლიტიკური გაერთიანება (პარტია) მოქალაქეთა  იმ  ერთი  ნაწილის (ჯგუფის) კავშირია, რომელთაც სახელმწიფოს მოწყობისა და განვითარების საკუთარი ხედვა (კონცეფცია, იდეოლოგია) გააჩნიათ, რაც მათი პოლიტიკური  გაერთიანების  დასახელებაშიც აისახება  (მაგ.,  კომუნისტური, სოციალისტური, რესპუბლიკური, დემოკრატიული, ეროვნული,  მშრომელთა, ლუდის მოყვარულთა…).   ამდენად, რბილად რომ ვთქვათ არაკორექტულია, როდესაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი (თუნდაც, თანამდებობრივი ან ქონებრივი ცენზით გამორჩეული), ფაქტობრივად,   სრულიად საქართველოს  „მოქალაქეთა კავშირის“ სახელით აკეთებს განცხადებებს.

       ლოგიკურად იმის ახსნაც გაძნელდება, თუ რატომ უნდა ერთიანდებოდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ საქართველოში მცხოვრები, მაგ, აზერბაიჯანელები და სომხები…   საფრანგეთში ეს გასაგები იქნებოდა, ვინაიდან იქ   „ნაციონალობა“ იგივე მოქალაქეობას აღნიშნავს და  ფრანგებისთვის  „ნაციონალური მოძრაობა“ იგივე „ერთიანი სამოქალაქო მოძრაობაა“. ამდენად, როდესაც ქართულად  ენაზე სიტყვა „ნაციონალური“,  ერთმნიშვნელოვნად,    მხოლოდ ერს (ეროვნებას, ეროვნულობას) უკავშირდება, ძნელი დასაჯერებელია, „ერთიან ეროვნულ  მოძრაობაში“ საქართველოში  მცხოვრები რომელიმე ერის    წარმომადგენელი  საკუთარი ნებით  გაწევრიანდეს, თუ მას სწორად განუმარტეს ამ პოლიტიკური  გაერთიანების  დასახელების ან, თუნდაც,  სიტყვა   „რევოლუციის“  არსი…

         ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტალინს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში აქვს გამოქვეყნებული ნაშრომი: „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი”, რომელშიც ერთი თავი „ნაციონალური მოძრაობაა”…  ამდენად, სრულიად შესაძლებელია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რევოლუციონერის ნაშრომი სააკაშვილს ორიგინალში თავად გადაეკითხა…… იმაშიც  დარწმუნებული ვარ, ყოფილ პრეზიდენტს (არადა, რუსთავი-2-ით იმდენად ხშირად ჩანს, ზოგიერთს, შეიძლება, დღესაც   პრეზიდენტი ჰგონია…)  არც სალომე ზურაბიშვილის  არჩევის შემთხვევაში დაწყდება გული, ვინაიდან თავად უკვე საერთაშორისო ასპარეზზეა გასული და გინესების წიგნშიც აუცილებლად შეიტანენ პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში ნათქვამი ტყუილებისა და  ცრუ დაპირებების რაოდენობით.  ცალკე მსჯელობის თემაა წარმომავლობა  კათოლიკე ჯვაროსნების ლაშქრობების დროიდან ცნობილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დროშის, რომელიც თვითნებურად (ფაქტობრივად, ძალადობრივად…)  იქცა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ.

       რაც შეეხება ქართველ „მეოცნებეებს“,  ცხადია, ოცნებას ვერავის დაუშლი, მაგრამ რეალობაში, ოცნებები, ხშირ შემთხვევაში, აუსრულებელი რჩება, ხოლო საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის კონსტიტუციური  „ურყევი ნება“ სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებაა, რასაც  ერთობლივი ძალისხმევით  აუცილებლად მივაღწევთ.  

       მართალია, ამერიკელებს  ბევრ რამეში ვბაძავთ (ამერიკული ფეხბურთიც  კი  ავითვისეთ და  გუნდს „51–ე შტატი“ დავარქვით“…), მაგრამ  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ ის გამონაკლისი შემთხვევაა,  როდესაც   სხვის მიწაზე ახლადშექმნილი   სახელწიფოს მოქალაქეს „ამერიკელი“ ეწოდა (როგორც წესი, ერები საკუთარ მიწაზე  ქმნიან სახელმწიფოებს). ამდენად,   „ამერიკული ოცნება“ აშშ–ში მცხოვრები ინგლისელის, ირლანდიელის, ესპანელის, ფრანგის, ჩინელის თუ მექსიკელის საერთო ინტერესებთნ ასოცირდება.  ასევე, სომხეთშიც შეიძლება დომინანტი  პოლიტიკური გაერთიანება  „სომხური ოცნების“  სახელს ატარებდეს, ვინაიდან მოსახლეობის თითქმის 99 %  ერთი ერის წარმომადგენელია და, ბუნებრივია, რომ მოქალაქეების  დიდი ნაწილი „დიადი არმენიის“  აღორძინებაზეც ოცნებობს.

         რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან „ქართულ ოცნებას“, რომელზეც  სახელმწიფო  ჰიმნშიც კი გვაქვს მინიშნება („ორ ზღვას შუა გაბრწყინება…“), ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი დასახელების  პოლიტიკურ გაერთიანებაში, საქართველოში მცხოვრები, თუნდაც ჩვენი   „ზემლიაკი“ ძმები აზერბაიჯანელები ან  სომხები სრულიად უანგაროდ  გაწევრიანდნენ.

          მეზობელ თურქეთშიც, შეიძლება, ლიდერმა პარტიამ „თურქული ოცნება“ დაირქვას და ოსმალეთის იმპერიის  აღდგენა დაისახოს მიზნად, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ მასში თურქეთში მცხოვრები  ქურთებიც გაწევრიანდნენ, ვინაიდან დიდი ხანია საკუთარი სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობენ. ბუნებრივია, თურქეთის მოქალაქე თურქები და ქურთები ერთ პარტიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაერთიანდებიან, თუ მიზნები  და ინტერესები იდენტური ექნებათ (მაგ., მონარქიის აღდგენა, რევოლუციის მოწყობა,  მუშათა ინტერესების დაცვა,  ევროინტეგრაცია ან სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების  დამკვიდრება), რაც  პოლიტიკური გაერთიანების  დასახელებაშიც   მკაფიოდ იქნება  ასახული.

        ამდენად,  მმართველ პოლიტიკურ ძალას  „საქართველოს მოქალაქეების ოცნება“ რომ ერქვას უფრო  გასაგები იქნებოდა, მაგრამ თუ   ქვეყანაში  სადღეისოდ არსებულ ვითარებაში,  საქართველოში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენელი „ქართულ ოცნებაში“   საკუთარი ოცნებების რეალიზაციის  პერსპექტივას ხედავს,  არ  მგონია ეს    ქართული სახელმწიფოს ინტერესებში  შედიოდეს.

          ის ფაქტიც,  რომ  მიუხედავად   მმართველი პოლიტიკური ძალის  მხრიდან ერთ–ერთი  კანდიდატის   ღია  მხარდაჭერისა,     მოქალაქეების  ნახევარმაც კი არ  მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის  არჩევაში, ადასტურებს,  რომ „ქართულ ოცნებას“, საქართველოს   მოქალაქეების უმრავლესობის  მხარდაჭერა არ აქვს, რაც სრულიად ლოგიკურია…  როგორც ჩანს, პრეზიდენტობის კანდიდატების სიმრავლეც ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო პროცესისთვის დემოკრატიულობის იერის მიცემისა  და  პირველ ტურში ამომრჩევლების მაქსიმალურად მობილიზების სურვილმა განაპირობა. თუმცა, შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, შეიძლება, ყველაზე მეტად სწორედ სალომე ზურაბიშვილი  შეესაბამება დღევანდელი   ქართული სახელმწიფოს  („ქართლის დედის”)  განზოგადებულ სახეს, მის მხარდამჭერებს ვურჩევდი  „დამოუკიდებელი“  დეპუტატის  გაპრეზიდენტების შემდეგ მაინც გაეცნონ მის  მიერ განვლილი საპარლამენტო არჩევნების  წინ მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში   დარიგებულ სააგიტაციო ფურცელს.    ისიც ნიშანდობლივია, რომ სრულიად საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც 2016–ში მთაწმინდელებს, არჩევანის გაკეთება  სააკაშვილისდროინდელი ორი მინისტრიდან უწევთ… ამასთან, ორივე კანდიდატს მეორედ მოუწია  მეორე ნახევრების ძებნა და   საქართველოში ჩამოსვლამდე  ორივემ მოასწრო  სხვა ორი   ქვეყნის  ინტერესების დაცვა…  იმის გათვალისწინებით, რომ  „ქართული ოცნების“ ლიდერს ამ ორივე ქვეყანაში აქვს  ინტერესი, არსებითად აღარ მიმაჩნია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული ორი კანდიდატიდან  რომელი გახდება    მოქალაქეების   მორიგი  „რჩეული“.

         დაბოლოს, ვინაიდან ვიცი, ვინ გახდება პრეზიდენტი და მომავალ პარლამენტში  უმრავლესობით ვინ მოვა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ თუ რომელიმე კანდიდატი ჩემს კითხვებზე დასაბუთებულ (გონივრულ) პასუხებს გამცემს, ხმასაც მივცემ და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოსაც საქვეყნოდ გამოვფენ…

 

26 ნოემბერი, 2018

 

***

5 შეკითხვა მე-5 პრეზიდენტობის 5 კანდიდატს

2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ 5 შეკითხვით „ფრიადოსან” კანდიდატს გაზეთის მეშვეობით მივმართე. ცხადია, არ მიპასუხა… მომდევნო არჩევნებში, 2013 წელს, ფაქტობრივად, იგივე კითხვები პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს დავუსვი, მაგრამ პასუხი განვლილი 5 წლის განმავლობაშიც ვერ მივიღე. Oვინაიდან, დედაქალაქი კვლავ 5-იანებით მოიფინა, გადავწყვიტე კითხვები „ძალა ერთობაშიას” მიერ საქართველოს მე-5 პრეზიდენტად შერჩეულ კანდიდატს და მის ძირითად კონკურენტებსაც დავუსვა. ვფიქრობ, ტელევიზიების მიერ ყველაზე მეტად „გაპიარებული” 5 საარჩევნო სუბიექტის (ბაქრაძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი ნათელაშვილი, უსუფაშვილი) პასუხები მათი მხარდამჭერებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო და დანარჩენ მოქალაქეებსაც დაეხმარება არჩევანის გაკეთებაში.

ამჯერადაც, მხოლოდ 5 კითხვით შემოფარგლები, მაგრამ, დარწმუნებული რომ ვიყო, 5 ათეულამდე საპრეზიდენტო კანდიდატის „რეიტინგული” ხუთეულიდან რომელიმე მაინც გამცემს პასუხს, 5-ჯერ მეტ კითხვასაც დავუსვამდი.

ფაქტობრივად, კი ისევ ვცდილობ რიგი პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას. თუმცა, ქვეყანაში, რომელშიც ხელისუფლების არაერთგზის ძალადობრივი ცვლის შედეგად იმ დონის სამართლებრივი ნიჰილიზმი (სამართლის ნორმების არცოდნა და/ან აბუჩად აგდება) გამეფდა, რომ „ხუთოსნებმა” რესპუბლიკის მოედანს „რევოლუციის” სახელი დაარქვეს და დემოკრატიული წესწყობილების ნაცვლად პლუტოკრატიული ტირანია (ძალადობასა და თვითნებობაზე დაფუძნებული რეჟიმი) დაამკვიდრეს, კითხვებს იურისტები კი არა, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები უნდა სვამდნენ…

სანამ უშუალოდ კითხვებზე გადავიდოდე, იმ მოქალაქეებს, რომელთა კონსტიტუციით გაცხადებული „ურყევი ნებაა” ააშენონ სამართლებრივი სახელმწიფო, უნდა შევახსენო, რომ კანონის (სამართლის) უზენაესობის პრინციპის განუხრელი დაცვა, პირველ რიგში, ხელისუფლების წარმომადგენლებს ევალებათ (ანუ, მათი ქმედები კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული). ამდენად, როდესაც ოთხი წლით არჩეული „მოქალაქე” დეპუტატები, უფლებამოსილებას გაიგრძელებენ და, თვითნებურად, კონსტიტუციასთან ერთად სახელმწიფო სიმბოლიკასაც შეცვლიან, ხოლო „ნაციონალების” მიერ 5 წლით არჩეული პრეზიდენტი, ჯერ დედაქალაქის მერის (კონსტიტუციის თანახმად, მოსახლეობის მიერ ასარჩევ) თანამდებობაზე თანაპარტიელს ერთპიროვნულად დანიშნავს და უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, უკვე „მეოცნებეების” ხელშეწყობით, გააგრძელებს პრეზიდენტობას, შესაბამის დასკვნებს, „გამარჯვებული ხალხიც” უნდა აკეთებდეს.

ჩემი ნება რომ იყოს, „უზენაესი კანონითვე” ერთობ გაურკვეველი პოლიტიკური რეჟიმის და ტერიტორიული მოწყობის „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის” პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯანმრთელობის ცნობასთან ერთად, სამართლის (კონსტიტუციის) საფუძვლებსა და ე. წ. ზოგად უნარებში ტესტური გამოცდის წარმატებით დაძლევას მოვთხოვდი. არ შეიძლება ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული სახელმწიფოს „პირველი პირების” განცხადებები და ქმედებები კანონშეუსაბამო იყოს, ან, კიდევ უარესი, ულოგიკო ან ამორალური…

შეკითხვებითაც სწორედ იმის გარკვევა მსურდა, პრეზიდენტობის კანდიდატები, ამომრჩეველთა ნდობის მოპოვების შემთხვევაში, რამდენად კანონიერად და გონივრულად აპირებენ თუნდაც საშინაო პრობლემების მოგვარებას. ამასთან, შევეცადე, კითხვებიც საკმაოდ მარტივი შემერჩია და მცირე ინფორმაციაც დავურთე განსჯისთვის… პირველი კითხვა, მხოლოდ საქართველოს ისტორიასა და „მემარჯვენეობა-მემარცხენეობაში” ითხოვს ელემენტარულ გათვითცნობიერებას, ხოლო მეხუთე, კონსტიტუციის ზოგადი დებულებების მე-5 მუხლს დავუკავშირე:

1. რატომ არის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაბრძანებულ ყველა (20-ზე მეტ) ხატზე, ასევე, თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზე, მხედარი მარჯვნივ მიმართული, ხოლო დღევანდელ ე. წ. სახელმწიფო გერბზე მარცხნივ?

ფაქტია, რომ პარლამენტის 1999 წლის დადგენილების თანახმად, სახელმწიფო გერბი „კვართიან-დავითიანი” უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალი გერბი „ნაციონალურმა” პარლამენტმა 2004 წელს, სპეციალური კომისიის დასკვნის გარეშე მიიღო, ერთი წლის შემდეგ კი მასში კორექტივები შეიტანა… ამასთან, ჰერალდიკური ნიშნის მიმართულების ცვლილება მის შინაარს დიამეტრალურად ცვლის. შესაბამისად, მაგ., სიკეთის აღმნიშვნელი სიმბოლო შემოტრიალების შემდეგ უკვე ბოროტებად აღიქმება, მტერს გამოდევნებული (გამარჯვებული) მხედარი მიმართულების შეცვლით დევნილი (დამარცხებული) ხდება, ხოლო მობრუნებული კანონიერების სიმბოლო უკვე უკანონობას აღნიშნავს…

2. რა შინაარსით გესმით „ქართული” ხუთჯვრიანი დროშა (პარტიულია, ისტორიული, სახელწიფო თუ რელიგიური) და თვლით თუ არა, რომ ძირითადი სახელმწიფო სიმბოლოს დასადგენად კონკურსი უნდა გამოცხადდეს, პროექტების თაობაზე საჯარო დისკუსია გაიმართოს, ხოლო საბოლოო სახე ორგანული კანონით დადგინდეს?

ფაქტია, რომ ერთადათერთი სახელმწიფო ვართ, რომლის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას „უპირველესი სიმბოლოს” ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ შეუძლია. არსებული სახის ხუთჯვრიანი დროშა კი პირველად „მოქქავშირის” ღონისძიებებზე გამოჩნდა („იერუსალიმის ჯვარი” სრულიად სხვა ფორმისაა…). მიშა შადრევანიანმა ის „ნაცმოძრაობის” სიმბოლოდ აქცია და დავით აღმაშენებლის დროშად „მონათლა”, ხოლო გიორგი ვეტომდებელი მას „სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს დამკვიდრებულად” თვლის. ამასთან, ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ გამოფენილი „სახელმწიფო დროშა” და პრემიერ-მინისტრის მკერდზე მიმაგრებული „საიდენტიფიკაციო ნიშანი” აშკარად არსებითად განსხვავდებიან კანონმდებლობით დადგენილი „სტანდარტული ზომისა და ზუსტი გამოსახულებისგან”…

3. მიგაჩნიათ თუ არა აუცილებლად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაციონალიზაცია და სპეციალური (ფაქტობრივად, ანტიკორუფციული…) კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში განხორციელებულ პრივატიზაციასაც?

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით „საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია”, ფაქტია, რომ ქართველი ერის სამარადჟამო სამკვიდრებელისა და სავარგულების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელთა საკუთრებაში აღმოჩნდა. დღემდე, აზერბაიჯანს და სომხეთს მთელ პერიმეტრზე მავთულის ღობითაც კი ვერ გავემიჯნეთ და უშუალოდ ე. წ. სასაზღვრო ზონაშიც აქტიურად მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების „ძმებსა” და „მეზობლებზე” გადაფორმება……

4. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან ამოსაღებია მე-4 მუხლი (ახალ რედაქციაში 37-ე მუხლის პირველი პუნქტი), რომლის თანახმად, „შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი”, თუ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჩათვლით, რომ დადგა „შესაბამისი პირობები” ორპალატიანი პარლამენტის ასარჩევად, ანუ, ფაქტობრივად, საქართველოს ყოფილი იუგოსლავიის მსგავს ფედერაციულ სახელმწიფოდ მოსაწყობად?

5. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება”, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ „სამართლიანობის აღდგენა” მოითხოვს გასამართლებულ იქნენ საქართველოში „აჯანყება-რევოლუციების” და შიდაშეიარაღებული კონფლიქტების ორგანიზატორები, ამასთან, ჩამოერთვათ მათ და მათთან დაკავშირებულ პირებს ის დაუსაბუთებელი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც კორუფციის (თანამდებობის პირად ინტერესებში გამოყენების) გზით დააგროვეს?

იმედი მაქვს, ზემოაღნიშნული კითხვებით დამოუკიდებელი ჟურნალისტები მაინც დაინტერესდებიან და პრეზიდენტობის კანდიდატებს დაუსვამენ, თუმცა, შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, არსებითად აღარ მიმაჩნია, ვინ გახდება ხალხის („ხელისუფლების წყაროს”) რჩეული… საგულისხმოა, რომ 1921 წლის კონსტიტუციაში მხოლოდ პარლამენტისა და მის მიერ არჩეული მთავრობის თავმჯდომარის პოსტები იყო განსაზღვრული. ამდენად, უმჯობესი იქნებოდა, საქართველოში „პირველი პირი” (შესაბამისად, არც „პირველი ლედი” ან „პირველი ჯელტმენი”…) საერთოდ არ გვყოლოდა.

ფაქტია, რომ ყოფილმა „პირველებმა” (დღევანდელმაც…) პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია მოახდინეს. შედეგად, დარწმუნებული ვარ, ბიულეტენი „ყველას წინააღმდეგ” ხმის მიცემის შესაძლებლობასაც რომ ითვალისწინებდეს, არჩევნებში გაცილებით მეტი მოქალაქე მიიღებდა მონაწილეობას… განვითარებულ ქვეყნებში (მაგ., შვედეთი, ბელგია, ფინეთი, პოლონეთი, ესაპანეთი) არსებობს ასეთი გრაფა და ყველას წინააღმდეგ ხმის მიმცემები არჩევნებში მონაწილეებად ითვლებიან. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც კი აღიარა „ყველას წინააღმდეგ” ხმის მიცემის უფლება, თუმცა, ქართველმა მოსამართლეებმა შესამისი სარჩელი არც კი განიხილეს რითაც, ფაქტობრივად, წაახალისეს არჩევნების შედეგებით მანიპულირება…

გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად, თუ საარჩევნო გარემო რადიკალურად არ შეიცვალა და იგივე პროცედურები დარჩა, ქვედა პალატა, ძირითადად, „რესპუბლიკელებით” (ევროინტეგრაციისა და ლიბერალური იდეოლოგიის ბაზაზე გაერთიანებული ყოფილი „ნაციონალებით” და „მეოცნებეებით”) და ოპოზიციონერი „დემოკრატებით” (ნინო ბურჯანაძის გარშემო, ევრაზიულ კავშირთან დაახლოების მომხრე დანარჩენი ყოფილი „მოქკავშირელებით”) იქნება წარმოდგენილი… მათი „კოჰაბიტაციის“ შედეგად კი, მიზანმიმართულად გაგრძელდება ქვეყნის შემდგომი ფედერალიზაცია (ფაქტობრივად, მხარე-რეგიონების დონეზე განსახელმწიოებრიობა…).

ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობასა” ან „ქართულ ოცნებაში”, ისევე, როგორც ადრე „მოქალაქეთა კავშირში”, მხოლოდ თანამედროვე ოსტაპ ბენდერი თუ მოახერხებდა მოქალაქეების გაერთიანებას და პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას, ლოგიკურია, რომ ზემოაღნიშნული დასახელების პარტიებიც გაქრებიან პოლიტიკური არენიდან. საგულისხმოა, რომ სტალინს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში აქვს გამოქვეყნებული ნაშრომი: „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი”, რომელშიც ერთი თავი „ნაციონალური მოძრაობაა”… ამდენად, სრულიად შესაძლებელია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რევოლუციონერის ნაშრომი „ღრმადგანსწავლულ“ სააკაშვილს ორიგინალში თავად გადაეკითხა…… იმაშიც დარწმუნებული ვარ, ყოფილ პრეზიდენტს (არადა, რუსთავი-2-ით იმდენად ხშირად ჩანს, ზოგიერთს, შეიძლება, დღესაც პრეზიდენტი ჰგონია…) არც ნათელაშვილის არჩევის შემთხვევაში დაწყდება გული, ვინაიდან თავად უკვე საერთაშორისო ასპარეზზეა გასული და გინესების წიგნშიც აუცილებლად შეიტანენ პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში ცრუ დაპირებებისა და ტყუილების რაოდენობით.

ამჯერად, პრეზიდენტობის კანდიდატების სიმრავლე ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო პროცესისთვის დემოკრატიულობის იერის მიცემისა და პირველ ტურში ამომრჩეველების მაქსიმალურად მობილიზების სურვილმა განაპირობა. მეორე ტურში რომელიმე დავითის „პირველკაცობაც” არ არის გამორიცხული, თუმცა, შეიძლება, სწორედ სალომე ზურაბიშვილი შეესაბამება დღევანდელი „ქართლის დედის” განზოგადებულ სახეს და „ქართული ოცნებაც” რეალურად ლამობს მის გაპრეზიდენტებას, მაგრამ ამ „დამოუკიდებელი კანდიდატის” მხარდამჭერებს მაინც ვურჩევდი ხმის მიცემამდე, განვლილი საპარლამენტო არჩევნების წინ, მის მიერ მთაწმინდელებისთვის დარიგებული სააგიტაციო ფურცელი გადაეკითხათ ყურადღებით…

სამწუხაროდ, ევროპული სტანდარტების შესაბამის სამართლიან არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. მიუხედავად იმისა, ვინ დაიკავებს საპრეზიდენტო სავარძელს, ამ მორიგ საარჩევნო „რეალითი შოუშიც” რეალური გამარჯვება, ყველა შემთხვევაში, ყველა სახის „დემოკრატიული აჯანყებებისა და ფერადი რევოლუციების” მხარდამჭერ „უცხოელ მეგობრებს” დარჩებათ, სრულიად საქართველო კი ისევ ვერაფრით იხეირებს.

ვშიშობ, ხელოვნურად (ძირითადად, ტელევიზიის დახმარებით) შექმნილი მორიგი პოლიტიკური დაპირისპირების კერები სამოქალაქო კონფრონტაციაში (კიდევ უარესი, ახალ შიდასახელმწიფოებრივ შეირაღებულ კონფლიქტში) არ გადაიზარდოს და „ვიღაც მესამის” ინტერესებში მართლაც ისეთივე მეთოდებით არ დამყარდეს მშვიდობა, როგორც ეს ბალკანეთში მოხდა. არადა, თუ სამართლიანი არჩევნების და კონკურსების ჩატარება ვერ ვისწავლეთ ევროკავშირში ვინ ჩივის, ევრაზიულშიც აღარავინ გაგვიკარებს… ……

ასე რომ, პირველ რიგში, თვითონ საქართველოს მოქალაქეებმა მეტი აქტიურობით უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, ხოლო ხმის მიცემამდე მკაფიოდ უნდა გავიაზროთ (თუნდაც კონსტიტუციაში ამოვიკითხოთ), თუ რა ფუნქციები აკისრია პრეზიდენტს ან პარლამენტის წევრს და, პირველ რიგში, პიროვნული თვისებებით გამორჩეულ პროფესიონალებს დავუჭიროთ მხარი და არა დემაგოგ „ტელეპოლიტიკოსებს” (თანამედროვე „ოსტაპ ბენდერებს”…).

ამორჩეველმა პრეზიდენტობის კანდიდატსაც და საკანონმდებლო ხელისუფლებაში წარმომადგენლობის მსურველსაც, პირველ რიგში, ღირსეული ქცევა, ტრადიციებისადმი ერთგულება და კანონისადმი პატივისცემით მოპყრობა უნდა მოსთხოვოს. ცხადია, ეს იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეების „ურყევი ნება”, მართლაც სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებაა, ხოლო თუ ისევ მხოლოდ ბუტაფორულ-ფასადური დემოკრატიისა და პლუტოკრატიული ტირანიის („ბაბანის რესპუბლიკის”) სტატუსს დავჯერდებით, უმჯობესი იქნება, არჩევით თანამდებობებზე გამწესება ეკონომიკის სამინისტროს მივანდოთ. შედეგად, პრეზიდენტს ან პარლამენტის წევრებს პირდაპირ აუქციონებით შევარჩევდით. ამ გზით, ბიუჯეტიც საკმაო თანხით შეივსებოდა, არც „ბუკლეტ-ბილბორდ-ბანერებში” გადავყრიდით ფულს უაზროდ და რევოლუცია-გადატრიალებებსაც ავიცილებდით თავიდან…

ტექსტის ნაწილი არჩევნებამდე 5 დღით ადრე გამოქვეყნდა გაზეთ “რეზონანსში”…

26 ოქტომბერი, 2018

 
%d bloggers like this: