IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ეროვნული დღესასწაული

 ♥ სეგმ

• 26 მაისის საძირკველი

 

 

ეროვნული დღესასწაული

 

სიმბოლოებს ხშირად გადამწყვეტი როლი აკისრიათ ისტორიაში. მაგალითად, უცნაური კანონზომიერებით, მას შემდეგ რაც რუსეთმა 1801 წელს დაარღვია “გეორგიევსკის ტრაქტატი” და გააუქმა ქართული მონარქია (ე.ი. სახელმწიფოებრიობა), არც ერთი რუსი იმპერატორი თავის სიკვდილით არ გარდაცვლილა. თითქმის ორასი წლის მანძილზე ქართველი ერი ებრძოდა რუსულ აგრესიას ჩვენი ქვეყნის მიმართ. XIX საუკუნის სასტიკი “ეგზეკუციების” შემდეგ, როდესაც 1918-21 წლების საქართველოს დამოუკიდებლობა არ აღიარა მსოფლიო თანამეგობრობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა  (“ერთა ლიგამ”), ცარიზმის პოლიტიკა ჩაანაცვლა წითელმა ტერორმა. 1921 წლიდან მოყოლებული ბოლშევიკების მიერ, როგორც კლასი, განადგურებული იქნა ქართული თავადაზნაურობა, სამღვდელოება, შეძლებული ოჯახებისა და კულტურული ელიტის მთელი ფენა. რეპრესიებთან ერთად მოხდა ქართველი ერის ჯანსაღი თაობის ტოტალური გაწვევა მეორე მსოფლიო ომში (ეთნიკური ქართველების გაწვევის პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, ეს მოვლენა, საერთაშორისო კონვენციების საფუძველზე, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს ქართველი ერის გენოციდად).

რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ანექსია და ქვეყნის ოკუპაცია, ქართველი ერისა და კულტურის მიმართ მტრული პოლიტიკა მეოცე საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა და დღესაც, ხშირ შემთხვევაში, ქვეყანა რუსეთის იმპერიული ძალების ძალადობრივი პოლიტიკის მსხვერპლია.

მინდა ამ პოლიტიკისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ გამოვლინებაზე შევაჩერო თქვენი ყურადღება. საქართველო ემზადება დამოუკიდებლობის დღის 26 მაისის აღსანიშნავად, რაც ქვეყნის ცხოვრებაში უძლიერეს ეროვნულ დატვირთვას უნდა ატარებდეს, მაგრამ სინამდვილეში 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა ამიერკავკასიის სეიმის თვითგაუქმების შედეგად (ისევე, როგორც აზერბაიჯანის, იმავე დღეს), ქართველი სოციალ-დემოკრატების ერთი ჯგუფის მოთავეობით. 1919 წლის მარტში ჩატარდა არჩევნები და არჩეული დამფუძნებელი კრების მიერ უკვე ერთი წლის დაგვიანებით მოხდა უკანა თარიღის 1918 წლის 26 მაისის სამართლებრივი ძალმოსილების აღიარება. ფაქტობრივად ეს დამოუკიდებლობა ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლით და არა საერთო ეროვნული ძალისხმევით მიღწეული დამოუკიდებლობაა. შესაბამისად არ უნდა გვიკვირდეს, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიულ მთავრობაზე უფრო მეტად საქართველოს გასაბჭოების დროს რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიეს და შეეწირენ უმეტესად ახალგაზრდა იუნკერები და 1924 წლის აჯანყების გმირები. ამიტომაც ეს თარიღები უფრო ეროვნული, სიმბოლური და სახალხო ტკივილის მატარებელია, ვიდრე 26 მაისი. 70 წლის მანძილზე საქართველოს 25 თებერვალს აზეიმებდნენ საკუთარ დამარცხებას, რაც იმის მაჩვენებელია, რამდენად ვერაგული ჩანაფიქრი შეიძლება იყოს თარიღების გაყალბებაში.

ამ გაგებით ნათელი არ არის, რატომ აღნიშნავს საქართველო საკუთარი დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, იმ დღეს, როდესაც ამიერკავკასიის სეიმში წარმოდგენილმა სოციალ-დემოკრატებმა იმპერიისგან ნებაყოფლობით მიიღეს დამოუკიდებლობა, რომელიც არ აღიარა მსოფლიომ? და რატომ არის სრულიად იგნორირებული და მხოლოდ “ტრაგედიის დღედ” გამოცხადებული 9 აპრილი, საქართველოს ამ “ბოროტების იმპერიისგან” გამოყოფისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლით მოპოვების დღე, რომელსაც წინ უძღოდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, 1990 წლის მრავალპარტიული არჩევნები, და რაც მთავარია 1989 წლის 9 აპრილის ღამე, როდესაც უიარაღო ქართველებმა მოწამეობრივად დადეს თავი საბჭოთა რუსეთის ჯართან დაპირისპირებისას? დღეს მსოფლიო ერთა თანამეგობრობა საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს სცნობს, სწორედ 1991 წლის 9 აპრილის ნორმატიული აქტისა და იმ მოვლენების საფუძველზე, რომელიც წინ უძღოდა ამ დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

აღნიშნული გარემოება ბადებს კითხვას, საქმე გვაქვს დაუდევრობასთან (რომელიც საბოლოოდ დამოუკიდებლობის მიმართ მოქალაქეების გულგრილობას იწვევს), თუ განზრახ გაყალბებულ თარიღთან, რომლის მიზანიც არის დაამცროს ან ჩაანაცვლოს ნამდვილი დამოუკიდებლობის დღე არშემდგარი და წარუმატებელი ისტორიული თარიღით?!

 

იგორ ჩხეიძე

ეროვნული მთავრობის მინისტრი

 

გაზეთი “განმათავისუფლებელი” N32, მაისი, 2012

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: