IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ავთანდილ კახნიაშვილი – შენიშვნები და მოსაზრებანი

 

 

avtandil_kakhniashvili

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

 

***

თვითმმართველობის კოდექსის მიღებიდან ორპალატიან პარლამენტამდე

კონსტიტუციის პრეამბულა  საქართველოს  დასაშლელად შეიცვალა?!

    გასული წლის დასაწყისში საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო         ე. წ. ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსის პროექტისადმი. ტელევიზიებით, ძირითადად ყოფილი “მოქკავშირლები” და ნომენკლატურული ოპოზიციონერები, ხოლო ეთერს გარეთ (ძირითად, გაზეთებსა და ქუჩის აქციებში)  “ეროვნული ძალები” აქტურობდენ და  კოდექსიდან კატეგორიულად ითხოვდნენ იმ VII კარის  ამოღებას, რომლითაც “მუნიცალიტეტთა რეგიონული გაერთიანების” შექმნა ოყო გათვალისწინებული.

     აღნიშნული “ნოვაციით” (ცხადია, “რევოლუციურით”…) საქართველოში  ახალი ე.წ.  ტერიტორიული ერთეულების  შექმნაა გათვალისწინებული. მათ არჩეული წარმომადგენლობითი  ორგანოებიც ეყოლებათ და დანიშნული (თუნდაც, არჩეული)  მმართველიც (რწმუნებულ-გუბერნატორი), რომლებიც კანონპროექტის ავტორთა აზრით, თითქოს  მუნიციპალიტეტების (რეგიონების) ინტერესების დამცველებად უნდა მოგვევლინონ (მუხლი 166.2), ფაქტობრივად კი, ალბათ, “მეზობელი” ან “მეგობარი” სახელმწიფოების ნებას გაატარებენ.

     მესამე მხარის (“ვიღაც მესამის”!)  ინტერესები კანონპროექტში  ისე აშკარად იყო გამოხატული და იმდენად საგანგაშო ვითარება შეიქმნა,  საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ `ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასოდეს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ შესრულდეს”.

  მიუხედავად  საპატრიარქოს მკაფიო პოზიციისა (კარგი იქნებოდა დედა-ეკლესიას ასეთივე შემართებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების დაკანონება გაეპროტესტებინა)  “მეოცნებე” პოლიტიკოსთა ნაწილი დაჟინებით ცდილობდა  მორიგი “რევოლუციური რეფორმა”  ისევე  ნაუცბათევად ჩაატარებინა, როგორ შევარდნაძე-სააკაშვილის გუნდმა ქართულ მიწასთან (სასამართლოებთან ან საპროცესო კანონმდებლობასთან) დაკავშირებით  1996-1998 წლებში მოახერხა და ქართულ სახელმწიფოს საფუძველი მოურყია.

  სამწუხაროდ, მცირეოდენი არაარსებითი ხასიათის ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი პარლამენტმა მაინც  მიიღო…

      მართალია, მედიასაშუალებით  პოლემიკა იყო გამართული, მაგრამ არ მგონია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან  მიმართებაში ვინმეს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა  ან მე-4 მუხლი  ეხსენებინა. ამდენად, თავი ვალდებულად ჩავთვალე, დაინტერესებული საზოგადოებისთვის ჩემი თვალსაზრისიც   გამეცნო  და, შეძლებისდაგვარად ამეხსნა, თუ რა  მიზანს ემსახურება წარმოდგენილი კანონპროეტი.  მითუმეტეს,  რომ ფედერალიზაციის საფრთხეებზე არაერთი წერილი მაქვს გამოქვეყნებული.

      ჩემდა სამარცხვინოდ, მხოლოდ  კანონპროექტის გაცნობის შემდეგ “აღმოვაჩინე” რომ “ნაციონალებს”   2010 წლის 15 ოქტომბერს არა მარტო “ადგილობრივი თვითთმმართველობის” თავი დაუმატებიათ კონსტიტუციისთვის, არამედ  პრეამბულაც კი შეუცვლიათ.  შედეგად, საქართველოს სახელმწიფოს “უზენაესი კანონი”, თურმე 1921 წლის კონსტიტუციის “ძირითად პრინციპებს” კი აღარ ეყრდობა, არამედ მხოლოდ “სამართლებრივ მემკვიდრეობას”  (დარწმუნებული ვარ, თსუ-ს პროფესორების  უმრავლესობამაც კი არაფერი იცის   ამის თაობაზე).

     ვინაიდან,  ხელისუფლებაში “რევოლუციებით”  მოსულ ძალებს არასოდეს აინტერესებდათ რა ეწერა  არა თუ “ისტორიულ დოკუმენტებში” (ლენინის განმარტებით: “რევოლუცია-კანონით შეუზღუდავი ძალაუფლებაა…”), არამედ საკუთარი ხელით ჩასწორებულ კონსტიტუციაში (მაგ. 2004 წლის 6 თებერვალს “ნაციონალებმა”  ჩაწერეს,  რომ  თბილისის მერი მოქალაქეებს  უნდა აერჩიათ, თუმცა  სააკაშვილმა ჯერ ჭიაბერაშვილი დანიშნა თვითნებურად, მერე  _ უგულავა), ჩემთვის გასაგები გახდა, რომ მოქალაქეთა “ურყევი ნების” გამომხატველი კონსტიტუციის პრეამბულის  ცვლილებით   საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი  მოწყობის  შეცვლა (ახალი “ტერიტორიული ერთეულების” შექმნა) “დაიგეგმა”.

      ბუნებრივია, ვინც 1995 წლის  კონსტიტუციაში მე-4 მუხლი (“ნორმა-ნაღმი!”) ჩაიდო,  მის ამოქმედებას დიდი ხანია ელოდება…  თავდაპირველი რედაქციით გათვალისწინებული იყო, რომ:

  1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესბუბლიკის საბჭო და სენატი.

  1. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებისგან.
  2. სენატი შედგება აფხაზეთში, აჭარაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისგან და საქარველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისგან.
  3. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებას და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.

როგორც ჩანს,  პრეამბულაში ცვლილების შეტანის ინიციატორებმა  ჩათვალეს,  რომ საქართველოში შეიქმნა “შესაბამისი პირობები” ფედერაციული სახელმწიფოებისთვის (აშშ, რუსეთი)  დამახასიათებელი ორპალატიანი პარლამენტის შესაქმნელად. ამასთან, ვინაიდან “მოქკავშირელებმა”  აჭარასა (2000 წელს)  და აფხაზეთს  (2002 წელს) ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსი  მიანიჭეს, ხოლო სააკაშვილმა 2008 წელს, ფაქტობრივად  “სამხრეთ ოსეთიც” შექმნა,   სრულიად  ლოგიკურად  სენატის ასარჩევად დანარჩენი  დამოუკიდებელი “ტერიტორიული ერთეულებიც”  დაკანონებაც გახდა საჭირო.

მართალია,  კონსტიტუცის თანახმად საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი  მოწყობა მხოლოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენის შემდეგ შეიძლება განისაზღვროს (მუხლი2.3), მაგრამ ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად აღარ მიიჩნევს და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს დამოუკიდებელ  სახელმწიფოებად აღიარებს, მათთვის ორპალატიან სისტემაზე  (ფედერაციულ მოწყობაზე) გადასვლისთვის  ხელისშემშლელ გარემოებად საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა რჩებოდა. ფაქტია, რომ  1921 წლის კონსტიტუციაში მხოლოდ სოხუმისა და ბათუმის ოლქებზე, როგორც თვითმმართველ ერთეულებზეა ლაპარაკი და  სუვერენიტის მატარებელი სხვა დამოუკიდებლი სუბიექტები საერთოდ არ არის ნახსენები.

შესაბამისად, თუ 1921 კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებით აღარ შევიზღუდებით და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს დამოუკიდებელ  სახელმწიფოებად ვაღიარებთ, ცხადია,  საქართველოში კახეთის ან  სამეგრელოს რესპუბლიკაც შეიძლება გაჩნდეს, ავტონომიური ბორჩალოც და ჯავახეთიც. ამასთან, ამის გაკეთება  ორგანული კანონითაც ხდება  შესაძლებელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე გასაგები ხდება, რომ ნაუცბათევად შემოტანილ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ძირითადი მიზანი სწორედ  კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დამოუკიდებელი “ტერიტორიული ერთეულების”  შექმნა იყო, რომლებიდანაც მომავალში სენატორებს აირჩევენ.

ცალკე მსჯელობის თემაა, თუ რატომ უნდა დანიშნოს   5 სენატორი პრეზიდენტმა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად (დამატებითი ოქმი #1, მუხლი 3) საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ არჩევნების  გზით შეიძლება მოხვედრა. ისიც საინტერესოა, როგორ ხდება, რომ როდესაც კონსტიტუციაში რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტი შეიტანეს მას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგებნლი ფუნქცია განუსაზღვრეს (მუხლი 81), ხოლო  თვითმარვლობის კოდექსის თანახმად ის  “მუნიცალიტეტთა რეგიონული გაერთიანების  ხელმძღვანელად” მოგვევლინა (მუხლი 175).

ბუნებრივია, როდესაც  წარმოდგენილი კანონპროექტის ავტორები სახელმწიფოს  “უზენაესი კანონის”  ხელყოფას არ ერიდებიან, ძნელი დასაჯერებელია, ისინი  “მუნიციპალიტეტების ინტერესების” დამცველებად აღვიქვა.    მართლაც, კანონპროექტის ავტორებს თვითმმართველობების  ბედი რეალურად რომ ადარდებდეთ, პირველ რიგში  კოდექსში  მუნიციპალიტეტის  ცნებას  განმარტავდნენ და  საკუთრების (ძირითადად, უძრავი ქონების)  გამიჯვნის საკითხსაც გაცილებით გონივრულად  მოაწესრიგებდნენ, ვინაიდან თვითმმართველობა, თუნდაც მფლობელობაში არსებული   მიწის გარეშე ფიქციაა.

ვინაიდან, კოდექსის 194-ე  მუხლის თანახმად,  შესაბამისი სამინისტროები “2017 წლის 1 იანვრამდე  შეიმუშავებენ  მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების გადაცემის ვადების ამსახველ შესაბამის გრაფიკსა და წესს და დასამტკიცებლად წარუდგენენ მთავრობას”  (ეს ნორმა, მგონი იგივე, ცხადია არაიურისტმა პოლიტიკოსმა ჩამოაყალიბა, ვინც კონსტიტუციის მე-4 მუხლში  “შესაბამისი პირობები” შეიტანა),  გასაგები უნდა იყოს,  რომ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი მიწების გასხვისებას  ხელისუფლება თავად აპირებს (ცხადია, კორუფციის გზით). ამასთან,  როდესაც ნაცვლად იმისა, სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწა  მუნიპალიტეტის “ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად”  მიეჩნია (მუხლი 123.4), კოდექსში  “განუსხვისებელი ქონების გასხვისების წესიც” არის მოცემული, ხოლო ექსპერტთა შეფასებებით თვითმმართველობის “ოპტიმიზაციის”  წარმოდგენილი მოდელი (ინფრაქსტრუქტურის მოსაწყობად  საჭირო ხარჯების გათვალისწინებით) ბიუჯეტს არანაკლებ 1 მილიარდი ლარი დაუჯდება, გასაგები ხდება, რომ კანონპროეტის ავტორებს სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, 5 მილიონიანი ქვეყნისთვის (დიდი ევროპული ან საშუალო ჩინური ქალაქი), ადმინისტრაციული მოწყობისთვის პავლე ინგოროყვას მეირ შემუშავებულ და კომუნისტების მიერ დამკვიდრებულ რაიონებად დაყოფილ  საკმაოდ  გონივრულ სისტემას დაეფუძნებოდნენ და მუნიციპალიტეტებს, პირველ რიგში, სახელმწიფო ქონებიდან კუთვნილ წილს გამოუყოფდნენ მუდმივ მფლობელობაში, კომპეტენციებსაც გონივრულად  გაუმიჯნავდნენ, ხოლო “ერთობლივ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები ცალკე განისაზღვრება”, როგორც ეს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტშია  მოცემული (აღნიშნული ნორმაც საჭიროებს კორექტირებას, ვინაიდან მკაფიოდ  უნდა  ჩანდეს, რომ მასში მუნიციპალიტეტებსა და  ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების  ერთობლივ გამგებლობაზეა ლაპარაკი, ხოლო “ცალკე”   ორგანულ კანონს ნიშნავს და არა მთავრობის მიერ გამოცემულ დირექტივებს).

ფაქტია, პოლიტიკური  “ელიტა” და სახელისუფლო ტელევიზიები დიდი ხანია ცდილობენ კომუნისტების მმართველობის წლებში გაერთიანებული საქართველოს მოქალაქეები კუთხეების მიხედვით დაყონ და  მათში სეპარატიზმის ელემენტები გააღვივონ, რითაც იდეოლოგიურ ბაზას ამზადებენ სახელმწიფოს ფედერაციული (კონფედერაციული) მოწყობისთვის, რომელსაც  მოყვება საქართველოს დაშლა ჯუჯა სახელმწიფოებად  და მეზობელი სახელმწიფოების გავლენის სფეროებად გადანაწილება, ისე როგორც ეს  “უცხოელი მეგობრების” ხელშეწყობით იუგოსლავიაში განხორციელდა. შედეგად მივიღებთ, რომ ნაწილი       ტერიტორიული გაერთიანებებისა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდება, ზოგიერთი  “რესპუბლიკა”  ევრაზიულ სივრცეს ამჯობინეს,  ხოლო ზოგიერთმა “მუნიციპალიტეტების რეგიონულმა გაერთიანებამ”   შეიძლება შვეიცარიასავით დამოუკიდებლობა და ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს……

ფაქტობრივად, ისევ ვცდილობ საზოგადოების რიგ პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებში გათვიცნობიერებას (გამოფხიზლებას!). თუმცა, ქვეყანაში, რომელშიც “რევოლუციების” შედეგად იმ დონის  სამართლებრივი ნიჰილიზმია (სამართლის ნორმების არცოდნა და/ან აბუჩად აგდება) გამეფებული, რომ  დემოკრატიული წესწყობილების ნაცვლად პლუტოკრატიული  ტირანიას (ძალადობასა და თვითნებობაზე დაფუძნებული რეჟიმი)  ვამკვიდრებდით, მოქალაქეებს  ტელეპოლიტიკოსების და ჯამბაზების აზრი უფრო აინტერესებთ, ვიდრე იურისტების.  შედეგად, არც კონსტიტუციის ხელყოფის ფაქტებზე გვაქვს რეაქცია და აღარც სახელმწიფო სიმბოლოების შინაარსი გვაინტერესებს. სხვათა შორის, ბეჭდური მედიით გავრცელდა ცნობა, რომ ბორჩალოს უკვე საზოგადოებრივი პარლამენტი ყავს, ხოლო  “სახელმწიფო გერბის”  (წმინდა გიორგი, ხატებისგან განსხვავებით, მარცხნივ რომ არის მიმართული) ავტორს მხატვარ მამუკა გონგაძეს მომავალი  “ტერიტორიული ერთეულებისთვის” უკვე შექმნილი აქვს დროშაც და გერბიც.

ნამდვილად არ ვიცი ვინ არის კონსტიტუციის მე-4 მუხლის ავტორი, მაგრამ არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, რომ მომავალი ორპალატიანი პარლამენტის  “რესპუბლიკის საბჭოს”  უმრავლესობაში “ნაციონალებისა” და “მეოცნებეების” მრავალი აქტივისტი გაერთიანდება, ხოლო “დემოკრატიულ” უმცირესობაში “მოქკავშირის” არაერთ ცნობილ სახეს  ვიხილავთ. სენატორებს რაც შეეხებათ, “ტერიტორიული ერთეულებიდან” ან პრეზიდენტის ქვოტით სადეპუტატო მანდატები  ცნობილ “ტელეპოლიტიკოსებს” აქვთ გარანტირებული (როგორც აშშ-ს კონგრესში, ჩვენს  ორპალატიან პარლამენტში, ძირითადად  “რესპუბლიკელები” და “დემოკრატები” იქნებიან წარმოდგენილნი…)

ამდენად, თუ ისევ დედა-ეკლესია არ გააქტიურდა და ილია II-ს შეგონება ყურად არ იღო, პოლიტიკოსები და მრევლი არ გამოაფხიზლა და ე.წ. თვითმმარველობის კოდექსის, თუნდაც VII კარის ან კონსტიტუციის მე-4 მუხლის ამოქმედებას ხელი არ შეუშალა, სახელმწიფოში ახალი “ტერიტორიული ერთეულებიც” გაჩნდება, გარდამავალ პერიოდში ორპალატიანი პარლამენტიც გვეყოლება  და საქართველო ყოფილი იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკასავით შეიძლება დაიშალოს…

 

ავთანდილ კახნიაშვილი

***

***

577 76 04 76

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: