IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ანა მიქაუტაძე – მდგრადი განვითარება “ქართულად”

♥ სეგმ

 

 

kazreti-choatura.jpg

ანა მიქაუტაძე
მდგრადი განვითარება “ქართულად”

 

მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ხოლმე ინფორმაციები დედამიწისკენ მომართული დიდი მეტეორის შესახებ, შეჯახების ზუსტ თარიღსაც მიუთითებენ და კატასტროფის მასშტაბებსაც. აპოკალიფსის სავარაუდო თარიღამდე 2 თვით ადრე კი ახალი უკვე დამაიმედებელი, ინფორმაცია ვრცელდება, რომ დედამიწელმა მეცნიერებმა შესძლეს და ააფეთქეს ეს მეტეორი და გადავრჩით ამჯერად. ასეთი შინაარსის „ახალი ამბები“ ბევრ ადამიანს გიგანტურ მეტეორიტთან შეჯახების მოლოდინში მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებს. მერე კი ამოიხვნეშებენ ემოციებით დაღლილები. ახლა კი გადავრჩით, მაგრამ რა მოხდება, მაგალითად, 100 ან 200 წლის შემდეგ? მეტეორის გარდა ხომ სხვა უამრავი საფრთხეა, რომლებმაც შეიძლება დედამიწა განადგურების გზაზე დააყენონ?! „ეგ რაში მაინტერესებს, მაგ დროისთვის ჩემი ძვლებიც კი აღარ იქნება“ – გვპასუხობს გულარხეინა კაცი.

მადლობა ღმერთს, რომ, ყველა ასე არ ფიქრობს!

ადამიანი საკუთარი კეთილდღეობისთვის მუდმივად იყენებს დედამიწის ბუნებრივ (ბიოლოგიურსა თუ არაორგანულ) რესურსებს. მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე ძალიან მცირე იყო იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც შიშით უყურებდნენ ინდუსტრიულ-ტექნიკურ რევოლუციას მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით: ადამიანი ბოლოს მიხვდა, რომ მისი ზემოქმედების შედეგად ფლორასა და ფაუნას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა, სამუდამოდ გადაშენდა ასეულობით სახეობა, დედამიწის წიაღში შემცირდა წიაღისეულის რაოდენობა, საწარმოო ნარჩენებით დაბინძურდა ჰაერი, ნიადაგი და წყალი.

ბუნება და ბუნებრივი რესურსები კი ეს არის პირველადი წყარო ადამიანის მატერიალური და სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მათ გარეშე შეუძლებელია საზოგადოების არსებობა და განვითარება.

 

როგორ უნდა შეარჩიოს ადამიანმა ის ოქროს შუალედი ?

ამ პრობლემაზე მრავალი მეცნიერი მუშაობდა და ასე მივიდნენ მდგრადი განვითარების კონცეფციის ჩამოყალიბებამდე.

„ფლორა, ფაუნა აღდგენადია მათი გამრავლების უნარის გამო. თუ შევინარჩუნებთ თითოეული სახეობის 20% მაინც, ისინი თავის რიცხოვნობას აღიდგენენ გარკვეული დროის განმავლობაში.

რაც შეეხება გამოლევად, არაგანახლებად რესურსს  – წიაღისეულს, მისი გამოყენება აუცილებლად მიგვიყვანს მის გამოლევამდე, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათი არსებობის გახანგრძლივების ღონისძიებების გატარებას.

აღუდგენადი რესურსების – წიაღისეული სათბობის, მადნის, მინერალური რესურსების არსებობის გახანგრძლივების სამი გზა არსებობს:

1. მათი რაციონალური, ეკონომიური გამოყენება
2. მათი შემცვლელების ძიება
3. მრავალჯერადი გამოყენება.

მადნის რაციონალური, ეკონომიური გამოყენება ნიშნავს მის კომპლექსურ გადამუშავებას,ქვანახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის არსებობის გახანგრძლივებას კი ხელს შეუწყობს ბუნებაში არსებული, გამოულევადი ენერგორესურსებით მათი შეცვლა. ასეთი ენერგორესურსებია წყლის, ქარის, მიქცევის და მოქცევის, გეიზერების, მზისა და სხვა განახლებადი წყაროების ენერგია. („გარემოს დაცვა და საინჟინრო ეკოლოგია“ – საქ ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა.)

52880629_334426777193708_2384287820916195328_nფრაზა „მდგრადი განვითარება“ პირველად მოხსენიებულ იქნა 1987 წლის გაეროს გარემოსა და განვითარების კომისიის ანგარიშში. მოხსენება შეიცავდა მდგრადი განვითარების განსაზღვრებას, რომელიც შემდეგი 25 წლის მანძილზე გამოიყენებოდა: „განვითარება, რომელიც აკმაყოფილებს აწმყოს მოთხოვნებს ისე, რომ არ უქმნის საფრთხეს მომავალი თაობების შესაძლებლობას, დააკმაყოფილონ თავიანთი საჭიროებები“. ამ განმარტებას შემდგომში დაემატა მდგრადი განვითარების სამი განზომილება: ეკონომიკური განვითარება, სოციალური ჩართულობა, და გარემოს მდგრადობა.

მდგრადი განვითარება მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს. მიიჩნევა, რომ განვითარება უნდა იყოს ეკონომიკურად ხელსაყრელი, სოციალურად სამართლიანი და გარემოსთვის დამზოგავი.

არაგანახლებადი წიაღისეულის არასწორმა, არარაციონალურმა გამოყენებამ ქვეყანა შეიძლება მიიყვანოს მწვავე ეკონომიკურ, სოციალურ და შეუქცევად ეკოლოგიურ კრიზისამდე.

ბუნებრივი რესურსების ქარტია სახელმწიფოებს სთავაზობს რჩევებს, რომ მათ უკეთ მართონ საკუთარი ბუნებრივი წიაღისეული სიმდიდრე. ამ პრობლემის რაციონალურად გადაწყვეტას ემსახურება ასევე მდგრადი განვითარების მიზნები, რომლებიც შემუშავებულია და პერიოდულად იხვეწება გაეროს „გარემოსა და განვითარების კომისიაში“, რიოს კონფერენციაზე, გაეროს „მდგრადი განვითარების კომისიაში“ და სხვ.

***

საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც ავალდებულებს ხელისუფლებას ეკონომიკა მართოს მდგრადი განვითარების პრინციპების უპირატესობის გათვალისწინებით და ხელი შეუწყოს მწვანე ეკონომიკის განვითარებასაც.

გიგანტური მეტეორის შეჯახებას გადავურჩებით და დედამიწაზე სიცოცხლეც გაგრძელდება, მაგრამ როგორი იქნება 50 ან 100 წლის შემდგომი საქართველო?

ალბათ, წინა და დღევანდელ მმართველებს ასე ჰგონიათ, რომ საქართველოს დიდი დრო აღარც უწერია და ამიტომაც ასე გამალებით ყიდიან ყველაფერ იმას, რაც საარსებოდ ესაჭიროება ადამიანს: სასოფლო-სამეურნეო მიწებს, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებს, ტყეებს, მდინარეებს, სამრეწველო საწარმოებს, საკურორტო ზონებს და ა.შ.

საქართველო იქნება უკიდურესად გაჭირვებული სახელმწიფო, რომელსაც ამოწურული ექნება წიაღისეულის მარაგებიც, მის საკუთრებაში აღარ იქნება არც მდინარე, არც ერთი ელექტროსადგური, საწარმოები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და ტყეები. წიაღისეულის მოპოვებითი ლიცენზიის ვადის გასვლის შემდეგ ეს უცხოელი ინვესტორები, ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრით მილიარდებს იშოვნიან და სხვაგან წავლენ ტერიტორიების ასათვისებლად, აქ კი რეკულტივაციის იმედად დარჩენილ პირდაღებულ და ჩამოთლილ მთებს დაგვიტოვებენ. ოდესღაც მძიმე მრეწველობაში დასაქმებული მოსახლეობა კი მთავრობას პრეტენზიებით მიუბრუნდება და სამუშაო ადგილებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას მოსთხოვს, მაგრამ გაკოტრებული სახელმწიფო მას ვერაფრით დაეხმარება. მთავრობა, რომელიც დაუსრულებლად ჰყიდის თავისი ქვეყნის ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებს, ჰგავს ქარაფშუტა ადამიანს, რომელიც დაუფიქრებლად ანიავებს წინაპრების მიერ შეძენილ უძრავ-მოძრავ ქონებას. საბოლოოდ კი ორივე ბანკროტია!

მოსალოდნელი კრიზისიდან გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს: მდგრადი განვითარება – საქართველოს გადარჩენის ერთერთი გარანტია. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, წინდახედული და სამშობლოს უანგაროდ მოყვარული, ადამიანები, რომლებიც გაითვალისწინებენ მსოფლიო გამოცდილებებს და მეცნიერების რჩევებს.

20.07.2019

კაზრეთი, ჭიათურა, დარიალი, კასპი

This slideshow requires JavaScript.


 

http://www.economy.ge/?page=ecopolitic&s=43

https://idfi.ge/ge/why_does_sdgs_matter

http://mastsavlebeli.ge/?p=1242
http://www.moe.gov.ge/ka/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/mdgradi-ganvitareba
http://www.ungeorgia.ge/geo/sutainable_development_goals#.XTIb__kzbIV
https://www.civiceducation.ge/ka/lessons/3-27

 
%d bloggers like this: